გიორგი დეკანოზიშვილი – მამულიშვილის დაბრუნება

1 Apr


დიმიტრი შველიძე
გიორგი გაფრინდაშვილი

თბილისი
2010

1900-1910-იანი წლები იყო საქართველოს ისტორიაში ეროვნული და სოციალური მოძრაობის არაჩვეულებრივი გამოცოცხლების ხანა. ასპარეზზე გამოვიდა და აქტიურობდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების ბრწყინვალე თაობა, რომელმაც ნამდვილი პოლიტიკური რენესანსის ეპოქა შექმნა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამ თაობის არაერთი წარმომადგენელი საერთაშორისო მასშტაბის ავტორიტეტი გახლდათ, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა და დამსახურებისა: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი, კიტა აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი გოგელია, სპირიდონ კედია, კოტე აფხაზი, გიორგი გვაზავა, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე, ვლადიმერ დარჩიაშვილი…
რუსულ-ბოლშევიკური იდეოლოგია და საბჭოთა სახელმწიფო მანქანა 70 წლის მანძილზე ცეცხლით და მახვილით ცდილობდა ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან ამოეშალა მათი სახელები და ნამოღვაწარი.
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გიორგი დეკანოზიშვილი.

 

რედაქტორი: ლაშა ბაქრაძე

რეცენზენტები: დავით აბაშიძე
გიორგი მამულია

ისტორიოგრაფიული
წინასიტყვაობა

1893 წლის 29 აპრილს ვარშავის ჟანდარმერიამ ალყა შემოარტყა მოკოტოვის ქუჩის #51 ბინას და გულმოდგინედ გაჩხრიკა. მათ აინტერესებდათ, სულ რაღაც ორი საათის წინ, ჟენევიდან გამოგზავნილი ჩემოდანი, რომელიც მუშამ რკინიგზის სადგურის საბარგო განყოფილებიდან სწორედ ამ ბინაში მიიტანა და მის ბინადარს ჩააბარა. მოკოტოვის ქუჩის #51-ში ცხოვრობდა ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტის ქართველი სტუდენტი მიხეილ მირიანაშვილი. ჟანდარმებმა ჩემოდანი გახსნეს. იგი სავსე აღმოჩნდა არალეგალური რევოლუციური ლიტერატურით, სააგიტაციო წიგნაკებით და პროკლამაციებით, რომელთაც ჟენეველი ემიგრანტი სოციალ-დემოკრატები ვარშავის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას უგზავნიდნენ.
ჩემოდანი რა თქმა უნდა, წაიღეს. მიხეილ მირიანაშვილიც დააპატიმრეს და ჩხრეკის დროს ბინაში მოსული მისი ამხანაგებიც აიყვანეს, მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ჟანდარმებმა ჩხრეკის დროს იპოვეს ქართულ ენაზე შესრულებული ნაწერები, მიწერ-მოწერა და ქაღალდები. რადგან ვარშავის ჟანდარმერიამ ქართული ენის მცოდნე ვერავინ იპოვა, მთელი ეს მასალა გადასათარგმნელად მოსკოვში გადაიგზავნა. ნაწერები თარგმნეს და აღმოჩნდა, რომ საქმე ჰქონდათ რუსეთის იმპერიის საუნივერსიტეტო ქალაქებში მოსწავლე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციასთან, რომელიც მიკვლეულ ნაწერებში “საქართველოს თავისუფლების ლიგის” სახელით იხსენიებოდა. რაც შეეხება თვით ნაწერებს, ისინი აღმოჩნდა საიდუმლო ორგანიზაციის საპროგრამო დოკუმენტები, ლიგის პროგრამა, მიწერ-მოწერა და ოქმები.
იმპერიის სამძებრო და ძალოვანი სამსახურები დაფაცურდნენ. ლიგის საქმის გამოძიება Dდაევალა პოლკოვნიკ დებილს. თავდაპირველად იგი ვარშავის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოში მუშაობდა. პოლკოვნიკი სასწრაფოდ იქნა გადმოყვანილი საქართველოში და დანიშნული ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსად. 1894 წლის დამდეგიდან დაიწყო დაპატიმრებები: ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, ოდესასა და თბილისში… აპატიმრებდნენ ყველა სტუდენტს, ვინც “თავისუფლების ლიგის” ქაღალდებში იყვნენ მოხსენიებულნი. 22 დაპატიმრებულიდან ერთ-ერთი იყო პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი და სამთო ინსტიტუტის კურსდამთავრებული _ გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილი.
რა ვიცით, საიდან ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ.
საბჭოთა ხელისუფლებამ და ისტორიოგრაფიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 1900-იანი წლების გამორჩეული ქართველი პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწეების შესახებ არაფერი სცოდნოდა ქართველ ხალხს. სიმართლე უნდა ითქვას _ XX საუკუნის 30-70-იანი წლების არაერთი თაობისათვის უკვე უცნობი იყო ისეთი მოღვაწეების სახელები და ნამოქმედარი, როგორნიც იყვნენ: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, კოტე აფხაზი, სამსონ ფირცხალავა, ვლასა მგელაძე და სხვანი.
დავიწყებულთა შორის აღმოჩნდა გიორგი დეკანოზიშვილიც.
როცა გიორგი დეკანოზიშვილის მოღვაწეობის ისტორიის მცირე ისტორიოგრაფიაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ ორი პიროვნების დამსახურება. ერთი მათგანი გახლავთ ბელგიაში დიდი ხნის მანძილზე მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მარკოზ ტუღუში. მან პირველმა და დღემდე უკანასკნელმაც, გამოაქვეყნა გიორგი დეკანოზიშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის მასალები ჟურნალ “კავკასიონში,” 1965 წლის X ნომერში.1
გარდა ბიოგრაფიისა, მარკოზ ტუღუშის ნაშრომში გამოქვეყნებულია, ავტორის არქივში იმხანად არსებული სხვადასხვა ნაწერები და დოკუმენტები, მიწერ-მოწერა და სხვა სახის საქმიანი ქაღალდები, რომელნიც გ. დეკანოზიშვილის მოღვაწეობას ეხება. სულ ასეთი 35 დოკუმენტია და ისინი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ნაშრომის მთავარი პერსონაჟის საქმიანობისა და მოღვაწეობის დეტალური სურათის აღდგენისათვის.
თვით მარკოზ ტუღუშის აღნიშნული ნაშრომი ფაქტიურად შედგება ავტორის ხელში არსებული, რამდენიმე სხვადასხვა ავტორის ნაწერისა და დოკუმენტებისაგან. Eე. ი. ტუღუშის ნაშრომი უფრო გ. დეკანოზიშვილის ბიოგრაფიის მასალების კრებულია. აქვე ჩამოვთვლით მარკოზ ტუღუშის ნაშრომში გამოქვეყნებულ ზოგიერთ მასალას: თედო სახოკიას მიერ შედგენილი გ. დეკანოზიშვილის ბიოგრაფია; დეკანოზიშვილის მეუღლის, ჰანრიეტა ფრენუას ხელნაწერი; არაერთი წერილი, ბარათი თუ დოკუმენტი, რომელნიც ძირითადად ეხება საქართველოში იარაღის შემოტანას. წერილები ეხება გ. დეკანოზიშვილის საქმიანობის სხვა ეპიზოდებსაც _ ეს იქნება გაზ. ”საქართველოს” გამოცემა, ქართული პოლიტიკური ფრაქციების პირველი ინტერპარტიული კონფერენცია თუ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ისტორიის სხვა რომელიმე საკითხი.
მოკლედ, მარკოზ ტუღუშის ნაშრომის სახით, ჩვენს წინაშეა გიორგი დეკანოზიშვილის მოღვაწეობის ამსახველი მასალების კრებული. თვითონაც კმაყოფილებით წერს ბ-ნი მარკოზი: “გიორგი დეკანოზიშვილის არქივის მთავარი დოკუმენტების გამოქვეყნებით სისრულეში მომყავს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის 64 წლის წინათ არჩეული, პირველი მთავარი კომიტეტის წევრის, ანდრო დეკანოზიშვილის დავალება, რაც ჩემში ღრმა სიამოვნების გრძნობას იწვევს.”2
ჩვენ ამ მასალებს აქტიურად გამოვიყენებთ, აქ კი აღვნიშნავთ, რომ დოქტორმა მარკოზ ტუღუშმა, ზემოაღნიშნული მასალების გამოქვეყნებით დაუფასებელი ამაგი დასდო ერთის მხრივ, 1900-იანი წლების ეროვნულ მოძრაობის, მეორეს მხრივ, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ისტორიას და მესამე მხრივ _ გიორგი დეკანოზიშვილის მოღვაწეობის ისტორიის უკვდავყოფას, მის შემონახვას ქართული ისტორიული მახსოვრობისათვის. ავტორი თავიდანვე აღნიშნავს თავისი ნაშრომის უპირველეს მიზანს რომელსაც ჩვენც, წინამდებარე ნაშრომის უმთავრეს დანიშნულებად მივიჩნევთ. კერძოდ, მარკოზ ტუღუში წერს: “დასასრულ, ამ მოკლე გამოკვლევის წყალობით შევძელი, თუმცა მკრთალად, მაგრამ მაინც გამეცნო ახალგაზრდათათვის, გამეხსენებინა ხანში შესულთათვის, საქართველოს სამართლიან და უდავო უფლებათა და ადამიანის მეობის თავგანწირულ დამცველთა რაზმის რამოდენიმე წევრი. იღბალი ჩვენი: ასეთი სასიქადულო შვილები საქართველოს ყოველთვის აღმოაჩნდებიან ხოლმე და მომავალშიც არ დააკლდებიან.”3
მეორე მეცნიერი, რომელმაც ასევე ფასდაუდებელი ამაგი დასდო გიორგი დეკანოზიშვილის სახელის უკვდავყოფას იყო ცნობილი ქართველი ემიგრანტი-ქართველოლოგი ვიქტორ ნოზაძე. მან ჯერ კიდევ 1944 წელს, ემიგრანტულ ჟურნალში “ქართველი ერი” (#8, 9), ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურების მიერ 1906 წელს პეტერბურგში გამოცემული ბროშურა: “Èçíàíêà ðåâîëþöèè. Âîîðóæåííîå âîññòàíèå â ðîññèè íà ÿïîíñêèå ñðåäñòâà.” 1964 წელს ვიქტორ ნოზაძემ გამოაქვეყნა გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური”. ეს იყო ჩვენი ნაშრომის მთავარი პერსონაჟის ჩანაწერები, რომელიც იწყება 1904 წლის 25 ივლისიდან და მთავრდება 1905 წლის 26 დეკემბრის ჩანაწერით. ვიქტორ ნოზაძე ფიქრობდა, რომ ეს ჩანაწერები, მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა ყოფილიყო დეკანოზიშვილის “დღიურისა”, ხოლო დანარჩენს, განსაკუთრებით დასაწყისს, იგი დაკარგულად თვლიდა.4
1964-65 წლებში, როცა “კავკასიონში” ზემოაღნიშნული ორი ბუბლიკაცია დაიბეჭდა, რუსეთის საბჭოთა იმპერიაში გამოკეტილ საქართველოში, გიორგი დეკანოზიშვილი თითქმის არავის ახსოვდა. ჟურნალ “კავკასიონსაც” რამდენიმე ათეული კაცი თუ წაიკითხავდა და ისიც არაპირდაპირი გზებით. ემიგრანტულ-პატრიოტული გამოცემა მიუღებელი იყო საბჭოთა ოფიციოზისათვის.
საქართველოში პირველად გიორგი დეკანოზიშვილი საზოგადოებას თედო სახოკიას მოგონებებმა გაახსენა, რომელიც 1984 წელს გამოქვეყნდა. ავტორმა თავის ოდინდელ მეგობარს და თანაპარტიელს მცირე მოგონება მიუძღვნა. როგორც ცნობილია, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფედერალისტთა საზღვარგარეთული ჯგუფის საქმიანობაში, რომელსაც სწორედ გ. დეკანოზიშვილი თავკაცობდა. მის ახლო თანამშრომლობას ამ ჯგუფში ქვემოთ შევეხებით, აქ კი მოვიყვანთ მცირე ამონარიდს თედო სახოკიას მოგონებიდან გ. დეკანოზიშვილის შესახებ: “მის თანამშრომელსა და მისი ტანჯვა-წამების მოზიარეს, ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია ჩემი მოგონება გავუზიარო ახალ თაობას ამ ადამიანზე, რომელიც მარად უნდა იხსენიებოდეს, სანამ არსებობს ჩვენი ერი და არსებობენ მისი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი.”5 აქვე აღვნიშნავთ, რომ თედო სახოკიას ეს მცირე მოგონება ფაქტიურად პირველი პუბლიკაცია იყო საერთოდ გ. დეკანოზიშვილის შესახებ, ე. წ. “საბჭოთა საქართველოში.” სხვათა შორის, თ. სახოკიას ეს მოგონება 1922 წელს იყო დაწერილი და კრებულის შემდგენელმა სოლომონ ხუციშვილმა შეიტანა მოგონებათა კრებულში.
კიდევ ერთი მოვლენა, რაც აღნიშვნის ღირსია ჩვენს განსახილველ თემასთან დაკავშირებით ისაა, რომ “ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში” დაიბეჭდა სტატია გ. დეკანოზიშვილის შესახებ. სტატია ეკუთვნის შესანიშნავ ქართველ ისტორიკოსს, უშანგი სიდამონიძეს.
აი ის, რაც მოხერხდა დაწერილიყო “საბჭოთა” საქართველოში გ. დეკანოზიშვილის შესახებ.
გიორგი დეკანოზიშვილისა და მსგავს პატრიოტ-მოღვაწეთა შესახებ თავისუფლად, ობიექტურად წერა, მხოლოდ საბჭოთა რუსეთის იმპერიის ნგრევა-ლიკვიდაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1980-იანი წლების დასასრულიდან, ჯერ პერიოდული პრესა აივსო XX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური ლიდერების მოღვაწეობის ამსახველი ნარკვევებით. ქართველმა საზოგადოებამ თითქოს ხელახლა აღმოაჩინა ან გაიხსენა არჩილ ჯორჯაძის, გიორგი ლასხიშვილის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, გიორგი გოგელიას, სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას, ნოე ჟორდანიას, კარლო ჩხეიძის, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორის, ვლასა მგელაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვარლამ გელოვანის, კოტე აფხაზის და სხვათა სახელები და ნამოღვაწარი.
1988 წლის აპრილში, გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ მცირე ბიოგრაფიას და საქართველოში მის მიერ ორგანიზებული იარაღის შემოტანას, წერილი მიუძღვნა დავით აბაშიძემ, საიდანაც მკითხველთა გარკვეულმა წრემ პირველად შეიტყო გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ.6 იმავე წლის ჟურნალ “მნათობში” ალექსანდრე მუჯირმა გამოაქვეყნა შედარებით ვრცელი წერილი: “გიორგი დეკანოზიშვილი”, რომელიც ძირითადად სწორედ მარკოზ ტუღუშისა და ვიქტორ ნოზაძის ზემოგანხილულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით იყო დაწერილი.7
1993 წელს გამოქვეყნდა ჩვენი მონოგრაფია: “პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები,” რაც ფაქტობრივად ჩვენი ზემოაღნიშნული დისერტაციის ვრცელ და თავისუფალ ვარიანტს წარმოადგენდა. ჩვენს ისტორიოგრაფიაში პირველად გახდა შესაძლებელი შესწავლილ-წარმოჩენილიყო პირველი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის _ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წარმოქმნა-მოღვაწეობის 1895-1907 წლების ისტორია. გარდა ამისა, მასში გაშუქდა აგრეთვე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების _ ანარქისტების, ესერების და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წარმოქმნის პროცესი. რაც მთავარია _ მონოგრაფიაში ფართოდ წარმოჩნდა გამოჩენილი ქართველი ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწეების: არჩილ ჯორჯაძის, გიორგი ლასხიშვილის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, მათ შორის _ გიორგი დეკანოზიშვილის საქმიანობა.
აღვნიშნავთ აგრეთვე, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ჩვენ სადოქტორო დისერტაციას: “საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია 1903-1917 წწ,” რომელშიც გიორგი დეკანოზიშვილზეცაა საუბარი.
აი დაახლოებით ის, რაც გიორგი დეკანოზიშვილის შესახებაა ცნობილი და შესწავლილი დღემდე. ახლა საჭიროა ეს ყველაფერი შეიკრიბოს, თანმიმდევრული სახე მიიღოს და აღდგეს მთლიანი პოლიტიკური ბიოგრაფიის სახით. ამგვარი საჭიროება დღეს ყველაზე მეტად გვეჩვენება აქტუალურად, რამდენიმე მიზეზის გამო. მიმდინარე წლის ნოემბერში სრულდება ასი წელი გიორგი დეკანოზიშვილის გარდაცვალებიდან და მასზე მონოგრაფია ამ თარიღს სიმბოლურად დაამშვენებს.
მეორე და უმთავრესი მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს. XX საუკუნეში ქართველმა ხალხმა ორჯერ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მაშინაც _ 1918 წელს და საუკუნის დასასრულს _ 1991 წელს, იყვნენ ისეთები, რომელნიც ხმამაღლა გამოთქვამდნენ კაპიტულანტურ აზრს, რომ საქართველომ ორჯერვე, მხოლოდ რუსეთის იმპერიის დანგრევის წყალობით მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამგვარი “ბრძენკაცები” არად აგდებენ იმ ისტორიულ “წვრილმანებს” _ თუ რა ანგრევდა ძველ ან ახალ იმპერიებს; რომ რუსეთის ორივე იმპერია ათეული წლების განმავლობაში ინგრეოდა მასში მომწყვდეული ხალხების მუდმივი ბრძოლით თავისუფლებისათვის. ამ ბრძოლას მეთაურობდნენ საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლებისმოყვარე ძლიერი პიროვნებებისაგან შემდგარი წრეები, ჯგუფები, კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები. ერთ-ერთი ასეთი გამოჩენილი პიროვნებათაგანი გახლდათ სწორედ გიორგი დეკანოზიშვილი, რომლის ხანმოკლე, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრება კიდევ ერთხელ დაანახვებს და გაახსენებს დღევანდელ ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ და რის ფასად ღირდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა, როგორი ადამიანები ანგრევდნენ იმპერიებს და საფუძველს უყრიდნენ ქართულ სახელმწიფოს.
და ბოლოს, უკვე 15 წელია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება XX საუკუნის საქართველოს ისტორია. ისტორიის მიმართულების სტუდენტები კარგად იცნობენ XX საუკუნის 900-იანი წლების მოღვაწეებს, მათ შორის გიორგი დეკანოზიშვილის პიროვნებას და დიდ მოწიწებას გამოხატავენ კიდეც მათი სახელების წინაშე. ამიტომაც, როცა გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ პოლიტიკური ბიოგრაფიის შექმნა საბოლოოდ განვიზრახეთ, გადავწყვიტეთ ჩემთან ერთად მუშაობა და თანაავტორობა შემეთავაზებინა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ისტორიკოსისათვის. ეს გახლავთ Dდღევანდელი ჩვენი თანაავტორი, გამორჩეული სტუდენტი და დღეს უკვე ისტორიის მაგისტრი, გიორგი გაფრინდაშვილი.
ჩვენს ისტორიოგრაფიულ წინასიტყვაობას, დოქტორ მარკოზ ტუღუშის სიტყვებით დავასრულებთ: “აღნიშვნის ღირსია ის დადებითი გარემოება, რომ დაბეჭდილი მასალა ისტორიას იშვიათად დაეკარგება. მკითხველის წინაშე გაშლილი საბუთები ჩვენი XX საუკუნის ჟამთააღმწერელს საქმეს გაუადვილებს, მომავალ თაობას სამშობლოს ღირსეულ შვილთა სახელს შეუნახავს, მათ მოქმედებას და იმათ დროინდელ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებს გააცნობს.”

თავი პირველი

არჩევანი

გიორგი დეკანოზიშვილი 1868 წლის აგვისტოში დაიბადა ქ. პეტროვსკში, დღევანდელ მახაჩყალაში. პეტროვსკოე 1844 წლიდან რუსული სამხედრო სიმაგრე იყო და 1857 წლიდან ჰქონდა მიღებული ქალაქის სტატუსი. გიორგის მამა, გაბრიელი, ოფიცერი გახლდათ და ხშირად უხდებოდა ცხოვრება რუსეთში.
არ ვიცით იმის გამო, რომ ვაჟიშვილი ეყოლა, თუ რაიმე სხვა მიზეზით, გაბრიელმა იმავე წელს იყიდა თბილისში პატარა სახლი, ნორაშენის ეკლესიის ახლოს, “ნოვოგიორგევსკაიას პლოშჩადზე.” ამ სახელწოდების პატარა მოედანი მართლაც არსებობდა და დატანილი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ რუკაზე.
ის თვისება, რომელიც ძლიერ პიროვნებას, უპირველეს ყოვლისა გამოარჩევს ხოლმე სხვებისაგან _ არჩევანის გაკეთების, საკუთარი გადაწყვეტილების მიღების და მისი განხორციელების უნარია. ძნელი სათქმელია, ეს უნარი თანდაყოლილად ეძლევათ ადამიანებს თუ შემდგომში უყალიბდებათ, მაგრამ ერთი რამ უფრო ხშირი და თვალში საცემია _ ამ თვისებას ისინი ახალგაზრდობიდანვე ავლენენ.
გიორგი დეკანოზიშვილი ამგვარ ადამიანთა რიგს ეკუთვნოდა. იმ მწირი ცნობებიდან, რომელიც მის შესახებ გაგვაჩნია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცის მტკიცე ხასიათი იკვეთება. თბილისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ჯერ მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში შევიდა. როგორც ჩანს, აქ მამამისის _ გაბრიელ დეკანოზიშვილის ხელი ერია _ იგი ხომ სამხედრო მოსამსახურე გახლდათ და იქნებ საკუთარი ვაჟიშვილისთვის სამხედრო კარიერა საუკეთესო პერსპექტივად ესახებოდა.
მაგრამ ახალგაზრდა გიმნაზიელს ეტყობა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა სამხედრო სამსახური და მან ერთ-ერთი პირველი საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო _ სამხედრო სასწავლებლიდან გამოვიდა და რომელიღაც ტექნიკურ ინსტიტუტში თუ უნივერსიტეტში შევიდა _ “სასწავლებელშიო” _ ასე წერენ გიორგი დეკანოზიშვილის ყველაზე ადრეული ბიოგრაფები ანდრია დეკანოზიშვილი და თედო სახოკია. როცა ანდრია დეკანოზიშვილი, გიორგისადმი მიძღვნილ მცირე ბიოგრაფიაში, სამხედრო სასწავლებელში სწავლის დაწყების ეპიზოდს იხსენებს, კეთილი ირონიით შენიშნავს: “გიორგი და მხედარი! მეტად პატარა ტანისა, სუსტი აგებულებისა, წვრილი ხმა, ავადმყოფობის დროს ძლივს ლაპარაკობდა.” მაგრამ იქვე განმარტავს: “მიუხედავად სუსტი აგებულებისა და შემდეგში მძიმე ავადმყოფობისა, ეს იყო კაჟივით მაგარი და უდრეკი ხასიათის პატრონი.”8
როგორც ჩანს, გიორგის იქაც არ მოეწონა და ცოტა ხანში არამარტო სასწავლებელი, არამედ საცხოვრებელი ქალაქიც გამოიცვალა _ იგი პეტერბურგში გადავიდა და ამჯერად იქაურ სამთამადნო სასწავლებელში გადაწყვიტა სწავლა. გიორგი დეკანოზიშვილის ამ ადრეულ და ხანმოკლე გადაწყვეტილებებში, სასწავლებლებისა თუ საცხოვრებლების ცვლაში, ჩვენ ახალგაზრდა გინმაზიის კურსდამთავრებულის მიზანსწრაფულობას და არჩევანის გაკეთების უნარს ვხედავთ. მან საკუთარი არჩევანი მიიღო, არ მოერიდა ალბათ ათასი ყოველდღიური საზრუნავით ცხოვრების გართულებას და თავისი ჩანაფიქრი განახორციელა.
ამგვარ თვისებას შემდგომში გიორგი დეკანოზიშვილი არაერთხელ გამოავლენს, მაგრამ ამჯერად ჩვენ, მის მიერ გაკეთებულ სულ სხვა ტიპის და მასშტაბის არჩევანზე მივაქცევთ ყურადღებას, რომელმაც მთელი მისი ხანმოკლე ცხოვრება განსაზღვრა. ბიოგრაფები,_ ასე დავარქვათ პირობითად, გ. დეკანოზიშვილის 2-3 გვერდიანი მცირე ბიოგრაფიული მონაცემების შემდგგენლებს, არ გვაწვდიან ცნობას თუ როდის უნდა შესულიყო ჩვენი პერსონაჟი პეტერბურგის სამთო ინსტიტუტში. ამის შესახებ მხოლოდ დაახლოებითი წარმოდგენა უნდა შევიქმნათ.
გიორგი დეკანოზიშვილის თანამედროვე იყო მისი თანამებრძოლი გიორგი ლასხიშვილი, რომელმაც 1885 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. იგი ერთი წლით უფროსი იყო გიორგი დეკანოზიშვილზე და მაშ, ამ უკანასკნელს რეალური გიმნაზია 1886 წელს უნდა დაემთავრებინა. გიმნაზიები იმ დროს რუსეთის იმპერიაში სამი სახისა იყო. პირველ ორში ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდნენ, ხოლო რეალურ გიმნაზიებში პირიქით, კლასიკურ ენებს არ გადიოდნენ, აქ მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლებოდა. რეალური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება მხოლოდ ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლებოდა და ამიტომაც იყო, რომ დეკანოზიშვილმა რუსეთის დედაქალაქების ტექნიკურ უმაღლესებს მიაშურა.
გიმნაზიებში 10-11 წლის ბავშვები მიჰყავდათ. შეიძლება მანამდე შეგირდს პანსიონში ესწავლა. თუ პანსიონიდან გიმნაზიაში გადავიდოდა შეგირდი, მას იმავე კლასში სვამდნენ. ილია ჭავჭავაძის მაგალითი გავიხსენოთ: “მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში.” შემდეგ განაგრძობს: “პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს.”9
გიმნაზიაში 7 კლასს გადიოდნენ, თუმცა ბოლო კლასი ორწლიანი იყო, ამიტომ მერვე წელს მერვე კლასად თვლიდნენ. ჩვენს გმირსაც, რეალური გიმნაზია, მაშინდელი ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, 1886 წელს უნდა დაემთავრებინა. ამ დროს იგი 19 წლის ახალგაზრდა კაცი გახლდათ.
მაშინდელი გიმნაზიები ორი ურთიერთსაპირისპირო მოვლენის კერას წარმოადგენდა. ერთის მხრივ, გიმნაზია იყო რუსიფიკაციის მძლავრი საშუალება, საიდანაც კურსდამთავრებულები ნახევრად გარუსებულები გამოდიოდნენ. მეორეს მხრივ, გიმნაზიის შეგირდებს უყალიბდებოდათ გამოკვეთილი ეროვნული მსოფლმხედველობა და მენტალობა. გიორგი ლასხიშვილი იხსენებს ქუთაისის გიმნაზიაში გატარებულ წლებს: “თბილისის მუდმივმა დრამატულმა დასმა პირველად გააჩაღა სისტემატური გასტროლები ქუთაისში და დ. ერისთავის “სამშობლო” თავბრუს გვახვევდა; აქა-იქ გაჩნდა წრეები ქართული ლიტერატურის და ისტორიის შესასწავლად. ეს სიო ჩვენც მოგვხვდა გიმნაზიაში და აგვაღელვა. დავიწყეთ ხელნაწერი ჟურნალების გამოცემა. ქართული გაზეთებისა და წიგნების კითხვა, პატრიოტული ლექსები აკაკისა, ილიასი, რაფიელ ერისთავისა და სხვათა, ზეპირად ვიცოდით და აღტაცებით ვმღეროდით ხშირად, ჩვენ მიერ მოგონილ მოტივებზე.”10
ეს ეროვნულ-პატრიოტული “სიო” და აღმაფრენა, უნდა ვიფიქროთ, ამ სიტყვების თანამედროვე, რეალური გიმნაზიის შეგირდს, გიორგი დეკანოზიშვილსაც “მოხვდებოდა” და “ააღელვებდა.”
ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი ცნობა, რომელ წელს შევიდა გიორგი დეკანოზიშვილი სამთამადნო ინსტიტუტში, მაგრამ ვიცით, რომ პეტერბურგის ეს ტექნიკური სასწავლებელი, რომელშიც სწავ-ლობდა, მან 1892 წელს დაამთავრა. როცა დეკანოიზიშვილი პირველად გავიცანოით, იგონებს თედო სახოკია, ის ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყოო. თუ სახოკიას ცნობა ზუსტია, მაშინ გამოდის, გიორგი დეკანოზიშვილი პეტერბურგის სამთამადნო ინსტიტუტის სტუდენტი 1887 წელს გამხდარა. ე. ი. ეს მომხდარა გიმნაზიის დამთავრების ერთი წლის მერე და ბუნებრივიცაა _ მან ხომ ის ერთი წელი ან ცოტა მეტიც – ჯერ სამხედრო, შემდეგ კი მოსკოვის ტექნიკურ სასწავლებლებში საცდელ თუ საძიებელ სწავლებებს მოანდომა.
იმ რამდენიმე ძუნწი ცნობიდან, რომელნიც 1887-1892 წლებში პეტერბურგის სამთამადნო ინსტიტუტში სწავლის წლებს ეხება, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გიორგი დეკანოზიშვილი ძირითადად სამი სახის საქმიანობაში იყო ჩართული. პირველ და უმთავრეს საქმიანობას დიდი გამოცნობა არ სჭირდება _ სტუდენტი იყო და უმთავრეს მიზანსწრაფვას სწავლა-განათლება და პროფესიული ცოდნის მიღება წარმოადგენდა. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი, ხოლო იმას თუ როგორი სპეციალისტი და პროფესიონალი სამთო ინჟინერი დადგა მისგან, შემდგომ თავებში გაეცნობა მკითხველი.
უცნაურია, მაგრამ მეორე საზრუნავი, რომლითაც იმპერიის დედაქალაქში იყო დაკავებული ჩვენი პერსონაჟი _ ქართული ენის სწავლა გახლდათ. დიახ, იგი, ანდრია დეკანოზიშვილის გადმოცემით, “იმდენად იყო “გარუსებული,” რომ ჭადის სახელიც არ იცოდა და პირველად რომ ნახა ჭადი ჩვენს სახლში ბავშობისას “ზოლოტოი ხლებ”-ი დაარქვა მას.”11
ამ კაცმა თბილისში, ვერც ოჯახში შეძლო ქართულის სწავლა, ვერც გიმნაზიაში. როცა გიორგიმ იგრძნო, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შებრძოლებოდა “გარუსების” საფრთხეს _ პეტერბურგში შეუდგა ქართული ენის შესწავლას და წარმატებითაც განასრულა. სამწუხაროდ, ამგვარი საფრთხე ჩვეულებრივი მოვლენა იყო იმდროინდელი ქართველი ახალგაზრდობისათვის და არაერთმა ჩვენმა გამოჩენილმა მწერალმა, საზოგადო, პოლიტიკურმა თუ კულტურულმა მოღვაწემ შემდგომში ისწავლა მშობლიურ ენაზე წერა თუ მეტყველება და ეროვნულ ფესვებს დაუბრუნდა.
მესამე, კიდევ ერთი საქმიანობის სფერო, რომელშიც ჭაბუკი დეკანოზიშვილი მონდომებით ჩაება _ პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომო გახლდათ. სათვისტომოს მთავარი მიზანი ურთიერთდახმარება იყო. მათ ჰქონდათ შექმნილი ურთიერდახმარების სალარო, რომელშიც ყოველთვიურად შეჰქონდა გაარკვეული თანხა თითოეულ წევრს. სალარო, განსაკუთრებით გაჭირვებულ სტუდენტებს ეხმარებოდა.
გარდა ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერისა, სათვისტომოს მიზანი სწავლასა და თვითგანვითარებაში ურთიერთთანადგომაც იყო. მათ შექმნილი ჰქონდათ ბიბლიოთეკა, სადაც გროვდებოდა არამარტო სასწავლო, არამედ საერთოდ სამეცნიერო, მხატვრული, პოლიტიკური და რაც მთავარია _ რევოლუციური არალეგალური ლიტერატურა. გარდა ამისა, შორეულ პეტერბურგში მოხვედრილ ქართველ ახალგაზრდებს, ყველაზე მეტად უჭირდათ მშობლიურ ენაზე არსებული ლიტერატურა და სწორედ მის შეგროვებას და კითხვას ეწაფებოდნენ.
სათვისტომო უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციისთვის იქმნებოდა. სათვისტომოს წევრები ინტენსიურად იკრიბებოდნენ. ისინიGგარკვეული პერიოდულობით, კვირაში თუ ორ კვირაში ერთხელ აწყობდნენ სამეცნიერო სხდომებს, კითხულობდნენ რეფერატებს, მოხსენებებს, აწყობდნენ ლიტერატურულ და თვითშემოქმედებით საღამოებს, გამოჩენილ მოღვაწეებთან შეხვედრებს, ეწეოდნენ ქართული კულტურის პოპულარიზაციას და სხვა მრავალ ღონისძიებებს.
ასეთი სათვისტომოები, გარდა პეტერბურგისა, იმ დროს როცა გიორგი დეკანოზიშვილი სწავლობდა, რუსეთის იმპერიის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში ფუნქციონირებდა: მოსკოვში, კიევში, ოდესაში, ხარკოვში, ვარშავაში. ამ ქალაქებში დუღდა სამეცნიერო-კულტურული თვითშემოქმედებითი ცხოვრება. სწორედ ამ პერიოდში იშვა ქართველ სტუდენტთა შორის, იმპერიის უზარმაზარ სივრცეზე მიმოფანტულ საუნივერსიტეტო ქალაქებში არსებული სათვისტომოების ერთმანეთთან დაკავშირებისა და გამაერთიანებელი ორგანიზაციის შექმნის იდეა.
ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ქართულ სათვისტომოთა გამაერთიანებელი ორგანიზაციის იდეა სწორედ პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში დაიბადა. ამ დროს სათვისტომოში რამდენიმე ათეული წევრი იყო გაერთიანებული, დაახლოებით 20-ზე მეტი. სათვისტომოს არჩეული ჰყავდა რამდენიმეკაციანი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა წრის საქმიანობას. სწორედ ამ ხელმძღვანელ ბირთვში შედიოდა გიორგი დეკანოზიშვილი. თედო სახოკიას გადმოცემით სწორედ დეკანოზიშვილმა “დააარსა ქართველ და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რომელმაც გამოსცა და გაავრცელა რამოდენიმე სალიტერატურო კრებული მეზობელ ერთა.”12
ჩვენი აზრით, აქ რაღაც სხვა წრეზე უნდა იყოს საუბარი და არა პეტერბურგის სათვისტომოზე. ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია და შესწავლილია, რომ ქართველ სტუდენტთა პეტერბურგის სათვისტომო უკვე 1862 წლიდან არსებობდა და მის სათავეებთან მაშინდელი სტუდენტი-თერგდალეულები იდგნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვანი.13 ეტყობა გიორგი დეკანოზიშვილმა დამატებითი საურთიერთო წრე ჩამოაყალიბა. ერთი სიტყვით, გ. დეკანოზიშვილი პეტერბურგის სტუდენტ-ქართველთა ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი გახლდათ.
პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომო სხვებთან შედარებით ერთ-ერთი უძველესიც იყო და ერთ-ერთი აქტიურიც. ჯერ კიდევ 1891 წლის 2 დეკემბერს პეტერბურგის წრემ მოწოდებები დაგზავნა იმპერიის უნივერსიტეტების სათვისტომოებში, რათა საერთო ყრილობა მოეწვიათ და პოლიტიკური ორგანიზაცია შეექმნათ. პეტერბურგელებმა ეს არ იკმარეს და 1892 წლის გაზაფხულზე ხელმეორედ მიმართეს სტუდენტ თანამემამულეებს. ამჯერად ისინი პირდაპირ ასახელებდნენ ყრილობის ჩატარების თარიღს _ იგი 26 ივლისს უნდა შემდგარიყო და ამიტომ წინადადებას აძლევდნენ სათვისტომოებს, ყრილობისათვის დელეგატები აერჩიათ.14
როგორც ჩანს, სწორედ პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე საქმიანი და ენერგიული ახალგაზრდები. მათ მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურნენ სხვა სათვისტომოები. 1892 წლის 26 ივლისს ქუთაისში გაიმართა რუსეთის საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველ სტუდენტთა სათვისტომოების წარმომადგენელთა ყრილობა. იგი ოთხი Dდღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყრილობის მუშაობაში 20-მდე სტუდენტი-დელეგატი მონაწილეობდა. ჟანდარმერიამ თორმეტი მათგანის ვინაობა დაადგინა. ესენი იყვნენ: პეტერბურგის წრიდან – გიორგი დეკანოზიშვილი, იოსებ ჩარექიშვილი, ილია ჯიშკარიანი; მოსკოვიდან _ მიხეილ ხელთუფლიშვილი, გიორგი გვაზავა, ვახტანგ ღამბაშიძე, ივანე ელიაშვილი; ოდესიდან _ იაკობ ფანცხავა, დავით მდივანი; ვარშავიდან _ ანტონ გელაზარიშვილი; კიევიდან _ არქიფო მუსხელიშვილი.
ყრილობის მთავარი შედეგი ის იყო, რომ შეიქმნა სტუდენტთა ფარული ორგანიზაცია _ “საქართველოს თავისუფლების ლიგა.” ეს იყო ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც თავის უპირველეს მიზნად საქართველოს სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. “თავისუფლების ლიგის” პროგრამაში რამდენჯერმე იხსენიებოდა საქართველოსა და კავკასიის ხალხების დამოუკიდებლობა და ფედერაცია. ლიგას მხედველობაში აქვს კავკასიელი ხალხების მძიმე მდგომარეობა; მას “სურს მიანიჭოს კავკასიის ხალხებს დამოუკიდებლობა და შეაკავშიროს ისინი ერთ ფედერაციაში.” მეორეგან: “თავისუფლების ლიგა” ეცდება აუხსნას ხალხს მისი მდგომარეობის ჩამორჩენილობა იმისთვის, რომ მან თვითონ გაინთავისუფლოს თავი დამოკიდებულებისაგან.” მესამეგან: “ლიგა” მიზნად ისახავდა ყველაფერი გაეკეთებინა ქართველი და კავკასიის ხალხების გონებრივი განვითარებისათვის,” გამოეწვია მათში თავისუფლების სურვილი და აეძულებინა ისინი ემოქმედათ ამ მიზნის მისაღწევად.”15 OB
“თავისუფლების ლიგის” პროგრამა მთავრდებოდა მოწოდებით: “ქართველებო, ”ლიგა” უკანასკნელად შეგახსენებთ ჰამლეტისეულ კითხვას “ყოფნა თუ არყოფნა.” ვთქვათ “ყოფნა” და შევუდგეთ მოქმედებას.” ქართველი ხალხის ყოფნა თუ არყოფნა; საქართველოს დამოუკიდებლობა თუ სხვაზე დამოკიდებულება; თავისუფლება თუ იმპერიის მპყრობელობაში ყოფნა _ ეს კითხვები ჯერ კიდევ ჭაბუკი გიორგი დეკანოზიშვილის წინაშე დაისვა, მისი ქვეყნის დამპყრობელი იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქში.
მან გააკეთა ერთადერთი და მტკიცე არჩევანი _ “ყოფნა” და ამ ყოფნისთვის მოქმედება. “ყოფნა” _ საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო, მოქმედება კი _ თავისუფლებისათვის პრაქტიკული ბრძოლა, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა. გიორგი დეკანოზიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოების გამაერთიანებელი ყრილობის მოწვევაში, თავად ყრილობის მუშაობაში და გახდა ფარული სტუდენტურ-პოლიტიკური ორგანიზაციის “საქართველოს თავისუფლების ლიგის” ერთ-ერთი დამაარსებელ-დამფუძნებელი.
მაგრამ ეს არჩევანი მძიმე და სახიფათო გახლდათ. “ყრილობის ყველა გადაწყვეტილება, უდავოდ მთავრობის საწინააღმდეგოა.” _ აღნიშნული იყო იმპერიის იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში. იმპერიის მთავარ მტრებად _ მისი მთლიანობის მოწინააღმდეგენი ანუ დაპყრობილი ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები მიიჩნეოდნენ. მათ ხელისუფლება დაუნდობლად დევნიდა, იჭერდა, ასახლებდა, სიკვდილით სჯიდა და სხვა ათასი დაშვებული და დაუშვებელი საშუალებებით ებრძოდა.
მას შემდეგ, რაც “თავისუფლების ლიგის” დოკუმენტაცია პოლიციას ჩაუვარდა ხელში, დაიწყო დაპატიმრებები. “ლიგის” საქმესთან დაკავშირებით 22 კაცი დააპატიმრეს, რომელთა შორისაც, როგორც აღვნიშნეთ, იყო გიორგი დეკანოზიშვილიც. გამოძიება დაახლოებით ორ წელს მიმდინარეობდა. მისი დაპატიმრება 1894 წლის იანვარში უნდა მომხდარიყო. ჟანდარმერიამ ყველაზე საშიშ და “ლიგის” აქტიურობით გამორჩეულ წევრთა შორის გამოყო 10 წევრი. გიორგი დეკანოზიშვილი ამ ათეულშია დასახელებული, ე. ი. იმათ შორის, რომელნიც განსაკუთრებით “საშიშ დამნაშავეებად” იყვნენ მიჩნეულნი.
ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველომ 1895 წლის შემოდგომისათვის დაასრულა გამოძიება. “ლიგის” საქმე რუსული სპეცსამსახურებისთვის უჩვეულო იყო. აქამდე მათ უხდებოდათ ბრძოლა სხვადასხვა სახის რევოლუციონერებთან: ხალხოსნებთან, სოციალისტ-პროპაგანდისტებთან, ანარქისტებთან, სოციალ-დემოკრატებთან და სხვებთან. საქართველოში 1832 წლის შეთქმულებისა და XIX საუკუნის პირველი ათწლეულების ანტირუსული აჯანყებების შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში თითქმის აღარ ფიგურირებდა დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ქართული ეროვნული მოძრაობის თავკაცები ეტყობა ამ მოთხოვნას მოუმწიფებლად თვლიდნენ და ქართველი ხალხის ამ ლოზუნგისათვის მოსამზადებლად იღწვოდნენ. არც საერთაშორისო ვითარება ითვლებოდა ხელსაყრელად.
XIX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადებოდა ქართველი ინტელიგენციის ახალი თაობა, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობდა. სწორედ ამ, ასე დავარქვათ _ “ოთხმოცდაათიანელების” თაობამ _ დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მის მოსაპოვებლად პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნაც სცადა. მიუხედავად იმისა რომ იმპერიის ხელისუფლებისათვის “საქართველოს თავისუფლების ლიგის” შექმნა ფრიად არასასიამოვნო სიმპტომი გახლდათ, მან გადაწყვიტა საქმე არ გაეხმაურებინა და ”ლიგის” საქმე სასამართლოს არ გადასცა. საქმე შეწყდა, “ლიგისტებს” ადმინისტრაციული სასჯელი და ორი წლით პოლიციის ზედამხედველობა აკმარეს. ბოლოს და ბოლოს, რომანოვების დინასტიის ხელმწიფე-იმ?ერატორები ხომ ირწმუნებოდნენ, რომ საქართველო “ნებაყოფლობით” შეუერთდა რუსეთს და ამ ფონზე ქართველი სტუდენტ-სეპარატისტების საქმის გახმაურება ევროპაში ზედმეტ უხერხულობებს შექმნიდა. ამიტომ “ლიგის” საქმის მიჩუმათება სჯობდა.
ადმინისტრაციული სასჯელი ყველა დაპატიმრებული “ლიგის” წევრისთვის დაახლოებით თანაბარი აღმოჩნდა:
ალექსანდრე მიქაბერიძეს _ ოთხი თვის წინასწარი პატიმრობა სასჯელში ჩაეთვალა. მას კიდევ უნდა მოეხადა ორთვიანი პატიმრობა და შემდეგ დაუწესდებოდა პოლიციის ზედამხედველობა ორი წლით.
მიხეილ მირიანაშვილს, ნიკოლოზ შენგელიას, შიო დედაბრიშვილს (არაგვისპირელს), სერაფიონ მიქაძეს, ანტონ გელაზარიშვილს, და ნიკოლოზ მელიქიშვილს _ სასჯელში ჩაეთვალათ ექვსი თვის წინასწარი პატიმრობა და ორწლიანი პოლიციის ზედამხედველობა დაუწესდათ.
გიორგი დეკანოზიშვილს, ვარლამ ჭიჭინაძეს, იოსებ ჩარექიშვილს, ილია ჯიშკარიანს, ივანე ელიაშვილს, ვახტანგ ღამბაშიძეს, არქიფო მუსხელიშვილს, იაკობ ფანცხავას და ნიკოლოზ ჯაყელს _ ორ-ორი წლით პოლიციის ზედამხედველობა მიესაჯათ.
ბრალდების უკმარისობის გამო ძიება შეწყდა თედო სახოკიას, გიორგი გვაზავას და დავით მდივნის მიმართ. ძიება შეწყდა აგრეთვე მიხეილ ხელთუფლიშვილის მიმართ, მაგრამ არა ამავე, არამედ სხვა მიზეზით _ იგი საპატიმროში გარდაიცვალა, 26 წლის ასაკში. “ჩემი დაუვიწყარი ამხანაგი, ფრიად ნიჭიერი მიშა ხელთუფლიშვილიო.” _ წერს გიორგი ლასხიშვილი მის შესახებ.16
სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცით გიორგი დეკანოზიშვილის კონკრეტული საქმიანობის შესახებ “საქართველოს თავისუფლების ლიგაში.” მისი ცხოვრების ამ ადრეული ეპიზოდების შესახებ ბიოგრაფები საერთოდ არაფერს წერენ. “თავისუფლების ლიგაში” დეკანოზიშვილის ყოფნაზე დუმს თედო სახოკიაც, რომელიც თვითონ იყო ამ ორგანიზაციის წევრი. მეტიც შეიძლება ითქვას. საფიქრებელია, რომ თედო სახოკიამ სწორედ “თავისუფლების ლიგაში” საქმიანობასთან დაკავშირებით გაიცნო გიორგი დეკანოზიშვილი _ 1891 წელს, როცა სათვისტომოებს შორის გაცხოველებული მიწერ-მოწერა სწარმოებდა გამაერთიანებელი ყრილობის მოწვევის თაობაზე.
იმის თქმა რომ, თედო სახოკიამ დეკანოზიშვილის “ლიგაში” საქმიანობის შესახებ არ იცოდა, თითქმის დაუშვებელია.
მან გარკვეული მიზეზის გამო თავი შეიკავა ამ ფაქტის აღნიშვნისგან. კერძოდ:
საქმე იმაშია, რომ პირველ;ად თ. სახოკიამ დეკანოზიშვილის ბიოგრაფია 1911 წელს გაზეთ “კოლხიდაში” გამოაქვეყნა. ამ ბიოგრაფიაში მან გამოტოვა დეკანოზიშვილის ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი: “საქართველოს თავისუფლების ლიგაში” მონაწილეობა და იარაღის შემოტანა საქართველოში. ეს გარემოება, ჯერ კიდევ, მარკოზ ტუღუშმა აღნიშნა: “როგორც მკითხველი ხედავს, თედო ერთ სიტყვასაც არ სწერს იარაღის შეძენისა და ჩვენში შეტანის საქმეზე, რაც გასაგებია ქართულად გამოქვეყნებული წერილისათვის (ქუთაისში, 1911 წელს)”17 მართალს ბრძანებს დოქტორი ტუღუში. თ. სახოკია თვითონ მონაწილეობდა იარაღის შემოტანის საქმეში, ამისათვის გასამართლებული და გადასახლებულიც იყო ციმბირში და ამ ამბებს ვერ გამოაქვეყნებდა ქუთაისში გამომავალ ლეგალურ გაზეთ “კოლხიდაში.” იგივე ითქმის “საქართველოს თავისუფლების ლიგაზეც.” ალბათ “ლიგის” საქმეზე თედო სახოკია შემთხვევით გადაურჩა სასჯელს. მის წინააღმდეგ ხომ ბრალდების უკმარისობის გამო შეწყდა საქმე და ორივე ზემოაღნიშნული ეპიზოდის გამოქვეყნება ლეგალურ პრესაში, ზედმეტ ხათაბალაში თავის გახვევას ნიშნავდა.
რაც შეეხება “თავისუფლების ლიგაში” მოღვაწეობის ეპიზოდს, როგორც დეკანოზიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიის ნაწილს, იგი ჩვენი აზრით – უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია. გიორგი დეკანოზიშვილი XIX საუკუნის 90-იანი წლების დიდი პატრიოტული თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. ამ თაობამ შემდგომ ათწლეულებში ნამდვილი ეროვნულ-პოლიტიკური რენესანსის ეპოქა შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში. “საქართველოს თავისუფლების ლიგა” და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის პირველი გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი _ ამ თაობის პირველი დიდი დამსახურება გახლდათ.
მართალია “საქართველოს თავისუფლების ლიგამ” თითქმის ჩამოყალიბებისთანავე დაასრულა თავისი არსებობა, მაგრამ მან განსაზღვრა მისი რამდენიმე წევრის შემდგომი ცხოვრება: გიორგი გვაზავა, იაკობ ფანცხავა, თედო სახოკია, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ჭიჭინაძე, ვახტანგ ღამბაშიძე… ქართული კულტურული, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური რეალობის ეროვნულობით გამორჩეული მოღვაწენი გახდნენ. გ. დეკანოზიშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო.
ცნობილი ანარქისტი და მეცნიერი პეტრე კროპოტკინი თავის მეგობარსა და თანამებრძოლს ვარლამ ჩერქეზიშვილს 1916 წლის 16 სექტემბერს, 70 წლისთავს ულოცავდა და წერდა: “შენ _ ნამდვილი ადამიანის ცოცხალი მაგალითი ხარ… შენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ შეიცანი ჭეშმარიტი მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრებისა.”18 იგივე სიტყვები სავსებით მიესადაგება გ. დეკანოზიშვილსაც, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას გააკეთა ცხოვრებისეული არჩევანი _ ბრძოლა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის.

თავი მეორე

პირველი ეროვნული პოლიტიკური პარტიის დამაარსებელთაგანი

1894-1900 წლებში გიორგი დეკანოზიშვილი უმთავრესად პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა ან საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მისი ბიოგრაფიის ეს პერიოდი ჩვენ გვინდა ნაშრომის ბოლო თავში განვიხილოთ. საამისო მიზეზი ერთია _ გიორგი დეკანოზიშვილის ცხოვრებაში უპირველესი და უმთავრესი, როგორც თავად მკითხველი დარწმუნდება, ეროვნულ-პოლიტიკური საქმიანობა გახლდათ და ჩვენც სწორედ მისი ბიოგრაფიის ეს მხარე გვაინტერესებს უმთავრესად. დეკანოზიშვილის ხანმოკლე პოლიტიკური მოღვაწეობა 1901 წლის დამდეგიდან დაიწყო, როდესაც 33 წლის სამთო ინჟინერი, მცირე ხნით თბილისში დაბრუნდა.
საერთოდ გიორგი დეკანოზიშვილს, აქამდეც და ამის შემდეგაც, იშვიათად უწევდა თბილისის გუბერნიისა და მაშინდელი კავკასიის ფაქტიურ დედაქალაქში ცხოვრება. ამიტომ შესაძლოა მისი “გაუცხოებული” თვალი უფრო ფხიზლად შეამჩნევდა ცვლილებებს, რომელიც მისი არყოფნის პერიოდში მომხდარიყო. განსაკუთრებით იყო გამოცოცხლებული თბილისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რითმი. დუღდა ე. წ. “პარტიობანა”. რუსეთის იმპერიაში ამ დროს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა დაშვებული არ იყო და ისინი არალეგალურად ფუნქციონირებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ გამოდიოდა გაზეთები, რომელნიც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მსოფლმხედველობას გამოხატავდნენ.
როცა დეკანოზიშვილი ჩამოვიდა, ამ დროს, თბილისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სპექტრს რამდენიმე გაზეთი წარმოადგენდა. კვლავინდებურად აგრძელებდა ეროვნულ-კულტურული ცნობიერების დამკვიდრებას გაზ. “ივერია.” მასთან დაპირისპირებაში ეძებდა თვითიდენტიფიკაციას მესამე დასელების მთავარი ორგანო “კვალი.” საკუთარი შუალედური პოზიციის გამოკვეთას ცდილობდა, სულ ცოტა ხნის წინ შეცვლილ-განახლებული პროგრამით გამოსული გაზ. “ცნობის ფურცელი.” გამოდიოდა პრესის სხვა ორგანოებიც, უფრო რუსულენოვანი, რომელნიც ან ოფიციოზის, ან არაქართული მოსახლეობისა და წრეების თვალსაზრისს გამოხატავდნენ.
გიორგი დეკანოზიშვილის ყურადღება და სიმპატია ზემოაღნიშნული მედიარეალობიდან ყველაზე მეტად გაზ. “ცნობის ფურცელს” შეიძლება დაემსახურებინა. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობდა, სულ ცოტა სამი მაინც. პირველ რიგში “ცნობის ფურცლის” მსოფლმხედველობა გიორგის შეხედულებებს ყველაზე მეტად უახლოვდებოდა. 1900 წლის 1 დეკემბერს გაზ. “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა მცირე წერილი, რომელიც სამ საპროგრამო პუნქტს შეიცავდა. პირველი იყო _ საქართველოსთვის კაპიტალიზმის განვითარებისა და “ევროპეიზაციის” აუცილებლობა; მეორე _ დიდ ქართველ სამოციანელთა მემკვიდრეობის აღიარება, რაც ეროვნული პრობლემის პრიორიტეტულობას ნიშნავდა და მესამე _ ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების თანამშრომლობის აუცილებლობა.
“ცნობის ფურცლის” სამპუნქტიანი სტრატეგია ძალიან ენათესავებოდა და ახლოს იდგა “საქართველოს თავისუფლების ლიგის” ოდინდელ პროგრამასთან.
მეორე მიზეზი, რამაც განაპირობა თბილისში ახალჩამოსული გიორგი დეკანოზიშვილის “ცნობის ფურცლის” გარშემო შემოკრებილი ჯგუფისკენ ორიენტაცია ის იყო, რომ მისი არაერთი წარმომადგენელი გიორგის ძველი ნაცნობ-მეგობარი გახლდათ. “ცნობის ფურცლელები” ხომ ყოფილი “ახალგაზრდა ივერიელები” იყვნენ. ეს ჯგუფი 1895-1896 წლებში გაზ. “ივერიაში” თავმოყრილი ახალგაზრდა პუბლიცისტებისა და პატრიოტი ენთუზიასტებისგან შედგებოდა. ჯგუფის აღიარებული თავკაცი იყო ყოფილი ხალხოსანი და ნაციმბირალი გიორგი ლასხიშვილი. ამ უკანასკნელს სურდა “გაეახალგაზრდავებინა” ილია ჭავჭავაძის გაზეთის რედაქცია და ამით ილიას იდეებისთვის ახალი სული შთაებერა. თავად ილიაც ალბათ თანახმა იყო ამ განზრახვისა, რადგან მან თავისი ნაჭირნახულევი “ივერია” თითქმის მთლიანად გადააბარა ლასხიშვილსა და მის ჯგუფს. ამ ჯგუფს პირობითად ჩვენ “ახალგაზრდა ივერიელები” ვუწოდეთ. მასში შედიოდნენ: ილია აღლაძე, კიტა აბაშიძე, ილია ნაკაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, იაკობ ცინცაძე, ვასილ წერეთელი და სხვები.19
გაზეთის მოდერნიზაციისთვის ლასხიშვილმა გარედანაც მოიწვია სათანამშრომლოდ ცნობილი ავტორიტეტები და თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული პიროვნებები: გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი, ალექსანდრე ნანეიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და სხვ. “მე და ალექსანდრე (ნანეიშვილი) მოკლე ხანში ჩამოვალთ ტფილისში და ერთად მოვილაპარაკთთ გაზეთის საქმეებსა და სვე-ბედზე” _ წერდა საპასუხო წერილში ლასხიშვილს გიორგი ზდანოვიჩი. “დრო არ მექნება. მხოლოდ დროგამოშვებით მოგაწვდით წერილებს” _ პასუხობდა “ივერიის” ახალგაზრდა თავკაცს გრიგოლ ვოლსკი, ბათუმში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი-მწერალი.20
სწორედ ამ დროს შესთავაზა ლასხიშვილმა გიორგი დეკანოზიშვილს თანამშრომლობა, რომელიც როგორც ჩანს, თბილისში იმყოფებოდა _ 1896 წელს. “თბილისშიც ვთხოვეთ დახმარება ზოგიერთებს, სხვათა შორის ახალგაზრდა ინჟინერს, გიორგი დეკანოზიშვილს” როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი სწრაფად გამოეხმაურა წინადადებას. ლასხიშვილის სიტყვებით, დეკანოზიშვილმა “დაიწყო კიდეც მუშაობა, შეუდგა სამეცნიერო წერილების მოთავსებას.”21 (ამ წერილებს ქვემოთ, ნაშრომის უკანასკნელ თავში შევეხებით).
კიდევ არსებობდა გიორგი დეკანოზიშვილის “ცნობის ფურცლის” გუნდთან დაახლოების ერთი მიზეზი. ჯერ კიდევ “ახალგაზრდა ივერიელები” ილიასა და მისი თაობის იდეალების მტკიცე მიმდევრები იყვნენ, მაგრამ ვერ ეგუებოდნენ მათს ზომიერ, კულტურტრეგერული მოღვაწეობის ჩარჩოებს. მათ უფრო რადიკალური საშუალებებით ბრძოლა სწყუროდათ. როგორც ცნობილია, სწორედ “ახალგაზრდა ივერიელების” რადიკალური პუბლიცისტური წერილები გახდა 1896 წლის აპრილში გაზ. “ივერიის” დახურვის მიზეზი.
ბუნებრივია, რომ გაზეთის დახურვას მოჰყვა “ახალგაზრდა ივერიელთა” ჯგუფის დაშლა. და აი, 3-4 წლის შემდეგ, გუნდის აქა-იქ დაფანტულმა წევრებმა კვლავ დაიწყეს ვერცხლისწყლის წვეთებივით ერთ გუნდად თავმოყრა გაზ. “ცნობის ფურცლის” გარშემო. აქ უკვე ყოფილ “ახალგაზრდა ივერიელებს” შეუერთდნენ ჟურნალ “მოამბის” ბურჟუაზიულ-ეროვნული ჯგუფის წარმომადგენლები. ასე ჩამოყალიბდა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც იმჟამად ქართულ პრესაში “ცნობის ფურცლის” ჯგუფს უწოდებდნენ ან უბრალოდ “ცნობის ფურცლელებად” მოიხსენიებდნენ. ეს იყო ეროვნულად და რადიკალურად განწყობილი მიმდინარეობა, რომელსაც პოლიტიკური მეთოდებით და საშუალებებით სწყუროდა მოქმედება.
ეროვნული მოძრაობის საზოგადოებრივ-კულტურული ეტაპი, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან უწყვეტად გრძელდებოდა უნდა გადაზრდილიყო პოლიტიკური ბრძოლის ფაზად. ეროვნული იდეალებისათვის პოლიტიკური ბრძოლა _ აი რა იყო ახალი მიმდინარეობის წარმომადგენელთა მთავარი მიზანი. როგორც ჩანს, ეს იყო ის მესამე და უმთავრესი მიზეზი, რამაც სამთო ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი “ცნობის ფურცლელებთან” მიიყვანა.
დეკანოზიშვილი “ცნობის ფურცლელებს” 1901 წლის პირველ ნახევარში ან დასაწყისში უნდა შეერთებოდა. ამ სახელწოდების გაზეთი თბილისში 1896 წლიდან გამოდიოდა და მასში მხოლოდ სარეკლამო-საინფორმაციო მასალები ქვეყნდებოდა. 1900 წელს მისმა გამომცემელმა, ვალერიან გუნიამ, გაზეთის დახურვა გადაწყვიტა. გ. ლასხიშვილისა და მისი თანამოაზრეების თხოვნით გაზეთი იყიდა ალექსანდრე ჯაბადარმა და მისი გამოცემა-რედაქტორობა გ. ლასხიშვილს ჩააბარა. ასე აღმოჩნდა “ცნობის ფურცელი”, ყოფილი “ახალგაზრდა ივერიელების” რადიკალურ-ეროვნულად განწყობილი ახალთაობელების ხელში, რომელსაც კვლავინდებურად გიორგი ლასხიშვილი მეთაურობდა. “ამგვარად, როგორც იქნა, დაგვირგვინდა ჩვენი კარგა ხნის მოლოდინი და სურვილი საკუთარი გაზეთის დაარსების შესახებო.” _ კმაყოფილებით შენიშნავს ლასხიშვილი თავის მემუარებში.
თავდაპირველად, რედაქციის თანამშრომლები გ. ლასხიშვილთან ერთად იყვნენ: ვლადიმერ ლორთქიფანიძე, შაქრო ბილანიშვილი, ქაიხოსრო ქავთარაძე. შემდეგ წელს მათ მიემატნენ სამსონ ფირცხალავა, გრიგოლ რცხილაძე, დომინიკა ერისთავი-განდეგილის ქალი, შიო არაგვისპირელი; ძველი “ახალგაზრდა ივერიელები”: კიტა აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ილია ნაკაშიძე. ამ გარე თანამშრომლებს შორის გ. ლასხიშვილი ასახელებს ანდრია და გიორგი დეკანოზიშვილებსაც.
კი მაგრამ, რისთვის სჭირდებოდა ლასხიშვილს ან გაზეთის დაარსება ან თანამოაზრეთა შემოკრება? გაზეთის გამოცემის მიზანი, შეიძლება თვითმიზანიც იყოს და საშუალებაც. გაზეთის მიზანი შეიძლება იყოს გარკვეული იდეების პროპაგანდა და ამით დაკმაყოფილება. ასეთი მიზანი “ცნობის ფურცლელებს” არ ჰქონიათ. მათ სხვა მიზანი ამოძრავებდათ, ეს იყო _ პოლიტიკური პარტიის დაარსება, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა, რომელიც იბრძოლებდა ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის.
ასეთი პარტიის დაარსების შესახებ უკვე XIX საუკუნის 90-იან წლების მიწურულში მიმდინარეობდა საუბრები ძველ რევოლუციონერ-ხალხოსანთა და ახალგაზრდა პატრიოტ-რადიკალთა წრეებში. გიორგი ლასხიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ძველ რევოლუციონერებთან _ გიორგი ზდანოვიჩთან, ალექსანდრე ნანეიშვილთან, სტეფანე ჭრელაშვილთან და შემდეგში ახალგაზრდებთან _ კიტა აბაშიძესთან, ვლადიმერ ლორთქიფანიძესთან და სხვებთანაც. ორი განსხვავებული აზრიც ჩამოყალიბებულა მოსაუბრე-მოკამათეთა შორის. ძველები და გამოცდილები ამბობდნენ, რომ შეექმნათ ქართული პარტია, რომელიც ავტონომიური უფლებებით შეუერთდებოდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. ისინი ფიქრობდნენ, და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ მრავალრიცხოვანი რუსული პარტიის მფარველობაში მყოფ ქართულ პარტიას მეტი მატერიალურ-პრაქტიკული რესურსი ექნებოდა სამოქმედოდ.
მაგრამ ახალგაზრდები სასტიკად დაუპირისპირდნენ ძველების ამგვარ აზრს. განსაკუთრებით ცხარობდა გიმნაზიის ახალგაზრდა მასწავლებელი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე: “რას ჰგავს ეს? რუსეთისგან გინდათ თავი გაინთავისუფლოთ და რუსულ პარტიას კი ემორჩილებით. რომელი რუსული პარტია იქნება გულწრფელი მომხრე საქართველოს განთავისუფლებისა?”20
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნის აზრი თითქმის მომწიფებული იყო, მისი შექმნა ჭიანურდებოდა. ერთის მხრივ, პარტიის ორგანიზებას ხელს უშლიდა ობიექტური მიზეზი _ რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმი სასტიკად დევნიდა ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციის შემქმნელებს. დიდი სიფრთხილე და კონსპირაციულობა იყო საჭირო. ამ საქმის მოთავეს, გიორგი ლასხიშვილს, არც ერთი აკლდა და არც მეორე. იგი ჯერ კიდევ ოდესის უნივერსიტეტში სწავლის დროს იყო ჩაბმული რუსეთის ხალხოსნური ორგანიზაციის იატაკქვეშა მუშაობაში, რის გამოც რამდენიმე წელი ციმბირის შორეულ გუბერნიებში გადასახლებაში გაატარა. შესაძლოა მწარე გამოცდილების გამო ის ზედმეტადაც ფრთხილობდა.
1901 წლის გაზაფხულზე “ცნობის ფურცლელებს” შეემატათ ახალი ენთუზიასტი, ახალი პიროვნება, რომლის გამოჩენამაც სრულიად შეცვალა ჯგუფის საქმიანობის მაჯისცემა. ეს გახლდათ არჩილ ჯორჯაძე _ ახალგაზრდა პუბლიცისტი და ინტელექტუალი. მან ის-ის იყო დაასრულა რამდენიმე წლიანი მოგზაურობა რუსეთსა და ევროპაში, სწავლობდა და ლექციებს ისმენდა ვარშავის, პეტერბურგის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. 1901 წლის 19 იანვარს, გაზ. “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა, პარიზიდან გამოგზავნილი მისი წერილი: “ჩვენი საჭირბოროტო კითხვები,” რომელმაც მყისვე მიიპყრო ქართველი საზოგადოების ყურადღება. 21 მარტიდან, როცა არჩილ ჯორჯაძე უკვე თბილისში იყო ჩამოსული, გამოქვეყნდა მისი წერილების სერიალი: “საერთო მოქმედების ნიადაგი” და სხვა მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები, რომლებმაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას _ ქართული საზოგადოების გულისყური დაიპყრო.
არჩილ ჯორჯაძემ ღრმად შეისწავლა წინამორბედი დიდი ქართველი მოღვაწეების ნააზრევი და მოახდინა მათი, განსაკუთრებით კი _ ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის იდეების სისტემატიზაცია და თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით ?ამოაყალიბა საკუთარი მსოფლმხედველობით გაჯერებული ახალი თეორიული სისტემა. ეს სისტემა “საერთო მოქმედების ნიადაგის” თეორიის სახელითაა ცნობილი და ახალ სიტყვას წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში. Mმოკლედ გადმოვცეთ მისი არსი.
ქართული საზოგადოება და მოსახლეობა ფენებად იყო დაყოფილი. ასე დაყოფილ-დაპირისპირებულნი იყვნენ ერთმანეთთან მათი ინტერესების გამომხატველი პარტიები, ანუ როგორც მას პუბლიცისტი უწოდებდა _ ”მოპირდაპირე დასები”. ეს ბუნებრივი პროცესი გახლდათ. მაგრამ რადგანაც ქართველი ერი დამონებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისი არსებობა საფრთხის წინაშე იდგა _ “მოპირდაპირე დასებს” ერთმანეთთან შეთანხმებისათვის უნდა მიეღწიათ, საერთო-ეროვნული პრობლე?ების გადასაჭრელად. აუცილებელი იყო “საერთო ნიადაგზე” დადგომა, რაც ნიშნავდა ხუთპუნქტიანი პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებას. ესენი გახლდათ: 1. ქართული ენის დაცვა; 2. ეროვნული ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება; 3. ქართველთა მიწების ქართველთა ხელში შერჩენა; 4. ინტელიგენციის სახალხო-კულტურული მოღვაწეობა და 5. ქალაქთა თვითმმართველობებში ქართველთა აქტიური მონაწილეობა.
აი, ამ ხუთი მიზნის განსახორციელებლად ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები, მიმდინარეობები თუ პარტიები საერთო ნიადაგზე უნდა დამდგარიყვნენ და ერთობლივად ემოქმედათ. ამ აზრს არჩილ ჯორჯაძე სხვადასხვა რაკურსით ასაბუთებდა თავის მრავალრიცხოვან წერილებში, რომელნიც 1901-1902 წლებში გაზ. “ცნობის ფურცელში” ქვეყნდებოდა. ქართველი საზოგადოება არ იყო მიჩვეული ადგილობრივ რეალობაში დასაბუთებულ თეორიებს. ის უფრო ევროპიდან და რუსეთიდან შემოსული პოლიტიკური მოძღვრებებით იკვებებოდა _ მარქსიზმით, ანარქიზმით, ლიბერალიზმით, სოციალიზმის ნაირსახეობებით და სხვა იზმებით. ახლა მას ქართულ ნიადაგზე და ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით დასაბუთებული კონცეფცია შესთავაზეს. ახალი თეორიული სისტემა ეროვნული კონსოლიდაციის გზით ქართველი ხალხის კულტურულ, სამეურნეო, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებას ისახავდა მიზნად და ასაბუთებდა კიდეც მის აუცილებლობას..
იმხანად ქართველი საზოგადოება შეშფოთებული ადევნებდა თვალ-ყურს, ძველ თაობასთან მესამე დასელი მარქსისტების მწვავე დაპირისპირებას. “საერთო მოქმედების” თეორია ის ოქროს შუალედი აღმოჩნდა, რომელიც გამორიცხავდა უკიდურეს დაპირისპირებებს. არჩილ ჯორჯაძე პატრიოტულად და ზომიერად განწყობილ საზოგადოებას ფიქრთა მპყრობელად მოევლინა. “ცნობის ფურცლის” ჯგუფისაკენ ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ძალები, სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობის, მოსახლეობის საშუალო ფენების მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები და თანამოაზრეები დაიძრნენ.
თვით “ცნობის ფურცლელთა” შორის არჩილ ჯორჯაძე “მხურვალე მომხრე გახდა იმ ახალგაზრდათა ჯგუფისა, რომელსაც საჭიროდ მიაჩნდა სრულიად ახალ და დამოუკიდებელ ქართულ პარტიის შექმნა” _ განგვიმარტავს გიორგი ლასხიშვილი და მიგვანიშნებს, რომ პარტიის შექმნის შესახებ მუშაობა 1901 წლის მარტიდან გაცხოველდა.. სწორედ ამ დროს უნდა ჩამოსულიყო არჩილი თბილისში, თებერვალ-მარტის თვეებში, მის მიერ 19 იანვარს პარიზში დაწერილ ერთ წერილსა და 21 მარტს თბილისში დაწერილ მეორე წერილს შორის, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა.
დაახლოებით რამდენიმე თვის შემდეგ, 1901 წლის ზაფხულისათვის, “ცნობის ფურცლელებს” შეემატა ორი ახლობელი ნათესავი და მეგობარი – გიორგი და ანდრია დეკანოზიშვილები. ანდრია რუისელი დეკანოზიშვილი გახლდათ. მას ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. 1899 წლიდან ანდრია პარიზში ცხოვრობდა და ფრანგულ ენას სწავლობდა. დეკანოზიშვილები დაახლოებით ერთ დროს ჩამოვიდნენ სამშობლოში და ერთად გამოჩნდნენ “ცნობის ფურცლელთა” ვიწრო კონსპირაციულ წრეში, რომელიც დიდ გეგმებს აწყობდა.
“იმ ხანებში ჩვენ ვიკრიბებოდით ვალიკო გუნიას სახლში (მატინოვის ქუჩა) და ნიკო ქართველიშვილის სახლში (მიხეილის პროსპექტი). ამ კრებებზე იმ პირველ ხანებში უმთავრესად მონაწილეობას იღებდნენ შემდეგნი პირნი:” _ და გიორგი ლასხიშვილი ჩამოგვითვლის მაშინდელი ინტელიგენციის შესანიშნავ, ჩვენთვის ზოგ ნაცნობ, ზოგსაც უცნობ ახალგაზრდა წარმომადგენლებს, შემდეგი თანმიმდევრობით:
გიორგი დეკანოზიშვილი _ წარმატებული სამთამადნო ინჟინერი, 33 წლის, ტექნიკური ინტელიგენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ საქმინობაში;
ანდრია დეკანოზიშვილი _ 34 წლის იურისტი. მას ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა ბათუმის თვითმმართველობაში, სადაც აირჩიეს ბათუმის “ურთიერთკრედიტის” ბანკის დირექტორად. საფიქრებელია, რომ მას ისე აღარ უჭირდა, როგორც ორი წლის წინ პარიზში, საიდანაც იაკობ ფანცხავას წერდა: “არავის ვურჩევ 50 მანეთით აქ ცხოვრებას. ცოტა ძნელია. მეტადრე ზამთარში. შენ წარმოიდგინე აბა: ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა, ოთახი, ცეცხლი, სარეცხი და დანარჩენი ფულით წიგნების შეძენა. ეს სწორედ ახნაზაროვის საახალწლო ფელეტონს მაგონებს: 9 მანეთი და სამი აბაზი რომ დაუნიშნა რედაქტორმა, დილის 6 საათიდან გათენების 4 საათამდე რედაქციაში უნდა იყოო. წერე ფელეტონები, მოწინავე წერილები, მიმოხილვები, ნაკვესები… და სხვ. დანარჩენი დრო თვითგანვითარებას მოახმარეო.”22 (არტემ ახნაზაროვი (1864-1942) – ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ”ივერიის” თანამშრომელი. ბეჭდავდა საკვირაო ფელეტონებ _ დ. შ ).
სამსონ ფირცხალავა _ 29 წლის იურისტი და პუბლიცისტი, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, წერილებს ბეჭდავდა ფსევდონიმებით: ”სიტყვა,” “კალამი,” “სანვინი;”
არჩილ ჯორჯაძე _ ესეც 29 წლის, “ცნობის ფურცლელთა” ახალი იდეოლოგი და თეორეტიკოსი.
ვლადიმერ ლორთქიფანიძე – სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელი. მაშინ 27-28 წლის იქნებოდა. იგი ისტორიას ასწავლიდა გიმნაზიელებს და ევროპის ახალ ისტორიაში სპეციალდებოდა, რაზეც, საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე, შემდგომ წლებში დაწერილი მისი საინტერესო წერილების სერია მეტყველებს.23
ალექსანდრე ჯაბადარი – ქართული მწიგნობრობის ამაგდარი, “ქართული წიგნის” ამხანაგობის დამაარსებელი, არაერთი ჟურნალ-გაზეთის გამომცემელი.
ფილიპე გოგიჩაიშვილმა, _ შემდგომში ცნობილმა ეკონომისტმა, მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, სწორედ იმხანად, 1901 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიკის განყოფილება. ლაიფციგიდან ახლადდაბრუნებულ ფილიპეს, “ცნობის ფურცლელები” თხოვდნენ სპეციალური მოხსენების გაკეთებას, ავსტრიაში შექმნილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესახებ. ეს იმიტომ აინტერესებდათ, რომ ავსტრია-უნგრეთის მრავალეროვნული იმპერიის რეალობაში მოქმედი პარტიის გამოცდილება გაეთვალისწინებინათ თავიანთი პარტიის შექმნის დროს.
გავაგრძელოთ “ცნობის ფურცლელთა” ჩამოთვლა-გაცნობა. შემდეგი მონაწილე გახლდათ გრიგოლ რცხილაძე. მაგრამ ხომ არ ეშლება გიორგი ლასხიშვილს? გრიგოლ რცხილაძემ 1902 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1902 წლიდან დაიწყო მუშაობა “ცნობის ფურცლის” რედაქციაში. მას გაზეთში მიჰყავდა ლიტერატურის განყოფილება და შესანიშნავ კრიტიკულ წერილებსაც წერდა “ზანგის” ფსევდონიმით. 1901 წელს გრიგოლი ჯერ კიდევ პეტერბურგშია და ცხადია, “ცნობის ფურცლელთა” თავყრილობებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
სამაგიეროდ, “ცნობის ფურცლელთა” შეკრებებზე გამოირჩეოდა მეორე ლიტერატორი, უფრო სწორად, ქართული ლიტერატურული კრიტიკის ამომავალი ვარსკვლავი _ კიტა აბაშიძე. ამ დროს ის უკვე იყო ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების განთქმული სერიალის “ცხოვრება და ხელოვნების” ავტორი. ამავდროულად, იგი სწორედ 1901 წელს აირჩიეს ჭიათურის “შავი ქვის (მარგანეცის) მრეწველთა საბჭოს” “საურთიერთო ნდობის ბანკის” თავმჯდომარედ.
ილია აღლაძე – 29 წლის პუბლიცისტი, მთარგმნელი. იგი 1894 წლიდან მუშაობდა “ივერიაში” და 1902 წლიდან გადმოვიდა “ცნობის ფურცელში,” თუმცა, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე 1901 წლიდან აქტიურად იყო ჩართული “ცნობის ფურცლელთა” შეკრებებში.
ილია ნაკაშიძე _ პუბლიცისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა “ცნობის ფურცლელებთან,” მაგრამ უფრო მათი თანამგრძნობი იყო, ვიდრე წევრი. ილიას ეტყობა პუბლიცისტური საქმიანობა არ იტაცებდა, სამაგიეროდ, იგი მიწერ-მოწერას აწარმოებდა ლევ ტოლსტოისთან და დუხობორების ჩამოსახლების ორგანიზებაში ეხმარებოდა მას, რისთვისაც საქართველოდან გაასახლეს კიდეც რამდენიმე წლით.
ევტიხი მამინაიშვილი _ “ცნობის ფურცლელთა” ერთ-ერთი აქტივისტი;
ნიკო ქართველიშვილი _ ეს კაციც უფრო თანამგრძნობ-მხარდამჭერთა და ახლობელთა წრეს მიეკუთვნებოდა და როგორც ბიზნესმენ-მრეწველი, ხელს უმართავდა “ცნობის ფურცლელებს,” ოღონდ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ საქმიანობასთან დისტანციას არ კარგავდა. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი როგორც ჩანს სტუმართმოყვარე ბინა იყო ახალი პარტიის ინიციატორთა შეკრებების ერთ-ერთი შტაბი.
ანალოგიურ როლს ასრულებდა “ცნობის ფურცლელთა” ჯგუფისთვის ქართველი თეატრალური და საზოგადო მოღვაწის ვალერიან გუნიას ბინაც..
და ბოლოს, თავადი სიმონ ვახვახიშვილი, აქტივისტი და შემდგომ ფედერალისტთა პარტიის წევრიც. აი ის ხალხი, ენთუზიასტ-აქტივისტთა ის წრე, რომელიც პირველი ეროვნული ქართული პოლიტიკური პარტიის დაარსებას ცდილობდა 1901 წელს და ჩვენი ბიოგრაფიული პერსონაჟის პოლიტიკურ თანამოაზრეთა გუნდს წარმოადგენდა.
ეტყობა გიორგი დეკანოზიშვილი თავიდანვე გამოარჩიეს მეგობრებმა, როგორც პრაქტიკული და ორგანიზატორული თვისებების მქონე კაცი და პირველი სერიოზული საქმის გაძღოლაც მას ჩააბარეს. საქმე იმაში იყო, რომ არჩილ ჯორჯაძემ ერთ-ერთ კრებაზე წამოაყენა არალეგალური ორგანოს გამოცემის საკითხი. “ცნობის ფურცლელებს” თავიანთი გაზეთი აღარ აკმაყოფილებდათ, რადგან მძიმე საცენზურო პირობების გამო მასში ვერ ხერხდებოდა თავისუფალი აზრის გამოთქმა. არჩილ ჯორჯაძემ დაარწმუნა თავისი თანამებრძოლები, რომ არალეგალურ გაზეთში ისინი თავისუფლად მოახერხებდნენ თავიანთი საპროგრამო მოთხოვნების პროპაგანდას და ხალხს მიაწვდენდნენ საკუთარ ხმას. არალეგალური ორგანოს გამოცემა საზღვარგარეთ, თავისუფალი აზრის მექაში _ პარიზში გადაწყდა.
მაგრამ ამისათვის საჭირო იყო გაეჩინათ თანამოაზრენი და საჭირო თანხა შეეგროვებინათ. ამ არცთუ მარტივი ამოცანის გადასაჭრელად “ცნობის ფურცლელებმა” სამი კაცი აირჩიეს: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და ევტიხი მამინაიშვილი. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ფულის შეგროვების მთავარი სიმძიმე გიორგი დეკანოზიშვილმა იტვირთა, რომელიც “განსაკუთრებით დიდი ენერგიით მუშაობდა.” მან “საქართველოს ყველა კუთხეში მარჯვე აგენტები გაიჩინა.” გიორგის ინიციატივით ჩამოყალიბდა “ქართველ თანამგრძნობ ქალთა” წრე, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი საზოგადო და კულტურულ ასპარეზზე მოღვაწე მანდილოსნები: მარიამ დემურია, ოლღა ბეჟანიშვილი _ ილია აღლაძის მეუღლე, ნინო ნაკაშიძე და სხვანი. მოკლე ხანში გიორგი დეკანოზიშვილმა მოახერხა 6-7 ათასი მანეთის შეგროვება. ამ თანხით უკვე შეიძლებოდა გაზეთის გამოცემისათვის მზადებას შესდგომოდნენ.
მაგრამ სანამ საზღვარგარეთული ორგანოს გამოცემისათვის გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს მანამ “ცნობის ფურცლელთა” კრებებზე გრძელდებოდა დებატები პოლიტიკური პარტიის შექმნის საჭიროების შესახებ. “1901-სავე წლის შემოდგომაზე გადაწყვეტილ იქნა მომავალ თავისუფალ ორგანოს და საერთოდ, მომავალ პარტიის წინასწარ საქმიანობის გასაძღოლად არჩეულიყო კომიტეტი”24 _ გვიამბობს გიორგი ლასხიშვილი. არჩევნები მოეწყო ერთ-ერთ კრებაზე ვალერიან გუნიას სახლში. კრებას გ. ლასხიშვილი თავმჯდომარეობდა, ხოლო მდივნობდა ვლადიმერ ლორთქიფანიძე. ესენი ამავდროულად პრეზიდიუმსაც წარმოადგენდნენ, რომელშიც ვალერიან გუნიაც შედიოდა. თითოეულ “ცნობის ფურცლელს” კომიტეტის ხუთი კანდიდატის გვარი უნდა ჩამოეწერა, სპეციალურად დარიგებულ ბარათებზე. ასეც მოიქცნენ, შეავსეს ბარათები და კრების თავმჯდომარეს ჩააბარეს. ამის შემდეგ, ყველანი წავიდნენ და ხმების დასათვლელად დარჩა ზემოაღნიშნული პრეზიდიუმის სამეული.
კომიტეტში არჩეულნი აღმოჩნდნენ: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ანდრია დეკანოზიშვილი და გიორგი დეკანოზიშვილი. ამ ფაქტის შესახებ თედო სახოკია წერს: 1901 წელს ე. ი. “ამავე წელს დაარსდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური სარევოლუციო პარტიაო.”26 პარტიას კი ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ იგი ჯერ არ იყო არც სოციალისტური, არც ფედერალისტური, მას ჯერჯერობით სახელიც არ ერქვა და არც პარტია იყო საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებს გიორგი ლასხიშვილი და თან არაერთხელ: “ამნაირად გაჩნდა ჩვენი პირველი კომიტეტი ჯერ ჩამოუყალიბებელ პარტიისა, პირველი შტაბი შეუკრებელ ჯარისა.”
შემდგომ კი უფრო გასაგებად განგვიმარტავს: “უკვე ვთქვი ზემოთ, რომ ჩვენ არ ვფიქრობდით პარტიის დაარსების დაჩქარებას. წმინდა სტრატეგიული მოსაზრება იყო: ჯერ “არტილერიის საშუალებით დამზადება ბრძოლის ველისა.” არტილერიის მაგივრობა უნდა გაეწია საგაზეთო პროპაგანდას და პოლემიკას.” სწორედ ამიტომაც გადაწყდა ჯერ არალეგალური ორგანოს გამოცემა საზღვარგარეთ, პროგრამის შემუშავება და ა. შ.26.
ასე რომ 1901 წელი იყო ახალი პარტიის, პირველი ქართული ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციის წარმოქმნის თარიღი, ხოლო “ცნობის ფურცლელთა” პირველი კომიტეტი გახლდათ ფაქტიურად ის, რასაც ჩვენ დღეს საინიციატივო ჯგუფს ვუწოდებთ და რაც პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციისათვის იქმნება. თავდაპირველად, “ცნობის ფურცლელთა” ჯგუფი და მისი მხარდამჭერების სულ უფრო მზარდი წრე, არც მსოფლმხედველობრივად იყო ერთფეროვანი. “ეს ხალხი ნაირ-ნაირი იყო: ზოგს მარტო ეროვნული პროგრამა აინტერესებდა და ჩვენი სოციალიზმი ნაკლებად სწამდა, ზოგი “ნაროდნიკობდა,” ზოგი ანარქიზმ-სინდიკალიზმისკენ მიიწევდა” _ შენიშნავს ლასხიშვილი.
ახალშექმნილი პარტიის მესვეურებს არც რაიმე სახელი გამოუკვეთიათ თავიანთი ორგანიზაციისათვის. სახელწოდება, უპირველეს ყოვლისა, მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური იდეოლოგიის გარკვეულობას ნიშნავს. “ცნობის ფურცლელთა” სოციალისტურად განწყობილ კომიტეტს კი არ უნდოდა ეროვნული მიმართულების მხარდამჭერები დაეკარგა, რომლებსაც სოციალიზმისა არა სწამდათ. ამიტომ იყო, რომ გაზეთისათვის ფულის შემგროვებელ კომისიას, რომელსაც ფაქტიურად გიორგი დეკანოზიშვილი ხელმძღვანელობდა, დაევალა, რომ თანამგრძნობთა მიზიდვისას ნაკლებად ელაპარაკათ სოციალიზმზე და ხაზი გაესვათ, რომ საქმე ეხებოდა თავისუფალი ეროვნული მიმართულების გაზეთის გამოცემას. შემოწირულობა შეძლებულ ხალხს უნდა გაეღო. “ცნობის ფურცლელებს” ეშინოდათ სოციალისტურ ჰანგების აღნიშვნა ფართო საზოგადოებას დააფრთხობს და თანხის შეგროვების საქმეს დააბრკოლებსო” _ წერს გ. ლასხიშვილი.
მთელი 1901, 1902, 1903 წლების მანძილზე ახალშექმნილ კონსპირაციულ პარტიას “სოციალისტ-ფედერალისტები” არც უწოდებია თავისთვის და არც არავინ მოიხსენიებდა მას ამ სახელით. ქართულ პრესაში და პოლიტიკურ რეალობაში მათ 1901-1903 წლებში უწოდებდნენ “ცნობის ფურცლის” ჯგუფს, “ცნობის ფურცლელებს.” ასეა თუ ისე, ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, რას უწოდებდნენ ახალშექმნილ პარტიას _ ეს პერიოდი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა და როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, ფედერალისტთა პარტიას 1901 წელს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო გიორგი დეკანოზიშვილი მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ.
როგორც ჩანს, გიორგის დიდი მონაწილეობა მიუღია ახალი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნაში. თედო სახოკიას ცნობით, გიორგის, სახსრების შესაგროვებლად დაუარსებია “წრეები თბილისსა, ბაქოსა და საქართველოს ქალაქებში.” 1911 წელს გამოქვეყნებულ წერილში თედო წერს: “გიორგიმ ჩამოიარა ჩვენი ქვეყნის მთავარი ცენტრები; დააარსა ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებიო”27
ამ ამბების მერე გიორგი დეკანოზიშვილი ცოტა ხანიღა იმყოფებოდა საქართველოში.

თავი მესამე

პირველი თავისუფალი ქართული გაზეთის ორგანიზატორთაგანი

ვისთვის უნდა დაევალებინათ ისეთი რთული და საპასუხისმგებლო საქმის გაძღოლა “ცნობის ფურცლელებს,” როგორიც საზღვარგარეთ გაზეთის გამოცემა გახლდათ? Dსამი საამისო პიროვნება ისე შეარჩიეს, ბევრი არ უფიქრიათ. პირველი მათგანი გახლდათ არჩილ ჯორჯაძე, როგორც თეორეტიკოსი და იმხანად უკვე “ცნობის ფურცლელთა” ეროვნულ-რადიკალური ორგანიზაციის აღიარებული იდეოლოგი. სწორედ მას დაევალა გაზეთის მთელი შინაარსობრივი მხარის გაძღოლა და ფაქტიური რედაქტორობა.
მეორე მათგანი გახლდათ გიორგი დეკანოზიშვილი, რომელმაც გამოავლინა ორგანიზატორული მონაცემები. მას როგორც პრაქტიკულ ადამიანს დაევალა გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებული ყველა და აუცილებელი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება. კიდევ ერთი კაცი გააყოლეს არჩილს და გიორგის _ ასოთამწყობი მუშა მიშა კიკნაძე.
გაზეთის გამოცემა “დემოკრატიულ საფრანგეთში” გადაწყვიტეს. ჯერ ერთი, საფრანგეთი მთელი დემოკრატიული ევროპისა და მსოფლიოს ცენტრად ითვლებოდა. გარდა ამისა, თავად პარიზი გახლდათ ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრი, ჟენევასთან ერთად, სადაც თავს იყრიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან პოლიტიკური მოტივით ჩამოსული ადამიანები. რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი საქმიანობა არ შეეძლოთ. სხვა მიზეზიც არსებობდა ალბათ, საფრანგეთზე არჩევანის გასაკეთებლად. გიორგისათვის ამ გარემოებას არცთუ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა _ მისი ოჯახი ხომ პარიზში ცხოვრობდა. 1899 წელს გიორგი დეკანოზიშვილმა საფრანგეთში პირველი ჩასვლის დროს გაიცნო და ცოლად შეირთო ეროვნებით ფრანგი ქალი, ჰანრიეტა ფრენუა. ისინი პარიზში დასახლდნენ. ჰანრიეტა 1 წლით უფროსი იყო გიორგიზე. მალე მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი _ თინათინი და ტარიელი, მესამე შვილი ადრე გარდაეცვალათ. ქართველი მოღვაწეები მიწერ-მოწერაში და შემდეგშიც, დიდის პატივისცემით და მადლიერებით მოიხსენიებდნენ ჰანრიეტას. ჩანს რომ ეს ფრანგი მანდილოსანი ყოფილა უაღრესად მოსიყვარულე მეუღლე, სათნო დედა და, რაც მთავარია, ქართველებისა და ქართული საქმის დიდი მოჭირნახულე.
1902 წლის გაზაფხულზე “ცნობის ფურცლის” მთავარი კომიტეტის წარგზავნილი სამეული საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდა. მალე 1902 წლის ივლისში გიორგი დეკანოზიშვილი ბრაზილიასა და კუბაზე გაემგზავრა. პარიზში იქიდან დაბრუნებული სამთო ინჟინერი მაშინვე შეუდგა გაზეთის გამოცემის საქმეს. უნდა ითქვას, რომ ჰანრიეტა ფრენუას გადმოცემით, გიორგი დეკანოზიშვილს 1902 წლის სექტემბერში “მოუწვევია” პარიზში არჩილ ჯორჯაძე. ჰანრიეტა ფრენუას ორგვერდიანი ხელნაწერი მოგონება, რომელიც მარკოზ ტუღუშმა გამოაქვეყნა, ალბათ უფრო ზუსტ მონაცემებს შეიცავს. მართლაც, შესაძლოა გიორგი დეკანოზიშვილი უფრო ადრე ჩავიდა პარიზში, შემდეგ თავისი სამხრეთამერიკული საქმეები მოათავა და იმის შემდეგ, რაც გაზეთის საქმეებისთვის საბოლოოდ მოიცალა, არჩილ ჯორჯაძესაც მოუხმო პარიზში. მან არჩილი იმავე უბანში დააბინავა, სადაც თავისი ოჯახით ცხოვრობდა იმჟამად _ მონპარნასის ბულვარი, ნომერი 158. ჯორჯაძე სადღაც იქვე იყო ბინად _ მონპარნასის ბულვარი, ნომერი 12. თუმცა აქ მაინც გაუგებრობაა, რადგან დოქტორი ტუღუში, იქვე ფრჩხილებში წერს: პარიზის “პრეფექტურის ამონაწერიდან ირკვევა, როგორც ინვენტარში ავღნიშნე, რომ არჩილი მოვიდა პარიზში 1902 წლის ივლისშიო.” რომელი ცდება: ქ-ნი ჰანრიეტა თუ პარიზის პრეფექტურა? თუმცა ამჯერად ამ სამთვიან ცდომილებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
გაზეთის გამოსაცემად საკმაოდ ბევრი ჯაფა აღმოჩნდა საჭირო. გიორგი დეკანოზიშვილმა პარიზის მთელი ქართველობა ჩართო საქმეში, ყველას რაღაც საქმეს ავალებდა, ყველას ესაუბრებოდა, არწმუნებდა გაზეთის გამოცემის აუცილებლობაში. საბედნიეროდ, იქაური ქართველები უფრო ეროვნულად განწყობილი ხალხი იყო, მაშინ როცა ჟენევაში უმეტესად სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისანი სჭარბობდნენ. საერთოდ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ, თუმცა იყვნენ სხვებიც: პოლიტიკური დევნილები, ბიზნესთან დაკავშირებით ჩამოსულნი ან სხვანი.
მაგრამ ქართველთა მატერიალური და პოლიტიკური რესურსი არ კმაროდა. საჭირო იყო ადგილობრივი გავლენიანი მხარდამჭერების გაცნობა და მათი დახმარება. მოკლე ხანში გიორგი დეკანოზიშვილმა და არჩილ ჯორჯაძემ საფრანგეთის პოლიტიკური და განსაკუთრებით კი სოციალისტური ელიტის მრავალი ბრწყინვალე წარმომადგენელი გაიცნეს და დაიხმარეს. დოქტორი მარკოზ ტუღუში თავისი ნაშრომის რამდენიმე გვერდს უძღვნის ამ თემას სათაურით: ”ვისთან გააბა კავშირი გაზეთ “საქართველოს” ჯგუფმა და განსაკუთრებით გიორგი დეკანოზიშვილმა და არჩილ ჯორჯაძემ?” ჩვენც ჩამოვთვალოთ და გავიცნოთ ისინი, თუმცა აქვე აღვნიშნოთ, რომ ფრანგი პოლიტიკოსების მხარდაჭერაში იგულისხმება, არა მხოლოდ გაზეთის გამოცემაში ტექნიკური დახმარება, არამედ მათთვის საქართველოს მდგომარეობის გაცნობა და ქვეყნის პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლაში მათი პოლიტიკური სოლიდარობა. ვინ იყვნენ ისინი?
ჟან ჟორესი (1859-1914) _ საფრანგეთის სოციალისტური მოძრაობის ლიდერი, დიდი მოაზროვნე, პარლამენტის დეპუტატი, ისტორიკოსი და დაჩაგრული ერების თავგამოდებული დამცველი. მან შექმნა საკუთარი მსოფლმხედველობრივი მიმართულება მსოფლიო სოციალისტურ მოძრაობაში _ ჟორესიზმი. ტუღუში წერს, რომ ჟორესის ჰუმანისტური სოციალიზმის გავლენა საგრძნობი იყო არჩილ ჯორჯაძის მიერ კონსტრუირებულ ქართულ სოციალიზმ-ფედერალიზმზე და ჩვენი თანამედროვე საქართველოსათვის ღირებული დასკვნაც გამოაქვს: “ამრიგად, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მიუხედავათ ერთი საუკუნის რუსული ბატონობისა, ჩვენი კავშირი ევროპასთან, დაწყებული ბერძნულ-რომაული ხანიდან არასოდეს შეწყვეტილა.”28 ჩვენის მხრიდანაც დავუდასტურებდით დოქტორ ტუღუშს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ამ თემისადმი მიძღვნილი ჩვენი სპეციალური ნაშრომით: “საქართველოს დასავლური ორიენტაცია: წარსულის ეპიზოდები.”29
ჟორესის შემდეგ მარკოზ ტუღუში ასახელებს ცნობილ ფრანგ სოციალისტს ფ. დე პრესანსეს. იგი გახლდათ დეპუტატი, ადამიანის უფლებათა ლიგის ხელმძღვანელი, ჩაგრულ ერთა დამცველი და სხვა წიგნებთან ერთად ავტორი წიგნისა: “სამშობლოს იდეა.”
შემდეგ: სებასტიან ფორი _ ფრანგი პოეტი და ცნობილი ანარქისტი; ჟან გრავი – ფრანგული და საერთაშორისო ანარქიზმის თეორეტიკოსი; ემილ პუჟე _ სინდიკალიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსი და ფუძემდებელი; ჟიუ ალემანი _ ანარქო-სინდიკალიზმის ლიდერი, ძველი კომუნარი, “პროლეტარიატის სტამბის” დირექტორი; ჯეიმს გილიომი, იგივე ჟ. გიიო _ პირველი ინტერნაციონალის მეთაურთაგანი და ა.შ.
ამ და სხვა სოციალისტ-ლიდერებთან დეკანოზიშვილსაც და ჯორჯაძესაც აკავშირებდა და რეკომენდაციას უწევდა სახელგანთქმული ქართველი ანარქისტი და პატრიოტი ვარლამ ჩერქეზიშვილი.
პირველ რიგში რაც გააკეთა გიორგი დეკანოზიშვილმა ის იყო, რომ გაზეთისთვის ჩამოასხმევინა ქართული ასოები _ “პარიზულის” სახელწოდებით ცნობილი ქართული შრიფტი. ეს იყო შესანიშნავი მოყვანილობის, კარგად წასაკითხი და აღსაქმელი, ძალიან ლამაზი ქართული ასო-ნიშნები.
პრობლემა იყო სტამბის ორგანიზება. საკუთარი სტამბის მოწყობას ცალკე შენობა და ტექნიკა სჭირდებოდა, რასაც ვერ გასწვდებოდნენ. ფრანგი ანარქისტები დაეხმარნენ ქართველებს. როგორც ჩანს აქაც ვარლამ ჩერქეზიშვილის ხელი ერია. ჩვენ ხომ აღვნიშნეთ, რომ ფრანგი ალემანისტების ლიდერს ჟიუ ალემანს ჰქონდა საკუთარი “პროლეტარიატის სტამბა.” აქ სცემდნენ ალემანისტები სახელგანთქმულ გაზეთ “აქციონს.” სწორედ ამ სტამბაში დაუთმეს ფრანგმა ანარქისტ-სინდიკალისტებმა ქართველ თანაიდეალისტებს კუთხე, სადაც უმთავრესად ასოთამწყობი მიხეილ კიკნაძე საქმიანობდა. ქართველი პატრიოტებისათვის ხელის გამართვაში ალბათ უკანასკნელი როლი არ უთამაშია იმ გარემოებასაც, რომ “გ. დეკანოზიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული მეგობრული განწყობილება ჟ. ალემანთან.”30
და აი, 1903 წლის 1 მაისს პარიზში გამოვიდა პირველი ქართული თავისუფალი გაზეთი “საქართველო.” გაზეთის სახელწოდება ჯერ კიდევ თბილისში შეარჩია მთავარმა კომიტეტმა, თუმცა ნება მისცა მის მომავალ რედაქტორს არჩილ ჯორჯაძეს, რომ თუ საჭიროდ მიიჩნევდა, საკუთარი პასუხისმგებლობით შეეცვალა სახელი. რატომ უნდა შეეცვალა, როგორც ერთი ჟანდარმერიის საქმე უწოდებდა ჯორჯაძეს _ “ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგს,” _ კომიტეტის გადაწყვეტილება? გაზეთის სახელწოდებაც მშვენიერი იყო, ასო-ნიშნებიც, ფორმაც, შინარსიც და რაც მთავარია მიზანიც.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ “საქართველოს,” რადგან მას ცალკე თავი აქვს დათმობილი ჩვენს ზემოაღნიშნულ მონოგრაფიაში.31 გაზეთი ორკვირეული იყო. 1903-1905 წლებში სულ 25 ნომერი გამოვიდა. მოცულობა 8 გვერდს შეადგენდა. ამის გამო მას ზოგჯერ ჟურნალსაც ეძახდნენ. თვით დეკანოზიშვილიც “საქართველოს” ჟურნალად მოიხსენიებდა, ჯორჯაძე ხან ჟურნალს უწოდებდა, ხან გაზეთს. ამგვარი წინააღმდეგობის საფუძველს “საქართველოს” მოცულობა და პატარა ფორმატი იძლეოდა, თუმცა შინაარსობრივად, პირველ ქართულ თავისუფალ ორგანოს გაზეთის სტატუსი უფრო შეესაბამებოდა და ესეც იყო ცნობილი იმ პერიოდში.
გაზეთმა “საქართველომ” ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნა წამოაყენა. ეს იყო თავისუფალი ქართული ორგანოს უპირველესი მიზანი და ლოზუნგი. ქართული სახელმწიფოს აღდგენა უნდა მომხდარიყო საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით. “საქართველოს” მესვეურთა წინაშე იდგა საკითხი _ დამოუკიდებლობა უნდა ყოფილიყო მათი მოთხოვნა თუ ავტონომია. ისინი ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური რეალიზმისთვის დაექვემდებარებინათ თავიანთი ამოცანები. ჯერჯერობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და მისი მიღწევის რეალური შესაძლებლობა არ არსებობდა, ამიტომ ჯერ ავტონომიის ფორმით სახელმწიფოს აღდგენისათვის უნდა მიეღწიათ. ჯერ მთავარი იყო ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, მოწყობა, კონსტიტუცია, საკუთარი ეროვნული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა სახელმწიფოებრივი სტრუქტურები.
ეს საშუალებას მისცემდა ქართველ ხალხს საშინაო საქმეებში დამოუკიდებელი ყოფილიყო. სწორედ ეს იყო ავტონომიური სახელმწიფოს არსი. Aავტონომიური საქართველოს სახელმწიფო შევიდოდა უფრო დიდ გაერთიანებაში _ კავკასიის ფედერაციაში, ხოლო მომავალი რუსეთის სახელმწიფო მათი გეგმით _ კონფედერაციულ რესპუბლიკად გარდაიქმნებოდა, რომელშიც შევიდოდნენ ავტონომიური რესპუბლიკები. “ჩვენი წადილი და მისწრაფება, _ წერდა “საქართველო” _ განსაკუთრებული, საქართველოს პირობებთან შესაფერი, კონსტიტუციის მოპოვებაა. ჩვენ გვსურს დავრჩეთ რუსეთის პოლიტიკურ ორგანიზმის ჩარჩოებში. მხოლოდ ამასთან შინაურ საქმეებში გვინდა ვიყვეთ სრულიად დამოუკიდებელნი. ერთის სიტყვით, ჩვენ გვსურს ეროვნული ავტონომია მოვიპოვოთ.”32
დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოში შესაძლოა მკითხველს მეტისმეტად ზომიერად მოეჩვენოს ავტონომიის ლოზუნგი, მაგრამ მაშინდელი ქართული პოლიტიკური ელიტის მთავარი ღირსება, დიდ პატრიოტიზმთან ერთად იყო პოლიტიკური რეალიზმის გრძნობა და პროფესიონალიზმი. იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში არცერთი დაპყრობილი ხალხის პოლიტიკური პარტია არ აყენებდა თავდაპირველად დამოუკიდებლობის მოთხოვნას. თვით პოლონელები და ფინელები იბრძოდნენ ავტონომიური ფორმით სახელმწიფოს აღდგენისათვის.33
პოლიტიკური რეალიზმი დიდ ნებისყოფასა და ვაჟკაცობას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ შენი შინაგანი მისწრაფება, სურვილები და ოცნებები, რაც ხშირად მაქსიმალიზმში ვლინდება, როგორმე მოთოკო, შეზღუდო და შეურიგდე რეალობას. არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და მათი თანამებრძოლები სწორედ ამგვარ დღეში იყვნენ, რასაც “საქართველოს” პირველ ნომერში გამოქვეყნებული ზემოაღნიშნული წერილის სიტყვებიც მოწმობენ: “ჩვენ მართალია იდეალისტები ვართ, გარნა ჩვენი იდეალიზმი არც ისე შორს მიდის, რომ ამგვარ არაკს დავუჯეროთ… ჩვენი აზრით არა გვაქვს უფლება ოცნებათა სამეფოში ვიფრინოთ. Gგარემოებას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამის მიხედვით ჩვენის პროგრამიდან პოლიტიკური სეპარატიზმი, საქართველოს რუსეთისგან განშორების აზრი, უნდა წავშალოთ, ავანტიურისტულ მოსაზრებას თავი უნდა დავანებოთ, ქვეყანა რუსეთის პოლიტიკურ ორგანიზაციაში დარჩება. ამ აზრს უნდა შევურიგდეთ. საქმე ის არის, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში იმგვარი პირობები შევქმნათ, რომ ერთის მხრივ, რუსეთთან ერთობაც არ შევწყვიტოთ, მეორეს მხრივ, ჩვენი ეროვნება თავისუფლად განვავითაროთ.”34
ხედავთ? ამ აზრს როგორმე უნდა შევურიგდეთ და შევეგუოთ, რადგან სხვანაირად ოცნებათა სამეფოში აღმოვჩნდებითო, წერენ “საქართველოს” მესვეურნი და ამ სიტყვების უკან მათი მოფიქრალი, მოკამათე, მაგრამ გონებით და შორსმჭვრეტელობით აღბეჭდილი სახეები უნდა წარმოვიდგინოთ.
ახლა თანამედროვე მკითხველისათვის უნდა გავაკეთოთ განმარტება, რადგან ისტორია, ზოგადადაც და ჩვენს შემთხვევაშიც, თანამედროვეთათვის და მომავალი თაობებისთვის იწერება და მათ მრუდე წარმოდგენა არ უნდა შეექმნათ ჩვენს დიდებულ წინაპრებზე.
ის, რომ “საქართველოისტები” 1900-იან წლებში საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიისთვის იბრძოდნენ, რუსეთის კონფედერაციის ფარგლებში, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ისინი მარადიულად წარმოიდგენდნენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში. ისინი ავტონომიას მხოლოდ პირველ და მოსამზადებელ სტადიად მიიჩნევდნენ მომავალი დამოუკიდებელი საქართველოსათვის ბრძილაში. ისინი დამოუკიდებლობის მომხრეთა წერილებსაც ბეჭდავდნენ თავიანთ გაზეთში და ამ იდეის გატანასაც ცდილობდნენ ევროპაში. მათ ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშიც, როცა ავტონომიური სახელმწიფოსთვის წამოიწყეს ბრძოლა, თან თვალი დამოუკიდებლობისაკენ ეჭირათ. გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი.
1903 წლის ზაფხულში “საქართველოს” რედაქციამ მიიღო ბრიუსელიდან გამოგზავნილი ვინმე “შეურიგებელის” წერილი. იგი გამოგზავნა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილმა ნინო ყიფიანმა. ნინო ნიკოლოზის ასული ყიფიანი უაღრესად პატრიოტულად განწყობილი და საქართველოს დამოუკიდებლობის პოზიციაზე მდგომი პიროვნება გახლდათ. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ მოწოდებას და მის დასაბუთებას წარმოადგენდა აგრეთვე ნინოს მიერ გამოგზავნილი წერილიც, რომელსაც “შეურიგებელი” აწერდა ხელს. ერთი სიტყვით, ეს “შეურიგებელი” საქართველოს დამოუკიდებლობის თავგამოდებული ქომაგი გახლდათ და ნინო ყიფიანიც ამ წერილის “საქართველოში” გამოქვეყნებას სთხოვდა არჩილ ჯორჯაძეს.
1903 წლის 16 სექტემბერს არჩილ ჯორჯაძე საპასუხო წერილს გზავნის ბრიუსელში და ნინოს წერს: “თქვენგან გამოგზავნილი წერილი დიდი ყურადღებით წავიკითხე. ძლიერ მომეწონა. თავიდან ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ საბუთიანად და კარგად არის დაწერილი. ამიტომ უსათუოდ შეუცვლელად დაიბეჭდება.” არჩილი უსაბუთებს ადრესატს, რომ “საქართველოში” ბევრ ისეთ წერილებს ბეჭდავენ, რომელსაც რედაქცია მთლიანად არ ეთანხმება, მაგრამ მათთვის მთავარია წერილში წამოყენებული აზრები დასაბუთებული იყოს. მერე ისევ არწმუნებს ადრესატს: “ვიმეორებ, ბ-ნ “შეურიგებელის” წერილი უსათუოდ დაიბეჭდებაო.” წერილის ბოლოს კი “საქართველოს” რედაქტორი ნინო ყიფიანს განუმარტავს: “მერწმუნეთ ამგვარი წერილების გამომჟღავნება მეტ სარგებლობას მოიტანსო.”35 _ ე. ი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისა და მისთვის ბრძოლის პროპაგანდა საჭირო საქმეაო.
“საქართველომ” დაბეჭდა “შეურიგებელის” წერილიც და სხვა სეპარატისტული ხასიათის წერილებსაც აქვეყნებდა. ამით “საქართველოისტები” არ კმაყოფილდებოდნენ და ამ ხასითის წერილებს გაზეთის ფრანგულ დამატებაშიც ბეჭდავდნენ. სწორედ ამის შესახებ წერს არჩილ ჯორჯაძე გიორგი დეკანოზიშვილს 1904 წლის იანვარში. ამ დროს იგი ეტყობა მორიგი ავადმყოფობის შეტევის გამო სადმე სხვა ადგილზე იმყოფებოდა: “შეურიგებელსაც” უნდა თავისი წერილის დაბეჭდვა ფრანგულად. მე მგონი ურიგო არ იქნება. უნდა ვაჩვენოთ უცხოელებსა და რუსებს, რომ ჩვენში სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მომხრენიც არიან. ინგლისში წერილი ძალიან მოეწონებათ. ჩვენ ჩვენი შენიშვნა გავუკეთოთ და დავსტამბოთ.”36
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე სხვა წერილებიც ქვეყნდებოდა ამ გაზეთში. მაგ., ვინმე “სეპარატისტი” თავის წერილში ასაბუთებდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის აუცილებლობას და საამისოდ შესაფერისად მიიჩნევდა ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებას, მაშინ როცა ევროპასა და რუსეთს შორის ომი მოხდებოდა. ავტორს სასურველ იდეალად წარმოუდგებოდა “ევროპის პროტექტორობაში” მყოფი დამოუკიდებელი საქართველო. უფრო ადრე სხვა ანონიმი ავტორის _ “კორესპონდენტის” წარმოდგენით, იდეალური იქნებოდა “თავისუფალი” და “სოციალისტური” საქართველო, რომელიც გახდებოდა “წევრი კაცობრიობის კავშირისა.” დამოუკიდებელ საქართველოს ეძღვნებოდა ვინმე “ძველი მოღვაწის” წერილიც, რომელსაც “ევროპის მფარველობის” იმედი ჰქონდა.37
ერთს ვიტყვით, დამოუკიდებელი საქართველოს იდეას “საქართველოისტები” ფარულ პროპაგანდას უწევდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, თავდაპირველი ეტაპისათვის ბრძოლის ლოზუნგად და მიზნად _ ავტონომიურ სახელმწიფოს მიიჩნევდნენ, როგორც რეალურ პროექტს.
“საქართველოისტებმა” ქართველი ხალხის ეროვნული და პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნა ღიად და საქვეყნოდ წამოაყენეს, მაგრამ ამით არ შემოფარგლულა მათი დამსახურება. მათ გამოსცეს “საქართველოს” ფრანგული დამატება _ “ლა ჟეორჟი” და მთავარ მასალებს ფრანგულადაც აქვეყნებდნენ. “ლა ჟეორჟიმ” პირველად გაიტანა საქართველოს ეროვნული თავისუფლების საკითხი ევროპაში. საფრანგეთის ინგლისის, გერმანიის, დასავლეთ ევროპისა და არამარტო მათი პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებისათვის ფაქტიურად ახლა გახდა ცნობილი ქართველი ხალხის მძიმე ეროვნული მდგომარეობა, საქართველოს დაპყრობა-დამორჩილება რუსეთის იმპერიის მიერ. თედო სახოკიამ ლაკონურად და ამომწურავად შეაფასა “საქართველოს” დამსახურება: “1903 წლის აღდგომას გამოვიდა გაზ. “საქართველო;” იმავე დროს გამოსცა გიორგიმ ფრანგულად “ლა ჟეორჟი” და გავრცელდა ის ევროპის მოწინავე საზოგადოებაში. უკვე შეიქმნა ლაპარაკი საქართველოზე, ქართველ ხალხზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროპულ პრესაში ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა და მის პოლიტიკურ უფლებებზე ხმა გაისმა.”39
“ლა ჟეორჟის” პასუხიმგებელი რედაქტორი გახლდათ ფრანგი ქალბატონი რენო. მის შესახებ მცირე რამ ვიცით, ისევ გიორგი დეკანოზიშვილის “დღიურის” წყალობით: “სადილი ვჭამე ქ-ნ რენოსთან, ჩვენ პასუხიმგებელ რედაქტორთან. საშინელი კარგი ქალი არის, თუმცა ზოგიერთი ქართველები ემდურებიან, რადგან ანჩხლიაო და ფულის მოყვარე, მაგრამ ტყუილია. ფრანგები გაზრდილები არიან წესრიგში და თუ დაუდევრობას ხედავენ, რასაკვირველია არ მოსწონთ. ამის გამო უსიამოვნება მოუვიდა ზოგიერთ ქართველთან. ქ-ნ რენოს სურს ყველა საზღვარგარეთ წამოსულ ქართველში, მძლავრი და პრინციპებით გამსჭვალული ადამიანი ნახოს. ჩვენები კი შორს არიან მაგაზედ. საშინელი გულგრილი და დაუდევარი ახალგაზრდობა გვყავს. ან რა უნდა იყვნენ რუსის დესპოტის შკოლებში გაზრდილნი. გლეხებისა და ვაჭრების შვილები უფრო მჭიდრო ხასიათისანი არიან, თუმცა მათაც ეტყობათ შკოლის გავლენა.
ბევრი ვილაპარაკეთ ქართველი ხალხის ვინაობაზედ და მის მდგომარეობაზედ. ვიღაცას ჩაუგონებია რენოსთვის ვითომც ქართველები ველური ხალხია, ინიციატივას მოკლებული, მარტო მთვრალობაში ატარებს თავის დროს, ასე რომ არც კი ღირს მათი დაცვა.
მთქმელს, როგორც ჩანს, არ უნახავს ქართველი ხალხი. უნახავს მხოლოდ მუქთა ჭამია თავადები, რომელნიც უძვრებიან რუსის მმართველობას. ჩვენ არ ვთხოულობთ დაცვას. ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენს თავს. როდესაც დრო მოვა ჩვენ თვითონ შევებრძოლებით თავისუფლებისათვის. ჩვენ ვთხოულობთ მხოლოდ სოლიდარობას და თანაგრძნობას _ სხვა არაფრის იმედი გვაქვს. ბოლოს დამეთანხმა რენოც და შუაღამისას გავშორდი.”40
“ლა ჟეორჟის” გამოსვლას საგრძნობი რეზონანსი ჰქონდა. გ. დეკანოზიშვილის სიტყვებისა არ იყოს, “სოლიდარობამ და თანაგრძნობამ” არ დააყოვნა. “საქართველოსა” და მისი ფრანგული დამატების გამოსვლას არაერთი ევროპელი პოლიტიკური, საზოგადო და კულტურის გამოჩენილი მოღვაწე მიესალმა. ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლას მხარდაჭერას უცხადებდნენ და წერილებს აქვეყნებდნენ “ლა ჟეორჟიში” ან სხვა ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში: ცნობილი ფრანგი სოციალისტი პიერ კიარო, ფლანდრიული ჟურნალი “ონწარინგ”; ბრწყინვალე დანიელი კრიტიკოს-ლიტერატურათმცოდნე გეორგ ბრანდესი, დიდი ფრანგი გეოგრაფი ელიზე რეკლიუ, დეპუტატი ანტიდ ბოიერი, საფრანგეთის აკადემიის წევრი ანატოლი ლერუა-ბოლიე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორკ პაუელი, ინგლისური “თაიმსი,” რუსი ლიბერალების ორგანო “ოსვობოჟდენიე”, სომხური “დროშაკი,” ფრანგული “ეროპენი,” თურქი ნაციონალისტების ორგანო “მეშვერუდის” რედაქტორი აჰმედ რიზა და სხვანი. სხვათა შორის ამ უკანასკნელმა, თავიდანვე დიდი ყურადღება გამოიჩინა ქართველი პატრიოტების მიმართ. სწორედ მისი მეშვეობით გაიცნეს ჯორჯაძემ და დეკანოზიშვილმა ფრანგი სოციალისტების ლიდერები _ ფორი, ჟერო რიშარი, ჟორესი და სხვანი, ყველა მათგანს გააცნეს თავიანთი განზრახვა და მიზნები და დიდი მხარდაჭერაც მიიღეს.
გაზეთის დაბეჭდვა ერთი იყო, მაგრამ მისი გამოგზავნა საქართველოში ბევრად რთული და საშიში. ამ საქმის ორგანიზება დეკანოზიშვილს ორი გზით უნდა მოეხერხებინა. ერთი გზა იყო მარსელიდან ბათუმში მომავალი გემების მოსამსახურეებისათვის გაეტანებინათ გაზეთები. რა თქმა უნდა მათ ეს სახიფათო საქმე ფულის გადახდის ფასად უნდა გაეკეთებინათ, ან შესაძლოა რევოლუციურად განწყობილი გემის მოსამსახურენი კისრულობდნენ ამგვარი დავალების შესრულებას.
თედო სახოკია ამის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ უფრო მეტს გვეუბნება გაზეთის გავრცელების მეორე საშუალების შესახებ. გაზეთებს ატანდნენ საქართველოში მომავალ თანამემამულეებს. “გვადრუცების ანუ ჩემოდნების ძირს ისე ვავსებდით, რომ თვალისათვის შეუმჩნეველი იყო, აღგვიწერს სახოკია: “განსვენებულ გიორგის კანონად ჰქონდა დადებული _ ყველა საქართველოში მომავალი ქართველისათვის _ ქალი იქნებოდა თუ კაცი _ უეჭველად გამოეტანებინა ახლად გამოსული ნომრები “საქართველოსი.” ხანდახან სასაცილო ელემენტიც გაერეოდა ამ საქმეში. ერთხელ გვადრუცი გაუვსიათ და გამოუტანებიათ ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც “ყველაზე ნაკლები ერთობა” რევოლუციასთან ჰქონდა _ ეს იყო გორელი ადვოკატის ი. ნატროშვილის მეუღლე. “კიდევ კარგი, რომ საზღვარზე ნიკოლოზ II-ის მცველ ჟანდარმებს საკმაო ერთგულება არ გამოუჩენიათ, თორემ პატივცემულ გორელ მოქალაქეს ძალიან გაუჭირდებოდა თავის მართლება” _ დაასკვნის სახოკია. მეორე შემთხვევაში, გიორგიმ ერთბაშად ხუთ თანამემამულეს გამოატანა ხუთი ერთნაირი ზომის ჩემოდანი, გავსებული “საქართველოს” ნომრებით. “აქაც ჟანდარმების დაუდევრობამ გადაარჩინა მათი წამომღებნი განსაცდელს.”41
რა თქმა უნდა ამგვარ სახიფათო საქმეზე ყველა არ თანხმდებოდა. გიორგი დეკანოზიშვილისთვის უკვე წასაღებად გაგზავნილი გაზეთები ბრიუსელიდან უკან გამოუგზავნია რევაზ გაბაშვილს. თბილისში მოდიოდა მისი დედა, ცნობილი მწერალი ეკატერინე გაბაშვილი და მოულოდნელად არალეგალური გაზეთების წამოღებაზე უარი განუცხადებია. დეკანოზიშვილი უკმაყოფილო დარჩა ამგვარი საქციელით, “მშიშრები გავხდითო” _ შენიშნავს. საერთოდ, ამგვარ საქმეში ის უფრო ქართველი ქალების გამბედაობითაა კმაყოფილი. 1903 წლის ივლისში პარიზში იმყოფებოდა სამი ქართველი მანდილოსანი, ერთი იყო ქუთაისელი, ვინმე გოლოვინის მეუღლე და ორნი ვახვახიშვილის ქალები. გიორგის ჯერ გოლოვინის ქალისთვის აუხსნია “საქართველოს” გავრცელების პატრიოტული დანიშნულება, თან არც ის დაუმალავს რომ თუ საზღვარზე არალეგალურ პრესას აღმოუჩენდნენ ჟანდარმები, რუსეთის ციხე ელოდა. მიუხედავად დახატული საფრთხისა, ქ-ნი გოლოვინა უშიშარი ქალი აღმოჩნდა და დათანხმდა გაზეთების წამოღებას. Aმის შემდეგ დეკანოზიშვილი მიდის ვახვახიშვილის ქალებთან და იმათაც 3-4 საათი ეჩიჩინება, თუმცა როგორც ჩანს ბევრი ახსნა-განმარტება საჭირო არ გამხდარა, რადგან ქართველი თავადის ქალები “სიამოვნებით” დათანხმდნენ გაზეთების ტრანსპორტირებას.
მაგრამ ამგვარი მალვით, ხრიკებით, ხვეწნა-მუდარით თუ ჩაგონებით გაკეთებული საქმე მეტად სახათაბალო იყო და დეკანოზიშვილი ნერვიულობდა იმ ადამიანების ბედზე, რომლებსაც სახიფათო დავალებებს აძლევდა. ერთ შემთხვევაში იგი წუხდა ახალგაზრდა კაცის, ვინმე ქორქიას გამო, რომელმაც გაზეთები ჯერ პეტერბურგში ჩაიტანა და იქიდან უნდა გადაეგზავნა თბილისში. მეორე შემთხვევაში საქმე ოთხ ადამიანს ეხებოდა. გიორგიმ გაზეთები გაატანა მაღალაშვილს, ავალიშვილის ქალს, ტატიშვილს და ნინო ყიფიანს. ეს მაღალაშვილი ალბათ ცნობილი პატრიოტი და შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი მესვეური უნდა იყოს. მას გაზეთებით გავსებული ორი ჩემოდანი, თან ასაფეთქებელი წამალი და პატრუქიც თან წაუღია, რაც სავსებით საკმარისი იყო გაციმბირებისათვის. “საშინლად ვწუხვარ, ვაი თუ დაიჭირეს. ჯერ არცერთი შემთხვევა არა გვქონია. არა მგონია, რომ ეხლა იყოს რამე” _ ღელავდა, თან თავს იმშვიდებდა დეკანოზიშვილი, “დღიურის” 1905 წლის 17 აგვისტოს ჩანაწერში.”
მიუხედავად დიდი წვალებისა, რისკისა თუ თავგადასავლებისა, “საქართველო” სხვადასხვა გზებით ვრცელდებოდა საქართველოში და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში.Mმან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლი ძალების კონსოლიდაციასა და საერთოდ ეროვნული იდეის მოსახლეობის ფართო წრეებში გავრცელების პროცესში.
მებრძოლი ეროვნულ-რევოლუციური ორგანოს პირველი ნომრის გამოსვლა პარიზის ქართველთა კოლონიამ დიდი ნადიმით აღნიშნა. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ საერთო ზეიმზე იქნებოდნენ ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდა “საქართველოს” გამოცემაში, მხარში ედგა ჯორჯაძესა და დეკანოზიშვილს ყოველდღიურ საზრუნავში, წერდა სტატიებს, აწარმოებდა მიწერ-მოწერას, ასწორებდა, აკეთებდა კორექტურას, თარგმნიდა, აწყობდა ასოებს, ბეჭდავდა, მასალები მიჰქონდა, გზავნიდა ნომრებს და ათას სხვა საკეთებელს აკეთებდა, რასაც ორკვირეული გაზეთის ბეჭდვა მოითხოვდა, შორეულ უცხოეთში.
აქ იყვნენ ალბათ გაზეთის ორი სულისჩამდგმელი არჩილ ჯორჯაძე და გიორგი დეკანოზიშვილი _ ერთი იყო გაზეთის რედაქტორი და თითქმის ყველა ვრცელი წერილის ხელმოუწერელი ავტორი, მეორე _ ყველა პრაქტიკული საქმის ორგანიზატორი, რაც გაზეთთან იყო დაკავშირებული.
აქ იყო ალბათ “საქართველოს” სამეულის მესამე წევრი _ მუშა ასოთამწყობი მიხეილ კიკნაძე, დაუზარელი და უაღრესად მშრომელი მუშაკი. მიუხედავად არც თუ ჯანის სიმრთელისა იგი მარტოდმარტო მუშაობდა ორი წლის განმავლობაში, ხშირად გასამრჯელოს გარეშე. ერთხელ თურმე მიშა კიკნაძე ისე შეწუხებულა უფულობით, რომ სტამბა მიუტოვებია და სახლში წასულა. ჩვენ ხომ აღვნიშნეთ, რომ “საქართველოს” კიკნაძე მარტოდმარტო ბეჭდავდა ფრანგი ანარქისტ-სინდიკალისტების გაზეთ “აქციონის” სტამბის ერთ კუთხეში. ამ დროს სტამბაში მოდიოდნენ არჩილ ჯორჯაძე და თედო სახოკია, რომლებსაც ფრანგი მუშები სიცილ-ხარხარით შემოეგებნენ _ თქვენს სტამბაში საყოველთაო გაფიცვა არისო.
ზემოთაღნიშნული სამეულის გარდა, ისინიც ჩამოვთვალოთ, ვინც ყველაზე მეტად ეხმარებოდნენ “საქართველოს” გამოცემას. პირველ რიგში ეს ითქმის თედო სახოკიაზე, რომელიც ფაქტიურად სულ მუშაობდა რედაქციაში. მისი დიდი მადლიერი იყო დეკანოზიშვილი, წერს კიდე: “თედო სახოკიაც გულით და სულით მშველის.”
ასევე კმაყოფილებას გამოთქვამს დეკანოზიშვილი ალექსანდრე გაბუნიას მიმართ. ეს ახალგაზრდა კაცი 1902 წლის მარტში, პარიზში ანარქისტების დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს და სამი თვით ციხეში ჩასვეს. “სანდრო გაბუნია მშვენიერი ყმაწვილია, მშველის კიდეც, მაგრამ პრაქტიკულ საქმეებში სრულებით არ ვარგა. წესი არა აქვს და ფიქრი უყვარს ბევრი” _ აფასებს დეკანოზიშვილი “საქართველოს” ახალგაზრდა ენთუზიასტს. გარდა ამათისა, “საქართველოს” ეხმარებოდნენ შემდგომში ცნობილი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, ალექსანდრე დიასამიძე… სხვებიც ტრიალებდნენ “საქართველოს” გარშემო, მაგრამ მათი როლი ეტყობა დიდი არ იყო და ამიტომაც “საქართველოისტები” და “ცნობის ფურცლელები” ანუ მომავალი სოციალისტ-ფედერალისტები სდუმან ამის შესახებ.
უკვე 1903 წლის განმავლობაში გაზეთმა “საქართველომ” იდეურ-თეორიული საფუძველი შეამზადა ეროვნული იდეის გარშემო ქართული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციისათვის. გიორგი დეკანოზიშვილი და მისი თანამებრძოლი მეგობრები შემდგომი პრაქტიკულ-პოლიტიკური ღონისძიების ორგანიზაციას შეუდგნენ.

თავი მეოთხე

პირველი ქართული ინტერპარტიული კონფერენციის თავმჯდომარე

“საქართველოისტებს” გადაწყვეტილი ჰქონდათ, როგორც კი გაზეთი თავის საპროგრამო დებულებებს ჩამოაყალიბებდა, მოეწვიათ საზღვარგარეთ მყოფ ქართულ პოლიტიკურ მიმართულებათა კონგრესი. როგორც შემდგომში გამოირკვა, მსგავსი იდეა გაჩნდა პარიზისა და ბრიუსელის ქართველ სტუდენტთა კოლონიებშიც. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბრიუსელელი ქართველები. იმჟამად იქ სწავლობდნენ ან ცხოვრობდნენ დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილები ნინო და ბარბარე ყიფიანები, მათი მამა ნიკოლოზ ყიფიანი, რომელსაც აღფრთოვანებული წერილი გამოუგზავნია “საქართველოს” რედაქციისათვის. ბრიუსელში სწავლობდა აგრეთვე, შემდგომში ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი, რევაზ გაბაშვილი.
მარკოზ ტუღუში, თავის “კავკასიონში” დაბეჭდილ ნაშრომში, აქვეყნებს 1904 წელს ბრიუსელში მცხოვრებ ქართველთა ფოტოს. აქ აღბეჭდილნი არიან: შ. იოსავა, პავლე ანუ პალიკო ყიფიანი თავისი ოჯახით _ მეუღლე ქ-ნი ანეტა ბაგრატიონი-ამირეჯიბისა და მათი შვილები: ელენე, რუსუდანი, როსტომი, ანეტას და ელენე, ვ. ნაზაროვი, გ. ჯაბადარი და დ. როსტომაშვილი.
ბრიუსელელ ქართველებში გამოირჩეოდა ნინო ყიფიანი. საფიქრებელია, რომ ერთ-ერთს, მას ეკუთვნოდა იდეა ქართველთა კონგრესის მოწვევისა და ამის შესახებ ედავებოდა კიდეც “საქართველოს” მესვეურებს, ჯორჯაძესა და დეკანოზიშვილს, მათთან გაცხარებულ მიმოწერაში. ნინო ყიფინმა ჯერ კიდევ 1903 წლის ივლისის თვეში გამოუგზავნა წერილი არჩილ ჯორჯაძეს და უკვე ამ წერილში სთავაზობდა კონგრესის მოწვევის იდეას. არჩილი საპასუხო წერილს 16 სექტემბერს უგზავნის მას, სადაც სხვა ამბავთა შორის ჩვენთვის საინტერესო საგანზე წერს:
“კონგრესის შესახებ ვიმეორებ რაც ვთქვი. ჯერ ადრეა მისი მოწვევა. კონგრესისტები ყოველთვის “საბუთებით” და “მასალით” შეიარაღებულნი მოდიან კონგრესებზე. კონგრესი, უმეტეს შემთხვევაში, დაგვირგვინებაა უკვე დაწყებული მოქმედებისა, განმარტება და გამორკვევაა არსებული მოძრაობისა. კონგრესია დამწიფებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
ქართველები ამისათვის მზად არ არიან. მოქმედებამ და თავისთავადმა აზრმა უნდა მოამზადოს ისინი. საჭიროა ჩაფიქრება, შესწავლა, შემუშავება პროგრამებისა. საჭიროა “მასალის” შეგროვება, გამომზეურება, რათა ნათელი მოეფინოს საკამათო საგანს, რათა ამა თუ იმ აზრის მიმდევარს საბუთი და ფაქტი ჰქონდეს ხელში. ეს დრო მალე დადგება, ჯერ კიდევ ადრეა. რაც შეეხება იმას, ვაი თუ რუსეთში უფრო ადრე მოხდეს ცვლილება, ვიდრე ჩვენ მოვემზადებოდეთ, კონგრესი ამ შემთხვევაში, არას გვიშველის. მაინც მოუმზადებელნი დავრჩებით.”
წერილის ბოლო ნაწილში არჩილი კვლავ დინჯად, “თეორიულად” ასაბუთებს კონგრესის ნაადრევობას. “კონგრესამდე” უნდა იყოს წაკითხული… აწონილ-დაწონილი, თორემ კონგრესის დროს ვის შეუძლია დამშვიდებით და გულდასმით ჩაუკვირდეს მძიმე პრობლემებს _ მხოლოდ იმათ, ვისაც ბევრი უფიქრია და ბევრი საბუთი აქვს ხელში, ამათი რიცხვი კი ძლიერ მცირეა. ამიტომ მე ვამბობ, დავაცალოთ ჩვენს საზოგადოებას სთქვას თავისი აზრი, ასწონ-დასწონოს სხვადასხვა მოსაზრება… კონგრესის გამართვა აუცილებელი გახდება, ცოტა კი ვადროვოთ. ეგ ჩემი პირადი აზრია. თქვენ რასაკვირველია, არ დამეთანხმებით, რომ ცოტა არ იყოს აჩქარდით. აზრის დამწიფებას დრო უნდა. ზამთრიდან ზამთრამდე გაზაფხულია: ზაფხულში მზადდება ნაყოფი და ჩვენში აზრის გაზაფხული ჯერ კიდევ არ დამდგარა. საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ხშირად ავიწყდებათ ჩვენი სინამდვილე და თავიანთი გულის წრის აღფრთოვანებას და გამოფხიზლებას ხშირად ათვისებენ მთელ საქართველოს.”42
ერთ-ერთი შემდეგი წერილი ჯორჯაძისა, 1904 წლის 12 იანვრითაა დათარიღებული. ბრიუსელელ ქართველებს ბარათით მიულოციათ არჩილისათვის ახალი წელი. არჩილი მადლობას იხდიდა და თან გადაჭარბებულად მიიჩნევდა მისი დამსახურების შეფასებას ბრიუსელელ ქართველთა მიერ: “მართალი გითხრათ, თქვენ გადამეტებულად ადიდებთ ჩვენს პატარა შრომას. ჩვენი საქმე ჯერ დასაწყისშია, ყოველ შემთხვევაში, თუ რამე მიმიძღვის ამ საქმის გაკეთებაში, არანაკლებ მიუძღვის ჩემს მეგობარ გიორგი დეკანოზიშვილს და სხვა ჩვენს ამხანაგებს, რომელნიც იქ, სამშობლოში მოქმედებენ.”43
ბოლოს კვლავ კონგრესის საქმეს უბრუნდება ჯორჯაძე, ეტყობა ნინო ყიფიანი ამ თემით არ ასვენებს და წინა ორ წერილშიც მასზე ლაპარკობს. იმასაც ეტყობა, რომ საერთოდ, კონგრესის მოწვევის იდეა, ამ დროისათვის, უკვე მომწიფებულია ევროპაში მყოფ გაფანტულ ქართველთა შორისაც და “საქართველოს” რედაქციაშიც. უკვე ამ დროიდან,Aამ თემაზე, “პარიზელები” “ჟენეველებთანაც” აწარმოებდნენ თათბირებს და კონგრესის მოწვევასაც გეგმავდნენ. არჩილიც ამის შესახებ წერს ნინო ყიფიანს: “კონგრესის შესახებ მერე მოგწერთ. ბევრი ვიფიქრე, ახლა ჟენევის ყმაწვილებთანაც მქონდა მოლაპარაკება. მგონი მართლაც ემჯობინება კონგრესის გამართვა. დაწვრილებით შეგატყობინებთ ჩვენს აზრს.”44
ამის შემდეგ საქმეში ერთვება თავად გიორგი დეკანოზიშვილი და იგი კონგრესის სავარაუდო ადგილად ჟენევას მიიჩნევს. “ჩვენ ვაპირებთ ყველა ქართველების კრებას, რომელიმე ქალაქში. ჯერ არ არის გადაწყვეტილი _ სად და როდის. შეგატყობინებთ. _ წერს გიორგი ნინო ყიფიანს, _ მხოლოდ ის აზრი გაავრცელეთ ნაცნობებში და ყველამ მოიწეროს რა დრო ურჩევნია. მგონია ჟენევა რომ ავირჩიოთ, ამ კრებისათვის, კარგი იქნება.”45
მოულოდნელად, “პარიზელ” და “ბრიუსელელ” ქართველებს შორის, ანუ ჯორჯაძე-დეკანოზიშვილსა და ნინო ყიფიანს შორის წამოიჭრა დავა-კამათი იმის შესახებ, თუ სად უნდა გამართულიყო კონგრესი _ ბრიუსელსა თუ ჟენევაში; ვინ წამოაყენა პირველმა კონგრესის მოწვევის იდეა _ ”ბრიუსელელებმა” თუ “პარიზელებმა;” ვის ეკუთვნის პრიორიტეტი და ინიციატივა კონგრესის მოწვევისა.
სწორედ ამ წვრილმან პრობლემებს ეხება უმთავრესად ჯორჯაძის ნინო ყიფიანისადმი გაგზავნილი წერილი 1904 წლის 31 იანვარს. კი “პირველად თქვენგან მოგვივიდა წინადადება კონგრესის მოწვევის საჭიროების შესახებ, და სულაც არ ვიყავით ამის წინააღმდეგი. პირიქით, როცა “საქართველო” არსდებოდა ჯერ კიდევ სამშობლოში გვქონდა ლაპარაკი ამ საგნის შესახებ და გადავწყვიტეთ იქ კონგრესის მოწვევა მაშინ, როდესაც “საქართველო” თავის პროგრამას ცოტად თუ ბევრად გამოარკვევდა და როდესაც ამ სახით იგი შეძლებდა მებრძოლ ჯგუფად დაარსებას.”
ჯორჯაძე კვლავ უმეორებს ყიფიანის ქალს, რომ თქვენი წინადადება რომ მივიღეთ, მაშინ კონგრესის მოწვევა ნაადრევი იყოო. აი აქ, ჯორჯაძე მიუთითებს და სამართლიანადაც: “თქვენს ინიციატივას ძალიან თანაუგრძნობდით. მაგრამ მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ არიან ინიციატორები, “პარიზელები” თუ “ბრიუსელელები.” ოღონდ საქმე რიგიანად გაკეთდეს და ამ კონგრესიდან გამოვიდეს რამე.”
ეტყობა აზრი იმის შესახებაც გაიყო, სად უნდა შემდგარიყო კონგრესი. ყიფიანის მომხრეებს სურდათ ეს მაინცდამაინც ბრიუსელში მომხდარიყო, მაგრამ არც ჯორჯაძე-დეკანოზიშვილის ჯგუფს უნდოდა ინიციატივის ხელიდან გაშვება და სამართლიანადაც. “ბრიუსელელებისთვის” კონგრესი მხოლოდ ინიციატივა და ეპიზოდი იყო, ხოლო ჯორჯაძე-დეკანოზიშვილისთვის და “საქართველოისტებისთვის” _ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ არწმუნებდა ჯორჯაძე ყიფიანის ქალს, კონგრესი უნდა გაიმართოს, სადაც უმრავლესობა გადაწყვეტსო. უნდა ითქვას, რომ თავად არჩილი ბრიუსელს არჩევდა, რადგან ეს ქალაქი პარიზთან უფრო ახლოს არისო, მაგრამ იქვე განმარტავდა, ეს ჩემი პირადი აზრიაო.46
მაგრამ ბრიუსელის იდეას მწვავედ შეუტია გიორგი დეკანოზიშვილმა. მანაც უპასუხა მორიგ წერილზე ნინო ყიფიანს, ტაქტით, პატივისცემით, საქმიანად და კატეგორიულად. მისი წერილი 18 თებერვლითაა დათარიღებული და მომავალი კონგრესის ადგილიც და დროც განსაზღვრულია, ოღონდ გადაწყვეტილება მიღებულია “საქართველოისტების” მიერ და არა სხვა რომელიმე ჯგუფის აზრის მიხედვით. “ძლიერ მოხარული ვარ, რომ თქვენ დიდი ხანია მზადებაში ბრძანდებით და იმედია კაი მოხსენებას წარმოადგენთ.” დეკანოზიშვილი ცდილობს ნინო ყიფიანის ამბიცია დააცხროს და მისი ყურადღება კონგრესში რიგითი მონაწილეობისაკენ მიმართოს: “ძლიერ საჭიროა, რომ ქართველმა ქალებმაც მიიღონ მონაწილეობა, რადგან რუსის ქალებს დიდი ღვაწლი მიუძღვის რევოლუციონურ მოქმედებაში. თქვენც რომ წარმოუდგინოთ კონგრესს ქართველი ქალის მოვალეობაზედ მოხსენება, ამგვარ მოძრაობაში ძლიერ საჭირო იქნება.”
შემდეგ დეკანოზიშვილი მთავარ საკითხზე გადადის: “რაც შეეხება ადგილს, სადაც უნდა მოხდეს კონგრესი, მე პირადად და ყველა ქართველები, როგორც პარიზისა და ჟენევისა ირჩევენ ჟენევას, იმისთვის რომ იქ ყველაზედ მეტია ქართველები რიცხვით. ასე რომ კონგრესზედ უფრო მეტი ხალხი დაესწრება. როგორც თქვენ ბრძანებთ შეიძლება შეუძლებლობის გამო ბევრმა ვერ შეძლოს წასვლა, მაშინ რაღა კონგრესი იქნება თუ ძლიერ მცირენი იქნებიან. იქ მყოფი ქართველები შეავსებენ ამ დაკლებულ რიცხვს.
გარდა ამისა ბრიუსელი არც ისე უშიშარი ადგილია: სოციალ-დემოკრატები ჩამოვიდნენ უკანასკნელ კრებისთვის ბრიუსელში, იტრიალეს ორი დღე და პოლიციის ყურადღების გამო იძულებულნი იყვნენ წასულიყვნენ, რითაც მეტი ხარჯი მოუვიდათ. რასაკვირველია სად მოხდება კრება ეგ სულერთია. მხოლოდ უნდა ვეცადოთ, რომ საფუძვლიანი იყოს, რაც შეიძლება მეტი რეფერატები და მეტი მოხსენებები იყოს წარდგენილი.”
დეკანოზიშვილს ძლიერი არგუმენტი მოჰყავს ბრიუსელის იდეის საწინააღმდეგოდ. მართლაც, რუსეთის სოციალ-დემოკრატებმა 1903 წლის 17 ივნისს დაიწყეს თავიანთი პარტიის მეორე ყრილობა ბრიუსელში, მაგრამ იძულებულნი გახდნენ ყრილობა შეეწყვიტათ და იგი გაეგრძელებინათ ლონდონში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოლიციის ზედმეტი ყურადღების გამო მოხდა და დეკანოზიშვილი იმიტომაც მიუთითებდა რუსი სოციალ-დემოკრატების მაგალითზე, ჩვენც იგივე არ დაგვემართოსო, მერე კვლავ შეახსენებდა, ჩვენი და თქვენი მთავარი ამოცანაა _ კარგი მოხსენებები მოვამზადოთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სად შედგება კონგრესი და როდის, ამის ფიქრით თავს ნუღა შეიწუხებთო.
მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის “საქართველოისტებს” უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ კონგრესის დროც და ადგილიც, რის შესახებაც დეკანოზიშვილი სწერდა კიდეც იმავე წერილში ნინო ყიფიანს: “კრება მოხდება პირველს ან ორს აპრილს, რადგან მაშინ ყველანი თავისუფალნი არიან. არ არის ლექციები. კრებაზე ყველას აქვს ნება დასწრებისა. როგორც ჩანს კრებაზე დაესწრებიან სოციალ-დემოკრატები; ანარქისტები; “საქართველოს” მომხრენი და სხვანი. ამ კრებაში მიმართულებანი უფრო გამოირკვევიან, დავინახავთ რაში არის განსხვავება და რაში ერთობა. იმედია, თქვენ აცნობებთ ყველაფერს ბრიუსელელ ქართველებს და სხვა ქართველებსაც, ვინც არიან საზღვარგარეთ. იმედია ამგვარ საქმეს ყველა მოეხმარება და თუ თვითონ არ შეეძლებათ წამოსვლა წარმომადგენელს გამოგზავნიან თავისი მოხსენებით ჟენევაში პირველი აპრილისათვის.”
მოკლედ, იმის შემდეგ, რაც ყიფიანის ქალს დეკანოზიშვილმა მკაფიოდ მიუთითა ქართველთა კონგრესის დრო და ადგილი, ბოლოს “პ.ს.” მიუწერა დაყვავებით: “იმედია, მოიწერებით წერილს და მოამზადებთ რასმეს კონგრესისათვის, მითუმეტეს ქალების კითხვაზედ.”47 მითითებით კი მიუთითა დეკანოზიშვილმა, მაგრამ ნინო ყიფიანი, როგორც ჩანს, არ დააკმაყოფილა ვერც ჯორჯაძის და ვერც დეკანოზიშვილის არგუმენტებმა.
საინტერესოა, რომ როგორც ჩანს, ნინო ყიფიანი კამათს აგრძელებს უკვე არა დეკანოზიშვილთან, არამედ ჯორჯაძესთან. ეტყობა მან ცოტაოდენი გაწიწმატებითაც მისწერა არჩილს, რადგან ეს უკანასკნელი 1904 წლის 27 თებერვლის მისადმი მიწერილ წერილში ერთგვარი გაკვირვებითაც კი მიმართავს მანდილოსანს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვეული სიდარბაისლით: “დიდად პატივცემულო ნინა! მე სწორედ მოგახსენოთ არ მესმის რა გვაქვს საკამათო და “საჩხუბარი.” და ამის შემდეგ კვლავ უხსნის ვითარებას: ვითარება კი ამჟამად ასეთი იყო: თუ ადრე “საქართველოს” ნაადრევად მიაჩნდა კონგრესის გამართვა, ახლა, მას შემდეგ რაც “საქართველომ” ჩამოაყალიბა და გამოაქვეყნა “რაც სათქმელი ჰქონდა,” _ იგი მზად იყო კონგრესის მოწვევისათვის. “ეხლა მზად ვართ, თუ გსურთ. იმის მაგიერ რომ თანხმობა გამოგეგზავნათ, თქვენ რაღაც დავა დაიწყეთ. ვერ გავიგეთ რას გვედავებით.”
თავადი ჯორჯაძე ეტყობა ერთგვარად გაღიზიანებულიცაა. მერე რა რომ ვთქვათ, ბრიუსელელებმა ადრე ჩაიფიქრეს კონგრესის მოწვევა, “ეს დავა უსაფუძვლოა, რადგან მით უკეთესი, რომ თქვენც, ჩვენც, ორივემ კარგი საქმე ვიკისრეთ.” მერე კი მოთმინებით განაგრძობს კონგრესის დროისა და ადგილის მიზანშეწონილობის დასაბუთებას. აპრილის დასაწყისში აღდგომის უქმეებია. ყველა თავისუფალია. რაც შეეხება ბრიუსელს, არჩილმა იცის, რომ ამის შესახებ დეკანოზიშვილმაც მისწერა ნინო ყიფიანს და შეახსენებს: “თქვენ არ დაიჯერეთ, რაც მოგწერეს პოლიციის შესახებ. ყოველივე კი მართალია. მიტინგებს არ დევნიან. კონგრესებს კი სხვანირად უყურებენ. რუსი სოციალ-დემოკრატების კონგრესზე მყოფმა მითხრა, იძულებული ვიყავით სხვაგან წავსულიყავით, რადგან ბრიუსელში არ მოგვასვენესო.” სხვა არგუმენტითაც უსაბუთებს: “ადგილისა და ვადის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვით, რადგან უმრავლესობამ აირჩია ერთიც და მეორეც.” მართლაც 50 კაცს ამოურჩევია კონგრესის ადგილად ჟენევა და წინააღმდეგი ორიოდე ყოფილა. “ეხლა სწორედ მოგახსენოთ, არ ვიცი რაშია თქვენი უკმაყოფილება.” _ ეკითხება არჩილი ადრესატს.
ბოლოს მაინც თხოვნით მიმართავს ჯორჯაძე დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს, მისადმი დიდი პატივისცემის გამო. ნინო ყიფიანი თავის ქვეყანაზე შეყვარებული და უგანათლებულესი მანდილოსანი იყო. შესაძლოა სწორედ პრინციპულობის გამო გამოაძევეს იგი თავის დროზე წმ. ნინოს სასწავლებლიდან, ხოლო მოგვიანებით უკვე რუსის ხელისუფლებამ გაასახლა საზღვარგარეთ. “ძალიან გთხოვთ, _ თითქოს ეხვეწებაო ჯორჯაძე ქალს, _ დავანებოთ თავი ამ Uუთანხმოებას და საქმეს შევუდგეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ბლომად დაესწროთ კონგრესს.”
როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ ნინო ყიფიანის პირად შეხედულებებზე არ იყო დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ ბრიუსელელებიც ემზადებოდნენ თურმე კონგრესის ჩასატარებლად, მიწერ-მოწერაც ჰქონდათ სხვა ქალაქებში მცხოვრებ ქართველებთან და ისე გამოვიდა, რომ თითქოს კონკურენცია იყო ბრიუსელელებსა და “საქართველოს” რედაქციას შორის. “ეს რამდენიმე დღე იქნება _ წერს ყიფიანის ქალი არჩილ ჯორჯაძეს, _ ბ. დეკანოზიშვილისგან მივიღე წერილი, რომელშიც მატყობინებს, რომ კონგრესი მოხდება ჟენევაში პირველი აპრილისათვის. რაზე აჩქარდნენ ასე? თუ ჩვენი მიზანია, რომ ყველა ქართველებმა უნდა მოიყარონ თავი, მაშინ სხვანაირად უნდა წავიყვანოთ საქმე, თორემ ნახავთ, მეათედიც ქართველებისა არ დაესწრება ამ კონგრესს.”48
ეტყობა ნინო ყიფიანს მხედველობაში ჰქონდა ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი 1904 წლის 18 თებერვლის გიორგი დეკანოზიშვილის წერილი. ამის შემდეგ, გიორგის 27 თებერვალსაც მიუწერია მცირე ბარათი, რის გამოც ბოდიშს იხდიდა: “იმედია პასუხს მომწერთ და მაპატიებთ დაგვიანებისთვის, რადგან საქმეების გამო აქეთ და იქით ვარ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვარ გაგლეჯილი საქმეების გამო.”49 დეკანოზიშვილი და ყიფიანი აღარ კამათობდნენ, რადგან გიორგისთვის ყველაფერი გარკვეული იყო, იგი სამოქმედოთ და საბრძოლველად იყო განწყობილი და ამ დროს უთანხმოება არ შეიძლებოდა: “ერთი თვეღა დაგვრჩა კონგრესისათვის და უნდა ვეცადოთ რომ… ყველა ქართველმა შეერთებულის ძალით შევებრძოლოთ მტერს. დავანებოთ თავი დანარჩენს.”49
მაგრამ ქართველებმა თავი ვერ დაანებეს პირადულ-კლანურ-პარტიულ თუ სხვა სახის “დანარჩენ” ამბიციებს. მართალია ამ გარემოებას მომავალი კონგრესი არ ჩაუშლია, მაგრამ როგორც ჩანს, უცხოეთში მცხოვრები ქართველების გარკვეული ნაწილი არ წასულა ჟენევაში. ეს პირველ რიგში ითქმის ბრიუსელელ ქართველებზე და თვით ნინო ყიფიანზე, რომელსაც კონგრესში მონაწილეობა არ მიუღია. ნაკლებად საფიქრებელია, რომ მან ეს უსახსრობის გამო გააკეთა. ეს მან უკმაყოფილების გამო გააკეთა.
ამ გაუგებარი წინააღმდეგობის გამო გიორგი დეკანოზიშვილი გულნატკენი დარჩა და ამის შესახებ წერდა კიდეც ნინო ყიფიანს 1904 წლის 3 მარტს: “თქვენი ღია წერილი მივიღე. გმადლობთ პასუხისათვის. როგორც ჩანს ქართველები ვერსად ვერ შეიკრიბებიან ყველანი, რადგან ზოგი ბრიუსელში ვერ მივა, ზოგი ჟენევაში, ზოგი პარიზში და სხვ. …ისე რომ ერთად ერთი საშუალება არის ყველა ქალაქმა თავისი წარმომადგენელი გაგზავნოს და მას ისეთივე ხმა ექნება, როგორც სხვა წარმომადგენლებს, ან კიდე ის რიცხვი ხმებისა ექნებათ, რამდენიც არიან იმ ქალაქში. ეს კითხვა… საჭირო არის, რადგან კონგრესზედ კითხვები ხმის უმეტესობით გადაწყდება. თუ თითოეულს არ გვაქვს შეძლება წასვლისა, მაშინ მოვკრიბოთ ფული და გავგზავნოთ წარმომადგენელი. ჩვენც აქედან ყველანი ვერ წავალთ არც ჟენევაში და არც ბრიუსელში, არც სხვაგან. მხოლოდ ვეცდებით ჩვენი წარმომადგენელი გავგზავნოთ და რაც შეიძლება სხვებიც წავიყვანოთ, რომ კითხვები რიგიანად იყოს გადაწყვეტილი. ამაზედ კარგად იფიქრეთ, რომ მერე, როგორც ყოველთვის უკან არ ჩამოვრჩეთ.”50
წერილიდან ისე გამოდის, რომ “საქართველოისტების” თავდაპირველი განზრახვა საზღვარგარეთ მყოფი მთელი ქართველების შეკრება ყოფილა თითქოს. ალბათ იმ დროს ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ასეული ქართველი მაინც იმყოფებოდა. მათი შეკრება არც თუ იოლი განსახორციელებელი იქნებოდა. ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რომ ამგვარი თავყრილობა ვერ შემდგარიყო: უსახსრობა, პარტიული წინააღმდეგობა, აპოლიტიკურობა, ხელისუფლების შიში, ტექნიკური შეუძლებლობა და სხვ.
ბოლოს როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა აზრი იმაზეც გაიყო თუ სად უნდა ჩატარებულიყო კონგრესი. მაგრამ “საქართველოს” მესვეურების ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია. მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს _ ქართული პოლიტიკური მიმდინარეობების კონგრესზე ქალაქებს წარმომადგენლები უნდა აერჩიათ და გაეგზავნათ.
და აი, 1904 წლის 1 აპრილს ჟენევაში გაიხსნა საზღვარგარეთ მყოფი ქართული პოლიტიკური ფრაქციების პირველი კონფერენცია. უკვე მაშინ, ჟენევის კონფერენციას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ. კონგრესის ინიციატორები თავყრილობას უწოდებდნენ “საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა სხვადასხვა მიმართულებათა წარმომადგენლების კონფერენციას;” “ქართველ რევოლუციონერთა პირველ კონფერენციას;” “ინტერპარტიულ კონფერენციას;” “ქართველ ნაციონალისტთა კონფერენციას” და ა.შ.
თვით ქართველი სოციალისტ-ფედერალისტები ჟენევის თავყრილობას თავიანთი პარტიის პირველ კონფერენციად თვლიდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ შემდეგ კონფერენციებს ისინი მეორე და მესამე კონფერენციებს უწოდებდნენ. ე. ი. ათვლის წერტილად ჟენევის პირველი კონფერენცია ითვლებოდა. თუმცა, ამავდროულად ამ კონფერენციას _ ქართული პოლიტიკური მიმართულებების, ჯგუფების თუ ფრაქციების პირველი კონფერენციაც შეიძლება ვუწოდოთ. ასეთი თავისუფალი მიდგომა იმიტომაა დასაშვები, რომ სოციალისტ-ფედერალისტების სახელწოდება კონფერენციის ბოლო დღეს დაერქვა ახალშექმნილ პარტიას. თვით გიორგი დეკანოზიშვილმა, რომელმაც შეადგინა ყრილობის ოქმები და გამოსცა კიდეც, ასე უწოდა მას: “ოქმები ქართველ რევოლუციონერთა პირველ კონფერენციისა.” ზოგიერთი იკითხავს, რითაა გამოწვეული სახელთა ამგვარი სხვადასხვაობაო. პასუხი მარტივია. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ფორმირება ჯერ დასრულებული არ იყო და მას ხან რას უწოდებდნენ და ხან რას. ამაში ჩვენც დავრწმუნდით. მომავალ სოციალისტ-ფედერალისტებს ხომ ჯერ კიდევ, 1901-1903 წლებში “ცნობის ფურცლის” ჯგუფს ეძახდნენ. 1903 წლიდან მათ “საქართველოისტების” სახელით მოიხსენიებდნენ, ხოლო მათი ნამდვილი და საბოლოო სახელი 1904 წლის აპრილის ჟენევის კონფერენციიდან ეწოდათ: სოციალისტ-ფედერალისტები. ამ საკითხს ქვემოთაც შევეხებით.
ჟენევის კონფერენცია ჩვენ სპეციალურად გვაქვს შესწავლილი ჩვენს დასახელებულ მონოგრაფიაში: “პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები.” ამის გამო, აქ ამ ისტორიულ მნიშვნელოვან მოვლენას მხოლოდ იმდენად შევეხებით, რამდენადაც ეს გიორგი დეკანოზიშვილის პიროვნებასთანაა დაკავშირებული. გიორგი დეკანოზიშვილი კი არჩილ ჯორჯაძესთან ერთად, ქართული პოლიტიკური ელიტის ამ შეკრების არამარტო ორგანიზატორი, არამედ მისი მიმდინარეობის მთავარი წარმმართველიც გახლდათ.
ჟენევის კონფერენცია საღამოს 8 საათზე გაიხსნა. მას ესწრებოდა 26 წარმომადგენელი. სხდომა გახსნა “ბიუროს მდივანმა,” რომელიც ყველა მონაცემით არჩილ ჯორჯაძე უნდა ყოფილიყო. 1904 წლის იანვრის დასაწყისიდან არჩილ ჯორჯაძის ჯანმრთელობა გაუარესდა. 1903 წლის 31 დეკემბერს არჩილი ნინო ყიფიანს ატყობინებდა: “მაგრამ სახათაბალოდ, პარიზიდან მგზავნიან ექიმები და შრომა-მეცადინეობაც სრულიად ამიკრძალეს. უდროვოა ყოველივე ეს, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა დავემორჩილო გარემოებას. ორშაბათს და ან სამშაბათს ვაპირებ წასვლას შვეიცარიაში.”
1904 წლის 12 იანვარს არჩილი უკვე შვეიცარიაში იყო და სოფ. კლარანსიდან წერდა იმავე ადრესატს, ერთი კვირაა რაც ჩამოვედიო. ამ ეპიზოდს იმიტომ ვიხსენებთ, რომ სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა გაცხოველებული მუშაობა კონგრესის მისაწვევად და ამ მუშაობის მთელი სიმძიმე გიორგი დეკანოზიშვილს, თავისი მეგობრისა და იდეური ხელმძღვანელის, არჩილ ჯორჯაძის გარეშე უნდა გადაეტანა. მიუხედავად ყველაფრისა, 1904 წლის 7 თებერვალს ჟენევაში მოსამზადებელი შეკრება გაიმართა და კონგრესის მოსაწვევად საორგანიზაციო ბიურო შექმნეს, ხოლო მის მდივნად ეტყობა მაინც არჩილ ჯორჯაძე აირჩიეს. ამ შეკრებაზე სწორედ არჩილ ჯორჯაძე იმყოფებოდა და ამის შესახებ წერდა კიდეც დეკანოზიშვილს. რადგან არჩილი შვეიცარიაში იმყოფებოდა, მიუხედავად ავადმყოფობისა, ჟენევაში ჩასვლა მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო.
ყრილობის მომზადება კი არა, ყრილობის გაძღოლაც კი სანერვიულო საქმე აღმოჩნდა. აი ახლაც, ბიუროს მდივანს ჯერ არ დაეწყო კონგრესის მოწვევის ისტორიის შესახებ მოხსენება, რომ ნოე ჟორდანიამ სიტყვა გააწყვეტინა: “კონგრესი იყო დანიშნული 2 აპრილისათვის, თქვენ კი გახსენით პირველს. ჩვენ ჩვენს ნაცნობებს ველით ორ აპრილისათვის და გთხოვთ, დღეს კონგრესს ოფიციალურად ნუ გახსნით, ხვალამდინ გადავდოთ და, რომ დღეს დრო არ დავკარგოთ, შევუდგეთ შინაურულად კონგრესის ადმინისტრაციულ მხარის შემუშავებას.”51
დაიწყო ახსნა-განმარტება, კამათში სხვებიც ჩაერივნენ, მაგრამ “ბიუროს მდივანი” პრინციპულად იცავდა თავის პოზიციას და ჟორდანიას პასუხობდა: “თუ სამ კაცს ელოდით, წინდაწინვე უნდა გეთქვათ ეს და არა ახლა, როცა კონგრესისათვის ხალხი შეგროვდა.” “ხანგრძლივი კამათის” შემდეგ კენჭისყრაც კი გახდა საჭირო იმის გადასაწყვეტად, გახსნილიყო თუ არა კონგრესი. გახსნის მომხრეებმა გაიმარჯვეს და კონგრესმა პირველ აპრილს დაიწყო მუშაობა.
ბიუროს მდივანმა მოხსენება განაგრძო. მან აუხსნა დამსწრეებს, რომ “საქართველოს” რედაქტორებს თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი კონგრესის მოწვევა, მას შემდეგ, როცა გაზეთი თავის პროგრამას ძირითადად ჩამოაყალიბებდა. ამასობაში კონგრესის მოწვევის იდეა გაჩნდა პარიზისა და ბრიუსელის ქართველთა კოლონიებშიც. 7 თებერვალს შედგა ჟენევაში კრება, რომელმაც დაადგინა შემდეგი:
1. “პირველ აპრილს, 1904 წელს ქ. ჟ-ში მოხდეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა სხვადასხვა მიმართულებათა წარმომადგენლების კონგრესი.
2. მიზანი კონგრესისა: მიეცეს საშუალება ამ მიმართულებათა წარმომადგენელთ განმარტონ თავიანთი შეხედულებანი და სამოქმედო პროგრამა.
3. გაიმართოს ამ კითხვებზე კამათი და მსჯელობა.
4. ყოველსავე ამის შედეგად მოჰყვება ისა, რომ მიმართულებანი უფრო გამოირკვევიან და მაშინ ნათლად დავინახავთ, თუ რა გვაქვს საერთო და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ჯგუფნი, რომელნიც დაესწრებიან კონგრესს: ქართველი სოციალ-დემოკრატები, ორგანო “საქართველოს” წარმომადგენელნი და ქართველი ანარქისტნი.”
ამის შემდეგ ბიუროს მდივანმა კიდევ ერთი პრინციპული საკითხი განმარტა და გადაწყვეტილებაც სათანადო გამოიტანა: “ასე, ბატონებო! როგორც ხედავთ, განძრახული იყო “კონგრესი” მოგვეწვია, მაგრამ აქ შეგროვილ ყრილობას არ აქვს კონგრესის ყველა თვისებები: დელეგაცია, მანდატები და ამიტომ უკეთესი იქნება მას ვუწოდოთ “ქართველ სარევოლუციო ჯგუფთა კონფერენცია.” დასასრულ, ვიმედოვნებ, რომ სულ ყველა აქ მყოფნი, რაც უნდა დაშორებულნი ვიყვნეთ ერთმანეთისგან ჩვენის მიმართულებით, მეგობრულად, ამხანაგურად შევუდგებით კითხვების გარჩევას და ერთმანეთ შორის პატივისცემით ვიკამათებთ.”52
მაგრამ ნოე ჟორდანია არ ცხრებოდა. მას აინტერესებდა ვინ იყო კონგრესის ინიციატორი. როგორც ჩანს მისთვის უფრო ბრიუსელელი ქართველები იყვნენ მისაღებნი. განაცხადა კიდეც: რომ მცოდნოდა, რომ კონგრესი “საქართველომ” მოიწვია, არც კი მოვიდოდიო. მაგრამ კონგრესის უმრავლესობა სხვა აზრისა გახლდათ. ისინი ჟენევაში საერთო-ეროვნული იდეით ჩამოვიდნენ. ამიტომ ითხოვდნენ კამათის შეწყვეტას და კონფერენციის თავმჯდომარის არჩევას. ჩატარდა კენჭისყრა. კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს “ქართლელი” _ ეს გიორგი დეკანოზიშვილის საკონფერენციო-კონსპირაციული ფსევდონიმი გახლდათ.
კონფერენციაზე მონაწილენი კონსპირაციული სახელებით გამოცხადდნენ და ასეც მიმართავდნენ ერთმანეთს. ისინი ასევე არიან მოხსენიებულნი გიორგი დეკანოზიშვილის მიერ გამოცემულ “ოქმებში.” თავდაპირველად იყო ცნობილი მხოლოდ ხუთი მონაწილის ფსევდონიმი, რომელსაც გიორგი ლასხიშვილი ასახელებს: ნოე ჟორდანიას, არჩილ ჯორჯაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, გიორგი გოგელიას და ალექსანდრე გაბუნიას ფსევდონიმები.
შემდგომში ჩვენ სხვადასხვა დროს დავადგინეთ რამდენიმე ფსევდონიმის უკან მდგომი პიროვნება. ის თუ როგორ და რანაირად საბუთდება ფსევდონიმების რაობა, ნაწილობრივ ამის შესახებ საუბარი გვქონდა ჩვენს მონოგრაფიაში, ხოლო ნაწილობრივ საუბარი გვექნება ჟენევის კონფერენციისადმი მიძღვნილ სპეციალურ ნაშრომში, რომლის გამოცემასაც ახლო მომავალში ვაპირებთ. ახლა კი თემას რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ ჩამოვწერთ ჟენევის კონფერენციის მონაწილეთა ფსევდონიმებს და მათ მატარებელ პიროვნებებს.
თავდაპირველად ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 26 კაცი. Aაქედან “ოქმებში” დასახელებულია 21 მონაწილე. თავიდანვე ცნობილი იყვნენ:
1. დევიანი _ ნოე ჟორდანია;
2. საბუელი _ არჩილ ჯორჯაძე;;
3. მანაველი _ ვარლამ ჩერქეზიშვილი;
4. ორგეიანი _ გიორგი (კომანდო) გოგელია;
5. ვერმიცანიძე _ ალექსანდრე გაბუნია;
შემდგომში დადგინდა ჩვენს მიერ და დასაბუთდა:
6. ქართლელი _ გიორგი დეკანოზიშვილი;
7. თერგელი _ მიხაკო წერეთელი;
8. ძ _ ვლადიმერ დარჩიაშვილი;
9. ფალიანი _ არჩილ (ჭოტი) ჯაფარიძე;
10. მორბელაძე _ მ. ორჯონიკიძე;
11. X _ დიომიდე თოფურიძე;
12. ცანგალა _ თედო სახოკია;
13. მთიელი _ რევაზ გაბაშვილი;
14. ლიახველი _ ანდრია დეკანოზიშვილი;
გამოურკვეველ ფსევდონიმებად დარჩა ჯერჯერობით:
15. რაშაძე
16. ქ. ანვილი;
17. საბა;
18. ცხრარჯულაძე;
19. ნეიძე;
20. #-არი;
21. ქ. ეფრემიძე;
ჟენევის კონფერენცია უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ 1900-იანი წლების საქართველოში, ამიტომ მასზე ორიოდე სიტყვით შევჩერდებით. აქ მოიყარა თავი ქართულ პოლიტიკურ არენაზე მოქმედმა მიმდინარეობებმა. აქ იყვნენ: “საქართველოისტები” _ რომლებიც სწორედ იმხანად ყალიბდებოდნენ პოლიტიკურ პარტიად; სოციალ-დემოკრატი მენშევიკები, რომელნიც ოფიციალურად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ და ამ პარტიის ერთ-ერთ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ; ანარქისტები, ესერები, ეროვნულ-დემოკრატები და უპარტიოებიც. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მეორე დღესვე დატოვეს კონფერენცია და არავითარი საერთო მუშაობა არ ისურვეს “ქართველ ნაციონალისტებთან” _ ამით ისინი დასცილდნენ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და რამდენიმე წლის განმავლობაში კიდეც უპირისპირდებოდნენ მას.
კონფერენციაზე დარჩენილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ისინი გაერთიანდნენ საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის დროშის ქვეშ და შექმნეს ბლოკისტური ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია _ “საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია.” ქართული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც გაერთიანდებოდა კავკასიის ფედერაციაში და შევიდოდა რუსეთის კონფედერაციაში, ხოლო შემდგომში _ მსოფლიოს ქვეყნების დიდ კონფედერაციაში. ეროვნული ბრძოლა სოციალისტ-ფედერალისტების უპირველესი მიზანი გახლდათ. ამავდროულად ისინი _ ქართველი სოციალისტები იყვნენ, ოღონდ ეს იყო _ არამარქსისტული, თავისუფალი და ევროპული ტიპის სოციალისტური გაერთიანება. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში გაერთიანდნენ _ საკუთრივ ფედერალისტები ანუ “ცნობის ფურცლელ-საქართველოისტები,” მათთან მყოფი ესერული და ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი ჯგუფები და ქართველი ანარქისტები.
ჟენევის კონფერენციაზე ორგანიზებული პარტია ფაქტიურად, იმხანად საქართველოში მოქმედი ეროვნულ-რევოლუციური და ოპოზიციური მიმდინარეობების კონსოლიდაციის შედეგს წარმოადგენდა. ეს ჯგუფები პარტიული კუთვნილების მიხედვით, სხვადასხვა იდეალებს და სოციალურ მიზნებს ემსახურებოდნენ და განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ავტონომისტი “საქართველოისტები” სოციალიზმ-ფედერალიზმის მომხრენი იყვნენ, რაც მათი აზრით სოციალური და ეროვნული პრობლემების კომბინირებული გადაწყვეტის ნიმუშს წარმოადგენდა; ესერები მიწის სოციალიზაციის განხორციელებას ისახავდნენ მიზნად; ეროვნულ-დემოკრატები კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პოზიციაზე იდგნენ და კაპიტალიზმის განვითარებას უკავშირებდნენ საქართველოს მომავალს, ხოლო ანარქისტები _ უსახელმწიფო სოციალური სისტემის განხორციელებას მიიჩნევდნენ იდეალად. აი ეს განსხვავებული ჯგუფები გაერთიანდნენ ერთ ძირითად პუნქტში _ ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლაში ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ეს იყო ჟენევაში ქართველების თავყრილობის მიზეზიც და მიზანიც.
სწორედ ამ მიზეზ-მიზანს ასრულებდა და ასაბუთებდა კონფერენციის პირველსავე დღეს, მისი თავმჯდომარე, გიორგი დეკანოზიშვილი-“ქართლელი”, როცა თანამემამულეებს მიმართავდა: “დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ წილად მარგუნეთ თავმჯდომარეობა ევროპაში გამართულ პირველ ქართულ თავისუფალ კონფერენციისა. რუსეთი ახლა იმ ხანაშია, როდესაც უკმაყოფილო ელემენტები თანდათანობით იზრდებიან და ბრძოლას უცხადებენ რუსეთის დესპოტურ მმართველობას. ყოველი ერი, რუსეთის იმპერიისა, რუსეთის დამთრგუნველ მმართველობას ებრძვის თავისუფლების მოსაპოვებლად. ებრძვის რუსის ხალხი, ებრძვიან პოლონელები, ებრძვიან ფინლანდიელები, სომხები და, მათ შორის, ვიბრძვით ქართველებიც. ამ კონფერენციაზედ შეყრილია სხვადასხვა სარევოლუვიო მიმართულების წარმომადგენელნი. არიან სოციალ-დემოკრატები, არიან ანარქისტები, არიან ორგანო “საქართველოს” მომხრენი და იქნება კიდევ სხვანიც. იქნება შესაძლებელი იყოს საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციონერთა შეერთება რომელსამე პუნქტში. მე ვუსურვებ პირველ ქართულ კონფერენციას, რომ ძმურ და მეგობრულ კამათის შემდეგ ჩვენის ხალხისათვის სასარგებლო რამ დაასკვნას.”53
დეკანოზიშვილის მოწოდება-მიზანი კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობამ ადეკვატურად გაიგო, მაგრამ სოციალ-დემოკრატებმა თავიდანვე აღებული დეზორგანიზატორული ტაქტიკა გააგრძელეს. ნოე ჟორდანია კიდევ იმის გარკვევას შეუდგა, ვისი ინიციატივით იყო მოწვეული კონფერენცია. მას გვერდით ედგა მეორე სოციალ-დემოკრატი ეფრემიძე, რომელიც აცხადებდა: ”მე ვიმეორებ, რომ ჩვენ გვითხრეს, კონგრესის ინიციატივა ეკუთვნის ბ-ლელ (ბრიუსელელ) ქართველებსო. რომ მცოდნოდა, თუ “საქართველოს” რედაქციისა იქნებოდა ინიციატივა, მე პირველი არ მივიღებდი მონაწილეობას.”54 მდგომარეობა ისე გამწვავდა, რომ თავმჯდომარე იძულებული გახდა კვლავ კენჭისყრით გადაეწყვიტათ კამათის დასრულება და ძირითად საკითხებზე მუშაობის დაწყება.
მაგრამ სოციალ-დემოკრატები არ ცხრებოდნენ. მათ ახლა ორატორების სიაზე და რეზოლუციების გამოტანის წინააღმდეგ ატეხეს დავა და აჟიოტაჟი. კიდევ გახდა საჭირო კენჭისყრა, რომლითაც უმრავლესობამ, სოციალ-დემოკრატების საწინააღმდეგოდ, დაადგინა _ ქართულ მიმდინარეობათა თავყრილობას წოდებოდა “კონფერენცია.”
სოციალ-დემოკრატები თითქმის ყველა წამოჭრილ საკითხზე შარს ეძებდნენ. ახლა მათ უარი განაცხადეს მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.. ვინ იცის, დაძაბულობის განსამუხტავად თუ სხვა რამ მიზეზით, სიტყვა ითხოვა ვარლამ ჩერქეზიშვილმა (მანაველმა) და თავმჯდომარემ მაშინვე დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ეტყობა დეკანოზიშვილსაც (ქართლელი) ჰქონდა იმედი, რომ ვნებები დაცხრებოდა. “საქართველოისტები” დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე ვარლამ ჩერქეზიშვილის კონფერენციაში მონაწილეობას. ამ დროისათვის ქართველი ემიგრანტი საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ აღიარებულ ლიდერად ითვლებოდა. მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა კონგრესები, მისი სახელგანთქმული წიგნები: “ინტერნაციონალის წინამორბედნი,” და “მარქსიზმის დოქტრინები” ყველა ცივილიზებულ ენაზე იყო ნათარგმნი. მაინც რა უნდა ეთქვა პოლიტიკურ მოძღვრებათა შორის ყველაზე კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის აღიარებულ ავტორიტეტს, ან რა საერთო უნდა ჰქონოდა “მსოფლიო მოქალაქეს” ქართული სახელმწიფოს აღდგენის იდეასთან.
“მანაველმა” კი მართლაც ყველა დროის ქართველი და ნებისმიერი ერის პოლიტიკურ მოღვაწეთათვის მართლაც ეპოქალური ფორმულა ჩამოაყალიბა: “როდესაც ამ კონფერენციაზე მომიწვიეს, ჩემს წინაშე აღიმართა შემდეგი კითხვა: კონფერენციაში მონაწილეობას მივიღებ, როგორც წევრი ჩემი პარტიისა, თუ როგორც შვილი განსაზღვრულის ერისა; როგორც ანარქისტი, თუ როგორც ქართველი?! მე დავინახე, რომ ჩემი ადგილი აქ იყო მხოლოდ ადგილი ქართველისა, ჩემ თანამემამულეთა შორის.”55
სოციალ-დემოკრატებზე არც ამ სიტყვას უმოქმედია. კონფერენციის თავმჯდომარისათვის მუშაობის მეორე დღე უფრო მძიმე აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრტებს რამდენიმე კაცი მოემატათ 2 აპრილს. ახლა ისინი ხუთნი იყვნენ: ნოე ჟორდანია (დევიანი), არჩილ ჯაფარიძე (ფალიანი), მ. ორჯონიკიძე (მორბელაძე), დიომიდე თოფურიძე (X) და ეფრემიძე. მეექვსე სოციალ-დემოკრატიც ესწრებოდა ჟენევის კონფერენციას _ ვლადიმერ დარჩიაშვილი (ზ), მაგრამ იგი არ ეთანხმებოდა თანაპარტიელებს, საქართველოს ავტონომიური სახელმწიფოს იდეას უჭერდა მხარს და სხდომებზე ჩუმად იჯდა. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება “ოქმებიდან.”
2 აპრილს ისე დაიძაბა სხდომაზე ვითარება, რომ კინაღამ სოციალ-დემოკრატებისა და ანარქისტების ჩხუბი გამოიწვია. თავმჯდომარე დეკანოზიშვილმა სოციალ-დემოკრატებს ზომიერებისკენ მოუწოდა: “გთხოვთ პიროვნობას ნუ შეეხებით და საქმეზედ ილაპარაკეთ” _ მიმართა მან ნოე ჟორდანიას. ეს უკანასკნელი “ლიახველის” _ ანდრია დეკანოზიშვილის სიტყვებმა გააწიწმატა: “თქვენ აქ თქვენ შეხედულებებს ვერ გამოთქვამთ, რადგან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებებს ემორჩილებითო”. ჟორდანიამ “ლიახველს” გონებადაბინდული უწოდა და ამიტომ დაიმსახურა კონფერენციის თავმჯდომარის სამართლიანი შენიშვნა, მაგრამ თვითონაც მშვენივრად იცოდა, რომ “ლიახველი” მართალს ამბობდა.
ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსული პარტიის წევრები იყვნენ და მის პროგრამასა და წესდებას ემორჩილებოდნენ. რუსული პარტიის პროგრამა და ლენინ-პლეხანოვის ცენტრალური კომიტეტი ქართველ სოციალ-დემოკრატებს უკრძალავდა მხარი დაეჭირათ საქართველოს ავტონომიური სახელმწიფოს იდეისათვის, მიმხრობოდნენ ეროვნული კონსოლიდაციის იდეას, ეთანამშრომლათ ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან და ანარქისტებთან. ამიტომ ისინი მიზეზს ეძებდნენ კონფერენციიდან წასასვლელად და საბოტაჟს მიმართავდნენ. თავმჯდომარე გაკვირვებითაც კი შეეკითხა კონფერენციის მონაწილეებს, მაგრამ ყველამ იცოდა რომ გიორგი დეკანოზიშვილი სწორედ ჟორდანიას და მის თანაპარტიელებს მიმართავდა: “ნუ თუ აქ დამსწრე სამი ან ოთხი ფრაქცია საერთო რასმე ვერ დაასკვნიან?”
ჟორდანიას და მის რუსეთუმე თანაპარტიელებს ამ კითხვაზე თავისი პასუხი ჰქონდათ _ არა. მიუხედავად ამისა, დეკანოზიშვილმა იცოდა რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ საქართველოში. ამიტომ სურდა მას ჟორდანია და მისი ამხანაგები დარჩენილიყვნენ კონფერენციაზე, იქნებ მათსა და დანარჩენებს შორის რაიმე საერთო გამოძებნილიყო, იქნებ ისინი როგორმე ჩაერთოთ საერთო-ეროვნულ მოძრაობაში.
“თქვენს ადგილას რომ ვიყო, არ შემეშინდებოდა დარჩენისა. თქვენის წასვლით თქვენ ამტკიცებთ, რომ გეშინიათ, _ მიმართავდა დეკანოზიშვილი ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რომელნიც უკვე გასასვლელად ემზადებოდნენ, _ რომ საკმარისი არგუმენტები ვერ წამოაყენოთ თქვენის აზრების დასაცველად. თქვენ უნდა დარჩენილიყავით იმის დასამტკიცებლად, რომ ჭეშმარიტება თქვენს მხარეზედ იყო. თუ კითხვათა გამორკვევა გსურთ, დარჩით!” _ ეს უკვე მოთხოვნა იყო.
არც თავმჯდომარის ამ მოთხოვნამ გასჭრა. ორ აპრილს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქართველმა წევრებმა _ ჟორდანია-დევიანმა, ჯაფარიძე-ფალიანმა, ორჯონიკიძე-მორბელაძემ, თოფურიძე-X-მა და ვინმე ეფრემიძემ ჟენევის კონფერენცია დატოვეს და ამით გაერიდნენ ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლის ასპარეზს, იმ სახელმწიფოსი, რომლის სათავეშიც 14 წლის შემდეგ ისინი აღმოჩნდნენ.
ჟორდანიას და მისი ამხანაგების წასვლის შემდეგ კონფერენციის თავმჯდომარეს მოვალეობა შეუმსუბუქდა. ახლა მას მხოლოდ სხდომის ტექნიკური მხარეების მოწესრიგება უწევდა ძირითადად და იშვიათად ერეოდა თეორიულ საკითხებში. მაგალითად, როცა დამსწრე ანარქისტებმა თავიანთი ვრცელი მოხსენებებით ცოტა არ იყოს გადაღალეს აუდიტორია და თანაც უფრო მეტად ევროპის სოციალური პრობლემატიკის შესახებ ლაპარაკობდნენ, თავმჯდომარემ მოუწოდა მათ, ყურადღება გაემახვილებინათ ქართველი ხალხის საჭიროებებზე: ”კითხვების გამორკვევის დროს, ნუ დაივიწყებთ, რომ ყველა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ისინი ჩვენს ხალხს შეეხებიან.”
დეკანოზიშვილი ეჭვით უყურებდა ანარქიზმის იდეებს და შესაფერისობას საქართველოსათვის. მათთან ბლოკისტურ პრინციპებზე თანამშრომლობა-გაერთიანება სულაც არ ნიშნავდა, რომ “საქართველოისტ”-ავტონომისტები ყველაფერში ეთანხმებოდნენ ანარქიზმის ქართველ ავტორიტეტებს ჩერქეზიშვილსა და გოგელიას. ეს უკანასკნელი “ორგეიანის” ფსევდონიმით იყო მოსული კონფერენციაზე. გიორგი (კომანდო) გოგელია რუსეთში ანარქიზმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და ამავდროულად მისი ერთ-ერთი მიმართულების ანარქო-სინდიკალიზმის პიონერად ითვლებოდა. მაგრამ გიორგი დეკანოზიშვილი რეალისტურად უყურებდა მოვლენებს: “მუშათა სინდიკალიზმი და მისი განვითარება შესაძლებელია ევროპასა და კონსტიტუციონალურ ქვეყნებში, მაგრამ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენში, სადაც დესპოტური რეჟიმია?”56. _ კითხულობდა თავმჯდომარე ვარლამ ჩერქეზიშვილის ერთ-ერთი ცეცხლოვანი გამოსვლის შემდეგ. სამთო ინჟინერის პროქართული რეალიზმი, დეკანოზიშვილს პოლიტიკურ რეალიზმსაც კარნახობდა და მისი მოკლე საქმიანი გამოსვლები სწორედ ამ ნიშნით იყო აღბეჭდილი.
მეორე გამოსვლაში გიორგი დეკანოზიშვილი იმ მითს ანგრევდა, რომელსაც რუსეთის სოციალ-დემოკრატია და მისი ქართველი ადეპტები ავრცელებდნენ მოსახლეობაში _ თითქოს ეროვნულ-ავტონომიური სახელმწიფოს აღდგენა ხელს შეუშლიდა რუსეთის იმპერიის პროლეტარიატს ერთობლივ ბრძოლაში.57
მესამე შემთხვევაში, 6 აპრილს მან უარყო ტერორი, როგორც ბრძოლის საშუალება, მაგრამ ხალხის აჯანყებისათვის ორგანიზაცია აუცილებლობად მიიჩნია: “მთავრობას მთელი ორგანიზაცია აქვს ჩვენთან საბრძოლველად, _ მიმართავდა დეკანოზიშვილი კონფერენციას, _ ჩვენ ორგანიზაციებითვე უნდა შევეგებოთ. როგორ უნდა გავაღვიძოთ ჩვენს ხალხში ეს ესპრიტ რევოლტე (აჯანყების სურვილი), თუ ორგანიზაციები არ გვექნება! უორგანიზაციოთ (კასა, იარაღი) ბრძოლა შეუძლებელია.” ცოტა ქვემოთ კვლავ აზუსტებს კონფერენციის თავმჯდომარე: “მე მასსიურ ტერორის მომხრე ვარ და ორგანიზაცია აუცილებლად საჭიროა.”57 აქ რა თქმა უნდა, ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი მასობრივ ხოცვა-ჟლეტას კი არ გულისხმობდა, არამედ ხალხის მასობრივ ბრძოლას რუსული დესპოტიზმის წინააღმდეგ.
კონფერენციამ გ. დეკანოზიშვილის მეთაურობით 8 საკითხზე იმსჯელა და რეზოლუციები გამოიტანა. ეს რეზოლუციები წარმოადგენდა საპროგრამო დოკუმენტს, რომლებსაც იღებდა, საბოლოოდ ჩამოყალიბებული სოციალისტ-ფედერალისტების პარტია. ზოგიერთი რეზოლუცია ასე გამოიყურებოდა: ფედერალისტებმა თავიანთ მთავარ მიზნად ოფიციალურად გამოაცხადეს რომ ”განთავისუფლებული საქართველოსათვის საუკეთესო და უსაჭიროესი პოლიტიკური წეს-წყობილება უნდა იყოს ავტონომიური საქართველო, სხვა ერებთან ფედერაციულად შეკავშირებული.” კონფერენციამ კარგა ხანს იმსჯელა და რეალისტური მოსაზრებით უარყო “სეპარატიზმის” მოთხოვნა. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მათი საბოლოო მიზანი დიახაც _ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, მაგრამ ჯერ იმისთვის უნდა მიეღწიათ, რაც რეალური ჩანდა. ჯერ კიდევ “საქართველო” პასუხობდა “სეპარატისტს” და ეს სიტყვები კონფერენციაზეც გაიმეორეს, რომ “ჩვენ თავისუფლების მომხრენი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით იმას ვითხოვთ, რაც უფრო ადვილი მისაღწევი არის.”59
სხვა საკითხებზე: სოციალისტ-ფედერალისტების პარტიამ აგრარულ საკითხში მხარი დაუჭირა მიწის სოციალიზაციას, ანუ მის დანაწევრებას. გლეხთა თემების ხელში გადაცემას.
ფედერალისტთა პარტიამ ბრძოლა გამოუცხადა არა მარტო რუსეთის მონარქიას, არამედ “მომავალ ცენტრალურ რესპუბლიკასაც,” რომელიც შეიძლება რუსეთში დაარსებულიყო და გადაჰღობებოდა წინ ქართველი ხალხის სოციალურ, ეკონომიკურ და ეროვნულ განთავისუფლებას. გენიალური და სამწუხარო წინასწარმეტყველება იყო _ საბჭოთა კავშირი ხომ ზუსტად ასეთი “ცენტრალისტური რესპუბლიკა” აღმოჩნდა.
რეზოლუცია რევოლუციურ ორგანიზაციად აცხადებდა ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას, რომელსაც ასეთივე რევოლუციური და შეიარაღებული ბრძოლის გზით უნდა მოემზადებინა ხალხი “პოლიციასა და ჯართან შეტაკებისათვის,” განეხორციელებინა “სარევოლუციო რაზმების ორგანიზაცია” “ბიუროკრატიულ, სამხედრო და სხვა დაწესებულებათა დასამხობ-აღმოსაფხვრელად.”
ბოლო რეზოლუცია გაზეთ “საქართველოს” აცხადებდა “ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ორგანოდ.” დასრულდა ამ ქართული ეროვნული პოლიტიკური პარტიის უსახელობა და პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების გაწელილი პროცესი. ჟენევის კონფერენცია ღიად და თავისუფლად ამცნობდა საქართველოსაც, რუსეთის იმპერიასაც, ევროპასაც და ქვეყნიერებასაც, რომ ამიერიდან “ცნობის ფურცლელთა” და “საქართველოისტების” ეროვნულ-რადიკალთა ჯგუფმა, მიიღო “ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის” სახელი. გარდა ამისა, ჟენევის კონფერენციაზე მიღებულ-დამტკიცებულმა საპროგრამო დოკუმენტებმა დაასრულა პარტიის ჩამოყალიბების პროცესი. ფედერალისტთა პარტია ბლოკისტური ტიპის გაერთიანება გახლდათ, რომელშიც შევიდნენ: ”საქართველოისტ”-ავტონომისტები, ანარქისტები, ესერთა წარმომადგენლები და არასოციალისტი ეროვნულ-დემოკრატები.
1904 წლის 7 აპრილის საღამოს ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჟენევის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. “ოქმებში” ალბათ საჭიროდ აღარ მიიჩნიეს შეეტანათ კონფერენციის თავმჯდომარის გიორგი დეკანოზიშვილის საბოლოო სიტყვა, რომლითაც იგი ალბათ მიმართავდა თანამემამულეებს.
1948 წელს შვეიცარიაში მყოფი გრიგოლ რობაქიძე ჟენევის კონფერენციის წამყვან მონაწილეთა შესახებ წერდა და მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ხატავდა: “ჩემს წინ დევს ერთი ფოტოსურათი, გადაღებული უნდა იყოს 1903 წელს, (1904 წელს _ დ.შ.) როცა აქ ჟენევაში, კონფერენცია გაიმართა ქართველ ნაციონალისტთა და ანარქისტთა. დგანან, მარცხნიდან მარჯვნით: სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი. სხედან: არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, ზის ამ ორს შუა, დაბლა: გიორგი დეკანოზიშვილი. ექვსი ქართველი ტომით. ორი კახელი: ჩერქეზიშვილი და ჯორჯაძე, ერთი ქართლელი: დეკანოზიშვილი, ერთი მეგრელი: გაბუნია, ერთი გურული: გოგელია, ერთი იმერელი: წერეთელი. ამათგან: ნაციონალისტი: დეკანოზიშვილი, ჯორჯაძე; ანარქისტი: ჩერქეზიშვილი, გოგელია, წერეთელი. მგონი გაბუნიაც. ექვსი ქართველი: თითოეული მათგანი დიდი კარდუს ხალასი ფშანი. ვარლამი: დათუთქული “ქართლის ბედით,” სიმწარეს ოდნავ მონაქროლი ღიმილით იქარვებს; გიორგი: ურყევი და უტეხი, სჯერა ყველაფერს გადაიტანს; არჩილი: დაღვენთილი უძირო სევდით, ხოლო არა სასომიხდილი; კომანდო: ამაყი შინაგანი თავის თავში დარწმუნებული, უზადო შუბლით, “ჩახედული;” სანდრო: გამჭრიახი, ინტუიტივი; მიხეილი: მოშვილდული, როგორც ჯეირანი ციცაბო კლდის პირას, თუ დასჭირდა უფსკრულს გადაევლება თავს. ექვს ქართველს _ გრძნობთ ამას _ მცველად კარდუს აჩრდილი აფარებია მარჯისათვის. ამ ექვსიდან: ვარლამს ვიცნობდი გაკვრით, გიორგი არ მინახავს, არჩილთან დაახლოებული ვიყავ ფრიად, კომანდოსთან ერთი საღამო გავატარე პარიზში. სანდროსთვის თვალი მომიკრავს, მიხეილის მეგობარი გავხდი. აღარ არიან ამ სოფლად: აღარც ვარლამი, აღარც გიორგი, აღარც არჩილი, აღარც კომანდო, სანდრო თუ ცოცხალია არ ვიცი. ვაჰ, სოფელო რა შიგან ხარ!” დარჩა მიხეილ.”60
მართლაც, რომ დავაკვირდეთ ამ ფოტოს, უცთომელი ფსიქოლოგიური შტრიხებია, მათ შორის გიორგი დეკანოზიშვილის პიროვნებისა: “ურყევი და უტეხი, სჯერა ყველაფერს გადაიტანს.”

თავი მეხუთე

რუსეთის რევოლუციურ-პოლიტიკური ელიტის ცენტრში

როცა გიორგი დეკანოზიშვილის პიროვნებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა წარმოვიდგინოთ უაღრესად კომუნიკაბელური და ენერგიული ადამიანი, რომელიც ადვილად ამყარებდა ფართო ურთიერთობებს არამარტო თანამემამულეებთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ, რევოლუციურ და საზოგადო მოღვაწეებთან. მისი ეს თვისება ძალიან სჭირდებოდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას, რომელსაც კავშირ-ურთიერთობა უნდა დაემყარებინა რუსეთის იმპერიის ჩაგრულ-დაპყრობილი ხალხების პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ამ კავშირ-ურთიერთობებს ჯორჯაძე და დეკანოზიშვილი თავდაპირველად ერთად ახორციელებდნენ, ეცნობოდნენ, მიწერ-მოწერას და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩილ ჯორჯაძეს პირველად უმტყუნა ჯანმრთელობამ და სამკურნალოდ შვეიცარიაში გაგზავნეს, ურთიერთობათა დამყარებისა და თანამშრომლობის სიმძიმე მარტოოდენ გიორგი დეკანოზიშვილს დააწვა მხრებზე.
თავისი “დღიურის” 1904 წლის 27 ივლისის ჩანაწერში დეკანოზიშვილს ჩაუწერია: “4 საათზე მივიღეთ არჩილის წერილი. წავიკითხე და საშინლად დავღონდი… საშინლად უმოქმედია ავადმყოფობას არჩილის ხასიათზედ… ძლიერ მიყვარს ეგ კაცი და ამისთვის არაფერს ვიშურებდი მისთვის… ვიცი, ნამდვილად, რომ არ უმტყუნებს თავის მიმართულებას, არ დასტოვებს ამხანაგებს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მტერს ვებრძვით. საჭიროა კაცები, რომელნიც მზათ იქნებიან მედგრად და უშიშრად შეებრძოლონ მტერს. მაგრამ ეხლა ყველაფერი გათავებულია. ეს კაცი ვეღარ იბრძოლებს. იწერება ხმა წამივიდაო; რაც ვლაპარაკობ ნამდვილი ხმა არ მაქვსო. საშინლად სწუხს ამგვარ მდგომარეობის გამო, სწუხს რომ მარტო არის და სურს საშინლად აქ მოსვლა. აქ კი მოსვლა შეუძლებელია, რადგან ჰაერი ძლიერ ცუდია, ისევ ძველებურად გახდება ავათ და მისი საქმე ორ დღეში გათავდება. ნამდვილი ჭლექი აქვს… რა ძნელია, როდესაც ავად გყავს ადამიანი, რომელიც გიყვარს.”
აი, რატომ უნდა ემუშავა დეკანოზიშვილს მარტო და მხოლოდ ახალგაზრდა თანამოაზრეთა მცირე ჯგუფის (სანდრო გაბუნია, თედო სახიკია და სხვების) იმედი ჰქონოდა.
ახლა რაც შეეხება სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კავშირ-თანამშრომლობას იმპერიის მიერ დაპყრობილი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომელნიც ერთობლივად უნდა შებმოდნენ ხელისუფლებას. ჯერ კიდევ “საქართველო” იუწყებოდა 1904 წლის დასაწყისში, რომ რედაქციას ერთობლივი მოქმედების წინადადებით მიუმართავს სომხებისათვის, პოლონელებისა და ფინლიანდელებისათვის. სომხები დადებითად გამოეხმაურნენ “საქართველოს” და რომელიღაც “მომავალ კონგრესზე” აპირებდნენ კონკრეტული თანამშრომლობის საკითხების გარჩევას. პოლონელები წინადადებას იძლეოდნენ “საერთო ორგანო” დაეარსებინათ, ხოლო ფინელებთან “მიმდინარეობდა მოლაპარაკება.”61
როგორც ჩანს საქმე ეხებოდა მოლაპარაკებებს რუსეთის პოლიტიკურ და ოპოზიციურ პარტიათა კონგრესის შესახებ. რადგან “ფინლანდიელებისა” და ქართველების მოლაპარაკებას ეხებოდა საქმე, ცხადია მას ცილიაკუსი და დეკანოზიშვილი აწარმოებდნენ ერთმანეთთან. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ამ ორი მოღვაწის ურთიერთობაც.
კონი (კონრად) ცილიაკუსი (1855-1924) _ ფინელი პატრიოტი, პოლიტიკური მოღვაწე და ჟურნალისტი. ათი წლის განმავლობაში მოგზაურობდა და ცხოვრობდა კოსტა-რიკაში, აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში და ეგვიპტეში. 1900 წლიდან სტოკჰოლმში სცემდა გაზეთ “თავისუფალ სიტყვას” (ფრია ორდ), რომელიც ქადაგებდა ფინეთის დამოუკიდებლობას. მან ერთ-ერთმა ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ფინური “აქტიური წინააღმდეგობის” პარტიას.
1902 წლიდან ცილიაკუსმა თავისი გაზეთის მეშვეობით დაიწყო რუსეთის იმპერიის რევოლუციური და ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროპაგანდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. იგი უშუალოდ დაუკავშირდა ყველა მნიშვნელოვან რუსულ, პოლონურ, ბალტიისპირულ, უკრაინულ და სომხურ პარტიებს. როგორც ზემოაღნიშნული “საქართველოს” ინფორმაციიდან ჩანს, გიორგი დეკანოზიშვილს 1904 წლის დასაწყისში უნდა გაეცნო ცილიაკუსი. Mეს ორი მოღვაწე ერთმანეთთან დააახლოა თავიანთი ქვეყნების საერთო ბედმა და საერთო მიზანმა _ ფინეთისა და საქართველოს თავისუფლებამ.
დაახლოებით ამავე პერიოდში, 1904 წლის თებერვალში, კონი ცილიაკუსმა გაიცნო იაპონიის ყოფილი სამხედრო ატაშე საფრანგეთში და შემდგომ რუსეთში, პოლკოვნიკი მოტოძირო აკაში. ფინელი პატრიოტისა და იაპონელი პოლკოვნიკის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, რამაც მომავალში მათი ახლო თანამშრომლობა განაპირობა. სულ ცოტა ხნის წინ, 1904 წლის 27 იანვარს, იაპონიის ნაღმოსნებმა მოულოდნელად შეუტიეს აღმოსავლეთში რუსეთის იმპერიის მთავარ სიმაგრეს _ პორტ-არტურს. დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი, რომელსაც ყველა ელოდა და რომელიც, ყველასათვის მოულოდნელად, წელიწადნახევარი გაგრძელდა.
ჯერ კიდევ ომამდე იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფულით და იარაღით დახმარებოდა რუსეთის იმპერიის რევოლუციურ და ოპოციზიურ, განსაკუთრებით კი დაპყრობილი ხალხების ეროვნულ-პოლიტიკურ პარტიებს. მიზანი იყო ნიკოლოზ მეორისთვის გაეხსნათ მეორე ფრონტი. იაპონიის სამხედრო უწყება, რომელსაც მეთაურობდა გენერალი ტერაუჩი, ხელმძღვანელობდა პრინციპით: “ომის დროს ყველა საშუალება კარგია, რომელიც მტერს ვნებს.” რუსეთის ანტიმონარქისტულ პარტიებთან დაკავშირება და მათი სამხედრო-ფინანსური მომარაგება დაევალა იაპონიის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ აკაშის. უახლეს ლიტერატურაში ეს კაცი “აკასის” სახელით მოიხსენიება, თუმცა ძველ დოკუმენტებსა და ლიტერატურაში მას “აკაშის’ უწოდებენ. ჩვენც ასე ვუწოდოთ.62
იაპონელებს ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ რუსეთის რევოლუციურ და ოპოზიციურ სპექტრზე. სწორედ ამ საქმეში მათთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა ფინელი ცილიაკუსის უზომო ენთუზიაზმი _ მან დააკავშირა პოლკოვნიკი აკაში იმპერიის წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან: რუს სოციალისტ-რევოლუციონერებთან, სოციალ-დემოკრატებთან, პოლონეთის სოციალისტურ პარტიასთან, ბუნდთან – ებრაელ მუშათა პარტიასთან, მათ ლიდერებთან: გიორგი პლეხანოვთან, ვიქტორ ჩერნოვთან და სხვებთან.
მოტოძირო აკაშიმ 1889 წელს დაამთავრა იაპონიის საიმპერატორო არმიის უმაღლესი სამხედრო აკადემია. 1894 წელს იგი გაგზავნეს გერმანიაში სასწავლებლად. მონაწილეობდა იაპონია-ჩინეთის ომში, სხვადასხვა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. 1901 წლის იანვრიდან აკაში დაინიშნა იაპონიის სამხედრო ატაშედ საფრანგეთში. 1902 წლის აგვისტოდან ის იმავე თანამდებობაზე გამოგზავნეს და 1904 წლამდე მუშაობდა რუსეთში, პეტერბურგში. რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებამდე 2 კვირით ადრე იაპონიის სამხედრო ატაშე პეტერბურგიდან გაიწვიეს და იმავე თანამდებობაზე გაამწესეს სტოკჰოლმში. ეს მოხდა 1904 წლის 10 თებერვალს. სწორედ სტოკჰოლმიდან და პარიზიდან ხელმძღვანელობდა იაპონელი პოლკოვნიკი თავისი ქვეყნის კონტრდაზვერვას, რომლის მიზანიც იყო ძირგამომთხრელი საქმიანობა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ანტიმონარქისტული პარტიების დაფინანსება და ნიკოლოზ II-ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწყობა.63 გამოთვლილია, რომ იმპერიის პოლიტიკური პარტიებისათვის იაპონელების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება შეადგენდა 1 მლნ. იენს, რაც დღევანდელი კურსით 5 მლნ. იენის და შესაბამისად, 35 მლნ. ამერიკული დოლარის ექვივალენტია.64
რუსეთის “ოხრანკის” ცნობით და დღევანდელ რუს ისტორიკოსთა ინტერპრეტაციით, კონი ცილიაკუსმა 1904 წლის ივნისში პოლკოვნიკ აკაშის გააცნო გიორგი დეკანოზიშვილი, უფრო სწორად, პირველთა ცნობით _ “გიორგი დეკანოზი” და მეორეთა მიხედვით _ “გიორგი დეკანოზივი,” რომელიც “შემდგომში გახდა მისი ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი და მაღალანაზღაურებადი აგენტი.” თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ისეთივე გაღიზიანებული ტონით წერენ “დეკანოზი-დეკანოზოვზე,” როგორც 900-ინი წლების რუსული სპეცსამსახურების აგენტები. ერთ-ერთი მათგანის, მანუილოვის ინფორმაციით, იაპონელი აკაში დეკანოზიშვილს ყოველკვირეულად უხდიდა 2050 ფრანკს, ანუ 750 რუსულ მანეთს. “ასე რომ, _ დაასკვნიან რუსი ისტორიკოსები პეტროვი და პავლოვი _ დეკანოზიშვილის ყოველთვიური შემოსავალი სამჯერ აღემატებოდა რუსეთის იმპერიის საზღვარგარეთული აგენტურის ხელმძღვანელის შემოსავალს და ხუთჯერ ვიდრე “თვით მანასევიჩ-მანუილოვისას.” მაინც ვინ იყო ეს უკანასკნელი, რომლის შემოსავალზეც ასე სწუხან პეტროვი და პავლოვი?
მანასევიჩ-მანუილოვი გახლდათ განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე, რომელიც იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიავლინა პარიზში, რათა ეხელმძღვანელა დასავლეთ ევროპაში რუსული აგენტურისთვის. მოკლე დროში მან ევროპის დედაქალაქებში და ცენტრებში უნარიანად მომუშავე აგენტურული ქსელი შექმნა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბევრად მაინც ვერ შეუშალა ხელი იაპონიის დაზვერვისა და რუსეთის იმპერიის რევოლუციურ-ოპოზიციური პარტიების კავშირს და თანამშრომლობას.
პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ცილიაკუსმა და აკაშიმ ჩაიფიქრეს, იყო რუსეთის რევოლუციური პარტიების კონგრესის ორგანიზება, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ერთობლივი ანტიმონარქისტული სამოქმედო გეგმა. ცილიაკუსმა რუსეთის იმპერიის 18 პოლიტიკურ პარტიას გაუგზავნა მოწვევა, მათ შორის ქართველ “სოციალისტ-ფედერალისტებს.” ქართველებმა ცხადია, სიამოვნებით მიიღეს წინადადება. კონფერენციაზე პირველ რიგში მიავლინეს გიორგი დეკანოზიშვილი და ალბათ ამ უკანასკნელმა, თავისივე სურვილით, წაიყვანა პარტიის მეორე წარმომადგენელი _ ალექსანდრე გაბუნია. “დეკანოზი” ისევ ძველი ფსევდონიმით გამოცხადდა რუსეთის იმპერიის ინტერპარტიულ კონფერენციაზე _ “ქართლელი.” რაც შეეხება გაბუნიას, მან როგორც დასავლელ-ქართველმა “კოლხის” ფსევდონიმი შეარჩია.
1904 წლის 17 (30) სექტემბრიდან 25 (8) ოქტომბრამდე პარიზში მიმდინარეობდა რუსეთის რევოლუციური და ოპოზიციური პარტიების კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღო 8 პოლიტიკურმა პარტიამ. დანარჩენებმა სხვადასხვა მოსაზრებებით კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. იმპერია მძიმე დამარცხებებს განიცდიდა იაპონიასთან ომში. ასეთ დროს, იაპონური ფულით მოწყობილ მასშტაბურ კონფერენციაზე ჩასვლა, რუსეთის სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ “ღალატს” ნიშნავდა.
1904 წლის 30 სექტემბერს, პარიზში, სასტუმრო “ორლეანში,” იაკობის #50-ში გამოცხადდნენ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ინტერესების “მოღალატე” შემდეგი პარტიების წარგზავნილები: 1. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას წარმოადგენდა მისი ლიდერი ვიქტორ ჩერნოვი და რუსეთის ისტორიაში ყველა დროის უპირველესი პროვოკატორი, ევნო აზეფი, რომელიც იმ დროს პოლიციის დეპარტამენტის ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელი აგენტი გახლდათ. ამავდროულად, ის ესერთა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში შედიოდა; 2. პოლონეთის სოციალისტური პარტია _ ვ. იოდკო-ნარკევიჩის, ბ. ა. ენდჟეევსკის და კ. კელლეს-კრაუზის წარმომადგენლობით; 3. ლიტვური სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან ფ. ოზოლსი იყო; 4. გ დეკანოზიშვილი და ა. გაბუნია, როგორც “ოქმებშია” აღნიშნული, წარმოადგენდნენ: “სოციალისტ-ფედერალისტ-რევოლუციონერთა ქართულ პარტიას;” 5. სომხური რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტიუნ” _ მ. ვარდანიანი; 6. პოლონური ნაციონალური ლიგა _ ზ. ბალიცკი, რ. დმოვსკი; 7. აქტიური წინააღმდეგობის ფინური პარტია _ კ. ცილიაკუსი, ა. ნეოვიუსი და 8. “განთავისუფლების კავშირი” _ პ. მილიუკოვი, პ. სტრუვე, პ. დოლგორუკოვი და ვ. ბოგუჩარსკი.
“ჩვენ უნდა მოვძებნოთ საერთო ფორმულა” _ საერთო მიზანი _ მიმართავდა კონფერენციას პოლონელი იოდკო-ნარკევიჩი. მართლაც შემუშავებულ იქნა ე. წ. “დეკლარაცია,” რომელიც შედგებოდა სამი ძირითადი მოთხოვნისაგან: 1. რუსეთში მონარქიის დამხობა; 2. თავისუფალი დემოკრატიული სისტემის დამყარება და 3. ეროვნული თვითგამორკვევის უფლება იმპერიის ყველა ხალხისათვის. “აღნიშნული ძირითადი პრინციპებისა და მოთხოვნების სახელით კონფერენციაზე წარმოდგენილი პარტიები აერთიანებდნენ თავიანთ ძალებს ამბოლუტიზმის გარდაუვალი დაღუპვის დასაჩქარებლად.”65
“ოქმებიდან” ჩანს, რომ გ. დეკანოზიშვილს და ა. გაბუნიას კონფერენციაში ფრიად აქტიური მონაწილეობა მიუღიათ. დეკანოზიშვილმა პირველმა დაუჭირა მხარი “განთავისუფლების კავშირის” წარმომადგენლის ბოგუჩარსკის წინადადებას, შეექმნათ საკოორდინაციო ბიურო. “ოქმებში” ვკითხულობთ, რომ ქართველი სოციალისტ-ფედერალისტი “მხარს უჭერს საშუამავლო ბიუროს შექმნის აუცილებლობას, არალეგალური ლიტერატურის გავრცელების დასახმარებლად.” კონფერენციამ დაადგინა პეტერბურგში შექმნილიყო საშუამავლო ბიურო, რომლის მეშვეობითაც იმპერიის ანტიმონარქისტული პარტიები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ, ერთობლივ ღონისძიებებს შეიმუშავებდნენ. ცილიაკუსის წინადადებით დაადგინეს შექმნილიყო აგრეთვე ანალოგიური საშუამავლო ბიურო საზღვარგარეთაც.
თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ცდილობენ პარიზის კონფერენციის და საერთოდ, იაპონიის ფულით დაფინანსებული რევოლუციური ღონისძიებების როლი მინიმალურად შეაფასონ: “რუსეთის რევოლუციური და ოპოზიციური პარტიების სუფსიდირებას იაპონიის მიერ არაფრით არ მოუხდენია გავლენა რუსეთ-იაპონიის ომის მიმდინარეობაზე და არ მოუხდენია სერიოზული გავლენა რუსეთის რევოლუციის მსვლელობაზე.” თითქოს არც პარიზისა და მის შემდეგ, ისევ იაპონური ფინანსების საშუალებით ორგანიზებული ჟენევის ინტერპარტიულ კონფერენციებს მოჰყოლია რუსეთის იმპერიის პარტიების მყარი ბლოკი და ა. შ.
ისტორიული რეალობა ეწინააღმდეგება ამგვარ მტკიცებას. რუსეთის პირველი რევოლუცია დამარცხდა, მაგრამ მთლად უშედეგოდ არ დამთავრებულა. ნიკოლოზ II იძულებული გახდა მანიფესტი გამოეცა და დაეშვა პოლიტიკური თავისუფლებების მინიმუმი. ჩვენ კიდევ გვინდა გავიმეოროთ ჩვენს ნაშრომში 1993 წელს ციტირებული რიჩარდ პაიპსის შეფასება, რომლის მიხედვითაც “მონარქისტულმა აბსოლუტიზმმა რუსეთში სული განუტევა ერთი წლის აგონიის შემდეგ, რომელიც დაიწყო ე. წ. პარიზის ოპოზიციურ და რევოლუციურ პარტიათა კონფერენციით 1904 წლის ოქტომბერში და დამთავრდა 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტით.”66
გიორგი დეკანოზიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აგრეთვე კიდევ უფრო მნიშვნელოვან და ანალოგიური ხასიათის ინტერპარტიულ ღონისძიებაში, რომელიც აგრეთვე პოლკოვნიკ მოტოძირო აკაშის მიერ იყო ინიცირებული. 1905 წლის “სისხლიანი კვირის” შემდეგ რუსეთში დაწყებულმა ანტიმონარქისტულმა მოძრაობამ თავისთავად დაბადა იმპერიის რუსულ და არარუსულ პარტიებს შორის, კოორდინირებული მოქმედების სურვილი. იაპონელებმა, რა თქმა უნდა, სცადეს ამგვარი პროცესებისთვის ხელი შეეწყოთ და სხვას ვის უნდა გაეკეთებინა ეს, თუ არა იაპონიის “სამხედრო-სადაზვერვო ბიუროს” ხელმძღვანელს სტოკჰოლმში, იაპონური საელჩოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ აკაშის თუ აკასის. მისი უახლოესი თანამშრომლები ამჯერად, ამ ანტიმონარქისტულ ღონისძიებაში იყვნენ კონი ცილიაკუსი და გიორგი დეკანოზიშვილი. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებით გამოყოფდნენ და უთვალთვალებდნენ ამ “სამეულს.” რუსი ისტორიკოსი დ. პავლოვი გაღიზიანებით უწოდებს გიორგი დეკანოზიშვილს იაპონური დაზვერვის შეფის, აკაშის “აგენტს.” მას არ უნდა აღიაროს, რომ გიორგი დეკანოზიშვილი იყო ქართველი პატრიოტი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ერთადერთი მიზნისთვის იყენებდა იაპონურ დაფინანსებას _ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლებისათვის, რაც პირველ რიგში, რუსეთის ბატონობის დამხობის გზაზე გადიოდა და რუსეთისავე მტრების გამოყენებას გულისხმობდა. ამავე მიზნით მოქმედებდა ფინელი ცილიაკუსიც.
1905 წლის თებერვალ-მარტში ცილიაკუსი და იმხანად პოპულარული მღვდელი გაპონი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეუდგნენ ინტერპარტიული კონფერენციის ორგანიზებას. აკაში და ცილიაკუსი ფიქრობდნენ გაპონის გამოყენებას, რომლის სახელიც მიიზიდავდა იმპერიის პარტიებს, თუ ეს უკანასკნელი კონფერენციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდა მათ. თვით ცილიაკუსი ჩრდილში აპირებდა დარჩენას. იაპონური დაზვერვა და შესაბამისად ცილიაკუსიც, ცდილობდნენ, რომ რუსეთის პარტიებს ნაკლებად სცოდნოდათ, საიდანღაც მომდინარე ფულის იაპონური წყარო. ახლაც, იაპონური ფული _ 50 000 მანეთი ისე აღმოჩნდა გიორგი გაპონის ჯიბეში, რომ ნიკოლოზ II-ის მოწინააღმდეგე მღვდელს წარმოდგენა არ ჰქონია მის იაპონურ წარმომავლობაზე.
1905 წლის 2 აპრილს ჟენევაში მუშაობა დაიწყო რუსეთის რევოლუციური და ოპოზიციური პარტიების მეორე კონფერენციამ. მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებსაც შემდეგი პირები წარმოადგენდნენ: 1. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია _ ვ. ჩერნოვი და ე. კ. ბრეშკო-ბრეშკოვსკაია; 2. პოლონეთის სოციალისტური პარტია _ ვ. იოდკო-ნარკევიჩი, ს. ვოიცეხოვსკი და ს. სლავინსკი; 3. სომხური პარტია “დაშნაკცუტიუნი” _ რუსტენი, საფო და ომანი; 4. ქართული სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია _ “გიორგი დეკანოზოვი.” 5. ლატვიური სოციალ-დემოკრატიული კავშირი _ როლლაუ; 6. ფინური აქტიური წინააღმდეგობის პარტია _ ორი დელეგატი, ოღონდ მათგან არცერთი არ იყო ცილიაკუსი; 7. ბელორუსიის სოციალისტური გრომადა _ ერთი წარმომადგენელი;
კონფერენციაზე თავდაპირველად გამოცხადდნენ და პირველსავე დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს ის, ბოლშევიკმა სოციალ-დემოკრატებმა, ვ. ლენინის მეთაურობით, აგრეთვე მათმა თანამოაზრეებმა: ბუნდმა _ ებრაელთა მუშათა პარტიამ, ლატვიურმა და სომხურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა. პროტესტის მიზეზი იყო კონფერენციის ესერული ხასიათი, რასაც ესერთა მომხრეების უმრავლესობა განაპირობებდა.
კონფერენციის ორი უმთავრესი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი იყო დეკლარაცია შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოწოდებისა და მისთვის მზადების შესახებ, რომელსაც 1905 წლის ივნისისათვის გეგმავდნენ.
კონფერენციის მუშაობაში დიდი აქტიურობა გამოუჩენია გიორგი დეკანოზიშვილს. ეს ჩანს მისი “დღიურის” 1905 წლის 12 აპრილის ჩანაწერიდან, რომელიც რუსეთის იმპერიის რევოლუციურ-ოპოზიციური ელიტის თავყრილობიდან წამოყოლილი ცხელი შთაბეჭდილებების განწყობითაა დაწერილი: “გუშინ დავბრუნდი ჟენევიდან, სადაც გვქონდა კრება, ანუ კონფერენცია ყველა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა და დემოკრატ-რევოლუციონერთა პარტიებისა. სოციალ-დემოკრატებმა უბრალო მიზეზის გამო დაანებეს კრებას თავი. მაგრამ იმედია ამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისინიც მოგვეკედლებიან, დაანებებენ თავს თავის ფანატიკოსობას და მიჰყვებიან ნამდვილ გზას. ცხოვრება აიძულებს მათ. პარიზის კონფერენციაზედ სრულებით არ მოვიდნენ, ამ კონფერენციაზედ მოვიდნენ და წავიდნენ. მესამე კონფერენციაზედ, რომელსაც თვითონ მოიწვევენ მაშინ მოვლენ კიდეც და იმოქმედებენ კიდეც ჩვენთან ერთად.
ათი დღე ვილპარაკე. ათი დღე თითქმის არ მეძინა, ჩემი გული უარესად გახდა, ისე სცემდა ასე მეგონა გასკდება მეთქი. ახლა ძალიან დაღალული ვარ და მოწყვეტილი ჩამოვედი. მუშაობა კი დამიხვდა. ნომრები დასაბეჭდი და გასაგზავნი. უნდა დავაჩქარო, რადგან ეხლა შემთხვევა არის. კიდევ არ მექნება დრო ჩემის დღიურის წერისა, კიდევ დამრჩება ეგრე, თუმცა საწერი ბევრი მაქვს. რამდონი რამ გავიგონე, რამდონი გამოჩენილი კაცი ვნახე, მაგრამ სად არის დრო ამის აღწერისა. თუ ცოცხალი დავრჩი, მაშინ როდესმე ყველაფერს ავწერ. მღვდელი გაპონი დაესწრო კონგრესზედ. ძალიან ახლო გავიცანი, ძლიერ დავმეგობრდით. მშვენიერი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ. თუმცა განვითარება აკლია, მეცნირულად არ არის მომზადებული, მაგრამ ხალხის ესმის, ხალხის გულის ცემა ნამდვილად გაიგო, გაიგო რაც უნდოდა ხალხს, როგორ შეიძლება ხალხთან დაახლოება და როგორ შეიძლებოდა მისი შენძრევა. ნამდვილი სული გახდა რუსული ხალხისა. მზათ არის ამ ხალხს თავი შესწიროს, არაფრის ეშინიან, გამბედავია და გულწრფელი, უანგარიშო, ანკარა. Aმისთანა კაცს ხალხი ყოველთვის მიჰყვება. ბევრი ვილაპარაკეთ სხვადასხვა კითხვებზედ. საშინლად ეშინია, რომ კავკასიის ხალხმა არ გაასწროს რუსის ხალხს; მაშინ ჩვენ რა ვქმნათო, შეიძლება ნიკოლოზ მეორემ შეიწყნაროსო რასაც მოითხოვს კავკასიის ხალხი და რუსეთის ხალხი კი ისევ უმეცრებაში დატოვოსო.”
როგორც ვხედავთ, ენერგიული და დაუცხრომელი გიორგი დეკანოზიშვილი თავისი ნებაყოფლობითი ემიგრაციის წლებში, რუსეთის იმპერიის რევოლუციური მოვლენებისა და პოლიტიკური ელიტის ცენტრში აღმოჩნდა. მართლაც ვინ არ გაიცნო მან პარიზისა და ჟენევის ინტერპარტიულ კონფერენციებზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია იმპერიის განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩამოვთვალოთ ვისთან დაამყარა გ. დეკანოზიშვილმა კავშირ-ურთიერთობა და მისი სახით ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ.
პოლონეთის სოციალისტური პარტიის ლიდერები ა. ენჟევსკი, ვ. იოდკო-ნარკევიჩი და სხვები. პოლონელი სოციალისტები ქართველებივით, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. ან კიდევ რომან დმოვსკი, პოლონეთის ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. პარიზის კონფერენციიდან მას იხსენებს რუსი კონსტიტუციონალისტების ლიდერი პავლე მილიუკოვი: “მახსოვს კამათის შემდეგ მე მომიახლოვდა ჯმუხი პოლონელი, თვალების ჭკვიანური გამოხედვით და სახის ენერგიული გამომეტყველებით და მითხრა: “ძალიან სასიამოვნოა გავიცნო რუსი ადამიანი, რომელიც ბოლოს და ბოლოს არაფერს არ გვპირდება, რასაც ჩვენ ვითხოვთ.”67 ეს იყო დმოვსკი.
და ეს იყო პოლონელი პატრიოტის ცინიკური იუმორი, კონფერენციის მონაწილე რუსი ლიბერალის პავლე მილიუკოვის მიმართ. ამ უკანასკნელის მეთაურობით რუსმა ლიბერალებმა: სტრუვემ, ბოგუჩარსკიმ და დოლგორუკოვმა პოლონეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაილაშქრეს და შესაბამისი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ. ცხადია ლიბერალები რევოლუციონერებს და არარუს ნაციონალისტებს მოწყალე მედუდურობით უყურებდნენ. ხოლო რომ სცოდნოდათ, რომ კონფერენცია იაპონიის გენშტაბის ფულით იყო მოწყობილი იქ არც კი მივიდოდნენ. ეს მათ გვიან გაიგეს. 1909 წელს, III სახელმწიფო დუმის სხდომაზე, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა სტოლიპინმა მწარედ გაუხსენა რუს ლიბერალებს პარიზის კონფერენციაზე ყოფნა და იქ დამსწრე ოთხივე რუსი კონსტიტუციონალისტი დაასახელა, რასაც სხდომაზე გესლიანი რეპლიკები და სიცილ-ხარხარი მოჰყვა მემარჯვენეების მხრიდან.
ყველაზე მეტად ახლო და საქმიანი ურთიერთობა გიორგი დეკანოზიშვილს ჰქონდა რუს ესერებთან, რადგან ესერთა პარტია ქართველი ფედერალისტების სტრატეგიულ მოკავშირე-პარტნიორს წარმოადგენდა. მათი ლიდერი და გაზეთ “რევოლუციონნაია როსსიას” რედაქტორი ვიქტორ ჩერნოვი ორივე _ პარიზისა და ჟენევის კონფერენციებზე იმყოფებოდა. კონფერენციის მონაწილეებში ასახელებენ ასევე ხალხოსნური და ესერული მოძრაობის ძველისძველ ცნობილ ფიგურას, მარკ ნატანსონს, თუმცა ამ საკითხის მკვლევარი შაცილო, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერს ამბობს.
დეკანოზიშვილის ყურადღებას ალბათ მიიპყრობდა რუსეთის რევოლუციური მოძრაობის პატრიარქი და ლეგენდარული პიროვნება, ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაია. ამ ქალს “რუსეთის რევოლუციის ბებიას” ეძახდნენ. იგი 1844 წელს იყო დაბადებული, მონაწილეობდა აქტიურად 1870-იანი წლების ხალხოსნურ მოძრაობაში, 1874-დან 1882 წლამდე იმყოფებოდა ციხეებსა და ციმბირის გადასახლებაში. გაიქცა წარმოუდგენლად რთული გზით. გამცილებლებმა მიატოვეს ის და სამი გაქცეული, რის გამოც დაიჭირეს და 4 წლით გაუგრძელეს კატორღა. იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის დამაარსებელთაგანი და სამხედრო ორგანიზაციის შემქმნელი. 1910 წელს აზეფის დასმენის საფუძველზე კვლავ გადაასახლეს, სადაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე იმყოფებოდა. 1919 წელს წავიდა ემიგრაციაში, რადგან არ ცნო ბოლშევიკების ხელისუფლება.
მაინც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკანოზიშვილს განსაკუთრებით ახლო მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდა კონი ცილიაკუსთან. ჩვენ ქვემოთაც მოგვიწევს საუბარი მასზე. ამიტომ ზედმეტი არ იქნება წარმოვიდგინოთ ცილიაკუსის პიროვნება, რომელიც ცოცხლად აღწერა ვ. ა. პოსსემ: “ცილიაკუსი გახლდათ პირდაპირ გიგანტური სიმაღლისა და აღნაგობის მქონე კაცი: ამ მხრივ მას შეეძლო თვით ბისმარკს დატოლებოდა. მიუხედავად თავისი ორმოცდაათზე მეტი წლისა, იგი გვაოცებდა სიცოცხლის სიყვარულით და ამოუწურავი ენერგიით. ცილიაკუსი ლაპარაკობდა დამტვრეული რუსულით, ძლიერი აქცენტით, მაგრამ ლაპარაკობდა ბევრს, ცოცხლად, მხიარულად ხუმრობებით ავსებდა საუბარს. მას უყვარდა არც თუ მორიდებული შინაარსის რუსული ანეკდოტების მოყოლა და ისინი სასაცილოდ გეჩვენებოდათ ძირითადად იმიტომ, რომ დამახინჯებულად წარმოითქმებოდა… ამ საოცარმა ადამიანმა ფეხით შემოიარა ლამის მთელი დედამიწა, იაპონია, ჩინეთი, ფეხით გადაჭრა სამხრეთ ამერიკა ოკეანიდან ოკეანემდე, იმყოფებოდა აფრიკაში და ყველგან ისე გრძნობდა თავს, როგორც სახლში. ეს იყო უმაღლესი დონის ავანტიურისტი. რევოლუცია მას იზიდავდა უმთავრესად, მასთან დაკავშირებული, თავგადასავლებით. სხვადასხვა ქვეყნებში, ის ალბათ. ნაირ-ნაირ ცხოველებზე ნადირობდა კიდეც, და ახლა თავის სამშობლოში რუსულ თვითმპყრობელობაზე ნადირობით ერთობოდა… როცა წასასვლელად მოემზადა ცილიაკუსმა ყველა გადაგვკოცნა, გაპონს მიუბრუნდა და შთამაგონებლად უთხრა: “იცოდეთ, იქ პიტერში საჭიროა კარგი ნაპერწკალი, ჩქარა დაანთეთ. მსხვერპლს არ შეუშინდეთ. ადექი, წამოდექი, მშრომელო ხალხო. ზარალი არ იქნება, თუ ხუთი ასეული პროლეტარი წაიქცევა. თავისუფლებას მოიპოვებენ. ყველას თავისუფლება.”68.
ჟენევის კონფერენციაზე ცილიაკუსმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავყრილობაც მისი დაუღალავი ენერგიის საფუძველზე მოეწყო, თავად აღარ მოინდომა დასწრება, რათა მისი აკაშისთან კავშირის გამო, რუსულ პარტიებს იაპონიის დაფინანსებაზე არ აეღოთ ეჭვი. მის მაგიერ კონფერენციას ესწრებოდა აქტიური წინააღმდეგობის პარტიის მეორე ლიდერი, ფინელი პატრიოტი და პოლიტიკური მოღვაწე, არვიდ ნეოვიუსი (1861-1916). სწორედ ის გახლდათ იმჟამად შვედეთში, სტოკჰოლმში გამომავალი გაზეთის, “თავისუფალი სიტყვის” რედაქტორი.
მკითხველი ალბათ ქვემოთ ყურადღებას მიაქცევს თუ როგორ თბილად მოიხსენიებს დეკანოზიშვილი “დღიურში” გიორგი გაპონს. იმ პერიოდში, 1905 წელს, მღვდელი გაპონი იყო რუსეთის რევოლუციური მოძრაობის უპოპულარესი და აღიარებული მოღვაწე, თვითმპყრობელობის დაუძინებელი მტერი. მის მისამხრობად არაფერს ზოგავდნენ ბოლშევიკების, მენშევიკების თუ ესერთა ლიდერები: პლეხანოვი, ლენინი, გორკი, ჩერნოვი. მის რამენაირად გამოსაყენებლად ბევრს ცდილობდნენ აგრეთვე იმპერიის სპეცსამსახურების შეფებიც. გაპონი იმდენად სასურველი პიროვნება იყო ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რომ იგი ჟენევის კონფერენციის მიერ შექმნილი მომავალი აჯანყების ხელმძღვანელი სამხედრო კომიტეტის შემადგენლობაშიც კი შეიყვანეს.
გაპონი მაინც დამოუკიდებელი და მარტო მოქმედი პიროვნება იყო და არცერთ პარტიას არ შეუერთდა, თუმცა ახლოს იმყოფებოდა ესერებთან. როცა ესერებმა იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის, დურნოვოს მკვლელობა დაგეგმეს, შეშინებულმა მინისტრმა გაპონთან მისასვლელი გზების ძებნა დაიწყო, რათა მისი მეშვეობით, ესერებს იქნებ გადაეფიქრებინათ მკვლელობა. რუსულმა სპეცსამსახურებმა შეძლეს გაპონთან რამდენიმე ფარული შეხვედრის ორგანიზება, რაც რა თქმა უნდა, საკმარისი აღმოჩნდა მისი სახელის დისკრედიტაციისთვის. 1906 წლის მარტში გიორგი გაპონი თვით ესერებმა მოკლეს.
რა თქმა უნდა, რუსეთსა თუ საზღვარგარეთ მყოფმა ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილმა და სერიოზულმა რევოლუციონერმა იცოდა რომ მას უთვალთვალებდნენ. ეს ცხადია იცოდა გიორგი დეკანოზიშვილმაც. ოღონდ არ ვიცით, იცოდა თუ არა ქართველმა პატრიოტმა, თუ რამდენად სერიოზული იყო მისი პიროვნებით რუსეთის სპეცსამსახურების დაინტერესება. არ ვიცით, იცოდა თუ არა მან, რომ რუსეთის პოლიციის დეპარტამენტი და მისი საზღვარგარეთული განყოფილება, იაპონიის კონტრდაზვერვის საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურად უთვალთვალებდა “სამეულს,” რომელშიც იგულისხმებოდნენ პარიზში ხშირად მოსიარულე პოლკოვნიკი აკაში, ფინელი ცილიაკუსი და თვით ის _ “გიორგი დეკანოზი” თუ “დეკანოზოვი.”
ცოტა რამ რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურებზე.
როგორც ცნობილია, 1879 წლიდან რუსი ხალხოსნების ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ნაროდნაია ვოლიამ” ნამდვილი ნადირობა დაიწყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის მოსაკლავად. ერთ-ერთი თავდასხმა მეფეზე 1880 წლის 5 თებერვალს მოხდა, როცა ხალხოსნებმა ზამთრის სასახლეში მეფის სასადილო ააფეთქეს. ხელისულება დაფაცურდა. ძველი არაეფექტური ე. წ. “მესამე განყოფილება” გააუქმეს და 1880 წლის 6 აგვისტოს შექმნეს იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული _ სახელმწიფო პოლიციის დეპარტამენტი. ახალი სტრუქტურის მთავარი მიზანი იყო რევოლუციურ და ეროვნულ მოძრაობებთან ბრძოლა და იმპერატორის დაცვა..
1898 წელს პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა _ განსაკუთრებული განყოფილება, რომელშიც რამდენიმე სტრუქტურა იყო ჩამოყალიბებული. ისინი განმათავისუფბელებელი და ანტიმონარქისტული მოძრაობის სხვადასხვა ორგანიზაციების გასანეიტრალებლად იბრძოდნენ. ესენი იყო განყოფილებები: I _ საერთო ხასიათის მიმოწერის; II _ სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის; III _ სოციალ-დემოკრატების; IV _ იმპერიის ეროვნული მოძრაობების და პარტიების; V _ შიფრების გარჩევის: VI _ პოლიტიკური ძიების; VII _ მოქალაქეთა პოლიტიკური კეთილსაიმედოობის განყოფილებები.69 პოლიციის დეპარტამენტის უფროსებად ანუ დირექტორებად ინიშნებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, რომელნიც იმავდროულად იყვნენ ჟანდარმთა ცალკე კორპუსის შეფები.
რევოლუციური მოძრაობის აღმავლობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ძებნის წარმოებისათვის საჭირო გახდა სპეციალური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო რევოლუციური ანტიმონარქისტული აქტის მოხდენამდე აღმოჩენა, მისი აღკვეთა და მეფისა და მისი ოჯახის წევრების დაცვა. ამ მიზნით, ჯერ კიდევ 1866 წელს პეტერბურგში შეიქმნა ე. წ. საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დაცვის განყოფილება _ იგივე “დაცვის განყოფილება,” რომელსაც “ოხრანკას” უწოდებდნენ. ასეთი “ოხრანკის” განყოფილებები შეიქმნა მოსკოვში, ვარშავაში, ხოლო 1903 წლიდან კი იმპერიის ბევრ გუბერნიაში. 900-იან წლებში “ოხრანკის” განყოფილებები იქცა პოლიტიკური ძებნის მთავარ და ცენტრალურ სტრუქტურად პოლიციის დეპარტამენტში.
რაც შეეხება ევროპაში მოქმედ რუსეთის ემიგრანტულ-რევოლუციურ ცენტრებს, მათზე და მათ წარმომადგენლებზე თვალთვალს და გამოაშკარავება-ნეიტრალიზებას აწარმოებდა პოლიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთული აგენტურა, ანუ პარიზის ბიურო. დეკანოზიშვილის პარიზში მოღვაწეობის პერიოდში, საზღვარგარეთულ აგენტურას მიმდევრობით მეთაურობდნენ რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ძებნის აღიარებული ავტორიტეტები: პეტრე რაჩკოვსკი (1885-1902); ლეონიდ რატაევი (1902-1905) და არკადი გარტინგი (1905-1909).
როგორც ადრე აღვნიშნეთ და რუსულ ისტორიოგრაფიაშია მიჩნეული, თავდაპირველად რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურებმა მაინცდამაინც ბევრი არაფერი იცოდნენ იაპონელთა მიერ რუსეთის რევოლუციური პარტიების დაფინანსების შესახებ. როცა ამის თაობაზე გაიგეს, 1904 წლის ოქტომბერში იმპერიის პოლიციის დეპარტამენტმა პარიზში მიავლინა თავისი აგენტი, ჩვენს მიერ ზემოხსენებული ივან ფედოროვიჩ მანასევიჩ-მანუილოვი. ის სწორედ ამ წელს დაინიშნა იმპერიის პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო განყოფილების უფროსად საერთაშორისო დაზვერვის სფეროში. აღნიშნული სტრუქტურა კონტრდაზვერვას აწარმოებდა ქვეყნის შიგნით და მთავარი ფუნქცია რევოლუციურ-ოპოზიციური მოძრაობის ნეიტრალიზება გახლდათ.
რევოლუციონერების დევნამ მანასევიჩ-მანუილოვი კარგად ორგანიზებული იაპონური დაზვერვის კვალთან მიიყვანა. მალე მანასევიჩ-მანუილოვმა დაადგინა, რომ იაპონური დაზვერვის შეფთან მოტოძირო აკაშისთან, რუსეთის არაერთი ცნობილი რევოლუციონერ-ემიგრანტი თანამშრომლობდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ცილიაკუსი და დეკანოზიშვილი. პეტერბურგმა სპეციალური სანქცია გასცა, რათა მანასევიჩ-მანუილოვს ფარულად გაეხსნა დეკანოზიშვილის მიწერ-მოწერა ანუ “კორესპონდენციები” და ამ გზით ეთვალთვალა მისთვის. ირკვევა, რომ დეკანოზიშვილის “კორესპონდენციებს” ეცნობოდნენ ფრანგული სპეცსამსახურები და უგზავნიდნენ რუსებს. საერთოდ, ამ საქმეში საფრანგეთის ხელისუფლება მონდომებით ეხმარებოდა თავის მოკავშირე რუსეთს.
1904 წლის 29 ნოემბერს ივან ფედოროვიჩი უკვე მოახსენებდა იმპერიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომ აკაშისა და დეკანოზიშვილს შორის დამყარებული იყო “ფრიად ნდობით აღსავსე ურთიერთობა, რაც იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ “დეკანოზი” მუშაობს იაპონიის ფულით.” ამის შემდეგ მანუილოვს მოჰყავდა მათი თანამშრომლობის დამადასტურებელი მასალები, რუსეთში არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაში.70
რუსეთის სპეცსამახურები ურიგოდ არ მუშაობდნენ, მაგრამ ერთი ნაკლი კი ნამდვილად ჰქონდათ. ისინი ხშირ შემთხვევაში პოსტ-ფაქტუმ მოქმედებდნენ. ასე ხდებოდა დეკანოზიშვილის შემთხვევაში. აი თუნდაც ახლა, როცა აგენტი მანუილოვი თავის შეფს მოახსენებდა, დეკანოზიშვილს არალეგალური ლიტერატურა უკვე გამოგზავნილი ჰქონდა საქართველოში თუ რუსეთის იმპერიის სხვა კუთხეში. მაგალითად, 1904 წლის 25 ივლისს, დეკანოზიშვილი თავის “დღიურში” წერდა: “რუსების ლიტერატურა გაგზავნილია. წერილი მივწერე სოციალისტ-რევოლუციონერებს, რომ მათი ჟურნალები გაგზავნილია ჩემს მიერ. ძლიერ გაეხარდებათ. მეც მიხარიან, რომ შველა შევძელი.”
აღარ აღვნიშნავთ “საქართველოს” ნომრების საქართველოში გამოგზავნაზე, რის შესახებაც უკვე ვთქვით, რომ დეკანოზიშვილი წერდა, გაზეთის გაგზავნის არც ერთი შემთხვევა წარუმატებლად არ დამთავრებულაო. აბა მაშ რაღას აკეთებდა აგენტი მანასევიჩ-მანუილოვი, თუ თავის მოხსენებებს დამაწყნარებელი აბებივით უგზავნიდა პოლიციის დეპარტამენტის შეფს.
რაღაც ამის მაგვარი თუ უფრო უარესი მართლაც სჭირდა ივან ფედოროვიჩს: უამრავ ფულს ხარჯავდა, უფროსობას ყალბ და გაზვიადებულ ინფორმაციებს აწვდიდა თავისი მიღწევების შესახებ. მალე ის პეტერბურგის აშკარა მოტყუების გზას დაადგა: დეპარტამენტში გზავნიდა თითქოს რუსეთის რევოლუციონერთა იაპონელებთან კავშირის მამხილებელ მასალებს, რომელიც სინამდვილეში იყო იაპონური გაზეთებიდან ამოჭრილი ყოვლად უსარგებლო ინფორმაციები. მანასევიჩ-მანუილოვი მალე ამხილეს მაქინაციებში. იგი ჯერ პარიზიდან გაიწვიეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ საერთოდ გააძევეს სპეცსამსახურებიდან.
მაგრამ მის გაწვევა-გაძევების თარიღებს ქვემოთ დავასახელებთ, რადგან ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნაშრომის მთავარი პერსონაჟის მოღვაწეობის კარგად წარმოსადგენად _ რა პერიოდში, როგორ და რანაირად უშლიდნენ ხელს ან მოახერხეს თუ არა მისი საქმინობის ხელის შეშლა თუ ნეიტრალიზება რუსულმა სპეცსამსახურებმა, რომელსაც ჯერჯერობით მანასევიჩ-მანუილოვი წარმართავდა.
“დეკანოზის” თვალთვალმა და “კორესპონდენციების” ჩხრეკამ მაინცდამაინც დიდი შედეგები რომ არ მოუტანა მანუილოვს, იქიდანაც ჩანს, რომ 1904 წლის ბოლოს პეტერბურგიდან მას მოუვიდა მოულოდნელი მითითება _ შეეწყვიტა “დეკანოზზე” თვალთვალი, რადგან, როგორც იწერებოდნენ დედაქალაქიდან: “აღნიშნული თვალთვალიდან არ დგინდება ხსენებული დეკანოზის სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.” ეტყობა მანუილოვს ბოლომდე არ უჯერებდნენ უკვე და გიორგი დეკანოზიშვილიც 1904 წლის ნოემბრის ბოლოდან 2-3 თვით განთავისუფლდა რუსული აგენტურის ფარული მეთვალყურეობისგან და, რა თქმა უნდა, არა მარტო ის.
მაგრამ რუსული აგენტურა სწორ კვალზე, როგორც ჩანს, ფრანგულმა სპეცსამსახურებმა დააყენეს. 1905 წლის დასაწყისში პარიზის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელმა ქალმა, ფემა მასონმა, წერილი მისწერა რუსეთის ელჩს საფრანგეთში _ ა. ნ. ნელიდოვს და საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდა იაპონელი პოლკოვნიკის აკაშის შესახებ. პარიზელი ქალი იტყობინებოდა, რომ აკაში ხშირად მოდიოდა მის სასტუმროში და ფრიად საეჭვო შეხვედრებს მართავდა. ამასთანავე ქალბატონი ფემა რუს ელჩს თავის სამსახურს სთავაზობდა, _ ეთვალთვალა იაპონელი პოლკოვნიკისათვის და მასთან მოსული საეჭვო სტუმრებისათვის.
ამის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა თვალთვალი განაახლეს აკაშისა და მისი სტუმრების მიმართ, რომელთა შორის მალე დააფიქსირეს “დეკანოზივიც.” ეს მოხდა 1905 წლის თებერვალ-მაისის შუალედში. რუს აგენტებს და, მათ შორის, მანასევიჩ-მანუილოვსაც, იმავე პარიზელი დამლაგებელი ქალის დახმარებით საშუალება მიეცათ, აკაშისა და მისი სტუმარი რუსი თუ არარუსი რევოლუციონერების კონფიდენციალური საუბრებისათვის, სასტუმროს მეზობელი ოთახიდან მიეყურადებინათ. ცხადია ამგვარმა ბედნიერმა შემთხვევამ არაერთი უნიკალური ინფორმაცია მოაპოვებინა რუსეთის საზღვარგარეთულ აგენტურას. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, უპირატესობა იაპონიისა და მისი მოკავშირე რევოლუციურ-ოპოზიციური ბანაკის მხარეზე იყო: იაპონია ომის ფრონტებზე ზედიზედ აყენებდა მწარე დარტყმებს რუსეთს, ხოლო განმათავისუფლებელი მოძრაობა იმპერიაში აღმავლობას განიცდიდა.
შესაბამისად, თავისი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული რუსეთის ხელისუფლებასთან და მის სპეცსამსახურებთან გიორგი დეკანოზიშვილსაც. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ინტენსიური თვალთვალი მიმდინარეობდა, ქართველი პატრიოტის პოლიტიკური საქმიანობა წარმატებით გრძელდებოდა _ იგი კვლავინდებურად სცემდა “საქართველოს,” ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას რუსეთშიც და საქართველოშიც; ამყარებდა კავშირებს რევოლუციურ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან და პერსონებთან; აქტიურად მონაწილეობდა სრულიად რუსეთის ანტიმონარქისტულ ფორუმებზე; აძლიერებდა საქართველოს ეროვნულ მოძრობას და მის ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას _ ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას; შეუფერხებლად აწარმოებდა ევროპაში ქართული სახელმწიფოს აღდგენისა და პოლიტიკური თავისუფლების იდეის პოპულარიზაციას და უნარიანად იყენებდა იაპონიის ფინანსურ-მატერიალურ რესურსებს, მათი და თავისი ხალხის უპირველესი მტრის _ რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ.
“დღეს დაიბეჭდა ჩვენი პარტიის მიერ ერთად სხვა პარტიებთან შემუშავებული დეკლარაცია” _ ეს დეკანოზიშვილის 1904 წლის 1 დეკემბრის ჩანაწერია. ასე შეთანხმდნენ პარტიები ჟენევის კონფერენციაზე _ ყველა იქ მყოფ პარტიას ერთ დღეს უნდა გამოექვეყნებინა კონფერენციაზე მიღებული “დეკლარაცია” _ შეიარაღებული აჯანყების მოწოდებით. ასეთი კოორდინირებული წესით, ერთდროულად, ყველა პარტიის გაზეთებში დეკლარაციის გამოქვეყნებამ ძლიერი ეფექტი მოახდინა. დეკანოზიშვილი კმაყოფილი იყო, რომ სხვა პარტიებთან ერთად დეკლარაცია ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანო “საქართველომაც” დაბეჭდა. გიორგი თავისი რამდენიმეთვიანი საქმიანობის ერთგვარ შეფასებასაც აკეთებს ამ მიმართულებით: “ბევრი ვეცადე, რომ ჩვენც დაგვეჭირა სხვა პარტიათა შორის შესაფერი ადგილი. ეს ხუთი თვეა სულ ამას დავდევდი. ვმოგზაურობდი რომ მენახა სხვა და სხვა პარტიების წარმომადგენელნი, ხან წერილებს ვწერდი; რასაც კი ვშოულობდი სულ ამ საქმეს ვახმარდი, რადგან ეგ კავშირი საჭირო იყო ჩვენთვის. კავშირი სხვადასხვა რუსობის პარტიებთან, კავშირი ფინლანდიელებთან, კავშირი პოლონელებთან, სომხებთან, ბელორუსებთან, ამ დროში მოგვიტანს დიდ სარგებლობას, რადგან რუსეთის წეს-წყობილება დიდხანს ვერ იცოცხლებს. Oომმა ძალიან დაასუსტა. პრესტიჟი და ფინანსები ძალიან დაეცნენ”71
ერთი კაცისთვის და მისი დამხმარე ქართველ პატრიოტთა მცირე ჯგუფისთვის, ყოველივე ზემოაღნიშნული საკეთებელი, უზომოდ ბევრი იყო. მაგრამ გიორგი დეკანოზიშვილი ის კაცი გახლდათ, რომელსაც არ შეეძლო, თუ კიდევ ჰქონდა დარჩენილი ენერგია, თავისი თავი დაეზოგა და დიდი საქმისთვის გამოუყენებლად დაეტოვებინა.

თავი მეექვსე

`ჯონ გრაფტონის~ ოპერაცია

რუსეთში რევოლუციის დაწყებამ და აჯანყების დაგეგმვამ, უკვე 1905 წლის თებერვალში დააყენა დღის წესრიგში საზღვარგარეთიდან იარაღის შემოტანის საკითხი. მალე აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით მარტო რუსეთის რევოლუციონერები არ იყვნენ დაინტერესებულნი. იაპონია რომელიც აქამდე აქტიურად აფინანსებდა რუსეთის პოლიტიკურ პარტიებს, კონფერენციებს, არალეგალური ლიტერატურის შეგზავნას იმპერიაში და სხვა აქციებს, ცხოვლად დაინტერესდა რუსეთში იარაღის შეგზავნითაც, ურომლისოდაც შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა.
თავდაპირველად ამ საკითხის გარშემო იაპონიის მთავრობაშიც ყოყმანობდნენ. როდესაც ცილიაკუსმა რევოლუციონერებისთვის იარაღის შესაძენად პოლკოვნიკ აკაშის დაფინანსება სთხოვა 1905 წლის თებერვალში, ამ უკანასკნელმა ტოკიოს მოახსენა, რომ ამ საქმისათვის საჭირო იქნებოდა 450000 იენი. მის წინადადებას მხარს უჭერდა იაპონიის ელჩი საფრანგეთში მოტონო. მაგრამ ამ იდეის წინააღმდეგი აღმოჩნდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კომურა. მას მიაჩნდა, რომ რუსეთის რევოლუცია უარყოფითად აისახებოდა არამარტო ამ ქვეყნის, არამედ გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის საშინაო ვითარებაზეც. მიუხედავად ამგვარი თავშეკავებისა, იაპონურ ისტორიოგრაფიაზე დაყრდნობით, დ. პავლოვი და ს. პეტროვი ადასტურებენ, რომ იმავე წლის მარტში იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში შეიარაღებული აჯანყების დასაფინანსებლად 1 მილიონი იენის გამოყოფის შესახებ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნაშრომის წინამდებარე თავში ძირითადად ვეყრდნობით რუსი ისტორიკოსების დ. პავლოვისა და ს. პეტროვის ჩვენს მიერ არაერთხელ გამოყენებულ ნაშრომს (ßïîíñêèå äåíüãè è ðóññêàÿ ðåâîëþöèÿ. ჰტტპ: //რეგიმენტ.რუ/Lიბ/A/32/3.ჰტმ). მათი ნაშრომიდან ირკვევა სწორედ, რომ იარაღის შეტანის ოპერაციაში, რაც უნდა მომხდარიყო რუსი ესერებისა და ფინელი აქტივისტების მიერ ბალტიის ზღვით, აქტიურ და ერთ-ერთ წამყვან მონაწილეობას იღებდა გიორგი დეკანოზიშვილი ან მათივე ვარიანტით _ `დეკანოზოვი~.
ცნობილია ისედაც, რომ იარაღის შეტანა რუსეთში გემ `ჯონ გრაფტონით~, ჩავარდა და ეს არაერთმა გარემოებამ განაპირობა. მთავარი მიზეზი ჩავარდნისა ის იყო, რომ რუსმა ესერებმა საქმეში ჩართეს აზეფი, ხოლო შემდეგ მღვდელი გაპონი. ცილიაკუსის განზრახვის შესახებ, იარაღის რუსეთში შეტანაზე, აზეფი ჯერ კიდევ 1905 წლის თებერვალში მოახსენებდა პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 8 აპრილს წერდა ცილიაკუსის კავშირზე იაპონელებთან. მაგრამ აზეფს ჰქონდა უფროსების ინფორმირების საკუთარი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა ორმაგ სტანდარტებს. იგი ერთის მხრივ ნახევარსიმართლეს წერდა პოლიციის დეპარტამენტს და არ ატყობინებდა სად, როდის და რა პირობებში უნდა მომხდარიყო `ჯონ გრაფტონიდან~ იარაღის გადატანა რუსეთში.
ჩვენს ყურადღებას შევაჩერებთ `ჯონ გრაფტონის~ ოპერაციაზე, ორი გარემოების გამო. ერთი, რომ ამ ოპერაციის თავდაპირველ სტადიაზე მასში მონაწილეობდა `დეკანოზი~, ხოლო მეორე ისაა, რომ `გრაფტონის~ ოპერაციის პერიპეტიები გამოგვადგება შემდეგი ოპერაციის ნათლად წარმოსადგენად, რომელიც თავიდან ბოლომდე დაკავშირებული იყო გიორგი დეკანოზიშვილის სახელთან.
1905 წლის მარტ-აპრილში ემიგრანტულ რევოლუციურ წრეებში აქტიურად იწყება იარაღის შეძენის კამპანია. ძირითადად ეს ხდებოდა რა თქმა უნდა პოლკოვნიკ აკაშის კონტროლით. მაგრამ იგი ცდილობდა რაც შეიძლება ინკოგნიტოდ დარჩენილიყო და მოქმედებდა `დეკანოზისა და ცილიაკუსის~ მეშვეობით. თავის მხრივ, ეს უკანასკნელნიც, ეტყობა აკაშის მითითებით, მაქსიმალურად ფარავდნენ მომდინარე ფინანსების წყაროს, თუმცა საბოლოო ჯამში, ფულის მიმღებებმაც და გადამცემლებმაც მშვენივრად იცოდნენ საიდან და რატომ მოდიოდა ფული.
ირკვევა რომ 1905 წლის 2 მაისს აკაშიმ `დეკანოზოვს~ ანუ როგორც რუსი ავტორების დამოწმებულ ნაშრომებშია მოხსენებული _ `თავის აგენტს~ გადასცა 125000 ფრანკი. ამ უკანასკნელს ამ დროისათვის უკვე ჰქონდა მოძებნილი ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის ცნობილი პიროვნება _ შვეიცარიელი ევგენი ბო. პავლოვ-პეტროვი მას მოიხსენიებენ, `ანარქისტად~. მის პიროვნებას ქვემოთ დავუბრუნდებით. ამჯერად კი იმას აღვნიშნავთ, რომ დეკანოზიშვილი, სწორედ ამ შუამავალ `ანარქისტ ევგენი ბოს~ მეშვეობით იწყებს მოლაპარაკებას შვეიცარიის სამხედრო უწყებასთან, `ვეტერლეის~ ტიპის თოფების შესყიდვის შესახებ.
ამის შემდეგ ახლო ხანებში, უფრო ზუსტად მაისის შუა რიცხვებში მანასევიჩ-მანუილოვი თუ მისი აგენტები ხსნიან თვით აკაშის ჩემოდანს, სადაც პოულობენ მის მიმართ გამოგზავნილ ცილიაკუსის ბარათს. ამ ბარათის ინფორმაციაზე დაყრდნობით მანასევიჩისათვის ცნობილი ხდება, რომ იაპონელებმა ფული მისცეს რუსეთის რევოლუციონერებს 14500 თოფის შესაძენად. თანხა შეადგენდა 15300 ფუნტ სტერლინგს, ანუ 382500 ფრანკს. გარდა ამისა, რუსი სოციალისტ-რევოლუციონერებისათვის გადაუციათ დამატებით 4000 ფუნტი სტერლინგი ანუ 100 000 ფრანკი, იახტებისა და ეკიპაჟის დასაქირავებლად. ამავე წყაროში ესერების გარდა, იაპონელთაგან მსხვილი თანხების მიმღებთა შორის დასახელებულნი არიან: ქართული სოციალისტ-ფედერალისტ-რევოლუციონერთა პარტია; პოლონეთის სოციალისტური პარტია და ფინური აქტიური წინააღმდეგობის პარტია
ამავე შეტყობინებაში მანასევიჩ-მანუილოვი იმპერიის პოლიციის შეფს რეკომენდაციას აძლევს გააძლიერონ ანუ `დააწესონ ყველაზე ფართო თვალთვალი პოლკოვნიკ აკაშის, დეკანოზის, ზილიაკუსისა და სხვა პირების მიმართ~, რისთვისაც უნდა შეიქმნასო `სპეციალური აგენტურა~ დასავლეთ ევროპის 7 ყველაზე მსხვილ საპორტო ქალაქში და ა. შ. მაგრამ მანასევიჩ-მანუილოვის წინადადებები ყურადღების გარეშე დატოვეს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა ორგანოებმა. აქ გვინდა უბრალოდ დავაფიქსიროთ, რომ გიორგი დეკანოზიშვილი ფაქტიურად მთავარ შუამავლად გვევლინება პოლკოვნიკ აკაშისა და რუსეთის რევოლუციურ პარტიებს შორის და ფაქტიურად ისაა მთავარი ფიგურა, არამარტო გადმოცემული ფულის რევოლუციური პარტიებისათვის დანაწილებაში, არამედ ის აწარმოებს თავის შუამავლების მეშვეობით, იარაღის შეძენას შვეიცარიის სამხედრო ხელისუფლებთან.
სწორედ ამ ხანებში იაპონურმა დაზვერვამ და პირველ რიგში აკაში-დეკანოზოვი-ცილიაკუსის სამეულმა რუსულ კონტრდაზვერვასთან კონკურენციაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აკაშიმ შეძლო მანასევიჩ-მანუილოვის ერთ-ერთი ფრანგი აგენტი-ინფორმატორის ცოლის _ ვინმე `მადამ როლანდის~ გადაბირება. ეს ნიშნავდა იაპონური დაზვერვის მიერ, რუსული კონტრდაზვერვის გულში, მანასევიჩ-მანუილოვის მთავარი მოკავშირეების _ ფრანგული სპეცსამსახურების პარიზის ქსელში შეღწევას. ეს მოხდა დაახლოებით 1905 წლის ივნისში.
უკვე მომდევნო თვეში, ივლისის შუახანებში, `დეკანოზოვისა და ბოს~ ძალისხმევით შეძენილ იქნა რუსეთში ყველა მიმართულებით შესატანი და ყველა პარტიისათვის გადასაცემი იარაღის ძირითადი ნაწილი _ შვეიცარიის სამხედრო უწყების მიერ ჩამოწერილი 25000 შაშხანა და 4 მილიონზე მეტი ვაზნა. ამ წარმატების შემდეგ იაპონური დაზვერვის მიერ იარაღის შეძენის ძირითადმა ბაზამ ჰამბურგიდან შვეიცარიაში გადმოინაცვლა. ჰამბურგში ცილიაკუსი საქმიანობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰამბურგს უკვე რუსები უთვალთვალებდნენ.
აქ გვინდა დეკანოზიშვილთან დაკავშირებით, მოვლენების შემდგომი განვითარების გადმოცემა შევწყვიტოთ და ეს საქმე ნაშრომის შემდეგი თავისთვის გადავდოთ. ამ ეტაპის შემდეგ, გიორგი დეკანოზიშვილი თითქმის წყვეტს `ჯონ გრაფტონის~ ოპერაციასთან კავშირს, რადგან იწყება ოპერაციის მეორე ეტაპი _ გემის მსვლელობა ბალტიის ზღვის მიმართულებით და მისი გადმოტვირთვის პერიპეტიები _ იარაღი ნაყიდი იყო და სწორედ ამის შემდეგ იყიდეს 315-ტონიანი წყალწყვის გემი `ჯონ გრაფტონი~, რომელიც გააფორმეს ინგლისელი ღვინის ვაჭრის დიკენსონის სახელზე, რომელმაც თავის მხრივ იგი არენდით გადასცა ამერიკელ მორტონს. გარდა ამისა `ჯონ გრაფტონს~ სახელი შეუცვალეს და დაარქვეს `ლუნა~. მეტიც, რუსული სპეცსამსახურების თავგზის აბნევის მიზნით იყიდეს კიდევ ერთი გემი `ფულხამი~, რომლიდანაც იარაღის პარტია, სადმე ბალტიის ზღვაში უნდა გადაეტვირთათ `ჯონ გრაფტონზე~. მკითხველის ყურადღება რომ ზედმეტად არ დავძაბოთ გემს ისევ `ჯონ გრაფტონი~ ვუწოდოთ.
1905 წლის 28 ივლისს `ჯონ გრაფტონი~ ლონდონიდან გავიდა. კუნძულ გერსეისთან, ღია ზღვაში შტორმის დროს, სამი დღის განმავლობაში `ფულხამიდან~ `გრაფტონზე~ გადატვირთეს 16000-მდე შაშხანა და 2.5 მლნ ვაზნა. ეკიპაჟში ფინელი და ლატვიელი რევოლუციონერები და მეზღვაურები შედიოდნენ. 18 აგვისტოს `ჯონ გრაფტონმა~ იარაღის ნაწილი სადღაც ვინდაუს ჩრდილოეთით გადატვირთა. იარაღის ძირითადი ნაწილის გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა _ მისი მიღების ცუდი ორგანიზების გამო. ამიტომ `გრაფტონი~ დანიაში დაბრუნდა.
რამდენიმე დღის შემდეგ `ჯონ გრაფტონი~ ბოტნიის ყურის მიმართულებით დაიძრა. 4 სექტემბერს კემის რაიონში და 6 სექტემბერს პიტარსაართან ახლოს, `გრაფტონიდან~ ორჯერ კვლავ შეძლეს იარაღის გადატვირთვა, მაგრამ ეს მაინც მცირე რაოდენობა იყო გემზე დარჩენილ ტვირთთან შედარებით. 1905 წლის 7 სექტემბერს, დილაადრიან, `ჯონ გრაფტონი~ მოულოდნელად ქვიან-კლდოვან მეჩეჩს დაეჯახა. ეს მოხდა იაკობსტადტთან 22 კმ-ზე. ვერაფრით ვერ მოხერხდა მეზობელ კუნძულზე იარაღის გადმოტვირთვა. მეორე დღეს `ჯონ გრაფტონი~ ააფეთქეს.
რუსეთის ხელისუფლებას გაუმართლა. ფორტუნა ამჯერად რუსული სპეცსამსახურების მხარეზე აღმოჩნდა. ისინი, დაწყებული აგენტ მანასევიჩ-მანუილოვიდან და პროვოკატორ აზეფიდან, დამთავრებული პოლიციის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფებამდე, აზრზე არ იყვნენ სად იმყოფებოდა `ჯონ გრაფტონი~. კარგა ხნის შემდეგ, გემის ნარჩენებიდან ხელისუფლებას ხელში ჩაუვარდა რევოლუციონერების ნაჯახირევ-ნაწვალევი იარაღის ორი მესამედი, ვაზნების უზარმაზარი რაოდენობა, შაშხანის ხიშტები, დეტონატორები, ასაფეთქებლები და სხვ. უფრო ზუსტად, ხელისუფლებას ხელში ჩაუვარდა გიორგი დეკანოზიშვილის მიერ შვეიცარიაში არსენალიდან შეძენილი 9 670 `ვეტერლეის~ სისტემის შაშხანა; 4000 ხიშტი; გარდა ამისა, სხვაგან ნაყიდი: 720 რევოლვერი და სხვა საბრძოლო მასალები. მაგრამ პრობლემით დაინტერესებულ ავტორებს ავიწყდებათ რომ სულ `გრაფტონზე~ თავდაპირველად მოთავსებული იყო 14500 შაშხანა. ამ ტვირთის დანარჩენი ნაწილი ე. ი. დაახლოებით 4800 `ვეტტერლეის~ შაშხანა რევოლუციონერებმა `გრაფტონის~ აფეთქებამდე გადატვირთეს და გაავრცელეს იმპერიის ტერიტორიაზე.. მცირე ნაწილი იარაღისა შეხვდათ ადგილობრივ _ ახლომახლო მცხოვრებლებს და რევოლუციონერებს. მაგ. ცილიაკუსის მშობლიურ _ ფინური აქტიური წინააღმდეგობის პარტიას `გრაფტონის არსენალიდან~ მხოლოდ 300 ცალი თოფის ლულა ერგო.
რაც შეეხება მეორე გემს, რომლის ყიდვა-გასტუმრებისა და იარაღის გადაზიდვის საქმესაც კონი ცილიაკუსი კურირებდა _ იყო `კალიკსტო გარსია~. იგი 16 ივლისს გავიდა ჰამბურგიდან, ყველასათვის გაურკვეველი მიმართულებით, მაგრამ მალე მაინც მარცხით დაამთავრა თავისი მარშრუტი _ `გარსია~ რუსეთის ხელისუფლებას ჩაუვარდა ხელში.

თავი მეშვიდე

`სირიუსი~ _ იარაღის შემოტანა საქართველოში

იარაღის შეძენა რუსული და იაპონური სპეცსამსახურების კონკურენცია ძირითადად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. იაპონიის ხელისუფლება უმთავრეს მიზანს ნაწილობრივ აღწევდა: რუსეთში მთელი 1904-1905 წლების მანძილზე რევოლუციური მოძრაობა აღმავალი გზით მიემართებოდა. იაპონელები რუსულ რევოლუციას თავის ნახელავად თვლიდნენ. ეს გადაჭარბება იყო, მაგრამ ფაქტია, იაპონური ფულით ეწყობოდა სრულიად საიმპერიო მასშტაბის რევოლუციურ-ოპოზიციური პარტიების კონფერენციები, გამოიცემოდა ჟურნალ-გაზეთები და რუსეთის ტერიტორიაზე იგზავნებოდა არალეგალური ლიტერატურა, ყიდულობდნენ დიდძალ იარაღს და ა.შ. რუსეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს იაპონური კონტრდაზვერვის ხელმძღვანელ ბირთვში შეღწევა და ბევრი რამ გაიგეს პოლკოვნიკ აკაშის საქმიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ვერ შეძლეს მისი და რევოლუციონერების ანტიმონარქისტული აქტივობის ნეიტრალიზება.
იმისათვის რომ რომ გიორგი დეკანოზიშვილის საქმიანობის მაქსიმალურად ზუსტი სურათი აღვადგინოთ 1905 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში, საჭირო იქნება მარკოზ ტუღუშის მიერ გამოქვეყნებული მასალები და დეკანოზიშვილის `დღიურის~ მონაცემები, აგრეთვე რუსულ ისტორიოგრაფიაში მოპოვებულ-არსებული ინფორმაცია `დეკანოზოვ-დეკანოზის~ შესახებ, ერთმანეთს შევუსაბამოთ, ქრონოლოგიურად დავალაგოთ და თანმიმდევრული პროცესი აღვადგინოთ. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსული ისტორიოგრაფიისათვის და შესაბამისად, იაპონური სამეცნიერო ლიტერატურისთვისაც, დეკანოზიშვილის ამ პერიოდის საქმიანობისა და გემ “სირიუსით” საქართველოში იარაღის შემოტანის შესახებ, მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციაა ცნობილი, რადგან ისინი არ იცნობენ ამ უკანასკნელის “დღიურის” შინაარსს. ამიტომ ამ მასალების შეჯერება მათთვისაც მრავალ საკითხს მოჰფენს ნათელს.
ჩვენ შევწყვიტეთ საუბარი გიორგი დეკანოზიშვილის საქმიანობაზე, მას შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო იაპონური ფინანსების მიღებასთან და `ჯონ გრაფტონის~ გასტუმრებასთან. როგორც იტყვიან, ამის შემდეგ დეკანოზიშვილმა თავისი `ქართული საქმეებისთვის” მოიცალა. გიორგი ურთულესი ვითარების წინაშე აღმოჩნდა. `ჯონ გრაფტონის~ გამგზავრება-გადატვირთვის პროცესში ჩართული იყო რამდენიმე უძლიერესი პარტია: რუსი სოციალისტ-რევოლუციონერები, რუსი ბოლშევიკები, ფინელი აქტივისტები, გაპონის მრავალრიცხოვანი მუშათა ორგანიზაცია, წამყვანი რევოლუციური ავტორიტეტები: ვიქტორ ჩერნოვი, გოცი, ჩაიკოვსკი, ლენინი, გორკი, ცილიაკუსი… სია ვრცელია.
გიორგი დეკანოზიშვილი კი მარტო იყო.
ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ვერაფრით ეხმარებოდა. ერთი-ორი ლიდერი საქართველოდან წერილებით თუ ეხმაურებოდა. ის ერთი-ორი კაციც `ჯოხებს~ ანუ თოფებს ელოდებოდა. `თუ ჩვენი ვინმე გამოვიწერე, არც ის მიშველის, რადგან ენები არ ეცოდინება, ევროპას არ იცნობს, ხალხს არ იცნობს, ორგანიზაციის პრაქტიკა არ ექნება; ასე რომ ისევ უნდა მე ვიყო…~76 ანგარიშობდა, ფიქრობდა და დაასკვნიდა გიორგი დეკანოზიშვილი..
იგი მარტო აგრძელებდა თავის სახიფათო ბრძოლას რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან. მან მშვენივრად იცოდა რომ მასზე 24-საათიანი თვალთვალი იყო დაწესებული. ტყუილად ეგონა გაქნილ აგენტ ივან ფედოროვიჩ მანასევიჩ-მანუილოვს რომ `დეკანოზოვმა~ არაფერი იცოდა, როცა მის მიწერ-მოწერას აგენტები ფარულად კითხულობდნენ. თურმე აკაშის `ქართველმა~ აგენტმა თითქმის ყველაფერი იცოდა და წერდა:
`რუსეთის მართველობას არ სძინავს და ყოველ საშუალებას ხმარობს, რომ აღმოაჩინოს, როგორ და რა გზით გაიგზავნება იარაღი. აგენტები გარშემო მარტყიან. ყიდულობენ აქაურ ფოსტალიონებს, აქაურ დეპეშების მომტანებს და ცდილობენ ამ გზით გაიგონ ყველაფერი. მაგრამ მეც არ მძინავს. ვცდილობ სხვა ადრესები მივცე. ვცდილობ, რომ ჩემ სახელზე არა მოვიდეს-რა, მაგრამ ეს ძლიერ აბრკოლებს საქმეს. მე მშველელები არ მყავს, იმათ-კი მთელი შტატი ჰყავთ, რომელიც მოძრაობს. არ ვიცი, როგორ აუვალ~.
ეს 1905 წლის 16 აგვისტოს ჩანაწერია. ამ დროს, ამ დღეს დეკანოზიშვილი შვეიცარიულ სოფელ `კრუაზეტში~ იმყოფება და თავის შუამავალ `ჟურნალისტ~ თუ `ანარქისტ~ ან ორივეს ერთად _ “ჟურნალისტ-ანარქისტ~ ევგენი ბოს შველის და იცავს აგენტებისაგან. მაგრამ საქმე ამავდროულად ითხოვს მის ამსტერდამში ყოფნასაც, სადაც გემია საყიდელი. `ორად უნდა გავიჭრა. არ ვიცი სად ვიყო: ბოს ახლოს თუ ამსტერდამში~. ბოლოს ამსტერდამში წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ როგორ?
`წასვლა არაფერია, _ თითქოს თავის თავთან ანგარიშობს დეკანოზიშვილი, თუმცა სხვა რა გზა აქვს, მოსაუბრე და მშველელი მას არ გააჩნია, რომ სხვასთან ერთად აწონ-დაწონოს, _ მხოლოთ ისე უნდა წავიდე, რომ რუსეთის მართველობამ არ შენიშნოს, თორემ მე გამომყვებიან და ყველაფერს გაიგებენ. როცა გემს შენიშნავენ, მაშინ ყველაფერი დაკარგულია. უნდა გავეპარო. უნდა ფეხით წავიდე ახლო სტანციაში და მერე ათას ნაირად დავხლართო ჩემი გზა, რომ ჩემი კვალის ნავალიც არ გაიგონ. სწორეთ სასაცილო არის ამ გვარი ბრძოლა. ამ გვარი ჩუმი ბრძოლა მეზიზღება, მირჩევნია ომში გასვლა, მაგრამ რას იზამს ადამიანი. ჩემი ხალხი ძალიან თხოულობს იარაღს, ასე რომ ყველაფერი უნდა ავიტანო.~76
როგორც ჩანს რუსული აგენტურისათვის პარიზში, მიუწვდომელი აღმოჩნდა ინფორმაცია დეკანოზიშვილის იმჟამინდელი მთავარი საქმიანობის შესახებ, თუმცა მან იცის მეორეხარისხოვანი ცნობები.
ის თუ რას აკეთებდა და რა მდგომარეობაში იყო გემის ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ამის შესახებ თვით დეკანოზიშვილი გვაწვდის ინფორმაციას _ 1905 წლის 16 აგვისტომდე.
22 ივლისს გიორგი დეკანიზიშვილმა თავისი შუამავლის _ შვეიცარიის სამხედრო უწყებასთან _ ანარქისტ ევგენი ბოს გადასცა მსხვილი თანხა და ამ თანხით შეუკვეთა იარაღის ყიდვა, რის შესახებაც იუწყება ქვითარი ბოს ხელმოწერით: `მივიღე ბ-ნ გ. დეკანოზისაგან თანხა 60600 _ სამოცი ათას ექვსასი ფრანკი შვიდი ათასი (7000) ვეტტულისის თოფის და ერთ მილიონ ასი ათასი _ 1 100 000 – ტყვიის შესაძენად~.
მანასევიჩ-მანუილოვმა არ ჩანს, რომ იცის ან არ იცის, რომ გიორგი დეკანოზიშვილმა იარაღის საქართველოში გაგზავნის საქმეში სრულიად სხვა, სრულიად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია _ მან ამ საქმეში დამხმარედ ან პარტნიორად არ ჩართო არც ერთი რუსეთის რევოლუციური პარტია, მათ შორის _ არც ქართველი ფედერალისტების მთავარი მოკავშირე _ რუს სოცილისტ-რევოლუციონერთა პარტია. მან თანამშრომლებად აირჩია ევროპის სხვადასხვა რევოლუციური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწეები. ამ გარემოებამ საბოლოოდ აუბნია გზა-კვალი იმპერიის საიდუმლო სამსახურებს. ამიტომ იყო, რომ თითქმის ივლისიდან ნოემბრამდე, რუსულმა აგენტურამ ფაქტიურად არაფერი იცოდა გიორგი დეკანოზიშვილის მთავარი საქმიანობის შესახებ.
არა და პეტერბურგი დაწვრილებით ინფორმაციასა სთხოვდა თავის მთავარ აგენტს დასავლეთ ევროპაში _ მანასევიჩ-მანუილოვს. ივან ფედოროვიჩს მეტი დეტალების მოპოვების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. უბედურება ის იყო, რომ იმპერიის გაქნილ და სასარგებლო აგენტს, უკვე აღარც ენდობოდნენ. უფრო დიდი უბედურება კი ის გახლდათ რომ სადღაც აგვისტოს შუაში, ივან ფედოროვიჩი პარიზიდან გაიწვიეს. იმპერიის პოლიციის დეპარტამენტი თავისი საუკეთესო აგენტის მანასევიჩ-მანუილოვის გარეშე დარჩა. ნეტავი თუ იცოდა გიორგი დეკანოზიშვილმა ან მერე თუ გაიგო, რომ მისი და პოლკოვნიკ აკაშის მოსისხლე მტერი _ ივან ფედოროვიჩი, მათი ურთიერთბრძოლის გადამწყვეტ მომენტში, რინგიდან ჩამოიყვანეს ჯერ და მერე, ერთი წლის შემდეგ, საერთოდ გააძევეს სპეცსამსახურებიდან.
თითქმის იმავე ხანებში დაიწყო და მიმდინარეობდა იმპერიის საიდუმლო სამსახურების ნამდვილი წმენდა. 1905 წლის მარტიდან იმავე წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული პოლიციის დეპარტამენტის სამი დირექტორი შეიცვალა: გამოცდილი ლოპუხინის შემდეგ ერთმანეთს ცვლიდნენ კოვალენსკი, გარინი და ვუიჩი. მას კი მოჰყვა პროფესიონალი მაძებრის _ საზღვარგარეთული აგენტურის მეთაურის _ ლეონიდ რატაევის გადაყენება, თითქმის მანასევიჩ-მანუილოვის დათხოვნის პარალელურად.
ამ ყოველივემ რა თქმა უნდა შეაფერხა რუსეთის საზღვარგარეთული აგენტურის მუშაობა, თუმცა იქნებ პირიქითაც მოხდა, რადგან ცვლილებები ხომ სწორედ მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ხდება ხოლმე ყველგან და ყოველთვის.
რაც მთავარია, გიორგი დეკანოზიშვილის გადაწყვეტილებამ _ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინა, არა ტრადიციულად რუსი ესერების ან რუსეთის სხვა პოლიტიკური პარტიების დახმარებით, არამედ ევროპელებთან თანამშრომლობით _ იგი მიუწვდომელი გახადა პროვოკატორ აზეფისათვის. რა თქმა უნდა არც გიორგიმ და არც რომელიმე რევოლუციონერმა იმ დროს ჯერ კიდევ არაფერი იცოდა აზეფის ორმაგი თამაშის შესახებ _ ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი. მაგრამ უნდა ვაღიაროთ _ სამთო ინჟინერის გადაწყვეტილებამ – დაკავშირებოდა ევროპელ რევოლუციონერებს, ფაქტიურად რუსული საიდუმლო სამსახურების ნეიტრალიზება გამოიწვია მისი საქმიანობის სივრცეში.
გიორგი დეკანოზიშვილი ევროპულ რევოლუციურ-პოლიტიკურ ელიტასთან ვარლამ ჩერქეზიშვილმა დააკავშირა. უმთავრესად ესენი იყვნენ ფრანგი და ჰოლანდიელი ანარქისტები. ჩვენ ეს ნაწილობრივ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ ეს იყო გაზეთ `საქართველოს~ ეპიზოდი. რაც შეეხება იარაღის შემოტანის ოპერაციას, ეს სახიფათო საქმე გახლდათ და ამიტომ ჩერქეზიშვილმა დეკანოზიშვილი დააკავშირა, დოქტორ ტუღუშის სიტყვებით, `უმთავრესად ანარქისტულ ე. ი. ნამდვილ რევოლუციონერ და მომქმედ ძალებთან~. ასეთებს, საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი ძალიან ბევრს იცნობდა.77 მათგან მან უპირველეს ყოვლისა გამოარჩია ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისენი.
ქრისტიან კორნელისენმა (1864-1942) თავისი პოლიტიკური საქმიანობა სოციალ-დემოკრატობით დაიწყო, როცა 1880 წელს თანამშრომლობდა ამ მიმდინარეობის ორგანოში: “საყოველთაო სამართლიანობა” _ `ღეცჰტ როზ Aლლენ~. შემდგომში ის მეორე ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და მის სამდივნოში შედიოდა. 1891 წელს კორნელისენმა ჰოლანდიურად თარგმნა `კომუნისტური პარტიის მანიფესტი~.
1894 წლიდან კორნელისენი ანარქისტთა ბანაკში გადავიდა. 1898 წელს ის პარიზშია, თან კონტაქტს არ წყვეტს ნიდერლანდების სინდიკალისტურ მოძრაობასთან, წერს აქაურ ანარქისტულ პრესაში `ვოლკს ბლადში~ და სხვა გამოცემებში. ამ პერიოდიდან ქრისტიან კორნელისენი ჰოლანდიაში და ევროპაში ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. მ. ტუღუში ცნობით, დეკანოზიშვილთან დაკავშირებული იყო აგრეთვე ჰოლანდიური ანარქიზმის მეორე ცნობილი წარმომადგენელი ფერდინანდ დომელა ნიუვენჰაუზიც, თუმცა საამისო ცნობები არ ჩანს. შემდეგი უცხოელი რევოლუციონერია შვეიცარიელი ანარქისტი და ჟურნალისტი ევგენი ბო. 1905 წლის 16 აგვისტოს, როგორც აღვნიშნეთ, გიორგი დეკანოზიშვილი შვეიცარიის იმ სოფელში _ `კრუაზეტში~ ჩადის, სადაც ბო იმყოფება. ამ უკანასკნელმა უკვე შეუკვეთა შვეიცარიის სამხედრო უწყებას 8500 თოფი და 1 მილ. 300 ათასი `პატრონა~. დეკანოზიშვილს ეშინია, რომ რუსის აგენტურა მიაგნებს ევგენი ბოს და ამიტომ ცდილობს მის სიახლოვეს იმყოფებოდეს.
`ბ-ნი ბო მშვენიერი შვეიცარიელია. თანაგვიგრძნობს, სურს გულით და სულით უშველოს ჩვენი ხალხის განთავისუფლებას~, _ წერს დეკანოზიშვილი. მას ამ დროისათვის ევგენი ბოსთვის უკვე მიტანილი აქვს 60 600 ფრანკი, რომლითაც ბომ უკვე შუეკვეთა იარაღი. ევგენი ბო, რუსული `ოხრანკის~ გვიანდელი მონაცემებით, ცოტა ადრე ამ ამბებამდე, პეტერბურგში მუშაობდა, როგორც რომელიღაც ფრანგული გაზეთის კორესპონდენტი.
უშუალოდ საქრთველოში გასაგზავნი იარაღის თაობაზე დეკანოზიშვილმა მოლაპარაკებები 1905 წლის ივლისში დაიწყო. 21 ივნისის წერილში შუამავალი ევგენი ბო დეკანოზიშვილს ეკითხება: `მითხარით, როგორ მოვიქცე,
1-ლი, შევუკვეთო 1000 ეგზემპლარი და 200000 კარტი, რომელსაც ჩემი მომმარაგებელი დაგვპირდა 12 ივლისისათვის.
2-ე, შევუკვეთო 7000 და 150 კარტი თითოეული ეგზემპლარისათვის, უკიდურეს შემთხვევაში 10-დან 12 დღემდე გადავადებით`~. ამ წერილს დეკანოზიშვილმა მეორე დღესვე უპასუხა ტელეგრამით: `აიღეთ 7000 და 150 კარტი~ _ ე.ი. ეს ნიშნავდა 7000 თოფს და ათას თოფზე 150000 ვაზნას ანუ სულ 1 მლნ 50 000 ვაზნას? საბოლოო ანგარიშში მერე მგონი რაღაც შეიცვალა.79
ჰმ, სხვათა შორის ტელეგრამას დეკანოზიშვილმა, ეტყობა კონსპირაციის მიზნით, აღარ იცოდა რა სახელი მოეფიქრებინა და ხელი თავისი სიდედრის სახელით მოაწერა _ `რენუფ~ ე. ი. ასე ერქვა მისი ღვთისნიერი ფრანგი მეუღლის ჰანრიეტას დედას. სასაცილო ის არის, რომ რუსულმა დაზვერვამ გიორგი დეკანოზიშვილის სიდედრის სახელიც იცოდა, ესეც კი არ გამორჩა ბ-ნ ივან ფედოროვიჩ მანასევიჩ-მანუილოვს, თუმცა მაინც მოხსნეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ევგენი ბო დაკავშირებული იყო `საწყობების ტრანსპორტირების საერთაშორისო საზოგადოებასთან~, რომელსაც მოლაპარაკების თანახმად 20 ივლისს უნდა დაეტვირთა გემი. სამხედრო უწყებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ევგენი ბოს რომელიღაც შუამავალი, რომელსაც იგი `მომმარაგებელს~ უწოდებს თავის წერილში. დეკანოზიშვილის `დღიურიდან~ ჩანს რომ ეს შუამავალი _ `მომმარაგებელი,~ სამხედრო პირი _ პოლკოვნიკი ყოფილა.
ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი პოლკოვნიკი, ენერგიულად გარჯილა. ეტყობა ქართველი სამთო ინჟინერი ძალიან აჩქარებდა თავის პარტნიორებს. `გარწმუნებთ, რომ მომმარაგებელმა ყველაფერი გააკეთა რაც მასზე დამოკიდებული იყო, რათა თქვენთვის ესიამოვნებინა, _ წერს ევგენი ბო დეკანოზიშვილს, _ …სამწუხაროა რომ თქვენ ძალიან მცირე დრო მოგვეცით ასეთი სერიოზული საქმისთვის. მე პირადად არ მქონდა მოვლენების ხელსაყრელ განვითარების იმედი. ხომ უნდა გაეკეთებინათ 2500 ყუთი 20 დღეში, გარდა ამისა საჭიროა დაზეთვა, დალაგება და ა.შ…. კიდევ კარგი რომ მომმარაგებელი ჩემი კეთილი მეგობარია, თორემ სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვიდოდა. თქვენ ამას ყველაფერს დაინახავთ დოკუნემტების მიხედვით~79
როგორც აღვნიშნეთ, ამ `დოკუნემტებს~ რუსულმა აგენტურამაც მიაგნო და მისთვის ცხადი გახდა, რომ სულ იაპონური გენერალური შტაბის მიერ გამოყოფილი თანხით რუსეთის რევოლუციურ პარტიებს გადაეცათ 25 000 თოფი და 3 მლნ. 500 ათასი ვაზნა. ფული და იარაღი შემდეგი თანმიმდევრობით და შემდეგი პიროვნებების მეშვეობით მიედინებოდა: ფული: იაპონიის გენშტაბი _ აკაში _ დეკანოზიშვილი _ ცილიაკუსი _ ევგენი ბო _ მომმარაგებელი პოლკოვნიკი _ შვეიცარიის სამხედრო უწყება; იარაღი: შვეიცარიის სამხედრო უწყება _ მომმარაგებელი პოლკოვნიკი _ ევგენი ბო – დეკანოზიშვილი-ცილიაკუსი _ გემები და ბოლო პუნქტი უნდა ყოფილიყო _ იარაღის მიმღები რევოლუციური პარტიები. ეს უკანასკნელი პუნქტები `ჯონ გრაფტონისა~ და `კალისტო გარსიას~ შემთხვევაში მარცხით დასრულდა. მივყვეთ შემდგომ მოვლენებს.
იარაღის შეკვეთის პარალელურად გიორგი დეკანოზიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა გემის საყიდლად, ეკიპაჟის დასაკომპლექტებლად და კაპიტნის საშოვნელად. მან აქაც განსხვავებული ტაქტიკა აირჩია. `ჯონ გრაფტონის~ ეკიპაჟი ფინელი და ლატვიელი მეზღვაურებისაგან შედგებოდა და რამდენჯერმე შეცვლილი კაპიტნებიც _ რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომები ანუ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ქართველმა სამთო ინჟინერმა გადაწყვიტა ეკიპაჟიც ევროპელი მეზღვაურებისაგან დაეკომპლექტებინა. სწორედ საამისოდ მას უკვე დაწყებული ჰქონდა `მუშაობა~ ქრისტიან კორნელისენთან _ სწორედ ის უნდა ყოფილიყო გემის კაპიტანი.
კორნელისენის ასეთ საიდუმლო და ქართულ საქმეში ჩართვა, როგორც აღვნიშნეთ, ვ. ჩერქეზიშვილის შუამავლობით მოხდა.. გარდა იმისა, რომ კორნელისენი მისი პარტიული თანამებრძოლი და მეგობარი იყო, იგი ვარლამს ნათესავადაც ერგებოდა _ ქრისტიანი გახლდათ ქართველი ანარქისტის ფრანგი მეუღლის _ ფრიდას ახლო ნათესავი. ქრისტიანმა თავის მხრივ `მუშაობაში~ ჩააბა თავისი ძმა _ პეტერი. დეკანოზიშვილი წერს: `ძმანი კორნელსენნი, ორივენი ჰოლანდიელები, უკვე მუშაობენ მაგაზედ. ორივენი თანაუგრძნობენ ჩვენ ხალხს, ასე რომ ფულის ანგარიშისთვის არ აკეთებენ ამას, მე მხოლოთ სახარჯოს ვაძლევ, სხვას არაფერს.~80
`დღიურიდან~ ირკვევა რომ ამ პერიოდისათვის, ე.ი. 16 აგვისტოსათვის `გემი და კაპიტანი უკვე შეგულებულები~ იყვნენ. ამ საქმიანობისთვის გიორგი დეკანოზიშვილი ორი კვირა იმყოფებოდა ამსტერდამში. მაგრამ ჯერ გაურკვეველი იყო, ჰოლანდიის ხელისუფლება დართავდა თუ არა თავის პორტში, გემის იარაღით დატვირთვის ნებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა გემის ყიდვისა და კაპიტნის დაქირავების საქმეს შედგომოდა დეკანოზიშვილი.
ამასობაში კვლავ მწვავედ დადგა რუსეთის სპეცსამსახურების განეიტრალების საკითხი. ცილიაკუსი ატყობინებდა დეკანოზიშვილს: რუსეთის ხელისუფლებამ მიაგნო ევგენი ბოს კვალს, მან იცის რომ ამ უკანასკნელმა იარაღი შეიძინა და ამიტომ გაგზავნა მასთან ჯაშუშები. `ფრთხილად იყავით~ _ წერდა ფინელი `აქტივისტი~ თავის ქართველ მეგობარს და თანამებრძოლს. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა დეკანოზიშვილი სოფ. კრუაზეტში: `დღეს სადილის შემდეგ მივედი ბოსთან, თუმცა ძალიან ცდილობს ჩვენთვის, მაგრამ რა იცის, როგორ უნდა ებრძოლოს რუსეთის პოლიციას, რუსის შპიონებს, ყოველ წამს გაძღოლა უნდა. იგივე ხდება ამსტერდამში. ძმანი კორნალისენნი გულწრფელად მუშაობენ, მაგრამ არც მათ იციან რუსის მართებლობის ხრიკები: არც ისინი არიან გამოცდილები მათთან ბრძოლაში~82
რუსის აგენტურა სხვა ხრიკებითაც ებრძოდა დეკანოზიშვილს. იგი შეუთანხმდა რომელიღაც შვეიცარიულ სავაჭრო სახლის `მეტალლეალტ აიზენ, ალტგუმმის~, რომელმაც მომგებიანი ფასით შესთავაზა შვეიცარიის სამხედრო უწყებას, ეყიდა მის საწყობებში არსებული ჩამოწერილი თოფების მთელი მარაგი. რუსეთის ხელისუფლებას რა თქმა უნდა შვეიცარული თოფები არ აინტერესებდა _ მისი მიზანი იყო ეს თოფები რუსეთის რევოლუციონერებს არ ეყიდათ _ იგი გადაიხდიდა 20-30 000 ფრანკს, შეუკვეთავდა მთელი თოფების მარაგს და ამით რამდენიმე თვით მოუსპობდა საშუალებას, ყველას, ვინც თოფების ყიდვას მოინდომებდა.
მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ და კონტრდაზვერვამ აქაც დააგვიანა _ დეკანოზიშვილმა დაასწრო მათ ყიდვა, მაგრამ ამას საიდუმლოდ ინახავდა. დაე რუსის აგენტურას ჰგონებოდა რომ მან იარაღის მთელი მარაგი დაიბევა. ამიტომ დეკანოზიშვილმა ევგენი ბო სასწრაფოდ გაგზავნა თავის `მომმარაგებელ-პოლკოვნიკთან~, რათა ამ უკანასკნელს, რაც შეიძლება ძვირად მიეყიდნა რუსეთთან შეკრული შვეიცარული სავაჭრო სახლისათვის მის განკარგულებაში არსებული იარაღი, ოღონდ რაც დეკანოზიშვილს უკვე ნაყიდი ჰქონდა, ის საიდუმლოდ დარჩებოდა რუსებისათვის. რუსებს: `დე მთლათ მიყიდოს, მხოლოთ რაც ჩვენთვის უკვე შენახულია, იმაზედ ხმა არ ამოიღოს~ _ ეუბნებოდა დეკანოზიშვილი ბოს და ავალებდა ეხლავე გაეგზავნა დეპეშა მეგობარი მომმარაგებელი-პოლკოვნიკისათვის, რომელიც სამხედრო არსენალების მმართველი გახლდათ. საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
ამ პერიოდისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კონტრდაზვერვამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, მან მაინც არ იცოდა ისეთი დეტალები, რომლითაც ხელს შეუშლიდა დეკანოზიშვილს. მაგ. დეკანოზიშვილისათვის ცნობილი გახდა რომ რუსებმა გაიგეს კავკასიაში ქართველების აჯანყებისათვის მზადების შესახებ, რომ ისინი ემზადებოდნენ იარაღის საყიდლად და რომ ამის შესახებ ისინი საბუთებსაც ფლობდნენ და ისიც კი იცოდა, რომ ყოველივე ამის შესახებ რუსეთის კონტრდაზვერვამ ანუ როგორც დეკანოზიშვილი წერს: `აქაურ რუსის პოლიციას და საელჩოს უკვე გაუგზავნია მოხსენება.~82 ეტყობა თვით ემიგრანტული რევოლუციური პარტიების კონტრდაზვერვიც ეფექტურად მუშოაბდა.
აქ ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ, რომ უკვე 1890-იანი წლებიდან პეტრე კროპოტკინისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის ინიციატივით შეიქმნა ე. წ. `ანტიპოლიციური ინტერნაციონალური ლიგა.~ ორგანიზაციის მიზანი იყო ებრძოლა რევოლუციურ-ემიგრანტულ წრეებში რუსული აგენტურის შეღწევის წინაღმდეგ და საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების გასანეიტრალებლად. ნიკოლოზ მეორისადმი წარდგენილ საიდუმლო მოხსენებაში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავდნენ, რომ `ცნობილი თავადების კროპოტკინისა და ჩერქეზოვის~ მიერ შექმნილ `ანტიპოლიციურ ლიგას~ ჰქონდა `საიდუმლო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კროპოტკინი, ჩერქეზოვი, რეკლიუ და სხვა უცხოელი ანარქისტები. მათი მიზანი იყო საიდუმლო სამსახურებთან საიდუმლო პოლიციასთან აქტიური ბრძოლის წარმოება~. საინტერესოა რომ ამ ინფორმაციას ხელს აწერდნენ რუსული კონტრდაზვერვის ცნობილი აგენტები: ბეიტნერი, გუროვიჩი და აზეფი.83 ასეა თუ ისე რევოლუციური პარტიების საიდუმლო სამსახურებიც მუშაობდნენ და მათთვისაც ბევრი რამ იყო ცნობილი რუსეთის სპეცსამსახურების შესახებ.
მაგრამ რიგ შემთხვევაში მოწინააღმდეგეთა მიერ ერთმანეთის შესახებ ინფორმირებულობას არ შეეძლო მოვლენათა ძირითადი მიმდინარეობის შეცვლა. რუსულმა აგენტურამ არ იცოდა დეტალები, რომელნიც აუცილებელი იყო ოპერაციის ჩასაშლელად. `ჯონ გრაფტონი~ მოულოდნელად რომ არ გადასწყდომოდა მეჩეჩს, შეიძლება ისე გადაეტვირთა იარაღი, რომ ხელისუფლებას ვერაფერი გაეგო, რადგან მან არ იცოდა მცირე და უმნიშვნელოვანესი დეტალი _ სად და როდის უნდა გადაეტვირთათ იარაღი, სად, ვისგან და რა პირობებში ყიდულობდნენ იარაღს, გემებს. ისინი აფერხებდნენ, მაგრამ ხელს ვერ უშლიდნენ თვით იარაღის ყიდვის პროცესს, რადგან შვეიცარია, ბრიტანეთი, ჰოლანდია თუ სხვა რომელიმე ქვეყნები თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოები იყო და მიმდინარე რუსეთ-იაპონიის ომში მათ პატარა იაპონიის გამარჯვება სურდათ, რის გამოც რუსულ სპეცსამსახურებს უჭირდათ დემოკრატიულ ევროპაში თავისუფალი პარპაში.
რუსეთის იმპერიის დამარცხება უნდოდათ პირველ რიგში ევროპელ სოციალისტებს, მეორე ინტერნაციონალს, რევოლუციონერებს, რომელთა რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი და ლიდერი უშუალოდ ეხმარებოდა გიორგი დეკანოზიშვილის. მაგ., მარკოზ ტუღუშს გამოქვეყნებული აქვს ერთი წერილი, რომელშიც ფიგურირებს კამილ ჰიუსმანსის სახელი. კერძოდ, კონი ციალიკუსი დეკანოზიშვილს წერს:
`კაპიტანის თხოვნა, რომ თქვენ მოაცდევინოთ კამილს, არ მესმის, რადგან ამ საქმის შესახებ მისთვის მე არასოდეს არ მითხოვნია, ენახა ან ელაპარაკა კამილთან, რომელმაც ეს საქმე მთლიანად მე მომანდო~84 აქ ნახსენები პიროვნება გახლდათ კამილ ჰიუსმანსი _ ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი და ამავდროულაად მეორე ინტერნაციონალის ბიუროს ახალარჩეული გენერალური მდივანი. სხვათა შორის, დოქტორი ტუღუში მის გვარს სწორად ასახელებს: `ჰოისმანს.~ რუსულ `ვიკიპედიაში~ სპეციალურადაა განმარტებული, რომ რუსეთში გავრცელებულია ამ გვარის მცდარი ტრანსკრიპცია _ `ჰიუისმანს~ _ უნდა იყოს `ჰოისმანს~.
კამილ ჰოისმანსი აქტიურად ეხმარებოდა რუსეთის რევოლუციონერებს ბელგიის ქარხნებიდან იარაღის შეძენაშიო _ ეს აღნიშნულია მის მცირე ბიოგრაფიაში. რაც შეეხება ზემომოყვანილ ცილიაკუსის დეპეშას, აქ საქმე უნდა ეხებოდეს იმ გემს, რომლის გამგზავრებაც ეკისრებოდა ფინელ აქტივისტს. როგორც ჩანს საქმე ეხებოდა `ჯონ გრაფტონს~ და არა საქართველოში გამოსაგზავნ გემს.
ცხადია, და ამას დოქტორი ტუღუში ხაზგასმით აღნიშნავს, კამილ ჰოისმანსი, აქტიურად ეხმარებოდა საქართველოში იარაღის შეძენა-გამოგზავნის საქმეს. ბელგიელი სოციალისტი დეკანოზიშვილოს ოჯახშიც შინაური კაცი ყოფილა. მას იხსენებს გიორგის მეუღლე ჰანრიეტა ფრენუა:
`მე ვფიქრობ, რომ ის (გიორგი) გაეცნო ფინლანდელების წყალობით იმას ვისაც ჩვენ კამილს ვეძახოდით და რომელის გვარი მე დამავიწყდა…~85 ახლა რაც შეეხება შეძენილ-გამოგზავნილ თოფ-იარაღის რაოდენობას _ ეს დავაზუსტოთ და ამისათვის კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ ზემოდასახელებულ ციფრებს. საერთოდ, ჩვენს ლიტერატურაში დამკვიდრებულია აზრი, რომ დეკანოზიშვილმა საქართველოში გამოგზავნა 7 000 თოფი და 1 მლნ. 100 000 ვაზნა. ასე წერს მარკოზ ტუღუში და ის ეყრდნობა ევგენი ბოს ზემომოყვანილ `ქვითარს~, სადაც ეს უკანასკნელი წერს, რომ 1905 წლის 22 ივლისს თოფებისა და ვაზნების სწორედ აღნიშნული რაოდენობა შეიძინა, თუმცა ქვითარში 1 მლნ 50 000 ვაზნაა დასახელეული. ჩვენც იგივე ციფრი დავაფიქსირეთ ჩვენს მიერ 1993 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში.
მაგრამ როგორც ჩანს მარკოზ ტუღუშს გამორჩა ერთი დეტალი გიორგი დეკანიზიშვილის `დღიურიდან~, სადაც 16 აგვისტოს ჩანაწერში ის წერს: `მოველი ბ-ნ ბოს ახლო, რადგან ბომ შეუკვეთა 8500 თოფი, ერთ მილიონ სამასიათასი პატრონა, ამისთვის უნდა ამათ ახლო ვიყო~86
ამ ციფრს ადასტურებს ევგენი ბოსა და დეკანოზიშვილის მიმოწერა, რომელიც რუსულ აგენტურას ჩაუვარდა ხელში და რომელიც `ოხრანკამ~ გამოაქვეყნა 1906 წელს. ევგენი ბო წერს დეკანოზიშვილს, რომ როგორც თქვენ მწერდით, მე ვკითხე ჩემს მომმარაგებელს _ შეუძლია თუ არა მას იშოვოს საქონლის მეტი რაოდენობა. `მე ახლახანს მივიღე მისგან საპასუხო ტელეგრამა, რომელშიც ის მატყობინებს, რომ შეუძლია იშოვოს კიდევ 1000 ეგზემპლარი და 200 000 `კარტი~ _ ე. ი. ვაზნა. ამის მერე ეკითხება ბო დეკანოზიშვილს, როგორ მოვიქცე, შემატყობინეთო _ ის 1000 ეგზემპლარი დავამატო თუ არა იმ 7000-სო. ეს ხდება 21 ივნისს და 22 ივნისს დეკანოზიშვილი უგზავნის ბოს საპასუხო ტელეგრამას: `შეუკვეთეთ ყველაფერი…~88
ამის შემდეგ შესაძენი იარაღის რაოდენობა მიწერ-მოწერაში მერყეობს ან გაურკვეველია, რადგან ოხრანკას მხოლოდ რამდენიმე წერილი ჩაუვარდა ხელში და მხოლოდ ისინი გამოაქვეყნა 1906 წელს. საბოლოოდ ოხრანკის გამოცემულ ბროშურაში მაინც დაზუსტებულია დეკანოზიშვილის მიერ შეძენილი იარაღის რაოდენობა. კერძოდ, დეკანოზიშვილი-ბოს მიმოწერაში საუბარია სამ ციფრზე:
15 ათასი თოფი და 250 000 ვაზნა;
1000 თოფი და 200 000 ვაზნა;
7000 თოფი და თითოეულ ათასზე 150 000 ვაზნა ე.ი. 1 მლნ 50 000 ვაზნა.
აქედან, ცნობილია რომ 15 000 თოფი თავისი ვაზნებით `ჯონ გრაფტონით~ წაიღეს ფინეთში, ხოლო საქართველოსათვის დარჩა 8 000 თოფი და 1 მლნ 200 000 ვაზნა _ ე. ი. 7000 თოფსა და 100 000 ვაზნაზე მეტი, ე.ი. იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენს მემუარისტიკასა და ლიტერატურაშია დამკვიდრებული.
კიდევ რჩება ერთი დეტალი _ აქ გამოდის, რომ საქართველოში 8 000 თოფი გამოუგზავნიათ, მაგრამ დეკანოზიშვილი ხომ 8 500 თოფს ასახელებს? ე. ი. რა იქნა 500 თოფი? როგორც ჩანს უფრო დოკუმენტებს უნდა ვენდოთ, ვიდრე `დღიურს~, რადგან დღიური არასრულია. დეკანოზიშვილი _ ბოს მიმოწერაში საუბარია 7000+1000 ე. ი. 8 000 თოფზე და ჩვენც ეს რაოდენობა უნდა მივიღოთ სარწმუნოდ.
ასე რომ გიორგი დეკანოზიშვილის მიერ საქართველოში შეძენილ-გამოგზავნილ იქნა არა 7000, არამედ 8000 თოფი და 200000 ვაზნა.

გემი `სირიუსი~ 1905 წლის 16 აგვისტოსთვის ან აქამდე ცოტა ხნით ადრე, გიორგი დეკანოზიშვილმა ძმების კორნელისენებისაგან წერილი მიიღო, სადაც ისინი `ბევრს ცნობებს~ თხოვდნენ გემის შეძენასთან დაკავშირებით: როგორ უნდა აეღოთ ნებართვა, როგორი გემი უნდა ეყიდათ, როგორ უნდა გაევლოთ ბოსფორ-სტამბოლის სახიფათო ზონა. დეკანოზიშვილმა იმავე დღეს გაუგზავნა ჰოლანდიელ ძმებს ვრცელი წერილი, რომელშიც `ყველა კითხვაზედ~ გასცა პასუხი.
ეტყობა დეკანოზიშვილის ინსტრუქციების შესაბამისად, 1905 წლის 6 სექტემბერს ქრისტიან კორნელისენმა ამსტერდამში შეიძინა გემი სახელწოდებით `სირიუსი~, რასაც ადასტურებდა საქმიანი ქაღალდით:
`ბატონ დეკანოზიშვილისთვის მე ვიყიდე, ჩემი ძმის, ვაჭარ პ. ლ. კორნელისსენის მეშვეობით, ამსტერდამში, გემი `სირიუსი~, ჰოლანდიის სამეფო საზოგადოებისაგან, რომლის ფასი არის 2900 გირვანქა სტერლინგი.
ხარჯი მოწყობისა 825 სტერლინგი.
მთელი თანხა, 3725 გირვანქა სტერლინგი გადაეცა ბ-ნ დეკანოზის მიერ ჩემს ძმას პ. ლ. კორნელისსენს, 7 სექტემბერს, 1905წ~88
თვითონ დეკანოზიშვილი წერს, რომ თოფები მას 60 000 ფრანკი დაუჯდა, ხოლო გემის ყიდვა მისი ფიქრით 80 000 ფრანკი უნდა `დასჯდომოდა~. ალბათ ეს ასეც მოხდა, მაგრამ ეს არ იყო მთელი თანხა, რაც იარაღის შემოტანასთან იყო დაკავშირებით იყო დახარჯული. ფული იყო საჭირიო ეკიპაჟისა და კაპიტნის დასაქირავებლადაც. მაინც რამდენი თანხა დაჯდა მთლიანად იარაღის ყიდვა-გამომგზავრების ოპერაცია? ამაზე რამდენჯერმე თვით დეკანოზიშვილი იძლევა პასუხს _ 200 000 ფრანკი. სწორედ ეს თანხა უმდა მიეღო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლის პოლკოვნიკ აკაშისაგან.
აი ირიბი დადასტურებები:
1905 წლის 24 ოქტომბრის ჩანაწერი დეკანოზიშვილის `დღიურში~:
`საშინელი ბურუსი იდგა. საშინლად ციოდა. პალტოც რიგიანი არ არის. სასაცილოა, 200 000 ფრანკს ვხარჯავ გემისთვის და თბილი პალტო ვერ მიყიდია! როგორ ვიყიდო, როცა ყოველი ფრანკი გამოანგარიშებულია.~
მეორე დადასტურება, ამჯერად ქართველი პატრიოტის პავლე ყიფიანისაა:
`მოგვწყდა წელი. რაღა გვეშველება? დღეები გადიოდა. ორასი ათასი ფრანკის საქონელი გვეღუპებოდა…~ ის თუ რატომ იღუპებოდა ამდენი ფულის საქონელი, ცოტა ქვემოთ გავიგებთ, მაგრამ ის რაც დაჯდა გემიც, იარაღიც, ეკიპაჟიც _ პალიკო ყიფიანი საკმაოდ ზუსტად ადასტურებს.89
`სირიუსი~ იყო 597 ტონა წყალწყვის გემი და თითქმის ორჯერ აღემატებოდა `ჯონ გრაფტონს.~ მის კაპიტნად დაინიშნა, თუ ეს მოვალეობა იკისრა, თვით ქრისტიან კორნელისენმა. მანვე შეადგინა როგორ ჩანს `სირიუსის~ ეკიპაჟი 19 კაცისაგან, რომელიც შედგებოდა ჰოლანდიელი და ფრანგი მეზღვაურებისაგან. როგორც შემდგომში გამოირკვა, ჰოლანდიელები რევოლუციონერ-ანარქისტები იყვნენ, ხოლო ფრანგები _ ჩვეულებრივი მეზღვაურები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რომ გემი იარაღით იყო დატვირთული. ორგანიზატორები გაძლიერებულ კონსპირაციას იცავდნენ და მეზღვაურთა უმრავლესობას ეგონა, რომ `სირიუსი~ ყავით, ქვანახშირით და ბურბუშელით იყო დატვირთული.
ლიტერატურა და წყაროები არაფერს წერენ იმის შესახებ თუ როდის და როგორ მოხდა თვით გემ `სირიუსზე~ იარაღის გადატანა. ფაქტია რომ ყიდვის შემდეგ პორტიდან გასვლამდე, `სირიუსი~ ამსტერდამში ერთი თვისა და ერთი კვირის განმავლობაში იდგა და გარკვეული ეჭვებიც კი დაბადა. მაგ. რუსეთის წარმომადგენელი ჰააგაში თითქოს ირწმუნებოდა, რომ `სირიუსი~ იარაღის გადასატანად იყო განკუთვნილი და თითქოს გემზე იარაღის არსებობის შესახებ გაზეთი `ტელეგრაფიც~ კი იუწყებოდა. მაგრამ ამ ცნობებს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს არც ჰოლანდიის პოლიციამ და არც პეტერბურგის ხელისუფლებამ.
მარკოზ ტუღუში აღნიშნავს, რომ იგი გაეცნო ამსტერდამის ცნობილი სოციალური ისტორიის ინსტიტუტში კორნელისენის `ვრცელ ხელნაწერ მემუარებს, სადაც ის ერთ თავს `შავ ზღვაზე ექსპედიციას~ უძღვნის~. სამწუხაროდ ჩვენ ამჟამად არ გვაქვს ამ საინტერესო დოკუმენტის გამოყენების საშუალება, რომელიც უთუოდ ბევრ ინფორმაციას შეიცავს `სირიუსის~ შავ ზღვაში განხორციელებული სახიფათო ოდისეის შესახებ.
სხვათა შორის, კორნელისენს სხვაგანაც გამოუქვეყნებია ვრცელი ინფორმაცია `სირიუსის~ ექსპედიციის შესახებ, სადაც ის წერდა, რომ `ინტერნაციონალური კომიტეტი~ იძულებული იყო უკიდურესი სიფრთხილით ემოქმედა, რადგან გემ `ჯონ გრაფტონის~ გამოცდილება მას ამისკენ უბიძგებდაო. ამას რუსული ოხრანკის მიერ 1906 წელს გამოცემულ ბროშურაში ვკითხულობთ, სადაც ოხრანკას აინტერესებს, თუ რა ორგანიზაციაა ეს “ინტერნაციონალური კომიტეტი.” `ინტერნაციონალურ კომიტეტში~ კორნელისენი ცხადია გულისხმობდა მეორე ინტერნაციონალის სამდივნოს, ხელმძღვანელობას, უფრო ზუსტად, სოციალისტურ ბიუროს, რომლის გენერალური მდივანი კამილ ჰოისმანსიც, “სირიუსის” საქმის კურსში იყო და ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა გემის კაპიტანთან. ალბათ ასევე კონსპირაციული მოსაზრებით, `სირიუსის~ კაპიტანი ქრისტიან კორნელისენი გემზე შეცვლილი _ `გრუნდეკის~ სახელით იმყოფებოდა.
1905 წლის 13 ოქტომბერს `სირიუსი~ ამსტერდამიდან გავიდა და საქართველოსაკენ აიღო გეზი. ამის შემდეგ გემთან კავშირი დაიკარგა, მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დეკანოზიშვილს, თითქმის ათი დღის განმავლობაში. ევგენი ბო და დეკანოზიშვილი ცდილობდნენ თავიანთი თანამებრძოლების მეშვეობით გემი გიბრალტარის სრუტის გავლის დროს დაეფიქსირებინათ. ასეც მოხდა. 24 ოქტომბერს `სირიუსი~ გიბრალტარში შენიშნეს. ამის შემდეგ გემი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და სანავსადგურო ქალაქ სეტში შეჩერდა. აქ გემს მოულოდნელად პრობლემა გადაეღობა. სასწრაფოდ გახდა საჭირი დამატებითი სახსრების შოვნა, გემის საწვავის შესაძენად და ოსმალო მოხელეების მოსაქრთამავად, რომლებსაც შესაძლოა გემი ბოსფორის სრუტეში გაეჩერებინათ.
`წუხელის კორნელისენი წავიდა მის (ე. ი. `სირიუსის~) დასახვედრად, მე და ბო დავრჩით აქ. მე უნდა ფული ვიშოვო, რადგან გვაკლია; მეშინიან, ვაი, თუ გზაში დაგვჭირდეს გაჩერება“ – წერს გიორგი. სეტი პატარა პორტი იყო მონპელიეს მახლობლად, ლიონის ყურეში.
თანაც, საქმე იმაში იყო რომ ამ დროისათვის გიორგი დეკანოზიშვილი თავისი იაპონელი სპონსორის მოტოძირო აკაშის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს, როდესაც დეკანოზიშვილი ჰოლანდიურ გემს ყიდულობდა, 1905 წლის 5 სექტემბერს აშშ-ში, ნიუ-ჰემპშირის შტატში, პორტ-სმუტში, ნორფოლკის გარეუბანში, რუსეთმა ხელი მოაწერა სამარცხვინო ზავს იაპონიასთან. რუსეთ-იაპონიის ომი დამთავრდა რუსეთის მწარე დამარცხებით. ერთი კვირის შემდეგ ზავის ხელმოწერიდან, მოტოძირო აკაში ტოკიოში გაიწვიეს. მისი თანამშრომლობა და იაპონიის ფინანსური დახმარება რუსეთის პოლიტიკური პარტიებისადმი შეწყდა და აგვისტო-სექტემბერში დეკანოზიშვილი-აკაშის ანტირუსული თანამშრომლობაც დასრულდა. ახლა დეკანოზიშვილს სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროზე გაჩერებული `სირიუსის“ გასამგზავრებლად ფული სხვა საშუალებებით უნდა ეშოვნა.
დეკანოზიშვილმა ევროპაში მყოფ ქართველ კაპიტალისტს, ბესარიონ ღოღობერიძეს მიმართა დახმარებისათვის, მაგრამ უარი მიიღო. მის რომელიღაც ნაცნობს `ულარს“ თითქოს ფული ვინმე ჟოზეფ რეინაკისაგან ან სხვა მდიდარი ფრანგებისაგან უნდა ეშოვნა, მაგრამ მაინცდამაინც ამის იმედი არც ჰქონდა. ამის შემდეგ დეკანოზიშვილმა სომეხ დაშნაკებს მიმართა, მონაწილეობა მიეღოთ “სირიუსის” ოპერაციაში, იარაღის ნაწილის მიცემის პირობით, მაგრამ არც სომხები შეხვედრიან მის წინადადებას ენთუზიაზმით. `ამ მხრივათაც წახდა საქმე“. ერთ მომენტში ცაიტნოტში მყოფი სამთო ინჟინერი იმასაც კი ფიქრობდა, რომ თავისი ცოლის სახლი დაეგირავებინა 10 000 ფრანკად და ამით გაემგზავრებინა გემი. არადა, ფულის და ქრთამის მიცემის გარეშე ოსმალო ჩინოვნიკები `სირიუსს“ დარდანელის სრუტის იქით არ გაუშვებდნენ, გემს დააპატიმრებდნენ: `თუ დაიჭირეს‚ რა ვქნათ, ყველაფერი დაგვეღუპება: ფული, იარაღი, ცხრა თვის შრომა და სხვა“.
დოქტორი მარკოზ ტუღუში ფიქრობს რომ ქართველ სამთო ინჟინერს სწორედ ამ შავი ფიქრების დროს მოუვიდა `ექსპროპრიაციის აზრი“ ალბათ. მან სასწრაფო დეპეშა აფრინა ბრიუსელში და თავისი `ერთგული თანამებრძოლი“ პავლე ყიფიანი და კიდევ ორი მისი ამხანაგი გიორგი სიხარულიძე და თუში იასონ ბობღიაშვილი პარიზში დაიბარა. ამის შემდეგ მარკოზ ტუღუში სიტყვას უთმობს პავლე-პალიკო ყიფიანს, რომელმაც `მემუარებში“ აღწერა თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი. რადგან ჩვენი მიზანია გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ აქა-იქ გაბნეულ მასალებს თავი მოვუყაროთ და სისტემური თანმიმდევრობით აღვადგინოთ მისი ცხოვრება-მოღვაწეობის მთლიანი სურათი, ჩვენც ასე მოვიქცეთ, ყიფიანის `მემუარის“ ის პასაჟები მოვიყვანოთ რომელიც უშუალოდ დეკანოზიშვილთანაა დაკავშირებული:
`1905 წ. 20 ოქტომბერს საღამოს 9 საათი იქნებოდა რომ მომივიდა გ. გ. დეკანოზიშვილის ტელეგრამა, რომლითაც საჩქაროდ გვიბარებდა პარიზში მე და გ. სიხარულიძეს. მოვკრიბეთ ამხანაგებში საჭირო გზის ფული და იმავე ღამეს 12 საათის მატარებლით გამოვწიეთ პარიზისაკენ. დილის 6 საათზედ უკვე პარიზში ვიყავით. 8 საათზედ უკვე ვინახულეთ გიორგი რომელმაც გვიამბო საქმის ვითარება: თითქმის ერთი თვის მოგზაურობის შემდეგ (შეცდომაა `სირიუსი” 13 ოქტომბერს გამოვიდა ამსტერდამიდან. უფრო სწორია – ნახევარი თვის – დ.შ.), იარაღით დატვირთული ჩვენი გემი სეტში შეეჩერებინათ. კაპიტანი და ერთი ნაწილი ეკიპაჟისა შეშინებულნი აღარ სთანხმდებოდნენ საქონლის წაღებას. ფული საკმაოდ აღარ რჩებოდა. თუ საქმე საჩქაროდ არ მოწესრიგებულიყო შეიძლებოდა მთელი საქონელი და გემიც დაგვკარგოდა. ერთი სიტყვით სულ ბევრი ერთი კვირის განმავლობაში უნდა გვეშოვნა ახალი კაპიტანი, ახალი ეკიპაჟი და ამასთანავე საჭირო ფულიც, რაც ასე ადვილი არ იყო. თვით ამხ. გიორგი დეკანოზიშვილი ეტყობოდა რომ დაქანცული და მოღალული იყო, თუმცა თავის თავს ძალას ატანდა ჩვენთვის არ ეჩვენებინა ეს და პირიქით სცდილობდა ჩვენ გამხნევებას, როდესაც დაინახა ჩვენი დაღონება.
_ აქ დაღონება და თავის ჩაკიდვა კი არ უნდა, არამედ მხნეობის და მამაცობის გამოჩენა – მიმართა მან იასონს, რომელიც თავჩაკიდული რაღაცას ლუღლუღებდა – რამ შეგაშინათ, ყველაფერს კარგად მოვაწყობთ, მხოლოდ სურვილი და მონდომილება იყოს. – ამ სიტყვებთან ერთად ამხ. გ. დ-შვილს მართლაც სახე თანდათან გაუბრწყინდა. ჩვენც რაღაც იმედი მოგვეცა, ვგრძნობდით რომ ცარიელ სალაპარაკოდ ჩვენ აქ (არ) დაგვიბარებდა, რამე უნდა დაევალებიდა და ჩვენც მზად ვიყავით ყოველი მონდომილება სიხარულით აღ(გ)ვესრულებინა.
_ ფული გვჭირია! – დაიწყო ისევ ამხ. გ. დ-შვილმა – ჩვენ უხეირონი ვართ, არაფრის შნო არა გვაქვს. შეხედეთ სხვა სარევოლუციო პარტიები როგორ შოულობენ ფულს. ვინც თავისკენ ეწევა მას ძალით და მუქარით ართმევენ. განა ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვიშოვნოთ როგორც ისინი შოულობენ. განა ჩვენ არ გვყავს კაცები, რომელთაც შეუძლიათ ხელი მოგვიმართონ!…
_ გვითხარი! – ვერ მოითმინა გ. სიხარულიძემ, რომელიც სახე ალეწილი უსმენდა ლაპარაკს და მოუთმენლად ელოდა მოქმედებას.
_ ვისთანაც გინდათ მივალთ! – დაუმატა იასონმა, – მივახრჩობ და ისე გამოვართმევ.
_ აი აქ არის ი. ზ-შვილი (იაკობ ზუბალაშვილი – დ.შ) მდიდარი კაცია: მისთვის 25 ათასი მანეთი ერთი გადაფურთხებაა.
_ თუ მეტყვით მე თვითონ წავალ, დანით დავადგები და ისე გამოვართმევ, – წამოიძახა ა. (ამხანაგმა) გ. დ-შვილმა ისეთის გაბრწყინვებულის სახით, რომ იმ წამს ყველა დარწმუნებული იყო რომ ფულის შოვნას წინ არა უდგა რა.
ამის შემდეგ შეგვექმნა თათბირი იმის შესახებ თუ როგორ უნდა გვენახულა და ვისთვის უნდა მიგვენდო ამის აღსრულება.
აღმსრულებელნი გამოჩნდნენ, მხოლოდ ცოტა ბაასი გამოიწვია იმ გარემოებამ, თუ რა სახელით უნდა მივსულიყავით და თუ ვინიცობაა არ აღგვისრულებდა მოთხოვნილებას, რა საშუალებისათვის უნდა მიგვემართა. რადგან საზღვარგარეთ სარევოლუციო პარტიას სრული ავტონომია ჰქონდა, ამიტომ აქვე შეგვეძლო გადაგვეწყვიტა ეს საკითხი. ყველა იმ აზრისა იყო რომ პარტიის სახელის გულისთვის, საჭირო იყო ულტიმატუმი სავსებით მოგვეყვანა სისრულეში. ესე იგი, თუ რომ ი.ზ-შვილი უარს გვეტყოდა, მაშინ იგი არამც თუ მატერიალურად უნდა დაგვესაჯა, არამედ მისი სიკვდილის მსგავსიც უმდა სისრულეში მოგვეყვანა. მხოლოდ ეს უფრო პრინციპიალური მსჯელობა იყო, ვიდრე შეურყეველი გადაწყვეტილება. ამ წამს ჩვენ არც პირები გვყავდა, რომელთათვისაც შეგვეძლო მიგვენდო ამ გადაწყვეტილების აღსრულება და არც გვცალოდა მაგისთვის, რადგან ჩვენთვის საჩქაროდ იყო ფული საჭირო და ი.ზ-შვილის მოკვლა ჩვენ ამას ვერ შეგვძენდა. თანაც დარწმუნებული ვიყავით რომ ეს უკიდურესი საშუალება არ გვჭირდებოდა, თუმცა გ. დ-შვილი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა საქმეს და ალბად უფრო იმიტომ რომ ჩვენში მეტი მხნეობა გამოეწვია სულ იმას ჩაგვძახოდა ბოლოს რომ `არაფერი გამოვაო, ისევ მე უნდა… სადმე ვივალო ეს ფული~-ო…
ბევრი სხვა და სხვა წინადადებების შემდეგ, გადაწყვიტეს ამ საქმის აღსრულება მიენდოთ ამხ. გ, სიხარულიძისათვის, იასონ ბ… და ჩემთვის~90 პირველი პლანი ასეთი იყო: ეს სამი დასახელებული კაცი უნდა მივსულიყავით იმის ბინის ახლოს, გვედარაჯნა და როგორც რომ სახლიდან გამოვიდოდა გაგვეჩერებინა და სარევოლუციო კომიტეტის სახელით მოგვეთხოვა 25 ათასი ფრანკი.
ეს ძნელი არ იყო, მაგრამ საჭირო იყო ყოველი შემთხვევა გაგვეთვალისწინებინა და ამის და გვარად ყოველი ზომები მიგვეღო. შესაძლებელი იყო მედგრად დაგვხვედროდა, პოლიციისთვის მიემართა, ან და შიშისაგან ყვირილი დაეწყო ქუჩაში. ან უნდა მომზადებული ვყოფილიყავით გასაქცევად და თუ პოლიციას ჩაუვარდებოდით ხელში წინადვე დაწყობილი პლანით თავი გაგვემართლებინა. არც ერთი შემთხვევისათვის ჩვენ არ გვქონდა მომზადება, თუმცა ყოველი ჩვენთაგანი ამ საჭიროებას გრძნობდა. იქამდინ მოუმზადებელი ვიყავით, რომ პირველ დღეს ტრამვაის ფულიც კი არ გვქონდა რომ შინ დავბრუნებულიყავით.
ჩვენ გაგებული გვქონდა რომ სახლიდან შუადღისას გამოდიოდა რომ სასადილოდ წასულიყო. თერთმეტ საათზე დანიშნულ ალაგას ვიყავით; რადგან ერთ ალაგას ტრიალი მოუხერხებელი იქნებოდა, მივედით პირდაპირ რესტორანში, მოვითხოვეთ სამი ჭიქა ლუდი და გარეთ გავედით ისე კი რომ იმ სახლითგან შემსვლელი და გამომსვლელი არ გამოგვპაროდა. შესრულდა 12 საათი. გავიდა კიდევ ერთი საათი. ამ დროს ოტელის კარებიდან ვიღაც ყმაწვილი გამოვიდა.
_ ეგ ხო არ არის? – ვეკითხები გ. სიხარულიძეს, რომელსაც ერთხელ სადღაც ენახა ის.
_ იმას ჰგავს – გვიპასუხა სიხარულიძემ.
_ როგორ თუ გავს! ნამდვილად უნდა იცოდე…
ჩვენ ყველანი ავდექით, მაგრამ ამ დროს, ის ყმაწვილი, რომელიც ი. ზ. (ზუბალაშვილი) გვეგონა, ჩაჯდა ფაიტონში და გაქრიალდა.
_ რა ვქნათ? – დავეკითხეთ ერთმანეთს და მაშინ მხოლოდ დავინახეთ რომ თავზედ დაცემა ისე ადვილი არ იყო: ცხადი იყო რომ გამოვიდოდა თუ არა ოტელიდან ი. ზ. ეტლში ჩაჯდებოდა და ისე წავიდოდა სასადილოდ, მაშასადამე ან კარებში უნდა ჩავსაფრებოდით, რომ შეგვეჩერებინა ოტელის კარებშივე, რაც მოუხერხებელი იყო, მაშინ ჩვენც უნდა აგვეღო ეტლი, თან გავყოლოდით და ან რესტორანში დაგვეჭირა ან იქედან გამოსვლის დროს დავცემოდით. ამასთანავე გ. სიხარულიძის პასუხმაც `მგონი ის არისო~ ეჭვში შეგვიყვანა, რომ ვაი თუ ვერ ეცნო და სხვა კაცს დავტაკებოდით. რესტორანში სადაც აქამდინ ვისხედით, მეტის დარჩომა არ შეიძლებოდა რადგან ფული აღარ გვქონდა რომ კიდევ რამ მოგვეთხოვა. ავსდექით ისევ და დავიწყეთ ხეტიალი. ამასობაში სამი საათი შესრულდა. იქნება გამოგვეპარა? იქნება აქ არც კი დგას? იქნება ავად არის და დღეს სულ არ გამოვიდეს გარედ? ეს კითხვები ძალაუნებურად თავში გვიტრიალებდენ და თან იმასაც ვგრძნობდით, რომ დაწყობილი პლანის შესრულებას ვერ მოვახერხებდით. გადავწყვიტეთ პლანის შეცვლა და საქმე მეორე დღისთვის გადავსდეთ. მაგრამ საჭირო იყო ერთში მაინც დავრწმუნებულიყავით: აქ იდგა მართლა ი. ზ.-შვილი თუ არა? გამოდიოდა სასადილოდ? რადგან ჩემს ამხანაგებში მარტო მე ვიყავ ფრანგული ენის მცოდნე, ამიტომ ამის შეტყობა მე დამავალეს. შევედი სასტუმროში და ვითომ რაღაც წერილი მქონდა გადასაცემი ვიკითხე რაც მინდოდა. გავიგე დანამდვილებით რომ ი. ზ. მართლა იქ იდგა და რომ ჩვეულებად ქონდა 12 საათზედ გამოვლა.
პირველ დღეს ასე არაფრით დავბრუნდით. გ. დ-შვილი ძალიან დაღონებული დაგვიხვდა. თუ საყვედურები არ გვითხრა, ეს იმიტომ რომ ჩვენი წყენა არ უნდოდა, თორემ ისე კი დარწმუნებული იყო რომ ჩვენთვის ამნაირ საქმისათვის ღმერთს არც შნო და არც უნარი არ მოეცა. მე გაჩუმებული ვიყავ; თავის გამართლება მეტად მიმაჩნდა. ვიცოდი რომ ამხ. გ.დ-შვილი იმ ქეიფზე არ იყო რომ ჩვენი თავის მართლება ჯეროვანად მოესმინა, თან გული მამდიოდა იმაზედ და მინდოდა მთელი ბრალი მის კისერზედ მამეხვია. ასედ გუნებაზე ვიყავი როდესაც მეორე დღეს ამხ. სიხარულიძეს დავავალე მისულიყო გ. დ-შვილთან რომ გადაეცა ჩემი წინადადება _ ერთად ორნი მივსულიყავით ი. ზ-თან. იმ დილითვე მოვიდა ჩემთან ამხ. გ. დ-შვილი და აქ ხელმეორედ დავიწყეთ ახალი პლანის შემუშავება. გადავწყვიტეთ: გ. სიხარულიძე და იასონ ბ. (ბობღიაშვილი) მისულიყვნენ პირდაპირ ი. ზ-შვილის ბინაზე. რადგან ვიცოდი რომ არ მიიღებდა, ამიტომ სხვა ცნობილი გვარით უნდა მიეღებინებინათ თავი. შესვლისთანავე ტერორის საშულებით უნდა გამოერთმიათ ფული.
იმ დღესვე თერთმეტი საათი იყო სწორედ რომ ორი დასახელებული პირი შევიდნენ ოტელის კარებში. მე გარედგან უნდა ყური მეგდო და თუ ხიფათში გაებმოდენ, გარემოების დაგვარად მემოქმედა.
გულის ფანცქალით ვსთვლიდი წუთებს. გავიდა ხუთი წამი, ათი წამი. გარედგან ოტელს არაფერი ალიაქოთი ეტყობოდა. მაშასადამე ვფიქრობ საქმე კარგად არის. გავიდა კიდევ ხუთი წამი და ამხანაგებიც გამოჩდნენ. დანიშნულ ადგილისკენ წავიდნენ. მე შორიდგან თვალს ვადევნებ, რომ საეჭვო პირი, ხომ არ დაედევნა. შევიკრიბენით. ავ. ვიკტორ ჰიუგო(თან).
_ რა ჰქენით? _ დავეკითხე
_ არაფერი. არ მიგვიღო. ეჭვის თვალით შეგვხედეს. ადრესები მოგვთხოვეს. ჩვენც ტყუილი ადრესები მივეცითო და წამოვედით.
მოგვწყდა წელი. რაღა გვეშველება? დღეები გადიოდა. ორასი ათასი ფრანკის საქონელი გვეღუპებოდა, რამდენი თვის შრომა და ვაი-ვაგლახი სულ ფუჭად იკარგებოდა. იქ საქართველოში ყოველ დღე ელოდნენ შველას. ერთი სიტყვით ვიღუპებოდით. ამ ფიქრებით შეპყრობილი მივიდოდით სამივე თავ-ჩაკიდულნი. ხმას არ ვიღებდით, რადგან თვითეული ჩვენგანი ეძებდა საშუალებას.
_ მე წავალ! – წამოვიძახე უცებ.
_ სად? – მამაძახეს გაშტერებულმა ამხანაგებმა.
_ მე შევალ ზ-თან!
_ არც შენ მიგიღებს.
_ ვშინჯამ.
_ გუშინ რომ იყავი იქ, მოსამსახურეები გიცნობენ.
_ არა უშავს-რა. თქვენ წადით ეხლავე და ამოირჩიეთ ალაგი რომ შორითგან შემსვლელ-გამომსვლელს კარგად ხედავდეთ. თუ დამიჭირეს რომ გამოყვანისას მნახავთ; თუ მე თვითონ გამოველ და კარებში ქუდი მოვიხადე, იცოდეთ საქმე კარგად არის და აქვე შევიყაროთ. თუ ქუდი არ მოვიხადე იცოდეთ საქმე ცუდად არის და თავს უნდა უშველოთ. ეს იყოს ჩვენი ნიშანი და ეხლა წადით.
_ შენ სადღა მიდიხარ?
_ ვიზიტის კარტები უნდა შევუკვეთო.
ამ სიტყვებით დავშორდით ერთმანეთს. შეველ რამდენიმე ალაგას, არსად არ იყო მუშა, რომ რამდენიმე წუთში დაებეჭდა კარტები. მაშინ ვიყიდე ერთი კარგი თეთრი ვიზიტის კარტა და ზედ დაახლოვებით შემდეგი დავწერე: მ.ხ. (მოწყალეო ხელმწიფევ). მე კერძოდ თქვენთან არავითარი სათხოვარი არა მაქვს და არც თქვენ დახმარებას ვსაჭიროებ. მე მინდა მხოლოდ გაუწყოთ ერთი ფრიად მძიმე გარემოება, რომელიც შეეხება თქვენ სიცოცხლეს. გნებავთ თუ არა მინახულოთ, ჰო თუ არა. ტრე პრესსე.
ამნაირი კარტით შევედი სასტუმროში. ბრძანების კილოთი დავავალე მოსამსახურეს ემ წამსვე გადაეცა ეს ბარათი ი. ზ_თვის და ეხლავე კატეგორიული პასუხი ჩამოეტანა.
ერთი მინუტის შემდეგ ჩამოვარდა ბიჭი პასუხით… ბატონი ზ. გთხოვთ სალონში მოიცადოთ ეხლავე გეახლებათ. `გასჭრა ბარათმა, თუ მახეში გავები~, ვფიქრობდი რამდენიმე წამი რომელიც მე სალონში ვუცდიდი, ვინ შემოვიდოდა სალონში პოლიცია თუ ბ. ზ-ლი.
გაიღო სალონის კარები და გამოჩნდა ფრიად სიმპატიური სახის ყმაწვილი.
_ ვის მაქვს პატივი ველაპარაკო? – მკითხა მან ცოტა აღელვებული სახით.
_ ბოდიშს ვიხდი, ბ. რომ არ შემიძლიან მოგახსენოთ ჩემი გვარი და ამას არც საჭიროება მოითხოვს. მე მოველ მხოლოდ გაცნობოთ კომიტეტის გადაწყვეტილობა: თქვენი სიცოცხლე განსაცდელშია… თუ გინდათ სიკვდილი აიცდინოთ ეხლავ, ემ წამსვე უნდა წახვიდეთ სადმე, დაიმალოთ. მაგრამ არ ვიცი… მოახერხებთ ამას თუ არა. მე ვიცი რომ თქვენ შეძლების დაგვარად ეწევით ჩვენ საზოგადო საქმეს, თქვენი სიცოცხლე კიდევ საჭიროა ჩვენთვის. მინდა აგაცდინოთ… მაგრამ როგორ… აი ეხლა მე რომ აქ გელაპარაკებით ორი კაცი აქვე ჩასაფრებული უცდის თქვენ გადაწყვეტილებას. მე მათ დავპირდი ჩემ თავზედ ვიღე კისრად, რომ თქვენ სიამოვნებით დაეხმარებით სარევოლუციო საქმეს, რომ საჭირო არ არის იმნაირი ზომების მიღება…
_ მე ყოველთვის ვშველოდი და ვშველი ჩვენ საქმეს…
_ ჰო, მე ეს კარგად ვიცოდი, რომ თქვენ უარს არ ეტყოდით და ამიტომ გავბედე ამ მძიმე მისიის ტვირთის აღება.
_ მე კომიტეტის ყევლა წევრებს ვიცნობ… და მიკვირს ამნაირი გადაწყვეტილება მისი… მეშინია აქ რამე “შანტაჟ~ არ იყოს… მე გთხოვთ თქვენი გვარი მითხრათ…
_ ბატონო, მე გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემს გვარს გაუმალავად მოგახსენებთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომ აღმითქვამთ იმ შემწეობას, რომელსაც კომიტეტი თქვენგან ითხოვს. ამასთანავე რომ დარწმუნებული იყოთ ვის ხელშიც მიდის ფული. ამ ფულს ვერც მე და ვერც სხვა ვინმე თქვენგან არ მიიღებს. ეს ფული თქვენ უნდა ჩააბაროთ გ. დეკანოზიშვილს, რომლის შორიდგან ცნობა ალბათ გექნებათ.
_ რამდენს მთხოვენ?
_ 25 ათას მანეთს.
_ დღეს საღამოს ველი გ. დეკანოზიშვილს, მხოლოდ რადგან პირადი ცნობა არა მაქვს მასთან, დაავალეთ მოიყვანოს თუნდ ბ. გ-ძე. ეხლავე გთხოვთ მითხრათ თქვენი გვარი.
_ მე ყიფიანი გახლავართ.
მან მადლობის ნიშნად ხელი გამომიწოდა. ჩვენ რამოდენიმე ხანი კიდევ ვისხედით და უკვე დამშვიდებული ვბაასობდით სარევოლუციო მოქმედებაზედ.
გახარებული ქუდ მოხდილი გამოველ სასტუმროდგან; ამხანაგები დანიშნულ ალაგას დამხვდნენ.
_ წავიდეთ მალე ვახაროთ გიორგის.
გიორგისთან შევიდა იასონი. ის წინადვე მომზადებული იყო ცუდ ამბის გასაგონად. გაეცივებინა და თავ შეხვეული პალტოთი წახურული იწვა კუშეტკაზე.
_ გიორგი წადი ფული მიიღე – უთხრა მას იასონმა.
_ რაო?! ფული მივიღო?!
ამხ. გ. დ-შვილი უცებ წამოხტა ფეხზედ, გვერდზე გადაისროლა თავსაკრავი, სახე მხიარულად გაებრწყონა და ავადმყოფი კაცი უცებ გამოსაღდა~91 იაკობ ზუბალაშვილმა პირობა აასრულა და დეკანოზიშვილს 25000 ფრანკი გადასცა.
ასე იღბლიანად დამთავრდა ეს თავისებური `ჯენტლმენური ექსპროპრიაცია~ _ უსისხლოდ, უდავიდარაბოდ. თუმცა მან უხერხულ მდგომარეობაში კი ჩააგდო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერები. ამის შესახებ თედო სახოკია გიორგი დეკანოზიშვილს წერდა ბათუმიდან 18 ნოემბერს: `თქვენ რომ ულტიმატუმი დაგიდვიათ, ის კაცი ჩვენთან ძალიან კარგად იქცეოდა. აქამდე იმით ვიბრუნებდით სულს. სამწუხაროა, რომ შენ არაფერი იცოდი და იმასთან სირცხვილში ჩავარდი. არა უშავს, გამოვაკეთებთ საქმეს და ბოდიშს მოვისდით მასთან. ყოჩაღად კი მოქცეულხართ…~92
ოპერაცია ჩავარდნას გადარჩა. `სირიუსი~ სეტიდან გამოვიდა. 5 ნოემბერს გემი მარსელში შევიდა. როგორც ჩანს გემს გზადაგზა ტვირთავდნენ იარაღით და არალეგალური ლიტერატურით. მარკოზ ტუღუშის სიტყვით, თურმე ეს საქმე მარსელში ებარა ვინმე _ კოლომბოს. ალბათ ეს კაციც ადგილობრივი რევოლუციონერი-ანარქისტი იყო. აქვე `სირიუსის~ ფრანგულ-ჰოლანდიურ ეკიპაჟს შემატნენ გიორგი სიხარულიძე და ლიეჟში მცხოვრები ქართველი სტუდენტი ვ. ნაზაროვი (ნაზარიშვილი). დღე-ნახევრის შემდეგ `სირიუსი~ მარსელიდან გამოვიდა.
`ჯენტლმენური ექსპროპრიაციის~ შემდეგ პალიკო ყიფიანი და იასონ ბობღიაშვილი სტამბოლში გაემგზავრნენ. ამისთვის დეკანოზიშვილმა ყიფიანს ჯერ 3000 ფრანკი მისცა, შემდეგ კი კიდევ 4000 ფრანკი დაუმატა. გარდა ამისა ყიფიანმა კაპიტნისთვის გადასაცემად კიდევ 3000 ფრანკი წაიღო: `ასე რომ სულ აქვს ხელში 10 000 ფრანკი~ _ დაასკვნის გიორგი და იქვე ამატებს, რომ თბილისში, ფედერალისტური პარტიის კომიტეტისთვის გაუგზავნია 5000 ფრანკი.
`სირიუსის~ შემდგომ მგზავრობას და მის წინ აღმართულ მორიგ საფრთხეებს გვამცნობენ პალიკო ყიფიანის 13 ნოემბერს გაგზავნილი წერილი თუ დეპეშა გიორგისადმი და იმავე დღეს გაკეთებული ჩანაწერი გიორგის `დღიურში.~ პირველ რიგში, ყიფიანი სტამბოლიდან აცნობებდა, რომ ოპერაციაში ჩართული რამდენიმე პიროვნების აზრით, გემი `შენიშნული~ იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს `პირები~ ყიფიანს ურჩევდნენ, რომ რუსეთის მართებლობამ ოსმალებს ალბათ აცნობა, რომ სტამბოლში გემი გააჩერონ, `ტყუილად საქონელს ნუ დაღუპავთ, ნამდვილად შეტყობილი ექნებათო~. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ ვინმე `გალაჯევი~, ლეო კერესელიძე _ შემდგომში დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტის მომავალი აქტივისტი და ~ქართველი ფაშები~, ვიღაც `ქართველი ბერი~, ცნობილი ქართველი პატრიოტი ზია ბეგ აბაშიძე…
სანამ დარდანელის სრუტეში შევიდოდა გემი კუნძულ ზეაზე გაჩერებულა. პავლე-პალიკო ყიფიანი დეკანოზიშვილსა წერს, შემოკლებით გადმოვცემთ:
`ამ საღამოს კრებაზე ამნაირად ვარჩიეთ: მე და ერთი აქაური თათრულის მცოდნე უნდა წავიდეთ კუნძულზედ და შევხვდეთ გემზედ, რადგან დარდანელში შესხდომა, თუ გემი შენიშნულია არ შეიძლება და თუ შენიშნული არ არის, ეჭვს შეიტანენ. იქედან წამოვყვებით გემს როგორც პასაჟირები. დარდანელში რომ მოვალთ, კაპიტანი განუცხადებს, რომ ორი კაცი კონტრაბანდით წამოვიყვანეო; ჩვენც შევეხვეწებით რომ არ გადმოგვსვას და ამისათვის ცოტაოდენ ფულს შევაძლევთ. მიხვდები რომ ამას იმიტომ ჩავიდენთ რომ კონტროლის ყურადღება ჩვენზედ მივიქციოთ და სხვა დავავიწყოთ. თუ ვინიცობაა გემი გამოცხადებულია და პირდაპირ დაუწყო კონტრაბანდის სინჯვა, მაშინ უკვე ქრთამს შევაძლევთ, ისე როგორც წინად ვლაპარაკობდი. ახლა ქრთამის რაოდენობის შესახებ გვქონდა მსჯელობა. ყველა იმ აზრისა იყო რომ თუ გემი შენიშნულია და მაშასადამე მოხელეს ნაბრძანები აქვს დაიჭიროს, მაშინ ისე უნდა დავახარბოთ ფულს რომ სამსახურიდგან რომ დაითხოვონ ამ ფულით ცხოვრება შეეძლოსო. ათი ათასი ფრანკი საჭირო იქნებაო. მე ვუთხარ ამ საქმისთვის ხუთი ათასის მეტი არ შეგვიძლია მეთქი. მეტი რა ჯანია ამ ფულით ვცდიო. ჩვენი კრება 11 და ნახევარ საათზე ღამისას გათავდა და ამის შემდეგ დაგიკარ დეპეშა ოთხი ათასის გამოგზავნისა. თუ ვინცობაა ფულით ვერას გავხდით და გემი დაიჭირეს, მაშინ გამოჩნდება იმ ბერს შეეძლება დახმარება აღმამიჩინოს რომ ზარალი აგვაცდინოს თუ არა? როგორც ხედავ საქმე რისკზეა მიმდგარი, დარწმუნებული იყავი რომ ყოველ ღინის ძიებას ვიხმარ თუ გაჭირდა მუქარას და რევოლვერსაც დავაბჯენ გულზედ…
აქ საშინელობა არის. ყველა ადამიანს თვაყურს ადევნებენ. ამ მხრით კარგი მოვიფიქრეთ, რომ მე და იასონი სხვა და სხვა სასტუმროში დავდექით…”93 ამის შემდეგ პალიკო ყიფიანი კუნძულ ზეაზე წავიდა.
მიუხედავად ამდენი გართულებისა და საფრთხეებისა, უნდა ითქვას _ ქართველი სამთო-ინჟინერი, პარიზიდან სრულიად აკონტროლებდა სიტუაციას _ მისი მითითებით ხდებოდა გემის გადაადგილება, შეჩერება, გზის გაგრძელება, ფინანსების განკარგვა, ოპერაციაში ჩართული პირების მოქმედება, კოორდინაცია. საბედნიეროდ, მისი `დღიურის~ ეს ნაწილი _ 13 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე და საერთოდ, დეკემბრის ბოლომდე, თითქმის მოვლენების ხან ყოველდღიური ხან ყოველკვირეული განვითარების სურათს იძლევა. ჩვენც მივყვეთ ამ მოვლენებს.
1905 წლის 13 ნოემბრის ჩანაწერის მიხედვით:
დეკანოზიშვილი იღებს კაპიტან ქრისტიან კორნელისენის დეპეშას _ `სირიუსი~ კუნძულ ზეაზეა მისული და ელის მის განკარგულებას, რათა დარდანელში შევიდეს. `რადგან ყიფიანს ჯერ საქმე არ მოუწყვია, ვერ მივცემ განკარგულებას, რომ დაიძრას.~ გიორგი ევგენი ბოსთან მიდის. მასთანვეა გემის კაპიტნის ქრისტიან კორნელისენის ძმა _ პეტერი. მთელი ღამე ელოდებიან დეპეშას, იღებენ, გზავნის პასუხებს, თან კმაყოფილია, რომ `ტელეგრაფის სტანცია~ მთელი ღამე მუშაობს. მან ყიფიანს პასუხი დილის 4 საათზე გაუგზავნა.
14 ნოემბერი.
ბათუმიდან ფედერალისტების კომიტეტის დეპეშაში გიორგის ეკითხებიან: გაგზავნონ თუ არა ვინმე.
დეპეშას უგზავნის კაპიტან კორნელისენს, რომ უკანასკნელმა კუნძულ ზეაზე დაუცადოს ყიფიანს და უიმისოდ არ გავიდეს, მაგრამ პასუხს ვერ იღებს. `მეშინია; ვაი-თუ პირდაპირ გასწია სტამბულისაკენ~ _ წერს დეკანოზიშვილი და მისდამი სამწუხაროდ, თუ როგორც შემდგომში გამოირკვა _ საქმისთვის საბედნიეროდ, სწორედ ასე მოხდა. ყიფიანმა ზეაზე ჩასვლა ვერ მოასწრო და გემი უიმისოდ გავიდა. სამთო-ინჟინერს კი საშინელი ფიქრები სტანჯავს _ თუ ყიფიანი კუნძულზე ვერ ჩაუსწრებს `სირიუსს~ და ეს უკანასკნელი სტამბოლში მივა _ გემს აუცილებლად დააკავებენ და ყველაფერი დაიღუპება. `საშინელ მდგომარეობაში ვარ, ნერვები სულ მთლიანად ამეშალა. ვაი ამოდენა შრომამ ამ უბრალო შემთხვევის გამო უბრალოდ ჩაიაროს. აქეთგან არავითარი შველა არ შემიძლია, თავს ვიმტვრევ, რომ გემი შევაჩერო ყიფიანის მისვლამდე, მაგრამ არ ვიცი, რა ზომა მივიღო.~
დეკანოზიშვილი იმავე საღამოს იბარებს პეტერ კორნელისენს, ჰოლანდიურ ენაზე აწერინებს წერილს და მის კაპიტან ძმას _ ქრისტიანს უთვლის, რომ ყიფიანის მისვლამდე კუნძულ ზეადან `ფეხი არ მოიცვალოს~.
15 ნოემბერი.
დეკანოზიშვილისთვის მძიმე დღეა. სწორედ ისე მოხდა, რასაც შიშობდა. პალიკო ყიფიანი წავიდა კუნძულ ზეაზე, საიდანაც მას გემი წამოსული დახვდა დარდანელში. `ყიფიანი მივა ზეაში და არავინ დაუხვდება, კაპიტანი კიდევ მივა დარდანელში და არავინ დაუხვდება. რა უბედურება მოგვდევს, ხან რა ჩნდება და ხან რა. კაპიტანისაგან არავითარი პასუხი არ მოსულა. ყიფიანმაც არ მოიწერა, როდესაც გავიდა სტამბოლიდან.~
ეს დღე სრულიად უინფორმაციო აღმოჩნდა. დეკანოზიშვილს უფრო ის აკვირვებდა, რომ კაპიტნისაგან არაფერი ისმოდა. ქრისტიან კორნელისენი `ძლიერ რიგიანი და გამჭრიახი კაცი ჩანდა, რა ღმერთი გაუწყრა, არ მესმის.~ მარტო შავ ფიქრებს რომ არ მისცემოდა დეკანოზიშვილი დღის განმავლობაში ცდილობდა საინფორმაციო ბიუროების, კომპანიების თუ სააგენტოების საშუალებით დაკავშირებოდა სტამბოლს, რათა უკანასკნელების იქაურ კორესპონდენტებს “სირიუსი” გაეფრთხილებინათ _ არ შესულიყო დარდანელში. ესეც მოახერხა: ერთ-ერთი კომპანიის ბიუროში, საიდანაც თავის აგენტს დაუკავშირდნენ და “სირიუსის” გაფრთხილება დაავალეს. მიუხედავად ამისა, 16 ნოემბერს დეკანოზიშვილმა ვერაფრის გაგება ვერ შეძლო.
17 ნოემბერს პალიკო ყიფიანმა როგორც იქნა აცნობა, რომ `სირიუსს~ გაუვლია დარდანელის სრუტე და სტამბოლშიც შესულა, ისე რომ არავის შეუფერხებია. მიუხედავად ამისა, დეკანოზიშვილს ეს ყველაფერი რუსეთის საიდუმლო სამსახურების ხრიკები ჰგონია, რომ ისინი უფრო შესაფერის დროს უცდიდნენ გემის დასაკავებლად და ეკიპაჟის დასაპატიმრებლად.
ამ დღეს ერთი უცნაური ამბავი მაინც შეიტყო გიორგი დეკანოზიშვილმა. კომპანია `მესაჟერ მარიტამის~ აგენტმა, სტამბოლიდან აცნობა თავის დირექტორს, რომ `სირიუსმა~ დარდანელი გაიარა და რომ სრუტეში ელოდებიან რომელიღაც ფრანგული კომპანიის გემს, რომელსაც თურმე იგივე სახელი _ `სირიუსი~ რქმევია. ეს კარგი იყო. რუსის აგენტები შესაძლოა დააბნია კიდეც ორი `სირიუსის~ არსებობამ, გადაადგილებამ და გამოჩენამ დარდანელის სრუტეში. ამ დამთხვევას აფორიაქებული ინჟინერი ხუმრობის ხასიათზე დაუყენებია.
`რა სეირი იქნება, რომ ეს გემი დაიჭირონ და გაჩხრიკონ. მშვენიერება იქნება, რადგან კამპანია გადაახდევინებს დიდ ჯარიმას~.
გიორგი დეკანოზიშვილის ნატვრა არ შესრულდა, მაგრამ დასავლეთ ევროპულ საზღვაო სივრცეში ორი `სირიუსის~ არსებობამ შესაძლოა მართლაც მეტი არევ-დარევა შეიტანა რუსული საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებში. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ჰააგაში იტყობინებოდა, რომ იარაღით დატვირთული `სირიუსი~ უნდა წასულიყო არა კავკასია-საქართველოს, არამედ ფინეთის მიმართულებით. ამასვე ატყობინებდა ბერლინის პოლიცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. `ეტყობა ამიტომაც _ დაასკვნიან რუსი ისტორიკოსები დ. პავლოვი და ს. პეტროვი ზემოაღნიშნულ ნაშრომში, ¬_ ხელისუფალთა ძირითადი ყურადღება მიიქცია ფინლანდიის სანაპირო საზოგადოების ამავე სახელწოდების გემმა, რომელიც 1905 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თავის ჩვეულებრივ რეისს ახორციელებდა ჰელსინგფორსში.~94
მაშ გამოდის, რომ იმჟამად ორი კი არა სამი გემი დაცურავდა `სირიუსის~ სახელწოდებით: ერთ ჩვენი _ ჰოლანდიური სამეფო საზოგადოების კუთვნილი, დეკანოზიშვილის მიერ ნაყიდი და დარდანელიდან სტამბოლში მომავალი; მეორე _ ფრანგული კომპანიისა, რომელიც დარდანელისაკენ მიემართებოდა და მესამე _ ფინეთის სანაოსნო საზოგადოების კუთვნილი. ასეთ ვითარებაში თვით რუსეთის საიდუმლო სამსახურებიც კი შეიძლებოდა დაბნეულიყვნენ.
შესაძლოა ამგვარი შემთხვევისათვის ამბობდნენ ხოლმე ძველი რომაელები: ფორტეს ფორტუნა ადიუვატ – მამაცთ ბედი სწყალობთო. ასეა თუ ისე, გიორგი დეკანოზიშვილმა 18 ნოემბერს დეპეშა მიიღო პეტერ კორნელისენისაგან, ამსტერდამიდამ, რომელშიც ატყობინებდა, რომ `სირიუსი~ წინა საღამოს ე. ი. 17 ნოემბერს გასულა სტამბოლიდან. ტყუილად ნერვიულობდნენ თურმე ქართველები _ პარიზშიც, სტამბოლშიც და `სირიუსზეც.~ გემი რუსეთის სპეცსამსახურებმა ვერ შენიშნეს, ისე შევიდა შავ ზღვაში.
რუსული წყაროები უფრო მეტს გვეუბნებიან `სირიუსის~ დევნის შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაპირველად გემი გამოვიდა ამსტერდამიდან და მშვიდობიანად გადაცურა ატლანტიკის სივრცე. მაგრამ იგი შენიშნეს ხმელთაშუა ზღვის რომელიღაც პორტში და თვალთვალი დაუწყეს. იმისათვის რომ მდევნელ-მოთვალთვალეები დაებნიათY`სირიუსმა~ კვალის არევა დაიწყო, სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდა, ბევრ პორტებში შედიოდა და გამოდიოდა. ქრისტიან კორნელისენი მართლაც გამოცდილი და გამჭრიახი კაპიტანი აღმოჩნდა. მან განუწყვეტელი მანევრებით დააბნია და თვალ-ხელიდან დაუსხლტა რუსეთის სპეცსამსახურებს.
რუსეთის `ოხრანკას~ ეგონა რომ გემის მიმოსვლას აკონტროლებდა `ინტერნაციონალური კომიტეტი.~ ჩვენც ვიცით, რომ `სირიუსის~ ოპერაციაში ჩართული იყვნენ მეორე ინტერნაციონალის ბიუროს ხელმძღვანელები. მაგრამ ისიც ცხადია, რომ როდესაც გემი ამსტერდამიდან გამოვიდა, მის მოგზაურობას მხოლოდ ერთი კაცის _ გიორგი დეკანოზიშვილის მტკიცე ხელი წარმართავდა, თუმცა რა თქმა უნდა, მისი და ქართველების ევროპელი მეგობრების დახმარებით.95
1905 წლის 18 ნოემბერს გიორგი დეკანოზიშვილმა `სირიუსის~ სტამბოლიდან გასვლის ამბის გაგების შემდეგ `დღიურში~ ჩაწერა:
`ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ამით თავდება ჩემი მოვალეობა და ჩემი მუშაობა რა-კი გემი გავიდა, ამის იქეთ ჩემი საქმე აღარ არის, როგორ მიიღებენ იქ.~
მართალია. `სირიუსის~ ექსპედიციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. გიორგი დეკანოზიშვილმა ფულიც იშოვა, იარაღიც იყიდა, გემიც შეიძინა, იარაღითაც დატვირთა, ევროპულ წყლებშიც გაისტუმრა და სრუტეებიც გადაალახვინა გემს. ახლა `სირიუსი~ ხელიდან უნდა დასხლტომოდა რუსეთის იმპერიის არამხოლოდ საიდუმლო პოლიციას, არამედ მის კბილებამდე შეიარაღებულ ფლოტს და სანაპირო ჯარებს.
ახლა საქმის ბოლომდე მიყვანა _ ე. ი. იარაღის გადაზიდვა ხმელეთზე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას, მის მთავარ კომიტეტს უნდა განეხორციელებინა. აქ გემს გიორგი დეკანოზიშვილი ვეღარ უპატრონებდა და მისი პასუხისმგებლობა ამოწურული და მისია შესრულებული იყო.
ULDA
`სირიუსის~ ექსპედიცია შავ ზღვაზე _ იარაღის შემოტანა საქართველოში რუსეთის `ოხრანკის~ მიერ გამოცემული ბროშურა, რომელსაც ჩვენ არაერთხელ ვიმოწმებთ _ Èçíàíêà ðåâîëþöèè, ირწმუნება რომ `ინტერნაციონალურმა კომიტეტმა~ ტელეგრაფით გააფრთხილა `სირიუსის~ კაპიტანი _ 20 ნოემბერს შავ ზღვაში არ შესულიყო, რადგან ამ დროს მცირე აზიის ნახევარკუნძულის ახლოს იდგა ან მიმოდიოდა რუსეთის ფლოტი. 20 ნოემბრის შემდეგ კი, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში იფეთქა აჯანყებამ, გზა უხიფათო გახდა და `სირიუსს~ შეეძლო გაეგრძელებინა სვლა.
ეს მონაცემები დროში ძირითადად ემთხვევა დეკანოზიშვილის მითითებებს. გახსოვთ, 14 ნოემბერს რომ უთვლის `სირიუსის~ კაპიტანს, კუნძულ ზეადან `ფეხი არ მოიცვალოო.~ ინტერნაციონალის ხელმძღვანელებს და ოპერაციის ქართველ ორგანიზატორს ერთნაირი მონაცემები აქვთ და ინტენსიური კონტაქტიც. ისიც ემთხვევა რომ ვერც დეკანოზიშვილისა და ვერც `ინტერნაციონალური კომიტეტის~ დეპეშები და მითითებები ვერ აღწევს `სირიუსამდე~. `ოხრანკის~ მონაცემებით გემი სწორედ 14 ნოემნერს ტოვებს კუნძულ ზეას, გაივლის დარდანელს, სტამბოლს და 17 ნოემბერს შედის შავ ზღვაში. `კომიტეტის შემდგომმა მითითებებმა, კიდევ ცოტა ხანს მოეცადა, ვეღარ მოუსწრო გემს და ხელმძღვანელები ევროპიდან, შეშფოთებულნი ადევნებდნენ თვალს `სირიუსის~ მგზავრობას.~96
რუსეთის `ოხრანკა~ ცდილობდა `სირიუსის~ მოგზაურობა მოვლენათა იღბლიანი მიმდინარეობისათვის დაეკავშირებინა და ამით რუსეთის ფლოტისთვის, საიდუმლო პოლიციისთვის და საერთოდ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა შეემსუბუქებინა. მაგ., ის ირწმუნებოდა, რომ უინფორმაციოდ დარჩენილი `სირიუსი~ პირდაპირ დაიძრა რუსული ფლოტისაკენ, მაგრამ ამჯერადაც წარმატებამ და იღბალმა არ უღალატეს მას და იგი ვერ შენიშნეს.
ფაქტები ცოტა დროშია დასალაგებელი და რამდენიმე გარემოებაცაა გასათვალისწინებელი. ამისთვის პირველ რიგში, თვით `სირიუსის~ კაპიტანს ქრისტიან კორნელისენს უნდა მოვუსმინოთ, რაც მან პირადად მოახსენა გიორგი დეკანოზიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა, კიდევ კარგი, ნაწილობრივ მაინც გადმოსცა თავის `დღიურში,~ 26 დეკემბრის ჩანაწერში:
`კაპიტანმა ორი დიდი წერილი დაწერა და ამიხსნა ყოველიფერი, როგორც მოხდა. მისი ნაამბობი სწორეთ მაინ რიდის ან ჟულ ვერნის მოთხრობებს ჰგავს. ეხლა დრო არ მაქვს, რომ დაწვრილებით აღვწერო. იქნება შემდეგში, თუ ცოცხალი დავრჩი, ავწერო უფრო დამშვიდებულათ. მოკლეთ ასე მომხდარა:
თოთხმეტ (14) ნოემბერს ახალი სტილით, ამბობს კაპიტანი, მოველით კუნძულ ზეაში (ზეო), რომელიც ეკუთვნის საბერძნეთს. ეს კუნძული ძლიერ პატარა არის. ზღვის ნაპირზედ რამდონიმე სახლია. თვით სოფელი ზეა მდებარეობს შუა კუნძულზედ ამართულ გორაზედ, ასე რომ ზღვის ნაპირიდან ანუ პორტიდგან სოფლამდინ ორი საათის სავალია. ტელეგრაფის სტანცია თვით სოფელშია, ასე რომ დეპეშების საძებნელათ კაცებს აგზავნიან. მოსვლისას დეპეშა დაგიკარითო. მართალიც არის; მე მივიღე ეს დეპეშა და მაშინვე პასუხი გავეცი, რომ არსად წასულიყო და ყიფიანისთვის დაეცადა, მაგრამ არც ეს დეპეშა და არც სამი სხვა არ მიუღია და აქედგან დაწყებულა მისი ვაი ვაგლახი.
დეპეშის გაგზავნის შემდეგ, განაგრძობს კაპიტანი, შეუდექი ნახშირის აღებას, რომელიც ვიყიდე ჰოლანდიის კონსულიდამ. ნახშირის აღების შემდეგ გავგზავნე კაცი დეპეშის საკითხავად, მაგრამ არაფერი პასუხი არ მომსვლიაო. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ საბერძნეთის ტელეგრაფისტებმა ამ გაყრუებულ სოფელში არ იციან ყოველი წესი ინტერნაციონალური ტელეგრაფისა. მე ვაგზავნიდი თვით გემზედ; იმათ კი სტოვებდნენ კანტორაში. უნდა მომეცადა კიდევ თქვენ დეპეშისათვის, ამბობს კაპიტანი, მაგრამ მეორე დღეს ატყდა ისეთი ქარი და ისეთი ღელვა, რომ ჩვენ გემს როგორც ბურთს ისე ისროდა. პორტი ზეა ძლიერ ცუდი სადგომია გემებისათვის, ან რომელი გაჩერდება დიდ ხანს ამ გადაყრუებულ ადგილას, მხოლოთ ჩვენ ამოვარჩიეთ ამ გვარი ადგილი, რომ უფრო შეუმჩნეველი დავრჩეთო. ჩვენი ორთქლის გემი მობმული იყო დიდრონ თოკებით ბოძებზედ და ძირს ჩაშვებული იყო ჯაჭვი გემის კავით. ამ ღელვის დროს ჰოლანდიის კონსული გემზედ იყო და ანგარიშს ასწორებდა. ერთბაშად საშინელმა ქარმა იღრიალა, ზღვამ აიტაცა ჩვენი გემიო. თოკები და ჯაჭვი დაწყდნენ და ჩვენი გემის კავი ზღვაში დარჩა. განთავისუფლებულმა გემმა დაიწყო პორტში წინ და უკან სიარული. ორთქლი და მაშინა წინ და წინვე მომზადებულნი იყვნენო, რადგან ყოველ წამს მოველოდითო ამ გვარ შემთხვევას. ჰოლანდიის კონსული ძალიან შეწუხდა. კაპიტანს წინადადება მიუცია, რომ მას წაიყვანს შუა ზღვაში და როდესაც ღელვა დაწყნარდება, უკანვე მოგიყვანთო. კონსულს უარი უთქვამს; შეშინებია. გემიდან ნიშნები მიუციათ, რომ კონსულის წასაყვანათ გემი გამოეგზავნათო. მაშინვე გამოუგზავნიათ და როგორც იყო, კონსული გადაუსვამთ.
გემის დადგომა პორტში შეუძლებელი იყოო. მე ვთხოვე კონსულსაო, რომ თუ დეპეშა არის ჩემთვის, თეთრი დროშა გამოეფინა, თუ არ არისო, მაშინ წითელი დროშა გამოეფინა. ცოტა ხნის შემდეგ წითელი დროშა შევნიშნეო, რადგან აღარაფერი ყოფილაო, მაშინვე გავწიე სტამბულისაკენაო იმ იმედით, რომ იქ დამიხვდებოდაო თქვენი კაცი. საწყალმა არ იცოდა, რომ იმ დროს ყიფიანი მიდიოდა ზეაში მასთან იმ იმედით, უკან წამოსულიყო და ამ გვარათ დაშორდნენ ერთმანეთს.
თექვსმეტს მივედით დარდანელში. მოვითხოვეთ პილოტი ანუ პატარა გემი, რომელმაც უნდა შემიყვანოს სტამბოლში. აქეთ-იქეთ ვიყურებოდიო, ხომ არსად ჩანს ჩვენი კაციო, მაგრამ ვერ ვინ ვნახეო. როდესაც მივედითო სტამბოლში, გემზედ ამოვიდა ოსმალეთის ჩინოვნიკი. მან შემიყვანაო ცალკე ოთახში და მითხრაო, აქ თქვენს გემზედ იარაღი არისო, მე ნამდვილათ ვიციო. მე ყველა ქაღალდები უჩვენეო და უთხარი, რომ მხოლოთ ყავა, ნახშირი და ბურბუშელა მაქვს, რომელიც გალაცში მიმაქვს. თუმცა ქაღალდები კარგიაო, მაგრამ იარაღი მაინც გაქვსო, მიპასუხა პორტის თანაშემწემო. მაშინ მე ფული დაუდეო წინ. პორტის თანაშემწემ ფული ჩაილაგა ჯიბეში და მშვიდათ გავიდა ოთახიდამ და თან მითხრაო, `ეხლა შეგიძლია მშვიდად წახვიდეო.~ როდესაც ეს თანაშემწე გავიდაო, მაშინ თვით უმფროსი მოვიდაო და მითხრაო, ეს გემი უნდა შევაჩეროთო; თანაშემწემ კაპიტანის მაგიერ უპასუხა, რომ მისი ქაღალდები წესრიგზედ არიან და არავითარი მიზეზი არ აქვს გაჩერებისა. მოილაპარაკეს ერთ მანეთთან და მითხრესო `მშვიდობით მგზავრობა გქონდეს.~ ამ სიტყვების შემდეგ მე უბრძანეო, რომ მაშინა ყოველის ძალით ემუშავნათ და ჩქარა წავსულიყავითო. 18 ნოემბერს გავცილდითო სულ მთლათ სტამბოლს და სასწრაფოდ გავუდექით ფოთისკენ~97.
ფოთის ამბებზე ქვემოთ ვალაპარაკოთ. ქართველი პატრიოტების ჰოლანდიელი მეგობარი, ცნობილი ანარქისტ-რევოლუციონერი ქრისტიან კორნელისენი. ახლა მხოლოდ `სირიუსის~ გადაადგილების თარიღების დაზუსტება გვჭირდება და მას თვით `სირიუსის~ კაპიტანი გვიზუსტებს:
`სირიუსი~ 14 ნოემბერს მიდის და ჩერდება კუნძულ ზეასთან.
15 ნოემბერს გადის ზღვაში, რადგან ღელვის გამო კუნძულთან გაჩერება შეუძლებელია.
16 ნოემბერს `სირიუსი~ დარდანელის სრუტეშია, და ოსმალო მებაჟეების შემოწმების შემდეგ მიდის სტამბოლში.
17 ნოემბრის ღამით გემი გამოდის სტამბოლიდან და `სისწრაფით~ მოემართება ფოთისკენ. ამით დაიწყო `სირიუსის~ მისიის უკანასკნელი ეტაპი _ იარაღის გადმოზიდვის ოპერაცია.
ამ ეპიზოდის შესახებაც სხვადასხვა მონაცემები არსებობს და დასაზუსტებელია მთავარი _ სად და ზუსტად რამდენი იარაღი გადმოიტვირთა ხმელეთზე, ვის რამდენი ერგო ამ იარაღიდან.
გიორგი დეკანოზიშვილმა რა თქმა უნდა წინასწარ მიიღო ზომები, რათა იარაღის გადაზიდვა ორგანიზებულად განეხორციელებინა მის მთავარ და ერთადერთ კანონიერ მიმღებს _ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას და ყველა იმას, ვისთანაც წინასწარ იყო შეთანხმებული პარტია. ამდენი რაოდენობის იარაღის გადმოტვირთვას და მოხმარებას მაშინ ვერც ერთი საქართველოში მოქმედი თითოეული პარტია ან პოლიტიკური ჯგუფი დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა.
ეს საქმე გაუჭირდებოდა თვით ისეთ გავლენიან და უძლიერეს პარტიასაც კი, როგორიც რუსეთის სოციალ_დემოკრატიული პარტია და მისი ადგილობრივი ავტონომიური ორგანიზაცია _ ქართველი სოციალ_დემოკრატები იყვნენ. ამიტომ გადაწყვეტილი იყო, რომ იარაღს დაურიგებდნენ რევოლუციურად განწყობილი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს.
სწორედ ამიტომ გიორგი დეკანოზიშვილი წინასწარ აგზავნის დეპეშებს და წერილებს ფედერალისტთა მთავარ კომიტეტში და აფრთხილებს მათ, რომ გემი დაახლოებით 20-24 ნოემბერს იქნება ფოთის მისადგომებთან. სამწუხაროდ, მას არცერთ დეპეშაზე არ პასუხობენ. ამ დროს საქართველოშიც და რუსეთშიც რევოლუციური მოძრაობა პიკისაკენ მიემართება. გაფიცულია და არ მუშაობს ფოსტა_ტელეგრაფი. დაუხურავთ ბათუმის გაზეთი “ჩერნომორსკიე-ვესტნიკი” რომლის რედაქციაშიც გიორგი დეპეშებს აგზავნიდა.
ეს არეულობა კარგიც იყო და ცუდიც. ცუდი იმიტომ რომ კონტაქტი შავ ზღვაზე შემოსულ “სირიუსსა”, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროპას შორის გაწყვეტილი იყო. გემს კონტაქტი არა ჰქონდა არამარტო დეკანოზიშვილთან, არამედ ფედერალისტთა კომიტეტთანაც. მაგრამ კარგი იყო იმით რომ შავი ზღვის ფლოტში აჯანყებამ იფეთქა და იმდენ ყურადღებას ფოთს და ბათუმს ხელისუფლება ვეღარ აქცევდა.
სევასტოპოლში აჯანყება სტიქიურად დაიწყო ჯერ კიდევ 1905 წლის 11 ნოემბერს. ეს იყო დაგეგმილი გამოსვლების დროზე ადრე მომხდარი ბუნტი, რომელიც 2000-მდე მეზღვაურს, ჯარისკაცს და მუშას მოედო. 12 ნოემბერს აჯანყებულებს კრეისერი “ოჩაკოვი” და ჯავშნოსანი “წმინდა პანტელეიმონი” შეუერთდნენ. ეს უკანასკნელი ცნობილი “პოტიომკინია”, რომელზეც ჯერ კიდევ ივნისში იფეთქა აჯანყებამ. მისი განეიტრალების შემდეგ გემს სახელი შეუცვალეს, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა _ ყოფილი “თავადი პოტიომკინ თავრიდელი” და ახლანდელი “წმინდა პანტელეიმონი” კვლავ აჯანყებულთა შორის აღმოჩნდა. 14 ნოემბერს “ოჩაკოვზე” ავიდა და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა კაპიტანი პ.პ. შმიდტი. 15 ნოემბრისათვის კაპიტან შმიდტის განკარგულებაში უკვე 12 გემი იმყოფებოდა.
ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაგზავნა სევასტოპოლისაკენ 10000 ჯარისკაცი და 22 საომარი გემი. ბუნებრივია სევასტოპოლის აჯანყება და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ძალების გადასროლა ყირიმის ნახევარკუნძულისაკენ ფოთის, ბათუმის და საერთოდ, საქართველოს შავი ზღვისპირეთის სანაპიროებზე ხელისუფლების ყურადღებას შეასუსტებდა. საფიქრებელია რომ სტამბოლში “სირიუსმა” გარკვეული ინფორმაციები უთუოდ შეიტყო “ოჩაკოვის” ამბოხების შესახებ და ამიტომაც დაუყოვნებლივ დაიძრა ფოთისკენ.
საქართველოში იარაღის შემოტანა-გადმოტვირთვის შესახებ რამდენიმე გადმოცემა არსებობს, რომელნიც შეიძლება ზოგადად ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება კიდეც ერთმანეთისაგან. მაგ: მარკოზ ტუღუში ჩამოთვლის ხუთ წყაროს: 1.ქრისტიან კორნელისენის მონათხრობი, რომელსაც დეკანოზიშვილი გვიყვება თავის “დღიურში;” 2.თედო სახოკიას წერილი; 3.გიორგი ლასხიშვილის “მემუარები;” 4.გიორგი სიხარულიძის წერილი და 5. გემზე შედგენილი `ოქმი.~ ამას ჩვენ დავამატებთ 7.რუსეთის `ოხრანკის~ მიერ გამოქვეყნებული ბროშურის ინფორმაციას და 8.თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფიის მონაცემებს. მოკლედ გადმოვცეთ თითოეული ამ წყაროს მონაცემები.
თედო სახოკია წერს გიორგი დეკანოზიშვილს 1905 წლის 4 იანვარს:
`როგორც კაპიტანი გეტყოდა, მივიღეთ მხოლოდ ნახევარი. მეორე ნახევარსაც მივიღებდით, მაგრამ სოციალ-დემოკრატებმა სწორედ ნავების წასვლის დროს ხელი შეგვიშალეს. ორი სანდალი ერთი დღით გვიან გავიდა და ვეღარ მიაგნო გემს. იმავე სანდლებში იჯდა იასონი და კაპიტანის ფული მიჰქონდა. სულ გამოვიდა სამი სანდალი. თითოში ეწყო 1500 თოფი. ერთი სანდალი ღელვისა და ნისლის გამო ფოთის ბუხტში შემოსულა. იქ გადაუწყვეტიათ დაცლა. დაუცლიათ კიდეც. მაგრამ ბოლოს გზაში სალდათებს დაენახნათ და ექვსასამდე წაურთმევიათ. დანარჩენი ხალხის ხელში დარჩა, ეს ექვსასიც მერე სალდათებმა გაჰყიდეს. ეს ამბავი რომ მოხდა ქვეყანა ფეხზე დადგა და ორთქმავალი გემი გამოუყენეს მეორე სანდალს. სწორედ რომ უნდა დაეცალათ ისე, გემმაც მოუსწრო და დაიჭირა და ფოთში შემოიყვანა. იქ სამხედრო გემზე გადაიტანეს და რუსეთში წაიღეს. მესამე სანდალი სავსებით გადარჩა და ახლა იმის დანაწილების დავიდარაბაში ვართ~98
ახლა გიორგი ლასხიშვილს მოვუსმინოთ, მისი `მემუარების~ მიხედვით:
იარაღის გადმოზიდვა დაევალა ვინმე ფოთში მაცხოვრებელ მიხეილ ესაკიას. ამ საქმისთვის თბილისიდან გაემგზავრნენ აგრეთვე თედო სახოკია და ვლადიმერ ლორთქიფანიძე. ფედერალისტთა მიერ გაგზავნილი ნავები `სირიუსს~ მიადგნენ იარაღის გადმოტვირთვა დაიწყეს. ამასობაში ნაპირს მოაწყდა დიდძალი ხალხი, რომელსაც წინა დღით გაეგო, რომ იარაღია მოსული და მისი ნაწილი დაიტაცა. ხმაურისა და აურზაურის გამო ხელისუფლებამაც გაიგო რაშია საქმე. მოდარაჯე გემებმა `სირიუსი~ შენიშნეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა იარაღის ნაწილი ზღვაში გადაყარა და ნაპირს გასცილდა. დატვირთული ნავები ფედერალისტებმა გაგრის მიდამოებში გადმოტვირთეს. ლასხიშვილი იარაღის რაოდენობას არ ასახელებს, მაგრამ იმას კი ამბობს, რომ იარაღის დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში გავრცელდაო.99
მესამე ინფორმაციას იძლევა გიორგი სიხარულიძის 1905 წლის 6 იანვარს თელავიდან პალიკო ყიფიანისადმი ბრიუსელში გაგზავნილი წერილი, რომელსაც მარკოზ ტუღუში აქვეყნებს. ამ წერილის ორიგინალს ჩვენ მივაკვლიეთ 1974 წელს, ფოთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც იგი გამოფენაზე იყო ექსპონირებული და მისი მონაცემები 1993 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში გამოვიყენეთ. ახლა მთლიანად მოვიყვანთ პასაჟს, რომელიც იარაღის გადმოტვირთვას ეხება. გიორგი სიხარულიძე ყიფიანს აქ მომხდარ ამბებს უყვება და თვითონ არაფერი იცის ფოთიდან გაბრუნებული `სირიუსის~ შესახებ:
`მე ფოთთან გავედი ფილუკით ხმელეთზე, ისე რომ არაფერი არ ვიცოდი თუ რა ხდებოდა. დღის 12 საათი იყო, რომ ფოთის ახლო 7 ვერსზე გავედი. წინ ღამის ათზე კი დაეჭირათ იარაღი ფოთის ბუხტში. ერთი სანდალი (შხუნა) იარაღით ქარს შეეგდო ბუხტში. გამოსვლა ბუხტიდან არ შეიძლებოდა და დაუწყეს Gთურმე გამოზიდვა; დაშალეს იაშიკები, დაირიგეს თოფები მუშებმა; მაგრამ თოფს ვერაფერი გაუგეს, რადგანაც სხვანაირ სისტემის იყო; ერთ ნასალდათევს (ვაზნა) თოფში ჩაუგდია და უცაბედად, შეცდომით გავარდნია, მაშინ მთავრობამ გაიგო და ბუხტს ჯარი შემოაკრა. სინამდინ ჯარს შემოაკრავდა 700 თოფი ხალხმა დაიტაცა, შვიდასი კი იმ სანდლიდან მთავრობამ ჩაიგდო ხელში. მე, როგორც კი გავედი ხმელეთზე გავეშურე ფოთისაკენ. გზაში გავიგე, რაც მომხდარა ფოთში. ფოთსაც დილიდან ჯარი შემოაკრეს თურმე რომ ჩვენ უსათუოდ დაგვიჭერდნენ, მაგრამ დილით ფოთი გაფიცული იყო და თავრობისაგან მოეთხოვათ მოხსენით ქალაქს დარაჯები, თორემ აჯანყებას მოვაწყობთო. თავრობას გონებოდა: იარაღი შემოიტანეს, ხალხი შეიარაღებულია, შეშინებოდა და აეხსნა ქალაქის დარაჯები. ამან მიშველა და ფოთში შევედი. ბევრი ვეცადე კიდევ ზღვაში გამოვსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი შეიქმნა. და მეც საფრთხეში ვიყავი, რადგანაც შემნიშნეს და გავეშურე ტფილისისაკენ. ამის შემდეგ კიდევ დაიჭირეს მეორე სანდალი 1200 თოფითა და პატრონებით. მესამე სანდალი 1600 თოფი თავის პატრონებით ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაიგდო ხელში. ჩვენს ორგანიზაციას ჩაუვარდა ხელში მარტო 2000 თოფამდინ თავის პატრონებით და ამდენივე მთავრობას, დანარჩენი კი ხალხში დაიბნა. ეხლა გეტყვი, რა იყო მიზეზი ამ საქმის ასე სამარცხვინოთ გათავება: მთელი საქმე მიენდოთ თედო სახოკიასთვის, რომელსაც ვერ მოეწყო კარგა ორგანიზაცია.~100
ამის შემდეგ დოქტორი მარკოზ ტუღუში აქვეყნებს, როგორც თვითონ წერს: “ფრიად საინტერესო მოწმობა-ოქმის ასლს თვით გემზე 25 ნოემბერს დაწერილს, რაც საქმის ვითარებას უფრო ნათელს ჰყოფს…
“ოქმი გემის გადმოტვირთვისა
ჩვენ რომელთაც დავალებული გვაქვს იარაღის გადმოტვირთვა, ხელის მოწერით ვადასტურებთ, რომ `სირიუსმა~ დატვირთა აღნიშნულ ადგილას 24 ნოემბერს სამი ნავი, რაც შეადგენდა 226 ყუთს თოფებისა და 330 ყუთს ტყვიებისა და რომ ამის შემდეგ ჩვენ ვიტრიალეთ დანიშნული ადგილის გარშემო, მაგრამ ვერ შევხვდით ცარიელ ნავებს. ამის შემდეგ ჩვენ მივეცით კაპიტანს თავისუფალი მოქმედების უფლება, ე. ი. იარაღის ზღვაში გადაყრა და უკან გაბრუნება, თუ ისინი, ვისაც გადასვამს გემი `სირიუსი~ ფოთის მახლობლად, ვერ შესძლებენ 27 ნოემბერს, ორშაბათს, მოიყვანონ ცარიელი ნავები.
თარგმნილი სიტყვა-სიტყვით, ჩაჩავა
ხელს აწერენ: სიხარულიძე, ჩაჩავა, კორძახია.~
ე. ი. გარდა გიორგი სიხარულიძისა, `სირიუსზე~ იმყოფებოდნენ ჩაჩავა და კორძახია, რომელთაც დავალებული ჰქონდათ იარაღის გადატვირთვა. მათ ხელმოწერილი `ოქმით~ დაუდასტურეს გემის კაპიტანს, რომ თუ 27 ნოემბრამდე ცარიელი ნავები არ გამოჩნდებოდა იარაღის გადასატვირთად, კაპიტანს უფლება ეძლეოდა გემზე დარჩენილი იარაღი ზღვაში გადაეყარა და `სირიუსი~ სამშობლოსაკენ გაბრუნებულიყო.
ახლა კი განვაგრძოთ კაპიტან ქრისტიან კორნელისენის ნაამბობი გიორგი დეკანოზიშვილისადმი, რომელიც ზემოთ შევწყვიტეთ. მაშინ საქმე ეხებოდა `სირიუსის~ მოგზაურობას კუნძულ ზეა-დარდანელ-სტამბოლში. ახლა ნაამბობი ეხება იარაღის გადმოზიდვის ოპერაციას და ის ალბათ ყველაზე სანდო და უტყუარი გახლავთ.
`18 ნოემბერს გავცილდით სულ მთლად სტამბოლს და სისწრაფით გაუდექით ფოთისკენ. ძრიელ ბევრი დამეხარჯაო სტამბოლში, რადგან ყველა ერთი-ორად მართმევდაო. ალბათ გაიგესო რაშიც იყო საქმეო. მეც უარს ვერ ვეუბნებოდიო. სტამბოლიდან ფოთამდინ მოუნდით სამდღე ნახევარსაო. 22-ს დილით ფოთის წინ ვიყავითო. გზაში სულ აქეთ-იქით ვიყურებოდითო, ძალიან გვეშინოდა სამხედრო გემისაო; როდესაც მატროსებმა გაიგესო, რომ იარაღი უნდა გადავტვირთოთო, ორმა მათგანმა თითქმის ტირილი დაიწყესო. მოსამსახურე ავათ გაგვიხდაო შიშისგან. ყველას სამხედრო გემი გვესიზმრებოდა. ჩვენ მარსელში წავიკითხეთო, რომ რუსის ესკადრა მიდის და მოდის ტრაპიზონ, ფოთს და ბათუმს შუა, ასე რომ სულ იმის ფიქრში ვიყავით, ვაი თუ მოგვასწრონ და დაგვიჭირონ, ან შეიძლება მინანოსკა გამოგზავნონ ერთი მინით ყველანი ჰაერში აგვაგდონ, რუსები ხომ დაუნდობელი ხალხი არისო, ან ამისთანა შემთხვევაში რომელი სახელმწიფო დაინდობსო.
მე ყოველ ღონისძიებას ვხმარობდი, რომ დამემშვიდებინა ეკიპაჟი, ნუგეშს ვაძლევდიო, ასე რომ ვამხნევებდიო.
22-ს ნოემბერს დილით რომ მივედით ფოთთან, ახლოს არ მიუახლოვდით თვით ქალაქს, შუა გზაში გავჩერდით, ორმოც მილზედ რომ დაღამდა, მაშინ თვით ქალაქთან მიველით და დანიშნულ ადგილას ავწიეთ ანთებული ფანრები, თანაც ძებნა დაუწყეთ ნავებსო.
კაპიტანს და მატროსებს ტყუილად ეგონათ, რომ სამხედრო ესკადრა ფოთის ახლოს არის. რადგან კაპიტანი სულ ზღვაში იყო, მას არ შეეძლო გაეგო, რა ხდებოდა შავ ზღვაში. მე-კი სულ მთლად დამშვიდებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ესკადრა არ არსებობს შავ ზღვაში. სწორეთ 21-ს შავი ზღვის ესკადრა აჯანყდა სებასტოპოლში; ასე რომ ყველა სამხედრო გემები სებასტოპოლში იყვნენ; სწორეთ იმისთვის მე დაუკარი კაპიტანს დეპეშა, რაც შეიძლება ჩქარა გასწიე ფოთისკენ. გარდა ამისა მეორე მიზეზიც იყო, რომ გემი ჩქარა წასულიყო. ევროპა დიდ უთანხმოებაში იყო ოსმალეთთან მაკედონიის რეფორმების გამო. შეერთებული ევროპის ფლოთი უკვე შევიდა კუნძულ მილიტენში (ოსმალეთს ეკუთვნის ეს კუნძული); დაიჭირა ტამოჟნა ოსმალეთისა, როგორ გათავდებოდა ეგ საქმე, არ ვინ იცოდა. ევროპის შეერთებულ ფლოტს ყოველ გემის ჩხრეკა რომ დაეწყო, ჩვენი გემიც ხიფათში იქნებოდა. ერთის სიტყვით, ამ მიზეზების გამო მე დაუკარ კაპიტანს, რომ ჩქარა წასულიყო და 21 ნოემბერს უსათუოდ ყოფილიყო ფოთის წინ. აქედან დეპეშა დაუკარ თბილისში და ბათუმში, რომ გემი 21-ს ფოთის წინ იქმნება. 21-ს დილით დაუკარი დეპეშა: გემი დღე მოვა; ასე რომ იმ დღეს იცოდნენ. 21-ს სწორეთ მოხდა გაფიცვა ფოსტა-ტელეგრაფისა მთელ რუსეთში; ასე რომ შეწყდა ყოველი მიმოსვლა დეპეშებისა და წერილებისა. ჩვენი ბედი და იღბალი, რომ მოვასწარ თბილისში და ბათუმში შეტყობინება, თორემ ჩვენი გემი უქმათ ჩავიდოდა…
22 ნოემბერს ბევრი ვიძიეთ, განაგრძობს კაპიტანი, მაგრამ ნავები ვერსად ვნახეთ, თუმცა ამინდი მშვენიერი იყოო~101
ესაა კაპიტან კორნელისენის ნაამბობი, რომელიც გიორგი დეკანოზიშვილმა ჩაიწერა 1905 წლის 26 დეკემბრის `დღიურში.~ კაპიტნის ნაამბობიდან დეკანოზიშვილმა აქ აღარ გაიმეორა ის, რაც კორნელისენმა ადრე მისწერა 30 ნოემბრის დეპეშაში და ჩაიწერა გიორგიმ იმავე დღის `დღიურში.~ აი რა შეატყობინა კაპიტანმა თავის ოპერაციის ხელმძღვანელს:
`დღეს მივიღე (ე. ი. 30 ნოემბერს _ დ.შ) დეპეშა კაპიტნისგან, ძლივს დამამშვიდა სულ ცოტათი, მაგრამ ვაი ამ დამშვიდებას. გემი მოსულა ვარნაში, ბულგარიაში. ასე რომ სულ უშიშარ ადგილას იმყოფება. მისი დეპეშა ამგვარია: მშვიდობით მიველი. ნახევარი იარაღი გადავტვირთე და ნახევარი გადავყარე ზღვაში, თქვენი ამხანაგების თანხმობით. ხუთი დღე დავდიოდით ფოთის წინაშე. ფული და ნახშირი ძრიელ მჭირია. ჩქარა მომაწოდეთ. უბედურება, ვაგლახი. ნახევარი შრომა, ღირებული 150 000 ფრანკათ, წყალში ჩაუყრიათ, ძრიელ აჩქარებულან, ძრიელ შეშინებულან. კაპიტანიც ძრიელ შეუშინებიათ, როგორც ჩანს. ძრიელ მიკვირს, რად ჩააყრევინეს ნახევარი წყალში. ვთქვათ ვერ გადმოტვირთეს სულ, რატომ მეორე ნახევარი არ დატოვეს გემზედ~102
დაბოლოს, გ. დეკანოზიშვილის 1 დეკემბრის ჩანაწერი `დღიურში,~ რომელიც იარაღის რაოდენობას ეხება:
`დღეს საშინელი დეპეშა წავიკითხე ინგლისურ გაზეთში, როგორც ჩანს რეიტერის აგენტურა გადასცემს. 27 ნოემბერსაო, ფოთს ახლოს გემი მოადგაო და იარაღს სცლიდაო ნაპირზედ. ზღვის მცველებმა ეგ შეიტყვესო. ჯარი დაეცა რევოლუციონერებსო. დილის ექვს საათამდინ გაჩაღებული ბრძოლა ყოფილაო. ბოლოს რევოლუციონერები წასულანო. 20 ყუთი თოფები, თითოში ოც-ოცი თოფი და ასი ათასი პატრონა დაუტოვებიათო. ოცი თოფი თითო ყუთში. სწორეთ ჩვენი ყუთებია~ _ დაასკვნის დეკანოზიშვილი.103
ახლა შევაჯამოთ ზემოაღნიშნული მონაცემები ან მაქსიმალურად მიახლოებით დავაზუსტოთ საქართველოში გადმოტვირთული იარაღის რაოდენობა; ვის რამდენი თოფი ჩაუვარდა ხელში.
იარაღით, თოფებით და ვაზნებით დატვირთული `სირიუსი~ 1905 წლის 22 ნოემბერს მოადგა ფოთის ნაპირს და 40 მილზე გაჩერდა. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ, სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა დაეხვედრებინა გემისათვის საკმარისი ნავები. ამ თუ სხვა მიზეზის გამო, იარაღით და თოფის წამლით დატვირთეს მხოლოდ სამი ნავი. გემიდან გადმოტვირთვისათვის გამოყოფილი იყო სამი კაცი _ გიორგი სიხარულიძე, ჩაჩავა და კორძახია. სულ გადმოტვირთეს სამ ნავზე 226 ყუთი თოფი. თითო ყუთში ეწყო 20 თოფი. გამოდის რომ სულ გადმოტვირთეს 4520 თოფი. თედო სახოკიაც ამბობს, თითო ნავში 1500 თოფი ეწყოო, ე. ი. აქაც 4500-4800 თოფი ჩანს გადმოტვირთულ-განაწილებული სამ ნავში ანუ სანდალში.
გადმოტვირთული იარაღი სამ სუბიექტს შორის განაწილდა: პირველი _ ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტია; 2. რევოლუციურად განწყობილი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ანუ `ხალხი~ და სხვა პარტიები, განსაკუთრებით კი _ სოციალ-დემოკრატები და 3. იმპერიის ხელისუფლების სტრუქტურები. აქვე აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ეს იყო შვეიცარული მოდელის თოფები. მას გიორგი ლასხიშვილის ცნობით _ `ვეტტულისის~ თოფი ერქვა და ასეთი სახელწოდებით დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში. რუსულ ლიტერატურაში ამ თოფებს უწოდებენ `ვეტტერლეის~ შაშხანებს. აი ამ შაშხანებს დაეძებდნენ ნიკოლოზ მეორის საიდუმლო თუ ძალოვანი სამსახურები გამწარებით, ოღონდ არა ევროპაში და არა ხმელთაშუა ზღვაში, არამედ უკვე შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან.
პირველი სანდალის გადმოტვირთვა 22 ნოემბრის ღამესვე დაუწყიათ. პერიპეტიებს აღარ გავიმეორებთ. სხვადასხვა მონაცემებით: 400 (რეიტერის სააგენტო), 600 (სახოკია) თუ 700 შაშხანა (სიხარულიძე) _ რუსის ჯარისკაცებს ჩაუვარდათ ხელში. დავუშვათ, რომ მეტი სიზუსტის პრეტენზია რეიტერის სააგენტოს აქვს _ 400 გამოდის, სულ ცოტა _ 1100 თოფი მუშებს და დანარჩენ მოსახლეობას დაუნაწილებია. ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ ვაზუსტებთ იარაღის მფლობელებს. შესაძლოა ესენი ნაწილობრივ სოციალ-დემოკრატებიც იყვნენ. მთავარია რომ უმეტესობა შაშხანებისა _ რევოლუციურად და პატრიოტულად განწყობილ ძალებს ერგოთ და არა _ ხელისუფლებას. ბრძოლა მთელ ღამეს გრძელდებოდა და ამავე დროს, მიმდინარეობდა თოფ-იარაღის გადმოზიდვა-განაწილება-დარიგება.
მეროე სანდალზე მოთავსებული იარაღის უმეტესობა, სხვადასხვა წყაროების საერთო თანხმობით _ ნიკოლოზ მეორეს ერგო, დაახლოებით 1200 თოფი და 220 000 ვაზნა. ამ სანდალიდან, გარკვეული ნაწილი სანდალის დაპატიმრებამდე, რედუტ-კალეს მიდამოებში იქნა გადმოტვირთული _ 300 თოფამდე. ასე გამოდის თუ თითოეულ სანდალში 1500 თოფი ეწყო.103
მესამე სანდალი, რომელზე არსებული იარაღიც ასევე სხვადასხვა ქართული წყაროების თანხმობით _ მთლიანად ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას ერგო.
ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, გამოვა, რომ სულ 4500 `ვეტტულისიდან~ თუ `ვეტტერლეიდან,~ და ჩვენ მაინც ტრადიციულად `ვეტტულისი~ ვუწოდოთ, რადგან ეს თოფი მაშინდელ ქართველ მოსახლეობაში ამ სახელით იყო ცნობილი _ 1600 მეფის ხელისუფლებას ჩაუვარდა ხელში, ხოლო 2900-მდე ხალხსა და პარტიებს ერგოთ. უკანასკნელებს უფრო მეტი ერგოთ, რადგან რუსი ჯარისკაცებიც მათზე ყიდდნენ თოფებს. თუ დავუშვებთ, რომ რუსის `სალდათებმა~ 400 ხელში ჩაგდებული შაშხანიდან 100 მაინც გაყიდეს, გამოდის რომ რევოლუციონერებს სულ ცოტა 3000-მდე შვეიცარული `ვეტტულისი~ ჩაუგდიათ ხელში.
რაც შეეხება ტყვია-წამალს, წყაროები საკმაო კატეგორიულობის პრეტენზიით ასახელებენ მათს რაოდენობას. ზემოაღნიშნული `ოქმის~ მიხედვით `სირიუსიდან~ სამ სანდალზე გადმოტვირთეს 330 ყუთი ვაზნა, მთელი მარაგის ნახევარი – ე. ი. 1 მლნ 300 ათასის ნახევარი – დაახლოებით 650-700 ათასი ვაზნა. თუ ვაზნების რაოდენობას ყუთების რაოდენობაზე გავყოფთ, უნდა დავუშვათ, რომ თითო ყუთში დაახლოვებით 2000-ზე მეტი ვაზნა იყო. ფოთში გადმოტვირთული ტყვია-წამლიდან რეიტერის სააგენტოს ინფორმაციით ჯარისკაცებს 100 000 ვაზნა ჩაუგდიათ ხელში. ამას ემატება მეორე სანდლის 220 000 ვაზნა, რომელიც აგრეთვე ხელისუფლებამ დააპატიმრა, ე. ი. სულ მის ხელში _ 320 000 ვაზნა აღმოჩნდა. დარჩა დაახლოებით 380-400 ათასამდე ვაზნა ,რაც რევოლუციონერებ ჩაუგდიათ ხელში.
`სირიუსის~ ოპერაციის ყველაზე დრამატული ეპიზოდია ის რომ ფედერალისტურმა პარტიამ გემს ვერ დაახვედრა საკმარისი ცარიელი ნავები იარაღის გადმოსატვირთად. გემი ხუთი დღის განმავლობაში ადაეძებდა მათ. კაპიტანი იძულებული გახდა იარაღის მარაგის ნახევარი ან ცოტა ნაკლები, 3 500-მდე თოფი, ზღვაში გადაეყარა. ამ მძიმე დანაკარგზე, `სირიუსის~ სახიფათო ოდისეის შემდეგ, თანამედროვე მკითხველსაც კი დაწყდება გული. მით უფრო ადვილი წარმოსადგენია რა დღეში იქნებოდნენ ოპერაციის მონაწილეები, რომლებიც წყალში ყრიდნენ ამდენ ნაწვალევს.
აქვე მოვიყვანოთ რუსული ისტორიოგრაფიის მონაცემები, რომელნიც ძირითადად ემთხვევა ჩვენს მონაცემებს, გარდა ზოგიერთი უზუსტობისა.
24 ნოემბერს `სირიუსმა~ 4 ბარკასით გადმოტვირთა იარაღი (შეცდომაა _ 3 ნავით _ დ. შ). პირველი გადმოტვირთეს ფოთის პორტში და მიუხედავად მესაზღვრეების შემოტევისა მოსახლეობას დაურიგეს 600 თოფი და 10 000 ვაზნა. მეორე ბარკასი ხელში ჩაიგდო ხელისუფლებამ _ 1200 თოფი და 220 000 ვაზნა, თუმცა მანამდე იარაღის ნაწილის გადმოტვირთვა რევოლუციონერებმა მაინც შეძლეს. მესამე ბარკასის შესახებ ისაა ცნობილი რომ 900 შაშხანა რევოლუციონერებმა შეინახეს თავად ინალ-იფას მამულში, ხოლო დანარჩენი კი სოხუმის მახლობლად. მეოთხე ბარკასი რუსი ავტორების გამოკვლევის მიხედვით, გადმოიტვირთა ბათუმის რაიონში და გავრცელდა ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ავტორები დაასკვნიან კიდეც დამაჯერებლად: `ასე რომ, წინააღმდეგ ლიტერატურაში გამოთქმული აზრისა `სირიუსის~ ტვირთის უმეტესობა დანიშნულებისამებრ განაწილდა და მხოლოდ 2000 შაშხანა და დაახლოებით ნახევარი მილიონი ვაზნა იქნა ხელისულფების მიერ კონფისკებული.~105 ამ მონაცემებს იმეორებენ სხვა ავტორებიც, როგორც ვხედავთ, რუსი ავტორებისთვის უცნობია გიორგი დეკანოზიშვილისა და ქრისტიან კორნელისენის მიერ დატოვებული ინფორმაცია, რასაც ზემოთ უკვე შევეხეთ.
რა თქმა უნდა, მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, გემ `სირიუსის~ ოპერაცია ქართველი პატრიოტების მიერ ჩატარებულ მეტად მნიშვნელოვან ეროვნულ-რევოლუციურ აქტად უნდა შეფასდეს და ასეც იყო ის აღქმული მაშინდელ საზოგადოებაში. გიორგი დეკანოზიშვილმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა _ მან თითქმის მარტომ მოაწყო ამ დიდი ოპერაციის ორგანიზება და რაც მასზე იყო დამოკიდებული ყველაფერი ბოლომდე განახორციელა. მის მიერ შემოტანილმა იარაღმა მნიშვნელოვნად განაპირობა რევოლუციური და ეროვნული მოძრაობის დიდი აღმავლობა საქართველოში. ნიკოლოზ მეორის ხელისუფლებას მშვენივრად ესმიდა და არა მარტო მას, რომ ეს იარაღი საქართველოს თავისუფლებისათვის იყო გამოგზავნილი და მისი მტრების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამოყენებული .
`ბევრი იარაღი მაინც შეგვრჩა ხელში და თავის დროზე ხალხს დაურიგდა _ წერდა გიორგი ლასხიშვილი. _ შვეიცარიის თოფები ბევრგან იყო გაფანტული სოფლად და ქალაქად, უმთავრესად სამეგრელოსა და იმერეთში~106
ცნობილია რომ `ვეტტულისის~ თოფებით შეიარაღებულნი იყვნენ 1905 წლის მოსკოვის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მონაწილეები. სწორედ ეს გამოსვლები უნდა ყოფილიყო საყოველთაო აჯანყების დასაწყისი მთელს იმპერიაში. ერთი ვარიანტია, რომ გიორგი დეკანოზიშვილის თოფები იქ ფინეთიდან მოხვდა. უფრო საფიქრებელი კი ის არის, რომ `ვეტტულისები~ იქ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა გააგზავნეს, იარაღი ხომ მათთაც შეხვდათ.

`სირიუსის~ ოდისეის დასასრული. თავდაპირველად გიორგი დეკანოზიშვილი ბრძოლის გაგრძელებას ფიქრობდა. მას სურდა გემით იარაღის კვლავ შეტანა შეეთავაზებინა რუსეთის რევოლუცინერებისათვის, თუ კი ვინმე ამას შეძლებდა. საამისოდ იგი შეხვდა რუს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს რუბანოვიჩს, სომეხ დაშნაკთა წარმომადგენელს ლორის მელიქოვს. აღმოჩნდა რომ ზოგს ფული არ ჰქონდა, ზოგს საამისო სურვილი ან შესაძლებლობა.
ამის შემდეგ დეკანოზიშვილი “სირიუსის” სამშობლოში დაბრუნება-დაბინავებას შეუდგა. მას ისედაც აწუხებდნენ მეზღვაურთა ოჯახები, სწერდნენ, სთხოვდნენ `სირიუსელების~ ამბავი შეეტყობინებინა მათთვის, მათ წინაშეც ქართველი ინჟინერი იყო პასუხისმგებელი. “…დღეს სამი დეპეშა ჰოლანდიიდან მატროსების ცოლებიდგან (მივიღე), მთხოვენ შევატყობინო, როგორ არიან მათი ქმრები. თუ რამე მოუვიდათ ამ საწყლებს, ისევ მე მამაწვება მათი პატრონობა.~
ამ დროისთვის, ე. ი. 1905 წლის ნოემბრის ბოლოსთვის `სირიუსი~ ვარნაში იყო გაჩერებული და საფრთხე აღარ ელოდა. `ჰოლანდიელი მატროსების ცოლები~ შეიძლებოდა დამშვიდებულნი დალოდებოდნენ თავიანთ ყოჩაღ ქმრებს. თავისუფლად ამოისუნთქეს ალბათ ფრანგმა მეზღვაურებმაც _ მათ კარგი თავგადასავალი გამოუვიდათ _ ეგონათ შორეულ და ლეგენდარულ კოლხეთში ყავა მიჰქონდათ და თურმე იარაღით სავსე არსენალზე მსხდარან. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ განსხვავებით რევოლუციონერ-ანარქისტი ჰოლანდიელებისაგან, ფრანგები ჩვეულებრივი მეზღვაურები იყვნენ.
გემის ვარნიდან ჰოლანდიისკენ გასტუმრებას ისევ და ისევ დეკანოზიშვილის ბულგარეთში ჩასვლა დასჭირდა. იგი ევგენი ბოსთან ერთად იმყოფებოდა ვარნაში დეკემბრის ბოლო დეკადის შუა რიცხვებში. `სირიუსი~ მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა სამშობლოსაკენ. 1906 წლის 16 იანვარს `სირიუსის~ სახიფათო ოდისეა საბოლოოდ დასრულდა _ გემი მშვიდობიანად დაბრუნდა ამსტერდამში.
კიდევ ერთხელ 27 ნოემბრის ეპიზოდის შესახებ.
აუცილებელი არ არის ნახევარი თოფ-იარაღის გადაყრაში ვინმე დამნაშავე ვეძებოთ. შესაძლოა ასეთი მხარე არც არსებობდა. რუსეთის იმპერია, მიუხედავად სოციალ-ეკონომიკური ჩამორჩენილობისა, ძლიერი სამხედრო-პოლიციური სახელმწიფო გახლდათ და მის საზღვრებში იარაღით დატვირთული მტრული გემის შეღწევა რატომ უნდა დაეშვა. უფრო მეტი ალბათობა გემის ჩავარდნისა არსებობდა, ვიდრე იარაღის მშვიდობიანად შემოტანისა.
მაგრამ არსებობდა შანსი, თუ ოპერაცია ზედმიწევნით ზუსტად და ორგანიზებულად განხორციელდებოდა. ჩაატარა თუ არა ყველა მონაწილე მხარემ ოპერაცია ორგანიზებულად _ ესაა გასარკვევი. და ამის შესახებ იმიტომ ვინტერესდებით, რომ მასზედ თვით ჩვენი ნაშრომის მთავარი პერსონაჟი გამოთქვამს თავის აზრს.
ქართული მხარე თავდაპირველად თითქოს დარწმუნებული იყო, რომ იარაღს წარმატებით მიიღებდნენ.
ჯერ კიდევ 1905 წლის ივლისის 8-ში თედო სახოკია სწერდა გიორგის რომ აქ საქართველოში `მზადა ვართ როგორც გინდა და რამდენიც გინდა იმდენი საქონელი მივიღოთო გასასყიდათ. მუშტარი ბევრია და ნაღდი და საიმედო მუშტარიც.~ ამ დროისთვის `პაროლიც~ შემუშავებული ჰქონდათ, რომლითაც იარაღის გადმოსატვირთად მოსულ მენავეებს და `სირიუსელებს~ უნდა ეცნოთ ერთმანეთი. `ჩვენ მენავეს, როგორც მოგწერე, პაროლად ექნება ფრანგულად დაწერილი სახელი იმ ქალაქისა, სადაც ჩვენი მეგობარი ვარლამი სცხოვრობს.~ ვარლამ ჩერქეზიშვილს გულისხმობდნენ, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა _ ე. ი. პაროლი `ლონდონი~ იქნებოდა, ოღონდ ფრანგულად დაწერილი.
ის, რომ იარაღის მიღებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე არ იყო, უკვე 1905 წლის სექტემბრის თვეში გამოჩნდა. 13 სექტემბერს თედო სახოკია სთხოვს დეკანოზიშვილს, როგორმე შეაჩერე `საქონლის~ _ ე. ი. თოფების ყიდვა-გამოგზავნის საქმეო. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მთავარი კომიტეტი შიშობდა, რომ მეფის ხელისუფლების გაძლიერებული ღონისძიებები რევოლუციონერების წინააღმდეგ, შეუძლებელს გახდიდა იარაღის შემოტანას. ამ გარემოებით გაღიზიანებული ლეო კერესელიძე გიორგისა სწერს, კომიტეტს ნუღარ მიმართავთ მაგ საქმეზე, მაგათ საერთო საქმე არ აინტერესებთო, ჩვენ მებრძოლები ვინც ვართ, ჩვენ გამოგვიგზავნე და ჩვენ მივიღებთო. ამ წატრაბახებას, “ქართული ეროვნული კომიტეტის” მომავალი მესვეური, 1905 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში სწერდა, როცა `სირიუსი~ უკვე გზაში იყო.107
აგვისტოს მეორე ნახევარში გიორგი ლასხიშვილი იმედს აძლევს დეკანოზიშვილს, აქ თითქოს ყველაფერი მზად არის იარაღის მისაღებადო, მაგრამ მისი წერილი მაინც ტოვებს ეჭვის შთაბეჭდილებას, თითქოს ბოლომდე არის და არც არის დარწმუნებული ოპერაციის ორგანიზაციაშიო: `რა ვიცი, _ წერს ლასხიშვილი, _ ყველაფერი მოწყობილ-გამოანგარიშებულია და რაღა ღმერთი გაუწყრებათ, რომ ვერ მიიღონ.~
გიორგი ლასხიშვილს, როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თავმჯდომარეს შესაძლებელია მეტი ეჭვის გამოთქმის მორალური უფლება არც ჰქონდა, მაგრამ მის ინტუიტიურ ეჭვს ავსებს არჩილ ჯორჯაძის დაურიდებელ კატეგორიულობამდე მისული სკეპტიციზმი. ის უფრო ადრე 1905 წლის 9 ივნისს წერს თავის უახლოეს სულიერ-იდეურ მეგობარს დეკანოზიშვილს: `გადატანის (ე.ი. იარაღის შემოტანის _ დ.შ), საქმეზე გადაჭრით ვერას ვიტყვი. მარწმუნებენ, ყოველივე მოწყობილიაო, რამდენადაც კარგად არის მოწყობილი, არ ვიცი, რადგან სიტყვიერ გადმოცემას დიდ ფასს არ ვაძლევ.~ მაინც რას ემყარება ქართული ეროვნული სოციალიზმის მთავარი იდეოლოგის სკეპტიციზმი? _ უბრალო რეალიზმს. პირდაპირ ამბობს: `მართალია, იარაღის საჭიროება დიდია, მაგრამ საქმის მოწყობისა და გაძლიერებისათვის ორგანიზაცია სუსტია.~ შემდეგ წერილში კიდევ უფრო უმძაფრებს მეგობარს მწარე რეალობის განცდას არჩილ ჯორჯაძე: `საზოგადოთ, სუსტნი ვართ. მართალი რომ ვთქვათ, ნამდვილი ორგანიზაცია არა გვაქვს.~108
ფაქტია რომ როდესაც `სირიუსი~ 22 ნოემბერს ფოთის მიდამოებს მოადგა _ საკმარისი ცარიელი ნავები არ დახვდა. თედო სახოკია აღიარებს, ორმა სანდალმა დააგვიანა, ისინი მეორე დღეს გავიდნენ ზღვაში, მაგრამ გემს ვერ მიაგნესო. თვით მიმღები ქართული მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თედო სახოკია მიხეილ ესაკიას აბრალებდა, ორგანიზაცია ვერ გაუკეთა ფოთში იარაღის მიღებასო; სხვები პირიქით, თედო სახოკიას სდებდნენ ბრალს.
თვით გიორგი დეკანოზიშვილსაც გაუჩნდა ეჭვი. `ქართველი ხასიათის დაუდევრობის ძრიელ მეშინია. ვაი თუ მზათ არ იყვნენ და გემი კარზე მოადგეთ~ _ წერს 18 ნოემბერს, როცა `სირიუსი~ სტამბოლიდან ახალი გასული იყო და ფოთისკენ მიემართებოდა. დეკანოზიშვილი ორივე მხარეს ამტყუნებს. ფედერალისტებმა მისი აზრით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ მოინდომეს, რომ მთელი მარაგი ფოთში გადაეტვირთათ და შეიარაღებული ძალით დაეცვათ იარაღი ჯარის შემოტევისაგან. ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან ჯარს მაინც ვერ გაუძლებდნენ. გემს უნდა სანაპიროებზე ევლო და ნელ-ნელა გადმოეტვირთა იარაღი.
მეორე მხრივ, გიორგის აზრით, ვერც გემის ეკიპაჟი მოიქცა ორგანიზებულად. მეზღვაურები აჩქარდნენ, შეშინდნენ და კაპიტანი დაიყოლიეს, იარაღი გადაყარეს ზღვაში. დეკანოზიშვილს, როცა ამ სიტყვებს წერდა 1 დეკემბერს, სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რა ხდებოდა გემზე. `სირიუსი~ ხუთი დღის განმავლობაში დადიოდა სანაპიროზე და როცა იმედი გადაიწყვიტა, რომ ნავებს ვეღარ ნახავდა, მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლა გემი იარაღისაგან. გარდა ამისა, კაპიტანმა ქრისტიან კორნელისენმა ეკიპაჟის ქართველი წევრების წერილობითი პირობა და თანხმობა მიიღო, რომ მას მიეცემოდა თავისუფალი მოქმედების უფლება, თუ 27 ნოემბრამდე ვერ შეხვდებოდნენ ან იშოვიდნენ ცარიელ ნავებს. ესეც უკვე აღვნიშნეთ.
ყოველივე ამის შემდეგ, ქრისტიან კორნელისენის ქმედება სავსებით კანონზომიერი უნდა მოგვეჩვენოს. როდემდე უნდა ევლო იარაღით დატვირთულ `სირიუსს~ რუსეთის იმპერიის წყლებში, სანამ რუსის `სალდათებს~ თუ ფლოტს არ ჩაუვარდებოდნენ ხელში?
სხვათა შორის, საბოლოოდ, გიორგი დეკანოზიშვილი არც ქართველ თანაპარტიელებს ამტყუნებს და არც ჰოლანდიელ კაპიტანს, პირიქით, ორივე მხარეს ამართლებს და საქციელს უწონებს. `ძრიელ ყოჩაღად მოქცეულა. რა ყოჩაღი და მარდი კაცი გამომდგარა~ ქრისტიან კორნელისენიო, იგივე _ კაპიტანი გრუნდეკიო. ქართველებზე კი წერს, ფოთში რომ ებრძოდნენ რუსის ჯარისკაცებს: `მაგრამ ეგეც კარგია, რომ მოუხერხებიათ, თავი შესწირეს, არ შეშინდნენ, პირდაპირ წავიდნენ. ეს იქმნება პირველი დაწყება აშკარა ბრძოლისა იარაღით ხელში~109
ჩვენც ამით დავამთავროთ, ჩვენც ეს პოზიცია გავიზიაროთ, ჩვენც ქება შევასხათ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი `სირიუსის~ ოპერაციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ყველა მათ გულშემატკივარ-მხარდამჭერებს.

თავი მერვე

ოჯახი და პროფესია

პოლიტიკურ-რევოლუციურ ასპარეზზე კონსპირაციულად საქმიანობის პარალელურად გიორგი დეკანოზიშვილი 1892 წლისათვის ბრუნდება საქართველოში, როგორც სამთო ინჟინერი. “ივერიის” ერთ-ერთ ნომერში სადაც ჩამოთვლილი იყო იმ ახალგაზრდათა გვარები, რომლებმაც პეტერბურგში დაასრულეს სწავლა და სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლნენ, მოხსენიებული გახლდათ პეტერბურგის სამთამადნო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი. თუმცა ჩვენ ქვემოთ დავინახავთ რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი ვიწრო სპეციალობის მქონე ადამიანთან, არამედ მრავალმხრივი ნიჭითა და უნარით დაჯილდოებულ, ჩამოყალიბებულ მოქალაქესთან, რომელიც თავისი მოღვაწეობით ცდილობდა ამოევსო ის ნაპრალები და ხარვეზები, რომელსაც ხედავდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ხოლო მეორეს მხრივ შევეცდებით ვაჩვენოთ რა ადგილი ეკავა, მის მეტად გადატვირთულ ცხოვრებაში, ოჯახს, იმ უახლოეს ადამიანებს, რომლებთანაც მან თავისი ხანმოკლე ცხოვრება გაატარა.
სამთო ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი. XIX საუკუნის ბოლოსათვის რუსეთის იმპერიაში კაპიტალიზმის განვითარების ტემპები დაბალი იყო და ამ ნელ ტემპს მისი სამხრეთული კოლონია საქართველო კიდევ უფრო ჩამორჩებოდა. ამას ემატებოდა რუსული ბიუროკრატიისა და სომხური პლუტოკრატიის ალიანსი, რომელიც გულისხმობდა კოლონიური ადმინისტრაციის მიერ მსხვილი სომხური კაპიტალის მხარდაჭერასა და წახალისებას. საქართველოში ძლიერი მესამე წოდების ჩამოყალიბების შეფერხება იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო და ქვეყნის რუსეთთან უფრო მჭიდროდ მიბმას ემსახურებოდა.
მრეწველობის განვითარების დაბალი დონე ტექნიკური დარგების განვითარებაზეც აისახებოდა. ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობასთან ერთად პრობლემა იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლის საქართველოში მომზადება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო შეუძლებელი გახლდათ, ხოლო რუსეთში და მით უმეტეს ევროპაში კი, ეს საკმაო ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თითოეული ასეთი კადრის მიერ სწავლის დასრულება და საქართველოში ჩამოსვლა პრესის მეშვეობით შუქდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ახალგაზრდა სამთო ინჟინრის საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა გაზეთი “ივერიაც.” საერთოდ, ამ პროფესიის ადამიანი მაშინ საქართველოში იშვიათობა იყო და დეკანოზიშვილი ამ საქმისა და პროფესიის ნამდვილი პიონერი გახლდათ ჩვენს ქვეყანაში.110
ახალგაზრდა და ენერგიული ინჟინერი მალევე მოხვდა ქართველი მრეწველისა და მარგანეცის მაგნატის ბესარიონ ღოღობერიძის თვალთახედვის არეში, რომელმაც ის თავისთან მიიწვია სამუშაოდ. დეკანოზიშვილს მიეცა შესანიშნავი შანსი საკუთარი ცოდნა და იდეები განეხორციელებინა ჭიათურაში. მან 1893 წლის ბოლოს “ივერიაში” გამოაქვეყნა სამი წერილი, სადაც ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა ქართული მარგანეცის სამრეწველო პოტენციალთან და მის განვითარებასთან დაკავშირებით.
ახალი ეპოქის დადგომას, რომელიც კაპიტალიზმის განვითარების აუცილებლობას მოითხოვდა, კარგად ხედავდა გიორგი დეკანოზიშვილი. იგი საქართველოში მრეწველობის განვითარების აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას და სრულიად მართებულად, ეკონომიკური სიძლიერე მიაჩნდა ქართველი ხალხის წინსვლისა და ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად: “ეხლანდელ ჩვენს საზოგადოებაშიაც, რასაკვირველია, თითო-ოროლას კარგათ ესმის, რა დიდი ძალა აქვს ქვეყნის ძალ-ღონეს, ქვეყნის სიმდიდრეს. უმრავლესობა ჩვენის ერისაც გრძნობს ამას, ეტანება ქონებისა და ცოდნის შეძენას, დაუსვენებლივ მუშაობს, მაგრამ კეთილდღეობის შეძენამდე ჯერ მაინც შორს არი.” ამის მიზეზად დეკანოზიშვილს რეალობასთან, ქართველების სპეციფიური დამოკიდებულება მიაჩნდა: “ჩვენის ფიქრით, ჯერ კიდევ “ჩინოვნიკი” უფრო საპატივცემოა, უფრო თავისუფალი, უფრო მოსვენებული, ვიდრე სხვა პროფესიის კაცი.”111. ასეთი დამოკიდებულება გასდევდა მთელ ამ ეპოქას. ეს იყო გარდამავალი ფორმაციული პერიოდის დაღი, რომელსაც თან სდევდა სიძნელეები. ქართველებისთვის რთული იყო საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ფეოდალური აზროვნების წიაღიდან გამოსვლა და კაპიტალისტური, სრულიად განსხვავებული აზროვნების რელსებზე გადასვლა. თანაც ამ საქმეში რუსული მმართველობაც “მზრუნველობას” იჩენდა. მაგრამ დრო არ ითმენდა და მრეწველობის დანერგვა-გაფართოებასთან და ქართული ეროვნული კაპიტალის დაგროვებასთან იყო საქართველოს განვითარების გზა დიდწილად დაკავშირებული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ამ კუთხით იყო ჭიათურის მარგანეცის საბადოები, რომელიც მსოფლიო ბაზარზე “შავი ქვის” ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად იყო მიჩნეული. დეკანოზიშვილის, როგორც სამთო ინჟინერის, ყურადღებაც სწორედ იქით იყო მიპყრობილი. იგი ფოკუსირებას ახდენდა რამდენიმე საკითხზე. მათ შორის გამოსაყოფია არსებული წიაღისეული რესურსის ქართველთა ხელში დარჩენის საკითხი და ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საწარმოო პროცესი და გაეზარდა შემოსავლები.
გ. დეკანოზიშვილის საკმაოდ ვრცელ საგაზეთო წერილებში განხილულ საკითხებს შორის აღსანიშნავია მარგანეცის დასახელება და ის ტერმინები, რომლითაც მას მოიხსენიებდნენ საქართველოში. მაგ., “შავი ქვა” და “ქვა-გუნდა” გახლდათ ხალხურ-ტრადიციიული სახელწოდება. მათ მაგივრად დეკანოზიშვილმა შემოიტანა ლათინური და მასზე დაფუძნებული მარგანეცის ევროპული დასახელებები და სხვადასხვა ვარიანტის შეჯერების შედეგად მივიდა იმ აზრამდე რომ “ქართულად ყველაზედ შესაფერისი სახელი იქნება “მანგანეზი.”112, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი ეს იდეა ნაკლებად იქნა გაზიარებული და მარგანეცს კვლავ “შავ ქვად” მოიხსენიებდნენ.
ამასთან იგი საზოგადოებას აცნობს მარგანეცის ისტორიას და მის დიდ მნიშვნელობას მრეწველობაში, რაც გამოიხატება მის თვისებაში გაასუფთაოს რკინა მინარევებისაგან და ფოლადს მიანიჭოს სიმტკიცე. ამ სასარგებლო წიაღისეულის დიდი მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე იყო კარგი შანსი ეროვნული მრეწველობის განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისაკენ დიდი ნაბიჯების გადადგმისა. ამის გამო დეკანოზიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე რომ ეს სიმდიდრე სასურველია ქართველების ხელში მოხვდეს, რაც მისი აზრით სავსებით შესაძლებელი იყო, თუ კი სწორი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთ-ერთ ასეთ ქმედებად მას მიაჩნდა მარგანეცის წვრილი მწარმოებლების გაერთიანება მსხვილ სააქციონერო საზოგადოებად, რომლის მინიმალური საწესდებო კაპიტალი იქნებოდა 200 ათასი მანეთი და რომელიც გამოუშვებდა მიმოქცევაში 2000 ცალ 100 მანეთის ღირებულების მქონე აქციას. დეკანოზიშვილის აზრით, ამგვარი პოლიტიკა შეზღუდავდა უცხოურ კაპიტალს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი მცირე მეწარმე ვერ გაუძლებდა დასავლური კაპიტალის შემოტევას.
Aამას გარდა, იგი მკითხველს აწვდის ცნობებს მრეწველობაში მარგანეცის დიდი მნიშვნელობის შესახებ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და შემდეგ ხანებშიც ევროპის ქვეყნების მრეწველობის დონე დიდწილად იმით განისაზღვრებოდა თუ რა რაოდენობისა და ხარისხის რკინასა და ფოლადს აწარმოებდა ესა თუ ის ქვეყანა.
მრეწველობის განვითარების დაბალი დონე და მაღალკვალიფიციური პერსონალის სიმცირე პირდაპირ აისახებოდა ამ ძვირფასი წიაღისეულის მოპოვების წესზე და წარმადობაზე. ის, ვინც ფულს დებდა ამ სარფიან საქმეში, ნაკლებად ანაღვლებდა სამთამადნო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში, რადგანაც ეს ზედმეტი ხარჯი იყო და უცხოელი კომერსანტი ამის გარეშეც მშვენივრად მდიდრდებოდა. A
მკითხველს დეკანოზიშვილი აწვდიდა მარგანეცის საპროგნოზო მარაგის მისეულ მაჩვენებელს, რომელიც მისი აზრით, საქართველოს 150 წელი ეყოფოდა. თუმცა აქვე ამატებდა, რომ მადანის მოპოვება პირველი 10 წლის მანძილზე ყველაზე ადვილად შესაძლებელი იყო, რადგანაც მარგანეცი ზედაფენებში მოიპოვებოდა და მაღალი ხარისხითაც გამოირჩეოდა. მისი თქმით ეს 10 წელი უნდა მოხმარებოდა ჭიათურის საბადოების თანამედროვედ გამართვას, რაც შემდგომში შექმნიდა არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობას. ეს აქამდე არ ხდებოდა უხეირო გვირაბების გამო. ასეთი მიდგომა კი დიდ სიმდიდრეს ფაქტიურად აუთვისებელს ტოვებდა, რადგანაც გაუმართავი გვირაბი მალევე ინგრეოდა და წიაღისეულის დიდი ნაწილი მის ქვეშ ყვებოდა.
დეკანოზიშვილი, როგორც სამთამადნო საქმის პროფესიონალი და თანამედროვე ფინანსურ-ეკონომიკურ პროცესებში გათვითცნობიერებული პირი გამოთქვამდა სურვილს, საქართველო ქცეულიყო არა მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნად, არამედ უფრო მეტად გაეფართოებინა თავისი სამრეწველო პოტენციალი და მიეღო მეტი მოგება. ამისათვის საჭირო იყო რკინის მადნის მოპოვების დაწყებაც, რომლის სავარაუდო საბადოებიც დეკანოზიშვილს მონიშნული ჰქონდა იმერეთსა და შიდა ქართლში. მარგანეცისა და რკინისგან ფერომანგანუმის შენადნობის დამზადება და შემდეგ ექსპორტირება, მოგებას ბევრად გაზრდიდა.
მარგანეცის მრეწველობის განვითარებისათვის გიორგის აუცილებლად მიაჩნდა ქიმიური ლაბორატორიის გამართვა, რაც არ იყო დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდებოდა მარგანეცის შემადგენლობისა და ხარისხის მუდმივი კონტროლი, რადგანაც არსებობდა ხარისხობრივი სხვაობა, მაგ., ჭიათურის, ჩხარისა და აჯამეთის მარგანეცს შორის. ასევე, ამის საჭიროებას მოითხოვდა ბაზარზე არსებული კონკურენცია, რომელსაც ძირითადად სწევდა ბრაზილიის მარგანეცის საბადოები, რადგანაც ფოსფორის შემცველობის გამო ის უფრო მსუბუქი იყო და შესაბამისად მისი გადატანა შედარებით ადვილი გახლდათ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მარგანეცის ბაზარზე არსებულმა კონკურენციამ აიძულა შავი ქვის ქართველ მრეწველთა საბჭო და მისი ხელმძღვანელობა, შეესწავლათ სხვა საბადოები, კერძოდ კუბასა და ბრაზილიაში. ამ მისიის შესასრულებლად საჭირო გახდა ამერიკის კონტინენტზე კომპეტენტური პირის გაგზავნა. დებონსა და დეკანოზიშვილს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა, როგორც გამოცდილ პროფესიონალზე, რომელმაც უცხო ენები (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მშვენივრად იცოდა.
1902 წლის 2 აპრილს მრეწველთა საბჭოს მან წარუდგინა საკუთარი გეგმა მოგზაურობისა და გამოკვლევის ჩატარების შესახებ, რომელიც მოწონებულ იქნა.113. მალევე იგი გზას გაუდგა შემდეგი მარშრუტით: “ტფილისი, ვენა, პარიზი, ბორდო, პორტო, ლისაბონი, დაკარი, პერნამბუკო, ბაია და რიო-დე-ჟანეირო, ხოლო უკან დაბრუნებისას რიო-დე-ჟანეირო, ბაია, პერნამბუკო, კუნძული ბარბადოსი, კუნძული ჰაიტი, კუნძული იამაიკა, კუნძული კუბა (ქალაქი სანტ-იაგო), ნიუ-იორკი, ლონდონი ან პარიზი”114
გაზ. “ცნობის ფურცლისათვის” გამოგზავნილ წერილს გიორგიმ დაურთო მის მიერ შედგენილი მოგზაურობის რუკა და ასევე იმ გემის ფოტოსურათი (გემი “ბრაზილია”), რომლითაც მოგზაურობდა. დრო და დრო ქართულ პრესაში ჩნდებოდა ცნობები მისი ექსპედიციის შესახებ. 1903 წელს გაზ. “ცნობის ფურცელი” ამცნობდა მკითხველს, რომ დეკანოზიშვილმა გამოგზავნა საქართველოში დიდი ნაწილი თავისი მოხსენებისა, სადაც მრავალი ცნობა იყო თავმოყრილი ბრაზილიის მანგანეზის საბადოების შესახებ.115. იგივე გაზეთი ამცნობდა მკითხველს, რომ მან საქმიანი კავშირები გააბა ბრაზილიის მარგანეცის კომპანიასთან და იგეგმებოდა ქართულ-ბრაზილიური სამრეწველო-ეკონომიკური კავშირების გაბმაც, თუმცა როგორც ჩანს, მიზეზთა გამო, ეს იდეა იდეადვე დარჩა.
საბოლოო ჯამში დეკანოზიშვილის მოგზაურობა ნაყოფიერი გამოდგა, მან შეაგროვა მასალები კუბისა და ბრაზილიის მარგანეცის საბადოების შესახებ, რომელიც შემდგომში დაეფუძნა მის 1905 წელს ქუთაისში გამოსულ გამოკვლევას.
მისი როგორც ინჟინრის ინტერესები და საქმიანობა გასცდა სამთამადნო საქმეს და თანამედროვე საავტომობილო გზებსაც შეეხო, რაც XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ნამდვილი ნოვაცია იყო. 1901 წელს თელაველმა შეძლებულმა მოქალაქემ ბაბუნიძემ მიმართა გიორგი დეკანოზიშვილს, რათა ამ უკანასკნელს შეედგინა პროექტი იქ “სადაც რკინის გზა არ არის. მაგალითად: თფილისს, თელავსა და სიღნაღს შუა, ხონსა და ქუთაისს შუა და სხვაგან გააუმჯობესოს მოძრაობა ავტომობილების გამართვით.”116 ეს ინიციატივა გულისხმობდა სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებას და 150 000 მანეთის საწესდებო კაპიტალის თავმოყრას, თუმცა როგორც ჩანს ეს საქმე, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, ვერ განხორციელდა.
გარდა სამთამადნო საქმიანობისა და საგზაო სფეროში ბედის ცდისა დეკანოზიშვილი მოღვაწეობდა ასევე ბაქოში, სადაც ნავთობის მრეწველობაში საქმიანობდა, თუმცა ეს საქმიანობა მცირეხნიანი გამოდგა.
გიორგი დეკანოზიშვილის საზოგადოებრივ-კულტურული მოღვაწეობა. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში განათლების საკითხი ძალზე აქტუალური იყო. ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა კარგად ხედავდა ამ სფეროს სათანადოდ განვითარების მნიშვნელობას. მათი სურვილი იყო არა მხოლოდ რუსული სტანდარტებისთვის გაეთანაბრებინათ საგანმანათლებლო სისტემა, არამედ გადმოეღოთ დასავლური გამოცდილება, რაც ძალიან რთული გახლდათ.
გიორგი დეკნოზიშვილი, როგორც განათლებული ახალგაზრდა კაცი, მშვენივრად ხვდებოდა ცოდნის ფასსა და მნიშვნელობას. მან საქართველოში ჩამოსვლისთანავე საკუთარი აქტივობა ამ მხრითაც მიმართა. 1893 წელს იგი გახდა “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წევრი,117 1893 წელს ჭიათურაში, მისი და “შავი ქვის ზოგიერთი მწარმოებლის ორგანიზებით” საფუძველი ჩაეყარა ერთკლასიანი სასწავლებლის დაარსებას. იგი 50 მოსწავლეზე იყო გათვლილი. რადგან ჭიათურა ფინანსურად შედარებით წელგამართული დასახლება იყო, სადაც ქართული კაპიტალი ტრიალებდა, დეკანოზიშვილი სურვილს გამოთქვამდა და ერთგვარად მოუწოდებდა მარგანეცით გამდიდრებულ ქართველებს, მეტი ფინანსები ჩაედოთ განათლებაში. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა თუ გაიხსნებოდა ორკლასიანი სასწავლებელი თავისი ბიბლიოთეკით. ან.
გიორგი ცდილობდა ყურადღება მიექცია რუსეთში მცხოვრები სტუდენტი ქართველებისთვისაც, ხელი შეეწყო მათი განათლებისთვის. მაგ., კიევის ქართველი სტუდენტობა გაზ. “ივერიის” მეშვეობით დიდ მადლობას უხდიდა მას ჭიათურაში 22 მანეთის მოგროვებისა და კიევში გაგზავნისთვის, რაც უნდა მოხმარებოდა სტუდენტთა ბიბლიოთეკას.118
გიორგი დეკანოზიშვილი იმხანად საქართველოში გავრცელებული ფილოქსერის პრობლემითაც დაინტერესებულა. მისი წერილი-რეპორტაჟი გაზ. “ივერიაში” გამოქვეყნდა. ეს იყო ვაზის დაავადება, რომელიც დიდ საფიქრალს უჩენდა გლეხს. მავნე მწერთან საბრძოლველად გლეხობას არც ცოდნა-გამოცდილება და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნდა. აგრონომ ანდრონიკაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეკანოზიშვილი საზოგადოებას მოუთხრობდა რამდენიმენაირი ფილოქსერას არსებობის შესახებ, აცნობდა იმ პროფილაქტიკურ და პრევენციულ ღონისძიებებს, რომლის გატარებაც აუცილებლობას წარმოადგენდა.
დეკანოზიშვილისთვის მეცნიერება ჭეშმარიტების ძიების ერთ-ერთი გზა იყო. თავის სამეცნიერო წერილებში იგი განსაკუთრებით გამოყოფდა საბუნებისმეტყველო დისციპლინებს, რომლებმაც სამყაროს შესახებ მრავალ კითხვას გასცეს პასუხი. დეკანოზიშვილი, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, გამოყოფდა გეოლოგიას და ამ სამეცნიერო დარგის ჩასახვის ისტორიასთან ერთად ყურადღებას ამახვილებდა მის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა გიორგი დეკანოზიშვილი თავის წერილებში მკითხველს აცნობდა საერთოდ, XIX საუკუნის გამოჩენილ მეცნიერებს გეოლოგ უილიამ სმიტს, ლამარკს, ლავუაზიეს, ედისონს და მათ მნიშვნელოვან დასკვნებსა და აღმოჩენებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ამახვილებდა ჩარლზ დარვინზე, მის ევოლუციის თეორიაზე, როგორც საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ მონაპოვარზე და წუხილს გამოთქვამდა რომ ქართველი საზოგადოება მას ნაკლებად იცნობდა.
ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი მეცნიერული საჭიროებიდან გამომდინარე დეკანოზიშვილი სისტემური, რადიკალური გარდაქმნის ინიციატივითაც გამოდის და გაზეთ “ცნობის ფურცლიდან” საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს ფუნდამენტური, მეცნიერული ცოდნის აუცილებლობაზე: “ყველამ იცის რა დიდი მატერიალური ცვლილება მოახდინა მეცნიერებამ კაცობრიობის ცხივრებაში. ამისათვის სამყოფია დაადაროთ ცხოვრება ველური ხალხისა განათლებულ ხალხის ცხოვრებას, ანუ ჩვენი ცხოვრება ევროპიულ ხალხისას.”119 მისთვის მეცნიერული ცოდნის გავრცელებისა და განვითარების გზა პროგრესის გზაა, რომლის გარეშეც წინსვლა წარმოუდგენელია. რადგანაც საქართველოში, განსაკუთრებით ტექნიკური მეცნიერების დარგები ჩანასახოვან სტადიაში იმყოფებოდა, გ. დეკანოზიშვილი გამოდიოდა იდეით _ “შევქმნათ სამეცნიერო წრე, ანუ საზოგადოება, რომლის დაახლოვებული საგანი იქნება გავრცელება მეცნიერულ ცოდნისა საზოგადოებასა და ხალხს შორის. თუ ამგვარი საზოგადოება განვითარდა მას შეუძლია ხელი მიჰყოს ექსკურსიებს, მოგზაურობას, მასალის შეკრებასა და გაგზავნას საზღვარგარეთ, რითაც დიდ დამოკიდებულებას გაიჩენს ევროპელ მეცნიერებთან.”120
1892 წელს, როცა ახალგაზრდა ინჟინერი სამშობლოში დაბრუნდა, აღმოსავლეთ საქართველოში ქოლერის ეპიდემია იყო გავრცელებული. დეკანოზიშვილმა არაჩვეულებრივი საორგანიზაციო თვისებები და თავდადება ამ საქმეშიც გამოავლინა. მის მიერ შედგენილმა მოხალისეთა ჯგუფმა მოახდინა შიდა ქართლის 17 სოფლის დეზინფექცია. იგი გაზეთ “ივერიის” ფურცლებზე წვრილად აღწერს როგორც არსებულ სიტუაციას, ისე დაზარალებულთა მდგომარეობას, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები (ზოგმა მარჩენალი) და მატერიალურ ზარალსაც ეხება.
მოსახლეობისთვის გამოჩენილ ამ თავდადების დროს გიორგი თავადაც აღმოჩნდა ქოლერით დაავადებული, თუმცა დროული მკურნალობით თავი დააღწია სენს.
კიდევ ერთი სფერო სადაც დეკანოზიშვილი აქტიურად მოღვაწეოდა იყო თეატრი. 1901 წელს ევროპიდან დაბრუნების შემდეგ იგი არჩეულ იქნა ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად და ჩვეული მუყაითობით შეუდგა საქმეს. მისი და მისი მეგობრების ინიციატივით მოხდა “ავჭალის აუდიტორიის” ამოქმედება. როგორც გიორგი ლასხიშვილი თავის მემუარებში იგონებს “ეს აუდიტორია მაშინ იყო “სახალხო კითხვათა კომისიის” განკარგულებაში. ამ კომისიასთან არსებობდა რუსული სექცია, რომელიც მართავდა რუსულ წარმოდგენებს და განაგებდა შენობასაც. შენობა ქალაქს შესწირა ილია წინამძღვრიშვილმა. იგი სათეატროდ გადააკეთეს და სცენა მოაწყვეს ქართველმა სცენის მუშებმა და სცენის მოყვარეებმა, ხოლო ხელმძღვანელობას უწევდნენ, ქართულ სექციის დავალებით, ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი და ახალგაზრდა პედაგოგი მიხეილ თაქთაქიშვილი. მიუხედავად ამისა თეატრი გადასცეს რუსულ სექციას, რომელმაც თავიდანვე აითვალწუნა ქართული სახალხო თეატრის საქმე და ყოველგვარ დაბრკოლებას უქმნიდა ქართულ სექციას. რუსულ სექციაში გაერთიანებული იყო რამდენიმე ნამდვილი შავრაზმელი, შოვინისტი და “ამათთან ბრძოლაში იხარჯებოდა მეტი დრო და უმეტესი ენერგია ქართულ სახალხო თეატრის მოღვაწეთა.”121
გიორგი დეკანოზიშვილმა რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა პრესაში, სადაც ხელოვნების ამ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო. განსაკუთრებით გამოსაყოფია წერილი “ჩვენი თეატრი.” . მისი აზრით თეატრი არის ის ადგილი სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანის დანახვა შეიძლება, სადაც ჩანს მრავალი ხასიათი, ფსიქოლოგიური ტიპი, ცხოვრების სხვადასხვა მხარე. იგი გულისტკივილით აღნიშნავს რომ დავით ერისთავსა და ავქსენტი ცაგარელს არ გამოუჩნდა ის ცვლა რომელიც ღირსეულად გააგრძელებდა მათ საქმეს. თეატრის მის მიერ ზემოაღნიშნული ფუნქცია ნაკლებად ხორციელდება ახლა პიესებში, რადგანაც “არცერთ ახალ პიესაში ვერ ნახავთ ბუნებრივ, უხიფათო და შეუწყვეტელს წინსვლას მიზნისაკენ. თქვენი აზრი ხან ერთ მოქმედებაში მოწყდება, ხან მეორეში. ასე რომ თეატრში მაყურებელმა უნდა იხტუნაოს ერთი სფეროდან მეორეში და ბოლოს რასაკვირველია, დაკარგოს თავისი გზა და კვალი.” დეკანოზიშვილს აფიქრებდა თეატრის ამგვარი სიღარიბე, რომელიც საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებდა, ისევე როგორც ის მატერიალური სიდუხჭირე რომელშიც თეატრალური საზოგადოება იყო ჩავარდნილი. დეკანოზიშვილს გამოსავლად მიაჩნდა შრომა და თავგანწირვა ამ საქმეში.
გიორგი დეკანოზიშვილის ოჯახი. ასეთი მრავალმხრივი და აქტიური მუშაობის ფონზე ძნელია წარმოიდგინო, რომ ამ ადამიანს დრო რჩებოდა პირადი ცხოვრებისათვის, მაგრამ დეკანოზიშვილი მართლაც რომ იშვიათი პიროვნება იყო. ის ყველაფერს ასწრებდა. როდესაც მან, როგორც თედო სახოკია წერს, 1899 წელს დატოვა საქართველო და ევროპაში გაემგზავრა, საბოლოოდ საფრანგეთში მოუწია დაფუძნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგის რჩეული აღმოჩნდა ფრანგი ქალი ჰანრიეტა ფრენუა. მეუღლე ნამდვილად სანაქებო შეხვდა ჩვენს გმირს. ერთგული, მისი და მისი ქვეყნის ჭირ-ვარამის მოზიარე და ქმრის იდეების თანამოაზრე. როდესაც დეკანოზიშვილი თვეობით მოშორებული იყო ოჯახს, თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის გამო, შვილების აღზრდა მთლიანდ მისი მეუღლის კისერზე გადადიოდა, მაგრამ გიორგი ალბათ მაინც მშვიდად იყო, რადგან ბოლომდე სჯეროდა თავისი მეუღლისა: “დღეს დავბრუნდი. ძრიელ მინდოდა დავბრუნებულიყავი ოცდახუთს შობისათვის, რადგან ბავშვები მიცდიდნენ, მაგრამ ვერ შევძელ. როცა ადამიანი ამგვარ ბრძოლაში არის, მისთვის არც შობა არის და არც ახალი წელიწადი. რასაკვირველია, ბავშვებს არ ესმით, მათ მხოლოთ თავიანთი მამის ნახვა სურთ, რადგან სათამაშოებს მოელიან. კიდევ კარგია, რომ აგრეთი დედა ჰყავთ, რომელიც ნაზად და გულწრფელათ უვლის. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი აკლიათ, რადგან ჰანრიეტა თითონ დაიკლებს და ბავშვებს მისცემს რაც საჭირო არის.122.
გარდა ოჯახზე ზრუნვისა, რაც მთლიანად ამ ქალბატონის მხრებს აწვა, იგი აქტიურად ეხმარებოდა დეკანოზიშვილს საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც გამოიხატებოდა გაზეთ “საქართველოს” ფრანგულ დამატება “ლა ჟეორჟი”-თან თანამშრომლობაში. გიორგი თავის დღიურში მეუღლის შესახებ აღნიშნავს, რომ იგი ყოველი ღონისძიებით ეხმარებოდა “ლა ჟეორჟის” მომზადება-გამოცემას, ასწორებდა ფრანგულ ნაწერებს, აკეთებდა კორექტურა, შოულობს ფულს, როცა რედაქციას გაუჭირდებოდა და სხვა. როგორც ჩანს ჰანრიეტა ფრენუა ამ ყველაფერს მეუღლის სიყვარულის გარდა იმიტომაც აკეთებდა, რომ გულწრფელად შეიყვარა ქართველი ხალხი და ცდილობდა ეს გამოეხატა საქმით და პრაქტიკულად.”123
სხვათა შორის, ჰანრიეტა ფრენუას ქართულ პრესაშიც გამოუქვეყნებია რამდენიმე წერილი “ფრანგი ქალის” ფსევდონიმით. მის მიერ გაზეთ “ცნობის ფურცელში” 1901 წელს გამოქვეყნებული წერილები ეხება დედობრივ სკოლებს ანუ საბავშვო ბაღებს “რომელთა დანიშნულება ჩვილთა აღზრდა-პატრონობაა.”124 იგი დეტალურად აღწერს ამ დაწესებულებას, მის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სწავლების მეთოდიკას, არ იშურებს ინსტრუქციების მიცემას თუკი ვინმე საქართველოში ამგვარი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საბავშვო ბაღის დაარსებას გადაწყვეტს და საუბრობს მის მნიშვნელობაზე, იმ საფუძვლებზე, რომელთა ადრეული ასაკიდან შეთვისებაც გარანტიაა ღირსეული მოქალაქის აღზრდისა: “დედობრივს სკოლაში… ბავშვებს გულში უღვიძებენ მუშაობისა და შრომის სიყვარულსა და ხალისს, აჩვევენ წესიერებას, უვარჯიშებენ თვალებს, აზროვნებას და უვითარებენ ჭკუა-გონებას.”.125 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ XX საუკუნის პირველ ათწლეულში ქართულ პრესაში ამ საკითხზე გამოქვეყნებული წერილი ერთ-ერთი პირველი იყო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკანოზიშვილის შვილები თინათინი და ტარიელი (მესამე შვილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა), რომლებიც როგორც აღვნიშნეთ მოკლებულნი იყვნენ მამის ყურადღებას. ამ ყველაფერს გიორგი ძალიან განიცდიდა. სამშობლოს საქმისთვის თავგადადებულ მამულიშვილს ყველაზე მეტად თავისი პატარების სიყვარული აკლდა. ამას მისი განცდებიც გვიდასტურებს: “ჩემი ბავშვები ტარიელი და თინათინი კარგათ ყოფილან. საწყლებს ბევრჯერ არ ხვდებათ მამის ალერსი, ხანდიხან თვეობით არ ვხედავ. ჩემი გავლენა ძლიერ საჭიროა, მაგრამ ძნელია, რომ ხალხსაც ემსახუროს ადამიანი და ოჯახსაც. ჩემს მდგომარეობაში ძნელია, რადგან მუდამ, ამ ოთხი წლის განმავლობაში, სულ ბრძოლაში ვიყავი, მუდამ მოუსვენრათ ვიყავი, მუდამ მოგზაურობაში ვიყავი. იქმნება შემდეგში მეც შემხვდეს ოჯახის სიამოვნება.”126. აშკარად ჩანს, რომ იარაღის ეპოპეის დროს, რომელმაც მისი დიდი ენერგია წაიღო, დეკანოზიშვილის მთავარი საფიქრალს სწორედ მისი შვილები წარმოადგენდნენ, რომელთა ბედნიერებისთვისაც იბრძოდა ის ასე გააფთრებით და მათთვის ცდილობდა შეექმნა თავისუფალი საქართველო.
მაგრამ ასე არ მოხდა. მაშინდელმა უკურნელებელმა სენმა, ტუბერკულოზმა, დაახლოებით 1906 წლიდან საქმეს სრულიად მოსწყვიტა გიორგი დეკანოზიშვილი.. ოჯახი საფრანგეთის სამხრეთში, მონპელიეში დასახლდა, ხოლო შემდეგ კანში, რადგანაც იქაური კლიმატი იყო საჭირო მისი ჯანმრთელობისთვის. ავადმყოფი მეუღლის მკურნალობა ჰანრიეტამ აიღო ხელში და საკმაოდ წარმატებითაც. გიორგის, მართალია ავადმყოფს, მაგრამ მაინც ეღირსა ოჯახური სითბო და იმ გარემოში, თუნდაც რამდენიმე წლის გატარება, რომელზედაც ასე ოცნებობდა.
როდესაც 1910 წლის 18 ნოემბერს გიორგი დეკანოზიშვილი ქ. კანში გარდაიცვალა, თავის მეუღლეს ორი ანდერძი დაუბარა: ერთი იმ საიდუმლო გეგმას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც გიორგის გვამი საქართველოში უნდა მოხვედრილიყო, ხოლო მეორე _ გულისხმობდა შვილებისთვის ტექნიკური განათლების მიღებას. ეს ორივე პირობა ჰანრიეტა ფრენუამ შეასრულა.
1913 წელს გიორგის მეუღლე საქართველოსაც ეწვია პატარა ტარიელთან და თინათინთან ერთად. საფრანგეთში დაბრუნებისას მან პრესაში გამოაქვეყნა საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. ჰანრიეტა ფრენუა 1945 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხებათ გიორგის შვილებს: ტარიელ დეკანოზიშვილი 1927 წელს ახალგაზდა გარდაიცვალა, თინათინი კი მისთხოვდა ინჟინერ ჟაკოლენს და მასთან ერთად ცხოვრობდა ქ. კანში, გიორგის სახლში, რომელსაც “ლა ჟეორჟი” ანუ “საქართველო” ერქვა. ამ ვილაში ახლაც დეკანოზიშვილის შთამომავლები სახლობენ.
გიორგი დეკანოზიშვილის არჩევანი და ხანმოკლე ცხოვრება იყო თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა საზოგადოებრივი ცხოვრების რამდენიმე ფრონტზე, სადაც იგი ერთნაირი ენთუზიაზმითა და თავგანწირვით მოღვაწეობდა. შრომა და ბრძოლა საკუთარი შვილებისა და საქართველოს თავისუფლებისათვის, მისი უკეთესი მომავლისათვის. ყოველივე ეს ნამდვილად იწვევს სასიამოვნო გაკვირვებას, რომელიც ადამიანებს ამ პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემით განაწყობს.

G

გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური”

25 ივლისი, 1904 წელს
დღეს დილით დავბრუნდი სოფლიდამ. გულს მიკლავს ავადმყოფობა. ცოლი ავადმყოფია. ქრონიკული ფილტვების ბრონხიტი აქვს, ე. ი. სიჭლექე. ტარიელი ვერ არის კარგათ, რადგან ჰანრიეტა ავად იყო მის ორსულობაზედ. თინათინი უფრო ყოჩაღს ჰგავს. ვერვინ წაუვა ბუნებრივ კანონებს. ჩამომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სუსტნი უნდა დაიღუპონ ბრძოლაში. ეს არის ადამიანის დაცინვა. ეს ფაქტები ამსხვრევენ ყოველგვარ მეთაფიზიკურ ოცნებებს. ბევრი წერილები დამიხვდა. სადილობამდინ მოუნდი მის გარჩევას. სასიამოვნო ამბავია შიგ. რუსების ლიტერატურა გაგზავნილია. წერილი მივწერე სოციალისტ-რევოლუციონერებს, რომ მათი ჟურნალები გაგზავნილია ჩემს მიერ. ძლიერ გაუხარდებათ. მეც მიხარიან, რომ შველა შევძელი. ზდანოვიჩისგან1 სამი დეპეშა იყო. ერთი დეპეშა 100 სიტყვაზე მეტს შეიცავს. მთხოვს წავიდე ანტვერპენში და “შავი ქვის საზოგადოების” შავი ქვა დავათვალიერო. უსიამოვნება მოსვლიათ. უნდა დავთანხმდე, რადგან ჟურნალისათვის სამყოფი ფული არ გვაქვს. ცოტა მაინც დარჩება _ ეგეც კარგია, რადგან საწყალ მიშას, ასოთამწყობს ფული არ აქვს.2
პოლონელი პარტია პ.პ.ს, ე. ი. პოლონელი სოციალისტები კონგრესს მართავენ. სურთ მოიწვიონ ყველა სოციალისტები რუსეთისა. ჩვენც გვიწვევენ. უპირველესი მიზანი, რასაკვირველია, იქმნება ბრძოლა რუსის მართებლობის წინააღმდეგ. მგონია რუსების პარტიები უთანხმოების გამო არ დაესწრებიან. ასე რომ დავრჩებით: პოლონელები, ფინლიანდელები, სომხები, ლიტოვცები, ქართველები და სხვა… ჯერ არ არის გამორკვეული ვინ და ვინ ვიქნებით. კრება იქმნება ლემბერგში. იქ წასვლას ფული უნდა. მით უმეტეს უნდა წავიდე ანტვერპენში. ჩვენ თანხმობა გამოუცხადეთ წინარ კონგრესში მონაწილეობის მიღებისა. გაბაშვილი იწერება რომ მიგზავნის გაზეთებს უკან, რადგან მის დედას შეშინებია და ვერ წაუღია რუსეთში.3 კიდევ კარგია, რომ არ გადაუყრიათ. მშიშრები გავხდით. თუმცა ეგ დროებითი მოვლენაა. ყველას გავეცი პასუხი. რვა წერილი დავწერე და 2 (გაურკვეველია). დამრჩა ურ. როგორც იქმნება დღეს გამოვალ. უკან ტიპოგრაფიაში ვიყავი; გავამხნევე მიშა. ჩვენი კონგრესის ოქმებს აწყობს. ტიპოგრაფიიდან ძველ სადგომში დავბრუნდი გაზეთების გამოსართმევად. რამდენჯერ მივწერე “ცნობის ფურცლისა” და “ივერიის” რედაქციებში გამოეცვალათ ადრესი, მაგრამ ვერ მივაღწიე მიზანს. ჯერ წესს არ არიან მიჩვეულნი. საღამო გაზეთებისა და ჟურნალების კითხვაში გავატარე. 10-ს მოვიდა მიშა. ვილაპარაკეთ გვიანობამდინ. ძალიან უნდა ჩვენში წასვლა.

26 ივლისი
დღეს დილით ადრე ავდექი. ჩემი ფიქრი ის იყო, რომ უკან დაბრუნებული გაზეთები “საქართველო,” როგორმე გამეგზავნა. ფული არ არის. გამოსულ ნომრებს კი გაგზავნა უნდა აქ სამი ქალია ქართველი. ერთი ქუთაისიდან ქ-ნ გოლოვნია და ორი თბილისიდგან, ვახვახიშვილის ქალები არიან. უნდა წავიდე მათთან. ვიცი თანაგვიგრძნობენ, მაგრამ რა გაბედულებას გამოიჩენენ, ჯერ არ ვიცი. მივდივარ გოლოვინასთან. თორმეტ საათამდინ ვიჯექი გოლოვნიას ქალთან. უშიშრად დათანხმდა წაღებას. ქალები უფრო სვინდისიერად და უშიშრათ იქცევიან, მეტადრე, ახალგაზრდები. მე აუხსენი, რომ მაგისთვის მოელის 2-3 წლის ციხე და როგორი ციხე _ რუსეთის ციხე. მაინც მოჰკიდა ხელი. კაცი რომ ყოფილიყო, ძნელად გაბედავდა. იტყოდა: “მე იქ გამოგადგებითო, იქ ვიმუშავებო.” რასაკვირველია არაფერს არ გააკეთებდა. 2-ს მიველი ვახვახიშვილის ქალებთან. მათთან 6 საათამდინ დავრჩი. ისინიც სიამოვნებით თანხმდებიან წაღებას. ეხლა მარტო ფულის შოვნა უნდა, რომ მოუწყოთ როგორც წესია. სირცხვილია ამგვარი ხრიკებით გაგზავნა ჟურნალებისა მეოცე საუკუნეში, მაგრამ რას იზამს ადამიანი, სად წაუვა ამგვარ დესპოტიას. ვინ დაიჯერებს, რომ მეოცე საუკუნეში დაბეჭდილი ჟურნალები გადაგვაქვს უბეებით, ჯიბეებით, მალვით და მოსყიდვით. ჩვენი ამბავი “სამი მუშკეტერის” ამბავს მაგონებს, მხოლოთ ოქროსთმიანი ქალი გვაკლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დიუმას ფანტაზია. თუმცა ერთი ვახვახიშვილის ქალი საშინელი ქერაა, შეიძლება გამოდგეს ინგლისელის მაგიერ.
სადილი ვჭამე ქ-ნ რენოსთან, ჩვენს პასუხისმგებელ რედაქტორთან. საშინელი კარგი ქალი არის. თუმცა ზოგიერთები, ქართველები ემდურებიან, რადგან ანჩხლიაო და ფულის მოყვარე. მაგრამ ეგ ტყუილია. ფრანგები გაზრდილები არიან წეს რიგში და თუ დაუდევრობას ხედავენ, რასაკვირველია, არ მოსწონთ. ამის გამო უსიამოვნება მოუვიდა ზოგიერთ ქართველებთან. ქ-ნ რენოს სურს, ყოველ საზღვარგარეთ წამოსულ ქართველში, მძლავრი და პრინციპებით გამსჭვალული ადამიანი ნახოს. ჩვენები კი შორს არიან მაგაზედ. საშინელი გულგრილი და დაუდევარი ახალგაზრდობა გვყავს. ან რა უნდა იყვნენ რუსის დესპოტის შკოლებში გაზრდილნი. გლეხებისა და ვაჭრების შვილები უფრო მჭიდრო ხასიათისანი არიან, თუმცა მათაც ეტყობათ შკოლის გავლენა.
ბევრი ვილაპარაკეთ ქართველი ხალხის ვინაობაზედ და მის მდგომარეობაზედ. ვიღასაც ჩაუგონებია რენოსთვის, ვითომც ქართველები ველური ხალხია, ინიციატივას მოკლებული, მარტო მთვრალობაში ატარებს თავის დროს, ასე რომ არც-კი ღირს მათი დაცვა.
მთქმელს როგორც სჩანს, არ უნახავს ქართველი ხალხი. უნახავს მხოლოთ მუქთი ჭამია თავადები, რომელნიც უძვრებიან რუსის მართებლობას. ჩვენ არ ვთხოულობთ დაცვას. ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენ თავს. როდესაც დრო მოვა ჩვენი, თითონ შეებრძოლება თავისუფლებისათვის. ჩვენ ვთხოულობთ მხოლოთ სოლიდარობას და თანაგრძნობას _ სხვა არაფრის იმედი გვაქვს. ბოლოს დამეთანხმა რენოც და შუაღამისას გავშორდი.

27 ივლისი
დილის 7 საათზედ ავდექი. წავიკითხე გუშინდელი გაზეთები. გუშინ დრო არ მქონდა კითხვისა. მოვიხარშე კვერცხი. საუზმის შემდეგ წაველი მიშასთან. წავუღე 600 ეგზემპლიარი საქართველოსი #1 და #2, რადგან ჩვენი ახალი წელიწადი იწყება პირველ მაისს. ფული ნაშოვნი მქონდა. ვისესხე სარგებლით, მეტი რა ჯანია, რადგან ნაცნობებისა ბევრი მმართებს. თუმცა ყველას უბრუნებ, როცა მომივა ფული ან შინიდამ, ან ჩვენი კომიტეტისგან. წაველით მე და მიშა, ვიყიდეთ რაც საჭირო იყო. მიშა მაშინვე შეუდგა მუშაობას. საშინლათ უყვარს, რომ მე დავესწრო მის მუშაობას, თუმცა თვითონ მარტო აკეთებს ხოლმე. მხოლოთ ხანდისხან მკითხავს ხოლმე. შიგ ჩასდო რამოდენიმე ბარათი, დაწერა: “ამხანაგებო, გაგიმარჯოთ” და სხვა ამისთანები. 12-ს წამოველი, რადგან ჰანრიეტა უნდა მოსულიყო. სადილი ვჭამეთ ერთად. როდესაც ჩამოდის, მხოლოთ მაშინ ვჭამ ხოლმე რიგიან სადილს, რადგან იმდენი არ არის, რომ რიგიან რესტორანში ჭამოს ხოლმე კაცმა. ბევრი ვილაპარაკეთ სხვა და სხვა საქმეებზედ. რასაკვირველია, უფრო მეტს ვლაპარაკობდით ტარიელზედ და თინათინზედ. საშინლათ უყვარს ბავშვები. მეც საშინლათ უყვარვარ. ყოველ ღონის ძიებას ხმარობს, რომ უშველოს ჩვენს საქმეს. ასწორებს ფრანგულ ნაწერებს, მერე ჩვენ მიერ დაწერილ წერილების გასწორება რა ძნელია, ასწორებს კორექტურას, შოულობს ფულს, როცა გვჭირდება და სხვა. არა მგონია, ამას შვრებოდეს მარტო იმისთვის, რომ მე უყვარვარ, ეხლა გაიცნო ქართველები, გაიცნო ჩვენი მდგომარეობა და გულით და სულით შველის ყოველ დაჩაგრულს. შველის ხოლმე, არა მარტო ქართველებს, არამედ დევნილ რუსებსაც. თუმცა მე თავის დღეში არ უჩვენებ ხოლმე ჩემს უკმაყოფილებას, გულში კი ძალიან მიხარიან.
4 საათზე მივიღეთ არჩილის წერილი. წავიკითხე და საშინლად დავღონდი. რა არის, მკითხა ჰანრიეტამ. ისევ ძველი ამბებია. არაფერი უპასუხე მე. აღარ დამიწყო მეტი კითხვა, რადგან იცის, რომ არ მიყვარს, როდესაც ჩამაცივდებიან ხოლმე. საშინლათ უმოქმედია ავადმყოფობას არჩილის ხასიათზედ. თავათაც დაულაგებელი და ჭინჭყლიანი კაცი იყო. ეხლა უარესი გამხდარა. ძლიერ მიყვარს ეგ კაცი და ამისთვის არაფერს ვიშურებდი მისთვის. ძნელია მასთან მუშაობა, რადგან ნამდვილი შვილია თავად-აზნაურობისა, მაგრამ საქმე ითხოვს ამას ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, ნიჭიერი კაცია. სურს გააგდოს ყოველგვარი წოდებრივი ნაკლოვანება, არ სწამს ეგ წოდება, ეჯავრება, ზიზღით უყურებს, მაგრამ მის ზნე-ჩვეულებას ვერ იშორებს. უყვარს ფლანგვა ფულისა, უყვარს ვალის აღება და არ მიცემა, უყვარს ძილი 2 საათამდინ, თანაც ნანობს შემდეგში ამგვარ დროს გატარებით. ბევრი მწარე დღე დამანახა, როდესაც ერთად ვიყავით, რადგან უფულობის დროს აუტანელია. ნამდვილი ბავშია, რომელიც მხიარულობს, როდესაც შოკოლათი აქვს. მაგრამ ნაკლოვანება ვის არ აქვს. ვიცი ნამდვილად, რომ არ უმტყუნებს თავის მიმართულებას, არ დასტოვებს თავის ამხანაგებს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მტერს ვებრძვით. საჭიროა კაცები, რომელნიც მზათ იყვნენ მედგრათ და უშიშრათ შეებრძოლონ მტერს. მაგრამ ეხლა ყველაფერი გათავებულია. ეს კაცი ვეღარ იბრძოლებს. იწერება ხმა წამივიდაო; რაც ვლაპრაკობ ნამდვილი ხმა არ მაქვსო. თანაც საშინლათ სწუხს ამ გვარ მდგომარეობისა, სწუხს რომ მარტო არის და სურს საშინლათ აქ მოსვლა. აქ-კი მოსვლა შეუძლებელია, რადგან ჰაერი ძალიან ცუდია, ისევ ძველებურათ გახდება ავათ და მისი საქმე ორ დღეში გათავდება. ნამდვილი ჭლექი აქვს. შეიძლება ჩამომავლობითაც იყოს, რადგან მისი დებიც ავად არიან, მაგრამ ეგ სიჭლექე არ განვითარდებოდა, რომ რიგიანი ცხოვრება ჰქონოდა. ბევრს ვეუბნები, რომ ღამის გატეხა და არარეგულიარული ცხოვრება მას მოსტეხავს, მაგრამ არ დამიჯერა. შეიძლება გულში მიჯერებდა, მხოლოთ ვერ დააძალა თავის თავს. რა ძნელია, როდესაც ავათ გყავს ადამიანი, რომელიც გიყვარს. ამ ორმა სულ მთლად მომიკლეს გული. ამ ორს მესამეც უნდა მოუმატოთ, მიშაც ავად არის. სიყრუის გარდა სიფილისი გამოუჩნდა. საშინელი მედგარი წამლობა უნდა. სანამ აქ იყო სანდრო დიასამიძე, მაშინ მუქთად გამოვდიოდით, ყურსაც უგდებდა მაგას. ეხლა-კი სხვა ექიმი, რასაკვირველია, ფულსაც გვართმევს და ისეთ ყურადღებასაც, რასაკვირველია, არ აქცევს. თუმცა მისი მორჩენა ადვილია. იმედია ამ სამ წელიწადში მორჩება, რადგან კარგათ უგდებს თავის თავს ყურს და ყოველ ღონისძიებას ვხმარობთ, რომ არ მოაკლდეს წამლობა.
ფულსაც მთხოვს არჩილი. ფული რომ იყოს, მაშინ მისი გაგზავნა უნდა სენატორიუმში, მგონია, ისე მოარჩინონ, რომ შეეძლოს კიდევ 10 წელიწადი მაინც სიცოცხლე, რადგან 30 წელიწადს გადაცილებულია. ვნახოთ თუ ვიშოვი ფულს. ერთ კაცს გაუგზავნე ჩვენი ჟურნალი და შეუუთვალე, თუ მოგწონს ჩვენი მიმართულება, თუ გგონია რომ ჩვენი მოქმედება სასარგებლოა ქართველი ხალხისათვის, მაშინ მოგვეშველე, თუ არა და არც შენი შველა გვინდა, არც შენი ფული, თუმცა ბევრი-კი გაქვთ. ვნახოთ რას იტყვის, მაგრამ ამას დრო უნდა. სანამ-კი ცოტათი უნდა დავკმაყოფილდეთ.
5-ს წავიდა ანრიეტა. 6 საათზედ მოვიდა მიშა, ოქმებს ჟენევის კონგრესისას აწყობს. უნდა გადავცე მასალები ფრანგულ ნომრისათვის, რადგან ჩემს წასვლის დროს შეეძლოს მუშაობა და დამზადება ფრანგულ ნომრისა. მიშა რომ წავიდა მოვიდნენ ვ. ჩერქეზიშვილი და მისი ცოლი. ლონდონიდან ჩამოსულან რამდონიმე დღით. საშინელი სიმპატიური ქალია. ჩუმი, წყნარი, ნაზი და განვითარებული. ყოველიფერს გულით ეკიდება და, როგორც ქალი, საშინელი სიბრალული აქვს იმათი, ვინც სწუხან. დღეს კრება აქვთ გოლდშმიტის ქალთან, ახალგაზრდა რუსები აპირობენ დაეკითხონ ჩერქეზიშვილს სხვადასხვა საგნებზედ. მეც მთხოვეს მივსულიყავი. 7-ს მიველი გაბუნიასთან, რომელიც უნდა წამოვიდეს ამავე კრებაზედ. 8-9 საათ. ვალაგებდი ჩემს ბარგს. 10-ს მე და გაბუნია (სანდრო) მიველით კრებაზედ. დავრჩით 12 საათამდინ. არაფერი არ იყო საინტერესო. ცნობილ კითხვების ღეჭვა იყო. დაღალული დავბრუნდი შინ. ამ კრებებმა, ამ რანდევუებმა კაფეებში, ამ ლაპარაკმა ძალიან მომღალა. როდის იქმნება ჩემი დასვენება? რვეულზედ კინაღამ დამეძინა.

28 ივლისი
ავდექი 5 საათზედ, რადგან მატარებელი გადის 6 ს. ჩავიცვი, პირი დავიბანე, რაც მაკლდა ჩავალაგე და გავემგზავრე. ჩავჯექი ცხენუკაში. (სახოკიას ტერმინია). გატენილი იყო მუშებით. დილით ადრე მიდიოდნენ სამუშაოთ უჭმელები და ზოგიც პირ დაუბანელი, რადგან მუშას ყოველი დაგვიანება ფული უღირს. გასუქებული და ფუფუნებაში აღზრდილ ბურჟუიებს კი ტკბილათ სძინავთ თავიანთ რბილ ლოგინებში. მერე რა ლოგინებია საფრანგეთში, განიერი და რბილი; ასე რომ ხუთი ბავშვი იგორავებს თავისუფლათ.
ავიღე ბილეთი 3 კლ. Aანტვერპენამდინ. მთელი გზა გავატარე გაზეთების კითხვაში. რუსებს სჯობნიან იაპონელები. ევროპიელებს უკვირთ, რადგან არ იციან, რომ რუსეთს დამპალი ძირი აქვს. ყველა დამონებული ერები წინააღმდეგი არიან. თვით წეს წყობილება უძლურია, რადგან სათავეში ქურდები და გამომყვლეპელები არიან. ინტენდანსტვოს ჩინოვნიკები ეხლა ჯიბეებს ივსებენ და რუსის სოლდათები-კი მშივრები არიან, ფეხ-შიშველები არიან. რა ქმნას რუსის ჯარმა, რუსის გენერალმა. იაპონელებმა აიღეს: ნიუ-ჩვანგი, ინკეუ, ჩქარა აიღებენ პორტარტურს და მუგდენსაც. პატარა იაპონელებმა, თავისი ცივილიზაციით აჯობეს დიდრონ და მძლავრ რუსებს.
7 საათზედ ჩაველი ბრიუსელში. ბრიუსელში ქართველები არიან. და კარგი იქმნებოდა ერთი საღამოს გატარება მათთან, შემეძლო პატარა კონფერენცია გამემართა, მაგრამ დრო არ მაქვს, არ შემიძლიან. 3 ნახვ. ს. ვიყავი ანტვერპენში. დავიჭირე ოტელი, მაგრამ ძლიერ ცუდი ოთახი გამოდგა. ხვალ უნდა გამოვცვალო. წაველი შავი ქვის საძებნელად. რადგან მარტო გემის სახელი მქონდა. ამისთვის ბევრი დამჭირდა სიარული, ხან პორტში დავდიოდი, ხან საბაჟო ბიუროებში. ბოლოს ვიპოვე ნომერი, სადაც იყო გემი. Dდაბნელდა და დაღალული დავბრუნდი შინ. თუმცა მინდა ჩქარა დავბრუნდე, რადგან რედაქციაში საქმეები ბევრია. საშინლად დაღალულობის გამო სადილიც ვერ ვჭამე, ისე დავწექი. რაღაც სობორო ყოფილა ჩემს ოთახის ახლო და მისი საათი ყოველ 15 წუთს არგანსავით უკრავს. ასე რომ მუზიკის გამო დიდ ხანს არ დამეძინა. დავანთე სანთელი, დავათავე ჩემი დღიური და ისევ ჩავწექი.

29 ივლისი
დღეს დილით 8 საათზედ ავდექი. დიდ ხანს მძინებია. მაშინვე ჩავიცვი, ვისაუზმე და წავედი პორტში, სადაც შავი ქვა მეგულებოდა. როგორც იყო ვიპოვე ადგილი, სადაც გადატვირთული იყო შავი ქვა, მხოლოთ თვითონ შავი ქვა არსად იყო. ნახევარი გაუყიდიათ და ნახევარი წაუღიათ დასაფქვავად. გასაკვირველია, ჩვენებს ატყუილებენ. თუ ცუდი ქვა არის რად გაყიდეს? რაზედ წაიღეს ნახევარი? მომცეს ადრესი მყიდველისა. წაველი მასთან. მაჩვენა დარჩენილი ქვა. კაი ნაჭრები ამოურჩევიათ და გაუყიდნიათ, დარჩა გლახა. ამ გლახა ქვის ნიმუშების აღება არ ღირს. მივწერე ფოსტით ყველაფერი ზდანოვიჩს და დავბრუნდი ოტელში. ვიშოვე უფრო კარგი ოტელი. სიცხეში სიარულმა თავი ამატკივა. საღამოზედ ვიყიდე გაზეთი და წავიკითხე, რომ რუსის მინისტრი ბ-ნ პლევე მოუკლავთ. ძლიერ გამეხარდა, რომ რუსეთს მოშორდა ამგვარი საძაგელი პირი. ახრჩობდა ყოველ მოწინავე აზრს. ციხეებში ალპობდა გამოჩენილ პირებს. ერთი კაცის სიკვდილი სჯობია ამდენ ხალხის სიკვდილს. საკვირველია საზოგადოება, ომში დღეში 3. 000 კაცი კვდება, ამაზედ არ სწუხს, ეგ ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სიკვდილი-კი პლევესი, რომელიც არ ღირს 1 იაპონელ ან რუსის სალდათათ რაღაც საბრალო მოვლენათ მიაჩნია. პლევე ჰკლავდა კაცებს თავის ძალით და თავისი იარაღით, ისინიც იცავდნენ თავს. აქ იარაღით თავზედ დაცემა-კი არ არის, არამედ იარაღით ხელში თავის დაცვა არის. რაც მოდის რუსის მართებლობას, ყველაფერი მისი ბრალია. ყოველი სახელმწიფო შეგვიძლიან შევადაროთ ქვაბს, რომელშიაც დუღს და იხარშება სხვადასხვა ხორაგეულობა. ადამიანი იკითხავს: როგორ სჯობია გაუშვას ქვაბი ახდილი და მისცეს ორთქლს თავისუფალი მსვლელობა, თუ დახუროს მაგრათ სახურავიო და ზედაც დაჯდეს, რომ დუღილი არ ისმოდეს. ევროპაში ამჯობინებენ ქვაბის დატოვებას დაუხურავათ, რომ ორთქლს შეეძლოს თავისუფლათ იაროს, სადაც უნდოდეს. ამის განსახორციელებლათ ევროპიელებმა მოიგონეს პარლამენტი, მოიგონეს თავისუფლება სიტყვისა, პრესისა და სხვა…
რუსეთში კი ბ-მა პლევემ და ნიკოლოზ II ამჯობინეს ქვაბის მძიმე სახურავით დახურვა და ზედაც დაჯდომა. ძლიერ უხაროდათ, რომ ყველაფერი მშვიდათ არის, ყოველიფერი დახშულია, ორთქლი არ იფინება და არ ვის აწუხებს. მაგრამ ის ვერ მოიფიქრეს, რომ მოგროვებული ორთქლი ერთ დღეს იფეთქებს, დაამსხვრევს სახურავს და ზედ მჯდომსაც. ეგრეც მოუვიდა ბ-ნ პლევეს. ახლა მეორე სახურავი დასჭირდებათ და მეორე ზედ მჯდომი. ვნახოთ, რა გამოვა.
როდესაც რუსები იბრძვიან, არც ჩვენებმა უნდა დაიძინონ, იმედია ისინიც გაიღვიძებენ და მიიღებენ მონაწილეობას თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

30 ივლისი
მთელი დღე დეპეშის ცდაში ვიყავი. თანაც ვყიდულობდი რაც საჭირო იყო შავი ქვის ჭაშნიკის ასაღებათ. დრო სრულებით არ მქონდა დამეთვალიერებინა ანტვერპენი, ქალაქი გამოჩენილ მხატვარისა, რუბენსისა. არ ვიცი რათ ხატავდა რუბენსი ამ გვარ სქელ და ტლანქ ქალებს. არც ეგრეთები არიან ფლამანდელი ქალები. თუმც ყველა ლაპარაკობს ფრანგულს, მაგრამ ბევრჯერ შეხვდება ადამიანი ისეთ პირებს, რომლებმაც ერთი სიტყვაც არ იციან ფრანგული. სულ ფლამანდურად ლაპარაკობენ. როგორც სჩანს კარგი ხალხი უნდა იყოს, გერმანელებივით არ არიან მოუხეშავნი და გადარეულნი სალდათურ წესზედ. თავისუფლება ბევრია, სამხედრო ელემენტი მცირედია და ყველას პატივს სცემენ.

31 ივლისი
დღეს კვირა არის. არავითარი საქმის გაკეთება არ შეიძლება. მივიღე დეპეშა ქუთაისიდგან. იწერებიან ჭაშნიკის აღება არ არის საჭირო, დაამოწმებინე ნატარიუსს, რომ შავი ქვა მხოლოთ ნახევარია. არ ვიცი, არ მგონია, რომ დამიმოწმოს ნატარიუსმა, რადგან ეგ იმის საქმე არ არის; ინჟინერი ხომ არ არის. დღეს დავათვალიერე აქაური სამხატვრო მუზეუმი.

1 დეკემბერი
ოთხი თვე არის რაც არ დამიწერია ჩემი დღიური. სრულებით არ მქონდა დრო. ისე ვიღლები დღის განმავლობაში, რომ ღამის ათ თერთმეტს საათზედ აღარაფერი მესმის. კალამი მივარდება ხელიდამ. ვინც აქ არიან ქართველები, დიდის სიამოვნებით მშველიან, მაგრამ ყოველ საქმეების გაკეთება არ შეუძლიანთ. გარდა ამისა, როგორც ქართველებს, ფიქრი უყვართ ბევრი, დაგვიანება უყვართ ძალიან, საქმე კი ითხოვს, დროზედ გაკეთებას; თუ იმ წამსვე არ გაკეთდა მერე გვიან არის, ევროპიელები აგრეთი ხალხია. მათთან გვაქვს საქმე: დაბეჭდვა, გაგზავნა, მოლაპარაკება და სხვა… არჩილი ავად არის, ისევ მონტრეში არის; იქიდან საშინელ წერილებს იწერება. პარიზში მინდაო მოსვლა, მაგრამ მისთვის პარიზი სიკვდილი იქმნება. იქაც მარტო არის. რასაკვირველია, მარტოობა არ არის სასიამოვნო. ფულიც არ არის, რომ მოიყვანო აქ. სანდრო გაბუნია მშვენიერი ყმაწვილია, მშველის კიდეც, მაგრამ პრაქტიკულ საქმეებში სრულებით არ ვარგა. წესი არ აქვს და ფიქრი უყვარს ბევრი. თედო სახოკიაც გულით და სულით მშველის, მაგრამ მას არ შეუძლიან რედაქციის წარმომადგენლობა. ასე რომ თუნდა ავათაც ვიყო, მაინც უნდა ვიყო საქმეში; რომ ჯანი მისდევდეს არ დავიშურებდი შრომას, მაგრამ ჯანი არ მისდევს და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
დღეს დაიბეჭდა ჩვენი პარტიის მიერ ერთად სხვა პარტიებთან შემუშავებული დეკლარაცია. ბევრი ვეცადე, რომ ჩვენც დაგვეჭირა სხვა პარტიებთა შორის შესაფერი ადგილი. ეს ხუთი თვეა სულ ამას დავდევდი. მოვგზაურობდი, რომ მენახა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელნი. ხან წერილებს ვწერდი; რასაც კი ვშოულობდი სულ ამ საქმეს ვახმარიდი, რადგან ეგ კავშირი საჭირო იყო ჩვენთვის. კავშირი სხვადასხვა რუსობის პარტიებთან, კავშირი ფინლიანდელებთან, კავშირი პოლონელებთან, სომხებთან, ბელორუსებთან, ამ დროში მოგვიტანს დიდ სარგებლობას, რადგან რუსეთის წეს-წყობილება დიდ ხანს ვეღარ იცოცხლებს. ომმა ძალიან დაასუსტა. პრესტიჟი და ფინანსები ძალიან დაეცნენ.

2 დეკემბერი. 1904 წელი
(ამ თარიღით, ეს გვერდი რვეულისა დაუწერელია)

21 იანვარი. 1905 წელი
დილით მივიღე წერილი ვარლამ ჩერქეზიშვილისაგან. მწერს გოგელიას წასვლაზედ. კრაპოტკინი და სხვა ანარხისტნი წინააღმდეგნი არიანო გოგელიას წასვლაზედ. რატომ? რა მიზეზია? იმისათვის, რომ “ხლებ ი ვოლიას” რედაქციაში არის საჭირო. ნუთუ იმოდენა რუსებში სხვა კაცი ვერ ვინ იშოვნეს, ვისაც შეეძლოს წერა. რუსეთი დიდია, საქართველო კი პატარა არის. თვით გოგელია მწერს, რომ იგი უფრო თავისუფლად, უფრო სარგებლიანად იმუშავებს საქართველოში, რადგან ქართველებს იცნობს, რადგან ქართველ ხალხშია გაზრდილი. თვით რუსეთისთვისაც არ სჯობია, რომ ჩვენში განვითარდეს სოციალიზმი. მაშასადამე, უნდა გაიგზავნონ ჩვენში მომქმედნი პირნი, ისეთნი პირნი, რომელთაც უფრო ეხერხებათ ჩვენში მუშაობა, ვიდრე რუსეთში. ყველა თავის პარტიის სარგებლობას ეძებს და ანარხისტი ხშირათ ხდება ნაციონალისტად, როდესაც მის სარგებლობაზედ მისდგება საქმე. რასაკვირველია, კარგი იქმნებოდა ამისთანა სარევოლუციო ხანაში გოგელიას იქ ყოფნა, მაგრამ თუ-კი მთელ რუსეთისთვის საჭირო იქმნება, რომ აქ დარჩეს, დაუთმობთ, რადგან ბევრი სხვა დაგვითმია. მე გოგელიას დღესვე მივწერე, რომ ეგ მისი პირადი საქმე არის და თითონ უნდა ამოირჩიოს, რომელი ასპარეზი ურჩევნია სამოქმედოთ.4 რას ამოირჩევს, არ ვიცი! მიშამ, ჩვენმა ასოთამწყობმა, სრულებით ვერ იმუშავა დღეს, რადგან საშინლათ თავი სტკიოდა. ძალიან საჩქარო საქმე-კი გვაქვს. კაცების გაგზავნას ვაპირებთ, ასე რომ ტრანსპორტი მზად უნდა იყოს.
სადილის შემდეგ მივიღე წერილი ერთ პოლონელიდგან, ბ-ნ კოზლოვსკიდამ. შეუდგენია ლიგის პროექტი. ლიგას აქვს მიზნათ დაიცვას უფლებანი ყველა დაჩაგრულ ერებისა. მთხოვს, რომ ჩვენმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა და თავისი წარმომადგენელი დანიშნოს. ჯერ ვერაფერს უპასუხებ. უნდა ყველანი შევკრიბო და მოვილაპაკოთ მაგაზედ.

22 თებერვალი
ისე გადის ხოლმე დღე, რომ ვერც-კი ვასწრებ თავის აწევას და ფეხების დასვენებას. საშინელი ხალხი ვართ ქართველები, დაუდევარი და გულ-გრილი. 9 საათზედ მოვიდა ჩემთან თედო სახოკია. 9 ნახ. მიველით გაბუნიასთან; ვთხოვეთ, რომ წამოსულიყო არჩილთან და მოგველაპარაკნა. არ მცალიანო, ჩემს საცოლეს მოველიო და მერე მოვალო.5 წაველით არჩილთან. დავაწყეთ მასალა ნომრებისათვის დასაბეჭდათ. წაუკითხე წერილები, მოწერილნი საქართველოდამ. იწერება თამარა ფალავანდიშვილისა, ირაკლი დეკანოზიშვილი და სხვები. დათიკო როსტომაშვილმა მოიწერა, რომ იგი მზათ არი თავისი თავი ჩვენ საქმეს შესწიროს, თუ ფულს მივცემთ წასვლისას და იქაც შევინახავთ, რადგან საქართველოში ცხოვრების სახსარი არ აქვს. ყველა ფულს თხოულობს. ჩემს მეტს არვის აქვს საშუალება არც შრომისა, რომ გროში კაპეიკი მოიგონ და არც სესხისა. ისევ მე უნდა დავტრიალდე.
სადილს შემდეგ წაუღე ტიპოგრაფიაში მიშას მასალა მე-21 ნომრისა “საქართველოსი.” ვთხოვე დაეჩქარებინა. ალემანი ბევრს მელაპარაკა ჩვენ ხალხის მდგომარეობაზედ.6 ტიპოგრაფიიდან რომ დავბრუნდი შინ დამხვდა მიშა დიასამიძე. ვერსალიდამ ჩამოვიდა მოსალაპარაკებლათ. ბევრი ველაპარაკე წასვლაზედ. თანახმა არის წავიდეს. უნდა მოუწყო მას იქ პატარა ტიპოგრაფია, რომ შეეძლოს იქ პროკლამაციის ბეჭდვა. ამ ერთ თვეს ამას მოანდომებს და მერე გაემგზავრება საბრძოლველად.
არავითარი ამბავი არ მიმიღია გატანილ ჟურნალებისა. ბ-ნმა ქორქიამ წაიღო ჩემოდანში ჩაწყობილი “საქართველოს” ნომრები. პეტერბურგში უნდა მიეტანა და იქიდგან თბილისში გაეგზავნა. ვინ იცის, იქმნება საზღვარზედ უნახეს და დაიჭირეს. საშინლად ვწუხვარ. წუხელის მთელი ღამე არ მძინებია ამის გამო, სულ ფიქრში ვიყავი, ვაი-თუ მოუვიდეს რამე იმ ყმაწვილს. თუმცა შესაძლებელია ბერლინში ზის და არას იწერება. საშინელი დაუდევარი ხალხი ვართ. ხვალ უნდა ბაბო ბაგრატიონის ქალს მივწერო და ვთხოვო, გამიგოს, ჩამოვიდა, თუ არა. ის იცნობს იმ ოჯახს, რომელშიაც ცხოვრობს.
დღეს 14 წერილი მქონდა დასაწერი სხვადასხვა პირებთან, სომეხს, პოლონელს, ბაბოს, დათიკოს, ერეკლეს, რომში “ავანტის” რედაქციაში, შავი ქვის საზოგადოება და სხვ. 5 დავწერე. საშინლად მოვიღალე. ხვალ დანარჩენებს.

12 აპრილი, 1905 წელი
გუშინ დავბრუნდი ჟენევიდამ, სადაც გვქონდა კრება, ანუ კონფერენცია ყველა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა და დემოკრატ-რევოლუციონერთა პარტიებისა. სოციალ-დემოკრატებმა უბრალო მიზეზის გამო დაანებეს თავი კრებას. მაგრამ იმედია, ამ რამდონიმე ხნის შემდეგ ისინიც მოგვეკედლებიან, დაანებებენ თავს თავის ფანატიკობას და მიჰყვებიან ნამდვილ გზას. ცხოვრება აიძულებს მათ.Pპარიზის კონფერენციაზედ სრულებით არ მოვიდნენ, ამ კონფერენციაზედ მოვიდნენ და წავიდნენ, მესამე კონფერენციაზედ, რომელსაც თვითონ მოიწვევენ; მაშინ მოვლენ კიდეც და იმოქმედებენ კიდეც ჩვენთან ერთად.
ათი დღე ვილაპარაკე. ათი დღე თითქმის არ მეძინა, ჩემი გული უარესად გახდა, ისე სცემდა, ასე მეგონა გასქდება მეთქი. ეხლა ძალიან დაღალული ვარ და მოწყვეტილი ჩამოველი. მუშაობა-კი დამიხვდა, ნომრები დასაბეჭდი და გასაგზანი. უნდა დავაჩქარო, რადგან ეხლა შემთხვევა არის. კიდევ არ მექმნება დრო ჩემის დღიურის წერისა, კიდევ დამრჩება ეგრე, თუმცა საწერი ბევრი მაქვს. რამდონი რამ გავიგონე, რამდონი გამოჩენილი კაცი ვნახე, მაგრამ სად არის დრო ამის აღწერისა. თუ ცოცხალი დავრჩი, მაშინ როდესმე ყველაფერს ავწერ. მღვდელი გაპონი დაესწრო კონგრესზედ. ძალიან ახლო გავიცანი, ძლიერ დავმეგობრდით. მშვენიერი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ. თუმცა განვითარება აკლია, მეცნიერულათ არ არის მომზადებული, მაგრამ ხალხის ესმის, ხალხის გულის ცემა ნამდვილად გაიგო, გაიგო რაც უნდოდა ხალხს, როგორ შეიძლება ხალხთან დაახლოვება და როგორ შეიძლებოდა მისი შენძრევა. ნამდვილი სული გახდა რუსული ხალხისა. მზათ არის ამ ხალხს თავი შესწიროს, არაფრის ეშინიან, გამბედავია და გულწრფელი, უანგარიშო, ანკარა. ამისთანა კაცს ხალხი ყოველთვის მიჰყვება. ბევრი ვილაპარაკეთ სხვადასხვა კითხვებზედ. საშინლათ ეშინიან, რომ კავკასიის ხალხმა არ გაასწროს რუსის ხალხს; მაშინ ჩვენ რა ვქმნათო, შეიძლება ნიკოლოზ მეორემ შეიწყნაროსო რასაც მოითხოვს კავკასიის ხალხი და რუსეთის ხალხი-კი ისევ უმეცრებაში დასტოვოსო.
(აქედან თეთრად, დაუწერელად არის დარჩენილი 12 ნახევარზე მეტი გვერდი რვეულისა).

16 აგვისტო, 1905 წელ. (კრუაზეტი, შვეიცარია)
ვიმყოფები შვეიცარიაში, პატარა სოფელში, რომელსაც ჰქვიან “კრუაზეტი”.Lლოზანიდგან ნახევარ საათის სავალზედ არის. მოველი ბ-ნ ბოს ახლო. რადგან ბომ შეუკვეთა 8500 თოფი, ერთ მილლიონ სამასი ათასი პატრონა, ამისთვის უნდა ამათ ახლო ვიყო. ამ საქონელს მომზადება უნდა, ჩაწყობა უნდა, გაგზავნა უნდა. ბ-ნ ბო მშვენიერი შვეიცარელია. თანაგვიგრძნობს, სურს გულით და სულით უშველოს ჩვენ ხალხის განთავისუფლებას. ბოს ესმის რომ ჩვენ ვებრძვით მუშებისა და გლეხების ინტერესების დასაცველად. მას ესმის, ვინ არიან დაჩაგრულნი და ვის უწერია შველა. მე მივეცი ბოს სამოცი ათასი ფრანკი და მან შეუკვეთა თოფები, რომელნიც უნდა გავისტუმრო ჰოლანდიით შავ ზღვაში და მერე ჩვენსა. ამხანაგები მპირდებიან ხოფაში გადატვირთვას, მაგრამ ჯერ შორს არის გასტუმრება _ ამას გემი უნდა. გემი უნდა ვიყიდო. გემი დამიჯდება 80 000 ფრანკი. მერე კაპიტანი და ეკიპაჟი უნდა ვიშოვო. ეს მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. ძმანი კორნელისენნი, ორივენი ჰოლანდიელები უკვე მუშაობენ მაგაზედ. ორივენი თანაუგრძნობენ ჩვენ ხალხს. ასე რომ ფულის ანგარიშისთვის არ აკეთებენ ამას, მე მხოლოთ სახარჯოს ვაძლევ, სხვა არაფერს. გემი და კაპიტანი უკვე შეგულებულნი არიან. მე თითონ ვიყავი ამსტერდამში: იქ გავატარე ორი კვირა და ყველაფერი მოვაწყე. ეხლა მხოლოთ ერთი დაპრკოლება არის: თუ ჰოლანდიის მართებლობამ ნებართვა მოქვცა თოფების და პატრონების დატვირთვისა თავის პორტში, მაშინ შეიძლება გემის ყიდვას და კაპიტნის დაქირავებას შეუდგე. მაგრამ ამ დაბრკოლებას იმედია აუვალ, მხოლოთ მეორე დაპრკოლება არის, რომელიც ყველაზედ საშიშია და ყველაზედ მავნებელი. რუსის მართებლობას არ სძინავს და ყოველ საშუალებას ხმარობს, რომ აღმოაჩინოს როგორ და რა გზით გაიგზავნება იარაღი. რუსის აგენტები გარშემო მარტყიან. ყიდულობენ აქაურ ფოსტალიონებს, აქაურ დეპეშების მომტანებს და ცდილობენ ამგვარათ გაიგონ ყველაფერი. მაგრამ მეც არ მძინავს. ვცდილობ სხვა ადრესები მივცე. ვცდილობ, რომ ჩემს სახელზედ არა მოვიდეს-რა, მაგრამ ეს ძლიერ აპრკოლებს საქმეს. მე მშველელები არ მყავს, იმათ-კი მთელი შტატი ჰყავთ, რომელიც მოძრაობს. არ ვიცი, როგორ აუვალ. ერთხელ უკვე გამიფუჭეს საქმე. ჯერ არ იციან, როგორ წავა საქონელი, თუმცა-კი ტრიალებენ აქ. დღეს, სადილის შემდეგ მიველი ბოსთან, თუმცა ძალიან ცდილობს ჩვენთვის, მაგრამ რა იცის, როგორ უნდა ებრძოლოს რუსის პოლიციას. რუსის შპიონებს, ყოველ წამს გაძღოლა უნდა. იგივე ხდება ამსტერდამში. ძმანი კორნელისენნი გულწრფელათ მუშაობენ, მაგრამ არც მათ იციან რუსის მართებლობის ხრიკები; არც ისინი არიან გამოცდილები მათთან ბრძოლაში. ორათ უნდა გავიჭრა, არ ვიცი, სად ვიყო: აქ, ბოს ახლოს, თუ ამსტერდამში. თუ ჩვენი ვინმე გამოვიწერე, არც ის მიშველის, რადგან ენები არ ეცოდინება, ევროპას არ იცნობს, ხალხს არ იცნობს, ორგანიზაციის პრაქტიკა არ ექმნება; ასე რომ, ისევ მე უნდა ვიყო მასთან ხშირათ და შეიძლება უხერხული რამ მოახდინოს და მთელი საქმე გააფუჭოს. ბოსთან ცუდი ამბავი დაგვიხვდა. შვეიცარიის მართებლობა მასთან კარგ განწყობილებაში არის, ე. ი. პოლკოვნიკი, რომელიც არის მართველი არსენალებისა, ძლიერ ამხანაგურათ ეკიდება ბოს. დღეს მან გამოუგზავნა წერილი, რომ ერთი სავაჭრო სახლი “მეტალლე-ალტ აიზენ, ალტგუმმი. რუკლაენდერ, 73, ბრაუერშტრასსე, ციურიხ.” თხოულობს, რომ ყველა თოფები და პატრონები, რაც დარჩომილია, მას მიჰყიდოს. ამავე დროს ჩემი მეგობარი ფინლიანდიელი ბ-ნი ზილიაკუსი, რომელმაც ჩემის ხელით შეწყობით უკვე გააგზავნა ფინლიანდიაში 15 000 თოფი, მწერს, რომ რუსის მართებლობამ იცის, რომ თოფები ბომ იყიდა და იქ სპეციალურათ გააგზავნა კაცი თავისი ჯაშუშებით, რომ ყველაფერი გაიგონ და ფრთხილათ იყავითო. ორი ამბავი სხვადასხვა წყაროდამ. ეს რუსეთის მართებლობის საქმე არის. თოფებს არ იყიდის, მაგრამ ოპსიონს აიღებს სამი, ოთხი თვით, ამით ხელის შეშლა უნდა. ოპსიონში დახარჯავს 20000-30000 ფრანკს და თოფებს არ გამოართმევს. ეს უკვე ქმნა ერთხელ. გარდა ამისა ეს ციურიხელი ვაჭარი თხოულობს, რამდონი თოფია დარჩომილი სულ, რადგან მთლათ უნდა იყიდოს. ამით სურს გაიგოს დრო, როდესაც ჩვენ ვიყიდით. მაგრამ მე უკვე ნაყიდი მაქვს და ეს არ უნდა გავაგებინოთ. დღესვე ვთხოვე წასულიყო ბოს პოლკოვნიკთან და ეთხოვნა, რაც შეიძლება ძვირათ გაეყიდნა რუსის მართებლობისთვის. დე მთლათ მიყიდოს, მხოლოთ რაც ჩვენთვის შენახულია, იმაზედ ხმა არ ამოიღოს. დეპეშა დაუკარით პოლკოვნიკს დღეს. საღამოს ან დილით ბომ უნდა მიიღოს პასუხი და წავა ამ პოლკოვნიკის სანახავათ. ვნახავ, რა ამბავს მომიტანს.
მივიღე წერილები კორნელისენებისგან. ბევრს ცნობებს მთხოვენ, როგორ უნდა აიღონ ნება-რთვა, როგორი გემი უნდა შეიგულონ, როგორ უნდა გავატარო ეს გემი სტამბოლზედ და სხვა. დღესვე დავჯექი და ყველა კითხვებზედ პასუხი მივწერე. ჩემი წერილი ძლიერ გრძელი გამოვიდა. ამ გვარ საქმეებზედ მიწერ-მოწერაც არ ვარგა. აქ რომ მოვაწყობ საქმეს, ამსტერდამში უნდა წავიდე. წასვლა არაფერია, მხოლოთ ისე უნდა წავიდე, რომ რუსის მართებლობამ არ შენიშნოს. თორემ მე გამომყვებიან და ყველაფერს გაიგებენ. რა-კი გემს შენიშნავენ, მაშინ ყველაფერი დაკარგულია. უნდა გავეპარო. უნდა ფეხით წავიდე ახლო სტანციაში და მერე ათასნაირად დავხლართო ჩემი გზა, რომ ჩემი კვალის ნავალიც არ გაიგონ. სწორედ სასაცილო არის ამგვარი ბრძოლა. ამგვარი ჩუმი ბრძოლა მეზიზღება, მირჩევნია ომში გასვლა. მაგრამ რას იზამს ადამიანი. ჩვენი ხალხი ძალიან თხოულობს იარაღს, ასე რომ ყველაფერი უნდა ავიტანო.
საშინლად მოვიღალე. ფიქრებმა და საქმემ ამაღელვა. თუ კარგა დამეძინა კიდევ არაფერია, მაშინ ღონე მომემატება. უნდა ვეცადო, რომ ჭირშიც და ლხინშიც ერთნაირად ვიყო, არც ერთს ჩემზედ გავლენა არ უნდა ჰქონდეს, ყოველთვის წყნარად და გულცივად ვიყო, მაგრამ ძლიერ ძნელია ამგვარათ თავის დაჭერა, ამგვარათ ხელმძღვანელობა, თუმცა ამ ხუთი წლის მუშაობამ და პრაქტიკამ მიმაჩვია. ეხლა უკვე გამოცდილი ვარ. ძილის მეტი არაფერი დამრჩომია დღეს.

17 აგვისტო
დღეს ბო წავიდოდა პოლკოვნიკთან. ასე რომ მასთან არ არის საჭირო ჩასვლა. წერილები არ მომდის; არ ვიცი რა ამბავი არის. კოლა გაბაშვილს უნდა მოეწერა ჩემთვის პარიზიდამ, როგორ ჩავიდა მაღალაშვილი, ავალიშვილის ქალი, ტატიშვილი და ნინა ყიფიანისა. საშინლათ მაწუხებს მაღალაშვილის ამბავი. მაღალაშვილმა წაიღო ორი გატენილი ჩემოდანი. შიგ იყო ასაფეთქებელი წამალი, იყო პატრუქი, იყვნენ პატრონები და სხვ… დანარჩენებმა-კი მხოლოთ ლიტერატურა წაიღეს; ასე რომ ისე საშიში არ არის. საშინლათ ვწუხვარ, ვაი თუ დაიჭირეს, ჯერ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. არა მგონია რომ ეხლა იყოს რამე.
მგონია, დღეს ჩემი ვინაობა გაიგო რუსის პოლიციამ. პარიზიდამ ისე წამოველი, რომ არვინ იცოდა. ჯაშუშებმა ალბათ ბევრი ირბინეს. დღეს ჩემმა ცოლის დამ გამომიგზავნა ჩემს სახელზედ წერილი, ჩემს ცოლს მიეცა ადრესი. ქალები ბევრჯერ აფუჭებენ საქმეს, თუმცა ჩემს ცოლს სხვა ადრესიც მივეცი, მაინც ჩემი გვარი მიუცია. რას ვიზამ; ეხლა აღარაფერი ეშველება. თუ ჩვენი გვარი დაიჭირეს მორიგი ცუდი ამბავი იქმნება, თუმცა ამასაც ექმნება თავისი შედეგი. აქაურ რუსის პოლიციას და საელჩოს უკვე გაუგზავნია მოხსენება, რომ კავკასიაში ქართველებიც ემზადებიან ასაჯანყებლათ, აქ საზღვარ გარეთ თოფ-იარაღს ყიდულობენო და ჩვენ საბუთები ხელში გვიჭირავსო. რასაკვირველია, ამასაც ექმნება თავისი გავლენა მართებლობაზედ, უფრო ჩქარა შემოიღებს ლიბერალურ რეფორმებს, ძალიან ჩქარობს შემოიღოს ზემსტვო, მაგრამ ამით ვერ გადურჩება, ვერ მოგვატყუებს ამით, თუმცა ჩემი ამხანაგებისა მეშინიან, ვაი თუ ამით თვალები აუხვიოს მართებლობამ, თუმცა არა მგონია, რომ ისე მოტყუვდნენ.
დღეს სადილის შემდეგ მოვიდა ერთი წითური კაცი, რომელსაც უთქვამს, რომ აქ ერთი დაბალი ყმაწვილი არისო, შავთვალწარბაო. მგონია იტალიელი არისო, იმის ნახვა მინდაო. მასპინძელს უთქვამს, მე არ ვიცი ვინ არის, გვარი არ იცითო? არაო, გვარი ქაღალდზედ წამიწერესო და დამეკარგაო. მასპინძელს ჰგონებია, რომ მე ვარ და ჩემს ოთახში შემოიყვანა. რომ შევხედე მრისხანეთ დავკითხე: რა გნებავთ? მაშინვე უკან დაიწია ბოდიშის მოხდით, თქვენ არ ბრძანდებით, შეცდომით შემომიყვანესო. რაღას ვიტყოდი. მერე ვკითხე მასპინძელს; მასაც გაუკვირდა ეს ამბავი, თუ გვარიც არ იცოდა როგორ იცნო, რომ მე ის არ ვარ. ეს ჩემი ცოლის დის წერილმა ქმნა. ეხლა აქედგან ისე უნდა წავიდე, რომ არ ვინ იცოდეს. არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხო, უნდა მოვძებნო გზა. საკვოიაჟი აჭირებს ხოლმე საქმეს, თორემ ტყეზედ გადვიდოდი სხვა სტანციაზედ, არც-კი ვეტყოდი მასპინძელს, ანუ დია-სახლისს. ქართულ გაზეთებს მოველოდი დღეს, მაგრამ არ მოსულა ლოზანაში; ასე რომ ტყუილად ჩაველი და ამოველი. საღამოზედ გადვიკითხე ფრანგული, ინგლისური და ნემენცური გაზეთები, შვეიცარიაში ადვილათ იშოვება წიგნ საცავებში ყოველ ენის გაზეთები, პარიზში-კი უფრო ძნელია. ჩემი ბავშვები ტარიელი და თინათინი კარგათ ყოფილან. საწყლებს ბევრჯერ არ ხვდებათ მამის ალერსი, ხანდიხან თითო თვეობით არ ვხედავ. ჩემი გავლენა ძლიერ საჭიროა, მაგრამ ძნელია, რომ ხალხსაც ემსახუროს ადამიანი და ოჯახსაც. ჩემს მდგომარეობაში ძნელია, რადგან მუდამ, ამ ოთხი წლის განმავლობაში, სულ ბრძოლაში ვიყავი, მუდამ მოუსვენრათ ვიყავი, მუდამ მოგზაურობაში ვიყავი. იქმნება შემდეგში მეც შემხვდეს ოჯახის სიამოვნება. ჯერ ამაზედ ფიქრის დრო არ არის. ისევ დავიძინო ჯობია, რომ ტყუილათ არ ავაღელო ჩემი თავი, თორემ ჩემი ძვლებიც არ დარჩებიან ამგვარ წოწიალის შემდეგ.

18 აგვისტო
(ამ თარიღის ქვეშ დაუწერელია თითქმის 15 ფურცელი რვეულისა).

24 ოქტომბერი, 1905 წელი
დღეს მთელი დღე ლოდინში და სირბილში გავატარე. გემი “სირიუსი” დატვირთული იარაღით, როგორც იყო, დავიჭირეთ გიბრალტარში. რამდონი დეპეშა დამჭირდა, რომ გამეგზავნა. ეს გემი ბრუნდება “სეტ-ში” (სეტტ). წუხელის კორნელისენი წავიდა მის დასახვედრათ. მე და ბო დავრჩით აქ. მე უნდა ფული ვიშოვო, რადგან ფული გვაკლია; მეშინიან, ვაი თუ გზაში დაგვჭირდეს გაჩერება. აქ არიან ჩვენი მდიდრები: ბ-ნ იაკობ ზუბალაშვილი, ბ-ნ ბეს. ღოღობერიძე, ბ-ნ ჯაყელი. ჩვენ ბურჟუაზიას არ ესმის განთავისუფლების საქმე; არ ესმის, რომ მას ერგება პირველათ ხელმძღვანელობა სახელმწიფოსი.Mმეც ვიცი ეგ და ეს მკლავს, რომ მათთვის არის ეს მუშაობა, მაგრამ სხვა ფრივ რომ შეუძლებელია, პირდაპირ ვერ დავაარსებთ სოციალისტურ წეს-წყობილებას. რას იზამს კაცი. ეს პირველი ეტაპი არის. მიველი ბეს. ღოღობერიძესთან და უთხარი, რომ გემი გაჩერებული მყავს იარაღით. აუხსენი ყველაფერი. ვთხოვე მიემართნა თავის თავათ, იქმნება უშველონ რასმეს. მითხრა: მე არ ვიცი მათი ადრესები, არ შემიძლიანო, ერთის სიტყვით, უარი მითხრა. მეც თავი მივანებე. არ შემიძლიან თხოვნა და თავის დამდაბლება. დიდი ხერხი უნდა. აქ ერთი სოღორაშვილის ქალი არის; მას-კი მოუხერხებია თამამშოვის საშვალებით ზუბალაშვილისგან 500 ფრ. გამორთმევა, თავისთვის, ვგონებ.
წამოველი შინისკენ. დამხვდა დეპეშა ულარისგან; მოდის სადილის შემდეგ. საშინელი ბურუსი იდგა. საშინლათ ციოდა. პალტოც რიგიანი არ არის. სასაცილოა, 200 000 ფრანკს ვხარჯავ გემისთვის და თბილი პალტო ვერ მიყიდნია! როგორ ვიყიდო, როცა ყოველი ფრანკი გამოანგარიშებულია. ხუთი საათი იყო რომ წავედი ულართან. ულარი სოფელში დგას. ჯერ რკინის გზით მომიხდა წასვლა და მერე ფეხით. მიველი ულართან. ველაპარაკე მას. მითხრა, ვეცდებიო რომ ფული ვიშოვნო, ვინმე მდიდარს აუხსნი, რომ გემი გაჩერებული გყავთ, ყოველფერი მზათ არის და გაგზავნის მეტი არა სჭირია-რა. უნდა მივმართო ჟოზეფ რეინაკს და სხვა პირებს, რომელნიც ხალხის თავისუფლებას თანაუგრძნობენ. იქმნება რამე გამოვიდეს. მადლობა უთხარი და თანაც დაუმატე, რომ მე იმედი არ მაქვს, რომ ვინმემ რამე გაიღოს. ცხრა საათზედ უკან დავბრუნდი. შინ მიველი თერთმეტის ნახევარზედ.Dდამიხვდა დეპეშა “დროშაკის” რედაქციისგან: “ას პოურ ლე მომენტDროსცჰაკ.” ეს ნიშნავს, რომ დროებით არ უნდათ იარაღი. მე ვთხოვე მათ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმეში, იარაღს მივცემდით, რადგან ეხლა ისეთი დრო არის, რომ ჩვენ გვიჭირს. ამაზედ მომივიდა პასუხი: დროებით არ გვინდაო. დროებით არ უნდათ, მაგრამ როცა დასჭირდებათ, იქმნება აღარ იყოს. ამ მხრივათაც წახდა საქმე.
რა დამრჩენია! უნდა მე თითონ ვიშოვო ფული. უნდა ვისესხო. ჩემს ცოლს უნდა დავაგირავებინო სახლი 10 000 ფრ. და ამით გავისტუმრო გემი დარდანელში, რაც მოუვა, მოუვა. თუ მოვახერხეთ ოსმალეთის ჩინოვნიკების შემოსყიდვა ხომ კარგი; თუ ვერ მოვახერხეთ, მაშინ ჩვენ გემს დაიჭერენ, თუ შეიტყვეს. უნდა ვეცადოთ, ცდა ბედის მონახევრეაო, იტყვიან. თუ დაიჭირეს რა ვქმნათ, ყველაფერი დაგვეღუპება: ფული, იარაღი, 9 თვის შრომა და სხვა. მოვწყდი ამ ცხრა თვეში, სულ მთლად ამეშალა ნერვები და ძარღვები ამ 9 თვეში, გულიც უარესად ამტკივდა, გულის ფრიალი გამიხშირდა. რას ვიზამ, უნდა დავამთავრო ეს მუშაობა. მეტადრე ეხლა, ჩვენში ხალხი იბრძვის და იარაღის საჭიროება არის. საშინლათ მოვიღალე დღეს ამ გვარ ფიქრებისგან და ამ გვარ ხეტიალისგან. თუ ღამე გამოვიძინე კიდევ არ მიჭირს-რა, მაგრამ ეს ფიქრები არ მაძინებენ ხოლმე.

27 ოქტომბერი, პარასკევი
(ამ თარიღის ქვეშ დაუწერლად დარჩენილია 10 და ნახევარი ფურცელი რვეულისა)

13 ნოემბერი
დილით 7 საათზე ბომ გამაღვიძა. ყიფიანმა სტამბოლიდან დეპეშა გამოგზავნა, იწერება: გემი შენიშნულიაო. როგორც სჩანს რუსის მართებლობას შეუნიშნავს და სტამბოლში შეუტყობინებია, რომ იქ გემი დაიჭირონ. ყიფიანი ფულს მთხოვს, რომ შეეძლოს ოსმალების შესყიდვა. მე მივეცი მას 3000 ფრანკი, რომ ოსმალების მოხელეები შეისყიდოს. მწერს, ეს სამყოფი არ არისო, კიდევ გამომიგზავნეო 4000 ფრანკი. დღეს დილითვე მე და ბო წაველით და მაშინვე გაუგზავნე 4000 ფრანკი. კაპიტანის გადასაცემათ მივეცი 3000 ფრანკი. ასე რომ სულ აქვს ხელში 10 000 ფრანკი. ეს ფული ვგონებ ეყოფა. როგორ უწყალოდ მიდის ფული, მაგრამ რას იზამ. დღესვე გავგზავნე თბილისში, ჩვენს კომიტეტს გაუგზავნე 5000 ფრ. ეს ფული გავგზავნე ალ. დიასამიძის სახელობაზედ. თანაც დეპეშა დაუკარ, რომ გემი მოდის და მოემზადენით. ძლიერ მეშინიან, ვაი თუ ვერ მოახერხონ მომზადება, რადგან ორგანიზატორები ცოტა ჰყავს. მაინც იმედი არ უნდა დავკარგო. თუ ვერ მიიღეს, მაინც ისე დააშინებს ლიბერალურ რუსის მთავრობას, რომ ქართველ ხალხსაც მიანიჭებს, თუ არ მიანიჭებს, ფიქრს დაიწყებს მაინც რეფორმებზედ. შეშინდება; იტყვის: თუ ერთი გემი იარაღით მოახერხეს, მეორესაც მოახერხებენ; ასე რომ ბრძოლას გაგვიწევენ, ამით კავკასიასაც ააჯანყებენ, ხელს შეგვიშლიან ამ გაჭირვებულ დროში და იძულებულნი არიან იფიქრონ ჩვენ ავტონომიაზედ. რადგან ფიქრობენ პოლონეთის და ფინლიანდიის ავტონომიაზედ. ესეც საჭიროა მუშა ხალხისათვის, მერე კიდევ სხვასაც მოვითხოვთ.
კაპიტანისაგან მივიღე დეპეშა, რომ გემი მივიდა კუნძულ ზეაში (საბერძნეთი). კარგათ უმოგზაურნია. მშვენივრათ მისულა. ახლა უცდის ჩვენ განკარგულებას, რომ დარდანელში შევიდეს. რადგან ყიფიანს ჯერ საქმე არ მოუწყვია, ვერ მივცემ განკარგულებას, რომ დაიძრას. სადილის შემდეგ ისევ მიველი ბოსთან, იქვე მოვიდა კორნელისენი. დავრჩით ღამის 2 საათამდინ. დეპეშებს უცდით. ერთი დეპეშა მოვიდა ყიფიანისგან. ამბობს: ხვალ წავალო დარდანელში. პასუხი დავწერე და მე წავიღე ტელეგრაფის სტანციაზედ. რა კარგია, რომ მთელი ღამე ღია არის. ოთხ საათზედ დავბრუნდი დილით. დამიხვდა ჩემი მოხსენება დაბეჭდილი ქუთაისში. ჩემი მოგზაურობა ბრაზილიაში და კუნძულ კუბაში. ძლიერ კარგათ დაუბეჭდიათ ტექსტი, მხოლოთ სურათები ცუდათ არიან გამოსულნი. ხუთ საათამდინ ვერ დავიძინე. სულ გემზედ ვფიქრობდი.

14 ნოემბერი.
დილით მომივიდა დეპეშა ბათუმიდამ. მკითხავენ, საჭიროა თუ არა გაგზავნონ კაცი სტამბოლში. კომიტეტსაც ეშინიან: ვაი-თუUგემი დაიჭირონ სტამბოლში. მაშინვე პასუხი გავეცი, რომ მე უკვე ყიფიანი გავგზავნე; ასე რომ საჭირო არ არის ვისიმეს გაგზავნა.
აგრეთვე მივიღე დეპეშა ყიფიანიდგან. მწერს, რომ თითონ უნდა წავიდეს საბერძნეთში კუნძულ ზეაში. თითონ უნდ ავიდეს გემზედ და წამოიყვანოს სტამბოლში. მაშინვე დაუკარი დეპეშა გემის კაპიტანს, რომ მოუცადოს ყიფიანის მოსვლას, მაგრამ არავითარი პასუხი არ მომდის კაპიტანისგან. მეშინიან: ვაი-თუ პირდაპირ გასწია სტამბოლისკენ. გემზედ ორი ახალგაზრდა ყმაწვილი არის. ერთი გიორგი სიხარულიძე და მეორე ნაზარაშვილი. ნაზარაშვილი შემთხვევით მოხვდა. რადგან გემი საჩქაროთ მიდიოდა და სხვა არავინ მყავდა ხელში. სიხარულიძე კარგი ყმაწვილია, დიდის გულის სიმხურვალით ეკიდება საქმეს, ძლიერ უნდა მიზანს მიაღწიოს. ეხლა მე ძლიერ მეშინიან: ვაი-თუ ამ ყმაწვილებმა გამართეს თათბირი კაპიტანთან და რადგან საქმე კარგათ არის ზეაში ე. ი. არვინ ხმა არ გასცა, ქაღალდები კარგათ დაუმტკიცეს, აიღეს ხელი და გასწიეს სტამბოლისაკენ, ასე რომ ყიფიანი რომ მივა აღარავინ დაუხვდება. რომ მივლენ სტამბოლში, რასაკვირველია, მაშინვე დაიჭერენ; ასე რომ საქმე დაღუპული იქმნება, როცა დაბრუნდება ყიფიანი, მაშინ ვეღარაფერს უშველის. საშინელ მდგომარეობაში ვარ. ნერვები სულ მთლად ამეშალა. ვაი ამოდენა შრომამ ამ უბრალო შემთხვევის გამო უბრალოდ ჩაიაროს. აქედგან არავითარი შველა არ შემიძლიან. თავს ვიმტვრევ, რომ გემი შევაჩერო ყიფიანის მოსვლამდინ, მაგრამ არ ვიცი, რა ზომა მივიღო.
ყიფიანთან ერთად არის ერთი ყმაწვილი, იასონ ბობღიაშვილი. თუში არის. ეს ყმაწვილი ბათუმში უნდა წასულიყო, რომ იქ ყველაფერი ეამბნა, თუმცა მე უკვე შევატყობინე. მგონია არ წავიდა. ალბათ ისიც წავა კუნძულ ზეაში გემის წამოსაყვანათ.
ორი წერილი მივიღე. ერთი მიშელ კიკნაძისაგან, რომელიც აქ იყო ამწყობათ “საქართველოსი” და მეორე ჩვენ აგენტისგან, მარსელიდამ. კიკნაძე მწერს, რომ იქ ორგანიზატორი არ ჰყავთო, რომ გაზეთის გამოცემა ძლიერ საჭირო არის, რადგან არალეგალური გაზეთი საჭირო არის ეხლაო. მუშა ხალხი ძლიერ სწუხსო, რომ ჩვენ პარტიას არ აქვს ეგ გაზეთი. რა უყო! ჯერ ამისთვის არ მცალიან, რადგან ეს იარაღი მაწევს კისერზედ. როცა მოვიცლი, მაშინ ამაზედაც უნდა ვიღონო. მარსელიდამ ჩვენი აგენტი მწერს: საბეჭდი მაშინის გაგზავნა თავის ასოებით, ძლიერ გასაჭირია. არც ამისთვის მცალიან ეხლა. როგორც მოვიცლი და მოვრჩები იარაღის საქმეს, მაშინ მე თითონ ჩავალ მარსელში და მოუხერხებ რასმეს.
საღამოზედ დეპეშით დავიბარე კორნელისენი და დეპეშა გავაგზავნინე გოლანდიელ ენაზედ, ზეაში კაპიტანთან, რომ ფეხი არ მოიცვალოს. ღამე დავბრუნდი, მაგრამ არ დამეძინა, რადგან სულელური მდგომარეობა არის.

15 ნოემბერი
სწორედ მოხდა ისე, როგორც ვფიქრობდი. პალიკო ყიფიანი წასულა სტამბოლიდან ზეაში და კაპიტანს არ დაუცდია ზეაში და წასულა დარდანელში. ყიფიანი მივა ზეაში და არვინ დაუხვდება. კაპიტანი კიდევ მივა დარდანელში და არვინ დაუხვდება. რა უბედურება მოგვდევს, ხან რა ჩნდება და ხან რა. კაპიტანისგან არავითარი პასუხი არ მოსულა. ყიფიანმაც არ მოიწერა, როდესაც გავიდა სტამბოლიდამ. დღეს დაუკარ ოტელის პატრონს, სადაც იდგა ყიფიანი, რომ მაცნობოს წავიდა თუ არა. ღამის 2 საათზედ გამაღვიძეს, დეპეშა მომიტანეს: ყიფიანი წასულიაო. კაპიტნისგან-კი არავითარი ცნობა მაქვს: ალბათ ისიც წასულია, რადგან ამდონ ხანს არ გაჩერდებოდა. მიკვირს, რომ პასუხიც არ გამცა, ისე წავიდა. ძლიერ რიგიანი და გამჭრიახი კაცი ჩანდა. რა ღმერთი გაუწყრა, არ მესმის. ნეტავი მე თითონ გავყოლოდი, მაგრამ რა მექმნა: აქაც დავრჩომილიყავი, გემს გავყოლოდი, სტამბოლში წავსულიყავ, საქართველოში წავსულიყავ _ ეგ შეუძლებელი იყო და სისულელეც იქმნებოდა. მართალია, ორგანიზატორმა ბევრჯერ თითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი, როგორც ნაპოლეონი, რომელიც ხშირათ თოფით ხელში დარაჯობდა, როგორც უბრალო სალდათი, მაგრამ ის ნაპოლეონი იყო, ის დესპოტი იყო, ჩვენ ნება არ გვაქვს, რომ მოვსპოთ ადამიანის ინიციატივა, ყოველ გაგზავნილ კაცს თავისუფლება უნდა მივცეთ, რომ მოიქცეს თავის ჭკვისებურათ. ხან დის ხან ამ გვარი თავისუფლება ძლიერ კარგია, ხან დის ხან ახდენს საქმეს. სწორეთ ამ საქმეში კაპიტანის თავისუფლებამ ავნო საქმეს, რადგან ჩემს განკარგულებას არ დაემორჩილა. უცდი ხვალამდინ, რადგან ეხლა ღამე არის და ხვალ ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ გემი დავაბრუნო დარდანელის შესვლამდინ, მაგრამ როგორ მოვიქცე, არ ვიცი.

16 ნოემბერი
დღეს არავითარი ცნობა არ მომსვლია, მაშასადამე ხვალ გემი შევა დარდანელში. შესვლისთანავე დაიჭერენ, კაცებს დაამწყვდევენ, გამოძიებას მოახდენენ და ერთი აყალმაყალი ატყდება. ეგ არაფერია, თუ კაცები გამოვიხსენი. დღეს მთელი დღე ვირბინე ქალაქში, ვეძებდი საშვალებას, რომ გემი დამეყენებინა. მივმართე ერთ ბიუროს, სახელით “ვერიტას”; ბევრი ფული ვაძლიე, მაგრამ უარი მითხრეს, ჩვენ კორესპონდენტი არ გვყავსო დარდანელში. მიველი სხვა და სხვა კომპანიებთან, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. ძლიერ დავღონდი, აღარ ვიცოდი რა მექმნა, როგორც თევზი ქვიშაზედ, ისე ვსუნთქავდი. მიველი კიდევ ერთი კამპანიის ბიუროში, მოვითხოვე დირექტორის ნახვა. აუხსენი, რომ გემის შეყენება მინდა, რასაკვირველია, არ უთხარი რითაც არის დატვირთული, რომ გაეგოთ არც შემიშვებდნენ. დირექტორს კარგათ ესაუზმა და კაი გუნებაზედ იყო. ბევრი ლაპარაკის შემდეგ მითხრა: მე გაუგზავნი დეპეშას დარდანელში ჩვენ აგენტს, რომ თქვენი გემი გააჩეროს და უთხრას, რომ მის სახელზედ არის დეპეშა ტელეგრაფში, სხვა არაფერი შემიძლინო. მე სიხარულით დავთანხმდი; გამოვართვი ეს დეპეშა, მაშინვე გავგზავნე დარდანელში და ერთი დეპეშა კაპიტანს დაუკარი. 40 ფრ. დამიჯდა. არ ვიცი, რა იქმნება. შეაყენებენ გემს თუ არა, იქმნება გვიანიც იყოს მისი შეყენება, ე. ი. გემი უკვე დაჭერილი იყოს. ხვალ დილით მოხდება ყველაფერი, მე-კი არ ვიცი, გავიგებ ხვალ თუ არა. საუბედუროთ ზეგ კვირა არის და ბიურო “მესაჟერი მარიტიმისა” დაკეტილი იქმნება; ასე დეპეშა თუ მოვიდა, მათ აგენტიდან, ვერც გადმომცემენ.
ეს საქმე რომ მოვრჩი შევედი ბოსთან. საშინლად დაღონებულია საწყალი კაცი, ძრიელ სწუხს კაპიტანის საქციელზედ, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ შრომა არ მოგვიკლია, არ დაგვიზოგნია არც ჯანი და არც შეწუხება. მე ჯანდაბას, მაგრამ მაგ კაცის შეწუხება ძრიელ მაღონებს, მაგასაც არ სძინავს რიგიანად ეს ორი-სამი დღე არის. მე უკვე მივეჩვიე, რადგან ოთხი წელიწადია ამ გვარ მდგომარეობაში ვარ. დაღალულ-დაწყვეტილი დავბრუნდი შინ. საშინლად ციოდა ჩემს ოთახში, ეს ხუთი დღეა ცეცხლი არ დამინთია, რადგან მე დრო არ მაქვს, მოსამსახურე-კი არ მყავს, რადგან არ არის ამდონი შეძლება. ჩემი ცოლისგან მომივიდა ამბავი, რომ ავათ არის, ძრიელ სუსტად ყოფილა. მისი დედა კიდევ ძრიელ ავად ყოფილა, ასე რომ ექიმიც მოუყვანიათ. ერთადერთი ნუგეში, რომ ბავშვები კარგათ არიან. ძრიელ მინდა მოვეშველო, მაგრამ ერთი საათითაც არ შემიძლიან წასვლა, რადგან ყოველ წამს შეიძლება მოვიდეს დეპეშა ან ყიფიანისგან, ან კაპიტანისაგან. როდის მოეღება ბოლო ამ გვარ არეულ დარეულ ცხოვრებას? არც როდის, რადგან რაც ხანი გავა ბრძოლა უფრო გახშირდება, ბრძოლა იქმნება საშინელი და შეუპოვარი. ეხლა იარაღს ვაწვდი და მერე მე თვით უნდა წავიდე. ჯერ შორს არ არის ამაზედ ფიქრი; იქმნება ღონემ მიმტყუვნოს კიდეც. მოწყვეტილი მივეგდე ლოგინში.

17 ნოემბერი
დილით დილა ადრიანათ გამაღვიძეს, რადგან კაპიტანისგან დეპეშა მოვიდა. უკვე გასულა დარდანელს და შესულა სტამბოლში. საწყალი, როგორ შეწუხდებოდა, რომ არ ვინ დაუხვდებოდა. იწერება: მგზავრობა კარგი მქონდაო. მაშასადამე არ შეუნიშნავთ. იქმნება რუსის მართებლობის ხრიკი იყოს. სურთ, რომ მივიდეთ ადგილობრივ და იქ დაგვიჭირონ. კაპიტანი არას იწერება, მაგრამ იმედია აღარ დაიცდის, პირდაპირ გასწევს დღეს საღამოს ფოთისკენ და ოც და ერთ ნოემბერს იქ იქნება. ვინ იცის, ჩვენები დაუხვდებიან თუ არა? ეხლა უნდა ყიფიანს გავუგზავნო დეპეშა, რომ უკან დაბრუნდეს სტამბოლში. მაშინვე წავედი “მესაჟერი მარიტიმის” კანტორაში; ვთხოვე, აღარ შეწუხებულიყვნენ და ნუღარ უცდიან ჩვენს გემს, რადგან უკვე გასულია. წამოსვლის შემდეგ ორი საათი რომ გავიდა, ტელეგრამა მივიღე “მესაჟერის” დირექტორიდგან, რომ მისი აგენტიც იწერება, რომ ჩვენი გემი გასულა დარდანელს 16 ნოემბერს. ამასთანავე უმატებს, რომ მეორე გემს მოელიან ამავე სახელით “სირიუს,” რომელიც ეკუთვნის ფრანგის კამპანიას. რა სეირი იქმნება, რომ ეს გემი დაიჭირონ და გაჩხრიკონ. მშვენიერება იქმნება, რადგან კამპანია გადაახდევინებს დიდ ჯარიმას. ეხლა მთელი ჩემი ცდა უნდა იმაში იყოს, რომ გავიგო: ნამდვილად გავიდა გემი თუ არა სტამბოლიდამ. ორი დეპეშა დაუკარ კაპიტანს. უნდა მოუცადოთ პასუხს, მაგრამ შეიძლება კაპიტანმა არც-კი მოიკითხოს დეპეშა. მთელი დღე სულ დეპეშების გზავნაში ვიყავი. დღეში 40 მანეთი მეხარჯება დეპეშებზედ.

18 ნოემბერი
დღეს მომივიდა დეპეშა ამსტერდამიდამ, კორნელისენიდგან, რომლიდგანაც ჩანს, რომ გემი წუხელს გასულა სტამბოლიდამ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ამით თავდება ჩემი მოვალეობა და ჩემი მუშაობა. რა-კი გემი გავიდა, ამას იქით ჩემი საქმე აღარ არის, როგორ მიიღებენ იქ. მე არ შემიძლიან ყველგან ვიყო. ეს რვა თვე არის ამ საქმეს მივდევ, ძლივს მივაღწიე ჩემს მუშაობის ბოლომდინ. ეხლა კომიტეტის საქმე არის, როგორ მოაწყეს მიღება, თუ ვერ მოაწყვეს და დროზედ არ დაუხვდნენ, Mჩემი ბრალი აღარ არის. მე მხოლოთ უნდა შევატყობინო, როდის მოვა გემი დანიშნულ ადგილას. მე უკვე მივწერე თბილისში და ბათუმში, რომ გემი მოვა ნოემბრის 20-24-ინ. ორი დაზღვეული წერილი გაუგზავნე, ორი დეპეშა გაუგზავნე, ფულით გაუგზავნე 5000 ფრ. მეტი რა უნდათ, თუ შნო აქვთ გააკეთებენ რასმეს; თუ არ აქვთ შნო, რასაკვირველია წახდებიან და შერცხვებიან. შეიძლება გაფუჭებული საქმე ისევ მე დამაწვეს, ისევ მე გავასწორო, თუ შესაძლებელი იქმნა გასწორება, რადგან ეხლა რუსის ესკადრა ბათუმში დგას და თუ დაიჭირეს გემი, რასაკვირველია, ყველაფერი დაღუპულია; ვერავინ უშველის; თუ ესკადრამ ვერ დაიჭირა და გემი უკან დაბრუნდა, მაშინ ისევ ჩემ თავში საცემი გახდება. მე დაბარებული მაქვს რომ გემი დაბრუნდეს გალაცში (რუმინიაში):; იქიდგან კიდე შემიძლიან მისი დაბრუნება ჩვენში. დღეს მივიღე დეპეშა ყიფიანისგან, რომ კუნძულ ზეაში (საბერძნეთი) მისულა და არვინ დახვედრია. იკითხება: სად არისო კაპიტანი და გემი. დღესვე ღამის პირველ საათზედ დაუკარ დეპეშა დაბრუნდეს უკან სტამბოლში იმავე ოტელში, იქ წერილით მივწერ ყველაფერს. უნდა იქვე დავტოვო, რადგან ვინ იცის, როგორ დამჭირდეს; იქმნება გალაცში გასაგზავნათ დამჭირდეეს.

19 ნოემბერი
მთელი დღე დეპეშების გზავნაში ვიყავი. საუბედუროთ რუსეთში არც ფოსტის, არც რკინის გზები არ მუშაობს. მხოლოთ დეპეშების გაგზავნა შეიძლება და ისიც არ ვიცი, მიზდით თუ არა. არც ერთ დეპეშაზე პასუხი არ მომდის, არც თბილისიდამ, არც ბათუმიდამ. დღეს კიდევ გავგზავნე დეპეშა, პასუხისათვის ფული გადვიხადე, აგრეთვე გადვიხადე ფული იმისი, რომ შემატყობინოს თითონ ტელეგრაფმა, გადასცეს თუ არა ჩემი დეპეშა. ვნახოთ ხვალ რა იქმნება. საშინელ ნერვიულ მდგომარეობაში ვარ. ქართველი ხასიათის დაუდევრობისა ძრიელ მეშინიან. ვაი თუ მზათ არ იყვნენ და გემი კარზედ მოადგეთ. რა უნდა ქმნას მაშინ კაპიტანმა, რა უყოს თოფ-იარაღს? ფოთში უნდა შევიდეს, მეტი ჯანი არ არის; ასე მაქვს დაბარებული: თუ ვერ ვინ ნახოს, მაშინ პირდაპირ ფოთში უნდა შევიდეს. ეტყვის, რომ ყავა ჰქონდა გადმოსატვირთი, მაგრამ აღარ უნდა გადასტვირთოს, რადგან გამყიდავს აღარ სურს, საქონელი გალაცში უნდა წაიღოს. აქეთგან დეპეშა გაუგზავნე ფოთში, რომელშიაც, როგორც საქონლის პატრონი, განკარგულებას ვაძლევ საქონელი წაიღოს გალაცში (რუმინიაში).

20 ნოემბერი
დღეს მომივიდა სამი დეპეშა ბათუმიდგან, რომლიდგანაც ჩანს, რომ ჩემი დეპეშები ზოგი მიუღიათ, ზოგი კი არა, რადგან “ჩერნომორსკი ვესტნიკის” რედაქცია დაუხურავთ. მე-კი იქ ვაგზავნიდი დეპეშებს. აგრეთვე მივიღე ცნობა, რომ იასონ ბობღიაშვილი, ანუ თუში ჩასულა. ეს კარგი ამბავია, რადგან ის იცნობს გემს და ნიშნებიც იცის. კაპიტანსაც იცნობს. მხოლოთ არ ვიცი, მოასწრებენ თუ არა, რადგან გემი ხვალ შუადღისას ფოთის ახლოს უნდა იყოს. თუ ცუდი ამინდი შეხვდა, მაშინ დაიგვიანებს. ეხლა ჩვენთვის სასარგებლო არის ცუდი ამინდი, რადგან გემი დაიგვიანებს და ამით ჩვენები ისარგებლებენ. ყიფიანისგან მივიღე დეპეშა კუნძულ ზეადგან, გემი ვერ ვიპოვნეო, უკვე წასულაო და რა ვქმნაო. მე დაუკარ დეპეშა, დაბრუნდეს უკან სტამბოლში. ტყუილად დავხარჯეთ 3000 ფრ. მის მისვლა მოსვლაში. რა მექმნა, როცა სხვაფრივ არ შეიძლებოდა, მე მეგონა, რომ ეს კაცი ძრიელ საჭირო იქმნება.

27 ნოემბერი
საშინელი ჯაფა დამადგა ამ კვირას; წერაც ვეღარ მოვასწარ. სულ გემის ძებნაში ვიყავი. დღეში რვა-ცხრა დეპეშას ვაგზავნიდი სხვა და სხვა ადგილას. ჯერაც არ გამომირკვევია სად არის. კაპიტანის და ზღვაოსნების ცოლ-შვილი მაწუხებს საშინლად, რადგან უნდათ გაიგონ როგორ არიან მათი ქმრები და მამები _ ეს უფრო მაწუხებს. ჩვენები კიდევ ხმას არ იღებენ. დღეს მივიღე თბილისიდამ დეპეშა: “ბიან ანვუაიე ანკორ არჟან.” ”კარგი. გამოაგზავნე კიდევ ფული.” ფულის თხოვნაში მარჯვე არიან, ცნობას კი არ გზავნიან. რას ნიშნავს სიტყვა “კარგი,” ე. ი. მზათ ვართო, საქმე მოწყობილი გვაქო თუ იმას ნიშნავს, რომ უკვე გადატვირთულია, რაშიაც ვეჭვობ. დღესვე დაუკარ დეპეშა: თქვენი დეპეშა ვერ გავიგე. მაცნობეთ, შეხვდით მეგობარს თუ არა, ან საქმე კარგათ გათავდა თუ არა. ჯერ პასუხი არ მომსვლია; უცდი. თუ კარგათ გადატვირთეს და გემი განთავისუფლდა სტამბოლში აღარ მინდა გავატარო, უნდა შავ ზღვაში გავაჩერო და შესაძლებელია მეორედ დავტვირთოთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეძლება რომ იარაღი ვიყიდოთ, შეიძლება გემი სხვებს დაუთმო, მაგალითად რუსებს და მათ გაგზავნონ იარაღი ხალხისთვის. ამის გულისათვის ვიყავი დღეს რუბანოვიჩთან, რომელიც არის ერთი შეფთაგანი სოც(იალისტ)- რევოლუც(იონერთა). ველაპარაკე მას დიდხანს. მან მითხრა, რომ არ ჰგონია რომ მათმა ორგანიზაციამ ამდონ ხარჯს გაუძლოს, მხოლოდ შეიძლება ურიებმა მოინდომონ მათი მოკედლება და მაშინ კი შესძლებენ. მე უპასეხე, რომ ჩემთვის სულ ერთია ვინ მოეკედლება, მხოლოთ იარაღი ხალხს დაურიგდეს: მუშებს და გლეხებს _ ეს პირველი პირობა ჩემი მუშაობისა და გემის დათმობისა. თუ ეს იქმნა მე მზათ ვარ დროც შევწირო და ყოველი გზები უჩვენო, როგორ უნდა მოიქცნენ. ეს კითხვა უნდა პრინციპიალურად გადაწყვიტონ: სურთ თუ არა; თუ სურთ, მაშინ გემს გავაჩერებთ შავ ზღვაში; თუ არ სურთ, მაშინ სტამბოლზედ გავატარებ და აქ გავყიდი. რადგან ჯერ მე არ ვიცი ჩვენი გემი გადარჩა თუ არა, ამისათვის ვთხოვე, სანამ მე ცნობები მომივა საქართველოდგან, პრინციპიალურად გადაწყვიტონ საქმე. იარაღის გადატვირთვაზედ უნდა მოგვეხმაროთო, რადგან ჩვენ არ გვაქვსო ორგანიზაცია ოდესაში, ან მის ახლოს გადავტვირთოთ. თანაც მთხოვა ზოგიერთი ცნობები ამ საქმეზედ. ამ ცნობებს ამ ორ დღეში მოგაწოდებთ მეთქი. რაც შეეხება გადატვირთვას, ამაზედ უნდა მოვილაპარაკოთ, რადგან არ ვიცი ჩვენებმა როგორ აასრულეს გადატვირთვის საქმე საქართველოში. შინ ძრიელ გვიან დავბრუნდი. რუბანოვიჩმა ბევრი მელაპარაკა ურიების ხოცვაზედ რუსეთში, საზიზღარი და საზარელი ფაქტები დამიხატა. მთელ ღამეს სულ ურიის ბავშვები, დაჭრილები და თავ მოკვეთილები მესიზმრებოდნენ. დილით გამოვიღვიძე და საჩქაროთ ეს ორიოდე სტრიქონი დავჯღაბნე, რადგან სამუშაო ბევრია.
ძრიელ ვწუხვარ, არავითარი ცნობა არ მომდის საქართველოდგან; არ ვიცი, რა ქმნეს. უკვე ერთი კვირა არის, რაც მისულა გემი ფოთში, Eე. ი. ფოთს ახლო ნიშნები ორივე მხარეს აქვს. გემმა უნდა უჩვენოს წითელი ფარნები ღამით, ვითომ ტელეგრაფის მავთულის საწყობი გემი არის. დღისით კიდევ წითელი, თეთრი და წითელი ფიცრები უნდა დაჰკიდოს თოქებზედ. აგრეთვე უნდა მოიქცნენ ჩვენები და ამგვარათ იპოვნონ ერთ მანეთი. როცა იპოვნიან ერთ მანეთს, მაშინ ადვილათ მოელაპარაკებიან, რადგან გემზედ ქართველები არიან. კაპიტანი “გრუნდექ” გვარათ ჰოლანდიელია, პირველი მაშინისტი ჰოლანდიელია, მხოლოდ მატროსები ნახევრად ჰოლანდიელები არიან, ნახევარნი ფრანგები. ფრანგებმა არა იციან-რა, არ შეეშინდეთ; ძლიერ მეფიქრება მაგაზედ. ერთი დეპეშა გავაგზავნე თბილისში თამარა ფალავანდიშვილის სახელზედ: “ფამილლეს დეს ჰომეს ინქუიესტს ენვოყეზ იმმედიატემენტ ნოუველლეს” ე. ი. მატროსების ოჯახები სწუხან, გამოგზავნეთ საჩქაროთ ამბავი. მართლაც დღეს სამი დეპეშა ჰოლანდიიდამ, მატროსების ცოლებიდგან მივიღე. მთხოვენ შევატყობინო როგორ არიან მათი ქმრები. თუ რამე მოუვიდათ ამ საწყლებს, ისევ მე მამაწვება მათი პატრონობა. მაგრამ ვგონებ არა მოუვათ რა, რადგან შავი ზღვის ფლოტი შევიდა სებასტოპოლში და აჯანყებულა. რა კაი დრო დაგვიდგა, ჯარებიც გამოუყვანიათ ფოთითგან. თუ ბათუმში კრეისერი ან სამხედრო გემი არ დატოვა ფლოტმა, მაშინ თავისუფლად გადასტვირთავენ.
ასე თუ ისე, სებასტოპოლის ფლოტს არ შეუძლიან გამოუდგეს ჩვენ გემს და ნაღმები ესროლოს, რადგან აჯანყება ამ ორ-სამ დღეს კიდევ გასტანს; არავითარი პასუხი არ მაქვს არც თბილისიდამ და არც ბათუმიდგან.

23 ნოემბერი
ყიფიანისგან სტამბოლიდგან მომივიდა დეპეშა. მეტი დარჩომა აქ აღარ შემიძლიანო, რადგან საშინლად მდევნიან, მომწერე რა ვქმნაო. მე მივწერე რაც ფული გაქვს ყველა წამოიღე და უკან დაბრუნდი პარიზში. როცა ჩამოვა, მიამბობს თავის მოგზაურობას და წვალებას. ეს სამი კვირა არის რაც წავიდა და გარეთ არის. მე კი ეს რვა თვე არის რაც დავეთრევი პორტებში; ჩემთვის არც ძილი და არც მოსვენება არის.
დღეს ვნახე კიდევ რუბანოვიჩი. მითხრა: ურიების ორგანიზაციამ ჯერ პასუხი არ მომცა. უნდა მოიცადოთ. რაც შეეხება სოციალისტ-რევოლუციონერებს, ისინი ჩაიკოვსკის უცდიან. სანამ ჩაიკოვსკი არ ჩამოვაო პასუხს ვერ მოქცემთო. თუმცა, როგორც ჩანს მათ კაცები არ ჰყავთ გადატვირთვისათვის. ორგანიზაცია არ ჰყავთ. ასე რომ, გადატვირთვა არ შეუძლიანთ. ვგონებ ფულიც არ აქვთ ამ წუთში.
მიველი აგრეთვე ლორის მელიქოვთან, “პროპიმენიის” რედაქტორთან. უამბე, რომ გემი გვაქვს შავ ზღვაში და თუ გნებავთ ისარგებლეთ. მან მიპასუხა, რომ მას არაფერი შეუძლიან, რომ ეს საქმე ვგონებ არ გაკეთდება, მაინც მითხრა, მისწერეთ ჟენევაში “დროშაკის” რედაქციაში და ისინი პასუხს მოგცემენო, თუმცა ნამდვილათ ვიციო, რომ არაფერი გამოვაო. მეც აღარაფერი უთხარი. ჯანდაბას თუ-კი არ უნდათ. მოვიფოქრებ მაგაზედ და შეიძლება მივსწერო ჟენევაში. ვნახოთ, რა პასუხს მომცემენ, მაგრამ არა მგონია, რომ გამოვიდეს რამე, რადგან მათ გადატვირთვა უჭირთ, კაცები არ ჰყავთ და გარდა ამისა, რუსეთში რეფორმების გამო დაკმაყოფილდნენ და ისევ ოსმალეთის სათათრეთისაკენ მიაქციეს ყურადღება. რადგან დროშაკისტები სოციალისტები არ არიან, მათთვის ლიბერალური რეფორმებიც სამყოფნი არიან.

30 ნოემბერი
დღეს მივიღე დეპეშა კაპიტნისგან. ძლივს დამამშვიდა სულ ცოტათი, მაგრამ ვაი ამ დამშვიდებას. გემი მისულა ვარნაში, ბულგარიაში. ასე რომ სულ უშიშარ ადგილას იმყოფება. მისი დეპეშა ამგვარია: მშვიდობით მიველი. ნახევარი იარაღი გადავტვირთე და ნახევარი გადავყარე ზღვაში, თქვენი ამხანაგების თანხმობით. ხუთი დღე დავდიოდით ფოთის წინაშე. ფული და ნახშირი ძრიელ მჭირია. ჩქარა მომაწოდეთ. უბედურება, ვაგლახი. ნახევარი შრომა, ღირებული 150 000 ფრანკათ, წყალში ჩაუყრიათ, ძრიელ აჩქარებულან, ძრიელ შეშინებულან. კაპიტანიც შეუშინებიათ, როგორც ჩანს. ძრიელ მიკვირს, რათ ჩააყრევინეს ნახევარი წყალში. ვთქვათ ვერ გადმოტვირთეს სულ, რატომ მეორე ნახევარი არ დატოვეს გემზედ. ეხლა რომ მქონოდა ხელში, გემს დავაცდევინებდი შავ ზღვაში ერთ თვეს და მერე კიდევ გავგზავნიდი. ყოველფერი სახსარი მომიკლეს. მერე რა დროს! როცა შავი ზღვის ფლოტი აჯანყებულია და არაფერი შეუძლიან, უმოქმედო არის! პატრონები რომ წაეღოთ და თოფები არა-ღრმა ადგილას ჩაეყარათ, მაშინ კიდევ არაფერი, რადგან თოფები არ გაფუჭდებიან, მაგრამ ამას ვერ მოიფიქრებდნენ. თუმცა ჯერჯერობით ძნელია თქვას კაცმა, რა მდგომარეობაში იყვნენ და რამ აიძულა ამ გვარ ზომის მიღება. კაპიტანს მაშინვე დაუკარ დეპეშა, რომ დაიცადოს და ფულს გამოუგზავნი, მხოლოთ მაცნობოს რამდონი სჭირია. კაპიტანი თან უმატებს, რომ მიზეზათ ვარნაში შესვლისა ის ავიღე, რომ მაშინა მაქვს გაფუჭებულიო. ძრიელ ყოჩაღათ მოქცეულა. რა ყოჩაღი და მარდი კაცი გამომდგარა. ჩვენებიდგან არავითარი ამბავი არ მომსვლია. არ ვიცი რა მდგომარეობაშია საქმე. იქნება ეშინიათ და ვერ მწერენ.

1 დეკემბერი
დღეს საშინელი დეპეშა წავიკითხე ინგლისურ გაზეთში, როგორც ჩანს, “რეიტერის” აგენტურა გადასცემს. 27 ნოემბერსაო, ფოთს ახლოს გემი მოადგაო და იარაღს სცლიდაო ნაპირებზედ. ზღვის მცველებმა ეგ შეიტყვესო. ჯარს შეატყობინესო. ჯარი დაეცა რევოლუციონერებსო. დილის ექვს საათამდინ გაჩაღებული ბრძოლა ყოფილაო. ბოლოს რევოლუციონერები წასულანო. 20 ყუთი თოფები, თითოში ოც-ოცი თოფი და ასი ათასი პატრონა დაუტოვებიათო. ოცი თოფი თითო ყუთში _ სწორედ ჩვენი ყუთებია. ჩემმა ანგარიშმა ვერ უშველა. გემი მივაყენე სწორეთ მაშინ, როცა სებასტოპოლში აჯანყება მოხდა, გემი მივაყენე მაშინ, როცა მთელი ფოსტა-ტელეგრაფის მოხელეები გაფიცულნი იყვნენ, ასე რომ მართებლობას საშუალება აღარ ჰქონდა მიწერ-მოწერისა, გემი მივაყენე მაშინ, როცა სამხედრო წესი მოშლილია ქუთაისის გუბერნიაში და ჯარები გამოყვანილია, მშვენიერი დრო არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოუწყვიათ კარგათ. პირდაპირ ბრძოლა სდომებიათ, როდესაც საიდუმლოთ მართებდათ გადატვირთვა. ანდა რამდონიმე ადგილას შავი ზღვის ნაპირებზედ ნელ-ნელა ეტვირთნათ, მათ კი ერთ ადგილას მოინდომეს გადატვირთვა და იარაღის დაცვა. რასაკვირველია ვერ გაუძლებდნენ. ალბათ, მოთავე არ ჰყოლიათ, არ ჰყოლიათ კარგი კონსპირატორი. მაგრამ ეგეც კარგია, რომ მოუხერხებიათ, თავი შესწირეს, არ შეშინდნენ, პირდაპირ წავიდნენ. ეს იქმნება პირველი დაწყება აშკარა ბრძოლისა იარაღით ხელში. ბრძოლა იქმნება მედგარი და შეუპოვარი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი: მუშა და გლეხი გაიმარჯვებს. პროლეტარიატი თავის სისხლით მოუპოვებს თავისუფლებას დანარჩენ კლასებს. მხოლოთ ერთი მეფიქრება: ვაი თუ მან, როგორც ყოველთვის ყოფილა, ვერ ჩაიგდოს ხელში მართებლობა. სისხლს ღვრის იგივე და სარგებლობს სულ სხვა და მეორე. აგრე მოხდა ეხლაც: ლიბერალებს ჩაუვარდათ მართებლობა, მუშებმა-კი დაღვარეს სისხლი. დღეს მთელ დღეს გაბრუებული დავდიოდი, ვინ იცის, რამდონი ამხანაგი დამეღუპა. მე-კი ვერ მივიღე მონაწილეობა ბრძოლაში, არც შეიძლებოდა, რადგან მაშინ არაფერი მოეწყობოდა. არა უშავს-რა, ამასაც მოვესწრები; ამის დროც მოვა, თუ ჯანმა არ მიმტყუნა.

2 დეკემბერი
ჯერ არავითარი პასუხი არ მომსვლია კაპიტანიდგან. მეშინიან, ვაი თუ გაჭირებაშია, ვარნაში ან ჯაშუშები აწუხებენ. ეხლა უნდა, რომ ყოველი ღონისძიება მივიღო, რომ გემი, ყავა, ნახშირი და თვით ხალხი, ე. ი. ეკიპაჟი მშვიდობით მოვიყვანო ამსტერდამში. ძრიელ მეფიქრება გემის გადატარება სტამბოლზედ. იქმნება რუსის მართებლობამ მოინდომოს შეჩერება და სთხოვოს ოსმალეთის მთავრობას შეაკავეთო; თუმცა გემი ცარიელია, მაინც შეიძლება გაგვიფუჭონ საქმე. მხოლოთ ერთის იმედი მაქვს. ეხლა ევროპის სახელმწიფოების ესკადრამ დაიჭირა ოსმალეთის კუნძული მეტილენი, რადგან მას არ სურს მაკედონიაში ფინანსურ რეფორმის შემოღება. ამ ესკადრაში რუსის გემიც ურევია. ასე რომ ოსმალები ეხლა ძრიელ გაჯავრებულნი არიან რუსებზედ. იქმნება მათი მოთხოვნილება არ აასრულონ. ასე თუ ისე ამ შემთხვევით უნდა ვისარგებლოთ, რომ ჩქარა გავატაროთ გემი სტამბოლზედ. შემდეგ პირეიში გავყიდი ყავას და ნახშირს, სულ 10 000 ფრანკისა არის. ესეც კაი ფულია ამ კოტრობაში. თუ ვერ გავყიდე, მაშინ პირდაპირ წამოვიყვან გემს ამსტერდამში და იქ ყველაფერს გავყიდით. დღეს კიდევ ორი დეპეშა გაუგზავნე კაპიტანს; არ ვიცი, რათ არის გაჩუმებული. დღეს მივწერე სომხებს, “დროშაკის” რედაქციაში, თუ უნდათ ისარგებლონ ჩვენის გემით, მათთვის ძლიერ სასარგებლოა გემი, მაგრამ არა მგონია რომ მათ იყიდონ, თუმცა ბევრი ფული აქვთ. ვთხოვე პასუხი დეპეშით გამოეგზავნათ. ჩემი ცოლი მოვიდა დღეს, რადგან მე ცოტათი ავათ გავხდი. გული ამტკივდა და კუჭიც ამეშალა. დღეს მთელი დღე არა მიჭამია-რა.

3 დეკემბერი
რუბანოვიჩმა შემომითვალა, რომ რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერები უარს ამბობენ იარაღის გადატანაზედ, რადგან გემის ყიდვის ფული არა აქვთ და არც კაცები ჰყავთ, რომლებსაც შეეძლოთ გადატვირთვა.
დღეს მივიღე წერილი მარსელიდგან, კოლომბოსგან, ჩვენ აგენტისგან, მწერს, ორი საბეჭდი მაშინა, ქართული შრიპტი (ასოები), სულ შვიდი ყუთი ამ საწყობში არიანო და რა ვუყოვო. რა წესით გამოგიგზავნოთო. რამდონი ხანი ჩვენს კომიტეტს გადაუწყვეტია ჟურნალის გამოცემა, მგრამ ვერ მოუხერხებიათ. უკანასკნელ კონგრესზედ, რომელიც ოქტომბერში ყოფილა და ყველა მაზრებიდგან მოსულან წარმომადგენლები, გადაუწყვეტიათ ჟურნალის გამოცემა “სოციალისტი.”: როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებიათ, რადგან სტამბისთვის ფულს აგროვებენო. ჩვენი პარტიის პროგრამაც ვერ გამოუციათ. თუმცა დრო არ მაქვს, მაინც უნდა ჩქარა გაუგზავნო. უნდა პირდაპირ გაუგზავნო “გამომცემელ საზოგადოებას,” ალექსანდრე ჯაბადრის სახელზე გავგზავნი, ვითომც იმან შემომიკვეთა აქ.7 დღეს წაველი ბოსთან; ვთხოვე მას, რომ ეკისრნა ამ გვარ ყალბ კვიტანციის შედგენა და წერილის მიწერა ჯაბადარს, ვითომ მან მიჰყიდა ეს ყველა მაშინები და ასოები. ბომ უარი არ მითხრა და დამეთანხმა. მაშინვე წაველი და შევუკვეთე დაბეჭდილი ბლანკები ბოს სახელებაზედ. გარდა ამისა ყველა ყუთები დიდ კამპანიას უნდა გადავცე, რომ მან გააგზავნოს, როგორც დიდრონ ფირმის მაგიერ. დღეს მივწერე კოლომბოს, რომ ყველა ყუთები გადაეცა აგენტსტვოში: “დე სოსიეტე დუ ტრანსპორ ენტერნასიო.” ამ საზოგადოებას დავავალებ, რომ თბილისში გაუგზავნოს “ქართველ გამომცემელ საზოგადოებას” და იქიდგან იმედია ჩვენები გამოიტანენ, ან მოიპარავენ, ან იყიდიან მისგან. მგონია ეს კაი საშუალება იქმნება. დღეს ცოტათი უკეთ ვარ. ჰანრიეტა წავიდა, რადგან ბავშვებს მოვლა უნდა. საწყლები ძრიელ იშვიათათ მხედვენ.

4 დეკემბერი
დღეს მივიღე დეპეშა კაპიტანისგან. დიდ სამდურავს იწერება, ისევ ვარნაში ვარო და არავითარი პასუხი არ მომსვლიაო თქვენგან. მიკვირს, რატომ არ მიუღია ჩემი დეპეშები. საკვირველი ამბავია. რას უნდა მივაწერო. მაშინვე გაუგზავნე დეპეშა კორნელისენს, რომ ჩამოსულიყო. (პეტერ კორნელისენი, გემის კაპიტნის ქრისტიანის ძმა _ დ. შ). მე, ბო და კორნელისენი შევიყარენით და მოვილაპარკეთ, რა უყოთ, რა ვქმნათ. გადავწყვიტეთ კიდევ დეპეშის გაგზავნა და თანაც დაუმატეთ, თუ საჭიროა ძალიან, ვინმე მოვა. ვნახოთ, რას მოიწერება. თუ საჭიროა, ან მე უნდა წავიდე, ან ბო უნდა წავიდეს, რომ ეკიპაჟი გავამხნევოთ; ალბათ ძალიან დაშინებულნი არიან და ვეღარ ბედვენ წასვლას. დეპეშა გაუგზავნე იმგვარათ, რომ მისი მიღება ტელეგრაფმა უნდა შემატყობინოს. ვნახოთ რა გამოვა. არჩილისგან წერილი მივიღე; საწყალი ისევ ავად ყოვილა, სიცხეს მაძლევსო. პროგრამის დასრულება ძრიელ მინდაო და მთხოვს სინდიკალიზმზედ წიგნების გამოგზავნას. აგრეთვე მთხოვს სხვა და სხვა წიგნებს. ჯერ არ მცალიან ამისთვის; რომ მოვიცლი, უსათუოდ აუსრულებ. რომ კარგათ ყოფილიყო საწყალი წერაში ძალიან მომეშველებოდა.
დღეს მითხრეს, რომ ფოთის ამბავი სხვა ფრანგულ გაზეთებშიც იყოვო. ერთი უნდა მოვძებნო, რადგან ეხლა ტელეგრაფი შეწყვეტილია რუსეთში და არავითარი ცნობები არ მომდის, ჩვენებიც ვერას მოიწერებოდნენ.

5 დეკემბერი
ორი დეპეშა მოვიდა კაპიტანისგან. იწერება, რომ ფრანგი ზღვაოსნები ავად არიან; დანარჩენებს დარჩომა არ სურთ და თხოულობს უსათუოდ მოსვლას. ამასთანავე დეპეშა მოვიდა ნაზაროვისგან, რომ ოტელში ვარო გაჩერებული და თხოულობს გზის ფულს, რადგან წამოსვლა უნდა ბრიუსელში. ორივეს დაუკარ დეპეშა, რომ ნუ სწუხდებიან, დამშვიდდნენ, რადგან ჩვენ მოვალთ ამ რამდონიმე დღეში.
კიდევ მოგზაურობა, კიდევ აქ-იქ თრევა. მე რა მიჭირს, გაუძლებ ყოველგვარ ვაგლახს, უძილობას, უჭმელობას, მაგრამ ჩემი ბავშვების ბრალი, რომლებსაც აკლდებათ თავიანთი მშობელი. ტარიელს უკვე ესმის ყველაფერი, მისი აღზრდა და თვალ-ყურის დევნება ძრიელ საჭიროა, მაგრამ ამის ნებას ვინ მომცემს, ანუ უკეთ ვთქვათ, ამისთვის სად მოვიცალო. დღეს წაველი მადამ რენოსთან, ჩვენ უწინდელ “ლა ჟეორჟის” ჟერანთან, ანუ რედაქტორთან; დამიბარა, რადგან ჟურნალ “მატენის” თანამშრომელს სდომებია ჩემი ნახვა. სურს ცნობები შეკრიბოს საქართველოზედ. რასაკვირველია, მე დიდის სიამოვნებით მივცემ ყველა ცნობებს, მხოლოთ დრო ეს ოხერი, არ მაქვს მათთან სალაპარაკოთ. უთხარი, მე თითონ მივწერ, როდესაც შევიძლებ მის ნახვას, ამ ორ დღეში უსათუოდ ვნახავ. ყოველ წუთს მოველი კიდევ ამბებს კაპიტანისგან; არაფერი შეემთხვეთ. თუ პოლიციამ გაიგო, რომ ამ გემმა გაიტანა იარაღი სტამბოლზედ, მაშინ გაგვიძნელდება მისი გატარება უკან.

7 დეკემბერი
დღეს, მთელი დღე წიგნების ძებნაში ვიყავი. ჩვენში ეხლა მიტინგები არის სხვადასხვა ხელობის მუშებისა, მათთვის ძრიელ საჭიროა ახსნა: რა არის სინდიკალიზმი, რა არის საერთო გაფიცვა და სხვა… ამ რევოლუციონურ პერიოდში ადვილათ ისარგებლებენ მართებლობის და პატრონების სისუსტით. შეუძლიანთ იპოვონ ის, რასაც შემდეგში ვერ მოიპოვებენ. წაველი მდივანთან “ბურს დე ტრავაი” ბ-ნ პუჟესთან, ვთხოვე მას, რომ ყოველი წიგნაკები მოეცა ჩემთვის, რაც მათ გამოუციათ მუშებისთვის, მეტადრე სინდიკალიზმზედ, საერთო გაფიცვაზედ და 8 საათის სამუშაოზედ.8 მომცა რამდონიმე, მაგრამ ყველა არ ჰქონია. მირჩია ჟან გრავთან მივსულიყავი, რადგან მას აქვს ზოგიერთი წიგნაკები.9 წაველი გრავთან, მაგრამ სახლში არ დამიხვდა იქიდან ისევ ბოსთან დავბრუნდი. მთელი საღამო თათბირში გავატარეთ, როგორ ვუშველოთ გემს, რადგან მე ფული ბევრი არ მაქვს და ეს საქმე ასე თუ ისე უნდა გავათაო. თუ მოვახერხეთ გემის გაყიდვა, კიდევ კარგი, მაგრამ ამის იმედი სრულებით არ მაქვს. ერთის სიტყვით, ხვალ უნდა წავიდე ვარნაში. მეტი ჯანი არ არის. შინ დავბრუნდი პირველ საათზე ღამის. ნეტავ ვიცოდე რა ხდება ჩვენში, რა ქმნეს, თუ ის ნახევარი იარაღისა არ დაკარგეს; მე ვინ დამაყვედრის, ამაზედ მეტის გაკეთება ვგონებ ერთ კაცს არ შეეძლო.

8 დეკემბერი
დღეს მე და ბომ გადავწყვიტეთ ვარნაში წასვლა. რასაკვირველია, იქ აღარ მეცლება წერისა, რადგან დილიდან საღამომდინ გემზედ მომხვდება ყოფნა, ეკიპაჟთან ლაპარაკი, საქმის მოწყობა, კანტორებში თრევა და სხვა. როცა დავბრუნდები მოკლეთ ავწერ რაც იყო.

26 დეკემბერი
დღეს დავბრუნდი. ძრიელ მინდოდა დავბრუნებულიყავი ოც და ხუთს შობისთვის, რადგან ბავშვები მიცდიდნენ, მაგრამ ვერ შევძელ. როცა ადამიანი ამგვარ ბრძოლაში არის, მისთვის არც შობა არის და არც ახალი წელიწადი. რასაკვირველია, ბავშვებს არ ესმით, მათ მხოლოთ თავიანთი მამის ნახვა სურთ, რადგან სათამაშოებს მოელიან. კიდევ კარგია, რომ აგრეთი დედა ჰყავთ, რომელიც ნაზად და გულწრფელათ უვლის; დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი აკლიათ, რადგან ჰანრიეტა თითონ დაიკლებს და ბავშვებს მისცემს, რაც საჭირო არის.
კაპიტანმა დიდი წერილი დასწერა და ამიხსნა ყოველფერი, როგორც მოხდა. მისი ნაამბობი სწორეთ მაინ რიდის ან ჟულ ვერნის მოთხრობებს ჰგავს. ეხლა დრო არ მაქვს, რომ დაწვრილებით აღვწერო. იქმნება შემდეგში, თუ ცოცხალი დავრჩი, ავწერო უფრო დამშვიდებულათ. მოკლედ ასე მომხდარა: თოთხმეტ (14) ნოემბერს ახალი სტილით, ამბობს კაპიტანი, მიველით კუნძულ ზეაში (ზეა), რომელიც ეკუთვნის საბერძნეთს. ეს კუნძული ძრიელ პატარა არის. ზღვის ნაპირზედ რამდონიმე სახლია. თვით სოფელი ზეა მდებარეობს შუა კუნძულზედ ამართულ გორაზედ, ასე რომ ზღვის ნაპირიდგან ანუ პორტიდგან სოფლამდინ ორი საათის სავალია. ტელეგრაფის სტანცია თვით სოფელშია. ასე რომ დეპეშების საძებნელად კაცებს აგზავნიან. მოსვლისას დეპეშა დაგიკარითო. მართალიც არის; მე მივიღე ეს დეპეშა და მაშინვე პასუხი გავეცი, რომ არსად წასულიყო და ყიფიანისთვის დაეცადა, მაგრამ არც ეს დეპეშა და არც სამი სხვა არ მიუღია და აქედგან დაწყებულა მისი ვაი-ვაგლახი.
დეპეშის გაგზავნის შემდეგ, განაგრძობს კაპიტანი, შეუდექი ნახშირის აღებას, რომელიც ვიყიდე ჰოლანდიის კონსულიდამ. ნახშირის აღების შემდეგ გავგზავნე კაცი დეპეშის საკითხავად, მაგრამ არაფერი პასუხი არ მომსვლიაო. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ საბერძნეთის ტელეგრაფისტებმა, ამ გაყრუებულ სოფელში, არ იციან ყოველი წესი ინტერნაციონალური ტელეგრაფისა. მე ვაგზავნიდი თვით გემზედ; იმათ კი სტოვებდნენ კანტორაში. უნდა მომეცადა კიდევ თქვენ დეპეშისათვის, ამბობს კაპიტანი, მაგრამ მეორე დღეს ატყდა ისეთი ქარი და ისეთი ღელვა, რომ ჩვენ გემს, როგორც ბურთს ისე ისვრიდა. პორტი ზეა ძლიერ ცუდი სადგომია გემებისთვის, ან რომელი გაჩერდება დიდ ხანს ამ გადაყრუებულ ადგილას. მხოლოთ ჩვენ ამოვარჩიეთ ამ გვარი ადგილი, რომ უფრო შეუმჩნეველი დავრჩეთო. ჩვენი ორთქლის გემი მობმული იყო დიდრონ თოკებით ბოძებზედ და ძირს ჩაშვებული იყო ჯაჭვი გემის კავით. ამ ღელვის დროს ჰოლანდიის კონსული გემზედ იყო და ანგარიშს ასწორებდა. ერთბაშად საშინელმა ქარმა იღრიალა, ზღვამ აიტაცა ჩვენი გემიო, თოკები და ჯაჭვები დაწყდნენ და ჩვენი გემის კავი ზღვაში დარჩა. განთავისუფლებულმა გემმა დაიწყო პორტში წინ და უკან სიარული. ორთქლი და მაშინა წინ და წინვე მომზადებულნი იყვნენო, რადგან ყოველ წამს მოველოდითო ამ გვარ შემთხვევას. ჰოლანდიის კონსული ძალიან შეწუხდა. კაპიტანს წინადადება მიუცია, რომ მას წაიყვანს შუა ზღვაში და როდესაც ღელვა დაწყნარდება უკანვე მოგიყვანთო. კონსულს უარი უთქვამს; შეშინებია. გემიდან ნიშნები მიუციათ, რომ კონსულის წასაყვადათ გემი გამოეგზავნათო. მაშინვე გამოუგზავნიათ და, როგორც იყო, კონსული გადაუსვამთ.
გემის დადგომა პორტში შეუძლებელი იყოო. მე ვთხოვე კონსულსაო, რომ თუ დეპეშა არის ჩემთვის, თეთრი დროშა გამოეფინა, თუ არ არისო, მაშინ წითელი დროშა გამოეფინა. ცოტა ხნის შემდეგ წითელი დროშა შევნიშნეო, რადგან აღარაფერი ყოფილაო, მაშინვე გავწიე სტამბულისკენაო იმ იმედით, რომ იქ დამიხვდებაო თქვენი კაცი. საწყალმა არ იცოდა, რომ იმ დროს ყიფიანი მიდიოდა ზეაში მასთან. იმ იმედით, უკან წამოსულიყო და ამგვარათ დაშორდნენ ერთმანეთს.
თექვსმეტს მიველით დარდანელში. მოვითხოვეო პილოტი, ანუ პატარა გემი, რომელმაც უნდა შემიყვანოს სტამბოლში. აქეთ-იქით ვიყურებოდიო, ხომ არსად ჩანს ჩვენი კაციო, მაგრამ ვერ ვინ ვნახეო. როდესაც მიველითო სტამბოლში, გემზედ ამოვიდაო ოსმალეთის ჩინოვნიკი. მან შემიყვანა ცალკე ოთახში და მითხრაო, აქ თქვენ გემზედ იარაღი არისო, მე ნამდვილათ ვიციო. მე ქაღალდები უჩვენეო და უთხარი, რომ მხოლოთ ყავა, ნახშირი და ბურბუშელა მაქვს, რომელიც გალაცში მიმაქვს. თუმცა ქაღალდები კარგიაო, მაგრამ იარაღი მაინც გაქვსო, მიპასუხა პორტის თანაშემწემო. მაშინ მე ფული დაუდეო წინ. პორტის თანაშემწემ ფული ჩაილაგა ჯიბეში და მშვიდათ გავიდა ოთახიდამ და თან მითხრაო “ეხლა შეგიძლიან მშვიდათ წახვიდეთო.” როდესაც ეს თანაშემწე გავიდაო, მაშინ თვით უმფროსი მოვიდაო და მითხრაო, ეს გემი უნდა შევაჩეროთო; თანაშემწემ კაპიტნის მაგიერ უპასუხა, რომ ქაღალდები წესრიგზედ არიან და არავითარი მიზეზი არ აქვს გაჩერებისა. მოილაპარაკეს ერთ მანეთთან და მითხრესო: “მშვიდობით მგზავრობა გქონდეს.” ამ სიტყვების შემდეგ მე უბრძანეო, რომ მაშინა ყოველის ძალით ემუშავნათ და ჩქარა წავსულიყავითო. 18 ნოემბერს გავცილდითო სულ მთლათ სტამბოლს სისწრაფით გაუდექით ფოთისკენ. ძრიელ ბევრი დამეხარჯაო სტამბოლში, რადგან ყველა ერთი-ორად მართმევდაო, ალბათ გაიგესო, რაშიც იყო საქმეო. მეც უარს ვერ ვეუბნებოდიო. სტამბოლიდამ ფოთამდინ მოუნდით სამ დღე ნახევარსაო. 22-ს დილით ფოთის წინ ვიყავითო, გზაში სულ აქეთ-იქით ვიყურებოდითო, ძალიან გვეშინოდა სამხედრო გემისაო; როდესაც მატროსებმა გაიგესო, რომ იარაღი უნდა გადავტვირთოთო, ორმა მათგანმა თითქმის ტირილი დაიწყესო. მოსამსახურე ავათ გაგვიხდაო შიშისგან. ყველას სამხედრო გემი გვესიზმრებოდა. ჩვენ მარსელში წავიკითხეთო, რომ რუსის ესკადრა მიდის და მოდის ტრაპზონს, ფოთს და ბათუმს შუა, ასე რომ სულ იმის ფიქრში ვიყავითო, ვაი თუ მოგვისწრონ და დაგვიჭირონ, ან შეიძლება მინანოსკა გამოგზავნონ ერთი მინით ყველანი ჰაერში აგვაგდონ, რუსები ხომ დაუნდობელი ხალხი არისო, ან ამისთანა შემთხვევაში რომელი სახელმწიფო დაინდობსო.
მე ყოველ ღონისძიებას ვხმარობდი, რომ დამემშვიდებინა ეკიპაჟი, ნუგეშს ვაძლევდიო, ასე რომ ვამხნევებდიო.
22-ს ნოემბერს დილით რომ მიველით ფოთთან, ახლოს არ მიუახლოვდით თვით ქალაქს, შუა გზაში გავჩერდით, ორმოც მილზედ. რომ დაღამდა, მაშინ თვით ქალაქთან მიველით და დანიშნულ ადგილას ავწიეთ ანთებული ფარნები. თანაც ძებნა დაუწყეთ ნავებსო.
კაპიტანს და მატროსებს ტყუილად ეგონათ, რომ სამხედრო ესკადრა ფოთს ახლოს არის. რადგან კაპიტანი სულ ზღვაში იყო, მას არ შეეძლო გაეგო რა ხდებოდა შავ ზღვაში. მე-კი სულ მთლად დამშვიდებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ესკადრა არ არსებობს შავ ზღვაში. სწორეთ 21-ს შავი ზღვის ესკადრა აჯანყდა სებასტოპოლში; ასე რომ ყველა სამხედრო გემები სებასტოპოლში იყვნენ; სწორეთ იმისთვის მე დაუკარი კაპიტანს დეპეშა, რაც შეიძლება ჩქარა გასწიე ფოთისკენ. გარდა ამისა მეორე მიზეზიც იყო, რომ გემი ჩქარა წასულიყო. ევროპა დიდ უთანხმოებაში იყო ოსმალეთთან მაკედონიის რეფორმების გამო. შეერთებული ევროპის ფლოტი უკვე შევიდა კუნძულ მიტილენში (ოსმალეთს ეკუთვნის ეს კუნძული); დაიჭირა ტამოჟნა ოსმალეთისა. როგორ გათავდებოდა ეს საქმე, Aარ ვინ იცოდა. ევროპის შეერთებულ ფლოტს ყოველ გემის ჩხრეკა რომ დაეწყო, ჩვენი გემიც ხიფათში იქმნებოდა. ერთის სიტყვით, ამ მიზეზების გამო მე დაუკარ კაპიტანს, ჩქარა წასულიყო და 21 ნოემბერს უსათუოდ ყოფილიყო ფოთის წინ. აქედგან დეპეშა დაუკარ თბილისში და ბათუმში, რომ გემი 21-ს ფოთის წინ იქმნება. 21-ს დილით დაუკარი დეპეშა: გემი დღეს მოვა; ასე რომ იმ დღეს იცოდნენ. 21-ს სწორეთ მოხდა გაფიცვა ფოსტა-ტელეგრაფისა მთელ რუსეთში; ასე რომ შეწყდა ყოველი მიმოსვლა დეპეშებისა და წერილებისა. ჩვენი ბედი და იღბალი, რომ მოვასწარ თბილისში და ბათუმში შეტყობინება, თორემ ჩვენი გემი უქმათ ჩავიდოდა. სწორეთ რომ გასაკვირველი შემთხევა არის. გარდა ამისა, სამი-ოთხი კვირის წინ გამოვიდა მანიფესტი ხელმწიფისა და დროებით თავისუფლება ჩამოვარდა. სამხედრო წესი დროებით მოსპეს, ხალხმაც დროებით ამოისუნთქა. სწორეთ კაი დროს მივიდა ჩვენი გემი, მხოლოთ ჩვენმა პარტიამ, როგორც ახალგაზრდამ და გამოუცდელმა ისეთი წეს რიგით ვერ მოაწყო (საქმე), როგორც საჭირო იყო. თუმც სამხედრო ორგანიზაცია არსებობს, თუმცა აფიცრებიც და მუშებიც ურევიან, მაგრამ ვერ მოუწყვიათ, როგორც მოითხოვდა ნამდვილი რევოლუციის წესი.
22 ნოემბერს ბევრი ვიძიეთ, განაგრძობს კაპიტანი, მაგრამ ნავები ვერსად ვნახეთ, თუმცა ამინდი მშვენიერი იყოო.

* * *
სამწუხაროდ, აქ სრულდება ეს რვეული.
მაგრამ ცნობილია, რომ ამ გემიდან იარაღი გადატვირთეს, ხოლო იარაღის მიმღებ სოციალისტ-ფედერალისტებს შეედავნენ სოციალ-დემოკრატები და ამ იარაღის გამო მათ შორის მწვავე დავაც მოხდა. ამისი მოწმენი აქაც უნდა იყვნენ და საჭიროა ამ ამბავის აღწერა.

ვიქტორ ნოზაძე

მითითებული ლიტერატურა

1. მარკოზ ტუღუში _ გიორგი დეკანოზიშვილი. ცხოვრება და მოქმედება. (ჟურნ. “კავკასიონი”, წიგნი მეათე, პარიზი, 1965წ).
2. მარკოზ ტუღუში, გვ. 163.
3. მარკოზ ტუღუში, გვ. 163.
4. ვიქტორ ნოზაძე – გარდასულ ჟამთა ამბავნი და საქმენი. გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური.” (ჟურნ. “კავკასიონი”, წიგნი IX, პარიზი, 1964წ)
5. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები. თბ. 1984წ, გვ. 166-173.
6. დავით აბაშიძე _ გიორგი დეკანოზიშვილი. გაზ.”ლიტერატურული საქართველო”, 8 აპრილი, 1988წ.
7. ალექსანდრე მუჯირი _ გიორგი დეკანოზიშვილი. ჟურნალი “მნათობი”. 1988. ნოემბერი.
8. ვიქტორ ნოზაძე, 1964. გვ. 113..
9. ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა სრული კრებული. ათ ტომად. 1951-1961. ტომი IX. გვ. 308
10. .გიორგი ლასხიშვილი. მემუარები. 1992. გვ. 11.
11. ვიქტორ ნოზაძე. “კავკასიონი”. IX. 1964. გვ. 113.
12. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები. გვ. 170.
13. ზაქარია შველიძე. რევოლუციური ორგანიზაცია “თავისუფლების ლიგა”, თბ. 1969.
14. რევაზ გრძელიძე. საქართველოს განთავისუფლების ლიგა (1890-1895 წწ.).
15. Âàõòàíã ãóðóëè. Íåóìåëîå ïîëúçîâàíèå ñâîáîäîè – õóæå íåèìåíèÿ ñâîáîäû. Ãàç. “Ñâîáîäíàÿ ãðóçèÿ,” 29 íîÿáðÿ, 1995 ã.
16. გიორგი ლასხიშვილი. მემუარები. გვ. 12.
17. მარკოზ ტუღუში, გვ. 8.
18. Ïèñúìà Ï. À. Êðîïîòêèíà Â. Í. ×åðêåçîâó, “Êაòîðãà è ññûëêà,” 1926, ¹25, ñòð. 21.
19. დიმიტრი შველიძე. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები. თბ. 1993, გვ. 29.
20. გიორგი ლასხიშვილი. მემუარები. გვ. 94.
21. გიორგი ლასხიშვილი. მემუარები. გვ. 94-95. .
22. ვლადიმერ წოწელიას მიერ შედგენილი კრებული ”მოთხრობები.” თბ., 1965. გვ. 170.
23. მერაბ კალანდაძე. საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის შესწავლა საქართველოში. თბ, 2006, გვ. 16-20.
24. გიორგი ლასხიშვილი. მემუარები. გვ. 21.
25. მარკოზ ტუღუში. გიორგი დეკანოზიშვილი. ჟურნ. “კავკასიონი.” 1965. გვ. 123
26. გიორგი ლასხიშვილი. გვ. 123.
27. თედო სახოკია. 1984. 169.
28. მარკოზ ტუღუში. გვ. 134 .
29. დიმიტრი შველიძე. საქართველოს დასავლური ორიენტაცია: წარსულის ეპიზოდები. თბ., 2010
30. მარკოზ ტუღუში. 1964. გვ. 134.
31. დიმიტრი შველიძე. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები. თბ., 1993. გვ.. 90-125.
32. გაზ. “საქართველო”. 1903. 1 მაისი. ღია წერილი ლიბერალთა და სოციალისტთა მიმართ.
33.. ვინ და რატომ იბრძვის. პარტიები და მათი პროგრამები. თბ. 1907 წ.
34. გაზ. «საქართველო”, 15 მაისი, 1903. საქართველოს ეროვნული თვითმმართველობა.
35. ლ. ნანიტაშვილი _ არჩილ ჯორჯაძე. “საისტორიო მოამბე” ტ. 41-42, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, არჩილ ჯორჯაძის პირადი არქივი, საქმე #19, გვ. 438
36. ალექსანდრე მუჯირი. ეროვნულ-დემოკრატიული იდეალებისათვის მებრძოლი. არჩილ ჯორჯაძე და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნააზრევი. გაზ. “კომუნისტი”, 1988, 13 ნოემბერი.
37. გაზ. “საქართველო”, 1 სექტემბერი, 1903. 11 იანვარი. 1904.
38. სეპარატისტი. გაუმარჯოს თავისუფლებას. გაზ. “საქართველო”. 15 მაისი. 1903.
39. მარკოზ ტუღუში, გვ. 100
40.. ვიქტორ ნოზაძე. გარადასულ ჟამთა ამბავნი. “კავკასიონი”. 1964. . .გვ. 115
41.. თედო სახოკია. ჩემი საუკუნის ადამიანები.. გვ. 170.
42. ლ. ნანიტაშვილი _ არჩილ ჯორჯაძე. “საისტორიო მოამბე” ტ. 41-42, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, არჩილ ჯორჯაძის პირადი არქივი, საქმე #19.
43. ლ. ნანიტაშვილი. არჩილ ჯორჯაძე. ი ქ ვ ე.
44. ლ. ნანიტაშვილი _ არჩილ ჯორჯაძე. “საისტორიო მოამბე” ტ. 41-42, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, არჩილ ჯორჯაძის პირადი არქივი, საქმე #19
45. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. გ. დეკანოზიშვილის ბარათები ნ. ყიფიანისადმი. ნ. და ბ. ყიფიანების არქივი. საქმე #226
46.. ლ. ნანიტაშვილი, 1980, გვ. 442, ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ. #22
47. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. გ. დეკანოზიშვილის ბარათები ნ. ყიფიანისადმი. ნ. და ბ. ყიფიანების არქივი. საქმე #229
48. ლ. ნანიტაშვილი, 1980, გვ. 444, ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხ. #23
49. ლ. ნანიტაშვილი, 1980, გვ. 445, ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხ. #140
50. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ნინო და ბარბარე ყიფიანების არქივი. საქმე #229. (გიორგი დეკანოზიშვილის წერილები, მოგვაწოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა ერეკლე შველიძემ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ _ დ. შ).
51. ოქმები ქართველ რევოლუციონერთა პირველ კონფერენციისა. ი. “საქართველოს” სტამბა. პარიზი. 1904. გვ. 7.
52. ოქმები. გვ. 10.
53. ოქმები.. გვ. 11.
54. ოქმები.. გვ. 12.
55. ოქმები.. გვ. 15
.56. ოქმები.. გვ. 202
57. ოქმები.. გვ. 205
58. ოქმები.. გვ. 214
59. ოქმები.. გვ. 19.
6.0. მიხაკო წერეთელი. ერი და კაცობრიობა. თბ. 1990, გვ. 325.
61. ქართველთა შეთანხმება სხვა ერებთან. გაზ. “საქართველო,” 1904. 1 თებერვალი
62. Ïàâëîâ Ä, Ïåòðîâ Ñ. ßïîíñêèå äåíüãè è ðóññêàÿ ðåâîëþöèÿ. 2010. ჰტტპ://რეგიმენტ.რუ/ლიბ/A/32/6.ჰიმ
63. Àêàñè Ìîòîäçèðî. Âèêèïåäèÿ. ჰტტპ://წიკიპედია.ორგ
64. Ïàâëîâ Ä, Ïåòðîâ Ñ. ßïîíñêèå äåíüãè è ðóññêàÿ ðåâîëþöèÿ. 2010. ჰტტპ://რეგიმენტ.რუ/ლიბ/A/32/6.ჰიმ
65. Ùàöèëî Ê. Ô. Èç èñòîðèè îñâîáîäèòåëúíîãî äâèæåíèÿ â ðîññèè â íà÷àëå XX âåêà. æóðí. ,,èñòîðèÿ ÑÑÑД. 1982. ¹ 4. ცòð.52.
66. ი ქ ვ ე. გვ. 52.
67. Ï. Í. Ìèëþêîâ. Âîñïîìèíàíèÿ. Ì. 1991. ñòð. 169.
68. Â. À. Ïîññå. Ìîè æèçíåííûè ïóòü. Ì., 1929. ñòð
69. თენგიზ სიმაშვილი. საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია რევოლუციონერების წინააღმდეგ საქართველოში 1894-1908 წლებში. თელავი. 2003 წ. გვ. 16.
70. Ïàâëîâ Ä, Ïåòðîâ Ñ. ßïîíñêèå äåíãè è ðóññêàÿ ðåâîëþöèÿ. ჰტტპ://რეგიმენტ.რუ/ლიბ/A/32/6.ჰიმ 2010. ñòð. 4.
71. ვიქტორ ნოზაძე. გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური”, გვ. 114
72. Ïàâëîâ Ä, Ïåòðîâ Ñ. ßïîíñêèå äåíãè è ðóññêàÿ ðåâîëþöèÿþ. // ჰტტპ://რეგიმენტ.რუ/ლიბ/A/32/6.ჰიმ 2010. ñòð. 4.
73. ვიქტორ ნოზაძე. გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური,” გვ. 118
74. Ïàâëîâ Ä, Ïåòðîâ Ñ. ßïîíñêèå äåíãè è ðóññêàÿ ðåâîëþöèÿþ. // ჰტტპ://რეგიმენტ.რუ/ლიბ/A/32/6.ჰიმ 2010. ñòð. 2..
75. ვიქტორ ნოზაძე. გ. დეკანოზიშვილის `დღიური~ (ამის შემდეგ `დღიური~.). გვ. 120.
76. დღიური. გვ. 121.
77. დიმიტრი შველიძე. აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი. თბ., 2000.
78.ÈÈçíàíêà ðåâîëþöèè. Âîîðóæåííîå âîññòàíèå â Ðîññèè íà ßïîíñêèå ñðåäñòâà Ñ. – Ïåòåðáóðã. 1906. ñòð. 16.
79. Èçíàíêà ðåâîëþöèè. ñòð. 17.
80. “დღიური.~ გვ. 120.
81. “დღიური.~ გვ. 120.
82. “დღიური~ გვ. 121.
83. “ÁûëîåÝ.~ 1909. ¹11-12. Äîíîñû öàðþ î ðóññêîé åìèãðàöèè. ñòð 152.
84. მარკოზ ტუღუში. გიორგი დეკანოზიშვილი. ცხოვრება და მოქმედება. (ჟურნ. “კავკასიონი”. წიგნი მეათე. პარიზი. 1965წ).
85. მ. ტუღუში. გვ. 135.
86. ვ. ნოზაძე. გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური~. გვ. 119.
87. Èçíàíêà ðåâîëþöèè. ñòð. 15.
88. მ. ტუღუში. გვ. 138.
89. მ. ტუღუში. გვ. 140.
90. მ. ტუღუში. გვ. 138-139.
91. მ. ტუღუში, გვ. 138-143.
92. მ. ტუღუში. გვ. 142.
93. მ. ტუღუში. გვ. 143.
94. Ä. Ïàâëîâ. Ñ. Ïåòðîâ. 2010. Pაგე 1 ოფ 1.
95. Èçíàíêà ðåâîëþöèè. 1906 ñòð. 20.
96. Èçíàíêà ðåâîëþöèè. 1906 ñòð. 20.
97. ვ. ნოზაძე. გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური.” გვ. 129-130.
98. მ. ტუღუში. გვ. 145.
99. გ. ლასხიშვილი. `მემუარები.~ გვ. 206).
100. მ. ტუღუში. გვ. 146.
101. `დღიური.~ გვ. 131.
102. “დღიური.~ გვ. 131.
103. ვ. ნოზაძე. გ. დეკანოზიშვილის `დღიური~. გვ. 127.
104. Ä. Ïàâëîâ. Ñ. Ïåòðîâ. 2010. Pაგე 1 ოფ 1.
105. Ä. Ïàâëîâ. Ñ. Ïåòðîâ. ßïîíñêèå äåíüãè è ðóññêàÿ ðåâîëüþöÿ. 2010. Pაგე 1 ოფ 1.
106. გ. ლასხიშვილი. გვ. 206.
107. ლაშა ბაქრაძე. გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს. (ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914-1918 წწ.). თბ., 2010. გვ.19.
108. მ. ტუღუში. გვ. 160.
109. `დღიური.~ გვ. 127
110.. ახალი ამბავი. გაზ. “ივერია.” 3 ივნისი, 1892.
111. გიორგი დეკანოზიშვილი. მანგანეზის შავი-ქვის წარმოება საქართველოში და ხალხის მომავალ კეთილდღეობისაგან დაკავშირებით. გაზ. “ივერია”. 26 ნოემბერი. 1893.
112. გიორგი დეკანოზიშვილი. მანგანეზის შავი-ქვის წარმოება საქართველოში…
113. ქუთაისის ახალი ამბები. გაზ.. “ცნობის ფურცელი”, 5 აპრილი, 1902..
114. გიორგი დეკანოზიშვილი. მგზავრის წერილები. გაზ. “ცნობის ფურცლის” სურათებიანი დამატება. 8 სექტემბერი, 1902.
115. ახალი ამბავი. გაზ. “ცნობის ფურცელი”. 5 მარტი. 1903.
116. ახალი ამბავი. გაზ. “ცნობის ფურცელი”. 26 აგვისტო. 1901.
117. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. ფონდი 481, აღწ. 1, საქმე 381, ფურც. 10.
118. წერილები რედაქციის მიმართ. გაზ. “ივერია” 2 მარტი, 1894.
119. გიორგი დეკანოზიშვილი. სამეცნიერო წერილები – მეცნიერება, მისი წარსული და მომავალი. გაზ. “ცნობის ფურცელი”, 1901. 10 ნოემბერი.
120. გიორგი დეკანოზიშვილი. სამეცნიერო წერილები – მეცნიერება, მისი წარსული და მომავალი.
121. გიორგი ლასხიშვილი. მემუარები. გვ. 78.
122. “დღიური.” გვ. 129.
123. “დღიური” გვ. 116.
124. ფრანგი ქალი (ჰანრიეტა ფრენუა). დედობრივი სკოლები საფრანგეთში. გაზ. “ცნობის ფურცელი”, 1902. 5 იანვარი.
125. ფრანგი ქალი (ჰანრიეტა ფრენუა). დედობრივი სკოლები სა ფრანგეთში…
126. “დღიური”. გვ. 121.

გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური.”

კომენტარები და შენიშვნები

1. გიორგი ზდანოვიჩი-მაიაშვილი _ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მარგანეცის ქართველ მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე.
2. მიშა კიკნაძე _ გაზეთ “საქართველოს” ასოთამწყობი.
3. რევაზ (რეზო) გაბაშვილი _ შემდგომში ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი, იმხანად სწავლობდა ბელგიაში, ლიეჟში.
4. გიორგი (კომანდო) გოგელია _ ითვლებოდა რუსეთის ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. 1903 წელს ჟენევაში გამოსცა პირველი ანარქისტული ჟურნალი რუსულ ენაზე: “ხლებ ი ვოლია.” როცა რუსეთში პირველი რევოლუცია დაიწყო, რუს ლიდერებს პეტრე კროპოტკინს და სხვებს უნდოდათ რომ გოგელიას არ მიეტოვებინა “ხლებ ი ვოლიას” გამოცემა და ემიგრაციაში დარჩენილიყო. დეკანოზიშვილი ამის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას.
5. ალექსანდრე გაბუნია _ ემიგრანტი ანარქისტი, მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პირველ (ჟენევის) კონფერენციაში. პირველი რევოლუციის შემდეგ მისი საქმიანობის კვალი იკარგება.
6. ალემანი _ ცნობილი ფრანგი ანარქისტი. გამოსცემდა გაზ. “აქციონს”, რომლის სტამბაშიც იბეჭდებოდა გაზეთი “საქართველო.”
7. ალექსანდრე ჯაბადარი (1851-1933) _ საზოგადო მოღვაწე, “წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის” დამაარსებელი. ერთ ხანს იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თავმჯდო-
მარეც.
8. ემილ პუჟე _ ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე. ანარქო-სინდიკალიზმის ერთერთი თეორეტიკოსი.
9. ჟან გრავი _ ცნობილი ფრანგი ანარქისტი, ავტორი წიგნისა: “მომაკვდავი საზოგადოება და ანარქია.” (შემოკლებით ითარგმნა ქართულადაც, 1900-იან წლებში).

სახელთა საძიებელი

_ ა _

აბაშიძე გრიგოლ – 26, 28.
აბაშიძე დავით – 11, 201.
აბაშიძე ზია-ბეგ – 125.
აბაშიძე კიტა – 26, 28, 29, 33.
ავალიშვილი ზურაბ – 50.
ავალიშვილი – 177.
აზეფი ევნო – 79, 95, 98,106, 111.
აკაში მოტოძირო – 77, 78, 81, 82, 87, 89, 91, 93, 95, 96, 100, 102, 104, 108, 115, 204.
ალექსანდრე II – 87.
ალემანი ჟიუ – 41, 173, 206.
არაგვისპირელი (დედაბრიშვილი) შიო – 22, 24, 28.
აფხაზი კონსტანტინე – 6, 11.
აღლაძე ილია – 26, 34, 35.
ახნაზაროვი არტემ – 32.

_ ბ _

ბაბუნიძე – 155.
ბაგრატიონი-ამირეჯიბისა ანეტა – 52.
ბაგრატიონი ბაბო – 173.
ბალიცკი ზ. – 80.
ბაქრაძე ლაშა – 205.
ბეიტნერი – 111.
ბეჟანიშვილი ოლღა – 35.
ბილანიშვილი შაქრო – 28.
ბო ევგენი – 95-97, 103, 107-110, 112, 113, 116, 117, 127, 174-177, 179-182. 185, 194-196.
ბობღიაშვილი იასონ – 118-120, 122, 124, 125, 136, 183, 188.
ბოგუჩარსკი ვ. – 80, 84.
ბოიერი ანტიდ – 47.
ბრანდესი გეორგ – 47.
ბრეშკო-ბრეშკოვსკაია ეკატერინე – 82, 85.

_ გ _

გაბაშვილი ეკატერინე – 48.
გაბაშვილი კოლა – 177.
გაბაშვილი რევაზ – 48, 52, 64, 163, 207.
გაბუნია ალექსანდრე – 50, 64, 72, 76, 79, 80, 167-168, 171-172, 207.
გაპონი გიორგი – 82-83, 86, 95, 174.
გარტინგი არკადი – 88.
გარინი – 104.
გეგეჭკორი ევგენი – 6, 10.
გელაზარიშვილი ანტონ – 20, 22.
გელოვანი ვარლამ – 11.
გვაზავა გიორგი – 6, 10, 20, 22, 24.
გილიომი ჯეიმს – 41.
გოგელია გიორგი (კომანდო) – 10, 64, 70, 72, 172, 207.
გოგიჩაიშვილი ფილიპე – 33.
გოლოვინა – 164.
გოლდსმიტი მ. – 167.
გორკი მაქსიმ – 86, 102.
გოცი ა. რ. – 102.
გრავი ჟან – 41, 196, 207.
გრძელიძე რევაზ – 201.
გუნია ვალერიან – 28, 32, 35.
გუროვიჩი – 111.
გურული ვახტანგ – 201.

_ დ _

დარვინი ჩარლზ _ 157.
დარჩიაშვილი ვლადიმერ _ 64, 68.
დებილი _ 5.
დებონი _ 154.
დეკანოზიშვილი ანდრია _ 7, 15, 28, 32, 36, 64, 68.
დეკანოზიშვილი გაბრიელ – 14, 17.
დეკანოზიშვილი გიორგი – 6-28, 32, 34-43, 45-64, 66-92, 95-135, 138, 140, 143-144, 146-148, 15-162, 201, 203-205.
დეკანოზიშვილი თინათინ – 39, 161-163, 166, 178.
დეკანოზიშვილი ირაკლი – 173.
დეკანოზიშვილი ტარიელ – 39, 161-163, 166, 178, 195.
დემურია მარიამ – 35.
დიასამიძე ალექსანდრე – 50, 167, 182.
დიასამიძე მიშა – 173.
დიკენსონი – 97
დიუმა ალექსანდრე _ 164.
დმოვსკი რ. – 80, 82.
დოლგორუკოვი პ – 80, 84.
დურნოვო ი. ნ. – 87.

_ ე _

ედისონი თომას – 157.
ელიაშვილი ივანე 20, 22.
ენდჟეევსკი ბ. ა. – 80, 84.
ერისთავი-განდეგილისა დომინიკა _ 28.
ერისთავი დავით – 16, 158.
ერისთავი რაფიელ _ 16.
ესაკია მიხეილ – 136, 148.

_ ვ _

ვარდანიანი ვ. – 80.
ვახვახიშვილი სიმონ 34.
ვახვახიშვილები – 164.
ვერნი ჟიულ – 131, 197.
ვოლსკი გრიგოლ – 27.
ვოიცეხოვსკი ს. – 82.
ვუიჩი – 104.

_ ზ _

ზდანოვიჩი-მაიაშვილი გიორგი – 27, 29, 163-164, 207.
ზუბალაშვილი იაკობ – 119-124, 179.

_ თ _

თოფურიძე დიომიდე – 64, 68-69.

_ ი _

იოდკო-ნარკევიჩი ვ. – 80, 82-83.
იოსავა შ. – 52.

_ კ _

კალანდაძე მერაბ – 202.
კედია სპირიდონ – 6. 18.
კელლეს-კრაუზ – 80.
კერესელიძე ლეო – 125, 147.
კიარო პიერ – 47.
კიკნაძე მიშა (მიშელ) – 38, 50, 163-165, 167, 172-173, 183, 207.
კოვალენსკი – 104.
კოზლოვსკი – 172.
კოლომბო – 125, 147.
კომურა – 93.
კორნელისენი პეტერ – 109, 114, 117, 127, 175-176, 179, 184, 186, 194.
კორნელისენი ქრისტიან (კაპიტანი) – 106, 109, 114, 116, 127-128, 130-133, 135, 138, 140, 143, 148-149, 175-176, 182-200.
კორძახია – 138, 141.
კროპოტკინი პეტრე – 24, 111, 172, 201,

_ლ_

ლავუაზიე ანტუან – 157.
ლამარკი ჟან – 157.
ლასხიშვილი გიორგი – 6, 10-11, 15-16, 22, 26-30, 32-33, 35-37, 64, 113, 135-136, 147, 158, 201-202, 205-206.
ლენინი ვლადიმერ – 68, 82, 86, 102.
ლერუა-ბოლიე ანატოლი – 47.
ლორის მელიქოვი – 144, 191.
ლოპუხინი 104.
ლორთქიფანიძე ვლადიმერ – 28-29, 33, 35-36, 136.

_ მ _

მამინაიშვილი ევტიხი – 34-35.
მანასევიჩ-მანუილოვი ივანე – 78, 89-91, 96-98, 103-104, 107.
მაღალაშვილი ნესტორ – 49, 177.
მასონი ფემა – 91.
მგელაძე ვლასა – 6, 10.
მდივანი დავით – 20, 22.
მელიქიშვილი ნიკოლოზ – 22.
მილიუკოვი პავლე – 80, 84, 204.
მირიანაშვილი მიხეილ – 5, 22.
მიქაბერიძე ალექსანდრე – 22.
მიქაძე სერაფიონ – 22.
მოტონო – 93.
მორტონი – 97.
მუსხელიშვილი არქიფო – 20, 22.
მუჯირი ალექსანდრე – 11, 2001-202.

_ ნ _

ნაზარიშვილი (ნაზაროვი) ვ. – 52, 125, 183, 195.
ნაკაშიძე ილია – 26, 28, 34.
ნაკაშიძე ნინო – 35.
ნანიტაშვილი ლეილა – 202-203.
ნანეიშვილი ალექსანდრე – 27, 29.
ნაპოლეონი – 184.
ნატანსონი მარკ – 85.
ნატროშვილი – 48.
ნელიდოვი ა. ნ. – 91.
ნეოვიუსი არვიდ – 80, 86.
ნიკოლაძე ნიკო – 19.
ნიკოლოზ მეორე – 48, 77-78, 82-83,141, 143, 170,174.
ნიუვენჰაუსი ფერდინანდ დომელა – 106.
ნოზაძე ვიქტორ – 8, 11, 197, 201-202, 205.

_ ო _

ოზოლსი ფ. – 82.
ომანი – 82.
ორჯონიკიძე მ. – 64, 68-69.

_ პ _

პავლოვო პ. – 78, 81, 93, 95, 129, 204.
პაიპსი რიჩარდ – 81.
პაუელი იორკ – 47.
პეტროვი ს. – 78, 93, 96, 129, 204.
პლევე ვ. კ. – 169-170.
პლეხანოვი გიორგი – 68, 77, 86.
პოსსე ვ. ა. – 85, 204.
პრესანსე ფ დე – 41.
პუჟე ემილ – 41, 195, 207

_ ჟ _

ჟორდანია ნოე – 6, 10, 62-63, 67-69.
ჟორესი ჟან – 40.

_ რ _

რატაევი ლეონიდ – 88, 104.
რაჩკოვსკი პეტრე – 88.
რეინაკი ჟოზეფ – 117, 181.
რეკლიუ ელიზე – 47, 111.
რენო – 46, 164-165, 195.
რიდი მაინ – 131, 197.
რიზა აჰმედ – 47.
რიშარი ჟერო – 47.
როლლაუ – 82.
როსტომაშვილი დათიკო – 52, 173.
რუბანოვიჩი – 144, 190, 193.
რუბენსი – 170.
რუსტენი – 82.
რცხილაძე გრიგოლ – 28, 33.

_ ს _

საფო – 82.
სახოკია თედო – 7-9, 15, 17, 22-24, 36-37, 46, 48, 50, 64, 76, 125, 135-137, 141, 146-148, 159, 171-172, 201-202.
სიდამონიძე უშანგი – 9.
სიმაშვილი თენგიზ – 204.
სიხარულიძე გიორგი – 118-122, 125, 135-138, 141, 182.
სლავინსკი ს. – 82.
სმიტი უილიამ – 157.
სტოლიპინი პ. ა. – 84.
სტრუვე პ. – 80, 84.

_ ტ _

ტატიშვილი – 177.
ტერაუჩი – 77.
ტოსტოი ლევ – 34.
ტუღუში მარკოზ – 6-8. 11-12, 23, 39-40, 52, 100, 106, 111-113, 116-118, 135-137, 201-203, 205.

_ უ _

ულარი – 179.
_ ფ _

ფალავანდიშვილი თამარ – 173, 190.
ფანცხავა იაკობ – 20, 22, 24, 32.
ფირცხალავა სამსონ – 6, 28, 33.
ფორი სებასტიან – 41, 47.
ფრენუა ჰანრიეტა – 7, 38, 107, 112, 159-163, 165-167, 194, 197, 206.

_ ქ _

ქავთარაძე ქაიხოსრო – 28.
ქართველიშვილი ნიკო – 32, 34.
ქორქია – 173.

_ ღ _

ღამბაშიძე ვახტანგ – 20, 22, 24..
ღოღობერიძე ბესარიონ _ 117, 151, 179.

_ ყ _

ყიფიანი ბარბარე – 52, 203.
ყიფიანი დიმიტრი – 44.
ყიფიანი ნიკოლოზ – 52.
ყიფიანი ნინო – 44-45, 52, 54-61, 177, 203.
ყიფიანი პავლე (პალიკო) – 52, 118-119, 125-128, 132-133, 136-137, 181-184, 186-190, 197-198.

_ შ _

შაცილო კ. ფ. – 204.
შენგელია ნიკოლოზ – 22.
შმიდტი პ. პ. – 135.
შველიძე დიმიტრი – 201-204.
შველიძე ერეკლე – 203.
შველიძე ზაქარია – 201.

_ ჩ _

ჩარექიშვილი იოსებ – 20, 22.
ჩაიკოვსკი ნ. ვ. – 102, 190-191.
ჩაჩავა – 138, 141.
ჩერნოვი ვიქტორ – 77, 79, 82, 85-86, 102.
ჩერქეზიშვილი ვარლამ – 6, 10-11, 24, 27, 41, 64, 67, 70, 72, 106, 109, 111, 146, 167, 172, 201, 204.
ჩერქეზიშვილი ფრიდა – 138, 167.
ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) – 10.
ჩხენკელი აკაკი – 6, 10.

_ ც _

ცაგარელი ავქსენტი – 158.
ცილიაკუსი კონი (კონრად) – 76-82, 86-87, 89, 93, 95-99, 102, 108-109, 112, 176.
ცინცაძე იაკობ – 26.

_ ჯ _

ჯაბადარი ალექსანდრე – 28, 33, 194, 207.
ჯაბადარი გ. – 52.
ჯაფარიძე არჩილ (ჭოტი). 64, 68-69.
ჯაყელი ნიკოლოზ – 22.
ჯაყელი -179.
ჯიშკარიანი ილია – 20, 22.
ჯორჯაძე არჩილ – 6, 10-11, 30-31, 33, 35-36, 38-45, 47, 49-50, 52-62, 64, 72, 74, 147, 166-167, 171-173, 195, 202-203.

_ ხ _

ხელთუფლიშვილი მიხეილ – 20, 22.
ხუციშვილი სოლომონ – 9.

_ ჭ _

ჭავჭავაძე ილია _ 16, 19, 26-27, 201.
ჭიჭინაძე ვარლამ – 22, 24.
ჭრელაშვილი სტეფანე – 29.

_ წ _

წერეთელი აკაკი – 16.
წერეთელი გიორგი – 19.
წერეთელი ვასილ – 26.
წერეთელი მიხაკო – 64, 72.
წოწელია ვლადიმერ – 202.

_ ჰ _

ჰოისმანსი კამილ – 112, 116.

შ ი ნ ა ა რ ს ი

ისტორიოგრაფიული წინასიტყვაობა
თავი პირველი – არჩევანი
თავი მეორე – პირველი ეროვნული პოლიტიკური პარტიის დამაარსებელთაგანი
თავი მესამე – პირველი თავისუფალი ქართული გაზეთის ორგანიზატორთაგანი
თავი მეოთხე – პირველი ქართული ინტერპარტიული კონფერენციის თავმჯდომარე
თავი მეხუთე – რუსეთის რევოლუციურ-პოლიტიკური ელიტის ცენტრში
თავი მეექვსე – “ჯონ გრაფტონის” ოპერაცია
თავი მეშვიდე – “სირიუსი” _ იარაღის შემოტანა საქართველოში
თავი მერვე – ოჯახი და პროფესია
გიორგი დეკანოზიშვილის “დღიური”
მითითებული ლიტერატურა
გიორგი დეკანოზიშვილის “დღიურის” შენიშვნები და კომენტარები
სახელთა საძიებელი
შინაარსი

Leave a comment