პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წ.წ)

22 Apr

  დიმიტრი შველიძე

თბილისი
2008 წ.

ნაშრომი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების – რუსთაველის ფონდის პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა: “დამარცხებული საქართველო (1991-1992 წლების თბილისის მოვლენები).” პროექტის პროგრამის მიხედვით, შესრულებული ორი ნაშრომიდან ერთ-ერთის ავტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნათელა ვაჩნაძე (პროექტის ხელმძღვანელი) და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო თომაძე.
რაც შეეხება წინამდებარე ჩვენს ნაშრომს იგი მონოგრაფიული ხასიათისაა. მასში მეცნიერულადაა შესწავლილი 1987-1992 წლებში მიმდინარე დაპირისპირებები ჯერ ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება შემდგომში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში გადაიზარდა და ეროვნული ხელისუფლების დამხობით დამთავრდა.
რა იყო ამ პერმანენტული კონფრონტაციის მიზეზები, წინაპირობები, რატომ განვითარდა მოვლენები ასეთი დრამატული სცენარით და მაინცდამაინც საქართველოში. ეს და სხვა ამდაგვარი საკითხები დღესაც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის.

რედაქტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ვახტანგ გურული
რეცენზენტები: ისტორიის მეცმიერებათა დოქტორი, პროფესორი
ოთარ ჯანელიძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
უჩა ბლუაშვილი

“აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი # GNშF/შთ06/1-090). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს”.

ისტორიოგრაფიული შესავალი

მეთექვსმეტე წელია, რაც 1991-1992 წლების თბილისის მოვლენების შესახებ ერთმანეთს ენაცვლება არაერთმნიშვნელოვანი, ურთიერთგამომრიცხავი და საპირისპირო შეფასებები. მათგან ორი ძირითადი ინტერპრეტაციის გამოყოფა შეიძლება, რომელთა ავტორ-მხარდამჭერები მაშინდელი და დღევანდელი პოლიტიკურ-სოციალური ბანაკების წარმომადგენლები იყვნენ და არიან.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა თბილისის მოვლენებს უწოდეს `დემოკრატიული~, `სახალხო რევოლუცია~, რომელმაც დაამხო ზ. გამსახურდიას `ფაშისტური დიქტატურა~, `ტოტალიტარული რეჟიმი~.
შემდგომში, რამდენიმეწლიანი `დისტანციის გავლის~ შემდეგ, `დემოკრატიული რევოლუციის” თეზისის მომხრეთა ერთმა ნაწილმა შესაძლებლად ჩათვალა, ნაწილობრივ ეღიარებინა შეფასების სიყალბე, თუმცა ბოლომდე სიმართლის თქმაც ვერ გაბედა და შუალედურ ვერსიაზე შეჩერდა. `ახლა ბევრს კამათობენ, საქართველოში გადატრიალება იყო თუ რევოლუცია!~ _ ასე შეარბილა ედუარდ შევარდნაძემ მოგვიანებით `დემოკრატიული რევოლუციის~ თეზისი, _ არსი ეს როდია. ვითარება ექსტრემალური იყო. არსებითად, მაშინ დამყარდა `სამხედრო მმართველობა~. ამ სიტყვების ავტორმა არც ამ შემთხვევაში უღალატა ჩვეულ მანერას და `ზოგჯერ თქმითაც დაშავდების~ პრინციპით, მაინც არ გათქვა `სათქმელი~.
მეორე ძირითადი შეფასება, ბევრად გამოკევთილი, უკომპრომისო და კატეგორიულია. ის ზვიად გამსახურდიას, მის ხელისუფლებას და მხარდამჭერებს ეკუთვნით: ეს იყო სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, პუტჩი, რომელმაც დაამხო კანონიერი ეროვნული ხელისუფლება. იგი მოაწყვეს ერის მოღალატეებმა, კრემლის აგენტებმა, სამხედრო ხუნტამ და მათმა მომხრე კოლაბორაციონისტმა ქართველებმა.
შემდგომში, `მოვლენების დაძველების~ პროცესთან ერთად, გაჩნდა სხვა შეფასებებიც. მათი ავტორები ცდილობდნენ შუალედური, კომპრომისული თეზისები გამოემუშავებინათ. მაგალითად, რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალების ფორმით განხორციელებული რევოლუცია, ან რომ ეს იყო პატრიოტული ძალების ურთიერთშეჯახება, რომელიც უცხო ქვეყნის სამსახურებმა მოაწყვეს და ა.შ. ამ და სხვა ინტერპრეტაციების ფონზე, თანდათან გამოიკვეთა ერთი საერთო თეზისი: რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალება და არსებული ხელისუფლების ძალდატანებითი დამხობა. მას, დამოუკიდებლად იმისაგან, თუ ვინ მოაწყო, ვინ შეეწირა, განახორციელა – ქართველი საზოგადოებისა და მოსახლეობის უმეტესობა აღიარებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, თვით გადატრიალების აღიარება არ ნიშნავს მის ობიექტურ შეფასებას, მიუკერძოებელ, რეალურ ინტერპრეტაციას. ამ პრობლემისადმი მიმართებით ქართველი საზოგადოება, თბილისის მოვლენებიდან მეთექვსმეტე წლისთავზეც _ კვლავ გაორებულია, ურთიერთდაპირისპირებული, დუალისტური.
ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენისადმი საზოგადოების გაორებული დამოკიდებულება, პირველ რიგში, საისტორიო მეცნიერებამ უნდა დაძლიოს და სწორედ ამით დაეხმაროს საზოგადოებას დუალისტური ბურუსიდან გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ეს არაა მარტივად აღსასრულებელი პროცესი. გასაგები მიზეზების გამო, ქართულმა საისტორიო მეცნიერებამ ვერც გაიარა და ვერც მოასწრო დასავლური ისტორიოგრაფიისა და მეთოდოლოგიური სკოლების მიღწევებისა და გამოცდილების გათავისება.
მაინც რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს ქართულმა ისტორიოგრაფიამ ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიუკერძოებლად და მეტ-ნაკლებად ობიექტური შესწავლა-შეფასებისათვის, როგორიცაა 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება? შესაძლოა, ამ მხრივ ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი, მაგრამ ამჯერად ჩვენ ვეცდებით ზოგიერთი მეთოდოლოგიური პრინციპი გამოვყოთ.
ქართულ საისტორიო მეცნიერებას ისე არასოდეს დასდგომია თავისუფალი და მოვლენების შეფასება-გადმოცემის ობიექტურობასთან მიახლოების შესაძლებლობა, როგორც დღეს. მან განვლო შუასაუკუნეობრივი მონარქიზმის მრავალსაუკუნოვანი ხანა, როცა ილია ჭავჭავაძის შენიშვნისა არ იყოს, ჩვენს მატიანეეებს მხოლოდ `მეფეები და ომები~ შემორჩნენ.
XIX საუკუნის განმავლობაში რომანოვების საიმპერიო ხელისუფლებიდან მომდინარე რუსიფიკაციის პოლიტიკამ საისტორიო მეცნიერებას მიზნად დაუსახა – ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისა და თვითშეგნების ამაღლების საქმეს მომსახურებოდა _ ე.ი. იგი იმდენად მიუკერძოებელი კი არა _ პატრიოტული უნდა ყოფილიყო, საზოგადოებისთვის ეროვნული სიამაყის გრძნობა ჩაენერგა.
დაახლოებით, იგივეს ისახავდნენ მიზნად ბოლშევიკური იდეოლოგიის დოგმატების ქსელში გახლართული XX საუკუნის ქართველი ისტორიკოსები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ძველი საქართველოს ისტორიას სწავლობდნენ, თორემ XX ს-ის `ქართლის ცხოვრების~ რეალურად გადმოცემაზე ოცნებაც ტკბილ სიზმრად თუ წარმოიდგინებოდა.
დღეს, ყოველ შემთხვევაში, 15-20 წელია, რაც ქართულ საისტორიო მეცნიერებას შესაძლებლობა მიეცა, XX საუკუნის ისტორია და, კერძოდ, ჩვენთვის საინტერესო 1991-1992 წლების ტრაგიკული მოვლენები მხოლოდ ერთი პრინციპით _ მაქსიმალური მიუკერძოებლობით, ან უფრო რეალური მიზნით შემოვიფარგლოთ _ ობიექტურობასთან, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულობის პრინციპით შეისწავლოს, შეაფასოს და გადმოსცეს. ამ პრინციპის არსი ერთადერთია: დღევანდელ ქართველ საზოგადოებას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მართალი ისტორია, სჯობს ცუდი სიმართლე, გამოგონებულ, ლამაზ ტყუილს. ადრე ყოველთვის ასე არ იყო, ან ამის შესაძლებლობა არ არსებობდა.
პოლონელი ისტორიკოსის ე. ტოპოლსკის დაკვირვებით, ტერმინს `ისტორია~ სამი მნიშვნელობა გააჩნია და თითოეულ მათგანს კი `საკუთარი მეთოდოლოგია~ აქვს. საინტერესოა, თვალი გავადევნოთ. პირველია _ ისტორია, როგორც `ისტორიული მოვლენა~ და მას შეესაბამება `საგნობრივი მეთოდოლოგია~. კვლევის ობიექტია ისტორიული ფაქტების შესწავლა და ამასთანავე _ ისტორიული პროცესების მიზეზებისა და კანონზომიერებითი ასპექტების დადგენა. `ისტორიის~ ამ მნიშვნელობაში თავს იყრის ჩვენთვის საინტერესო 1991-1992 წლების გადატრიალების მომწიფებისა და განხორციელების შესახებ არსებული ემპირიული მასალის თავმოყრა; პასუხების გაცემა: როდის დაიწყო ჯერ აზრთა სხვაობა, შემდეგ დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის; რა საკითხები იქცა დაპირისპირების მიზეზად; დაპირისპირების როგორც იდეურ-პრაქტიკული, ისე ფსიქოლოგიური ასპექტები; გარე ძალების მიერ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართვადობის ხასიათი; შეიარაღებული კონფრონტაციის ძირეული მიზეზები, შედეგები და ა.შ.
ტოპოლსკისეული სქემის `ისტორიის~ სამგანზომილებიანი სქემის მეორე პუნქტია _ ისტორია, როგორც `კვლევის ფუნქციის~ განსაზღვრა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. `პრაგმატული მეთოდოლოგია~. მასში იგულისხმება: კვლევის დანიშნულების დადგენა; წყაროთმცოდნეობითი ბაზის განსაზღვრა, ისტორიული შეფასებების კრიტერიუმების შემუშავება.
რა შეიძლება მივიჩნიოთ 1991-1992 წლების მოვლენების შეფასების კრიტერიუმებად? ერთ-ერთ კრიტერიუმად ჩვენ მიგვაჩნია _ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ინტერესი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოსტულატი, ანუ თეზისი _ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სიკეთეა, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო – დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეებიდან ვინ უფრო დააზიანა, დაასუსტა, მძიმე დღეში ჩააგდო: ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად ვერ მართა და წარმართა სახელმწიფოს მმართველობა, თუ იმან, ვინც სახელმწიფოს არსებული ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხო.
დაბოლოს, ტოპოლსკის სქემის მიხედვით, `ისტორიის~ მესამე განზომილება: ისტორია, როგორც `კვლევითი სამუშაოს შედეგი~. რა სურათი მივიღეთ? რა უნდა იყოს კვლევის საბოლოო შედეგი და რაში მდგომარეობს მისი დანიშნულება? პოლონელი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მთავარი ამ შემთხვევაში `პრაგმატული მეთოდოლოგიაა~, ე.ი. ჩვენს შემთხვევაში, 1991-1992 წლების მოვლენებისმიხედვით საერთო კანონზომიერების დადგენა, ანუ მოვლენა, როგორც კანონზომიერების დამდგენი საშუალება და მისი მნიშვნელობა.
ეს ყველაფერი, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში საკამათო იყოს, მაგრამ გასათვალსწინებელია.
რაც მთავარია, მაინც დასადგენი რჩება ისტორიკოსთა მრავალი თაობისთვის დამაფიქრებელი, გადსაწყვეტი პრობლემა _ როგორ უნდა აღადგინოს ისტორიკოსმა მოვლენის მიუკერძოებელი, ობიექტური სურათი, მით უფრო, რომ ბევრი მოაზროვნის აზრით, ასეთი რამ საერთოდ შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ობიექტურ სურათთან მაქსიმალური მიახლოება მაინცაა შესაძლებელი. და ეს რომ ასე არ იყოს, საისტორიო მეცნიერება დაკარგავდა აზრს.
ისტორიის ობიექტური სურათის დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავს ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი კარლ პოპერიც. მაგრამ მან ისტორიკოსებს დაუტოვა იმედი, რომ შესაძლებელია ისტორიული მოვლენის ძირითადად ობიექტური მიდგომა-შესწავლა. კ. პოპერის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს შეიძლება მოხდეს _ მეცნიერული ცოდნის თანდათანობითი ზრდის გზით.
სხვაგვარად კარლ პოპერის თეორიას ე.წ. ფალსიფიკაციონიზმს უწოდებენ. ჩვენს შემთხვევაში ბრიტანელი სოციოლოგის კონცეფცია კონკრეტული მაგალითის მიხედვით შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: ოპონენტები ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ ე.წ. პროვინციულ ფაშიზმში. უნდა გაირკვეს, რას ნიშნავს საერთოდ ეს ტერმინი, რამდენად შეესაბამება იგი ჭეშმარიტებას, დაფიქსირდეს ფაშიზმის იდეურ-პრაქტიკული რაობა, რასაც ვერ ვიტყვით, რომ მეცნიერებისთვის ურიგოდ იყოს შესწავლილი. თუ ფაშიზმის იდეოლოგიური რაობა არ მოერგო ზვიად გამსახურდიას და მისი ხელისუფლების იდეურ-პრაქტიკულ საქმიანობას, გამოვა, რომ მათთვის ამ ტერმინით მოხსენიება და მასში ბრალდება _ ფალსიფიკაციაა, სიყალბეა, პოლიტიკური იარლიყია და იგი უნდა უარვყოთ, როგორც ოპონენტების სურვილი და არა ობიექტური რეალობა.
სხვა შემთხვევაში ზვიად გამსახურდია თავის ოპონენტებს არაიშვიათად მოიხსენიებდა, როგორც კრემლის აგენტებს, ერის მოღალატეებს. უნდა დადგინდეს, რა შემთხვევაში იყო ეს მიმართვა რეალური და რომელ შემთხვევაში _ ფალსიფიკაცია. მეცნიერული ცოდნის დადგენა პოპერის მიხედვით, ჩვვეულებრივ ვერიფიკაციის, ფაქტის დოკუმენტური გზით დადგენის გზით ხდება. იგი დემარკაციის ხაზს ავლებს _ რეალურად დაგენილ ფაქტებსა და ფალსიფიკაციებს შორის და თანდათან მიიწევს მეცნიერული ცოდნის ზრდის გზით. პოპერის აზრით, მეცნიერმა, შესაძლებელია, უარი თქვას ვიწრო ემპირიზმზე და ცდომილების აბსოლუტურ სარწმუნოობაზე. მაგალითად, ერთ დროს ჩვენში დიდი კამათის საგნად იქცა, თუ ვინ ისროლა პირველმა 1991 წლის 22 დეკემბერს. ეს ფაქტი შეიძლება ზუსტად ვერ დადგინდეს, ან ნებისმიერი ვერსია არასარწმუნო იყოს, მაგრამ საქმის არსის გასარკვევადაც ამ ფაქტის დადგენას ისტორკოსებისთვის არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასე გვირჩევდა ამ შემთხვევაში კარლ პოპერი. მართლაც, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს პირველგამსროლელი მხარის დადგენას, მაშინ, როცა თავდამსხმელი მხარე მთავრობის სასახლეში შეკეტილ-შეხიზნულ ხელისუფლებას ზარბაზნებით მიადგა და კანონადა გაუხსნა.
ახლა რაც შეეხება სამხედრო გადატრიალებებს. ხელისუფლების ცვლის ეს ფორმა სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონში ამგვარადაა განმარტებული. ესაა: `სახელმწიფო ხელისუფლების ძალდატანებითი ცვლა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა გადადის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ხელში~ (მოსკოვი, ტ. II, 2001 წ., რუს. ენაზე).
არა მარტო ამ ფორმულირების მიხედვით, არამედ XX საუკუნეში, ან, ყოველ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომისშემდგომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარი სამხედრო გადატრიალებების ხასიათის ზედაპირული გათვალისწინების შედეგადაც, შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რაშიც თითქოს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებულია _ რომ თითქოს 1991-1992 წლების გადატრიალება იყო _ სამხედრო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ უკანასკნელი საუკუნენახევრის განმავლობაში განხორციელებული ხუთასამდე სამხედრო გადატრიალებიდან _ ყველა მათგანს ახდენდნენ სახელმწიფო ოფიციალური შეიარაღებული ძალები. სამხედრო გადატრიალების კლასიკურ ქვეყნებად განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ითვლება: სალვადორი, ურუგვაი, ნიკარაგუა, არგენტინა, მექსიკა, ბრაზილია, კუბა… შემდეგ მათ მხარს უმშვენებენ აფრიკული ბანანის ქვეყნები, რამდენიმე აზიური ქვეყანა: თურქეთი, პაკისტანი… დეკემბრის დასაწყისში ერთ-ერთი ბოლო სამხედრო გადატრიალებით ფიჯის კუნძულებმაც გაახსენა მსოფლიოს თავის არსებობა.
ყველა ზემოთჩამოთვლილ და სხვა შემთხვევებში სამხედრო გადატრიალებას სახელმწიფოს სამხედრო ძალები ახდენდნენ: გენერალიტეტი, ოფიცრები, ანუ _ ოფიციალური შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
ახლა გავიხსენოთ ვინ მოახდინა საქართველოში ე.წ. `სამხედრო გადატრიალება~. მისი განმახორციელებელი ტრიუმვირატიდან თ. კიტოვანი გახლდათ ე.წ. ოფიციალური სამხედრო პირი _ სახალხო გვარდიის მეთაური, გენერალი და გადაყენებული მთავარსარდალი.
მეორე ტრიუმვირი იყო ჯ. იოსელიანი, არასამხედრო, არაოფიციალური და უკანონო შეიარაღებული ფორმირების, `მხედრიონის~ ორგანიზატორ-მეთაური.
სამეულის მესამე წევრი საერთოდ არ იყო სამხედრო პირი.
უკვე ეს ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების სამხედრო ხასიათს და იძლევა გარკვეულ საფუძველს, რომ 1991-1992 წლების მოვლენები არ შეფასდეს, როგორც სამხედრო გადატრიალება. ამგვარი შეფასება ფალსიფიკაციაა, სიყალბეა, როგორც ისტორიულ-პოლიტიკური რეალობით დაუდასტურებელი. მაშ, სხვაგვარი შეფასებაა საჭირო.
სწორედ ამგვარი მიზანი და მიზნები დავისახეთ _ 1991-1992 წლების თბილისის მოვლენების მეცნიერული შესწავლა, მისი განმაპირობებელი და გამომწვევი მიზეზების დადგენა, მაქსიმალურად ისტორიულ რეალობასთან მიახლოებული შეფასება.
თბილისის მოვლენების შესახებ დიდძალი თუ არა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლიტერატურა და მასალები არსებობს. სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური ხასიათისაა და ეკუთვნის მაშინ მოქმედი და შემდგომში არსებული პოლიტიკური ბანაკების წარმომადგენლებს, პარტიების ლიდერებს, თვალსაჩინო წევრებს, ხელისუფლებისა და მისი მოწინაააღმდეგე ოპოზიციური მოძრაობის მონაწილეებს. მათ მიერ თბილისის მოვლენების გადმოცემა და შეფასება ცალმხრივია და პარტიულ ინტერესებს გამოხატავს. პრობლემის კვლევისათვის მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს, პუბლიცისტურ წერილებს, წიგნებს, მოგონებებს თუ სხვაგვარ წერილობით თუ სიტყვიერ პროდუქციას საისტორიო წყაროებისათვის უფრო წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს და ისტორიულ მასალას წარმოადგენს.
წყაროთმცოდნეობითი მასალის ფუნქცია აკისრია მემუარულ ლიტერატურას. განვლილ წლებში საინტერესო მოგონებები გამოქვეყნდა. ისინი არა მარტო ჩვენთვის საინტერესო პროცესების შესახებ საყურადღებო ეპიზოდებს, დამახასიათებელ წვრილმანებს, მონაწილე პერსონაჟების თვისებებს, ურთიერთობებს და ხასიათებს გადმოსცემენ, არამედ იმ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ სახესაც გვიხატავენ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ედუარდ შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის, ნოდარ ნათაძის, ვახტანგ ძაბირაძის და სხვათა არც თუ მრავალრიცხოვანი მოგონებები, რომელთაგან ეპოქის ზოგად სახეს და პროცესებს, განსაკუთრებული სიცხადით და სიღრმით აანალიზებს და გადმოგვცემს ბ-ნი ნ. ნათაძე. თავისი მოგონებების წიგნში: `რაც ვიცი, ფაქტები ანალიზი~ (თბ., 2002). `ჩემი მიზანია, _ წერს ავტორი, _ ამ ტრაგედიის შესახებ რაც შეიძლება მეტი იყოს ცნობილი, რათა შთამომავლობამ უკეთ გაითვალისწინოს, რომელი საშიშროება ემუქრება, საიდან ემუქრება და როგორ შეუძლია და ჰმართებს დაიცვას მისგან თავი მომავალში~. კეთილშობილური მიზანი და მოვალეობაცაა, რომელიც, სხვათა შორის, კარგი იქნებოდა ბ-ნ ნ. ნათაძესავით პირნათლად მოეხადათ 1987-1992 წლების მოვლენათა მონაწილეებს, თვითმხილველებს, ჩინიანებსაც, უჩინოებსაც, დაეწერათ მოგონებები და მეტი ინფორმაცია დაეტოვებინათ შთამომავლობისათვის იმ ეპოქაზე, რომელშიც `არმოსახდენი მაინც ბევრად მეტი მოხდა~ (ნათაძე – გვ. 3).
იმ არაერთგვაროვანი ჟანრის ლიტერატურიდან, რომელიც 1991-1992 წლების მოვლენებს ეხება, ჩვენ მხოლოდ მას შევეხებით, რომელიც საისტორიო მეცნიერებას განეკუთვნება ან პრობლემის მეცნიერული შესწავლის პრეტენზია აქვს. ამგვარი ნაწარმოებების რაოდენობა კი ძალზე მცირეა. ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი, რომელმაც ამ საჩოთირო პრობლემას შებედა, გახლდათ უჩა ბლუაშვილი, რომლის ნაშრომი `პოლიტიკური პარტიები და ეროვნული მოძრაობა საქართველოში 1988-1991 წწ.~ ჯერ კიდევ 1994 წელს გამოქვეყნდა.
ავტორმა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის არაერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და მისი დასაბუთება სცადა. კერძოდ, ავტორი საგანგებოდ შეჩერდა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა და ინტელიგენციის ურთიერთობის საკითხზე, ორივე ფენის განსხვავებულ როლსა და პრეტენზიაზე მიმდინარე მოძრაობაში. უ. ბლუაშვილის მართებული აზრით, ახალგაზრდა თაობის რადიკალურ ლიდერებს მოძრაობის წარმართვის ენერგია აღმოაჩნდათ, მაგრამ `ასეთი ბრძოლისათვის საჭირო ინტელექტი არ გააჩნდათ~. ინტელიგენციამ არ გაიზიარა ეროვნული ბრძოლის რადიკალური ტაქტიკა, რის გამოც ახალგაზრდა თაობის რადიკალების რისხვა დაიმსახურა. `შეხედულებათა ეს სხვაობა საკმარისი აღმოჩნდა, რათა რადიკალებს, ინტელიგენციის არნახული განქიქებისა და ლანძღვა-გინების კამპანია წამოეწყოთ~, დაასკვნის ავტორი, რომლის მართებული აზრითაც ეს იყო რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი, რაც ეროვნულ მოძრაობას ბოლომდე გაჰყვა და `დიდი ზიანი მიაყენა საერთო საქმეს~ (უ. ბლუაშვილი _ გვ. 13). ნაშრომში არაერთი მაგალითია მოხმობილი, რომ აღნიშნული ნაკლი განსაკუთრებით ახასიათებდა ზვიად გამსახურდიას.
უ. ბლუაშვილის კრიტიკული ანალიზის ცენტრშია რადიკალური ტაქტიკა, რამაც არა ერთი ეპიზოდური თუ ზოგადი ზიანი მიაყენა ჯერ ეროვნულ მოძრაობას, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობას. რადიკალიზმის მანკიერება-ნაკლოვანებათა აღნიშვნაში ავტორი მეტ შემწყნარებლობას იჩენს ე. წ. ეროვნული კონგრესის მომხრე რადიკალური ოპოზიციის მიმართ და უფრო მკაცრია ეროვნულ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში, რაც, გარკვეულწილად, წონასწორობას აკარგვინებს ნაშრომს. მაგრამ რაც მთავარია, ეს არ არის ავტორის გამარჯვებულთა ბანაკისადმი მიმხრობის გამომხატველი. ეს უფრო იმჟამინდელი პოლიტიკური რეალობის თვითმხილველის ნეგატიური ემოციური განწყობის გამოვლინებაა, რასაც იწვევდა ეროვნული ხელისუფლების დასანანი და გაუგებარი შეცდომები. მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ უჩა ბლუაშვილის ნაშრომს, ჩვენთვის საინტერესო პრობლემის შესწავლის სფეროში პირველგამკვალავის როლი ერგო.
1999 წელს ქუთაისში გამოქვეყნდა გიორგი მჭედლიძის სოლიდური მოცულობის ნაშრომი, _ `ისტორია უდისტანციოდ (მღელვარე 1988-1995 წლების ქრონიკები)~. წიგნის რამდენიმე თავი ჩვენთვის საინტერესო პერიოდს ეხება და ფაქტიურად 1988-1991 წლების ისტორიას გადმოგვცემს. უმთავრესად ესაა, როგორც თავად გ. მჭედლიძე გვაუწყებს `ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის ფაქტოლოგიური გაშუქება~. ფაქტობრივად, გ. მჭედლიძის აღნიშნული ნაშრომი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელშიც ასახვა ჰპოვა 1988-1991 წლების ეროვნული მოძრაობისა და დამოუკიდებელი საქართველოს, მისი ეროვნული ხელისუფლების ისტორიამ. ავტორმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.
გვინდა საათანადო ყურადღება დავუთმოთ მალხაზ მაცაბერიძის ერთ მცირემოცულობიან სამეცნიერო სტატიას _ `1991-1992 წლების მოვლენების შეფასების საკითხისათვის~ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო გამოცემაში `ახალი დროება~. 1999წ. #1, იანვარ-თებერვალი). მასში წამოყენებულია რამდენიმე კონცეპტუალური დებულება, რომელთა გათვალისწინება 1991-1992 წლების მოვლენების მეცნიერული შესწავლა-შეფასებისათვის სასარგებლოდ მიგვაჩნია.
ავტორის აზრით, შესასწავლი პრობლემის შესახებ არსებობს ძირითადად ორგვარი შეფასება. ერთია – პოლიტიკური შეფასება, რომელიც დაინტერესებულ-დაპირისპირებულ მხარეებს ეკუთვნით და ტენდენციურია, ხოლო მეორე _ ისტორიულ-პოლიტოლოგიური, რომელიც მეცნიერულ შესწავლას ემსახურება და რისი დროც ჯერჯერობით არ დამდგარა, რადგან საკითხი უჩვეულოდ აქტუალიზებულია. მ. მაცაბერიძე ამის შემდეგ ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთა შესწავლა-გათვალისწინებაც აუცილებელია 1991-1992 წლების მოვლენების ობიექტური წარმოდგენისათვის: საქართველოს პოლიტიკური რეალობის შედარებითი ანალიზი სხვა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების რეალიებთან; რადიკალიზმის, რომანტიზმისა და რეალიზმის თანაფარდობის შესწავლა ქართულ პოლიტიკაში; დაპირისპირების მიზეზების კვლევა.
ავტორის დაკვირვებით, ეროვნული ხელისუფლება ამკვიდრებდა ეტატიზმის _ სახელმწიფოს წამყვანი როლის აღიარებას საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის დროს. ამავდროულად, `არსებობდა ზოგადი განაცხადი დემოკრატიული საზოგადოების შექმნაზე. რეალურად კი არ იყო პირობები ასეთი საზოგადოების მოკლე ვადაში ჩამოსაყალიბებლად (მ. მაცაბერიძე, გვ. 16). სწორედ ამ კონცეპტუალური სხვაობის გამო `პოლიტიკური დაპირისპირებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე მომხდარ სამხედრო გადატრიალებას~ _ მ. მაცაბერიძის აზრით, მოჰყვა `ლეგიტიმურობის კრიზისის გამწვავება და სამოქალაქო ომის სიტუაციის შექმნა~ საქართველოში. ავტორი მართებულად შენიშნავს გარეშე ფაქტორის არსებობის შესახებ და აქვე დაასკვნის, რომ მას მაინც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ავტორი ასახელებს აგრეთვე იმ მიზეზებსაც, რომლებმაც გამოიწვიეს 1991-1992 წლების დაპირისპირება და გადატრიალება: I _ ეროვნული გვარდის განდგომა; II – განხეთქილება მმართველ ბლოკში; III _ ეტატიზმის შეუთავსებლობა დემოკრატიული რეფორმების მოლოდინთან; IV _ რეჟიმის დაპირისპირება ეროვნულ პარტიებთან; V _ ახალი პოლიტიკური ელიტის დაპირისპირება ძველ კომუნისტურ პარტიულ და სამეურნეო ელიტასთან; VI _ ეროვნული რიტორიკის შეუგუებლობა ეროვნული უმცირესობის ინტერესებთან; VII _ ნეგატიური საერთაშორისო სურათი.
მ. მაცაბერიძის დასკვნას ძირითადი რეკომენდაციაც მოსდევს, როგორც მეცნიერული ანალიზის პრაგმატული დანიშნულება _ კონფრონტაციული სცენარის დაუშვებლობა დღევანდელი თუ ხვალინდელი საქართველოსათვის.
ამისათვის კი საჭირო იყო ისტორიული კვლევა, რომელიც ინერტულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა საქართველოში. საკითხის კვლევაში პოზიტიური მუხტი არ შეუტანია 1999 წლის კიდევ ერთ ფორმალურად საისტორიო დანიშნულების ნაშრომს. მხედველობაში გვაქვს გრ. ჟვანიას პრეტენზიული სახელწოდების ბროშურა: `მიზეზები, რომელთაც გამოიწვიეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა~ (თბ., 1999წ.). ნაშრომს პირველ რიგში აკლია ის, რაც მეცნიერულ ნაშრომს სხვა ჟანრის თხზულებისაგან განასხვავებს _ სათანადო მასალით რაიმე შეხედულებების დასაბუთება. მაგ. გრ. ჟვანიას მიაჩნია, რომ თბილისის მოვლენები არსებითად იყო სამოქალაქო ომი. იგი წერს: `შვიდი წლის წინათ 1991 წლის 22 დეკემბრის დილის 7 საათსა და 30 წუთზე თბილისში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრის ღამის 4 საათსა 35 წუთამდე”. მკითხველი უნდა დაგვეთანხმოს ალბათ, რომ ასეთი ასტრონომიული სიზუსტით მსოფლიოს არც ერთი სამოქალაქო ომი არც დაწყებულა და არც დამთავრებულა.
სამწუხაროდ ვერ დავეთანხმებით ავტორს და იგი არც ასაბუთებს, რატომ და რა ნიშნით იყო თბილისის ომი მაინცდამაინც სამოქალაქო. ამ და სხვა საკამათო საკითხებს ჩვენს ნაშრომში შევეხებით. საკამათო კი გრ. ჟვანიას მომცრო ბროშურაში საკმარისზე მეტია. მაგ. ის ტრაფარეტული ტიპიური ლენინურ-საბჭოური დოგმა, თითქოს `ეროვნულმა ხელისუფლებამ და ერმა ვერ მოძებნა საერთო ენა~ და რომ ხელისუფლება მოსახლეობის თანაგრძნობის გარეშე დარჩა. სრულიად საწინააღმდეგო ვითარება იყო. პირიქით, მაშინდელი პერიოდის მთავარი თავისებურება ის გახლდათ, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, რომლის შესახებაც ნაშრომში ვისაუბრებთ და აქ აღარ ჩამოვთვლით, _ ეროვნული ხელისუფლება თავისი ხანმოკლე მოღვაწეობის ყველა ეტაპზე სარგებლობდა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, თანაგრძნობით, მისი ლიდერისადმი უკრიტიკო დამოკიდებულებით, რაც შემდგომ პერიოდში და დღემდეც არაერთხელ გამოხატა. ამ მოვლენას ანალიზი და ახსნა ესაჭიროება და არა ყავლგასული დოქტრინებით მიდგომა.
სხვათა შორის, ბარემ აქვე შევეხებით, გრ. ჟვანიას როგორც აღნიშნული ბროშურა, ისე ადრინდელი საბჭოური პარტიული ყალბი პროდუქცია და მეცნიერებისაგან შორს მდგარი მეთოდოლოგია თანმიმდევრულად გააკრიტიკა და მისი არასანდოობა დაასაბუთა თენგიზ კუბლაშვილმა წიგნში: `ისტორია `პირუთვნელის~ ხელში (1991-1992 წლებში ხელისუფლების დამხობის მიზეზების შესახებ~, რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მიჯნაზე განვითარებულ პროცესებს ყველაზე მეტად და ყველაზე მეტი შრომა და ნაშრომი მიუძღვნა იგორ კვესელავამ. ამ მხრივ, მკვლევარის დამსახურება გამორჩეულია. 1999 წელს გამოქვეყნდა იგორ კვესელავას სამი ნაშრომი: `დისიდენტური მოძრაობა საქართველოში~; `საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ორიენტაციის ზოგიერთი საკითხი~ და `საქართველოს ეროვნული მოძრაობის საკითხები~. 2004 წელს გამოვიდა იგორ კვესელავას განმაზოგადებელი ხასიათის ნაშრომი: `საქართველოს ისტორიის ქრონიკები (1970-1990). საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა~.
ამ ნაშრომებს აღარ შევეხებით, რადგან მათში წამოყენებულმა თეზისებმა, შეხედულებებმა, პოზიციამ, დასაბუთებამ თუ დასკვნებმა საბოლოო სახით თავი მოიყარა და ლოგიკური დასასრული ჰპოვა იგორ კვესელავას რიგით მეხუთე მნიშვნელოვან ნაშრომში: `საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკები. II. ზვიად გამსახურდია: დისიდენტი, პრეზიდენტი, მოწამე~ (თბ., 2007). ამ ნაშრომში განხილულია ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის ყველა ეტაპი ცალ-ცალკეა, განხილული და შეფასებული მისი როლი პერიოდების მიხედვით. ამასთან, პარალელურად ცალკეული ეტაპების მიხედვით განხილული და შეფასებულია აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზვიად გამსახურდიას მომხრე ფრთის საქმიანობა.
ნაშრომში დაწვრილებითაა გაანალიზებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: მესამე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება; ეროვნული ხელისუფლების მიზნები, წინააღმდეგობები; დაპირისპირებები ოპოზიციასთან; ხელისუფლების დამოკიდებულება კრემლთან, დასავლეთთან და ა. შ. ავტორი ეროვნული მოძრაობის და ხელისუფლების, მისი მეთაურის როლს პოზიტიურად აფასებს და აღიარებს, თუმცა ეს არ უშლის ხელს შენიშნოს მთელი რიგი ნაკლოვანებები მის საქმიანობაში, მძიმე შეცდომები, სისუსტეები. იგორ კვესელავამ ნაშრომში თავი მოუყარა დიდძალ მასალას ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელისუფლებასთან დამოკიდებულების შესახებ; მათს შეფასებებს, ინტერპრეტაციას, პოზიციებს. აღნიშნული მასალის გამოყენების, წარმოჩენისა და შეფასების შემდეგ ავტორი თითქმის ყველა ცალკეული ისტორიული თუ თემატური ეპიზოდის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს, რომელნიც იგორ კვესელავას ორ ამოსავალ ძირითად იმპერატიულ თვალსაზრისს ეყრდნობა: პირველი _ იგი აღიარებს ზვიად გამსახურდიას და მისი მომხრე ეროვნული ძალების, ხოლო შემდეგ ხელისუფლების, ზოგ შემთხვევაში დიდ, ზოგ შემთხვევაში პოზიტიურ როლს ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და ზოგადად _ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. მეორე _ იგი აღიარებს ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული ხელისუფლების, როგორც ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ისე სუბიექტური ფაქტორებით განპირობებულ შეცდომებს, რომლებმაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობას შეუწყვეს ხელი.
ჩვენი ისტორიის 1987-1992 წლების პერიოდს, ზოგი ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანას უწოდებს, ზოგი ავტორი შავბნელ ეპოქად ნათლავს. სწორედ ასე დაასათაურა თავისი წერილების კრებული თეიმურაზ მირიანაშვილმა: _ `შავბნელი ჟამის ქრონიკა~ (1993წ.). ავტორი წერდა: 1988-1991 წლები იყო არა “ეროვნული აღმავლობის ნათელი ხანა, არამედ ერთი ყველზე შავბნელი ჟამი საქართველოს ისტორიაში~. თ. მირიანაშვილის ემოციური განწყობა სავსებით გასაგებია. იმ წლებში იმდენი უგუნურება გამოვლინდა, იმდენი მანკიერება, სისულელე, უბედურება ამოტივტივდა პოლიტიკური რეალობის ზედაპირზე, ირაციონალიზმმა, ემოციამ ისე დაჩრდილა გონიერება, რომ ერთი შეხედვით, იმ ეპოქის სხვაგვარად შეფასება იქნებ გაჭირდეს კიდეც. მაგრამ ეპოქის ამგვარი შეფასება მაინც ზედაპირულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე ეროვნული მოძრაობა – ეს ერთგვარად ინფანტილური, ულტრარადიკალური, გაუწონასწორებელი, თავისთავად, შინაგანი ბუნებით _ სწორედ იმ მანკიერებათა აღმოფხვრას ისახავდა მიზნად, რაც წინა საბჭოური დესპოტიის ათწლეულებმა შვა და გაამრავლა, რაც სულიერი და იდეური მონობის ათწლეულებმა განაპირობა.
არსებითად, ანალოგიური დასკვნა გააკეთა ჩვენთვის საინტერესო ნაშრომის ავტორმა გიორგი წიქარიშვილმა, რომელიც იმ მოძრაობას, რომელსაც, ტრადიციულად, `ეროვნულს~ ვუწოდებთ, `ეროვნულ-გამანადგურებელი მოძრაობა~ უწოდა და იმ შავბნელ ეპოქაში მომხდარი ყველა უბედურება, სწორედ ამ `ეროვნულ-გამანადგურებელ მოძრაობას~ დააბრალა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მოძრაობის ამგვარ ინტერპრეტაციას პრინციპულად არ ვიზიარებთ, ამჯერად მხოლოდ ამ საუკეთესო ნაშრომზე გვინდა შევჩერდეთ, რომელიც კი ჩვენთვის საინტერესო საკვლევი პერიოდის შესახებ შეიქმნა ქართულ ისტორიოგრაფიაში და რომლის ავტორიცაა გიორგი წიქარიშვილი.
ეს გახლავთ მისი `ჟამი ჭეშმარიტი (დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა)~ (თბ., 2003). მკითხველის წინაშეა მართლაც ქრონიკა _ მიმდინარე ამბების, ხდომილებების, პოლიტიკური მოვლენების აღწერა 1988-1993 წლებში. `ჟამი ჭეშმარიტი~ ამ წლების ისტორიის თხრობაა. თავად მთხრობელი _ ავტორი, ისე, როგორც ჩვენ, იმ თაობის წარნომადგენელთა უმრავლესობა, მიმდინარე პროცესების თვითმხილველია, მაგრამ, სხვათაგან განსხვავებით, ავტორმა ქრონოლოგიური მიმდევრობით გადმოსცა თვალით ნანახი და ყურით გაგონილი. `ჟამი ჭეშმარიტი~ არაა ტიპიური სამეცნიერო ნაშრომი, ის არ განეკუთვნება საისტორიო გამოკვლევის ჟანრს. მასში არაა სპეციალურად რომელიმე ისტორიული პრობლემა ან პრობლემები შესწავლილი _ ვთქვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, ან პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, ან პარლამენტარიზმის ისტორია და ა.შ. გ. წიქარიშვილის ნაშრომში ავტორი გვიყვება მის და ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენების შესახებ, გვიზიარებს მოსაზრებებს მათში მონაწილე პოლიტიკურ პერსონაჟებზე, მათი საქმინაობის, ნამოქმედარის ავკარგიანობის გამო, აფასებს, იწონებს ან გმობს მათ ნამოქმედარს, მკითხველის თვალწინ ცოცხლდება მაშინდელი პოლიტიკური რეალიები, დაწყებული ეროვნული მოძრაობის აღმავლობიდან, 1993 წლის შემდგომის დრამატულ მოვლენებამდე.
`ჟამი ჭეშმარიტი~ უფრო ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების მატიანეს წააგავს. მასში თავმოყრილია დიდძალი ემპირიულ-ფაქტობრივი მასალა, ეპიზოდები, მაშინდელი ჩვენებურ პოლიტიკოსთა თუ პოლიტიკანთა საქმიანობის ამსახველი ამბები, დიალოგები, მონოლოგები, გამონათქვამები, ამონარიდები გამოსვლებიდან, ინტერვიუებიდან. მათს სიზუსტეზე და სანდოობაზე ავტორი არ წუხს, არც წყაროს ან დოკუმენტის წარმომავლობას უთითებს. მაგრამ, რაც მთავარია, ამით მთავარ მიზანს არაფერი აკლდება _ ავტორის მიზანს, _ მოუთხროს მკითხველს, რა ხდებოდა 1988-1993 წლების საქართველოში; ცოცხლად წარმოუდგინოს ან გაახსენოს მას მაშინდელი პერიოდისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური, სულიერი, საზოგადოებრივი ატმოსფერო, `სახელი დაარქვას~ და შეაფასოს ხდომილებათა თუ პიროვნებათა ავკარგი. `მომავალ ქართულ საზოგადოებასაც სჭირდება ფაქტობრივი მასალა და მოვლენათა თვითმხილველის ერთგვარი `წინასწარი ანალიზი~, რათა არ შეცდეს და ეპოქის `სულისკვეთება~ ნათლად შეიგრძნოს~ _ წერს ავტორი.
გიორგი წიქარიშვილის `დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა~ უაღრესი ინტერესით იკითხება. ავტორმა უახლოესი `ქართლის ცხოვრების~ უმნიშვნელოვანესი ხუთწლეულის მოვლენათა მატიანე შექმნა. მატიანის სცენაზე ცოცხალი პოლიტიკური პერსონაჟები მოქმედებენ თავიანთი ადამიანური ღირსებებით და უფრორე ნაკლოვანებებით. შესაძლოა დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო ავტორისეულ ძალდაუტანებელ, მყისიერ, ეპიზოდურ შეფასებებს, ირონიას, ემოციას, აღშფოთებასაც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არსებობს ხუთწლიანი `ჟამი ჭეშმარიტის~ მატიანე, რომელიც მკითხველს საფიქრალად და შესაფასებლად ეპოქის ცოცხალ სურათს აძლევს, რისთვისაც ავტორი მხოლოდ მადლობას იმსახურებს.
ცალკე უნდა აღინიშნოს დიდი გულისტკივილით და ამდენი უგუნურების ნახვით გამოწვეული ერთგვარი გაოცებით შექმნილი მხატვრული ტილო, მძიმე ეპოქის მხატვრული ისტორია, ოთარ ჩხეიძის რომანი `არტისტული გადატრიალება~. ის ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწერა, ცხელ გულზე. `მოვლენებს დრო უნდა, უნდა ჩაიაროს, უნდა დაგვშორდეს, შორიდან უკეთ გამოჩნდება, მწერალიც უკეთ გამოჰხატავსო… _ წერდა ოთარ ჩხეიძე და არ სჯეროდა, პირიქით, ფიქრობდა, _ ჰო, მოჩანს, მაინც მოსჩანს, უკვე ნათლადა, კანთიელადა, _ ხვალ ეგებ ბინდიც გადაეფაროს… მე დარჩენილ წლებს თითებზე ვითვლი, ვეღარაფერს დაველოდები~. წამძღვარებაში რომანის არსია განხილული და ჩვენც იმით ვიხელმძღვანელოთ: `ამბავი `არტისტული გადატრიალებისა~ 1991 წლის შემოდგომის და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ფონზე ვითარდება. ამბავი დრამატულია, მოვლენები ტრაგიკული. ეს ალბათ იმიტომ, რომ აქ, ამ რომანში, ადამიანებს არ გაეგებათ, ან უჭირთ გაიგონ, თუ რასა სჩადიან, რა სურთ და რა შედეგი მოჰყვება მათს მოქმედებას. საყოველთაო დაბნეულობაში იკარგება საერთოOმიზანი და თვითონაც ინთქმებიან მოვლენათა ჭაობში~.
თითქმის სულ ეს არის, რასაც 1987-1992 წლების პერიოდის ისტორიოგრაფია ეწოდება. ამ მწირ სურათს ემატება ისტორიკოსთა მიერ გამოქვეყნებული სტატიები, წერილები, სხვა მცირე სახის პუბლიკაციები, ან ნაშრომები, რომლებიც სხვა თემატიკას ეხებიან და ირიბად ან გაკვრით ეხებიან საკვლევ საკითხს. ამ მხრივ სასარგებლო ინიციატივა განახორციელა გაზ. `საქართველოს რესპუბლიკის~ რედაქციამ, რომელმაც წამოიწყო დისკუსია თემაზე: `საქართველო 1985-2003 წლებში~. დისკუსიაში მონაწილე ისტორკოსები ხშირად ეხებოდნენ 1991-1992 წლების მოვლენებს და მათი შეფასების პრობლემას. მათგან აღსანიშნავია პროფ. შოთა ვადაჭკორიას და ბადრი რამიშვილის წერილები, მათ შორის `1991-1992 წლების მოვლენების `გმირებმა~ თავიანთ თავს პოლიტიკური საფლავი მოუმზადეს~ (გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 2007, 23 მარტი). სხვადასხვა დროს პრობლემას ეხებოდა რ. ჩხეიძის, კ. ზ. გამსახურდიას, გ. შარაძის, ჯ. გამახარიას, ნ. თავართქილაძის, გ. გაჩეჩილაძის, ა. ჭაჭიას, ტ. ფუტკარაძის, ჯ. შონიას, ვ. ხარჩილავას, პ. კუპრაშვილის, გ. ყორანაშვილის, ა. სონღულაშვილის, ვ. გურულის, ო. ჯანელიძის, ვ. რცხილაძის, თ. ჭანტურიშვილის, სხვათა ნაშრომები, პუბლიკაციები, კრიტიკული გამოხმაურებები და ა.შ.
ზემოაღნიშნულ-განხილული ისტორიოგრაფიული მიმოხილვიდან ჩანს, რომ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა უმთავრესად 1988-1992 წლების ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ან გაბმული ისტორიის აღდგენას ეხება, ან მის რომელიმე ნაწილს. ჩვენი მიზანი განსხვავებულია. ჩვენ გვსურს 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი მიზეზის _ საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შესწავლა, მისი გამომწვევი პირობების დადგენა, მისი მიმდინარეობა, დაპირისპირებული მხარეების, პიროვნებების, პარტიების, ორგანიზაციების გამოვლენა, კონფრონტაციის იდეურ-პოლიტიკური და სულიერ-ფსიქოლოგიური თუ სოციალური მოტივაციების ახსნა, ე. წ. ეროვნული ერთიანობის ფენომენი და მისი მიუღწევლობის გარემოებები, დაბოლოს, იმ თეზისების დასაბუთება, რომ შიდა პოლიტიკური კონფრონტაცია განპირობებული იყო მთელი რიგი წინა ათწლეულებში ჩასახული ფაქტორებით და თავისთავად წარმოადგენდა სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთ წინაპირობას, წანამძღვარს, რაც არ შეიძლებოდა არ გამოეყენებინა გარეშე ძალას. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შესწავლამ თავისთავად მიგვიყვანა გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღმავლობის სათავეებთან და განსაზღვრა ჩვენი ნაშრომის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი _ 1988 წელი.
ის, თუ როგორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებს, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იყოს ზუსტი, როცა შეისწავლება და დადგინდება მისი გამომწვევი წინაპირობები, ანუ წინამორბედი დაპირისპირებები და წინა წლებში არსებული შიდა პოლიტიკური კონფრონტაციის ხასიათი. იმის გარკვევაც გვსურს _ შეეძლოთ თუ არა შეიარაღებულ ამბოხებულებს და სამოქალაქო ოპოზიციას მხოლოდ საკუთარი ძალებით არსებული ხელისუფლების დამხობა, თუ ეს შესაძლებელი გახდა გარეშე ძალების დახმარებით და ინსპირაციით.
საკვლევი თემა დღესაც უაღრესი პოლიტიკური აქტუალურობით გამოირჩევა. ასეული ათასობით ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი და მყარი პოზიცია. ჩვენ, ვითვალისწინებთ რა ამგვარ განწყობას საზოგადოებაში, მაშინდელი პოლიტიკური პროცესების განხილვისა და შეფასების დროს პრიორიტეტს ვანიჭებთ არა ამა თუ იმ მოღვაწეთა, პარტიათა, ხელისუფალთა თუ ოპოზიციონერთა აზრს, არამედ დოკუმენტს, ოფიციალურ წყაროს, წერილობით, პროგრამულ-პარტიულ თუ სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, დადგენილებას, ბეჭდური სახის პროდუქციას, რომელიც გუნდური შემოქმედების შედეგია და არა პიროვნებათა გადმოცემებს, ინფორმაციას, ნათქვამს, მონაყოლს, აზრს და ა. შ.
რა თქმა უნდა, საისტორიო მეცნიერებამ უნდა გაითვალისწინოს მომხდარი პოლიტიკური მოვლენების მონაწილეთა ინფორმაცია თუ პოზიცია, მაგრამ მათი მრავალრიცხოვნებისა თუ სუბიექტურობის გამო, შეუძლებელია მათი უკრიტიკო გაზიარება. ჩვენთვის ამოსავალია _ ოფიციალური დოკუმენტი, საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტი ან ისტორიული წყაროს მნიშვნელობის მქონე მყარი მასალა.
დასასრულს შევნიშნავთ, რომ ჯერ არ დაბადებულა ალბათ ისტორიკოსი, რომელიც წინასწარ განაცხადებს, მე მხოლოდ სიცრუე უნდა დავწერო, მოვლენები გავაყალბო და ტენდენციური შეფასებები გავაკეთოო. პირიქით, ყველა მხოლოდ პირუთვნელი, ობიექტური, მართალი ისტორიის დაწერის აღთქმას დებს. ამ კეთილშობილური მიზნის შესრულება ბევრ სიძნელესთანაა დაკავშირებული, მეტადრე მათთვის, ვინც ახლო წარსულზე და თითქმის დღევანდელობაზე წერს. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ _ ფაქტის, მოვლენისა და პიროვნების ნამოქმედარის განხილვა-შეფასების დროს ვცდილობდით მინიმუმამდე დაგვეყვანა სუბიექტური ფაქტორი, ის, რასაც საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობას, სიმპათია-ანტიპათიას უწოდებენ. ვნახოთ, როგორ გამოგვივიდა და რა გამოვიდა აქედან _ ეს უკვე მკითხველის განსასჯელია, ოღონდ ერთი პირობით _ მკითხველსაც ვთხოვთ, აღნიშნული პრინციპით იხელმძღვანელოს.

თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი

თანდაყოლილი დაპირისპირებები საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში (1987-1990წწ)

მრავალპარტიული სისტემის ფორმირება. მემარცხენეთა ბანაკი. 1987-1989 წლებში საქართველოში ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა მრავალპარტიულ სისტემას. მართალია არაფორმალური ჯგუფები და პარტიები ოფიციალურად რეგისტრირებულნი არ იყვნენ, მაგრამ რეალურად ისინი არსებობდნენ და სერიოზულ ზეგავლენას ახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
უკვე ამ პერიოდისათვის შეიძლებოდა პარტიათა კლასიფიკაცია სამ ძირითად ბანაკად _ მემარცხენე, ცენტრისტულ და მემარჯვენე ფრთებად. ჩვენ ამჟამად რადიკალური მიმართულების ბანაკის ფორმირების პრობლემა გვაინტერესებს, მაგრამ სურათი უფრო ნათელი რომ იყოს, გავიხსენოთ მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი, რომელი ბანაკი რა პოლიტიკურ დაჯგუფებებისაგან შედგებოდა.
1989 წლის მეორე ნახევრისათვის საქართველოში ორმოცდაათამდე პოლიტიკური ორგანიზაცია თუ არაფორმალური დაჯგუფება ფუნქციონირებდა. მემარცხენე ფრთაზე ორი მიმართულების დაჯგუფებები არსებობდა ან იქმნებოდა. პირველ მიმართულებაში შედიოდნენ პრობოლშევიკურ-კომუნისტური ტიპის ორგანიზაციები. მათ ჯერ არ დაეკარგათ ან ვერ შელეოდნენ მარქსისტულ-ლენინურ იდეალებს. მეორე მიმართულებას ქმნიდნენ ისინი, ვინც უარყო მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია და ევროპული სოციალ-რეფორმიზმის პოზიციებზე დადგა. შესაბამისად, პირველ ფრთას შესაძლებელია ვუწოდოთ პროკომუნისტური, ხოლო მეორეს _ სოციალ-რეფორმისტული (ევრორეფორმისტული).
მემარცხენე ბანაკს წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1989 წლისათვის იგი უკვე ფუნქციონირებდა. 1990 წლის თებერვალში შედგა პარტიის ყრილობა, რომელმაც სოციალ-დემოკრატიული პარტია გამოაცხადა აღდგენილად და მისი სახელით განაგრძო მოქმედება. სოციალ-დემოკრატები `მშრომელთა~ ინტერესების დაცვაზე აკეთებდნენ ორიენტაციას. `ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ საზოგადოება, სადაც ყველა მშრომელი გახდება მესაკუთრე, ყველა მესაკუთრე კი იქნება მშრომელი~, _ წერდნენ პროგრამაში `მესამე დასელთა~ მემკვიდრეები.
საგარეო პოლიტიკის სფეროში სოციალ-დემოკრატები ერიდებოდნენ მკვეთრი ორიენტაციის დაფიქსირებას და `მშვიდობიანი თანაარსებობისა~ და `აქტიური ნეიტრალიტეტის~ მომხრეები იყვნენ. სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა უნიტარული უნდა ყოფილიყო, ხოლო ეროვნულ უმცირესობებს კულტურული ავტონომია მიენიჭებოდათ. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერები იყვნენ ჯემალ კახნიაშვილი, გურამ მუჩაიძე. პროგრამულ და იდეოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა უჩა ბლუაშვილის წერილები, რომელიც პარტიულ გაზეთ `ერთობაში~ ქვეყნებოდა.
1989 წელს შეიქმნა მემარცხენე მიმართულების პროკომუნისტური ორგანიზაცია _ ი. ბ. სტალინის საზოგადოება. სტალინელების იდეალს, ამჯერად კომუნისტური საზოგადოების ჩინური მოდელი წარმოადგენდა. პროგრამულ მოთხოვნებში გათვალისწინებული იყო მიწაზე შერეული სახელმწიფო და კერძო საკუთრება. საგარეო ორიენტაცია ბუნდოვანი და ერთდროულად რუსულ-ევროპული გახლდათ. უფრო უცნაურად გამოიყურებოდა სტალინელების სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელად კონსტიტუციური მონარქიის მოთხოვნის წამოყენება. (ინიციატორები: გრიგოლ ონიანი და ი. ფანცხავა).
მემარცხენე ბანაკს იყო მიკუთვნებული 1988 წელს დაარსებული ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორობის პარტია (თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაული). პარტიის მიზანი კარგად მოსჩანდა მისივე სახელწოდებიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, პროგრამული მოთხოვნების ხასიათით ეს ორგანიზაცია უფრო სოციალური ორიენტაციის ცენტრისტულ დაჯგუფებას წარმოადგენდა.
1990-1991 წლებში მემარცხენეთა ბანაკს რამდენიმე ორგანიზაცია შეემატა.
სტალინისტური მიმართულების კომუნისტურ დაჯგუფებას წარმოადგენდა საქართველოს მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაცია (თავმჯდომარე თენგიზ კანთელაშვილი). ორგანიზაციის პროგრამულ დოკუმენტებში აღნიშნული გახლდათ წევრთა ვალდებულებები: `მარქსისტულ-ლენინური თეორიის დაუფლება~, საქმიანობის წარმართვა `მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ მუშურ-გლეხური სახელმწიფოს განმტკიცებისათვის~. სხვა პროგრამულ პრიორიტეტებად ცხადდებოდა: მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში, ურთიერთობა და მეგობრობა ყველა სოციალისტურ სახელმწიფოსთან, სახელმწიფო სისტემა _ სოციალისტური. `მშრომელები~ არ ცნობდნენ და უარყოფდნენ კაპიტალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობას და მეგობრობას. ორგანიზაცია ბეჭდვით ორგანოს _ `სტალინელს~ გამოსცემდა და სტალინური ტიპის იზოლირებული სახელმწიფოს რესტავრაციაზეც არ იტყოდა უარს.
მემარცხენე ბანაკის სოციალ-რეფორმისტულ მიმართულებას მიეკუთვნებოდა საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი. იგი 1990 წელს შეიქმნა არჩილ იოსელიანის თავმჯდომარეობით. კავშირი მოითხოვდა სახელმწიფო საკუთრების აღდგენას მიწაზე, სოფლის მეურნეობასა თუ მრეწველობაში.
1989 წელს იყო შექმნილი ორგანიზაცია `მიწათმოქმედთა კავშირი~, რომელსაც შემდგომში `მამულის აღორძინება~ ეწოდა. შესაძლოა მისი პატრიოტული დევიზის გამო: `მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა~ _ ორგანიზაცია ცენტრისტული ბანაკისათვის მიგვეკუთვნებინა. Mმაინც, ეკონომიკური პოზიციის გამო `მიწათმოქმედთა კავშირი~ სოციალ-რეფორმისტულ ფრთას უფრო მიესადაგებოდა. იგი უარყოფდა როგორც სოციალიზს, ისე კაპიტალიზმს და ქართველებისათვის განსაკუთრებული, `ხალხისათვის მისაღები ფორმების მოძებნას~ ცდილობდა, რომელიც შესაფერისი იქნებოდა `ქართული ეროვნული ტრადიციისათვის~.
მაგრამ `მიწათმოქმედთა კავშირი~ მიწაზე მხოლოდ სახელმწიფი საკუთრებას ცნობდა და გამორიცხავდა მისი ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას. იგი მუდმივ სარგებლობაში უნდა ყოფილიყო და შთამომავლობით გადასცემოდა მფლობელებს. ეს იყო ფაქტიურად კვლავ სოციალისტური საკუთრების ფორმა და გამორიცხავდა კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპს _ კერძო საკუთრებას.
ასეა თუ ისე, მემარცხენე ბანაკის უმრავლეს პარტიებს ნაკლებად აწუხებდათ ის პრობლემები, რომლებიც უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა ეროვნული მიმართულების ორგანიზაციებისთვის, ამდენად, ამ უკანასკნელთა კრიტიკოსებს და მოწინააღმდეგეებს წარმოადგენდნენ.

ცენტრისტები. Eეს ფრთა საქართველოს შიდა პოლიტიკურ რუკაზე სუსტ რგოლს წარმოადგენდა. მასში ორიოდე შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ორგანიზაცია უნდა ვიგულისხმოთ. მაგ., 1988 წელს შეიქმნა საქართველოს მთიელთა პოლიტიკური კავშირი (შემდგომში _ ლიგა). ორგანიზაციის პროგრამული პრიორიტეტები გამოუკვეთელი და შუალედური, ამდენად ბუნდოვანიც გახლდათ _ მიწაზე საკუთრების ყველა ფორმის დაშვება; საგარეო პოლიტიკაში _ უორიენტაციო `ურთიერთთანასწორობის~ პრინციპი და ა. შ.
იგივე შეიძლება თქმულიყო საქართველოს მთიელთა კავშირის შესახებაც. იგი 1990 წელს გაფორმდა. ერთადერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი ამ ორი ორგანიზაციის სახელწოდებაში გამოიხატებოდა _ საქართველოს მთის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
დაახლოებით ანალოგიური ხასიათის გახლდათ 1990 წელს დაარსებული `სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია `ლემი~. მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებზე და განსაკუთრებით სვანეთზე ორიენტირებული ორგანიზაცია უშვებდა მიწაზე როგორც კერძო, ისე საიჯარო საკუთრების ფორმებს, თუმცა საზღვრისპირა ზოლში კერძო საკუთრება მიწაზე დაუშვებლად მიაჩნდა. რაც შეეხება საგარეო ორიენტაციას, `ლემი~ დასავლეთის ქვეყნებთან ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე გახლდათ, ხოლო მეზობელ ქვეყნებთანაც თანასწორუფლებიან, კეთილმეზობლურ ურთიერთობას მიიჩნევდა სასურველად.
ეკოლოგია, დემოკრატია, არაძალადობა _ ამ დევიზით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში 1990 წელს დაარსებული `საქართველოს მწვანეთა პარტია~. ზურაბ ჟვანიას, გიორგი ბარამიძის, პირვანდელი თავჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებული მწვანეთა პარტია თავიდანვე `ევროგაერთიანებაში~ ინტეგრაციას გეგმავდა საგარეო სფეროში. ამავდროულად, მწვანეები არამარტო `მოსახლეობის საარსებო გარემოს დაცვას~ ფიქრობდნენ, არამედ `სოციალური სამართლიანობის პრინციპების მაქსიმალურ~ რეალიზაციასაც ხაზს უსვამდნენ.
1991 წლიდან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ორი `დემოკრატიული~ და მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია შემოემატა. ერთი იყო `დემოკრატიული პარტია~. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ: ქართლოს ღარიბაშვილი, მიხეილ ქურდიანი, გელა ქვლივიძე და სხვ.
მეორე გახლდათ `საქართველოს დემოკრატიული კავშირი~. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ავთანდილ მარგიანი (თავმჯდომარე), ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, გურამ მამულია და სხვ. უკანასკნელის განმარტებით, უკვე 1991 წლის სექტემბრიდან ამ ორგანიზაციამ `დაიწყო რეალური ნიადაგის შემზადება ე. შევარდნაძის საქართველოში დასაბრუნებლად~.1
ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ძალები გაერთიანდნენ ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციაში `საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი~. იგი 1990 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა ვალერიან ადვაძის თავმჯდომარეობით და არაერთი მბრწყინავი ავტორიტეტის წევრობით მიიქცია საზოგადოების ყურადღება: ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ გამყრელიძე, ლაშა თაბუკაშვილი, იგორ ბოგომოლოვი, რომან მიმინოშვილი… პროგრამული პრიორიტეტებიც გონივრული თანმიმდევრობით ითვალისწინებდა არა იმდენად დიდი ხნის ნაოცნებარ იდეალებს, არამედ უფრო თანადროულობის მიერ წამოჭრილ მოთხოვნებს: ქართველი ხალხისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხების კონსოლიდაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად, სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სუვერენიტეტის მისაღწევად, ახალი თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის შესაქმნელად და განსამტკიცებლად.
ცენტრში განლაგებულ ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციებს რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება აერთიანებდათ. ერთის მხრივ ისინი უარყოფდნენ ძველ საბჭოურ სისტემას, ნორმებს, ღირებულებებს, ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც იმხანად ჯერჯერობით სოციალისტური ბანაკის დაშლის, საბჭოთა კავშირის დასუსტებისა და დასავლურ-დემოკრატიული სისტემის გაძლიერების ნიშნით მიმდინარეობდა. მეორე მხრივ, ისინი საქართველოში სასურველი პროცესების ევოლუციური, ფრთხილი განვითარების მოსურნენი იყვნენ, უფრთხოდნენ მოვლენების რადიკალიზაციას, როგორც პირადი, ისე ქვეყნის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამგვარი ევოლუციონისტები არა მარტო რადიკალიზაციას, რადიკალებსაც უფრთხოდნენ, რაც მეტისმეტად ზღუდავდა მათ პოლიტიკურ აქტივობას და მათ ქმედითუნარიანობას ლოდინის ჩარჩოებში აქცევდა.
ამ თავისებურმა კლასობრივ-პირადულმა ეგოიზმმა, უმოქმედობამ ცენტრისტული პარტიები და ფენები ჩამოაცილა მოსახლეობის ხელმძღვანელობის საპატიო მისიას და ეს მოვალეობა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არგუნა. ცენტრისტებს ორ ცხენზე ჯდომის უხერხული როლი ერგოთ, რაც მათ ბუნდოვან პროგრამებშიც აისახა, როცა ისინი მიწაზე კერძო საკუთრებასაც მოითხოვდნენ, მაგრამ სახელმწიფო საკუთრების ფორმასაც არ უარყოფდნენ; როცა ისინი ორიენტაციულად საბჭოთა თუ პოსტსაბჭოურ სივრცესთან თანასწორუფლებიან ურთიერთობასაც ფიქრობდნენ და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციასაც თითქოს მიელტვოდნენ. მთავარი მაინც ცენტრისტული ბანაკის პოლიტიკური აქტივობის დაბალი ხარისხი გახლდათ, რამაც სხვა ჯგუფებს მოქმედების მეტი შესაძლებლობა და არეალი შეუქმნა.
გამორიცხული არ არის, რომ ძლიერი ცენტრისტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შექმნის საჭიროებას მაშინ საქართველოს კომუნისტურ ხელმძღვანელობაშიც მიხვდნენ. სწორედ, იმჟამინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით და შესაძლოა, ინიცირებითაც შეიქმნა შოთა რუსთაველის საზოგადოება. მის რიგებს 1980-იანი წლების ქართული ზეინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი ავსებდა.
მაგრამ ხელისუფლებამ აქაც შეცდომა დაუშვა. მან რუსთაველის საზოგადოებას, ქართველი საზოგადოების შემკრები მისიის მაგიერ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან კონკურენციის ფუნქცია დააკისრა, ანუ მის `საპირწონედ~ შექმნა. მიუხედავად რიგი პრივილეგიებისა, რუსთაველის საზოგადოებამ ვერც ხელისუფლების შეკვეთა შეასრულა და ვერც ის მისია აღასრულა, რომელსაც ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებდა ხოლმე სახელიანი ინტელიგენცია. ღვაწლმოსილ პიროვნებათა კაშკაშა სახელები: ტარიელ ჭანტურია, ანა კალანდაძე, გურამ გეგეშიძე, ოთარ ჭილაძე თუ სხვანი რუსთაველის საზოგადოებაში, მისი სახელით და საშუალებით საზოგადოებრივ, კულტურულ და პატრიოტულ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ იმ მღელვარე ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის აღმავლობის დროში ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც მათ და, სამწუხაროდ, ვერც ისეთმა პოპულარულმა საზოგადო მოღვაწემ, როგორიც აკაკი ბაქრაძე გახლდათ, რუსთაველის საზოგადოება ვერ აქციეს ეროვნული მოძრაობის ტონის მიმცემ ორგანიზაციად.
ეროვნულ მოძრაობას სხვა თავკაცები და ლიდერები წარუძღვნენ.
მოგვიანებით აკაკი ბაქრაძე გონების თვალით აანალიზებდა განვლილ მოვლენებს და დაასკვნიდა: `ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ ევოლუციის, თანდათანობის გზას დასდგომოდა, იგი ძმათა სისხლით არ შეიღებებოდა, ბუნებრივი განვითარების პროცესს გაჰყვებოდა. თავისუფლება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, უცრემლოდ და უსისხლოდ დამკვიდრდებოდა საქართველოში, მაგრამ სულწასულობის გამო ქართველმა ხალხმა უარყო თანდათანობითობის გზა. უცბათYდა ერთბაშად მოინდომა იმის მიღება, რის მოპოვებასაც დიდი მოთმინება, წესრიგი, შრომა, სიყვარული და გონიერება სჭირდებოდა~.2
ამ დასკვნაში, რა თქმა უნდა, ბევრია სიმართლე. მასზე სხვა დროს შევჩერდებით. ისიც სიმართლეა, რომ `ქართველმა ხალხმა უარყო თანდათანობითობის გზა~, მაგრამ გამოსაყოფია `ქართველი ხალხის~ ის ჯგუფები, რომლებსაც მეტი ბრძოლისუნარიანობა, ენერგია და პოლიტიკური აქტიურობა უნდა გამოევლინათ და წინამძღოლობა ადვილად არ დაეთმოთ სხვებისათვის, აქ კი სწორედ ქართული პოლიტიკური სპექტრის ცენტრში მდგარი ინტელიგენციის ჯგუფები და ზედაფენაც იყო პასუხისმგებელი, რისი პრეტენზიაც მას აქამდე სიტყვით და კალმით გააჩნდა.
ცენტრისტულ ბანაკს უნდა მივაკუთვნოთ, ალბათ `საქართველოს ღვთისშვილთა კავშირიც~, რომელიც მართალია ამ სახელით 1992 წლის თებერვალში გაფორმდა, მაგრამ უკვე 1989 წელს ფუნქციონირებდა, როგორც `სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია)~. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მიზანი გახლდათ ნაკლებადუზრუნველყოფილი სოციალური ფენების _ ინვალიდების, პენსიონერების, ობოლ-მარტოხელათა, მატერიალურად ხელმოკლეთა, მრავალშვილიან ოჯახთა, დაზარალებულთა, პატიმართა და სხვა სახის შეჭირვებულთა ინტერესების დაცვა. ორგანიზაციის მსოფლმხედველობა და რწმენა ქრისტიანულ-ტრადიციული გახლდათ. ერთის მხრივ, ისინი მიელტვოდნენ ქრისტიანული რწმენის აღორძინებას, ჰუმანისტური მსოფლმხედველობის, ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებას. საგარეო ორიენტაციაც, `ღვთისშვილთა~ წარმოდგენით, `ფრთხილი, მოქნილი, დაბალანსებული~ უნდა ყოფილიყო.
1989 წლის იანვარში შედგა ერთ-ერთი მასობრივი ცენტრისტული ორგანიზაციის _ სახალხო ფრონტის დამფუძნებელი კრება. პროგრამულ დოკუმენტებში მიუთითებდნენ, რომ ფრონტი აერთიანებდა კეთილი ნების ადამიანებს _ საქართველოს სრული დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ჰუმანური საზოგადოების შექმნის მიზნით. თავდაპირველად, ორგანიზაციის დამაარსებელს და თავკაცს ნოდარ ნათაძეს და მის თანამოააზრეებს სახალხო ფრონტი ესახებოდათ, როგორც გამაერთიანებელი საზოგადოება, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში საკოორდინაციო ცენტრის წამყვანი ძალის როლს შეასრულებდა. ამგვარი მისიის აღსრულება ქართულმა სახალხო ფრონტმა ვერ შეძლო, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 1988-1991 წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში და რადიკალიზმსა და ზომიერ მიმართულებებს შორისაც ცენტრისტულ პოზიციას ინარჩუნებდა.
სახალხო ფრონტი სოციალურად და პოლიტიკურად მოსახლეობის საშუალო ფენებზე ცდილობდა ორიენტირებული ყოფილიყო. ესენი იყვნენ `პატიოსანი და მშრომელი~ ადამიანები, `ნამდვილი მეცნიერები და ბეჯითი სტუდენტობა~, კულტურის მოღვაწენი, `საქმიანი სამეურნეო მუშაკები, გონებაგახსნილი ეკონომისტები, ნამუსიანი ბიზნესმენები… ყველა ამ წესიერი პროფესიონალ და მოაზროვნე ხალხის ინტერესებს პოლიტიკურ სარბიელზე დაიცავენ ნამდვილად ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს სახალხო ფრონტი~.3
აქვე გვინდა აღვნიშნოთ: სახალხო ფრონტს რომ ცენტრისტული მიმართულების ბანაკში ვათავსებთ, იმითაცაა ნაკარნახევი, რომ ასე თავად ფრონტის მესვეურები იქცევიან. რაც შეეხება თავიანთი მოქმედების ხასიათით, რიგ შემთხვევაში შეურიგებელი პოზიციით და მისი გამოხატვის ადეკვატური ფორმით, პრინციპული განცხადებებით და ქმედებით, რაც არაერთხელ გამოუთქვამთ და გამოუხატავთ სახალხო ფრონტის ლიდერებს და განსაკუთრებით მათ თავკაცს ნოდარ ნათაძეს, ეს ორგანიზაცია უფრო რადიკალურ ბანაკს შეიძლება მივაკუთვნოთ, ვიდრე ცენტრისტულს. უფრო სამართლიანი კი ის იქნება დავასკვნათ, რომ სახალხო ფრონტი ერთის მხრივ, კერძოდ კი, თავისი სოციალურ-პოლიტიკური მსოფლმხედველობით ცენტრისტული იყო, ხოლო პოლიტიკური ბრძოლის მანერით _ რადიკალური. ამ ორ შინაარსს თითქოს საკუთარ არსებაში რელიეფურად ატარებდა სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე, რომელიც ერთის მხრივ, ხან ღრმა ინტელექტუალად წარმოგვიდგებოდა, ხოლო მეორე მხრივ, კი უკომპრომისო რადიკალად, რაც ჯამში, არათანმიმდევრული ექსცენტრულობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე თანმიმდევრულობის.

მემარჯვენე ბანაკი. რუსეთის საბჭოური იმპერიის დეცენტრალისტურ პროცესებს ბევრად უფრო მომზადებულად და ენერგიული განწყობით შეხვდა ქართული პოლიტიკური სპექტრის მომდევნო, მემარჯვენეთა ბანაკი. იყო დრო, როცა მემარჯვენეობა საძრახის საქმედ ითვლებოდა, რეაქციულობისა და შავრაზმელობის სინონიმს წარმოადგენდა. რომანოვების რუსეთის იმპერიაში, XX საუკუნის დასაწყისში, მემარჯვენეთა ბანაკს შეადგენდნენ რუსული მონარქიის დამცველი პოლიტიკური ორგანიზაციები: რუსი ხალხის კავშირი, ოქტიაბრისტები და ძმანი მათნი. საქართველოში მემარჯვენე ორგანიზაციებს ადგილობრივი რუსული ადმინისტრაციის და ოფიცრობის წარმომადგენელნი ქმნიდნენ. ქართველები მას არ ეკარებოდნენ. 1909 წელს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოების ერთ-ერთ კრებაზე სასტიკად გაკიცხეს ერთი რენეგატი სტუდენტი, რომელიც თურმე ოდესაში `ჭეშმარიტ რუსთა კავშირში~ შესულიყო. ასეთი შემთხვევები გამონაკლისი გახლდათ.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, აღარც რუსეთის ადგილობრივი ადმინისტრაცია არსებობს. მემარჯვენეობის ტრადიციულმა მნიშვნელობამაც შინაარსი შეიცვალა.
საერთოდ, მემარჯვენეები პირველ რიგში იმით განსხვავდებოდნენ ცენტრისტული ორგანიზაციებისაგან, რომ გამოკვეთილად გამოხატავდნენ და ასაბუთებდნენ თავიანთ იდეოლოგიურ პოზიციებს. ამ მხრივ, გამოირჩეოდა `საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი~. ამ ორგანიზაციამ იდეური და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წინააღმდეგობრივი გზა განვლო, რაც სხვათა შორის, პარტიის სახელწოდებათა ცვლილებებშიც აისახა.
1988 წლის ივლისში ჩამოყალიბდა `საქართველოს ეროვნული სამართლიანობის კავშირი~, რომლის პოლიტიკურ ორგანიზაციასაც წარმოადგენდა `საქართველოს სამართალ-რადიკალური პარტია~. 1989 წლის ოქტომბერში ორივე ორგანიზაცია გაერთიანდა `საქართველოს ეროვნული სამართლიანობის პარტიის~ სახელით. 1990 წლის იანვარში პარტიამ იცვალა სახელი და ამჯერად `რესპუბლიკურ-ფედერალურ პარტიად~ გარდაიქმნა. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაში ფორმირების რთული პროცესი მიმდინარეობდა, რადგან დაშლისა თუ შიდა წინააღმდეგობის შედეგად რესპუბლიკელ-ფედერალისტების ერთი ნაწილი ახლადშექმნილ ქრისტიანულ-დემოკრატიულ ახალგაზრდობის ასოციაციას შეუერთდა. ეს მოხდა 1990 წლის მარტში და ორგანიზაციამ ამ გაერთიანების შედეგად, საბოლოოდ საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის სახელი მიიღო.
ასე რომ, `კავშირი~, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ახალიც იყო და ძველიც. განსაკუთრებით ძველი და ტრადიციული გახლდათ ქრისტიანულ-დემოკრატთა მემარჯვენე მსოფლმხედველობა. იგი `ქრისტიანულ ღირებულებებს ეყრდობა, მოქმედება _ ქრისტიანულ პასუხისმგებლობას~ _ ვკითხულობთ პარტიის მაშინდელ წესდებაში. სხვა პრიორიტეტები: ღია საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა, მიწაზე შეუზღუდავი კერძო საკუთრება და გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია _ ევროინტეგრაციის ხაზით და ევროპული კავკასიის მიმზიდველი ფორმით. პარტიას და მის ლიდერს ირაკლი შენგელაიას ფედერალური მოწყობა არამარტო საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სისტემის საუკეთესო ფორმად, არამედ ეთნოკონფლიქტების თავიდან აცილების გარანტიად მიაჩნდა, თუ იგი ისტორიული კუთხეების ტრადიციას დაეფუძნებოდა: ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, გურია…
1990 წელს ჩამოყალიბდა ერთ-ერთი წამყვანი მემარჯვენე ორგანიზაცია ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია. თავდაპირველად, ეს იყო სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ფრაქცია, რომლის ბაზაზეც 20 მარტს დამფუძნებელ კრებაზე შეიქმნა აღნიშნული პარტიული ორგანიზაცია. ლიბერალ-დემოკრატები მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოლიტიკური ორიენტაციის მატარებლები იყვნენ. პრიორიტეტული იყო დასავლური ტიპის დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ მიზანს არ წარმოადგენდა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო საშუალება უფრო მაღალი რანგის იდეალის _ ლიბერალური დემოკრატიის ტიპის ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად.
ამავდროულად, პარტიის იდეოლოგიურ ფორმულას ეროვნულ საკითხში ლიბერალურ-დემოკრატიული ნაციონალიზმი წარმოადგენდა. პარტიის მესვეურთა რწმენით, ლიბერალურ-დემოკრატიული ნაციონალიზმის მამამთავარი საქართველოში ილია ჭავჭავაძე გახლდათ, ხოლო სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვანი. ლიბერალ-დემოკრატები საბაზრო ეკონომიკის, მიწაზე კერძო საკუთრების მომხრეები, საქართველოს დსთ-დან გამოსვლისა და ევროპასთან ინტეგრაციის პროპაგანდისტები იყვნენ, პირველ რიგში კი _ პარტიის დამაარსებელი და ლიდერი მიხეილ ნანეიშვილი.
ერთ-ერთ უძველეს მემარჯვენე ორგანიზაციას წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტია. იგი 1978 წელს შეიქმნა და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ძალებს აერთიანებდა. პარტიის დამაარსებლები იყვნენ: ვახტანგ ძაბირაძე, ლევან და დავით ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა და სხვ. რესპუბლიკელები, როგორც პროდასავლური პოლიტიკური ორიენტაციისა და ღირებულებების დამამკვიდრებლები, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას მიელტვოდნენ.
მემარჯვენე ბანაკს მიეკუთვნებოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომელიც რეალიზმის ზომიერ მემარჯვენე-ცენტრისტულ პოზიციაზე იდგა. საზოგადოება არ იყო ერთგვაროვანი და მისი რიგებიდან გასული პიროვნებებისა და ორგანიზაციების კვალდაკვალ სულ უფრო ყალიბდებოდა, როგორც ერთგვაროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია.
ერთ-ერთ ტიპიურ გამოკვეთილ ეროვნული მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა ქართვველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ტრადიციონალისტებმა აღდგენილად გამოაცხადეს 1942 წელს გერმანიაში ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი ანალოგიური სახელწოდების მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მონარქიის დამყარებას ისახავდა მიზნად _ ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავლის სამეფო ტახტზე ასვლის გზით. ახალი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი კი 1990 წლის ზაფხულში შეიქმნა აკაკი ასათიანის თავმჯდომარეობით.
`საქართველო უწინარეს ყოვლისა~ _ ამ დევიზით იყო გამსჭვალული ყველა საპროგრამო დოკუმენტი, გამოსვლა, საქმიანობა, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული პრიორიტეტი. ამ დევიზს ემყარებოდა აკაკი ასათიანის ცნობილი თეზისი _ ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია. სხვა მიზანდასახულებანი: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, წვრილი და საშუალო ბიზნესის სტიმულირება, მიწაზე კერძო საკუთრება, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაუშვებლობის პირობით ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. აქ ცოტა არ იყოს, ისე გამოიყურებოდა საქმე, თითქოს ჩვენ ვუყენებდით მოთხოვნებს დიდ სახელმწიფოებს და არა ისინი ჩვენ, რაც იდეალური იქნებოდა, არარეალური რომ არ ყოფილიყო.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისათვის განსაკუთრებით რთულ, კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში, პოლიტიკური რეალიზმი და კომპრომისი უფრო იყო დამახასიათებელი. ცოტა მოგვიანებით ტრადიციონალისტების ერთი ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს კიდეც თავისი პოზიციის რეალისტურ-შუალედურ პრიორიტეტს: `ეროვნული მოძრაობის პირველი, 1988 წლის მასობრივი აქციებიდან დაწყებული, ჩვენს ეროვნულ უბედურებად იქცა იმ ძალის არარსებობა, რომელიც გაემიჯნება ორივე რადიკალურ მხარეს და შეასრულებს იმგვარ შუამავლის როლს, რომელიც მოემსახურება დაპირისპირებათა განმუხტვას და არსებული პრობლემების მშვიდობიან მოგვარებას.~4
მემარჯვენე ფრთაზე კიდევ რამდენიმე ახალშექმნილი პარტია ცდილობდა ფეხის მოკიდებას.
ე. წ. `საქართველოს თავისუფლების პარტია~ – შეიქმნა 1990 წელს.
ქართველ ნაციონალისტთა ერთობა, რომელიც 1920-იანი წლების პარიზში შექმნილ ქართულ-ემიგრანტული ორგანიზაციის `თეთრი გიორგის~ მემკვიდრედ აცხადებდა თავს. `ნაციონალისტები~ და მათი ლიდერი გაიოზ (გია) მამალაძე ცდილობდნენ საქართველო გარე სამყაროსა და გარე პროცესებისაგან მაქსიმალურად დაცულ ქვეყნად წარმოედგინათ: ტრადიციული აგრარული ეკონომიკის, ეროვნული მრეწველობის განვითარება სახელმწიფო სექტორის ფორმით, მიწის გადაცემა ყიდვა-გაყიდვის უფლების გარეშე, ერთიანი კავკასიური კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა და ა. შ.
1989 წლის სექტემბერში შექმნილი `მოქალაქეთა ლიგა~, რომლის წევრებიც უარყოფდნენ საბჭოთა კავშირის და იღებდნენ `საქართველოს მოქალაქეობას~.
1990 წელს დაარსდა `საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირი~.
ამ პერიოდში უკვე არსებობდა რიგი პარტიებისა, დაჯგუფებებისა, რომელნიც არც წევრთა რაოდენობით, არც მნიშვნელობით, არც საპროგრამო მიზნებით არ გამოირჩეოდნენ, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მემარჯვენე ორგანიზაცია შედარებით მეტ გავლენას ახდენდა ქვეყნის პოლიტიკურ ყოველდღიურობაზე, ვიდრე მემარცხენე ან ცენტრისტული პარტიები. მემარჯვენეებს გააჩნდათ მეტი ინიციატივა, აქტიურობა, გამოკვეთილი პროგრამები, ანტიიმპერიული განწყობა, დამოუკიდებლობისაკენ, რეფორმიზმისაკენ, დემოკრატიული სისტემისაკენ სწრაფვა, პოლიტიკური რეალიზმის ხარისხი.
მიუხედავად ყველა ამ გარემოებისა, მიმდინარე ეროვნულ-პოლიტიკური პროცესების ჰეგემონობა ქართული პოლიტიკური სპექტრის სხვა, კიდევ ერთი ბანაკის წარმომადგენელმა ძალებმა მოიპოვეს.

რადიკალური ბანაკის ფორმირება. მემარჯვენეთა ბანაკის წარმომადგენელ პარტიებს შორის ცალკე ფრთად უნდა გამოვყოთ რადიკალური მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციები. მთავარი მიზეზი ამგვარი გამოყოფისა რადიკალური პარტიების აქტიურობის ხარისხი და ის მნიშვნელოვანი როლია, რაც მათ 1987-1991 წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში შეასრულეს.
დეფინიციის სიზუსტისათვის უფრო მართებული იქნება ამ მიმართულების ორგანიზაციებს ეროვნულ-რადიკალური პოლიტიკური პარტიები ვუწოდოთ, რადგან თოთქმის ყველა რადიკალურ ორგანიზაციაში, დეკლარაციულად მაინც, წამყვან საპროგრამო მიზანდასახულებას ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა.
რადიკალური მიმართულების ორგანიზაციას _ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც გიორგი ჭანტურიას სახით დაასაბუთა რადიკალიზმის არამარტო საკუთარი გეგმა, არამედ მისი პრიორიტეტული ფუნქციაც _ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სხვა ორგანიზაციებთან შედარებით, უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით.
1987-1991 წლების პერიოდში ეროვნულ-რადიკალურ მოძრაობას მიეკუთვნებოდა _ ჰელსინკის კავშირი. მას კვლავინდებურად ხელმძღვანელობდნენ ახლა უკვე ქართული ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერები _ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
მათვე 1988 წელს დააარსეს რადიკალური ბანაკის ერთ-ერთი უძლიერესი და წამყვანი ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება.” ორივე ამ ორგანიზაციის უპირველეს მიზანს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა წარმოადგენდა. იდენტური იყო აგრეთვე, მათი დასავლური ორიენტაცია, რასაც დეკლარაციული ასახვა ჰქონდა მათ საპროგრამო დოკუმენტებში. მომავალი კავკასია მათ წარმოდგენილი ჰქონდათ, როგორც ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული სივრცე და სახელმწიფოთა ერთიანობა, რომელიც ფიქსირდებოდა, როგორც `კავკასიური~ სახლი თუ კონფედერაცია. უფრო კონკრეტულად ამგვარი ან მსგავსი ერთიანობის საგულვებელი კონსტრუქცია იმხანად არ საბუთდებოდა.
წმინდა ილია მართლის საზოგადოების პრიორიტეტი იყო `უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს მიწებიდან დამპყრობლის ჯარისა და ერთა ლიგის მიერ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენისათვის~. ეს უნდა მომხდარიყო `მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ფორმების, პროკლამაციებისა და თვითგამოცემითი ლიტერატურის გავრცელების, მიტინგების, დემონსტრაციების, მანიფესტაციების, გაფიცვებისა~ და სხვა ამგვარი საშუალებებით.
რადიკალურ პარტიებს შორის ყურადღებას იქცევდა 1989 წელს ირაკლი წერეთლის თავმჯდომარეობით შექმნილი _ საქართველოს დამოუკიდებლობის პარტია. საპროგრამო დოკუმენტებში გამოკვეთილად ესმებოდა ხაზი ორგანიზაციის პროდასავლურ ორიენტაციას `აშშ-ის პრიორიტეტით.~ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია თავადვე მიჯნავდა საკუთარ თავს ჩვეულებრივი მემარჯვენეებისაგან და რადიკალურ ორგანიზაციად მიიჩნევდა თავს: `საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია არის ეროვნულ-პატრიოტულ ძალთა რადიკალური ნაწილის… დემოკრატიული გაერთიანება _ ვკითხულობთ გაზ. `დამოუკიდებლობაში.~5
მალე ირაკლი წერეთლის პარტიას გამოეყო იმავე მიზნების მქონე ჯგუფი, რომელმაც `დემოკრატების~ სახელი დაუმატა საკუთარი პარტიის სახელწოდებას: `საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის (დემოკრატებისა) პარტია~. უფრო გვიან, 1989 წლის 22 ოქტომბერს შემდგარ `დემოკრატების~ მეორე პლენარულ სხდომაზე `დაადგინეს~, ახალ ჯგუფს თუ ორგანიზაციას წოდებოდა `საქართველოს დემოკრატიული პარტია~. `მთავარ კომიტეტში~ თავმჯდომარის ვ. მთავრიშვილის გარდა შედიოდნენ: მ. ჩახვაშვილი, გ. ზუმბაძე, ვ. ტალახაძე და თ. შარმანაშვილი. ვ. მთავრიშვილის პარტიის აქტივისტებმა ახლანდელ თავისუფლების მოედანზე მდებარე ხუთსართულიანი შენობის ოკუპირება მოახდინეს, სადაც იმხანად ფუნქციონირებდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმი და საკუთარ ბანაკად აქციეს. `დემოკრატები~ ხანგამოშვებით საკუთარ გაზეთსაც სცემდნენ, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ეპიგრაფი: `ერი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, მოიპოვებს თავისუფლებას.~6
სხვა პარტიების მიზანდასახულებებისაგან თითქოს განსხვავდებოდა 1989 წელს დაარსებული საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, რომელიც, ტრადიციონალისტების მსგავსად, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერის სახელმწიფოებრივ მოწყობას _ მონარქიის აღდგენაში ხედავდა. სხვა პრიორიტეტები: კერძო საკუთრება მიწაზე, საპარლამენტო სისტემა, ფედერალიზმი და რაც მთავარია, პროდასავლური ორიენტაცია. თუ დღევანდელობიდან გადავავლებთ თვალს, ერთ-ერთი მთავარი მონარქისტის _ თ. ჟორჟოლიანის მერმინდელ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან სოლიდარობას, მაშინ საეჭვო ხდება პარტიის `ანტირუსული, პროდასავლური~ ორიენტაცია.
1990 წელს გაფორმდა `მერაბ კოსტავას საზოგადოება~. ერთ ინტერვიუში `საზოგადოების~ უცვლელი სახე _ ექსექიმი-სტომატოლოგი ვ. ადამია, თითქოს გულდაწყვეტით შენიშნავდა: `ჩვენში, კოსტაველებში, გამოცდილ ჯარისკაცებს უფრო ხედავენ, ვიდრე დაღვინებულ პოლიტიკოსებსო~. როგორი `დაღვინებული პოლიტიკოსები~ იყვნენ `კოსტაველები~, ქვემოთ შევეხებით, მანამდე კი `მერაბ კოსტავას საზოგადოების~ საპროგრამო პრიორიტეტები ჩამოვთვალოთ: საბაზრო ეკონომიკა, სამართლიანი პრივატიზაცია, მჭიდრო ურთიერთობა აშშ-თან, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებთან, კეთილმეზობლობა, `ფედერალური პრინციპის განხორციელება ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან და კონფედერაციულისა კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან.~7
`ხალხით და ხალხისათვის~ _ ასეთი დევიზით გამოვიდა 1990 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან გამოყოფილ-დაარსებული `საქართველოს სახალხო პარტია~. მიუხედავად გამოყოფისა, `სახალხოელების~ პროგრამა ძნელად თუ განსხვავდებოდა ეროვნულ-დემოკრატების მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტებისაგან.
საერთოდ, 1987-1991 წლების ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვა წვრილმან პარტიებსაც მოიცავდა: ეროვნული თანხმობის ასოციაცია, კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია, პროგრესულ-დემოკრატიული პარტია, შრომის პარტია, საქართველოს ეროვნული ფრონტი _ რადიკალური კავშირი, ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, ეროვნულ-ქრისტიანული კავშირი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი, ივანე ჯავახიშვილის საზოგადოება, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება, დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია და სხვ. მათგან ზოგი მემარცხენედ, ზოგი ცენტრისტად, ზოგიც მემარჯვენედ ან რადიკალურ პარტიად მიიჩნევდა თავს. მათი პრაქტიკული საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, უმნიშვნელო გახლდათ, ხოლო საპროგრამო დოკუმენტების მიხედვით, კი მათი ერთმანეთისაგან განსხვავება ან რომელიმე ბანაკისადმი მიკუთვნება ძნელია. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ გააჩნდა ის, რასაც პარტიის პროგრამას ან წესდებას უწოდებდნენ და რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებს საჩქაროდ, უშუალოდ რეგისტრაციის წინ დახეულ ფურცლებზე ადგენდნენ.

გათიშულობა თანამშრომლობამდე. ის თუ როგორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებს, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იყოს ზუსტი ან ობიექტური, როცა შეისწავლება და დადგინდება მისი წინამორბედი და გამომწვევი მოვლენები, მიზეზები, ფაქტები. ჩვენი მიზანი არაა მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების დამხობის პრობლემების გადმოცემა, არც 1987 წლიდან ან უფრო ადრეც დაწყებული და აღმავალი ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის, არც 1991 წლის აპრილში გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველოს ერთწლიან ისტორიას ვწერთ.
ჩვენი მიზანია, საქართველოში მომხდარი პოლიტიკური დაპირისპირების ხასიათის დადგენა, მისი გამომწვევი მიზეზების ახსნა და დროთა განმავლობაში წარმოქმნილი და მიმდინარე კონფრონტაციის პროცესის სისტემატური სურათის აღდგენა. იმის გარკვევაც გვსურს _ ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კონფრონტაციამ გამოიწვია თუ სხვა უფრო ძლიერმა ფაქტორებმა განაპირობეს. ანუ რა ხარისხისა იყო ე. წ. `სამოქალაქო დაპირისპირება~, რა ძალას წარმოადგენდა ოპოზიცია, შეეძლო თუ არა მას არსებული ხელისუფლების ჩამოგდება დამოუკიდებლად, სხვის დაუხმარებლად, თუ მან უბრალოდ სხვის მიერ წარმართულ პროცესებში მარიონეტის როლი შეასრულა და ა. შ.
ამჯერად, გავარკვიოთ, როდის და ვის შორის დაიწყო დაპირისპირება საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში და რა ხასიათს ატარებდა იგი.
1987 წლის 31 ოქტომბერს თბილისში შეიქმნა პირველი არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება~. ასე უწოდებდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის რიგ რესპუბლიკებში ჩამოყალიბებულ პირველ პოსტდისიდენტურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. სახელმწიფო ამგვარ ორგანიზაციებს რეგისტრაციაში არ ატარებდა, მაგრამ არც მათ საქმიანობას კრძალავდა.
`ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ გამგეობაში თავდაპირველად აირჩიეს 9 პირი: ციალა არდაშელია, მერაბ კოსტავა, გ. მამულია, ელისაბედ ქავთარაძე, მიხეილ ქურდიანი, თამარ ჩხეიძე, ირ. წერეთელი, გ. ჭანტურია, ი. ხუხუნაიშვილი. აღნიშნული შემადგენლობა 1987 წლის 11 დეკემბერს შემდგარმა საზოგადოების დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა. ეს იმით არის საინტერესო, რომ სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ, მასში მხოლოდ ერთი წევრიღა (თ. ჩხეიძე) შემორჩა პირვანდელ გამგეობას. დანარჩენი რვა წევრიდან ექვსმა სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები დააარსა, ან ამგვარ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ერთი _ გ. მამულია გარიცხეს გამგეობიდან. მხოლოდ ერთადერთმა წევრმა მერაბ კოსტავამ დატოვა გამგეობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის _ მოულოდნელი სიკვდილის გამო.
ეს გარემოება `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ თანდაყოლილ იდეურ და პიროვნულ-ფსიქოლოგიურ სიჭრელესა და არაერთგვაროვნებაზე მიუთითებს. უკვე 1988 წლის 8 მარტს საზოგადოების გამგეობა და შემდგომ საზოგადოებაც ორმა მისმა წევრმა _ გ. ჭანტურიამ და ი. ხუხუნაიშვილმა დატოვეს. ამ გარემოების გამო, 13 მარტს საზოგადოების საგანგებო საერთო კრებამ ახალი გამგეობა აირჩია. მასში ჯერ ათი წევრი შედიოდა: ციალა არდაშელია, ავთანდილ იმნაძე, ჯუმბერ კოპალიანი, გაიოზ კორძაძე, მერაბ კოსტავა, გ. მამულია, მიხეილ ქურდიანი, თამარ ჩხეიძე და ირ. წერეთელი. ცოტა მოგვიანებით გამგეობაში ზურაბ ჭავჭავაძე მიიღეს.
საზოგადოებიდან გასულმა წევრებმა ახლო ხანებში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნეს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტში არაფერი იყო უჩვეულო. სხვა გარემოება გახლდათ ყურადსაღები _ ახალშექმნილ ორგანიზაციას ინიციატორებმა თავისივე დაწუნებულ-მიტოვებული ორგანიზაციის სახელი უწოდეს ოდნავი სახეცვლილებით _ `ილია ჭავჭავაძის საზოგადოები _ IV დასი~. სწორედ, ამ ფაქტს მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის გარიჟრაჟზე მომხდარ ერთ-ერთ პირველ განხეთქილებად და კითხვასაც სვამს: `მაინც რა იყო განხეთქილების მიზეზი?~ მისივე აზრით, და ჩვენც ვეთანხმებით ავტორს, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო `უბრალო გაბრაზების ან გაღიზიანების შედეგი~. ცოტა მოგვიანებით, ავტორი ასევე მართებულად მიუთითებს, მომხდარი გათიშვა `ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საზოგადოებიდან გასული პირები კვლავ აქტიურად ებმებიან ეროვნულ მოძრაობაში და უკვე რამდენიმე დღეში ქმნიან ჯგუფს ისევ და ისევ `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ სახელით.8
ეს რაც შეეხება 1988 წლის გაზაფხულზე მომხდარ პირველ გათიშვას ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ ფარგლებში მოხდა და `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასის~ დაარსებით დასრულდა.
მაგრამ ვახტანგ ძაბირაძე ვიდრე ამ მოვლენას შეეხება, კიდევ ერთ საყურადღებო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. იგი მიუთითებს, რომ `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ არც დაარსებაში, არც დეკლარაციის შემუშავებაში, არც საზოგადოებისა თუ გამგეობის წევრთა შორის და არც საზოგადოების მიერ ჩატარებულ აქციებში არ ფიგურირებდა ზვიად გამსახურდიას სახელი. `არ ვიცი რატომ არ მიიღო მონაწილეობა საზოგადოების დაფუძნებაში ზვიად გამსახურდიამ _ არ იცოდა საზოგადოების დაფუძნების შესახებ… თუ სხვა რამ მიზეზი არსებობდა~.
დავუჯეროთ ავტორს, რომ იგი გულწრფელად სვამს ამ კითხვას, თუმცა თუ აღნიშნული საკითხი აინტერესებდა, მით უფრო წიგნის წერის დროს, ადვილად შეეძლო გაერკვია `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ გამგეობის ყოფილი წევრებისაგან, რომლებსაც წლების განმავლობაში მრავალჯერ ხვდებოდა და რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა. ამგვარი საკითხის გაურკვევლობა და მისით დაუინტერესებლობა მით უფრო უცნაურად მოსჩანს ავტორისაგან, რომელსაც ზვიად გამსახურდიას არყოფნა ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატორთა შორის ფრიად მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია და წერს კიდეც: `ვფიქრობ, რომ ჩვენი ერის უახლესი ისტორიისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალია.~9 ეტყობა ამ საკითხის გარკვევა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა შეგნებულად დააკისრა ისტორიკოსებს.
ნამდვილად `მნიშვნელოვანი დეტალია~. ადვილი შესაძლებელია აქვე, ამ დროს, 1987 წლის მიწურულში ჩაეყარა საფუძველი პირველად ან საბოლოოდ იმ მწვავე კონფრონტაციას, რაც ჭავჭავაძის საზოგადოებასა და გამსახურდიას შორის არსებობდა მომავალი წლების მანძილზე. ამ კონფრონტაციამ უაღრესად უარყოფითი როლი ითამაშა ზოგადად ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერებისა და კულტურის ფორმირების პროცესზე, ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის ჯანსაღი ევოლუციის შესაძლებლობაზე.
ის რომ დაპირისპირების ჩასახვის დრო და გარემოებები, სწორედ ამ პერიოდში უნდა ვეძებოთ, გიორგი წიქარიშვილის ცნობაც გვიდასტურებს. მისი ინფორმაციით, `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ დამფუძნებლებმა თამრიკო ჩხეიძემ, ზურაბ ჭავჭავაძემ და გ. მამულიამ `მოიწვიეს ყველა დისიდენტი ზვიად გამსახურდიას გარდა~. აქვე შევნიშნოთ ბარემ, გადაჭარბება თუ უზუსტობა: ზემოაღნიშნულ პირებს `ყველა დისიდენტი~ არ მოუწვევიათ. გავიხსენოთ, ერთ-ერთი დისიდენტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ამ დროისათვის გადასახლება-პატიმრობიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული გახლდათ სამშობლოში, თავად წერს, არც საზოგადოების, არც გამგეობის წევრი არ ვყოფილვარო და არც მის პირვანდელ საინიციატივო სხდომებს ვესწრებოდიო. პირველად ვახტანგ ძაბირაძე `ჭავჭავაძელთა~ შორის დიდუბის პანთეონის აქციაზე გამოჩნდა და ისიც თავისი ინიციატივით.
მაგრამ ეს უზუსტობა საქმის არსს და გიორგი წიქარიშვილის ინფორმაციის რეალობას არ ცვლის. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამჯერად მაინც, ვის დაუძახეს და არ დაუძახეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დაარსების ინიციატორებმა. მთავარი ისაა, მათ მიერ მიწვეულთა შორის ნამდვილად არ იყო ზვიად გამსახურდია. გიორგი წიქარიშვილი მიუწვევლობის მიზეზსაც გვისახელებს: `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ დამფუძნებელთათვის გამსახურდიას პიროვნება მიუღებელი იყო. ცნობილი მონანიების შემდეგ იგი საბოლოოდ დისკრედიტირებული ეგონათ. ბუნებრივია, ამ ფაქტმა გამსახურდია საშინლად გაანაწყენა.~10
ფაქტი დასამახსოვრებელიცაა და გასათვალისწინებელიც. ზვიად გამსახურდიას ამ პირველ და დემონსტრაციულ უგულებელყოფას თუ განაპირებას უშუალო შედეგი არ მოჰყოლია. Mმაინც, ის უნდა აღვიქვათ, როგორც `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ მესვეურ-ინიციატორთა მიერ ზვიად გამსახურდიას, როგორც ეროვნულ-პოლიტიკური ფიგურის იზოლირებისაკენ მიმართული ქმედება. ამავდროულად, ეს იყო პრეტენზია ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის მეთაურობა-წინამძღოლობაზეც, ზვიად გამსახურდიას გარეშე.
ამ ურთიერთუხერხულ წინააღმდეგობის გამჟღავნებას ან მის ოფიციალურად განცხადებას ორივე მხარე, ჯერჯერობით, მაინც ერიდებოდა. ზვიად გამსახურდიას იზოლირება შემდგომ თვეებშიც გრძელდებოდა. 1987 წლის დეკემბრის ბოლოს `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ ინიციატივით მოეწყო აქცია დიდუბის პანთეონში _ მიძღვნილი რეპრესირებულ პატრიოტთა ხსოვნისადმი. მიუხედავად მონაწილეთა მცირერიცხოვნებისა, აქცია მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ იმჟამინდელი საქართველოს რეალობისათვის. მასში მონაწილეობდნენ მერმინდელი `მოძრაობის~ სახეები: ირ. წერეთელი, გ. ჭანტურია, ირაკლი შენგელაია, მერაბ კოსტავა, გ. მამულია, ავთო იმნაძე, საკუთარი სურვილით მისული ვახტანგ ძაბირაძე _ სულ რამდენიმე ათეული კაცი.
მიუხედავად მონაწილეთა სიმცირისა, აღნიშნულმა აქციამ სათავე დაუდო შემდგომში პერმანენტულად გადაქცეულ მიტინგებს, დემონსტრაციებს, შიმშილობებს, პიკეტებს და მსგავს პროტესტებს. დისიდენტური მოღვაწეობის ჩარჩოებში მოქცეული ეროვნული მიზანსწრაფვა პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდა და როგორც იტყვიან _ ქუჩაში გამოვიდა. ალბათ ამგვარი ტრანსფორმაცია ჰქონდა მხედველობაში გ. ჭანტურიას, როცა დიდუბის პანთეონში შემდგარი ზემოაღნიშნული აქციის ბოლოს თანამონაწილეებს შესძახა: `მეგობრებო, რაც მოხდა, ჩვენი გამარჯვებაა!@გაუმარჯოს ჩვენ საქმეს!!!~11 ზ. გამსახურდია არც ამ აქციაში მონაწილეობდა.
ცხადია, ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობისაგან მისი ნეიტრალიზაციისა თუ იზოლირების პერპექტივას ვერ შეურიგდებოდა, მით უფრო, როცა ამისი ცდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ნაწილისაგან მომდინარეობდა.
ყოველ შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, რომელმაც არ აპატია ზვიად გამსახურდიას მისი ცნობილი `აღიარება და მონანიება~. შემდგომში თამარ ჩხეიძე ადასტურებდა, რომ მასსა და გამსახურდიას შორის, უკვე 80-იან წლებში იყო `სამი ძირითადი საკითხი, რის გამოც გამუდმებით კამათობდნენ~. აქედან ერთ-ერთი გახლდათ ის, რომ გამსახურდია `თავის მონანიებას ღირსეულ საქციელად თვლიდა და სხვებისაგან მოითხოვდა მისთვის ეს დაედასტურებინათ.~12
თამარ ჩხეიძე კიდევ ორ საკამათო საკითხს ასახელებდა, რის გამოც არ ეთანხმებოდა გამსახურდიას. `იგი ლანძღავდა დასავლეთის დემოკრატიას და აქებდა თეოკრატიულ მონარქიას~ და `გარშემო ყველას სუკის აგენტად ნათლავდა~. ორივე ამ საკითხსაც სხვა დროს შევეხებით. აქ, უბრალოდ, დავაფიქსირებთ, რომ თ. ჩხეიძეს და ჭავჭავაძის საზოგადოების ზოგიერთ სხვა ლიდერს, უკვე 80-იანი წლების მანძილზე ჰქონდათ ან ფიქრობდნენ, რომ ჰქონდათ სრულიად განსხვავებული და შეურიგებელი პოზიცია რამდენიმე ისეთ საკითხში, რომელიც უკვე ამ დროს გამორიცხავდა მათ თანამშრომლობას გამსახურდიასთან. აღნიშნული კონფრონტაციული საკითხები იყო ერთის მხრივ, იდეური (დასავლეთთან დამოკიდებულება) და მეორეს მხრივ _ ტაქტიკური (მონანიებისა და აგენტობის სხვადასხვაგვარი გაგება).
`ჭავჭავაძისტებსა~ და გამსახურდიას შორის იმთავითვე არსებული ანტიპათია განაპირობა და შემდგომში კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების კიდევ ერთი დამაარსებლის _ გ. მამულიას შეურიგებლობამ გამსახურდიას პიროვნებისადმი. თუ ვინ გახლდათ მტყუან-მართალი ამ ორ პიროვნებას შორის, შემდგომში უფრო გამოიკვეთა. ახლა კი ისღა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გამსახურდიას და ჭავჭავაძისტებს შორის უკვე 1987 წლის გვიან შემოდგომაზე _ `ილია ჭავჭავაძის საზოგადოების~ შექმნის პერიოდშივე – არსებობდა წინააღმდეგობა, რამაც მათი თანამშრომლობა საწყის ეტაპზევე გამორიცხა.
დავუბრუნდეთ ზემოაღნიშნულ განხეთქილებას ჭავჭავაძისტებსა და ამ საზოგადოებიდან გასულ ჭანტურიას შორის, რომელმაც ი. ხუხუნაიშვილთან ერთად შექმნა ახალი თუ იგივე საზოგადოების სახელწოდების ალტერნატიული ორგანიზაცია _ `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასი~. მომხდარი გათიშვა ძველმა ჭავჭავაძისტებმა არ განმარტეს. სამაგიეროდ, გათიშვის მიზეზების დასადგენად გამოგვადგება გ. ჭანტურიას მიერ ჟურნალ `მოამბეში~ გამოქვეყნებული წერილი `ახალი ძალა~. ცხადია, მარჩიელობა არ ღირს: ახალ ძალაში `IV დასი~ იგულისხმება. წერილში გ. ჭანტურია აყალიბებს რამდენიმე მსოფლმხედველობრივ პოზიციას, თეზისს. სწორედ, ამ თეზისებში თუ პოზიციებში იდო ის განსხვავება, რომელიც არსებობდა ძველ ჭავჭავაძისტებსა და ახალ ჭავჭავაძისტ _ IV დასელებს, ე. ი. გ. ჭანტურიას მომხრეებს შორის.
მეოთხე დასელი ჭავჭავაძისტებისათვის ეროვნული ინტერესი იყო პირველხარისხოვანი პოსტულატი, ხოლო სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანი, რომელიც უნდა შეწირვოდა მთავარს. ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად ჭანტურია მაკიაველის სახელს მიმართავდა და ამონარიდი მოჰყავდა იტალიელი მოაზროვნის ნაწერებიდან: `როცა საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, _ წერდა მაკიაველი _ ჩვენი ქმედება არ უნდა შევაფასოთ, სამართლიანია თუ უსამართლო, საქებარია თუ საძრახისი, არამედ ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არაფერს და მივიღოთ მხოლოდ სამშობლოს ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება~.
აქ ჭანტურია თითქოს გრძნობს, მაკიაველის მთავარი დოქტრინის გაზიარების შემთხვევაში, ზნეობრივი ნორმების უარყოფაში არ დასდებოდა ბრალი და თავს იზღვევს, ჩვენ `უზნეობის აპოლოგიას~ არ ვეწევითო. მაგრამ იქვე ავტორი სტრატეგიული ხასიათის თეზისს აყალიბებს: `თეთრხელება~ და ყბედ ადამიანებს არავითარი კარგი არ გაუკეთებიათ ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით ბევრი რამ წაუხდენიათო~. საილუსტრაციოდ გ. ჭანტურიას მოჰყავს 1918-1921 წლების ქართველი `პოლიტიკოსების~ მაგალითი. ჩანს, როცა ამ სიტყვებს წერდა, გ. ჭანტურიას პირველი ქართული რესპუბლიკის მესვეურებზე მეტის გაკეთების პრეტენზია ჰქონდა.
`თეთრხელება~ და ყბედი ადამიანების უნიათობას ჭანტურია უპირისპირებს `პერმანენტული, ყოველდღიური ბრძოლის~ საჭიროებას. სწორედ ამგვარი ბრძოლის შემძლებელია `ახალი ძალა~, რომელიც `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასის~ სახით გამოვიდა ასპარეზზე. ახალი ძალა `არ ელოდება მომენტსა და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალ-ღონით და ენერგიით~.
ჭანტურია არ ასახელებდა, მაგრამ გულისხმობდა ძველი ჭავჭავაძის საზოგადოებას, მის ზომიერ ტაქტიკას და ემიჯნებოდა მას. სახეზე იყო ორ ეროვნულ-პოლიტიკურ ძალას შორის არსებული იდეური და სტრატეგიულ-ტაქტიკური ხასიათის განსხვავება _ განსხვავება რადიკალებსა და ზომიერებს შორის.
შემდგომში გ. ჭანტურიამ კიდევ უფრო გააღრმავა განსხვავება ზომიერებისაგან და გააიდეალა რადიკალიზმი, რომელიც მისი აზრით, ახალგაზრდებისათვის დამახასიათებელი ნიშანი იყო და რომ, სწორედ ახალგაზრდობას უნდა ეთამაშა ხალხის `ბელადის~ როლი. აქ ავტორი მორალურ, ფსიქოლოგიურ ახალგაზრდობას გულისხმობდა და არა ასაკობრივს. იგი გულისხმობდა ახალგაზრდობის მაძინისეულ გაგებას და მოჰყავდა ამონარიდი იტალიელი მოღვაწის ნაწერიდან: `უმჯობესია, თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგან ბედისწერა ქალია და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს~.
ეს სიტყვები XIX საუკუნის შუახანებში იწერებოდა, როცა იტალიელი პატრიოტ-რადიკალი ფარულ ორგანიზაციას – `ახალგაზრდა იტალიას~ ქმნიდა და აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდა 1830-იან, 40-იან, 50-იან წლებში. ჯუზეპე მაძინი (1805-1872) იტალიის თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი გახლდათ, მაგრამ რამდენად იყო საუკუნენახევრის წინანდელი მრავალრიცხოვანი იტალიელების ავსტრიელთა წინააღმდეგ წარმოებული ტაქტიკა მისაღები 1980-იანი წლების ქართული ეროვნული მოძრაობისათვის, რომელიც რუსეთის იმპერიას უპირისპირდებოდა, საკამათო გახლდათ.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამჯერად ძველ და ახალ მეოთხე დასელ ჭავჭავაძისტებს შორის მომხდარი გათიშვის მიზეზები გვაინტერესებს. ეს მიზეზები, გარეგნულად მაინც, იდეოლოგიური და სტრატეგიული ხასიათის გახლდათ. ჭანტურიასათვის მიუღებელი აღმოჩნდა `ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში~ მყოფი კონტიგენტის ზომიერი, ფრთხილი, სიტუაციის მომლოდინე სტრატეგია, რაც, მისი აზრით, `უნიათობის~ ტოლფასი იყო და საბოლოო ჯამში, ერისათვის `არავითარი კარგი~ არ მოჰქონდა. `მეოთხე დასელი~ ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით ასპარეზზე მოვლენილი `ახალი ძალის~ სტრატეგია გახლდათ მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასთან, შეურიგებელი, ყოველდღიური ბრძოლა და ბრძოლის საშუალებათა ერთი მიზნისადმი დაქვემდებარება. გ. ჭანტურიამ მაკიაველისა და მაძინის ნააზრევის ორიოდე ამონარიდიდან რელიეფურად ჩამოაყალიბა ახალი არაფორმალური ორგანიზაციის რადიკალური განაცხადი და სახე.
ასეა თუ ისე, ერთ-ერთი პირველი განხეთქილება ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ ბანაკში, სწორედ მაშინ მოხდა, როცა მოძრაობა აღმავლობას იწყებდა. ზომიერი მიმართულების ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას გამოეყვნენ რადიკალური მიმართულების წარმომადგენლები გ. ჭანტურია და ი. ხუხუნაიშვილი. მათ შექმნეს `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასი~. მანამდე კი, ჭავჭავაძისტები თავიდანვე გაემიჯნენ ზ. გამსახურდიას.
რადიკალური ჯგუფების გამოყოფა ჭავჭავაძის საზოგადოებიდან ამით არ დამთავრებულა. 1989 წლის პირველ ნახევარში საკუთარ პარტიას აარსებს ქართული პატრიოტული რადიკალიზმის ერთ-ერთი ტიპიური წარმომადგენელი ირ. წერეთელი. იგი 22 წლისა იყო, როცა ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისათვის დააპატიმრეს 1983 წელს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში ირ. წერეთელს ლიტერატურულ-კულტურული სექცია ებარა. ეტყობა, ვერც იგი დააკმაყოფილა ჭავჭავაძისტების ინტელიგენტურ-პროტესტანტულმა საქმიანობამ და ახალი პარტიის ორგანიზება გადაწყვიტა, რომლის სახელწოდებაც მიუკიბ-მოუკიბავად გამოხატავდა მთავარ მიზანს _ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია.
ახალ პარტიას და მის ლიდერს ბრძოლის მეთოდებიც პირდაპირი და მიუკიბ-მოუკიბავი ჰქონდა. 1989 წლის აგვისტოში პარტიის წევრებმა `უვადო შიმშილობა~ გამოაცხადეს, რომელიც, გარკვეულვადიანი აღმოჩნდა და 92-ე დღეზე შეწყდა. შიმშილობის მიზეზ-მიზანი `საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა~ გახლდათ. პარტიის სამოქმედო პროგრამის `ა~ პუნქტი მოითხოვდა `საქართველოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის საოკუპაციო ჯარების გაყვანას სრული შემადგენლობით~, ხოლო `ბ~ პუნქტი _ `საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი წესწყობილების გაუქმებას და ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლების დამყარებას.~13 წესდებაში `დამოუკიდებლები~ თავად განმარტავდნენ საკუთარი პარტიის რაობას: `საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია არის ეროვნულ-პატრიოტულ ძალთა რადიკალური ნაწილის… დემოკრატიული გაერთიანება~.
დამოუკიდებლობის პარტიის შექმნის ინიციატორები იყვნენ ირ. წერეთლის გარდა თ. სუმბათაშვილი, ვ. ხომერიკი, მ. შარაშენიძე, ზ. აბრამიშვილი, გ. ჯინჭარაძე, ვ. მთავრიშვილი. უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ შემთხვევაში ჭავჭავაძისტების საზოგადოებისაგან გამოყოფას და დამოუკიდებლობის პარტიის დაარსებასაც უფრო იდეური ხასიათი ჰქონდა.
1989 წლის მაისისათვის ეროვნულ მოძრაობაში უკვე არსებობენ მწვავედ ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფები, მათ შორის, არაფორმალური ორგანიზაციები. უკვე ამ დროისათვის `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება~ გამიჯნულია რადიკალური ბანაკისაგან. `საზოგადოება~ აკრიტიკებს მათ პოზოციას რიგ საკითხებში. მაგ., ბრძოლის `ლიტვური გზის უარყოფის გამო~, ან “თურქ მესხთა” ჩამოსახლების პრობლემასთან დაკავშირებით. იგი აღიარებს, რომ ამ დროისათვის არსებობდნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან `მტრულად განწყობილი დაჯგუფებები.~14
სრული გამიჯვნა და ურთიერთდაპირისპირება `ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა~ და რადიკალერ ჯგუფებს შორის 1989 წლის აპრილის მოვლენების დროს მოხდა. როგორც ცნობილია, 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ, სწორედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ წამოიწყო აქცია, ან როგორც თავად ამბობდნენ, `უვადო მჯდომარე მანიფესტაცია და საყოველთაო-სახალხო გაფიცვა~. აქციის მიზანი გახლდათ `აფხაზეთის პრობლემის მოგვარება~. მაგრამ 6 აპრილიდან `სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ~ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ ინიცირებული აქცია `გადაიზარდა იმჟამად სრულიად უპერსპექტივო ~საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის) მოთხოვნაში~. 18 ივლისს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთმა `ივერიამ~ რადიკალური დაჯგუფებები მთელ რიგ მცდარ ნაბიჯებში დაადანაშაულა. კერძოდ, `საზოგადოების~ აზრით:
1. `9 აპრილის ტრაგედია ნაწილობრივ ქართული ეროვნული მოძრაობის მოუქნელობის და პოლიტიკური სიბეცის შედეგიც იყო~;
2. შეცდომა იყო `ქართული ეროვნული მოძრაობის~ მიერ 6 აპრილის ან 6 აპრილიდან მიმდინარე აქციაზე აფხაზეთის საკითხის მოხსნა და სსრკ-დან საქართველოს გამოყოფის მოთხოვნის წამოყენება, რაც თავისთავად `იმჟამად სრულიად უპერსპექტივო მოთხოვნას~ წარმოადგენდა.
შემდგომში ურთიერთდაპირისპირების ხარისხი იზრდება და პარალელურად მატულობს ურთიერთბრალდებების რაოდენობაც. ჯერ ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს შევეხოთ. 1989 წლის ივლისში წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ინიციატივით, ჩატარდა აქციები სსრკ-დან საქართველოს გამოყოფის მოთხოვნით. ჭავჭავაძის საზოგადოება აკრიტიკებს აქციის მომწყობებს, ჯერ ერთი იმის გამო, რომ აპრილის მოვლენებს და შემდეგ ქვემო ქართლსა და აფხაზეთში არსებული დაძაბულობის გამო, არაფორმალურ გაერთიანებათა უმრავლესობა გაფიცვების მოწყობის წინააღმდეგი იყო.
მეორე მთავარი მიზეზი კი ეროვნული მოძრაობის ერთი ნაწილის მიერ `პოლიტიკური რეალიზმის~ უქონლობა გახლდათ. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აზრით, გაფიცვას ყოველთვის უნდა ჰქონოდა `კონკრეტული და რეალური მოთხოვნა~, რომლის შესრულება მთავრობაზე დაწოლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგით, რასაც ზემოაღნიშნული ჯგუფები მოითხოვდნენ, გაფიცვის ან მიტინგის მოწყობა ჭავჭავაძისტების აზრით, `სრულიად გაუმართლებელია~, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო, ხოლო კრემლი ამას `არ დაუშვებდა~. დამოუკიდებლობის მოპოვება ყველა ოპიზიციური ჯგუფის საბოლოო მიზანი გახლდათ და ამ `საბოლოო მიზნის~ წამოყენება გაფიცვის დაუყოვნებლივ მოთხოვნად შეიძლება იმპერიასთან ფიზიკური შეტაკებით და სისხლიანი კატასტროფით დასრულებულიყო~, _ წერდა ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თ. ჩხეიძე.
მისი აზრითვე, `ამჟამად მიმდინარეობდა იმპერიის რღვევის პროცესი~, რის გამოც `სისხლისღვრების შესაძლებლობა~ არსებობდა. სწორედ, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა და `პოლიტიკური რეალიზმი~ გახლდათ საჭირო. თ. ჩხეიძე მართებულად აღნიშნავდა, რომ რუსეთის იმპერიას სურდა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაეხშო საქართველოში ეროვნული მოძრაობა და მათთვის საბაბი არ უნდა მიეცათ. ამჯერად, `ქართველმა ერმა~ გამოიჩინა `პოლიტიკური რეალიზმი~ და აქციები მცირერიცხოვანი და ხანმოკლე აღმოჩნდა _ დაასკვნიდა ავტორი წერილისა `გაფიცვები და პოლიტიკური რეალიზმი.~15
თ. ჩხეიძემ დამოუკიდებლობის მიზნით ბრძოლის ზომიერი სტრატეგია წამოაყენა და პოლიტიკური რეალიზმისაკენ მოუწოდა ეროვნულ მოძრაობას. მისი წერილი და სხვა საგაზეთო გამოსვლები უკვე მწვავე მინიშნებებსაც შეიცავდნენ. გაისმა მისივე გაფრთხილება, რომ `მოახლოებული განთავისუფლების~ ნაცვლად, ყველაფერი შეიძლება `ნეობოლშევიზმის ბატონობით~ დამთავრებულიყო. ზემოაღნიშნულ წერილში ეს ტერმინი ახსნილი არ გახლდათ, არც ნეობოლშევიკები იყვნენ კონკრეტულად დასახელებულნი, მაგრამ მკითხველისათვის ცხადი იყო ამ ტერმინის ადრესატები _ რადიკალები, გამსახურდია, წერეთელი, ჭანტურია და სხვ. თუ რადიკალები `მოღალატის~, `სუკის აგენტების~ პრიმიტიული იარლიყებით კმაყოფილდებოდნენ, ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი თავის ოპონენტებს პოლიტიკური ტერმინით და მასში ნაგულისხმები მძიმე ბრალდებით გაუმასპინძლდა, ხოლო ქართველი საზოგადოება ასეთივე პერსპექტივით გააფრთხილა.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა და ოპოზიციურ-რადიკალური მოძრაობის რამენაირ ორგანიზაციულ თუ იდეურ კავშირს, კონტაქტს თუ ურთიერთნდობას 1989 წლის ოქტომბერში, საბოლოოდ დაესვა წერტილი. ამ თვის 29-ში დაფიქსირდა მთელი რიგი ოპოზიციური ძალების გაერთიანება `ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში~. 30 ოქტომბერს ჭავჭავაძის საზოგადოებამ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული `კომიტეტის~ წევრი გამხდარიყო, მაგრამ შესაბამის განცხადებაზე უარი მიიღო. იგივე განმეორდა 31 ოქტომბერსაც. იმ მიზეზით, რომ ჭავჭავაძის საზოგადოებას განსხვავებული პოზიცია გააჩნდა `კომიტეტისაგან~, მომავალ უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და არ იზიარებდა ბოიკოტის იდეას. `ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას~ უარი ეთქვა `ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში~ შესვლა-გაერთიანებაზე.
`ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტში~ გაერთიანდნენ: 1. საქართველოს ჰელსინკის კავშირი, 2. წმინდა ილია მართლის საზოგადოება, 3. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, 4. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, 5. ეროვნული სამართლიანობის პარტია, 6. მონარქისტული პარტია, 7. საქართველოს დემოკრატიული პარტია, 8. ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაცია, 9. საქართველოს ღირსების კავშირი.
თავიანთ `ერთობლივ კომუნიკეში~ საქართველოს `ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციები~ აცხადებდნენ, რომ `ამიერიდან იწყებდნენ ერთიან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ეროვნული ხსნისა და აღორძინებისათვის.~ ამ დაპირებას მოსდევდა მეორე უფრო ამბიციური (როგორც მომავალმა ცხადყო _ დ. შ.) და ემოციური დაპირება: `მერაბ კოსტავას ნათელი სული მოგვიწოდებს გაერთიანებისაკენ, რამეთუ მისი ოცნება იყო საქართველოს ყველა ეროვნულ ძალთა კონსოლიდაცია და ერთობლივი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. აღსრულდა მისი ოცნება, იყოს ნება მისი.~16 ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ მათ შორის არსებული `ნიუანსური განსხვავებები~ პოლიტიკურ შეხედულებებს შორის არ იძლეოდა `დაქსაქსული, სეპარატისტული მოქმედებების საფუძველს~. თუ რაიმე სადავო და საკონფლიქტო საკითხები წარმოიშვებოდა, ამასაც ეშველებოდა, მათ `მოლაპარაკების გზით~ გადაწყვეტდნენ. ამგვარი იმედიანობითა და თავდაჯერებული დაპირებებით შეუდგა მოღვაწეობას `ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი~.
ე. წ. ზომიერ-ოპოზიციურ ჭავჭავაძის საზოგადოებასა და რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არც ადრე იყო იდეალური ურთიერთობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძისტებს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე `ეროვნული ხსნის კომიტეტის~ კარი მიუხურეს, მათ შორის ღია კონფრონტაციის ეტაპი დაიწყო. ისტორია განმეორდა. ადრე ჭავჭავაძისტებმა უგულებელყვეს ზვიად გამსახურდიას პიროვნება და მასთან თანამშრომლობა არ მოინდომეს. ახლა გამსახურდიამ და მისმა რადიკალურმა მოკავშირეებმა აარიდეს თავი ჭავჭავაძისტებთან თანამშრომლობას. `ილია ჭავჭავაძის საზოგადოება~ ეროვნული მოძრაობისაგან ფაქტიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ `ეროვნულ მოძრაობაში~ რადიკალურ ბანაკს და `ეროვნული ხსნის კომიტეტში~ გაერთიანებულ ორგანიზაციებს ვგულისხმობთ. იმ პერიოდში `ეროვნულ მოძრაობაში~ რატომღაც, მხოლოდ რადიკალურ დაჯგუფებებს გულისხმობდნენ, რაც თავისთავად არ იყო სამართლიანი მიდგომა. ეროვნული მოძრაობა არარადიკალური ბანაკის წარმომადგენლებსაც მოიცავდა.
ამ მარტოობას ჭავჭავაძისტები აღიარებდნენ. `ალბათ სწორედ ამიტომ აწყდებოდა და აწყდება ამ ჯოჯოხეთში ჩვენი “საზოგადოება” გააფთრებულ წინააღმდეგობას; ალბათ ამიტომ რჩება ხშირ შემთხვევაში იგი მარტო, და ალბათ ამ მიზეზით სახიჩრდებიან და იხოცებიან მისი წევრები ასეთ ბრძოლებში~, _ წერდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთი `ივერია~.
მართალია ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა და ცალკეულ რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება უკვე 1987-1988 წლების მიჯნაზე დაიწყო, მაგრამ ისტორიული ხდომილებების სიზუსტისათვის საჭიროა კონკრეტული გამმიჯნავი თარიღი დავასახელოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იყო 1989 წლის ოქტომბერი, როცა ეროვნული ხსნის მთავარმა კომიტეტმა უარი უთხრა ჭავჭავაძის საზოგადოებას თანამშრომლობაზე. პირველი სრული გათიშვა და დაპირისპირება მემარჯვენეთა ბანაკის ზომიერ ნაწილსა და რადიკალებს შორის მოხდა.

სახალხო ფრონტის დაფუძნება _ კიდევ ერთი დაპირისპირების ფონზე. 1989 წლის ზაფხულისათვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე თვეა გასული. ზვიად გამსახურდიასა და რადიკალური მოძრაობისადმი ინტელიგენციის ძირითადი ნაწილის პოზიცია დადებითია. ბევრი ისეთი მოღვაწე, რომელიც შემდეგში მწვავედ დაუპირისპირდა ეროვნულ რადიკალებს, ჯერ კიდევ ლოიალურია მათ მიმართ. მათ შორისაა ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც 1989 წლის 8 აპრილის პარტიული აქტივის კრებაზე პროტესტს აცხადებს მისაღები დოკუმენტის იმ პუნქტის შესახებ, რომელიც არაფორმალების დაპატიმრებას ითვალისწინებს. უფრო გვიან ჯ. ჩარკვიანი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისადმი გაგზავნილ წერილში უკვე დაპატიმრებული არაფორმალების ლიდერების განთავისუფლებას მოითხოვს. მეტიც, იგი თავდებად უდგება გამსახურდიას, კოსტავას, ჭანტურიას და წერეთლის გათავისუფლებას. დამახასიათებელია იმჟამინდელი მცირეხნიანი და ურთიერთსოლიდარობის გამომხატველი მისივე სიტყვები: `ისინი დღეს გარეთ არიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს მომავლისათვის, განა ესეც ჩვენი დიდი მწერლობის სახელით არ გაკეთდა?… დიახ, ერთად, მხოლოდ ერთად, ჩვენ ტანკი არ გვაქვს, არც ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება, ამიტომ ჩვენი ძალა ერთობაშია!~17 ისღა დაგვრჩენია, ჯანსუღ ჩარკვიანის ეს სიტყვები ქართველი მწერლებისა და არაფორმალების მაშინდელი ერთიანობის ამაღელვებელ დადასტურებად მივიღოთ.
ასევე არაფორმალებისადმი და კერძოდ, გამსახურდიასადმი თუ სხვა ლიდერებისადმი ლოიალურია ნაირა გელაშვილიც. 1988 წლის ოქტომბერში რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ინტელიგენციის შეხვედრაზე იგი კატეგორიულად აცხადებს: `ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, საერთოდ არაფორმალურ გაერთიანებებს აქვთ უდიდესი გავლენა ახალგაზრდობაზე. სწორედ, ამიტომ არის საჭირო, მათ მიეცეთ პრესა. მათი ლანძღვა-გინება პრესის ფურცლებზე, როცა მათ პასუხის შესაძლებლობა წართმეული აქვთ _ დაუშვებელია!~ აქაც არაფორმალებისადმი ლოიალობაა, მხარდაჭერა, მათი საქმიანობის აღიარებაა. გამსახურდიასადმი მხარდაჭერა იმდენად თვალშისაცემია, რომ იმავე კრებაზე, თვით ნაირა გელაშვილის გადმოცემით, `ერთი ხანდაზმული ბატონი” წამომდგარა და თანაპარტიელი კომუნისტებისათვის მიუმართავს: `მე დავადგინე, რომ მწერალთა კრება, ვისი სახელითაც ეს ქალბატონი (ე. ი. ნაირა გელაშვილი _ დ. შ), ლაპარაკობს, საერთოდ არ შემდგარა. ქალბატონი მეტყველებს ზვიად გამსახურდიას ინსპირაციით და ტექსტიც მისი დაწერილი შემოგვაპარაო~. აი, მაშინდელი ქართული საზოგადოებრივი ერთიანობის კიდევ ერთი საბუთი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ უჭირდათ ნაირა გელაშვილისა და ზვიად გამსახურდიას ერთმანეთისაგან გარჩევა მსოფლმხედველობრივად.
მაგრამ გაივლის ერთი წელი თუ რამდენიმე თვე და ნაირა გელაშვილის დამოკიდებულება `მოძრაობის~ ლიდერებისადმი თუ ერთ-ერთი ლიდერისადმი კარდინალურად შეიცვლება. სწორედ ამ არასასურველ მეტამორფოზას ეძღვნება მისი ინტერვიუ, 1989 წლის 10 ოქტომბერს რომაა მიცემული და რასაც აღწერს კიდეც მწერალი-მანდილოსანი. ცხადია მისი აზრით, მეტამორფოზა მის მსოფლმხედველობაში კი არ მოხდა, არამედ ეროვნული მოძრაობის ლიდერებში, რამაც განაპირობა კიდეც ცვლილება მწერლის პოზიციაში.
მთავარი ცვლილება, რასაც მწერლის შეშფოთება გამოუწვევია, არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებსა და ინტელიგენციას შორის დაპირისპირებაა. ადრე ეს მკვეთრად არ ჩანდა, მაგრამ მთელი რელიეფურობით გამოჩნდა სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე და სწორედ აქ განვითარებულ პერიპეტიებს იხსენებს ნაირა გელაშვილი. `დარბაზი გაიყო ორ მტრულ ბანაკად. თუმცა აქ აღარც მთავრობა იჯდა, აღარც პარტიული აპარატის მუშაკები _ აქ იყო ერის გადასარჩენად მოსული რესპუბლიკის რეაქციულ ძალებს დაპირისპირებული ხალხი~.
სახალხო ფრონტის ყრილობას ქვემოთ შევეხებით. ნაირა გელაშვილის ინტერვიუში ყურადღებას მის მიერ მასის, ხალხის, მოძრაობის მხარდამჭერი დიდი ჯგუფების შეფასება იპყრობს. ასეთი შეფასებები იმ დროს უკვე ინტელიგენტურ ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა და ამიტომაც მის ინტერვიუს ახალგაჩენილი მანერის, დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად განვიხილავთ.
ნაირა გელაშვილი სახალხო ფრონტის ყრილობის სხდომას რესპუბლიკის კომუნისტური ხელმძღვანელობისა და ინტელიგენციის ზემოაღნიშნულ შეხვედრას ადარებს, სადაც დამსწრეთა უმრავლესობას პარტიული ნომენკლატურის მუშაკები წარმოადგენდნენ. `ეს იგივე დარბაზი იყო, იგივე აგრესიული უმრავლესობით, ბევრად უფრო ენერგიული, შეუწყნარებელი, უხეში!~ მწერალს რომელიღაც აღშფოთებული გამომსვლელის მონაყოლიც კი მოჰყავს თავისი პოზიციის დასადასტურებლად. თურმე ერთი ინტელიგენტი ბატონი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაუბარებიათ და ისეთი შთაბეჭდილება გამოჰყოლია, რომ `იქ არ ყოფილა ასეთი საშინელი ატმოსფერო~, როგორც ფილარმონიის დიდ დარბაზში, სადაც სახალხო ფრონტის ემოციური სხდომები მიმდინარეობდა.
რამდენიმე მწერლისეული შტრიხით ნაირა გელაშვილი არაფორმალების ლიდერთა მხარდამჭერ ხალხს წარმოადგენდა `აგრესიულ~, `ტლანქ და დაუნდობელ~ მასად, ხოლო ლიდერებისადმი არდათანხმება მათში ბრმა მძვინვარებას იწვევდა და `ფსიქოზში გადადიოდა~. მაინც, რა მოხდა სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე.
სახალხო ფრონტის შექმნის იდეა საქართველოში ბალტიისპირეთიდან შემოვიდა. იქ ამგვარი ორგანიზაციები ფაქტიურად ფართო, მასობრივ მოძრაობებს წარმოადგენდნენ, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ჯგუფები, საზოგადოებები და ა. შ. საქართველოშიც სახალხო ფრონტს მსგავსი მისია უნდა შეესრულებინა. იგი უნდა გამხდარიყო ყველაზე მასობრივი მოძრაობა ქვეყანაში.
თავდაპირველად, საქართველოს სახალხო ფრონტი, თითქოს, სწორედ ამგვარი მოძრაობის ტენდენციას ამჟღავნებდა. ფრონტის დამფუძნებლები და ინიციატორები აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ საზოგადოებაში, რათა მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ფრონტის მიზნები ზომიერი პატრიოტიზმისა და დემოკრატიის სულისკვეთებას გამოხატავდნენ და საზოგადოების საშუალო ფენებზე და ინტელიგენტურ ჯგუფებზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამიტომ იყო, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თბილისისა და რეგიონული ქალაქების მოსახლეობა ენთუზიაზმით მოეკიდა სახალხო ფრონტის შექმნის იდეას.
1989 წლის ზაფხულისათვის სახალხო ფრონტის ჯგუფები თბილისის, ქუთაისის, გორის და სხვა ქალაქების მრავალ ორგანიზაციაში, ფაბრიკა-ქარხნებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო თუ კულტურულ დაწესებულებებში იყო შექმნილი. ამ დროისათვის, თუ ნოდარ ნათაძის მონაცემს ვერწმუნებით, სახალხო ფრონტი 50 000 პირს აერთიანებდა და კომპარტიის შემდეგ, ალბათ ყველაზე მასობრივი პოლიტიკური მოძრაობა გახლდათ ქვეყანაში.
საქართველოში სახალხო ფრონტს სერიოზულ ფუნქციას ან, უფრო პრეტენზიულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, მისიას აკისრებდნენ. მას უნდა შემოეკრიბა ქართველი საზოგადოების ინტელიგენტური ძალები და ქცეულიყო პატრიოტული მოძრაობის თავისებურ წარმართველ ინტელექტუალურ ცენტრად. კლასიფიკაციის მიხედვით, ამგვარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, თანაც მასობრივი მოძრაობა ძლიერი ცენტრის მდგომარეობას დაიკავებდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ზომიერ-გონივრულ იმპულსს მისცემდა ეროვნულ მოძრაობას.
იდეალურ შემთხვევაში ლიბერალურ-ცენტრისტული სახალხო ფრონტი, ერთის მხრივ, მონდომებით ითანამშრომლებდა ეროვნულ-რადიკალურ ძალებთან, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებასთან შეეძლებოდა დიალოგი, იგი პერმანენტულად შეეცდებოდა მის დაყოლიებას კომპრომისებზე ეროვნული მოძრაობის მიმართ. ალბათ ეს იყო ყველაზე სასურველი მოლოდინი, რომელიც ქართველ საზოგადოებას შეიძლებოდა ჰქონოდა სახალხო ფრონტის მიმართ. თუმცა, არსებობდა სხვა `მოლოდინებიც~. ისეთი მრავალრიცხოვანი `არმიის~ მქონე ორგანიზაციის მიმართ, როგორიც სახალხო ფრონტი იყო, თავისი მიზნები ჰქონდა კომუნისტურ ხელისუფლებასაც და ეროვნული მოძრაობის რადიკალურ ძალებსაც. ორივე ეს ურთიერთდაპირისპირებული ძალა, ბუნებრივია, სახალხო ფრონტის თავის მხარეზე მიზიდვას ფიქრობდა და ცდილობდა.
ამგვარი `მოლოდინების~ ატმოსფეროში, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 1989 წლის 21 ივნისს გაიხსნა საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა. სხდომები 25 ივნისამდე მიმდინარეობდა. ნოდარ ნათაძის ცნობით, ყრილობას 2000-მდე მონაწილე ესწრებოდა. მათი უმრავლესობა ცდილობდა აქტიური მონაწილეობა მიეღო ყრილობის მუშაობაში და თუ სცენაზე ასვლას ან მიკროფონთან მიახლოებას ვერ მოახერხებდა, ადგილიდან ან ადგილზე კამათით, მსჯელობით, დისკუსიით თუ ყვირილითაც კი გამოხატავდა აქტიურობას. მართალია სხდომების თავმჯდომარეები ყოველდღიურად იცვლებოდნენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებდა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის დაწყნარებას, რის გამოც ყრილობის მუშაობა განუწყვეტელ ხმაურში მიმდინარეობდა.
ყრილობის პირველივე სხდომიდან ცხადი გახდა, აუდიტორიის უმრავლესობას ემოციურად და რადიკალურად განწყობილი დელეგატები შეადგენდნენ. პირველი სხდომის თავმჯდომარედ, ზვიად გამსახურდიას წინადადებით დასახელებული, ავთანდილ იმნაძე აირჩიეს. თითქმის ყველა საკითხი, რომელიც სხდომაზე ირჩეოდა _ ეს იქნებოდა ხმის დამთვლელი თუ სამანდატო კომისიების არჩევა, წესდების მიღება თუ სხვა, მძაფრი პოლემიკის და წინააღმდეგობის ფონზე წყდებოდა.
განსაკუთრებული დაპირისპირების საგანი გახდა საკითხი სათათბიროს არჩევისა და ფუნქციონირების შესახებ. აქაც, როგორც სხვა პრობლემის გარჩევის შემთხვევაში, ერთმანეთს ორი თვალსაზრისი და მისი მხარდამჭერნი დაუპირისპირდნენ _ ზომიერი ინტელიგენციის წარმომადგენელნი და ეროვნული რადიკალები. ზომიერთა აზრით, სათათბირო უნდა ყოფილიყო ფართო წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ყრილობებს შორის წარმართავდა სახალხო ფრონტის საქმიანობას.
სათათბიროს იდეას იცავდა მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი.Mმისი დასაბუთებით, ამ ორგანოში პარლამენტის იდეა იდო. სათათბიროს საშუალებით ხალხი უნდა გაეაქტიურებინათ. დარბაზი ახმაურდა. ორატორს ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. არაფორმალებს განსაკუთრებით არ მოეწონათ მამარდაშვილის შეფარული ბრალდება: ფრონტი კომუნისტური პარტიის სათამაშო კი არა, “სხვა ძალების” სათამაშო ხდებაო. ცხადია, მოსკოველი ფილოსოფოსი `სხვა ძალებში” `არაფორმალ რადიკალებს” გულისხმობდა. მამარდაშვილი იძულებული გახდა სცენიდან ჩასულიყო: თუ არ დამაცადეთ, რაღა გამოვიდაო. ბატონებო, გთხოვთ, დაიცვათ `აკადემიური~, `ოლიმპიური სიმშვიდე” _ ამაოდ მოუწოდებდა ნოდარ ნათაძე ახმაურებულ აუდიტორიას. ვნებები განსაკუთრებით გააღვივა ზვიად გამსახურდიას გაფრთხილებამ, რომელმაც სახალხო ფრონტი `დაშლილად~ გამოაცხადა, თუ სათათბიროს იდეას მიიღებდნენ.
სათათბიროს მხარდაჭერის წინადადებით სხვა ორატორებიც გამოდიოდნენ: გია ჟორჟოლიანი, ადა მარშანია, სხვებიც. მაგრამ არაფორმალები მრავალრიცხოვანნი იყვნენ და უფრო აქტიურებიც. ადა მარშანია მხურვალედ იცავდა სათათბიროს შემოღების ვარიანტს: ესაა გზა პარლამენტარიზმისაკენ, რომელიც ერთადერთი გზა არისო, მაგრამ იქვე დაასკვნიდა _ ზვიად გამსახურდიას ეს არ უნდაო.
რატომ არ უნდოდათ არაფორმალებს სათათბიროს შემოღება? მათი აზრით, ეს მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობითი სტრუქტურა შეიცავდა საშიშროებას, რომ მასში ბლომად მოხვდებოდნენ ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პიროვნებები და შესაბამისად, სათათბირო იქცეოდა მართვად სტრუქტურად. არ უნდა შეიქმნას სათათბირო _ აფრთხილებდა ფრონტელებს გამსახურდია, რადგან ამ გზით ცეკა ცდილობს სახალხო ფრონტის ხელში ჩაგდებას.
რადიკალთა მტკიცებით, უფრო მობილური და ეფექტური ორგანო იქნებოდა შედარებით მცირერიცხოვანი _ გამგეობა. მის შემოღებას მხარს უჭერდა თვით სახალხო ფრონტის შექმნის ინიციატორი ნოდარ ნათაძე. მან განაცხადა _ სათათბიროს საჭიროების სერიოზული დასაბუთება მე აქ ვერ მოვისმინეო და ეს სიტყვები განაჩენივით გაისმა _ სათათბიროს იდეა კენჭისყრის შედეგად უარყოფილი იქნა. დარბაზი ტაშით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას.
სათათბიროს საჭიროების უარყოფა მიმდინარე ყროლობაზე არაფორმალი რადიკალების პირველ გამარჯვებად იქნა აღქმული. საერთოდ, როგორც აღვნიშნეთ, ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობა რადიკალურად იყო განწყობილი და აქტიურად გამოხატავდა მხარდაჭერას ზ. გამსახურდიას მიერ დაკავებული პოზიციის მიმართ, სხვადასხვა საკითხებზე. ცუდი ის იყო, რომ ყროლობაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა კონსენსუსისაკენ, პოზიციათა დაახლოებისაკენ მიდრეკილება რადიკალებსა და ზომიერ-ლიბერალებს შორის. ამას ხაზგასმით ვამბობთ და მხოლოდ რადიკალებს არ ვგულისხმობთ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ. Aარანაკლებ და ზოგ შემთხვევაში მეტადაც, შეურიგებლობას იჩენდნენ ინტელიგენციის ავტორიტეტული წარმომადგენლები, რომელთა მტკიცებასაც თან “მასისადმი” შეუწყნარებლობისა და ინტელექტუალური უპირატესობის მანიშნებელი ტონი ახლდა, რასაც ქვეშეცნეულად გრძნობდა “მასა” და ბუნებრივად ღიზიანდებოდა.Eეს მომენტი ურთიერთდაპირისპირების დამატებით ფსიქოლოგიურ ფაქტორს ქმნიდა.
რადიკალების ძირითადი პლატფორმა სახალხო ფრონტის საქმიანობაში ეროვნული მიმართულების აქცენტირება და ხელისუფლების მიმართ მებრძოლი, პრინციპული პოზიციის გაძლიერება გახლდათ. სახალხო ფრონტი, ისევე როგორც რუსთაველის საზოგადოება, მთავრობის ინსპირაციით შეიქმნა _ აცხადებდა მერაბ კოსტავა. იგი თითქოს არაფორმალებს ბაძავს, მაგრამ მის საპროგრამო დოკუმენტებში ნაკლებად ვხედავთ ეროვნულ მომენტს. უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში ოკუპაციურია და მისი გასვლა მოვითხოვოთ. სწორედ, ამას მოითხოვენ ბალტიისპირელები. კომუნისტურ მთავრობასთან ჯიქური ლაპარაკია საჭირო _ ურჩევდა სახალხო ფრონტელებს მერაბ კოსტავა, რომელიც თავადაც ჯიქურად მომზირალი და გაჯგიმული შეუვალობით იდგა სცენაზე _ ეს ძალის დემონსტრირებას არ ნიშნავს, საჭირო არაა მცოცავი საშუალებები, _ დაასკვნიდა იგი.
ის თუ სახელდობრ, რა საკითხებში არ იყო საჭირო `მცოცავი საშუალებებით~ მოქმედება, კონკრეტულად განმარტავდა ზვიად გამსახურდია: პროგრამაში უნდა გამოიკვეთოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა; ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი; ყველა ერის ინტერესები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ქართველი ხალხი და საქართველო ცალკე უნდა ჩანდეს პროგრამაში; უნდა განიმარტოს საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი. სხვა გამოსვლაში გამსახურდია ირწმუნებოდა: პროგრამაში არ ჩანს, როგორ უნდა იბრძოლოს სახალხო ფრონტმა სუვერენიტეტის აღდგენისათვისო. საერთოდ, იგი ურჩევდა ფრონტელებს, მეტი კონკრეტიზაცია შეეტანათ პროგრამაში და ბრძოლის საშუალებებში.
ამ საქმეში არაფერი იყო გადაჭარბებელი და რადიკალურიც კი. ისინი თავისუფლად შეიძლებოდა სახალხო ფრონტის ზომიერ ნაწილსაც გაეთვალისწინებინა, როგორც მოწოდება პრინციპულობისა და აქტიურობისაკენ. გამსახურდიასა და ზოგიერთი რადიკალის გამოსვლებში სხვა იყო საჩოთირო და საკამათო _ გადახრა ნაციონალიზმისაკენ, უფრო ზუსტად _ ეთნიკური ნაციონალიზმისაკენ. ზ. გამსახურდიას ნაციონალისტური მსოფლმხედველობის, მისი მიზეზების, ხასიათის, პოზიტიურ-ნეგატიური მხარეების შესახებ სხვაგან და სპეციალურად გავამახვილებთ ყურადღებას. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ ზოგადად, რომ გამსახურდია ითხოვდა სახალხო ფრონტის პროგრამაში პრიორიტეტულად წარმოჩენილიყო ქართველი ხალხის ინტერესები, რომ აქსიომატური ყოფილიყო პოზიცია: `საქართველო არის ქართველების ქვეყანა~.
მიუხედავად ეთნონაციონალისტური ლოზუნგისა, უნდა ითქვას, გამსახურდიას პოზიცია საბჭოთა ეპოქაში შელახულ-დაჩაგრული ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე არაქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ და მისი ნაციონალიზმისაგან ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა. საქმე უფრო მარტივად იყო. გამსახურდიასათვის მთავარ სტრატეგიულ მიზანს სახელმწიფოებრივი და ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა და ამ მიზანს ყველა სხვა პოლიტიკური, კულტურული, სოციალური თუ დემოკრატიული მიზანდასახულებები უნდა დაქვემდებარებოდა. მაგ., მან სურვილი გამოთქვა, სახალხო ფრონტს ეროვნული ფრონტი დარქმეოდა. ამ ნაბიჯით უფრო გამოიკვეთებოდა ფრონტის ეროვნული პრიორიტეტი.
სხვა საკითხია, რომ ასეთ შემთხვევაში სახალხო ფრონტი არაქართველი მოსახლეობისათვის მიმზიდველობას დაკარგავდა და ამდენად ამგვარი ნაბიჯი უფრო შეცდომა იქნებოდა და არა დანაშაული. სხვაგვარად ფიქრობდნენ იგივე ბალტიისპირელები, რომლებსაც სახალხო ფრონტში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნდათ. საქართველოს სახალხო ფრონტის ყრილობის პირველი სხდომის შემდეგ, თბილისში სტუმრად მყოფმა ლატვიის სახალხო ფრონტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ინც ცალეტისმა, ნაკლად შეაფასა ის, რომ ქართველებმა სახალხო ფრონტის პროგრამა რუსულად არ თარგმნეს და არაქართველ საზოგადოებას არ მიაწოდეს. რუსულად პროგრამისა და წესდების თარგმნა `ლატვიაში ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მივიჩნიეთ _ ჩვენ უნდა მივიტანოთ სახალხო ფრონტის იდეა მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც არ ფლობს ლატვიურ ენას.~18
ყრილობაზე, რბილად რომ ვთქვათ, შოვინისტური რეპლიკები და მოწოდებებიც გაისმა. ლუიზა შაკიაშვილის აღშფოთება გამოიწვია აფხაზეთისათვის `სრული კულტურული ავტონომიის~ სტატუსის მინიჭების წინადადებამ _ საქართველოში ყველას ყველაფერი აქვს, როგორ აძლევთ სამუდამო ავტონომიას აფხაზეთსო. ერთ-ერთმა გამომსვლელმა თუ რეპლიკის ავტორმა პროტესტიც კი გამოთქვა _ აფხაზი ერი არ არსებობსო. გოჩა გავაშელი უფრო შორს წავიდა და საქართველოს `ქართველიზაციის~ თეზისი წარმოადგინა: ქართული მიწის პატრონი უნდა იყოს `მხოლოდ ქართველი კაცი.~ არაქართველების გასახლება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მიწის ჩამორთმევა, სახლების დანგრევა… საბედნიეროდ, ამგვარი ზღვარდაუდებელი პროტესტები და მოწოდებები ყრილობაზე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა და მათთვის ყურადღება არც დარბაზს მიუქცევია, არც რაიმე დოკუმენტში ასახულა. არც თ. სუმბათაშვილის მოწოდებისათვის მიუქცევია ვინმეს ყურადღება, როცა მან წინადადება წამოაყენა _ კონცეფციურად დასაბუთდეს, რომ აფხაზები ეთნიკურად ქართველები არიანო.
ეროვნულ უმცირესობებსა და არაქართველ მოსახლეობასთან დამოკიდებულების საკითხში ყრილობის, როგორც ზომიერ-ლიბერალურ, ისე რადიკალურ ნაწილს სერიოზული წინააღმდეგობა არ ჰქონია. ორივე ბანაკი შედარებით სიმშვიდით უსმენდა და ამით თავის თანხმობას გამოხატავდა ადა მარშანიას თუ რეზო ჩხეიძის მიერ აფხაზეთისათვის ავტონომიური სტატუსის აუცილებლობის დამასაბუთებელი გამოსვლების მიმართ. როდესაც ყრილობამ პროგრამაში აფხაზეთის ავტონომიის მუხლი შეიტანა და აფხაზებისადმი მიმართვის გაგზავნა გადაწყვიტა, რადიკალმა გიორგი მარჯანიშვილმა განაცხადა: არ იქნება სწორი, რომ აფხაზეთის ორგანიზაციებს თუ სტრუქტურებს მივმართოთ, უნდა მივმართოთ აფხაზ ხალხს, კურთხეულ იყოს ჩვენი ძმობაო.
რაც შეეხება ყრილობის უმრავლესობის რადიკალურ განწყობას, იგი უფრო პრინციპული და აქტიური ეროვნული საქმიანობისაკენ მოწოდებაში გამოიხატებოდა, ხოლო მოწოდების ობიექტი სახალხო ფრონტი და ზომიერ-ლიბერალური ინტელიგენცია გახლდათ.
თვით სახალხო ფრონტის წევრთა ერთი ნაწილი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა, არაფორმალებთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე იყო. დარბაზი ტაშით შეხვდა ნოდარ ნათაძის სიტყვებს _ არაფორმალებთან ურთიერთობის გარეშე სახალხო ფრონტის საქმიანობა შეუძლებელიაო. ნ. სამარგულიანმა, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენელმა, ხაზი გაუსვა ზ. გამსახურდიას მომხრეების ფრონტში მონაწილეობის აუცილებლობას. გიორგი ხოშტარიამ გამორიცხა კომპარტიის წევრების მონაწილეობა სახალხო ფრონტის ხელმძღვანელობაში. მისი რეკომენდაციით, ეს უნდა ყოფილიყო ერთი მოძრაობა, რომელიც გარკვეულწილად გაითვალისწინებდა, როგორც არაფორმალების, ისე ხელისუფლების პოზიციასაც. რეზო ესაძემაც დაუჭირა მხარი არაფორმალებთან ფრონტის ახლო ურთიერთობას, რადგან ისინი გამოხატავდნენ ეროვნულ ინტერესს.
ზ. გამსახურდიამ, როგორც სხვა გამოსვლების დროს, ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პრიორიტეტს. მან გაილაშქრა დიდი ჰესების წინააღმდეგ, რადგან `კრემლი~ მათი საშუალებით ეკოლოგიურ ომს აწარმოებდა საქართველოსთან. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული მისივე აზრით, დემოგრაფიული შემოტევა, რაც ქართველი ერის `გენოციდის~ საფუძველს ქმნიდა. გამსახურდიას პოზიცია მრავალმა ორატორმა გაიზიარა და არა მარტო ე. წ. რადიკალ-არაფორმალების, არამედ ზომიერთა წრეებიდანაც _ რეზო ჩხეიძემ, გივი თუმანიშვილმა, ამირან კალაძემ, დავით მაჭავარიანმა და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საბოლოო მიზანსა და მისი მიღწევა-განხორციელების საშუალებებში მართლაც არ იყო დიდი განსხვავება, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა მაინც პერმანენტული კამათის, შეჯახებების და შეურიგებლობის არენად იქცა. დღევანდელი გადასახედიდან და განვლილი ისტორიული კატაკლიზმების გათვალისწინებიდან გამომდინარე, შეიძლება დღესაც ორად გაიყოს აზრი _ ერთნი ალბათ რადიკალებს დასდებენ ბრალს ამბიციურობაში, აჩქარებაში თუ შეურიგებლობაში, მეორენი ზომიერ ინტელიგენციას გაამტყუნებენ, რადგან იგი ხელისუფლებისა და კონიუნქტურის ტყვეობაში იყო გამოკეტილი. მაინც საითაა სიმართლე? ეს საკითხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რადგან სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა პირველი მასშტაბური შეჯახება გახლდათ რადიკალებსა და ზომიერ ინტელიგენციას შორის და მაშინ, ბევრი ისეთი რამ გამოვლინდა, რამაც შემდგომში მოვლენების დრამატულ განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მრავალ დამახასიათებელ მოვლენებიდანYყველაზე მთავარი უნდა გამოვყოთ _ პოზიციათა და შეხედულებათა შეურიგებლობა და უკომპრომისობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ერთ-ერთი ვისაც რადიკალების მიმართ ლოიალობის, ან მათთან კომპრომისის სურვილი არ გამოუმჟღავნებია, მერაბ მამარდაშვილი გახლდათ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ მისი კონფლიქტის შესახებ რადიკალებთან, პირველივე სხდომაზე, როცა მან შიში გამოთქვა _ სახალხო ფრონტი კომუნისტური პარტიის სათამაში კი არა, სხვა ძალების სათამაშო ხდებაო. `სხვა ძალებში~ რადიკალები და პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას მომხრეები იგულისხმებოდნენ.
მას შემდეგ, რაც მამარდაშვილს პროტესტის ნიშნად ხმაური აუტეხეს და იძულებული გახდა სცენიდან ჩამოსულიყო, მას ყრილობის მსვლელობაში მონაწილეობა თითქმის აღარ მიუღია. სწორედ აქ, სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე, წარმოთქვა მერაბ მამარდაშვილმა ფრაზა _ ჭეშმარიტება მაღლა დგას სამშობლოზე _ რომელიც, ერთის მხრივ, მაშინვე იქცა იქ მყოფი პატრიოტული უმრავლესობის რისხვის საგნად, ხოლო მეორე მხრივ, იგივე სიტყვები შემწყნარებლურად მიიღო ზომიერმა ინტელიგენციამ და ერთგვარი ინტელექტუალური უპირატესობის დამადასტურებელ დროშადაც კი გაიხადა.
ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზამ, ისეთ ცუდად შერჩეულ დროსა და ადგილას ითქვა, რომ გაერთიანება-შეთანხმებისათვის შეკრებილი საზოგადოება კიდევ ერთი დამატებითი მუხტით დააპირისპირა ერთმანეთს. ჩვენ პოლიტიკური მოვლენები გვაინტერესებს და ფილოსოფიური კატეგორიების, ამ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლო განხილვას რომ თავი ავარიდოთ, ასეც შეიძლება საკითხი დავსვათ _ როგორც ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი მართალი გახლდათ. მან არისტოტელესეული თეზისის პერიფრაზირება მოახდინა: ამიკუს პლატო სედ მაგის, ამიკა ვერიტას – პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია ჩემი. ჩავსვათ `პლატონის~ მაგიერ სიტყვა `სამშობლო~ და მივიღებთ არისტოტელესეული პრინციპის მამარდაშვილისეულ გადამეორებას _ სამშობლო დიდად ძვირფასი ღირებულებაა, მაგრამ მასზე მაღალი ღირებულება ჭეშმარიტებაა.
მაშ, მერაბ მამარდაშვილი, როგორც ფილოსოფოსი მართალი გახლდათ, მაგრამ ათასჯერ მართალი იქნებოდა, რომ თავისი თეზისი ფილოსოფოსთა სიმპოზიუმზე ან ინტელექტუალთა შეხვედრაზე ემტკიცებინა. სახალხო ფრონტის ყრილობა არც ერთი იყო, არც მეორე. იგი პოლიტიკური თავყრილობა გახლდათ და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტუალურ პრობლემებს არკვევდა. პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს ორი უპირველესი კატეგორია _ მიზანი და მისი განხორციელების საშუალება, მისი არჩევის ანუ პოლიტიკური მიზანშეწინილობის პრობლემა.
რადიკალთა აზრით, ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ერთი მიზანი ჰქონდა _ დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს ზოგადად. სახალხო ფრონტის ყრილობა ამ მიზნის განხორციელებისაკენ მიმართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლდათ და ფრონტის არსი ეროვნული ძალების თუ გაერთიანებაში არა, ამ ძალების თანამშრომლობაში მაინც მდგომარეობდა. საერთოდ, საქართველო მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა იყო და აქ წარმოდგენილი ეროვნული მოძრაობის უპირველესი საზრუნავთაგანი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების მაქსიმალური ერთიანობა უნდა ყოფილიყო. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, თუ სრული ერთიანობა არ მოხერხდებოდა, ამ ძალების თანამშრომლობა მაინც აუცილებელი მინიმუმი უნდა გამხდარიყო.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული მოძრაობა გაითიშებოდა და ადრე თუ გვიან ურთიერთკონფრონტაციულ პროცესებში აღმოჩნდებოდა ჩათრეული. სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, პორველ რიგში, ერთიანობის ან თანამშრომლობის პრობლემა უნდა გადაეწყვიტა. ამაზე გახლდათ დამოკიდებული, რამდენად იყო მომზადებული და რაციონალური ქართული ეროვნული მოძრაობა, ზოგადად კი, ქართველი საზოგადოება.
ამ საკითხს ქვემოთაც არაერთხელ შევეხებით, რადგან სწორედ ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა მიგვაჩნია ჩვენი ნაშრომის მთავარ დანიშნულებად. ამიტომ და ამჯერად, 1989 წლის 21-25 ივნისს გამართული სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობის პერიპეტიებს გადმოვცემთ და მთავარ კითხვას ვუპასუხებთ _ როგორ იდგა და როგორ გადაიჭრა ამ ყრილობაზე ეროვნული ძალების ერთიანობის თუ თანამშრომლობის პრობლემა.
ყრილობაზე რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი. ერთნი იყვნენ რადიკალები და მათი მხარდამჭერნი. რადიკალები ერთიანობის პრობლემას მარტივად და ხისტად უყურებდნენ _ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მოწინააღმდეგეა, ან _ ვინც ჩვენთან არ არის, არც ეროვნულ მოძრაობაშია, ის ხელისუფლების მხარეზეა. ამ პრინციპით უყურებდნენ ისინი ინტელიგენციას. ყრილობაზე წარმოდგენილი ინტელიგენცია ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი იყო საშუალო ინტელიგენციის შედარებით მრავალრიცხოვანი ფენა, ხოლო მეორე ნაწილს შეადგენდა ინტელიგენციის ზედაფენა, მისი ელიტარული ნაწილი.
რადიკალები ელიტარულ ინტელიგენციას არ ენდობოდნენ და მიაჩნდათ, რომ თუ ისინი სახალხო ფრონტში მოკალათდებოდნენ, ეს ორგანიზაცია ხელისუფლების მიერ მართვად სტრუქტურად გადაიქცეოდა. სწორედ ამგვარ პოზიციაზე მეტყველებდა ზვიად გამსახურდიას სიტყვები: ჩემი დამოკიდებულება ფრონტთან, რატომ ვარ აქ. მე სტუმარი ვარ. რა იქნება მომავალში ფრონტი, არ ვიცი. თუ დამოუკიდებელი იქნება, გავხდები მისი წევრი.
მხედველობაში თუ მივიღებთ ფაქტს, რომ ფრონტის ყრილობაზე დამსწრე რადიკალთა უმრავლესობა გამსახურდიას მომხრე გახლდათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათი პოზოციაც ლიდერის პოზიციის იდენტური იქნებოდა.
ის, რომ რადიკალები ხელისუფლებასთან და მასთან ალიანსში მყოფ საგულვებელ ძალებთან გარიგებას თუ თანამშრომლობას არ აპირებდნენ, შესაძლოა შეცდომად ან არარაციონალურ ტაქტიკად მივიჩნიოთ. მაგრამ ისიც ფაქტია, თუ საქართველოში ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა არსებობდა, მხოლოდ რადიკალების დამსახურება გახლდათ. დიახ, რადიკალებმა დაიწყეს ეროვნული დამოუკიდებლობის პროპაგანდა, გამოსცეს ჟურნალ-გაზეთები, აწყობდნენ აქციებს, მიტინგებს, მანიფესტაციებს და ამ გზით აამოძრავეს ქართველი საზოგადოება და მოსახლეობის მთელი რიგი ჯგუფები. ისინი უპირისპირდებოდნენ ცენტრალურ და ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებას, მათ გააშიშვლეს ხელისუფლების საქმიანობის მრავალი დანაშაულებრივი მხარე და ა. შ. ერთი სიტყვით, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა საქართველოში რადიკალებმა წამოიწყეს და მათივე მეთაურობით მიმდინარეობდა.
სამწუხაროდ, ელიტარული ინტელიგენცია, მიუხედავად მისი დიდი და სხვადასხვა დამსახურებისა, ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდა, ყოველ შემთხვევაში 1989 წლის ზაფხულამდე, ჯერჯერობით ამ ჩვენთვის საინტერესო პერიოდამდე. ელიტარული ინტელიგენციის გააქტიურება 9 აპრილის ტრაგედიამ გამოიწვია, ხოლო ამ გააქტიურებისა და ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მათი სახალხო ფრონტის ორგანიზებაში და დამფუძნებელ ყრილობაში მონაწილეობა გახლდათ. აქ უნდა გარკვეულიყო, რამდენად მომწიფებული გახლდათ ქართული ინტელიგენციის მაშინდელი ლიდერი _ მისი ზედაფენა იმისათვის, რომ ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მოძრაობაში ჩაბმულიყო და რამდენად შეეძლო მას ეთანამშრომლა რადიკალებთან. ამით მას უნდა ეკისრა ისტორიული მისია _ განეხორციელებინა ეროვნული ერთიანობის მინიმუმი, რაც რადიკალებთან თანამშრომლობაში გამოიხატებოდა.
ამგვარი ნაბიჯი თუ გადაიდგმებოდა, ორივე ძალა მოიგებდა. რადიკალური მოძრაობა უფრო რაციონალური გახდებოდა, ხოლო ელიტარული ინტელიგენცია დამოუკიდებლობისათვის უშუალო მოძრაობაში ჩაერთვებოდა.
რადიკალების, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, არაფორმალების დამსახურებას კარგად ხედავდა საზოგადოება და ამას ელიტარული ინტელიგენციის ერთი ნაწილიც აღიარებდა. რეზო ჩხეიძემ ყრილობაზე ერთ-ერთ გამოსვლაში არაფორმალების მოღვაწეობა ყინულმჭრელსაც კი შეადარა. არაფორმალების საქმიანობა ყინულმჭრელივითაა და რასაც ისინი მოიპოვებენ, `ჩვენ უნდა დავაკანონოთ~. აქ, რ. ჩხეიძემ არაფორმალი რადიკალებისა და ინტელიგენციის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების თავისებური სტრატეგიული თეზისი ჩამოაყალიბა. ეს კარგის მანიშნებელი იყო, მაგრამ როგორ განხორციელდა იგი ყრილობაზე? მისი მთავარი გეზი გახდა, თუ პატარა ეპიზოდივით ჩაიკარგა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამეფებულ ხმაურში.
უკანასკნელს უფრო ჰგავდა და მერაბ მამარდაშვილის ფრაზამაც ამ უკანასკნელს უფრო შეუწყო ხელი.
სახალხო ფრონტის ყრილობის რადიკალური უმრავლესობა თავის საქმიანობის მთავარ მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას მიიჩნევდა. ახლა კი, ფრონტის ყრილობის პირველსავე დღეს, მას პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად საეჭვო ღირებულების ფრაზა შესთავაზეს _ რომ სამშობლოზე, მის თავისუფლებაზე მაღლა _ ჭეშმარიტება მდგარა. ის, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ჭეშმარიტება _ არ განმარტავდნენ. ჭეშმარიტებად შეიძლებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ნებისმიერი ალტერნატივა მიჩნეულიყო. მაგ., დემოკრატია, კონფედერაცია, `ახალი~ საკავშირო სახელმწიფო და რაიმე სხვა კომბინაცია. მერაბ მამარდაშვილმა თავისდაუნებურად იმთავითვე უარყო რადიკალ არაფორმალებთან არა მარტო ერთიანობის, არამედ თანამშრომლობა-შეთანხმების გზა და ფაქტიურად, თავისი თეზისით მათთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მიმდინარე ყრილობაზე დაპირისპირების ხარისხი შემდგომში კიდევ უფრო იზრდებოდა.
22 ივნისის სხდომაზე ზვიად გამსახურდია ინტელიგენციას, მწერლებს ქართული ენის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს. თურმე ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიღაც სტატია ორ ენაზე გამოუქვეყნებია. გამსახურდიას პრეტენზია ცოტა უცნაურია, იგი `ერთენოვნებისაკენ~ მოუწოდებს სახალხო ფრონტს და ჩარკვიანს კი კეთილგანწყობილად საყვედურობს: “ჯანსუღ, ძმაო, შენგან გამიკვირდა, არ შეიძლება, ძმაო……~ გაუგებარია, რა არ შეიძლებოდა, სტატიის ორ ენაზე გამოქვეყნება? ის კი გასაგებია, რომ გამსახურდია სახალხო ფრონტს ერთენოვნების _ ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის უფლებების დაცვას ურჩევდა. მაგრამ როცა გამსახურდიამ მიკროფონით ჯანსუღ ჩარკვიანს მიმართა, ეს უკანასკნელი უკვე შუა დარბაზში იდგა და თავისი ნამოქმედარის გამართლებას ასაბუთებდა. აქ მთავარი ის კი არ არის, რომელი მათგანის მხარეზე გახლდათ სიმართლე, არამედ ის, რომ ისედაც ახმაურებულ დარბაზში ორატორები ერთმანეთს არ უსმენდნენ. დასანანი და დამახასითებელი ეპიზოდია.
უკვე ყრილობის გახსნისთანავე დაიწყო კამათი, კინკლაობა, ხმაური, წინააღმდეგობა ნებისმიერ წვრილმან თუ მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგ., იმაზე, თუ რამდენი წუთი უნდა ყოფილიყო გამომსვლელთა რეგლამენტი, ვინ უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი-თავმჯდომარე. ზ. გამსახურდიამ, რომ თავმჯდომარედ ავთანდილ იმნაძის კანდიდატურა დაასახელა, თან დარბაზს თუ დარბაზში მყოფ გარკვეულ ჯგუფს მიმართა _ მოეშვით ობსტრუქციებსო. მეტისმეტად გაიწელა და როგორც იქნა, აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია. მეორე ბანაკიდან მერაბ კოკოჩაშვილმაც მოითხოვა: დისკრიმინაციით ნუ დავიწყებთ, ყველა აზრის მქონეს უნდა მიეცეს სიტყვაო. ქართლოს ღარიბაშვილმა კატეგორიულად დააყენა საკითხი _ ვინც დამოუკიდებლობის მოთხოვნას ხელს შეუშლის ან შეეწინააღმდეგება, დარბაზიდან გაძევდესო. საღამოს სხდომისათვის დარბაზი უკვე საბოლოოდ განთავისუფლდა ნოდარ ნათაძის მიერ მოწოდებული `აკადემიურობის~ ყოველგვარი ნიშანწყლისგან. რომელიღაც ქალბატონმა განწირულად გააპროტესტა _ ჩემს გვერდით იგინებიან, შეურაცხყოფილი ვარო,
22 ივნისის შუადღის სხდომაზე თავმჯდომარე რობერტ პეტრიაშვილი შიშს გამოთქვამდა, გარკვეულ ძალებს ყრილობის ჩაშლა სურთო. მან რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდა აუდიტორიას და დაიჩივლა, სიტყვაში გამომსვლელთა სიაში 150 კაცია ჩაწერილიო. რამდენიმე ორატორის გამოსვლის მერე რობერტ პეტრიაშვილმა გამოსვლების შეწყვეტის საკითხი დააყენა _ უკვე აღარაფერს ვამბობთ და თუ არ შეწყდება გამოსვლები, თავმჯდომარეობიდან გადავდგებიო.
რადიკალებსა და ზომიერ-ლიბერალებს შორის წინააღმდეგობა გრძელდებოდა. 22 ივნისს ელდარ შენგელაიამ მკვეთრად დააყენა საკითხი _ რადიკალიზმმა და ექსტრემიზმმა დაღუპა საქართველო. ჩვენ ჭკუა არ გვისწავლია. აქ უმრავლესობა რადიკალურადაა განწყობილი და თუ ჩვენი პოზიცია არ გინდათ, წავალთო.
შენგელაიაზე ადრე ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი გამოვიდა და მონაწილეებს მიმართა _ გაფრთხილებთ, სტუმრებს ავყევით და ეს არ გამოგვადგებაო. ჯავახიშვილი სახალხო ფრონტის ყრილობაზე ჩამოსულ სტუმრებს გულისხმობდა ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან. ზომიერი ინტელიგენციის ნაწილს არ მოსწონდა ბალტიელების მიერ დამოუკიდებლობის ლოზუნგის დაყენება, თუმცა ზომიერთა მეორე ნაწილი ან რწმენით, ან სხვათა ზეგავლენით აღიარებდა დამოუკიდებლობის მოთხოვნის აუცილებლობას. კობა იმედაშვილმა განაცხადა _ გვეყოფა კუკუმალაობის თამაში, საჭიროა პირდაპირ სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, ოღონდ სხვა ხალხების ინტერესების გათვალისწინებით, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. რეზო ჩხეიძეც `დაეთანხმა~ გამსახურდიას მოთხოვნას, ფრონტის პროგრამაში მკვეთრად გამოხატულიყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჯერ ალექსანდრე ჯავახიშვილმა, შემდეგ კი გივი თუმანიშვილმა დატოვეს დარბაზი.
დარბაზი უკმაყოფილოდ ხვდებოდა ზომიერთა ფრთხილ ნოტებს. გივი თუმანიშვილმა და რამდენიმე ორატორმა ალექსანდრე ჯავახიშვილს მხარი დაუჭირა. რომელიღაც ორატორმა რადიკალების ბანაკიდან პროგრამის სასწრაფო მიღება მოითხოვა, მთავარი მიზანი არ ჩაგვეშალოსო. სულ უფრო ხშირად გაისმოდა სიტყვები ყრილობის ჩაშლის საშიშროების შესახებ და ასევე გახშირდა მოწოდებები გაერთიანების აუცილებლობისაკენ. მაგრამ გაერთიანება ორივე ბანაკს საკუთარი პოზიციის გარშემო წარმოედგინა, თანაც აბსტრაქტულად.
ლანა ღოღობერიძემაც დააყენა ერთიანობის საკითხი, ოპოზიციონერები ერთად უნდა ვიყოთო. მისი აზრით, სახალხო ფრონტი ერთადერთი ორგანიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო, სადაც `ყველანი შეიკრიბებოდნენ.~ ყველამ შეიძლება სხვადასხვანაირად ვიაზროვნოთ, მაგრამ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთად ვიყოთ. მის ლირიულ გამოსვლაში ნაკლებად იყო საუბარი, როგორ უნდა გაერთიანებულიყვნენ.
ცოტა ხანს შევჩერდეთ: რატომ ან რით შეიძლებოდა უკმაყოფილო ყოფილიყო ალექსანდრე ჯავახიშვილი სტუმართა გამოსვლების და დარბაზის უმრავლესობის განწყობის მიმართ.
ყრილობის მდრტვინავი დარბაზი ხანდახან, ეპიზოდურად, უცებ ჩაცხრებოდა და გაირინდებოდა ხოლმე, ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა მიკროფონთან საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული სტუმრები გამოდიოდნენ. ყრილობის მონაწილენი განსაკუთრებულ სიმპათიას ბალტიისპირეთის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ იჩენდნენ. ბალტიელები იმპერიის სხვა ეროვნულ მოძრაობათა შორის, გამორჩეული რაციონალიზმით და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ დამოუკიდებლობისაკენ და სხვებისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც, მისაბაძ ნიმუშს წარმოადგენდნენ. ბალტიელებიც ხვდებოდნენ, რომ საქართველო ანტიიმპერიული განწყობის ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენდა და ცდილობდნენ არამარტო წრფელი სოლიდარობა გამოეხატათ, არამედ რაციონალიზმის ელემენტი გაეძლიერებინათ მიმდინარე ყრილობაზეც და საერთოდ, მოძრაობაშიც. პირველად, სახალხო ფრონტები, სწორედ ბალტიის რესპუბლიკებში ჩამოყალიბდა. ამიტომ სტუმართა გამოცდილების გაზიარება საქართველოს სახალხო ფრონტის მესვეურთათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა.
ყრილობას ერთ-ერთი პირველი ლიტველი სტუმარი ეგიდიუს კლუმბუსი მიესალმა. ეს ის ლიტველი დეპუტატი გახლდათ, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, როცა 9 აპრილის დამრბევი რუსი სამხედროები გამოჩდნენ. ახლა ლიტველი `საიუდისის~ წარმომადგენელი თავის ქართველ კოლეგებს მოუწოდებდა, პრინციპულად ებრძოლათ `თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის~ _ დამოუკიდებლობისათვის.
მეორე, ახლა უკვე ლატვიელმა სტუმარმა ხაზი გაუსვა ბალტიელებისა და ქართველების საერთო მიზანს. ბელორუსიელმა სტუმარმა იგორ პინკოვსკიმ საბჭოთა იმპერიის ჩაგრული და მებრძოლი ერების გზა იესო ქრისტეს მოწამეობრივ გზას შეადარა _ ქრისტეს მოწამეობრივ გზას ახლა ჩაგრული ხალხები გადიანო.
ლიტვის სეიმის წევრმა მეჩის ლაურინკუსმა რეალისტურობისაკენ მოუწოდა ყრილობას. იგი გულისხმობდა მრავალი არსებული პრობლემიდან, მთავარი პრობლემების გარკვევას და მათზე ყურადღების გამახვილებას. სწორედ, ამ გზას ადგნენ ლიტვაში, როცა მათ თავდაპირველ, პრიორიტეტად ეკონომიკური პრობლემების მოგვარება დაისახეს მიზნად, ისეთი ეკონომიკური პრობლემები, რომლების თანდათან გადაჭრა ლიტვის მომავალ დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს: საზღვრებზე საბაჟო გადასახადის რესპუბლიკის ხელში გადასვლა; უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება; მიგრაციის რეგულირება; თანდათანობით რუსეთის ჯარის გაყვანაზე ზრუნვა; მრავალპარტიულობის დაკანონება-დამკვიდრება; მიწების გლეხთა ხელში გადაცემა კერძო საკუთრებაში და ა. შ.
რა უნდა ყოფილიყო, ან რას გულისხმობდა ლიტველი სტუმრის თეზისი _ ბევრიდან განსაკუთრებული უნდა ავირჩიოთო? საქართველოს სახალხო ფრონტისათვის ეს თეზისი ნიშნავდა რჩევას _ ძლიერი ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია შეექმნათ. ბალტიელებს აწუხებდათ ყრილობაზე არსებული კონფრონტაციული ატმოსფერო. ცხადია, მათ სურდათ საქართველოს სახალხო ფრონტის სახით ძლიერი მოკავშირე ჰყოლოდათ, აქ კი ისინი ხედავდნენ უწესრიგო და გაუთავებელ ორთაბრძოლებს. `ბალტიისპირეთი ელის საქართველოს სახალხო ფრონტის შექმნას~ _ მიმართა ყრილობის სულგანაბულ დარბაზს ლატვიელმა სტუმარმა ქალმა ინგუნა ედელემ და ამით მიანიშნა ქართველებს _ მთავარი მიზანი ურთიერთთანხმობით განეხორციელებინათ.
ამისათვის კი ერთიანობა და ურთიერთშეთანხმება აუცილებელი ხდებოდა.
23 ივნისს ყრილობა მერაბ კოკოჩაშვილის მეთაურობით წარიმართა. ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ ყრილობის დატოვებამ პრინციპული ხასიათი შეიძინა და გათიშვა-ერთიანობის შესაძლებლობის მნიშვნელობაც კი მიიღო გარკვეულწილად. Yყრილობაზე ა. ჯავახიშვილის დაბრუნების საკითხი დაისვა. ავთანდილ იმნაძემ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა _ გუშინ კინაღამ კრება ჩაგვიშალაო. საკითხმა ისეთი მნიშვნელობა მიიღო, გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ. ყრილობის 470 მონაწილემ ჯავახიშვილის დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა. გაუგონარი ამბავი მოხდა. ალექსანდრე ჯავახიშვილი უაღრესად პატრიოტი პიროვნება გახლდათ. ცნობილი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და დიდი შრომა გასწია ქვეყნის უპირველესი მუზეუმის განვითარებისათვის _ აი, ასეთი პიროვნების სახალხო ფრონტის ყრილობაზე დაბრუნების წინააღმდეგ მონაწილეთაგან 470 კაცმა მისცა ხმა.
ამ თავისთავად არასასიამოვნო მოვლენას ახსნა და ჩაკვირვება უნდა. ადვილია მისი ცალმხრივად შეფასება. მაგ., ჯანსუღ ჩარკვიანმა ყრილობის მონაწილეებს ეთიკურობისაკენ მოუწოდა და ამით საკითხი გააუბრალოა. სხვებმა დარბაზის მიერ გამოჩენილი შეუწყნარებლობა _ რადიკალიზმს დააბრალეს. მიზეზი სხვა გახლდათ. საქმე იმაში იყო, რომ ლალი ჯავახიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, გივი თუმანიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია თუ სხვანი, უნდა ვაღიაროთ, იმხანად, იმჯერად, იმ დროს, 1989 წლის ზაფხულის პერიოდისათვის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები არ იყვნენ. მათი ნაწილი, ზოგნი შესანიშნავი პროფესიონალები იყვნენ, ზოგნი კარგი საზოგადო მოღვაწენი, ზოგნი ბრწყინვალე რეჟისორები, მწერლები, მუსიკოსები, მეცნიერები, გულწრფელი პატრიოტები და ა. შ., მაგრამ არა მებრძოლები, არა ისეთნი, ვისაც შეეძლო იდეისათვის საკუთარი ინტერესის გაწირვა, თავის გაწირვა, ფიზიკური საფრთხის წინაშე დგომა, დაპატიმრების, გადასახლების ფასად დამოუკიდებლობის იდეისათვის სამსახური; მიტინგებზე, მანიფესტაციებზე სირბილი, პროპაგანდა, ხალხში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში აგიტაცია და სხვა უამრავი რამ, რასაც პოლიტიკური აქტივობა, საქმიანობა და, საერთოდ, პოლიტიკური მოღვაწეობა ჰქვია.
ისინი აკადემიური პროფესიონალები, კაბინეტის მოღვაწეები იყვნენ და არა პოლიტიკური ლიდერები. მათ ყველაფერი აშინებდათ, რასაც პოლიტიკური ნონკონფორმიზმი ჰქვია და ამიტომ ისინი _ ჩვენი დამსახურებული ინტელიგენცია, მით უფრო, რომ ისინი კომუნისტურ ეპოქაში მნიშვნელოვან თანამდებობრივ, პროფესიულ, საზოგადოებრივ და ქონებრივ პრივილეგიებსაც ფლობდნენ, პოლიტიკურ ლიდერებად არ გამოდგებოდნენ, სამწუხაროდ. ეროვნულ მოძრაობას კი ლიდერები სჭირდებოდა და ეს როლი, ბევრი მიზეზის გამო, რადიკალებს ერგოთ. სწორედ, ამიტომ სრულიად ლოგიკური გახლდათ, რომ რადიკალიზმის უარმყოფელი ინტელიგენტური ელიტა რადიკალებმაც უარყვეს, ხოლო მათი ავტორიტეტები ზოგი იძულებული გახდა სცენიდან ჩამოსულიყო, ზოგი კი დარბაზიდან გასულიყო. აქ უკვე აღარც იმას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რომ 470 უარმყოფელის წინააღმდეგ 477-მა დელეგატმა ლალი ჯავახიშვილისა და გივი თუმანიშვილის ყრილობაზე დაბრუნებას დაუჭირა მხარი, მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორმა და თქვენმა მონა-მორჩილმაც, როგორც მაშინდელი ყრილობის ერთ-ერთმა დელეგატმა.
წინააღმდეგობა კიდევ უფრო გამწვავდა სახალხო ფრონტის გამგეობის არჩევნების დროს.
23 ივნისს, ზედიზედ გამგეობის წევრობის რამდენიმე კანდიდატმა აცილება მისცა თავის თავს. რეზო ჩხეიძემ გულისტკენა გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოება `დამსახურებულ მოღვაწეებს~ პატივს არ სცემს, ისეთებს, როგორნიც მამარდაშვილი და ჯავახიშვილი არიან. გარდა ამისა, გამგეობის წესდებაში იგი მთელ რიგ პუნქტებს არ ეთანხმებოდა და ამიტომ ამ მოვალეობის შემსრულებლადაც არ გამოდგებოდა.
მერაბ მამარდაშვილმაც აცილება მისცა თავს და ისეთი რამ განაცხადა, რაც სრულიად ამართლებდა მის უარს _ მე ფილოსოფოსი ვარ და არა პოლიტიკოსიო. უფრო პრაქტიკული მიზეზი აღმოაჩნდა მერაბ კოკოჩაშვილს: მანაც უარი თქვა გამგეობის წევრობაზე, ფილმს ვიღებ და ამ მოვალეობას ვეღარ შევასრულებო. დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა ელდარ შენგელაიას კანდიდატურის გამო, რომელიც იმ დღეს, საერთოდ არ ყოფილა სხდომაზე და მისი პოზიციაც, წესიერად, არავინ იცოდა. საღამოს სხდომაზე ფილარმონიის სცენაზე ათეულობით დელეგატი ავიდა, ისინი ყვირილით ასახელებდნენ თუ ხმას აძლევდნენ თავიანთ კანდიდატებს. ბოლოს გადაწყვიტეს, ხმის მიცემა ფურცლების გაგზავნის საშუალებით მომხდარიყო. ამანაც დიდად არ უშველა წესრიგს.
ამასობაში გრძელდებოდა გამგეობის წევრობაზე თავის აცილების პროცესი, განზრახ თუ უნებურად. უარი თქვეს: იზა ორჯონიკიძემ, გია ჟორჟოლიანმა, ნოდარ გრიგალაშვილმა… რეზო ჩხეიძემ კვლავ ლალი ჯავახიშვილის წასვლა გაიხსენა _ კეთილმა ხელმა დატოვა დარბაზიო, წევრობაზე უარის თქმა კი სხვა მიზეზით ახსნა _ კინოში გავაკეთებ საქმეს, `დავით აღმაშენებელს~ გადავიღებო. რეჟისორს არც ეს უარი აპატიეს, ვინმე ქალბატონმა დარბაზიდან შესძახა _ `ბატონო რეზო, ომში არ ეძახიან, ომში თავად მიდიან~.
ინტელიგენციის წარმომადგენლები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. დარბაზი მათ აქტიურობის გამოვლენის დროსაც ებრძოდა და პასიურობასაც საყვედურობდა. ისინი, თითქმის პირველად, აღმოჩნდნენ მწვავე პოლიტიკური შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში და, მართალი უნდა ითქვას, არც თუ აკადემიურ ატმოსფეროს _ გარიდება ამჯობინეს. მათი მდგომარეობა და საერთოდ, შექმნილი სიტუაცია შეუმცდარად შეაფასა იქ მყოფმა ცნობილმა ფსიქოლოგმა შოთა ნადირაშვილმა: ინტელიგენციას მართვა არ შეუძლია. რა ტრაგიკული მდგომარეობაა. ჩვენ საშუალო პოზიციაზე ვართ. დღეს, არენიდან წავიდნენ ჩემი კოლეგები, ჩვენი წასვლა კი არ შეიძლება, ღალატის უფლება არ გვაქვს. გთხოვთ, შევიდეთ გამგეობაში, ვურჩიოთ, დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილებით. პარტიის აღარ გვწამს, თუმცა იქ ძალაა, მაგრამ არ გვინდა. მარცხნივ მორალია და სიმართლე, მაგრამ არ შეგვიძლია მათი გზით სიარული. შუაში ვართ, რა ვქნათ, უნდა დავდგეთ შუაში.
შოთა ნადირაშვილის გამოსვლამ ერთსულოვანი აღფრთოვანება გამოიწვია დარბაზში. მის სიტყვებში ყველა ბანაკმა დაინახა სინათლე _ ინტელიგენციის მოვალეობა და ადგილი, მეტიც _ გამოსავალი. ეტყობა, მონაწილეთა უმრავლესობამ გაიაზრა, რომ თუ ქართული ინტელიგენციის ელიტა სახალხო ფრონტს ან მის გამგეობას მიატოვებდა, თვით ეს ორგანიზაცია დაკარგავდა თავის ფუნქციას. ასეთ შემთხვევაში სახალხო ფრონტში, მხოლოდ რადიკალები დარჩებოდნენ, რომლებსაც თავიანთი ორგანიზაციები უკვე ჰქონდათ შექმნილი და მხოლოდ რადიკალური სახალხო ფრონტი არაფრად სჭირდებოდათ. მათ სჭირდებოდათ მასობრივი პატრიოტულ-ცენტრისტული ორგანიზაცია, რომელზედაც ზეგავლენას მოახდენდნენ და ეროვნულ მოძრაობაში ჩააბამდნენ. ამიტომ იყო, რომ 24 ივნისს თვით ზვიად გამსახურდია შეშფოთებული მიმართავდა სახალხო ფრონტის მესვეურებს _ გეხვეწებით, შექმენით ორგანიზაცია, მიიღეთ იურიდიული სტატუსი.
მას უკვე ყრილობის ჩაშლის თუ ფრონტის შეუქმნელობის პერსპექტივა აწუხებდა, რაც პირველ რიგში, ზომიერი ინტელიგენციისა და რადიკალების მოურიგებლობას, კონფრონტაციას ნიშნავდა. ყრილობაზე არსებულმა დაპირისპირებამ ბალტიისპირელი სტუმრები ისე სერიოზულად და გულწრფელად შეაწუხა, რომ ახალგაზრდა ლატვიელი ქალი ინგუნა ედელე თითქმის ტირილით მიმართავდა დარბაზს _ გთხოვთ, გეხვეწებით, გაერთიანდით. რა იდეალური ხალხი ხართ. თუ თქვენ ერთიანი არ იქნებით, მომავალი არ გექნებათ. მე თქვენ გეხვეწებით, გაერთიანდით.
ლატვიელი ქალის შეშფოთებამ ერთი ძველი, ცოტათი მსგავსი ისტორია გამახსენა, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს. ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის მწვავე პოლემიკა მიმდინარეობდა. ილია სახელგანთქმული `ივერიიდან~ აძრობდა ტყავს თავის თერგდალეულ ოპონენტს. არც ნიკო ნიკოლაძე რჩებოდა ვალში და თავისი პოპულარული ყოველდღიური რუსულენოვანი გაზეთ `ობზორიდან~ ეპასუხებოდა. ერთხელაც, ილიას ნიკოლაძის პასუხიდან რაღაც არ მოეწონა, პირადი ღირსების ხელყოფად მიიჩნია და ნიკო ნიკოლაძე დუელში გამოიწვია.
ყველაფერი კლასიკური ორთაბრძოლის წესებით წარიმართა. დუელიანტებმა სეკუნდანტები დანიშნეს, სეკუნდანტებმა ადგილსა და დროზე მოილაპარაკეს და შეხვედრაც შედგა. ნიკო ნიკოლაძის სეკუნდანტი იყო რუსი პოეტი და ჟურნალისტი ნიკოლოზ სიმბორსკი. ეს კაცი ერთი სატირული ლექსისათვის რუსის არმიიდან იყო გამოძევებული, თბილისში დამკვიდრებულიყო და გაზეთ `ობზორში~ მუშაობდა. სიმბორსკის ეტყობა ქართველები უყვარდა, ბევრსა ცდილა, დუელიანტები შეერიგებინა და ხან ილიას მივარდებოდა, ხან ნიკოლაძეს, ეხვეწებოდა, შერიგდითო. ბოლოს, რომ არაფერი გამოუვიდა, სიმბორსკის `გული ამოსჯდომოდა და ქვითინი დაეწყო: ეტყობა, ეს ორი ნიჭიერი კაცი, ქართველებისათვის ერთგულნი, არ ემეტებოდა სასიკვდილოდ. ამან იმოქმედა, თუ სხვა რამ გარემოებამ, არ ვიცი, მაგრამ მაინც საქმე შერიგებით გათავდა~, _ დასძენს იაკობ მანსვეტაშვილი.19
ყრილობას დავუბრუნდეთ, სადაც ზემომოთხრობილ ამბიდან, ერთი საუკუნის შემდეგ, ზომიერ-ინტელიგენტებს და რადიკალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებდნენ თანამედროვე სიმბორსკები _ ბალტიელები.
გაერთიანებისკენ მოწოდება, პირველ რიგში იმათ ეხებოდათ, ვინც საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით ყრილობა დატოვა. ასე ფიქრობდნენ თვით ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. შოთა ნადირაშვილმა ნათლად განმარტა ინტელიგენციის მძიმე მდგომარეობაც და მისი მძიმე მოვალეობაც. უფრო მკაცრად შეაფასა წამსვლელთა ქმედება პროფესორმა სოლომონ ხუციშვილმა, როცა ყრილობის დატოვება დეზერტირობას შეადარა და დაბრუნებისაკენ მოუწოდა მათ.
ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მართლაც დაბრუნება დაიწყეს. ჯერ თამაზ გამყრელიძე გამოჩნდა ტრიბუნაზე: `დიდ ყრილობაზე~ არ გვეშინოდა _ განმარტა მან, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა ჰქონდა მხედველობაში, _ აქ კი შეგვეშინდა. გთხოვთ, მიმიღოთ ფრონტის (თუ გამგეობის) წევრად. ერთად ვიყოთ~. შემდეგ რეზო ჩხეიძემ მიმართა ყრილობას _ ერთად ვიყოთ, ვბრუნდებით, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა და ა. შ. სხვებიც დაბრუნდნენ.
24-25 ივნისს მიმდინარეობდა გამგეობის, გაზეთის რედაქტორის და სხვა სტრუქტურების არჩევნები. მართალია კიდევ ხმაურით, ყვირილით, ჩხუბით, მაგრამ მაინც ყველანაირი არჩევნების ჩატარება მოხერხდა. სახალხო ფრონტის გამგეობაში 33 წევრი აირჩიეს. მათი უმრავლესობა კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ. სხდომის თავმჯდომარესთან ვიღაცამ წერილიც გაგზავნა წინადადებით: `დავარქვათ ფრონტს რეჟისორთა პროფკავშირიო~. რაღაც ამის მაგვარი მართლაც მოხდა. გამგეობაში აირჩიეს: ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, რეზო თაბუკაშვილი, რეზო ჩხეიძე, ნაირა გელაშვილი, სოლომონ ხუციშვილი, თამაზ გამყრელიძე, შოთა ნადირაშვილი, კობა იმედაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ზურაბ კიკნაძე, გურამ ყორანაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ გეგეშიძე, გია ბუღაძე _ რეჟისორები, მწერლები, ხელოვნები გამგეობის უმეტესობას შეადგენდნენ.
გამგეობაში შედარებით `უჩინონიც~ გაერივნენ: შალვა წიწუაშვილი _ ეთნიკური ნიშნით _ `ერთი ებრაელიც ავირჩიოთ~; დათო ტურაშვილი, ადა მარშანია, როსტომ ლორთქიფანიძე, როინ თაქთაქიძე, დავით ბერძენიშვილი და ბოლოს, რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ზვიადისტური მიმართულების _ ნოდარ წულეისკირი, ავთანდილ იმნაძე, გურამ პეტრიაშვილი, გიორგი მარჯანიშვილი…
უკანასკნელი დებატები გაზეთის რედაქტორის არჩევნებს მიეძღვნა. აქაც რამდენიმე კანდიდატი იყო დასახელებული. სახალხო ფრონტის გაზეთის რედაქტორად მამუკა ფაჩუაშვილი აირჩიეს. გაზეთის პლატფორმაში ხაზი გაესვა, რომ ის ყოფილიყო `რადიკალური~, `ოპოზიციური~, რადგან სხვანაირად ფასი არ ექნებოდა და რაც მთავარია, მისი ფურცლები ყველა მიმართულებას დაეთმობოდა, რადგან გაზეთისათვის, ისე, როგორც, საერთოდ, სახალხო ფრონტისათვის, მთავარი _ კონსოლიდაციის იდეა უნდა ყოფილიყო.
ყრილობის დასასრულს, განსაკუთრებით გამგეობის დაკომპლექტების შემდეგ, ერთგვარმა ეიფორიამ და საზეიმო განწყობილებამ იმატა. თითქოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. გაზეთ `თბილისის~ მაშინდელმა კორესპონდენტმა თამარ ჩიქოვანმა სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარეს ნოდარ ნათაძეს ჰკითხა: `დამფუძნებელი ყრილობის პირველ დღეს ბატონმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა ყრილობას უსურვა, მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა. როგორ თვლით, შეძლო ყრილობამ თავისი მისიის შესრულება?~
ნათაძის პასუხი ასეთი გახლდათ: `ყრილობის ერთი მისია იყო, რომ ფორმალურად დავფუძნებულიყავით. ყრილობამ მიიღო წესდება, პროგრამა, აირჩია გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე, სარევიზიო კომისია, გაზეთის რედაქტორი~. კიდევ რა? `დელეგატებმა მოისმინეს საინტერესო, გონივრული მსჯელობა მწვავე თემებზე~. და კიდევ: `ასე თუ ისე, უმრავლესობა მონაწილეობდა კამათში, ალბათ, ამით ჩვენი პოლიტიკური კულტურა გაიზარდა.~20
შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყო. ყოველ შემთხვევაში, ყრილობამ ერთი დიდი ნაკლიც გამოავლინა. უკვე გამოჩნდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ერთმანეთს ორი შეურიგებელი პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდა _ რადიკალები და ელიტარული ინტელიგენცია. მართალია, ბოლოს საქმე ფორმალურად თანხმობით დამთავრდა, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ ეს თანამშრომლობა დროებითი იყო.
დასასრულს გვინდა განვმარტოთ, რომ სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობის ზემოაღწერილი მიმდინარეობა ეყრდნობა ჩვენსავე ჩანაწერებს. ყრილობაზე ბატონ გია ნიჟარაძესთან ერთად ვესწრებოდი, როგორც მაშინ არსებული ე. წ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმში შექმნილი სახალხო ფრონტის ორგანიზაციის დელეგატი. ერთი კვირის განმავლობაში, ვაკვირდებოდი ყრილობის პერიპეტიებს და რამდენადაც შემეძლო ვცდილობდი, ჩანაწერების სახით აღმენუსხა ნახულ-გაგონილი, რომელსაც შემდეგ ოფიციალური წყაროებით ვამოწმებდი კიდეც. ჩანაწერების რვეულს, რომელიც 83 ხელნაწერ გვერდს მოიცავს, როგორც მაშინ ვუწოდე, ასე მივუთითებ კიდეც, როგორც წყაროს.21
23 ივნისის სხდომა, ისევე როგორც სხვა დღეებში, გვიან ღამით დამთავრდა, რის გამოც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციაც და მომსახურე პერსონალიც იქანცებოდნენ. ბატონმა ნოდარ ნათაძემ დარბაზს მიმართა: _ მეგობრებო! სიტყვა აქვს X დეპუტატს (გვარი ვერ დავაფიქსირე _ დ. შ.). ხუთ წუთში ჩაგვიქრობენ შუქს, ამიტომ ვამთავრებ დღევანდელ სხდომას. ვთხოვ, მომღერლებს მოემზადონ.
`ჩემო კარგო ქვეყანავ~ უნდა ემღერათ. ეს ყოველი დღის დამამთავრებელი რიტუალი გახლდათ.
ამ დიდებულმა სიმღერამ დაასრულა 25 ივნისის სხდომაც და საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობაც. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეასრულა სახალხო ფრონტმა მასზე დაკისრებული მისია, შემდგომში განვითარებული მოვლენები გაგვცემენ პასუხს.

თ ა ვ ი  მ ე ო რ ე

კონფრონტაციული ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში (1990 წლის აპრილი-ოქტომბერი)

რატომ ჩაიშალა 25 მარტის არჩევნები. 1990 წელი ახალი დაპირისპირებებით აღინიშნა საქართველოში. პარტიულ-პოლიტიკური კონკურენცია და ბრძოლა ჩვეულებრივი მოვლენაა და იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირის ყველა იმ რესპუბლიკაშიც, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. მაგრამ საქართველოში მიმდინარე პარტიულმა ბრძოლებმა იმთავითვე შეურიგებელი დაპირისპირების სახე მიიღო და ამით განსხვავდებოდა სხვა რესპუბლიკებში მიმდინარე პოლიტიკური კონკურენციისაგან.
პირველ რიგში დაპირისპირება გრძელდებოდა რადიკალურ მოძრაობასა და ზომიერ-ლიბერალურ ბანაკს შორის. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, არ იყო ერთგვაროვანი. მასში შედიოდნენ პატრიოტული ორგანიზაციები: სახალხო ფრონტი, შოთა რუსთაველის საზოგადოება, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, სხვა პატრიოტულ-ინტელიგენტური ჯგუფები, სხვადასხვა უპარტიო თუ პატრიოტული სფეროების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების წარმომადგენლები.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ერთ-ერთი პირველი შეტაკება რადიკალებსა და ზომიერ ინტელიგენციას შორის, სახალხო ფრონტის ყრილობაზე შედგა. 1989 წლის ზაფხულში შემდგარი პირველი შეჯახება მაინც, ასე თუ ისე, კომპრომისით დასრულდა, რადგან სახალხო ფრონტი შეიქმნა. ახლა, 1990 წლის დასაწყისში რადიკალებსა და ზომიერ-ლიბერალურ მოძრაობას შორის შეჯახების მეორე რაუნდი შედგა. იგი დაკავშირებული გახლდათ 1990 წლის 25 მარტს დანიშნულ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან.
რადიკალები თავიდანვე დაუპირისპირდნენ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის იდეას. ეროვნული ხსნის კომიტეტმა თავის რიგებში მიღების მსურველ ორგანიზაციებს პირველ რიგში, საბჭოთა სტრუქტურებში და არჩევნებში მონაწილეობის ბოიკოტის პირობა წაუყენა. ახლა, ახალი წლის დასაწყისში, როცა არჩევნები მოახლოვდა, რადიკალებმა საბჭოთა არჩევნებისადმი ბოიკოტის კამპანია ერთი-ორად გააძლიერეს. ვის რა პოზიცია ეკავა მომავალი არჩევნების მიმართ და ვინ როგორ ასაბუთებდა მას?
დავიწყოთ საქართველოს კომუნისტური ხელისუფლებით. ზოგიერთი ავტორისა და პოლიტიკოსის აზრით, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, საქართველოში კომუნისტურმა ხელისუფლებამ ფაქტიურად არსებობა შეწყვიტა. ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას რადიკალები დაეპატრონენ. ამგვარი შეფასება მეტისმეტად გაზვიადებულია, მაგრამ გარკვეულ რეალობას მაინც ასახავს.
უფრო ობიექტური იქნება, თუ ვიტყვით, რომ რესპუბლიკის ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა რადიკალურ მოძრაობაზე. იგი როგორღაც შეეგუა რადიკალების მიერ თითქმის პერმანენტულად ორგანიზებულ მიტინგებს, მანიფესტაციებს, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი შენობების ოკუპირება-დაკავებას თვითნებურად, სანქცირებულ თუ არასანქცირებულ პროტესტებს და ა. შ. თავისებური ორხელისუფლებიანობის მსგავსი ვითარება შეიქმნა. როგორც იტყვიან, ქუჩას რადიკალები დაეპატრონენ.
ამავდროულად, რადიკალების პროტესტმა საქართველოს კომუნისტურ ხელმძღვანელობაზეც მოახდინა გავლენა და მისი ერთგვარი განაციონალება გამოიწვია. იგი შეეცადა ფეხი აეწყო საერთო-საზოგადოებრივი ეროვნული განწყობისათვის და ისე მოეჩვენებინა თავი, თითქოს ისიც იბრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის. მეორე მხრივ, იგი რა თქმა უნდა, მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების განაწყენებას ერიდებოდა და თავის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მიდრეკილებებს ლენინური ეროვნული პილიტიკის სქემებით ნიღბავდა.
1990 წლის თებერვალში კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა და გამოაქვეყნა `საქართველოს სსრ ეროვნული განვითარების კონცეფცია~, რომელიც აღნიშნული ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელი ტიპიური დოკუმენტი გახლდათ. გამოუცდელი მკითხველისათვის, შესაძლოა, თვალ-ყურის მომჭრელიც კი ყოფილიყო კონცეფციის `დიდმნიშვნელოვანი~ პასუხები, სადაც საუბარი გახლდათ `სრული სუვერენიტეტის მიღწევის~ აუცილებლობაზე; `სამართლებრივ სახელმწიფოდ გარდაქმნაზე~. მართლაც, რა უნდა ყოფილიყო იმაზე მომაჯადოებელი ქართველი საზოგადოებისათვის, როცა საქართველოს კომუნისტური პარტიის `კონცეფცია~ მას აუწყებდა და ჰპირდებოდა:
_ რომ `ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა თითოეული ცივილიზებული ერის წმიდათაწმინდა უფლება და უზენაესი ზნეობრივი მოვალეობაა~;
_ რომ `კონცეფციის უმთავრესი მიზანია… რესპუბლიკის სრული სუვერენიტეტის მოპოვება~.
კონცეფცია, უგვანო სიცრუესთან ერთად, სასაცილო თეზისებსაც შეიცავდა. მაგალითად, იგი თვალში ნაცრის შეყრის მეთოდით აცხადებდა: `მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში საქართველოს სსრ დამოუკიდებლად განაგებს თავის საშინაო საქმეებს. იგი არ დაუშვებს როგორც რესპუბლიკის სუვერენული უფლებების, ისე მასში შემავალი ავტონომიური ფორმირებების ინტერესების ხელყოფას, მათ საშინაო საქმეებში გარეშე ძალის ჩარევას~.
რა თქმა უნდა, გივი გუმბარიძის ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ გაუვლია ფიქრად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან, უფრო სწორედ, რუსეთის საბჭოური იმპერიიდან გამოსვლა-გამოყოფის შესაძლებლობა. კონცეფცია კვლავინდებურად საქართველოს წარმოიდგენდა საკავშირო სახელმწიფოში. `სრული სუვერენიტეტის~ მოპოვება `უნდა გამოხატულიყო საბჭოთა სუვერენული რესპუბლიკების კავშირში რეალური ფედერალიზმიდან სახელმწიფოებრიობის უფრო მაღალ, სრულყოფილ ფორმებზე ეტაპობრივად გადასვლაში~. მაშინ უკვე მიმდინარეობდა რღვევადი იმპერიის ახალი ფორმით შენიღბვა-აღორძინების პროცესი.
`კონცეფცია~ 1990 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა. ამ დროისათვის უკვე დანიშნული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღე _ 25 მარტი. სწორედ, ეს არჩევნები იქცა ქართული პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი პირველი სერიოზული ერთიერთშეჯახების მიზეზად.
ზომიერ-ლიბერალური ბანაკის თითქმის ყველა ჯგუფმა, პარტიამ თუ ორგანიზაციამ თავიდანვე მხარი დაუჭირა საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის იდეას. ისინი საპარლამენტო ბრძოლას დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევდნენ. 1990 წლის დასაწყისშივე, ნოდარ ნათაძემ, კიდევ ერთხელ და მერამდენედ დააფიქსირა სახალხო ფრონტის გეზი _ ჩვენ გვჭირდება საქართველოს ერთგული პარლამენტი. ამისთვის ყველა პარტიულ ძალას მონაწილეობა უნდა მიეღო მომავალ უზენაესი საბჭოს არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში, ამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას კომუნისტური ხელისუფლების მონა-მორჩილი დეპუტატები კი აღარ მოიპოვებდნენ, არამედ პატრიოტულად განწყობილი პიროვნებები. შედგებოდა უზენაესი საბჭოს პატრიოტული უმრავლესობა, რომელიც მიიღებდა ქვეყნის სასიკეთო კანონებს, დადგენილებებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებოდა მთავარ მიზანს.
იმავე პოზიციას ადგნენ მთელი რიგი ზომიერ-ლიბერალური ორგანიზაციები: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა (სეგო), მწვანეთა მოძრაობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული პრეს-კლუბი, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება, რუსთაველის საზოგადოება და სხვანი. ყველა აღნიშნული ორგანიზაციის თვალსაზრისი ძირითადად ჩამოაყალიბა 1990 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულმა სახალხო ფრონტის საარჩევნო მიმართვამ ქართველი ხალხისადმი. `მიმართვის~ ძირითად პუნქტებს ჩამოვაყალიბებთ, ანუ იმას, თუ სახალხო ფრონტის აზრით რას მოუტანდა `საქართველოს ეროვნული უზენაესი საბჭო~ ეროვნულ მოძრაობას, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეს და ზოგადად ქართველ ხალხს.
პირველი _ პატრიოტული უმრავლესობით დაკომპლექტებული `საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო~ ხმას აღარ მისცემდა საქართველოს შესვლას ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში და აღარ გააყოფინებდა ქართველ ხალხს თავს `კოლონიურ ყულფში~;
მეორე _ საქართველოს `ერთგულ~ უზენაეს საბჭოს შეეძლო დაპირისპირებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს, დეპუტატთა ყრილობას და მასთან სამართლებრივ ბრძოლაში ჩაბმულიყო ან კიდევ _ მიეღო და დაეცვა საკუთარი კანონები. მაგ. ასეთი იყო კანონები: სამხედრო სამსახურის, მიწის საკუთრების და სხვათა შესახებ. `ავადსახსენებელი” 1922 წლის ხელშეკრულების მიხედვით, რომლითაც საქართველო საბჭოთა კავშირში `გაერთიანდა~, საქართველო დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად იყო დაფიქსირებული. საბჭოთა საქართველოსაც კი თავდაპირველად ჰყავდა `თავისი ჯარი _ წითელი მაგრამ მაინც ქართული ჯარი, რომელიც საქართველოში იდგა~. სახალხო ფრონტის `მიმართვის~ დასაბუთებით, `ერთგულ პარლამენტს~ შეეძლო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შეეტანა და ამის საფუძველზე შეექმნა რესპუბლიკის სამხედრო შენაერთი, საკუთარი შეიარაღებული ძალა;
მესამე _ საქართველოს უზენაესი საბჭოს შეეძლო მიეღო `კანონთა გრძელი რიგი~, რომელიც მოემსახურებოდა ქართველი ხალხის ყოველდღიურ ყოფას და საზრუნავს;
მეოთხე _ ამგვარ პარლამენტს შეეძლო შეექმნა მუდმივმოქმედი კომისიები პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დარგებში, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ყველა სფეროში `საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას~.
დასასრულს, `მიმართვა~ მოაგონებდა საზოგადოებას, რომ საპარლამენტო ბრძოლა, მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება გახლდათ დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე და არა ერთადერთი. დღესდღეობით, იგი ერთადერთი ოფიციალური პარლამენტი გახლდათ და მისი გამოყენება სავსებით რეალური ჩანდა. `დღეს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო ჩვენთვის ერთადერთი იურიდიული იარაღია საქართველოს დაცვისა. მართალია, ეს იარაღი ისევე სუსტია სუვერენული ქვეყნების თავისუფლად არჩეულ პარლამენტთან შედარებით, როგორც კეტი თანამედროვე იარაღთან, მაგრამ სანამ სხვა იარაღი ხელთ არ მოგვცემია, ეს კეტიც ხელიდან არ უნდა გავაგდოთ.~1
ნამდვილად ძნელი იყო სახალხო ფრონტის პოზიციის პოზიტიურობის უარყოფა და მასთან შეკამათებაც კი. ბრძოლის საპარლამენტო გზას და ზომიერთა სტრატეგიას უკვე ამ პერიოდისათვის _ 1990 წლის გაზაფხულისათვისაც კი ჰქონდა წარმატებები მოპოვებული. ეროვნული მოძრაობისა და ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად თვით საქართველოს კომუნისტურმა უზენაესმა საბჭომაც კი მიიღო ქვეყნის სასარგებლო და ანტიიმპერიული ხასიათის რამდენიმე გადაწყვეტილება.
გავიხსენოთ ერთ-ერთი მათგანი.
1990 წლის 9 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება `საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ~. მან აღიარა, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივ ანექსიას. მანვე დაგმო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსია, როგორც საერთაშორისო დანაშაული. ამავე დადგენილებით, უკანონოდ გამოცხადდა ძალდატანებით გასაბჭოებულ საქართველოსა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დადებული ფიქტიური, ვითომ `სამოკავშირეო~ ხელშეკრულება (1921 წლის 21 მაისს). ბათილად იქნა მიჩნეული 1922 წლის 12 მარტის `სამოკავშირეო ხელშეკრულება~ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ, რომელშიც გასაბჭოებული საქართველო იძულებით შეიყვანეს.
რაც მთავარია, უზენაესი საბჭოს 9 მარტის დადგენლებამ `არაკანონიერად~ გამოაცხადა 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნის შესახებ, საქართველოს მიმართ. ე. ი. საბჭოთა საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ უკანონოდ სცნო საკუთარი ქვეყნის გაერთიანების ფაქტი იმ სახელმწიფოში, რომელშიც იყო გაერთიანებული 1922 წლიდან _ საბჭოთა კავშირში.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიბერალური ფრთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საბჭოთა სტრუქტურების ყალბი ინსტიტუციონალური და იდეოლოგიური ნორმების ლიკვიდაციის გზით აწარმოებდა და ეს სულაც არ იყო ცუდი. მას თავისი საპატიო წვლილი შეჰქონდა ეროვნულ მოძრაობაში. შეიძლება ითქვას, რომ ზომიერ-ლიბერალური ბანაკის წარმომადგენელი ზემოაღნიშნული პოლიტიკური ჯგუფები მთლიანად იზიარებდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ე. წ. ბალტიისპირულ, ანუ `ლიტვურ~ გზას და აპირებდნენ 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუ ზემოაღნიშნული 9 მარტის მნიშვნელოვანი დადგენილებების მიღება შეძლო კომუნისტურმა უზენაესმა საბჭომ, მასზე ბევრად სასარგებლო საკანონმდებლო მოღვაწეობას შეძლებდა პატრიოტული უმრავლესობის მქონე და თვისობრივად განახლებული უზენაესი საბჭო. როგორც სახალხო ფრონტის, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების, ისე სხვა ზემოაღნიშნული ეროვნულ-ლიბერალური ორგანიზაციების სტრატეგია სრულიად მიზანშეწონილი და რაციონალური ჩანდა.
მაგრამ ეროვნულ-ლიბერალებს ერთი არც თუ უმნიშვნელო გარემოება გამორჩათ, რაც საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებს განასხვავებდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში ჩატარებული საბჭოების არჩევნებისაგან.
აქაური უზენაესი საბჭოს არჩევნები იყო კვლავინდებურად ერთპარტიული, ე. ი. მასში ერთადერთი ოფიციალური _ კომუნისტური პარტია იღებდა მონაწილეობას.
რადიკალური ბანაკი კვლავინდებურად სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე რჩებოდა. იგი კატეგორიულად უარყოფდა ყოველგვარ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას და შეურიგებლად უპირისპირდებოდა ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას და კომუნისტურ სტრუქტურებს.
რადიკალებმა 1990 წელი ჩვეული ტაქტიკით დაიწყეს და განაგრძეს. უკვე 5 იანვარს თბილისში, მთავრობის სახლის წინ დაიწყო აქცია. მისი ინიციატორები თავდაპირველად ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, მონარქისტული პარტია და წმინდა ილია მართლის საზოგადოება იყვნენ. 6 იანვარს აქციას ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი ჩაუდგა სათავეში.
სიტყვიერად, აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნები კვლავ უკომპრომისოდ და Dშეურიგებლად მოსჩანდა. ი. წერეთელი: ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საოკუპაციო ჯარის სრული შემადგენლობით გაყვანას, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გაუქმებას…
თ. ჟორჟოლიანი მოითხოვდა `პოლიტბიუროს წევრთა ჩამოსვლას, რათა ვაიძულოთ ცენტრალური ხელისუფლება, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აღიარებულ იქნას ქართველი ხალხის ერთადერთ გამომხატველად~ და ა. შ.
მაშინაც და ახლაც არც ისე ძნელია, მოძრაობის ინიციატორთა მსგავს მოთხოვნებში საზღვრის გავლება რაციონალიზმსა და ირაციონალიზმს ან წრფელ პატრიოტიზმსა და მართვად თუ დაკვეთილ მყვირალა ლოზუნგებს შორის. ერთი კი ფაქტია. რადიკალებს თავიანთი `არმია~ უკვე ჰყავდათ და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მრავალათასიანი აქციის ორგანიზება. მაშინდელი ეროვნული მოძრაობა მიტინგების, მანიფესტაციების, დემონსტრაციების, შიმშილობებისა და მსგავსი საპროტესტო აქციების სახით მიმდინარეობდა და დედაქალაქის თითქმის ყოველდღიურ ყოფას წარმოადგენდა.
რადიკალები სხვადასხვა მიზეზების გამო, უარყოფდნენ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მიზეზთაგანი 25 მარტის არჩევნების ერთპარტიული ხასიათი გახლდათ. `სად გაგონილა, ჩემო კარგებო, ერთპარტიული სისტემის არსებობისას ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები _ კითხულობდა ქრისტიან-დემოკრატების კავშირის გაზეთში ბადრი მაჭავარანი, _ ამ საქმის აყოლა ჩვენი საერთო-საერო საქმის დასამარებას ხომ არ ნიშნავს? მოვუხმოთ გონებას, მხარი დავუჭიროთ ბოიკოტს!~2
გაზეთის შემდეგ ნომერში `ქრისტიან-დემოკრატმა~ სპეციალური და ვრცელი წერილი მიუძღვნა არჩევნების თემას და ბოიკოტის პოზიცია ეროვნული ფორუმის მხარდაჭერით გაამაგრა (`ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებისადმი.~3 აქ გვინდა შევნიშნოთ, რომ გაზ. `ქრისტიან-დემოკრატს~ #2 და თებერვალი უზის თარიღად, ხოლო სტატიას 1990 წლის 24 მარტის თარიღი აწერია _ დ. შ.).
როგორც ცნობილია, რადიკალებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს და 1990 წლის 25 მარტს დანიშნული არჩევნები ჩაშალეს. საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ამგვარი შემთხვევა პირველად მოხდა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რაც რადიკალური მოძრაობის იმჟამინდელმა ერთიანობამ გამოიწვია. ჩვენში უფრო ხშირი განხეთქილება-დაპირისპირებაა, ვიდრე ერთიანობა, ამიტომ ერთიანობის მადასტურებელ ამ ფაქტზე შევჩერდეთ.
1990 წლის დასაწყისში ეროვნულ-რადიკალებმა ჩათვალეს, რომ ეროვნული ხსნის კომიტეტმა თავისი მისია შეასრულა და საჭირო გახდა ერთიანობის გამომხატველი უფრო მასშტაბური ფორმატის მატარებელი ორგანიზაციის შექმნა. 1990 წლის 13-15 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენცია. აქ ეროვნული ხსნის მთავარმა კომიტეტმა `თვითლიკვიდაცია~ გამოაცხადა. მის მაგიერ და მისი საქმის გასაგრძელებლად შეიქმნა ეროვნული ფორუმი.
ფორუმმა ძველ რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, ახალი ორგანიზაციებიც გააერთიანა თავის რიგებში. მასში შედიოდნენ ე. წ. `აქტიური” წევრები ყოფილი ეროვნული ხსნის კომიტეტიდან: 1. ჰელსინკის კავშირი, 2. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, 3. მონარქისტული პარტია, 4. წმინდა ილია მართლის საზოგადოება, 5. დემოკრატიული პარტია, 6. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და 7. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. მათგან ფორუმში სამ-სამი წევრი შედიოდა, სულ _ 21 წევრი. დანარჩენი თითო-თითო წევრით წარმოდგენილი იყვნენ ახალი ორგანიზაციები. სულ ფორუმში 42 წევრი-წარმომადგენელი შედიოდა თავდაპირველად.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საბჭოთა სტრუქტურებთან და უპირველეს ყოვლისა, უზენაეს საბჭოსთან დაპირისპირება გახლდათ. ქართველი ერისა და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის ნების ერთადერთი გამომხატველი უნდა ყოფილიყო საყოველთაო კენჭისყრით არჩეული, გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, სპეციალური დადგენილებით, ეროვნულმა ფორუმმა ბოიკოტი გამოუცხადა 25 მარტის უზენაესი საბჭოს არჩევნებს. უფრო სწორად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციამ დაადგინა: `1990 წლის 25 მარტის საქართველოს ე. წ. უზენაესი საბჭოს მომავალ არჩევნებს გამოეცხადოს სრული ბოიკოტი კანონიერი მოსახლეობის მიერ~.
ფაქტიურად, კონფერენციამ იურიდიული ძალის არმქონედ გამოაცხადა კომუნისტური სტრუქტურები და იგი დე-ფაქტოდ არსებულად მიიჩნია. ექვსპუნქტიან დადგენილებაში: 1. საქართველო გამოცხადდა ოკუპირებულ ქვეყნად; 2. საბჭოთა საქართველო გამოცხადდა ფიქციად; 3. საბჭოთა ხელისუფლება აღიარებულ იქნა `დანაშაულებრივად~; 4. უზენაესი საბჭო აღარ იყო ქართველი ერისა და კანონიერი მოსახლეობის ნების გამომხატევლი იურიდიულო ორგანო; 5. გამოცხადდა `უფართოესი სამუშაო~ გარდამავალი ოპოზიციური ხელისუფლების ასარჩევად, რომელიც იქნებოდა ქართველი ხალხის ნების გამომხატველი და `საერთაშორისო სამართლის წინაშე~ დააყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს; მეექვსე პუნქტში ეროვნული ფორუმის შექმნა ფიქსირდებოდა.
საგანგებო კონფერენციამ საბჭოთა იმპერიული ხელისუფლება იურიდიულად გაუქმებულად გამოაცხადა და მისი ფაქტიური ლიკვიდირებისაკენ საბრძოლველად მოუწოდა მოსახლეობას და პირველ რიგში რადიკალურ მოძრაობას. `ჩვენი გადაწყვეტილება რადიკალურია, _ განმარტავდა ირ. წერეთელი _ მაგრამ ეს არის ხსნის ერთადერთი გზა… რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში საქართველოს კანონიერ მოსახლეობას გაუჭირდება, მაგრამ საქართველოს თავისუფლებისათვის საჭიროა ყველაფერი მოვითმინოთ.~4
იმპერიის წინააღმდეგ რადიკალები მანამდეც მოუწოდებდნენ მოსახლეობას, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს, მაგრამ საგანგებო კონფერენციის მოწოდება თვისობრივად განსხვავებული მოვლენა ჩანდა. ახლა ლოზუნგი და დეკლარაცია კონკრეტული ქმედებისაკენ მოუწოდებდა მოსახლეობას. მას უარი უნდა ეთქვა საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც 25 მარტს იყო დანიშნული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ნაბიჯი მოსახლეობას პასიურად კი არ უნდა გამოეხატა, ე. ი. სახლში კი არ უნდა მჯდარიყო 25 მარტს, არამედ პირიქით, აქტიურად. კონფერენციის დადგენილება კონკრეტულად განუმარტავდა მოსახლეობას, თუ რა უნდა გაეკეთებინა თითოეულ მათგანს არჩევნების დღეს:
_ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის ყოველი კანდიდატი `მორალურად ვალდებული~ იყო მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა;
_ არჩევნების დღეს, ე. ი. 25 მარტს, `ყველა პატიოსანი მოქალაქე~ უნდა გამოცხადებულიყო საარჩევნო უბანში;
_ უნდა ამოეშალა საკუთარი გვარი საარჩევნო სიიდან;
_ დაეწერა განცხადება, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ბოიკოტს უცხადებდა `საბჭოთა არჩევნებს~ და ეს განცხადება არამარტო დაეტოვებინა ადგილზე, არამედ რეგისტრაციაშიც გაეტარებინა.
ძნელია თქმა, რამდენი `პატიოსანი მოქალაქე~ შეასრულებდა საგანგებო კონფერენციის ინსტრუქციას. მაგრამ ის კი ცხადია, მისი შემსრულებელი უკვე ოფიციალურად უპირისპირდებოდა და უარყოფდა საბჭოთა არჩევნებს და ასევე ოფიციალურად ხდებოდა საბჭოთა სტრუქტურების ალტერნატივის _ ეროვნული მოძრაობის შემადგენელი ნაწილი. რადიკალთა საგანგებო კონფერენციამ ძლიერი და ქმედითი დარტყმა განახორციელა ოფიციალური ხელისუფლების მიმართ.
საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ, რომელსაც გუმბარიძე ედგა სათავეში, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე პატიაშვილი გუმბარიძემ შეცვალა. იგი უინიციატივო ფუნქციონერი გახლდათ, ლიდერის თვისებებით არ გამოირჩეოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, უფრო პოსტ ფაქტუმ მოქმედებდა. მაინცდამაინც არ გაემტყუნებოდა, რთულ ვითარებაში მოუწია მარიონეტობა და ის კი შეძლო, რაიმე განსაკუთრებული არ დაეშავებინა; ცდილობდა მორჩილად შეესრულებინა ერთის მხრივ, თავისი მოსკოველი ხელისუფლების მითითებები და მეორე მხრივ, რადიკალთა დაუსრულებელი ულტიმატუმები.
ახლაც უსიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდა გუმბარიძე და მისი გუნდი. თუ ისინი არჩევნებს ჩაატარებდნენ, სრულიად მოსალოდნელი იყო, საქართველოს ელექტორატის სულ ცოტა ნახევარი მაინც, მეტი თუ არა, გადასდგომოდა და იურიდიულად დაპირისპირებოდა საბჭოთა საიმპერიო ხელისუფლებას. გუმბარიძემ ასეთ საშინელ პერსპექტივას არჩევნების ჩაშლა, ანუ მისი გადატანა ამჯობინა.
1990 წლის 20 მარტს, ერთი კვირაც არ იყო გასული ეროვნული ფორუმის შექმნიდან და ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებიდან, რომ გაიმართა საქართველოს სსრ XI მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIV სესია. მან გამოიტანა ორი ძირითადი დადგენილება. პირველის შესაბამისად, არჩევნები გადაიტანეს იმავე წლის ოქტომბერ-ნოემბრისათვის.
არანაკლებ და უფრო მთავარი გახლდათ მეორე დადგენლება _ შემოდგომის არჩევნები სრულიად ახალი, საბჭოთა სინამდვილისათვის უჩვეულო, მრავალპარტიული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნით, რესპუბლიკის კონსტიტუციაში სპეციალური ცვლილება შეიტანეს. სესიის დადგენილებაში არჩევნების გადატანის ძირითად მიზეზად დასახელებული გახლდათ _ მაშინდელი პარტიულ-იდეოლოგიური ტერმინოლოგიით გადმოვცეთ _ `დეპუტატების, დეპუტატობის კანდიდატების, პარტიის რაიონული და საქალაქო კომიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივების, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების წინადადებები~ და `წარმოდგენილი მოსაზრებები~, რომლებიც `დასაბუთებული~ იყო `მრავალპარტიულობის შემოღების მოტივით~.
სესიის დადგენილებაში და შესაბამისად, საქართველოს სსრ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ჩვენთვის საინტერესო მუხლები ასე გამოიყურებოდა:
მუხლი 6: საქართველოს კომუნისტური პარტია, სხვა პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე პროფკავშირული, ახალგაზრდული, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მასობრივი მოძრაობები სახალხო დეპუტატთა საბჭოებში არჩეული თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით და სხვა ფორმებით, თანაბარ საფუძველზე მონაწილეობენ სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში.
მეშვიდე-მერვე მუხლებში კვლავ დაფიქსირებული იყო საქართველოში მოქმედი `ყველა პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის და მასობრივი მოძრაობების~ კონსტიტუციური უფლება-მოვალეობები. მაგალითად, რაც მთავარია: `საქართველოს სსრ მოქალაქეებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიებად, საზოგადოებრივ ორგანიზაციებად, მონაწილეობდნენ მასობრივ მოძრაობებში, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკურ აქტიურობას~ და ა. შ.
აღნიშნული დადგენილებით, მრავალპარტიული სისტემის შექმნისაკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა – მრავალპარტიული არჩევნები დაინიშნა. მრავალპარტიულობა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია და ამდენად, მისი დამკვიდრება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი წარმატება გახლდათ.
საბჭოთა საქართველოში პირველი და უკანასკნელი მრავალპარტიული არჩევნები 1921 წლის დეკემბერში ჩატარდა, ისიც უაღრესად შეკვეცილი სახით. ჯერ ერთი, არჩევნები მხოლოდ თბილისსა და ბათუმში გაიმართა. მეორეც _ ბოლშევიკური პარტიის გარდა მასში მონაწილეობას მხოლოდ ერთი _ მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტია იღებდა. დანარჩენმა დემოკრატიულმა პარტიებმა საბჭოთა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 1922-23 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ რეპრესიებით და იძულებითი `თვითლიკვიდაციის~ ფორმით, ზედიზედ აკრძალა სოციალ-დემოკრატი მენშევიკების, ეროვნულ-დემოკრატების, მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტების და სხვა პარტიების საქმიანობა, რითაც წერტილი დაუსვა საქართველოში მრავალპარტიულ დემოკრატიას და ერთპიროვნული ბოლშევიკურ-კომუნისტური დიქტატურა დაამყარა.
25 მარტის არჩევნების ჩაშლა რადიკალებსა და ზომიერ-ლიბერალურ ბანაკებს შორის არსებულ კონკურენციაში, უკანასკნელთა დამარცხებასაც ნიშნავდა. მათ გამარჯვების იმედი ჰქონდათ და რადგან რადიკალები მონაწილეობას არ იღებდნენ არჩევნებში, შესაძლოა, მათი იმედი არც იყო საფუძველს მოკლებული. ზომიერ-პატრიოტული ბანაკის წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზებით ხსნიდნენ რადიკალების ბოიკოტის პოლიტიკას. ამისი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო კონკურენტების ჩამოცილება ინტელიგენციის სახით. რადიკალებს არ უნდოდათ პარლამენტში პატრიოტული ინტელიგენციის ახალი ძალები მოსულიყვნენ, რომელნიც, შესაძლოა, მათზე აღმატებულნი ყოფილიყვნენ ნიჭით, პროფესიონალიზმით, ცოდნით, პოლიტიკური კულტურით.
25 მარტის არჩევნების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად ნოდარ ნათაძე ასახელებს საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ეროვნულ მოძრაობაში ბოიკოტის იდეის გავრცელებას, `შემოცურებას~. მე ამ ბოიკოტს, `ამ უარმყოფლობას სხვაგვარად ვერ აღვიქვამდი, თუ არ როგორც გამოუთქმელ პროტესტს იმის მიმართ, რომ პარლამენტის სახით ახალი სამოქმედო ასპარეზის გაჩენის შედეგად შესაძლებელი იყო. ახალი პიროვნებები გამოსულიყვნენ წინა რიგებში, ვისაც აქამდე გასულ დროში _ ყველაზე ძნელი და უმადური თავდადების ხანაში _ ხელი არ გაენძრია და თავისი წვლილი არ დაედო.~5
ე. ი. ერთის მხრივ, `სპეცდავალების ფაქტორი,~ რომლის პროპაგანდასაც `ორგანიზებული ცენტრი და თავისი ტექნიკა გააჩნდა~ და მეორე მხრივ, რადიკალურ ელიტაში, მის მრევლში, მისი წარმომადგენლების `გულში ადრიდანვე ჩაკეტილი და ღრმად დამარხული მოშურნეობა~. რატომაც არა, ესეც შესაძლებელია ყოფილიყო, ოღონდ ბოიკოტის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. ნ. ნათაძის ინფორმაციით, პირველები, ვისგანაც მან ბოიკოტის იდეის პროპაგანდა გაიგო იყვნენ ირ. სარიშვილი, ვ. მთავრიშვილი და თ. შარმანაშვილი. ეს იყო, ჯერ კიდევ, 1989 წლის ზაფხულში. შემდგომში ბოიკოტისტების მქადაგებელთა რიცხვმა მთელი რადიკალური ბანაკი მოიცვა ლიდერებიანად და თვალსაჩინოებიანადაც, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ყოველდღიურ მიტინგებზე და თბილისელებისათვის კარგად ნაცნობ სახეებად იქცნენ: ლ. შაკიაშვილი, თ. სუმბათაშვილი, ჭანტურია, წერეთელი და სხვანი.
ასეა თუ ისე, 1990 წლის 25 მარტის არჩევნები ჩაიშალა. ის ძალები, რომლებიც არჩევნების გამართვას ცდილობდნენ, დამარცხდნენ და მათ შორის იყვნენ პატრიოტულ-ზომიერი, ანუ ეროვნულ-ლიბერალური ძალები. პირიქით, ეროვნულ-რადიკალურმა ბანაკმა გაიმარჯვა და თანაც, თავისი ახალი გაერთიანების _ ეროვნული ფორუმის სახით, ტრიუმფატორად მოევლინა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობას. ისინი საბოლოოდ დაეუფლნენ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სადავეებს.

დამოუკიდებლობის `ლიტვურ~-ბალტიისპირული გზა. ბოიკოტისტები და ბოიკოტის მოწინააღმდეგეები თავიანთი არგუმენტებით ებრძოდნენ ერთმანეთს. არგუმენტები არ გამოირჩეოდა იდეურ-თეორიული ანალიზით ან ინტელექტუალური სიღრმით. დამახასიათებელია მიტინგური არგუმენტაციის ეპიზოდი, რომელსაც ნ. ნათაძე იხსენებს, როცა ერთხელ მას მიკროფონით, მიტინგის ორატორმა ლ. შაკიაშვილმა მიმართა: `ბატონო ნოდარ, ნუთუ არ გესმით თქვენი ხნის კაცს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება~. სულ ეს იყო მტკიცებულება.
მთავარი თეზა და ანტითეზა, რომელიც რადიკალებსა და ზომიერებს შორის ფიგურირებდა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის მაგალითი გახლდათ. ზომიერებისათვის ბალტიელები მისაბაძნი იყვნენ. ისინი სწორედ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის გზით მივიდნენ დამოუკიდებლობამდე. `ბალტიისპირელებმა არ იციან, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ქვეყანაში უკანონოა? – მიმართავდა ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციის მონაწილეებს ნოდარ ნათაძე _ იციან, მაგრამ არჩევნებში მაინც მონაწილეობა მიიღეს და მოიგეს~. ამაოდ ირჯებოდა ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ამ არგუმენტაციით. კონფერენციის აუდიტორიისა და პრეზიდიუმის ბოიკოტისტური ტაქტიკის ადეპტები `უსმენდნენ, ეთანხმებოდნენ კიდეც, პრეზიდიუმში მსხდომნი არ ეკამათებოდნენ, მაგრამ პოზიციას არ იცვლიდნენ.~6
მაინც რაში მდგომარეობდა და უფრო სწორად, როგორ მიმდინარეობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბალტიური გზის განხორციელების პროცესი. ურიგო არ იქნება გავიხსენოთ მოკლედ ე. წ. `ბალტიისპირეთის გამოცდილება~, რათა უკეთ გავისიგრძეგანოთ ქართული ეროვნული მოძრაობის მაშინდელი შუქ-ჩრდილები.
ლიტვაში ეროვნული მოძრაობა თავიდანვე საქართველოსაგან განსხვავებული გზით წარიმართა. იქ ცდილობდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფორმები ადგილობრივი და ცენტრალური კონსტიტუციების ჩარჩოში მოექციათ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით, პირველმა ოპოზიციურმა მოძრაობამ, რომელსაც შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა, მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულ გარდაქმნის კურსს დაუკავშირა თავისი საქმიანობა და ორგანიზაციასაც შესაბამისი სახელი უწოდა _ `ლიტვური მოძრაობა პერესტროიკისათვის.~ სწორედ ამ ორგანიზაციამ უწოდა შემდგომში თავისთავს `საიუდისი~ (მოძრაობა).
`საიუდისმა~ თავის რიგებში და თავის გარშემო, ფაქტიურად, ლიტვის მთელი ეროვნულ-ოპოზიციური მოძრაობა გააერთიანა. მასში თავს იყრიდნენ როგორც წმინდა პატრიოტული დაჯგუფებები, ისე ქვეყნის ინტელიგენციის წამყვანი ძალები. თავდაპირველ საინიციატივო ჯგუფში სწორედ ამგვარი `ავტორიტეტები~ სჭარბობდნენ: ვიტაუტას ლანდსბერგისი, პოეტი იუსტინას მარცინკიავიჩუსი, კინორეჟისორი არუნას ჟებრიუნასი, კაზიმირა პრუნსკენე… საინიციატივო ბირთვის 35 წევრს შორის 17 კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ლიტვის საზოგადოება კონსოლიდირებულობით გამოირჩეოდა. მასში მცირე როდი იყო აზრთა და პოზიციათა სხვადასხვაობა, იდეური დაპირისპირება, მაგრამ არა კონფრონტაცია, ან ცხარე დაპირისპირება.
`საიუდისის~ დამფუძნებელი კრება ვილნიუსში 1988 წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართა. თავდაპირველად, საპროგრამო მიზნებში ფიგურირებდა ლიტვის ეკონომიკური დამოუკიდებლობა, დემოკრატიზაცია, კულტურული აღორძინება, ეკოლოგია. `საიუდისი~ დიდ ყურადღებას უთმობდა თავისი მიზნების პროპაგანდას მოსახლეობაში და ამ მიზნით სცემდა ჟურნალ-გაზეთებს, მათ შორის რუსულ ენაზეც (`საიუდისია ჟინიოს~, `ატგიმიმას~, `საგლასიე~).
ლიტვის ეროვნულ მოძრაობას თანმიმდევრულობა და ევოლუციურობა ახასიათებდა, თუმცა არც რადიკალიზმი აკლდა, ოღონდ ეს იყო არა იმდენად ფსიქოლოგიურ-ემოციური, არამედ უფრო ინტელექტუალური და პრაგმატული რადიკალიზმი. ე. ი. რადიკალიზმი იმ დროს და იქ, როცა და სადაც საჭიროა. ამ ორგანიზაციამ ოფიციალურად 1989 წლის 16 თებერვალს გამოაცხადა თავის მთავარ მიზნად ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენა და კომუნისტურ ხელისუფლებას დაუპირისპირდა, რომელიც კვლავინდებურად რეფორმისტულ პოზიციაზე დარჩა. იმავე წლის მარტში `საიუდისმა~ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რესპუბლიკიდან არჩეული 42 დეპუტატიდან 36 `საიუდისის~ წევრი გახლდათ.
1990 წლის 24 თებერვალს, როცა საქართველოს ეროვნულ-რადიკალური მოძრაობა საბჭოთა არჩევნების ბოიკოტის უაზრო ლოზუნგით იყო ეგზალტირებული, `საიუდისმა~ ლიტვის სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და 141-დან 101 დეპუტატობის მანდატი მოიპოვა. დამოუკიდებლობის მომხრე პატრიოტული ძალები ლიტვის პარლამენტის სრულ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ.Eეს გახლდათ სწორედ ის იდეალი, რასაც ნოდარ ნათაძე ამაოდ ქადაგებდა ქართულ რეალობაში.
ლიტველ პატრიოტთა ამ გამაოგნებელ გამარჯვებას სწრაფად მოჰყვა ლოგიკური შედეგი. 1990 წლის 11 მარტს ქვეყნის უმაღლესმა საბჭომ _ ჯერ კიდევ, ფორმით საბჭოთა და შინაარსით ეროვნულმა სტრუქტურამ _ ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამ შემთხვევაშიც ლიტვის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა სრულ შესაბამისობაში იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასთან, რომლის 72-ე მუხლი ცნობდა მოკავშირე რესპუბლიკების თვითგამორკვევისა და კავშირიდან გასვლის უფლებას. უმაღლესი საბჭო ხომ სრულიად ლეგიტიმურ საბჭოთა სტრუქტურას წარმოადგენდა, განსხვავებით ჩვენებური `მეამბოხე~ ეროვნული ფორუმისა თუ მსგავსი ზედმეტი და ხმაურიანი თვითმოქმედებისაგან.
ლატვიაში 1987-1988 წლებში მიმდინარეობდა დემოკრატიული და ეროვნული უფლებების გამომხატველი ორგანიზაციების ჩამოყალიბება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლატვიის სახალხო ფრონტი, რომელიც ლიტვაში განვითარებული მოვლენების ანალოგიურად, არჩევნების გზით გახდა ქვეყნის უმაღლესი საბჭოს წამყვანი ძალა. 1990 წლის 4 მაისს ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ მიიღო ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია.
იმავდროულად იქნა არჩეული ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეთა კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები. კონგრესი არავითარ წინააღმდეგობაში არ იმყოფებოდა სახალხო ფრონტთან. საქმე იმაში გახლდათ, რომ ლატვიის სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნეოდნენ ქვეყნის ის მცხოვრებლები, რომლებიც 1940 წლის 17 ივნისამდე _ საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციამდე ითვლებოდნენ მოქალაქეებად. ვაშინგტონში და ლონდონში არსებული ლატვიის საელჩოები და საკონსულოები საბჭოთა ოკუპაციის პერიოდშიც განაგრძობდნენ ოკუპაციამდელი სახელმწიფოს პასპორტების გაცემას.
ამ წესით მიჩნეული ლატვიელი მოქალაქეებისათვის ჩატარდა სწორედ კონგრესის არჩევნები, ხოლო 1991 წლის 3 მარტს ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა, რომელმაც ხმა მისცა ლატვიის დამოუკიდებლობას და დემოკრატიზაციას. ასე რომ, ლატვიაში ქვეყნის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული კონგრესის თანაარსებობა სრულიადაც არ შეიცავდა რაიმე კონფრონტაციულ მომენტს, განსხვავებით საქართველოსაგან. აქაური ე. წ. ეროვნული კონგრესი აბსოლუტურად განსხვავდებოდა თავისი ლატვიური თანამოსახელე სტრუქტურისაგან.
ესტონეთშიც `ნაციონალური გამოღვიძების~ პროცესი 1987 წლიდან დაიწყო, რაც, ცხადია, გორბაჩოვის `გარდაქმნის~ კურსთან გახლდათ დაკავშირებული. ამა წლის აპრილში ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ფოსფორიტების საბადოს ამუშავების შესახებ, მაგრამ მოულოდნელად პროტესტის დიდ ტალღას წააწყდა. წარმოიქმნა `მწვანეების~ მოძრაობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბადოს ფუნქციონირება დააბინძურებდა რეგიონის წყლის რესურსებს.
დაიწყო მოძრაობა ესტონეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის.
1988 წლის 13 აპრილს, სატელევიზიო თოქ-შოუს მსვლელობისას, ედგარ სავისაარმა ფართო საზოგადოებას შესთავაზა სახალხო ფრონტის შექმნის იდეა, რომლის მიზანიც, სხვათა შორის, გარდაქმნის _ ვიხმაროთ ეს სიტყვა რუსულ-ორიგინალური ვარიანტით _ პერესტროიკის ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო. სახალხო ფრონტმა თავისი ორი ბალტიისპირული მოძრაობის ანალოგიით საბჭოური სტრუქტურების გამოყენებით გადაწყვიტა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა.
1990 წლის 24 თებერვალს ერთდროულად მოეწყო ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და კონგრესის არჩევნები. აქაც კონგრესის არჩევნებში მონაწილეობდნენ ესტონეთის პირველი რესპუბლიკის მცხოვრებლები, რომლებიც 1940 წლის 6 აგვისტომდე ქვეყნის საბჭოურ ოკუპაციამდე იყვნენ დაფიქსირებულნი მოქალაქეებად და მათი შთამომავლები.
უმაღლესმა საბჭომ მიიღო რიგი დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და სწორედ ამ საბჭოთა სტრუქტურამ მიიყვანა ესტონეთი დამოუკიდებლობამდე. 1989 წლის 12 ნოემბერს უმაღლესმა საბჭომ გააუქმა 1940 წლის 22 ივლისის თავისივე მიღებული დეკლარაცია ესტონეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ოთხი დღის შემდეგ, 16 ნოემბერს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ესტონეთის სუვერენიტეტის შესახებ.
1990 წლის 30 მარტს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება `ესტონეთის სახელმწიფო სტატუსის შესახებ~. საბჭოთა კანონების უზენაესობა ესტონეთის ტერიტორიაზე გაუქმებულ იქნა, ხოლო კონგრესი გამოცხადდა პარალელურ პარლამენტად. აქაც, როგორც ლატვიის შემთხვევაში, კონგრესი არ წარმოადგენდა არც ალტერნატიულ, მით უფრო, არც კონფრონტაციულ ან კონკურენტულ სტრუქტურას.
1991 წლის 3 მარტს შემდგარ რეფერენდუმში, რომელშიც მონაწილეობას ძირითადად ესტონელები იღებდნენ, მოსახლეობამ ესტონეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ხოლო რეზოლუცია `ესტონეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ~ რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 1990 წლის 20 აგვისტოს მიიღო ცნობილი მოსკოვის პუტჩის დღეებში. ამ დროს ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღარ არსებობდა. იგი ჯერ კიდევ 1990 წლის მაისში გამოცხადდა ესტონეთის რესპუბლიკად, ცხადია, ისევ და იმავე ქვეყნის უმაღლესი საბჭოს მიერ.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბალტიური გამოცდილება მისაბაძ პრაქტიკად იქცა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნული მოძრაობებისათვის. ბალტიური სცენარი მისაღები იყო დასავლეთის სახელმწიფოებისათვისაც, რომლებიც იმხანად მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირში მიმდინარე ე. წ. პერესტროიკის კურსს და მიხეილ გორბაჩოვთან ურთიერთობის ზედმეტად დაძაბვას ერიდებოდნენ. მათ აწყობდათ, რომ ბალტიელების სამართლებრივი ბრძოლა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციურ ფარგლებს არ სცილდებოდა, რაც სხვადასხვა დონეზე დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერას განაპირობებდა. ეს მხარდაჭერა კი ევოლუციური აღმასვლით ხასიათდებოდა.

მთავარი განხეთქილება _ რადიკალების გათიშვა. 1990 წლის 25 მარტის არჩევნების ჩაშლა-გადატანა საქართველოში `ბალტიური გზის~ დამარცხებასაც ნიშნავდა. მართალია, ზომიერი ძალები უზენაესი საბჭოს არჩევნების პლატფორმაზე რჩებოდნენ, მაგრამ ისინი მეორეხარისხოვან როლში აღმოჩნდნენ. ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის გეზს რადიკალები წარმართავდნენ და განსაზღვრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გადაიდო, რადიკალთა და არჩევნების მომხრეთა ურთიერთთავდასხმები მიტინგებზე თუ პრესაში არ წყდებოდა.
1990 წლის 25 მარტს თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ზვიად გამსახურდიამ. მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე მან ეროვნული მოძრაობისათვის `მტრულ~ ორგანიზაციებად მონათლა უზენაესი საბჭოს არჩევნების მომხრე დაჯგუფებები: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რესპუბლიკელები, სახალხო ფრონტი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია (სეგო). `რა სეგოა ის სეგო, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა არჩევნებისთვის იბრძვის, მოუწოდებს, რომ მიიღეთ საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობაო.~7 საერთოდ, ზ. გამსახურდია სხვებთან შედარებით არ გამოირჩეოდა უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მძაფრი კრიტიკით, მაგრამ ამ ტაქტიკას იგი თავდაპირველად იზიარებდა და ეროვნული ფორუმის პოზიციაზე იდგა.
გარეგნულად ეროვნული ფორუმი ერთიან პლატფორმაზე მდგარ გაერთიანებას მიაგავდა. მათ ეს-ესაა გზიდან ჩამოიცილეს ეროვნულ-ლიბერალური ბანაკი და ეროვნულ მოძრაობას ერთპიროვნულად დაეპატრონენ. ამის შემდეგ მათ წინააღმდეგ ერთი მოწინააღმდეგე _ ცენტრალური და ადგილობრივი კომუნისტური ხელისუფლება იდგა და მთელი ძალები მის წინააღმდეგ უნდა მიემართა. 27 მარტს გაიმართა ეროვნული ფორუმის მესამე სხდომა, რომელსაც ამ გაერთიანებაში შემავალი ოცამდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. სხდომას მხოლოდ 4 წევრი არ ესწრებოდა. რომ წარმოვიდგინოთ, ვინ იყვნენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ ერთად იდგნენ, ვინც წარმართავდა ეროვნულ-რადიკალურ მოძრაობას და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ფაქტიურად მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ამინდს ქმნიდნენ, ჩამოვთვალოთ და გავიხსენოთ (ასე ხშირად უნდა გავაკეთოთ _ დ. შ.):
1. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია _ ირ. წერეთელი, თ. სუმბათაშვილი, თ. ფიფია; 2. საქართველოს ჰელსინკის კავშირი _ ზ. გამსახურდია, თ. ქორიძე, ა. რცხილაძე; 3. წმინდა ილია მართლის საზოგადოება _ თ. პაატაშვილი, გ. გოგბაიძე; 4. საქართველოს მონარქისტული პარტია _ თ. ჟორჟოლიანი, გ. ხონელიძე, თ. კიტოვანი; 5. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი _ ირ. კაკაბაძე, გ. კალანდაძე; 6. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია _ მ. გიორგაძე, ი. ხუხუნაიშვილი; 7. საქართველოს დემოკრატიული პარტია _ თ. შარმანაშვილი, ვ. ჭყოიძე; 8. ქეთევან წამებულის საზოგადოება _ ლ. შაკიაშვილი; 9. საქართველოს ეროვნულ-სოციალური პარტია _ გ. გუმბიაშვილი; 10. მერაბ კოსტავას საზოგადოება _ ვ. ადამია; 11. მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდი _ ჯ. გოლეთიანი; 12. თეთრი გიორგის კავშირი _ თ. მანაგაძე; 13. ქართველ შევარდენთა ლეგიონი _ ე. წიკლაური; 14. თეატრალური საზოგადოება _ დ. ანდღულაძე; 15. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის პარტია _ ჯ. ბოჭორიძე; 16. საქართველოს მხატვართა კავშირი _ თ. კიკალიშვილი; 17. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია _ თ. სიგუა; 18. თეატრალური საზოგადოება _ რ. მიქაბერიძე; 19. ინვალიდთა ასოციაცია _ ზ. სიხარულიძე; 20. კინემატოგრაფისტთა კავშირი _ გ. ხაინდრავა; 21. საქართველოს დამოუკიდებლობის ორგანიზაცია _ ალ. მელაძე; 22. აფხაზეთის წარმომადგენლები _ თ. ლორთქიფანიძე, თ. კემულარია, ა. გასვიანი.
რადიკალთა ამ ერთიანობამ ახლა უკვე 1990 წლის 27 მარტს კიდევ ერთხელ `დაადგინა~, რომ ქართველი ერისა და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის სახელით შეიძლება უფლებამოსილი იყოს `მხოლოდ და მხოლოდ~ საყოველთაო კენჭისყრით არჩეული `ოპოზიციური ხელმძღვანელობა~, რომელსაც `უნდა ეწოდოს ეროვნული კონგრესი~. ამავე `დადგენილების~ მეექვსე მუხლი კი კვლავ ადასტურებდა: `ეროვნული კონგრესის ყველა წარმომადგენელი უნდა უარყოფდეს იმ სტრუქტურებში, მექანიზმებსა და სისტემაში მონაწილეობას, რომელიც დამკვიდრებულ იქნა საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური რუსეთის მიერ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მიმართ 1921 წელს განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის შემდგომ~. ცხადია, საუბარი ეხებოდა საბჭოთა სტრუქტურებს, კერძოდ, უზენაეს საბჭოს.
ვის უნდა მოესმინა და შეესმინა `ქართველი ერისა და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის~ ხმა და სურვილი? ეროვნული ფორუმის თავდაჯერებული მტკიცებით, ასეთი ორგანო უნდა ყოფილიყო საერთაშორისო სამართალი. რომელი საერთაშორისო სტრუქტურა იგულისხმებოდა, `დადგენილებაში~ არ მოიხსენიებოდა. სამაგიეროდ ჩანდა, რომ დოკუმენტის შემდგენლებს ეჭვი ეპარებოდათ `საერთაშორისო სამართლის~ სამართლიანობაში და იმ შესაძლებლობასაც ითვალისწინებდნენ, რომ საერთაშორისო სტრუქტურები ეროვნულ კონგრესს არ აღიარებდნენ. რა თქმა უნდა, ასეც მოხდებოდა ან ამგვარი შესაძლებლობა უფრო რეალური ჩანდა. საერთაშორისო სამართალი საბჭოთა კავშირს ცნობდა და ნაკლებად მოსალოდნელი ჩანდა, მისი უარმყოფელი მეამბოხე ეროვნული ორგანო ეღიარებინა. ამგვარ შესაძლებლობას ეროვნული ფორუმის `დადგენილება~ სრულიად უტოპიურ და ფანტასტურ ზომას უპირისპირებდა: თუ საერთაშორისო სამართალი ეროვნულ კონგრესს არ აღიარებდა, ფორუმი `სრულიად საქართველოს მასშტაბით გამოაცხადებდა საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას და ქართველ ერს მოუწოდებდა ტოტალური შეუიარაღებელი წინააღმდეგობისაკენ.~8 ამგვარი გეგმის განხორციელება უტოპიური იყო მაშინდელ ქართულ რეალობაში.
`შეურიგებელ და რადიკალურ~ ოპოზიციას იმხანად დიდი გავლენა გააჩნდა ქართველი საზოგადოების ცალკეულ-გარკვეულ ფენებზე და მრავალათასიანი მანიფესტაციების მოწყობაც ხელეწიფებოდა, მაგრამ მისი გავლენა არც იმდენად ყოვლისმომცველი მასშტაბისა გახლდათ, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა `ტოტალურად~ აჰყოლოდა ფორუმის ბუნდოვან, არარეალისტურ და რაც მთავარია, უპრეცედენტო პროექტს.
ასეა თუ ისე, შექმნის პირველ ხანებში ეროვნული ფორუმი გარეგნულად მაინც ერთიანად გამოიყურებოდა და საზოგადოებისათვის უცნობი იყო მასში მიმდინარე შიდა დინებები. ამიტომ ამავე საზოგადოებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეროვნული ფორუმის გათიშვა. 1990 წლის 24 აპრილს, ზუსტად ერთი თვისა და ათი დღის შემდეგ შექმნიდან, ეროვნული ფორუმი ორ ნაწილად გაიხლიჩა. ამ დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფორუმი დატოვა ოთხმა წამყვანმა ორგანიზაციამ _ ჰელსინკის კავშირმა, წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ, მონარქისტულმა პარტიამ და მერაბ კოსტავას საზოგადოებამ.
ეროვნული ფორუმის სახით ორად გაითიშა საქართველოს `შეურიგებელი და რადიკალური მოძრაობა~. ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში კიდევ ერთი კონფლიქტური დაპირისპირების ცენტრი და კერა შეიქმნა. უნდა ითქვას, თავიდანვე ადვილი შესამჩნევი იყო – ადრე ჩამოყალიბებული კონფლიქტურ კერებთან შედარებით, რადიკალთა ურთიერთდაპირისპირება ყველაზე ფეთქებადი და ცხელი იქნებოდა და ასეც მოხდა. ამ დაპირისპირებამ საბედისწერო შედეგები მოიტანა შემდგომში.
მაინც რა იყო ეროვნული ფორუმის გახლეჩვა-დაპირისპირების მიზეზი ან მიზეზები.
საზოგადოებას პრესამ, ტელევიზიამ იმთავითვე ისეთი ინფორმაცია მიაწოდა და შემდგომშიც დაუსრულებლად იმეორებდა, თითქოს დაპირისპირების მთავარი და ერთადერთი მიზეზი 24 აპრილს ეროვნული ფორუმის სხდომის დროს მომხდარი სროლა გახლდათ, მაშინდელ `იმელის~ შენობასთან. სროლა მოხდა `მხედრიონელებსა~ და თეთრი გიორგის კავშირის გასამხედროებულ ფორმირებათა წევრებს შორის.
გ. ჭანტურია მიიჩნევდა, რომ ორივე დაჯგუფება, რომელთა შორისაც ინციდენტი მოხდა, უფრო `პროვოკაციის მსხვერპლი~ იყო, ხოლო ინსპირატორი _ უშიშროების კომიტეტი. არც ერთი მათგანი და, კერძოდ, არც `მხედრიონი~ და არც თეთრი გიორგის კავშირი, ფორუმის საწინააღმდეგო საქციელს არ ჩაიდენდნენ, რადგან, როგორც ჯ. იოსელიანი, ისე თეთრგიორგელთა ხელმძღვანელთაგანი _ თენგიზ მანაგაძე, ფორუმის წევრები გახლდნენ. ე. ი. ჭანტურიასათვის `ფორუმის წევრობა~ საკმარისი ალიბი გახლდათ ორივე ფორმირების უდანაშაულობის სამტკიცებლად.9 ასეა თუ ისე, ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი მთავარ ინსპირატორს თამამად ასახელებდა _ უშიშროების კომიტეტს, მაგრამ ინციდენტის უშუალო `შემსრულებლების~ დასახელებისაგან თავს იკავებდა (გავა სულ რაღაც სამნახევარი წელი და გ. ჭანტურია, სწორედ `მხედრიონის~ ერთ-ერთი დაჯგუფების ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდება. ამის შესახებ დრო და დრო ქვეყნდებოდა კიდეც ვერსიები. ერთ-ერთი იყო გიორგი მამაცაშვილის ე. წ. `ავთანდილ იოსელიანის დაკითხვის ოქმი #2.)10
ინციდენტიდან ათი დღის შემდეგ, ეროვნული ფორუმიდან გასული ორგანიზაციების წამყვანმა წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს `მიმართვა ქართველი ერისადმი~. მასში ფორუმის დატოვების `უმთავრეს მიზეზად~ დასახელებული გახლდათ `სკანდალური ინციდენტი, სროლა ფორუმის მიმდინარეობის დროს, ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო ფორუმის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ.~11 არც აქ იყვნენ `შემსრულებლები~ დასახელებულნი, თუმცა საერთო და ზოგადი ინსპირატორის როლში სახელდებოდა `კორუმპირებული მაფია~ და მისი `ფარულად წარმმართველი ოფიციოზი,~ რასაც არსებითი სინათლე არ შეჰქონდა საქმის არსში.
საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი რამ იცოდნენ, მაგრამ აქაც წინააღმდეგობრივი, ერთმანეთის გამომრიცხავი ვერსიები ფიგურირებდა, რომლებსაც ტენდენციურობის დაღი ესვა და ამა თუ იმ ჯგუფურ ინტერესს გამოხატავდა. დღესაც ბევრად არ შეცვლილა მდგომარეობა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ე. წ. `საზოგადოებრივი აზრის~ და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისა თუ ჯგუფების ვერსიების უგულებელყოფის გზას უნდა დავადგეთ. ამით გამოირიცხება პიროვნული მომენტი, მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების ახსნის დროს. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ბევრად, რა როლი ითამაშა, ან საერთოდ, ითამაშა თუ არა რაიმე როლი `იმელის~ ინციდენტმა. მის ინსპირატორებს თავისთავად გამოავლენს მოვლენათა განვითარების შემდგომი საერთო ტენდენცია. ამჯერად კი იმით შეიძლება დავკმაყოფილდეთ, რომ ინციდენტის წამოწყებაში უფრო ხშირად ბრალს ჯ. იოსელიანის `მხედრებს~ სდებდნენ.
უნდა დავეთანხმოთ ორივე ზემოაღნიშნული ვერსიის ავტორების _ ჭანტურიას და ფორუმიდან გასული ზვიად გამსახურდიას განცხადების საერთო პათოსს _ `იმელის~ წინ ატეხილი სროლა შეიარაღებული ფორმირებების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული და მან შესანიშნავად შეასრულა თავისი `შავბნელი~ დანიშნულება _ ორი ქართული რადიკალური დაჯგუფება ერთმანეთთან კიდევ უფრო მწვავედ და საბოლოოდ დააპირისპირა. მაგრამ `იმელის~ ინციდენტი არ გახლდათ ფორუმში დარჩენილებსა და ფორუმიდან გასული რადიკალების დაპირისპირების არც ერთადერთი, არც უკანასკნელი და არც მთავარი მიზეზი.
დაპირისპირების მთავარი მიზეზი იდეურ-პოლიტიკური ხასიათისა ჩანდა და `მოპირდაპირე დასების~ (არჩილ ჯორჯაძის ტერმინია _ დ. შ.) პოლიტიკურ პლატფორმებს შორის განსხვავებაში იდო. ამ განსხვავებებმა უფრო ადრე იჩინა თავი, ვიდრე `იმელის~ წინ სროლა ატყდებოდა. იდეურ-პოლიტიკური წინააღმდეგობანი 1990 წლის 24 აპრილამდე უკვე იმდენად გამწვავებული იყო, რომ ზვიად გამსახურდია უკვე თავისი მომხრე ორგანიზაციებისაგან ცალკე კოალიციის შექმნას აპირებდა.
1990 წლის აპრილის დასაწყისში შედგა მერაბ კოსტავას საზოგადოების პირველი ყრილობა. მასზე სიტყვით გამოსულმა ზვიად გამსახურდიამ წამოაყენა იდეა, შექმნილიყო ახალი გაერთიანება. მასში უნდა შესულიყო `ყველა უკომპრომისო, უანგარო და უღალატო ორგანიზაცია~. გამსახურდიას აზრით, ასეთი ორგანიზაციები იყვნენ: მერაბ კოსტავას საზოგადოება, ჰელსინკის კავშირი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, დამოუკიდებლობის პარტია და თეთრი გიორგის კავშირი. სწორედ, ეს ორგანიზაციები `უნდა გაერთიანებულიყვნენ კოალიციაში, რადგან ერთი სტრატეგია, ტაქტიკა, მიზანმიმართულება~ ჰქონდათ.
ახალი `კოალიციის~ შექმნა პირველ რიგში მოასწავებდა ეროვნული ფორუმის სხვა დანარჩენი წევრი-ორგანიზაციებისაგან განსხვავებულ `სტრატეგიას, ტაქტიკას და მიზანმიმართულებას~ და ეს ფიქსირდებოდა უკვე 24 აპრილამდე, ე. ი. `იმელის~ ცნობილ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე. ეს განცხადება, რომელიც ზემოაღნიშნულ ყრილობაზე გაკეთდა, 17 აპრილს უკვე გამოქვეყნდა `ახალგაზრდა ივერიელში~. აქ უკვე იმასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ ახალი კოალიციის იდეა, სანამ მას ზვიად გამსახურდია საჯაროდ გამოთქვამდა, ადრევე ტრიალებდა და მზადდებოდა გამსახურდიას მომხრე ორგანიზიციებში.
მაშ, გამოდის, რომ გამსახურდიას მომხრე ორგანიზაციების მიერ ეროვნული ფორუმის დატოვება `იმელის” წინ მომხდარი ინციდენტის შედეგი კი არ იყო, არამედ პირიქით, `იმელის~ ინციდენტი იყო გამსახურდიას მომხრეების მიერ ახალი `კოალიციის~ შექმნის განზრახვის შედეგი. `იმელის~ ინციდენტმა, მხოლოდ უშუალო საბაბის თუ დეტონატორის როლი შეასრულა ფორუმიდან გამსახურდიას მომხრეების გასვლაში.
რომ დავასკვნათ, ასეთ სურათს მივიღებთ საბოლოოდ _ ზ. გამსახურდიას მომხრეებსა და ფორუმის დანარჩენ წევრ-ორგანიზაციებს შორის, თავიდანვე არსებობდა სერიოზული იდეურ-პოლიტიკური განსხვავებები. ეს წინააღმდეგობები სულ უფრო მწვავდებოდა და სულ მოკლე ხანში ეროვნული ფორუმის შექმნიდან გადაიზარდა სერიოზულ წინააღმდეგობაში. წინააღმდეგობა იმდენად გამწვავდა, რომ უკვე 1990 წლის აპრილის შუა რიცხვებში ზ. გამსახურდიას და მის მომხრე ორგანიზაციებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ცალკე გაერთიანების _ ახალი კოალიციის შექმნა, რაც იყო ფორუმის დაშლის უპირველესი მიზეზი. ამ წინააღმდეგობების გამწვავებას მოჰყვა `იმელის~ წინ ორივე დაჯგუფების მომხრე შეიარაღებული ფორმირებების _ `მხედრიონისა~ და თეთრი გიორგის კავშირის წევრებს შორის სროლა. ამის შემდეგ, ე. ი. 24 აპრილიდან, ზ. გამსახურდია თავის მომხრე ორგანიზაციებთან ერთად, გადის ეროვნული ფორუმიდან, რაც ამ უკანასკნელის დაშლას თუ არა, გახლეჩვას და ურთიერთდაპირისპირებას მოასწავებს. ეს იყო მიზეზი, რის შედეგადაც საქართველოს საერთო ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში კიდევ ერთი სკანდალური დაპირისპირების კერა გაჩნდა.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა საქართველოში ურთიერთდაპირისპირების პარალელურად მიმდინარეობდა და ხელისუფლებისათვის ბრძოლის ხასიათს ატარებდა.

მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია _ რაციონალური არჩევანი. 24 აპრილის მოვლენებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება გაჩნდა. 7 მაისს შეიქმნა `მრგვალი მაგიდა~, ის `ახალი კოალიცია~, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდნენ მისი ინიციატორები. `მრგვალი მაგიდის~ პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანებაში შევიდნენ: 1. ჰელსინკის კავშირი, 2. მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია, 3. წმინდა ილია მართლის საზოგადოება და 4. მერაბ კოსტავას საზოგადოება.
ახალი ორგანიზაცია, უფრო სწორედ, `საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა~ გაერთიანება, არა მარტო ეროვნული ფორუმიდან ფიზიკურ-სტრუქტურულად გასვლას აფიქსირებდა, არამედ მისგან იდეურ-პოლიტიკურ გამიჯვნასაც აღნიშნავდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი თავიდანვე ყურადსაღები უნდა გავხადოთ, რადგან შექმნისთანავე დაფიქსირდა, რომ `მრგვალი მაგიდის მიზანია, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალისტური კონცეფციის შექმნა~.
ეს გარემოებაც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ მრგვალი მაგიდა ეროვნულ ფორუმს იდეურ ნიადაგზე _ პოლიტიკური პლატფორმის განსხვავებულობის გამო გამოეყო. მრგვალი მაგიდის იდეოლოგებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ეროვნული ფორუმის პროგრამა და ისინი ინტენსიურად შეუდგნენ საკუთარი საპროგრამო მიზნების გარკვევა-დასაბუთებას.
უკვე 11 მაისს მრგვალმა მაგიდამ წესდება შეიმუშავა, რომელშიც ზემოაღნიშნული მიზანი იყო დაფიქსირებული _ რეალისტური კონცეფციის შექმნა. კონცეფცია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის მომავალ მეორე შეხვედრაზე სურდათ გაეტანათ.
12 მაისს მიღებული იქნა ახალი გაერთიანების პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი _ მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია. ნათლად გავერკვეთ ამ კონცეფციაში, რომლითაც მრგვალმა მაგიდამ ეროვნული ფორუმისაგან იდეური გამიჯვნა და საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება დაიწყო.
მრგვალი მაგიდა `ქართველ ერს და საქართველოს კანონიერ მოსახლეობას~ მოუწოდებდა არჩევანი გაეკეთებინა `იმ გზისა, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა აღმდგარიყო~. საამისოდ ორი გზა არსებობდა: 1. `საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა~ და აქვე განვმარტავთ, ეს ეროვნული ფორუმის ბრძოლის გზა გახლდათ; 2. `დროებითი უმაღლესი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები~, ე. ი. მრგვალი მაგიდის ბრძოლის გზა _ არჩევნები.
პირველ რიგში მრგვალი მაგიდის კონცეფცია ეროვნული დაუმორჩილებლობის იდეას და გზას იწუნებდა, მისი არარეალურობის გამო. იგი ჩამოთვლიდა რამდენიმე მიზეზს, რატომ იყო ეს გზა არარეალური. პირველი მიზეზი იყო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის სიჭრელე. დაუმორჩილებლობას მხარს არ დაუჭერდა ქვეყნის არაქართველი მოსახლეობა, რომლის წილიც საერთო რაოდენობის დიდ პროცენტს შეადგენდა. მეორე მიზეზი გახლდათ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში გამჯდარი მანკიერი მორალური თვისებები: მომხვეჭელობა, კონფორმიზმი. ამგვარი მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის მქონე მოსახლეობის ნაწილი ასევე არ დაუჭერდა მხარს დაუმორჩილებლობის ლოზუნგს და მათი რიცხვიც საკმაოდ დიდი იყო მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. არსებობდა მესამე მიზეზიც _ საიმპერიო მმართველობის სიძლიერე და საოკუპაციო არმიის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს _ საბჭოთა სტრუქტურებთან ღია დაპირისპირების ხალისს უკარგავდა და პესიმისტურადაც განაწყობდა.
მრგვალი მაგიდის კონცეფცია ქართველ საზოგადოებას არჩევნების გზას სთავაზობდა, რომელიც `არსებულ ობიექტურ რეალობას ითვალისწინებდა~ და რომელიც შექმნიდა `უმაღლეს არჩევით ორგანოს~, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა გადასცემდა ნდობის მანდატს. ამის შემდეგ `კონცეფციაში~ სამართლებრივად საბუთდებოდა, თუ რა გზით და რომელი არჩევითი ორგანო იქნებოდა ქართველი ერის ნების გამომხატველი. ამგვარი ორგანოს იდენტიფიკაცია რომ მომხდარიყო, პირველ რიგში უნდა დადგენილიყო ის პირველადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი სამართლებრივი აქტების საფუძველი და კანონიერი საწყისი იქნებოდა, ანუ საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა სამართლებრივი პროცესის `კანონიერად დაწყება~.
ასეთი საწყისი სამართლებრივი ხელშეკრულება _ დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში არსებული სამართლებრივ-პოლიტიკური და ამავე დროს, საერთაშორისო აქტი უნდა ყოფილიყო. ასე უნდა მომხდარიყო იმის გამო, რომ საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ, როგორც ცნობილია, 1989-1990 წლის განმავლობაში მიღებული რამდენიმე დადგენილებით `ბათილად სცნო~ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მიღებული ყველა სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, როგორც უკანონო.
ასეთ საერთაშორისო სამართლებრივ-პოლიტიკურ აქტად სავსებით მართებულად იქნა მიჩნეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება 1920 წლის 7 მაისს. როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. და აი, აქ, რადიკალურ ორგანიზაციათა გაერთიანება “მრგვალი მაგიდა” თავის კონცეფციაში პირველად ახსენებს, თანაც დადებით კონტექსტში _ `ლიტვურ პრეცედენტს~.
მართალია, მრგვალი მაგიდა ერთგვარ უკანდასახევ გზას მაინც იტოვებს და ლიტვურ გამოცდილებას `ნაჩქარევს~ უწოდებს, მაგრამ მთავარი ნაბიჯი გადადგმულია _ იგი `ლიტვურ პრეცედენტს~ მაგალითისათვის იმოწმებს და მისი გამოცდილების გაზიარებას ფიქრობს. კერძოდ, მას განზრახული აქვს თავის მომავალ სამართლებრივ ბრძოლაში ლიტველებივით საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაეყრდნოს. `კონცეფციაში~ ვკითხულობთ: `ამ მიზეზით შეიქმნა ერთგვარად ნაჩქარევად ლიტვური პრეცედენტი, რომელიც უახლოეს მომავალში მეტროპოლიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს არა საბჭოურ კონსტიტუციათა, არამედ საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით.~12
ამის შემდეგ, მრგვალი მაგიდა უარყოფს კიდეც, მაგრამ ნიადაგსაც ამზადებს უზენაესი საბჭოს არჩევნების საკითხის დასასმელად. კერძოდ, იგი უარყოფს არა საერთოდ უზენაესი საბჭოს არჩევნებს, არამედ `დღევანდელ უზენაეს საბჭოს~, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ იქნება საქართველოს კანონიერი მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ ამბობს რადიკალური ფრთა უარს არჩევნებში _ `საბჭოურ არჩევნებში მონაწილეობაზე~.
მაგრამ იგი უარს არ ამბობს საერთოდ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ ის `დღევანდელი~ ფორმის, შინაარსის ან შემადგენლობის არ იქნება. ეს აზრი გამომდინარეობს `კონცეფციის~ კონტექსტიდან და ჩვენც მივყვეთ მის აზრს. `კონცეფცია~ ისეთი არჩევით მოსულ `სამართლებრივ სუბიექტს~ აღიარებს, რომელიც შეიქმნება `საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი დემოკრატიული არჩევნების~ შედეგად, მაგრამ ეს არ იქნება `საბჭოური~ არჩევნები.
ახლა აქ სვამს კითხვას `კონცეფცია~ _ როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები. არსებობს ორგვარი არჩევნების ჩატარების თეორიული შესაძლებლობა _ ოფიციალური და არაოფიციალური. არაოფიციალური არჩევნები, რა თქმა უნდა, არასაბჭოური იქნება, მაგრამ მასში არ მიიღებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობას და პირდაპირ არ დაუპირისპირდება ოფიციალურ ხელისუფლებას ზემოაღნიშნული სამი _ ეთნიკური, მორალური და პოლიტიკური მიზეზების გამო. რომც მოხდეს ასეთი რამ, არაოფიციალურად არჩეულ ორგანოს საერთაშორისო სამართალიც არ ცნობს, რადგან, სამწუხაროდ, ასეთია `დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური რეალობები~. მრგვალი მაგიდის `პოლიტიკური კონცეფცია~ სრულიად რეალისტურად აფასებდა საერთაშორისო ვითარებას და ეს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე, ყოველ შემთხვევაში, 1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ ქართულ რადიკალურ სივრცეში თითქმის პირველად ხდებოდა.
დაასაბუთა რა ეროვნული კონგრესის აღიარების შეუძლებლობა საერთაშორისო სამართლის მიერ, `მრგვალმა მაგიდამ~ წამოაყენა საქართველოში `ოფიციალური არასაბჭოური არჩევნების~ იდეა, რომლის განხორციელებაც `უფრო რეალისტურად და მეტი სარგებლობის მომტანად~ იქნა მიჩნეული. არჩევნების ჩასატარებლად საჭირო იყო საქართველოში შექმნილიყო `შესაბამისი პოლიტიკური სიტუაცია~, რათა ლეგიტიმური ყოფილიყო მთავარი მიზანი _ დამოუკიდებლობის გამოცხადება. საამისოდ `კონცეფცია~ მიზნად ისახავდა მოქმედებათა გეგმას შემდეგი თანმიმდევრობით:
1. საქართველოს უნდა მიეღო თავისი რეალური მდგომარეობის შესაბამისი `პოლიტიკური სტატუსი~. მას უნდა შეეცვალა სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახელი, რის შემდეგაც საქართველო აღარ ჩაითვლებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილად და მოკავშირე რესპუბლიკად. 2. უნდა შეჩერებულიყო საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედება საქართველოს `მთელ ტერიტორიაზე~. 3. გარდამავალ პერიოდში ქვეყანა უნდა ემართა დროებით მთავრობას. დამოუკიდებლობას მთავრობა გამოაცხადებდა სამი მთავარი პირობის აღსრულების შემდეგ _ როცა განხორციელდებოდა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება; როცა განხორციელდებოდა მთავრობის სუვერენიტეტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და როცა იურიდიულად დადგინდებოდა ქვეყნის ტერიტორიის საზღვრები. სანამ ეს ყველაფერი გაკეთდებოდა, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას თავისი ნება არასაბჭოური, საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა გამოეხატა. არჩევნების შედეგად მოსულ გარდამავალი პერიოდის უმაღლეს ხელისუფლებას უნდა მოემზადებინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები. ამით განისაზღვრებოდა მისი `მთავარი დანიშნულება~.
`პოლიტიკური კონცეფციის~ სახით, მრგვალი მაგიდის ორგანიზაციებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ახალი სტრატეგია და ტაქტიკა შეიმუშავეს. იგი თანმიმდევრულად და ეტაპობრივად წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის ბრძოლის კონკრეტულ გზას. `კონცეფციამ~ ფაქტიურად აღიარა და გაიზიარა დამოუკიდებლობის აღდგენის `ლიტვური გზა~. ბალტიური სქემა უკვე აპრობირებული გახლდათ საბჭოთა სივრცეში და საბჭოური კონსტიტუციური ნორმების გათვალისწინებასთან ერთად, საერთაშორისო სამართლისა და დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერის პოტენციალსაც შეიცავდა.
სწორედ ამის გამო, საქართველოს რადიკალური მოძრაობის ერთმა ნაწილმა მრგვალი მაგიდის სახით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის რეალური სტრატეგია შეიმუშავა და სწორედ ეს იყო `პოლიტიკური კონცეფციის~ მთავარი მიზანიც და არსიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზვიად გამსახურდიას განმარტებით, მრგვალი მაგიდის მიზანი დამოუკიდებლობის აღდგენის `რეალისტური კონცეფციის შექმნა~ და ასეთივე სტრატეგიის განხორციელება უნდა ყოფილიყო.
რატომ იყო მრგვალი მაგიდის `პოლიტიკური კონცეფცია~ რეალისტური? პირველ რიგში, უზენაესი საბჭოს არჩევნებს სამართლებრივად ვერ შეეწინააღმდეგებოდა ცენტრალური საბჭოთა ხელისუფლება, რადგან იგი ჯდებოდა საბჭოთა კონსტიტუციისა და საარჩევნო სტრუქტურების ჩარჩოებში. მეორე _ მასში მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და მათ შორის, არაქართველი მოსახლეობაც, რადგან მას ეცოდინებოდა, რომ სამართლებრივ-იურიდიულად არ დაუპირისპირდებოდა იმპერიის ხელისუფლებას და ამ მხრივ, ღია რეპრესიის შიში არ ექნებოდა. იგი არ `ჯანყდებოდა~, არც დაუმორჩილებლობას უცხადებდა მას, პირიქით, ხელისუფლების მიერ მიცემულ საარჩევნო უფლებას იყენებდა. მესამე _ არჩევნებში მონაწილე მოსახლეობას დასავლეთის სახელმწიფოთა შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერის იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა. თუ ცენტრალური ხელისუფლება ხელოვნურ სიძნელეებს, ან თუნდაც რეპრესიულ ზომებს მიმართავდა, დასავლეთს შეეძლო მისთვის მიეთითებინა, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები ლეგიტიმური იყო საბჭოთა სისტემისათვის და საქართველოში ჩატარებული არჩევნები კანონიერი გახლდათ. მეოთხე _ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს პრეცედენტი გააჩნდა ბალტიის სამივე რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების სახით და ესეც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისათვის კიდევ ერთ არგუმენტს აძლევდა. მეხუთე _ და საკმარისია, თუმცა სხვა არგუმენტებიც არსებობს, არჩევნებს აწყობდა საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება და მოსახლეობა არც მას უპირისპირდებოდა არჩევნებში მონაწილეობით.
`პოლიტიკური კონცეფციის~ შექმნა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს რადიკალურ მოძრაობაში მომხდარი გათიშვა მრგვალი მაგიდის ლიდერებისა და ორგანიზაციების მხრიდან იდეურ-პოლიტიკური პრინციპების გამო მოხდა. რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი მიზეზი, თორემ სხვა მიზეზებიც არსებობდა და შესაბამისი თემების განხილვისას შევეხებით.
ბრძოლის საპარლამენტო ტაქტიკის არჩევას და ბალტიური გზის გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობისათვის. ჯერ ერთი, მან პოლიტიკური რეალიზმის გზაზე დააყენა ქართული ეროვნულ-რადიკალური მოძრაობის ერთი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მეორეც, მან ამ ეტაპზე მაინც არასამართლებრივი ჩიხიდან გამოიყვანა ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა. გარდა ამისა, ბალტიური გზის აღიარებამ საპარლამენტო ბრძოლის გზას დაუბრუნა მისი მომხრე ძალები საქართველოში. მრგვალი მაგიდის არჩევანი საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს და ორგანიზაციებს აწყობდათ, რადგან ისინი თავიდანვე უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მომხრენი იყვნენ.

`ეროვნული ყრილობა~ _ პოლიტიკური რომანტიზმის საბოლოო არჩევანი. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ბრძოლის ბალტიისპირული ტაქტიკა ქართულმა რადიკალურმა მოძრაობამ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, კატეგორიულად უარყო. `ჩვენ არ წავალთ “ბალტიისპირეთის გზით _ `სახალხო ფრონტს~ ვერ ვაღიარებთ ეროვნული ძალების გამაერთიანებელ ორგანიზაციად~ _ ამას ეროვნულ-დემოკრატების ლიდერი გ. ჭანტურია 1989 წლის მაისში ორთაჭალის ციხეში წერდა, როცა სასამართლოზე წარმოსათქმელ სიტყვას ამზადებდა.13
გ. ჭანტურიას აზრით, ეროვნული მოძრაობის გამაერთიანებელ-მაკოორდინებელი ძალა ეროვნული სათათბირო უნდა ყოფილიყო. ეს ტაქტიკა ჭანტურიამ, მისმა პარტიამ და მისმა მხარდამჭერმა რადიკალებმა უცვლელად შეინარჩუნეს ეროვნული ფორუმის გათიშვის შემდეგაც. შეიცვალა მხოლოდ ტერმინი, როცა ფორუმმა ეროვნული კონგრესი აღიარა ქართველი ხალხის ნების გამომხატველ საგულვებელ ორგანოდ.
1990 წლის სექტემბერში, როცა საქართველოში უკვე გადაწყვეტილი იყო, როგორც უზენაესი საბჭოს, ისე ეროვნული კონგრესის არჩევნების ჩატარებაც, მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ ორგანიზაციათა `მემორანდუმი~ უკვე მერამდენედ აფიქსირებდა ბალტიური გზის პრაგმატულობას და კიდევ ერთხელ შეახსენებდა მომხრეებს, რომ თავის დროზე ეროვნული მოძრაობის `დიდ ნაწილს~ ერის ნდობის გამომხატველ სამართალ-სუბიექტად მიაჩნდა ეროვნული კონგრესი. `მაგრამ მსოფლიოს პრაქტიკაში დღემდე ვერ მოიძებნა პრეცედენტი არაოფიციალური სტრუქტურების სამართალ-სუბიექტად ცნობისა საერთაშორისო სამართლის მიერ. ეს ყოველივე ძალზე თვალსაჩინოდ დადასტურდა ბალტიის ქვეყნების მაგალითზე.~14 ეს ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ გაუგებარი გახლდათ, რატომ არ იყო ის გასაგები ეროვნულ ფორუმში დარჩენილი პოლიტიკური დაჯგუფებებისათვის. როგორი იყო მათი არგუმენტაცია, მიზნები და მოქმედების არსი 1990 წლის, თუნდაც 24 აპრილის `იმელის~ ინციდენტის, ან მრგვალი მაგიდის `პოლიტიკური კონცეფციის~ გამოქვეყნების შემდეგ; რას ეყრდნობოდა მათი არგუმენტაცია ბალტიური გზის უარყოფის შესახებ. მივყვეთ მოვლენებს, რომელთა მთავარი პერსონაჟები რადიკალური მოძრაობის ფორუმში დარჩენილი ორგანიზაციები, ანუ რადიკალთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იყვნენ. ეს ორგანიზაციები, ძირითადად, თავს იყრიდნენ ეროვნულ-დემოკრატიული და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიების ირგვლივ.
ეროვნულმა ფორუმმა საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ერის ერთადერთ უფლებამოსილ იურიდიულ პირად და ორგანოდ `საერთაშორისო სამართლის დონეზე~ გამოაცხადა მომავალ მრავალპარტიულ არჩევნებში `საქართველოს ოპოზიციური ხელმძღვანელობა და მმართველობა~, რომელსაც უნდა წოდებოდა `ეროვნული კონგრესი~.
ფორუმის 27 მარტის დადგენილების მეექვსე მუხლი იუწყებოდა: `ეროვნული კონგრესის პლატფორმა და ორიენტაცია ემყარება საქართველოს შეურიგებელი და რადიკალური, დემოკრატიული ოპოზიციის სტრატეგიას, რაც ნიშნავდა საბჭოთა სტრუქტურების კატეგორიულ უარყოფას. კიდევ უფრო კატეგორიული გახლდათ, იმავე დადგენილების მეშვიდე მუხლის `გ~ პუნქტი, რომელიც თითქოს დედამიწის ზურგზე ყველას ემუქრებოდა და აფრთხილებდა: `იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართალი საქართველოს ეროვნულ კონგრესს არ აღიარებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის ნების გამომხატველ ოფიციალურ იურიდიულ პირად და არ ცნობს კანონიერად, ეროვნული კონგრესი სრულიად საქართველოს მასშტაბით გამოაცხადებს ეროვნულ დაუმორჩილებლობას და ქართველ ერს მოუწოდებს ტოტალური შეუიარაღებელი წინააღმდეგობისაკენ.”15
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეროვნული კონგრესის იდეისა და ეროვნული დაუმორჩილებლობის პერსპექტივის უტოპიურობის შესახებ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, კონგრესის მომხრენი ეროვნული ყრილობის ჩატარების სამზადისს შეუდგნენ. 1990 წლის 23-25 ივნისს ე. წ. ეროვნულ ყრილობაზე შეიკრიბნენ ფორუმში მყოფი რადიკალური მოძრაობის, ზოგიერთი სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის ერთი ნაწილის წარმომადგენლები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიების სახელწოდება არ ასახავდა მის შემადგენლობას. იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ეროვნული ყრილობა, რადგან ქართველი ხალხის და მოსახლეობის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილის წარმომადგენლობას მოიცავდა. ყრილობა მთლიანად არც რადიკალური მოძრაობის ნების გამომხატველად ჩაითვლებოდა, რადგან მასზე მოძრაობის ასევე ერთი ნაწილი გახლდათ წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ივნისში გამართულ ზემოაღნიშნულ ღონისძიებას, უკეთეს შემთხვევაში, კონგრესის მომხრე რადიკალური მოძრაობის ან ორგანიზაციების ყრილობა შეიძლებოდა ეწოდებინათ.
მიუხედავათ ამისა, 23-25 ივნისის ყრილობას ეროვნული უწოდეს, რაც მისი მოწყობის ინიციატორთა ზედმეტი ამბიციურობისა და ყრილობისათვის საყოველთაო მნიშვნელობის მინიჭების გულუბრყვილო ცდა გახლდათ.
კონგრესის მომხრე შეურიგებელმა რადიკალებმა გონივრული ნაბიჯი გადადგეს, როცა ყრილობაზე ინტელიგენციის წარმომადგენლები მიიწვიეს. მათ ტაქტიკა შეცვალეს და მათთან ბრძოლას თანამშრომლობა არჩიეს. ყრილობის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზვიად გამსახურდიასგან მოძულებულმა `წითელი~ ინტელიგენციის სახელიანმა წარმომადგენლებმა: ჯანსუღ ჩარკვიანმა, ალექსანდრე ჯავახიშვილმა, სოლომონ ხუციშვილმა, გოგი ხარაბაძემ, ელდარ შენგელაიამ და სხვ. ყრილობა დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
ყრილობის მთავარი შედეგი გახლდათ ეროვნული კონგრესის არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არჩევნების თარიღად 30 სექტემბერი გამოცხადდა. ყველაზე თავგამოდებით ეროვნული ყრილობის, კონგრესის არჩევნებისა და კონგრესის დანიშნულებას გ. ჭანტურია ასაბუთებდა. ეროვნულ კონგრესს თუ აირჩევდა, და აუცილებლად აირჩევდა, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, იგი იქნებოდა მისი ნების გამომხატველი ორგანო. ასეთ შემთხვევაში კონგრესს აუცილებლად აღიარებდა საერთაშორისო სამართალი. ეს ორგანო, როგორც ქართველი ხალხის დაუმორჩილებლობის მექანიზმი, კონფრონტაციულად დაუპირისპირდებოდა საბჭოთა სტრუქტურებს და, რაც მთავარია, საბჭოთა ხელისუფლებასაც `გაუჭირდებოდა~ კონგრესთან ბრძოლა. ეს უკანასკნელი, საქართველოს კოლონიად, ხოლო საბჭოთა ჯარებს საოკუპაციო ჯარებად გამოაცხადებდა და დასავლეთსაც დაარწმუნებდა ამაში.
ცოტა უფრო გვიან გამოქვეყნებულ სტატიაში გ. ჭანტურია კვლავ უბრუნდებოდა და იდეალურ ფერებში ხატავდა კონგრესის მიზანდასახულებას: `ეროვნული კონგრესის არჩევით უბრწყინვალეს მოდელში ვჯდებით. ვერაფერს ვეღარ მოგვახვევს კრემლი თავზე. ეკონომიკური ბლოკადაც კი სრულიად გამოირიცხება. ვის უნდა მოაწერინოს ხელი ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მოსკოვმა, კოლონიურ თვითმმართველობის ორგანოს? საოკუპაციო ხელისუფლებას? ერთი სიტყვით, ვვარდებით საბჭოთა სტრუქტურებიდან უაღრესად მშვიდობიანი ფორმებით,~ _ დაასკვნიდა ჭანტურია.16
ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერის მიერ დასაბუთებული სქემა, რომელიც შეურიგებელი რადიკალების ბრძოლის ტაქტიკას წარმოადგენდა, მეტისმეტად იდეალურად გამოიყურებოდა და რეალურ პოლიტიკურ ვითარებას ოდნავადაც არ ითვალისწინებდა. მას რადიკალთა ყრილობის მონაწილეთა შორისაც კი აღმოაჩნდა კრიტიკოსები. კრიტიკოსთა შორის იყო პოლიტიკური კლუბის წარმომადგენელი ივლიანე ხაინდრავა. ეროვნული დაუმორჩილებლობის გზას თავის დროზე დაადგა ინდოეთის ეროვნული მოძრაობა და ეს გამართლებული იყო, რადგან 400-მილიონიანი ინდოელი დაუმორჩილებლობას უცხადებდა 40-მილიონიან ინგლისს _ ამბობდა ი. ხაინდრავა. მაგრამ იგივე ტაქტიკა მიუღებელი და უშედეგო იქნებოდა, თუ სამმილიონიანი ქართველი დაუპირისპირდებოდა 300 მილიონიან რუსეთის იმპერიას. Aამაზე მარტივად როგორღა შეიძლებოდა ი. ხაინდრავას აეხსნა თავისი ეგზალტირებული თანამებრძოლებისათვის ეროვნული დაუმორჩილებლობის იდეის უაზრობა, ძნელი სათქმელია.
სულ სხვაგვარ ტაქტიკას _ კონსტიტუციური დაუმორჩილებლობის გზას დაადგნენ ბალტიელები _ შეახსენებდა ივლიანე ხაინდრავა რადიკალებს და თხოვდა `გონიერება მოეხმოთ~.
სტუმრის სტატუსით მოწვეულ ელდარ შენგელაია ცდილობდა რადიკალებისათვის განემარტა, რომ ნამდვილი პოლიტიკა რეალობის ანალიზს უნდა ემყარებოდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავედით რეალურ პოზიციაზე და ლოზუნგების პოზიციაზე დავრჩით. თუ ფაქტი არ ვცანით, რომანტიზმში ვიქნებით. ი. ხაინდრავას, ე. შენგელაიას და სხვა რამდენიმე რეალისტი გამომსვლელების შეგონებები ყრილობის რადიკალურმა უმრავლესობამ უდაბნოში მღაღადებლების ხმად მიიჩნია და ე. შენგელაიაზე ჯავრი იმით იყარა, რომ `ცეკას კოოპერატივის გამგეობის წევრის~ იარლიყით შეამკო. შეურიგებელი რადიკალები სახალხო ფრონტს `ცეკას კოოპერატივს~ ეძახდნენ, ხოლო ე. შენგელაია სახალხო ფრონტის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა ყრილობას.
ზოგიერთი რადიკალი განზრახ თუ უნებლიეთ, ფაქტებს ამახინჯებდა საკუთარი პოზიციის გასამართლებლად. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ერთ-ერთი სახე თ. სუმბათაშვილი ყრილობას არწმუნებდა _ ლიტვის ეროვნული მოძრაობა ჩიხშიაო. ძნელია ითქვას, არგუმენტების უქონლობისა თუ სხვა მიზეზის გამო, იგი პროგნოზირებასაც ეწეოდა, თუ როგორ წარიმართებოდა ლიტვაში და, საერთოდ, ბალტიისპირეთში მოვლენები. მალე ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ქაღალდი შერჩებოდა ხელში. მოსკოვი თუ მოისურვებდა, ან გადააყენებდა ლიტვის უმაღლეს საბჭოს, ან გააუქმებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მას უფრო მესამე გზა აწყობდა _ მოსკოვი ძალაში დატოვებდა ლიტვის დამოუკიდებლობას და მასთან დადებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლითაც დამოუკიდებელი ლიტვა ახალი ფორმის აღდგენილ საბჭოთა ნეოიმპერიაში აღმოჩნდებოდა.
კიდევ კარგი, თ. სუმბათაშვილის `ნათელხილვებს~ ვილნიუსში არ იცნობდნენ. თავის პროგნოზს თ. სუმბათაშვილი ყრილობას გარდაუვალი რეალობის ფორმით აწვდიდა და აფრთხილებდა _ როგორც ბალტიისპირეთი მიდის ახალი ხელშეკრულებისაკენ, ჩვენც ეს დაგვემართება, თუ უზენაესი საბჭოს არჩევნების გზას გავყვებითო. ამგვარი აუცილებლად მოსახდენი რეალობიდან გამომდინარე, თ. სუმბათაშვილის რწმენით, ქართულ ეროვნულ მოძრაობას ერთადერთი გზა დარჩენოდა, რომ ბალტიისპირეთის რესბუბლიკების ჩიხური მდგომარეობა, როგორმე თავიდან აეცილებინა _ დაუმორჩილებლობა და კონგრესის არჩევნები. მხოლოდ ამ შემთხვევაში და მხოლოდ ეროვნულ კონგრესს ცნობდა საერთაშორისო სამართალი. რაც შეეხება საბჭოთა საოკუპაციო ჯარებს, სუმბათაშვილისეული სქემის მიხედვით, ასევე `მხოლოდ~ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო გაიყვანდა საქართველოდან.
ძნელი სათქმელია, სჯეროდათ თუ არა მსგავსი პროექტები `ეროვნულ ყრილობაზე~ შეკრებილ შეურიგებელ რადიკალებს და მათ ახალ მოკავშირე ქართველ მაღალი ინტელიგენციის ავტორიტეტებს, მაგრამ ფაქტია, ისინი მხარს უჭერდნენ ეროვნული კონგრესის არჩევნებს და ამას, მხოლოდ იქ ყოფნით ან ტაშით კი არა, ხმამაღალი განცხადებებითაც აფიქსირებდნენ.
ჯანსუღ ჩარკვიანი ემოციური ლოზუნგით მიესალმა ეროვნული კონგრესის დამდგენელ ყრილობას და ზემოაღნიშნულ რეცეპტებს: `წინ, წინ, წინ~.
ალექსანდრე ჯავახიშვილი – გამოჩნდა ფართო პესპექტივა. დღეს უკვე მშვიდად ვზივარ. ეროვნული მოძრაობა `მომწიფდა~. ზნეობის გარეშე არ არსებობს ეროვნული მოძრაობა. კონგრესი იქნება ადგილი, სადაც `გონივრულად~ გადაწყდება ყველა მტკივნეული საკითხები. ვიყოთ ერთსულივანნი.
ჯ. ჭუმბურიძე _ დაიწყეთ და კეთილინებეთ, ბოლომდე მიიყვანეთ საქმე. არავის არ აქვს პიროვნული ამბიციების უფლება. ილია ჭავჭავაძე პარტიების წინააღმდეგი იყო და პარტიების შეხლა-შემოხლამ დაღუპა.
გოგი ხარაბაძე _ ესაა ჩვენი თაობის შანსი. კონგრესს მხარს ვუჭერ. სახალხო ფრონტმა შიში გამიჩინა. ფრონტის `დირექტორი~ ნოდარ ნათაძე საკუთარი შეხედულებებით შლიდა და ავსებდა სიებს.
ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ორივეს _ უზენაესი საბჭოს და კონგრესის არჩევნებს დაუჭირა მხარი. ორივეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა გიორგი ყორღანაშვილმა (კადეტების პარტიიდან), გიორგი ბარამიძემ (მწვანეთა პარტიიდან) და სხვ. ამ თითქოს მესამე გზის შემოთავაზება, შესაძლოა, ორხელისუფლებიანობისა და ურთიერთკონფრონტაციის ჩიხიდან გამოსვლის ძიების ცდა გახლდათ.
როგორც აღვნიშნეთ, ეროვნულმა ყრილობამ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სპექტრში მომხდარი ერთი გადაადგილება დააფიქსირა _ ელიტარული ინტელიგენციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კონგრესის იდეას და მის გამომხატველ რადიკალებს დაუჭირა მხარი. ის, რომ საბჭოთა სტრუქტურებს შეურიგებელი რადიკალები კონფრონტაციულად დაუპირისპირდნენ, ასე თუ ისე, გასაგები და ბუნებრივიც კი იყო. ამგვარი ტაქტიკა რადიკალიზმის პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარეობდა.
მაგრამ ის, რაც რადიკალებისთვის ნორმალურ მოვლენას წარმოადგენდა, მაგალითად, ირაციონალიზმი, ემოციონალიზმი, იდეალიზმი, რომანტიზმი და ა. შ., სრულიად არაბუნებრივი გახლდათ ქართველი ინტელიგენციის ზედა ეშელონისათვის. მას არც თავისუფლების შინაგანი მოთხოვნილება აკლდა, არც პატრიოტიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერი და გააზრებული იყო. ეს ინტელიგენცია ათეული წლების განმავლობაში, ფარულ ოპოზიციაში ედგა საბჭოთა იდეოლოგიას, შესაძლებლობის ფარგლებში ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების რუსიფიკატორულ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, მაგრამ, ამავდროულად, თანამშრომლობდა მასთან. `მოთვინიერებული~ ქართველი ინტელიგენცია მეტისმეტად ინტელექტუალური იყო იმისათვის, რომ პოლიტიკური რეალობა რომანტიკული წარმოსახვისაგან ვერ გაერჩია. ამიტომ იგი ვერც კონცეპტუალურად, ვერც ფსიქოლოგიურად და, ბოლოს და ბოლოს, ვერც ასაკობრივი ფაქტორის გამო, კონფრონტაციულად ვერ დაუპირისპირდებოდა საბჭოთა სტრუქტურებს. Bბოლოს _ არც მის ინტელექტს შეეფერებოდა ისეთი ზღაპრული პოლიტიკური სტრატეგიის მიღება, როგორიც ეროვნული დაუმორჩილებლობა გახლდათ. მისი ნაბიჯი _ ალიანსი დაემყარებინა შეურიგებელ რადიკალებთან _ უფრო რაღაც სხვა მიზეზით უნდა ყოფილიყო განპირობებული.
ელიტარული ინტელიგენციის ნაბიჯი იძულებითი გახლდათ.
რადიკალური მოძრაობის ერთი ფრთა _ მრგვალი მაგიდის მომხრეები და მათი ლიდერი ელიტარულ ინტელიგენციას ეროვნული მოძრაობის მტრად მიიჩნევდა, კრემლის აგენტებს, კოლაბორაციონისტებს და რას არ უწოდებდა მათ. მეორე მხრივ, ელიტარები კი თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, მაგრამ გულზე არ ეხატათ მასთან დგომა. საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და დამოუკიდებელი ნების გამოხატვა მათ ვერ შეძლეს და სხვადასხვა პარტიებში და დაჯგუფებებში ქსაქსავდნენ თავიანთ ძალებსაც, პროფესიონალიზმსაც, ინტელექტსაც.
ამ დროს მათ ხელი გაუწოდეს შეურიგებელმა რადიკალებმა.
სულ ცოტა ხნის წინ, შეურიგებელი რადიკალები კრიტიკის ქარცეცხლში ავლებდნენ კოლაბორაციონისტ ინტელიგენციას. 1989 წლის გაზაფხულზე, `ეროვნულ~ ყრილობამდე ერთი წლით ადრე, ეროვნულ-დემოკრატი გ. ჭანტურია გმობდა ქართველი ინტელიგენციის `ერთი ნაწილის~ ფრთხილ, `შეპარულ, მელაკუდურ~ სტრატეგიას, რომლის საფუძველიც `მეოთხედი თუ მერვედი სიმართლე~ გახლდათ. ამ ინტელიგენციის წარმომადგენლები `კაბინეტებში შეყუჟულნი, ქვეყნის შედარებითი ლიბერალიზაციით გულმოცემულნი, გამოძვრებიან თავიანთი სოროებიდან და ჭკუის სწავლებას დაგვიწყებენ, _ წერდა ჭანტურია.17 ეს წერილი 1989 წლის 4 მაისსაა დაწერილ-დასრულებული, `ორთაჭალის ციხეში~.
ახლა კი ჭანტურიამ, წერეთელმა, შეურიგებელმა რადიკალებმა ელიტარულ ინტელიგენციას თანამშრომლობა შესთავაზეს და ამ უკანასკნელთა ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს წინადადება მიიღო. თავისთავად, დაპირისპირებების სინდრომით დაავადებული ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის თანამშრომლობისაკენ გადადგმული ნაბიჯი პოზიტიური მოვლენა გახლდათ. ეროვნულ მოძრაობას არ ჰქონდა უფლება მტრად მოეკიდებინა ისეთი უმნიშვნელოვანესი და მოწინავე ფენა, როგორიც ინტელიგენციის ყველაზე ინტელექტუალური და პროფესიონალური ზედაფენა, მისი ელიტა გახლდათ.
ზ. გამსახურდიამ და მისმა მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ბანაკმა ეს გააკეთა _ უკომპრომისოდ დაუპირისპირდა ელიტარულ ინტელიგენციას. შეურიგებელმა რადიკალებმა მრგვალმაგიდელთა შეცდომა გამოიყენეს და ინტელიგენციასთან ალიანსით გაერთიანდნენ.
ყრილობაზე ენთუზიაზმით აღნიშნავდნენ ინტელიგენციის მიმართ შეურიგებელი რადიკალების მიერ ტაქტიკის შეცვლას და თანამშრომლობისაკენ აღებულ გეზს. ჯ. ჭუმბურიძე დიდ შეცდომად მიიჩნევდა ინტელიგენციის ეროვნული მოძრაობისაგან გარიყვის თუ ჩამოცილების ცდებს, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი. ეს შეცდომა დღეს `იგრძნეს~. ინტელიგენციასთან ერთიანობა `აუცილებელია~ _ დაასკვნიდა ორატორი.
ერთ წერილში მაშინდელი რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიის თავმჯდომარე ირაკლი შენგელაია შენიშნავდა: მარტივი ცხოვრებისეული ამბავია _ ადამიანი სასაუბროდ მიდის იქ, სადაც მას უსმენენ და რჩება იქ, სადაც მის აზრს იზიარებენო. ჩვენებური ინტელიგენციის ერთ ნაწილს, სწორედ აღნიშნული სენტენცია `აუხდა.~ ისინი ყრილობაზე მიიწვიეს, სიტყვა ათქმევინეს, მოუსმინეს, ზოგიერთი მათი აზრებიც `გაიზიარეს~ და ისინიც არამარტო `მივიდნენ,~ არამედ `დარჩნენ~ კიდეც. მათ კონგრესს მხარი დაუჭირეს და კონგრესმენებთან გაერთიანდნენ, განსხვავებით მრგვალმაგიდელებისაგან, რომელნიც მათ არც უსმენდნენ და არც მათი `დარჩენა~ ეპიტნავებოდათ. დავიმახსოვროთ და შემდგომში გავიხსენოთ, რომ ეს იყო, ჯერჯერობით, ელიტარული ინტელიგენციის ერთი ნაწილის თავმოყრა კონგრესმენების ბანაკში.
მიუხედავად იმისა, რომ შეურიგებელმა რადიკალებმა ინტელიგენციის მნიშვნელობა ჯეროვნად აღიარეს და მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს, თვით ინტელიგენციის მხრიდან რადიკალებთან ალიანსი, იძულებითობის გარდა, ამბიციურობის და ეგოიზმის ფაქტორსაც გულისხმობდა. ინტელიგენცია მისთვის მიუღებელი პოლიტიკური პოზიციის ნიადაგზე დაუკავშირდა შეურიგებლებს, როცა ეროვნული კონგრესის არჩევნების იდეა მიიღო. ინტელიგენციისთვის სრულიად არაბუნებრივი იყო დაუმორჩილებლობის როლში ყოფნა და საბჭოთა სტრუქტურების გამოყენების ხელაღებით უარყოფა. ელიტარულ ქართველ ინტელიგენციას არც მანამდე და არც ამის შემდეგ, არასოდეს უფიქრია, დაუფიქსირებია და უქადაგია განდისტური დაუმორჩილებლობის იდეები და პრაქტიკა. ისინი გამოკვეთილი პოლიტიკური რეალისტები იყვნენ და შინაგანად ყოველთვის თანდათანობითი, ევოლუციური ბრძოლის ტაქტიკას უჭერდნენ მხარს. იმჟამად, მათთვის ბევრად მისაღები და ბუნებრივი იყო უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა.
გამოდის რომ ინტელიგენციის ქმედებას მათთვის მისაღები პოლიტიკური პლატფორმა კი არ განაპირობებდა, არამედ პოლიტიკური ამბიცია, არ დარჩენილიყვნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების მიღმა. ამგვარ პერსპექტივას, ინტელიგენციამ არჩია მისთვის მიუღებელი დაუმორჩილებლობის უჩვეულო მდგომარეობა მოერგო და ამით დაპირისპირებოდა მის უარმყოფელ რადიკალთა მეორე ფრთას _ გამსახურდიას და მის მომხრეებს.
`ეროვნულმა ყრილობამ~ მუშაობა შეურიგებელი რადიკალებისა და ელიტარული ინტელიგენციის ერთი ნაწილის უცნაური ჰიბრიდის შექმნით და ეროვნული კონგრესის არჩევნების გადაწყვეტილების მიღებით დაასრულა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართულმა ეროვნულ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, ჯანსუღ ჩარკვიანის ლოზუნგისა არ იყოს _ `წინ, წინ, წინ~ დაიწყო მსვლელობა, ოღონდ კონფრონტაციული უფსკრულისაკენ.

კონფრონტაციული ცენტრების ფორმირება ეროვნულ-რადიკალურ მოძრაობაში. ორხელისუფლებიანობის სათავეები. 1990 წლის მაისისათვის, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რამდენიმე შეურიგებელ ბანაკად უკვე იყო დაპირისპირებული ერთმანეთთან. მათ შორის, უკანასკნელი და ალბათ, ყველაზე საბედისწერო განხეთქილება რადიკალური ბანაკის ორ ნაწილს შორის იყო მომხდარი. 1990 წლის მაისში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გ. ჭანტურია ამ ვითარებას დრამატულად არ წარმოადგენდა და დემოკრატიული ქვეყნების მაგალითს იშველიებდა, სადაც პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება სრულიად ნორმალური მოვლენა გახლდათ.
მაგრამ, ჩვენ მოვლენებს დღევანდელობიდან გადავყურებთ და ვიცით, რომ ამ დაპირისპირებას თავიდანვე დაჰყვა ისეთი ხასიათი, რაც არაა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისათვის დამახასიათებელი ნიშანი _ შეურიგებელი, მტრობამდე მისული დაპირისპირება. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამგვარ დაპირისპირებას საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებაში, რომელიც თითქოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და ეს, საერთო მიზანი, უნდა ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი, ვიდრე გამთიშველი ფაქტორი.
სხვათა შორის, ზუსტად იმ წელს, იმ თვეში, 1990 წლის მაისში, ვილნიუსში ჩატარდა ლიტვის ერთიანი ეროვნული მოძრაობის ცენტრის `საიუდისის~ მეორე ყრილობა, რომლის მსვლელობასაც თვითმხილველები ორიოდე შტრიხით აღწერდნენ: `ყრილობაზე, ხან კორექტული თავშეკავებულობით, ხან ინტელექტუალური სიცხარით, მაგრამ ყოველთვის აზრებისა და ემოციების გამოხატვის მისაღებ ზღვარზე მიმდინარეობდა დისკუსია.~18
ქართული პოლიტიკური სინამდვილე შორს იდგა ბალტიისპირული კორექტულობისაგან. გარეგნულად, აქაც თითქოს საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტს _ მრავალპარტიულობას. პარტიებისა და პოლიტიკური ბანაკების ურთიერთკონკურენცია დემოკრატიის წესი და ყოველდღიურობა გახლდათ. მაგრამ საქართველოში პოლიტიკური ბანაკები ურთიერთგამორიცხვისა და ურთიერთმტრობის პრინციპით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნორმალურ ვითარებაში, საქართველოში ორი კონფრონტაციული ცენტრი უნდა ჩამოყალიბებულიყო და ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდა ორი ბანაკი _ ეროვნული მოძრაობა და კომუნისტური ხელისუფლება, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური.
მოხდა სრულიად სხვაგვარად. შეიქმნა პოლიტიკური დაპირისპირების რამდენიმე კერა. რაც მთავარია, თვით ეროვნულ მოძრაობაში შეიქმნა დაპირისპირების კერები. ისინი ხელისუფლებასაც ებრძოდნენ და ერთმანეთსაც. ჩამოვთვალოთ 1990 წლის ზაფხულისათვის უკვე ჩამოყალიბებული დაპირისპირება-კონფრონტაციის კერები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში:
1. კომუნისტური ხელისუფლება _ ეროვნული მოძრაობა;
2. მრგვალი მაგიდა _ მემარცხენე და ცენტრისტული პარტიები (სოციალ-დემოკრატები, რუსთაველის საზოგადოება, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და სხვ.);
3. მრგვალი მაგიდა _ ელიტარული ინტელიგენცია;
4. მრგვალი მაგიდა _ ეროვნული კონგრესი;
5. ეროვნული კონგრესი _ მემარცხენე არაკომუნისტური ორგანიზაციები (სოციალ-დემოკრატები და სხვ.).
6. მრგვალი მაგიდა _ მხედრიონი.
დაახლოებით, ეს პოლიტიკური ბანაკები ებრძოდნენ ერთმანეთს პრინციპით _ ან ის, ან მე. ურთიერთბრძოლა მიმდინარეობდა უაღრესად არაკორექტულად, ერთმანეთს ბრალს სდებდნენ, ცილს სწამებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ, ადანაშაულებდნენ ერთმანეთს გამცემლობაში, მოღალატეობაში, კრემლის აგენტობაში და ა. შ. ამ საერთო დაპირისპირებათა ორომტრიალში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან ერთად, აქტუალური გახდა ეროვნულ მოძრაობაში ხელისუფლებისათვის ბრძოლა. 1990 წლის ზაფხულში დაიწყო სწორედ მრგვალ მაგიდასა და ეროვნული კონგრესის მომხრეებს შორის კონკურენცია, ერთი მხრივ ეროვნულ მოძრაობაში ჰეგემონობისა და მეორე მხრივ _ ხელისუფლებისათვის.
1990 წლის აპრილ-მაისის მიჯნაზე, როცა ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ფორუმიდან გასული ორგანიზაციები `ახალ კოალაციას~ ქმნიდნენ, გ. ჭანტურია კატეგორიულად წინაღუდგა ამ მცდელობას. მისი მტკიცებით, ახალი გაერთიანება მიმართული იქნებოდა ფორუმის წინააღმდეგ და ამიტომაც `არავითარ კოალიციებს ჩვენ არ დავუშვებთ, როგორი ავტორიტეტებიც არ უნდა ამაგრებდნენ მათ~. ეროვნულ-დემოკრატების ლიდერი აღარ აზუსტებდა, როგორ `არ დაუშვებდა~ იგი ახალი გაერთიანების შექმნას. ხმაურიანი მუქარებიც რადიკალთა ლექსიკის შემადგენელი კომპონენტები იყო, თორემ მრგვალი მაგიდის `კოალიცია~ ისე შეიქმნა და ფუნქციონირებდა, რომ ჭანტურიას მუქარას მასზე გავლენა არ მოუხდენია.
სამაგიეროდ, მრგვალი მაგიდაც წინ აღუდგა ეროვნული ყრილობის მოწვევის განზრახვას. თითქოს საამისო კომპეტენცია ეროვნულ ფორუმში დარჩენილ ორგანიზაციებს აღარ ჰქონდათ. მრგვალი მაგიდის სპეციალური `განცხადების~ თანახმად, ეროვნული ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება ფორუმს იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ მას მხარს დაუჭერდა ფორუმის წევრთა ორი მესამედი. ფორუმი კი დატოვა მის წევრთა `თითქმის ნახევარმა~, რის გამოც ფორუმი `ფაქტობრივად აღარ არსებობდა~. ამდენად, `ეროვნული ყრილობის~ მოწვევაც `თვითნებური და არასამართლებრივი~ გახლდათ. ასეთ `საეჭვო თავყრილობაზე~ მონაწილეობა მრგვალმა მაგიდამ უარყო და ყრილობის მოწვევა მის ინციატორებს `ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინის~ გამოვლენად ჩაუთვალა.
მრგვალი მაგიდის `განცხადებაში~ შეცდომა იყო. ფორუმიდან ოთხი ორგანიზაცია გამოვიდა, მაგრამ მასში რამდენიმე ათეული ორგანიზაცია დარჩა. ამდენად, გასულების რაოდენობა ფორუმის საერთო რაოდენობის `ნახევარი~ ვერ იქნებოდა. ამ მხრივ, `ეროვნული ყრილობის~ მოწვევა ფორუმის მხრიდან არ ეწინააღმდეგებოდა მის წესდებას, როგორც ზემოაღნიშნული `განცხადება~ იუწყებოდა. მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ყრილობას `ეროვნული~ შეიძლებოდა დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ თვითონ ეროვნული ფორუმი არ წარმოადგენდა მთლიან ეროვნულ მოძრაობას. იგი მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ერთ ნაწილს _ რადიკალებს და ისიც, რადიკალთა ერთ ნაწილს წარმოადგენდა. ეს ერთი და მეორეც, გამსახურდიას მომხრე ორგანიზაციების გასვლა, მაინც ფორუმის შემადგენლობის წევრთა `ნახევარს~ და იქნებ მეტსაც უდრიდა, რადგან ის რამდენიმე ათეული პარტია, რომლებიც ფორუმში დარჩნენ, ძირითადად წვრილი, უმნიშვნელო დაჯგუფებები იყვნენ, რომლებიც საქართველოს მოსახლეობაში არავითარი გავლენით და ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ. მათგან მხოლოდ სამი-ოთხი პარტია წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნულ ფორუმს შეეძლო ყრილობა მოეწვია, მაგრამ მის მიერ მოწვეული ყრილობა არ იყო თავისი მასშტაბით ეროვნული. ამის შესახებ უკვე გვქონდა ზემოთ საუბარი.
ეროვნული კონგრესის მომხრე ძალებმა უკვე ამ პერიოდიდანვე უწოდეს ზვიად გამსახურდიას `ახლადგამომცხვარი დიქტატორი~. უფრო ადრე ილია ჭავჭავაძის საზოგადოება სდებდა ბრალს ზ. გამსახურდიას, ჯერ კიდევ ეროვნული ხსნის კომიტეტში დამყარებული ერთპიროვნული დიქტატის გამო. ამ პერიოდში ზ. გამსახურდიას ერთპიროვნულობას ობიექტური ხასიათიც ჰქონდა ალბათ. ზ. გამსახურდია წლოვანებითაც, პოლიტიკური წარსულითაც და გამოცდილებითაც აღემატებოდა თავის ახალგაზრდა თანამებრძოლებს და მხარდამჭერი ორგანიზაციების მეთაურებს. მისი გამორჩეულობა ბევრწილად ბუნებრივად იყო განპირობებული. სხვა ამბავია, რამდენად აღიზიანებდათ ზვიად გამსახურდიას მზარდი ავტორიტეტი მის ახალგაზრდა ამბიციურ ოპონენტებს.
გავეცნოთ, ან გავიხსენოთ 1990 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში მიმდინარე ურთიეთდაპირისპირების რამდენიმე მაგალითი, უმთავრესად რადიკალთა ორ ფრთას შორის.
მრგვალმა მაგიდამ და მისმა სპიკერმა ზვიად გამსახურდიამ, უკვე ამ პერიოდიდანვე ეროვნული კონგრესი მიათვალა `საეჭვო~ ორგანიზაციათა რიცხვს. სექტემბერში გამოქვეყნებულ მრგვალი მაგიდის `მემორანდუმში~, რომელიც არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ზვიად გამსახურდიას კალამს ეკუთვნოდა, გამოთქმულია პროგნოზი, რომ კომუნისტური ხელისუფლება დამარცხების შემდეგ, თავის უკანასკნელ დასაყრდენად, სწორედ ეროვნულ კონგრესს გამოიყენებდა და მისი საშუალებით შეეცდებოდა `ეროვნული პარლამენტის~ დამხობას. `მემორანდუმს~ მხედველობაში ჰქონდა მომავალი, ეროვნული ძალებით შევსებული უზენაესი საბჭო. კომუნისტური ხელისუფლება _ დაასკვნიდა `მემორანდუმი~ _ ეროვნული კონგრესის დაპირისპირებით უზენაეს საბჭოსთან შეეცდებოდა `გამოეწვია ძმათა შორის სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი.~19
ეს იყო სამოქალაქო ომის პროგნოზირების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა. შემდეგში პროგნოზი რამდენჯერმე გამეორდა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში უკვე იქმნებოდა სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფუძვლები და მისი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის საშიშროებას პოლიტიკოსები უკვე 1990 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ხედავდნენ.
მრგვალი მაგიდა უპირველეს საშიშროებას ეროვნული კონგრესის არჩევნებში Qჭვრეტდა. იგი იმეორებდა სამოქალაქო ომის პროგნოზს და მოუწოდებდა მოსახლეობას, არ მიეღო მონაწილეობა კონგრესის არჩევნებში. სწორედ კონგრესის არჩევნების წინა დღეებში გამოქვეყნდა მრგვალი მაგიდის ორგანიზაციათა `განცხადება,~ რომელიც ასე მთავრდებოდა: `მართლდება მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების მემორანდუმში გამოთქმული ეჭვი, რომ საქართველოში არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც, დემოკრატიული პროცესებით დამფრთხალნი, ცდილობენ, რადაც უნდა დაუჯდეთ, სამოქალაქო ომში გაახვიონ საქართველო. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას არ მიიღონ მონაწილეობა ე. წ. კონგრესის არჩევნებში.~20
მრგვალი მაგიდის შიში სრულიად საფუძვლიანი გახლდათ. რაც არ უნდა გულწრფელები ყოფილიყვნენ კონგრესის მომხრეები, რომ ისინი ხელისუფლებისათვის არ იბრძოდნენ, ეს ორგანო მაინც იქცეოდა ქვეყანაში მეორე და ალტერნატიული ხელისუფლების ან მისი პრეტენდენტობის ცენტრად. მის გარშემო თავს მოიყრიდა ეროვნული უზენაესი საბჭოს არა მარტო კონსტრუქციული ოპოზიცია, აქამდე ეროვნული მოძრაობისა და სახელმწიფოს ყველა მტერი, მტრული ძალა, ძირგამომთხრელი ელემენტი და ეს ორგანო, ადრე თუ გვიან, იქცეოდა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ცენტრად, რომელსაც დიდი წარმატებით გამოიყენებდა ყოფილი მეტროპოლია. მრგვალი მაგიდის, ჯერ კიდევ, 1990 წლის ზაფხულში გაკეთებული პროგნოზი, სამწუხაროდ, ისტორიამ მალე დაადასტურა.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის ბალტიური გზა საქართველოში უმრავლეს შემთხვევაში ეჭვს არ იწვევდა და არც უნდა გამოეწვია, მოვლენები მაინც ორხელისუფლებიანობის ლოგიკით განვითარდა, გაჩაღდა კამპანია, როგორც უზენაესი საბჭოს, ისე ეროვნული კონგრესის არჩევნებისათვის. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან ერთად, პარალელურად გაიშალა ხელისუფლებისათვის ბრძოლაც. სწორედ ეს გახდა გამსახურდიას მომხრე _ ზომიერ და შეურიგებელ რადიკალებს შორის, მწვავე კონფრონტაციის მიზეზი.
1990 წლის ივნისში გამოქვეყნდა ეროვნული მოძრაობის საკოორდინაციო ცენტრის მიმართვა ქართველი ერისადმი. გავიხსენოთ, საკოორდინაციო ცენტრი ე. წ. ეროვნულ ყრილობაზე შეიქმნა და კონგრესის მომხრე ორგანიზაციების მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენდა. `მიმართვაში~ საკოორდინაციო ცენტრი მრგვალ მაგიდას ბრალს სდებდა, არჩევანი ხელისუფლების აღებაზე შეაჩერაო. საკოორდინაციო ცენტრი არ ცდებოდა. უზენაესი საბჭოს არჩევნებზე გეზის აღება ხელისუფლებისათვის ბრძოლაზე გეზის აღებასაც ნიშნავდა და ამის დამალვა, დაფარვა თუ შენიღბვა გულუბრყვილობა იქნებოდა. დამოუკიდებლობას როგორ აღადგენდა ეროვნული მოძრაობა, თუ ხელისუფლებაში არ მოვიდოდა?
მაგრამ ხელისუფლებისათვის თუ ეროვნულ მოძრაობაში ლიდერობისათვის მებრძოლმა რადიკალებმა ისეთი მწვავე პოლემიკა გააჩაღეს პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში თუ მიტინგებზე, რომ ამგვარ ვითარებას, ჯერჯერობით, მიუჩვეველი ქართველი საზოგადოება შეშფოთდა. გაჩნდა მოწოდებები მხარეების შერიგებისაკენ, შეთანხმებისაკენ თუ თანამშრომლობისაკენ. 1990 წლის 2 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში შედგა კიდეც შეხვედრა მრგვალი მაგიდისა და საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მიზნად ისახავდა ურთიერთპოლემიკის დროს ზნეობრივი და ეთიკური ნორმების შესახებ მოლაპარაკებას. მხარეები თითქოს შეთანხმდნენ კიდეც, მომავალი შეხვედრის თარიღიც დათქვეს. საქმეს მაინც არ ეშველა, მწვავე, შეურაცხმყოფელი და შეურიგებელი პოლემიკა და ურთიერთთავდასხმები უფრო მეტი სიმწვავით გაჩაღდა. რაც შეეხება პოზიციათა შეთანხმებას თუ თანამშრომლობას, მასზე თითქოს მოილაპარაკეს. 2 ივლისს მოლაპარაკებებს მრგვალი მაგიდისა და საკოორდინაციო ცენტრის ათ-ათი წარმომადგენელი აწარმოებდა ერთმანეთთან. მას არ ესწრებოდა ზვიად გამსახურდია და გ. ჭანტურია, რომლებიც ყველაზე უკომპრომისო პოლემიკით გამოირჩეოდნენ და ყველაზე უხვად არიგებდნენ იარლიყებს.
მხარეებმა დაარღვიეს, და ამას კი ერთმანეთს აბრალებდნენ, 2 ივლისს მიღწეული ე. წ. თავდაუსხმელობის შეთანხმება. 9 ივლისს საკოორდინაციო ცენტრმა ბრალი დასდო მრგვალ მაგიდას თავდაუსხმელობის შეთანხმების დარღვევაში. ამის დასტურად, ცენტრი მიუთითებდა მ. არჩვაძე-გამსახურდიას მიერ `მოლოდიოჟ გრუზიაში~ ძმების გუდავების წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკულ წერილს. მრგვალმა მაგიდამ სპეციალური `განცხადებით~ გაიმართლა თავი. ჯერ ერთი, მ. არჩვაძე-გამსახურდია მრგვალი მაგიდის წევრი არ არისო და მეორეც, არც ძმები გუდავები არიან საკოორდინაციო ცენტრის წევრებიო. მრგვალი მაგიდის პოზიცია მართალი იყო, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. მ. არჩვაძე-გამსახურდია მართლაც, შესაძლოა არ იყო მრგვალი მაგიდის წევრი, მაგრამ ის ხომ ქვეყანამ იცოდა, ვის, რომელ გუნდს ეკუთვნოდა და ვის ინტერესს გამოხატავდა. ასევე, ძმები გუდავები კონგრესის მომხრეთა ბანაკს განეკუთვნებოდნენ და ესეც ქვეყანამ იცოდა. თავისუფლად შეიძლებოდა გუდავების საწინააღმდეგო წერილი პრესაში არ გამოქვეყნებულიყო და ამით საკოორდინაციო ცენტრს ბრალდების მიზეზი არ მისცემოდა. არაჯანსაღი პოლემიკის ნეგატიურ საზოგადოებრივ ეფექტს ეტყობა ანგარიშს არ უწევდნენ.
არც საკოორდინაციო ცენტრის მხარდამჭერებს უცდიათ თავდაუსხმელობის პირობების შესრულება. 1990 წლის 13 ივლისს `ქართულ ფილმში~ გამოქვეყნდა ი. სარიშვილის წერილი, რომელიც რადიკალებს შორის გამწვავებული ვითარებისა და ამის გამო, ქართულ მედიაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოკეთების მიზნით დაიწერა. წერილის ავტორი ორი მხარის ურთიერთდაპირისპირებაში და გამწვავებაში მხოლოდ ერთ მხარეს და პერსონალურად ერთ პიროვნებას _ ზ. გამსახურდიას ადანაშაულებდა. ი. სარიშვილიც მუქ ფერებში წარმოიდგენდა საქართველოს ეროვნული მოძრაობისა და ქვეყნის მომავალს, იმ განსხვავებით, რომ `ცენტრი~ თავის ბერკეტად გამოიყენებდა ზ. გამსახურდიას და არა სხვა ვინმეს. აქცენტი კეთდებოდა გამსახურდიას პირად-პიროვნულ თვისებებზე. ეს მეთოდი შემდგომში წესად იქცა გამსახურდიას ოპონენტებისათვის.
მართალი გითხრათ, _ წერდა ი. სარიშვილი, _ ჩემი მიზანი სულ არ გახლდათ თქვენი პიროვნული თვისებების გახსენება. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ასეა თუ ისე, თქვენ ბ-ნო ზვიად, თქვენი პიროვნული თვისებებისა თუ სხვა რამის წყალობით აღმოჩნდით მძლავრი ბერკეტი ცენტრის ხელისუფლების ხელში. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, თქვენთვის ღიმილისმომგვრელი გულუბრყვილო თხოვნით მოგმართავთ. ბატონო ზვიად! თუ თქვენში დარჩა რაიმე ადამიანური, ხელი აიღეთ იმ გეგმაზე, რომელსაც ახორციელებთ და ხელი აიღეთ ცენტრის მიერ თქვენთვის დათმობილ როლზე, რომელიც რამოდენიმე ხნის განმავლობაში პატივისა და ღირსების შემდეგ, თქვენს შთამომავლობას საშინელი სირცხვილის დაღს დაასვამს.~21
ის, რომ სარიშვილის წერილი ტრადიციისამებრ ქართველი ქალის მანდილის როლს ვერ შეასრულებდა და მოწინააღმდეგეებს ვერ შეარიგებდა, ცხადი იყო, თუნდაც მისი ცალმხრივი ხასიათის გამო. მაგრამ წერილი უფრო სხვა მიზეზების გამო გახლდათ მნიშვნელოვანი. იგი ფაქტიურად გამსახურდიას ეროვნულ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ხელის აღებისაკენ მოუწოდებდა. ამ უკანასკნელს ამგვარი მძიმე ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ უფრო უმძიმესი რამ არ გაეკეთებინა. სარიშვილი ბოლომდე არ განმარტავდა სათქმელს, მაგრამ უკვე იმხანად საზოგადოებაში გავრცელებულ, თითქოსდა მოვლენების განვითარების მოსკოვში დაგეგმილ სცენარს გულისხმობდა, რომელიც ცენტრს გამსახურდიას მართვადი ხასიათის გამოყენებით უნდა განეხორციელებინა. ამ სცენარზე შემდგომში და დღესაც, დარწმუნებით ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ანტიზვიადისტურ წრეებში, რათა იმაში, რაც საქართველოში 90-იან წლებში მოხდა, არამც თუ ერთ პოლიტიკურ ბანაკს, არამედ ერთ პიროვნებას დაბრალდეს. ისტორიაში კი ასე მარტივად მოვლენები არ ვითარდება, თუმცა არც აღნიშნულ მოარულ `სცენარში~ იყო რაიმე ლეგენდარული ან მისტიური.
კრემლის გეგმის მიხედვით, საქართველოში მოვლენები დაახლოებით, შემდეგი სქემით უნდა განვითარებულიყო. ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო უზენაესი საბჭოს არჩევნები. იგი წარიმართებოდა მრგვალი მაგიდის უპირატესობით. საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები ხელს შეუწყობდნენ მრგვალი მაგიდის წარმატებას. ამის შემდეგ, გამსახურდიას მომხრეები არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, უზენაეს საბჭოში უმრავლესობას მოიპოვებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოვიდოდნენ. ერთი-ორი წლის განმავლობაში, მრგვალი მაგიდისა და მისი მეთაურის უუნარო მმართველობის წყალობით, ქვეყანაში შეიქმნებოდა ძლიერი ანტისამთავრობო ოპოზიცია, რომელიც გამსახურდიას ადმინისტრაციას საპროტესტო მოძრაობის, სამთავრობო კრიზისის, რიგგარეშე არჩევნებისა თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით შეცვლიდა და თავად მოვიდოდა ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული ოპოზიცია ძირითადად არაკომუნისტური, მაგრამ პრორუსული იქნებოდა. ამ თემას გ. ჭანტურიამ ბროშურაც კი მიუძღვნა: `რას უპირებს კრემლი საქართველოს,~ ოღონდ იმ მოტივის წინ წამოწევით, რომ კრემლის შავბნელი სცენარი საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის, ე. ი. ეროვნული კონგრესის განეიტრალებას ისახავდა მიზნად და ამ უმადურ საქმეში, მთავარ ბერკეტად ზვიად გამსახურდიას მართვად პიროვნებას იყენებდა. აი, რატომ ემუდარებოდა ი. სარიშვილი `ბატონ ზვიადს~, თუ მასში `რაიმე ადამიანური~ კიდევ იყო დარჩენილი, `ხელი აეღო იმ გეგმაზე~ და კრემლის მიერ მისთვის `დათმობილ როლზე~.
დავეთანხმოთ ამ სცენარის არსებობის მხარდამჭერებს და დავუშვათ, რომ ის მართლაც ამ სახით შემუშავდა. თუ მაშინდელ რეალურ ვითარებას გავიხსენებთ, დავასკვნით, კრემლის ზემოაღნიშნულ სცენარში არც არაბუნებრივი, არც გასაკვირი და არც არარეალური არაფერი არ იყო. პირიქით, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება ისეთი იყო, რომ კრემლს, რომელსაც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა სურდა შეენარჩუნებინა, თუ ზუსტად ზემოგანხილული სცენარი არა, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი სქემა უნდა შეემუშავებინა.
1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ და განსაკუთრებით 1990 წლის დასაწყისში, კრემლი იმ პოლიტიკური ძალებიდან ერთ-ერთს უნდა დაყრდნობოდა ან თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა, რომელნიც მაშინდელ საქართველოში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ასეთი რამდენიმე პოლიტიკური ძალა არსებობდა:
პირველ რიგში, ეს გახლდათ საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება. კრემლი თავის მარიონეტს ვეღარ დაეყრდნობოდა. 9 აპრილის შემდეგ, ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა. მას აღარც იმის თავი ჰქონდა, აბობოქრებული ეროვნული მოძრაობა რეპრესიებით დაეთრგუნა. რაღაში უნდა გამოსდგომოდა მარიონეტული ხელისუფლება თავის პატრონს. მას მხოლოდ ცენტრის არიეგარდული დანიშნულების მითითებები შეეძლო შეესრულებინა.
მეორე ძალა, რომელსაც კრემლი შეიძლებოდა შერიგებოდა, ზომიერ-ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციები, ინტელიგენცია, ცენტრისტული დაჯგუფებები თუ მემარცხენე ტიპის არაკომუნისტური სოციალ-დემოკრატიული დაჯგუფებები იყვნენ. ამ კონგლომერატს ჰქონდა შანსი, მონაწილეობა მიეღო 1990 წლის 25 მარტის არჩევნებში. ზომიერი ძალების ხელისუფლებაში მოსვლა ან მათი თანამონაწილეობა კომუნისტებთან კრემლს მეტი მანიპულირების შესაძლებლობას მისცემდა. ასეთი ზომიერი და კოალიციური ხელისუფლება, შესაძლოა, კრემლს მომავალ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე დაეთანხმებინა.
მაგრამ 25 მარტის არჩევნები ჩაიშალა და კრემლის იმედიც, ზომიერ ძალებზე გაეკეთებინა არჩევანი, წარსულს ჩაბარდა.
კრემლს, მუხედავად ზეწოლისა და მანიპულირების მძლავრი საშუალებებისა, არ შეეძლო საკუთარი სურვილის მიხედვით, `შეექმნა~ მისთვის მისაღები ძალთა თანაფარდობა. მას უნდა გამოეყენებინა საქართველოში თავისთავად შექმნილი პოლიტიკური ძალების სპექტრი. ჩვენ ვიცით, რომ 1990 წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნული მოძრაობა აქაური პოლიტიკური ცხოვრების ტონის მიმცემი გახდა. კრემლს ეს რეალობა, სურდა თუ არ სურდა, მომხდარ ფაქტად უნდა მიეღო და ეროვნულ მოძრაობაში მოეძიებინა თავისი `რესურსი~.
1990 წლის აპრილ-მაისში მომხდარი განხეთქილების შემდეგ, კრემლი რადიკალური მოძრაობის ერთ-ერთი ფრთის _ გამსახურდიას მომხრე ზომიერი რადიკალების ან ახალგაზრდა შეურიგებელი რადიკალების ხელისუფლებაში მოსვლას უნდა შერიგებოდა. ყურადღება მივაქციოთ, კრემლს კი არ უნდა `მოეყვანა~ თავისი სასურველი რადიკალური ძალა, არამედ უნდა შერიგებოდა მის მოსვლას. ასეთი ერთადერთი დაჯგუფება ზომიერი-რადიკალების და მრგვალი მაგიდის გაერთიანება გახლდათ. შეურიგებლები უარს აცხადებდნენ საბჭოთა სტრუქტურების გამოყენებაზე. ამით, ის გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოში 1990 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლად და ბუნებრივად განვითარდა მოვლენები. ისინი კრემლის სცენარის მიხედვით არ განვითარებულა, არამედ კრემლმა ვერ შეუშალა ხელი მოვლენათა მომხდარ განვითარებას. იგი შემდგომში ფიქრობდა საკუთარი სცენარის ამოქმედებას და ამ სცენარით უკვე შექმნილ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩართვას, მის გამოყენებას თავის სასარგებლოდ.Aასე ხდებოდა მსოფლიო პრაქტიკაში ყველგან. გარეშე ძალები კი არ ქმნიდნენ რომელიმე სასურველ ქვეყანაში პოლიტიკურ სპექტრს, არამედ უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური რუკის გამოყენებას ცდილობდნენ.
მანამდე კი ერთი გარემოება უნდა აღვნიშნოთ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს 1991 წლის მოვლენების შესაფასებლად და გასააზრებლად. როდესაც მოსკოვის სცენარზე საუბრობდნენ და აანალიზებდნენ მაშინდელი პოლიტიკური ძალები, მოსკოვის მიერ მანიპულირებულ მხარეებად მხოლოდ სხვებს, მოწინააღმდეგეებს მიიჩნევდნენ და არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს, საკუთარ პარტიას. მაგალითად, მრგვალი მაგიდა მიიჩნევდა, რომ კრემლი საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა ეროვნულ კონგრესს. ასევე იქცეოდა ეროვნული კონგრესიც. ის მიიჩნევდა, რომ კრემლის ძირითადი ბერკეტი მრგვალი მაგიდა და ზ. გამსახურდია იყო, რომლის საშუალებითაც მოსკოვს საკუთარი სცენარი უნდა განეხორციელებინა საქართველოში. ანალოგიურად აზროვნებდნენ სხვა ძალებიც. მაგალითად ზომიერებს ეჩვენებოდათ, რომ მხოლოდ რადიკალები იყვნენ კრემლის მიერ მართულები და ა. შ. რეალურად კი კრემლის პოლიტიკა მხოლოდ კომპლექსური შეიძლებოდა ყოფილიყო და იგი ცდილობდა საქართველოში არსებული ყველა ძალა გამოეყენებინა, რამდენადაც ამას მოახერხებდა.
ზემოაღნიშნული სცენარის შემთხვევაში, როცა მრგვალი მაგიდა თავგამოდებით მიისწრაფოდა უზენაესი საბჭოს დაუფლებისაკენ, კრემლის მისწრაფება უნდა ყოფილიყო ისეთი ძალა, რომელიც მომავალში ეროვნულ ხელისუფლებას კრიჭაში ჩაუდგებოდა და გასაქანს არ მისცემდა, ხოლო შემდგომში კი ყველა ოპოზიციური ძალის მაორგანიზებელი ბირთვი იქნებოდა. ასეთი მხოლოდ ეროვნული კონგრესი შეიძლებოდა ყოფილიყო და იგი ბევრად უფრო მართვადი სტრუქტურა იქნებოდა კრემლის მიზნების განხორციელების გზაზე, ვიდრე ნებისმიერი ინტერფრონტი, რომლის შექმნაზე ცენტრს ბევრი აღარ უზრუნია. საქართველოში ისე იყო დაჩეხილი და ურთიერთდაპირისპირებული, საზოგადოებაც და ეროვნული მოძრაობაც, რომ ინტერფრონტი საჭირო აღარ იყო.
არც მოვლენების მეტი წინ გასწრებაა საჭირო. 1990 წლის ზაფხულ-შემოდგომას დავუბრუნდეთ. ამ გზით უფრო თანმიმდევრობით და კონკრეტულად გაეცემა პასუხი კითხვას _ განზრახ თუ უნებურად, ვინ ასრულებდა კრემლის მიზნებს და როგორ, ვინ უფრო მართვად ძალას და ბერკეტს წარმოადგენდა მეტროპოლიის ხელში.
უზენაესი საბჭოს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა უკომპრომისოდ ცდილობდა მასში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა ხელისუფლების `სატელიტური~ ორგანიზაციებისათვის. მრგვალი მაგიდა მართებულად მიიჩნევდა, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით ხდებოდა რიგი ე. წ. პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც ახლა თუ შემდეგში, ნებისმიერ დროს დაუპირისპირდებოდნენ ეროვნულ მოძრაობას. ერთ-ერთი ამგვარი `ოდიოზური~ საზოგადოება იყო `სტალინი,~ რომელიც მრგვალი მაგიდის ორგანიზაციათა `მემორანდუმის~ სწორი განმარტებით, `იყენებდა რა სტალინის სახელს და ავტორიტეტს გარკვეულ წრეებში ეროვნულ მოძრაობასთან დასაპირისპირებლად, სინამდვილეში წარმოადგენდა ინტერფრონტის ერთ-ერთი სახეობას.~
მეორე ასეთი `სატელიტური~ ორგანიზაცია გახლდათ `ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი,~ რომელიც `მემორანდუმის” განმარტებით, `წარმოადგენდა პარტიის საარჩევნო სიის გაგრძელებულ ვარიანტს~. ამის შემდეგ, მრგვალი მაგიდა თავს ესხმოდა `კავშირის~ ერთ-ერთ მესვეურს რ. გორდეზიანს, რომელიც თურმე 1977 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის სხდომაზე `მოითხოვდა მ. კოსტავასა და ზ. გამსახურდიას დაპატიმრებას.~22
რა შუაში იყო ცამეტი წლის წინ მომხდარი კომპარტიული ეპიზოდი 1990 წლის არჩევნებთან? ამგვარი ლოგიკის მიხედვით, ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ქართველი `საბჭოთა~ ინტელიგენტი ქვეყნიდან უნდა გაესახლებინათ ან საარჩევნო ხმა ჩამოერთმიათ. სხვა ან სხვაგვარი არგუმენტი იყო საჭირო `სატელიტური~ ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად და არა წარსული ცოდვების ჩხრეკა. რადგან აღნიშნული ეპიზოდი გავიხსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რ. გორდეზიანმა მაშინვე უარყო მრგვალი მაგიდის ბრალდება.
უფრო ეთიკური და კანონიერი იყო მრგვალი მაგიდის მოთხოვნა, შეემოწმებინათ ზემოაღნიშნული `სატელიტური~ ორგანიზაციების არჩევნებში მონაწილე კანდიდატები. ხომ არ იყვნენ ისინი კომუნისტური პარტიის წევრები. საარჩევნო კანონი კრძალავდა ორი პარტიის წევრის არჩევნებში მონაწილეობას.
მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეროვნულ-რადიკალერი პარტიების დაპირისპირებას კომუნისტურ და `სატელიტურ~ პარტიებთან, ისეთი მწვავე და მტრული ხასიათი არ ჰქონდა, როგორც თვით რადიკალური ბანაკების დაპირისპირებას. ყოველ შემთხვევაში, ასე მოჩანდა გარეგნულად. ესენი უფრო ხმაურობდნენ, ერთმანეთს თავს ესხმოდნენ, შეურაცხმყოფელ იარლიყებს არ იშურებდნენ ერთმანეთისთვის, უკვე ფიზიკურად იწევდნენ ერთმანეთზე და 24 აპრილს ხომ პირველი შეიარაღებული შეტაკების პრეზენტაციაც მოეწყო `იმელისა~ და კავშირგაბმულობის შენობებთან.
მას შემდეგ, რაც გამსახურდიას ფრთა ფორუმს გამოეყო, შეურიგებელი რადიკალების მთავარ საქმიანობად მათ წინააღმდეგ ბრძოლა იქცა. სხვაგვარად, კონგრესისტების საქმიანობის ახსნა არ ხერხდება. კონგრესისტების გამოცემებში, სატელევიზიო გამოსვლებში, მიტინგებზე, კომუნისტური ხელისუფლებისა და კრემლის თემასთან ერთად და უფრო მეტად ფიგურირებს მრგვალი მაგიდის კრიტიკა. რა თქმა უნდა, არც მრგვალები და ზვიად გამსახურდია აკლებდნენ ხელს კონგრესისტებს, მაგრამ მათ საქმიანობაში უფრო სჭარბობდა ქვეყნის საერთო მდგომარეობის, ეთნოკრიზისების, ეროვნული უმცირესობების, მიმდინარე პოლიტიკის, არჩევნების, მოსახლეობის პრობლემების, ხელისუფლების კრიტიკის თემები.
მრგვალი მაგიდის ე. წ. შეხვედრები, ანუ რეგულარული თათბირები საქვეყნო პრობლემებს ეძღვნებოდა. 1990 წლის 7 მაისიდან 19 ოქტომბრამდე მრგვალი მაგიდის წევრ-ორგანიზაციათა 63 შეხვედრა-თათბირი მოეწყო. ე. ი. შეხვედრები კვირაში 2-3-ჯერ ეწყობოდა. ავიღოთ ნებისმიერი შეხვედრა. მაგალითად, რა საკითხები იქნა განხილული 1 ივლისს გამართულ მრგვალი მაგიდის მეოცე შეხვედრაზე: 1. შეთანხმება საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფთან; 2. ნ. მოსულიშვილის ინფორმაცია ცეკავშირის მიერ ათი საწარმოს გაყიდვისა და მისი მიზანშეწონილობის შესახებ; 3. თ. სიგუას ინფორმაცია მიწის კოდექსის თაობაზე; 4. ეკონომიკური კომისიის შექმნის გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იმუშავებდა საზღვარგარეთის ფირმებთან ხელშეკრულების დადების შესაძლებლობაზე და პირობებზე; 5. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში საჯაროობის შეტანა; 6. გიორგი მარჯანაშვილის ინფორმაცია ჟურნალ `ოქტიაბრში~ გამოქვეყნებული ანდრეი სახაროვის `ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის~ შესახებ, კრიტიკულად შეფასება და მიუღებლობა საქართველოსათვის და სხვ.
როგორც ვხედავთ, ერთი შეხვედრის თემატიკაც გვარწმუნებს, რომ მრგვალი მაგიდის თათბირებზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილებოდა. ეს საკითხები მომავალი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას შეეხებოდა და მასზე ზრუნვა მრგვალი მაგიდის კომპეტენციის ფარგლებში ექცეოდა. უკვე ჩანდა, რომ მრგვალმაგიდელთა გაერთიანება ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებელ ორგანოდ წარმოიდგენდა თავს და ხელისუფლებისათვის სერიოზულად ემზადებოდა.
ამ მხრივ, მრგვალი მაგიდა, ფაქტიურად, 1917 წლის ნოემბერში შექმნილი საქართველოს ეროვნული საბჭოს ანალოგიურ ფუნქციას ასრულებდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ უკანასკნელმა უმნიშვნელოვანესი მოღვაწეობა გასწია, უხელმძღვანელა ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, სახელმწიფოს არარსებობის პირობებში ეროვნული პარლამენტის მოვალეობა იტვირთა, მოამზადა და 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა კიდეც საქართველოს დამოუკიდებლობა. აი, სწორედ ამგვარი მისია იკისრა მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ამავე ფაქტში უნდა ვეძებოთ კიდეც კონგრესის მომხრეთა, განსაკუთრებით კი კონგრესის წამყვანი ბირთვის, ჭანტურია-წერეთლის დაჯგუფების გაღიზიანება და მრგვალებთან კონფრონტაციის მთავარი მიზეზიც. სანამ ეროვნულ ფორუმში ერთად იყვნენ გამსახურდიასთან, მათ ერთიანად ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია ჰქონდათ, მიუხედავად `დაუმორჩილებლობის~ უტოპიური კონცეფციისა. ახლა, როცა გამსახურდიას ფრთა ფორუმს გამოეყო, რეალისტური პოლიტიკური კონცეფცია შექმნა და საზოგადოების სულ უფრო დიდ უმრავლესობას იკრებდა თავის გარშემო, ფორუმში დარჩენილებს, ჯერ კიდევ ჰქონდათ არჩევანი. 1. გაეზიარებინათ, მიეღოთ, ეღიარებინათ მრგვალი მაგიდის სტრატეგია, მასთან ერთად ან თუნდაც ცალკე, მონაწილეობა მიეღოთ უზენაესი საბჭოს არჩევნებში და უარი ეთქვათ ეროვნული კონგრესის იდეაზე. ამგვარი არჩევანის შემთხვევაში მომავალ კონგრესმენებს გონივრულად უნდა გადაეაზრებინათ საკუთარი კონცეფცია და, რაც მთავარია, უარი ეთქვათ საკუთარ ამბიციაზე, ეგოცენტრულ თავმოყვარეობაზე, პატივმოყვარეობაზე თუ პირველობის ჟინზე. ამგვარი არჩევანი იქნებოდა სასარგებლო ეროვნული მოძრაობისათვისაც, ქვეყნისათვისაც, ხალხისათვისაც და ვინ იცის, იქნებ თავიდან აგვაცილებდა ან, ყოველ შემთხვევაში, შეგვიმსუბუქებდა მაინც ქარტეხილებს და მათგან მომდინარე მომაკვდინებელ შედეგებს.
არა, უკვე ეროვნულ თვისებად გადაქცეულმა ამბიციამ სძლია ახალგაზრდა რადიკალებს. იმას არ ვამბობთ, რომ ზვიად გამსახურდიას მეტი ამბიციურობა არ ახასიათებდა. ხელისუფლებისთვის ზომიერი რადიკალებიც და შეურიგებლებიც ერთიმეორეზე თავგამეტებით იბრძოდნენ, მაგრამ ეს არ იყო და არც არის პოლიტიკური ცხოვრებისათვის უცხო. საქმე იმაშია, რომელი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებისათვის ბრძოლა და ამბიცია შეესაბამებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ამოცანებს და ეროვნული მოძრაობის მიზნებს. მაშინაც და დღევანდელი გადასახედიდანაც ჩანს, რომ ამგვარ მიზან-ამოცანებს მრგვალი მაგიდის კონცეფცია და ამბიცია უფრო შეესაბამებოდა. ამდენად, მათი ბრძოლა ხელისუფლებისათვის უფრო გამართლებული იყო. კონგრესის მომხრეთა პოლიტიკური კონცეფცია და ამბიციები, ამდენად მათი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, არ შეესაბამებოდა ეროვნული მოძრაობის მიზნებს და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის ამოცანებს. ამდენად, ის გაუმართლებელი გახლდათ აქედან გამომდინარე შედეგებით.
გამომდინარე ნეგატიური შედეგების წრე და მასშტაბები კი დღითიდღე ფართოვდებოდა.’
ხელისუფლებაში მოსვლისა და ეროვნული მოძრაობის ჰეგემონობის დაკარგვის შიშმა ახალგაზრდა შეურიგებელი რადიკალები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა მრგვალ მაგიდას. სრულიად მართებულად შენიშნავს გიორგი წიქარიშვილი: `…გადედალმაშოებული კომუნისტების შემდეგ ხელისუფლებას დაეუფლებოდა გარკვეული ქარიზმის მქონე ზვიად გამსახურდია, იგი უეჭველად შეეცდებოდა (ბუნებრივია) უზენაესი საბჭოსათვის ნამდვილი ძალაუფლება მოეპოვებინა, რაც კონგრესის არაფორმალური ძალაუფლების აღსასრულს მოასწავებდა.~23
ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც გადაწყდა უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარება, კონგრესის მომხრეები გაორმაგებული ენერგიით შეუდგნენ ეროვნული კონგრესის არჩევნებისათვის მზადებას. შესაბამისად, გაორმაგდა რადიკალთა ურთიერთკრიტიკის პათოსი და მასშტაბები.Mმაინც _ სტატისტიკითაც, პათოსითაც, კონგრესისტების მიერ მრგვალმაგიდელების კრიტიკა სჭარბობდა. ამ მხრივ, საყურადღებო ეპიზოდია, როცა კონგრესისტემბა მრგვალი მაგიდისა და მათი მეთაურის კრიტიკა საზღვარგარეთ გაიტანეს და საერთაშორისო მასშტაბი შესძინეს.
1990 წლის 4-6 ივლისს პრაღაში ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაციის `დემოკრატია და დამოუკიდებლობა~ კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ ცნობილი რუსი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა დისიდენტები, საბჭოთა სივრცის ეროვნულ მოძრაობათა წარმომადგენლები, პოლიტიკური ემიგრანტები, ევროპელი ადამიანის უფლებათა დამცველები. საქართველოს ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენდნენ გ. ჭანტურია, ი. სარიშვილი, თენგიზ და ედუარდ გუდავები. ორგანიზაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩიეს სომეხი სამართალდამცველი პარუირ აირიკიანი.
კონფერენციამ დიდი ყურადღება დაუთმო საბჭოთა კავშირში ეროვნული უმცირესობებისა და ეთნოკრიზისების პრობლემას და სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ `მხოლოდ ყველა ხალხის დემოკრატიულ ძალთა კონსოლიდაციით შეიძლება ერთაშორისი მშვიდობის მიღწევა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დემოკრატიული, სამართლებრივი და თავისუფალი საზოგადოების აშენება~. სხვა დოკუმენტებიც და რეზოლუციებიც დემოკრატიული სამართლიანობის დაცვისა და ნორმების გათვალისწინებით იყო შედგენილ-შემუშავებული.
მაგრამ ამით არ დასრულდა საქმე `ჩვენთვის, ქართველებისათვის~ და მიღებულ იქნა ე. წ. რეზოლუცია `#24~, რომელმაც ჩვენში დიდი ხმაური და აზრთა სხვაობა გამოიწვია. ამ რეზოლუციაში დაფიქსირებული იყო საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში ორი ბანაკის არსებობა. ესენი იყვნენ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ `ნაციონალური შეუწყნარებლობა~ და `ერთაშორის პრობლემათა ძალისმიერი გადაწყვეტის ანტიდემოკრატიულ პოზიციებზე დგომა~. ეროვნული მოძრაობის მეორე ბანაკს, საერთაშორისო კონფერენციის რეზოლუციის მიხედვით, წარმოადგენდა `დემოკრატიული ფრთა~ და მასში, ცხადია, იგულისხმებოდა საკოორდინაციო ცენტრი, ეროვნული კონგრესის მომხრეთა ფრთა. საკოორდინაციო ცენტრის დემოკრატიულობას პრაღის კონფერენციაში მონაწილე ქართველი ოთხეული აფიქსირებდა _ რომ ისინი, კერძოდ, კი საკოორდინაციო ცენტრი ცდილობდა, `ნებისმიერი ერთაშორისი პრობლემა მოლაპარაკებისა და დემოკრატიული პროცედურის გზით გადაჭრილიყო~.
#24 რეზოლუციას პრაღის კონფერენციის მონაწილეთაგან რამდენიმე ათეულმა კაცმა მოაწერა ხელი, მათ შორის ქართველმა მონაწილეებმაც. ჩვენ არ ვაპირებთ რეზოლუციის ქართველ ხელმომწერთა დადანაშაულებას ეროვნული ინტერესების გაყიდვაში თუ რენეგატობის ბრალდებით. `ჯერჯერობით~ ეს არც ერთი იყო და არც მეორე. `დემოკრატიულ ფრთას~ მრგვალები შეეძლო გაეკრიტიკებინა მათი ნაციონალისტური ლექსიკისათვის, მსოფლმხედველობისათვის, რაც ნაკლებად შეესაბამებოდა უკვე XX საუკუნის 80-90-იანი წლების პერიოდისათვის არსებულ საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ეთიკას. მაგალითად, ზვიად გამსახურდია არ მალავდა, რომ წინააღმდეგი იყო 400 000 `თურქის~ საქართველოში დაბრუნებისა, ხოლო სხვა შემთხვევაში მოუწოდებდა `ოსებს,~ რომ არ გაემეორებინათ ის, რაც მათმა წინაპრებმა ვახტანგ გორგასლისა თუ გიორგი ბრწყინვალის პერიოდში ჩაიდინეს, თორემ `საკადრის პასუხს~ მიიღებდნენ.
24-ე რეზოლუციის ქართველ ხელმომწერთა დანაშაული ბევრად უფრო სერიოზული გახლდათ და იმაში მდგომარეობდა, რომ მაშინ, როცა ქართველი კონგრესმენი-`დემოკრატები~ მართლაც დემოკრატიის წესების დაცვით, `მოლაპარაკებისა და დემოკრატიული პროცედურის გზით~ ცდილობდნენ ურთიერთობა გაერკვიათ აფხაზურ `აიდგილარასთან~ ან სხვა ეთნოკონფლიქტურ მხარეებთან, საკუთარი ქვეყნის ეროვნული მოძრაობის მეორე ფრთასთან _ მრგვალ მაგიდასთან და მათ ლიდერთან, გამორიცხავდნენ მოლაპარაკებასაც, `დემოკრატიული პროცედურის გზასაც~ და მხოლოდ კონფრონტაციის `პროცედურით~ უპირისპირდებოდნენ. `კონსენსუსი ჩვენ შორის შეუძლებელია, _ აცხადებდა ცოტა უფრო გვიან გ. ჭანტურია და მხედველობაში ჰქონდა უზენაესი საბჭოს ეროვნული ხელისუფლება _ თუ ჩვენ კომპრომისზე წავალთ, უნდა დავუთმოთ მტერს, რაც არ მოხდება, ეს შეუძლებელია, ჩვენ არ წავალთ ასეთ ნაბიჯზე~ (ამონარიდი მოყვანილია ვახტანგ ძაბირაძის წიგნიდან: `ეროვნული მოძრაობის შუქ-ჩრდილები~, ხოლო გ. ჭანტურიას, სამწუხაროდ, ეპოქალური დევიზი ამოღებულია მისივე ინტერვიუდან ერევნის გაზეთ `რესპუბლიკა არმენიისადმი~, 1990 წლის 22 ნოემბერს). ჩვენი კომენტარი შესაძლოა ემოციურიც იყოს, მაგრამ როდესაც ერთი ქვეყნის ერთი პოლიტიკური ძალა მეორე პოლიტიკურ ოპონენტში მხოლოდ `მტერს~ ხედავს, უხერხულიც კია, ამ ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიაში უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებს დასდო ბრალი. ასეთ კოზირს კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებული ყველა დროის მეტროპოლია გამოიყენებდა და გამოიყენეს კიდეც.
აი, რა კონტექსტიდან უნდა იქნეს განხილული რეზოლუცია #24-ზე ქართველი ხელმომწერების ქმედება და არა მხოლოდ დემოკრატიის ნორმების დარღვევის გამო წუხილით.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიასა და მრგვალმაგიდელთა `შეუწყნარებლობას~ და ერთაშორისი პრობლემების `ძალისმიერი~ გადაწყვეტილებისაკენ მიდრეკილებას. საერთოდ, ზვიად გამსახურდიას ეროვნული საკითხისადმი მსოფლმხედველობრივ მიმართებას ცალკე შევეხებით, აქ კი აღვნიშნავთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამულ დოკუმენტებში დაფიქსირებული გახლდათ ლოზუნგი `საქართველო ქართველებისათვის~. ამ ლოზუნგის ნაციონალისტურობა ბევრისათვის ეჭვს არ ბადებდა და ამიტომაც გ. ჭანტურიასაც ხშირად ეკითხებოდნენ და სთხოვდნენ, განემარტა, რას ნიშნავდა იგი. ჭანტურია, ჩვენი აზრით, სავსებით მართებულად განმარტავდა, რომ `საქართველო ქართველებისათვის~ არ იყო აგრესიული და სხვა ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგი.
მისივე სიტყვებით, საქართველოში მიმდინარე ეთნოკონფლიქტები `ინსპირირებული იყო ჩვენი მტრების მიერ~ გარედან. ზემოაღნიშნული ლოზუნგი საჭირო აღარ იქნებოდა `დამოუკიდებელ საქართველოში~. ახლა კი, ჯერჯერობით, ეს ლოზუნგი არისო `ჩვენი იარაღი თავდაცვისათვის და არა თავდასხმისათვის სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების წინააღმდეგ~. ამ პასუხს ჭანტურია 1989 წლის აგვისტოში სცემდა `მოლოდიოჟ გრუზიის~ კორესპონდენტებს.24
ახლა კი პრაღის კონფერენციის რეზოლუციას რომ აწერდა ხელს, ჭანტურიამ კარგად იცოდა, რომ არც ზვიად გამსახურდია გახლდათ აგრესიულად განწყობილი საქართველოში ეროვნული უმცირესობების მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამსახურდიას ეროვნული უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას ნაციონალისტურად შევაფასებთ, აუცილებლად უნდა დავამატოთ და განვმარტოთ, რომ მისი ნაციონალიზმი თავდაცვითი გახლდათ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვით იყო განპირობებული, იმ ინტერესებით, რომელიც 70-წლიანი პერიოდის განმავლობაში ილახებოდა.
ასეა თუ ისე, კონგრესისტებმა გამსახურდიას და მისი ბლოკის კრიტიკა საქართველოდან საერთაშორისო არენაზე გაიტანეს და ამით თავისებური განაცხადიც გააკეთეს, რომ თავიანთი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მზად იყვნენ მოკავშირეები საქართველოს გარეთაც ეძებნათ.
1990 წლის ზაფხულმა და შემოდგომის დასაწყისმა საქართველოში არჩევნებისათვის დამახასიათებელ ხმაურიან აურზაურში ჩაიარა. ალბათ ამ პროცესში არაბუნებრივი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი, სწორედ არაბუნებრივი მოვლენა. არჩევნები ორი სტრუქტურის _ უზენაესი საბჭოსა და ეროვნული კონგრესის დასაკომპლექტებლად მიმდინარეობდა. როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, პირველად კონგრესის არჩევნები 30 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო და ამ თარიღის მოახლოებამ ვნებები კიდევ ერთხელ გააღვივა.
ჩვენ ყველაზე ხშირად საუბარი გვაქვს ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთების საქმიანობაზე, მაგრამ როგორც ვიცით, საქართველოში არსებობდა ქართული დემოკრატიული პოლიტიკური ელიტის ზომიერი ინტელექტუალური ნაწილიც. მისი წარმომადგენლები სხვადასხვა პარტიებში თუ უპარტიოთა შორის იყვნენ გაბნეულნი არაორგანიზებულად, მაგრამ ამ გარემოებას მათთვის არ წაურთმევია გონივრული განსჯის უნარი. ისინი უკვე სერიოზულად, დასაბუთებულად აფრთხილებდნენ, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას ორი არჩევნების შედეგად არჩეული ორი სტრუქტურის შექმნით საქართველოში ორხელისუფლებიანობის საფრთხისა და მისგან გამომდინარე, სამოქალაქო ომის რეალური საშიშროების შესახებ. კონგრესისტები პირიქით, საზოგადოებას ამშვიდებდნენ, საშიში არაფერია, კონგრესი ხელისუფლებაზე პრეტენზიას არ განაცხადებსო.
ამ თემებზე უამრავი დაიწერა, ითქვა და გამოქვეყნდა კიდეც. 1990 წლის სექტემბერში დაიბეჭდა შალვა რჩეულიშვილის და მერაბ ალექსიძის წერილები, რომლებშიც შეჯამდა აქამდე თქმული და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორივე თვალსაზრი. თვალი გადავავლოთ ორივე ავტორის დასაბუთებებს და გადავამოწმოთ, რომელმა მათგანმა გაუძლო ისტორიას და რომელი გაკოტრდა, რამეთუ შემოწმება ყველა ჩვენთაგანს ძალუძს, ვინც შემდგომში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდა. ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ დასაბუთების იმ ნაწილს, რომელიც აქამდე სხვა ავტორებთან არ შეგვხვედრია და არ აღგვინიშნავს.
შალვა რჩეულიშვილის წერილის სახელწოდება უკვე თავისთავად მეტყველებს მის შინაარსზე: `ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომი.~ კონგრესისტების მტკიცებით, ეროვნული კონგრესი უნდა ყოფილიყო საკონსტიტუციო, ეროვნული მოძრაობის მაკოორდინირებელი ორგანო და… ოპოზიციური ძალა. აქ, ავტორი ლოგიკურად სვამდა კითხვას: `ვის მიმართ ოპოზიცია, ნუთუ იმ საყოველთაო, მრავალპარტიული წესით ასარჩევ უზენაესი ხელისუფლების ორგანოსადმი, რომელიც ჯერ არ არჩეულა?~ გავისხენოთ: უზენაესი საბჭოს არჩევნები ერთი თვის შემდეგ, 28 ოქტომბერს იყო დანიშნული. ე. ი. ოპოზიციური კონგრესი წინასწარ `უნდობლობას~ უცხადებდა უზენაეს საბჭოს, დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორი იქნებოდა მისი შემადგენლობა, მაშინაც კი, თუ უზენაესი საბჭო `ხალხისთვის ნამდვილად სასარგებლო გადაწყვეტილებას~ გამოიტანდა. ოპოზიციურობა ხომ ეროვნული კონგრესის არსებობის საფუძველი იყო და მისი ბრძოლაც უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ მთავარი ფუნქცია იქნებოდა. კონგრესის არსებობაში მისი კონფრონტაციულობის საფუძველი იდო.
მარტო ამიტომაც სრულიად ლოგიკური გახლდათ შ. რჩეულიშვილის დასკვნაც: `პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეროვნული კონგრესის არჩევის შემდეგ უზენაესი საბჭოს არჩევა გარდაუვალად მიგვიყვანს ძალთა დაპირისპირებამდე.~ დაპირისპირება ორივე სტრუქტურის არსებობიდან გამომდინარეობდა. პირველ შემთხვევაში, თუ კონგრესის ლიდერებს `თუნდაც შეცდომით შეექმნებოდათ აზრი, რომ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა ხალხის ინტერესებს~ და მაშინაც, `როცა უზენაესი საბჭო მართებულად თუ უმართებულოდ მიიჩნევს, რომ კონგრესის მოქმედება იწვევს ქვეყნის დესტაბილურობას, ეწინააღმდეგება ხალხის ინტერესებს, განაპირობებს სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რღვევას.”25
ამ ელემენტარულ მოსალოდნელ რეალობაზე ძნელი იყო რაიმე საპირისპირო არგუმენტაცია და არც მივაქცევდით ყურადღებას, რომ მისი ავტორი რომელიმე შეურიგებელი რადიკალი ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად, საპირისპიროდ ირჯებოდა აკადემიკოსი მერაბ ალექსიძე და იქნებ არ ღირდეს მისი დასაბუთების უსიტყვო უგულებელყოფა. მისი წერილი წარმოადგენდა აკაკი ბაქრაძის სტატიის პასუხს. ეს უკანასკნელი გამოქვეყნდა გაზეთ `მამულში~ სათაურით: `ისტორიამ გამეორება იცის.” აკაკი ბაქრაძე სვამდა საშიში რეალობის მოლოდინის შემცველ და შესაბამის კითხვებს. Mმაგ., რა ურთიერთობა და დამოკიდებულება იქნება უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს შორის, `ჰარმონიულად გაინაწილებენ ფუნქციებს თუ ერთმანეთს კრიჭაში ჩაუდგებიან?”
მ. ალექსიძე პასუხობდა, თითქოს ეროვნული კონგრესი ისეთი ორგანო იყო, რომელსაც თავისი ხასიათით `უფრო სახალხო ფრონტთან აქვს ბევრი საერთო.~ ავტორის პასუხი სრულიად არ შეესაბამებოდა ქართულ რეალობას. სახალხო ფრონტის ფუნქცია და დანიშნულება ისტორიულ-პოლიტიკური პრაქტიკის მიხედვით იმაში მდგომარეობდა, რომ ამგვარი სტრუქტურა იყო ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული, დემოკრატიული თუ საერთოდ განმათავისუფლებელი პარტიებისა და ორგანიზაციების გამაერთიანებელი მოძრაობა, რომელიმე რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოში ეროვნული კონგრესი რაოდენობრივადაც, ხარისხობრივადაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც აერთიანებდა რადიკალური და ოპოზიციური ძალების ერთ ნაწილს და არ შეიძლებოდა ჰქონოდა სახალხო ფრონტის პრეტენზია.
მ. ალექსიძე პასუხობდა: ეროვნული კონგრესის `ძირითადი ფუნქცია~ თითქოს უნდა ყოფილიყო `ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია.~ აქ, ავტორი შეურიგებელ რადიკალთა ლიდერების მორიგ გამოგონილ, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეს იმეორებდა. კონგრესი ვერ იქნებოდა აღნიშნული ფუნქციის შემსრულებელი, რადგან იგი წარმოადგენდა ეროვნული და რადიკალური მოძრაობის მხოლოდ ნაწილს და თანაც უფრო მცირედ გავლენიან ნაწილს, რადგან უზენაესი საბჭოს არჩევნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უფრო დიდი ნაწილი და უმრავლესობა იღებდა მონაწილეობას.
მ. ალექსიძე პასუხობდა: `ვინაიდან უზენაეს საბჭოს არა აქვს ეროვნული მოძრაობის კოორდინაციის ფუნქცია, ხოლო ეროვნული კონგრესი არ აპირებს მთავრობის დანიშვნას, კანონების გამოცემას და სხვა მისთანებს, ამ ორ ორგანოს შორის ფუნქციების განაწილების საკითხი არ უნდა დადგეს~. ჯერ ერთი, წინასწარ არავინ უწყოდა, რას მოიმოქმედებდა შემდგომში მრგვალი მაგიდის სახით არსებული `მტრის ხატით~ შეშფოთებული კონგრესის წამყვანი წერეთელ-ჭანტურიას ბირთვი. მეორეც, გაუგებარია, რატომ ართმევდნენ ეროვნული ძალებით დაკომპლექტებულ ახალი შემადგენლობის უზენაეს საბჭოს, თუ კი ასეთი რამ მოხდებოდა, ეროვნული ძალების კოორდინაციის ფუნქციას? პირიქით, ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ უზენაესი საბჭო და კონგრესი ვერ გაინაწილებდნენ ფუნქციებს და ერთ ქარქაშში ორი ხმალი ვერ ჩაიგებოდა.
მ. ალექსიძე პასუხობდა და ვერ პასუხობდა, რადგან თითქოს შინაგანად თავადვე აწუხებდა ეჭვი, რომ ბუნდოვან მომავალზე აგებდა გეგმებს, როცა წერდა: `კრიჭაში ჩაუდგებიან ერთმანეთს ეროვნული კონგრესი და უზენაესი საბჭო თუ არა? ძნელია ამ კითხვაზე არჩევნებამდე პასუხის გაცემა…~ საქმეც ამაში იყო. თუ ავტორი პოლიტიკური ცხოვრების ნიუანსებში ვერ ერკვეოდა, მაშინ სხვებისათვის, იმათთვის უნდა დაეჯერებინა, ვისთვისაც `ძნელი არ იყო ამ კითხვაზე არჩევნებამდე პასუხის გაცემა~. ასეთების რიცხვი მაშინდელ საქართველოში მცირე არ იყო. Mმაგ., ზემოთ რომ შევეხეთ, იმ წერილის ავტორი შალვა რჩეულიშვილი, ნ. ნათაძე, იგივე აკაკი ბაქრაძე, რომლის საჩოთირო კითხვებზეც უსუსურ პასუხებს სცემდა მ. ალექსიძე.
შესაძლოა ეს უკანასკნელი ხვდებოდა კიდეც კონფრონტაციის საფრთხეს, რადგან წერდა: `თუ ვინმეს მართლაც აფიქრებს ეს საკითხი, მით უფრო მეტი სტიმული უნდა ჰქონდეს მასში მონაწილეობისა (ე. ი. კონგრესის არჩევნებში მონაწილეობისა _ დ. შ.), რომ სანამ კრიჭაში ჩადგომა ეროვნულ კატასტროფად გადაიქცევა, ეცადოს კონფლიქტის იქვე ჩაქრობას.~ ამომრჩეველს უცნაურ გზას სთავაზობდნენ, უფრო სწორად, აშინებდნენ _ თუ კონგრესის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ, `ეროვნული კატასტროფაა~ მოსალოდნელიო.26
ამის შემდეგ, მ. ალექსიძე მკითხველს კიდევ ერთხელ განუმარტავდა, დამოუკიდებლობის აღდგენის მეორე, ე. წ. `ქართულ გზას~, რომელსაც შეურიგებელი რადიკალები დაჟინებით სთავაზობდნენ საზოგადოებას. აღარ გავიმეორებთ სამართლებრივი პროცესის გადმოცემას, რომელიც ითვალისწინებდა ოკუპირებული ქვეყნის განთავისუფლებას და რომლის `მექანიზმები და პრეცედენტები უამრავია და ჩვენც ამით უნდა ვისარგებლოთ.~ ავტორი არ ცდებოდა. მას მხედველობაში ჰქონდა ინდოეთის, აზიისა და განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნების განთავისუფლების პროცესი XX საუკუნის 50-60-იანი წლების პერიოდში.
დავუშვათ, მართლაც უნაკლოდ გამოიყურებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის ე. წ. `ქართული გზა,~ ანუ კონგრესის არჩევის, საყოველთაო დაუმორჩილებლობის და ა. შ. გზა და მისი სამართლებრივი მექანიზმები. სამწუხაროდ, ეს არ იყო მთავარი. მთავარი ის იყო, რომ XX საუკუნის 50-60-იანი წლების ნეოკოლონიალიზმის პრაქტიკა და ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმავე საუკუნის 80-90-იანი წლების პოსტსოციალისტური ბანაკის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და საერთაშორისო ვითარებისაგან. აქ მთავარი იყო საკითხის არა სამართლებრივი, არამედ კონკრეტულ-პოლიტიკური მხარე. ლიტვური გზა გახლდათ არა სამართლებრივი, არამედ ისტორიულ-პოლიტიკური მნიშვნელობის არჩევანი.
და მეორეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ ერთიანი ყოფილიყო, მაშინ კონგრესის გზის არჩევა იმდენ პრობლემებს აღარ შექმნიდა, მაგრამ ორად გათიშული მოძრაობა, ორი არჩევნები, ორი არჩევითი ორგანო და ორხელისუფლებიანობა _ აი, რა ემუქრებოდა `ეროვნული კატასტროფით~ ქვეყანას.
ორიოდე სიტყვით, მხოლოდ იმისთვის, რომ გავიხსენოთ და მომავალი პოლიტიკური მოვლენებისა თუ, კერძოდ, ჩვენთვის საინტერესო დაპირისპირებების დროს გავითვალისწინოთ, ჩამოვთვალოთ ეროვნული კონგრესისა და უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე მთავარი პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციებისა და ბლოკების შემადგენლობა და ისიც, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, ლეგიტიმურობის რაგვარი ხარისხი გააჩნდა და ა. შ.
ქვემოთ მოგვყავს ეროვნული კონგრესის ცენტრალური კომისიის ცნობა ეროვნული კონგრესის არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ. `ცნობის~ მიხედვით, აღნიშნული არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 30 სექტემბერს, 1 და 14 ოქტომბერს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2 მილიონ 958 735 ამომრჩეველს, რომელთაგან მონაწილეობა მიიღო 1 505 547 ამომრჩეველმა. კომისიის ცნობით, ამ ციფრმა შეადგინა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,88 პროცენტი.
`ცნობა~ დაასკვნიდა, რომ `საქართველოს ეროვნული კონგრესის საარჩევნო კანონის 94-ე მუხლის თამახმად, არჩევნები ჩატარებულად ითვლება,~ ხოლო “ამავე კანონის 96-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული კონგრესი არჩეულად ითვლება~.
`ცნობის~ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა საარჩევნო ბლოკი `ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია _ ეროვნული კავშირი~. მან მიიღო 482 229 ამომრჩევლის ხმა, რაც შეესაბამებოდა 35,51 პროცენტს. კონგრესში მოხვდა ამ ბლოკის 71 წარმომადგენელი.
შემდეგი მონაცემებით, პარტიები და ბლოკები ასე განაწილდნენ:
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ბლოკი _ 441 722 ხმა; 32,53%, 65 კონგრესმენი.
საარჩევნო ბლოკი `დემოკრატიული საქართველო~ _ 249 488 ხმა, 18,37%, 37 კონგრესმენი.
კომპარტიის დემოკრატიული ფრაქცია _ 74 881 ხმა, 5,51%, 11 კონგრესმენი.
საქართველოს სახალხო პარტია _ 59 182 ხმა, 4,36%, 9 კონგრესმენი.
საქართველოს მოქალაქეთა ლიგა _ 50 422 ხმა, 3,7%, 7 კონგრესმენი.27
კონგრესის ცენტრალური საარჩევნო კომისიის `ოფიციალური~ მონაცემები, მეტისმეტად გადაჭარბებულად გამოიყურებოდა. რეალური ვითარება იმდენად განსხვავდებოდა საარჩევნო კომისიის მონაცემებისაგან, რომ სტატისტიკური მაჩვენებლების შემოწმებაც კი არ იყო საჭირო. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ე. წ. ეროვნული კონგრესის არჩევნებში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები კანტიკუნტად მივიდნენ და მათი სიცარიელე თვალშისაცემად ღაღადებდა _ არჩევნები არ შედგა.
დავაზუსტებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევას არ ვეყრდნობით, როცა ვამბობთ, რომ ეროვნული კონგრესის არჩევნები საქართველოში ვერ შედგა _ ჩვენ ვაფიქსირებთ მაშინდელ საზოგადოებრივ საყოველთაო აზრს, თვითმხილველთა ინფორმაციას და საკუთარ, პირად აზრსაც, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველის მონაცემებს. რაც შეეხება, უფრო არგუმენტირებულ მონაცემებს, რომელთა მიხედვით დასტურდება ეროვნული კონგრესის არჩევნების ჩაშლა, მათ შორის გამოვყოფთ ყველაზე უფრო კომპეტენტურ ორგანიზაციას _ `დას~-ის სათათბიროს წარმომადგენლების ინფორმაციას.
`დას~-ი ანუ `დემოკრატიული არჩევნებისათვის საქართველოში~ იყო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა, როგორც ეროვნული კონგრესის, ისე უზენაესი საბჭოს საარჩევნო კანონები. აი, სწორედ ამ ორგანიზაციის სათათბიროს წევრების აზრით, ეროვნული კონგრესის არჩევნები საარჩევნო კანონის `უხეში დარღვევებით~ ჩატარდა. ჩვენ არ მივაქცევდით ამ თუნდაც, `უხეშ დარღვევებს~ ყურადღებას, რადგან მსოფლიოში მრავლად მიმდინარეობს დღესაც არჩევნები ამგვარი უხეში დარღვევბით, თუმცა ისინი, მაინც ჩატარებულად ითვლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში `დას~-ის სათათბიროს წევრები მიხეილ ბაჟუნაიშვილი და გიორგი ლაპიაშვილი ისეთ დარღვევებს აფიქსირებდნენ, რომ მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის გზაღა რჩებოდა _ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო და ის არ შეიძლება ჩატარებულად ჩათვლილიყო. კერძოდ:
1. ეროვნული კონგრესის საარჩევნო კანონის პირველი მუხლის მიხედვით, კანონი მიღებულ იქნა ეროვნულ ყრილობაზე, მაგრამ იგი უნდა დამტკიცებულიყო `საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმის წესით,~ რომელიც უნდა ჩატარებულიყო `არჩევნებთან ერთად.~ იგივე დებულება უფრო დეტალურად იყო განმარტებული ამავე კანონის 75-ე მუხლში.
საარჩევნო კანონის ორივე მუხლი დაირღვა, რეფერენდუმი არ ჩატარებულა და არც ე. წ. `ეროვნული კონგრესის საარჩევნო კანონი არ დამტკიცებულა.~
დავასკვნით: რეფერენდუმის ჩაუტარებლობა და საარჩევნო კანონის დაუმტკიცებლობა უკვე ნიშნავდა ე. წ. ეროვნული კონგრესისა და არჩევნების არაკანონიერებას, მის ფალსიფიცირებას.
2. `დას~-ის სათათბიროს წევრების მტკიცებით, რეფერენდუმის დროს, მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა მეორე კითხვაზეც: `მიგაჩნიათ თუ არა საქართველოს ეროვნული კონგრესი (სეკ-ი) საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველ ერთადერთ ორგანოდ?~ ამის შემდეგ, სათათბიროს წევრები სრულიად სამართლიანად დაასკვნიდნენ: `რადგან საქართველოს მოსახლეობას არც ამ კითხვაზე გაუცია პასუხი, კონგრესის პრეტენზია შესაბამის სტატუსზე ყოვლად უსაფუძვლოა, რაც გარკვევით არის განმარტებული 98-ე მუხლში: `არჩეული სეკ-ი საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველ ერთადერთ და უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ ითვლება, თუ დაკმაყოფილებულია მუხლი 94-ის და მუხლი 96-ის პირობები და მეორე სარეფერენდუმო შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა~.
მარტივად ყოფილა საქმე, მაგრამ ფაქტია _ კონგრესმენების ლიდერების ხმამაღალი განცხადებები, თითქოს კონგრესი `აღიჭურვა საქართველოს მოსახლეობის ნდობის მანდატით,~ `იქცა ქართველი ერის ნებისა და მისწრაფების გამომხატველად~ და მსგავსი მაღალფარდოვნება, უბრალოდ, ჩვეულებრივი დემაგოგია და სიყალბე გახლდათ. იგი სრულიად არ შეეფერებოდა ეროვნული კონგრესის ყრილობაზე გამოსული ცნობილი ქართველი მეცნიერების ზემოაღნიშნულ მოწოდებებს _ ეროვნული მოძრაობა წარმოუდგენელია ზნეობისა და ეთიკის გარეშეო.
დავასკვნით: იმის გამო, რომ არ შესრულდა საარჩევნო კანონის რიგი პირობები და მოსახლეობას არ მიეცა საშუალება თავისი დამოკიდებულება გამოეხატა კონგრესის მოსალოდნელი არჩევნებისადმი, ე. წ. ეროვნული კონგრესი ვერ ჩაითვლებოდა და არც შეიძლება ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი და, მითუმეტეს, ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. წ. ეროვნული კონგრესი, ფაქტიურად, წარმოადგენდა თვითმარქვია, არაკანონიერ და არალეგიტიმურ ორგანოს, რომელიც არ ცნო საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ.
ჩანს, კონგრესის ინიციატორებს თავიდანვე ეჭვი ეპარებოდათ საქართველოს მოსახლეობის პროკონგრესისტულ ორიენტაციაში. ამიტომ რეფერენდუმის ჩატარება გადაიფიქრეს, ხოლო საარჩევნო კომისიამ, უბრალოდ თვითნებურად, საარჩევნო კანონიდან ამოიღო სათანადო მუხლები და ამით კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი, რა თქმა უნდა, `უხეშად.~
კიდევ იყო სხვა არანაკლებ სერიოზული და უფრო სერიოზული კი არა, გაუგონარი დარღვევები, უფრო სწორედ, სიყალბეები, ფალსიფიკაციები.Mმაგ., უზენაესი საბჭოს არჩევნებში დაფიქსირებული იყო 3 442 002 ამომრჩეველი, მაშინ, როცა კონგრესის არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა 2 958 735 ამომრჩეველს შეადგენდა. გამოდის, რომ იმ ორ ციფრს შორის არსებული განსხვავება _ 485 267 ამომრჩეველს უდრიდა და ე. ი. ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველი კონგრესის საარჩევნო კომისიამ არჩევნებიდან ამოაგდო, ისინი ფაქტიურად ხმის მიცემის გარეშე დატოვა. `დას~-ის სათათბიროს წევრები მარტო ამ მრავლისმეტყველ ციფრებზე დაყრდნობით, სავსებით სამართლიანად დაასკვნიდნენ: `აქედან გამომდინარეობს, რომ ეროვნული კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,7 პროცენტმა და ამრიგად, ეროვნული კონგრესის არჩევნები ჩატარებულად არ უნდა ჩაითვალოს.~28
თუმცა, ერთი განმარტებით, თვით ეს ციფრიც, თითქოს კონგრესის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,7 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ძალიან გადაჭარბებულად გვეჩვენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ერთი საერთო დასკვნა გამომდინარეობს. იმის გამო, რომ ეროვნული კონგრესის არჩევნებთან ერთად, რეფერენდუმი არ ჩატარებულა; რომ კონგრესის საარჩევნო კანონი არ დამტკიცებულა; რომ საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის მეორე კითხვაზე პასუხი არ გაუცია და ამდენად, თავისი ნების გამომხატველად არ უცვნია; რომ საარჩევნო კომისიამ კანონგადამეტებით ამოიღო საარჩევნო კანონის რამდენიმე მუხლი _ ეროვნული კონგრესის არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა და ამდენად, ეროვნული კონგრესი გახლდათ არალეგიტიმური, უკანონო, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ არაღიარებული, თვითმარქვია წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც რეალურად წარმოადგენდა ეროვნულ-რადიკალური და ოპოზიციური მოძრაობის მხოლოდ ერთი ნაწილისა და მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავდა ქართველი ერისა და ქვეყნის მოსახლეობის ნებას.
მიუხედავად არსებული რეალური ვითარებისა, როგორც აღვნიშნეთ, ე. წ. ეროვნულმა კონგრესმა თვითგამოცხადების წესით, ფუნქციონირება დაიწყო. გამოქვეყნდა კონგრესის წევრების სიაც, რომელნიც ფაქტიურად თვითმარქვია წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები იყვნენ. მათ შორის, ძირითადად იყვნენ მომხრე პოლიტიკური პარტიების წევრები, მხარდამჭერი უპარტიოები და ქართველი სახელიანი ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელნიც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყვნენ თავიანთი, როგორც პროფესიული, ისე მოქალაქეობრივი და ინტელექტუალური მდგომარეობით პასუხისმგებელნი იმის გამო, თუ რაგვარი არჩევითი თუ თვითგამოცხადებული ორგანოს `კონგრესმენებს~ წარმოადგენდნენ.
გავეცნოთ და გავიხსენოთ შედარებით სახელიანი კონგრესმენები:
დავით ანდღულაძე _ რეჟისორი, უპარტიო; ირაკლი ბათიაშვილი _ ფილოსოფოსი, უპარტიო; ირაკლი ბაზაძე _ მათემატიკოსი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი; თორნიკე ბერიშვილი _ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი; გიორგი ბუმბიაშვილი _ ეკონომისტი, ეროვნულ-სოციალური პარტია; ნაირა გელაშვილი _ მწერალი, უპარტიო; ნოე გელაშვილი _ ფიზიკოსი, პროფესორი, სკკპ; ედიშერ გიორგაძე _ ჟურნალისტი, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება; მამუკა გიორგაძე _ ინჟინერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; გურამ გოგბაიძე _ წმ. ილია მართლის საზოგადოება; ზურაბ გოგრიჭიანი _ ინჟინერი, საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის პარტია; ვახტანგ გოგუაძე _ ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, უპარტიო; რეზო ესაძე _ რეჟისორი, უპარტიო; ვალერი ვაშაკიძე _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; ზაზა ვეფხვაძე _ ინჟინერი, უპარტიო; ჯ. იოსელიანი _ მწერალი, უპარტიო; ნანა კაკაბაძე _ ქიმიკოსი, უპარტიო; ბორის ბოკუჩავა _ ზოოტექნიკოსი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; თეიმურაზ კანდელაკი _ ინჟინერ-ეკონომისტი, პროფესორი, სკკპ; კახაბერ კახაძე _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; თამაზ კვაჭანტირაძე _ ფილოლოგი, რუსთაველის საზოგადოება; მამუკა კიკალეიშვილი _ მსახიობი, უპარტიო; ზურაბ კიკნაძე _ პროფესორი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; გიორგი კობახიძე _ ფიზიკოსი, უპარტიო; ჯუმბერ კოპალიანი _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; ვახუშტი კოტეტიშვილი _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უპარტიო; რაულ კუპრავა _ დოცენტი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; თემურ ლომაია _ ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; მერაბ მამარდაშვილი _ ფილოსოფოსი, პროფესორი, თბილისის პოლიტკლუბი; აკაკი მაჭავარიანი _ ინჟინერი, საქართველოს სახელმწოფოებრიობის აღდგენის პარტია; ირაკლი მაჭავარიანი _ ენათმეცნიერი, დემოკრატიული სახალხო ფრონტი, კარლო მაჭარაშვილი _ ფილოლოგი, პროფესორი, სკკპ; ვაჟა მთავრიშვილი _ ინჟინერი, საქართველოს მოქალაქეთა ლიგა; რუსლან მიქაბერიძე _ მსახიობი, უპარტიო; ნანა მჭედლიძე _ კინორეჟისორი, უპარტიო; დავით მჭედლური _ მწერალი, უპარტიო; გელა ნიკოლაიშვილი _ ისტორიკოსი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; დავით ონანიშვილი _ ინჟინერი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის პარტია; გიორგი ჟორჟოლიანი _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი; ვიქტორ რცხილაძე _ ისტორიკოსი, წმ. დავით აღმაშენებლის ქრისტიანული კავშირი; ი. სარიშვილი _ ფილოლოგი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; გიორგი სიხარულიძე _ ფილოლოგი, საქართველოს სახალხო პარტია; თ. სუმბათაშვილი _ მხატვარი, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია; ვახტანგ ტალახაძე _ ინჟინერ-ფიზიკოსი, საქართველოს დემ. პარტია, სკკპ; თორნიკე ფიფია _ ინჟინერ-ფიზიკოსი, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია; თემურ ფიფია _ ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, უპარტიო; მორის ფოცხიშვილი _ პოეტი, უპარტიო; ირაკლი ქადაგიშვილი _ სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; მიხეილ ქურდიანი _ ენათმეცნიერი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; ტარიელ ღვინიაშვილი _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია (სეგო); ჯანსუღ ღვინჯილია _ ისტორიკოსი, ფილოლოგი, უპარტიო; თენგიზ შარმანაშვილი _ ფილოლოგი, საქართველოს დემ. პარტია; ლ. შაკიაშვილი _ რეჟისორი, უპარტიო; თამარ ჩხეიძე _ ისტორიკოსი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; რეზო ჩხეიძე _ კინორეჟისორი, უპარტიო; ზურაბ ცინცაძე _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ილ. ჭავჭავაძის საზოგადოება; ირ. წერეთელი _ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია; ნიკო ჭავჭავაძე _ ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; გ. ჭანტურია _ ისტორიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ოთარ ჭილაძე _ მწერალი, უპარტიო; კობა ხაბაზი _ ინჟინერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ივლიანე ხაინდრავა _ ქიმიკოსი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი და სხვ.
1990 წლის 26 ოქტომბერს, ორი დღით ადრე უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებამდე თბილისში, მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა `საქართველოს ეროვნული კონგრესის პირველი საზეიმო სხდომა~. შესავალი სიტყვით გამოსულმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მერაბ ალექსიძემ კვლავ აღნიშნა კონგრესის არჩევის `უდიდესი ისტორიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა.~ კვლავ აღნიშნა, რომ კონგრესი იყო `საქართველოს მოსახლეობის ნდობის მანდატით აღჭურვილი ორგანო და ქართველი ერის ნების გამომხატველი,~ რომელსაც თურმე უნდა `უზრუნველეყო ერის პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეროვნულ-პატრიოტული ძალების გაერთიანება და საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანა~.
გამოდის, ეროვნულმა კონგრესმა ყალბ ნიადაგზე დაიწყო თავისი საქმიანობა.
რაც შეეხება უზენაესი საბჭოს არჩევნებს, მისი შედეგები კარგადაა ცნობილი და საუბარს აღარ გავაგრძელებთ. მხოლოდ მრგვალი მაგიდის ბლოკის შემადგენლობას გადავავლებთ თვალს. მასში თავდაპირველად შედიოდნენ:
სპიკერი _ ზვიად გამსახურდია, საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე.
მუდმივი წევრი ორგანიზაციები: საქართველოს ჰელსინკის კავშირი: 1. თემურ ქორიძე, 2. გიორგი მარჯანიშვილი, 3. ავთანდილ რცხილაძე, 4. გიორგი ხოშტარია.
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება: თედო პაატაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, მერაბ ურიდია, თამაზ გველესიანი.
სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება: ვაჟა ადამია, ნუგზარ მოლოდინაშვილი, დავით კუპრეიშვილი, ჯემალ გოლეთიანი.
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი: აკაკი ასათიანი, თ. კიტოვანი, ბადრი ფხალაძე, ირაკლი ჩხეიძე.
წევრი ორგანიზაციები: საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი: ნემო ბურჭულაძე, რუსლან ღონღაძე, მირიან მირიანაშვილი, დავით ტაბიძე.
საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი: გიორგი გულბანი, არჩილ ჭირაქაძე.
საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია: ემზარ გოგუაძე, მარიამ ჯიშკარიანი.
ინდივიდუალური წევრები. მრგვალი მაგიდის მრჩეველთა (ექსპერტთა) ჯგუფის საკოორდინაციო კოლეგია: თ. სიგუა, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია; ვახტანგ ბახტაძე _ საქართველოს ინფორმაციის დამოუკიდებელი სააგენტო `მაცნეს~ პოლიტიკური დირექტორი; გიზო კორძაძე _ ტრადიციონალისტთა კავშირი; ბიძინა გიორგობიანი _ ტრადიციონალისტთა კავშირი; თენგიზ დიხამინჯია _ ჰელსინკის კავშირი; ალეკო მელაძე _ დამოუკიდებლობის ორგანიზაცია; გიორგი ხონელიძე, გურამ პეტრიაშვილი, ნოდარ იმნაძე _ ჰელსინკის კავშირი; არკადი მარკოზია _ წმ. ილია მართლის საზოგადოების ქ. გაგრის ფილიალის ხელმძღვანელი; გიორგი ხავთასი _ მ. კოსტავას საზოგადოება; შალვა წიკლაური _ ჰელსინკის კავშირი; პაატა ბარათაშვილი _ ტრადიციონალისტთა კავშირი; ამირან კალაძე _ მწერალი; რობერტ პეტრიაშვილი _ ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; პოლიექტო გოგელია _ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1923 წლიდან; მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ წულეისკირი, ავთანდილ იმნაძე _ საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; ნუგზარ მგალობლიშვილი _ ჰელსინკის კავშირი; იოსებ ბარათაშვილი; მამუკა ფაჩუაშვილი _ გაზ. `თავისუფალი საქართველოს~ რედაქტორი; პაატა ქურციკიძე _ ქ. რუსთავის დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარე.
გარდა ზემოაღნიშნული ოთხი პოლიტიკური ორგანიზაციისა, `მრგვალ მაგიდასთან~ და მასში შეუსვლელად სხვა პოლიტიკური პარტიები და მოღვაწეებიც თანამშრომლობდნენ. `მრგვალი მაგიდის~ ე. წ. მრჩეველთა (ექსპერტთა) ჯგუფის საკოორდინაციო კოლეგიაში თავიდანვე დაიწყო აქტიური მონაწილეობა თ. სიგუამ, რომელიც აქ მეცნიერებათა აკადემიას წარმოადგენდა. სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ მრგვალი მაგიდის სხდომებს და მისი პოლიტიკური კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ფედერალურ-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ირაკლი შენგელაია და დავით მარღანია; სახალხო ფრონტის თავჯდომარე ნოდარ ნათაძე; მწვანეთა პარტიის სპიკერი ზურაბ ჟვანია და წევრი გიორგი ბარამიძე; მოგვიანებით _ თაობათა ცვლის ასოციაციის წარმომადგენლები და სხვ.
1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, პროპორციული სისტემით პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სასარგებლოდ მიცემული ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
1. მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო _ 1 248 111 ხმა, 53,99%;
2. საქართველოს კომუნისტური პარტია _ 683 824, 29,58%;
3. თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება _ 80,262, 3,47%;
4. თავისუფლება _ 71 602, 3,10%;
5. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება _ 53 673, 2,32%;
6. საქართველოს სახალხო ფრონტი _ 43 711, 1,89%;
7. დემოკრატიული საქართველო _ 40 769, 1,76%;
8. განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება _ 33 687, 1,46%;
9. საქართველოს კომუნისტური პარტია _ 32 699, 1,41%;
10. საქართველოს სახალხო პარტია _ 15 496, 0,67%;
11. სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი _ 8,029, 0,35%.
საქართველოში ხავერდოვანი რევოლუცია განხორციელდა. მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკმა. კომუნისტური ერთპარტიული დიქტატურის ეპოქა დასრულდა და უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ეროვნულმა ძალებმა მოიპოვეს, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მათ მოსვლას ნიშნავდა.
ამავდროულად, ქვეყანაში ფუნქციონირებდა შეურიგებელი რადიკალებისა და ოპოზიციის თვითგამოცხადებული წარმომადგენლობითი, მაკოორდინებელი ორგანო _ ე. წ. ეროვნული კონგრესი. ეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ორხელისუფლებიანობას, მაგრამ იმას მაინც ნიშნავდა, რომ ქვეყანაში ორი ძირითადი კონფრონტაციული ცენტრი ჩამოყალიბდა. მათი ურთიერთმტრული დაპირისპირება მრავალ გაუთვალისწინებელ საშიშროებას შეიცავდა და ქვეყნის მომავალს, რომელიც ისედაც რთული გახლდათ, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა.

თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე

ეროვნული ხელისუფლება და შეურიგებელი რადიკალური ოპოზიცია (1990-1991 წლები, ნოემბერ-მარტი)

ახალი ხელისუფლების სასტარტო მდგომარეობა და მიზნები. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მიჯნაზე განვითარებული მოვლენების არსში, რომ ნათლად გავერკვეთ, საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 1990 წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში მოსული `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო ბლოკი რა პროგრამით წარსდგა მოსახლეობის წინაშე. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: რას ჰპირდებოდნენ ბლოკში გაერთიანებული ძალები `ქართველ ერს,~ როგორი პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ამოცანების დასახვით მიიმხრეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რა შეასრულეს და არ შეასრულეს, რომელმა ობიექტურ-სუბიექტურმა მიზეზებმა შეუშალეს ხელი დანაპირების აღსრულებაში, რომელი იყო შესრულებულ-შეუსრულებელი მიზნებიდან მთავარი, მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და საბედისწეროდ დამღუპველი.
ხოლო ყოველივე ამისთვის, მოკლედ გადმოვცეთ საარჩევნო ბლოკ `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ პოლიტიკურ-ეკონომიკური საარჩევნო `პლატფორმა.~
`მრგვალი მაგიდის~ უპირველესი მიზანი იყო მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გზით `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და შენარჩუნება.~ წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდებოდა `ქართული მოსახლეობის პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევა, მისი დისკრიმინაცია საკუთარ მიწა-წყალზე.~
ამ მიზნისათვის აუცილებელი იყო `ქართველი ერის გაერთიანება, საზოგადოებრივი დიალოგის საშუალებით კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა ეროვნების ძალასთან.~ ბლოკი აღიარებდა დამოუკიდებლობის მისაღწევ ორ _ დემოკრატიული არჩევნების და დაუმორჩილებლობის საშუალებით ხელისუფლებაში მოსვლის გზას, ამასთანავე დაასკვნიდა: `ეს ორი გზა განცალკევებულად ვერ იარსებებს და მხოლოდ მათი კომბინირებითა და გონივრული ურთიერთშერწყმით არის შესაძლებელი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება.” ცოტა ქვემოთ: `სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და პარლამენტური ბრძოლის გზა ერთი მთლიანი სტრატეგიის ორი მხარეა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე~.
`პლატფორმაში~ კიდევ ერთხელ საბუთდებოდა რომ 1918-1921 წლების დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო იურიდიულად დღესაც არსებობდა და ეროვნული მოძრაობა მისი სამართალმემკვიდრე გახლდათ. არჩევნებიც ამ პრინციპით ეწყობოდა და ახალარჩეული უზენაესი საბჭოც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე იქნებოდა, რადგან მან ჯერ კიდევ:
1. 1990 წლის 9 მარტისა და 20 ივნისის დადგენილებებით ცნო საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია, საბჭოთა კავშირში მისი ძალდატანებით შეყვანა და ფაქტობრივად უკანონოდ გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში;
2. უზენაესი საბჭოს არჩევისათვის პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაცია მოხდა არა საბჭოთა სახელმწოფო ორგანოში, არამედ პარიტეტული პრინციპით შექმნილ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში;
3. საკანონმდებლო ორგანო იყო არა `საქართველოს სსრ~-ს, არამედ `საქართველოს უზენაესი საბჭო:~
4. საარჩევნო კანონი ითვალისწინებდა არა საბჭოთა კონსტიტუციებს, არამედ `საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვას~;
5. ახალარჩეულ საკანონმდებლო ორგანოს შეეძლო შეენარჩუნებინა ან შეეწყვიტა არსებული საბჭოთა კონსტიტუცია.
მომავალი ეროვნული ძალებით დაკომპლექტებული უზენაესი საბჭო ხელმძღვანელობდა ორი მიმართულების ღირებულებებით _ ზოგადსაკაცობრიო, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით და ქართული ეროვნული ტრადიციებით. იმისათვის, რომ განეხორციელებინა არსებული საბჭოთა პოლიტიკური სისტემის სრული იურიდიული რეორგანიზაცია, ახალ უზენაეს საბჭოს უნდა მიეღო შემდეგი ნორმატიული აქტები: დეკლარაცია საქართველოს უზენაესი საბჭოს იურისდიქციის შესახებ; დეკლარაცია საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების უკანონოდ ცნობისა და `საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სსრკ-ს და საქართველოს სსრ კონსტიტუციების შეწყვეტის შესახებ~.
უზენაესი საბჭო გამოცხადდებოდა `გარდამავალ პერიოდში ერის ნების გამომხატველ ერთადერთ ორგანოდ~. მას ჰქონდა უმაღლესი საკანონმდებლო ფუნქცია და ითავსებდა `გარეშე ძალისადმი ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განხორციელების იურიდიული ინსტიტუტის სტატუსსაც~. ამ დებულებით, აქვე აღვნიშნოთ, უზენაესი საბჭო ეროვნულ კონგრესს ფუნქციონირებისათვის აღარაფერს უტოვებდა.
`გარდამავალ პერიოდში~ უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები. საამისოდ უზენაეს საბჭოს უნდა მიეღო და განეხორციელებინა შემდეგი საკანონმდებლო აქტები:
1. დეკლარაცია სახელმწიფოს სახელწოდების, სიმბოლიკის შეცვლისა და გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ;
2. დადგენილება 1921 წლის დროებით შეჩერებული კონსტიტუციის საფუძველზე გარდამავალი პერიოდის ძირითადი კანონის შემუშავების შესახებ;
3. დადგენილება 1921 წლის 16 თებერვლის შემდეგ საქართველოს უკანონო ხელისუფლების მიერ დადებული ყველა სამოკავშირეო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
გარდამავალი პერიოდი დამთავრებულად ჩაითვლებოდა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობის შემდეგ. ამის კვალობაზე დაინიშნებოდა თავისუფალი საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული არჩევნები.
ახალ უზენაეს საბჭოს უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის ტერიტორიის, მისი ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციისა და დაცვის პრობლემა, ამისთვის უნდა მიეღო შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს მიწის, საჰაერო სივრცის, წყლის რესურსების, კონტინენტური შელფისა და წიაღისეულის ეროვნულ საკუთრებად გამოცხადების შესახებ; სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების შესახებ;. საბაჟო სამსახურის შესახებ; სატრანზიტო ტვირთზიდვის შესახებ; ეროვნული საჯარისო ფორმირებების შესახებ; საქართველოში საბჭოთა არმიის ნაწილებისათვის უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტატუსის მინიჭების შესახებ; ეროვნული უშიშროების სამსახურის შესახებ.
უზენაეს საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო მოლაპარაკება რსფსრ უმაღლეს საბჭოსთან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საბჭოთა რუსეთის მხრიდან `უხეში დარღვევისა,~ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის აღიარების შესახებ 1921 წელს.
პარალელურად, წარიმართებოდა მოლაპარაკებები სსრკ-თან და სხვა სახელმწიფოებთან `საქართველოს ანექსირებულ სახელმწიფოდ ცნობის~ შესახებ.
გარდამავალ პერიოდში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციაზე, ჰელსინკისა და ვენის საერთაშორისო შეთანხმებათა დასკვნით აქტებზე დაყრდნობით, უნდა გატარებულიყო ქმედითი, კონკრეტული ღონისძიებანი რელიგიური და სამოქალაქო შემწყნარებლობისა და მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის დასამკვიდრებლად. საამისოდ უნდა მიღებულიყო და განხორციელებულიყო საკანონმდებლო აქტები:
1. სახელმწიფო ენის შესახებ;
2. მოქალაქეობის შესახებ;
3. მოქალაქეთა უფლებრივი და პოლიტიკური გარანტიების შესახებ;
4. ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ-სამართლებრივი გარანტიების შესახებ;
5. იმიგრაციის შესახებ;
6. სინდისის თავისუფლების;
7. რელიგიური ორგანიზაციების;
8. პოლიტიკური პარტიების;
9. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ;
უზენაეს საბჭოს უნდა განეხორციელებინა საბჭოთა პერიოდში დეფორმირებული, ცხოვრების არაჰუმანური პირობებით გამოწვეული, გარკვეული დანაშაულებებით კვალიფიცირებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გატარება; განეხილა სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხი და გამოეცხადებინა საყოველთაო ეროვნული შერიგება და შემწყნარებლობა.
ნებისმიერი სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს შეიძლება დაედო `მხოლოდ თანასწორუფლებიან, დამოუკიდებელ~ სახელმწიფოთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით. ამდენად, `საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საქართველოს აღიარებამდე დაუშვებელია სახელმწიფოებრივი სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხის დასმაც კი ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის სსრკ-თან~. არ გამოირიცხებოდა გარდამავალ პერიოდში გარკვეული ვადით სხვადასხვა სამთავრობო ეკონომიკურ-კულტურული შეთანხმებები. სამოკავშირეო ხელშეკრულება ცხადდებოდა `თავისუფალი საქართველოს ეროვნული პარლამენტის პრეროგატივად,~ რომელიც უნდა არჩეულიყო `გარდამავალი პერიოდის დამთავრებისთანავე.~
გარდამავალ პერიოდში უნდა მომხდარიყო არსებული საბჭოთა სახელმწიფოებრივი სისტემის, მისი შემადგენელი სტრუქტურების `თანდათანობითი დემონტაჟი~ და ისინი უნდა შეეცვალა `დემოკრატიულ სტრუქტურებს.~ ამისათვის უნდა განხორციელებულიყო შემდეგი ღონისძიებები: საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს დეიდეოლოგიზაცია; დადგენილება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა სრული გამიჯვნის შესახებ; კანონი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება; კანონი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის; ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმების შესახებ; დადგენილება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების შექმნის; დადგენილება ეროვნული პოლიციის შექმნის შესახებ; განათლების სისტემის რეფორმა; ბუნების და კულტურის ძეგლთა დაცვის რეფორმა.
საინტერესო შტრიხია: დამოუკიდებლობის აღდგენისათვის პროცესი, მრგვალი მაგიდის `პლატფორმის~ მიხედვით ისე უნდა წარმართულიყო, რომ არ დაპირისპირებოდა `მსოფლიო გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს~, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დიალოგს და ა. შ. მომავალი უზენაესი საბჭო მხარს დაუჭერდა `თავისუფალი სამყაროს სახელმწიფოებს~, იმოქმედებდა `ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა კატეგორიებიდან გამომდინარე.~ ქვემოთ ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით `პლატფორმას,~ როდესაც საქართველოს ძლიერ შეზღუდულ საგარეო პოლიტიკასა და ორიენტაციაზე გვექნება საუბარი.
პოლიტიკურ ნაწილში `პლატფორმა~ დაასკვნიდა, რომ თავისუფალ საქართველოში უნდა დამკვიდრებულიყო კანონის უზენაესობა, რაც აუცილებელი იყო `სტაბილური მდგომარეობის, სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად. სამართლებრივ სახელმწიფოში კი სტაბილურობა ყოველმხრივი განვითარებისა და საყოველთაო კეთილდღეობის გარანტიაა.~ როცა მაშინდელ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ახალი ხელისუფლების რთულ საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობას გაიხსენებს მკითხველი, ყოველივე ზემოაღნიშნული, `პლატფორმის~ შემდგენელთა კეთილშობილურ ოცნებებად მოეჩვენება.
კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს და რეალურად აუცილებელ ღონისძიებებს შეიცავდა `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო `პლატფორმის~ ეკონომიკური ნაწილი. მის მიზნად ცხადდებოდა საქართველოსთვის `უცხო, თავსმოხვეული ეკონომიკური სისტემისაგან განთავისუფლება.~ ეკონომიკური აღორძინებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა საფუძვლად `პლატფორმა~ მიიჩნევდა `კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის აღიარებას, სამეურნეო და კომერციული საქმიანობის თავისუფლებას.~
Aამავდროულად, დაშვებული იყო სახელმწიფო საკუთრების არსებობა. საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრების პროცესში თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო საკუთრების სისტემის შესაქმნელად უნდა შემუშავებულიყო არსებული სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობის _ პრივატიზაციის განხორციელების ღონისძიებები.
იზოლირებული ეკონომიკური სისტემიდან გამოსვლისა და საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების დაწყება საერთაშორისო და ევროპულ სავაჭრო-საფინანსო ორგანიზაციებთან _ სავალუტო ფონდთან, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, განვითარების ევროპულ ფონდთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და სხვ. `მხოლოდ მათთან მჭიდრო კონსულტაციურ და ფინანსურ კავშირშია შესაძლებელი განვითარების პროგრამების დაფინანსებისათვის საერთაშორისო საკრედიტო ბაზრიდან საჭირო რესურსების მოზიდვა~.
`პლატფორმა~ აუცილებელ ღონისძიებათა ვრცელ სიას შეიცავდა: კერძო ორგანიზაციებთან ერთობლივი საწარმოების, ფირმების, ბანკების შექმნა, რომლის სტრატეგიის შემუშავებისათვის შეიქმნებოდა საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომისია; საპარლამენტო კომისიის შექმნა რეპარაციისა და რესტიტუციის შესახებ; უნდა განხორციელებულიყო სსრკ სახელმწიფო ბანკის მიერ უცხოური ვალუტისა და ძვირფასი ლითონების მარაგის შესაბამისი ნაწილის საქართველოს ბანკისადმი გადაცემა; შემუშავებულიყო პროგრამა ქვეყანაში ახალი ტექნოლიგიების, კაპიტალის, მენეჯერული და მარკეტინგული ტექნიკის დასანერგად; მიღწეულიყო უცხოელი ექსპერტების მოწვევა საქართველოში და ეროვნული კადრების მივლინება საზღვარგარეთ; საბაჟო ტარიფების მეშვეობით გარკვეული სახელმწიფოების მიმართ განხორციელებულიყო პრიორიტეტების მინიჭება _ პროტექციონიზმის გატარება; შექმნილიყო საქართველოს საინვესტიციო ფონდი, რათა უცხოეთისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ; ყოველივე ამისათვის `პლატფორმა~ კიდევ ერთხელ შეახსენებდა ამომრჩეველს და თავის შემდგენლებსაც, რომ `ერთადერთი გარანტი პოლიტიკური სტაბილურობაა, რაც მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ეროვნულ ერთიანობას.~ ეს აუცილებელი გახლდათ, მაგრამ თვით ესეც კი არ იყო საკმარისი.
შრომის ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების სფეროში `პლატფორმა~ ხელისუფლების `უპირველეს საზრუნავად~ აცხადებდა ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმებას, ცხოვრების პირობების ამაღლებას და სიღატაკის ლიკვიდაციას. უნდა შექმნილიყო მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო საბირჟო სამსახური. დაწყებულიყო საცხოვრებელი და ხელფასის აუცილებელი მინიმუმის ანაზღაურება.
პირველ ეტაპზე დაშვებული იქნებოდა საბაზრო პროდუქციის გარკვეულ სახეებზე სახელმწიფო მარეგულირებელი ფუნქცია. ფასწარმოქმნის პოლიტიკა მხოლოდ გარდამავალ პერიოდში იყო გათვალისწინებული, რომლის შემდეგაც სრულად ამოქმედდებოდა თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპი და მინიმუმამდე შემცირდებოდა სახელმწიფოს მარეგულირებელი ფაქტორი, რაც საშუალებას მისცემდა თავისუფალი კონკურენციის განვითარებას.
`პლატფორმის~ ეკონომიკურ ნაწილში ჩამოყალიბებული იყო მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების განვითარების შესაბამისი ღონისძიებები, კულტურის, სპორტის, მედიცინის და სხვა პრობლემები, რომელთა მიზანი გახლდათ ერთის მხრივ _ საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისათვის მიღწევა და მეორე მხრივ, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, კეთილდღეობისათვის საფუძვლის მომზადება.
`მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ ბლოკის საარჩევნო პლატფორმა არსებითად უნდა ყოფილიყო ახალი ხელისუფლების ძირითადი სამოქმედო პროგრამა.1 სწორედ ეს რეალობა გამოიხატა 1990 წლის 14-15 ნოემბრის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე გამოსული უზენაესი საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თ. სიგუას მოხსენებებში. ამ ორ გამოსვლაში, შეიძლება ითქვას, რომ დაფიქსირდა ახალი ეროვნული ხელისუფლების სასტარტო მდგომარეობა.
განსაკუთრებით საინტერესო მოჩანს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის სიტყვა, რომელიც ავსებს ჩვენს წარმოდგენას მაშინდელი საქართველოს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ეროვნული ხელისუფლების ეკომონიკური მიზან-ამოცანების შესახებ. პირველ ყოვლისა, თ. სიგუამ, მისთვის ჩვეული სტატისტიკური მონაცემების არგუმენტაციით, დაასაბუთა, რომ სულ უფრო `უკიდურესად მწვავდებოდა ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი,~ რომელიც განპირობებული იყო არა იმდენად საქართველოს შიდაპროცესების გამო, რამდენადაც `საბჭოთა სისტემის შეუჩერებელი რღვევის პირობებში.~ მანვე სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ ეროვნული ეკონომიკის აღორძინება `უფრო ხანგრძლივი იქნებოდა, ვოდრე ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება.~
აი, ზოგიერთი მონაცემი: 1990 წლის ბოლოსათვის, ეროვნული შემოსავალი 5%-ით შემცირდა; სამრეწველო პროდუქციის გამოშვება _ 6%-ით, საზოგადოებრივი შრომის ნაყოფიერება _ 3%-ით. მოიშალა სამრეწველო საქონლის ბაზარი; იზრდებოდა ფასები, ინფლაციის ტემპი. მოსახლეობის ხელში არსებული ფულადი რესურსები 3-4-ჯერ აღემატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს, 1,5-ჯერ წლიურ ეროვნულ შემოსავალს. გაკოტრების პირას იყო მისული სამრეწველო და სამშენებლო, ეკონომიკის სხვა დარგების საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა დავალიანება 3 მილიარდ მანეთს აღემატებოდა. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებაში, სადაც ქვეყნის საკუთარი წარმოება 3-4 მილიარდი კილოვატსაათით ნაკლებს შეადგენდა მოთხოვნილებასთან შედარებით. აქაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა, რომ სანამ საქართველო საბჭოთა სტრუქტურებისაგან თავის დაღწევას ვერ შეძლებდა, `რუსეთისა და სხვა რესპუბლიკების ჩავარდნები, რასაც ამჟამად აქვს ადგილი, საქართველოს ეკონომიკას წინსვლის საშუალებას არ მისცემდა.~ ერთი სიტყვით, თ. სიგუას დასაბუთების მიხედვით, ახალი ხელისუფლება მძიმე ეკონომიკური ფონის პირობებში იწყებდა მოღვაწეობას.
მიუხედავად ამ და სხვა არასახარბიელო მონაცემებისა და მდგომარეობისა, საქართველოს ახალი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე პესიმიზმს არ ამჟღავნებდა. `მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე ხელიდან წასულია~ _ დაასკვნიდა იგი. პირიქით, მას მიაჩნდა, რომ `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ ბლოკს, ე. ი. უკვე უზენაესი საბჭოს და საქართველოს ახალი ხელისუფლების დამაკომპლექტებელ გუნდს, ჰქონდა რთული ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის `ვრცელი პლატფორმა,~ რომლის ხორცშესხმაც ქვეყნის ახალი მთავრობის უპირველესი ამოცანა იყო. აქედან ჩანდა, რომ აღნიშნული პროგრამა ახალ პრემიერს რეალისტურ დოკუმენტად ესახებოდა. ახალი მთავრობის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება, მისივე სიტყვებით, სწორედ მრგვალი მაგიდის `ეკონომიკური პლატფორმის თანმიმდევრული განხორციელება~ გახლდათ.
ამასთან. ზემოთაც აღვნიშნეთ, თ. სიგუას, როგორც რეალისტ პიროვნებას, კარგად ესმოდა ობიექტურად არსებული ხელშემშლელი გარემოებების არსებობა და მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის ღონისძიებებს სახავდა. ერთ-ერთი ის იყო, რომ უნდა შენარჩუნებულიყო, ყოველ შემთხვევაში, გარდამავალ პერიოდში მაინც, მეტროპოლიასთან არსებული სამეურნეო კავშირები, სანამ გამოჩნდებოდა ალტერნატიული ურთიერთობების დამყარების გზები. შემდეგ, პრემიერი სხვა განსახორციელებელ `პირველ ნაბიჯებს~ ჩამოთვლიდა: საკუთრების, მიწათსარგებლობის, მეწარმეობის, საბანკო სისტემის და სხვა საკანონმდებლო აქტების მიღება; სახელმწიფო საკუთრების დეცენტრალიზაციისა და პრივატიზაციის განხორციელება; ეკონომიკური ლიბერალიზაციის კურსის გატარება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, უცხოური კაპიტალის მოზიდვა და ა.შ.
უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი `საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ,~ და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ, ამ დოკუმენტის შექმნით დაიწყო `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო ბლოკის `პლატფორმაში~ ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელება. ახალმიღებული დოკუმენტი გამოცხადდა, როგორც `საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი~.
გარდამავალი პერიოდის მანძილზე, უნდა მომზადებულიყო საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები. თავისუფალი საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ქვეყანაში იმოქმედებდა არსებული კონსტუტუცია `სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით~. ეს სავსებით გონივრული გადაწყვეტილება გახლდათ. ასევე რეალისტური პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩანდა, რომ როგორც კანონში იყო თქმული, “შენარჩუნდა საქართველოს მდგომარეობა სსრ კავშირის შემადგენლობაში.~ კონსტიტუციის 68-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკა ცხადდებოდა `სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფოდ.~ იგივე მუხლი იუწყებოდა: იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ საქართველო იძულებით იქნა შეყვანილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, `საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 73-ე მუხლით… ………
ზემოთ აღნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე.”
გარდამავალი პერიოდის კანონიდან მნიშვნელოვანი იყო `საქართველოს სსრ~ კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესწორება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკისა და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს, უზენაესი საბჭო აჩერებდა სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განსხვავება იყო სსრ კავშირის კანონისაგან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი. 28-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, გარდამავალ პერიოდში საქართველოს რესპუბლიკა საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ სხვა მნიშვნელოვანი კანონებიც მიიღო:
საქართველოს ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას საქართველოს რესპუბლიკა ეწოდა.
შეჩერდა სსრ კავშირის კანონის მოქმედება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებული სამხედრო სამსახურის შესახებ, რომლის ძალითაც საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საბჭოთა არმიის რიგებში აღარ გაიწვევდნენ; კანონები სახელმწიფოს სიმბოლიკის შესახებ და ა. შ.2
არც ის არის უმნიშვნელო, რომ სესიამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები. შემდგომში, ეროვნული ხელისუფლების მისამართით ხშირად გამოითქმებოდა საყვედურები მისი წარმომადგენლების არაკომპეტენტურობის, არაპროფესიონალიზმის, პოლიტიკური უმეცრების თუ სხვა ბრალდებებით. სხვა ამბავია, შემდგომში რომელმა მინისტრმა როგორი მუშაობით გამოიჩინა ან შეირცხვინა თავი, ან რამდენად სამართლიანი იყო ბრალდებები, რომელნიც ხელისუფლების ოპონენტებისაგან მომდინარეობდა. უდავოა, აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდში თავიდანვე იყო ადვილად შესამჩნევი, რომ მათი დანიშვნა პროფესიონალიზმთან ერთად პარტიულობისა და ხელისუფლებისადმი ლოიალობის პრინციპის მიხედვით იყო მომხდარი. Eეს ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკა გახლდათ, რაც განსაკუთრებით სისტემური ცვლილებების შემდეგ მოსული ახალი ხელისუფლებებისათვის იყო დამახასიათებელი. მიუხედავად ამისა, ძირითადი შემადგენლობა თავიანთ სფეროში თავგამოჩენილი პროფესიონალებით გახლდათ დაკომპლექტებული და მათ კეთილსინდისიერებაშიც ძნელად შეიძლებოდა შეჰპარვოდა ვინმეს ეჭვი, ყოველ შემთხვევაში, 1990 წლის შემოდგომამდე არსებული მონაცემებით და იმიჯით. ხაზს ვუსვამთ, ამჯერად ვეხებით ეროვნული ხელისუფლების პირველი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, რომელსაც პროფესიონალიზმისა, პატრიოტიზმისა თუ პიროვნული მახასიათებლების მიხედვითაც წუნი არ დაედებოდა.
იუსტიციის მინისტრი _ ჯონი ხეცურიანი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1990 წლის ივნისიდან დაინიშნა იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. იყო სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების ავტორი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო 39 წლის.
კულტურის მინისტრი _ ნოდარ წულეისკირი. ცნობილი მწერალი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად არ შეეფერებოდა დაკავებული პოსტი. 58 წლის.
ირაკლი მენაღარიშვილი _ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. ამ დრომდე 1986 წლიდან იგი გახლდათ აღნიშნულ თანამდებობაზე, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ იგი შეინარჩუნა, როგორც პრინციპული პროფესიონალი.
კავშირგაბმულობის მინისტრი _ ფელიქს ტყებუჩავა. ფიზიკოსი, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები დაიცვა დუბნის ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. 1978 წელს აირჩიეს რომის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. იყო 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში ლექციებს კითხულობდა აშშ-ის, იტალიის, შვეიცარიის უნივერსიტეტებში. ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ ენებს. 1989 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რექტორად. იყო 49 წლის.
ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე _ თეიმურაზ კვანტალიანი. ყველაზე მეტი ხმაური ამ კაცის ტელევიზიაში მისვლას მოჰყვა. კომიტეტის შეფობა ტრადიციულად ნომენკლატურული გახლდათ და ტელევიზია-რადიოს ავტორიტეტებმა არ იგუეს პლებეური ფენებიდან დაწინაურებული ახალი თავმჯდომარე, რომელიც მანამდე სახტელერადიოში კი მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ რეჟისორად და შემდეგ, კინოსტუდია `ქართულ ფილმში~ რეჟისორის ასისტენტად. კვანტალიანს ვერც მოსკოვის ორწლიან სასცენარო და სარეჟისორო კურსებზე სწავლამ უშველა, თუმცა ამ ახალგაზრდა კაცს, მიღებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ალბათ სავსებით უნდა შესძლებოდა ახალდაკისრებული თანამდებობის გაძღოლა. იყო 37 წლის.
მეცნიერების, ტექნიკისა და პერსპექტიული დაგეგმვის მინისტრი _ ირაკლი ჟორდანია. 1985 წლიდან თავმჯდომარეობდა რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტს, იყო ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი, მეტალურგიის ინსტიტუტის ლაბორტორიის გამგე. თავმჯდომარეობდა 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დაცული ჰქონდა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გახლდათ ათეულობით ნაშრომის ავტორი. იყო 48 წლის.
ვაჭრობის მინისტრი _ თამაზ გველესიანი. არც ამ უკანასკნელს გააჩნდა დიდი პროფესიული პრაქტიკის გზა გავლილი. დამთავრებული ჰქონდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. იგი უფრო საპროტესტო, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, ეროვნული მოძრაობიდან გახლდათ მოსული, როგორც წმინდა ილია მართლის საზოგადოების სათათბიროსა და მრგვალი მაგიდის მუდმივი წევრი. ეტყობა, კორუმპირებული ვაჭრობის სფეროში `ერთგულების პრინციპით~ გველესიანის დანიშვნა ამჯობინეს. იყო 36 წლის.
ფინანსთა მინისტრი _ გურამ აბსანძე. ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა სპეციალობით `ფინანსები და კრედიტი~. მუშაობდა მოსკოვში, სსრ კავშირის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში, სადაც უფროსი ეკონომისტობიდან დაიწყო და განყოფილების გამგე გახდა. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ფინანსების სამმართველოს უფროსად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იყო 38 წლის.
განათლების მინისტრი _ ლია ანდღულაძე. ფილოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი, მუშაობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, საკვლევაძიებო ხასიათის ნაშრომების ავტორი, რომლისთვისაც შედარებით ახალი გახლდათ განათლების სისტემის ადმინისტრაციული სფერო. იყო 57 წლის.
შინაგან საქმეთა მინისტრი _ დილარ ხაბულიანი. ცნობილი სპორტსმენი, ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი. მისთვის შეიძლებოდა ოპონენტებს ეკიჟინათ არაპროფესიონალიზმი, რასაც ალბათ ნაკლებად თუ უშველიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი, მაგრამ ისიც ანგარიშგასაწევია, რომ სპეციფიური შინაგან საქმეთა სფეროს ხელმძღვანელად, სწორედ `ერთგულების პრინციპით~ გამორჩეული საიმედო კაცი არჩიეს. იყო 38 წლის.
საგარეო საქმეთა მინისტრი _ გიორგი ხოშტარია. მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
ტრანსპორტის მინისტრი _ ალექსანდრე ჩხეიძე. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1971-86 წლებში მუშაობდა საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ხოლო 1989 წლიდან _ მინისტრის პირველ მოადგილედ. იყო 52 წლის.
თუ ამ სიას და მინისტრთა მოღვაწეობის სფეროებს გადავხედავთ, ვერ უარვყოფთ, კაბინეტის ძირითადი უმრავლესობა თავისი საქმის მცოდნე, გამორჩეული სპეციალისტი და პროფესიონალი გახლდათ. ეს განსაკუთრებით ეხება მინისტრთა კორპუსის ტექნიკურ, სამრეწველო და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებს. შედარებით თავისუფალი, არაპროფესიული მიდგომით ჩანდა შერჩეული ე. წ. `ჰუმანიტარული~ სამინისტროების პირველი პირები, რაც არასასურველ გარემოებად, მაგრამ საგანგაშოდ არ უნდა ჩათვლილიყო. საქართველოში მომდევნო წლებში სამინისტროების დაკომპლექტების ისეთ პრაქტიკას ჰქონდა ადგილი, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი, ყველაფერი შედარებითია, ერთ-ერთ საუკეთესო კორპუსად უნდა ჩაითვალოს, მომდევნოებთან შედარებით.
რა შეიძლება ითქვას ეროვნული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სასტარტო მდგომარეობისა, მიზნებისა და პირველი სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტის შესახებ. როგორც `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო `პლატფორმაში~ ჩამოყალიბებული პროგრამა, ისე ზვიად გამსახურდიასა და თ. სიგუას უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე გამოსვლებში ჩამოყალიბებული პოზიციები იყო იმ აუცილებელი ღონისძიებების, მიზნებისა და ამოცანების შემცველი, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მიუხედავად გარკვეული, ზოგიერთი მეორეხარისხოვანი ხარვეზებისა, ახალი ეროვნული ხელისუფლების მიზანდასახულება არ შეიცავდა არც რაიმე სტრატეგიულად არარეალურს ან ფანტასტიურ გეგმებს. სხვა ამბავია, რომ ობიექტურად არსებული საერთაშორისო და საშინაო გარემოებები არსებობდა, რაც ხელს შეუშლიდა ეროვნული ხელისუფლების ძალისხმევას.
ახალ ხელისუფლებას არც პოლიტიკური სიფრთხილე აკლდა. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობდა პირველივე კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ. მაშ, რაღაში მდგომარეობდა ხელისუფლების სასტარტო მდგომარეობისა და მიზნების რადიკალიზმი? იმაში, რომ ახალი ხელისუფლება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას იწყებდა. ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ძირისძირამდე `რეალისტები~ ყოფილიყვნენ, არც ხელისუფლებისთვის იბრძოლებდნენ, არც ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, არც გარდამავალ პერიოდს გამოაცხადებდნენ და თავის აუტკივებლად დაელოდებოდნენ გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესების განვითარებას. ამასობაში, ზოგიერთი მომლოდინე პოლიტიკოსების რწმენით, საბჭოთა იმპერია თავისთავად დაიშლებოდა და საქართველოც მშვიდ გარემოში მიიღებდა ნუგბარ დამოუკიდებლობას, `როგორც შუა აზიის რესპუბლიკებმა მიიღეს.~ ეს ხომ მოარული შეხედულება იყო, რომელსაც არც დღეს გასვლია ყავლი, როგორც იმას, რომ ზვიად გამსახურდია `მხოლოდ ერთგულების~ პრინციპით ნიშნავდა თანამდებობებზე ადამიანებს. შევამოწმოთ ეს თვალსაზრისი ახლაც და შემდეგშიც.
მაგრამ ახალი ხელისუფლების ძველი რადიკალები _ ვიმეორებთ, დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, რადგან დამოუკიდებლობა სხვებზე მეტად სწყუროდათ და სწორედ ამ გარემოებაში იდო მათი რადიკალიზმი. `მაგრამ ამასთან, მეგობრებო, _ მიმართავდა ზვიად გამსახურდია 1990 წლის 14 ნოემბერს შეკრებილ ახალ უზენაეს საბჭოს _ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგინება!~
რადიკალები, ახალი ეროვნული ხელისუფლების და, საერთოდ, ეროვნული მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი მზად იყო ამ ომისათვის, მაგრამ სხვა ამბავია, მთლიანად საქართველოს ეროვნული მოძრაობა და ქართველო საზოგადოება, აღარას ვამბობთ ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე _ იყო თუ არა მზად, ამ მართლაც და როგორც შემდგომში გაირკვა, `ხანგრძლივი ომისათვის~.

კონგრესი _ ეროვნული ხელისუფლების ოპოზიციაში. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ძირფესვიანი ცვლილებები მოჰყვა. ახალ ხელისუფლებასაც უნდა გაერკვია ურთიერთობა ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებთან და ამ უკანასკნელებსაც უნდა გამოემუშავებინათ ახალ ხელისუფლებასთან საკუთარი პოზიცია. ბუნებრივია, ამ ურთიერთობათა ნორმალურად წარმართვის პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრებოდა და ერის, მოსახლეობისა თუ პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდატორული ინიციატივაც მისი მხრიდან უნდა წამოსულიყო.
ამიტომ მნიშვნელოვან და დროულ, პოლიტიკურად მიზანშეწონილ ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს ახალი უზენაესი საბჭოს `მიმართვა სრულიად საქართველოსადმი.~ ამ საინტერესო დოკუმენტში ცხადად და ლაკონურად განიმარტებოდა ორი ძირითადი მიზანდასახულება, უფრო სწორად, ერთი მიზანი იყო, მეორე კი მიზნის მისაღწევი საშუალება. მიზანი გახლდათ ქვეყნის დამოუკიდებლობა, `ერისა და პიროვნების თავისუფლება,~ რაც აუცილებლად გულისხმობდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას, დემოკრატიული თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვას.
მაგრამ როგორ, რა გზით უნდა მიღწეულიყო მიზანთა მიზანი _ ერისა და პიროვნების თავისუფლება.
პასუხი ერთადერთი და შაბლონურად მარტივი გახლდათ. `მიმართვის~ ტექსტი მოვიხმოთ: `მიზნის მიღწევა შეუძლებელია ეროვნული თანხმობის, ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის გარეშე.~
მთელი აღნიშნული `მიმართვაც~ შაბლონურად მარტივი ჭეშმარიტების დაფიქსირებას წარმოადგენდა: `საქართველოს კეთილდღეობისათვის დღეს ჰაერივით საჭიროა ერთიანობა და სიმტკიცე, შემწყნარებლობა და მიმტევებლობა, ნებისმიერ პარტიულზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენება.~ უზენაესი საბჭოს `მიმართვა~ კონკრეტულად არ ასახელებდა, მაგრამ ალბათ კონგრესის მომხრეთა ბანაკი ჰქონდა მხედველობაში და მათ მოუწოდებდა: `საქართველოს უზენაესი საბჭო მიმართავს ყველას, ვისაც გულწრფელად აფიქრებს სამშობლოს ბედი, დადგეს ეროვნული შერიგების პოზიციაზე. მხოლოდ მტკიცე თანხმობა და ერთიანობა იხსნის საქართველოს, მიგვიყვანს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობამდე. ძმათა შორის შუღლის ჩამოგდება ახლა ღალატის ტოლფასია. ერთიანი საქართველო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის უპირველესი საზრუნავი.~3
სრულიად საქართველოსადმი მიმართვა, უპირველეს ყოვლისა, ახალი უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი პირველი ოფიციალური დოკუმენტი გახლდათ, რომელშიც ახალმა ხელისუფლებამ თავისი სასურველი და ქვეყნისათვის აუცილებელი პოზიცია გამოხატა საქართველოს მთელი მოსახლეობის, მისი ცალკეული ფენების, პირველ ყოვლისა კი, პოლიტიკური სპექტრის შემადგენელი ყველა წარმომადგენლის და ორგანიზაციის მიმართ. მასში ცხადია განსაკუთრებით ოპოზიციური ძალები იგულისხმებოდნენ. ყველა ამგვარ ძალას უზენაესი საბჭო ეროვნული შერიგებისა და თანხმობისაკენ მოუწოდებდა. მათ შორის, იგულისხმებოდნენ კომუნისტებიც, ლიბერალური ძალებიც, ეროვნული კონგრესის ბანაკიც, სხვებიც.
ალბათ იმისათვის, რომ უზენაესი საბჭოს `მიმართვის~ მიმართ თავისი პოზიცია გამოემუშავებინა, 1990 წლის 30 ნოემბერს ეროვნული კონგრესი სპეციალურად შეიკრიბა ე. წ. მეორე სესიაზე. კონგრესმენთა თავყრილობამ მოისმინა თ. სუმბათაშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი საქართველოს ეროვნული კონგრესის საქმიანობის უმთავრესი პრინციპების, სტრუქტურებისა და მუშაობის შესახებ. ამის შემდეგ დაადგინეს, რომ მოცემული დოკუმენტი საფუძვლად დადებოდა კონგრესის საქმიანობას. ფაქტიურად, თ. სუმბათაშვილის პროექტი კონგრესის საქმიანობის სტრატეგიას წარმოადგენდა, ახალი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაში და მისი მმართველობის პირობებში. ხომ არ იმოქმედა უზენაესი საბჭოს შემრიგებლურმა `მიმართვამ~ კონგრესის მომხრეთა მიმართ; ხომ არ შეაწუხა კონგრესმენები საქართველოს რთულმა პერსპექტივამ, რომელსაც თუ შიდა პოლიტიკური კონფრონტაცია დაემატებოდა, კიდევ უფრო დაამძიმებდა ქვეყნის მდგომარეობას და ხომ არ გადააწყვეტინა ახალი ხელისუფლების ლამის სანტიმენტალურმა ნოტებმა _ ეროვნული ინტერესები მაღლა დაეყენებინათ პარტიულ ინტერესებზე; ან სულაც სრულიად ახალი კონცეფცია ხომ არ შექმნა კონგრესმა, რომელიც ერსაც და ქვეყანასაც, ჯერ კიდევ, არა განსაცდელისაგან, არამედ, რბილად თუ ვიტყვით, ბუნდოვანი მომავლისაგან დააზღვევდა.
ამ დროისათვის განსაკუთრებით იყო გამწვავებული ქართულ-ოსური ურთიერთობები. ოსთა სეპარატისტული მოძრაობა პირდაპირ და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული და შიდა ქართლის დიდი სივრცის ქვეყნისაგან ჩამოშორება-მიტაცებას ისახავდა მიზნად. ე. წ. `სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში~ წარმოქმნილი მოძრაობა არ იყო და არც შეიძლებოდა ოსთა ეროვნული პოლიტიკური მოძრაობა ყოფილიყო, რადგან ისინი ეროვნულ უმცირესობას შეადგენდნენ და ჰქონდათ თავიანთი ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთ კავკასიაში.
მიუხედავად ამისა, ოსთა უკანონო სეპარატისტულ მოძრაობას ფარულად ხელს უწყობდნენ საბჭოთა კავშირის სახელისუფლო, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული თუ სხვა სახის სამსახურები. 1990 წლის 29 სექტემბერს `სამხრეთ ოსეთის~ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა დეკლარაცია ოსეთის სსრ სუვერენიტეტის შესახებ, ხოლო ნოემბერში, როცა თ. სუმბათაშვილი ეროვნულ კონგრესს სამომავლო სტრატეგიას უმარტავდა, `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის~ უმაღლეს საბჭოს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად~ გამოცხადების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ფაქტიურად, `სამხრეთ ოსეთის~ იურუდიული გამოყოფის ტოლფასი გახლდათ, რადგან საქართველო ამ დროს არასაბჭოთა, არასოციალისტურ რესპუბლიკას წარმოადგენდა, ხოლო სამხრეთ ოსეთი `საბჭოთა სოციალისტური~ რესპუბლიკის სტატუსს იჩემებდა. იურიდიულ ენაზე, ეს უკვე ნიშნავდა, რომ “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს რესპუბლიკის სივრცეში აღარ განიხილავდა თავს.
ამგვარ მწარე ვითარებაში, თ. სუმბათაშვილის პროექტის მიხედვით, და ჩვენ შეგვიძლია მას ეროვნული კონგრესის მიერ სამოქმედოდ გამოცხადებული პროგრამა ვუწოდოთ, ეროვნულმა კონგრესმა უზენაესი საბჭო და მის მიერ არჩეული ახალი ხელისუფლება ფაქტიურად უკანონოდ, არაკანონიერად გამოაცხადა. გადაჭარბებულად რომ არ მივიჩნიოთ ამგვარი შეფასება, თ. სუმბათაშვილის მოხსენებით და იგივე კონგრესის საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტით შევამოწმოთ. ვრცელი დოკუმენტის მხოლოდ მოკლე თეზისებით დავკმაყოფილდეთ.
საქართველოში თავდაპირველად, ეროვნული მოძრაობა წარმატებით ვითარდებოდა და ძლიერი იყო, მაგრამ 1990 წლის 25 მარტის არჩევნების ჩაშლის შემდეგ, იგი მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის სცენარის მიხედვით განვითარდა. კერძოდ, ეს არჩევნები ეროვნულმა მოძრაობამ კი არ ჩაშალა, არამედ იმპერიის ხელისუფლებამ.
იმისათვის რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ერთიანობა და მისი ხელმძღვანელი ბირთვი _ ეროვნული ფორუმი დაეშალა, იმპერიის ხელისუფლებამ პროვოკაციულად შემოიტანა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების იდეა. ეს ოსტატურად შემოპარებული იდეა `გულუბრყვილო ქართველ პატრიოტებს~ თავისი მოფიქრებული ეგონათ. სინამდვილეში, მრგვალი მაგიდის ბანაკმა კრემლის სცენარის მიხედვით, დაშალა ფორუმისა და ეროვნული მოძრაობის ერთიანობა.
`იმპერიული ხელისუფლების ხერხმა გასჭრა~ და მრავალპარტიული არჩევნების იდეამ მთელი საქართველო მოიცვა. მან არა მარტო გამოჩენილ მოღვაწეთა და ქართველი ხალხის `აზრთამპყრობელთა~ შეცდომაში შეყვანა, არამედ `ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ცდუნება შესძლო.~
იმპერიის მეორე მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმა, სუმბათაშვილის `პროექტის~ მიხედვით, ითვალისწინებდა საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ყველგან `უზენაესი საბჭოების” ფორმირებას. ეს მან შესძლო და გააკეთა კიდეც, რაც იმას ნიშნავდა, რომ როგორც საქართველო მოტყუვდა, ასევე მოტყუვდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკის ეროვნული მოძრაობა, მათ შორის, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების პატრიოტულ-პოლიტიკური ძალებიც.
განსაკუთრებით მძიმე გახლდათ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთი ნაწილის შეცდომა. უზენაესი საბჭოს არჩევნებით ფაქტიურად, ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ და ქართველმა ხალხმა, იურიდიულად ცნო საბჭოთა ხელისუფლება. ე. ი. მან გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, რომელსაც, როგორც ცნობილია, არ უცვნია საბჭოთა ხელისუფლება, კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია. ამის გამო, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო იურიდიულად ჩვენს დღემდე აგრძელებდა არსებობას, ისევე, როგორც მისი ხელისუფლების და პირველი კონსტიტუციის უფლებამოსილებაც.
აი, რა შეცდომა და `ისტორიული დანაშაული~ იქნა ჩადენილი უზენაესი საბჭოს არჩევნებით და არჩევით. მაგრამ კონგრესი და მისი `პროექტისა~ თუ სახელმძღვანელო დოკუმენტის ავტორი, როგორც იტყვიან, ფარ-ხმალს არ ყრიდა და ამ რთული მდგომარეობიდანაც პოულობდა გამოსავალს. `რაც მოხდა უკვე, ისტორიას ეკუთვნის, ვეღარ ამოვშლით მატიანედან. დღეს მაინც ნუ შევცდებით.~ რა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს, უფრო სწორად, ახალ უზენაეს საბჭოს? რა სამართლებრივი რესურსი იყო დარჩენილი, რათა ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობას თავისი ბრძოლა განეგრძო დამოუკიდებლობისათვის?
1921 წელს საქართველოში დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება ხომ არაკანონიერი გახლდათ. ამდენად, არაკანონიერი იყო უზენაესი საბჭოს არჩევნებიც, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ გახლდათ ჩატარებული და არაკანონიერი იყო 28 ოქტომბერს არჩეული ახალი უზენაესი საბჭოც. ეს უნდა გააცნობიეროს ახალმა ხელისუფლებამ. მან საქართველო უნდა გამოაცხადოს უცხო ძალის მიერ ოკუპირებულ, პერმანენტული აგრესიის ქვეშ მყოფ კოლონიურ ქვეყნად. მანვე უნდა `დაუყოვნებლივ გააუქმოს საქართველოს უზენაესი საბჭო,~ როგორც დამპყრობლის მიერ შექმნილი სტრუქტურა. მანვე თავის თავს უნდა დააკისროს `დაუმორჩილებლობის სტადიაში შესული კოლონიური ქვეყნის თვითმმართველობის დროებითი ორგანოს ფუნქცია.~
ამის შემდეგ, კონგრესის მიერ სახელმძღვანელო სტრატეგიად დადგენილი სუმბათაშვილისეული `პროექტის~ მიხედვით, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესი შემდეგნაირად უნდა წარმართულიყო: იმისათვის რომ საერთაშორისო სამართლის, ე. ი. გაერო-ს და სხვა სტრუქტურებს, დასავლეთის სახელმწიფოებს `თავიანთი წმიდათაწმიდა მოვალეობა აღესრულებინათ~ (და არა ჩვეულებრივად შეესრულებინათ) და საქართველოს დეოკუპაცია-დეკოლონიზაციის საკითხი `მსჯელობის საგნად~ ექციათ, ქართველ ხალხს უნდა განეხორციელებინა `ეროვნული დაუმორჩილებლობის პერმანენტული პროცესი.~ საერთაშორისო სამართალი დარწმუნდებოდა, რომ `თავისუფლების გარეშე ჩვენ სიცოცხლე არ გვინდა,~ რომ `თავისუფლებისათვის ბრძოლამ, შესაძლოა, იმსხვერპლოს~ ქართველი ხალხი.
რა თქმა უნდა, ასეთი საგანგებო თავგანწირვით – ახლა უკვე ჩვენ შევეცდებით გავაფართოოთ “პროექტის” ავტორთა და მხარდამჭერთა ფანტაზიის ჩარჩოები _ საერთაშორისო სამართლის აღმასრულებელი სტრუქტურები, გაერო და სხვ. შეშფოთდებოდნენ და `ჩვენს სასარგებლოდ ამოქმედდებოდნენ.~ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქართველი ხალხის ბედით შეწუხებული გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბებოდა და საბჭოთა კავშირს ან მის სამართალმემკვიდრეს _ რუსეთს აიძულებდა ეღიარებინა საქართველოს დეკოლონიზაციის ფაქტი. `პროექტის~ ავტორ-მიმღებლებს, ალბათ გაუჭირდებოდათ 1990 წელს იმის წარმოდგენა, რომ 17 წლის მერე გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეკრება იმაზეც კი ვერ მოხერხდა, რომ გორის რაიონის ერთ სოფელში, წითელუბანში, რუსეთის თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული ერთი ბომბის ფაქტი ეღიარებინა და დაეგმო.
მთავარი სულაც არ არის, განხილული დოკუმენტი რამენაირი თვალსაზრისით შევაფასოთ, რადგან სულ ერთია, `პროექტის~ ნებისმიერ შეფასებას ოპონენტები გამოუჩნდებიან. ჩვენთვის კონგრესის მიერ სახელმძღვანელოდ მიღებული დოკუმენტი, მიუხედავად მისი თუნდაც შესაძლო სამართლიანობისა, უბრალოდ განუხორციელებელი და არარეალური სამართლებრივი რომანტიზმის გამოხატულებას წარმოადგენდა. მას უამრავი უზუსტობა, უტოპიური წარმოდგენები, მაშინდელი გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ვითარების აბსოლუტური შეუფასებლობა, გულუბრყვილო სქემები ედო საფუძვლად.
სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველი ხალხი და მით უფრო, საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობა იმპერიასთან ღია ომში არ ჩაებმებოდა და თავს არ გაწირავდა.
მაგრამ როგორვ ვთქვით, აღნიშნული ობიექტური შეფასება არ არის მთავარი სულაც. მთავარი ისაა, სუმბათაშვილის `პროექტის~ სამოქმედო პროგრამად მიღება-დამტკიცებით, ე. წ. ეროვნული კონგრესი პრინციპულად და სტრატეგიულად დაუპირისპირდა ახალ ეროვნულ ხელისუფლებას. მან ახალი შემადგენლობის უზენაესი საბჭო ფაქტიურად, კრემლისა და საბჭოთა იმპერიული ხელისუფლების თანამებრძოლად, მის მიერ შექმნილ სტრუქტურად და, ამდენად, არაკანონიერ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამგვარი იურიდიულ-სამართლებრივი მანიპულაციების შემდეგ ე. წ. ეროვნულ კონგრესს ისღა დარჩენოდა, ეროვნულ ხელისუფლებას ჯერ პრინციპულად, შემდგომში კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებოდა. აი, ეს იყო მთავარი.
აღნიშნულ-განხილული სამოქმედო პროგრამის მიხედვით, ე. წ. ეროვნულმა კონგრესმა ჭეშმარიტ, ნამდვილ ეროვნულ მოძრაობად გაიფორმა თავი და თითქოს ცრუ, გარეშე ძალის დაკვეთის შემსრულებელ ეროვნულ მოძრაობას ე. ი. უზენაეს საბჭოს დაუპირისპირდა. შეუძლებელია არ ითქვას, 1990 წლის 30 ნოემბერს, როცა თავის მეორე სესიაზე შეიკრიბა, ე. წ. ეროვნული კონგრესის არც ერთ წევრს ან არ გაუცნობიერებია, ან ვერ გაიცნობიერა ან კიდევ მშვენივრად მოეხსენებოდა, რასაც აკეთებდა, რომ, ფაქტიურად, ჯერჯერობით სამართლებრივ-პოლიტიკურ ომს უცხადებდა ახალ ეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც თუნდაც `მონუსხულმა,~ `შემცდარმა~ ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მრავალეროვანმა მოსახლეობამ აირჩია. ეს უკანასკნელი კი რა თქმა უნდა, არც მოტყუებული გახლდათ, არც მონუსხული. მან უბრალოდ, ორ გზას შორის თავისუფლებისაკენ მიმავალი შედარებით რეალური გზა აირჩია.
იყო კონგრესმენთა ერთი ნაწილი, რომელმაც ორივე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და შესაძლოა იმით იტყუებდა თავს, რომ მოსალოდნელ კონფრონტაციას შეაკავებდა. მაგრამ მათი ამგვარი წარმოდგენა ილუზორული და უსუსური აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, კონგრესმენთა კონფრონტაციულ გადაწყვეტილებას ახალგაზრდულ ამბიციურობასთან ერთად დიდი და სერიოზული პოლიტიკური არჩევანისათვის აუცილებელი პასუხისმგებლობის ნაკლებობა განაპირობებდა, რა თქმა უნდა, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
ერთი სიტყვით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თ. სუმბათაშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი კონგრესის მეორე სესიამ მომავალი საქმიანობის `საფუძვლად~ და სახელმძღვანელოდ დაამტკიცა. ეს იყო დადგენილება #1.
#2 დადგენილებით კონგრესმა პრეზიდიუმი აირჩია, რომელსაც, ასე გამოდის, დაუმორჩილებლობის სტრატეგიის გზით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უნდა ეხელმძღვანელა, რაც პირველ რიგში, ესეც ასე გამოდის, ახალი ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. პრეზიდიუმში შედიოდნენ: ი. ბათიაშვილი, გ. გოგბაიძე, მ. გიორგაძე, ჯ. იოსელიანი, გ. კობახიძე, რ. მიქაბერიძე, ვ. მთავრიშვილი, გ. ჟორჟოლიანი, ი. სარიშვილი, თ. სუმბათაშვილი, თემ. ფიფია, თორ. ფიფია, ი. ქადაგიშვილი, თ. შარმანაშვილი, თ. ჩხეიძე, ი. წერეთელი, გ. ხაინდრავა, ი. ხაინდრავა, ვ. ხუხუნაიშვილი, ნ. ჭავჭავაძე, გ. ჭანტურია. სხვათა შორის, პირველი სესიის მიერ არჩეული პირებიდან, მეორე სესიის მიერ არჩეულ პრეზიდიუმში სხვადასხვა მიზეზებით აღარ მოხვდნენ: ნოე გელაშვილი, ვახტანგ გოგუაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, ვიქტორ რცხილაძე, ზაზა სიხარულიძე. მათ მაგივრად პრეზიდიუმი შეავსეს: მ. გიორგაძემ, რ. მიქაბერიძემ, თორ. ფიფიამ, თ. ჩხეიძემ, გ. ხაინდრავამ, ვ. ხუხუნაიშვილმა.
იმის თქმა გადაჭარბებული იქნებოდა, თითქოს კონგრესის შემადგენელი ყველა პარტია და ორგანიზაცია ერთნაირად ებრძოდა ხელისუფლებას. უკანასკნელის მიმართ მწვავე დაპირისპირებით გამოირჩეოდნენ ეროვნულ-დემოკრატები, მოქალაქეთა ლიგა (ვ. მთავრიშვილი), წმინდა ილია მართლის საზოგადოების რიგებიდან გამოყოფილი ფრაქცია (გ. გოგბაიძის ჯგუფი), ი. ჭავჭავაძის საზოგადოება, `მხედრიონი~. ეს ჯგუფები და მათი ლიდერები განსაკუთრებული შეურიგებლობით გამოირჩეოდნენ და გამორიცხავდნენ ზვიად გამსახურდიასთან კომპრომისს. გავიხსენოთ გ. ჭანტურიას ინტერვიუ სომხური გაზეთის `რესპუბლიკა არმენიისადმი,~ რომელშიც ახალი ეროვნულ-დემოკრატების ლიდერი არც მალავდა თავის მტრულ დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი. `მოსალოდნელია მკვეთრი კონფრონტაცია კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის. კონგრესი, ალბათ მიმართავს უკიდურეს რადიკალურ პოლიტიკას (და არა სამხედრო) ზომებს უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ. ჩვენ, გვსურს, შეძლებისდაგვარად, უზენაესი საბჭოს კომპრომეტირება და მისი, ასე ვთქვათ, საქართველოს გარეშე დატოვება~. ამის შემდეგ, კვლავ გავიმეორებთ ჭანტურიას სტრატეგიას ხელისუფლების მიმართ: `კონსენსუსი ჩვენს შორის შეუძლებელია. თუ ჩვენ კონსენსუსზე წავალთ, უნდა დავუთმოთ მტერს, რაც არ მოხდება, ეს შეუძლებელია, ჩვენ არ წავალთ ასეთ ნაბიჯზე.~
კონგრესის სხვა ზოგიერთ წევრს შეეძლო ეთქვა, რომ არ იზიარებდა ჭანტურიას ამგვარ დაუჯერებლად მწვავე განცხადებებს. 1990 წელს დეკემბრის დასაწყისში კონგრესმა თითქოს მოლაპარაკებების წამოწყებაც სცადა უზენაეს საბჭოსთან, თითქოს მასთან ურთიერთობის გასარკვევად. 4 დეკემბერს შედგა კონგრესის კრება, რომლის გადაწყვეტილებით პრეზიდიუმის წევრებს მ. გიორგაძეს და გ. ხაინდრავას წინასწარი შეხვედრა უნდა გაემართათ ხელისუფლებასთან, კონგრესისა და საბჭოს მხარეთა შორის საერთო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ. კონგრესი პირობას იძლეოდა, რომ უკიდურეს ზომებს არ მიმართავდა, სანამ საბჭოსთან ურთიერთობა არ გაირკვეოდა. მანამდე კონგრესი მხოლოდ `მხედრიონის~ მხარდამჭერთა მიტინგებს გამართავდა ოპერისა და ბალეტის თეატრთან.
ამ დროს უკვე მიმდინარეობდა `მხედრიონელთა~ შიმშილობის აქცია ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის საპასუხოდ უზენაესი საბჭოს შენობის წინ, შიმშილობა წამოიწყეს ხელისუფლების მომხრე წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრებმა. ისინი მოითხოვდნენ, ხელისუფლებისათვის ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ, ოღონდ ვის სთხოვდნენ ამას, გაუგებარი ჩანდა. უფრო გასაგები გახლდათ მათი მეორე მოთხოვნა _ ხელისუფლებას აელაგმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობა. მოშიმშილეები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხედრიონს გულისხმობდნენ.
დეკემბრის თვეში ჯერ კიდევ არსებობდა ილუზია, კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის, ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობის შესახებ. 8 დეკემბერს მწერალთა კავშირის სასახლეში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრაც შედგა. შეიქმნა პარიტეტულ საწყისებზე კომისია და დაინიშნა მოლაპარაკებების დაწყების დრო _ 1990 წლის 13 დეკემბრის 12 საათი. მიუხედავად ორმხრივი ცდებისა, ურთიერთობის მოგვარება შეუძლებელი აღმოჩნდა. მხარეების გამართლება-დადანაშაულების ტრადიციულ გზას არც აქ გავყვებით. ზოგადად, ორივე მხარე დამნაშავე გახლდათ, მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ერთი მხარე შეიძლებოდა არსებულ ვითარებაში მთავარი დამნაშავე ყოფილიყო _ კონგრესი, რომელიც შეურიგებლად დაუპირისპირდა ახალ ეროვნულ ხელისუფლებას.
ერთი რამ ფაქტია, მიუხედავად აზრთა არც თუ მთლად იდენტურობისა, ე. წ. ეროვნული კონგრესის შემადგენელი პარტიები და ორგანიზაციები სულ უფრო იზიარებდნენ და სამოქმედოდ იღებდნენ გ. ჭანტურიას და მისი მომხრეების ხელისუფლებისადმი შეურიგებელ, კონფრონტაციულ გენერალურ კურსს. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდებოდა. საქმეს რა თქმა უნდა ვერ უშველიდა 21 დეკემბერს ირ. წერეთლის მიერ გამოცხადებული შიმშილობა _ კონგრესსა და საბჭოს შორის ურთიერთობის მოგვარების მოთხოვნით. არც აქციის ხასიათი და არც მიზანი, მაშინ სერიოზულად არავის მიუღია.

მხედრიონი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვითარების გამწვავების თავისებურ დეტონატორად იქცა `მხედრიონის~ მოქმედება და უზენაესი საბჭოს დამოკიდებულება არაფორმალურ შეიარაღებულ ფორმირებებთან. ბუნებრივი არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში დღესაც `მხედრიონის~ მიმართ არსებობს კლანური, ვიწრო პარტიულ-პიროვნული დამოკიდებულება და შეფასებები ამ შეიარაღებული ფორმირების მიერ შესრულებული როლის შესახებ. ერთნი მას პატრიოტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, მეორენი _ ბანდიტურ, კლანურ დაჯგუფებად. არის შერეული შეფასებებიც, რომელნიც შუალედური პოლიტიკური პარტიების მოღვაწეთა შეხედულებებში ფიქსირდება _ ისიც და ისიც. ჩვენ მოვლენათა განვითარებას მივყვეთ და შევეცადოთ მათ თავ-თავისი ადგილი მივუჩინოთ.
`მხედრიონის~ ადრინდელ საქმიანობას ნაკლებად შევეხებით, ამიტომაც შეიძლება დავეთანხმოთ რიგ ავტორთა და პოლიტიკოსთა აზრს, რომლის მიხედვითაც `მხედრიონი~ თავდაპირველად შეიარაღებულ პატრიოტულ თვითმოქმედ ორგანიზაციას წარმოადგენდა და პოზიტიურ ფუნქციას ასრულებდა საქართველოს კონფლიქტურ რაიონებში. მსგავსი შეიარაღებული ფორმირებები სხვაც შეიქმნა _ `იმედი~, `თეთრი გიორგი~, მერაბ კოსტავას საზოგადოება……1990 წლისათვის შეიარაღებული ჯგუფები ბევრ პოლიტიკურ პარტიას ჰყავდა.
ამგვარი პროცესი მსგავს ეროვნულ თუ სოციალურ აფეთქებათა პერიოდში ყველა დროსა და ბევრი ქვეყნის ისტორიისათვის გახლდათ დამახასიათებელი და საქართველო არ იყო გამონაკლისი. როდესაც XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში და საქართველში პოლიტიკური პარტიები წარმოიქმნა, მათაც გააჩნდათ ძლიერი მებრძოლი რაზმები. სწორედ სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტ-ფედერალისტების, ესერებისა თუ ანარქისტების შეიარაღებული რაზმეულები, საბრძოლო `დრუჟინები~ დაუპირისპირდნენ რომანოვთა რუსეთის მონარქიას, მის პოლიცია-ჟანდარმერიას, არმიას, ისინი აწყობდნენ შეიარაღებულ თავდასხმებს, ექსპროპრიაციებს, წითელ ტერორისტულ აქტებს, იცავდნენ საპროტესტო აქციებს და ა. შ. როდესაც ხელისუფლებამ თბილისში სომეხ-თათართა სისხლისღვრის პროვოცირება სცადა, შეიარაღებული სოციალ-დემოკრატები პატრულირებდნენ თბილისის ქუჩებში და თავიდან ააცილეს ქალაქს სისხლისღვრა. ეს იყო XX საუკუნის დასაწყისში. XX საუკუნის ბოლოსაც მსგავსი მოვლენები განვითარდა.
მაგრამ, აი, ჩატარდა 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები, ქვეყნის მმართველობის სათავეში მოვიდნენ ეროვნული ძალები, რომლებსაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ამ ხელისუფლებამ გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში უნდა მოემზადებინა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ფაქტიურად, შეიქმნა გარდამავალი ტიპის სახელმწიფო, დეფაქტო ეროვნული ხელისუფლებით. ასეთ სახელმწიფოში დემოკრატიული სისტემა მოითხოვდა ხელისუფლებისადმი ოპოზოციური პარტიების არსებობას, ფუნქციონირებას და ისინი არსებობდნენ და ფუნქციონირებდნენ კიდეც. მაგრამ ასეთ სახელმწიფოში ხელისუფლება ვერ მოითმენდა და არც უნდა მოეთმინა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი შეიარაღებული ფორმირებების არსებობა და ფუნქციონირება.
სწორედ ამგვარ პათოსს გამოხატავდა 1990 წლის 1 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის ვ. რაზმაძის სატელევიზიო გამოსვლა. მან დააფიქსირა ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინალური ვითარება, რომლის შექმაში მთავარი წილი შეიარაღებულ ფორმირებებს მიუძღოდათ. პროკურორი ასახელებდა ციფრებს: 48 მკვლელობა, 76 სხეულის განზრახ დაზიანება, 23 თავდასხმა მილიციის მუშაკებზე, 47 ყაჩაღობა, 46 ძარცვა, 461 ქურდობა, მოქალაქეთა გატაცების 5 შემთხვევა… ეს ყველაფერი უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში გახლდათ მომხდარი და აქედან, ერთი თვე და ორი კვირა ეროვნული ხელისუფლების პერიოდზე მოდიოდა.
აქ საუბარი იმდენად არ ეხებოდა ჩვეულებრივი სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულობებს. საუბარი იყო, რიგ დანაშაულობათა გამომწვევ და მკვებავ შეიარაღებულ ფორმირებებზე, რომელნიც სახელმწიფოში ფუნქციონირებას განაგრძობდნენ და, რაც მთავარია, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობას არც მალავდნენ. ჯ. იოსელიანს და მის მომხრეებს, თუ `ბიჭებს,~ როგორც მოქალაქეებს, სრული უფლება ჰქონდათ არსებული ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონოდათ, მაგრამ მათ უფლება აღარ ჰქონდათ ეარსებათ, როგორც შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელნიც არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი. ეროვნულ ხელისუფლებას, _ თუ 1990 წლის 28 ოქტომბერს, არჩევნების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოსულ მმართველობას ქართული ისტორიოგრაფია ასეთ ხელისუფლებად მიიჩნევს, მაშინ ისიც უნდა აღიარებულ იქნას, რომ ამგვარ ხელისუფლებას სრული მორალური, პოლიტიკური და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უფლება-მოვალეობა გააჩნდა _ შეიარაღებული თვითმოქმედი ფორმირებების ქმედემა კანონიერების ფარგლებში მოექცია. ეს უფლება-მოვალეობა უზენაესმა საბჭომ გამოიყენა და შეასრულა კიდეც.
მხედველობაში გვაქვს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ორი დოკუმენტი.
პირველი გახლდათ 1990 წლის 20 დეკემბრის საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შესახებ. როგორც კანონის დასახელება იუწყებოდა, იქმნებოდა ქვეყნის რეგულარული შეიარაღებული ძალა, რომელიც მოწოდებული იქნებოდა, დაეცვა ქვეყნის ინტერესები, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, `დანაშაულებრივი ხელყოფისა და ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისაგან~.
მომავალში გათვალისწინებისათვის გამოგვადგება, ამიტომ აქვე აღვნიშნავთ და გავითვალისწინოთ, რომ შინაგან ჯარს, ეროვნულ გვარდიას ეკისრებოდა არა მარტო საარმიო ფუნქცია, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციაც. კანონი იუწყებოდა გვარდიის მოვალეობას, მონაწილეობა მიეღო `საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა აღკვეთაში, თუ ამ დარღვევებს მასობრივი ხასიათი აქვს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იწვევს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის დეზორგანიზაციას… მონაწილეობს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ გამოცხადებული საგანგებო წესების განხორციელებაში, საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციაში, ხელს უწყობს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს საზიგადოებრივი წესრიგის დაცვაში~ და ა. შ.
რა თქმა უნდა, ოპონენტურ ძალებს შეიძლებოდა პრეტენზია წამოეყენებინათ ეროვნული გვარდიის ფუნქციების მიზანშეწონილობის შესახებ და შიში გამოეთქვათ დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის გამო. ხელისუფლებას შეეძლო გასჩენოდა ცდუნება და სამხედრო ძალა ოპოზიციური მოძრაობის წინააღმდეგ გამოეყენებინა. მაგრამ, როდესაც იმ პერიოდის ხელისუფლების მიერ მიღებულ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინდელი გარემომცველი საბჭოთა იმპერიული სივრცე. საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შერიგებოდა პოლიტიკურ რეალიებს და მისი გათვალისწინებით გადაედგა ნაბიჯები. ამ შემთხვევაში მან შესაქმნელ სამხედრო ფორმირებას არ უწოდა არმია, თუმცა სწორედ ამ უკანასკნელის შექმნა უნდოდა. მან რეგულარული არმიის შექმნის მიზანი, შენიღბა შინაგანი ჯარის ფორმით და მიანიჭა მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია, რათა იმპერიის ხელისუფლებისაგან მორიგი თავდასხმის საბაბი აეცილებინა თავიდან. ხელისუფლება რეალისტურად და გონივრულად მოიქცა.
მიიღო რა კანონი ეროვნული გვარდიის შესახებ, ხელისუფლებამ მასში გაერთიანებისაკენ მოუწოდა შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებულ პირებს, პატრიოტულად და სახელმწიფოებრივად განწყობილ ადამიანებს. ზვიად გამსახურდიას რწმენით, გვარდიაში შევიდოდნენ ყოფილი შეიარაღებული ფორმირებების წრიდან `ღირსეული ადამიანები, ვინც არ დაისახავდა მიზნად საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან ბრძოლას და კონფრონტაციას.~4
შეიარაღებული თვითმოქმედი ფორმირებების ლიდერებისა და პირადი შემადგენლობის წინაშე დაისვა საკითხი: თუ ისინი მიზნად ისახავდნენ ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას, მაშინ ეროვნული გვარდია სწორედ ამ მიზნით იქმნებოდა და მასში უნდა გაერთიანებულიყვნენ. თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, გვარდიაში არ წავიდოდნენ, მაშინ იარაღი მაინც უნდა ჩაებარებინათ, ხოლო თუ ამ უკანასკნელსაც არ გააკეთებდნენ, ეს უკვე ნიშნავდა ხელისუფლებისადმი ღია წინააღმდეგობას, დაუმორჩილებლობას. მიუხედავად ამისა, ამგვარი შეიარაღებულ ფორმირებათა არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო ქმედებას იურიდიული თვალსაზრისით. ჯერ კიდევ არ არსებობდა კანონი, სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც შეიარაღებულ ფორმირებათა ფუნქციონირებას კანონის ჩარჩოში მოაქცევდა და ეს ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.
გააკეთა კიდეც. 1990 წლის 28 დეკემბერს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება `კანონით გაუთვალისწინებული შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ.~ დადგენილების მნიშვნელობის გამო, მოვიყვანთ მის სრულ ტექსტს:
`იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შესახებ, რაც აძლევს შესაძლებლობას საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, მოიხადონ თავიანთი საპატიო ვალი სამშობლოს წინაშე, და აგრეთვე მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ რესპუბლიკაში მოქმედი კანონით გაუთვალისწინებელ ფორმირებებს დესტაბილიზაცია შეაქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო მშვიდობას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და კანონით დაცულ ინტერესებს,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. აიკრძალოს რესპუბლიკაში კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და მოქმედება;
2. წინადადება მიეცეთ კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებულ პირებს, ერთი თვის ვადაში ჩააბარონ იარაღი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს;
3. დადასტურდეს, რომ თუ ამ დადგენილების მეორე პუნქტში აღნიშნული პირები დათქმულ ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებანი.~5
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ და ხაზსაც ვუსვამთ, რომ ამ ფორმირებებმა გარკვეული პოზიტიური როლი შეასრულეს ეთნოკონფლიქტურ რაიონებში ეროვნული მოძრაობისა და ინტერესების დასაცავად. აღარც რომელიმე პარტიის პოზიციის დაცვის კუთხით შევაფასებთ მათ საქმიანობას. ჩვენთვის ამოსავალი გარემოებაა, იმჟამად შექმნილი და არსებული სამართლებრივი მდგომარეობა და კანონი. აღნიშნულმა დადგენილებამ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია შეიარაღებული ფორმირებების არსებობა და მიიჩნია ისინი არაკანონიერად, მიანიჭა მათ `კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების~ სტატუსი, აქედან გამომდინარე შედეგების გათვალისწინებით.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლებამ ამ ფორმირებების წევრების მიმართ რეპრესიები კი არ გამოაცხადა, არამედ მათ მისცა საშუალება, არარეპრესირებად გარემოში ემოქმედათ, როგორც რესპუბლიკის მოქალაქეებს. ამის შემდეგ, შეიარაღებულ ფორმირებათა ლიდერების და პირადი შემადგენლობის წარმომადგენლების წინაშე დაისვა საკითხი: ისინი ან უნდა დამორჩილებოდნენ კანონს, ჩაებარებინათ იარაღი, შეეწყვიტათ ფუნქციონირება, როგორც კანონით გაუთვალისწინებელ ფორმირებებს და განეგრძოთ ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრება, თუნდაც, როგორც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პირებს; ან არ უნდა დამორჩილებოდნენ ხელისუფლების დადგენილებას და განეგრძოთ შეიარაღებული ფორმირების სახით ფუნქციონირება. უკანასკნელ შემთხვევაში, ისინი იქნებოდნენ `კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების~ სტატუსის მდგომარეობაში და შესაბამისად, როგორც არაკანონიერ ძალას, პასუხიც უნდა ეგოთ კანონის წინაშე. აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ, საქართველოში არსებული ყველა შეიარაღებული ფორმირება _ `მხედრიონი~ იქნებოდა ეს, მერაბ კოსტავას საზოგადოება, `იმედი~, `თეთრი გიორგი~ თუ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის შეიარაღებული დაჯგუფება _ იარაღის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იქცეოდა არაკანონიერ, კანონსაწინააღმდეგო, ანტისაზოგადოებრივ ძალად და პიროვნებად, რომელთა წინააღმდეგ უნდა განხორციელებულიყო კანონით გათვალისწინებული ზომები.
აი, ამ თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ ზემოაღნიშნულ ფორმირებათა თუ ორგანიზაციათა ქმედებას და არა რომელიმე პოლიტიკური ბანაკის რაგინდარა თვითშემოქმედებითი, ვიწროპარტიული თუ ვიწროპიროვნული შეხედულებებით.
ახლა ვნახოთ, როგორი პოზიცია დაიკავა ზემოაღნიშნული დადგენილების მიმართ, სხვა შეიარაღებული ფორმირებებისაგან გამორჩეულმა `მხედრიონმა~ და მისმა ლიდერმა. ნაწყვეტი ჯ. იოსელიანის იმდროინდელი რეაგირებებიდან, რომელიც შინაარსობრივად, ცინიკურობით და იუმორით გამახალისებელი იქნებოდა, სამწუხარო და მძიმე პერსპექტივის შემცველი რომ არ ყოფილიყო (ისევე, როგორც მისი სხვა უამრავი გამონათქვამები _ დ. შ.). აი, რას ამბობდა `მხედრიონელთა~ არაორდინალური თავკაცი:
`ეროვნული გვარდია ეს არის ნამდვილი ბლეფი. არავითარი გვარდია საქართველოში არ არსებობს. ეს არის იგივე მოსკოვის შინაგანი ჯარების გაძლიერების პროცესი…
ჩვენ დავემორჩილებით მხოლოდ ისეთ ორგანოს, რომელიც იქნება მთელი ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესების გამომხატველი. პირადად ვინმეს, თუნდაც ზვიად გამსახურდიას ან სხვას, ჩვენ არ დავემორჩილებით. ჩვენ ისე დავრჩებით, როგორც შევიქმენით. თუ ვინმე ჩვენს დაშლას მოინდომებს, ვურჩევ, ილუზიებს თავი დაანებოს. მართალია, სისხლი დაიღვრება, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის იარაღი ჩვენს ხელში გადმოვა. სხვა გამოსავალი არ არის. თუ რუსის ჯარს მოიშველიებენ, ჩვენ ტყეში გავალთ და იქიდან ვიბრძოლებთ.~6
ეს გახლდათ ჯ. იოსელიანისა და `მხედრიონის~ არჩევანი. ხელისუფლების არცნობა, არსებული სახელმწიფოს და კანონის შეუსრულებლობა და, ფაქტიურად, უკვე ზემოაღნიშნული დადგენილების შეუსრულებლობა _ სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ შეიარაღებული კონფრონტაციის მდგომარეობაში გადასვლა, რასაც, ჩვეულებრივად, ამბოხება ჰქვია. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი სახელმწიფოს, არადემოკრატიულის თუ დემოკრატიულის ხელისუფლება ერთადერთ ბუნებრივ თავდაცვით ღონისძიებას მიმართავს _ კანონდაცვით ზომებს ახორციელებს.
`მხედრიონთან~ დამოკიდებულებაში კი ხელისუფლებამ აშკარა სისუსტე გამოავლინა. ჯერ ერთი, მან მთელი თვენახევრის განმავლობაში, თავისივე დაპირებული კანონით გათვალისწინებულ ზომებს არ მიმართა _ იარაღის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ერთ თვეში კანონის აღსრულების შესახებ. და რაც მთავარია, მეორე გარემოება _ `მხედრიონის~ ლიკვიდირების საქმეში, ხელისუფლების ნებით თუ უნებლიეთ, ჩართული აღმოჩნდა იმპერიის ხელისუფლება და არმია. ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდების წაყენების ძლიერი არგუმენტი გაუჩნდა.
1990 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომელიც რამდენიმე სერიოზულ სიყალბეს შეიცავდა და ბრეჟნევისდროინდელი საინფორმაციო საშუალებების ცნობების სტილში იყო შედგენილი.
`ცნობის~ მიხედვით, 17 თებერვლის ღამით, `ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შენაერთს,~ რომელიც დაგეგმილი საწვრთნელი მეცადინეობიდან ბრუნდებოდა, შავნაბადას გადასახვევთან სროლა აუტეხეს `უცნობმა~ პირებმა. საპასუხო და ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ორი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მოქალაქე _ თბილისელი ოთარ ბურჭულაძე. ორი მოქალაქე დაშავდა _ ქუთაისელი ვაჟა კარანაძე და თბილისელი მალხაზ რაზმაძე. სამხედრო მოსამსახურეებმა შავნაბადაზე განლაგებული კორპუსებიდან ამოიღეს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი _ ავტომატები, შაშხანები, პისტოლეტები, `დიდძალი ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი მასალები,~ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გატაცებული ოცამდე მსუბუქი და სატვირთო მანქანა. დააკავეს ამდენივე `მხედრიონელი.~7
საინფორმაციო ცნობა რბილ საყვედურსაც შეიცავდა ანონიმური ადრესატების მიმართ: `რა თქმა უნდა, ვერ მოვიწონებთ სამხედროების მიერ შავნაბადაზე განხორციელებულ თუნდაც საპასუხო აქციას”.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განგებ და წინასწარგანზრახული მიზეზის გამო, არ ასახელებდა აქციის განმახორციელებელ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის არმიის ნაწილებს. სამინისტროს `ცნობა~ იგივე მიზეზით მალავდა, რომ ოლქის სარდლობამ წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა შავნაბადაზე განლაგებული `მხედრიონის~ წინააღმდეგ. ამ ოპერაციის შედეგად, შავნაბადაზე არსებული `მხედრიონის~ დაჯგუფება, მისი `სამხედრო არსენალის~ ნაწილი, რაც იმ დროს იქ ინახებოდა, განადგურდა. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ `არსენალის~ დიდი ნაწილი `მხედრიონელებმა~ წინა დღეებში გადამალეს.
აი, ამ სალიკვიდაციო აქტის შემდეგ, მეორე დღეს, 19 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სხვა ქალაქებში `მხედრიონის~ მთელი `ელიტა~ დააპატიმრა. პირველ რიგში დააპატიმრეს მეგობრის ოჯახში დამალული `მხედრიონის~ სული და გული ჯ. იოსელიანი, მისი მოადგილე _ ზაზა ვეფხვაძე. ატამანებთან ერთად, აიყვანეს `მხედრიონის~ რაიონული ფილიალების მეთაურები: გურჯაანის დაჯგუფების მეთაური სიმონ არაქელოვი, წევრები: ზ. გველუკაშვილი, გ. კაპანაძე; ყვარლის ორგანიზაციის წევრები: გ. იმერლიშვილი, ზ. ოთარაშვილი, გ. სახეჩელაშვილი, ნ. პატარქალიშვილი, გ. სეფაშვილი, ტ. ვარსიმაშვილი, ზ. შაოშვილი, გ. ბუტუკლიშვილი, დ. მიჩელაშვილი, ა. იობაშვილი, თ. წყალობაძე, ახმეტელები: შ. ლოლაძე, ე. ვაცელაშვილი, ლ. ჩოხტლიშვილი; თელაველები: ვ. ბათიაშვილი…
მხედრიონის შავნაბადას რეზიდენციის ლიკვიდაციას და კახური ელიტის დაპატიმრებას კონგრესის მომხრეთა აღშფოთება მოჰყვა. ისინი ბრალს სდებდნენ ხელისუფლებას მოსკოვთან კავშირში და მხედრიონის წინააღმდეგ აქციის ერთობლივ განხორციელებაში. ლოგიკურად, მართლაც ასე გამოიყურებოდა და საზოგადოებაშიც შეიძლებოდა ბევრს გასჩენოდა ეჭვი, რომ გამსახურდიას ხელისუფლება ამიერკავკასიის სამხედრო სარდლობას წინასწარ შეუთანხმდა ან, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ინფორმირებული იყო რუსი სამხედროების მიერ, რომ `მხედრიონის~ შავნაბადას რეზიდენციის ლიკვიდაციას აპირებდნენ. თუ ეს მართლაც ასე იყო, კონგრესმენებს სრული უფლება ჰქონდათ, გამსახურდია მოსკოვთან ალიანსში დაედანაშაულებინათ ან მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, როგორც არგუმენტი.
მაგრამ ისიც ხომ უნდა დავუშვათ, რომ ყოველთვის ასე არ ხდებოდა, როგორც რომაელები ირწმუნებოდნენ: პოსტ ჰოკ ერგო პროპტერ ჰოკ – ამის შემდეგ, ე. ი. ამის გამო. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და არმიის სარდლობას ისე არაფერი აღიზიანებდათ, როგორც შეიარაღებული ფორმირებების არსებობა ურჩ რესპუბლიკებში. 1991 წლის მოსკოვის აგვისტოს პუტჩის დღეებში, ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა, რომელიც პუტჩისტებმა ბალტიის რესპუბლიკებს, საქართველოს და სხვა რესპუბლიკებს წაუყენეს, `უკანონო~ შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაცია გახლდათ.
რაც შეეხება არმიის ან სხვა სამხედრო ძალების რაიმე გადაადგილებას რომელიმე რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ასეთ რამეს გადაწყვეტდა, იმპერიის ხელისუფლება ან არმიის სარდლობა არავის არაფერს არ ეკითხებოდა. 1991 წლის თებერვალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ბაბუშერაში, იმპერიის ხელისუფლებამ 250 ჯარისკაცისაგან შემდგარი საარმიო ნაწილი ისე შეიყვანა, საქართველოს ხელისუფლებისათვის არაფერი უკითხავს. კრემლს არც იმისთვის მიუქცევია დიდი ყურადღება, როცა ამის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს პროტესტი განუცხადა. სრულიად შესაძლებელია შავნაბადას ოპერაციაც იმპერიის ხელისუფლებამ და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ საქართველოს ხელისუფლების ნებართვისა და კითხვის გარეშე გადაწყვიტა და განახორციელა. ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ კრემლის ხელმძღვანელობამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა შესანიშნავად იცოდნენ _ შავნაბადას აქცია კონგრესის მომხრეთა და უზენაესი საბჭოს შორის ურთიერთობის გამწვავების დამატებით ფაქტორად გადაიქცეოდა.
იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი უწყოდა ან ყოველ შემთხვევაში წინასწარ შეთანხმებული არ იყო ამიერკავკასიის ოლქის სარდლობასთან, შავნაბადას ოპერაციის შესახებ, თითქოს მოწმობს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპროტესტო წერილი. იგი გაეგზავნა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მ. ს. გორბაჩოვს და თავდაცვის მინისტრს დ. ტ. იაზოვს. წერილში აღნიშნულ-დაფიქსირებული იყო 1991 წლის 18 თებერვალს არაოფიციალურ გასამხედროებულ ფორმირება `მხედრიონისა~ და `საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფს~ შორის მომხდარი შეტაკება, რომლის შედეგადაც, ორივე მხრიდან რამდენიმე კაცი დაიჭრა, ხოლო სამხედროებმა დაბა შავნაბადა დაიკავეს. `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი გამოთქვამს პროტესტს საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფის მოქმედებასთან დაკავშირებით, რითაც შეილახა სუვერენული რესპუბლიკის უფლებები~.
ეს ოფიციალური, საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი თავისთავად გამორიცხავდა ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე გარიგების შესაძლებლობას და მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ შავნაბადას ოპერაცია წინასწარგანზრახულად თუ განუზრახველად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქვეგანაყოფმა თუ საერთო სარდლობამ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებისა და ნების გარეშე ჩაატარა. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლებას, ან მისი რომელიმე სტრუქტურასა და საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას, ან მის რომელიმე სტრუქტურას შორის რაიმე ფარული გარიგების, შეთანხმების დამადასტურებელი საბუთი აღმოჩნდება. ჯერჯერობით, ასეთი საბუთის არსებობა არავის დაუდასტურებია. ჩვენი მოსაზრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები კი არსებობს და ჩვენ ის მოვიყვანეთ.
რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოთაშორის თუ სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი საიდუმლი გარიგებების, ფარული შეთანხმებების მაგალითები არსებობს, რომელსაც დოკუმენტური ასახვა ან გაფორმება არ ჰქონია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შავნაბადას ეპიზოდი გვაქვს მხედველობაში, მით უფრო ძნელია ზემოაღნიშნული გარიგების არსებობის მტკიცება. რა თქმა უნდა ვარაუდი, ჰიპოთეზა, შეიძლება ორივე შესაძლებლობის სასარგებლოდ გამოითქვას, მაგრამ მტკიცება წყაროსა და დამადასტურებელ საბუთს მოითხოვს და ეს გარემოება საისტორიო, გნებავთ, ნებისმიერი მეცნიერების ურღვევი კანონია.
მაგრამ ზემოთმოყვანილი რომაული სენტენცია, შეურიგებელი ოპოზიციისათვის ცალსახა ჭეშმარიტება აღმოჩნდა. შავნაბადას ოპერაცია და მხედრიონის მეთაურების დაპატიმრება ერთმანეთს მოჰყვა და ერთდროულად მოხდა. მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლება წინასწარ იყო შეთანხმებული კრემლთან. შეურიგებლებს დამატებითი არგუმენტი გაუჩნდათ და დაუყოვნებლივ დაიწყეს ოკუპანტებთან ალიანსში მყოფი უზენაესი საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის გააფთრებული კრიტიკა. 18 თებერვალს, შუადღისას, ოპერისა და ბალეტის თეატრთან ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა. იქ გამომსვლელმა ორატორებმა ჯ. იოსელიანმა, გ. ჭანტურიამ და სხვებმა შავნაბადას ოპერაციის ორგანიზებაში ბრალი რესპუბლიკის პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს დასდეს.
იმავე დროს მიმდინარეობდა მიტინგი პარლამენტის შენობის წინ. იქ გამომსვლელებმა: ზ. გამსახურდიამ, თ. ქორიძემ, მ. ძოძუაშვილმა, გ. ხოშტარიამ და სხვებმა, პირიქით, მხედრიონს დასდეს ბრალი, რომ წინასწარ შეთანხმებულნი იყვნენ სამხედროებთან და ოპერაციაც მათ მიერ იყო ინსპირირებული. პროვოკაციის მიზანი კი გახლდათ საოკუპაციო ჯარების გაღიზიანება, რათა იმპერიის სარდლობას საქართველოში დამატებითი ჯარები შემოეყვანა. ხელისუფლებასაც ჰქონდა უფლება ამგვარი ბრალდებების წამოყენებისა, ამიტომაც, სამოქალაქო დისკუსია ჭორების, ვარაუდების, ინსინუაციების დაუსაბუთებელი ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა და საზოგადოებრივ ატმოსფეროს ძაბავდა.
ასეა თუ ისე, უნდა დავასკვნათ, ეროვნული ხელისუფლების საქმიანობის დაწყების პირველ თვეებში ცხადი გახდა, მრგვალი მაგიდისა და მისი მხარდამჭერი ბანაკის ძველი მოწინააღმდეგენი მათთან უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ. ე. წ. ეროვნულ კონგრესს გამსახურდიასთან და მის მომხრეებთან ძველი კონფრონტაციული დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეუცვლია. პირიქით, კონგრესმა ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მწვავე ბრძოლა დაიწყო. თავდაპირველად, კონგრესის მიზანი გახლდათ ხელისუფლების პერმანენტული კრიტიკა და მის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლა, რომლის არსიც ახალი უზენაესი საბჭოს სახელის გატეხა, პოპულარობის დაცემა, საზოგადოების თვალში მისი ნდობის დაკარგვა გახლდათ.
კონგრესის მომხრეთა ბანაკში გამოირჩეოდნენ _ განსაკუთრებით კონფრონტაციული და შედარებით ნეიტრალურ-ლოიალური ძალები.. კონფრონტაციული დაჯგუფებებიდან უზენაესი საბჭოს მიმართ შეურიგებლად იყო განწყობილი მხედრიონი და მისი ლიდერი. ეს უკვე აღვნიშნეთ და ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ფორმირების შედარებითი ნეიტრალიზაცია ხელისუფლებამ მოახერხა. მართალია მხედრიონელთა იარაღის მეტი ნაწილი გადამალული იყო, გადამალვა მოახერხა მხედრიონელთა დიდმა ნაწილმაც, მაგრამ ამ დაჯგუფების მეთაური და მისი გარემოცვა დაპატიმრებული აღმოჩნდა, რაც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ მხედრიონს ამ პირობებში ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული, თუნდაც პარტიზანული ბრძოლა არ შეეძლო, რითაც ჯ. იოსელიანი ემუქრებოდა ხელისუფლებას, მის წინააღმდეგ ტყიდან ვიბრძოლებთო.
კონგრესის მომხრეთა ბანაკში ხელისუფლებისადმი კონფრონტაციულობით განსაკუთრებით და იოსელიანზე მეტადაც გამოირჩეოდა ახალი ეროვნულ-დემოკრატების ლიდერი გ. ჭანტურია. ახალ ეროვნულ-დემოკრატებს იმისათვის ვუწოდებთ, რომ ისინი ძველი ეროვნულ-დემოკრატებისაგან განვასხვავოთ. ეს უკანასკნელნი ხომ XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ. გ. ჭანტურია ახალი უზენაესი საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იდეოლოგისა და ორგანიზატორის როლში გამოდიოდა ან ამ როლს ირგებდა. მისი ბრძოლის ტექნიკა თავისებური გახლდათ _ მისთვის ზვიად გამსახურდია აპრიორულად არსებული `მტერი~ გახლდათ, რომლის კრიტიკა, ან ჭკუაზე მოყვანა კი არ იყო საჭირო, არამედ განეიტრალება, გზიდან ჩამოშორება.. ამისათვის, ჯერ უნდა მომხდარიყო მისი იდეოლოგიური დამარცხება, სახელის გატეხა, მისგან მტრის ხატის შექმნა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 1990 წლის დეკემბრის თვეში კონგრესის გარკვეულმა ნაწილმა ხელისუფლებასთან ურთიერთობის მოგვარება სცადა. ხელისუფლება კმაყოფილებით მიესალმა ზოგიერთი კონგრესმენის ამგვარ წამოწყებას. მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებამ მტკიცედ მოსთხოვა კონგრესს, მასში შემავალ ძალებს, ნათლად დაეფიქსირებინათ თავიანთი დამოკიდებულება რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებას მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ კონგრესში მყოფი რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, უფრო ეშმაკთან დაიჭერდა საქმეს და ახალ ხელისუფლებას კი არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდებოდა.
კონგრესთან ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევის მიზნით და იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა ამ სტრუქტურასთან მომავალში ნორმალური ურთიერთობა, უზენაესმა საბჭომ მას მიმართა წინადადებით _ კონგრესს უნდა გამოეთქვა თავისი ორგანიზაციული შეხედულება შემდეგ საკითხებზე:
1. იზიარებენ თუ არა კონგრესში გაერთიანებული პარტიები უზენაესი საბჭოს მიერ შემუშავებულ კონცეფციას გარდამავალი პერიოდის შესახებ; 2. იზიარებენ თუ არა ისინი, კონგრესის ზოგიერთი წევრის მიერ `ოფიციალურ პრესაში გავრცელებულ თვალსაზრისს~, რომ:
`ა) 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები ტოლფასია 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგედიისა;
ბ) რომ კონგრესის მიზანია, შეძლებისდაგვარად, უზენაესი საბჭოს კომპრომეტირება და მისი, ასე ვთქვათ, საქართველოს გარეშე დატოვება…
გ) გამორიცხულია თუ არა ჩვენს შორის კონსენსუსი.~8
უზენაესი საბჭო სთხოვდა კონგრესის პარტიებს, დაედასტურებინათ ან უარეყოთ ზემოაღნიშნული თვალსაზრისები, რომელნიც, როგორც აღვნიშნეთ, უმთავრესად გ. ჭანტურიას მიერ იყო გამოთქმული. ახლა უზენაეს საბჭოს სურდა გაერკვია, ვისთან ჰქონდა საქმე _ მართლაც ოპოზიციასთან თუ პოტენციურ ანტისამთავრობო ძალასთან, რომლის ერთადერთ მიზანს ხელისუფლების განეიტრალება წარმოადგენდა.
კიდევ იყო ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებს აზრი უნდა გამოეთქვათ: მიაჩნდათ თუ არა მათ, რომ უნდა განიარაღებულიყო ყველა არაოფიციალური “კანონით გაუთვალისწინებელი” შეიარაღებული ფორმირება და მიაჩნდათ თუ არა კონგრესისტ პარტიებს უზენაეს საბჭოსთან ურთიერთობის საფუძვლად მიეღოთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 110-ე მუხლის პირობები, რაც საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევდა უზენაესი საბჭოსა და ოპოზიციური პარტიების ურთიერთობა-თანამშრომლობას.
ამ მოთხოვნებში არც არაბუნებრივი, არც არადემოკრატიული, არც უკანონო არაფერი გახლდათ. თუ პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ხელისუფლებისათვის იბრძვის, აკრიტიკებს და დემოკრატიული, კონსტიტუციური ფორმებით ებრძვის ხელისუფლებას, ეს სრულებით დასაშვები, ნორმალური მოვლენაა და ხელისუფლება ამგვარ ძალებთან კონსტრუქციულად თანამშრომლობს, ან უნდა ითანამშრომლოს. მაგრამ თუ ოპოზიციური პარტიის თუ დაჯგუფების ერთადერთი მიზანია არსებული ხელისუფლების ნეიტრალიზაცია, მიაჩნია იგი `მტრულ~ ძალად და გამორიცხავს მასთან ყოველგვარ კომპრომისს, დათმობას და თანამშრომლობას, არსებულ ხელისუფლებას ისღა დარჩენია, ადეკვატურად მოიქცეს ამგვარ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, არ ითანამშრომლოს და შესაბამისი ფორმით ებრძოლოს მათ.
ოღონდ, ამგვარ სამწუხარო, ქვეყნისათვის არასასურველ დაპირისპირებულობის პირობებში ორივე მხარე ვალდებულია, არ დაარღვიოს დემოკრატიისა და კონსტიტუციური ნორმები. გასარკვევია, რომელი დაპირისპირებული მხარე იცავდა ან არღვევდა ამ ნორმებს.
ის, რომ შეიარაღებული უკანონო ფორმირება _ მხედრიონი ხელისუფლებამ გაანეიტრალა, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივი და ნორმალური ღონისძიება იყო, მიმართული ქვეყნის უშიშროებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამ შემთხვევაში, ეროვნული ხელისუფლებისათვის მხედრიონი ანტისახელმწიფოებრივი, თანაც საშიში გასამხედროებული ძალა იყო, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო მისთვის სასიცოცხლო საფრთხე შეექმნა. სხვათა შორის, ამას შესაძლოა გადაჭარბებით, მაგრამ არ მალავდა და საჯაროდ გამოთქვამდა მხედრიონელთა ლიდერი. მისი მონაცემებით, მხედრიონელთა ფორმირება 2500 შეიარაღებული და ამდენივე მზადმყოფი პირისაგან შედგებოდა და გააჩნდა მძიმე სამხედრო შეიარაღებაც _ 6 ჯავშანტექნიკა და ა. შ.9
ოპოზიციას არ სურდა შეეგნო დემოკრატიული სახელმწიფოსათვის და მისი საზოგადოებრივი ყოფისათვის აუცილებელი ნორმა _ შეიარაღებული არაოფიციალური ფორმირებების არსებობის უკანონობა, მათი დესტრუქციული ბუნება და ანტისახელმწიფოებრივი არსი. 1991 წლის 29 თებერვალს ყოფილი `იმელის~ შენობაში ე. წ. ეროვნული კონგრესისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მსჯელობის საგანი მხედრიონი გახლდათ. იმის შესახებაც საუბრობდნენ, იქნებ კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის საერთო ენა გამონახულიყო.
სამწუხაროდ, შეხვედრა მხედრიონისა და კონგრესის პოზიციების დაცვას და ხელისუფლების ცალმხრივ კრიტიკას მიეძღვნა. ი. ხაინდრავამ `მოლოდიოჟ გრუზიის~ დახურვის გამო გამოთქვა მწუხარება და დაწყებული `რეპრესიების~ შედეგად ჭანტურია-წერეთლის დაპატიმრება და კონგრესის განადგურება იწინასწარმეტყველა; მ. გიორგაძემ საოკუპაციო ჯარები უზენაესი საბჭოს ძირითად დასაყრდენად გამოაცხადა; გ. ხაინდრავა ამტკიცებდა, `მხედრიონი არ არის შეიარაღებული ფორმირება,~ ეს მხოლოდ მაშველთა კორპუსიაო; თ. ბერიშვილმა `კატეგორიულად მოითხოვა~ უზენაეს საბჭოს `მსოფლიოს წინაშე~ განეცხადებინა, რომ საკავშირო ჯარს არანაირი უფლება არ ჰქონდა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. ერთი სიტყვით, ისე როგორც ადრე და შემდგომშიც, ოპოზიციის მთავარ პრინციპად იქცა, და ამ შეხვედრაზეც ასე მოხდა _ მთავარია ხელისუფლების კრიტიკა, მისი შევიწროება, მისი დადანაშაულება, ხოლო სამართლიანი იქნება თუ არა ეს კრიტიკა, ამას მნიშვნელობა არა აქვს.10
არც ადრე, არც ამ `შეხვედრაზე~ და არც შემდგომ, არავის კრიტიკოსთაგანს არ დაცდენია სიტყვა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, კანონების დაცვის აუცილებლობაზე, შეიარაღებული ფორმირებების დესტრუქციულობაზე, არავის გახსენებია დაპატიმრებული `მხედრიონელების~ კრიმინალური ქმედებები, იარაღის გატაცება, შეიარაღებული თავდასხმები; არავის არაფერი უთქვამს, რომ 1990 წლის 14-15 ნოემბერს გურჯაანის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის შინაგან საქმეთა განყოფილებებზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმები და ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული. ყველა ამ დანაშაულში, როგორც გამოირკვა, მონაწილეობდა ერთი და იგივე შეიარაღებული დაჯგუფება მხედრიონის კახეთის განყოფილება.
ზემოაღნიშნული ქალაქების მილიციის განყოფილებებზე და საგარეჯოს ავტოინსპექციის სადარაჯოზე მომხდარი თავდასხმების შედეგად კახელმა მხედრიონელებმა გაიტაცეს `მაკაროვის~, `ტეტეს~ სისტემის პისტოლეტები, `რაკეტნიცები~, დამცავი ჟილეტები, მანქანები, გაათავისუფლეს არაერთხელ ნასამართლევი პატიმრები, რომლებიდანაც ერთ-ერთმა გაქცევის პერიოდში მკვლელობა ჩაიდინა. ასეთი და მსგავსი ფაქტები მრავლად იყო, მაგრამ ხელისუფლების მაკრიტიკებლებს მხოლოდ მხედრიონელთა მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები ახსოვდათ.11
ეროვნულ-დემოკრატები ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა გავიხსენოთ და დავაფიქსიროთ კიდევ ერთხელ, ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, რაგვარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ეროვნული ხელისუფლებისათვის, სახელმწიფოსათვის, საზოგადოებისათვის.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გ. ჭანტურია გამორიცხავდა ხელისუფლებასთან ყოველგვარ კომპრომისს და მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, როგორც `მტერთან~. ერთ-ერთი დაპირისპირება პარტიასა და ხელისუფლებას შორის, მხედრიონის წინააღმდეგ განხორციელებული ზემოთ განხილული ღონისძიებების დროს მოხდა. შავნაბადას ოპერაციას ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პრესცენტრის `განცხადებით~, ე. ი. ოფიციალურად გამოეხმაურა. მან ბრალი დასდო უზენაეს საბჭოს, რომ მხედრიონზე თავდასხმაში მონაწილეობას იღებდნენ არამარტო `სსრკ შეიარაღებული ჯარის ნაწილები,~ არამედ `სპეცდანიშნულების სამხედრო რაზმები,~ რომ `ეს სამხედრო აქცია მხედრიონის წინააღმდეგ განხორციელდა საქართველოს უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავდა გორბაჩოვ-გამსახურდიას გეგმის რეალიზაციას~. ამ ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, დოკუმენტი ან რაიმე წყარო პრესცენტრის `განცხადებაში~ მოყვანილი არ გახლდათ. მით უფრო არ იყო განმარტებული, რას ისახავდა მიზნად `გორბაჩოვ-გამსახურდიას გეგმის რეალიზაცია.~12
იგივე და ბევრად მრავალფეროვანი ბრალდებები გაისმა 18 თებერვალს ოპერისა და ბალეტის თეატრთან გამართულ მიტინგზე: რომ უზენაესი საბჭო `ოფიციალური ტერორის პოლიტიკას ეწევა~; რომ იგი `ებრძვის დემოკრატიას~; რომ უზენაესი საბჭო `საქართველოში კრემლის აშკარა დასაყრდენს წარმოადგენს~; რომ ხელისუფლების მიზანია `საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება, იმპერიის დამსჯელი რაზმების შემოყვანა~ და ა. შ. რა თქმა უნდა, მიტინგებზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას და ეს ვერ ჩაითვლება `ოფიციალურ წყაროდ,~ მაგრამ იგი მაინც მეტყველებდა ერთს _ კონგრესის მომხრეების, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატთა წარმომადგენლების სრულიად შეურიგებელ, უკომპრომისო პოზიციას არსებული ხელისუფლების მიმართ.
იმავე ადგილზე 19 თებერვალს გაიმართა მორიგი მიტინგი, რომელსაც უძღვებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი თ. შარმანაშვილი, ხოლო გამომსვლელთა შორის იყვნენ: ი. ბათიაშვილი, ლ. ბედოშვილი, გ. ხაინდრავა, ი. ქადაგიშვილი, ლ. შაკიაშვილი, ი. წერეთელი… აქ უკვე ერთსულოვნად იქნა დაგმობილი მარიონეტული უზენაესი საბჭოს “ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკა.~ ბრალდებები სულ უფრო მძაფრდებოდა. წინა დღეს უზენაესი საბჭოს შენობის წინ გამართულ მიტინგზე არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკლეს და თავიანთ ოპონენტებს `ქართველი ერის მოღალატეები~ უწოდეს. არაადეკვატურმა ლანძღვა-გინებამ, რასაც პოლიტიკური ბრძოლის ელფერი თანდათან ეკარგებოდა, საბოლოოდ დაისადგურა ორივე მხარის მომხრეთა მიტინგებზე და სულ უფრო გამორიცხავდა დიალოგის შესაძლებლობას.
ეს, ჯერ კიდევ 1991 წლის თებერვალი გახლდათ და ჯერ კიდევ ორივე მხარის ქმედებები ასე თუ ისე თავსდებოდა დემოკრატიისა და კონსტიტუციური ნორმების ჩარჩოში. მართალია, ხელისუფლებას რაში არ სდებდნენ ბრალს, მათ შორის ოფიციალურ ტერორში, მაგრამ იგი სამართლებრივად ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და ცალკეულ პირებსაც, რაც სავსებით ბუნებრივი გახლდათ. 19 თებერვალს ლაგოდეხში მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლაგოდეხის კომიტეტის მდივანი გიორგი ხიდეშელი, რომელსაც ტარების უფლების გარეშე აღმოაჩნდა იარაღი.
20 თებერვალს მთავარმა ეროვნულ-დემოკრატმა გ. ჭანტურიამ პრესკონფერენცია გამართა და თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა უზენაესი საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის მიმართ. მისი აზრით, ხელისუფლება ახორციელებდა `მოღალატურ, ანტიდემოკრატიულ, კრემლთან შეთანხმებულ პოლიტიკას.~ მან ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე დაადანაშაულა ზ. გამსახურდია `სუკ-თან თანამშრობლობისათვის.~ პრესკონფერენციაზე ჭანტურიამ ოპოზიციას მთავარ ამოცანად დაუსახა, `გზა დაუკეტონ კრემლსა და საქართველოს მარიონეტულ უზენაეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს ზ. გამსახურდიას, ხელი მოაწერონ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.~
ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ცდილობდა, ხელისუფლებასთან ბრძოლა საერთაშორისო ფრონტზეც გაეგრძელებინა. იგი დრო და დრო მიმართავდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, წერილებს და მიმართვებს აქვეყნებდა უცხოურ პრესაში და საშველად მოუხმობდა `დემოკრატიულ ძალებს~ საქართველოს `მარიონეტული~ ხელისუფლების წინააღმდეგ. 1991 წლის თებერვლისათვის ჯერ კიდევ არ იყო საზღვარგარეთ შემზადებული ნიადაგი გამსახურდიას `დიქტატურის~ წინააღმდეგ ბრძოლისათვის. სათანადო მხარდაჭერის უქონლობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრესმდივანი ი. სარიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მან ამჯერად, რუსულ გაზეთებში `ექსპრეს-ქრონიკასა~ და `რუსკაია მისლში~ გამოაქვეყნა `განცხადება~ და კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ძალას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დახმარებისათვის `კრემლისა და მისი მარიონეტული დიქტატურის~ წინააღმდეგ ბრძოლაში.13
აქ შევდგეთ, რეზიუმირება ვცადოთ უკვე თქმულის. რა იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებასთან დამოკიდებულების არსი და მიზანი. როგორც პოლიტიკური ძალა, იგი ეროვნული მიმართულებისა და რადიკალური ხასიათისაა. იგი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიისათვის, ქადაგებს ერის ერთიანობას. იგი სცნობს სხვა ეროვნულ ძალებს, მაგრამ მხოლოდ იმათ, ვინც ე. წ. ეროვნულ კონგრესში არიან და უზენაესი საბჭოს ოპოზიციაში უდგანან.
ეროვნულ-დემოკრატები ხელისუფლების სათავეში მოსვლის მომენტიდან ებრძვიან ახალ უზენაეს საბჭოს და მის მომხრეებს. ახალ ხელისუფლებას ისინი თვლიან კრემლის მარიონეტად. ედპ-ს დამოკიდებულება ხელისუფლებასთან ეყრდნობა სტრატეგიულ მტკიცებას _ კრემლმა შეიმუშავა იმპერიის მოდერნიზაციის სცენარი. ამ სცენარის მიხედვით, მან ხელი შეუწყო მრგვალი მაგიდის გამარჯვებას და ხელისუფლებაში მოსვლას. კრემლმა ამგვარი ნაბიჯით საკუთარ მარიონეტად აქცია ეროვნული ხელისუფლება. ამიტომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ებრძვის ასეთ ხელისუფლებას, გამორიცხავს მასთან კომპრომისს, თანამშრომლობას და მტრულ ძალად მიიჩნევს მას. მისი მიზანია ქართველი ხალხის ჩამოცილება ეროვნული ხელისუფლებისაგან.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მესვეურებისათვის პოლიტიკური ბრძოლის დროს არ არის უცხო ცრუ ბრალდება, ინფორმაციის გაყალბება, უსამართლო იარლიყების მიკერება ოპონენტებისათვის, საკუთარი ნეგატიური პროგნოზის რეალურად დასახვა, მიზნის მისაღწევად არაეთიკური საშუალებების, მეთოდების გამოყენება და მსგავსი პრაქტიკა. მაგ., ისინი ბრალს სდებდნენ ახალ ხელისუფლებას, უკვე ამ უკანასკნელთა საქმიანობის დაწყებიდანვე _ მარიონეტობაში, დიქტატურაში, ბოლშევიზმ-ფაშიზმში, ანტიდემოკრატიზმში, ტერორიზმში და ამ მცირე ხნის განმავლობაში, არამც თუ არ ჰქონდათ მსგავსი ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები, დასაბუთება ან რაიმე მტკიცებულება, არამედ არც შეიძლებოდა ჰქონოდათ.
ამგვარი რეალობიდან გამომდინარე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, უკვე 1990 წლის დასასრულსა და 1991 წლის დასაწყისის პერიოდისათვის არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ახალი ხელისუფლებისათვის, დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალად. უფრო რეალური იქნება, თუ ვიტყვით _ ედპ გახლდათ ახალ ხელისუფლებასთან შეურიგებლად და მტრულად დაპირისპირებული ორგანიზაცია.
თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე და ჯერჯერობით, ეროვნულ-დემოკრატები არ წარმოადგენდნენ ანტისახელმწიფოებრივ ძალას, მათი საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ამ ეტაპზე ეროვნულ-დემოკრატები ჯერ კიდევ არ აყენებდნენ არსებული ხელისუფლების დამხობის ამოცანას, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ამგვარ მიზანს არ აფიქსირებდნენ.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ. ახალი ხელისუფლების მიმართ შეურიგებელი პოზიციით ჭავჭავაძის საზოგადოება არ ჩამორჩებოდა, პირიქით, მეტადაც აქტიურობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან შედარებით. როგორც საზოგადოების სახელწოდებიდან, ისე მისი მესვეურებოს განცხადებებიდან ჩანდა, რომ იგი მონოპოლიას აცხადებდა ილია ჭავჭავაძის იდეურ-პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე. ამგვარი ამბიციიდან გამომდინარეობდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ დაარსებული, უფრო სწორედ კი, როგორც თავად განმარტავდნენ, `აღდგენილი” გაზეთის `ივერიის~ სახელწოდებაც.
მიუხედავად სახელწოდებისა და დეკლარირებული იდეალებისა, ჭავჭავაძისტების საქმიანობა იროდიონ ევდოშვილის მიტინგურ პრაქტიკას უფრო წააგავდა, ვიდრე ილია ჭავჭავაძისას, რომელსაც თავისი დიადი ცხოვრების მანძილზე ერთ მიტინგშიც არ მიუღია მონაწილეობა. ჭავჭავაძის საზოგადოება უფრო მწვავედ ებრძოდა გამსახურდიას ხელისუფლებას, ვიდრე კომუნისტებისას. ეს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ხელისუფლებისადმი შეურიგებელ ოპოზიციაში მოწინავეობას ჭავჭავაძის საზოგადოება დიდი კმაყოფილებით აღნიშნავდა კიდეც: `განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ნეობოლშევიკური პრესის ყურადღების ცენტრში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება აღმოჩნდა~, _ წერდა `ივერია~.
თვალი გადავავლოთ 1991 წლის თებერვალ-მარტში ი. ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩატარებულ ღონისძიებებს, რა ხასიათისაა, რისთვის და რა მიზნით იყო ისინი ორგანიზებული.
18 თებერვალი _ ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით შედგა მიტინგი, რომელიც თავდაპირველად მიძღვნილი იყო ორი წლის წინ, ამავე დღეს აფხაზეთის საკითხისადმი მიმართული მშვიდობიანი მიტინგის დარბევის აღსანიშნავად. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიტინგი გადაიზარდა იმავე დღეს დილით, შავნაბადაზე მხედრიონის რეზიდენციის დარბევის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციად. მასზე `დაგმეს საბჭოთა ხელისუფლებისა და მის მარიონეტთა ერთობლივი ანტიეროვნული მოქმედება.~14
ჭავჭავაძის საზოგადოებამ ეროვნულ ხელისუფლებას ბრალი დასდო საბჭოთა ხელისუფლებასთან ალიანსში და საამისო ეჭვი მას სამართლიანად შეიძლებოდა გასჩენოდა. მაგრამ მანვე არასაკმარისად მიიჩნია საქართველოს ხელისუფლების `ოფიციალური პროტესტი~ კრემლის მისამართით და არ დააკონკრეტა, სხვა რა ზომა შეიძლებოდა მიეღო ეროვნულ ხელისუფლებას მოსკოვის წინააღმდეგ.
19 და 21 თებერვალი _ ამ დღეებშიც გაიმართა ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მიტინგები, რომლებიც მთავრობის სასახლისაკენ მსვლელობით დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ კონგრესში შემავალი სხვა პარტიები.
23 თებერვალი _ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას როგორც იქნა გადაათქმევინეს ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის წინ განზრახული მიტინგის მოწყობის განზრახვა. სამაგიეროდ, მიტინგი კინოს სახლთან მოეწყო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა ჭავჭავაძის საზოგადოება. `ხალხმრავალი მიტინგი~ მთავრობის სასახლესთან `გადაადგილდა.~ იქ თურმე ხელისუფლების მომხრე კონტრმომიტინგეები `ცოცხალი კედლით~ იცავდნენ მთავრობის სასახლეს. ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთი `ივერია~ უქებს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას `ძალიან ოპერატიულობას,~ რომლითაც მან თურმე დამხვდურთა მხრიდან პროვოკაცია და ორ მხარეს შორის შეტაკება `თავიდან აიცილა.~ ჭავჭავაძისტებისა და `ივერიელების~ მიერ მოვლენის ამგვარად `ობიექტური~ გაშუქება ღიმილის მომგვრელად გამოიყურებოდა. დამხვდური `მწივანა ქალები~ მომხდურ ინტელიგენტ კონგრესმენებს და მათ შორის, ჭავჭავაძისტებს თურმე სტუმართმოყვარულად უნდა შეხვედროდნენ. ან გაუგებარია, პუნქტ ა-დან პუნქტ ბ-ში მისულმა წერეთელმა, როგორ “აიცილა თავიდან” შეტაკება. რატომ უნდა ყოფილიყო სარწმუნო, რომ კინოს სახლიდან დაძრული ი. წერეთელი და ჭავჭავაძისტები იყვნენ მშვიდობისმყოფელები და მთავრობის სასახლესთან მყოფი დამხვდურები – აგრესიულები.
25 თებერვალი _ ჭავჭავაძის საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შემდგარ მიტინგში. შემდეგ მომიტინგეები `ტელევიზიისაკენ გაემართნენ.~ ეს და სხვა ამ პერიოდის მიტინგები ეძღვნებოდა, ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვის, ეთნოკონფლიქტების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ხელისუფლების მონოპოლიისა და განსაკუთრებით პოლიტპატიმრების პრობლემებს. ჭავჭავაძის საზოგადოება ჯ. იოსელიანს, ზ. ვეფხვაძეს, სხვა მხედრიონელ ატამანებს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიდა და მათ უპირობო განთავისუფლებას მოითხოვდა. ამ მოთხოვნებით მიადგნენ ჭავჭავაძისტები და სხვა კონგრესისტები ტელევიზიის შენობას და მისი პიკეტირება დაიწყეს. მოპიკეტეები მილიციისა და გვარდიის ნაწილებმა დაშალეს და ამით პროტესტანტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვიეს.
27 თებერვალი _ ჭავჭავაძის საზოგადოებამ ოპერის წინ წამოიწყო მორიგი მიტინგი. ამ დროს, მიმდინარეობდა უზენაესი საბჭოს სესია.
28 თებერვალი _ შედგა მიტინგი. ჭავჭავაძისტები სხვებთან ერთად, ამ ორივე დღეს, სუკ-ისა და მთავრობის რეზიდენციისაკენ აწყობდნენ მსვლელობას, კვლავინდებური მოთხოვნებით: `თავისუფლება პოლიტპატიმრებს~. უკანასკნელთა შორის, პირველ რიგში `პროფესორი ჯაბა იოსელიანი~ ფიგურირებდა.
4 მარტი _ ჭავჭავაძის საზოგადოების თაოსნობით, ოპერის წინ, კვლავ შედგა მიტინგი. მიღებულ იქნა რეზოლუციები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში გაიგზავნა. პირველი რეზოლუცია იუწყებოდა, რომ ხელისუფლება `აშკარა ძალადობას და დევნის გზას დაადგა, დაიწყო ნამდვილი ტერორი და რეპრესიები,~ რომ მხედრიონის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები იყო `ნამდვილი პოლიტიკური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.~ რეზოლუცია მთავრდებოდა სიტყვებით: `ჯაბა იოსელიანისა და სხვათა განთავისუფლება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ეროვნული თანხმობის მისაღწევად საქართველოში.~15
კიდევ უფრო კატეგორიული გახლდათ მეორე რეზოლუცია, რომელიც შეიცავდა ნორმალურ, პოტენციურად შესაძლო დემოკრატიულ ან სამართლიან მოთხოვნებს, რომ, მაგ., ხელისუფლება ადგა მცდარ ეკონომიკურ კურსს. მაგრამ სრულიად გაუგებარი გახლდათ მტკიცე მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი _ `შეწყდეს ცეცხლი და სისხლისღვრა შიდა ქართლში. ხელისუფლებამ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება, რათა საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი დამოკიდებულება საქართველოში მოსახლე ოსებთან. შეიქმნას პოლიტიკური და მატერიალური პირობები შიდა ქართლიდან აყრილი ათიათასობით ლტოლვილის უკან დასაბრუნებლად. ერთდროულად, ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს დამოკიდებულება მის მიერვე ხელდასხმულ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან და აცნობოს ამის შესახებ ფართო საზოგადოებას.~16
რომ დავუშვათ, თითქოს სხვა მოთხოვნები და პრეტენზიები, რასაც ჭავჭავაძისტები ეროვნულ ხელისუფლებას უყენებდნენ, ყველაფერი სამართლიანი იყო, მარტო ეს უკანასკნელი პრეტენზია იმდენად უსამართლოდ გამოიყურება, რომ მკითხველ-მსმენელს ჭავჭავაძის საზოგადოების მოთხოვნათა ტენდენციურობაში ეჭვი აღარ უნდა შეეპაროს. ორიდან ერთ-ერთია _ თუ ჭავჭავაძისტები გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებას შიდა ქართლის პრობლემის მოგვარება შეეძლო, იქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძევება, ქართლის ოსების სეპარატისტული მოძრაობის აღკვეთა და ამას არ აკეთებდა, მაშინ ჭავჭავაძის საზოგადოების ზემოაღნიშნული რეზოლუციის ავტორები საქართველოს და საბჭოთა კავშირის მაშინდელი ურთიერთობის არსში გარკვეულნი ვერ ყოფილან, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჭავჭავაძის საზოგადოებაში განათლებული, მცოდნე ადამიანები ტრიალებდნენ და ალბათ, კარგადაც უწყოდნენ, რა ხდებოდა და ვის გამო ხდებოდა საქართველოში, საქართველოს გარშემო და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
მაგრამ ვაი, რომ ამ გარემოების გათვალისწინების შემთხვევაში, არასახარბიელო დასკვნის წინაშე აღმოვჩნდებით _ ჭავჭავაძის საზოგადოება წინასწარგანზრახულად, განგებ ადანაშაულებდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას შიდა ქართლსა თუ აფხაზეთში შექმნილ ეთნოდაძაბულობაში და იქ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებში მას სდებდა ბრალს. ეს კი უკვე ცილისწამება გახლდათ. ქვემოთ გავაგრძელოთ ეს თემა და ჯერ ჭავჭავაძისტების მიერ მართლაც, როგორც თვითონ ამბობდნენ, `მთელი ძალებით~ აგორებული მიტინგების მიმდინარეობას მივყვეთ.
8 მარტი _ საზოგადოების ძალები კვლავ ოპერის წინაა დარაზმული და მორიგ მიტინგს აწყობს. მთავარი მოთხოვნა _ პოლიტპატიმრების განთავისუფლებაა. გასანთავისუფლებელ პერსონალიებს აღარ დავასახელებთ.
13 მარტი _ საზოგადოებამ ჩვეულ თემატიკას გადაუხვია და ცხუმ-აფხაზეთის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია გამართა. ამჯერად, ხელისუფლებას ბრალად ედებოდა აფხაზური სეპარატისტული ძალებისადმი დამთმობლობა. ამგვარი კრიტიკა სრულიად თავსდებოდა დემოკრატიული და პოლიტიკური ოპონირების ჩარჩოებში, თუმცა, არც თუ სამართლიანი იყო.
15 მარტი _ ჭავჭავაძისტები მორიგ მიტინგს მართავენ ოპერის წინ და მოწოდებას ავრცელებენ. ისინი ხელისუფლებას დიქტატურაში სდებენ ბრალს და `ქართველ ხალხს~ განუმარტავენ იოსელიან-ვეფხვაძის დაპატიმრების `ნამდვილი მიზეზი~ `ნებისმიერ დიქტატურასთან მათი შეურიგებლობა~ არისო. აქაც განზრახ არის გვერდავლილი უკანონო ფორმირებების შეუთავსებლობა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებრივ ყოფასთან. არც იმაზეა საუბარი, რამდენჯერ შესთავაზა ხელისუფლებამ გასამხედროებულ ფორმირებებს ახლადჩამოყალიბებულ გვარდიაში გაერთიანება. აქაც ტენდენციურობა, წინასწარგამიზნული დაპირისპირებაა და ძნელია ამის არდანახვა, ან უარყოფა.
მიტინგი ტრადიციულად მთავრობის სასახლისაკენ მსვლელობით გაგრძელდა და დასრულდა, რადგან ჭავჭავაძისტების კვლავ გასაკვირად და აღსაშფოთებლად, მთავრობის სასახლეს ხელისუფლების მომხრეთა სხვადასხვა კატეგორიები რამდენიმე წრედ იცავდნენ. მიუხედავად ამისა, `საპროტესტო მიტინგმა შესანიშნავად ჩაიარა~ _ კმაყოფილებას ვერ მალავს გაზეთი `ივერია.~
ზემოაღნიშნულ მიტინგურ აქციებს და სხვა საპროტესტო გამოსვლებს ჭავჭავაძის საზოგადოება _ ამას დიდი დაკვირვება არ უნდა _ მანამდეც და 1991 წლის თებერვალ-მარტის შემდეგაც, ერთი მთავარი მიზნით ატარებდა _ გამსახურდიას “დიქტატორული” ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც, მისი რწმენით, იყო დემოკრატიის ერთადერთი დაბრკოლება საქართველოში.
თუმცა ერთი და იგივე მიზანი კი ჰქონდათ, მაგრამ იოსელიან-ჭანტურიასაგან ჭავჭავაძის საზოგადოების ანტიზვიადიზმი მაინც მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდა. იოსელიან-გამსახურდიას კონფლიქტს, რა თქმა უნდა, ამ პიროვნებებთან ერთად, მათთან მდგარ მხარდამჭერ ძალებსაც ვგულისხმობთ, მენტალური და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა განაპირობებდა და ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ჭანტურია-გამსახურდიას შემთხვევაში კონფლიქტის განმსაზღვრელი, შესაძლოა, ორი პიროვნების დაუოკებელი ამბიცია გახლდათ _ ერთი _ ახალგაზრდული, რადიკალური, ავანტიურისტული, მეორე _ ეგოცენტრული, იდეალისტური, მესიანისტური. ამბიციურობა ორივე შემთხვევაში ყოვლისმომცველი იყო.
მაგრამ რა განაპირობებდა ჭავჭავაძისტების ამგვარ უკომპრომისობას გამსახურდიასთან და მის ხელისუფლებასთან მაშინ, როცა ამ საზოგადოების მესვეურთა შორის ნაკლებად იყვნენ ზემოაღნიშნულ თანდაყოლილ მანკიერებათა მატარებელი ადამიანები?
1991 წლის 24-25 იანვარს თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში შედგა ჭავჭავაძის საზოგადოების მეორე ყრილობა. მიიღეს საზოგადოების პროგრამა და წესდება. აირჩიეს საზოგადოების მმართველი სათათბირო ორგანო _ `დარბაზი.~ მასში 53 პირი შედიოდა. ცოტა მოგვიანებით 10 თებერვალს, დარბაზის პირველ სხდომაზე აირჩიეს საზოგადოების თერთმეტი წევრისაგან შემდგარი გამგეობა. მასში შედიოდნენ: აკადემიკოსი-ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ვალერი ვაშაკიძე, კახაბერ კახაძე, რაულ კუპრავა, ჯუმბერ კოპალიანი, თემურ ლორია, ანზორ აბჟანდაძე, იოსებ ბანძელაძე, ტარიელ ღვინიაშვილი, გურამ ყორანაშვილი.
`ივერიის~ რედაქციის კოლეგიაში შედიოდნენ: ანზორ აბჟანდაძე, გუძა აფაქიძე, კახაბერ კახაძე, ზურაბ კიკნაძე, ზურაბ მშვილდაძე, გურამ ყორანაშვილი, თამარ ჩხეიძე, ნიკო ჭავჭავაძე.
საზოგადოების სტრუქტურას, მართვას და შემადგენლობასაც თვალი რომ გადავავლოთ, უნდა დავასკვნათ _ იგი სამივე ამ კომპონენტის მიხედვით, დემოკრატიულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. მართალია, მის ლიდერად თამარ ჩხეიძე მოიაზრებოდა, მაგრამ არც პირველ, არც მეორე ყრილობებს საზოგადოების თავმჯდომარე ოფიციალურად არ აურჩევია, არც დაუნიშნავს. პირიქით, იკამათეს და გადაწყვიტეს, რომ გამგეობას უთავმჯდომარეოდაც ეფექტურად შეეძლო მართვის განხორციელება. ამას იმის გამო აღვნიშნავთ, რომ ამ სტრუქტურის, მართვის და შედგენილობის მიხედვით, მართლაც დემოკრატიულ საზოგადოებას, ასეთივე დემოკრატიული მიზანდასახულება ჰქონდა, ეროვნულთან ერთად.
როგორც დემოკრატიულ და ეროვნულ ზომიერი მიმართულების ორგანიზაციას, ჭავჭავაძის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონოდა ბევრი განსხვავებული შეხედულება, პოზიცია და თვალსაზრისი ჯერ გამსახურდიასთან, მერე მრგვალ მაგიდასთან და ბოლოს, ეროვნულ ხელისუფლებასთან შედარებით. მაგრამ ხაზგასმით ვამბობთ _ ეს განსხვავება, ოპონირება, წინააღმდეგობა არ შეიძლებოდა შეურიგებელი ან უკომპრომისო ყოფილიყო. ეროვნული და დემოკრატიული მსოფლმხედველობის ჭავჭავაძის საზოგადოებას მეტი საერთო უნდა ჰქონოდა ეროვნულ-რადიკალურ მრგვალ მაგიდასთან და მისით დაკომპლექტებულ ეროვნულ ხელისუფლებასთან. მათ შორის, უფრო ბუნებრივი უნდა ყოფილიყო კომპრომისი, თანამშრომლობა, საერთო საქვეყნო მიზნები, თუ რა თქმა უნდა მათი ურთიერთობის საფუძველი იდეური და პოლიტიკური იქნებოდა.
ვიმეორებთ _ თუ ზემოაღნიშნული ორი მხარის ურთიერთობის განმსაზღვრელი იქნებოდა იდეური მიზნები და პოლიტიკური ბრძოლის ნორმები, მაშინ მათ შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის გაუვალი უფსკრული, რაც მათ შორის ფაქტიურად არსებობდა.
მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ იყო და ორივე ორგანიზაციის ურთიერთდამოკიდებულებას რაღაც სხვა _ არა იდეური და არა პოლიტიკური იმპულსები განსაზღვრავდნენ და წარმართავდნენ. უფრო ზუსტად, მათ წინააღმდეგობაში იყო იდეურ-პოლიტიკური პოზიციები – ის, რაც შეიძლება ანსხვავებდეს რადიკალიზმსა და ზომიერ მიმართულებას. მაგრამ ეს არ იყო განმსაზღვრელი. მაშ რა იყო მთავარი.
მთავარი ის იყო, რაც უკვე ნაწილობრივ პირველ თავში აღვნიშნეთ. თამარ ჩხეიძე ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ, ვინც ზვიად გამსახურდიას, მიუხედავად ამ უკანასკნელის დისიდენტური დამსახურებისა, ცნობილი სატელევიზიო მონანიება არ შეიწყნარა, სულმოკლეობა არ აპატია. იგი ფაქტიურად წინ აღუდგა ზვიად გამსახურდიას ეროვნულ მოძრაობაში დაბრუნებას და მას ამის მორალური უფლებაც წაართვა. გავიხსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, თავდაპირველად, ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა მანამდელმა და მერმინდელმა სახელმა და სახემ მოიყარა თავი _ მათ შორის არ იყო ზვიად გამსახურდია.
თამარ ჩხეიძის მიერ გამსახურდიასადმი ანტიპათიას თუ ეროვნულ მოძრაობაში მისი დაბრუნების საწინააღმდეგო პოზიციას, ჭავჭავაძის საზოგადოებაში სხვებიც იზიარებდნენ. გავიხსენოთ გ. მამულიას დამბეზღებლური წერილი ზვიად გამსახურდიას შესახებ, რომელიც ხელისუფლების ოფიციოზში გაზ. `კომუნისტში~ გამოქვეყნდა. ამ წერილმა მაშინდელ ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში და საერთოდ, მეტნაკლებად პატრიოტულად განწყობილ წრეებში გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამბობდნენ კიდეც, თითქოს მაშინდელმა ეროვნულ-დემოკრატებმა `ცილისმწამებლური~ სტატიისათვის, გურამ მამულიას ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაც კი შეუთვალეს.
გასაგებია რომ გ. მამულია მალე ჩამოსცილდა, როგორც ჭავჭავაძის საზოგადოებას, ისე ეროვნულ მოძრაობასაც. მაგრამ რაც მოხდა საკმარისი გახდა ზვიად გამსახურდიასათვის, რომ ჭავჭავაძის საზოგადოება მთლიანად ანათემისათვის გადაეცა, ეწოდებინა მისთვის და მისი წარმომადგენლებისათვის `მოღალატეები,~ ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილების შემტანნი და სხვ. ჭავჭავაძის საზოგადოებაც არ აკლებდა, ოღონდ მის მიერ უკვე ამ დროს წამოწყებულ ბრძოლას გამსახურდიას წინააღმდეგ უფრო ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა.
1989 წლის დასაწყისში ჟურნალ `ივერიის~ მერვე ნომერში ჭავჭავაძის საზოგადოებამ გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიას სტატია: `გამოვედი თუ არა მე ცენტრალური ტელევიზიით 1978 წლის მაისში?~ ცხადია ჭავჭავაძისტებს სრულიადაც არ უფიქრიათ გამსახურდიას პოპულარიზაცია, მათ მხოლოდ მისი კომპრომეტაცია სურდათ. იმავე ნომერში იყო დაბეჭდილი 1978 წლის 18 ივლისის მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის ტელეგადაცემის ტექსტი ამერიკელი ჟურნალისტების პაიპერისა და უიტნის სასამართლო პროცესიდან. ამ პროცესზე როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდია მოწმის სახით გამოვიდა. ჰოდა, ჭავჭავაძისტებმა ეს მასალაც ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტის შესალახად დაბეჭდეს. შესაძლოა დავუშვათ ან გამართლებაც მოვუძებნოთ ჭავჭავაძის საზოგადოების ქმედებას, რომ მათ ძლიერ სურდათ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში არ აღმოჩენილიყო ისეთი არამდგრადი, გაუწონასწორებელი, ამბიციური და კიდევ სხვა არაერთნეგატიურთვისებიანი პიროვნება, როგორიც ზვიად გამსახურდია გახლდათ. მათ ჰქონდათ ამისი უფლება და საკუთარი შეხედულების ქონის ნება.
მაგრამ მათ მიერ გამოყენებული ბრძოლისა და ოპონირების ხერხ-მეთოდები ისეთივე არაეთიკური აღმოჩნდა, რისთვისაც ისინი სხვას ებრძოდნენ.
სხვათა შორის, ზემოაღნიშნული მასალების დაბეჭდვის საკითხს ჟურნალ `ივერიის~ სარედაქციო კოლეგიაში საგანგებო მსჯელობაც მიეძღვნა. ამ ეპიზოდს ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს და აღნიშნავს, რედკოლეგიის წევრები, იმავდროულად ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრებიც იყვნენ და აღნიშნულ სხდომასაც ესწრებოდნენო. ვახტანგ ძაბირაძე გამსახურდიას შესახებ მაკომპრომეტირებელი წერილების გამოქვეყნების წინააღმდეგ გამოვიდა. ავტორი წერს, ამ მასალების გამოქვეყნებაო, `ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაძაბავდა და გაამწვავებდა ეროვნულ მოძრაობაში წარმოქმნილ ისედაც დაძაბულ სიტუაციას, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად შეეცდებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა მიმართული არა ეროვნული მოძრაობის რომელიმე ფრთის, არამედ მთელი ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.~
მაგრამ მაშინაც და მის შემდეგაც, როდესაც ეროვნულ-პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ანგარიშს უსწორებდნენ ან ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თითქმის არავის, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, არავის ჰყოფნიდა არც საერთო-ეროვნული ინტერესების გაგების, ან ერთგულების უნარი. მათ ვიწროპარტიული მიზანი ამოძრავებდათ. სამწუხაროდ, იმ მრავალთა შორის არც ჭავჭავაძის საზოგადოება აღმოჩნდა გამონაკლისი. ვახტანგ ძაბირაძის ცნობით, ის და გურამ სხირტლაძე იყვნენ მასალების გამოქვეყნების წინააღმდეგნი და უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ყველა დანარჩენმა რედკოლეგიისა და გამგეობის წევრმა გულის მოოხება ამჯობინეს და მასალების გამოქვეყნება გადაწყვიტეს, რომლებიც მანამდე ისედაც გამოქვეყნებული იყო და ისედაც ქვეყანამ იცოდა.
შედეგი _ კიდევ ერთი გადაგდებული ქვა ეროვნული მოძრაობის ერთიანობის ბანაკში. `ჟურნალ `ივერიის~ #8 გამოსვლას მართლაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საკოორდინაციო ცენტრში~, _ დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.17
1989-1990 წლებში უკვე შეუძლებელი იყო ჭავჭავაძის საზოგადოებასა და გამსახურდიას შორის მიმდინარე ურთიერთკრიტიკის, ურთიერთბრალდებების, ურთიერთბრძოლის პროცესში მართალ-მტყუანის გარჩევა. კონფლიქტი უკვე ქართული ეგოცენტრული პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთ გამოვლინებად იქცა. გამსახურდიას სპონტანურ გამოსვლებს, იარლიყებს, ბრალდებებს ჭავჭავაძის საზოგადოება არანაკლები სიმწვავით და უფრო გეგმაზომიერი შეტევით პასუხობდა, ააშკარავებდა მის გამოსვლებში ლოგიკურ წინააღმდეგობებს, აქვეყნებდა მის მიტინგებზე წამოსროლილ სპონტანურ ნაციონალისტურ ლოზუნგებს. საერთოდ, ეს ხაზგასასმელია, ჭავჭავაძისტები გამსახურდიას მომხრეებს ნაკლებად ეხებოდნენ. მათი მთავარი სამიზნე ზვიად გამსახურდიას პიროვნება გახლდათ, მისი რეიტინგის დაცემა, მისი როგორმე იზოლირება ეროვნული მოძრაობისაგან, ყოველ შემთხვევაში, მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის ნეიტრალიზება. ამ მხრივ ჭავჭავაძისტები ეროვნულ-დემოკრატების ანალოგიურ მიზანს ისახავდნენ და ახორციელებდნენ კიდეც.
1990 წლის სექტემბრის ბოლოს, ჭავჭავაძის საზოგადოების ორმა გამოცემამ, გაზეთებმა `კავკასიონმა~ და “ივერიამ~, რუსულ და ქართულ ენებზე გამოაქვეყნეს ზვიად გამსახურდიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიუნხენში მყოფ თენგიზ გუდავასთან. ამ საუბრებში ზ. გამსახურდია ღიად სდებდა ბრალს თამარ ჩხეიძეს და განსაკუთრებით ზურაბ ჭავჭავაძეს, სოფ. ბორითთან მომხდარ ავტოკატასტროფაში და მერაბ კოსტავას დაღუპვის ორგანიზებაში. რამდენიმე ამონარიდი ზ. გამსახურდიას საუბრიდან:
`…შვიდჯერ მოუწყო მას ავარია (ე. ი. თამარ ჩხეიძემ _ დ. შ.). ეს მერვეჯერ იყო, გესმის?! დიახ. მან ეს ყველაფერი განზრახ გააკეთა. ის იყო მიგზავნილი და ეს ნაძირალა ჭავჭავაძე, გესმის?! სანამ არ დაღუპეს, მანამდე არ შეეშვნენ.
…მან ის წაათრია (ქუთაისში), გაიგე? დაათრო იქ და მის გვერდით იჯდა. რაღაც საეჭვო მანქანა გამოჩნდა, შემხვედრი, არავინ იცის, ეს მოწყობილია, არაა მოწყობილი, ჯერ არაა გამოკვლეული.
…თამარა და ზურაბი მალე ასიათასიან მიტინგზე გამოცხადდებიან ქართველი ხალხის მოღალატეებად, გესმის, და მავნებლებად და საერთოდ, მათი ადგილი არ იქნება ქართულ მიწაზე, რადგანაც მათ დაღუპეს მერაბ კოსტავა. ისინი მკვლელები არიან, გესმის?~18
ამის შემდეგ, ზ. გამსახურდიამ რადიო `თავისუფლების~ თანამშრომელთან თენგიზ გუდავასთან საუბარში კვლავ დასდო ბრალი აგენტობაში ორგანიზაცია `სეგოს~ ლიდერს ლაშქარაშვილს, რომელიც თითქოს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ `სუკის პროპაგანდას~ ეწეოდა, ხოლო ბოლოს, რადიო `თავისუფლებასაც~ ბოიკოტით დაემუქრა. სხვა თავში შევეხებით იმ თემას, როცა ამავე დიალოგში ზვიად გამსახურდიამ ამერიკის პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ მოძრაობასთან მიმართებით რიბენტროპ-მოლოტოვის გარიგებას შეადარა.
აღნიშნული დიალოგიდან კარგად ჩანს ზვიად გამსახურდიას რამდენიმე ისეთი თვისება და პოზიცია, რომელნიც მიუღებელი იყო ჭავჭავაძის საზოგადოების მესვეურებისათვის და არა მარტო მათთვის. გამსახურდია-გუდავას დიალოგის გამოქვეყნების მიზანიც ის იყო, განემარტათ ქართველი საზოგადოებისათვის, ეროვნული მოძრაობისათვის, რომ ზვიად გამსახურდიასთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე პიროვნება არ უნდა ყოფილიყო ლიდერის, მეთაურის, მით უფრო `ბელადის~ როლში, ისეთი თვისებებისა, როგორიც იყო, თუნდაც ამ დიალოგში გამოვლენილი რამდენიმე შტრიხი _ შეურიგებელი დაპირისპირებისაკენ მიდრეკილება ოპონენტებთან ურთიერთობაში; კონფრონტაციული ხასიათი; იზოლაციონიზმი; აფექტურობა.
ერთი სიტყვით, მანამდეც და თუნდაც ზემოაღნიშნული დიალოგის შემდეგ, ორივე მხარისათვის, ერთმანეთი არამარტო პოლიტიკურად, იდეურად, პირველ რიგში, პიროვნულ-ადამიანურადაც მიუღებელი გახდა. ისინი ერთმანეთისათვის, ერთი მხრივ, დიქტატურის, ნეობოლშევიზმის, ნეოფაშიზმის, მეორე მხრივ კი, მოღალატეობის, მავნებლობის, აგენტობის განმასახიერებლები იყვნენ. იმით თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ერთ-ერთი მხარე უფრო ცივილიზებულ, გონივრულ, კორექტულ ძალას წარმოადგენდა მეორესთან შედარებით. ორივე მხარე ერთნაირად სცოდავდა არაეთიკური მეთოდების გამოყენებით, არაშორსმჭვრეტელობით, ეროვნული ინტერესების გაუთვითცნობიერებლობით და კონფრონტაციისაკენ მიაქანებდა მთელ საზოგადოებას. 1989-1990 წლებში ეს უკვე ცხადი იყო. 1991 წლის დასაწყისშივე უპირობო კონფრონტაციამ ჭავჭავაძის საზოგადოებასა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის, საბოლოოდ გაფორმებული სახე მიიღო. სამწუხაროდ, ამ კიდევ ერთ კონფრონტაციაში პირადი, პიროვნული სიმპათია-ანტიპათია იდეურ-პოლიტიკურ დაპირისპირებას განსაზღვრავდა, რაც პირიქით უნდა ყოფილიყო, ან საერთოდ არ უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი.
მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ ბრძოლას თავისი კანონები აქვს და რაც არ უნდა სჭარბობდეს მასში პირად-პიროვნული ფაქტორი, ეს ბრძოლა გარეგნულად მაინც იდეურ-პოლიტიკური კატეგორიების ფონზე უნდა წარმართულიყო. კონგრესის მომხრე პარტიებისათვის გამსახურდიას პიროვნება მიუღებელი გახლდათ, მაგრამ მხოლოდ ამ ლოზუნგით გამსახურდიას მომხრეების, ან ახლა უკვე ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ იბრძოლებდნენ. საჭირო იყო პოლიტიკური ლოზუნგები, განსხვავებული სტრატეგია ან ტაქტიკა.
კონგრესს ჰქონდა განსხვავებული სტრატეგია, იგი უარყოფდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბალტიურ გზას, შესაბამისად, მას მიუღებლად მიაჩნდა უზენაესი საბჭო და ა. შ. რაც არ უნდა არარეალური ან უსუსური ყოფილიყო კონგრესის არგუმენტაცია, იგი მაინც განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია გახლდათ და ბრძოლის ფორმალურ საშუალებად გამოდგებოდა.
მაგრამ რა უნდა ექნა ჭავჭავაძის საზოგადოებას? იგი თავიდანვე უზენაესი საბჭოს არჩევნების პოზიციაზე იდგა. მას შემდეგ, რაც გამსახურდიას მომხრეებმა ეროვნული ფორუმი დატოვეს და მრგვალი მაგიდა შექმნეს, ჭავჭავაძის საზოგადოებას მათთან უფრო მეტი საერთო მიზნები გაუჩნდა, ვიდრე კონგრესის ფრთასთან. ნორმალური პოლიტიკური ბრძოლის პირობებში ჭავჭავაძის საზოგადოებას უზენაესი საბჭოს არჩევნების პოზიცია უნდა დაეკავებინა და არავითარ შემთხვევაში _ კონგრესის მომხრეთა ბანაკში არ უნდა გადასულიყო. ჭავჭავაძის საზოგადოება რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა. მას ან უზენაესი საბჭოს არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა ან კონგრესის მხარი დაეკავებინა.
პირველ შემთხვევაში, ჭავჭავაძის საზოგადოება საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და გეზის ადეკვატურად მოიქცეოდა და უარყოფდა კონგრესის ტაქტიკას, რომელთანაც იდეურად არაფერი აკავშირებდა, პირიქით, მისი ანტიპოდური ძალა იყო.
მეორე შემთხვევაში, ჭავჭავაძის საზოგადოება საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის საწინააღმდეგო და აბსურდულ პოზიციას დაიკავებდა, შევიდოდა სრულიად უჩვეულო იდეურ-პოლიტიკური ოპონენტების ბანაკში.
ჭავჭავაძისტებმა ყველაზე პოლიტიკურად უსუსური არჩევანი გააკეთეს _ მათ უზენაესი საბჭოს არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა და კონგრესშიც შევიდნენ. შეიძლება ითქვას, ამ გადაწყვეტილების მიღება-განხორციელებისა და ამ პერიოდიდან დაიწყო ჭავჭავაძის საზოგადოების, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის იდეურ-მსოფლმხედველობრივი ნგრევისა და იდენტურობის დაკარგვის პროცესი. იგივე შეიძლება ითქვას იმ ზომიერ-ლიბერალურ თუ ცენტრისტულ ორგანიზაციებზეც, რომლებმაც ანალოგიური არჩევანი გააკეთეს _ რესპუბლიკელებმა, ჯავახიშვილისტებმა, ჯორჯაძისტებმა, სხვა წვრილმანმა ჯგუფებმა.
აღმოჩნდნენ რა თავიანთი ყოფილი სასტიკი მოწინააღმდეგეების ბანაკში _ კონგრესში, ჭავჭავაძის საზოგადოებამ თანდათან იწყო იმ ლოზუნგების, თეზისების, კრიტიკის და საერთოდ ბრძოლის გეზის გაზიარება, რომელიც კონგრესის მიერ ჯერ მრგვალი მაგიდის, შემდეგ, ეროვნული ხელისუფლების და უფრო ზუსტი იქნება, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გახლდათ მიმართული. ტრანსფორმაცია მით უფრო უცნაური იყო, რომ კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ზომიერ-ცენტრისტი ჭავჭავაძისტები უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისო რადიკალებად გარდაიქმნენ. სამწუხაროდ, `შინაური მტრის~ წინააღმდეგ შეურიგებლობა, როგორც ჩანს, უფრო ადვილი გახლდათ, ეს ფაქტია.
ჭავჭავაძის საზოგადოება თვლიდა, რომ მხედრიონის წინააღმდეგ განხორციელებული ხელისუფლების ღონისძიებები იყო `ანტიდემოკრატიული,~ `აღვირახსნილი ცილისმწამებლური კამპანია,~ რის გამოც ჭავჭავაძის საზოგადოებამ `მთელი ძალები ამ კარგადშენიღბულ ანტიეროვნულ მოქმედების სამხილებლად მიმართა~; რომ დამოუკიდებლობის პარტიის მიერ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობასთან 23 თებერვალს განზრახულ მიტინგთან დაკავშირებით, გაზ. `ივერიის~ განმარტებით, `გამსახურდიას მთავრობამ ისეთი ამბავი შექმნა ამ აქციაზე, რომ ნათელი გახდა, იგეგმებოდა ფართო მასშტაბის პროვოკაცია და სისხლისღვრა, რომელსაც შემდეგ მთავრობა ი. წერეთელს და მასთან ერთად ეროვნულ კონგრესს დააბრალებდა~.
რა შეიძლება ითქვას ამგვარ პროგნოზზე, როცა ჭავჭავაძის საზოგადოება ხელისუფლებას ბრალს სდებდა, ჯერ კიდევ, ჩაუდენელ დანაშაულში; როდესაც კრიტიკის საფუძვლად, მხოლოდ ვარაუდი მიიჩნეოდა და აშკარა ბრალდების ხასიათს ატარებდა. სხვა ამბავია რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ჭავჭავაძის საზოგადოებას, ისევე როგორც კონგრესის სხვა წევრ პარტიებს, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ხელისუფლების დასაყრდენად მიაჩნდათ საბჭოთა საოკუპაციო ჯარი. ცხადია, თუ ამგვარ უკუღმართ რეალობაში ჭავჭავაძის საზოგადოება გულწრფელად იყო დარწმუნებული, მაშინ მას, მართლაც უნდა ებრძოლა ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ. იბრძოდა კიდეც `მთელი ძალებით”. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭავჭავაძისტები მეტისმეტად განსწავლულები იყვნენ იმისათვის, რომ ამგვარი აბსურდი დაეჯერებინათ და ამიტომაც, მათ მიერ “მთელი ძალებით” ნასროლი ქვები გამსახურდიას ეზოში კი არა, საერთო ეროვნული მოძრაობის ბანაკში ცვიოდა.
ჭავჭავაძის საზოგადოებამ პირველ რიგში, გაიზიარა კონგრესისტების პოლიტიკური დოქტრინა კრემლის სცენარის შესახებ, რომლის თანახმადაც, უზენაესი საბჭოს არჩევნების გზით დამოუკიდებლობა-გამოცხადებული რესპუბლიკები, კვლავ მოდერნიზებული იმპერიის ხელში აღმოჩნდებოდნენ. ასე დაემართათ ბალტიელებს. ისინი ყალბი ეროვნული გამარჯვებების საწამლავით გააბრუეს და ტექნიკურად მიერეკებოდნენ `წინასწარ მონიშნული ახალი გომურისაკენ~. მათ ვერ `გაიაზრეს ახალი იმპერიული თამაშის არსი~ და აირჩიეს საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობის `დამღუპველი~ გზა.
ჭავჭავაძისტებმა კი `გაიაზრეს~ ის, რასაც ვერ მიხვდნენ ბალტიისპირელები და კრემლის კროსვორდის ამომხსნელი კონგრესისტების ბანაკში მივიდნენ.
კონგრესის მთავარი დოქტრინის მიღების შემდეგ, ჭავჭავაძისტებმა მისი სულისჩამდგმელების სხვა ყველა პოზიციაც გაიზიარეს _ საზოგადოებამ სოლიდარობა გამოუცხადა `პატრიოტულ~ ორგანიზაცია მხედრიონს.
საზოგადოება შეურიგებელ ოპოზიციაში ჩაუდგა `მარიონეტულ~ ხელისუფლებას, რომელიც მისი მესვეურების დეკლარაციის მიხედვით, კომუნისტური დესპოტიის შემდეგ, მხოლოდ `სახეშეცვლილ ტირანიას~ წარმოადგენდა და რომელიც `რეპრესიებისა და საოკუპაციო ჯარის გამოყენებით~ ცდილობდა ოპოზიციასთან ანგარიშის გასწორებას.19
საზოგადოებამ ცალსახად დაადანაშაულა ეროვნული ხელისუფლება კონგრესთან მოლაპარაკების ჩაშლაში და ოპოზიციასთან კონფრონტაციისაკენ მისწრაფებაში და ა. შ.
ერთი სიტყვით, დავასკვნათ: ჭავჭავაძის საზოგადოება ზემოგანხილული და სხვა ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო, შეურიგებელი რადიკალური ოპოზიციის ბანაკში აღმოჩნდა და თავადაც შეურიგებლად დაუპირისპირდა ეროვნულ ხელისუფლებას. ამ ნაბიჯით მან განზრახ თუ გაუთვითცნობიერებლად, პასუხიმგებლობა აიღო, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ისევე, როგორც კონგრესმა და მისმა მხარდამჭერთა ბანაკმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებაზე და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელ შედეგებზე, რომელნიც 1991 წლის გაზაფხულისათვის ყველას გაცნობიერებული არ ჰქონდა.

ი. წერეთელი და მისი პარტია ანტისახელისუფლებო ბანაკში. უკვე აღვნიშნეთ და ეს განვლილმა 15 წელმა დაადასტურა, რომ საქართველოში 1991-1992 წლებში მომხდარმა ხელისუფლების დამხობამ უმძიმესი შედეგები მოუტანა ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ უბედურებას საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და განსაკუთრებით მის ერთ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ნაწილში, ეროვნულ-რადიკალურ ბანაკში მომხდარმა განხეთქილებამ. შემდგომში განხეთქილება გადაიზარდა ე. წ. ეროვნულ კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის დაპირისპირებაში. ძალიან ჭირს ამ დაპირისპირებაში ეროვნული კონგრესის რაიმე პოზიტიურ როლზე საუბარი. ამ ორგანომ სამწუხაროდ, მხოლოდ დესტრუქციული როლი შეასრულა, მაგრამ შესაძლოა მაშინდელ კონგრესმენთა ნაწილს ეს გარემოება არც ჰქონდა წარმოდგენილი.
შესაძლოა, კონგრესის დესტრუქციული არსი არც ამ ორგანოს ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს _ ირ. წერეთელს ჰქონდა ნათლად გაცნობიერებული. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ი. წერეთელი 1991-1992 წლების ქართული დრამის იმ პერსონაჟთა არც თუ მრავალრიცხოვან წრეს მიეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი შეცდომები აღიარეს მაინც.
ი. წერეთელმა ეს არაერთგზის გააკეთა. პირველად ი. წერეთელმა 1993 წლის თებერვალში განაცხადა, რომ კონგრესის არჩევნებში `გაცილებით ნაკლებმა ხალხმა~ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე უზენაესი საბჭოს არჩევნებში. მალე გაირკვა ისიც, რომ `კონგრესში აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც ზ. გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ `ჩასაფრების პოლიტიკა~ აირჩიეს. როდესაც მას რაიმე შეეშლებოდა, მათ ეს უხაროდათ, იმის მაგივრად, რომ ეს ყოფილიყო წუხილის საგანი. ფაქტიურად, ეროვნული კონგრესის გარკვეული წრეები გადაიქცნენ ზ. გამსახურდიასთან დაპირისპირების ცენტრად. ეროვნულმა კონგრესმა ვერ შეასრულა ის ფუნქცია, რომლის შესრულებაც ნამდვილად შეეძლო.~
ი. წერეთლის დაგვიანებული აღიარებით, ზვიად გამსახურდიას მმართველობა `არც ისეთი დიქტატურა იყო მაშინ, როგორც მონათლეს!~20 მიუხედავად შედარებით ობიექტური და ზნეობრივი შეფასება-პოზიციებისა, ი. წერეთელი მაინც ეროვნული ხელისუფლების შეურიგებელი მოწინააღმდეგეების ბანაკში იმყოფებოდა და მოქმედებდა.
ამიტომ მისი გვიანდელი განცხადებები რომ შეცდომა იყო, როცა ზვიად გამსახურდიას დავუპირისპირდიო, უფრო აძლიერებს ი. წერეთლისა და მისი მსგავსი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის ხარისხს. `ისე კი, კაცს უნდა შეეძლოს შეცდომების აღიარება და თუ დამნაშავე არაა ქვეყნისა და ერის წინაშე, მიტევებულიც უნდა იყვეს~, _ აცხადებდა ი. წერეთელი 1993 წლის ზაფხულში. ამ განცხადების პირველი ნაწილი ზნეობრივია და ბარაქალა ი. წერეთელს სხვა მისი მაშინდელი თანამოაზრეებისაგან განსხვავებით. მაგრამ ის გარემოება, დამნაშავე იყო თუ არა `ქვეყნისა და ერის წინაშე,~ მას კი არა, `ქვეყანას~ და `ერს~ უნდა გადაეწყვიტა და უნდა გადაწყვიტოს, რაც, პირველ რიგში, საისტორიო მეცნიერების საშუალებით ხდება.
არც ის გარემოება წყვეტს რაიმეს, როცა დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი არსებითად კვლავ თავს იმართლებდა: `რაღაც-რაღაცეები ვერ გავითვალისწინე~, მაგრამ მე `იმ შეცდომებშიც საქართველო მიყვარდა და მასთან დამოკიდებულებაში გულწრფელი ვიყავი.~21 პოლიტიკურ პიროვნებათა როლი, ადგილი და შეფასება მათივე საქმიანობის შედეგებით ფასდება სამწუხაროდ, და არა სამშობლოსადმი სიყვარულის ხარისხით, თუმცაღა, რა თქმა უნდა ეს უკანასკნელიც გასათვალისწინებელია, მაგრამ მეორეხარისხოვანი გარემოებაა.
1990 წლის ოქტომბერში ი. წერეთელმა არც მეტი, არც ნაკლები, კონგრესის არჩევას საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და თანამედროვეობის `კიდევ ერთი სასწაული~ უწოდა.22 ცოტა უფრო გვიან, იმავე წლის 6 ნოემბერს შემდგარ ე. წ. ეროვნული კონგრესის საორგანიზაციო კოლეგიის სხდომაზე ი. წერეთელმა ახალარჩეულ უზენაეს საბჭოს მეორადი სტატუსი მიანიჭა კონგრესის შემდეგ. მისი თქმით, უზენაეს საბჭოს იმის უფლებაც არ ჰქონდა, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, რადგან უზენაესი საბჭოს არჩევა `არამართლზომიერი~ იყო. ერთი სიტყვით კონგრესი, მისი და სხვა კონგრესმენების თვალსაზრისით, ქართველი ერის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ნების გამომხატველი ორგანო იყო, რომლის გადაწყვეტილებებს და გეზს უნდა დამთხვეოდა უზენაესი საბჭოს საქმიანობა. ამ შემთხვევაში განხორციელდებოდა ეროვნული კონსოლიდაცია. ამ თეზისის მტკიცება-დასაბუთება ხდებოდა ი. წერეთლისა და მისი თანამოაზრეების მიერ მოსაწყენი და აბსურდული სამართლებრივი კომბინაციებით.
იმის შესახებ ი. წერეთელი არ ფიქრობდა, რომ კონგრესის საქმიანობა, ფუნქციონირება და შეურიგებლობა უზენაეს საბჭოსთან უკვე იდეოლოგიურად და პრაქტიკულად აპოხიერებდა ნიადაგს ორი მტრული ბანაკის ჩამოყალიბებისათვის, ახალბედა სახელმწიფო სივრცეში. მაინც, ი. წერეთელი სხვაზე მეტად გულშემატკივრობდა ეროვნული ერთიანობის იდეას და სხვაზე მეტად ცდილობდა ორი შეურიგებელი ბანაკის შერიგებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, უზენაეს საბჭოსთან რაიმე კომპრომისზე წასვლის გარეშე. როდესაც 1990 წლის 8 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ უშედეგო აღმოჩნდა, ი. წერეთელმა შიმშილობა გამოაცხადა.
აქტიურ პარტიათაშორისო და მიტინგურ-საპროტესტო საქმიანობასთან ერთად, ი. წერეთელი დრო და დრო ქართველ საზოგადოებას გაერთიანება-კონსენსუსის პროექტებსაც სთავაზობდა ხოლმე. ერთ-ერთი ამგვარი რეცეპტი-პროექტი `მოწოდება სრულიად საქართველოსა და ქართველი ერისადმი,~ სულისშემძვრელად სანტიმენტალური მიმართვით იწყებოდა: `მამულიშვილნო! მეგობრებო! დებო და ძმებო! ძვირფასო და საყვარელო თანამემამულენო! ღვთისმშობლის წილხვედრო საქართველოს ძენო და ასულნო!~
რასა სთხოვდა და რა უნდა გაეკეთებინათ ი. წერეთლის `მოწოდების~ მიხედვით, ზემოჩამოთვლილ ადრესატებს:
მათ უნდა, პირველ რიგში, შეეგნოთ, რომ საქართველოსთვის მთავარი უბედურების წყარო არის საოკუპაციო ჯარის ყოფნა მის ტერიტორიაზე. ერის გაერთიანება უნდა მომხდარიყო დეოკუპაციის მოთხოვნის დროშის ქვეშ. უნდა დაწყებულიყო მშვიდობიანი გამოსვლების, გაფიცვების, მანიფესტაციებისა და დემონსტრაციების `უწყვეტი სერია,~ რითაც განხორციელდებოდა “საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა.~ ამის შემდეგ, ყველაფერი ი. წერეთლის მიერ ჩამოწერილი საპროგრამო პუნქტების მიხედვით უნდა გაკეთებულიყო: 1. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მცხეთაში უნდა ჩაეტარებინა ერთდღიანი ეროვნული ლოცვა: 2. ამის შემდეგ, უნდა მოწვეულიყო საერთო ეროვნული კრება, რა თქმა უნდა, კონგრესის, უზენაესი საბჭოსა და ყველა პარტიის მონაწილეობით; 3. კრება მიიღებდა შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) საქართველო გამოცხადდებოდა ოკუპირებულ-ანექსირებულ ქვეყნად და მიიღებდნენ დეკლარაციას საყოველთაო დაუმორჩილებლობის შესახებ; ბ) საქართველოს დამოუკდებლობის აღდგენის დეკლარაცია გაეგზავნებოდა გაერო-ს, ნატო-ს და ა. შ.; გ) ასევე, გაიგზავნებოდა დელეგაციები `შესაბამის სახელმწიფო და საერთაშორისო სამთავრობო ინსტანციებში~; დ) აირჩევდნენ ეროვნული დაუმორჩილებლობის ხელმძღვანელ ორგანოს.
ეტყობა წერეთელს თავადაც არ სჯეროდა წარმოსახვით შექმნილი რომანტიკული სიუჟეტისა და ყოველ შემთხვევაში, დაასკვნიდა: თუ ქართველი ერი მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ მიიღებს, მისი განხორციელებისათვის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია იბრძოლებსო.23 ი. წერეთლისათვის, სამწუხაროდ, მისი გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა მოწოდების სამივე ადრესატისათვის _ ქართველი ხალხისათვის იმიტომ, რომ მისგან `უწყვეტ~ თავდადებას ითხოვდნენ უპერსპექტივო ბრძოლაში. ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი და მასთან ქართველი საზოგადოების ერთობლივი დაპირისპირება არარეალური ჩანდა; _ ე. წ. ეროვნული კონგრესისათვის, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნების და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ ხელმძღვანელ-გამომხატველად მიიჩნევდა თავს და ამ როლის გაყოფას არავისთან არ აპირებდა და _ უზენაესი საბჭოსთვისაც, რადგან ეს უკანასკნელი, ეროვნულ კონგრესში მხოლოდ თავის მოწინააღმდეგეს და კონკურენტს ხედავდა.
მაგრამ ი. წერეთლის პოზიცია მაინც განსხვავდებოდა სხვა თანაკონგრესმენებისაგან. მან პრიორიტეტულად წამოსწია საქართველოს დეოკუპაციის ლოზუნგი. ამით შესაძლებლობა უნდა შექმნილიყო ქართული პოლიტიკური სპექტრის სივრცეში, თუ ი. წერეთლის გეგმას `მოპირდაპირე დასები~ მხარს დაუჭერდნენ, ისინი უფრო მაღალი პოლიტიკური ინტერესების გამო, დროებით მაინც გვერდზე გადადებდნენ ურთიერთდაპირისპირებას და საერთო მიზნის გამო, თანამშრომლობას დაიწყებდნენ. ამით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კონფრონტაციის დამღუპველი სენი დროებით მაინც მიყუჩდებოდა.
ი. წერეთლის ეს გეგმა არ განხორციელდა, მისი უტოპიურობის გამო. მაგრამ მისი განხორციელებისათვის ბრძოლა წერეთლის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ გადაწყვიტა. რაც არ უნდა არარეალისტურად მოგვეჩვენოს 1990-1991 წლების საერთაშორისო ვითარების ფონზე საბჭოთა ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისათვის ბრძოლის წამოწყება, იგი მაინც შეიცავდა, როგორც ზნეობრივ, ისე რაციონალურ საწყისს. დეოკუპაციის კურსის აღებით ი. წერეთელმა და მისმა პარტიამ, ფაქტიურად, მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნია დემოკრატიის კურსი. წერეთელმა დეოკოპაციისათვის ბრძოლით ანტისახელისუფლებო ბრძოლის ლოზუნგის ჩანაცვლება სცადა, რაც, ამავდროულად, დანარჩენი კონგრესისტებისაგან განსხვავებული პოზიციისა და ტაქტიკის მიღებას ნიშნავდა.
1993 წელს ი. წერეთელი ამბობდა: `ჩემი აზრით, მეტი ზნეობა და პასუხისმგებლობა რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მინიმუმამდე დაგვეყვანა განხეთქილება, რომელიც არსებობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის…~ ეჭვი არაა, ი. წერეთელი `ზნეობრივადაც და პასუხიმგებლობითაც~ მაღლა აღმოჩნდა თავის თანაკონგრესმენ კოლეგებთან შედარებით. მან არსებულ ხელისუფლებასთან კრიჭაში ჩადგომას, `ჩასაფრების~ პოლიტიკას _ მეტროპოლიასთან უშუალი დაპირისპირების კურსი არჩია. მაგრამ რამდენად რაციონალური, რეალისტური და მიზანშეწონილი გახლდათ ეს კურსი, სხვა საკითხია.
1991 წლის დასაწყისში ი. წერეთელმა და მისმა პარტიამ დიდი საპროტესტო აქცია დაგეგმა. წერეთლისაგან ამგვარი ჩანაფიქრი არავის გაუკვირდებოდა. არც ის იყო ახალი ამბავი, რომ აღნიშნული აქცია უნდა ჩატარებულიყო საბჭოთა საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის მოთხოვნით. პრობლემა სხვა გარემოებაში მდგომარეობდა _ წერეთელი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შტაბის შენობის წინ აპირებდა. სწორედ ამ უკანასკნელმა გარემოებამ შეაშფოთა `ბევრი ჩვენი თანამემამულე,~ მათ შორის, ეროვნული ხელისუფლება და კონგრესიც კი ან, ყოველ შემთხვევაში, კონგრესმენთა ნაწილი.
შიშის დიდი საფუძველი რა თქმა უნდა, არსებობდა. საბჭოთა იმპერიის ანგარიშზე ამ დროისათვის, უკვე ირიცხებოდა თბილისის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის და სხვა სისხლიანი რეპრესიები. ბევრი ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მორიგი ტრაგედია მომხდარიყო. ი. წერეთელი საზოგადოებას აწყნარებდა, რა მოხდა ხალხნო, ანალოგიური აქტები ოლქის შტაბის შენობის წინ ორჯერ მოვაწყვე 1990 წლის 23 თებერვალს და 9 აპრილს და მაშინ ხომ `სისხლი არ დაღვრილაო.~ ბოლოს ი. წერეთელს როგორც იქნა გადაათქმევინეს და ნაწილობრივ შეაცვლევინეს გეგმა. `მიმართვაში~ ქართველი ერისა და საქართველის მოსახლეობისადმი იგი აქციაზე ეპატიჟებოდა ხალხს, მაგრამ არა ოლქის შტაბის შენობის, არამედ კინოს სახლის წინ. მაგრამ ჩვენთვის ამჯერად, 23 თებერვლის აქციის მომზადება და ჩატარება არ არის მთავარი. მთავარი ი. წერეთლის ზემოგანხილული დეოკუპაციის ლოზუნგი და მისი განხორციელებისათვის ბრძოლის ტაქტიკური არჩევანია, რამაც ის და მისი პარტია კონგრესისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩააყენა.
მაგრამ ნიშნავდა თუ არა ამგვარი ტაქტიკური არჩევანი კონგრესისაგან რამენაირ `გამოთიშვას~ ან ი. წერეთლისა და მისი პარტიის რამენაირ დაახლოებას თუ არა ლოიალობას მაინც, უზენაეს საბჭოსთან. არა, არ ნიშნავდა. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ბოლომდე კონგრესის იდეისა და სტრატეგიის ერთგული დარჩა. მას პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ეროვნულ ხელისუფლებასთან ლოიალობის მიმართულებით. ამბობენ, ზვიად გამსახურდიამ შეხვედრაც შესთავაზა ირ. წერეთელს, მაგრამ თითქოს ამ უკანასკნელმა შეუთვალა: მე უზენაეს საბჭოში მომსვლელი არა ვარ, შენ კი მაქედან გამომსვლელი, ამიტომ ჩვენი შეხვედრაც ვერ შედგებაო. ამ გადმოცემის რეალობას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ჩვენთვის მთავარია ფაქტი _ ი. წერეთელი, რამდენად განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყო მისი პოზიცია სხვა კონგრესმენებისაგან, მაინც რჩებოდა შეურიგებელი რადიკალური ოპოზიციის ბანაკში და მის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენდა, როგორც ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში მყოფი ოპონენტი.
და ბოლოს, იმ ულტიმატუმის შესახებ, რომელიც ე. წ. ეროვნულმა კონგრესმა საქართველოს უზენაეს საბჭოს წაუყენა, გ. ჭანტურიას პირით, ჯერ კიდევ 1990 წლის ნოემბერში. ამ მცირემოცულობიან განცხადებაში, უკვე მაშინ, ვისაც მცირეოდენი განსჯის უნარი ჰქონდა, უნდა გაეცნობიერებინა, რომ კონგრესი შეურიგებლად იყო განწყობილი უზენაესი საბჭოს მიმართ და მასთან, მხოლოდ ერთი ენით _ მტრული დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ენით აპირებდა ლაპარაკს. გ. ჭანტურია განმარტავდა, რომ კონგრესი `არ დაუპირისპირდებოდა~ უზენაეს საბჭოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ეს უკანასკნელი, ე. ი. უზენაესი საბჭო:
1. არ დააპირებდა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას;
2. არ გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას;
3. არ განახორციელებდა რეპრესიებს და არ დაუპირისპირდებოდა კონგრესს, `მთელ ეროვნულ მოძრაობას~;
4. იბრძოლებდა დეოკუპაციისათვის;
5. არ განახორციელებდა ანტიდემოკრატიულ კურსს, არ დაუპირისპირდებოდა საქართველოს, ქართველი ერის ინტერესებს.~
სრულიად გარკვევით უნდა ითქვას, ზოგიერთ ზემოაღნიშნულ ულტიმატური ხასიათის გაფრთხილებას სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას, თუ არა _ პროვოკაციული, რადგან რამდენიმე მოთხოვნას, წინასწარვე ცნობილი იყო _ უზენაესი საბჭო არ და ვერც შეასრულებდა. ჩვენი ამგვარი შეხედულება შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა კიდეც.
Mმაგ., ხელისუფლებას არც მოუწერია და არც დაუპირებია ხელმოწერა სამოკავშორეო ხელშეკრულებაზე; მას გაუგებარი მიზეზის გამო, ართმევდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების უფლებას; ხელისუფლებას არ განუხორციელებია რეპრესიები და, მით უფრო, არ დაპირისპირებია `მთელ ეროვნულ მოძრაობას~ და ამას ვერც გააკეთებდა, რადგან თავად წარმოადგენდა ეროვნულ მოძრაობას. მაგრამ როგორც ვთქვით, ჭანტურიას ზოგიერთი მოთხოვნა იმ ხასიათისა იყო, რასაც ხელისუფლება ვერც განახორციელებდა და არც განახორციელებდა. Mმაგ., დეოკოპაციის კურსს სჭირდებოდა მთელი რიგი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორების შექმნა, რაც მასზე არ იყო დამოკიდებული.
ჭანტურიას მეხუთე მოთხოვნა კი ისეთი იყო, რომ თუნდაც იდეალური `დემოკრატიული კურსი~ გაეტარებინა, კონგრესი მაინც მოუძებნიდა ნაკლს და ანტიდემოკრატიულად მონათლავდა ხელისუფლების ნამოქმედარს. რაც მთავარია, შეასრულებდა თუ არ შეასრულებდა ხელისუფლება ჭანტურია-კონგრესის მოთხოვნებს, თუკი იგი ასეთ რამეს მართლაც მოინდომებდა, მისი შემფასებელი მისივე დაუძინებელი მოწინააღმდეგე კონგრესი გახლდათ და, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ობიექტურ მხარეს არ წარმოადგენდა. მით უფრო ადვილი გასაკრიტიკებელი გახლდათ ხელისუფლება ჭანტურიას ულტიმატუმის მეორე პუნქტის გამო, რომელიც ხელისუფლებას დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკრძალავდა, ე. ი. მთავარ მიზანს.
როგორც აღვნიშნეთ, კონგრესის მიერ შემუშავებული დოქტრინის მიხედვით, საქართველოს ახალი ხელისუფლება იყო იმპერიის ცენტრალური ხელისუფლების მხოლოდ ადგილობრივი ორგანო. ირ. ბათიაშვილიც ადასტურებდა და კატეგორიულად განმარტავდა, რომ უზენაესი საბჭო გახლდათ `მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდული ორგანო და არავითარ შემთხვევაში ეროვნული მოძრაობის წარმმართველი ძალა.~24 კონგრესმენი ავტორის არგუმენტაციის მიხედვით, შეუძლებელი გახლდათ უზენაესი საბჭო ხელისუფლებაც ყოფილიყო და ოპოზიციურ-განმათავისუფლებელი ძალაც. ამისი უფლება თითქოს გააჩნდა ეროვნულ კონგრესს, რომელიც, ავტორისა და მისი თანამოაზრე კონგრესმენების მტკიცებით, წარმოადგენდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის `წარმმართველ და მაკოორდინებელ ორგანოს.~ კონგრესმენთა დახლართული სამართლებრივი კომბინაციებისა და კაზუისტიკიდან გამომდინარე, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება გააჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის მიერ არჩეულ კონგრესს და არ გააჩნდა ეროვნული მოძრაობიდან მოსულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აირჩია.
რა თქმა უნდა, კონგრესს სრული უფლება ჰქონდა საკუთარი შეხედულებები ჰქონოდა და საკუთარი პოლიტიკური კონცეფციის მიხედვით ემოქმედა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ეროვნულ ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური პროგრამის მიხედვით მოქმედების უფლება ერთმეოდა. პირიქით, ხელისუფლების უფლება ბევრად უფრო ლეგიტიმური და კანონიერი იყო. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ჭანტურიას და კონგრესის ულტიმატუმური მოთხოვნები და განსაკუთრებით მათი პრეტენზია, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლებაზე, არამარტო გადაჭარბებული, არამედ აბსურდულიც გახლდათ.
სხვა ანტისახელისუფლო პარტიები შეურიგებლად კი იყვნენ განწყობილნი, მაგრამ უფრო წვრილ დაჯგუფებებს წარმოადგენდნენ, ვიდრე ორგანიზებულ პოლიტიკურ პარტიებს. ზოგიერთი მათგანი დაიშალა ან სხვა მსხვილ პარტიებს შეუერთდა. მაგ., 1990 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული პარტია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან გაერთიანდა. უკვე ამ დროს აღნიშნული პარტიის მთავარ კომიტეტში აღარ ჩანდა ვ. მთავრიშვილი. მან ახალი ორგანიზაცია _ მოქალაქეთა ლიგა შექმნა. ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს აღარ შევეხებით. ისინი ძირითადად იზიარებდნენ კონგრესში განსაკუთრებით გამორჩეული ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიების ანტისახელისუფლო პათოსს და მწვავედ უპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას იმაშიც, რაშიც ეს უკანასკნელი ცდებოდა და იმ საკითხებშიც, რაშიც ხელისუფლების ნაბიჯები გამართლებული მოჩანდა.
მთავარი კი ის გახლდათ, რომ 1991 წლის მარტისათვის კონგრესსა და ხელისუფლებას შორის, ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული და სტაბილურად კონფრონტაციული იყო. ჯერჯერობით, დაპირისპირება ორივე და განსაკუთრებით კონგრესის მხრიდან მუდმივ მიტინგებში, ქუჩის აქციებში და მედია-პროპაგანდაში გამოიხატებოდა. შეურიგებელი ოპოზიცია არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ხელისუფლებას სხვა მეთოდებით, ვთქვათ, შეიარაღებული ძალით დაპირისპირებოდა. ამგვარი პოტენციური პერსპექტივის მქონე მხედრიონის ნეიტრალიზება ხელისუფლებამ მოახერხა. მეორეც _ ხელისუფლებამ უკვე ეროვნული გვარდიის ფორმირება დაიწყო. ეს გარემოება მხოლოდ იმას მიანიშნებდა, რომ მტრულად, ურთიერთგამომრიცხავად დაპირისპირებულ ბანაკებს შორის, ჯერჯერობით, ძალისმიერი უპირატესობა ხელისუფლების მხარეზე გახლდათ. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული _ დამატებით რესურსებს, ანუ მომხრე-მოკავშირეებს, ხელისუფლება და შეურიგებელი ოპოზიცია _ ვინ რამდენს, როგორი ძალის მქონეს, სად და ვისი სახით მოიპოვებდა.

თ ა ვ ი  მ ე ო თ ხ ე

პოლიტიკური დაპირისპირებები დამოუკიდებელ საქართველოში (1991 წლის აპრილ-აგვისტო)

რეფერენდუმები და კონფრონტაციის შენელება.
1991 წლის მარტის და აპრილის თვეებში საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბატალიები ერთგვარად დაცხრა ან დაცხრასავით. დაძაბულობის შენელებას უფრო იმპერიის ცენტრიდან მომდინარე პროცესებმა მისცეს იმპულსი. 16 იანვარს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება `საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებულ ღონისძიებათა და რეფერენდუმის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.~
ამ პერიოდისათვის უკვე მიმდინარეობდა იმპერიის მოდერნიზაციის პროცესი. მუშავდებოდა პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას. მომავალ ფედერაციულ თუ კონფედერაციულ სახელმწიფოში თუ გაერთიანებაში `სუვერენული~ რესპუბლიკები უნდა შესულიყვნენ. 1991 წლის 6 მარტს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კიდეც შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ეწოდებოდა `ხელშეკრულება სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის შესახებ.~ ის, რასაც ჩვენებური ე. წ. “ეროვნული კონგრესის~ ლიდერები კრემლის საიდუმლო სცენარებს და იმპერიის მოდერნიზაციის ფარულ გეგმებს ეძახდნენ, სრულიად აშკარა, ღია პროცესის სახეს ღებულობდა.
ახალ `სუვერენულ დემოკრატიულ ფედერაციულ სახელმწიფოში~ შემავალი ყოფილი მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკები `სუვერენულ სახელმწიფოებად~ მოიხსენიებოდნენ და პროექტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად მიიჩნეოდნენ, რაც გაუგებრობას წარმოადგენდა თვით მოკავშირე რესპუბლიკების კომუნისტი ლიდერებისთვისაც კი. უკრაინის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ კრავჩუკი კითხულობდა: `ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ გვინდა შევქმნათ სუვერენული სახელმწიფოების კავშირი. როგორი იქნება ის? ქვეყნის პრეზიდენტი მ. ს. გორბაჩოვი მე მპასუხობს – კონფედერაცია, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ი. ლუკიანოვი, კი ამის შესახებ, აცხადებს – ფედერაცია.~1
ფედერაცია იქნებოდა თუ კონფედერაცია, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა – ფორმა ბოლოს და ბოლოს დადგინდებოდა. მთავარი შინაარსი გახლდათ და იგი გულისხმობდა მომავალში საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს – რუსეთის გავლენის სფეროში ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების შენარჩუნებას.
ახალი საკავშირო სახელმწიფოს თუ სახელმწიფოთა გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა, სწორედ საბჭოთა იმპერიის ხელისუფლების მიერ დანიშნული რეფერენდუმი. იგი 17 მარტს უნდა ჩატარებულიყო მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ყველა ყოფილ თუ არსებულ მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეფერენდუმი ერთადერთ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვდა: `თვლით თუ არა თქვენ საჭიროდ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, როგორც თანასწორუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკების განახლებული ფედერაციის შენარჩუნებას, რომელშიც მთელი სისრულით იქნება გარანტირებული ნებისმიერი ეროვნების ადამიანთა უფლებები და მოვალეობები.~
ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმპერიის მოდერნიზაციის გეგმებში საქართველოს ახალი ხელისუფლების ჩათრევის შესახებ. ამის შესაძლებლობას კონგრესის მომხრე პარტიები არამარტო გამოთქვამდნენ, არამედ როგორც, უკვე მომხდარ ფაქტს, ისე განიხილავდნენ. გ. ჭანტურიას თეზისი, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული ეროვნული ძალები სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს აუცილებლად მოაწერდნენ, უკრიტიკოდ იქნა გაზიარებული კონგრესის მომხრე პარტიების მიერ.
1990 წლის აგვისტოში გ. ჭანტურია წერდა, რომ ზვიად გამსახურდია გახლდათ ადამიანი, `რომელიც გეგმაზომიერად ახორციელებდა კრემლის გეგმას საქართველოში.~ რაში მდგომარეობდა ეს გეგმა? ჭანტურიას თვალსაზრისით, `კრემლის ინტერესებში შედიოდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილის დემოკრატიული წესით არჩევაც.~ იმპერიისათვის საჭირო იყო ახალი `ხელშეკრულების~ საფუძველზე მოდერნიზაცია და ამ გზით, იმპერიის შენარჩუნება. იმპერიას არ აწყობდა, რომ ამგვარი ხელშეკრულებისათვის ხელი მოეწერათ ყოფილი ან ახლანდელი მოკავშირე რესპუბლიკების ძველ უმაღლეს საბჭოებს, რომლებიც კომპრომეტირებული კომუნისტებისაგან შედგებოდა. მათ ხალხის ნდობის მანდატი არ გააჩნდათ.
`გაცილებით ხელსაყრელია, – განმარტავდა ჭანტურია, – `დემოკრატიული წესით პარლამენტის არჩევა, სადაც კომუნისტები უმცირესობაში იქნებიან, პარლამენტის წამყვან ძალად კი ნაციონალ-ბოლშევიკური ტიპის `ფრონტები~ და `ჰელსინკის კავშირები~ მოგვევლინები.~ ჭანტურიას მიერ პროგნოზირებული კრემლის სცენარი, რა თქმა უნდა, რეალური გახლდათ და არ საჭიროებდა წინასწარმეტყველების განსაკუთრებულ უნარს. შემდგომში მოვლენები `ლიტვური~ გზით განვითარდებოდა: გამოცხადდებოდა დამოუკიდებლობა, რომელიც ჭანტურიას რწმენით, `ფიქტიური~ იქნებოდა. ამას მოჰყვებოდა იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკური ზეწოლა და `ყოველივე ამის შემდეგ კონფედერაცია ციურ მანანასავით იქნებოდა მიღებული.~ საქართველოს შეეცვლებოდა სახელი, სოციალისტურის ნაცვლად იქნებოდა დემოკრატიული `საქართველოს რესპუბლიკა~ და ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა. ასე მოხდებოდა ყველა რესპუბლიკაში. `ამ ბნელი გეგმის განსახორციელებლად კრემლს ყველა `რესპუბლიკაში~ ეგულებოდა `თავისი ხალხი,~ მათ შორის საქართველოშიც.~ გ. ჭანტურია ვერაფრით ვერ შეეგუა და არც აღიარა დამოუკიდებლობის `ლიტვური~ გზა და ბოლოს, მასთან გააიგივა უზბეკეთის გამოცდილებაც, სადაც საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ უზბეკებმა სატელევიზიო პროგრამის `ვრემიას~ გადაცემიდან გაიგეს. `ლიტვურ-უზბეკური გზა, – დაასკვნიდა გ. ჭანტურია, – გვითქვამს და ახლაც ვიმეორებთ, არის უმოკლესი გზა კონფედერაციისაკენ.~2
აი, რას უპირებდა კრემლი საქართველოს. გ. ჭანტურიას დასაბუთებაში ბევრი რამ იყო საგულისხმო, რეალური და გასათვალისწინებელი. კრემლის მიერ შემუშავებული ამგვარი და მსგავსი სცენარები უკვე ინტენსიურად მუშავდებოდა და როგორც აღვნიშნეთ, ერთი მათგანი 1991 წლის მარტში გამოქვეყნდა კიდეც. 1991 წლის 17 მარტს საბჭოთა კავშირის უმრავლეს მოკავშირე რესპუბლიკებში ჩატარდა რეფერენდუმი. მასში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 80%-მა, რომლიდანაც 76%-მა ახალი დემოკრატიული ფედერაციის სახით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი, 21%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ცხრა მოკავშირე რესპუბლიკამ: რუსეთმა, ბელორუსიამ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, ტაჯიკეთმა და თურქმენეთმა. ამ რესპუბლიკებმა თავიდანვე გაიზიარეს საბჭოთა იმპერიის მოდერნიზებული ტრანსფორმაციის სცენარი და ახალი სამოკავშირეო ფედერაციის მშენებლობაში ჩაერთვნენ.
მაგრამ, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ საბჭოთა იმპერიის მოდერნიზაციის პროცესს უკვე პირველივე ნაბიჯებიდან გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები – ასეთი ექვსი რესპუბლიკა აღმოჩნდა: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სომხეთი, მოლდავეთი და საქართველო. ჯერ მაინც მოვლენებს მივყვეთ და თავდაპირველად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიციას, საქმიანობას და ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას დავაკვირდეთ და გავიაზროთ. ეს პარტია და მისი ლიდერი ხომ გამსახურდიას ხელისუფლების უპირველეს შეურიგებელ მოწინააღმდეგედ რჩებოდა.
რეფერენდუმის ჩატარებამდე, ე. ი. 1991 წლის მარტამდე, ეროვნულ-დემოკრატთა პოზიციის ერთ-ერთი ბოლო დაფიქსირება თებერვლის დასაწყისისათვის მოხდა. პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით უნდა მოწყობილიყო `პოლიტიკური აქციები~. მათ უნდა ჰქონოდათ `მჯდომარე გაფიცვის სახე. ყოველდღიურად გაიმართებოდა მიტინგები და მანიფესტაციები~ და იყო `მოწოდება საყოველთაო გაფიცვისაკენაც~ კი. რა მიზნით აწყობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ამ მასშტაბურ დაუმორჩილებლობას, ან ვის უწყობდნენ, ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და რისთვის მოუწოდებდნენ `რეგიონებს~ – ქართლ-კახეთ-გურია-იმერეთ-აფხაზეთ-რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთ-მესხეთის მოსახლეობას, ეროვნულ კონგრესს, `ნებისმიერ ქართველ პატრიოტს?~
ხუთი მოთხოვნა ჰქონდათ ახალ ეროვნულ-დემოკრატებს. ერთხელ უკვე აღვნიშნეთ და კვლავ ხაზს ვუსვამთ სიტყვა `ახალს,~ რათა XX საუკუნის დასასრულის `ედპ~ არ აგვერიოს, ან არ გავაიგივოთ საუკუნის დასაწყისის ეროვნულ-დემოკრატებთან. მიზეზი ისაა, რომ ორი თაობის ეროვნულ-დემოკრატები ძირეულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც პოლიტიკური ბრძოლის საშუალებებით, ისე ხელისუფლებასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, პროფესიონალიზმით, სხვა მრავალი ნიშნით.
ახალი ეროვნულ-დემოკრატების მოთხოვნები გახლდათ: 1. პრეფექტების დაწესების შესახებ კანონის გაუქმება; 2. გლეხებისათვის მიწის გადაცემა; 3. უარის თქმა, როგორც 17 მარტის, ისე 31 მარტის რეფერენდუმების ჩატარებაზე; 4. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო პატრულის დაუშვებლობა და დეოკუპაციის მოთხოვნის საკითხის დაყენება და 5. უარის თქმა, როგორც `სამოკავშირეო~ ხელშეკრულებაზე, ისე ნებისმიერ ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე რუსეთთან.
ეროვნულ-დემოკრატთა რამდენიმე მოთხოვნა სრულ გაუგებრობას წარმოადგენდა, რადგან ისინი მოითხოვდნენ იმას, რაც ხელისუფლებამ უკვე მათ გარეშეც განახორციელა, ან ახორციელებდა.
მაგ., ედპ მოითხოვდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო პატრულის დაუშვებლობას. საქმე იმაში გახლდათ, რომ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს 1990 წლის 29 დეკემბრის #493/513 ბრძანების თანახმად, `1 თებერვლიდან… დედაქალაქში… და საოლქო ცენტრებში~ უნდა განხორციელებულიყო `მილიციის მუშაკებისა და საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთობლივი პატრულირება~ – ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. მაგრამ რაღას მოითხოვდა 2 თებერვალს ედპ-ს მთავარი კომიტეტი, როცა საქართველოს უზენაესმა საბჭომ 30 იანვარს უკვე მიიღო დადგენილება – დედაქალაქებსა და მრავალ სამრეწველო ცენტრებში მილიციისა და არმიის ერთობლივი პატრულირების შესახებ – სსრკ კავშირის ბრძანებულების `საქართველოს ტერიტორიაზე შეჩერების შესახებ~? ამგვარი შემთხვევა ედპ-ს მხრიდან მოსახლეობის განგებ შეცდომაში შეყვანასა და მისი პროვოცირების ცდად შეიძლებოდა მხოლოდ განხილულიყო. აქ არა აქვს მნიშვნელობა, რომ ედპ-ს სიცრუე მალე გამჟღავნდებოდა და სიმართლე მალე დადგინდებოდა. აქ მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ედპ სპეციალურად აყალბებდა რეალობას და ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს არ ერიდებოდა სიცრუეს, სიყალბეს, მოსახლეობის პროვოცირებას და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობას.3
რა თქმა უნდა აღნიშნული და სხვა სახის სიცრუეები არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ვრცელდებოდა გაზრახ და ხშირ შემთხვევაში მცდარ, ტენდენციურ წარმოდგენას უქმნიდა დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მოღვაწეობისა და აქ განვითარებული რეალობის შესახებ. ამიტომ იყო სრულიად მართებული გულისტკივილი, რომელსაც ზვიად გამსახურდია იმავე დღეებში, არც პირველად და არც უკანასკნელად გამოთქვამდა: `…სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაშიც კი ბევრ მოღვაწეს არა აქვს მკაფიო ორიენტაცია. თვით ჩვენი თანამემამულეებიც ასხამენ წყალს თავისუფლების მტერთა წისქვილზე, ცილს სწამებენ ჩვენს მაღალ იდეალებს და ამისთვის სარგებლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების რადიოსადგურის სამსახურით.~4
ედპ-ს დანარჩენ მოთხოვნებზე საქართველოს იმჟამინდელი რეალობა იძლეოდა პასუხს: პრეფექტურის კანონის შესახებ აზრთა სხვაობა ბუნებრივი გახლდათ. ეროვნულ-დემოკრატთა აზრით, ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ ქვეყნის რეგიონებში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, აუცილებელი იყო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი მმართველობის შექმნა. აღნიშნული პრობლემა, მაშინდელი ქვეყნის მდგომარეობის პირობებში, არ უნდა ქცეულიყო ოპოზიციის მხრიდან ქუჩის აქციებისა და უკიდურესი ზომების მიღების მიზეზი.
არც სხვა მოთხოვნები იმსახურებდა იმდენს, რომ მწვავე დაპირისპირების მიზეზად ქცეულიყო ხელისუფლებასთან. პირიქით, ხელისუფლებას უფრო მეტი არგუმენტი გააჩნდა საკუთარი სიმართლის დასასაბუთებლად.
გლეხებისათვის მიწის გადაცემის მომზადება რამდენიმე ეტაპიან მუშაობას და დროს მოითხოვდა. დაპირისპირებების მიზეზი მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებდა, თუ ხელისუფლება პრინციპულად წინააღმდეგი იქნებოდა მიწის რეფორმის. ასე არ იყო. ხელისუფლება რეფორმის მომხრე გახლდათ და მის მოსამზადებლად გარდამავალ პერიოდს ითხოვდა. გარდა ამისა, მას სხვა ნაციონალური ხასიათის საფრთხეებიც აშინებდა და არ სურდა შეცდომები დაეშვა. კიდევ უფრო სიფრთხილე მართებდა ხელისუფლებას, როცა მისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ, სასწრაფოდ დაესვა ქვეყნის დეოკუპაციის მოთხოვნის საკითხი. საინტერესოა, რომელი ძლიერი სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია `გაუგებდა~ და დაეხმარებოდა, ან მხარს დაუჭერდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იურიდიულად მყოფ საქართველოს. დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება – 2007 წლის 15 ნოემბერია და სწორედ დღეს დასრულდა რუსეთის ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, რომელიც ხელისუფლების იურისდიქციაში შედის – ე. ი. იმ პერიოდიდან 17 წლის ურთულესი პერიპეტიებისა და პროცესების შემდეგ.. მეტიც, აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ რჩება რუსეთის ბაზა – სახელშეცვლილი სტატუსით.
და ბოლოს, ედპ მოითხოვდა არავითარი ეკონომიკური ხელშეკრულება არ დაედო საქართველოს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასთან – ე. ი. გაეწყვიტა მასთან ეკონომიკური ერთიერთობა. რა გაეწყობა, უნდა გავუგოთ ახალ ეროვნულ-დემოკრატებს, ისინი ხომ რადიკალები და რევოლუციური ტიპის მაქსიმალისტები იყვნენ. სამწუხაროდ, მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე – საბჭოთა იმპერია თუ საქართველოს ახალი ეროვნული მიმართულების ხელისუფლება. მეტიც, უკანასკნელს ისინი უფრო მეტი გაბედულებით და გააფთრებით ებრძოდნენ, რადგან უფრო ნაკლებ საფრთხეს მოელოდნენ და თავსაც უფრო უშიშრად გრძნობდნენ.
ამ შემთხვევაშიც, უკვე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერების ანტისახელისუფლო ბრძოლის სტრატეგია – დაპირისპირება არა რაიმე პრინციპის, უფრო მაღალი იდეის, ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს ინტერესისათვის, არამედ – დაპირისპირება დაპირისპირებისათვის, მუდმივი, შეურიგებელი ბრძოლა გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ, მხოლოდ მასთან ბრძოლის მიზნით. ამ პერიოდისათვის – 1991 წლის ზამთარ-გაზაფხულის გასაყარზე – მათ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის კონკრეტული მიზანი ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ, ჯერ საამისო პირობები არ იყო შემზადებული. კიდევ უფრო დასუსტდა შეურიგებელი ოპოზიცია `მხედრიონის~ ნეიტრალიზაციის შემდეგ. ეს უკვე აღვნიშნეთ.
ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ედპ-ს მიერ ხელისუფლებისადმი წამოყენებულ კიდევ ერთ კატეგორიულ მოთხოვნაზე – უკანასკნელს უარი უნდა ეთქვა არამარტო 17 მარტის, არამედ 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარებაზეც.
ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ აბათილებდა შეურიგებელი ოპოზიციის წინასწარ შეთხზული ბრალდებების ფორმით გამოთქმულ წინასწარმეტყველებებს, მაგ., იმის შესახებ, რომ საქართველო გაერთიანდებოდა მოდერნიზებულ საკავშირო სახელმწიფოში. ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლდათ 17 მარტის არჩევნებში მონაწილეობაზე საქართველოს უარი. 28 თებერვალს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება `სსრკ კავშირის შენარჩუნების საკითხზე სსრკ რეფერენდუმის ორგანიზაციისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ სსრკ უმაღლესი საბჭოს დადგენილების თაობაზე~. მასში ვკითხულობთ:
`ქართველმა ერმა თვითგამორკვევა საკუთარი სახელმწიფოებრიობის შექმნით განახორციელა სულ ცოტა 2500 წლის წინათ და დღემდე განუწყვეტელ ომებში იცავდა და იცავს მას.
XIX საუკუნის დამდეგს, რუსეთის იმპერიამ მოახდინა საქართველოს სამეფო-სამთავროების ოკუპაცია-ანექსია, ხოლო 1921 წელს რსფსრ-მ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ფაქტობრივად, ხელმეორე ანექსია განახორციელა. 1919 წლისა და 1990 წლის არჩევნებით, ქართველმა ხალხმა XX საუკუნეში უკვე ორჯერ დაადასტურა თავისი ნება – ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, ბუნდოვანია რეფერენდუმის კითხვა, გაურკვეველია, რას წარმოადგენს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის განახლებული ფედერაცია, მით უმეტეს, რომ მისი სტატუსი არც ერთი იურიდიული დოკუმენტით არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, არ შეიძლება არსებობდეს სუვერენულ სახელმწიფოთა ფედერაცია. სსრკ კანონით რეფერენდუმის შესახებ ილახება საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი, რადგანაც რესპუბლიკის მომავალი ბედი განისაზღვრება არა მისი მოქალაქეების, არანედ სსრ კავშირში შემავალი სხვა `მოკავშირე რესპუბლიკების~ მოსახლეობის გადაწყვეტილებით.
არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:
1. არ გაიმართოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი;
2. რეფერენდუმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, 1991 წლის 31 მარტს დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ერთადერთი კითხვით: `თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის საფუძველზე.~
17 მარტის რეფერენდუმის საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალვისა და ჩაუტარებლობის შესახებ არც ედპ, არც შეურიგებელ ოპოზიციას აზრი არ გამოუთქვამს. რა თქმა უნდა ისინიც ამ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა ან მოწონება ხმამაღლა არ გამოუთქვამთ. როგორც ჩანს, ქართველ რადიკალურ პოლიტიკურ ელიტას მოწინააღმდეგის – თუნდაც ეს ყოფილიყო კანონიერი და ეროვნული ხელისუფლება – ქმედების მოწონება ან აღიარება დაუშვებელ ნორმად მიაჩნდა.
მაგრამ უზენაესი საბჭოს მიერ 17 მარტის რეფერენდუმის რადიკალურმა უარყოფამ მაინც მოახდინა გავლენა შეურიგებელთა პოზიციაზე და ერთგვარად, გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც, შეანელა მათი ანტისახელისუფლო რიტორიკა. ახლა შეურიგებლები შეეცადნენ არც დაპირისპირებოდნენ 31 მარტის რეფერენდუმს, მაგრამ არც მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი გამოემჟღავნებინათ მის მიმართ. შეიძლება ითქვას, 1990 წლის მარტ-აპრილის გათიშვისა და დაპირისპირების შემდეგ, პირველად მოხდა უზენაესი საბჭოსა და ე. წ. ეროვნული კონგრესის პოზიციათა დაახლოება. სამწუხაროდ, პოზიციათა ეს დროებითი თანადამთხვევა არ გადაზრდილა ურთიერთლოიალობაში. კონგრესის მომხრე პარტიათა უზენაესი საბჭოსადმი კონფრონტაციის შენელება უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ შეურიგებელ კონგრესისტებს დასაპირისპირებელი არგუმენტაციის საფუძველი გამოეცალათ, დროებით მაინც. რით უნდა დაპირისპირებოდნენ ისინი ხელისუფლებას – 17 მარტის რეფერენდუმი რატომ არ ჩაატარეო და საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას რატომ მხარი არ დაუჭირეო, ხომ არ ეტყოდნენ.
თვით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც კორექტულად განეწყო და ასეთივე პათოსით გამოხატა თავისი თვალსაზრისი სპეციალურ `განცხადებაში.~ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ქართველმა ხალხმა 1918 წლის 26 მაისის აქტით თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი კვლავ ინარჩუნებდა იურიდიულ ძალმოსილებას. ამიტომ 31 მარტის რეფერენდუმში საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა მხოლოდ დაადასტურებდა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სამართლიან შიშს გამოთქვამდა იმ შესაძლებლობის გამო, თუ რეფერენდუმში დამოუკიდებლობას მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა და ნებისმიერი მიზეზის გამო არ დაუჭერდა მხარს. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, `რეფერენდუმში დამარცხება საქართველოსათვის კატასტროფის ტოლფასი~ იქნებოდა, რადგან `უარყოფითი შედეგი უდიდეს ზიანს მოუტანდა ქართველი ერის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და კრემლს კიდევ ერთი კოზირს ჩაუგდებდა ხელში ქართველი ერის წინააღმდეგ.~
ამგვარი რისკიანი პერსპექტივის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია `რეფერენდუმის ჩატარებას მიიჩნევდა პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯად.~ ეროვნულ-დემოკრატთა ჩვეულ კონფრონტაციულ განწყობას თუ გავითვალისწინებთ უზენაესი საბჭოს მიმართ, აღნიშნული `განცხადება~ კორექტულობისა და პოლიტიკური კულტურის გამოვლენის ნიმუშს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ამგვარი ეპიზოდი გამონაკლისი გახლდათ.
მიუხედავად რეფერენდუმის იდეის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, ეროვნულ-დემოკრატები კონსტრუქციულობას ამჟღავნებდნენ. დამარცხების დამანგრეველი შედეგების შესაძლებლობის გამო, ისინი მოუწოდებდნენ მოსახლეობას, ხმა მიეცათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რათა `თავიდან აეცილებინათ კრემლისათვის ესოდენ სასურველი და საქართველოსათვის დამღუპველი უარყოფითი შედეგი.~5
ცხადია 31 მარტს დანიშნული რეფერენდუმის მიზანშეწონილობა კამათის საგანი შეიძლება გამხდარიყო. მისი ჩატარების აუცილებლობაში ზომიერი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლებიც არ იყვნენ დარწმუნებულნი. ირაკლი შენგელაია მართებულად მიიჩნევდა, რომ 31 მარტის რეფერენდუმს სულაც არ ექვემდებარებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კანონიერების საკითხი. `პოლიტიკური და იურიდიული მნიშვნელობა ამ რეფერენდუმს არა აქვს~, – წერდა ის და ალბათ ცოტას აჭარბებდა. 31 მარტის რეფერენდუმს, როგორც ირაკლი შენგელაია აფიქსირებდა, `მორალურ-ზნეობრივი~ მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ უზენაესი საბჭო თავად განუსაზღვრავდა რეფერენდუმს რაიმე ამგვარ განსაკუთრებულ სტატუსს. ი. შენგელაიასავე სიტყვით, სწორედ ასე მოიქცნენ ლატვია და ესტონეთი, რომლებმაც ამ ქვეყნებში ჩატარებულ ანალოგიური სახის რეფერენდუმებს პოლიტიკურ-იურიდიული სტატუსი მოუხსნეს და ერთგვარი უკანდასახევი გზა დაიტოვეს.
ასეა თუ ისე, 31 მარტის რეფერენდუმის წინააღმდეგ, მიუხედავად მისი ჩატარების აუცილებლობის შესახებ არსებული ეჭვებისა, შეურიგებელი ოპოზიცია არ გამოსულა. ამგვარი აქტი, ქართული პოლიტიკური ორომტრიალის პერმანენტულ რეალობაში გაჩენილი ერთგვარი დათბობის მომასწავებელი სიმპტომი გახლდათ. იქნებ მსგავსი იდეის წარმოსახვის გავლენით თუ უბრალო პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 14 მარტს ეროვნული კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა ქართველ ხალხს, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს: `…რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დღეს გააჩნია ქართველ ხალხს, ეს არის სრული და შეურყეველი კონსოლიდაცია, ერთი ეროვნული დროშის ქვეშ გაერთიანება. ნუ დავივიწყებთ – საერთაშორისო სამართალი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ერს თავის სუბიექტად სცნობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მხარი დაუჭიროს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას.~6
კონფრონტაციული პროცესების ამ ერთგვარმა ტაიმ-აუტმა ზოგიერთ პოლიტიკოსს საქართველოში მიმდინარე ეროვნულ-პოლიტიკური მოვლენების თეორიული გააზრების სურვილი აღუძრა. სწორედ, ამგვარი ტენდენციის გამოსახატავად შეიძლება მივიჩნიოთ თემურ ფიფიას სტატია `საუკუნის მისტერია.~ მასში თეორიული ასახვა ჰპოვა კონგრესის ტრადიციულმა პოზიციამ ეროვნული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ იყო ზოგიერთი სიახლეც, რის გამოც იგი ყურადღებას იმსახურებს.
ავტორმა მართებული დასკვნა გააკეთა როცა მიიჩნია, რომ საბჭოთა კავშირში მიმდინარე ხალხების მასობრივი საპროტესტო მოძრაობა `ძირითადში მართვადია და ჩაყენებულია იმპერიის მოდერნიზების ფარგლებში. თუ არ მოხდება ამ გეგმის გაცნობიერება და მის წინააღმდეგ მედგარი ბრძოლა, იგი წარმატებით განხორციელდება.~ თემურ ფიფია გულისხმობდა ე. წ. იმპერიის მოდერნიზაციის მეორე ეტაპს, რომელიც უნდა წარმართულიყო მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენულ სახელმწიფოებად გამოცხადების გზით. კრემლი ამ პროცესს ხელს არ შეუშლიდა და ფარულად შეიძლება ხელიც კი შეეწყო ამ ახალ სახელმწიფოების, როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების, ისე თავისთვის სასურველი მარიონეტული ხელისუფლებების შექმნისათვის.
შემდგომი ეტაპი კი იქნებოდა ამგვარ ხელისუფლებათა მიერ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და ძველი იმპერიის ახალი ფორმით რეანიმაცია. აი, რა გახლდათ `საქართველოსათვის გამზადებული მომავალი~ და თ. ფიფია სამართლიანად აღნიშნავდა – ამგვარი პერსპექტივა, რომელიც მეტ თავისუფლებას, საშინაო საქმეებში მეტროპოლიის ნაკლებ ჩარევას და ნომინალურ დამოუკიდებლობას გულისხმობდა, სავსებით მისაღები გახლდათ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, განსაკუთრებით კი `ჩვენი მამების თაობისათვის.~
იმაში მართალი გახლდათ თემურ ფიფია, როცა ჩვენი ქართული რეალობის ერთ პარადოქსულად დამახასიათებელ თვისებას შენიშნავდა – ფაქტიურად, ქართული მოსახლეობის თითქმის არც ერთი სოციალური ფენა არ იყო დაინტერესებული ეროვნული თავისუფლებით. ეს თეზისი ძირითად რეალობას ასახავდა, თუმცა შესაძლოა ნაწილობრივ გადაჭარბებული იყო. უფრო ზუსტად რომ გამოვხატოთ მაშინდელი რეალობა, ამგვარ თეზისს მივიღებთ: საქართველოს სრული დამოუკიდებლობით და ყოფილი მეტროპოლიისაგან სრული გამოყოფით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არც ერთი ძირითადი სოციალური ფერა მზად არ იყო, ხოლო ის ფენები, რომლებსაც სრული თავისუფლება სწყუროდათ, მაგ. ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის ნაწილი, ამგვარი მაქსიმალისტური მიზნის მისაღწევად საკმარისი არ იყო. Aახალგაზრდობა, რომელსაც ავტორი ეროვნული მოძრაობის მთავარ არმიად თვლიდა, ხომ მოსახლეობის ერთ-ერთი სოციალურ ფენას წარმოადგენდა.
აი ამის შემდეგ კი თ. ფიფია ჩვეულებრივად იმეორებდა და ასაბუთებდა კონგრესის ძირითად დოქტრინას – რომ ეროვნული მოძრაობის ერთმა ნაწილმა ბზარი შეიტანა განმათავისუფლებელთა ერთიანობაში, როცა პარლამენტარიზმის გზას დაადგა და 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა; რომ მრგვალი მაგიდის ბლოკი და მისი მხარდამჭერი ძალები `ეროვნული მოძრაობის მცირე ნაწილია~ და რომ 28 ოქტომბერს `მოხდა სოციალური მოძრაობისა და იმპერიის მოდერნიზების გეგმის გამარჯვება~.
ერთი სიტყვით, ეროვნული ხელისუფლება ფაქტიურად კრემლის მარიონეტის როლში აღმოჩნდა და იმპერიის მოდერნიზაციის სცენარში მოექცა. ამის შემდეგ თ. ფიფია უზენაეს საბჭოს კონგრესის სტრატეგიისა და საკუთარი პოლიტიკური შეცდომის აღიარებას ურჩევდა: მან უნდა თავი გამოაცხადოს თვითმმართველობის ორგანოდ; საქართველოს რეალური, ე. ი. კოლონიის სტატუსი მიანიჭოს და ეროვნული კონგრესი მიიჩნიოს `ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ძალად.~
ავტორი აღიარებდა, მასობრივი ეროვნული მოძრაობის დამწყები ახალი თაობა 1990 წლის შემოდგომაზე, ფაქტობრივად დამარცხდაო და თან იმასაც დაასკვნიდა: `ეს, ალბათ კანონზომიერი მოვლენა იყო.~ აი, ეს უკანასკნელი თეზისია საინტერესო თ. ფიფიას ზემოგანხილულ წერილში. ავტორი ამ დამარცხების მიზეზებს ბოლომდე არ ასახელებდა. იგი პარლამენტარიზმის იდეის გამარჯვებას ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტს მიაწერდა მხოლოდ. ამავე დროს, ავტორის აზრით, ეროვნულ მოძრაობაზე სოციალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა და ჩაენაცვლა მას. ორი მიზეზი დასახელებულია, მაგრამ უმთავრესი და მესამე მიზეზი არაა დასახელებული, რამაც მოვლენათა სწორედ ამგვარი განვითარება განაპირობა.
უბრალოდ და არც თუ ისე რთულადაა ასახსნელი. პირიქით, მარტივადაც კი არის საქმე: მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია და პარლამენტარიზმის გზა რეალისტური აღმოჩნდა და ამიტომ გახდა მისაღები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის. კონგრესის მიერ წამოყენებული ეროვნული დაუმორჩილებლობის სტრატეგია, რაც არ უნდა ზნეობრივად და ვაჟკაცურად წარმოვიდგინოთ, პოლიტიკური რომანტიზმი და უტოპია აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, იგი ასეთად მიიღო მაშინდელმა მოსახლეობის უმრავლესობამ. აქ უბრალოდ იმ მარტივ რეალობასთან გვაქვს საქმე, რომ თუნდაც კეთილშობილური და მაქსიმალისტური ახალი თაობის მიზნები და მოძრაობა მოწყდა ქართველი ხალხის უმრავლესობის რეალურ შესაძლებლობებს. ასე და ამგვარად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს, არაერთი ეროვნული მოძრაობა დამარცხებულა ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. თემურ ფიფია იმედს გამოთქვამდა რომ ისტორია ალბათ გამოაჩენს რა მოტივები ამოძრავებდა ზვიად გამსახურდიას, როცა პარლამენტარიზმის გზა აირჩია. არც ესაა რთული პასუხგასაცემი და ეს არა მარტო ისტორიამ დაადასტურა, არამედ მაშინვე კარგად იყო ცნობილი. ზვიად გამსახურდიამ და მისმა მხარდამჭერებმა პოლიტიკური ბრძოლის რეალისტური გზა აირჩიეს და ამით გამოხატეს ქართველი ხალხის ნება, ამით მოიპოვეს მისივე თანადგომა.
ისე კი მაინც, მაშინდელი დროისათვის უჩვეულო ობიექტურობისა და კორექტულობისათვის, დღეს მაინც მადლიერება უნდა გამოვხატოთ თემურ ფიფიას, როგორც ავტორის მიმართ. მან აღიარა ქართული რადიკალური ეროვნული მოძრაობის და, განსაკუთრებით, ახალი თაობის შეურიგებელი ოპოზიციური ნაწილის ირაციონალიზმი. `ყველაფერი თავიდანაა დასაწყები, შეცდომები გასათვალისწინებელი, რომანტიზმი რეალობით შესაცვლელი. ამ საქმეს მთელი თაობის გაერთიანება და ძალისხმევა სჭირდება.
შეძლებს კი ჩვენი თაობა ამას?!~7
მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. დავაფიქსიროთ კონგრესმენი ავტორის ძირითადი დასკვნა და განაჩენი, რაც მან თავის თანამებრძოლებს გამოუტანა – პოლიტიკური რომანტიზმი. ისიც დავაფიქსიროთ, რომ თ. ფიფია რომანტიზმის პოლიტიკური რეალიზმით შეცვლის აუცილებლობას ხედავდა და ამისკენ მოუწოდებდა კიდეც თავისიანებს. თუ როგორ შეცვალეს კონგრესის მომხრეებმა რომანტიზმი და რაგვარი რეალიზმით, შემდგომი მოვლენები თვალნათლივ დაგვანახებენ.

დამოუკიდებლობის აღდგენა და მისი ოპონენტები. ლიტერატურაში არსებობს აზრი, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ ჩქარობდა დამოუკიდებლობის დეკლარირებას. სწორედ ამიტომ გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც თვით გამსახურდიას განცხადებით, ორი წელი მაინც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ხელისუფლება და მისი ლიდერი რიგმა გარემოებებმა დააჩქარეს და განსაკუთრებით კი საქართველოს გარედან მომდინარე ფაქტორებმა.
სიმართლეს ნამდვილად შეეფერება, რომ მართლაც არსებობდა დამოუკიდებლობის დამაჩქარებელი გარემოებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია ყველაზე ნაკლებად იყო დაინტერესებული გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით. პირიქით, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ არაერთხელ, რომ კონგრესი უზენაეს საბჭოს კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ მიიჩნევდა და ირწმუნებოდა, _ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დეკლარირების უფლებაც კი არა აქვსო.
დამაჩქარებელი გარემოებები მოსკოვიდან მოდიოდა. მხედველობაში გვაქვს ზემოგანხილული 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენა. მას ან უნდა საკავშირო რეფერენდუმი ჩაეტარებინა `საქართველოს რესპუბლიკის~ ტერიტორიაზე, ან უარეყო ის და საკუთარი ქართული რეფერენდუმი ჩაეტარებინა, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სტატუსით. ჩვენ უკვე ვიცით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რომელმაც იურიდიული და მორალური ძალმოსილება შემატა დამოუკიდებლობის დეკლარირებას და იმპერიის `მოდერნიზაციის~ გეგმებისაგან საქართველოს გამიჯვნას. 31 მარტის რეფერენდუმის შემდეგ, რჩებოდა უკანასკნელი აღსასრულებელი აქტი, რაც დიდხანს ვეღარ გაიწელებოდა. `გარდამავალი პერიოდი~ მოულოდნელად დამოკლდა და ორი წლის მაგიერ ხუთ თვემდე შემცირდა, ხოლო ეს მოვლენა, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმმა დააჩქარა.
1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა. ზვიად გამსახურდიამ თითქმის დაწვრილებით მიმოიხილა თავის მოხსენებაში საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის მოპოვება 1918 წელს; საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1980-იან წლებში დაწყებულ ეროვნულ მოძრაობაზე და სხვათა შორის, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, მაშინდელი ეროვნული ძალების ერთიანობას. `მიუხედავად კრემლის მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკისა, საქართველოში მუდამ არსებობდნენ ლეგალური და არალეგალური ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა ერთობლივი მოქმედებით 1987 წლის დამდეგიდან საქართველოში ფართოდ გაიშალა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა…~
ცოტა ქვემოთ ზ. გამსახურდიამ გაიხსენა `ყველაზე სერიოზული დოკუმენტი,~ რომელშიაც დასაბუთებული იყო ქართველი ხალხის ყველანაირი უფლება – აღედგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს დოკუმენტი 1989 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შემდგარ მიტინგზე იქნა შემუშავებული და გაეგზავნა დასავლეთის სახელმწიფოების მთავრობებს. მაგრამ, ამჯერად, ეს არ იყო მთავარი. მთავარი ის გახლდათ, რომ აღნიშნული დოკუმენტი `შედგენილ იქნა ჰელსინკის კავშირის ინიციატივით სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად.~ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, მეორედ გაიხსენა ეროვნული ოპოზიციის ერთიანობის ფაქტი და ერთობლივი საქმიანობა.
ამის შემდეგ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა საქართველოს მაშინდელი ურთიერთობის ხასიათი საბჭოთა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მერე, უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი `გარდამავალი პერიოდის გამოცხადების~ შესახებ. ამ ხნის განმავლობაში, `უნდა მომზადებულიყო საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძველი.~8
სხვა ღონისძიებებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდეგნისათვის რეალური საფუძვლის მომზადება ითვალისწინებდა საკავშირო ხელისუფლების მიერ საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული რამდენიმე აქტის აღიარებას. მაგ. მას უნდა ეღიარებინა 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტი და სხვ. საკავშირო ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული არც ერთი სამართლებრივი აქტი არ აღიარა. მან ისიც კი არ აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია ითვალისწინებდა – კანონი კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლის შესახებ.
პირიქით, საკავშირო ხელისუფლებამ ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ რეპრესიებით უპასუხა. `განსაკუთრებით აღსანიშნავია საკავშირო ხელისუფლების წადილი, – მოახსენებდა ზვიად გამსახურდია საგანგებო სესიას, – თავს მოგვახვიოს ახალი, კაბალური სამოკავშირეო ხელშეკრულება, რისთვისაც ყველა ზომებს მიმართავს. მათ შორის, უმთავრესია ეთნოკონფლიქტების ხელოვნური გაღვივება, ეკონომიკური ბლოკადა, საერთაშორისო სამართლით დაგმობილი სხვა მოქმედებანი.~9
სწორედ, საქართველოს დასჯა-დამორჩილების მიზნით, საკავშირო ხელისუფლებამ ნამდვილი ომი გააჩაღა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, `სადაც ოსი ექსტრემისტები საბჭოთა არმიის ნაწილებთან ერთად ცდილობენ, საქართველოს მოწყვიტონ მისი განუყოფელი ნაწილი, დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.~ ცხინვალის რეგიონში შეიყვანეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილებიდან საგანგებოდ გამოწვეული შინაგანი ჯარების 1500-მდე ჯარისკაცი და 51 ჯავშანტრანსპორტიორი. მათ ხელმძღვანელობდნენ `მოსკოვიდან ჩამოყვანილი პოლკოვნიკები~. ეს ძალები გარს შემოერტყნენ რეგიონის ქართულ სოფლებს და ამზადებენ მათ გენოციდს.
ეს ყველაფერი, ზ. გამსახურდიას განმარტებით, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებმა გამოიწვია. `განსაცვიფრებელი~ იყო ის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის არაქართველმა მოსახლეობამ გამოხატა დამოუკიდებლობის მიმართ. კერძოდ, დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს: ახალქალაქის რაიონის მოსახლეობის 97%-მა; ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) რაიონის 91%-მა; წალკის რაიონის _ 96%-მა; დმანისის რაიონის _ 99%-მა; ბოლნისის რაიონის _ 99%-მა და ა. შ. `ამრიგად ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა, მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას… მითი იმის შესახებ, თითქოს ახალი ხელისუფლების მიზანია არაქართველთა დევნა, კრემლის აგენტების მიერ არის მოჭორილი… ჩვენ მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ ამ მხარდაჭერას და დიდ მადლობას ვუცხადებთ ამ არაქართველ ძმებს და დებს, რომ არ მიგვატოვეს ამ გასაჭირში და ღირსეულად ამოგვიდგნენ მხარში~.
და ბოლოს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხის და საქართველოს მოსახლეობის ნების – 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების იგნორირებაც მოახდინა, ქვეყნის უზენაესმა საბჭომ, სწორედ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: `ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა.~10
ამის შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პროექტი, რომელიც განხილვის შემდეგ იქნა მიღებული და დამტკიცებული უზენაესი საბჭოს მიერ. მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს აქტიდან, რომლებიც ჩვენი აზრით, შემდგომში განსაზღვრავდნენ ან უნდა განესაზღვრათ ეროვნული ხელისუფლებისა და მისი მეთაურის მმართველობის ხასიათი.
`რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.~
`საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.~
საქართველოს რესპუბლიკა `აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.~11
ამ დეკლარაციით ეუწყა ჯერ უზენაეს საბჭოს, მერე ქვეყანას და ქვეყნიერებას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. იმ დღეს, მოსალოდნელზე შედარებით მცირერიცხოვანი ხალხი შეიკრიბა უზენაესი საბჭოს შენობის წინ. მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლებას წინასწარი მზადება არ მოუწყია ამ დღისათვის და არამც თუ ფართო საზოგადოებისათვის, თვით უზენაესი საბჭოს წევრების უმრავლესობისთვისაც, მხოლოდ იმ დღეს გახდა ცნობილი ხელისუფლების გადაწყვეტილება. მამა არჩილ მინდიაშვილმაც დააფიქსირა ხელისუფლების გადაწყვეტილების მოულოდნელობა: არც ჩვენ ვიცოდით, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოცხადებულიყო და არც მისმა უწმიდესობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წინასწარ და რადგან ადრე ჰქონდა დაგეგმილი სამთავროს ეკლესიაში წირვა, ამიტომაც ვერ მობრძანდა უზენაეს საბჭოშიო.
ბუნებრივია, რადგან უზენაესი საბჭოც კი არ ყოფილა წინასწარ ინფორმირებული, ალბათ არც პოლიტიკური პარტიების მესვეურებმაც იცოდნენ ხელისუფლების განზრახვა. პოლიტიკური პარტიები 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის აღნიშვნისათვის ემზადებოდნენ. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია 4 აპრილისათვის აპირებდა რესპუბლიკის მოედანზე მანიფესტაციის გამართვას და მსურველებს აქციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა. ამავე მიზნით, ტრაგედიის ორი წლისთავის აღსანიშნავად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 9 აპრილს კინოს სახლთან აპირებდა მიტინგს, რომელიც `ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნებოდა.~
`მომავალი დამოუკიდებლობა, რომელსაც აუცილებლად მიაღწევს ქართველი ერი, სწორედ 9 აპრილს დაღვრილი მოწამეობრივი სისხლის, კრემლთან უკომპრომისო და შეურიგებელი ბრძოლის შედეგი იქნება~, – აღნიშნავდნენ ეროვნულ-დემოკრატები და ამას ალბათ 5 აპრილს წერდნენ, რადგან განცხადება 6 აპრილს გამოქვეყნდა `ახალგაზრდა ივერიელში.~
ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დღეებში დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ აქტის მიმართ. მოვიყვანთ პარტიის მთავარი კომიტეტის ოფიციალურ განცხადებას:
`1991 წლის 9 აპრილს, როგორც ცნობილია, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ე. წ. ლიტვური გზის მიმართ და ამჯერად აღარ გავიმეორებთ, თუ რატომ მიგვაჩნია `დამოუკიდებლობის დეკლარაციები~ მიზანშეუწონლად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.
სამაგიეროდ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო და მოწონება დაიმსახურა უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს დეოკუპაცია ეროვნული დაუმორჩილებლობის გზით უნდა განხორციელდეს.
სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ მიუხედავად პოზიციათა სხვაობისა მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ასევე უაღრესად დაძაბული დამოკიდებულებისა ჩვენსა და ოფიციალურ ხელისუფლებას შორის, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს უზენაეს საბჭოს ყოველნაირად ხელს შეუწყობს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელებასა და საქართველოს დამპყრობლებისაგან განთავისუფლებაში, თუ, რა თქმა უნდა, უზენაესი საბჭო სერიოზულად აპირებს ჩვენი რეალური დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ ამ ერთადერთ გზაზე შედგომას.
ჩვენთვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაანთავისუფლებს საქართველოს, არამედ ის, თუ როდის განთავისუფლდება ჩვენი მრავალტანჯული სამშობლო. საქართველოს განთავისუფლების ერთადერთ რეალურ საშუალებად კი სწორედ ეროვნული დაუმორჩილებლობა მიგვაჩნია, რამეთუ მსგავსი მოვლენები აჩქარებენ იმპერიის რღვევის პროცესს, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა მოჰყვეს შედეგად.
დაუმორჩილებლობის გზით – ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ!
ღმერთი შეეწიოს მებრძოლ საქართველოს!~
ამ უცნაური განცხადებიდან, ამჯერად, მხოლოდ ის გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ედპ-ს თავკაცებს, მაინცდამაინც, არ გახარებიათ მათი ოპონენტების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, მათ ანგარიში გაუწიეს დამოუკიდებლობის იდეის პოპულარობას ხალხში და მისი იგნორირება, ან მით უფრო უარყოფა, მიზანშეუწონლად ჩათვალეს. შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირების იმ ნაწილში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეხებოდა, ედპ-მ მარცხი არ აღიარა, მაგრამ დათმო და `მრგვალებთან~ ლოიალობის შესაძლებლობაც კი გამოხატა. ესეც კონფრონტაციის შენელების მანიშნებელი სიმპტომი გახლდათ, თუმცა დროებითი და ფორმალური.
შემდეგი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია პოზიციის გამოხატვა დამოუკიდებლობის მიმართ, მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია გახლდათ. იგი, თავდაპირველად, მრგვალი მაგიდის მხარდამჭერ ორგანიზაციათა ბანაკს ეკუთვნოდა და მერე განერიდა მას. ახლა მონარქისტები განზე ვერ გადგნენ ამ ისტორიული აქტისაგან და თავიანთი დადებითი პოზიცია დაადასტურეს ოფიციალურად: `საქართველოს მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია მიესალმება საქართველოს უზენაესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ჩვენი პარტია მუდამ იყო და იქნება ეროვნული დაუმორჩილებლობის გზით საქართველოს სრული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის ავანგარდში.~12
მონარქისტების პოზიცია ედპ-ს ანალოგიური იყო. იგი ხაზს უსვამდა პოზიციას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომხრე კი იყო, მაგრამ `ეროვნული დაუმორჩილებლობის გზით.~ მიუხედავად ამ ნაძალადევად ამოღერღილი განცხადებებისა. აღნიშნულმა პარტიებმა ცხადად არ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციისადმი და ფაქტიურად, არ აღიარეს იგი, `მიზანშეუწონლად” მიიჩნიეს დამოუკიდებლობის დეკლარირების ლიტვური გზა. ისინი მხოლოდ დამოუკიდებლობის პერსპექტივას მიესალმნენ. Mმოკლედ, შეურიგებლები ორ ცეცხლს შორის მოექცნენ: რომ მისალმებოდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას _ თავიანთი აბსურდული პოზიცია უნდა უარეყოთ, რაც არ უნდოდათ, ხოლო რომ არ მისალმებოდნენ, მაშინ მოსახლეობის თვალში გამოაშკარავდებოდნენ, როგორც ამბიციური ეგოცენტრისტები, რომლებსაც მხოლოდ პარტიული ინტერესები ამოძრავებდათ. საბოლოოდ, მათ არაფრისმთქმელი, ბუნდოვანი, ნეიტრალური და უსუსური პოზიციები დააფიქსირეს. აქვე აღვნიშნავთ, შეურიგებლებიდან, ყველაზე ღირსეულად ირ. წერეთელი მოიქცა _ 9 აპრილს იგი მთავრობის სასახლის წინ მივიდა და დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მცირე მიტინგშიც მიიღო მონაწილეობა.
მაინც, ამ ერთგვარი დათბობის ფონზე, ყველაზე შეურიგებელი პოზიცია გამსახურდიასა და ხელისუფლებისადმი, უფრო კი პიროვნულად ზვიად გამსახურდიასადმი, კვლავინდებურად შეინარჩუნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ. უცნაურია და ასახსნელიც, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შექმნისთანავე ზომიერ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა, ზვიად გამსახურდიასა და მისი მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეურიგებელ რადიკალურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. ამ მხრივ, იგი არ განირჩეოდა, ედპ-გან ან სხვა რადიკალებისაგან, პირიქით, იგი მათზე მეტად უკომპრომისობით გამოირჩეოდა. ფაქტიურად, ამგვარი სურათი მივიღეთ: ჭავჭავაძისტები ზომიერ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ეროვნულ ხელისუფლებას ისინი რადიკალურად დაუპირისპირდნენ. რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ამგვარ ტრანსფორმაციას, გარდა იმისა, რომ ძლიერ მტერთან უფრო საშიში გახლდათ რადიკალური დაპირისპირება, უფრო ადვილი მოსჩანდა სუსტ შინაურ მოწინააღმდეგესთან – საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებასთან ბრძოლა. ჭავჭავაძისტებმა წარმატებით მოირგეს რადიკალთა მთავარი მეთოდი – ხელისუფლების პერმანენტული და ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკა, განურჩევლად მისი არამარტო შეცდომებისა, არამედ პოზიტიური ღონისძიებებისა: მისი მიღწევების უგულვებელყოფა-იგნორირება და მხოლოდ ნეგატიური მხარეების დანახვა, აღნიშვნა, კრიტიკა და დაპირისპირება, როგორც მტრულ ძალასთან.
აი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აზრით, ეროვნული ხელისუფლების მიზანი გახლდათ, `მუდმივ ეიფორიაში~ ემყოფებინა ქართველი ხალხი. სწორედ, ამ მიზნით ჩაატარა ხელისუფლებამ თურმე 31 მარტის რეფერენდუმი, გამოაცხადა 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი, შემოიღო პრეზიდენტობის ინსტიტუტი და დანიშნა შესაბამისი არჩევნები. ამ დროს კი ქვეყანაში მიმდინარეობდა ფასების ზრდა, ღრმავდებოდა ეკონომიკური კრიზისი, შიდა ქართლში გრძელდებოდა ომი.
რას საყვედურობდა ჭავჭავაძის საზოგადოება ხელისუფლებას, გაუგებარია: არ უნდა ჩაეტარებინა რეფერენდუმი ხელისუფლებას? არ უნდა გამოეცხადებინა დამოუკიდებლობის აღდგენა? ან ხელისუფლების ბრალი იყო შიდა ქართლში მიმდინარე სისხლისღვრა? არა, პირდაპირ ბრალდებებს ჭავჭავაძისტები არ გამოთქვამდნენ, მაგრამ მაინც საყვედურობდნენ და აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ მთავარი იყო კრიტიკა და ხელისუფლებასთან შეურიგებლობა. სხვა დასკვნის გამოტანა ჭირს.
მარტ-აპრილ-მაისის პერიოდში, ჭავჭავაძის საზოგადოება, ძირითადად იდეოლოგიურ-თეორიულ ბრძოლას აწარმოებდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ პერიოდის ერთ-ერთი საბრალდებო თეზისი დაახლოებით ამგვარად გამოიყურებოდა: საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოახერხა ცხრა `მოკავშირე~ რესპუბლიკის ჩათრევა იმპერიის მოდერნიზაციის სცენარში. ისინი თანახმა იყვნენ, 1991 წლის ზაფხულში ხელი მოეწერათ `ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე~. ექვსი რესპუბლიკა `ჯერჯერობით გვერდზე დარჩა~. ამის შემდეგ, ჭავჭავაძისტების გაზეთი ორ არაადეკვატურ დასკვნას აკეთებდა. ჯერ ერთი, რომ მ. გორბაჩოვმა და ბ. ელცინმა `ასეთი ოსტატური თამაშით~ განასრულეს იმპერიის მოდერნიზაციის ერთი მეტად რთული ეტაპიო. ყოფილი 15 რესპუბლიკიდან რომ 6 რესპუბლიკა უარს აცხადებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, სულაც არ ნიშნავდა იმპერიის მოდერნიზაციის მშენებელთა დიდოსტატობას, პირიქით, მათ წარუმატებლობაზე უფრო მეტყველებდა.
კიდევ უფრო ხელოვნური გახლდათ მეორე დასკვნა-ბრალდება, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას ედებოდა: `საუბედუროდ, ჩვენი რესპუბლიკის ამჟამინდელ ხელისუფალთ არ ეყოთ პოლიტიკური სიბრძნე და სიმწიფე ზემოაღნიშნული თამაშის არსში წვდომისა (ან მოდერნიზაციის დიდ თამაშში არიან ისინიც ჩართულნი)…~ უფრო კონკრეტულად ბრალი ზვიად გამსახურდიას ედებოდა, რადგან `მან ხომ მთელი იმედები ბორიაზე (ბორის ელცინზე – დ. შ.) დაამყარა და საცოდავი მიშა (მიხეილ გორბაჩოვი – დ. შ.) თანამდებობიდან გადაყენებულად მიიჩნია.~13
ჭავჭავაძისტები ხელისუფლებას იმაშიც სდებდნენ ბრალს, რაშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე – მან ხომ არ მიიღო კრემლის სცენარი და ეს არაერთხელ დაამტკიცა: უგულებელყო 17 მარტის რეფერენდუმი; ჩაატარა საკუთარი 31 მარტის რეფერენდუმი; გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; არ მიიღო მონაწილეობა იმპერიის მოდერნიზატორი ცხრა რესპუბლიკის მოლაპარაკებაში…
უნდა გამოვყოთ ოპოზიციურ ბრალდებათა ერთი ტიპი, როცა ხელისუფლების დადანაშაულებისათვის მისი კრიტიკოსები უგულებელყოფდნენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საილუსტრაციოდ ავიღოთ ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის `ივერიის~ მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება. `თავად ბ-ნი ზ. გამსახურდია ადრე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ იგი კრემლის ზღურბლს არ გადასცდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობამდე, მაგრამ, ამჟამად, განაცხადა, რომ იგი მზადაა ჩავიდეს მოსკოვში და მოლაპარაკება გამართოს გორბაჩოვთან. ეტყობა, მოლასი არ იყოს, ბ-ნმა ზვიადმა ირწმუნა 9 აპრილის მოგონილი საკუთარი ტყუილი საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე.~14
დიახ, ზვიად გამსახურდიამ მართლაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოსკოვში არ ჩავიდოდა, როგორც იმპერიაში შემავალი საქართველოს მორჩილი ხელისუფალი. ხოლო, ახლა, როცა საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირება მოახდინა, იგი მზად იყო, მოლაპარაკება დაეწყო კრემლთან, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პირს. ჭავჭავაძისტებმა კი ეროვნული ინტერესების შემლახველი ქილიკი დაიწყეს – 9 აპრილის აქტი ზვიად გამსახურდიას მიერ მოგონილი ზღაპარია და მეტი არაფერიო. გამოდის, ჭავჭავაძისტები უგულებელყოფდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, არ ცნობდნენ მას.
როდისღა აღიარეს მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა, როცა ეროვნული ხელისუფლება დაემხო და საქართველო გაერო-ს წევრი გახდა? არც ეს გამოდის, რადგან გაერო-ს წევრი საქართველო, სწორედ, 9 აპრილის აქტის საფუძველზე გახდა.
უფრო ის გამოდის, რომ ჭავჭავაძისტებმა გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესები ერთმანეთში აურიეს და ხელისუფლების კრიტიკას გადააყოლეს. უბრალოდ, განზრახ თუ უნებლიედ, მათ არ ეყოთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. პირადმა ამბიციამ და პარტიულმა ინტერესმა დასძლია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი. თავდაპირველად, ამ უმადურ საქმეში ჩართული ჭავჭავაძისტები, ეროვნულ-დემოკრატები, კონგრესის სხვა მომხრე პარტიები აღმოჩნდნენ ჩათრეულ-ჩაყოლილები. მომავალში კი მათი წრე გაიზარდა. მაგრამ, თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს, ჯერ 1991 წლის გაზაფხულია, როგორც აღვნიშნეთ, კონფრონტაციის ცოტაოდენი შენელების პერიოდი. მაგრამ დაპირისპირების მუხტი, მოტივაცია, ცენტრები შენარჩუნებულია, ბანაკები არსებობს და მათ საპირისპირო განლაგება უკავიათ. მაინც, რატომ მოხდა ასე, რატომ დაუპირისპირდნენ სხვადასხვა სოციალური თუ რადიკალური ჯგუფები ასე მწვავედ, შეურიგებლად, მაინცდამაინც საქართველოში და არა სადმე სხვაგან, პოსტსაბჭოურ სივრცეში. რატომ მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პატარა ქვეყნის საზოგადოება იმის მაგიერ, რომ ერთიანი ყოფილიყო და კონსლოდირებულად ეღვაწა დიდი მიზნებისათვის, გათიშულ-დაპირისპირებული აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი დაპირისპირებების სქემას და შევეცადოთ ავხსნათ მისი მთავარი მიზეზები.
ზვიად გამსახურდია საქმეს აუბრალოებდა, როცა ამბობდა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს რაღაც ათასამდე ადამიანიაო. ეს რომ სამწუხაროდ ასე არ იყო, ან მთლად ასე არ იყო, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო. ეს არც მხოლოდ რადიკალური უტოპისტების ქარის ცხენებით ქროლვა გახლდათ, როგორც ერთ მაშინდელ თავის შესანიშნავ წერილში აღნიშნავდა მამუკა წიკლაური.15 კონგრესში შემავალი ძალები აისბერგის მხოლოდ ხილულ ნაწილს წარმოადგენდნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის დაპირისპირების ფორმალური მიზეზი თითქოს არ არსებობდა. ორივე მხარის მთავარი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობა გახლდათ. წესით და რიგით, ე. წ. ეროვნული კონგრესი ბედს უნდა შერიგებოდა ან ბრძოლის მიზანი შეეცვალა. არსებობდა სხვა გზაც – თუ მთლიანად მხარს არ დაუჭერდა ახალ ხელისუფლებას, კონსტრუქციული ოპოზიციის როლში მაინც ჩამდგარიყო. ოპოზიციამ მიზანი შეიცვალა. დიახ, დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დეკლარაციული, ფორმალური მხარე გახლდათ. საჭირო იყო დამოუკიდებლობის ფაქტიური მოღწევა – ეს კი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით უნდა მომხდარიყო. დემოკრატიისათვის ბრძოლა, პირველ რიგში, დემოკრატიის მთავარი მტრის – დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის გზით უნდა წარმართულიყო. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დიქტატურად გამოცხადდა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის მთავარ ლოზუნგად იქცა.
ე. ი. გამოდის, მხოლოდ დამოუკიდებლობა არ ყოფილა არც რადიკალური ოპოზიციის, არც ახალი ხელისუფლების ერთადერთი მიზანი. უბრალოდ, გამსახურდიას მომხრეებისათვის, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხელისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა და ერთი განაპირობებდა მეორეს. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მათ ეს მიზანი ხელიდან გამოეცალათ და დარჩათ ხელისუფლებისათვის ბრძოლის მოტივაცია. ცხადია, ამ ფარულ მისწრაფებას რადიკალური ოპოზიცია თავის ოფიციალურ მიზნად ვერ გამოაცხადებდა. სწორედ, ამიტომ გახდა მათი მთავარი ლოზუნგი – დემოკრატიისათვის ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, ერთი გარემოება, ეროვნულმა მოძრაობამ, 80-იანი წლების მეორე ნახევარში, ახალგაზრდა თაობის დიდი ჯგუფები ჩაითრია. ეს იყო ათეული წლების იდეოლოგიური მარწუხებისაგან გამონთავისუფლებული ახალგაზრდული ეროვნული ენერგია, რომელიც ვლინდებოდა ამბიციაში – თვითრეალიზაცია მოეხდინა საკუთარი ქვეყნის მართვაში თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოხდა ისე, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მოძრაობის მთავარი, მაგრამ მაინც ერთი ნაწილი. მოძრაობის მეორე ახალგაზრდული ნაწილი უფუნქციოდ დარჩა და პოლიტიკური სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში, საუბარია რა თქმა უნდა, ე. წ. ეროვნული კონგრესის პოლიტიკურ ჯგუფებზე. ამგვარ პერსპექტივას ისინი არ შეურიგდნენ და გააფთრებით შეუდგნენ თვითრეალიზაციის დაკარგული შანსის აღსადგენად ბრძოლას. აქ, უკვე, მათთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ეს ბრძოლა საკუთარი ახალბედა დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა შემდგარიყო.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და მანამდეც, კონგრესის პარტიების საქმიანობის ძირითად მოტივაციად და დაუფარავ მიზნად იქცა უზენაეს საბჭოსთან ხელისუფლების გაყოფა, ქვეყნის მმართველობაში მასთან ჩაზიარება. გარეგნულად, რა თქმა უნდა, ამას კონგრესმენები ხმამაღლა ვერ იტყოდნენ. ხელისუფლებაში ჩაზიარების ამბიციური ქვენაგრძნობა ლამაზი პოლიტიკური დოქტრინის საბურველში უნდა გამოწყობილიყო. ამიტომ იქნა შეთხზული კონგრესის, როგორვ ეროვნული მოძრაობის მაკოორდინებელი ორგანოს და უზენაესი საბჭოს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის ადგილობრივი დროებითი ხელისუფლების ფუნქციების გაყოფის თეორია. ამ თეორიას და მის განხორციელებას უნდა გადაეწყვიტა ქვეყანაში ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა – დემოკრატიისა და ეროვნული თანხმობის განხორციელების შესაძლებლობა. ორივე ამ პრობლემის გადაწყვეტის წინაპირობად გამოცხადდა – კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის ფუნქციების განაწილება.
ეროვნული თანხმობისაკენ მოწოდება ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართულ რეალობაში ხან ერთი, ხან მეორე პოლიტიკური პარტიის, ჯგუფის თუ პიროვნების მიერ. მაგრამ `ეროვნული კონგრესის~ არსებობაც კი გამორიცხავდა ქართული საზოგადოების ერთიანობის პერსპექტივას. ასეთი მოწოდებები ბევრი იყო და მიუხედავად მათი კეთილშობილური სურვილისა, უბრალო წყლის ნაყვას წარმოადგენდა. გავიხსენოთ სამი დამახასიათებელი მოწოდება კონსენსუსისაკენ. პირველი მათგანი ეკუთვნოდა ვალერიან ადვაძეს. მისი იდეის მიხედვით, უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს `ხელი უნდა გაეწოდებინათ ერთმანეთის მიმართულებით, შეთანხმებულად და შეკავშირებულად ემოღვაწათ ერთი დიდი მიზნის მისაღწევად.~ ეს რომ მომხდარიყო, ორივე სტრუქტურას უნდა შეექმნა დელეგაციები და მათ შორის მოლაპარაკებები დაწყებულიყო.
დაახლოებით, ამგვარი შინაარსისა გახლდათ აკაკი ბაქრაძის მოწოდებაც. შერიგების პირობად მან რამდენიმე პუნქტი დაასახელა, რომელთა შორის ერთ-ერთი ჯაბა იოსელიანისა და სხვა `მხედრიონელების~ განთავისუფლება სახელდებოდა. მისი აზრითაც, უნდა შექმნილიყო ე. წ. `შემრიგებელი დელეგაციები~ და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.
კიდევ ერთი ინიციატივა შეთანხმებისაკენ ეკუთვნოდა ირ. ბათიაშვილს: `წინააღმდეგობას არ ექნება ადგილი უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს შორის, თუ კი მათ მიერ თავ-თავისი ფუნქციები სათანადოდ გაცნობიერდება და განაწილდება~. ამის შემდეგ, ბათიაშვილი კომპეტენციების გაყოფის სქემას აყალიბებდა: კონგრესი `წარმოადგენდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბრძოლის წარმმართველ და მაკოორდინირებელ ორგანოს,~ ხოლო უზენაესი საბჭო კი იყო `მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდული ორგანო და არავითარ შემთხვევაში ეროვნული მოძრაობის წარმმართველი ძალა.~16
ისევ ძველი სქემა მეორდებოდა. ბუნებრივია, ამგვარ მოწოდებებს არავითარი შედეგი არ მოუტანია. 1991 წლის გაზაფხულზე დაპირისპირებულთა შორის შემდგარმა ცეცხლის შენელებამ ეპიზოდურად გააძლიერა ეროვნული კონსოლიდაციის მათრობელა ენთუზიაზმი – `ან ახლა, ან არასოდეს…~ – ასე მთავრდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის `მიმართვა~, რომელიც უზენაესი საბჭოსა და მის გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალებისადმი იყო განკუთვნილი. შერიგების, კონსენსუსისაკენ, გაერთიანებისაკენ მოუწოდებდნენ ადრესატებს. ასეთი მოწოდებები ადრეც იყოო, აღნიშნავდნენ `მიმართვის~ ავტორები, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ვითარებაა, რადგან ახლა, ჯერ ერთი, `საომარ პირობებში~ ვცხოვრობთ, მეორეც – მიზანი გამაერთიანებელი გვაქვს – საქართველოს სრული დამოუკიდებლობა. ხელმომწერებს: თედო ისაკაძეს, დათო ტურაშვილს, ფიქრია ჩიხრაძეს და სხვებს, ჩანს, სწორედ ის განწყობა ამოძრავებდათ, რაც მაშინ რეფერენდუმებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად გაძლიერდა საზოგადოებაში და რაც ერთგვარმა დათბობამ გამოიწვია დაპირისპირებულ მხარეთა შორის.

საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი დაპირისპირებები. დაახლოებით ამგვარ ვითარებაში ჩატარდა საქართველოში 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები.
ამ არჩევნების მიმდინარეობა და მით უფრო, შედეგი, კარგადაა ცნობილი. ჩვენ ამ განვლილი პოლიტიკური მოვლენიდან გვაინტერესებს, რა როლი ითამაშა მან საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში, შეარბილა თუ პირიქით, გაამწვავა დაპირისპირება. ზოგადად ცნობილია, რომ ნებისმიერო ადგილობრივი მმართველობის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები, ნებისმიერ ქვეყანაში ზრდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დაძაბულობას, კონკურენციას. ეს ობიექტური მოვლენაა. მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ საარჩევნო ციებ-ცხელების დასრულების შემდეგ, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ, სტაბილურ რიტმს უბრუნდება. როგორი იყო, ამ მხრივ, პოსტსაპრეზიდენტო არჩევნების ხანა საქართველოში – ისევ ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა ქვეყანა, შემსუბუქდა გარემო თუ კიდევ უფრო მეტად დაიძაბა ადრინდელთან შედარებით.
ამ კითხვებთან დაკავშირებით ორი პასუხი შეიძლება თავიდანვე აღვნიშნოთ; პირველი – დაპირისპირების პოლიტიკური სივრცე და მასში ჩართული ძალების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მეორე – დაპირისპირების და საზოგადოებრივი დაძაბულობის გაზრდაში ობიექტურ მიზეზებთან ერთად, დამატებითი სუბიექტური ფაქტორი შეიტანა ხელისუფლებამაც.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის მთავარ ცენტრს წარმოადგენდა ხელისუფლებისა და კონგრესის დაპირისპირება. მართალია, ხელისუფლებას ზომიერი პოლიტიკური ძალებიც უწევდნენ ოპონირებას, მაგრამ ბევრი მისი წარმომადგენელი თანამშრომლობდა ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდა. ამგვარ ე. წ. კონსტრუქციულ ოპოზიციას წარმოადგენდა მაგ. პოლიტიკური ბლოკი `თავისუფლება~. ამ ბლოკში ხუთი პოლიტიკური ორგანიზაცია შედიოდა. მართალია, ისინი რაოდენობრივად მცირერიცხოვან ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მძლავრ ინტელექტუალურ პოტენციალს ფლობდნენ: რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, მწვანეთა პარტია…
ამ ბლოკმა რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას თანამშრომლობის წინადადებით. მათი აზრით, თანამშრომლობა არ ნიშნავდა ბლოკ `თავისუფლების~ წარმომადგენელთა შესვლას მთავრობის კაბინეტში ან მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავებას. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო პარლამენტის სხვადასხვა კომისიებსა და კომიტეტებში თანამშრომლობის ფორმით. სხვა შემთხვევაში `თავისუფლების~ ბლოკმა ხელისუფლებას შესთავაზა, უზენაეს საბჭოსთან შეექმნა `საკონსულტაციო~ საბჭო, რომელშიც შევიდოდნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. საბჭოს დანიშნულება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათი წარმატებით გადაჭრის მიზნით. როგორც ბლოკ `თავისუფლების~ მესვეურები აღნიშნავდნენ, ხელისუფლებამ `არაადეკვატურად ირეაგირა ჩვენს ინიციატივაზე~ და თანამშრომლობის შეთავაზება არ მიიღო.
როგორც ჩანს, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ლიდერი არ იზიარებდნენ ბლოკ `თავისუფლების~ მესვეურთა და სხვათა აზრს, რომ ერთ პოლიტიკურ პარტიას ან ბლოკს `არ ძალუძს მხოლოდ საკუთარი ძალებით გაუძღვეს სახელმწიფო მართვა-გამგეობის ურთულეს და ესოდენ პასუხსაგებ საქმეს, რის გამოც საჭიროა ყველა ძალის კონსოლიდაცია ინტერპარტიული თანამშრომლობის საფუძველზე.17 ან არ იზიარებდნენ, ან არ ენდობოდნენ? ალბათ, არც ერთია და არც მეორე. უფრო ის იქნება მართებული ვთქვათ, რომ `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ წარმომადგენლებს, უბრალოდ, სხვა პოლიტიკურ ძალებზე ნაკლები პრეტენზია არ ჰქონდათ კომპეტენტურობაზე, რადგან გარდა კომუნისტური ნომენკლატურისა, მაშინ საქართველოში არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას თუ დაჯგუფებას სახელმწიფოს მართვა-გამგეობის არავითარი გამოცდილება და პრაქტიკა არ გააჩნდა. რაც შეეხება კომუნისტურ პარტიას, მათ მხოლოდ ეროვნული ხელისუფლებისათვის მიუღებელი, და ამდენად, გამოუსადეგარი გამოცდილება თუ ჰქონდა.
რა თქმა უნდა, ზომიერ-პატრიოტული თუ პოლიტიკური ძალების ჩაურთველობა ქვეყნის მართვის პროცესში ხელისუფლების მხრიდან, არც თუ რაციონალური პოზიცია გახლდათ, თუმცა ეს არ იყო არაკანონიერი ან არაბუნებრივი. სამწუხაროდ, ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ზომიერ-ცენტრისტული ოპოზიციის უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ თანდათან იზრდებოდა. უკმაყოფილებასაც და აქტიურობასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ფართო ასპარეზი გაუხსნა საპრეზიდენტო არჩევნებმა. მასში უმეტესად ჩართულნი აღმოჩნდნენ, სწორედ ზომიერ-ცენტრისტული პოლიტიკური ძალები და, რა თქმა უნდა, არამარტო ისინი.
1991 წლის 11 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის მეექვსე კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა თამაზ კვაჭანტირაძე, რის შემდეგაც, საბოლოო სახე მიიღო იმ ექვსკაციანმა სიამ, რომელში შემავალი პირებიც მონაწილეობას იღებდნენ 26 მაისს დანიშნულ საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში:
ზვიად გამსახურდია – `მრგვალი მაგიდის~ სპიკერი; საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე. იგი დაასახელეს `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ ბლოკში შემავალმა ორგანიზაციებმა.
ირაკლი შენგელაია – ინტელექტუალური ასოციაციის `თავისუფალი აზრის~ პრეზიდენტი. კანდიდატად წამოაყენეს ორგანიზაცია `დას~-მა (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის), ლიბერალურ-დემოკრატიულმა ეროვნულმა პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ. ეს პარტიები შედიოდნენ პოლიტიკურ ბლოკში `თავისუფლება~.
ჯიმი (ჯემალ) მიქელაძე – საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. დაასახელა ამავე პარტიამ.
ვალერიან ადვაძე _ საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე – ამავე ორგანიზაციისაგან.
ნოდარ ნათაძე _ სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე. კანდიდატად დაასახელა ამავე ფრონტმა; საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ და ამომრჩეველთა ჯგუფმა.
თამაზ კვაჭანტირაძე _ ჟურნალ `ბალავარის~ მთავარი რედაქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. მისი კანდიდატურა დაასახელა თავისუფალ დემოკრატთა კავშირმა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყებოდა, აღნიშნულმა კავშირმა წარმოადგინა პრეზიდენტობის მხარდამჭერთა ხელმოწერების დაკლებული რაოდენობა. მაშ, რატომღა გაატარეს რეგისტრაციაში?
სხვათა შორის, სანამ საპრეზიდენტო მარათონი დაიწყებოდა, კანდიდატებს მიმართა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ჯამბაკურ ბაქრაძემ: `გთხოვთ, ასწონ-დასწონოთ ყოველივე თქმული და არა თქმულიც და მოხსნათ თქვენი კანდიდატურები (ჩემი აზრით, ერთის გამოკლებით), რაც კიდევ უფრო აგამაღლებთ ხალხის თვალში და დაგვარწმუნებს, რომ თავზე უფრო მეტად გიყვართ საქართველო~. საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხილი იყო ქვეყნისათვის და ეტყობა, საზოგადოების ერთ ნაწილს აწუხებდა კიდევ ერთი დაპირისპირების მუხტის გაჩენა, მაგრამ რა უნდა ექნათ – დემოკრატიას თავისი კანონები აქვს და მისი პირველი მაცოცხლებელი – არჩევნებია.
რაც მთავარია, დემოკრატიის ეს კანონი ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა თვით ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თვით ხელისუფლების მეთაურისთვისაც. აქ, ჩვენ მივადექით ერთ ყველაზე თითქოს ამოუცნობ და ერთი შეხედვით გაუგებარ მოვლენას, რომელსაც თემატურად ასე გამოვყოფთ – ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულება ზომიერ ოპოზიციასთან. საკითხის აქტუალობა ამ ორ ძალას შორის ურთიერთობის მზარდმა გამწვავებამ გამოიწვია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ზომიერ ოპოზიციაში და მასთან ერთად, იგულისხმებოდა ინტელიგენციაც, რომელიც მოსახლეობის მიერ აღიქმებოდა, როგორც განსაკუთრებული გამორჩეულობის მქონე სოციალურ-საზოგადოებრივი ფენა.
საარჩევნო კამპანიის პროცესში, საბოლოოდ, გამოიკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ურთიერთდამოკიდებულების სურათი: მაშინ, როცა ხუთი კანდიდატი ასე თუ ისე კონსტრუქციული ლოიალიზმით იყო ერთმანეთთან განწყობილი, აშკარად უარყოფითად ან, უკეთეს შემთხვევაში, კრიტიკულად იყო განწყობილი მეექვსე კანდიდატის – ზვიად გამსახურდიას მიმართ. ეს უკანასკნელი, სამწუხაროდ, ასევე უარყოფითად და მწვავედ კრიტიკულად გამოხატავდა დანარჩენი ხუთი კანდიდატის მიმართ თავის დამოკიდებულებას. ჯ. მიქელაძე, ი. შენგელაია, ნ. ნათაძე, თ. კვაჭანტირაძე და ვ. ადვაძე საერთო აზრისანი იყვნენ იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდია ნაკლებად გაწონასწორებული, ემოციურად განწყობილი პიროვნება გახლდათ, რომელიც ნაკლებად უსმენდა სხვათა აზრს და მით უფრო ნაკლებად იზიარებდა მას.
კიდევ უფრო მეტ აღშფოთებას პრეზიდენტობის ხუთივე კანდიდატი მეექვსის მიმართ გამოხატავდა, ამ უკანასკნელის მიერ დანარჩენების შეურაცხყოფის მიყენების, ცილისწამების, აგრეთვე _ მოღალატის, აგენტისა თუ სხვა იარლიყებით მოხსენიების გამო. თვით ზვიად გამსახურდია თავად სდებდა ბრალს სხვა კანდიდატებს, რომ მის მიმართ ლანძღვა-გინებას და ცილისწამებას მიმართავდნენ. ის, რომ კონკურენტ კანდიდატთა უდიერად მოხსენიების მხრივ ზვიად გამსახურდია უდავო ლიდერი გახლდათ, საზოგადოებისათვის ეჭვს არ ბადებდა. მაგრამ თვით საზოგადოებაში გაბატონებულ აზრსაც შემოწმება უნდა, როცა საკითხი სპეციალური შესწავლის საგანი ხდება და ჩვენც, ასე მოვიქცეთ – კიდევ ერთხელ, გადავხედოთ საარჩევნო კამპანიის პროცესში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ხასიათს, მოტივებს, მიზნებს.
თავიდანვე შეიძლება აღვნიშნოთ: პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ზვიად გამსახურდიას კრიტიკა გარეგნულად უფრო კორექტულ ფორმას ატარებდა, მაგრამ ადგილი ჰქონდა მძიმე პოლიტიკურ ბრალდებებს, გადაჭარბებულ, უკიდურეს კვალიფიკაციებს, უზუსტო და გამიზნულ შეფასებებს, რომლებსაც საბოლოო შედეგად ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის იმიჯის დანგრევა უნდა მოჰყოლოდა. გარეგნულად და ფორმალურად გამსახურდიასადმი კრიტიკა თითქოს კორექტულ სახეს ატარება, მაგრამ შინაარსობლივად იგი დაუმსახურებელი და ცილისმწამებლური ბრალდებების მატარებელი იყო..
შესაძლოა, ცალკეული ავტორების მხრიდან გამოთქმული ამგვარი გადაჭარბებული კვალიფიკაცია ყოველთვის ზემოაღნიშნულ მიზანს არ ისახავდა, მაგრამ შედეგი მაინც ერთი იყო – გამსახურდიას პიროვნების კომპრომეტაცია. ერთი მაგალითი მრავალთაგან: გაზ. `მეგაპოლის-ექსპრესში~ ჭაბუა ამირეჯიბმა გამოაქვეყნა წერილი და საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი ექსტრემისტად მოიხსენია. როდესაც ამის გამო გააკრიტიკეს, მწერალმა განმარტა: ექსტრემისტობა ნიშნავს `უკიდურესი შეხედულებების მქონე, უკიდურესი ზომების მომხრე პირს. პირადად მე ვამაყობ, რომ ყრმობიდანვე ექსტრემისტი ვარ, რუსეთის იმპერიის დანგრევას სიტყვით და საქმით ვლამობ. ამაზე უკიდურესი მიზანიც არსებობს? ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტიც მთელი სიცოცხლე ამ პოზიციაზე იდგა, დღესაც დგას.~18
გარეგნულად თითქოს ყველაფერი რიგზეა – მწერალი ექსტრემიზმის ლექსიკონურ განსაზღვრებას იმოწმებდა და აქედან უწყინარ დასკვნას იძლეოდა – მეც და გამსახურდიაც ექსტრემისტები ვართ და ამაში ცუდი არაფერიაო. სულაც არ იყო ასე, მწერალი ცდებოდა. ექსტრემისტული შეხედულებების ქონა სულაც არ ნიშნავს ექსტრემისტობას. ექსტრემისტობა ნიშნავს, პირველ ყოვლისა, პრაქტიკულ მოქმედებას. უკიდურეს ზომებში იგულისხმება მაგ. ტერორიზმი, რეპრესიების განხორციელება, მკვლელობა და ა. შ. ძველ ხანაში უკიდურესი ზომების პრაქტიკოსები იყვნენ მაგ. ხალხოსნური საიდუმლო ორგანიზაციის `ნაროდნაია ვოლიას~ წევრები, რომლებმაც ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს იმპერატორ ალექსანდრე მეორეზე და ბოლოს, მოკლეს კიდეც. ახალ ხანაში ექსტრემისტები იყვნენ ანარქისტული დაჯგუფებები გერმანიასა და იტალიაში, ბაადერ-მაინჰოფისა და `წითელი ბრიგადის~ ტერორისტები. მათ იმსხვერპლეს გერმანელი მაგნატი შლაიერი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ალდო მორო. ჩვენს დღეებში კი ვინ იწოდებიან ექსტრემისტებად, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი. ესენი არიან 2001 წლის 11 სექტემბრის ავტორები; პალესტინელი ტერორისტები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას რესტორნებსა და ავტობუსებში აფეთქებენ; `ჰესბოლასა~ თუ ალ-ქაიდას მებრძოლები, რომელთა მსგავსი მუსლიმი ძმების ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი პაკისტანის ყოფილი პრემიერი ბენაზირ ბჰუტო გახლდათ. საინტერესოა, მაინც რომელ ექსტრემისტულ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს ან ჩვენი ცნობილი მწერალი, ან მის მიერ მოძულებული პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო შემდგომში საქართველოს პრეზიდენტი?
რაც არ უნდა ექსტრემისტული შეხედულებები დაეჩემებინა ჭაბუა ამირეჯიბს, რა თქმა უნდა, მისი მოღვაწეობა ვერც ერთი პოლიტიკური კვალიფიკაციით ექსტრემისტულად ვერ შეფასდება. რაღა თქმა უნდა, არც მწერლისაგან ექსტრემისტად მონათლული ზვიად გამსახურდია არ იმსახურებდა ამგვარ ზეწოდებას. შესაძლოა, ჭაბუა ამირეჯიბის მიერ გამსახურდიას ექსტრემისტად მოხსენიება მშვიდობიან და უწყინარ რეალობაში უბრალო ლიტერატურული შედარება, ჰიპერბოლა ყოფილიყო. მაგრამ სულ სხვა, შფოთიანი დრო იდგა, პოლიტიკური ვნებები ბობოქრობდნენ და ნებისმიერი გადაჭარბება პოლიტიკურ დემაგოგიად აღიქმებოდა. თანაც, ჭაბუა ამირეჯიბი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი გახლდათ. სწორედ, ამიტომ იძულებულნი ვართ დავასკვნათ, ამ შემთხვევაში მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ადგილს უთმობდა პოლიტიკოს ამირეჯიბს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ბრალს სდებდა ექსტრემისტობაში, რაც, განზრახ თუ უნებლიეთ, უკანასკნელის კომპრომეტირების ცდას წარმოადგენდა და ჩვეულებრივი პოლიტიკური დემაგოგია, გნებავთ, ცილისწამება გახლდათ.
ამგვარი გადაჭარბებული კვალიფიკაციები ზომიერი ოპოზიციის მხრიდანაც მრავლად იყო და მათი საპასუხო რეაქციაც ანალოგიურ ხასიათს ატარებდა, როგორც გამსახურდიას, ისე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან. ასე იქმნებოდა ურთიერთბრალდებების ატმოსფერო, რაც პოლიტიკურ რეალობას უჩვეულოდ ამძიმებდა და მტყუან-მართლის გარჩევას შეუძლებელს ხდიდა.
ასეთ ვითარებაში უმაღლესი არბიტრისა თუ გამზავებელ-მომწესრიგებლის და ვითარების განმუმხტველის როლი ისევ ხელისუფლებას უნდა ეკისრა. გასაგებია, რომ იგი ურთიერთობას ვერ აგვარებდა მასთან შეურიგებლად დაპირისპირებულ რადიკალურ ოპოზიციასთან. სწორედ, ამიტომაც მას ურთიერთობის განსხვავებული ტაქტიკა უნდა შეემუშავებინა ზომიერ ოპოზიციასთან. ხელისუფლებას ეს ან არ გამოუვიდა, ან არ გააკეთა. ფაქტიურად, იგი ერთნაირი საზომით მიუდგა, როგორც რადიკალებს, ისე ზომიერ ოპოზიციას. ამ მხრივ, განსაკუთრებით ნიშანდობლივია ზვიად გამსახურდიას მწვავე დამოკიდებულება თანამემამულე ინტელიგენციის ელიტარულ ნაწილთან. ამ შედარებით მცირერიცხოვან სოციალურ ფენას, ინტელექტუალურადაც და იერარქიულადაც, მძლავრად ეპყრა საზოგადოების ცნობიერების წარმმართველი სადავეები. მის აზრს უსმენდნენ, პატივს სცემდნენ, უჯერებდნენ, მათ ავტორიტეტს აღიარებდნენ, მათ ნამოღვაწარს აფასებდნენ. ესენი იყვნენ ქართული საზოგადოების ფიქრთა მპყრობელი მწერლები, პოეტები, სახელმოხვეჭილი რეჟისორები, კომპოზიტორები, ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები.
ამგვარ ინტელექტუალურ ზედაფენას თითქმის ყველა დროსა და ქვეყანაში მეტწილად ზომიერი პოლიტიკური პოზიცია და საზოგადოებრივი განვითარების ევოლუციური ტაქტიკის მომხრეობა ახასიათებდა. მაგალითების მოყვანა არ ღირს, იმდენად ტრივიალური მოვლენაა. ჩვენშიც ასე იყო, ილიას დროსაც, ილიას შემდეგაც, საბჭოთა ეპოქაშიც, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდშიც და ეროვნული ხელისუფლების ხანმოკლე მმართველობის ხანაშიც. ამიტომ და ამ კანონზომიერად ქცეული ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა შეემუშავებინა ეროვნულ ხელისუფლებას ზომიერ ინტელექტუალურ ოპოზიციასთან დამოკიდებულების პოლიტიკა. რადიკალურ ტალღაზე მოსულ და ყოფილ მეტროპოლიასთან უკომპრომისოდ დაპირისპირებულ ხელისუფლებას ზომიერი ოპოზიციისათვის ყოველ წუთს მუჯლუგუნები არ უნდა ეთავაზებინა, რატომ ჩვენსავით რადიკალები არა ხართო. პირიქით, გამსახურდიას ხელისუფლება ნემსის ყუნწში უნდა გამძვრალიყო, რათა თანამემამულე ინტელიგენციის ზედაფენასთან როგორმე თანამშრომლობისათვის მიეღწია.
პირიქით მოხდა. მაშინ როცა ეროვნული ხელისუფლება, გადაწყვეტილად და მიუკიბავად ვასკვნით, ცამდე მართალი იყო რადიკალურ ოპოზიციასთან, მანვე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ვერ შეიმუშავა თანამემამულე ინტელიგენციასთან და ზომიერ ოპოზიციასთან ურთიერთობის მეტნაკლებად რაციონალური სტრატეგია. იგი, თუნდაც მინიმალური თანამშრომლობის მაგიერ, მწვავედ დაუპირისპირდა მას. ამ მცდარი სტრატეგიის, _ რომელიც, დროთა განმავლობაში, უგუნურების სახეს იღებდა, _ მთავარი ავტორი და იდეოლოგი ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მის ძლიერ, ეროვნული მუხტის მატარებელ ქარიზმას, თავდაპირველად ჯერ გურამ პეტრიაშვილისა და თემურ ქორიძის მსგავსი ერთგული ერთეულები აჰყვნენ, ხოლო შემდგომში მრავალი მხარდამჭერი გაუცნობიერებლად ჩაება ინტელიგენციის უარმყოფელ კამპანიაში.
საზოგადოებამ კარგად უწყის, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, ზვიად გამსახურდიას დაპირისპირება ქართველი ინტელიგენციის ცალკეულ სახელიან ავტორიტეტებთან, ჯერ კიდევ, დისიდენტობის წლების პერიოდში დაიწყო. ამიტომაც იყო, რომ მის მწერალთა კავშირიდან გარიცხვას, რაც, რა თქმა უნდა, კომუნისტური ხელისუფლების დამსჯელ ღონისძიებას წარმოადგენდა, კატეგორიულად მაინცდამაინც არავინ შეწინააღმდეგებია. 80-იან წლებში გამსახურდიამ თავისი კონფრონტაციის მასშტაბი ახალი `ეროვნული~ შთაგონებით გააფართოვა. სწორედ, მაშინ ჩამოყალიბდა ის ძირითადი ლექსიკური არსენალი, რომლიდანაც ქართული ეროვნულ-დისიდენტური მოძრაობის მესაძირკვლე უხვად სარგებლობდა თანამემამულე ინტელიგენციის ზედაფენის წარმომადგენლების გასაკრიტიკებლად.
შესაძლოა ზ. გამსახურდია გულწრფელად ფიქრობდა, რომ ინტელიგენციას ამგვარი უკომპრომისო ბრძოლით გამოაფხიზლებდა, გონზე მოიყვანდა და ეროვნულ მოძრაობაში ჩააბამდა. მაგრამ მის უკომპრომისობას მუდამ უკუშედეგი მოჰქონდა – ინტელიგენცია, უფრო სწორედ, მისი ზედაფენა, გნებავთ, პრივილეგირებული კასტა, სულ უფრო მწვავედ უპირისპირდებოდა გამსახურდიასაც, მის მხარდამჭერებსაც. თუ გავიხსენებთ ინტელიგენციისადმი განკუთვნულ მიმართვებს, შეფასებებს, ზეწოდებებს, თითქოს აღარ უნდა იყოს გასაკვირი ელიტართა მწვავე ანტიპათია გამსახურდიასა და მის თანამებრძოლთა მიმართ: პროვოკატორი, მტრის წისქვილზე წყლის დამსხმელი, აგენტურა, კრემლის აგენტი, `მეოცე საუკუნის შაჰ-აბასების, ჯალალედინების და თემურ-ლენგების მხარში: ამომდგომი, `ხალხის მტრების~ თანადგომა, უსინდისობა, `მოსკოვის ჯაშუშები~, `კოლაბორაციონისტი~, `ანტიეროვნული~, `მოღალატური კრემლის ჯაშუშები~, `ერის მოღალატე~, `ღვთის მოღალატე და ერის მოღალატე~, `საბჭოთა დაზვერვის გამოცდილი აგენტები~, `ტვინგადაბრუნებული ხალხი~…
ზემოაღნიშნული არსენალის რეალიზაციის მაგალითებიც გავიხსენოთ.
1987 წელს ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ რეალობაში ერთ-ერთ აქტიურ პრობლემას ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანის საკითხი წარმოადგენდა, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაგეგმა. მას ბუნებრივია, აქტიურად უჭერდა მხარს ადგილობრივი ხელისუფლება. ამჯერადაც, როგორც ყოველთვის ხდებოდა ქართულ რეალურ წარსულში და აწმყოში, ოფიციალურ ხელისუფლებას თავის მოთვინიერებულ ინტელიგენციაშიც აღმოაჩნდნენ თანამგრძნობნი. მათ შორის გახლდათ ჭაბუა ამირეჯიბი, რომელსაც მყისვე დაატყდა თავს ეროვნულ-რადიკალთა ლიდერების კრიტიკის ცეცხლი.
ამგვარ რეაქციაში არაფერი იქნებოდა არაბუნებრივი, რომ არა, სწორედ, ის, საოცრად მტრული და დაუნდობელი ტონი, რაც ამ უკანასკნელთა `კრიტიკას~ ახასიათებდა. კრიტიკის შინაარსს არ შევეხებით, რაც, შესაძლოა, ბევრწილად სამართლიანი გახლდათ, ტონს და ლექსიკურ არსენალს გადავხედავთ, რომლითაც ზვიად გამსახურდია მიმართავდა ჭაბუა ამირეჯიბს:
`ბარაქალა, ქართველო მწერალო! მხარში ამოსდგომიხარ მეოცე საუკუნის შაჰ-აბასებს, ჯალალედინებს და თემურ-ლენგებს~;
`ჩვენში კი ქართველი მწერალი სახელისა და პატივის ახალ-ახალი `სახელოების~ მოლოდინში, მხარში ამოსდგომია ჩვენი ქვეყნის ბუნების, ჩვენი კულტურის ძეგლების, ჩვენი ხალხის მტრებს, ტაშს უკრავს მათ ბარბაროსობას და ვანდალიზმს, საქართველოსთვის ზურგში მახვილის ჩაცემას! სირცხვილი შენ, ქართველო მწერალო! სირცხვილი ყველა იმ ქართველს, რომელიც ტაშს უკრავს ამ მავნე წამოწყებას. არამად მოხმარდებათ ერის გაყიდვით ნაშოვნი ოცდაათი ვერცხლი!~19
ჭ. ამირეჯიბის პოზიციას არანაკლები კი არა, უფრო მწვავედ გამოეხმაურა დისიდენტური მოძრაობის მეორე თავკაცი მერაბ კოსტავა: `უსინდისობა პირიქით, ცუდმზრახველობითა და სიცრუით გვიბნევს გონებას. ამ უკანასკნელის ბრწყინვალე ილუსტრაციას წარმოადგენს გაზეთ `კომუნისტის~ 1987 წლის 18 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული სტატია ჭაბუა ამირეჯიბისა, `საჭიროა თუ არა საუღელტეხილო მაგისტრალი?~
`თქვენ კი, – ამჯერად მ. კოსტავა მიმართავს ჭ. ამირეჯიბს, – მწერლისა და მოქალაქის ამ თავურ მოწოდებას ზურგი აქციეთ და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეთ გარდაუვალობა უსინდისობიდან უგუნურების აღმოცენებისა~. მ. კოსტავას წერილის სათაურიც უკომპრომისოდ და განაჩენივით გამოიყურებოდა: `უსინდისობისა და ულოგიკობის ალიანსი.~20
სამწუხაროდ, ზეპურ ინტელიგენციასთან მწვავე ურთიერთობამ ეროვნული ხელისუფლების მმართველობის ხანმოკლე პერიოდში ლამის ჯვაროსნული ომის ხასიათი მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში მიმდინარე არაკორექტულმა კამპანიამ, საბოლოოდ, გამიჯნა ხელისუფლებისაგან ელიტარული ინტელიგენცია, რომელიც საერთოდ ზომიერი ოპოზიციის მადომინირებელ ძალას წარმოადგენდა. რამდენიმე ამონარიდი ზ. გამსახურდიას სიტყვებიდან, მიმართვებიდან, წერილებიდან, ინტერვიუებიდან და ა. შ. ინტელიგენციის და ზომიერი ოპოზიციის შესახებ.
1991 წლის 28 აპრილს ზვიად გამსახურდიამ სპეციალური სატელევიზიო გამოსვლა მიუძღვნა მის კრიტიკოს ოპონენტებს და მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და ბრალდებებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ის არ გვაინტერესებს, რამდენად სამართლიანი იყო უზენაესი საბჭოს მიერ არჩეული საქართველოს პრეზიდენტის პასუხები ან დასაბუთებები. ამჯერად, ოპონენტებთან მისი დამოკიდებულება უფრო გვაინტერესებს და აი, მაგალითიც მისი არგუმენტაციის პათოსისა: საჭიროა ჯერ მოქალაქეობის კანონის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ, მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაწყება: `ის, ვინც დღეს ქადაგებს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას მოქალაქეობის კანონის გარეშე, საქართველოს მტერია, ნამდვილი მოღალატეა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა~.
ამის შემდეგ, გამსახურდია აცხადებდა, რომ მზად იყო ოპონენტებისათვის მოსასმენად, მაგრამ როგორღა უნდა მომხდარიყო მიწის გადაცემის საკითხზე დისკუსია, როცა მასზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული აზრი ერთადერთ მისაღებ ნორმად იყო გამოცხადებული, ხოლო ნებისმიერი სხვა აზრი – მტრობად და ეროვნული ინტერესების მოღალატეობად კვალიფიცირდებოდა.21
8 მაისს ზ. გამსახურდია სატელევიზიო გამოსვლაში მოსახლეობას ერთიანობისაკენ მოუწოდებდა, იგი უშუალოდ აჭარის მოსახლეობას მიმართავდა: `ჩვენი ვერაგი და უაღრესად გამოცდილი მტერი~ ჩვენს წინააღმდეგ იყენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, `იყენებს თავის აგენტურას და ხშირად აღწევს თავის მიზანს.~ მართალია, `მტრის~ და `აგენტურის~ მისამართები პირდაპირ არაა ნახსენები, მაგრამ დიდი დაფიქრება არაა საჭირო მათ ამოსაცნობად: მტერი ცენტრია, აგენტურა – ოპოზიცია და ისიც _ ე. წ. ოპოზიცია, რომელიც დიფერენცირებული არაა და იგულისხმება, რომ ყველანაირ ოპოზიციაზეა საუბარი. ვაგრძელებთ ციტირებას: `ე. წ. ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას, ხშირად ეხმარება ამ მტერს და შედეგიც სახეზეა – არის ცალკეული გაუგებრობანი, არის ცალკეული ექსცესები, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ჩვენი გათიშვა, ჩვენი ეროვნული მოძრაობის ცალკეული წარუმატებლობანი.~22
როდესაც `საქართველოს რესპუბლიკის~ კორესპონდენტმა დავით დემეტრაშვილმა ჰკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა უკმაყოფილების შესახებ, უნივერსიტეტში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მიუსვლელობის გამო, ზვიად გამსახურდიამ უპასუხა:
`სტუდენტების ერთი ჯგუფის განწყობას მთელ უნივერსიტეტს ნუ მივაწერთ. ეს ჯგუფი ე. წ. `კანონიერი ქურდების~ კულტს ნერგავს. მას სათავეში ზოგიერთი ლექტორი უდგას, რომლებსაც მოსკოვის ჯაშუშებს ვუწოდებდი. მათი მიზანია, ჩვენი ახალგაზრდები კრიმინალებად და ნარკომანებად აქციონ. ასეთები ხომ ნაკლებად საშიშნი იქნებიან მოსკოვისათავის. ახალგაზრდების გახრწნას, გადაგვარებას, არავის დავანებებთ. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში `კანონიერი ქურდების~ და მაფიების ადგილი არ არის. დავით აღმაშენებლისა და რუსთაველის ქვეყანაში ისინი ვერ იბოგინებენ.~23
1990 წლის 25 მარტს ზვიად გამსახურდიამ მთავრობის სასახლის წინ გამართულ მიტინგზე წარმოთქმულ სიტყვაში ახსენა სიტყვა `მოღალატე~ და ასეთებად მოიხსენია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია (სეგო). მაგრამ ეს არ არის, ამჯერად, საინტერესო, რადგან ზომიერ ინტელიგენციაზე და ოპოზიციაზე ვსაუბრობთ. ჭავჭავაძისტები, პოლიტიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ზომიერ-ცენტრისტულ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ გამსახურდიას მომხრეებს და ხელისუფლებას, როგორც აღვნიშნეთ, რადიკალურად დაუპირისპირდნენ.
მაგრამ `მოღალატეებს~, `ჯაშუშებს~ და `კოლაბორაციონისტებს~ ზ. გამსახურდიამ კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, ნიდარ ნათაძე და `ჩვენი მოღვაწეებიც~ მიაყოლა, ხოლო ქართულ ემიგრაციას `ტვინგადაბრუნებული~ უწოდა. კოლაბორაციონისტების `ერთ-ერთი ინსპირატორი~ გახლდათ რ. ჩხეიძე, რომელსაც სურდა, ნახევარი მილიონი თურქი შემოესახლებინა საქართველოში. `არც ბატონ ნოდარ ნათაძეს არ უნდა ზედმეტი დათმობები… ნებით თუ უნებლიეთ მან გააერთიანა მტრული ძალები, ანტიეროვნული ძალები თავის სახალხო ფრონტის გამგეობაში, რომელთანაც ბლოკირებულია ეს ჩემს მიერ ხსენებული ჯაშუშური ორგანიზაციები, საბჭოთა დაზვერვის გამოცდილი აგენტები~. ვინ შედიოდნენ სახლხო ფრონტის გამგეობაში, ჩვენ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ და აღარ გავიმეორებთ.
`აი ეს ჩვენი ვითომდა გამოჩენილი და ვითომდა სახელოვანი მოღვაწეები, დადიან იმ მიზნით საფრანგეთში, რომ ჩვენი ემიგრაცია მტრულად განაწყონ ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ და ბევრს გადაუბრუნეს, სხვათა შორის, ტვინი. ასე რომ, ქართველმა ერმა მათ ანათემა უნდა გამოუცხადოს, ანათემა უნდა გამოუცხადოს ამ მტრებს ჩვენი ეროვნული მოძრაობისა~.
`…მოღალატეებს რომ ამხელ, რომ იტყვი, რომ ეს მოღალატეა ერის, რომელიც ღალატს სჩადის~; `ჩვენ მოღალატეებს მოღალატეებად ვაცხადებთ.~24
სხვა დროს და სხვა ადრესატებისადმი განკუთვნილი რამდენიმე ამონარიდიც მოვიყვანოთ:
`კვლავ ცენტრის და იმ მოღალატეთა ყოვლისშემძლე ხელი, რომლებიც აქ კრემლმა მოისყიდა~.
`კრემლის აგენტები ჩვენში არიან… იმათ, ვინც ადგას უსირცხვილო სიცრუისა და ფალსიფიკაციის კრემლისეულ გეზს, სწორედ კრემლის აგენტებს ვუწოდებთ~ და ა. შ.25
ინტელიგენციისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება და ზვიად გამსახურდიას იარლიყებისადმი მიდრეკილება საქართველოს გარეთაც ცნობილი მოვლენა შეიქმნა. იგივე გაზ. `ტრუდის~ კორესპონდენტი ერთგვარი გაკვირვებითაც კი შენიშნავდა გამსახურდიას: `თქვენ ცნობილი ინტელიგენტური ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ რით აიხსნება, რომ სწორედ ინტელიგენციის გარემოში გყავთ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე~; ან კიდევ უფრო ადრე დასმული კითხვა: `თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა `მოღალატე~, `ხალხის მტრები~, `პროვოკატორები~.
სიტყვა `მოღალატე~ ისეთი ჩვეულებრივი გახდა, ჯერ მრგვალი მაგიდის ლიდერის, შემდეგ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ბოლოს კი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საპოლემიკო ლექსიკაში, რომ თვით მისმა მომხრეებმაც იგრძნეს ერთგვარი უხერხულობა და თავის მართლება სცადეს. `რაც შეეხება საყვედურს იმის თაობაზე, რომ ხშირად გაისმის სიტყვა `მოღალატე~. ამ სიტყვის უსამართლო ხმარება, ცხადია, ბოროტებაა~, – აღიარებდა ნინო გველესიანი, მაგრამ კითხულობდა: თუ კაცის მოქმედება მოღალატურია, რა ვქნათ, ეს საშინელი ფაქტი აღუნიშნავად დავტოვოთო? რადგან ასეთი მოღვაწეები ჩვენში არიან, რადგან მათი საქმიანობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ფაქტიურად ღალატის ტოლფასია, მათ მოღალატეები უნდა ვუწოდოთ _ ეგებ გონს მოვიდნენ და ცუდ საქციელს მოერიდონო. თავის დასაბუთების მოსამაგრებლად ავტორი რუსთაველის ავტორიტეტს იშველიებდა: `ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფრთხების”25.
მოკლედ, მხარდამჭერი ქ-ნი ნინო გველესიანი მცირე დასაბუთების საფუძველზე მწვანე შუქს უნთებდა პრეზიდენტს – რადგან საძრახავის ძრახვა სჯობს, ისევ მოღალატეები ეწოდებინა თავისი ოპონენტებისათვის, განურჩევლად პოლიტიკური ბანაკებისა, პიროვნული დამსახურებისა, პოზიციისა, შედეგისა და ა. შ. იმას აღარავინ სჯიდა, რომ ოპონენტები ძრახვას კი არ უფრთხოდნენ, პირიქით, მოღალატეებად შერაცხულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა და გამსახურდიას მტრების ბანაკს უერთდებოდა.
ხშირად, ხელისუფლების მხარდამჭერნი და წარმომადგენელნი თავიანთ ლიდერებს აჭარბებდნენ ინტელიგენციის გაუაზრებელ განქიქებაში. ირინა ტალიაშვილი იხსენებდა ბესიკ ხარანაულის ლექსის ნაწყვეტს: `საღამო ხანია, ერის მამათა სეირნობის ჟამი~. ერის მამებში ცხადია, ელიტარული ინტელიგენციის ავტორიტეტები იგულისხმებოდნენ. ახლა ქ-ნი ირინა ტალიაშვილის მწარე, სიძულვილამდე მისული კომენტარი ვნახოთ: `ამ ლექსს რომ კითხულობთ, ნათლად წარმოგიდგებათ თვალწინ ზურგზე ხელშემოწყობილი, ფუმფულა ღიპიანი პატივცემულნი გვამნი, პირმშონი საბჭოთა ბიუროკრატიისა~, რომლებიც, მაშინ როცა კოსტავა და გამსახურდია ციხეებში ისხდნენ, `სავარძლებში მყუდროვდებოდნენ, განცხრომას ეძლეოდნენ და საკუთარი სტომაქისათვის ზრუნავდნენ~. რადიკალი ქალბატონი ყველას ტუქსავდა იმის გამო, რომ ყველა კოსტავა-გამსახურდიასავით რადიკალები არ იყვნენ. მძიმე, უსამართლო, არაადეკვატური და არაბუნებრივი ბრალდებაა. კარგი სმა-ჭამა ილია ჭავჭავაძესა და იაკობ გოგებაშვილსაც უყვარდათ და ტახტზე განცხრომით წამოგორებაზეც არ ამბობდნენ უარს. ასი წლის წინ, `ერის მამებს~ ამბიციური მესამე დასელები და მეამბოხე პლებეები დაუპირისპირდნენ, ხოლო ასი წლის შემდეგ, თითქმის იგივე მახინჯი მოვლენა სხვა ფორმით მეორდებოდა, რა თქმა უნდა, გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად, შედეგის გათვალისწინების გარეშე.
გამსახურდიას მიერ, წლების მანძილზე, ინტელიგენციისა და ზომიერი ოპოზიციის მიმართ განხორციელებულმა უგუნურმა პოლიტიკამ, რომელსაც 1990-1991 წლებში მათი სოციალურ-იერარქიული სტატუსის შევიწროვებაც დაემატა, ისე გაამწარა ელიტარული და საშუალო ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მის წინააღმდეგ კონსოლიდირებას შეუდგა. მართალია, ინტელიგენციამ საკუთარი ორგანიზაცია ვერ შექმნა, მაგრამ გამსახურდიას მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს მიაშურა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლები, ჯერ კიდევ, ეროვნული კონგრესის მხარდამჭერები და წევრებიც გახდნენ. შემდგომში მათ თანდათან სხვა ოპოზიციურ ორგანიზაციებში და მათ გარშემო მოიყარეს თავი. ზოგიერთი მათგანი მზად იყო, მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ პიროვნებასთან ან ძალასთანაც კი დაეჭირა საქმე, ოღონდ გამსახურდიას დაპირისპირებოდა.
ამ მხრივ, ნიშანდობლივია ნოდარ ლომოურის ერთი გვიანდელი განცხადება. ცნობილი ისტორიკოსი თავს იმართლებდა 1993 წელს, თუ როგორ დაუკავშირდა თავის დროზე ისეთ ოდიოზურ პიროვნებას, როგორიც ირ. წერეთელი გახლდათ. ნ. ლომოური იხსენებდა: `ბევრი მიხვდა გამსახურდიას და მის გარშემო მყოფთა უღირსობას და მათ ბრძოლა გაუმართეს `ამ ერის მესიად~ გამოცხადებულ ბოროტ გენიას. ამათ შორის გამოჩნდა ი. წერეთელი და მისი პარტია. ისინი აქტიურად დაუპირისპირდნენ გამსახურდიას. ეჭვით ვუყურებდით მის აქტიურობას, მაგრამ გამსახურდიას წინააღმდეგ ეშმაკსაც შეეკვრებოდა ადამიანი!~27.
თანდათან, რადიკალურ ოპოზიციას სხვა პოლიტიკური ძალები და საზოგადოებრივ-კულტურული ჯგუფებიც უერთდებდნენ ხმას. ინტელიგენცია ხომ ზვიად გამსახურდიასაგან, როგორც აღვნიშნეთ, არც ეროვნული მოძრაობის ადრეულ წლებში გახლდათ განებივრებული თბილი ურთიერთობებით. მისი წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ ტელევიზიაში და პრესაში ინტელიგენციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გამო. ისინი მოითხოვდნენ აზრის თავისუფლებას, პლურალიზმს, საპარლამენტო სხდომების შეწყვეტილი პირდაპირი ტრანსლიაციების აღდგენას და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ობიექტურად გაშუქებას. განსაკუთრებით აღაშფოთებდათ ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენელთა და მოღვაწეთა ქვეყნის მოღალატეებად დასახელება.
მერედა ვინ სახელდებოდა `ერის მოღალატედ~. სხვებს თავი დავანებოთ – აკაკი ბაქრაძე. `საქართველოს მტრები აკლია, ბატონო ტელევიზიის `ხელმძღვანელობავ~, რომ ბაქრაძის, ადვაძის და სხვათა სახით კიდევ მტრები ვეძიოთ?… თითქოს გარშემო მხოლოდ ერის მოღალატეები და კრემლის აგენტები არიან?~ – ეს სიტყვები ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ერთი ჯგუფის `მიმართვიდანაა~ – ტელევიზიის ხელმძღვანელობას, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს – ზვიად გამსახურდიას მიმართავდნენ და მოითხოვდნენ: `ოფიციალური ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრისა და პოზიციისათვის, თუ იგი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგებოდა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, შანტაჟი, პოლიტიკური დამღების მიკერება და ადმინისტრაციული ზემოქმედება კანონით აიკრძალოს.~28.
`მიმართვას~ ხელს აწერდნენ: ჭ. ამირეჯიბი, მ. ბაქრაძე, გ. გეგეჭკორი, მ. გიგინეიშვილი, ნ. გელაშვილი, რ. მიმინოშვილი, კ. მახარაძე, ო. მეღვინეთუხუცესი, ნ. მჭედლიძე, ვ. კოტეტიშვილი, მ. კობახიძე, ზ. კიკნაძე, მ. კოკოჩაშვილი, თ. კვაჭანტირაძე, გ. საღარაძე, ვ. გოგუაძე, ვ. რურუა, ლ. თაბუკაშვილი, რ. ჩხიკვაძე, ვ. ჭიჭინაძე, ს. ჭიაურელი, თ. ქორიძე, ჯ. ჩარკვიანი, თ. წივწივაძე, ი. ქემერტელიძე, გ. ყორანაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, ჯ. ქარჩხაძე, ა. ერქომაიშვილი…
ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამაფიქრებელი და მასშტაბური `მიმართვა~ 1991 წლის 27 აპრილს – დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაკეთდა. მას ქართული ინტელიგენციის 40-მდე ცნობილი წარმომადგენელი აწერდა ხელს. მათ შორის, ზოგი ისეთიც იყო, რომელნიც კონგრესშიც შედიოდა ან მასთან ახლობლობდა. უფრო ისეთები სჭარბობდნენ, რომელნიც ზოგი ნაწყენი იყო უზენაესი საბჭოსა თუ მისი მეთაურის მხრიდან, ზოგი ეჭვით განწყობილი, მაგრამ მათ კიდევ გააჩნდათ ხელისუფლებასთან ურთიერთობის რესურსი. აკი დავაფიქსირეთ – შედარებით სტაბილურობის პერიოდი იდგა, თორემ ნორმალური და მთლად სტაბილური ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე კარგა ხანია აღარ არსებობდა.
`მიმართვა~ განკუთვნილი გახლდათ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართველოში მოქმედი ყველა პარტიის მიმართ. ტონი უაღრესად შეშფოთებული ჰქონდა `მიმართვას~ – არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა კავშირისა და მისგან გამოყოფილთა მთელ სივრცეზე `სამოქალაქო ომს~ და საერთაშორისო კრიზისების `მსოფლიო ომად~ გადაქცევის საფრთხეს წინასწარმეტყველებდა. თუ ვიტყვით, რომ აქ მეტისმეტი გადაჭარბება მოუვიდათ `მიმართვის~ ავტორებს, იმას კი, სამწუხაროდ ვერ ვუსაყვედურებთ, რომ საქართველოში მოსალოდნელი კატასტროფა ვერ გაითვალისწინესო.
ყველა კარგად ხედავს ერის შიგნით `განხეთქილებას~, მიუთითებდა `მიმართვა~ და თან საშიში დაპირისპირების სუბიექტებსაც ასახელებდა: უზენაესი საბჭო და ეროვნული კონგრესი, უზენაესი საბჭო და მხედრიონი. მართალია, ხელისუფლებას მეტი მომხრე ჰყავდა, მაგრამ არც ეს უკანასკნელები იყვნენ `უმოკავშირეოდ~. რაც მთავარია, `შეტაკებისა და სისხლის ღვრისათვის ეს დაპირისპირება საკმარისი იყო~. მაშინ, შეიძლება ვინმეს ეს გაფრთხილებაც გაზვიადებად ჩაეთვალა, მაგრამ დღევანდელი ან მერმინდელი გადასახედიდან ხომ კარგად გამოჩნდა, რომ `მიმართვის~ ავტორები, სამწუხაროდ, არ ცდებოდნენ.
კიდევ უფრო მართლები იყვნენ ავტორები, როცა ირწმუნებოდნენ – ქართველი ხალხის ორად გახლეჩით და მათ შორის შეტაკებით `უთუოდ ისარგებლებს სსრკ-ს ხელისუფლება~ და ახალი ბაზალეთის ტრაგედიით აშინებდნენ ადრესატებს. სხვა რომ არაფერი წაიკითხოს, მოისმინოს ან საერთოდ არაფერი იცოდეს 80-90-იანი წლების საქართველოს შესახებ დღევანდელმა მკითხველმა, მარტო ამ `მიმართვითაც~ დარწმუნდება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავდა და საღად აფასებდა მომხდარსაც, მოსახდენსაც. მიუხედავად ამისა, როგორც ფატალისტური გამოთქმა ამბობს – მოსახდენი მაინც მოხდა. საწვალებელი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა. რაღატომ?
ინტელიგენცია გამოსავალს ეძებდა და კონფლიქტურ მხარეებს კრიზისიდან თავდაღწევის გზებს სთავაზობდა. პირველი _ უნდა შემდგარიყო მიუკერძოებელი, უამბიციო ინტელიგენციის წარმომადგენლებისაგან საბჭო, რომელიც შუამავლობას იკისრებდა `უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს (მაშველთა კორპუსს – მხედრიონს) შორის~.
მეორე _ ყველა არსებული შეიარაღებული დაჯგუფება, მაგ. `მხედრიონი~, `შევარდენი~ და სხვები უნდა შესულიყო ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებში.
მესამე _ აქ უნდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ – `ყოველ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს უმცირესი ნაწილის უფლებაც, მისი დაცვის შესაძლებლობაც. თუ ეს წესი დავარღვიეთ, მაშინ ერს ვუბიძგებთ ბოროტმოქმედებისაკენ. დიქტატურა იქ დაიწყება, სადაც უმცირესობა იჩაგრება უმრავლესობის სახელით~. ეს, რომ არ მომხდარიყო, ნეიტრალურ იურისტთა კომისიას უნდა შეესწავლა დაპატიმრებულ მხედრიონელთა საქმიანობა, რომელიც დაადგენდა მათ ბრალეულობას – დანაშაულს და მხოლოდ ამის შემდეგ, მიეცემოდნენ სასამართლოში. `მანამდე კი დატუსაღებულნი, მათ შორის, მხედრიონის მეთაური პროფ. ჯ. იოსელიანი, გათავისუფლებული იქნეს თავდებით~.
მეოთხე _ პრესის, ტელევიზიის თავისუფლება და საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების უზრუნველყოფა.
`მიმართვას~ ხელს აწერდნენ: აკაკი ბაქრაძე, თენგიზ ბუაჩიძე, მამუკა კიკალეიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გიგა ლორთქიფანიძე, თენგიზ აბულაძე, ლევან ხაინდრავა, როსტომ აბრამიშვილი, ზურაბ კიკნაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, რომან მიმინოშვილი, კობა იმედაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რევაზ ესაძე, ნაირა გელაშვილი, თემურ ბაბლუანი, ელდარ შენგელაია, ნიკო ჭავჭავაძე, ვალერიან ადვაძე, ჯანსუღ ღვინჯილია, მარიამ ლორთქიფანიძე, რობერტ სტურუა, ერლომ ახვლედიანი, თემურ ჩხეიძე, მიხეილ ქვლივიძე, მიხეილ კობახიძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი გეგეჭკორი, გურამ თევზაძე, ნოდარ კაკაბაძე, ვახტანგ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნანა მჭედლიძე, რევაზ ჩხეიძე, მალხაზ ზაალიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი.29
სულ რაღაც ერთიოდე კვირის შემდეგ, ზემოაღნიშნული `მიმართვის~ გამოქვეყნებიდან, `საქართველოს რესპუბლიკის~ რედაქციას წერილი გაუგზვნა `საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის~ გამგეობამ. ეს პოლიტიკური პარტია თანადგომას უცხადებდა ზემოგანხილული `მიმართვის~ ავტორებს და, საერთოდ, ქართველ ინტელიგენციას. მეტიც, `კავშირის~ გამგეობა პროტესტს გამოთქვამდა ოფიციალური პრესის დამოკიდებულების გამო `ეროვნული ინტელიგენციისადმი~. პირველ რიგში, გაზეთი `საქართველოს რესპუბლიკა~ იგულისხმებოდა. იგი იყო ოფიციოზი ხელისუფლებისა, რომელიც ვერ ეგუებოდა განსხვავებულ აზრს და ამის მქონე თუ გამომხატველ ინტელიგენციას `კრემლის აგენტებად~, ბანდიტების დამცველებად, კრემლის სამსახურში მყოფებად მიიჩნევდა.
წერილის ზოგად პათოსს თუ მყისიერად ავყვებით, თითქოს სურათი ნათელია. `კავშირის~ პოზიცია ზოგადად მართებული ჩანდა. მათ პოზიციას მათი მოთხოვნებიც ამაგრებდა. `კავშირის~ გამგეობა მოითხოვდა, ოპოზიციისათვის პრესას და ტელევიზიას სათანადო `ალტერნატიული~ ადგილი და დრო დაეთმო. ესეც სავსებით კანონიერი მოთხოვნა გახლდათ.
მაგრამ მდგომარეობა ასე მარტივად ასახსნელი არ გახლდათ. ჯერ ერთი, 27 აპრილს გამოქვეყნებული `მიმართვის~ ავტორები არ იყვნენ მხოლოდ `ინტელიგენციის~ – ამ უწყინარი პანთეონის წარმომადგენლები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგი კონგრესის, ზოგი კი სწორედ, თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრები ან სხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. მაშინდელი ქართველი საზოგადოება მიუჩვეველი იყო პოლიტიკური ბრძოლის ნორმებს. თუ რომელიმე ცნობილი მწერალი ან რეჟისორი მხოლოდ თავის თავს ან პროფესიას წარმოადგენდა, იგი შეიძლებოდა ინტელიგენციის სახელით გამოსულიყო. მაგრამ თუ რომელიმე მათგანი პოლიტიკურ პარტიაში გახლდათ გაერთიანებული, იგი ვეღარ იქნებოდა მხოლოდ `ეროვნული ინტელიგენციის~ წარმომადგენელი და მისი აზრის გამომხატველი. სწორედ, ამ ჩვეულებრივი, პოლიტიკური რეალობისათვის დამახასიათებელი ანბანური წესის გამო, 27 აპრილის `მიმართვის~ ავტორ-ხელმომწერები: თამაზ კვაჭანტირაძე, რომან მიმინოშვილი, რევაზ ესაძე, ელდარ შენგელაია, ნიკო ჭავჭავაძე, ვალერიან ადვაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და რამდენიმე სხვაც, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები გახლდნენ, ხოლო ორი მათგანი ქვეყნის პრეზიდენტობაზე აცხადებდა პრეტენზიას. ამ რეალობიდან ის გამომდინარეობს, რომ როდესაც ნებისმიერი ოპონენტი, რომელიმე ზემოჩამოთვლილთაგანი პიროვნების პოლიტიკურ პოზიციას გააკრიტიკებდა, ეს არ ნიშნავდა `ეროვნული ინტელიგენციის~ წარმომადგენლის კრიტიკას, ეს იყო გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის კრიტიკა.
და მეორეც, ხელისუფლებასაც და მის ოფიციოზს თუ მხარდამჭერ გაზეთს, სრული უფლება ჰქონდა არამარტო გაუმართლებლად, არამედ დანაშაულადაც მიეჩნია ინტელიგენციის ერთი ნაწილის მხრიდან `მხედრიონისა~ და მისი თავკაცის დაცვა. სწორედ, ეს უკანასკნელი იყო სახელმწიფოებრივი პოზიცია და ეროვნული ინტერესის დაცვა პოლიტიკური რეალობის ამ ეპიზოდში. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, დაპატიმრებულ მხედრიონელთა საქმის გამოძიება გახლდათ და ოპოზიციის მოთხოვნის ეს ნაწილი სავსებით სამართლიანი გახლდათ.
16 მაისს პრესაში გამოქვეყნდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ვალერიან ადვაძის საპროტესტო განცხადება. მასში მთელი რიგი ისეთი ფაქტები იყო ჩამოთვლილი, რომ როგორც იტყვიან, `ცხელ გულზე~ ობიექტურ მკითხველსაც აღმაშფოთებლად მოეჩვენებოდა. იქნებ, ასეც არის, მაგრამ ნუ ავჩქარდებით – გავეცნოთ `განცახდებასაც~ და საერთო საქმის ვითარებასაც, იქნებ არც ისე ცალსახა იყოს სურათი, როგორც მაშინ ერთსა და მეორე მხარეს მდგომი დაპირისპირებული მხარეები ხედავდნენ.
ვალერიან ადვაძე აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ მის წინააღმდეგ `გაჩაღებულია ლანძღვისა და ცილისწამების აღვირახსნილი კამპანია~; რომ მასა და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ არ წყდებოდა `პროვოკაციები~; რომ `უხეშად ირღვეოდა პრეზიდენტობის კანდიდატის უფლებები და ხელშეუხებლობა~; რომ `რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანოს მიერ~ ის გამოცხადებული იყო `ერის მოღალატედ~ და მოითხოვდნენ მისთვის საქართველოს მოქალაქის უფლებების ჩამორთმევას. და ბოლოს, რომ `ჩემს მიერ გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადი მცველების დაქირავების ფაქტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მოტყუებას~. გავიხსენოთ, რამ გამოიწვია ხელისუფლების ორგანოთა და მხარდამჭერთა განსაკუთრებული გაღიზიანება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ.30
1991 წლის 12 მაისს თბილისში ეკომონიკისა და მართვის ინსტუტუტში განლაგებული ამ ინსტიტუტის დირექტორის, ვალერიან ადვაძის საარჩევნო შტაბ-ბინიდან საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებმა ოთხი პიროვნება დააკავეს და წაიყვანეს, მათი ვინაობის დადგენის მიზნით. ისინი აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები: მიხეილ მაქსიმოვი, ვალერი კანაკინი, ალექსანდრე იურინი და სერგი პრიდიუსი. მათ განაცხადეს, რომ იყვნენ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს მუშაკები, აგრეთვე, აღნიშნულ სამმართველოსთან არსებული კოოპერატივის წევრები და რომ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათ იკისრეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ვალერიან ადვაძის დაცვა. ეს ინფორმაცია დაადასტურა სამძებრო სამმართველოს ხელმძღვანელობამაც, კერძოდ, რომ აღნიშნულ პირებს `სამმართველოს უფროსისაგან ნაბრძანები ჰქონდათ მასთან (ე. ი. ვალერიან ადვაძესთან – დ. შ.), მოევლინებინათ ოთხი საიმედო, კარგად მომზადებული თანამშრომელი სპეციალური დავალების შესასრულებლად~.
ზემოაღნიშნული ოთხეული გაანთავისუფლეს, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა: მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოში ადვაძის არც ერთი ზემოაღნიშნული `დამცველი~ არ მუშაობდა; ამ სამმართველოში არც კოოპერატივი და სხვა კერძო სამძებრო სამსახური არ არსებობდა. და ბოლოს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი განმარტავდა: `მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს სახელით სპეცდავალების შესასრულებლად ხშირად ინიღბებოდნენ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლები. თბილისში ჩამოსულებიც ამ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ~. პრეს-ცენტრი გამოთქვამდა ეჭვს: `სპეცდავალება ხომ არ მიანიშნებდა, რომ ისინი იმ პოლიტიკური ბრძოლის მონაწილენი არიან, რომელსაც ცენტრი საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა.~31
რა თქმა უნდა, მოსკოველი დამცველების დაქირავება, ქვეყნის ღალატს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, მაგრამ სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც სრულიად უფლებამოსილნი იყვნენ, ეჭვი შეეტანათ დაქირავებულების კეთილსინდისიერებაში და საქართველოდან გაესტუმრებინათ. თავის მხრივ, ვალერიან ადვაძესა და მის მსგავსებსაც უნდა გაეცნობიერებინათ, რომ საქართველოს დეკლარირებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მეტროპოლიური სახელმწიფოდან უშიშროების ყოფილი თანამშრომლების მოწვევა საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.
როდესაც ინტელიგენციასთან ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ორი გარემოება მაინც უნდა გვქონდეს მხედველობაში. პირველი ხელისუფლებისა და მისი ლიდერის კრიტიკის საგანი უმთავრესად იყო ინტელიგენციის ელიტარული ნაწილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში მჭიდროდ იყო დაკავშირებული კომუნისტურ-ბიუროკრატიულ ისტაბლიშმენტთან და ახლაც პრივილეგირებულ მდგომარეობას ინარჩუნებდა. როგორც ნაშრომის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ისინი ხელმძღვანელობდნენ კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, ინსტიტუტებს, თეატრებს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობებს, ჟურნალ-გაზეთებს და ა. შ. ბუნებრივია, ამ ერთგვარ ბიუროკრატიზირებულ ინტელიგენციას სურდა სტატუს კვოს შენარჩუნება და ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი შევიწროების ცდაზე მწვავედ რეაგირებდა. თავის მხრივ, სახელმწიფოსა და ხელისუფლების სტრუქტურებს კანონიერი უფლება და მოვალეობა ჰქონდათ რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური წესრიგი დაემყარებინათ, ორგანიზაციებში, რომლებსაც გამოჩენილი მეცნიერები და კულტურის მოღვაწენი ხელმძღვანელობდნენ, რომელნიც არსებული ხელისუფლების ოპონენტებს წარმოადგენდნენ მეტწილად.
საილუსტრაციოდ შეიძლება ავიღოთ კინოსტუდია `ქართული ფილმი~, რომლის თანამშრომლების უმრავლესობა ხელისუფლებისადმი არალოიალობით გამოირჩეოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო რევიზია ჩაატარა და როგორც ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე განმარტავდა, `სერიოზული ხასიათის დარღვევა-დამახინჯების ფაქტები~ გამოავლინა. მოვიყვანთ რამდენიმე მონაცემს გ. აბსანძის ანგარიშიდან: რეჟისორ ახვლედიანის ფილმის `მესამე~ გადაღებაზე გადახარჯული იყო 349 ათასი მანეთი; რეჟისორ გ. ლორთქიფანიძის ფილმის `თეთრი ბაირაღების~ გადაღებაზე გადაიხარჯა 67000 მან; საერთოდ, 1989-1990 წლებში სტუდიისათვის მიყენებულმა ზარალმა 2 მლნ 170 ათასი მანეთი შეადგინა.
ამავე მონაცემებით, ზოგიერთ ფილმზე დახარჯული იყო მაგ. 558000 მან., ხოლო გადაღება არც დამთავრებული იყო და გაურკვეველი დროითაც შეწყვეტილი (რეჟისორი მ. კობახიძე). `ხელმძღვანელობის სუსტი მუშაობის შედეგად~ 1989-90 წლებში მარტო ბანკის ვადაგადაცილებულ სესხზე უშედეგოდ იყო დახარჯული 1 მლნ 164000 მან. ე. წ. `სასცენარო პორტფელის~ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სოლიდური თანხები დაუმსახურებლად იყო გაცემული ავტორებზე და შემდეგ ჩამოწერილი სტუდიის საერთო ხარჯებში. სხვა შემთხვევაში, დაწყებულ სცენარებში მაინც გაიცემოდა ჰონორარები (952 ათასი მან.); უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხების ხარჯთაღრიცხვა არ წარმოებდა; დარღვევებით გადაირიცხებოდა თანხები სხვადასხვა კოოპერატივების ანგარიშებზე; უკანონოდ იხარჯებოდა ხელფასის ფონდი და სხვ. ასეთი ფაქტიც იყო დაფიქსირებული: სტუდიის ერთ-ერთი თანამშრომლისათვის მიეყიდათ ორგანიზაციის კუთვნილი ცხენი _ 210 მანეთად, მაშინ როცა მისი საბალანსო ღირებულება 1500 მანეთს შეადგენდა.
რა თქმა უნდა, მსგავსი დარღვევები დამახასიათებელი იყო საბჭოთა ეპოქის ნებისმიერი ორგანიზაციისათვის და მასზე თითქოს არ ღირდა ყურადღების გამახვილება. მაგრამ საქმე იმაში გახლდათ, რომ გურამ აბსანძის მიერ მივლინებული რევიზიის ანგარიშში ფიგურირებდა ცნობილი რეჟისორების, სცენარისტების, მსახიობების სახელები: რ. ჩხეიძე, ლ. ღოღობერიძე, მ. თუმანიშვილი, გ. შენგელაია, მ. კიკალეიშვილი… ამიტომ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ რევიზიის მიგზავნით ხელისუფლებას სურდა თავისი მძლავრი კინემატოგრაფიული ოპოზიციის შევიწროვება. არც ეს ეჭვი გახლდათ უსაფუძვლო. განსაკუთრებით ტენდენციურად მოსჩანდა რევიზიის მონაცემების ის ნაწილი, რომელიც 1970-80-იან წლებში დაშვებულ დარღვევებს აფიქსირებდა. მაგ. აღნიშნული იყო, რომ სტუდიაში არსებობდა პრივილეგირებული ფენა, მაშინ როცა სტუდიის 617 თანამშრომელი იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილის აღრიცხვაზე, `პრივილეგირებულები~ თითქმის ყოველ წელს იღებდნენ ახალ-ახალ მანქანებს. თურმე ლ. ახვლედიანს 6 ავტომანქანა ჰქონდა მიღებული; გ. შენგელაიას – 4… `რევიზორები~ აღარც კახი კავსაძეს მოერიდნენ. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ `სტუდიაში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ფილმის `დონ კიხოტის~ გადაღებაში და ჩამოთვლილი იყო დონ კიხოტის – კახი კავსაძისა და სანჩო პანსას _ მამუკა კიკალეიშვილის შეცოდებანი. პირველს 1984-90 წლებში სამი მანქანა ჰქონდა მიღებული, მეორეს 1987-90 წლებში _ 4 ავტომანქანა. კი მაგრამ რა ესაქმებოდათ საბჭოთა ეპოქის “დონ კიხოტებთან~ დამოუკიდებელი საქართველოს `რევიზორებს,~ თითქოს მათ ის არ ეყოფოდათ, რომ ჯერ კიდევ 1977 წელს დაწერილი ფილმის სცენარი ესპანეთის სატელევიზიო კომპანიამ დაიწუნა.
ერთი სიტყვით, ზემოთ რომ ეჭვი ვახსენეთ, ნამდვილად არ იყო უსაფუძვლო. ეროვნულმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით მისთვის მიუღებელი ავტორიტეტების: რ. ჩხეიძის, ლ. ღოღობერიძის, გ. ლორთქიფანიძისა და სხვათა კომპრომეტირება გადაწყვიტა და ისევ `საძრახავთა ძრახვის~ პრინციპით მოექცა რეჟისორებს, მაგრამ შედეგად ის მოიმკო, რომ ფაქტიურად მთელი ქართული კინემატოგრაფიული ელიტა, რომელსაც არც ადრე ეხატა გულზე ეროვნული ხელისუფლება, კიდევ უფრო საფუძვლიანად გადაიკიდა მტრად. რევიზიის მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო მასალები პროკურატურის ორგანოებს გადაეცა ძიებისათვის.
ზვიად გამსახურდიას პიროვნებით და მმართველობით ადრეც ბევრი იყო უკმაყოფილო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში მოხდა საზოგადოების სხვადასხვა ფენებიდან მომდინარე კრიტიკული ტალღების კონცენტრირება, კრიტიკის კონცენტრაციის მთავარი ცენტრები პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები იყვნენ. მათ გარშემო კი თავს იყრიდა ქართული საზოგადოების, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე აქტიური და მოქმედი ნაწილი _ ელიტარული ინტელიგენცია: მწერლები, კულტურის, ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები, მეცნიერები და ძველი კომუნისტური ნომენკლატურა. ესენი უფრო შემოკრებილი იყვნენ ვალერიან ადვაძის, თამაზ კვაჭანტირაძის და ჯიმი მიქელაძის საარჩევნო ბანაკების ირგვლივ. ნოდარ ნათაძესა და ირაკლი შენგელაიას უფრო საშუალი ინტელიგენციისა და ახალგაზრდა თაობის ზომიერ-პატრიოტული ჯგუფები უჭერდნენ მხარს.
საარჩევნო კამპანიის პროცესში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზომიერ ოპოზიციას ნაკლები პრეტენზიები არ ჰქონდა ეროვნულ ხელისუფლებასთან, ვიდრე შეურიგებელ რადიკალებს. მათი აზრითაც, ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა არაპრაგმატული, ზედმეტად ემოციური, არაშორსმჭვრეტელი, არაგონივრული და მეტიც, ზოგ შემთხვევაში ფუნდამენტურად მცდარი გახლდათ.
ჯერ კიდევ, 1991 წლის მარტისათვის სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ უზენაესი საბჭოს უმრავლესობას _ `მრგვალი მაგიდის~ წევრების მიმართ რიგი ბრალდებები წამოაყენა. მან ძუნწად აღნიშნა ხელისუფლების რამდენიმე პოზიტიური ღონისძიება და `საქმეზე~ გადავიდა _ ჩამოთვალა, დააფიქსირა და დაასაბუთა ახალი ხელისუფლების `არაერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის შეცდომა~. ჩამოვთვალოთ ეს შეცდომები:
1. საბჭოთა შინაგანი ჯარების შემოყვანა ცხინვალის რეგიონში;
2. ცხინვალიდან ქართული მილიციის ნაწილების გაყვანა;
3. რატომ მისცეს ხმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ქართველმა დეპუტატებმა საქართველოსათვის მავნე კონსტიტუციურ ცვლილებებს;
4. უზენაეს საბჭოს, ფაქტიურად არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია სოფლის მეურნეობის სფეროში. კერძოდ, თუ არ შეიძლებოდა მიწების დარიგება გლეხებისათვის, რატომ არ გაუზარდეს მაინც მას საკარმიდამო და სამოსახლო ნაკვეთები მაქსიმალურად, რის საშუალებასაც არსებული კანონი იძლეოდა;
5. მართვის სოციალისტური პრინციპები საქართველოში, ჯერჯერობით, ხელშეუხებელია. შეცვლილია მხოლოდ სტრუქტურები და სახელები (`პრეფექტი~ `მდივნის~ ნაცვლად). აქ იგულისხმებოდა ყოვლისშემძლე პრეფექტი და პასიური მოსახლეობა, რაც `არსით~ ისევ სოციალისტურად გამოიყურებოდა..
6. უზენაესი საბჭოს პრესცენტრი არ ასრულებდა თავის მოვალეობას და არ აწვდიდა ინფორმაციას არც საქართველოს მოსახლეობას, არც მსოფლიოს, შიდა ქართლში ქართული სოფლების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ოსური შეიარაღებული ბანდებისა და რუსეთიდან შემოსული შეიარაღებული დაჯგუფებების ალყაში იყო მოქცეული;
7. უზენაესი საბჭოს სხდომები დახურული იყო და მოსახლეობამ არ იცოდა, როგორ წყვეტდნენ მის ბედს დეპუტატები.
სანამ ამ შვიდი შეცდომის სამართლიანობისა და ხასიათის ანალიზს გავაკეთებთ, ბარემ აღვნიშნოთ ისიც, რა ღონისძიებები შესთავაზა თავად ნ. ნათაძემ უზენაეს საბჭოს ზემოჩამოთვლილი შეცდომების გამოსწორების მიზნით. უზენაეს საბჭოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი სასწრაფო ღონისძიებები და ზომები. მას უნდა:
1. გაეგზავნა ნოტა საბჭოთა კავშირის მთავრობისათვის მოთხოვნით, რომ თუ იმპერიის შეიარაღებული ძალები არ დატოვებდნენ შიდა ქართლის ტერიტორიას გარკვეულ დროში, საქართველოს ხელისუფლება მათ ყოფნას მიიჩნევდა `საქართველოზე შეიარაღებულ თავდასხმად~:
2. ეცნობებინა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისა და მსოფლიოსათვის, რომ ეროვნული გვარდია საქართველოს სახელმწიფოს შეიარაღებული ძალაა და უფლებამოსილია დაიცვას საკუთარი მოსახლეობა;
3. უზენაეს საბჭოს გაერო-ში უნდა გაეგზავნა მოთხოვნა ცხინვალის რეგიონში კომისიის გაგზავნის თაობაზე;
4. უზენაეს საბჭოს უნდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, გამოეძიებინათ ცხინვალის რეგიონში მომხდარ-ჩადენილი დანაშაულობანი. ეს უფლება გააჩნდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ან მისი თხოვნით მოწვეულ საერთაშორისო კომისიას.32
ნოდარ ნათაძეს გამოეპასუხნენ უმრავლესობის წარმომადგენლები. პოლემიკა გაგრძელდა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მიუხედავად საერთო-კონსტრუქციული ტონისა, რიგ შემთხვევაში მწვავე ელემენტებიც შეიძინა. 10 მაისს ნათაძემ უმრავლესობის ერთ-ერთ გამოხმაურებას უპასუხა და თავისი კრიტიკული შენიშვნები ზოგი კვლავ გაიმეორა, ზოგიც ახალი გამოთქვა.
მიუხედავად ნათაძის მიერ გამოთქმული შენიშვნების მართებლობა-უმართებულობისა, რაც ცალკე თემაა, მისი ტონი და ხასიათი მშვიდობიანი, კონსტრუქციული და, შეიძლება ითქვას, კეთილგანწყობილიც კი მოჩანდა ალაგ-ალაგ. სწორედ, ამგვარი პათოსით ამთავრებდა ნათაძე თავის შენიშვნებს. იგი მიიჩნევდა, რომ უმრავლესობა თავისი `შესაძლებლობების~ 10-20%-ს იყენებდა დღემდე. სახალხო ფრონტის თავმჯდომარე `გარანტიას თუ არა, იმედს მაინც გრძნობდა~, რომ ეროვნული ხელისუფლება `არასოდეს მიიღებდა შეგნებულად ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ლახვარს ჩასცემდა საქართველოს.~33
ოღონდ ამ ოპტიმისტურ აზრთან ერთად, ნოდარ ნათაძე იმის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა, რომ ქვეყნისათვის ცუდის მომტანი გადაწყვეტილება ხელისუფლებას თავისდაუნებურად, `შეუგნებლად~ მიეღო. იგი მაგალითსაც ასახელებდა _ ამგვარი `შეუგნებელი~ დადგენილებით იქნა შემოყვანილი შიდა ქართლში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარიო.
ის, რომ უმრავლესობა და მათი ლიდერი სახალხო ფრონტისა და მისი თავკაცის მიმართ კორექტულები არ იყვნენ, ამის საილუსტრაციოდ შორს წასვლა არ მოგვიწევს. ჩვენს წინაშეა `ღია წერილი ბატონ ნოდარ ნათაძეს~, რომლის ავტორიცაა `მრგვალი მაგიდის ბლოკის პარლამენტური უმრავლესობა~. ე. ი. ნათაძის ერთ-ერთ კრიტიკულ `მიმართვას~ მრგვალი მაგიდის უმრავლესობამ კოლექტიური წესით უპასუხა.
ეს წერილი ოპონენტებთან რადიკალური და კონფრონტაციული დამოკიდებულების რიგითი ნიმუშია. ნოდარ ნათაძეს ავტორები უხსენებდნენ, რომ `ალიანსში~ იყო კომუნისტებთან და პირადად ბ-ნ გუმბარიძესთან; მიიჩნევდნენ, რომ ნ. ნათაძისა და სახალხო ფრონტის საქმიანობა `უფრო იმ ბრძოლის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელმაც მოიტანა დემოკრატიული არჩევნები და უსისხლო რევოლუცია საქართველოში~; ბრალს სდებდნენ, რომ `შეგნებულ დემაგოგიას და პროვოკაციას~ ეწეოდა და უნდოდა, რათა საბჭოთა ჯარსა და ქართულ მილიციას შორის სისხლი დაღვრილიყო, რათა `ახალ-ახალი ბრალდებები წამოეყენებინა პარლამენტისა და პრეზიდენტის~ წინააღმდეგ. აღარ გავაგრძელებთ.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასევე, საბოლოოდ, გამოიკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჯგუფების დამოკიდებულება, როგორც ხელისუფლების, ისე კონგრესის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებმა განსაზღვრა პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება ქართული პოლიტიკის ორი მთავარი აქტორის _ ხელისუფლებისა და კონგრესის მიმართ. აღმოჩნდა, რომ ხუთი კანდიდატი და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები, ძირითადად, ლოიალურად იყვნენ განწყობილი კონგრესის მიმართ, მასთან თანამშრომლობას ან აუცილებლად, ან სასურველად მაინც თვლიდნენ. საპირისპირო ვითარება იყო მეორე მხარეს. პრეზიდენტობის ერთადერთი, თუმცა იმხანად ყველაზე ძლიერი კანდიდატი ზვიად გამსახურდია, გამორიცხავდა კონგრესთან თანამშრომლობას, ცალ-ცალკე დავაფიქსიროთ ზემოაღნიშნულთა პოზიციები კონგრესთან ურთიერთობის სფეროში:
ირაკლი შენგელაია: `ლოიალურნი ვართ კონგრესში შემავალი უკლებლივ ყველა პარტიის მიმართ, მაგრამ კონგრესის აღიარებას საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე კონსტიტუციური ბრძოლის ინსტანციად ვერ მივიღებთ~.
ნოდარ ნათაძე: `…ის გარემოება, რომ კონგრესში შესულ და მის გარშემო მდგარ პატრიოტ ადამიანთა უზარმაზარი პოტენციალი საქმის გარეთ არის დატოვებული ხელისუფლების მიერ, მე მიუტევებელ დანაშაულად მიმაჩნია. ეს პარტიული (და არა ზეპარტიული, ან სახელმწიფოებრივი) მართვის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და სამწუხარო გამოვლინებაა~.
თამაზ კვაჭანტირაძე: `კონგრესმა უფრო ქმედითი, კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ჩემი დამოკიდებულება კონგრესის მიმართ ლოიალურია~.
ვალერიან ადვაძე: `კონგრესში არის გაერთიანებული საკმაოდ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, ჩვენი ერის ის ნაწილი და იმის გამოყენება აუცილებელია საქართველოს კეთილდღეობისათვის. ჩემი პოზიცია შემრიგებლურია კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის~.
ჯიმი მიქელაძე; `არ ვიზიარებთ შეურიგებლობის, რადიკალიზმის, არასამართლებრივი მეთოდებით ბრძოლის კურსს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ყველგან და ყველა შემთხვევაში აუცილებელია პოლიტიკური ძალების, მთელი ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის კონსოლიდაცია~.
აი, ამგვარ, თითქმის ერთსულოვან ვითარებაში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დისონანსად მოსჩანდა მეექვსე კანდიდატის და პარლამენტის მიერ უკვე არჩეული პრეზიდენტის უკომპრომისო პოზიცია: `სამწუხაროა, რომ ე. წ. `კონგრესის~ მოღვაწეობა ჰგავს ბალტიისპირეთში `ინტერფრონტების~ მოღვაწეობას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული გზით არჩეული ეროვნული მთავრობის დამხობისაკენ, რასაც ადასტურებს მათი წინასაარჩევნო აქციები და განცხადებები. დამაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ `კონგრესი~ და კრემლი ერთნაირი ეპითეტებით ამკობენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.~34
საქმე იმაში გახლავთ, რომ სიმართლე ხელისუფლებისა და მისი მეთაურის მხარეზე იდგა. სამწუხაროდ, არც ის იყო მთავარი, რომ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო და პოპულარობით ეს უკანასკნელი დანარჩენ კანდიდატთა ხუთეულს ხუთჯერ და მეტად აღემატებოდა. სამწუხაროდ, ეს გარემოებაც ეფემერული, დროებითი და წარმავალი ხასიათისა უფრო ჩანდა. მთავარი ის იყო, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ როლს პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები და ჯგუფები უფრო თამაშობდნენ, ვიდრე `მასები~. ამ უკანასკნელთა რაოდენობრივი წონა ისტორიულ-პოლიტიკურ სპეციფიკურ პირობებში იზრდება ხოლმე და გადამწყვეტი ხდება. მაგ. რევოლუციური, კრიზისული სიტუაციების ან არჩევნების დროს.
დანარჩენ შედარებით მშვიდ პერიოდში მცირერიცხოვანი პოლიტიკური პარტიებიც კი მეტ ზემოქმედებას ახდენენ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე პასიური მოსახლეობის დიდი რაოდენობრივი ჯგუფები, რომელნიც საკუთარი ყოველდღიური საზრუნავით უფრო არიან დაკავებული.
ამ გარემოებას კიდევ ორ ფაქტორს თუ დავუმატებთ, მაშინ ვითარება სრულიად იცვლება. ორივე ფაქტორი `პატარა ქვეყნისათვის~ არის დამახასიათებელი, რომელსაც დიდი და ყოფილი მეტროპოლია ესაზღვრება. პირველი ფაქტორია, როცა ასეთ `პატარა~ ქვეყანაში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები თანდათან ერთიანდებიან და საერთო ფრონტს ქმნიან ხელისუფლების წინააღმდეგ. მეორე ფაქტორია, როცა ამ ოპოზიციას მფარველი და მხარდამჭერები აღმოაჩნდება ყოფილი მეტროპოლიის სახით. ასეთ ვითარებაში, თუნდაც მცირერიცხოვანი და არაპოპულარული ოპოზიცია გადამწყვეტი ძალა ხდება პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუნდაც, პოპულარული ხელისუფლების მიმართ კონკურენტუნარიან ძალად იქცევა.
1991 წლის გაზაფხულ-ზაფხულის გასაყარზე ამგვარი კრიტიკული ფაზა საქართველოში ჯერ არ იდგა, მაგრამ უკვე საფუძველი ეყრებოდა ოპოზიციური ძალების ცუდ პერსპექტიულ ერთსულოვნებას. ხელისუფლება ამას ან ვერ ხედავდა, ან არ სურდა დაენახა და ზედმეტი თავდაჯერებულობით იმრავლებდა მოწინააღმდეგეთა არმიას.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა პოლიტიკური დებატები, კიდევ უფრო გაამწვავა. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ძალებს გამოკვეთილად შეუერთდა ზომიერ-ლიბერალური ჯგუფები და ელიტარული ინტელიგენცია, რომელმაც თავი მოიყარა პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი ორგანიზაციების გარშემო. ოპოზიციის ორგანიზაციულ გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ხელისუფლების მიერ დანარჩენი კანდიდატების წინააღმდეგ კონფრონტაციულად წარმართულმა საარჩევნო კამპანიამ.

განხეთქილება სახელისუფლებო ბლოკში. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე მიმდინარე ხუთთვიან კრიზისს თუ შევადარებთ, ზაფხულის პერიოდიც შედარებით მშვიდობიან ხანას უნდა მივათვალოთ, მაგრამ მხოლოდ შედარებით. გრძელდებოდა იარლიყებით ომი ოპონენტებთან. `საერთოდ კი უნდა გითხრათ, _ განუმარტავდა გაზეთ `ტრუდის~ კორესპონდენტს ზვიად გამსახურდია, _ რომ ესენი ოპონენტები კი არა, პროვოკატორები არიან~. Aამჯერად, საქართველოს პრეზიდენტის რისხვა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას დაატყდა. `სინამდვილეში ისინი კომპარტიის აგენტები არიან. ეს იგივე კომპარტიაა, მხოლოდ სახელი შეიცვალა~.
აქ საქმე იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ ზ. გამსახურდია სამართლიანად აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ, რომ `ექვს თვეში შეუძლებელია მთლიანად შეცვალო სისტემა, რომელიც 70 წელზე მეტია არსებობს~. საქმე იარლიყებით ომის წარმოების აბსურდულობასა და დამღუპველობაში გახლდათ. ისეთი `პროვოკატორები~, როგორებიც ხელისუფლების სხვადასხვა რანგის ოპონენტები იყვნენ, ძალიან ბევრი იყო საქართველოში და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა და ხელისუფლებისათვის სახიფათო ხდებოდა.
ამიტომ, სულ უფრო არაადეკვატურად გამოიყურებოდა ზვიად გამსახურდიას თავდაჯერებული მტკიცება, თითქოს ქართველი საზოგადოება ძლიერად იყო შეკავშირებული და მხოლოდ მოსახლეობის ათი პროცენტი გახლდათ ან ინდიფერენტული, ან სხვა ორიენტაციის მქონე. `ოპოზიციას არანაირი პოლიტიკური ძალა არა აქვს. მას ნულოვანი მხარდაჭერა აქვს ხალხში. ჩვენი ე. წ. ოპოზიცია პოლიტიკური მძორია, რომელიც არავისთვის არანაირი საშიშროება არ არის.~35
`არავისთვის არანაირი საშიშროების~ მქონე ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები კი თანდათან ორგანიზაციულ კონსოლიდაციას ცდილობდნენ და განაგრძობდნენ.
1991 წლის 14 მაისს უზენაესი საბჭოს მორიგ სხდომაზე სახალხო ფრონტის, საარჩევნო ბლოკის `დემოკრატიული საქართველოს~ წევრებისა და უპარტიო დეპუტატების ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთეს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის – `დემოკრატიული ცენტრის~ დაარსების შესახებ. აღვნიშნავთ განმცხადებელთა და `განცხადების~ მთავარ მოტივებს: ხელისუფლების, პარლამენტის დემოკრატიზაცია შეუძლებელია აზრთა გაზიარების, პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე, პარლამენტში კი დამკვიდრებულია `უკრიტიკო ერთსულოვნება~. ეს ხელს უშლის გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ, კონსტრუქციული კრიტიკისა და აზრთა ურთიერთშეთანხმების, ურთიერთგაზიარების მიზნით, იქმნება ახალი ფრაქცია. მისი ფუნქცია იქნება, საკუთარი დასაბუთებული პოზიცია დაუპირისპიროს უმრავლესობის იმ შეხედულებებს, რომლებიც მიუღებელი იქნება.
`განცხადება~ თავდაპირველად არ ამჟღავნებდა რაიმე შეურიგებლად კრიტიკულ განწყობას უმრავლესობის მიმართ და პირიქით, მოწოდებული იყო ნაყოფიერი საპარლამენტო მუშაობისათვის. მაგრამ, შესაძლებელია, იგი იმთავითვე შეიცავდა ხელისუფლებისა და უმრავლესობისათვის უსიამოვნო ნოტებს. მაგ. `განცხადების~ ის ადგილი, როცა იუწყებოდნენ, რომ `საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ხელს შეუწყობს უზენაესი საბჭოსა და მის გარეთ მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობისათვის სასურველი პირობების შექმნას, მათ ჩართვას საკანონმდებლო საქმიანობაში~.
მოსწონდა თუ არა ხელისუფლებას და უმრავლესობას, მას მაინც არ შეუშლია ხელი საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, პირიქით, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა დაადასტურა კიდეც მისი დადებითი მნიშვნელობა საპარლამენტო მუშაობისათვის და ნორმალური ფუნქციონირების გარანტიებიც კი მისცა ახალ ფრაქციონერებს. `დემოკრატიულ ცენტრს~ თორმეტი დეპუტატი აფუძნებდა: ნოდარ ნათაძე, ელდარ შენგელაია, რომან გოცირიძე, თედო ნინიძე, დავით არევაძე, დავით ბერძენიშვილი, პაატა კოღუაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ანზორ სიჭინავა, თამაზ დიასამიძე, კუკური ჩაფიჩაძე, გივი ლობჟანიძე.
ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში და გეოპოლიტიკური გარემოცვის პირობებში, შესაძლოა ხელისუფლებას, ასევე ნორმალურ მოვლენად ჩაეთვალა დემოკრატიული ოპოზიციის ფრაქციის ჩამოყალიბება, მასთან კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება გულწრფელად შიშობდა, რომ დემოკრატიული სტრუქტურებისა და თავისუფლებების ზღვარდაუდებელი დაშვება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა. სწორედ, ამ გადამეტებული შიშის გამო, ხელისუფლება `დემოკრატიული ცენტრის~ ანუ უმცირესობის ფრაქციის შექმნაში დემოკრატიის სტრუქტურის ჩამოყალიბების ნორმალურ პროცესს კი არ ხედავდა, არამედ საფრთხეს. ასეა თუ ისე, ფრაქცია `დემოკრატიული ცენტრი~ შეიქმნა.
1991 წლის 12 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა `საქართველოს მოსახლეობას~. მან დაუფარავად ჩამოთვალა დამოუკიდებლობის გზაზე და დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე მდგარი სიძნელეები და მათი დაძლევის უპირველეს წინაპირობად ქართული საზოგადოების, მოსახლეობის ერთიანობა, სამოქალაქო თანხმობა გამოაცხადა.
`თანამემამულენო! საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და შფოთიან ხანაში ყველა ჩვენგანის ვალია, გამოიჩინოს ეროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში – მიმართავდა ზვიად გამსახურდია, – მხოლოდ ამ შემთხვევაში დავაღწევთ თავს იმპერიის მარწუხს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დაე, იყოს ჩვენი დევიზი სამოქალაქო თანხმობა, ურთიერთგაგება და მშვიდობა.~36 პოზიცია სავსებით მართებული გახლდათ, მაგრამ სამოქალაქო თანხმობისათვის ყველაზე ნაკლებად იღწვოდა პოლიტიკური ელიტა, პირველ ყოვლისა, ხელისუფლება, რადგან მთავარი პასუხისმგებელი ის იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე; შეურიგებელი რადიკალური ოპოზიცია; ზომიერი ცენტრისტულ-ლიბერალური ბანაკი და შემოქმედებითი ინტელიგენციის ზედა ეშელონი, რომელიც, მართალია, პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა, მაგრამ ძლიერ პოლიტიკურ-ინტელექტუალურ ზემოქმედებას ახდენდა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.
მიუხედავად დაპირისპირებათა რამდენიმე ცენტრის არსებობისა, მათ ჩამოყალიბებას, ასე თუ ისე, გარკვეული ლოგიკა ეძებნებოდა და თითქოს, გარკვეული საფუძველიც ჰქონდა. მაგრამ დაპირისპირებათა კიდევ ორი ცენტრის შექმნას, რომელსაც სწორედ 1991 წლის ზაფხულში ჩაეყარა საფუძველი, თვისობრივად სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. აქამდე სახელისუფლო პოლიტიკურ ბლოკს – მრგვალ მაგიდას, სხვა ოპოზიციური ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ახლა თვით `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ ბლოკში მოხდა განხეთქილება.
`მრგვალი მაგიდა~ იყო და არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის უძლეველობისა და ერთიანობისა~ _ ამბობდა 1990 წელს ზვიად გამსახურდია. სამწუხაროდ, დაპირისპირებათა სინდრომმა ეროვნული ხელისუფლების მთავარ საყრდენს, წყაროსა და ციტადელსაც შეურყია საფუძველი. ზვიად გამსახურდია ამ კოლიზიის მიზეზსაც მხოლოდ `ღალატში” ხედავდა, რამაც `პირველი ბზარი~ გააჩინა `ჩვენს ერთიანობაში.~ `ყოფილ პარტოკრატიასთან და მაფიასთან დაკავშირებულმა ფსევდოოპოზიციამ თანდათანობით გადაიბირა `მრგვალი მაგიდის~, ჯერ კიდევ, ცალკეული წევრები, შემდეგ _ მთელი პარტიები და ორგანიზაციები~.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ პირველი ორგანიზაცია, რომელიც მრგვალი მაგიდის ბლოკს გამოეყო, მონარქისტული პარტია გახლდათ. შემდეგ, ბლოკიდან გავიდა წმინდა ილია მართლის საზოგადოების ერთი ნაწილი. არც ერთ და არც მეორე განცალკევებას სერიოზულად არ უმოქმედია მრგვალმაგიდელთა საქმიანობაზე. რიგით მესამე განხეთქილება უფრო სერიოზული აღმოჩნდა.
1991 წლის 12 ივლისს გაზ. `თავისუფალ საქართველოში~ გამოქვეყნდა წერილი: `მარნეულის მესვეურთა `საქმენი საგმირონია~. მასში მკაცრად იყო გაკრიტიკებული მარნეულის პრეფექტის მაჭავარიანის საქმიანობა. საქმე იმაში გახლდათ, რომ მაჭავარიანი მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი იყო. პარლამენტის წევრებისაგან შემდგარმა კომისიამ რიგი დარღვევები აღმოუჩინა მარნეულის პრეფექტს. აქ, იმის გარკვევას არ შევუდგებით, რამდენად სამართლიანი გახლდათ პრეფექტისადმი წაყენებული ბრალდებები. მთავარი ის იყო, რომ საპარლამენტო კომისია ბრალს სდებდა მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრს. თანაც, ეს ბრალდებები გამოქვეყნდა მრგვალი მაგიდის პარტიულ გაზეთ `თავისუფალ საქართველოში~. ყოფილ თანამებრძოლებსა და თანაბლოკელებს შორის რაღაც ხდებოდა (თამთა ცეცაძე. მარნეულის მესვეურთა `საქმენი საგმირონია).37
ხდებოდა ის, რომ კოსტაველებსა და მრგვალმაგიდელებს შორის, თურმე სერიოზულ წინააღმდეგობას დაებუდებინა. რაც მთავარია, უთანხმოებათა გარკვევას და ურთიერთობის მოგვარებას არავინ ცდილობდა. პროცესები თანდათანობით ესკალაციის ფორმით ვითარდებოდა. ზემოაღნიშნულ წერილს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრთა კოლექტიური `განცხადება~ მოჰყვა. მასში პროტესტი იყო გამოთქმული `თავისუფალ საქართველოში~ გამოქვეყნებული `აშკარად ცილისმწამებლური~ პუბლიკაციის გამო. `განცხადების~ ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ პუბლიკაციაში ფაქტები გაყალბებული გახლდათ და იგი დაიწერა ერთადერთი, კოსტავას საზოგადოების დისკრედიტაციის მიზნით.
საპროტესტო `განცხადება~ კოსტავას საზოგადოების პარტიულ გაზეთში _ `სარანგში~ დაიბეჭდა და მას საზოგადოების პარლამენტარი წევრები და მთავარი პირები აწერდნენ ხელს: ვ. ადამია, დავით კუპრეიშვილი, თ. ობგაძე, ე. ყაველაშვილი, გ. ურიათმყოფელი, ა. საკანდელიძე, ნ. კვაჭაძე, რ. კემულარია, მ. ხუციშვილი, გ. გოლეთიანი, გ. ხავთასი, ა. ვარძელაშვილი, ს. ზვიადაძე, გ. მამფორია.38 კოსტაველები სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვდნენ გარემოებათა ობიექტური დადგენისათვის.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, კიდევ ერთი, კონფლიქტური ურთიერთობა გაჩნდა, რომელსაც, თურმე, ადრევე ეყრებოდა საფუძველი და მზადდებოდა. კონფლიქტის ნიშნები უკვე 5 ივნისს გამოჩნდა, როცა კოსტაველებმა თავიანთი საზოგადოების რიგებიდან გარიცხეს ბ. დანგაძე. საინტერესო ისაა, რომ დანგაძე გახლდათ პარლამენტის სამანდატო და ეთიკის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო იგი კოსტავას საზოგადოებიდან `არაეთიკური საქციელის გამო~ გარიცხეს. ამ დროისათვის მრგვალმაგიდელებსა და კოსტაველებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებაში დანგაძემ პირველთა მხარი დაიჭირა.
აგვისტოს დასაწყისში კონფლიქტი უკვე ღია სახეს იღებს. კოსტაველები, ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს უპირისპირდებიან და 2 აგვისტოს აკაკი ასათიანის გადადგომას ითხოვენ. 9 აგვისტოს უზენაესი საბჭოს სესიაზე მოხდა პირველი ღია დაპირისპირება კოსტაველების ლიდერსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, რომელიც სხდომას ესწრებოდა. იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა უგუნურად მიმდინარეობდა კონფრონტაციის გაღრმავება ყოფილ თანამებრძოლებს შორის, თვალი გადავავლოთ უზენაესი საბჭოს სესიის 9 აგვისტოს სხდომის რამდენიმე დამახასიათებელ ეპიზოდს.
სწორედ, ამ დროს განიხილებოდა კოსტაველების მიერ 2 აგვისტოს შემოტანილი `განცხადება~ პარლამენტში. ვ. ადამიამ მოითხოვა პარლამენტის სხდომის რეპორტაჟის გადაცემა ტელევიზიით, რაც უკვე რამდენიმე თვეა აღარ წარმოებდა. იქნებ, ვიდეოჩანაწერი მაინც გადაეცათ. თავმჯდომარე აკაკი ასათიანი დაეთანხმა, მაგრამ თხოვნა სანახევროდ შეასრულა _ ტელევიზიით გადაიცა, მხოლოდ პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გამოსვლების ვიდეოჩანაწერი.
თავდაპირველად, საპარლამენტო მსჯელობა, თითქოს უწყინარ თემაზე _ კადრების დანიშვნასა და საპარლამენტო სტრუქტურების უფლებამოსილებაზე მიმდინარეობდა, მაგრამ, თურმე აქ იყო ჩამარხული კონფრონტაციის მთავარი მიზეზი. კოსტავას საზოგადოების პარლამენტარი წევრები მოითხოვდნენ კომისიების გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციებისათვის ანგარიშის გაწევას, მათი აზრის გათვალისწინებას კადრების დანიშვნის დროს. საკითხის ამგვარ დასმას ა. ასათიანმა რამდენჯერმე უწოდა `პოლიტიკური უწიგნურობა~. ეტყობა, სასაუბრო თემების უკან სხვა მიზეზები იმალებოდა. სწორედ, საკამათო საკითხების ნამდვილი მიზეზები წარმოადგინა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც, ვ. ადამიას აზრით, უფლებამოსილი არ იყო, როგორც პრეზიდენტი, პარლამენტის სხდომებში ჩარეულიყო, რადგან დეპუტატობის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა.
პრეზიდენტის გამოსვლიდან: ვ. ადამიას განცხადება მე არ გამკვირვებია. მან იცოდა, რომ კომისიების მუშაობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, მისი კომისიის საკითხიც დადგებოდა და მან დაგვასწრო, `რათა შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ერთგვარი შურისძიება არის მის გამოსვლასთან დაკავშირებით… არა, მეგობრებო, ეს გაცილებით ადრე იყო ჩაფიქრებული~. აი, რა: გვაქვს ორი კომისია, მსგავსი მიზნებით და ამოცანებით. ერთია _ თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის (ამ კომისიის თავმჯდომარე იყო ვ. ადამია _ დ. შ.) და მეორე _ უზენაესი საბჭოს კანონიერების დაცვისა და კანონმდებლობის კომისიები.
მე ახლო ურთიერთობა მაქვს ვ. ადამიასთან, მაგრამ `ვინაიდან საქმე ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს~ ეხება, უნდა ვთქვათ, რომ, კომისიები რომც დავტოვოთ, მათ მაინც პროფესიონალები უნდა მართავდნენ. მე ვაყენებ წინადადებას _ თავდაცვის სფერო არასწორად არის შეერთებული სხვა კომისიასთან, ხოლო, საერთოდ, ამ კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს `სამხედრო-საკადრო ოფიცერი~, სულ მცირე _ გენერალი მაინც. ეს საკითხი სამხედრო საბჭოსთან ერთად, განვიხილეთ და ეს მათი აზრია. სპეციფიკური კანონებია მოსამზადებელი _ სამხედრო დასახლებების შესახებ; წესდებები _ სამწყობრო მომზადების, შინა სამსახურის, საგარნიზონო-საყარაულო სამსახურის შესახებ და ა. შ.
ასე რომ, სამხედრო კომისია ცალკე უნდა გამოიყოს, ხოლო ის ორი კომისია უნდა გაერთიანდეს. პირველს უნდა პროფესიონალი სამხედრო ხელმძღვანელობდეს, მეორეს კი _ იურისტი.
ამის შემდეგ, პრეზიდენტი საყვედურობს ვ. ადამიას, რომ მისი საქმიანობის სფერო არ არის გვარდიის შემოწმება და კონტროლი, ესაა პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარების საქმე. ვინ დაგავალათ გვარდიის შემოწმება? `თქვენ შემოწმებისა და ობეხეესის-ის ფუნქცია არა გაქვთ, თქვენ გაქვთ საკანონმდებლო ფუნქცია~. ეს არ არის ცენტრალური კომიტეტი, ეს პარლამენტია. უფრო ქვემოთ პრეზიდენტი უკვე პირად შეურაცხყოფას აღარ ერიდება და ქილიკობს: სამხედრო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს სპეციალისტი. `კბილის ექიმი არ შეიძლება იყოს სამხედრო კომისიის თავმჯდომარე~ (გავიხსენოთ, ვ. ადამია პროფესიით სტომატოლოგი გახლდათ _ დ. შ.). შემდეგ: `მაშინ ბუში შვარცკოფის მაგივრად ერაყში საომრად გაგზავნიდა ექიმს და რას მოიგებდა ის ექიმი, იმასაც ვნახავდით~.
ვ. ადამია შეურაცხყოფილია. ჯერ ერთი, კომისიის თავმჯდომარეობიდან ფაქტიურად გადაყენებულია, მეორეც, მისი სტომატოლოგობა საქილიკოდ გახადეს. აქ იმასაც აღარა აქვს მნიშვნელობა, რომ პრეზიდენტის პოზიცია ზოგადად სამართლიანი იყო. სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი მართლაც პროფესიონალი სამხედრო უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც გვარდიის მეთაური. მაგრამ კონფლიქტი უკვე ღია და დაუფარავი გახლდათ და მას სიტყვიერი მოურიდებლობა და არაკორექტულობა ამძაფრებდა. ადამია დარწმუნებული იყო, რომ თავიდან იცილებდნენ. ამბიციურობა მას სხვაგვარი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა. `აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ანგარიშსწორება, აცხადებდა თავდაცვის კომისიის აწ უკვე თითქმის ყოფილი თავმჯდომარე, – მე მზად ვარ გადავდგე კენჭისყრის გარეშეც დაკავებული არჩევითი თანამდებობიდან, მაგრამ მე ერთხელ კიდევ ხაზს ვუსვამ, ეს ანგარიშსწორებანი ჩვენ სიკეთემდე არ მიგვიყვანს. კეტით გაგვყრიან ორ თვეში~.
ვ. ადამია უკვე პრეზიდენტთან დაპირისპირებასაც აღარ მოერიდა. `მე მოვუწოდებ ყველას, ხმა აიმაღლონ ყოველივე იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ამ ბოლო დროს არის პარლამენტში გამეფებული. მე მოგიწოდებთ, ბ-ნო პრეზიდენტო~ – და მან ზვიად გამსახურდიას შეახსენა, რომ როგორც პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ასე აშკარად ჩარეულიყო პარლამენტის საქმიანობაში. `ხმას დაუწიეთ, – მიმართა ყოფილ თანაბლოკელს პრეზიდენტმა, _ მე გირჩევთ და ცილისწამებას დაანებეთ თავი~.
`მაგრამ თქვენც ნუ დაგავიწყდებათ, _ უპასუხა პრეზიდენტს კოსტავას საზოგადოების მეთაურმა, _ რომ ჩემსკენ რომ თითი გამოიშვირეთ, ჩემისთანების მხრებზე ამხედრებული შემოხვედით ამ პარლამენტში. სხვაგვარად ვერ შემოხვიდოდით.~ გამსახურდიას და, საერთოდ, ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგენი სიამოვნებისაგან თითებს იფშვნეტდნენ. კიდევ ერთი პოლიტიკური დაჯგუფება დაუპირისპირდა პრეზიდენტს და მერე ვინ _ საკუთარი პოლიტიკური ბლოკის ერთ-ერთი ორგანიზაცია და, რაც მნიშვნელოვანია _ შეიარაღებული სამხედრო ფორმირების, მერაბ კოსტავას საზოგადოება და მისი მეთაური ვ. ადამია.
კი მაგრამ მიზეზი: რატომ დაუპირისპირდნენ ყოფილი თანაბლოკელები ერთმანეთს. უფრო მართებული იქნება ასეთი ფორმულირება: რატომ დაუპირისპირდნენ კოსტავას საზოგადოება და მისი მეთაური უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და საბოლოოდ, კი ხელისუფლებას. ხომ არ იყო კოსტაველების პროტესტის მიზეზი რაიმე იდეურ-პოლიტიკური პოზიცია; სახელმწიფო მართვის განსხვავებული ხედვა, ან იქნებ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია და რაიმე მსგავსი. რა თქმა უნდა, კოსტაველების საპარლამენტო გამოსვლებში ფიგურირებდა სახელმწიფოებრივი პოსტულატები: მაგ. პარლამენტში მოშლილი იყო სტრუქტურები; კომისიების აზრს არ ითვალისწინებდნენ; უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის უნიათობის გამო პარლამენტში ანარქია სუფევდა და ა. შ.
მაგრამ დაპირისპირების სხვა მთავარი მიზეზის გამო მაშინვე საუბრობდნენ საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ წრეებშიც. ეს იყო ორი მრგვალმაგიდელის _ ვ. ადამიასა და თ. კიტოვანის კონკურენცია და ზ. გამსახურდიას მიერ უკანასკნელის მხარდაჭერა. როგორც ცნობილია, ეროვნული გვარდიის სარდლად სწორედ თ. კიტოვანი დაინიშნა, თუმცა არა პროფესიონალიზმის, არამედ სხვა მახასიათებლის მიხედვით. ვახტანგ ძაბირაძე წერს: რატომღაც მეგონა, რომ ეროვნული გვარდიის სარდლად ადამიას დანიშნავდნენო, ხოლო გიორგი წიქარიშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ადამიას უარყოფამ პრეზიდენტის მხრიდან გამოიწვია კოსტაველების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ამ დაპირისპირების მამოძრავებელი _ პირადი ამბიცია გახლდათ.
აქვე უმნიშვნელო არ იქნება გავიხსენოთ, რომ სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება წარმოადგენდა `კანონით გაუთვალისწინებელ~ შეიარაღებულ სამხედრო ფორმირებას, რომელიც, წესით და რიგით, ან უნდა ეროვნულ გვარდიაში გაერთიანებულიყო, ან განიარაღებულიყო. კოსტაველებმა არც ერთი გააკეთეს და არც მეორე. ზ. გამსახურდიამ შესაძლოა, კოსტაველების დასუსტება ადამიას კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებით დაიწყო, მაგრამ _ როგორც ხშირად ხდებოდა აქამდეც და ამის შემდეგაც – მორიგი ოპონენტი და კონფლიქტური პოლიტიკური დაჯგუფება შეიძინა, თანაც შეიარაღებული ფორმირების სახით.
1991 წლის აგვისტო რომ საბედისწერო მოვლენების დასაწყისის თვე იყო საქართველოსა და მისი ხელისუფლებისათვის, ცნობილი ამბავია, თუმცა, როცა ამას აღნიშნავენ, მხედველობაში აქვთ მოსკოვის პუტჩი. მაგრამ პუტჩამდე საქართველოში კიდევ რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაგ. ზედიზედ გაანთავისუფლეს თანამდებობიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. სიგუა და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია. ორივე პიროვნების და განსაკუთრებით თ. სიგუას წასვლა მაღალი პოსტიდან სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. ისე ჩანდა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას რაიმე წინაპირობები არ ჰქონდა, ის არ უნდა მომხდარიყო რაიმე წინასწარ არსებული ან უთანხმოების, ან წინააღმდეგობის ნიადაგზე. მართალია, თ. სიგუა და გ. ხოშტარია შემდგომში დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ მათი წასვლა პრეზიდენტის პოლიტიკური კურსის დამღუპველობამ, მისმა შეცდომებმა და მასთან შეუთავსებლობამ გამოიწვია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მათი და განსაკუთრებით, სიგუას წასვლა უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა ერთმა ან რამდენიმე მომხდარმა მოვლენამ მყისიერად გამოიწვია.
მართლაც, ერთი შეხედვით, ადვილია წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილება ახალი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის ეკონომიკური პოლიტიკის გამო, თვეების განმავლობაში, იზრდებოდა. შემდგომში თავის გადადგომას მაღალი პოსტიდან თ. სიგუა, სწორედ, ასე ასაბუთებდა: პრეზიდენტი მის რჩევებს, რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა; იგი არ ატარებდა და არც მას აძლევდა აუცილებელი რეფორმების განხორციელების საშუალებას; გამსახურდია ამუხრუჭებდა საბჭოთა ეკონომიკური სისტების დემონტაჟის პროცესს; არ აუქმებდა კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, გლეხობისათვის მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისაგან თავს იკავებდა და ა. შ. მაინც, როდის ჩაისახა წინააღმდეგობა რეფორმატორ პრემიერსა და ანტირეფორმატორ პრეზიდენტს შორის. თვალი გავადევნოთ თ. სიგუას ეკონომიკური პოლიტიკის ევოლუციას.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სიგუა სრულიად იზიარებდა მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ კონცეფციას, რომელიც ბლოკმა 28 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში წარუდგინა საზოგადოებას. ახლა, 1991 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ, დააფიქსირა თავისი ლოიალობა გამსახურდიას ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მისი კვლავინდებური პოზიციის მიხედვით, ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგიის მთავარ მიმართულებად რჩებოდა `სწორედ უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში არსებული სისტემის დემონტაჟი და ახალი ეკონომიკური სისტემის მშენებლობის საკითხი~. როგორი მდგომარეობა იყო ამ მხრივ ქვეყანაში, დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირების კვირაძალში, კერძოდ, 1991 წლის აპრილის მეორე ნახევრისათვის. გრძელი სიტყვა, რომ მოკლედ გამოვთქვათ, თეზისურად ჩამოვაყალიბოთ თ. სიგუას იმჟამინდელი ხედვა:
_ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე დაიწყო რესპუბლიკებთან `პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება… ეს იყო პირველი ნაბიჯი~. ხელშეკრულებები გაფორმდა ესტონეთთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, უზბეკეთთან, მოლდოვასთან. ეს აუცილებელი ნაბიჯი გახლდათ, იმიტომაც, რომ ცენტრიდან საქართველო უკვე აღარ მარაგდებოდა და აღნიშნულმა პირდაპირმა ხელშეკრულებებმა მისცა საქართველოს საშუალება, მძიმე ზამთარი გადაეტანა.
_ რიგი ხელშეკრულებები ფორმდებოდა აგრეთვე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც.
_ ეკონომიკური საზღვრების მტკიცე დაცვისათვის, მიმდინარე წლის დამლევისათვის შეიქმნებოდა საბაჟო სამსახურის ფართო ქსელი. უკვე მუშავდებოდა კანონპროექტი და მისი განხორციელებით რესპუბლიკა `დამოკიდებული აღარ იქნებოდა საერთო-საკავშირო ბაზრისაგან~.
_ ფასების ზრდა პროდუქტებზე იძულებითი და აუცილებელი ნაბიჯი გახლდათ.
_ აუცილებელი იყო ბანკებში აღებული სოლიდური კრედიტის საშუალებით რესპუბლიკაში შექმნილიყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების და, საერთოდ, რესპუბლიკის ინდუსტრიული ბაზა. სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლება იძულებული იყო, გარედან შემოეტანა ხორცი, მშრალი რძე, კარაქი, ხორბალი და სხვა აუცილებელი პროდუქტი. ამ მიზნით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.39
ახლა ვნახოთ, რა აზრისაა თ. სიგუა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, მართვის სფეროზე, რეფორმებზე და ა. შ. 1991 წლის 31 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მან მისცა საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტის კომენტატორს თენგიზ ბერიძეს. ინტერვიუ მის გადადგომამდე სამი კვირით ადრეა მიცემული და უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერ-მინისტრის ოპტიმისტური განწყობა შენარჩუნებულია.
თ. სიგუას აზრით, საქართველოს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რთულია. ხორციელდება ცენტრის მიერ ქვეყნის ბლოკადა, პროდუქტი არ შემოდის. მიუხედავად ამისა, მთავრობის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ `ამ შემოდგომისათვის მდგომარეობა თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა გამოსწორდეს~.
პრემიერის რწმუნებით, ქვეყანაში რეფორმების შემუშავება და განხორციელებაც მიმდინარეობს. აი, მაგ. მეწარმეობის შესახებ კანონი `აუცილებლად იქნება მიღებული. ეს კი, რასაკვირველია, ფართოდ გაუხსნის კარებს მეწარმეობას, რაც ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი იქნება ჩვენი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად~. აქაც იმედიანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. თ. სიგუა მართალია აღიარებს, რომ კადრების საკითხში ბევრი შეცდომაა დაშვებული და ზოგიერთმა ხელმძღვანელმა `ყელში დანა გამოგვისვა~, რადგან მათ არა აქვთ სათანადო გამოცდილება და განათლება. მაგრამ თურმე, მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ამგვარი რამ დამახასიათებელი ყოფილა გარდამავალი პერიოდისათვის. მეტიც, თურმე კადრების ხშირი ცვლა და გამოუცდელობა ყველა სხვა რესპუბლიკისათვისაც ხშირი მოვლენა ყოფილა: ბალტიისპირეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, რუსეთიც. `იქაც ხშირია ასეთი კატაკლიზმები. გარდამავალ პერიოდში ძნელია ჩამოყალიბებული მთავრობის შექმნა~.
აქ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას გონივრულ მიდგომას იმოწმებს კადრების საკითხში. თურმე, `როცა კადრების საკითხი დადგა დღის წესრიგში, მაშინ ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ ბრძანა, რომ ისინი ყველა გამოსაცდელი ვადით ინიშნებოდნენ~. ამის შემდეგ, თ. სიგუა ამართლებს სამინისტროების გაერთიანებას, მთავრობის სხვა ღონისძიებებს და თავის ინტერვიუერსაც კი ოპტიმიზმისაკენ მოუწოდებს – ესეთი რთული გზა ყველამ გაიარაო.
თ. სიგუას მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის საერთო ხასიათიდან, ყოველ შემთხვევაში, მისი ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიციებიდან და უკანასკნელი ინტერვიუებიდანაც მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება მაინც ექმნება, რომ მისი განთავისუფლება ან გადადგომა გარკვეული მიზეზების გამო, მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილების შედეგი უფრო იყო, ვიდრე თვეების მანძილზე, განვითარებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე რეზულტატი. როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ვერსია არსებობს, რომლებსაც სწორედ ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ჰქონდა ადგილი. მაგ. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა საქართველოს იზოლაციური მდგომარეობა საერთაშორისო სისტემაში. ეს საგრძნობი გახდა განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ნეგატიური განცხადებების შემდეგ, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის შესახებ. ამ სამწუხარო რეალობას ოფიციალურ პოლიტიკურ წრეებში და მედიაში შეერთებული შტატების კრიტიკით უპასუხეს.
ფაქტია, რომ კოლიზიური მოვლენები საქართველოს ხელისუფლებასა და სახელისუფლო ორგანიზაციათა პოლიტიკურ ბლოკში ჯერ კიდევ მოსკოვის პუტჩამდე დაიწყო.
ამასობაში ქვეყანაში სტაბილურად გრძელდებოდა კონფრონტაცია ტრადიციულად დაპირისპირებულ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მუდმივად იყო შენარჩუნებული დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრებისათვის შეუძლებელ პირობებს ქმნიდა. მიმდინარე განუწყვეტელი ქუჩის აქციები, ერთის მხრივ, საშუალებას არ აძლევდა ხელისუფლებას ქვეყნის მმართველობა ნორმალურად წარემართა, ხოლო მეორე მხრივ _ იგი ლამის არაქათს აცლიდა საზოგადოებას, ღლიდა და უპერსპექტივობის გრძნობას აძლიერებდა მასში. შეიძლება ითქვას, რომ 1991 წლის აგვისტოსათვის ქართველი საზოგადოებისა და მოსახლეობის უმრავლესობა მუდმივი დაძაბულობით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით სკეპტიკურად და ლამის უიმედოდ განეწყო ქვეყნის მომავლისა და ხელისუფლების მამართაც, რომელიც მძიმე ვითარებას თავს ვერ აღწევდა.
საქართველოს პოლიტიკურ სპექტრშიც ძალები ძირითადად გადანაწილებული იყო. მართალია, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავინდებურად ხელისუფლებას უჭერდა მხარს, მაგრამ `მასების~ ერთგულების ხარისხი არ შეიძლებოდა ხელისუფლების მდგრადობის საფუძველი ყოფილიყო. რეალურ საფრთხეს, სწორედ პოლიტიკურ ძალთა ის კონფრონტაცია წარმოადგენდა, რომელიც 1991 წლის ზაფხულისათვის, საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ამ დროისათვის უკვე არსებობდა ათეულობით პოლიტიკური პარტია, საზოგადოების გავლენიანი ფენები, რომელნიც ხელისუფლებისათვის შეურიგებელ ოპოზიციას ქმნიდნენ. ჯერჯერობით და კვლავინდებურად, მშვიდობიანი მდგომარეობის პირობებში ისინი სერიოზულ კონკურენტუნარიან ძალას არ წარმოადგენდნენ ხელისუფლებისათვის ან ქვეყნის ძირითადად, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივისათვის.
მაგრამ არსებობდა მოვლენების განვითარების რადიკალურად განსხვავებული პერსპექტივაც, რაც მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, მისი ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ნებაზე არ გახლდათ დამოკიდებული. პატარა ქვეყნის ბედს ხშირად სხვა _ საერთაშორისო და საგარეო ფაქტორები განაპირობებდნენ და მათ შეეძლოთ მყისიერად შეეცვალათ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა.

თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ე

დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და მისი ოპონენტები (1990 წ. ოქტომბერი – 1991 წ. აგვისტო)

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა საგარეო-პოლიტიკურ კურსს. როგორც რადიკალებს, ისე ზომიერებსაც მიაჩნდათ, რომ სწორედ, ამ სფეროში დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმა მიიყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე, ხოლი ხელისუფლება – კრიზისამდე.
იმისათვის, რომ ამ კიდევ ერთ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო საკითხს ბურუსი შემოვაცილოთ, 1980-1990-იანი წლების მიჯნის საერთაშორისო ვითარება და ამ ფონზე ახალაღმდგარი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი განვიხილოთ.
საბჭოთა იმპერიისა და ე. წ. სოციალისტური ბანაკის დაშლა და აქედან გამომდინარე, ვუწოდოთ ასე – საბჭოთა მემკვიდრეობის განაწილება – სტიქიურად არ მომხდარა. ამ მემკვიდრეობის გავლენის სფეროებად გაყოფა-განაწილება მტკივნეულად მიმდინარეობდა ზესახელმწიფოების მეთაურთა მრავალრიცხოვან შეხვედრებზე. ეს პროცესი დღესაც – 2008 წელს ვგულისხმობთ, არ დასრულებულა. ამისი დასტურია საქართველოსა და უკრაინის მაგალითები, რომელთა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დაშვებული თუ დაუშვებელი საშუალებებით ეწინააღმდეგება საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე – რუსეთის ფედერაცია.
პირველი დიდი პრინციპული შეთანხმება გავლენის ძირითად სფეროებზე საბჭოთა კავშირსა და აშშ (დასავლეთს) შორის XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულში გამოიკვეთა. მოსკოვმა უარი თქვა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებზე. უფრო სწორად, საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა უარი ეთქვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, რომლებშიც ზედიზედ დაეცა კომუნისტური მთავრობები `ხავერდოვანი რევოლუციების~ შემდეგ. 1989 წლის 7 ივლისს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე, ბუქარესტში, მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა ხელშეკრულების მონაწილე სოციალისტური ქვეყნების მოსახლეობის უფლება, აერჩიათ საკუთარი განვითარების გზა.
ცენტრალურ მოვლენას აღმოსავლეთ ევროპაში ძალთა თანაფარდობის შეცვლის პროცესში გერმანიის გაერთიანება წარმოადგენდა. 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დემონტაჟმა სიმბოლურად დაადასტურა ახალი ერის დასაწყისი ქვეყნიერების ამ ნაწილში. 1990 წლის ივნისში საბჭოთა კავშირისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე მ. გორბაჩოვმა, საბოლოოდ, დაადასტურა თავისი თანხმობა გაერთიანებული გერმანიის ნატო-ში შესვლის შესახებ. გადმოგვცემენ რომ, როცა გორბაჩოვმა ეს განცხადება გააკეთა, პრეზიდენტები ყავას შეექცეოდნენ და მოულოდნელობისაგან გაოცებულმა ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა (უფროსმა) კიდევ ორჯერ სთხოვა საბჭოთა ლიდერს, თავისი სიტყვენი გაემეორებინა.
– მე ვისურვებდი. კვლავ მომესმინა ეს: თქვენ თქვით, რომ არ იქნებით წინააღმდეგი, თუ გერმანია ნატო-ში შესვლას მოისურვებს?
გორბაჩოვმა კოლეგის თხოვნა აასრულა:
– თუ გერმანელები მოისურვებენ იყონ ვარშავის ხელშეკრულებაში, ძალიან კარგი იქნება. თუ მათ ნატო-ში შესვლა სურთ, ესეც ძალიან კარგი იქნება.1 იმავე წლის 3 ოქტომბერს გერმანია ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა. რაც მთავარია, ამ აქტს წინ უსწრებდა და შემდეგში კი გრძელდებოდა ლეხ ვალენსას, ვაცლავ ჰაველის, იონ ილიესკუს, კაროლ გროსის, სალი ბერიშასა და სხვათა დემოკრატიული ხელისუფლებების გამარჯვება პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ალბანეთში…
ამ და შემდგომ მოვლენებს ადეკვატურად თუ არაადეკვატურად აკვირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში და ასეთივე დასკვნები გამოჰქონდათ. ფაქტი ერთია, დასავლეთი აქტიურად ეხმარებოდა და მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიულ მოძრაობებს. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ 1991 წლამდე დასავლეთს სერიოზული პოლიტიკური ინტერესი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი ოფიციალურად არ გამოუმჟაღვნებია. აშშ ცნობდა საბჭოთა კავშირს და მის რესპუბლიკებში განვითარებული მოვლენებისადმი დამოკიდებულება მოსკოვის ხელისუფლების საშინაო საქმედ მიაჩნდა.
გამონაკლისს წარმოადგენდა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა. როგორც ცნობილია, აშშ-სა და დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს იურიდიულად არ უცვნია 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ამ რესპუბლიკების ოკუპაცია და მათ კვლავ ფორმალურად დამოუკიდებელ ქვეყნებად მიიჩნევდა. ამიტომაც დასავლეთი აქტიურად გამოხატავდა ბალტიელთა ბრძოლისადმი მხარდაჭერას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ცხადია, პოლიტიკური რეალიზმის ჩარჩოებში, რაც მოსკოვის ზედმეტი გაღიზიანების თავიდან არიდებას ითვალისწინებდა.
ეჭვი არაა, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი, სახელმწიფოთა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ პროცესებს, რაც იმპერიის დეცენტრალიზაციას იწვევდა. მაგრამ სახელმწიფოთა ხელისუფლებები, რა თქმა უნდა, ოფიციალურად თავს იკავებდნენ ეროვნული მოძრაობების მხარდაჭერისაგან. 1989-1990 წლებში, ჯერ კიდევ, არ დამდგარიყო ის დრო, როცა დასაცლეთის რომელიმე ქვეყანა და მათ შორის აშშ ღიად გამოხატავდა სიმპათიას, რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკის სეპარატისტული მიდრეკილებებისადმი.
ამ რეალური პოლიტიკის კანონებით აიხსნებოდა, ის თავისებური გულგრილობა, რომლითაც დასავლეთის მთავრობები შეხვდნენ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. არც ერთი დასავლური სახელმწიფოს მეთაური ან უმაღლესი რანგის მოხელე, საგარეო მინისტრის დონეზე მაინც, არ გამოსულა და ოფიციალურად არ დაუგმია საბჭოთა ხელისუფლების ქმედება, არ მოუხდენია მომხდარის პოლიტიკური შეფასება.
სამაგიეროდ, 9 აპრილის მოვლენები სრულიად საღად და ობიექტურად შეაფასეს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებათა და პოლიტიკური ელიტების მეორე ეშელონის წარმომადგენლებმა. ასეთი გახლდათ, მაგალითად, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი, სენატორი ჰელმსი. 12 აპრილს კომისიის სხდომაზე მან არა მარტო პოლიტიკური შეფასება მისცა 9 აპრილის ვანდალურ აქტს, არამედ მოითხოვა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და ეკომონიკური იზოლაცია, რათა ამით ხელი შეეწყოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.
ეს იყო აშშ-ის სენატის ცნობილი რეზოლუცია #110. იგი უშუალოდ ეხებოდა საქართველოს `თვითგამორკვევის~ საკითხს და კარგად გამოხატავდა აშშ-ის მიერ ქართული ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერის ხარისხს. რეზოლუცია 19 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის მთავრობის ბიულეტენში: `კონგრეშენელ რეკორდ~, საიდანაც ქართულ პრესაში გადმოიბეჭდა.
როგორც ამერიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური რეზოლუცია, იგი უთუოდ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გახლდათ და მოწმობდა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება თანაგრძნობით ეკიდებოდა საქართველოში მიმდინარე განმათვისუფლებელ მოძრაობას, მის უფლებებს. იგი აღიარებდა, რომ სანამ რუსეთის იმპერიას `შეუერთდებოდა~, საქართველო `დამოუკიდებელი ქვეყანა~ იყო XIX საუკუნემდე. იგი აღიარებდა, რომ `საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგა 1918 წლის 26 მაისს~, მაგრამ 1921 წელს საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას და აქ `საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადა~.
მაგრამ მეორე მხრივ, სენატის რეზოლუცია თავშეკავებული, დიპლომატიურად გაწონასწორებული ოფიციალური დოკუმენტი გახლდათ, რომელიც ითვალისწინებდა მაშინდელ საერთაშორისო რეალობას, საბჭოთა კავშირის არსებობის ფაქტს და აქედან გამომდინარე, გამოთქვამდა ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების კანონიერების შეზღუდული ფორმით მხარდაჭერას.
კერძოდ, რეზოლუცია #110 დაადგენდა, რომ სენატი:
1. მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას, მის მოთხოვნებსა და დემონსტრაციებს საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად;
2. მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თვითგამორკვევისათვის, შესაბამისად ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტისა, რომელზეც ხელი მოწერილი აქვს საბჭოთა კავშირსაც;
3. მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რაზეც ხელი მოწერილი აქვს საბჭოთა კავშირსაც;
4. მოუწოდებს საბჭოთა მთავრობას, ყურად იღოს ქართველი ხალხის ხმა – დააკმაყოფილოს ქართველი ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა კანონიერი მოთხოვნები.~2
რეზოლუციის პროექტი სენატს წარუდგინა სენატორმა ჰელსმა. იგი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს მიმართავდა, სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ: `ბატონო პრეზიდენტო, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თავისუფალი მსოფლიო გულგრილი არაა მისი ხვედრისადმი, რომ თბილისში ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ჩვენი უზენაესი ხელისუფლება მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, რომლისთვისაც მან უკვე ეგზომ დიდი მსხვერპლი გაიღო.~3
სამწუხაროდ, ამ და სხვა მსგავს ფაქტებს, გამოხმაურებებს თუ მხარდაჭერას მხოლოდ მორალური მნიშვნელობა თუ ჰქონდა, რადგან არ ასახავდა შეერთებული შტატების ოფიციალურ კურსს.
ამგვარი მდგომარეობა 1991 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა. საინტერესოა ამ მხრივ ი. სარიშვილის შთაბეჭდილება, რომელიც მას აშშ-ში 1990 წელს ყოფნის დროს შეექმნა: არც ერთი სენატორისა თუ კონგრესმენის პიროვნული პოზიცია ამერიკის დღევანდელ ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა. `ყოველი მათგანი გულწრფელად თანაუგრძნობს სსრკ-ში შემავალ სახელმწიფოებში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს, მაგრამ მხოლოდ პიროვნულად.~ შესაძლოა, ისიც მართალი იყო, რომ `ამჟამინდელი პრეზიდენტის გადამეტებული ლიბერალიზმი (მოსკოვის მიმართ – დ. შ.) უკვე არა მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ დემოკრატების წყრომასაც იწვევდა.~4
ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის ამერიკული ტურნეს ანალიზის სისწორე ერთი წლის შემდეგაც კი თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა კიევში ვიზიტის დროს: მე კონგრესში ბევრი მთხოვს არჩევანის გაკეთებას – გორბაჩოვის მხარდაჭერასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის. `მაგრამ მე მიმაჩნია, რომ – განმარტავდა ჯორჯ ბუში უფროსი – ეს იქნება ყალბი არჩევანი.~ თეთრი სახლის ოფიციალური არჩევანი, ამ დროისათვის, კვლავ პრომოსკოვური გახლდათ და ეს რეალობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის მწარე სინამდვილედ მოსჩანდა.
მიუხედავად აღნიშნული `მწარე სინამდვილისა~, საქართველოში მოქმედი ზომიერ-ცენტრისტული და მემარჯვენე რადიკალური პარტიების უმრავლესობას პროგრამულ დოკუმენტებში თავმომწონედ ჰქონდა დაფიქსირებული `პროდასავლური ორიენტაცია~. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ეროვნულ-დემოკრატები, ჭავჭავაძის საზოგადოება, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ლიბერალ-დემოკრატები, რესპუბლიკელები, რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია…
დასავლური არჩევანი ფიგურირებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში. ამ მხრივ, ისინი აგრძელებდნენ ძველი ეროვნულ-დემოკრატების ტრადიციას. ცხადია, პარტიის დასავლური სტრატეგიული ორიენტაცია თავისთავად გულისხმობდა დემოკრატიის, კერძო საკუთრების, სხვა დასავლური ღირებულებების გაზიარებას. ამ მხრივ, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას წუნი არ დაედებოდა. მეტიც, უნდა ითქვას, ახალი ეროვნულ-დემოკრატების პარტიას, ყოველ შემთხვევაში, საპროგრამო მოთხოვნების დონეზე, უფრო გარკვეული საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააჩნდა, ვიდრე 1991 წლის საქართველოს ხელისუფლებას.
1991 წლის ივნისში გიორგი ჭანტურია გარკვევით ამბობდა: `ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთგულია საკუთარი ტრადიციების და როგორც საუკუნის დასაწყისში, ამჟამადაც აქცენტს აკეთებს არა რუსეთზე (თუგინდ დემოკრატიულზე), არამედ დასავლეთზე. საჭიროა, რომ დასავლეთმაც მოგვაქციოს ყურადღება, დაინტერესდეს საქართველოთი, კი არ ეშინოდეს, არამედ მოსურნე იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის.
…დასავლეთმა უნდა შეიგრძნოს, რომ საქართველო მისი შემადგენელი და განუყიფელი ნაწილია და ის ღირსია დამოუკიდებლობის, ის ღირსია ცივილიზებულ სამყაროსთან ხიდის აღდგენის, პოლიტიკური, მორალური და ეკონომიკური დახმარების.~5
1990 წლის ივნისში ი. სარიშვილი კითხულობდა: რას უნდა ელოდოს საქართველო დასავლეთისაგან? პასუხი ასეთი იყო: ალბათ, ყველაზე რეალური ამ დროისათვის იყო ფინანსური დახმარების საკითხი. ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი იმედიანად იყო განწყობილი – ამერიკელები მალე დაეხმარებოდნენ ქართველებს და ფინანსურ თანადგომას გაუწევდნენ, მაგრამ კერძოდ ვის? აი, აქ გველის იმედგაცრუება. საქართველოს ხელისუფლებას და ამდენად, საქართველოს? არა. თურმე ედპ-ს ლიდერი-ქალბატონი იმით იყო გახარებული, რომ ამერიკელები ეროვნულ კონგრესს დაეხმარებოდნენ ფინანსურად; თურმე, აქ პარტიათა ერთი ჯგუფი იგულისხმებოდა და არა ქვეყანა, რომელიც, სარიშვილისავე სიტყვებით, ცენტრის მხრიდან `ეკონომიკური ბლოკადის საფრთხის წინაშე~ იდგა. კი მაგრამ ქვეყანას რას არგებდა, თუ შეერთებული შტატების ხელისუფლების ფინანსური ზრუნვის საგანი ე. წ. ეროვნული კონგრესი იქნებოდა.6
ახლა რაც შეეხება ედპ-ს პროდასავლურ ორიენტაციას. ჩვენ, ეჭვს ვერ შევიტანთ გ. ჭანტურიას ზემოთმოყვანილი პოზიციის გულწრფელობაში, მაგრამ ედპ-ს და მისი ზოგიერთი ლიდერის პროდასავლურობას ისტორიამ გამოცდა მოუწყო. მხედველობაში გვაქვს ი. სარიშვილის ორიენტაციული შეხედულებების საეჭვო ტრანსფორმაცია. რამდენიმე წლის წინ, ი. სარიშვილი საკუთარი პარტიის გარეთ აღმოჩნდა. მალე ისიც გამოირკვა, რომ ედპ-ს ყოფილი ლიდერი პრორუსული ორიენტაციის პოზიციაზე დადგა და დღეს იგი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა. ამჟამად, პოლიტიკური მოძრაობა `იმედის~ ხელმძღვანელი ი. სარიშვილი პროპაგანდას უწევს საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას, რაც, პირველ რიგში, საქართველოს ნატო-ს საზღვრებს მიღმა დატოვებას გულისხმობს.7
მაგრამ დავუბრუნდეთ წინა საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნას. მაშინ, პირველად, 70 წლის მანძილზე, შეიქმნა შესაძლებლობა, თითოეულ პიროვნებას, პარტიას თუ პოლიტიკურ ძალას თავისუფალი ორიენტაციული არჩევანი გაეკეთებინა. შემდეგი პოლიტიკური პოზიცია, რომელმაც გარკვევით და გამომწვევადაც კი იქადაგა პროდასავლური სამხედრო-პოლიტიკური ორიენტაციის აუცილებლობა, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია გახლდათ. გარდა ამ ორგანიზაციის საპროგრამო და სხვა ხასიათის დოკუმენტებში დადასტურებისა, დასავლური ორიენტაცია ღიად გამოითქმებოდა ირ. წერეთლის მიერ სხვადასხვა სახის თავყრილობებზე. სხვათა შორის, ეს კარგად უწყიან 80-იანი წლების მიტინგების ბუმის თვითმხილველებმა – ირ. წერეთელი და მისი პარტია პირველი გახლდათ, ვინც საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საჭიროება იქადაგა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუმცა სხვა კონტექსტში, რომ ირ. წერეთლის ინიციატივით შეიქმნა ე. წ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრი. ამ მოძრაობის სახელით 1991 წლის 18 ივნისს `მიმართვა~ გაეგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ხავიერ პერეს დე კუელიარს, ჩრდილო-ანტლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მანფრედ ვერნერს; ამავე ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სამხედრო კომიტეტს; ამ ორგანიზაციებში გაერთიანებული ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებს და მთავრობის თავმჯდომარეებს:
`…იმიტომ მოგმართავთ, – ვკითხულობთ ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრის `მიმართვაში~, – ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკსა და მასში გაერთიანებულ დემოკრატიულ ქვეყნებს, რომ თქვენში ვხედავთ იმ პროგრესულ ძალებს, რომელთა სამხედრო ძლევამოსილებამ კომუნისტური იმპერიის ტოტალიტარული მოძალადეებისა და იავარქმნისაგან იხსნა თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიული ცივილიზაცია. ამასთან, მომავალ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს ჩვენ ვხედავთ, როგორც სამართლებრივ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც სურვილს გამოთქვამს, სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირის სტატუსით გაერთიანდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.~8
ძნელია ითქვას, რეალიზმის რა ხარისხი აძლევდა იმედს ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრის თავკაცებს, მაგრამ ისინი, როგორც რადიკალები, ამ საკითხშიც რადიკალებად რჩებოდნენ. ამ შემთხვევაში წერეთლისა და მისი თანამოაზრეების მაქსიმალიზმი დაშავებითაც არაფერს აშავებდა. პირიქით, დასავლეთს საქართველოდან ეგზავნებოდა სიგნალი, რომ ამ _ იმხანად, მაინც შორეულ საქრისტიანო ქვეყანაში დასავლეთთან ინტეგრაციის ენთუზიასტებიც იყვნენ.
ამ შემთხვევასა და ერთ ისტორიულ ეპიზოდს შორის გვინდა პარალელი გავავლოთ. 1903 წელს ქართველმა პატრიოტებმა საზღვარგარეთ გაზეთი `საქართველო~ გამოსცეს, რომელმაც ავტონომიის ფორმით, ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნა წამოაყენა. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ რეალურად ავტონომიური სახელმწიფოს მოპოვებაც დიდ მიღწევას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გაზეთის რედაქციას ერთ-ორი ისეთი წერილიც გამოუგზავნეს, რომლებშიც ავტორები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მოითხოვდნენ. ამის შესახებ გაზეთის დამაარსებელი არჩილ ჯორჯაძე თავის თანამებრძოლს გიორგი დეკანოზიშვილს წერდა: მართალია, ჩვენ ავტონომიას მოვითხოვთ, მაგრამ დამოუკიდებლობის მომხრეებსაც უნდა დავუბეჭდოთ წერილები. დაე, ევროპაში იცოდნენ, რომ ჩვენში დამოუკიდებლობის აზრიც ტრიალებსო. აი, ირ. წერეთლისა და მისი ზემოაღნიშნული წერილის შესახებაც იგივე შეიძლება ითქვას. მართალია, მაშინ კი არა, დღესაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღება ტკბილ ოცნებად გვესახება, მაგრამ ისიც კარგი იყო, დასავლეთში გაეგოთ, რომ ჩვენში ნატო-სთან ინტეგრაციის ენთუზიასტებიც იყვნენ, ჯერ კიდევ 1991 წელს.
პოლიტიკური რუკის ცენტრში უფრო რეალისტურად აფასებდნენ დასავლეთის მხრიდან, ჯერ ეროვნული მოძრაობის და შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს მხარდაჭერის ხარისხს. `მორალურ-ზნეობრივი მხარდაჭერა ყოველთვის იქნება დასავლეთის ქვეყნებიდან – შენიშნავდა 1989 წლის ოქტომბერში რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიის ლიდერი ირაკლი შენგელაია, მაგრამ იქვე განმარტავდა: `მხოლოდ რეალურ პოლიტიკაში იგი ძნელად თუ განხორციელდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ორ-სამ წელიწადს~. ზუსტი გამოთვლა იყო. დასავლეთმა საქართველოს მიმართ `რეალური პოლიტიკა~ 1992 წლიდან დაიწყო ფაქტიურად და ამ მიმართულებით ათვლის წერტილად, შეიძლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა-მიღება ჩაითვალოს.
მანამდე კი, როცა ირაკლი შენგელაია ამ სიტყვებს წერდა: `დასავლეთისათვის ჯერჯერობით მისაღებია ის სტატუს ქვო, რომელიც დღეს არსებობს. მას სურს სტაბილური მსოფლიო და არა ბალანსის დარღვევა.9
ფაქტიურად, ანალოგიური მდგომარეობა გრძელდებოდა 1990 წლის პირველ ნახევარშიც და შემოდგომაზეც, როცა საქართველოში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დასავლეთის ადრინდელი მიდგომა მუდმივი ვერ იქნებოდა და მის პოზიციაში აუცილებლად აისახებოდა ის, რაც ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, საბჭოთა კავშირში, მის მოკავშირე რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოშიც. ამგვარი მოლოდინი, ბუნებრივია, ყველაზე მეტად პროდასავლურად განწყობილ ძალებს გააჩნდათ. ისინი ხომ საბჭოთა იმპერიასთან დაპირისპირების ფონზე, დასავლეთს ბუნებრივ და ერთადერთ პოტენციურ მოკავშირედ აღიქვამდნენ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში იყვნენ ძალები, რომელნიც დასავლეთს სულაც არ უყურებდნენ, როგორც მხსნელს და ყოფილი მეტროპოლიისგან დაჩქარებული გამოყოფის პერსპექტივა აშინებდათ.
აი, ამგვარ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თვით ახალი ხელისუფლების პოზიციას, მის საგარეო ორიენტაციას და პოლიტიკურ კურსს. ეს გარემოება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ არასწორ საგარეო პოლიტიკური კურსის წარმოებაში, რამაც, საბოლოოდ, ქართული სახელმწიფო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.
იმის შესახებ, თუ რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა ან დაადგებოდა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში მრგვალი მაგიდის გაერთიანება, უნდა დასკვნა მის მიერ მიღებულ-დადგენილი ოფიციალური ხასიათის დოკუმენტებიდან გამოვიტანოთ და არა ამ გაერთიანების ლიდერთა ცალკეული გამონათქვამებიდან. ერთ-ერთი პირველი ისეთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს ყოვლისმომცველ მოწყობას, იყო საარჩევნო ბლოკის `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ჩვენ ეს დოკუმენტი შესაბამისი პერიოდისადმი მიძღვნილ თავში განვიხილეთ, მაგრამ, ამჯერად, გავიხსენოთ საგარეო პოლიტიკისა და ორიენტაციისადმი მიძღვნილი პასაჟები.
პლატფორმის `ზოგად პრინციპებში~ ბლოკი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს წინაშე მდგარი უპირველესი პრობლემა იყო `დასავლეთის თავისუფალ სამყაროსა და აღმოსავლეთის ტოტალიტარულ რეჟიმებს შორის დაპირისპირება~. დღესდღეობით, ე. ი. პლატფორმის შექმნის პერიოდისათვის, ეს დაპირისპირება მოიხსნა. იმხანად მიმდინარეობდა ყოფილი დაპირისპირებული მხარეების, ე. ი. დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის დაახლოება. `პლატფორმის~ ავტორები ცდილობდნენ, გაეთვალისწინებინათ მსოფლიო პოლიტიკის ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
რა თქმა უნდა, ოპონენტებს შეეძლოთ მრგვალი მაგიდის ბლოკი გაეკრიტიკებინათ, რომ მათ პლატფორმაში ღიად და გარკვევით არ იყო დაფიქსირებული მათი ან მომავალი საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია. `მაგ. სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში უფრო ნათლად ჩანდა დასავლეთის, როგორც საქართველოს მომავალი მოკავშირის მოსალოდნელი როლი და იმედი. `ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, – ვკითხულობთ სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში, – ისევე როგორც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებრიობა და დასავლური სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება.~10
ის, რომ სახალხო ფრონტისა და საქართველოს დასავლური მოლოდინი იყო დაფიქსირებული ფრონტელთა `პროგრამაში~, რა თქმა უნდა, გარკვევით ახასიათებდა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დემოკრატიულ სახეს და ბუნებას. მაგრამ მოდით, შევამოწმოთ, რომელი საარჩევნო პლატფორმა უფრო რეალისტური გახლდათ იმ დროისათვის – 1990 წლის შემოდგომისათვის – სახალხო ფრონტისა თუ მრგვალი მაგიდისა. სწორედ, ამ პერიოდისათვის დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა საბოლოო ხელშკრულებას გერმანიის საკითხთან დაკავშირებით. სწორედ, ამ დროს მზადდებოდა და 19 ნოემბერს მოაწერა ხელი 20-ზე მეტმა სახელმწიფომ და მათ შორის აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა, `ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების~ შესახებ (ÑÀÅ). ეს მოხდა უმაღლესი დონის სამდღიან შეხვედრაზე – ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური `რთული და ამბიციური შეთანხმება შეიარაღების საკითხებზე, რომელიც კი ოდესმე ყოფილა დადებული~. იგი შეეხებოდა ათასობით ტანკს, თვითმფრინავს და საარტილერიო დანადგარს, რომლებიც განლაგებული იყვნენ ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების მიერ ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე.11
აი, ამგვარ პირობებში, როცა ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ურთიერთობების დათბობა მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორად ქცეულიყო, მრგვალი მაგიდის საარჩევნო ბლოკის საგარეო კურსი იმდენად იქნებოდა რეალისტური, რამდენადაც აღნიშნულ ფაქტორს გაითვალისწინებდა. სწორედ, ასე მოიქცნენ `პლატფორმის~ ავტორები, როცა დაწერეს, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესი, კიდევ უფრო გართულდებოდა, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება აღნიშნულ ზესახელმწიფოთა `დაახლოების პროცესს დაუპირისპირდებოდა~. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესს უნდა გაეთვალისწინებინა `დასავლეთისა და აღმოსავლეთის პოლიტიკურ სისტემათა დაახლოების~ პროცესი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მრგვალმაგიდელთა ამგვარი პოზიცია უაღრესად რეალისტურად, გონივრულად გამოიყურებოდა და მაშინდელი გეოპოლიტიკური პროცესების საღ ანალიზს ეყრდნობოდა.
ეს პოზიცია უფრო რეალისტური გახლდათ, ვიდრე, თუნდაც სახალხო ფრონტელთა ლამაზი დაპირება – თუ რუსეთს საქართველო დაუპირისპირდა, ერთადერთი გვერდში ამომდგომი დასავლეთი შეიძლება იყოსო. თეორიულად და შორეული პერსპექტივის კუთხით ასე იყო, მაგრამ მაშინდელი რეალობისა და ახლო მომავლისათვის ცარიელი და განუხორციელებელი დაპირება თუ იმედი. დასავლეთი, იმ დროსაც და ცოტა მოგვიანებითაც, არ იყო მზად საქართველოსათვის რეალური მხარდაჭერისათვის. ამ სამწუხარო რეალობის დასადასტურებლად შორს წასვლა არ მოგვიწევს. 1990-1993 წლებში განვითარებული მოვლენები უნდა გავიხსენოთ ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, როცა საქართველო აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა ყოფილი მეტროპოლიის აგრესიის წინაშე და ორივე რეგიონზე კონტროლი დაკარგა.
დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, ფაქტიურად ანალოგიური დარჩა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც და არაა გასაკვირი, რომ ახალი ხელისუფლების პოზიციაც ფრთხილ ნოტაზე შენარჩუნდა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას მოხსენებაში 1990 წლის 14 ნოემბერს მხოლოდ ერთხელ იყო პირდაპირ ნახსენები `დასავლეთის ქვეყნები~. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, როგორც წინა შემთხვევაში, რომ ახალი ხელისუფლებისათვის დასავლეთი ნაკლებმნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენდა. პირიქით, ტექსტში, გამოსვლებში, ოფიციალურ დოკუმენტებში, უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ `მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს~, მსოფლიოს მოწინავე ხალხებს, რომლებშიც, ცხადია, დასავლეთის სამყარო იგულისხმებოდა. უბრალოდ, ახალი ხელისუფლება ერიდებოდა დასავლეთის მოხსენიებას საქართველოს მხარდამჭერ ან მოკავშირე სახელმწიფოების კონტექსტში და ეს არამარტო რეალისტური ხედვა იყო, არამედ მაშინდელი, ორი დიდი სამყაროს დაახლოების პროცესთან დაპირისპირების გამორიცხვის გათვალისწინებაც. ამის შესახებ უკვე აღვნიშნეთ და პოზიტიურად შევაფასეთ მაშინდელი ჯერ მრგვალმაგიდელების და ახლა კი ახალი ეროვნული ხელისუფლების მიერ მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური პროცესის სწორი ხედვა და საქართველოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. მთავარი იყო საგარეო პოლიტიკური კურსის რეალისტური ფორმულის ჩამოყალიბება.
ამ ფორმულის ჩამოყალიბება ახალმა ხელისუფლებამ შეძლო. 15 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტი გაავრცელა: `მიმართვა მსოფლიოს ხალხებს~. მასში, სწორედ ზემოაღნიშნული ფორმულა გახლდათ კიდევ ერთხელ ხაზგასმული, რომელიც მრგვალმაგიდელთა ბლოკის საარჩევნო პლატფორმაში იყო ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ: `კარგად გვესმის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა ერთობ გართულდება, თუ იგი დაუპირისპირდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოების პროცესს~.
რა თქმა უნდა, როცა უზენაესი საბჭო საქართველოს მხარდამჭერებად `მსოფლიოს ხალხებს~ მიმართავდა, ნაკლებად გულისხმობდა მოზამბიკელებს ან ოკეანეთის აბორიგენებს. პირველ რიგში, დასავლეთის წონიანი ქვეყნები და ხალხები იგულისხმებოდა, მაგრამ არ მოიხსენიებოდა `მიმართვაში~, რომ დასავლეთი, ე. ი. აშშ და მისი მოკავშირეები, აღმოსავლეთთან – ე. ი. საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებულ მხარედ არ დაფიქსირებულიყო. რაც მთავარია, როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, უზენაესმა საბჭომ `გარდამავალი პერიოდი~ გამოაცხადა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის ეტაპობრივ პროცესს გულისხმობდა და მანამდე, ქვეყანა კვლავ საბჭოთა სივრცის ნაწილად რჩებოდა, რის გამოც იგი სხვა სახელმწიფოს ორიენტაციის დეკლარირებას ვერ მოახდენდა, რადგან მათგან მხარდაჭერა ამ ეტაპზე გამორიცხული იყო სამწუხაროდ. სრულიად საღი და რეალისტური პოზიცია გახლდათ.
დასავლეთისა და მისი ლიდერის აშშ-ის დამოკიდებულების ხასიათის შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებისა თუ ამ ქვეყნების მიმართ, ურიგო არ იქნება ერთი დოკუმენტი გავიხსენოთ. ესაა ე. წ. `მემკვიდრეობის ფონდის~ მიერ გამოქვეყნებული `მანდატი ხელმძღვანელობისათვის~. როგორც საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ნანეიშვილი ირწმუნებოდა, `მემკვიდრეობის ფონდი~ იყო ამერიკელი რესპუბლიკელების პოლიტიკური სტრატეგიის შემმუშავებელი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია. მასში საუკეთესო ინტელექტუალური ძალები იღებდნენ მონაწილეობას, რის გამოც აღნიშნულ ფონდს რესპუბლიკური პარტიის `ტვინის ცენტრს~ უწოდებდნენ. აი, ამ ფონდმა შეიმუშავა `მანდატი ხელმძღვანელობისათვის~, რომელიც 1988 წელს არჩეული ახალი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისთვის ძირითად რეკომენდაციებს იძლეოდა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში.
აღნიშნული დოკუმენტი, სხვა წყაროებთან ერთად, რეკომენდაციებს იძლეოდა აშშ-ის სამომავლო პოლიტიკის შესახებ საბჭოთა კავშირთან, ბუშის პრეზიდენტობისა და შემდგომი პერიოდისთვისაც. `მანდატი~ შეიცავდა ე. წ. `განთავისუფლების დოქტრინას~ და მასში იგულისხმებოდა საბჭოთა კავშირისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი სოციალისტური და პროსაბჭოთა ბანაკის ქვეყნებში დემოკრატიული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი პროცესების ხელშეწყობას, რასაც საბოლოო ჯამში, `ბოროტების იმპერიის~ დაშლა მოჰყვებოდა. პროსაბჭოურ-სოციალისტური მსოფლიო ბანაკის დაშლა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. სისტემის ქვეყნები ოთხ ჯგუფად იყოფოდა. პირველ და მეორე ჯგუფში შედიოდნენ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. შემდეგ დანარჩენი მსოფლიოს სოციალისტური და აგრეთვე, პროსაბჭოურად განწყობილი განვითარებადი ქვეყნები: კუბა, ვიეტნამი, ანგოლა, ეთიოპია, ერაყი და ა. შ.
შემდეგ ჯგუფებში უშუალოდ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები იგულისხმებოდნენ. მესამე ჯგუფს შეადგენდნენ: ბალტიური რესპუბლიკები და მოლდავეთი, ხოლო მეოთხე ჯგუფს წარმოადგენდნენ უკრაინა, საქართველო და სომხეთი. აი, ამ მიმდევრობით უნდა განხორციელებულიყო `განთავისუფლების დოქტრინა~ ეტაპობრივად. როდესაც მიხეილ ნანეიშვილი თავის წერილში `განთავისუფლების დოქტრინის, როგორც ავტორიტეტული ინტელექტუალური ცენტრის~ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციების სანდოობას ასაბუთებდა, მას, შესაძლოა, სკეპტიკოსი ოპონენტები გამოსჩენოდნენ, მაგრამ დოკუმენტის რეალისტურობა ხომ თვით განვლილმა დრომ შეამოწმა. ამერიკული პოლიტიკის ნიუანსების დანახვა არც მაშინ, 1990-1991 წლისათვის იყო შეუძლებელი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ისე ჩანდა, რომ 1990 წლის ბოლოსა და 1991 წლის დასაწყისისათვისაც, საქართველოს ახალი ხელისუფლება, როგორც აღვნიშნეთ, საღად აფასებდა მსოფლიოს ამ ნაწილში მიმდინარე პროცესებს და ცდილობდა საქართველოს ადგილი მომავალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოების კონტექსტში ჩაესვა.
მოცდა და მოთმინება იყო საჭირო. ამ სულისკვეთებით წერდა ეროვნული ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი მიხეილ ნანეიშვილი: `ასე, რომ საქართველო, როგორც ჰხედავთ, დავიწყებული არ ჰყოლია `ცივილიზებულ მსოფლიოს~ და მისი განთავისუფლება `ხალხთა საპყრობილედან,~ ყოველ შემთხვევაში, ამ მსოფლიო მესვეური ქვეყნის პოლიტიკური `პროგრამისტებისათვის~ ერთ-ერთი `საპროგრამო პუნქტი~ ყოფილა.~12
მაგრამ საქართველოს საკითხი, ჯერ არ ქცეულიყო დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილად და ამას ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო ადასტურებდნენ ხოლმე. 1991 წლის დასაწყისშივე უზენაესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თედო პაატაშვილი ოპტიმისტურ თვალსაზრისს გამოთქვამდა, რომ პოლიტიკური პროცესები `სწრაფად იცვლებოდა~, რაც საქართველოს საერთაშორისო ცნობის საკითხს რეალურს გახდიდა. მაგრამ როდის უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი? `ალბათ უახლოეს ხანში, დაახლოებით 2-3 წელიწადში შეიქმნება ნაყოფიერი ნიადაგი იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტმა გაცილებით რეალური და ქმედითი გამოძახილი ჰპოვოს მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში~. აი, ამ პერიოდში დადგებოდა რეალურად დასავლეთისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი – სრულიად საღი პოზიცია ფიქსირდებოდა ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის თ. პაატაშვილის მიერ.13
პირველად, აშშ-ის საგარეო უწყება საქართველოთი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დროს დაინტერესდა სერიოზულად, უფრო სწორად, გამოხატა თავისი სერიოზული ინტერესი. ჯორჯ ბუშმა უფროსმა ჩვენს ქვეყანაში მოავლინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. ვიზიტი არაოფიციალური გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დონეზე იგი არ განიხილებოდა და არც შესაბამისი, რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ან შედეგი არ ექნებოდა. მაგრამ თვით ეს, დე ფაქტო ვიზიტიც, ამერიკის გაზრდილ ინტერესს მოწმობდა და შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც რეალური ურთიერთობებისათვის გარკვეული საფუძვლის მომზადება. ნიქსონის ჩამოსვლით ამერიკა აგრძნობინებდა მოსკოვს, რომ იგი პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას ქვეყნის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ; რომ იგი მხედველობაში იღებდა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს და რომ საქართველოს მიერ საბჭოთა-საკავშირო 17 მარტის რეფერენდუმის უარყოფა არ იყო შეერთებული შტატებისათვის უგულვებელსაყოფი ფაქტი.
31 მარტს, მოსკოვში გამგზავრების წინ ნიქსონმა თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაათვალიერა და რეფერენდუმის პროცესს გაეცნო. თუნდაც, ეს ფაქტი მოსკოვს საშუალებას აღარ მისცემდა ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინა რეფერენდუმის შესახებ. ჩვენ პრეზიდენტის დავალებით ვართ ჩამოსულები და გვევალება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მისთვის გაცნობა – ეუბნებოდა ამერიკის ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ობიექტურ წარმოდგენას შეიქმნიდა. ერთი სიტყვით, მიუხედავად არაოფიციალურობისა, რიჩარდ ნიქსონის საქართველოში ვიზიტს მრავლისმთქმელი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის. ამერიკამ თავის პოლიტიკურ თვალსაწიერში მოაქცია დამოუკიდებლობის გზაზე მდგარი `ურჩი~ რესპუბლიკა და სხვებსაც მიანიშნა ამის შესახებ, მოკავშირეებსაც და კონკურენტებსაც.
შესაძლოა, ნიქსონის საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი უშუალო შედეგი იყო ზვიად გამსახურდიას შესაძლებელი მიწვევა შეერთებულ შტატებში, რასაც უკვე ქვეყნის პრეზიდენტის რანგში ხშირად აფიქსირებდა ხოლმე გამსახურდია, ინტერვიუების დროს. ამით იგი თავადაც გამოხატავდა ამერიკისა და დასავლეთისადმი ურთიერთობების მზარდ რეალურ სურვილს და იმედებს. ამის შესახებ გამსახურდია ნიქსონსაც არწმუნებდა: მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი გარემოებისა, საქართველოს დიდი ხანია აქვს აშშ-თან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილიო.14 ამ სიტყვებში თავს იჩენდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ლტოლვა დასავლეთისადმი და სხვა ისტორიულ ეპიზოდებსაც ეხმიანებოდა. ზუსტად, 210 წლის წინ, ერეკლე მეორე სწერდა ავსტრიის იმპერატორს იოსებ მეორეს და სხვა ევროპელ ხელმწიფეებს: ადრეც ბევრჯერ გვინდოდა თქვენთან ურთიერთობის დამყარება, მეც და ჩემს წინაპრებსაც, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდაო.
ძნელია ითქვას, ნიქსონის ვიზიტმა შეაგულიანა, თუ რაიმე სხვა უფრო ხელშესახებმა მოვლენამ, მაგრამ შემდგომ თვეებში გამსახურდიას ლექსიკაში დასავლეთის მიმართ შედარებით ოპტიმისტურმა ნოტებმა იჩინა თავი. თურქეთის ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთის `თურქიას~ განყოფილების რედაქტორთან ბილალ ქოჩაკთან ინტერვიუში საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ დაადასტურა ამერიკასთან თავისი ქვეყნის `კარგი ურთიერთობა~. თურმე, თურქ სტუმარს ყურადღება მიუქცევია თბილისის ქუჩებში მომრავლებული ამერიკული დროშებისათვის. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიამ თურქ კორესპონდენტს აცნობა, რომ სწორედ, იმ დღეებში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქართველოს ახალი პრეზიდენტის ვაშინგტონში ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შესახებ. `მალე გაირკვევა, საბოლოოდ რა პოზიციას დაადგება ჩვენს საკითხში ამერიკის ადმინისტრაცია, – უებნებოდა ზ. გამსახურდია თურქ ჟურნალისტებს, რომლებიც მან კოლხურ კოშკში მიიღო და კმაყოფილებით დაასკვნიდა: ამერიკის კონგრესი ძალზედ მეგობრულად არის განწყობილი საქართველოს მიმართ, ხშირად იხილავენ ჩვენს საკითხს, მალე კონგრესმენთა დელეგაციაც გვეწვევა.~15
ინტერვიუ 30 მაისს შედგა.
ახლა ორიოდე სიტყვით განვმარტოთ, თუ როგორ ესმოდა ზვიად გამსახურდიას `დასავლური ორიენტაცია~. თავისი პოზიცია მან შედარებით შეკუმშულად და ყოვლისმომცველად 1992 წლის მაისში უკვე დევნილობის პერიოდში ჩამოაყალიბა `ღია წერილში საქართველოს ტელევიზიისადმი~. ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების `ჰეროიკა~, დასავლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, პორტების და საწარმოო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისათვის და სხვა. `აი, ასეთ `დასავლურ~ ორიენტაციას ვგმობთ~ _ დაასკვნიდა დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი. `დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, ფილოსოფია, პოლიტიკური ნააზრევი, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენის თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დასავლური ღია, დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ.~16
ეს გახლდათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ზ. გამსახურდიას ზოგადი ხედვა და მისი ინტელექტუალურ-კულტურული ორიენტაცია დასავლური ღირებულებებისადმი. ცოტა უფრო მეტ დაზუსტებას მოითხოვდა დასავლური ორიენტაციის წმინდა პოლიტიკური დეფინიცია. მაგრამ, ადრე აღვნიშნეთ და აქაც გავიმეორებთ, რომ იმ პერიოდში, 1991 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, უფრო მკვეთრად, როგორც საქართველოს ოფიციალური ხელმძღვანელი და პრეზიდენტი, იგი ვერ დააფიქსირებდა თავის დასავლურ-პოლიტიკურ ორიენტაციას. უფრო რეალისტური პოზიცია მაშინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებაში მდგომარეობდა, რაც გაკეთდა კიდეც.
ერთი სიტყვით, ორივე მხარე – დასავლეთიც და ურჩი რესპუბლიკებიც, მათ შორის საქართველოც, თავს იკავებდნენ, რათა მოსკოვი ზედმეტად არ გაეღიზიანებინათ. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისმოყვარე ხელისუფლება ნაკლებად იყო დაპირისპირებული საბჭოთა კავშირის იმპერიულ ამბიციასთან, ან მწვავე შევიწროებას არ განიცდიდა მისგან. მაგრამ საქართველოსაგან ღია პროდასავლური ორიენტაციის ოფიციალურად გამოხატვა კრემლის მორიგ მწვავე რეაქციას გამოიწვევდა და წონასწორობას დააკარგვინებდა მის ხელმძღვანელობას. სხვა რომ თავი დავანებოთ, ამგვარი პოზიცია, აწ უკვე დამოუკიდებელი რესპუბლიკების მხრიდან, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა თვით დასავლეთს, რომელიც იმხანად გორბაჩოვის ხელისუფლებასთან კონფრონტაციას თავს არიდებდა.
1991 წლის გაზაფხულზე ბალტიისპირეთის წარმომადგენლები აშშ-ში იმყოფებოდნენ, მაგრამ გაწბილებულნი დარჩნენ სათანადო მხარდაჭერის მიუღებლობით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი კომენტარს უკეთებდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკების ურთიერთობის ხასიათს: კონფლიქტი გამოწვეულია იმით, რომ მოსკოვში ცდილობენ ახალი კონფედერაციის შექმნას, მაშინ როცა გარკვეული რესპუბლიკები დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. `ეს წინააღმდეგობა კრემლს აგონიაში აგდებს~.
ამგვარი ვითარებაში საქართველოს მიერ შესაძლო პროდასავლური ორიენტაციის ოფიციალური დეკლარირება კრემლს, ცხადია, საბოლოოდ გამოიყვანდა წონასწორობიდან და არც ის იქნებოდა გამორიცხული, რომ ღია რეპრესიებისათვის მიემართა საქართველოს მიმართ. ამდენი საქართველოს ხელისუფლებაში ესმოდათ. 1991 წლის აპრილში საფრანგეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული საგარეო საქმეთა მინისტრი გ. ხოშტარია, კიდევ ერთხელ, აფიქსირებდა დასავლეთის პოზიციას: `არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთი, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, უფრთხის საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების დაჩქარებას. მას აშინებს იმ ძვრების მასშტაბი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამხელა სახელმწიფოს დაშლამ. ამიტომ არიდებს თავს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეებში ჩარევას და იმ საბაბით, რომ უპირატესობას რეფორმატორულ გზას ანიჭებს, მხარს უჭერს გორბაჩოვის ოფიციალურ პოლიტიკას. ასეთია ევროპის ოფიციალური კურსი.~17
მაგრამ არსებობდა არაოფიციალური დამოკიდებულებაც, რომელიც ბევრად უფრო სოლიდარული და თანამგრძნობი იყო დასავლეთის მხრიდან. აი, ამგვარი სოლიდარული, მაგრამ არაოფიციალური ურთიერთობები და დაინტერესება გაიზარდა დასავლეთიდან საქართველოს მიმართ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. არაოფიციალურ ჩარჩოებში საქართველოთი დაინტერესება თანდათან საფუძველს უმზადებდა დასავლური პოლიტიკური სოლიდარიზმის ოფიციალურ დონეზე გადაზრდას. აი, სწორედ, ამ ნელი, ევოლუციური პროცესის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი გახლდათ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ ვაშინგტონში.
სხვათა შორის, ბუშთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ გამსახურდიამ რამდენჯერმე სხვადასხვა ვადა დაასახელა. როგორც ჩანს, ვაშინგტონში დროს წელავდნენ ან გადაწყვეტილების მიღებას სხვა მოვლენებს, შესაძლოა, მოსკოვიდან მომდინარე რეაქციას უკავშირებდნენ. 1991 წლის მაისში გამსახურდია ამერიკაში თავისი ვიზიტის დროდ ზაფხულის პერიოდს ასახელებდა. იმავე წლის ივნისში კი გაზ. `ტრუდთან~ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: რაც შეეხება აშშ-ში გამგზავრებას, `პრეზიდენტ ბუშთან საუბარი ალბათ შემოდგომაზე გაიმართება~.
მანამდე, საქართველოში არსებული ვითარების უკეთ გასაცნობად, აქ უნდა ჩამოსულიყო შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია. 1991 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ამერიკის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც იგი შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიწვიეს. ერთი სიტყვით, გარკვეული ძვრები შეიმჩნეოდა საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობის გააქტიურების თვალსაზირისით, მაგრამ იგი მაინც არ სცილდებოდა არაოფიციალურ ჩარჩოებს და პრიორიტეტულად, გორბაჩოვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა-მხარდაჭერის პოზიციას განიხილავდა. შემდეგში თ. სიგუა არაერთხელ იხსენებდა: მოსკოვში შეხვედრის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მე და ზ. გამსახურდიას გვითხრა, დაგეხმარებით, საბჭოთა კავშირი დაშლის პირასაა, ოღონდ ნუ იჩქარებთო.18
მაშინდელი ოპოზიცია და ოპონენტები ირწმუნებოდნენ და არც დღეს შეუცვლიათ აზრი, რომ გამსახურდიას ხელისუფლება ატარებდა მცდარ კურსს დასავლეთის მიმართ; რომ იგი შეგნებულად ახორციელებდა იზოლაციონისტურ პოლიტიკას. თ. სიგუა ვითარებას ასე ხსნიდა:L`მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამის დიდი ნაწილი ჩემი დაწერილი იყო, მაგრამ გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელმაც პროგრამები გვერდზე გადადო. `პოლიტიკურ პროგრამაში ნათლად ეწერა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ბარომეტრზე ისარი ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ უნდა გადახრილიყო. ამ დროს, პირიქით, გაისმოდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერების გაუთავებელი ლანძღვა… დასავლეთი ვერ მიხვდა, რა უნდოდა საქართველოს.~
რამაზ კლიმიაშვილი: გამსახურდია პროდასავლურ კურსს არ ატარებდა, იზოლაციონიზმის გზას ადგა. ორივე მხარეს დაუპირისპირდა – რუსეთსაც და დასავლეთსაც. მის გარემოცვაში გარკვეულმა ძალებმა იგი აიძულეს, დაპირისპირებოდა დასავლეთს, აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს. ამიტომაც, როცა ამავე ძალებმა (პრორუსულმა) ზვიადი დაამხეს, დასავლეთმა ხმა აღარ ამოიღო, არ დაეხმარა.~19
სხვა უმრავი ამგვარი, ან მსგავსი მოსაზრება, პოზიცია და მტკიცება შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ ასე მარტივად არ იყო საქმე. იმისათვის, რომ ობიექტურად გავცეთ პასუხი კითხვას, თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს, ოღონდ პროცესების დროში განვითარების გათვალისწინებით. ჯერჯერობით, ასეთი სურათი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, 1991 წლის ივლისის ბოლომდე.
ამ პერიოდამდე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ დაპირისპირებია დასავლეთს. პირიქით, მისი ხელისუფლების პოლიტიკური და სხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის გამსახურდიას მომავალი ოპონენტები – სიგუა, ხოშტარია, პაატაშვილი და სხვანი ხელისუფლების დავალებით ცდილობდნენ ურთიერთობა დაემყარებინათ დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოებთან, სტრუქტურებთან, უწყებებთან. მაგრამ ამ პერიოდამდე დასავლეთის ქვეყნებთან ოფიციალური ურთიერთობების გაფორმება შეუძლებელი გახლდათ, საქართველოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დასავლეთი ცნობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ მთლიანობას და რესპუბლიკებს მის შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევდა. ამგვარ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ვერავითარ `პროდასავლურ კურსს~ ვერ გაატარებდა, მიუხედავად სურვილისა.
მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა არც 1991 წლის მარტიდან, როცა აშშ-მა გარკვეული დაინტერესება დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების მიმართულებით. არც ისაა მართალი, თითქოს გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის ლიდერებს ლანძღავდნენ და ა. შ. ამგვარი ბრალდებები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში 1991 წლის ივლისის ბოლო პერიოდამდე არ დასტურდება, სათანადო ოფიციალური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და ხარისხის მასალებით.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოსადმი დასავლეთის და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების დამოკიდებულება შემდგომში შეიცვალა, გაუარესდა და ბოლოს სრულიად უპერსპექტივო გახდა. აი ამ პროცესს დავაკვირდეთ და თვალი გავადევნოთ. წინასწარ ის გარემოება უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს იზოლირება ბევრად უფრო სერიოზულმა საერთაშორისო და გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა განსაზღვრეს, ვიდრე ისეთმა მეორეხარისხოვანმა მიზეზებმა, როგორიც იყო, მაგალითად, გამსახურდიას პოლიტიკური იმიჯი ან მისი ხელისუფლების ზოგიერთი მეორეხარისხოვანი წარმომადგენლის ანტიდასავლური განწყობა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 1990 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა `რთულ და ამბიციურ შეთანხმებას~ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ. ეს იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე დაახლოების პროცესის ერთ-ერთი რგოლი. პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა. იგი გულისხმობდა შემდგომ მოლაპარაკებებს შეიარაღების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. სწორედ ეს გახლდათ საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი ფაქტორი, რასაც სხვა ყველაფერი უქვემდებარდებოდა.
და აი, 1991 წლის 31 ივლისს შეერთებულმა შტატებმა შეძლეს შეიარაღების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება საბჭოთა კავშირთან. ჯორჯ ბუშმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოსკოვში ხელი მოაწერეს, თანაც `დიდი ხნის მოლაპარაკების შედეგად,~ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას. შეთანხმების მიხედვით ამერიკის და საბჭოთა კავშირის ბირთვული არსენალები მცირდებოდა 30-40 პროცენტამდე.
ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ შემდგომში გლობალური განიარაღების პროცესი გაგრძელდა და დასრულდა 1993 წლის 3 იანვარს, როცა ბუშმა და რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ითვალისწინებდა ორივე მხარის მხრიდან ქობინებიანი რაკეტების განადგურებას. საერთოდ, `ორივე შეთანხმება ერთობლიობაში დაახლოებით ორი მესამედით ამცირებდა ბირთვული რაკეტების რაოდენობას 21000-დან 6000-7000 ცალამდე. ბირთვული იარაღის განადგურებამ და მუდმივმა შიშმა ატომური საფრთხის წინაშე, შეაჩერა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ატომური კონფლიქტის საშიშროება. `ცივი ომი დასრულდა.~20
ბუნებრივია, ზემოაღნიშნული პირველი ხელშეკრულების ხანგრძლივი მომზადებისა და მის ხელმოსაწერად 1991 წლის 31 ივლისს მოსკოვში ჩასული შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ნორმალურ ურთიერთობას. ყოველ შენთხვევაში, ამ მოლაპარაკებათა ფონზე და კონტექსტში ბუშის ადმინისტრაცია არ აპირებდა ცენტრთან შედარებით ურჩი და დამოუკიდებელი რესპუბლიკებისადმი რაიმე უპირატესობის მინიჭებას, ოფიციალურ დონეზე მაინც. მეტიც, ბუშმა მხარი დაუჭირა ახალი ფედერაციის შექმნის ინიციატივას, რასაც მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლება აპირებდა.
აი, ამგვარი რეალობების კონტექსტიდან გამომდინარეობდა ის ცნობილი ეპიზოდი, როცა 1991 წლის ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ჯერ მოსკოვში და მერე უკრაინაში ყოფნის დროს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა _ პირველმა და არა გამსახურდიამ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიმართ. მართალია, მას კონკრეტულად არც საქართველო უხსენებია და არც ზვიად გამსახურდია, მაგრამ ყველასათვის ცხადი იყო, რომ მისი მწვავე შეფასების ადრესატები საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება და მისი მეთაური გახლდათ. თანმიმდევრობით მივყვეთ.
მოსკოვში დიდი ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და იქ ჩამოაყალიბა თავისი სახელმწიფოს პოზიცია, საბჭოთა კავშირის ცენტრისა და რესპუბლიკებისადმი. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერდნენ რესპუბლიკებს ცენტრის ხარჯზე. ბუშმა ცენტრსა და რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის მოგვარება საბჭოთა კავშირის საშინაო საქმედ აღიარა. ეს არ არის შეერთებული შტატების საქმე – განაცხადა ბუშმა: `ჩვენ არ ჩავერევით თქვენს საშინაო საქმეებში. – მიმართავდა ბუში გორბაჩოვს, – ზოგიერთები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, არჩევანი გააკეთონ პრეზიდენტ გორბაჩოვსა და მთელ საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობისაკენ მსწრაფველ ლიდერებს შორის. მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი არჩევანია..~21
შემდეგ, ბუშმა, კიდევ უფრო დააკონკრეტა თავისი `არჩევანი~. `ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტმა გორბაჩოვმა მიაღწია არნახულ შედეგებს და მისი რეფორმები მიმართულია თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისაკენ. ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტ გორბაჩოვს, მაგრამ პატივს ვცემთ საბჭოთა კავშირის ცხოვრების ახალ რეალიებს და რამდენადაც ჩვენ თავად წარმოვადგენთ ფედერაციას, ვისურვებდით კარგი ურთიერთობების დამყარებას საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკასთან~.
ამერიკის პრეზიდენტმა, ყოველ შემთხვევაში იმჟამად, ოფიციალურად მხარი დაუჭირა მომავალ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების ჩარჩოებში ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას. ეს მოვლენა ადეკვატურად შეაფასა დასავლეთის პრესამაც.
`დეილი ტელეგრაფი~ – ჯორ ბუშმა გადაჭრით დაუჭირა მხარი გორბაჩოვს და `რესპუბლიკათა განახლებული ფედერაციის~ შექმნას~.
`დეილი ექსპრესი~ – ამერიკის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანამაც თავის დროზე აჯანყების გზით მოიპოვა დამოუკიდებლობა, ცივად მოეკიდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს.
`ფიგარო~ – ბუშმა აგრძნობინა თავის თანამოსაუბრე საბჭოთა მხარეს, რომ `არ გაყიდის მას დამოუკიდებლობის მომხრე რესპუბლიკების გულისათვის~. პირიქით, მან ამ უკანასკნელებს ურჩია: არ დაეხარჯათ ძალები კრემლთან ჭიდილით.
`ზიუდოიჩე ცაიტუნგ~ – ბუშმა დააფიქსირა, რომ დიდ პოლიტიკას განაგრძობს ცენტრთან და რომ მისი პარტნიორია ამ საქმეში გორბაჩოვი და ა. შ.
რაც შეეხება საბჭოთა, ურჩ, სეპარატისტ თუ უკვე დამოუკიდებელ რესპუბლიკებს, ჯორჯ ბუშმა ისინი, ფაქტიურად, ორ ჯგუფად გამიჯნა. პირველ ჯგუფში შედიოდნენ ის რესპუბლიკები, სადაც ახორციელებდნენ დემოკრატიზაციის პროცესებს. პატივს სცემდნენ უმცირესობებს, ხოლო მეორე ჯგუფში ნაციონალიზმი სჭარბობდა დემოკრატიისაკენ მისწრაფებას. მთავარი საზომი, რომლითაც აშშ შეაფასებდა ამა თუ იმ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებს, თავისუფლების ხარისხი გახლდათ. ასეც განაცხადა ჯორჯ ბუშმა, რომელიც მოსკოვიდან კიევში მიემგზავრებოდა: `ყველაზე საიმედო კრიტერიუმი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ისაა, თუ რამდენად თავისუფალია ქვეყანა, – ესაა რამდენად უშიშრად გრძნობენ იქ თავს უმცირესობები. ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ მათ, რომელნიც დამოუკიდებლობისათვის იმიტომ იბრძვიან, რათა შორიდან თავსმოხვეული ტირანია შეცვალონ ადგილობრივი დესპოტიზმით. ისინი არ დაეხმარებიან მათ, ვინც აღვივებს ეროვნებათაშორის სიძულვილზე დამყარებულ თვითმკვლელ ნაციონალიზმს.~22
ამერიკის პრეზიდენტი ამ მძიმე განაჩენის ადრესატს არ ასახელებდა, მაგრამ ცოტა უფრო ქვემოთ ის ასახელებდა ქვეყნებს, რომლების მიმართაც შეერთებული შტატები კეთილგანწყობილებას ღიად გამოხატავდა. `უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში და ბალტიაში ჰყვავის თავისუფლების სული~, – დაასკვნიდა ბუში-უფროსი. რა თქმა უნდა, საქართველო და, შესაბამისად, მისი ხელისუფლება ამერიკის პრეზიდენტს შემთხვევით არ გამოუტოვებია. საქართველო არ იყო დასახელებული იმ ქვეყანათა შორის, სადაც ჰყვაოდა `თავისუფლების სული~.
კიევში ჩასვლისას ამერიკის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა კვლავ განემარტა მოსკოვში ჩამოყალიბებული პოზიცია. ნება მიბოძეთ, – მიმართავდა ბუში უკრაინელებს, – განვმარტო, თუ რა აქვთ ამერიკელებს მხედველობაში, როცა საუბრობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ: თავისუფლება ესაა, ადამიანმა იცხოვროს მის საქმეში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შიშის გარეშე; რომ, როგორც ლორდი ეკტონი იტყოდა, ამა თუ იმ ქვეყნის თავისუფლება იმის მიხედვით იზომება, თუ რამდენად თავისუფალია მასში უმცირესობა. ამის შემდეგ, ჯორჯ ბუშმა ზუსტად გაიმეორა მოსკოვში ჩამოყალიბებული თეზისი: რომ `უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში და ბალტიაში ჰყვავის თავისუფლების სული~ და რომ `ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ მათ, რომელნიც დამოუკიდებლობას ესწრაფვიან იმისათვის, რომ შორიდან თავსმოხვეული ტირანია შეცვალონ ადგილობრივი დესპოტიზმით.~23 ბუშმა არც უკრაინაში დაასახელა დესპოტიზმის განმასახიერებელი რესპუბლიკა, მაგრამ საქართველო, არც ამჯერად მოიხსენია იმათ შორის, სადაც `ჰყვაოდა თავისუფლების სული~.
ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია შემაშფოთებელი მესიჯი იყო საქართველოსათვის, მისი ხელისუფლებისათვის და პრეზიდენტისათვის. ის, რომ აქამდე დამოუკიდებელი საქართველო განმარტოებული იყო მსოფლიო თანამეგობრობისაგან, გასაგები და ბუნებრივიც გახლდათ. მარტოობის გარკვეული პერიოდი ბევრი ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი, რომელმაც ეს-ესაა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და გარესამყაროსაგან აღიარებას ელოდა. მაგრამ, ამჯერად, სულ სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე. მსოფლიოს უძლიერესი სახელწიფო და დასავლური სამყაროს აღიარებული ლიდერი აშშ საქვეყნოდ აცხადებდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს, მის ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერდა და რომ, მისთვის მიუღებელი იყო გამსახურდიას ხელისუფლების იმჟამინდელი კურსი.
ზვიად გამსახურდიას იმიჯი დასავლეთში მანამდეც არ იყო უნაკლო და ცალსახა. პრესაში, საერთოდ მედიაში დამკვიდრებული იყო წინააღმდეგობრივი, გაუწონასწორებელი და ნაციონალისტური ლიდერის სახე. აქ, ნაკლებად აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ გამსახურდიას უარყოფითი იმიჯის კონსტრუირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის საინფორმაციო, სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები. ისიც მართალი გახლდათ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ირწმუნებოდნენ, როგორც, მაგ., მედეა თუშმალიშვილი: ყველამ კარგად იცის კგბ-ს რამდენი აგენტი მუშაობს უცხოეთის პრესაშიო. მაგრამ ფაქტი იყო, დასავლეთის საზოგადოებას ინფორმაციით, მედია კვებავდა და გამსახურდიაზეც, მის ხელისუფლებაზეც ის უქმნიდა აზრს. საქართველო თავის მოწინააღმდეგეებთან საინფორმაცი ომს უიმედოდ აგებდა და ამაში გასაკვირი არაფერი გახლდათ.
მაგრამ, ეს ყველაფერი, ჯორჯ ბუში უფროსის მოსკოვსა და კიევში ვიზიტამდე არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა და როგორც ერთხელ სტალინი ჩერჩილს წერდა – პრესაში ატეხილი ალიაქოთი ხომ არასერიოზული იყო, – იგი სახელმწიფოთა პოლიტიკის რანგში არ განიხილებოდა. მაგრამ ახლა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოფიციალურად გამორიყა საქართველო თავისი ფავორიტების წრიდან. ეს გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრის პირველი სერიოზული სიმპტომი.
უარყოფითი ამერიკული მესიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისათვის. აქამდე გამსახურდია ხომ იმედმოცემული იმეორებდა, ბუშთან შეხვედრა მალე გაიმართება, მოლაპარაკებები მიმდინარეობსო, კონგრესიც `ძალიან მეგობრილად~ არის განწყობილიო. ამერიკიდან ამგვარი იმპულსები ბუში უფროსის მოსკოვში ვიზიტამდე არ შეწყვეტილა. საფიქრებელია, რომ სწორედ მოსკოვში შეხვდა ამერიკის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების მწვავე რეაქციას საქართველოს ეროვნული ხელისუფლების შესახებ და მის წინააღმდეგ. ცხადია, მოსკოვში ბუშს დახვდა მწვავე ანტიქართული, ანტიგამსახურდიული განწყობა, რომლისთვისაც მას ანგარიში უნდა გაეწია.
კითხვა თავისთავად ისმება – რით უნდა ეპასუხა საქართველოს ხელისუფლებას მოულოდნელად შექმნილი ვითარებისათვის და ამერიკის ადმინისტრაციიდან მომდინარე უნდობლობისათვის. ადეკვატური პასუხი მოსაძებნი იყო. მდგომარეობა რთული გახლდათ, მაგრამ არა კატასტროფული. ანგარიშგასაწევი დიპლომატიური ეთიკა დაცული იყო ჯერჯერობით, ჯორჯ ბუშს თავის განცხადებაში კონკრეტულად არ დაუსახელებია საქართველო და მისი პრეზიდენტი. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დროს აძლევდნენ ადეკვატური პასუხის მოსაძებნად.
რა თქმა უნდა, იმ საპასუხო ვარიანტებიდან, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე არსებობდა, იყო ზოგიერთი ისეთი, რომელსაც იმჟამინდელი ეროვნული ხელისუფლება არ გააკეთებდა. მაგალითად, გამსახურდიას ხელისუფლება არ დათანხმდებოდა, ხელი მოეწერა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის. საქართველო თავისი ნებით არ შევიდოდა განახლებულ ფედერაციაში, რადგან ამგვარი სიჯიუტე თუ თავგანწირულება თვით საქართველოს ხელისუფლების ეროვნულ-რადიკალური ბუნებიდან გამომდინარეობდა.
სამაგიეროდ, იმავე ეროვნულ ხელისუფლებას არ უნდა დაეშვა, რომ მის მიმართ თუნდაც უსამართლო, უარყოფითი პოზიციის პასუხად, ასევე უარყოფითი რეაქციით ეპასუხა დასავლეთისა და მისი ლიდერისათვის. მას შეცდომა არ უნდა დაეშვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ის, თუ როგორი წარმატებით მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს ხელისუფლებამ, შემდგომი მოვლენები გვიჩვენებენ. მანამდე კი ზემოაღნიშნული მოვლენების, ფაქტებისა და მასალების განხილვის შედეგად დავასკვნით: საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო პროცესებისაგან იზოლირების პირველი პრეცედენტის ინიციატივა მომდინარეობდა აშშ-ის ხელისუფლებისაგან და განპირობებული იყო იმჟამინდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური კონტექსტით. ამგვარი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ, პოზიტიურ თუ ნეტაგიურ პოზიციას მეორადი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ მცდარი და ყალბია გამსახურდიას ხელისუფლების დადანაშაულება საქართველოს საერთაშორისო იზოლირებასა და ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში, 1991 წლის ივლის-აგვისტომდე.

თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე

მოსკოვის პუტჩი და საქართველოს ხელისუფლება

ამ მოვლენამ სრულიად მოულოდნელად ავბედითი პროცესების თავისებური დეტონატორის როლი ითამაშა. სწორედ პუტჩის დღეებში მოხდა ეროვნული გვარდიის ნაწილების გაყვანა რკონის ხეობაში, რამაც ხელისუფლებისადმი ოპოზიციის დაპირისპირების სამხედრო კონფრონტაციის ხარისხში გადაზრდის პოტენციური შესაძლებლობა შექმნა.
1991 წლის 20 აგვისტოსათვის განზრახული იყო საბჭოთა რესპუბლიკების მიერ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ აქტის ჩატარებით, ბოლო ეღებოდა კომუნისტური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობის რეალურ ძალაუფლებას. უკვე დაგეგმილი გახლდათ მთელი რიგი პარტიული და ბიუროკრატიული ჩინოსნების გადაყენება. მაგ., საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვ. პავლოვი უნდა შეეცვალა ყაზახეთის პრეზიდენტს ნ. ნაზარბაევს. უნდა გადაეყენებინათ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვ. კრიუჩკოვი; თავდაცვის მინისტრი…
პარტიულ-კონსერვატიულმა ელიტამ შეთქმულების გზით სცადა საკუთარი თავისა და საბჭოთა იმპერიის ხსნა. შეთქმულები 5 აგვისტოდან ემზადებოდნენ სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებისათვის, რომელიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის ა. ლუკიანოვის მხარდაჭერით უნდა დაედასტურებინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. 1991 წლის 19 აგვისტოს შეთქმულებმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს ყირიმში დასასვენებლად მყოფი მ. გორბაჩოვი. მათ შექმნეს ე. წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი (გკჩპ). მასში შედიოდნენ ვიცე-პრეზიდენტი გ. იანაევი; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვ. კრიუჩკოვი; თავდაცვის მინისტრი დ. იაზოვი, პრემიერ-მინისტრი ვ. პავლოვი და სხვ. კომიტეტმა საბჭოთა კავშირის რიგ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, აიკრძალა მიტინგები, დემონსტრაციები, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, გაზეთების გამოცემა და ა. შ. შეთქმულთა მთავარი მიზანი საბჭოთა იმპერიის რესტავრაცია-შენარჩუნება, დემოკრატიული პროცესების შეჩერება და, რაც მთავარია _ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკების დათრგუნვა გახლდათ.
19 აგვისტოს პუტჩისტებმა მოსკოვში ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები შეიყვანეს, რომლებმაც ქალაქის მთავარი ქუჩები გადაკეტეს, რათა არ დაეშვათ საპროტესტო გამოსვლები. როგორც ცნობილია, პუტჩისტების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა. ჩვენთვის აგვისტოს წარუმატებული პუტჩი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მან უაღრესად უარყოფითი შედეგები მოიტანა საქართველოს ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის.
პრობლემის ობიექტურად წარმოდგენას ორი უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, აგვისტოს პუტჩისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება მაშინვე იქცა გამსახურდიას ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკის კიდევ ერთ წყაროდ. მეორე _ სწორედ, მოსკოველი პუტჩისტებისადმი ეროვნული ხელისუფლების დამოკიდებულება გახდა შეიარაღებული ოპოზიციის წარმოქმნის მთავარი მიზეზი თუ საბაბი. ორივე ასპექტი გამოწვლილვით განვიხილოთ და ამ გზით შევეცადოთ ჭეშმარიტების დადგენას.
ისევე, როგორც მაშინდელი პოლიტიკური რეალიების, გეკაჩეპესადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებაც სხვადასხვაგვარი შეფასებები, კრიტიკული თუ ლოიალური პოზიციები და ინდივიდუალური თუ პარტიული მიდგომები არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პოსტსაბჭოური და საერთაშორისო მასშტაბის დონეზე. ჩვენ, რომ მათი, თუნდაც ზედაპირული განხილვის გზას დავადგეთ, მოსაზრებათა გაუვალ ლაბირინთში აღმოვჩნდებით. ჭეშმარიტების დადგენის სხვა მეთოდი უნდა მოვიშველიოთ.
უნდა დავაფიქსიროთ, როგორი ოფიციალური პოზიცია დაიკავეს იმხანად საბჭოთა კავშირში შემავალმა თუ საბჭოთა სივრცეზე არსებულმა ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა გეკაჩეპეს მიმართ და სწორედ, ამ დამოკიდებულების საერთო კონტექსტში და მათთან შედარებით შევაფასოთ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიციის ავკარგიანობა.
გეკაჩეპესთან დამოკიდებულების მიხედვით, საბჭოთა იმპერიაში, ჯერ კიდევ, შემავალმა თუ განმდგარმა რესპუბლიკებმა ძირითადად, სამგვარი პოზიცია დაიკავეს და შესაბამისად _ სამ ჯგუფად დაიყვნენ. პოზიციების ამგვარი დიფერენციაცია მდგომარეობის სირთულემ და დაძაბულობამ განაპირობა.
რესპუბლიკების ხელისუფლებათა ერთი ნაწილი შიშობდა, უზარმაზარი სამხედრო რესურსების მქონე სახელმწიფოს სათავეში მოულოდნელად მოსული გეკაჩეპეს რისხვა არ დაემსახურებინა. ამიტომ მათ ფრთხილი და მომლოდინე პოზიცია არჩიეს, ცდილობდნენ დრო მოეგოთ და მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს დაკვირვებოდნენ. ამ პირველ ჯგუფს შეიძლება _ ნეიტრალური რესპუბლიკების ჯგუფი ვუწოდოთ. მასში შედიოდნენ: ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, უკრაინა.

ნეიტრალურები. 19 აგვისტოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, ორგანიზებულობისაკენ მოუწოდა. საგანგებო მდგომარეობა ყაზახეთის ტერიტორიაზე არაა შემოღებული _ აწყნარებდა პრეზიდენტი თანამემამულეებს. ძალაუფლება ეკუთვნის `საბჭოთა ორგანოებს~ _ განმარტავდა ნაზარბაევი და მიუთითებდა, რომ ეს შეესაბამებოდა ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ მიღებულ დეკლარაციას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ და კონსტიტუციას.
ცხადია, ყაზახეთის ლიდერი ორმაგ დიპლომატიას მიმართავდა. რაც მთავარია, იგი არ ამჟღავნებდა მკვეთრ პოზიციას გეკაჩეპეს მიმართ, არ აძლევდა პოლიტიკურ შეფასებას პუტჩს, არც მხარდაჭერას უცხადებდა და არც უპირისპირდებოდა უზურპატორებს. ნაზარბაევი `კონსტიტუციური ნორმების ერთგულებისაკენ~ მოუწოდებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ძალოვან სტრუქტურებს. ესეც ორმაგი თამაშის გამოვლინება გახლდათ, რადგან კონსტიტუციას გეკაჩეპისტებიც უმაღლეს პოსტულატად აცხადებდნენ.1
19 აგვისტოს სომხეთში უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელმაც მინისტრთა საბჭოსთან ერთად მიმართა `თანამემამულეებს~. ხელისუფლება არაორაზროვნად მიუთითებდა მოსახლეობას, რომ საბჭოთა კავშირში შექმნილი `ახალი ვითარების~ ფონზე, მას უნდა ეხელმძღვანელა `რესპუბლიკისა და სომეხი ხალხის ინტერესებით~. ეს კი ნიშნავდა, რომ მოსახლეობას უნდა დაეცვა სტაბილურობა, წესრიგი, კანონიერება, შრომის დისციპლინა და `ჩვენი ხალხისათვის დამახასიათებელი თავშეკავებულობა~.
სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელთა მიმართვებიდან სომეხი ლიდერების სტრატეგიას შექმნილ ვითარებაში ერთი დამახასიათებელი ნიშანი განასხვავებდა. სხვები მიუთითებდნენ, დაეცვათ კონსტიტუციური ნორმები, ან ებრძოლათ დამოუკიდებლობისათვის, ან შეენარჩუნებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები და ა. შ. სომეხთათვის ტელევიზიით მიმართვისას რთულ ვითარებაში მოქმედების მთავარ კრიტერიუმად _ ეროვნული ინტერესები იყო გაცხადებული.
ამასობაში, კი ხელისუფლება ყურადღებით `დააკვირდებოდა მოვლენების განვითარებას~. ლოდინი, თავშეკავება, საკუთარი ინტერესი, სიფრთხილე _ აი, რა იყო სომხეთის ხელისუფლების პოზიცია.
სომხეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლევონ ტერ-პეტროსიანმა შემდგომ საათებშიც და დღეებშიც, დააფიქსირა ერთხელ გამოცხადებული პოზიცია: არა _ დაუფიქრებელი ნაბიჯები; სტაბილურობა _ `მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.~2
კიდევ უფრო ფრთხილი იყო უკრაინის პოზიცია: რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია და კანონები, რომლებიც მიღებულია უკრაინის უმაღლესი საბჭოს მიერ. მთავარია თავიდან ავიცილოთ `კონფრონტაცია და დაპირისპირება~ _ მიმართავდა მოქალაქეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ კრავჩუკი. მის მიმართვაშიც გაისმოდა უსიცოცხლო ფრაზები დემოკრატიის, კანონიერების, აწონ-დაწონილი მოქმედების შესახებ, რომელნიც არც ვინმესადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ და არც დაპირისპირებას. უკრაინელები კვანძის გახსნას ელოდებოდნენ.3
22 აგვისტოს პრესა იუწყებოდა, რომ კიევში, ორი დღის განმავლობაში, მიმდინარე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებზე კვლავ `არკვევდნენ~ გეკაჩეპესადმი დამოკიდებულების საკითხს. ეტყობა, კამათი დაძაბულ ვითარებაში ტარდებოდა, რადგან ბოლოს სახელობითი კენჭისყრით გადაწყვიტეს სპეციალური `განცხადების~ მიღება და ხმის მიცემა. 21 აგვისტოს, საღამოს სხდომაზე, პრეზდიუმმა, როგორც იქნა, მიიღო `განცხადება~. დოკუმენტი, ერთის მხრივ, `იურიდიული ძალის არმქონედ~ აცხადებდა უკრაინის ტერიტორიაზე `საგანგებო კომიტეტის~ გადაწყვეტილებებს, სადაც მოქმედებდა `კანონიერად არსებული ხელისუფლება~. მეორე მხრივ, `განცხადება~ უკან დასახევ გზას იტოვებდა და განმარტავდა, რომ ასეთი მდგომარეობა უმაღლესი საბჭოს სესიის ჩატარებამდე გაგრძელდებოდა და სწორედ, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტდა, საბოლოოდ თუ რა სტატუსი ექნებოდა `საგანგებო კომიტეტის~ დადგენილებებს. სესიის შეკრებამდე გარკვეული დროც გავიდოდა, ვითარება ასე თუ ისე გაირკვეოდა და უკრაინელებიც საბოლოო არჩევანს გააკეთებდნენ.
მანამდე, კი უკრაინის პარლამენტის მმართველმა უმრავლესობამ არაორაზროვნად უარყო მკვეთრი პოზიციის გამოთქმის გზა. მან არ მიიღო პატრიოტული ორგანიზაციის `რუხის~ წინადადება, რომელიც პუტჩისტებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებდა უკრაინელებს. `რუხი~ გახლდათ `სრულიად უკრაინის მშრომელთა სოლიდარობის გაერთიანება~ _ მთავარი ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციური ძალა.
ასევე სიმშვიდისაკენ, გონიერებისაკენ, ერთიანობისაკენ და სიბრძნისაკენ მოუწოდებდა ყირგიზეთის მოსახლეობას რესპუბლიკის პრეზიდენტი ასკარ აკაევი, რომელიც დაუსახელებელ ადრესატებს უდასტურებდა `საბჭოთა კავშირისა და რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების პატივისცემას~. ვის ეხებოდა პატივისცემისაკენ მოწოდება _ გეკაჩეპეს თუ ამ უკანასკნელთა მიერ გადაყენებულ დემოკრატიას, ყირგიზეთის პრეზიდენტი არ ასახელებდა. ყირგიზებიც ვითარებაში გარკვევისათვის დროს წელავდნენ და ვითარების გარკვევას ელოდებოდნენ.
დაახლოებით, ანალოგიური გახლდათ თურქმენეთის პოზიციაც.
`ნეიტრალების~ პოზიცია შესაძლოა დასავლეთისათვის გაუმართლებელი ჩანდა, მაგრამ საბჭოთა სივრცეში არსებული რესპუბლიკებისათვის ბუნებრივი და გამართლებულიც კი იყო. პუტჩი დღემოკლე აღმოჩნდა, მაგრამ რა მოხდებოდა, თუ კი ის ერთ კვირას, ერთ თვეს, ან მეტ ხანს გაძლებდა? ის, რომ სუსტ და დაუცველ რესპუბლიკებს საბჭოთა იმპერიალიზმის რესტავრაციის ეშინოდათ, უფრთხოდნენ და სიფრთხილეს იჩენდნენ, ბუნებრივი რეაგირება გახლდათ. საკითხი ვინ ვის? _ უპირველესად, იქ მოსკოვში და რუსეთში უნდა გადაწყვეტილიყო. ყოველ შემთხვევაში, ასე სჯიდნენ ე. წ. `ნეიტრალური~ რესპუბლიკები.
`ნეიტრალების~ მიერ `საგანგებო კომიტეტისადმი~ დაკავებული პოზიცია საქართველოს ისტორიის ერთ ეპიზოდს _ მანუჩარ ჯაყელის საქციელს მოგვაგონებდა. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ტბასთან ოსმალებსა და ყიზილბაშ ირანელებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. `მესხური მატიანე~ გადმოგვცემს: თურმე, სამცხის ათაბაგობის მაძიებელი მანუჩარი თავისი მცირერიცხოვარი რაზმით მთის ფერდობზე იდგა და ბრძოლას აკვირდებოდა, რათა ბოლოს გამარჯვებულს მიმხრობოდა და მისგან შეწყნარება დაემსახურებინა. ასეც მოხდა. ბრძოლის შემდეგ, მანუჩარ ჯაყელი გამარჯვებულ ოსმალთა სარდალს მუსტაფა ლალა ფაშას წარუდგა, რომელმაც ლოიალური ქართველები სიამოვნებით მიიღო. ქართველობისათვის, იმხანად ოსმალებიც და ყიზილბაშებიც ერთნაირი ჭირი გახლდათ. ამ შემთხვევაში მანუჩარმა თავი გადაირჩინა და ის 6000 მესხი აზნაურიც გადაარჩინა, რომელნიც მას ახლდნენ. იქნებ, ეს არ იყო იდეალური საქციელი, მაგრამ სუსტისათვის გამოსავალს კი წარმოადგენდა.
ნეიტრალური რესპუბლიკები თავის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ისტორია ვერ გაამართლებდა მათ პოზიციას. ისტორიას და მოვლენებს კი უკვე დემოკრატიული დასავლეთი ქმნიდა და აფასებდა კიდეც. 1991 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირში ერთმანეთს რეაქცია და დემოკრატია დაუპირისპირდა და აქ, არჩევანის გაუკეთებლობა ნეიტრალური რესპუბლიკებისათვის სასარგებლოდ არ მეტყველებდა. ნეიტრალებმა დემოკრატიის მხარდაჭერა ვერ გაბედეს ან უბრალოდ ეს არ გააკეთეს. დასავლეთისათვის, რუსეთისა და სხვა რესპუბლიკების დემოკრატიული ძალებისათვის, ზემოაღნიშნული რესპუბლიკების ნეიტრალური პოზიცია _ დემოკრატიის ღალატს თუ არა, მისგან განდგომას მაინც ნიშნავდა. ეს უკანასკნელი კი პირველისაგან დიდად არ განსხვავდებოდა.

მხარდამჭერები. რესპუბლიკების მეორე ნაწილმა ლოიალური პოზიცია დაიკავა პუტჩისტების მიმართ, მხარი დაუჭირა მათ.
ჯერ კიდევ, 19 აგვისტოს, დილით, ოპოზიციურმა დეპუტატებმა ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მოსთხოვეს საგანგებო სესიის მოწვევა და გეკაჩეპესადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა. ნიკოლაი დემენტმა არც სესია მოიწვია და არც პრეზიდიუმი შეკრიბა. ამის მაგიერ მან გადაყენებული პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის კრიტიკა დაიწყო: `გორბაჩოვმა ფსიქოლოგიურად ამოწურა თავისი თავი… მან არ იცის, რა გააკეთოს შემდეგში~.
20 აგვისტოს შეიკრიბა ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელმაც გადაწყვიტა გაბუნდოვანებული ტექსტით მიემართა ბელორუსიის მოსახლეობისათვის და მხარი დაეჭირა პუტჩისტებისათვის. პრეზიდიუმის მხოლოდ რვა წევრმა, მათ შორის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტანისლავ შუშკევიჩმა უარი განაცხადეს მიმართვის ხელმოწერაზე.
ბელორუსიის ხელისუფლების გაკოტრება პუტჩისტებისადმი ფაქტიური მხარდაჭერის გამო, კარგად დაადასტურა 24-25 აგვისტოს მოვლენებმა. ამ დღეებში, მიმდინარეობდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სესია. ოპოზიცია და პარლამენტის წინ შეკრებილი ათი ათასობით პროტესტანტი მოქალაქე კატეგორიულად მოითხოვდა ნიკოლაი დემენტისა და მისი ადმინისტრაციის გადადგომას, პუტჩისათვის მხარდაჭერის გამო. მღელვარება და სესია გრძელდებოდა 25 აგვისტოსაც, კვირა დღეს. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია მაშინ, როცა ნიკოლაი დემენტმა სიტყვა მისცა პუტჩის აშკარა მხარდამჭერს, ბელორუსიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ანატოლი მალოფეევს. ოპოზიციონერი დეპუტატები გააფთრებით ცდილობდნენ მალოფეევის ტრიბუნიდან ჩამოგდებას. იძულებულნი გახდნენ სხდომა შეეწყვიტათ.
საღამოს შეიკრიბა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემდეგაც ნიკოლაი დემენტმა განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. სესიის მსვლელობის სადავეები სტანისლავ შუშკევიჩმა აიღო ხელში. ამის შემდეგ, ბელორუსიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.
არანაკლებ დრამატული აღმოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აიაზ მუტალიბოვის მდგომარეობა, პუტჩის მხარდაჭერის გამო. გადატრიალებამ მუტალიბოვს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს მოუსწრო. სწორედ, ირანის საინფორმაციო სააგენტო `ირნამ~ გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვები, რომლითაც მან უპასუხა ჟურნალისტებს აეროპორტში, თეირანიდან ბაქოში გამომგზავრების წინ: `ის, რაც საბჭოთა კავშირში მოხდა, გორბაჩოვის დაუფიქრებელი პოლიტიკის კანონზომიერი შედეგია. ჩვენ მივესალმებით საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენების განვითარებას.~4 ბაქოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ცეცხლს ნავთი დაამატა. აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვაში, რომლის ტექსტი რადიოთი გადაიცემოდა, მან განაცხადა: `ძვირფასო თანამემამულეებო! ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე გარდაქმნების პროცესი არსებითად რთული და უჩვეულო ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომლის დროსაც შეუძლებელი გახდა სერიოზული შეცდომებისა და დარღვევების თავიდან აცილება.
მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ უხელისუფლებობა და უკანონობა ქვეყანაში არ შეიძლებოდა კიდევ გაგრძელებულიყო. ეს დაადასტურა როგორც ჩვენმა, ასევე ისტორიის გამოცდილებამ. მომხდარი მოვლენები ჩვენმა ხალხმა აღიქვა, როგორც საბჭოთა ხელმძღვანელობის მისწრაფება კანონიერებისა და სამართალწესრიგის აღდგენისაკენ. საგანგებო მდგომარეობის შემოღება ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში დროებითი ღონისძიებაა. ჩვენს იმედებს ყარაბაღის კონფლიქტისა და ძმათამკვლელი ომის, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზაციის პრობლემების უსწრაფესი გადაწყვეტის შესახებ ჩვენ ვუკავშირებთ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის შექმნას…~
ისევე, როგორც ბელორუსია, აზერბაიჯანიც საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, კომუნისტური პარტიის საქმიანობის აკრძალვას და სხვ. პუტჩის მხარდაჭერა ბაქოშიც ძვირად დაუჯდათ.
ძნელდება `ნეიტრალიტეტის~ ჩარჩოში უზბეკეთის ხელისუფლების ქმედებისა და პოზიციის განხილვაც. 19 აგვისტოს საღამოსვე უზბეკურად ითარგმნა და რადიოთი გადაიცა გეკაჩეპეს ბრძანებულება-დადგენილებები. 20 აგვისტოს შედგა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც იგივე დადგენილებები იქნა წაკითხული. გეკაჩეპეს #1 დადგენილების საფუძველზე დააჯარიმეს ოპოზიციური ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობა `ბირლიკის~ ლიდერები და დააპატიმრეს რადიო `თავისუფლების~ კორესპონდენტი ანვარ უსმანოვი. ანალოგიური პოზიცია ეკავათ პუტჩის დღეებში თურქმენეთისა და ტაჯიკეთის ხელისუფლებსაც, რომელნიც, ერთი მაშინდელი გაზეთის შენიშვნისა არ იყოს, `მორცხვ დუმილს~ ამჯობინებდნენ. მერე და მერე ტაჯიკეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კ. ასლანოვმა პუტჩის დღეებში გორბაჩოვისეული დემოკრატიის კრიტიკას უმატა. ქაოსმა მოიცვა ყველაფერი, დემოკრატიაზე ლაპარაკობდნენ და სახელმწიფო ნგრევისაკენ მიყავდათო _ გამოთქვამდა უკმაყოფილებას ტაჯიკეთის ლიდერი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ის, რომ საბჭოთა რესპუბლიკების ხელისუფლებათა უმრავლესობა რეაქციასა და ჭაობს, ნეიტრალებსა და მხარდამჭერებს შორის მოდრეიფეთა შემადგენლობაში აღმოჩნდა, ალბათ არც იყო გასაკვირი. ამ რესპუბლიკებში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობები, მაინცდამაინც ძლიერი არ იყო. პირიქით, მათ ხელისუფლებებში სჭარბოდნენ პარტიული ბიუროკრატიის და ნომენკლატურის წარმომადგენლები. როდესაც ერთ-ერთი შუა აზიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მავანმა დეპუტატმა დარბაზის კედელზე ჩამოკიდებული ლენინის სურათის ჩამოხსნა მოითხოვა, სხდომის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა. ეს ხდებოდა პუტჩის დამარცხების შემდგომ დღეებში.
თითებზე ჩამოსათვლელი იყო იმ რესპუბლიკათა, უფრო სწორად, კი დე-ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც მტკიცედ დაუპირისპირდნენ პუტჩისტებს. მათ დაუმორჩილებლები, შეურიგებლები ან, უფრო ზუსტად _ დამოუკიდებლები უნდა ვუწოდოთ. ესენი იყვნენ: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და მოლდოვა.

დამოუკიდებლები. ბალტიისპირეთის რესპუბლიკათა მდგომარეობა სრულიად განსაკუთრებული გახლდათ ყველა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისაგან განსხვავებით. ჩვენ უკვე შევეხეთ ამ საკითხს და აღვნიშნეთ, რომ ბალტიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას დასავლეთისაგან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. აშშ-მა ჯერ კიდევ მალტისა და სხვა მოლაპარაკებებზე დაითანხმა საბჭოთა ლიდერები, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას უნდა შერიგებოდნენ. დასავლეთის მხარდაჭერით ზურგმომაგრებული ბალტიის რესპუბლიკები თანმიმდევრულად და ევოლუციურად მიიწევდნენ დამოუკიდებლობისაკენ.
მათ ჯერ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ მიიღეს დეკლარაციები, ხოლო შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ლიტვამ _ 1990 წლის 12 მარტს; ესტონეთმა _ 1990 წლის 30 მარტს; ლატვიამ _ 1990 წლის 4 მაისს. საქართველო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელიც ბალტიურ სამეულს შეუერთდა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
გეკაჩეპემ, პირველ რიგში, დამოუკიდებელი რესპუბლიკები ამოიღო მიზანში. `საბჭოთა ხალხისადმი მიმართვაში~ კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამდა `საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ გავრცელებული ხმების~ გამო. მაგრამ ბალტიისპირელები პუტჩის დღეებშიც კი იმედოვნებდნენ დასავლეთის მხარდაჭერას, რაც სრულიად რეალური იყო. უკვე 20 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) მიუკიბ-მოუკიბავად გააფრთხილა გეკაჩეპე, სამხედრო ძალები არ გამოეყენებინათ ბალტიისპირელების წინააღმდეგ: `ჩვენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ძალის გამოყენების წინააღმდეგნი ვართ _ განმარტავდა ბუში და ირიბად ამატებდა _ აგრეთვე, ნებისმიერ რესპუბლიკებში მათი დამხობის ან დემოკრატიულად არჩეული მთავრობების შეცვლის მიზნით~. ყურადღება მივაქციოთ _ ამ მცირე განცხადებაში ყველა სიტყვა სკრუპულოზური სიზუსტით გამოხატავს აშშ-ის დიფერენცირებულ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის რეალიების მიმართ. კერძოდ:
1. გამოხატულია აშშ-ის პრიორიტეტული მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ, რომელნიც მოხსენიებულნი არიან, როგორც `სახელმწიფოები~. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო _ დამოუკიდებლობას მიანიშნებს, რასაც აღიარებდა აშშ.
2. სხვა საბჭოთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს აშშ განიხილავდა, როგორც ჩვეულებრივ `რესპუბლიკებს~. ბუნებრივიცაა. ჯერ კიდევ, არსებობდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც შედიოდნენ დანარჩენი რესპუბლიკები და მათ შორის განიხილებოდა საქართველოც, რომელიც იმხანად აშშ-თვის `დამოუკიდებელი სახელმწიფო~ კი არა, არამედ `ნებისმიერი რესპუბლიკა~ გახლდათ.
ცხადია, მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოს მსგავსი დიპლომატიური დემარშები და არამარტო დეკლარაციული მხარდაჭერა, ენთუზიაზმს ჰმატებდა ბალტიელების პრინციპულ ბრძოლას და განაპირობებდა მათ შეურიგებლობას მოსკოველი პუტჩისტებისადმი.
ლიტვის უმაღლესმა საბჭომ მიმართვა გაუგზავნა რუსეთის დემოკრატიული ძალების ლიდერს ბ. ელცინს, რომელშიც გეკაჩეპეს ქმედება `სამხედრო დიქტატურის შემოღების მცდელობად~ და `ანტიკონსტიტუციურად~ შეაფასა. მან სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის პროგრესულ ძალებს. თუ სამხედროები ძალით დაიკავებდნენ სახელმწიფო ობიექტებს, ლიტვა მოემზადებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და საყოველთაო გაფიცვისათვის.
ლატვიის უმაღლესმა საბჭომაც გეკაჩეპე უკანონო სტრუქტურად მიიჩნია და მისი უფლებამოსილება არ სცნო ქვეყნის ტერიტორიაზე. 19-21 აგვისტოს მიმდინარე პლენარულ სხომებზე დეპუტატებმა უმაღლეს საბჭოს მოუწოდეს, არ ეთანამშრომლა `კომიტეტთან~ და ჩართულიყო არაძალისმიერი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიაში.
19 აგვისტოს, რიგის ქუჩებში საბჭოთა სამხედრო ტექნიკა შევიდა, თუმცა მას ძალა არ გამოუყენებია. ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის უფროსის პირველმა მოადგილემ, სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა გენერალ-მაიორმა ა. ვოდოპიანოვმა განაცხადა, რომ ძალაუფლება ლატვიის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნოდა და ის იყო პასუხისმგებელი წესრიგზე. ეტყობა გეკაჩეპე ანგარიშს უწევდა ამერიკის პრეზიდენტის ბალტიელებისადმი გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს, მაგრამ თან მიუთითებდნენ, რომ ლატვიის სახალხო ფრონტი დეზორგანიზაციას ეწეოდა დედაქალაქში, აჩერებდა ტრანსპორტს, აწყობდა აქციებს და ა. შ.
პუტჩის დღეებში ლატვიელებმა სრულყვეს და საერთაშორისო ნორმებს მიუსადაგეს დამოუკიდებლობის ამსახველი სამართლებრივი დოკუმენტები. უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლობის იურიდიულ საფუძვლად გამოაცხადა 1922 წლის 15 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია და ამით ხაზი გაუსვა ლატვიის პირველად გამოცხადებული დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობას.
ანალოგიურად მოიქცა ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოც, რომელმაც `დაადასტურა ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა~. როგორც წინა, ისე, ამ შემთხვევებშიც, ბალტიისპირელებმა მსოფლიოს დასანახად პუტჩისტები სამართლებრივ ბრძოლაში გამოიწვიეს. იმავდროულად, საბჭოთა ჯარების სამხედრო ოლქის უფროსის მოადგილის ფ. მელნიჩუკის მოთხოვნაზე, ლატვიის ხელისუფლება დამორჩილებოდა `სახელმწიფო კომიტეტის~ დადგენილებებს, არ დაეშვა მიტინგები, გაფიცვები, აეღო ბარიკადები ქუჩებში, `დაეშალა არაკანონიერი სამხედრო ფორმირებები~ _ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ა. რიუიტელმა უარით უპასუხა. მდგომარეობა საათობრივად იძაბებოდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა პუტჩისტებს კიდევ რამდენიმე დღე რომ გაეძლოთ. რუსმა მედესანტეებმა ტალინის ტელერადიოგადაცემების ცენტრის შენობა დაიკავეს და თანამშრომლები აიძულეს მუშაობა შეეწყვიტათ.
პუტჩისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, სრულიად უნიკალურია მოლდოვას ხელისუფლებისა და მოსახლეობის პოზიცია. ის იყო სრულიად უკომპრომისო. უკვე 19 აგვისტოს პრეზიდენტმა მირჩა სნეგურმა ტელევიზიით მიმართა მოლდოვის მოსახლეობას და მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ `არაკონსტიტუციურ~ გეკაჩეპეს, თუ ქვეყანაში საგანგებო ვითარებას შემოიღებდნენ. ამავდროულად, ხელისუფლებამ კიშინიოვის ცენტრში შეკრებისაკენ მოუხმო თანამოქალაქეებს, ხოლო ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას საერთოდ, დედაქალაქისაკენ დაძრულიყვნენ.
ხელისუფლებამ სახელმწიფო ობიექტების დაცვა გადაწყვიტა. მან დროებით აკრძალა რუსული გაზეთების გამოსვლა. მოხალისეთა რაზმები, მართლაც განლაგდნენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობების, დაწესებულებების თუ სხვა ობიექტების უშიშროების უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, ხელისუფლებამ `მიიღო ზომები მოლდოვაში შეიარაღებული ძალების შემოტევის თავიდან აცილების მიზნით~, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ შეძლებდნენ უიარაღო და მცირერიცხოვანი მოლდოველები საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობას. ასეა თუ ისე, პატარა რესპუბლიკის უკომპრომისო დაპირისპირებამ პუტჩისადმი დემოკრატიული მსოფლიოს აღფრთოვანება გამოიწვია.
ჩვენ მიერ განხილულმა პოზიციებმა პუტჩისადმი დამოკიდებულების შესახებ დაადასტურა, რომ ამ თვალსაზრისით, ყოფილი თუ იმხანად, ჯერ კიდევ, საბჭოთა რესპუბლიკები სამ ჯგუფად იყოფოდნენ: 1. შეურიგებელი დამოუკიდებლები; 2. ნეიტრალურები და 3. ფაქტიური მხარდამჭერები.
ახლა ის უნდა გავარკვიოთ, ზემოთ განხილული მაგალითებისა და სქემის მიხედვით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება და სახელმწიფო, მის მიერ დაკავებული პოზიცია მოსკოველი პუტჩისტების მიმართ.

საქართველოს ხელისუფლება დილემის წინაშე. რადიკალური ოპოზიციისათვის საკითხი თავიდანვე ცალსახა გახლდათ. ეროვნული კონგრესმენების (ხომ შეიძლება შემოკლებისათვის ამგვარად მოვიხსენიოთ ეროვნული კონგრესის პარტიები და წარმომადგენლები _ დ. შ.), კვალიფიკაციით, ზვიად გამსახურდია `უსიტყვოდ დაემორჩილა~ პუტჩისტებს; მათი `ყველა განკარგულება და მოთხოვნა შეასრულა~. ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფები მეტნაკლები სიმწვავით აკრიტიკებდნენ გამსახურდიას ადმინისტრაციას პუტჩისადმი გამოჩენილი ლოიალობისათვის, გაუბედაობის, კომპრომისისა თუ მორჩილების გამო.
ხუნტის დროს, `საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყოვლად გაუმართლებელი უპრინციპობა და სიმხდალე გამოიჩინა~. არ მისცა არავითარი პოლიტიკური შეფასება მომხდარ ფაქტს, რითაც, ფაქტობრივად, ქედი მოუხარა რეაქციონერებს~, _ წერდა სოსო ჯაჯანაშვილი, მისივე სიტყვებით _ ახალგანთავისუფლებული თუ გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრის გ. ხოშტარიას თანაშემწე.5
აღნიშნული თეზისი-ბრალდება ტიპიური იყო იმჟამინდელი ოპოზიციური ბანაკის სხვადასხვა ჯგუფებისათვის. ყველაზე უფრო მკვახე და მტრული ფორმით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას რადიკალი ოპოზიციონერები გამოთქვამდნენ _ ეროვნულ-დემოკრატიული ან საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის თუ სხვა პარტიები. მათი ღია ტექსტები თავად ქვეყნის პრეზიდენტის გულახდილი ეპითეტების ადეკვატური გახლდათ. განსხვავება ის იყო, რომ პრეზიდენტი თავის მოწინააღმდეგეებს მიმართავდა, ხოლო რადიკალები თავად პრეზიდენტს: რომ პუტჩისტებს კაპიტულაცია გამოუცხადა `კრემლის შენიღბულმა და საშიშმა აგენტმა _ გამსახურდიამ~ და ა. შ.
ამგვარ მძაფრ გამოთქმებს ნაკლებად იყენებდნენ ზომიერი ან ცენტრისტული ბანაკის წარმომადგენელი ჯგუფები, თუმცა მათი შეფასებები თითქმის იდენტური იყო. 1991 წლის 3 სექტემბერს გამოქვეყნდა ე. წ. `ოპოზიციური პარტიების განცხადება~, რომელშიც ვკითხულობთ: `1991 წლის აგვისტოს პუტჩის დღეებში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა სრული და გაუმართლებელი კაპიტულაცია მოახდინა ე. წ. `საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის~ წინაშე, რითაც ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია მკვეთრად დასცა მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში~. განცხადებას ხელს აწერდნენ ექვსი ოპოზიციური პარტიის ლიდერები: `დას~-ის სახელით _ რევაზ შავიშვილი; `თავისუფალ დემოკრატთა კავშირის~ სახელით _ გურამ ბერიშვილი; `ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, ბლოკ `თავისუფლების~ სახელით _ მიხეილ ნანეიშვილი; რესპუბლიკური პარტია _ ვახტანგ ძაბირაძე; სახალხო ფრონტისა _ ნოდარ ნათაძე; `ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი _ ბლოკ `თავისუფლებისა~ _ ირაკლი შენგელაია.6
სრულიად საწინააღმდეგოს ირწმუნებოდნენ და დღესაც ამ პოზიციას იცავენ იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან მხარდამჭერი ძალები. მაგ. ვალტერ შურღაია გადმოგვცემს იმას, `რაც თავის თვალით ნახა~: მოსკოვში გადატრიალების ამბის მიღების შემდეგ, დილას შეიკრიბა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელმაც `ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღო~. ამასობაში, თბილისში სასწრაფოდ დაბრუნდა ყაზბეგში მყოფი ზვიად გამსახურდია. ვალტერ შურღაიას ცნობით, `პრეზიდენტმა სიტყვა-სიტყვით განაცხადა: `როდემდე უნდა მოექცეს საქართველო სხვისი ნანგრევების ქვეშ? ჩვენ დავგმოთ პუტჩი, მაგრამ განვაცხადოთ, რომ ეს ამბავი ხდება სხვა ქვეყანაში და ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერევით.~7
რა თქმა უნდა, საისტორიო მეცნიერებამ უნდა გაითვალისწინოს მომხდარი პოლიტიკური მოვლენის მონაწილე-თვითმხილველთა ინფორმაცია, გადმოცემა თუ პოზიცია. მაგრამ, როცა საკითხი ეხება ასეულობით და ათასობითაც კი თვითმხილველს, შემფასებელს და ინტერპრეტატორს, შეუძლებელია მათი უკრიტიკოდ გაზიარება და მეტნაკლებად ობიექტური აზრის გამოტანა, მით უფრო, რომ ეს მრავალი ადამიანი რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკს ეკუთვნის და სუბიექტური მოტივებით არის შებოჭილი. ამ კერძო შემთხვევაში, ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ვალტერ შურღაიას ან მსგავსთა მისთა ინფორმაციებს არ ვენდობით, მაგრამ იმას ვითვალისწინებთ, რომ მათ ცნობას შეიძლება, სხვა მკითხველები არ ენდონ და სუბიექტურად, გარკვეული ბანაკის ინტერესის გამომხატველად მიიჩნიონ.
ამიტომ, ჩვენ, ვითვალისწინებთ, მაგრამ ჭეშმარიტად ვერ მივიჩნევთ 1990-1992 წლების ჩვენთვის საინტერესო მოვლენების შესახებ უამრავ თვითმხილველ-მონაწილეთა გადმოცემებსა თუ ინტერპრეტაციებს, სულ ერთია, რომელიმე მათგანი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, კონგრესის მომხრე რადიკალი, პარტიულ-ბიუროკრატიული ჩინოსანი, ინტელიგენტი-ინტელექტუალი, თუ ნებისმიერი წრის მოქალაქე. ჩვენი ამოსავალი და დასაყრდენი ფაქტის დასადგენად იქნება და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს _ ოფიციალური დოკუმენტი, საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტი და ისტორიული წყაროს მნიშვნელობის მქონე სანდო მასალა (სახელმწიფო, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების დადგენილებები, ოქმები, საარქივო მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზოგიერთი ცნობები და ა. შ.).
მოსკოვში 19-21 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან და სამდღიან დიქტატორებთან დამოკიდებულება ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის _ და სწორედ, ასეთად მიიჩნევდა საკუთარ ქვეყანას საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება _ სახელმწიფოთაშორისო და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს განეკუთვნებოდა. სწორედ, ამიტომაც, მაშინდელი ქართული ხელისუფლების პოზიციის ავ-კარგიანობაზე _ ამ მოვლენასთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივ-ოფიციალური დადგენილებების ან დოკუმენტების მიხედვით უნდა გამოვიტანოთ დასკვნა და არა ცალკეულ პიროვნებათა თუ პარტიათა ვიწრო მოტივირებული ვერსიებით.
1991 წლის მოსკოვის პუტჩის დღეებში საქართველოს ხელისუფლების სახელით რამდენიმე დოკუმენტი შეიქმნა, რომელნიც გამოხატავდნენ მომხდარი გადატრიალებისადმი მის დამოკიდებულებას. პირველი მათგანი იყო საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მთავრობის `მიმართვა~. იგი 19 აგვისტოს შეიქმნა, მიმართული იყო რესპუბლიკის მოსახლეობისადმი და არაფრით განირჩეოდა `ჩვენს მიერ ზემოთგანხილული `ნეიტრალური~ რესპუბლიკების ხელისუფლებათა ანალოგიური ხასიათის დოკუმენტებისაგან, მიმართვებისა და განცხადებებისაგან.
`საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, _ იუწყებოდა `მიმართვა~ _ ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ გორბაჩოვის მიერ სსრ კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, სსრ კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 1991 წლის 19 აგვისტოდან, სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად, შეუდგა სსრ კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი~ და ა. შ.
შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებდა, დაეცვათ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა; არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, დამორჩილებოდნენ ხელისუფლების დადგენილებებს. მხოლოდ ასე შეიძლებოდა `სიმშვიდისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა~.
`მიმართვაში~ არაფერი იყო ნათქვამი არც გადატრიალებაზე, არც მის შეფასებაზე, არც მის რამენაირ კვალიფიკაციაზე. არაფერი იყო თქმული არც იმის შესახებ, რასაც ზემოთმოყვანილ მოგონებაში ბ-ნი ვალტერ შურღაია იხსენებს. კერძოდ, რომ მომხდარი მოვლენა სხვა სახელმწიფოში მოხდა, ხოლო საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და სხვა ქვეყნის საქმეში ვერ ჩაერეოდა. ამ ყველაფრის მაგიერ, გამეორებული იყო პუტჩისტების მეთაურის გ. იანაევის ბრძანებულების ვერსია და საქართველოს ხელისუფლების მომრავლებულ მოწინააღმდეგეებს შესანიშნავი არგუმენტი ეძლეოდათ, რომ პუტჩისტების ბრძანებულების ვერსიის გამეორება-გადმოცემა მათ მიმართ ლოიალობად მიეჩნიათ.
უფრო ცუდი ის გახლდათ, რომ რესპუბლიკის რამდენიმე გაზეთმა, მაგ. `ახალგაზრდა ივერიელმა~, საფიქრებელია ხელისუფლების მითითებით, და მაინც გამოდის, რომ საკუთარი ნებით და ხელისუფლებისადმი მორჩილებით, გამოაქვეყნეს ახალი მოსკოველი დიქტატორის იანაევის ბრძანებულების ტექსტი. `იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვს არ ძალუძს შეასრულოს სსრ კავშირის პრეზიდენტის მოვალეობანი, სსრ კავშირის კონსტიტუციის 127 (7) მუხლის საფუძველზე შევუდექი სსრ კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 1991 წლის 19 აგვისტოდან~.
რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო თავი ემართლებინა ან დაემშვიდებინა იმით, რომ იგი იანაევის ბრძანებულების გამოქვეყნებით მხოლოდ ინფორმაციას აწვდიდა მოსახლეობას, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მათივე დეკლარირებული დამოუკიდებელი საქართველო უცხო სახელმწიფოს გნებავთ მეთაურთა, გნებავთ უზურპატორთა ბრძანებულებებს აქვეყნებდა და ამით საკუთარი ქვეყნის სუვერინიტეტს მსოფლიოს დასანახად ლახავდა.
ან იმ ფაქტსაც რა ვუყოთ, რომ, როგორც ზემოთ მიმოვიხილეთ, ბალტიის რესპუბლიკებმა სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს პუტჩის პირველსავე დღეს უზურპატორებს, ხოლო მოლდოვამ რუსული გაზეთების გამოცემა აკრძალა თავის ტერიტორიაზე, რათა მათ პუტჩისტების დოკუმენტები არ გამოექვეყნებინათ.
საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას შეეძლო თავი იმითაც ემართლებინა, რომ უზარმაზარი სამხედრო-პოლიტიკური რესურსების მქონე ყოფილი მეტროპოლიის სათავეში მოქცეული ავანტიურისტებისაგან აგრესიის საფრთხემ აიძულა პრეზიდენტი და მისი გუნდი, ფრთხილად მოქცეულიყვნენ. მათ მხარეზე იყო ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი და ხელისუფლებას არ შეეძლო 9 აპრილისა და მისი სიმძიმეების გადამტანი მოსახლეობა კვლავ სისხლისღვრის საფრთხეში გადაეჩეხა. ხელისუფლებას შეეძლო თავისი ოპონენტებისათვის მიეთითებინა ბალტიის რესპუბლიკებისაკენ, საიდანაც უკვე შემაშფოთებული ინფორმაციები მოდიოდა რუსი სამხედროების მიერ ტალინსა თუ რიგაში სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების ძალით დაკავებისა თუ მოსკოვისაკენ პუტჩისტების მხარდამჭერი ჯარის ნაწილების მსვლელობისა და თეთრ სახლზე ყოველ წუთს მოსალოდნელი იერიშის შესახებ, სადაც რუსეთის დემოკრატიული ძალების ცენტრი იყო განლაგებული.
შორს ხელის გაშვერა არ იყო საჭირო. მოსკოვის პუტჩის მეთაურებმა, სადაც მოასწრეს იმ სამი დღის განმავლობაში, თავისი ემისრები გაგზავნეს ახალი ხელისუფლებისადმი მორჩილებისა და მათი მითითება-ულტიმატუმების შესრულების მოთხოვნით. ერთი ასეთი მაღალჩინოსანი ემისარი თბილისშიც ჩამოვიდა _ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი შურავლიოვი. მან საქართველოს ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, დაეშალა `სამხედრო ფორმირებები~. საკითხი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეროვნულ გვარდიას ეხებოდა. გეკაჩეპეს მთავარი საზრუნავი ურჩი რესპუბლიკების მიერ შექმნილი მცირერიცხოვანი და სუსტი, მაგრამ მაინც არსებული შეიარაღებული ძალები გახლდათ. 19 აგვისტოს გამოქვეყნებული `საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის #1 დადგენილების მეორე მუხლი კატეგორიულად მოითხოვდა: `ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრკ კონსტიტუციას და კანონებს~.
როგორც ჩანს, პუტჩისტების ემისრის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, თ. კიტოვანის სიტყვები დავიმოწმოთ, საქართველოს პრეზიდენტმა `ყველა განკარგულება და მოთხოვნა შეასრულა~ და მათ შორის _ `ერთი ხელის მოსმით გააუქმა ეროვნული გვარდია.~8
რამდენად იდგა რეალობასთან ახლოს ეროვნული გვარდიის სარდლის ირონიული განცხადება. 1991 წლის 19 აგვისტოსვე საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ეროვნული გვარდიის ე. წ. `რეორგანიზაციის~ შესახებ. მის მიხედვით, ეროვნულ გვარდიას მიეცა `განსკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის სტატუსი~ და დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავდროულად, გაუქმდა ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობა დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
ცხადია, აღნიშნული ბრძანებულებით საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია ყოფილი მეტროპოლიის ახალმოვლენილ `სახელმწიფო კომიტეტს~, მათ მიმართ კომპრომისზე წავიდა.
მაგრამ ნიშნავდა თუ არა პუტჩისტებისადმი კომპრომისი მის მორჩილებას თუ მხარდაჭერას?
რა თქმა უნდა, მოსკოვის მოვლენებისადმი საქართველოს ხელისუფლების პირველი დღის _ 19 აგვისტოს გამოვლენილი რეაგირება მაინც არ იყო არც მხარდაჭერა და არც პუტჩისტებისადმი მორჩილება, არამედ ეს იყო ნაწილობრივი კომპრომისი.
ხელისუფლებას არც დაუშლია და არც გაუუქმებია ეროვნული გვარდია. მან შეზღუდა გვარდიის ფუნქციები, მაგრამ შეინარჩუნა იგი, როგორც სამხედრო ფორმირება. ქვეგანაყოფის ძირითად ამოცანად და ფუნქციად განისაზღვრა: `ორგანიზებულ და განსაკუთრებით საშიშ დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლა; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების, არეულობების აღკვეთა; მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა; თავისუფლების აღკვეთის ადგილების დაცვა~. გვარდიელებს შეეზღუდათ, აგრეთვე შეიარაღებაც და უფლება მიეცათ მხოლოდ ტაბელური იარაღით ესარგებლათ..
პუტჩისტებისადმი ხელისუფლების კომპრომისი სახეზე იყო. ზ. გამსახურდიას ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეეძლოთ თავი ემართლებინათ შექმნილი მდგომარეობის სიმძიმის გამო, მაგრამ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის ნაწილსაც ჰქონდა უფლება, აღშფოთებულიყო საკუთარი ხვედრის გამო. ეროვნული გვარდიის სტატუსი ქვეყნის თავდაცვიდან მილიციის ფუნქციით შეიცვალა. თავისთავად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა დიდად საპატიო საქმიანობაა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ახალგაზრდა გვარდიელების ფსიქოლოგიური განწყობაც გავითვალისწინოთ, რომლებისთვისაც სამშობლოს დამცველი გვარდიის ჯარისკაცის მილიციელის მდგომარეობით შეცვლა შეურაცხმყოფელადაც აღიქმებოდა. ამგვარი პროტესტანტული განწყობილება შესანიშნავად გამოიყენა, როგორც ეროვნული გვარდიის ანტიზვიადისტურად განწყობილმა მეთაურობამ, ისე ე. წ. შეურიგებელმა ოპოზიციამ.
ჩვენს საზოგადოებაში დომინირებდა და დღესაც ის აზრია გავრცელებული, თითქოს უკვე 20 აგვისტოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ეროვნული გვარდიის სარდალმა თ. კიტოვანმა. მისი მეთაურობით ეროვნულმა გვარდიამ დატოვა თავისი დისლოკაციის ადგილი და რკონის ხეობაში განლაგდა. ამის მიზეზად მიიჩნეოდა პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება და ხელისუფლების კაპიტულანტური მოქმედება პუტჩის დღეებში. ყოველ შემთხვევაში, ასე წერდა და ამბობდა უკვე 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტის უკვე მთავარ ოპონენტად და მოწინააღმდეგედ ქცეული თ. კიტოვანი. გავიხსენოთ ზემოაღნიშნული მისი სიტყვები, რომ პრეზიდენტმა თითქოს პუტჩისტების `ყველა განკარგულება და მოთხოვნა შეასრულა~ და ერთი ხელის მოსმით გააუქმა ეროვნული გვარდია.
მაგრამ იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ თვით ეროვნული გვარდიის სარდლის თ. კიტოვანისავე ვრცელი ახსნა-განმარტების მიხედვით _ ეს ყველაფერი ასე არ იყო, რომ ეროვნული გვარდიის დისლოკაციის ადგილის შეცვლა ჯერ ერთი _ შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი, სწორი `პოლიტიკური გადაწყვეტილება~ გახლდათ და რომ, მისივე სიტყვებით, პრეზიდენტს არ გაუუქმებია გვარდია. ამ და სხვა სრულიად განსხვავებულ განმარტებებს თვით თ. კიტოვანი იძლეოდა თავის ვრცელ წერილში: `გვარდია რკონში~, რომელიც 1991 წლის 25 აგვისტოს გამოქვეყნდა გაზ. `საქართველოს გვარდიელში~. ეს წერილი გარკვეული აზრით, უნიკალურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რის გამოც მის შინაარსს ვრცლად გადმოვცემთ.
რამდენიმე დღეა, რაც ეროვნული გვარდია კასპის რაიონში, თრიალეთის ქედის მისადგომებთან, რკონის ხეობაში განლაგდა, წერს თ. კიტოვანი. წარმოიშვა კითხვები, ინტერესი, მითქმა-მოთქმა, `გაუგებრობაც~ და `ვითარების განზრახ დამახინჯებაც~. ეროვნული გვარდიის სარდალმა ჩათვალა საჭიროდ, რომ `ყოველივე ეს მოითხოვს ახსნას და მოსახლეობისათვის განმარტებას~. წერილის მიზანიც ესაა.
1991 წლის აგვისტოს 19-21 რიცხვებში `მთელი იმპერია და რაღა თქმა უნდა საქართველოც, იდგა დიდი საშიშროების წინაშე~.
ამ ამბებამდე `რამდენიმე ხნით ადრე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და რესპუბლიკის პრეზიდენტის დასტურით დანიშნული იყო სასწავლო-საწვრთნელი მანევრები 20 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე. გვარდიას უნდა დაეკავებინა წინასწარ მომზადებული ბანაკები შატილსა და მუცოში. გადატრიალების დაწყების შემდეგ საერთო ქაოსის ვითარებაში გვარდიამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: ჩატარდეს დაგეგმილი მანევრები, ოღონდ არა მუცოს ხეობაში, რომელიც სტრატეგიულად წამგებიანია, არამედ თრიალეთის ქედის მისადგომებთან, რომლის ტერიტორიაც იძლეოდა პუტჩის წარმატების შემთხვევაში პარტიზანული ბრძოლის გაგრძელების საშუალებას. ამ აქციით ჩვენ გავარიდეთ გვარდია არა მარტო წითელარმიელთა შესაძლო შემოტევას, არამედ შესაძლო ღალატსაც.
ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ რესპუბლიკის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული სახის მილიციად გარდაქმნის შესახებ, როგორც იურიდიულ აქტს, რომელსაც გამოიყენებდნენ ფარად პუტჩისტთა წარმატების შემთხვევაში.
აქვე მოგახსენებთ, რომ რესპუბლიკის შინაგანი ჯარები _ ეროვნული გვარდია, არსით, როგორც ეს არაერთხელ თქმულა პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში არის თავდაცვითი ძალების, არმიის ჩანასახი. გვარდიაშია მთელი შემადგენლობა იმ ჯერ კიდევ მწირი სამხედრო კადრებისა, რაც გააჩნია საქართველოს დღეისათვის. ასე რომ, სამხედროთა, ოფიცერთა ნაწილი გაუგებრობის გრძნობამ მოიცვა. აღსანიშნავია მშობლების რეაქციაც, რომლებმაც შვილები ეროვნულ გვარდიაში გააცილეს და კიდევაც ამაყობდნენ ამით და უეცრად წარმოიდგინეს, რომ მათ შვილებს პატიმართა კოლონიებში მოუწევდათ ყარაულში დგომა, აქედან გამომდინარე, უარყოფითი შედეგებით~.
კიტოვანი აღშფოთებას გამოთქვამდა შინაგან საქმეთა მინისტრის დილარ ხაბულიანის `გამაღიზიანებელ და დაუფიქრებელ გამოსვლაზე~, როცა ამ უკანასკნელმა, უკვე პუტჩის დამარცხების შემდეგ, გვარდიას იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით `დაემუქრა~ გვარდიელებს, თანაც განიარაღება 24 საათის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, მაშინ, როცა იგივე მოთხოვნის შესრულებისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა გვარდიელებს რამდენიმე დღე მისცა. კიტოვანი პრეზიდენტს არ ახსენებდა და გაუგებრობის მიზეზად დილარ ხაბულიანის `პიროვნულ ამბიციებს~ ასახელებდა. `აი, სწორედ ამ გამოსვლამ მოგვიტანა მეტად უარყოფითი შედეგი. რკონის მთებში ამოაღწია ცნობამ, რომ თავად რუსეთმა გამოაცხადა ეროვნული გვარდიის შექმნა. როგორღა გაგვეგო ჩვენ ეროვნული გვარდიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტრუქტურული შთანთქმის მცდელობა?… სრულიად გაუგებრად და მეტიც, მავნებლურად ჩანდა ბატონ დილარ ხაბულიანის დაჟინება და მისი ჩვენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობაც~.
თ. კიტოვანის დასკვნით, ეჭვები გაფანტა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა, რომელიც დეპუტატების ჯგუფთან იმყოფებოდა რკონის ხეობაში და გვარდიელებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს თავდაცვის სამინისტროს შექმნა.9
რამდენიმე პუნქტის სახით რომ შევაჯამოთ თ. კიტოვანის წერილის შინაარსი, შემდეგ სურათს მივიღებთ: ეროვნული გვარდიის მანევრები პუტჩის დღეებამდე იყო დაგეგმილი და შეთანხმებული პრეზიდენტთან; პუტჩისტების მოთხოვნის შემდეგ ხელმძღვანელობამ რკონის ხეობაში გასვლა გადაწყვიტა თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით; გვარდიის ხელმძღვანელობამ, სწორად ჩათვალა ხელისუფლების გადაწყვეტილება _ კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან და სტატუსი შეეცვალა გვარდიისათვის. ასე რომ, 25 აგვიტოსათვის ეროვნული გვარდია, მისი ხელმძღვანელობა და თ. კიტოვანი საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლებისადმი ლოიალობას ინარჩუნებდნენ. თ. კიტოვანის წერილი 25 აგვისტოს იყო ხელმოწერილი.
შემდგომში ზ. გამსახურდიას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა თ. კიტოვანმა შეუმდგარი პუტჩის მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მკვეთრად დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლებისადმი ლოიალობა, როცა მწვავედ გამოეპასუხა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ `დეზინფორმაციას~. საქმე იმაში გახლდათ, რომ პუტჩის დღეებიდან 25 აგვისტომდე მონაკვეთში, რკონში განლაგებულ გვარდიის ნაწილებში ეროვნულ-დემოკრატებმა გაავრცელეს პროკლამაცია სახელწოდებით: `მიმართვა საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებისადმი~.
`მიმართვა~ გვარდიელებს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მოუწოდებდა. იგი `განუმარტავდა~ გვარდიელებს, რომ გამსახურდიას ადმინისტრაცია `კრემლის მორჩილი მარიონეტი ხელისუფლება~ იყო. ამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააუქმა გვარდია და დაუქვემდებარა `საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს~. იგი ატყუებდა გვარდიელებს და უნდოდა მისი გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიტინგების, დემონსტრაციების დასაშლელად, `გამსახურდიას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად~, `ტყვია ესროლათ დებისა და ძმებისათვის, ქართველებისათვის~. პროკლამაცია არწმუნებდა გვარდიელებს, რომ ისინი დამოუკიდებლობას, ქვეყანას და ხალხს კი არ იცავდნენ, არამედ `კრემლის შენიღბულ და საშიშ აგენტებს გამსახურდიასა და მის მორჩილ უზენაეს საბჭოს~, რომელიც შედგებოდა `მაამებლების და მლიქვნელების, გუშინდელი კომუნისტებისა და დღევანდელი მექრთამეებისაგან~.
პროკლამაცია მოუწოდებდა საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებს, რომ გვიანღა იქნებოდა, `თუ დღესვე არ გააკეთებდნენ არჩევანს, თუ დღესვე არ გაემიჯნებოდნენ ბოროტს~. `მიმართვას~ ხელს აწერდა `საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია _ მეოთხე დასი~.
ეროვნულ-დემოკრატების მიერ გავრცელებული პროკლამაცია ეროვნული გვარდიელების ნაწილებში განხილვის საგანი შეიქნა. მას შეიძლებოდა `დეზინფორმაცია და დეზორიენტაცია~ შეეტანა გვარდიის წევრებს შორის. რათა ეს არ მომხდარიყო ეროვნულ-დემოკრატთა `მიმართვას~ თავად ეროვნული გვარდიის გადაყენებული სარდალი თ. კიტოვანი გამოეპასუხა სპეციალური წერილით `პასუხისმგებლობის სიმწირე~. მანვე მისცა ედპ-ს ქმედებას შეფასება, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო.10
ეს შეფასება კი ერთმნიშვნელოვანი გახლდათ. თ. კიტოვანის აზრით, მისი მომავალი თანამებრძოლი ეროვნულ-დემოკრატები `სამოქალაქო ომისაკენ~ მოუწოდებდნენ გვარდიელებს. პროკლამაციას ჰყავდა `დამკვეთი~, მიზნად ჰქონდა `დეზინფორმაცია და დეზორიენტაცია~ და `მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს~. მართლაც, `ბოროტისაგან გამიჯვნა~ ხელისუფლებისაგან განდგომას ნიშნავდა და სწორედ ამისკენ მოუწოდებნენ ეროვნულ-დემოკრატები გვარდიელებს. გვინდა დავადასტუროთ მაშინდელი ეროვნული გვარდიის სარდლის მართებული პოზიცია და დავაფიქსიროთ, რომ ეროვნულ-დემოკრატთა `მიმართვა~ სხვა არაფერი იყო, თუ არა ტიპიური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედება, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებული ძალის რღვევისა და ხელისუფლების წინააღმდეგ წაქეზებისაკენ.
რაც მთავარია, ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური თ. კიტოვანი კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აფიქსირებდა თავის ლოიალობას ხელისუფლების მიმართ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქმედებას განიხილავდა, როგორც სამოქალაქო ომის ინსპირაციის საქციელს და პუტჩის დღეებში ხელისუფლების პოზიციას ამართლებდა. რაც შეეხება ეროვნულ გვარდიას, იგი პუტჩის დღეებში არ გადასდგომია ხელისუფლებას.
მაგრამ ეს არც მორჩილება იყო. შეიქმნა თავისებური შუალედური მდგომარეობა. გვარდიის გადაყენებული სარდალი სიტყვიერად პრეზიდენტისა და ხელისუფლებისადმი ლოიალობას ადასტურებდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ისიც და გვარდიაც ხელისუფლების კონტროლიდან იყო გამოსული. 23 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა, ფაქტიურად, მეორე და კონკრეტული ბრძანებულებით უშუალოდ გაანთავისუფლა თ. კიტოვანი ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობიდან და თვით თანამდებობაც გააუქმა. ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვარდიის სარდლის თანამდებობა უკვე 19 აგვისტოს ბრძანებულებით იყო გაუქმებული. მიუხედავად ამისა, თ. კიტოვანს არც ერთ ბრძანებაზე ოფიციალურად რეაგირება არ მოუხდენია და ფაქტიურად, არც დამორჩილებია. იგი რკონში განლაგებული გვარდიის ნაწილების მეთაურობას განაგრძობდა.
პრეზიდენტის მიერ კიტოვანის გადაყენებამ უფრო გაართულა ვითარება. როგორც ვახტანგ ძაბირაძე წერს, `თ. კიტოვანი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, 19-დან 23 აგვისტომდე რკონსა და თბილისს შორის მიმოდიოდა, საბოლოოდ გადაბარგდა რკონში.~11 ფაქტობრივად, ძველი რომაელების ანალოგიით, როცა პერიფერიებში განლაგებული ჯარის ნაწილები თვითნებურად ირჩევდნენ თავიანთ წინამძღოლად _ `იმპერატორად~ რომელიმე სარდალს და ცენტრალურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ, ეროვნული გვარდიის რკონში განლაგებულმა ნაწილებმაც კიტოვანი აღიარეს თავიანთ მეთაურად და მასთან ერთად გამოვიდნენ ხელისუფლების კონტროლიდან.
მაგრამ, ვიმეორებთ, ეს ჯერ კიდევ არ იყო დაუმორჩილებლობა ან ამბოხება. კიტოვანი ხელისუფლების ცალკეული წევრებისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ ხელისუფლებას არ უპირისპირდებოდა. ასეთ ვითარებაში 26 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული გვარდიის პირვანდელი საჯარისო სტატუსი აღადგინა. პრეზიდენტის ბრძანებულება იუწყებოდა:
`ვინაიდან შეიქმნა თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება ეროვნული გვარდია, ვბრძანებ:
1. მოეხსნას გვარდიას განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის სტატუსი;
2. დღეიდან ყველა გვარდიელი, რომელიც განლაგებულია რკონის ხეობაში, დაუბრუნდეს ყაზარმებს თავისი რაიონებისა და ქალაქების მიხედვით~.
იმავე დღეს გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის მიმართვა გვარდიელებისადმი. მასში ახსნილი იყო გვარდიის `რეორგანიზაციის~ და შემდეგ კი მისი სტატუსის აღდგენის გარემოებები. `ყოველმა ჩვენგანმა კარგად უწყის, რაოდენ დიდი საფრთხე დაემუქრა საქართველოს მიმდინარე წლის 19-21 აგვისტოს მოსკოვში მოწყობილი კომუნისტური პუტჩის გამო. თბილისში საგანგებო მისიით ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი, რომელმაც პირდაპირ გამოაცხადა, რომ საბჭოთა ჯარების ნაწილებს მიცემული აქვთ ბრძანება საქართველოს ეროვნული გვარდიის განადგურების შესახებ.
გვარდიის გადარჩენისა და საერთოდ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა სასწრაფოდ მიგვეღო გადაწყვეტილება ეროვნული გვარდიის სტატუსის დროებითი შეცვლის თაობაზე. ეს გახლდათ ტაქტიკური ნაბიჯი, რომლის წყალობითაც შენარჩუნებული იქნა მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში.
ამჟამად, როდესაც მდგომარეობა შეიცვალა, ეროვნულ გვარდიას უბრუნდება სამშობლოს დაცვის უმთავრესი ფუნქცია. ამასთანავე, უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე საკანონმდებლო აქტით დამტკიცდა თავდაცვის დეპარტამენტის შექმნა, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო განამტკიცებს ეროვნული გვარდიის მაღალ სტატუსს~.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გვარდიელებს მოუწოდებდა, დაბრუნებულიყვნენ ყაზარმებში და `კეთილსინდისიერად აღესრულებინათ თავიანთი ვალი სამშობლოს წინაშე~. წესით და რიგით, ეს მართლაც ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ აქ უკვე თავი იჩინა ქართული რეალობისათვის უკვე დამახასიათებელმა პიროვნულმა თუ ჯგუფურ-პარტიულმა ამბიციებმა. ეროვნული გვარდიის სტატუსის თუნდაც იძულებით და დროებით შეცვლით გამოწვეული უარყოფითი განწყობის გამოყენებას უმალვე შეეცდებოდნენ კონკრეტულად ხელისუფლებისა და ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგენი. ეს ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვგულისხმობთ იმ კონსტრუქციულ ეროვნულ და დემოკრატიულ ძალებს, რომლებსაც რაციონალური კრიტიკული პოზიცია გააჩნდათ ხელისუფლების არც თუ იშვიათად არათანმიმდევრული, არც თუ კომპეტენტური პოლიტიკური სვლების მიმართ.
შეუმდგარმა პუტჩმა ყველაზე უარყოფითი შედეგები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე მაინც საქართველოსთვის მოიტანა. ქვეყნის მთავარი შეიარაღებული ძალა _ ეროვნული გვარდია ორ ნაწილად გაითიშა. მისი ერთი ნაწილი, რომელიც რკონში იყო განლაგებული, საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეთ აღმოჩნდა. ვისაც არ უნდა დააკისროს ისტორიამ მთავარი დამნაშავის როლი, ერთი რამ ფაქტია _ მთავარი პასუხისმგებლობა მაინც იმჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება. მან ან საკუთარი უუნარობის გამო, ან მასზე ძლიერი გარედან პროვოცირებული გარემოებების გამო, ქვეყნის მთავარი შეიარაღებული ძალების ერთიანობა და ერთგულება დაკარგა.
საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გუნდის მდგომარეობა უაღრესად რთული და თითქმის გამოუვალი აღმოჩნდა. გამოუვალობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტის შემთხვევაში, ვითარება დრამატული რჩებოდა. როდესაც ზვიად გამსახურდიას საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ჟურავლიოვმა და მასთან ერთად მყოფმა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა ვალერიან პატრიკეევმა ულტიმატუმი წაუყენეს, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ ორი არჩევანი გააჩნდა.
პირველ შემთხვევაში, მას არ უნდა შეესრულებინა პუტჩისტების არც ერთი მოთხოვნა, კერძოდ, მთავარი მოთხოვნა, გვარდიის დაშლის შესახებ; ღიად დაპირისპირებოდა საქართველოში მდგარ საბჭოთა ჯარს და მისთვის დაეპირისპირებინა ეროვნული გვარდია. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სათანადოდ შეუიარაღებელ და მცირერიცხოვან ქართულ შენაერთებს რომ გარდაუვალი განადგურება ელოდათ კბილებამდე შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან საბჭოთა ჯარებთან, ეს უეჭველია. ამის შესახებ მოსკოველი ჟურნალისტი ალექსანდრე კაკოტკინი წერდა კიდეც: ერთი დივიზიის მეთაურის სიტყვებით: `სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ იქნებოდა გადასროლილი მასზე ოთხჯერ მეტი ძალები. შესაძლებელი შეტაკების შედეგი ამ შემთხვევაში სამხედროებში არავითარ ეჭვს არ იწევს.~12
ამგვარ სისხლიან პერსპექტივას და მისგან გამომდინარე სხვა ტრაგიკულ შედეგებს ქვეყნის პრეზიდენტმა დროებითი და ნაწილობრივი კომპრომისის გზა არჩია. რასაც მოვლენათა არანაკლებ დრამატული განვითარება მოჰყვა.

მოსკოვის პუტჩი და დანარჩენი მსოფლიო. საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას, აქ ჩვენ 1991 წლის 19 აგვისტო გვაქვს მხედველობაში, კიდევ უფრო ართულებდა მოსკოვის პუტჩისადმი მსოფლიოს რიგი წამყვანი ქვეყნების საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება. მოულოდნელობის ეფექტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ლიდერებს ერთ-ორი დღე მაინც სჭირდებოდათ, რათა მოსკოვის მოვლენების არსში გარკვეულიყვნენ. საბჭოთა კავშირი, მიუხედავად დასუსტებისა, კვლავ რჩებოდა უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოდ და ეს ფაქტორი დაკვირვებისა და სიფრთხილისაკენ უბიძგებდა დასავლელ ლიდერებს.
მოსკოვის პუტჩის შესახებ პირველმა ინფორმაციებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მენის შტატში, კენნებანკპორტში მოუსწრო, სადაც ისვენებდა. იგი სასწრაფოდ დაბრუნდა ვაშინგტონში, სადაც იმავე დღეს შეხვდა სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს, ამერიკის ელჩს საბჭოთა კავშირში _ რობერტ სტრაუსს და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს კოლინ პაუელს. ჯორჯ ბუშმა უფროსმა თავისი პირველი რეაგირება მოკლე `განცხადებაში~ გამოხატა, როცა საბჭოთა კავშირში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების იმედი გამოთქვა, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ 20 აგვისტოს. მან საბჭოთა კავშირის ახალმოვლენილ მეთაურებს, ისე რომ პირდაპირ არ მიუმართავს, შეახსენა, რომ `ცივი ომის~ პრაქტიკა არ უნდა გაგრძელებულიყო და საბჭოთა ქვეყანას უნდა დაეცვა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. ზემოთ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის პრეზიდენტმა საგანგებოდ აგრძნობინა ახალ ლიდერებს, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგი იყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ `ძალის გამოყენებისა~ და აგრეთვე `ნებისმიერი სხვა რესპუბლიკების მიმართ,” დემოკრატიულად არჩეული მათი მთავრობების დამხობის მიზნით.~13
მაგრამ ეს `განცხადება~ მხოლოდ პუტჩის მეორე დღეს _ 20 აგვისტოს გაკეთდა. ამერიკას 24 საათი დასჭირდა საკუთარი პოზიციის შედარებით გარკვევით ჩამოყალიბებისათვის.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაკაიამამ `განსაკუთრებული მნიშვნელობის~ საქმედ მიიჩნია `საბჭოთა კავშირში სიტუაციის სტაბილიზაცია~.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი პერეს დე კუელიარი მოკლე და ასეთივე ნეიტრალური შენიშვნით დაკმაყოფილდა, როცა `იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ცვლილებები საბჭოთა კავშირში არ გამოიწვევდა `ნეგატიურ შედეგებს~.
ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა ფრანც ვრანიცკიმ ხაზი გაუსვა გორბაჩოვის მიერ განხორციელებულ დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ მიმართულ ინიციატივებს, რომელიც, მისი აზრით, `შეუქცევადი~ უნდა ყოფილიყო. ამოცანა იმაში მდგომარეობდა, `რომელი ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააგრძელებს გორბაჩოვის კურსს და განსაკუთრებით კი _ რომელი ახალი ხელმძღვანელობა წარმოადგენს საბჭოთა კავშირის როლს საერთაშორისო არენაზე~. ავსტრიელმა ლიდერმა გეკაჩეპე არ დაასახელა, მაგრამ, ფაქტობრივად, არც გამორიცხა ახალმოვლენილ უზურპატორებთან ლოაილობის შესაძლებლობა.
ფაქტობრივად, მოვლენებში გარკვევისათვის და პოზიციის გამოსამუშავებლად დროს თხოულობდა საფრანგეთის საგარეო უწყების კომუნიკე: `გორბაჩოვის გადაყენება, თუ დადასტურდება მისი საბოლოო ხასიათი _ მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმდენად, რამდენადაც ისიც, რომ მას თან სდევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება… აუცილებელია ყურადღებით გავერკვეთ ყველა გარემოებებში, რომლებშიც მოხდა ეს გადაყენება და განსაკუთრებით კი იმ ზომებში, რომლებსაც მიმართავენ მისი ავტორები, იმისათვის, რათა შევაფასოთ მათი მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის საშინაო და საერთაშორისო ვითარებისათვის.~14
ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საფრანგეთი გახლდათ, 19 აგვისტოსათვის, ჯერ კიდევ, არ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი, ყოველ შემთხვევაში იმდენად, რომ ოფიციალურად გამოეთქვათ მკვეთრი დამოკიდებულება პუტჩის მიმართ. ეს ჩვეულებრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ეპიზოდი იყო. დიდი სახელმწიფოები გარკვეულ დროს საჭიროებდნენ, რათა გარკვეული ხდომილებების შემდეგ, გეკაჩეპესადმი დამოკიდებულება უფრო გამოკვეთილიყო.
ეს კი 20 აგვისტოს მოხდა, მოსკოვური გადატრიალების მეორე დღეს. ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერებმა უფრო თამამად დააფიქსირეს თავისი პოზიცია გეკაჩეპესადმი, თუმცა კვლავ იყო შენარჩუნებული დიპლომატიური თავშეკავებულობის გარკვეული ხარისხი.
სრულიად განსხვავებული შეფასება მისცა მოსკოვის მოვლენებს თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკესგან განსხვავებით მეორე დღეს, 20 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა. საბჭოთა კავშირში მომხდარი ცვლილებები `დინების საწინააღმდეგოდ მიემართებიან… ვფიქრობ, ეს მკვეთრი ცვლილებები, შესაძლოა, შეაფერხებენ, მაგრამ ვერ შეაჩერებენ მოძრაობას დემოკრატიზაციის მიმართულებით~. სატელევიზიო ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირში რეპრესიებისა და ძალის გამოყენების საფრთხეც აღნიშნა. ერთი სიტყვით, ფრანგი ლიდერის უარყოფითი პოზიცია სახეზე იყო, თუმცა მას ტერმინი `გეკაჩეპე~ არ უხსენებია.
არანაკლებ კატეგორიული იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ჰელმუტ კოლის `დიდი აღშფოთება~. მან მუხლობრივად ჩამოთვალა ხუთი პუნქტი, რომლის შესრულების აუცილებლობისკენაც მოუწოდა `საბჭოთა ხელმძღვანელობას~: 1. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება; 2. ადამიანის უფლებების დაცვა; 3. მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკის გაგრძელება განიარაღების სფეროში; 4. დემოკრატიზაციისა და რეფორმების კურსის გაგრძელება და 5. მიხეილ გორბაჩოვის პირადი ხელშეუხებლობა.
თავისი შეშფოთება დააფიქსირა ჩრდილო-ატრანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ. მანაც მოუწოდა კრემლის შესაძლო ახალ პატრონებს რეფორმების გაგრძელებისაკენ და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებისაკენ. ერთი სიტყვით, პუტჩის მეორე დღეს დასავლეთის სახელმწიფოების პოზიცია მეტნაკლებად გამოიკვეთა. მათ მკაცრად მოხაზეს ის მინიმუმი, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა საბჭოთა კავშირთან მათი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავდა. გეკაჩეპეს რომ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის კურსის გაგრძელება სურვებოდა, გადატრიალებას არ მოაწყობდა. დასავლეთის სახელმწიფოები აგრძნობინებდნენ უზურპატორებს, რომ მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონფრონტაციული ურთიერთობა ექნებოდათ საბჭოთა კავშირთან.
ჩვენთვის კი ისაა საინტერესო, რომ ზემოთ განხილულმა მაგალითებმა ცხადყო დასავლეთის ლიდერთა შედარებითი თავშეკავებული პოზიცია 19 აგვისტოს, რაც უფრო კატეგორიული და უარყოფითი გახდა 20 აგვისტოს. დასავლეთს დრო დასჭირდა მოვლენებში გასარკვევად და საკუთარი პოზიციის გამოსამუშავებლად. მით უფრო არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, თუ საქართველოს ხელისუფლებასაც გარკვეული, თუნდაც მცირე დრო დასჭირდებოდა მკვეთრი პოზიციის დასაფიქსირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იყო გამორიცხული პირდაპირი ულტიმატუმის წაყენების შემდეგ, სამხედრო აგრესიის საფრთხე საქართველოს მიმართ. ის მაინც ხომ იყო საჭირო, როგორ და როდის გამოიკვეთებოდა დასავლეთის კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია მოსკოვის პუტჩის მიმართ.

შეურიგებლობა, ნეიტრალიტეტი თუ მხარდაჭერა? ანუ საქართველოს ხელისუფლება საბოლოო პოზიციას აფიქსირებს. ახლა კი იმ დოკუმენტის შესახებ, რომელმაც საბოლოოდ და გამოკვეთილად განსაზღვრა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოსკოვის პუტჩის მიმართ. ზემოთ განხილული `მიმართვის~ შექმნიდან და ეროვნული გვარდიის `რეორგანიზაციის~ ბრძანებულებიდან მეორე დღესვე საქართველოს ხელისუფლებამ უშუალოდ და მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, როცა 20 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მოწოდებით და დახმარების თხოვნით მიმართა დასავლეთის დიდ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. საერთოდ, გამსახურდიას ოპონენტები, როცა პუტჩისადმი მის დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებენ, ნაკლებად ან საერთოდ არ ახსენებენ ამ დოკუმენტს, ან ცდილობენ მის სუსტ ადგილებზე გაამახვილონ ყურადღება. ეს ელემენტარული ტენდენციურობაა, რაც მაშინაც და დღესაც ქართული საზოგადოებრივი აზროვნებისათვის იყო და არის დამახასიათებელი.
არადა, თუ ჩვენ გვინდა მეტნაკლებად ობიექტური შეფასება მივცეთ ზ. გამსახურდიას ადმინისტრაციის მიერ მოსკოვის პუტჩისადმი დაკავებულ პოზიციას, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. იგი ასეთი სათაურით გამოქვეყნდა: `საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი~. გავეცნოთ დოკუმენტის ტექსტს.
`საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს.
მოვლენათა ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთი მოვლენების პირისპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას, ყოველივე იმას, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს მაყურებლის როლში. პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან, ჯერჯერობით, არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისაგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერები. მთავარზე უმთავრესია, დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთა კავშირის მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიის, პლურალიზმის დამკვიდრებას.
შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქმნის, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპულიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, აშშ, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში.~15
ცხადია, ობიექტურ მკითხველს, რომელსაც 19 აგვისტოს განცხადებებით შესაძლოა `ეჭვი გასჩენოდა~ პუტჩისტებისადმი საქართველოს ხელისუფლების `ლოიალობაში~, ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, ეს ეჭვი აღარ უნდა ჰქონოდა. დასავლეთისადმი `მიმართვით~ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მეთაურმა ცალსახად გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მოსკოველი პუტჩისტებისადმი და ნათლად დაადასტურა მსოფლიოს დასანახ-გასაგონად თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ერთგულება.
ჩვენთვის საქართველოს ხელისუფლების ანტიპუტჩისტური პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. დეტალურად განვმარტოთ `მიმართვის~ შინაარსიც და სულისკვეთებაც. დოკუმენტში ჩამოყალიბებული იყო საქართველოს ხელისუფლების შემდეგი პოზიციები:
მოსკოვში მიმდინარე პუტჩი და მასთან დაკავშირებული არასტაბილური მოვლენები შეფასებული გახლდათ, როგორც `რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება~;
შექმნილი `არასტაბილური სიტუაციის~ გაკონტროლება შესაძლოა ახლო მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო, რისთვისაც აუცილებელი იყო დასავლეთის სახელმწიფოების აქტიური პოზიცია; მიუტევებელი იქნებოდა დასავლეთის პასიური დამოკიდებულება მოსკოვის მოვლენების მიმართ, რაც უკვე ჩანდა რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს მეთაურთა თავშეკავებულ გამონათქვამებში;
საქართველოს ხელისუფლებამ ცალსახად დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ ძალებს, გორბაჩოვის კანონიერ, `მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას~, დემოკრატიას და პლურალიზმის დამკვიდრებას და დასავლეთს მომხდარი მოვლენების `უკომპრომისო შეფასებისაკენ~, `პრინციპული პოზიციისაკენ~, ხოლო ამის შემდგომ დემოკრატიის აქტიური მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რაც უნდა გამოხატულიყო `აქტიური დიპლომატიური თუ სხვაგვარი მოქმედებით~. ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად აცნობიერებდა რუსეთში დემოკრატიის შენარჩუნების პირველხარისხოვნებას.
საქართველოს ხელისუფლების მეთაურის და პრეზიდენტის `მიმართვა~ დასავლელთა ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ რეაქციული ძალები პირველ რიგში, უშუალო `სამხედრო აგრესიის საფრთხით~ ემუქრებოდნენ საბჭოთა კავშირის სივრცეზე ჩამოყალიბებულ ახალ დამოუკიდებელ ან მისთვის მებრძოლ რესპუბლიკებს, რომლებსაც ჰყავდათ `ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი~.
რა უნდა ყოფილიყო შექმნილი რთული და მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის საფრთხის ვითარებაში დასავლეთის სახელმწიფოების პირველი დახმარების გამოხატულება? `მიმართვის~ რეკომენდაციით, ამ საფრთხის თავიდან აცილების დიპლომატიურ-პოლიტიკური საშუალება იქნებოდა მებრძოლი რესპუბლიკების დამოუკიდებლობათა ცნობა. რეაქციული ძალები, ცხადია, მოერიდებოდნენ დასავლეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ აშკარა აგრესიის განხორციელებას. განგაშის ზარივით ჟღერდა საქართველოს პრეზიდენტის `მიმართვა~: `ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, აშშ, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში~.
უაღრესად საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც უშუალოდ მიმართეს მხარდაჭერის თხოვნით, დასავლეთის სახელმწიფოებს და `უწინარეს ყოვლისა აშშ-ს~. ცხადია, 20 აგვისტოს ხელმოწერილი ამ ოფიციალური დოკუმენტით, შეიძლება ითქვას, რომ პუტჩისტი სამხედროების კატეგორიული ულტიმატუმით 19 აგვისტოს გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს ხელისუფლება სწრაფად მოეგო გონს და სწრაფადვე აღადგინა საქართველოს კუთვნილი ადგილი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ რესპუბლიკათა ავანგარდში ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ერთად.
ეჭვი არაა, საქართველოს ხელისუფლების ანტიპუტჩისტური პოზიციის ხარისხი ვერ შეედრებოდა ბალტიურ-მოლდოვური რესპუბლიკების ოთხეულის გეკაჩეპესადმი აბსოლუტურად უკომპრომისო დაპირისპირების დონეს. ამ მხრივ საქართველოს პრეზიდენტის დასავლეთისადმი `მოწოდებასაც~ ჰქონდა სისუსტეები. გავიხსენოთ ტექსტის ერთი ადგილი: `პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია _ ვკითხულობთ მასში, _ ვინაიდან, ჯერჯერობით, არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელვტიან ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერები~.
აბსოლუტურად ბუნდოვანი და სრულიად უსარგებლო, მეტიც, წამგებიანი ეპიზოდია. ასეთი კითხვა შეიძლებოდა დაესვა რომელიმე სახელმწიფოს უშიშროების სამსახურებს, მაგრამ არა პატარა სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც, ვინ იცის, იქნებ დასავლეთის ქვეყნების მეთაურებსაც გულისხმობდა `ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერებში~ და ამავე დროს მათვე მიმართავდა მხარდაჭერისათვის. იგივე შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაშიც, თუ ზ. გამსახურდია გორბაჩოვს ან რუსეთის დემოკრატიის ლიდერს ბორის ელცინს გულისხმობდა ანონიმურ ადრესატებში.
`მოწოდების~ ტექსტის ამ უხერხული ეპიზოდის სისუსტე ცხადია, მაშინვე შენიშნეს არა მარტო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათს რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა გია ნოდია. მან სამართლიანად მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებას `გაუჭირდა~ მომხდარი გადატრიალების მკვეთრი, ღია ტექსტით პოლიტიკური შეფასება. Mმაგრამ ავტორმა აშკარად გადააჭარბა როცა დაწერა თითქოს ამით `კიდევ ერთი ლახვარი ჩასცა იმას, რაც საქართველოს პრესტიჟისაგან არის დარჩენილი.~16
საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი კავშირი ჰქონდა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლობასთან მოსკოვში და იქ მიმდინარე პროცესების საქმის კურსში იმყოფებოდა. მოსკოვში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ლომაია სისტემატურად უკავშირდებოდა აშშ-ის საელჩოს, ლატვიის, ესტონეთის წარმომადგენლობებს. Mმანვე როგორღაც მოახერხა და `ეხო მოსკვის” საშუალებით რადიოთი მიმართა `საქართველოდან გაწვეულ ჯარისკაცებს (რა თქმა უნდა, თუ ისინი იქნებოდნენ მოსკოვზე შტურმის მონაწილეთა შორის), რომ არ გამოეყენებინათ იარაღი.” ბუნებრივია იგულისხმება გეკაჩეპეს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებში მყოფი ქართველი მეომრები, რომლებიც შესაძლოა გამოეყენებინათ დემოკრატიული რუსეთის წინააღმდეგ.17
ზვიად გამსახურდიას და მის გუნდს, როგორც ზემოთ განვიხილეთ, ოპოზიციამ არც პუტჩისტებისადმი დაშვებული ნაწილობრივი კომპრომისი აპატია. არადა, ობიექტურობა მოითხოვს ის, რაც მაშინდელმა ოპოზიციამ არ დაუშვა, დრომ და ისტორიამ მაინც გააკეთოს. საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურად გონივრული ნაბიჯი გადადგა: იგი არ დამორჩილებია გეკაჩეპეს, მისი და საქართველოში მდგარი რუსი სამხედროების ულტიმატუმური მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, საჯაროდ კი მოსკოვის პუტჩს გაემიჯნა და დასავლეთს დახმარებისათვის მიმართა მოსალოდნელი აგრესიისაგან. სრულიად შესაძლებელი იყო ამგვარი საფრთხე და უპასუხისმგებლო ოპოზიციისაგან განსხვავებით, ხელისუფლება კვლავ საფრთხეში ვერ ჩააგდებდა სრულიად დაუცველ ქვეყანას და მოსახლეობას, განსხვავებით საერთაშორისო აპეკუნობის ქვეშ მყოფი ბალტიელებისაგან და თუნდაც მოლდოვასაგან, რომელსაც რუმინეთის სახით ერთი გულშემატკივარი სახელმწიფო მაინც ჰყავდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს რუმინელებისა და მოლდაველების ეთნიკურ-ეროვნული იდენტურობა.
ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად ნაწილობრივი კომპრომისისა, 1991 წლის მოსკოვის პუტჩის პერიოდში, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება შეინარჩუნა და დასავლეთის სახელმწიფოებს დახმარებისათვის მიმართა. ამდენად, მის მიმართ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები, თითქოსდა გეკაჩეპესადმი ლოიალური პოზიციის დაკავების გამო, სრულიად უსამართლო, გამიზნული და ცილისმწამებლური გახლდათ.
საქართველო ლიტვასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ერთად, კვლავ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ მცირერიცხოვან რესპუბლიკათა შორის აღმოჩნდა.

თ ა ვ ი  მ ე შ ვ ი დ ე

ესკალაცია – საბოლოო არჩევანი

2 სექტემბერი. ამ თარიღით იწყება არამარტო 1991 წლის, არამედ მომდევნო შავბნელი წლების ეპოქა საქართველოში. ამიტომ ბუნებრივია, ამ დღეს მომხდარ მთავარ მოვლენაზე იმდენივე შეხედულებაა, რამდენი პოლიტიკური ბანაკი, პარტია და მეტნაკლებად შეფასების პრეტენზიის მქონე ადამიანიც კი არსებობს. მთავარი მამოძრავებელი მხარეებს შორის კამათისას მოწინააღმდეგის დადანაშაულებაა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და არც დღეს შეცვლილა ამ მხრივ რაიმე. სწორედ ამიტომ ჩვეულ გეზს გავყვეთ, მიუხედავად შემფასებელთა პატივისცემისა, მოვუსმინოთ, მაგრამ ნურავის ნუ ვენდობით და თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს. ისინი თვითონ გვიკარნახებენ შესაბამის დასკვნებს.
2 სექტემბერს, ორშაბათ დღეს, კინოს სახლის წინ, 4 საათზე, უნდა შემდგარიყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საინფორმაციო მიტინგი. აქციის მონაწილეთა მისვლამდე კინოს სახლის მისადგომები დაიკავეს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმელებმა. როდესაც მომიტინგეებმა ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დადგმა მოინდომეს, მათსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ხელისუფლების მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მომიტინგეებს საშუალებას არ აძლევდნენ აქცია ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატები და მათი მხარდამჭერები, დაახლოებით 300-500 მომიტინგე, ძალით შეეცადნენ `კუთვნილი~ ტერიტორიის ოკუპირებას. მაშინ ხომ ყველა ბანაკისა თუ პოზიციის რადიკალური პარტიები მიჩვეულნი იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების თვითნებურ დაკავებას, მითვისებას და საკუთარ შტაბ-ბინებად დასაკუთრებას. Aასევე, წლების განმავლობაში სადაც უნდოდათ, როგორც უნდოდათ და როცა უნდოდათ იქ აწყობდნენ აქციებს. ადრე, ეს კეთდებოდა კომუნისტების წინააღმდეგ და დამოუკიდებლობის სახელით. ახლა, ამას აკეთებდნენ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ და დემოკრატიის სახელით.
და აი, ეროვნულ-დემოკრატები, თითქმის პირველად წააწყდნენ დაბრკოლებას – ხელისუფლების წარმომადგენელი ძალოვნები წინაღუდგნენ მათ განზრახვას. მომიტინგეთა შეტევა ძალოვანებზე ყვირილით, მიწევ-გამოწევით, კინკლაობით დაიწყო და ჩხუბში და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. მალე ძალოვანებს იქვე, ზემელზე, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში, წინასწარ მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დამატებითი რაზმები მიეშველნენ და მომიტინგეები დაშალეს. სწორედ, ამ დროს მოხდა გაუთვალისწინებელი და ნაკლებად მოსალოდნელი ფაქტი – ცეცხლსასროლი იარაღიდან, როგორც ჩანს, პოლიციის მხრიდან, რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს. შემდგომში ირწმუნებოდნენ, რომ თითქოს სროლის შედეგად იყვნენ დაჭრილები. აქვე შევნიშნავთ, რომ ის, რაც მაშინ სამართალდამცავებმა არ, ან ვერ გამოიძიეს და ან ვერ დაადგინეს, მით უფრო ჩვენ ამის გარკვევას არ შევუდგებით. დასკვნები ამ ფაქტის დადგენის გარეშეც გამოიტანება. ამის შესახებ ქვემოთ.
მას შემდეგ, რაც მომიტინგე ინსურგენტებმა კინოს სახლის მისადგომებიდან უკან დაიხიეს, ჯავრი იმით იყარეს თავიანთ დამარბევლებზე, რომ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. მიტინგი კი მაინც გაიმართა, ოღონდ კინოს სახლის კიბეებთან კი არა, ცოტა ქვემოთ, რუსთაველის ძეგლთან. მას უკვე გარდა ეროვნულ-დემოკრატების და მათი მრევლისა, სხვა პარტიები და მოქალაქეთა უფრო მრავალრიცხოვანი ტალღა შეუერთდა.
მომხდარმა მთელი ოპოზიცია, რადიკალურიც და არარადიკალურიც, საერთოდ ყველა ის, ვინც გამსახურდიას პიროვნებით და მმართველობით უკმაყოფილო იყო, ყალყზე დააყენა. ასეთების რიცხვი კი, მით უმეტეს და განსაკუთრებით თბილისში, საკმარისზე ბევრი გახლდათ. მეტიც, საზოგადოების ის ნაწილიც, ის ფენებიც სერიოზულად დაფიქრდნენ ან დაეჭვდნენ, რომელნიც ნეიტრალური ლოიალობით იყვნენ განწყობილნი ეროვნული ხელისუფლების მიმართ. ბევრი ისეთიც გახლდათ, რომელნიც უბრალოდ `დაიღალნენ~ და ინტუიტიურად თუ ინტელექტუალურად, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა – `იგზნეს~ გამსახურდიას ხელისუფლების უპერსპექტივობა. ეს ყველაფერი, თითქოს, ერთ დღეში მოხდა და ერთ დღეში მომხდარმა გახადა ცხადი. აი, რას ვგულისხმობთ.
სწორედ, 2 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის კონგრესმენთა ჯგუფი. ეს კონგრესმენთა ის დელეგაცია გახლდათ, რომელსაც უკვე ზაფხულის თვეებიდან ელოდებოდნენ საქართველოში. მას შემდეგ, რაც უფროსმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, უფრო სწორად, იმ რესპუბლიკებს შორის არ მოიხსენია, რომლებსაც ამერიკელები მხარს უჭერდნენ, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი ის ერთადერთი იმედიღა იყო, რომელთანაც დაკავშირებული იქნებოდა საქართველოს შეერთებულ შტატებთან შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივა. დელეგაციის მეთაური გახლდათ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მუდმივი საბიუჯეტო კომისიის ვაჭრობის ქვეკომისიის თავმჯდომარე სემ გიბონსი.
ამ პერიოდისათვის, ზვიად გამსახურდიას იმიჯი დასავლურ მედიაში უაღრესად არასახარბიელო გახლდათ. როგორც აღვნიშნეთ, მისი უარყოფითი პორტრეტის კონსტრუირებაში ლომის წილი მიუძღოდა საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, სპეცსამსახურებს, საქართველო უიმედოდ აგებდა საინფორმაციო ომს მედია-მონსტრთან.
ზვიად გამსახურდია ხშირად სთხოვდა უცხოელ ჟურნალისტებს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ვისთანაც შეხვედრა ხშირად უწევდა, რომ საქართველოს შიდა-პოლიტიკურ მოვლენებს ღრმად გასცნობოდნენ. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა აქედან ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დასავლეთისათვის. ახლაც ჯორჯ ბუშისაგან შერისხული საქართველოს პრეზიდენტი ამასვე სთხოვდა მასთან მიღებაზე მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს – კარგად ჩასწვდომოდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არ დაკმაყოფილებულიყვნენ ზერელე ინფორმაციით, არ დაეჯერებინათ დამახინჯებული ცნობებისათვის, რითაც საბჭოთა მედია-საშუალებები უხვად კვებავდნენ დასავლურ საზოგადოებას.
მაგრამ ის, რაც კონგრესმენებმა თბილისში ნახეს, მოისმინეს და გაიგეს, მათთვის კომენტარს აღარ საჭიროებდა: მომიტინგეები დაარბიეს, ცემა-ტყეპით დაშალეს და ესროლეს. თავისუფალი სამყაროს უპირველესი ქვეყნის კანონმდებლები გამოძიებას ვერ დაიწყებდნენ: ვინ იყო ძალის გამოყენების ინსპირატორი, ან ვინ გახსნა ცეცხლი. მათთვის მომხდარ მოვლენებში ერთადერთ ან მთავარ პასუხისმგებელს ხელისუფლება წარმოადგენდა. ამერიკელი კანონმდებლები თითქოს უშუალოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად არ შენდებოდა და `თავისუფლების სიოს~ მაგივრად `დიქტატურის~ ქარი იწყებდა ამოვარდნას.
აი, ამ შთაბეჭდილებით წავიდნენ ამერიკელები თბილისიდან.
იგივე ინფორმაცია და განწყობილება გაიყოლია ამერიკელ კონგრესმენთა მეორე დელეგაციამ, რომელიც საქართველოს სულ რამდენიმე დღის შემდეგ ეწვია 2 სექტემბრის ცხელი მოვლენების შემდეგ. ეს უფრო სერიოზული დელეგაცია გახლდათ – კონგრესის ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხთა კომისიის წევრები, მისი თავმჯდომარის სტენ ჰოიერისა და თანათავმჯდომარის დენის დე კონსინის მეთაურობით.
მაგრამ უფრო მძიმე შთაბეჭდილება და განწყობა კონგრესმენებმა საქართველოში დატოვეს. ცხადი გახდა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისათვის და, ამდენად, დასავლეთისათვის, თითქმის საბოლოოდ გაირიყა, მისი ინტერესების გარეთ აღმოჩნდა. ეს უკვე უეჭველ საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავდა. საბჭოთა კავშირის პირისპირ დარჩენილ საქართველოს დედამიწის ზურგზე ერთი პოტენციური მოკავშირის იმედიც აღარ უნდა ჰქონოდა.
სამწუხაროდ, არაადეკვატური აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების პასუხიც – შეერთებული შტატების მეთაურის არალოიალურ გამოწვევაზე. იგი აღმოჩნდა იდეალისტურ და ემოციურ საწყისზე დაფუძნებული.
ლოგიკა მარტივ სქემას ემყარებოდა: მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხს პრიორიტეტი მიანიჭა და რესპუბლიკებთან ურთიერთობა ქვემდებარე, მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნია; მას შემდეგ, რაც მან საქართველოს ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა, ჩვენ კრიტიკით უნდა ვუპასუხოთ მის მცდარ პოლიტიკას.
უკვე ბუშის მოსკოვ-კიევში ვიზიტის დღეებშივე გაჩნდა საქართველოს ხელისუფლების წრეებში ამერიკისადმი კრიტიკული განწყობა და კრიტიკული მიდგომა. გაჩნდა კრიტიკული გამონათქვამები მიტინგებზე, ტრანსპარანტები ქუჩაში და, რაც მთავარია, კრიტიკული მასალები, გამოსვლები პრესასა და ტელევიზიაში. ამერიკის ხელისუფლებისადმი კრიტიკული პათოსი თანდათან ევოლუციონირდებოდა უარყოფითი დამოკიდებულებისაკენ. 1991 წლის 3 აგვისტოს ოფიციოზი `საქართველოს რესპუბლიკა~ პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატიის სათაურში შეკითხვას სვამდა: `ჯორჯ ბუში მხარს უჭერს სამოკავშირეო ხელშეკრულებას?~ სხვა სტატია სათაურდებოდა ასე: `ჯორჯ ბუშის პროსაბჭოთა პოლიტიკა ამერიკის კონსერვატიულ წრეებში მზარდ წინააღმდეგობას იწვევს~.
ამ ემოციური და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ბეცი მედია-პოლიტიკის პირველი სერიოზული დაფიქსირება გახლდათ 1991 წლის 9 აგვისტოს გაკეთებული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის `განცხადება~. მასში მკაცრად იყო გაკრიტიკებული ჯორჯ ბუშის მოსკოვ-კიევში დაკავებული პოზიცია, პრეზიდენტისა, რომელიც იყო `ვაშინგტონის, ჯეფერსონის, ლინკოლნისა და სხვათა მემკვიდრე~ და რომელიც `ჩამოდის იმპერიაში და აგიტაციას უწევს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოუწოდებს დამონებულ ქვეყნებს, ნებით გაჰყონ თავი იმპერიის ყულფში, ხელი მოაწერონ მარადიულ მონობაზე, უარი თქვან თავიანთ წმიდათაწმიდა უფლება-თავისუფლებაზე~.
`განცხადებაში~, რომელიც უნდა გავრცელებულიყო მსოფლიო მედიაში და, პირველ რიგში, დასავლურ უმაღლეს სახელმწიფო წრეებში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციის ღია და მკაცრი შეფასება ისმოდა: რომ ასეთი `უცერემონიო ჩარევა მძიმე დარტყმაა იმათთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ამერიკა თავისუფლებისათვის იბრძოდა~; რომ სასურველი იყო `ამერიკის პრეზიდენტს და მის მთავრობას~ მხარი დაეჭირა არა კომუნისზმისათვის, ტირანიისა და მოჩვენებითი რეფორმებისათვის, არამედ ჭეშმარიტი დემოკრატიისა, დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის და ა. შ.1
ცოტა რბილი იყო, მაგრამ პრეზიდენტ ბუშს `ორმაგ სტანდარტში~ ადანაშაულებდა დოქტორ ისაია გოლშტეინის `მიმართვა~ ამერიკელებისადმი, უფრო ზუსტად, `აშშ ხალხის, პრეზიდენტ ბუშის, სენატორებისა და კონგრესმენებისადმი~. გოლშტეინი გახლდათ საქართველოს მეგობარი და ლობისტი, მისი ძალისხმევაც ფრიად დასაფასებელი გახლდათ, მაგრამ მასაც გულუბრყვილოდ გამოსდიოდა, როცა ამერიკელებს მოუწოდებდა `გავლენა მოეხდინათ ბუშზე~, რათა მას ზვიად გამსახურდია აშშ-ში მიეწვია. ქართველი პოლიტიკოსები და მათი ებრაელი მეგობარი თან აკრიტიკებდნენ ჯორჯ ბუშს, კომუნიზმს მხარს ნუ უჭერო და თან ეხვეწებოდნენ, ჩვენი პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვიეო. ცხადია, მხოლოდ `ოფიციალური მიწვევა~ იგულისხმებოდა.2
ამის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური და არაოფიციალური პირები, პრესის ორგანოები, ტელევიზია სულ უფრო აღრმავებდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკას. აქამდე ამ განცხადებებისა თუ უარყოფითი შეფასებების ერთადერთი სიკეთე ის გახლდათ, რომ მათ ხელს არ აწერდა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მალე ქვეყნის პირველი პირისაგანაც გაისმა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკა. 2 სექტემბერს, კონგრესმენ სემ გიბონსის მიღების დროს, ზვიად გამსახურდია `დაწვრილებით შეეხო აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ დაკავებულ პოზიციას იმ რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც სრულ დამოუკიდებლობას ესწრაფვიან. მან ეს პოზიცია კრიტიკულად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კანონმდებლები, მთელი კონგრესი მხარს დაუჭერს რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვას.~3
საქართველოს ხელისუფლება და მისი მეთაური სრულიად არაადეკვატურ პოლიტიკურ კურსს დაადგნენ აშშ-თან. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მეთაურის ღია კრიტიკა საქართველოს მსოფლიოს პოლიტიკური პროცესებისაგან და დასავლური სამყაროსაგან მარგინალიზაციისაკენ უბიძგებდა. რა თქმა უნდა, გასაგებია, საქართველოს ხელისუფლების განაწყენება ამერიკის არასასურველი პოზიციის გამო, მაგრამ პატარა ქვეყნის ინტერესი მოითხოვდა დიდი პოლიტიკური პროცესებისადმი ანგარიშის გაწევას და სულ ცოტა, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის ღია კრიტიკისაგან თავშეკავებას მაინც. ბოლოს და ბოლოს, ამ პლანეტაზე საბჭოთა კავშირის ერთადერთი საპირწონე და საქართველოს ერთადერთი პოტენციური მოკავშირე, ახლო თუ შორეულ მომავალში მაინც აშშ-ის მეტი არ არსებობდა.
და ბოლოს, იმ ცნობილი გამონათქვამის შესახებ, რომელიც ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით თქვა: `მე მგონია, რომ ეს არის კაცი, რომელიც ცოტა არ იყოს დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს~. ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც გავრცელდა აზრი, რომ ჯორჯ ბუშმა ეს განცხადება უკრაინაში ყოფნისას, კიევის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს, გააკეთა. ეს არ უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია. ნ. ნათაძე, საერთოდ, უარყოფს ამ გამონათქვამის რეალურობას, რაც ასევე არაზუსტია.
ჯორჯ ბუშმა ეს განცხადება-მესიჯი 1991 წლის 21 აგვისტოს გააკეთა, ვაშინგტონში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად. ეს ინფორმაცია `საქართველოს რესპუბლიკამაც~ გამოაქვეყნა. საქმე ეხება ვინმე ჯენ სტრეიქერის, ვირჯინიის შტატის არლინგტონის სასწავლო და კულტურული გაცვლის ორგანიზაციის შეფის წერილს, რომელიც მან ჯორჯ ბუშს გაუგზავნა. ეს კაციც საქართველოს გულშემატკივარი გახლდათ და ამერიკის პრეზიდენტს არწმუნებდა: საქართველო და მისი პრეზიდენტი ჭეშმარიტად დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძვიანო.
მაგრამ ვირჯინიელი გულშემატკივრის კეთილი განზრახვით დაწერილი წერილიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობდა და მის უარყოფით იმიჯს აძლიერებდა. ამაზე, თუნდაც ჯენ სტრეიქერის წერილის დასასრული მეტყველებდა: ავტორი ამერიკის პრეზიდენტს შენიშნავდა: თქვენ ბრძანეთ, რომ მან, ე. ი. გამსახურდიამ `უნდა გაითვალისწინოს, თუ რა ხდება მსოფლიოში~. და იქვე პასუხობდა: მან, ე. ი. გამსახურდიამ `ყველაფერი კარგად უწყის, ბატონო პრეზიდენტო. ხოლო პირადად თქვენ, თქვენმა ადმინისტრაციამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა საქართველოში და მისცეს ამ ხალხს თავისუფლება და დემოკრატია.
დიახ, ბატონო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, თქვენ განზე გადექით.~4
კიდევ ორი სიტყვა ამ ეპიზოდისა და ამერიკა-საქართველოს იმჟამინდელი ურთიერთობის შესახებ. ჯერ კიდევ, რიჩარდ ნიქსონმა ურჩია ზვიად გამსახურდიას, ჩართულიყო ე. წ. “ნოვო-ოგარიოვოს პროცესში,” მაგრამ უარი მიიღო. Eეს ნიშნავდა, რომ გამსახურდიას ხელისუფლება უარს აცხადებდა შეერთებოდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდიას აზრით, სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ნეგატიური ურთიერთობა. ამას მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გ. ხოშტარიას უშედეგო ვიზიტი აშშ-ში.
კ. ზ. გამსახურდიასავე ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიამ, ჯერ კიდევ, 1991 წლის ივლისში გაგზავნა თეთრ სახლში `მამხილებელი წერილი”. Mმან `დაადანაშაულა ჯორჯ ბუში, რომ მან გორბაჩოვთან დადო საიდუმლო ფაუსტური ხელშეკრულება: საბჭოთა კავშირის მხრიდან დათმობების საპასუხოდ ამერიკელები თვალს დახუჭავდნენ, თუკი კრემლი ურჩი რესპუბლიკების დათრგუნვის მიზნით მიმართავდა ძალადობას.” ამ ინფორმაციას ეწინააღმდეგება 1991 წლის 6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი, რომელიც მან ჯორჯ ბუშს გაუგზავნა: “იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ საქართველო მალე მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას, მსოფლიო ერთა თანამეგობრობის, დემოკრატიული წრეების, პირველ რიგში აშშ-ისა და პირადად თქვენი მხარდაჭერით ბატონო პრეზიდენტო”, _ წერდა ზვიად გამსახურდია.5 წერილი არამარტო კეთილგანწყობილი, არამედ დასავლური ღირებულებებისადმი პატივისცემით იყო გამსჭვალული და ადასტურებდა იმას, რომ ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება იმედით შეჰყურებდა დასავლეთს და მის ლიდერს _ ამერიკის შეერთებულ შტატებს.
როგორც ცნობილია, ბუშის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული კრიტიკა მოჰყვა, ზვიად გამსახურდიას მიერ ამერიკული ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ისადმი მიცემულ ინტერვიუს, რომლის დროსაც მოსკოვის აგვისტოს პუტჩი, ამ უკანასკნელმა, გორბაჩოვის მიერ მოწყობილად მიიჩნია. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ განაცხადა ჯორჯ ბუშმა: “მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა (ანუ გამსახურდიამ), ცოტათი მაინც უნდა დაამუშაოს ის განცხადებები, რომლის გაკეთებასაც აპირებს.…ეს არის კაცი, რომელიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ.… ის უნდა მიჰყვეს დინებას და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში.”6
იგივე ეპიზოდს იხსენებს გიორგი გაჩეჩილაძე. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, რომელიც იმჟამად ამერიკაში იმყოფებოდა, ტელევიზორის ეკრანზე ნახა ჯორჯ ბუში, რომელმაც ზემოაღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ეზოში გააკეთა ჟურნალისტების წინაშე და მაშინვე ამის შესახებ საქართველოს პრესიდენტს ტელეფონით აცნობა, თანაც ამ უკანასკნელს ურჩია, ”მეტი სიფრთხილე გამოეჩინა პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას. გამსახურდიამ თავის მრჩეველს უპასუხა: “მაგათ უთხარი, მდინარების მიმართულებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო.”7
და ბოლოს, ის ფაქტი, რომ ამერიკის საზოგადოებრიობა თავის პრეზიდენტზე სამართლიან ზეწოლას ახდენდა საქართველოს სასარგებლოდ, თავისთავად დადებითი პროცესი გახლდათ. მაგრამ ის, რომ ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების შიდა და გარე პოლიტიკის თითქმის ოფიციალური კურსი ხდებოდა, ღრმად შემცდარი კურსი იყო. ქართველი საზოგადოება შეშფოთდა. ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენისა და ამერიკის ოფიციალური პოლიტიკური კურსის საქართველოს ხელისუფლებისაკენ შემობრუნების იმედს თუ ილუზიებს 2 სექტემბრის მოვლენებმა დაუსვეს წერტილი.
თუმცა, აქვე ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ ჩვენი ნაშრომის მეხუთე თავში, საქართველოს ე. წ. საერთაშორისო იზოლაცია არ იყო გამოწეული ზვიად გამსახურდიას მცდარი პოლიტიკით. ეს იყო უფრო იმდროინდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური ვითარების კანონზომიერი შედეგი და მასზე გავლენის მოხდენა გამსახურდიას ხელისუფლებას არც ბრძნული და არც მცდარი პოლიტიკის წარმოებით არ შეეძლო. საქართველო გამსახურდიას მმართველობის პერიოდშიც და ადრეც იყო ბუნებრივ იზოლაციაში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები. საერთაშორისო თანამეგობრობას არც ერთი მათგანის დამოუკიდებლობა არ უცვნია მანამდე, სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, რომლებსაც თავიდანვე განსხვავებული სტატუსი ჰქონდათ დასავლეთისათვის. 1991 წლის 6 სექტემბერს, სწორედ დასავლეთის ზეწოლით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭომ მიიღო დადგენილებები ჯერ ლიტვის, ხოლო შემდეგ ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. 17 სექტემბერს სამივე ბალტიური რესპუბლიკა გაეროს წევრი გახდა.
საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების რწმენის, ერთგულებისა და ნდობის ხარისხმა ვარდნა, სწორედ 2 სექტემბრის შემდეგ იწყო. ძალთა თანაფარდობაც არასახარბიელო ცვლილებების გზით განვითარდა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა, ბუნებრივია, იგრძნეს, რომ მათი დრო დგებოდა. ყველანაირი და ყველა ჯურის ოპოზიცია გააქტიურდა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რადიკალებს უნდა ეთქვათ პირველი სიტყვა. მათ პირდაპირი და უშუალო ბრძოლა წამოიწყეს საბოლოო გამარჯვებამდე, ხელისუფლების გადაყენებამდე.
ოპოზიციის დაპირისპირება ხელისუფლებასთან და ამ უკანასკნელის შეურიგებლობა პირველთან ახალი ამბავი არ იყო ქართული პოლიტიკური რეალობისათვის. ჩვენ უკვე საკმარისად ვისაუბრეთ ამ თემაზე და იმის თქმის უფლებაც გვაქვს, რომ 1987 წლის მიწურულიდან დაწყებული, საქართველოს პოლიტიკურ რეალობას წარმოადგენდა არა მარტო ეროვნული მოძრაობის ბრძოლა კომუნისტურ ხელისუფლებასთან, არამედ ეროვნულ-პოლიტიკური ძალების ურთიერთდაპირისპირებაც. ეროვნულ-რადიკალთა ორი ბანაკის ურთიერთბრძოლა პერმანენტულად მიმდინარეობდა და ასევე პერმანენტულად წამლავდა საზოგადოებრივ ატმოსფეროს, აქვეითებდა პოლიტიკურ კულტურას და აუნაზღაურებელ ზიანს აყენებდა იმ იდეალებს, რომლის ყალბი სახელითაც ეს ბრძოლა მიმდინარეობდა.
ამ მხრივ, 1991 წლის შემოდგომის ზღურბლზე ახალი არაფერი მომხდარა, მაგრამ სხვაობა ის გახლდათ, რომ რადიკალური ოპოზიციისა და სხვა ოპოზიციური ჯგუფების ხელისუფლებასთან დაპირისპირების სრულიად ახალი, თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყო. ოპოზიციამ სრულიად მოულოდნელად ახალი პოტენციური მოკავშირე იშოვა – რკონის ხეობაში გახიზნული და ხელისუფლების კონტროლიდან გამოსული ეროვნული გვარდიის სახით.
რევოლუციების ერთი ძველი თეორეტიკოსი, ცნობილი ანარქისტი პეტრე კროპოტკინი ასაბუთებდა: აღშფოთებული ხალხის დიდი მასა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა არსებული ხელისუფლების დასამხობად, როცა გამარჯვების იმედი აქვსო. ოპოზიციისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის მეტნაკლებად დიდ ჯგუფებს, სწორედ ამგვარი იმედი გაუჩნდათ – `დემოკრატიას~ უკვე ჰყავდა `დამცველი~. 3 სექტემბერს კიტოვანის გვარდიამ რკონის ხეობა დატოვა და შავნაბადაზე დაბანაკდა.
ყოველივე ამის შემდეგ და იმისი გათვალისწინებით, რაც შემდეგში მოხდა და ქვემოთ გვექნება საუბარი, თითქმის აღარც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა იმის გარკვევას, თუ ვინ იყო დამნაშავე 2 სექტემბრის მოვლენებში. სიმართლის დადგენას შემდგომ მოვლენებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო. ვთქვათ, დამტკიცებულიყო, რომ ყველაფრის პროვოცირება ოპოზიციამ მოახდინა და მანვე ატეხა სროლა, რომელიც შემდგომში სამართალდამცველებს დაბრალდებოდა. ასეთ შემთხვევაშიც პროტესტის ტალღა თბილისში აღარ შესუსტებოდა, გადაწყვეტილება ყველა დონეზე იყო მიღებული, შიგნითაც და გარეთაც – ხელისუფლება უნდა შეეცვალათ.
მაგრამ მაინც ვინ იყო 2 სექტემბრის მოვლენებში მთავარი დამნაშავე, ინსპირატორი და პასუხისმგებელი?
პასუხისმგებელი ხელისუფლება იყო, ინსპირატორი და დამნაშავე – ოპოზიცია, კერძოდ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიციას კარგად ვიცნობთ ხელისუფლების მიმართ. იგი იყო უკომპრომისო, შეურიგებელი და მტრული. ეს მათი უფლება იყო. 1991 წლის აგვისტომდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროტესტი ასე თუ ისე მაინც თავსდებოდა დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის ჩარჩოებში. მოსკოვის პუტჩისა და ეროვნული გვარდიის განდგომის შემდეგ, ედპ-ს საქმიანობაში უკვე თავი იჩინა ანტიკონსტიტუციურმა ქმედებამ. ამისი ფაქტობრივი დადასტურება გახლდათ ედპ-ს მიერ გვარდიელთა შორის პროკლამაციების გავრცელება. ეროვნულ-დემოკრატები შეიარაღებულ ძალებს დაუფარავად მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც, ცხადია, ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენდა.
2 სექტემბერს კინოს სახლთან მისულ ეროვნულ-დემოკრატებს იქ უკვე დახვდათ ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებსაც ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ. მაშინ მიტინგის ინიციატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჩვეულებრივი არაკანონმორჩილება გამოიჩინეს, მეტიც, მათ სცადეს ძალით დაეკავებინათ კინოს სახლის წინამდებარე ტერიტორია, რასაც სამართალდამცავებთან შეტაკება და მისგან გამომდინარე, სხვა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვა. ეროვნულ-დემოკრატებისაგან და დანარჩენი მომიტინგეებისაგან ეს გახლდათ ტიპიური ანტიკანონიერი, ანტისამართლებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედება.
მეორე მხრივ, ედპ-ს მოქმედება ვერ თავსდებოდა დემოკრატიული უფლებების დაცვის კეთილშობილურ ჩარჩოში. იმ ფონზე, როცა თბილისში იმყოფებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები, მომიტინგეთა მიერ აქციის ტერიტორიის ძალით დაკავების განზრახვა წარმოადგენდა სამართალდამცავებთან შეტაკების გამოწვევის ცდას, რაც მოხდა კიდეც და სხვა არაფერი იყო, გარდა პროვოკაციის ინსპირაციისა. პროვოკაციას ერთი მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა – საზოგადოების, კონგრესმენების, დასავლეთისა და, გნებავთ, დანარჩენი მსოფლიოს თვალში გამსახურდიას ხელისუფლების საბოლოო დისკრედიტაცია. ედპ-მ მიზანს მიაღწია.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ცხადია, ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად უნდა სცოდნოდა და გაეთვალისწინებინა თავისი დაუძინებელი მოწინააღმდეგის ბრძოლის მეთოდები. მან გაითვალისწინა კიდეც ზოგიერთი შესაძლებელი მოულოდნელობა. თუ ედპ მიტინგს ჩაატარებდა, საფიქრებელი იყო, რომ მიტინგზე იქნებოდა ანტისახელისუფლო მოწოდებები, კრიტიკა და მასთან ერთად, რაიმე გამომწვევი ქმედებები. რა თქმა უნდა, მარტო ეს არ კმაროდა მიტინგის აკრძალვისათვის, რადგან ყველაფერ ეს მაინც დემოკრატიის საზღვრებში თავსდებოდა. მაგრამ ხელისუფლებას შეეძლო მიტინგი არ დაეშვა იმ საფუძვლით, რომ ედპ მხილებული გახლდათ, როგორც ანტიკონსტიტუციური მოწოდებების ავტორი პოლიტიკური ძალა. ეს უფლება ხელისუფლებამ გამოიყენა და მიტინგის აღსაკვეთად და არა დასარბევად, კინოს სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა. დანარჩენი სამართალდამცველთა ნების დამოუკიდებლად მოხდა.
რაც შეეხება სროლას, ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომელ მხარეს ედება ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში, თუმცა იმისათვის, რაც კინოს სახლთან მოხდა, მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრებოდა ხელისუფლებას. შესაბამისად, მას ერთადერთი გზა რჩებოდა თავისი შელახული ავტორიტეტის რეაბილიტაციისათვის. მას უნდა გამოეძიებინა მომხდარი გარემოებები, გამოევლინა დამნაშავეები, რომელი მხარის წარმომადგენლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რათა მათ სათანადოდ ეგოთ პასუხი კანონის წინაშე. ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ადეკვატური იქნებოდა ხელისუფლების პასუხები. სწორედ, პასუხები, რადგან შემდგომი მოვლენები სულ ახალ-ახალ გამოწვევებზე ხელისუფლების წარმატებული თუ წარუმატებელი პასუხების გაცემის ტენდენციით წარიმართა.

2 სექტემბრის შემდეგ. სულ რაღაც რამდენიმე დღესა და კვირაში გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ თითქმის მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი აღდგა. მართალია, ისინი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდნენ, მაგრამ ერთში ყველანი თანხმდებოდნენ – ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი თითქოს ძველი რევოლუციების ცნობილი ოპოზიციური ტაქტიკით მოქმედებდნენ: ცალკ-ცალკე ვიაროთ და ერთად ვურტყათ. უცებ აღმოჩნდა, რომ ამ `დამრტყმელთა~ რიცხვი ძალიან ბევრი იყო და მათი რიგები სულ უფრო მატულობდა.
10 სექტემბერს ზვიად გამსახურდიამ უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფი მიიღო. მათ შორის იყვნენ გაზეთ `ვაშინგტონ პოსტის~ კორესპონდენტი დევიდ რემნიკი, სი-ენ-ენ-ის გადამღები ჯგუფი ჯ. დოგერტის მეთაურობით, სი-ბი-ესი, იაპონური `იომიურის~ კორესპონდენტი კომოტო აკირა. მათ აინტერესებდათ, რა პოზიციას დაიკავებდა საქართველოს ხელისუფლება მომრავლებული აქციებისა და ოპოზიციონერების მიმართ, რაც და რომელიც მათ საკუთარი თვალით იხილეს თბილისის ქუჩებში. პრეზიდენტმა ისინი `დააწყნარა~: `საბედნიეროდ, ოპოზიცია მცირე ჯგუფია და სრულიადაც არ წარმოადგენს მთელ ქართველ ხალხს~. ეს გახლდათ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებისა და ოპოზიციის ძალების სრულიად არაადეკვატური შეფასება.
ზ. გამსახურდია მარტივი არითმეტიკით წონიდა და ზომავდა ძალებს, დაპირისპირების სასწორზე. მართლაც, სულ რამდენიმე თვის წინ, იგი პრეზიდენტად მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია. სავარაუდოა, რომ ვითარება სექტემბრისათვის დიდად არ იქნებოდა შეცვლილი. რა იყო მოსახლეობის ამ რამდენიმემილიონიან მასასთან, თუნდაც რამდენიმე ათეული პოლიტიკური პარტია, ისიც ნაკლებგავლენიანი? მაგრამ საინტერესოა, ზ. გამსახურდიას რამდენად კარგად მოეხსენებოდა, რომ მოსახლეობის დიდი ფენები, უფრო ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ რეალობაში პასიურ როლს ასრულებდნენ და ყოველდღიურ მოვლენებში მონაწილეობას თითქმის არ იღებდნენ. პრეზიდენტის მხარდამჭერი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პასიურ უმრავლესობას წარმოადგენდა. მათი აქტიურობა მხოლოდ არჩევნების დროს ფიქსირდებოდა: ყოველდღიურად მომრავლებულ სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს შეჭიდებული ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა წელიწადში ერთხელ თუ შეიწუხებდა თავს საარჩევნო ყუთთან მისვლით, თავისი სურვილის გამოსახატავად, მერე დაბრუნდებოდა სახლში და პოლიტიკურ თვლემას განაგრძობდა.
სწორედ, ამგვარი პასიური უმრავლესობის ასეულ ათასობით აუდიტორიას ავსებდა ქვეყნის სოფლის მოსახლეობა, გლეხობა, ქალაქების საშუალო და ქვედა სოციალური ფენები, ფაბრიკა-ქარხნების, სამეურნეო, სავაჭრო ორგანიზაციების მუშები, მოსამსახურეები. აქვე უნდა ვიგულისხმოთ საშუალო ინტელიგენციის მრავალრიცხოვანი ფენა, რომელიც მეტ დაინტერესებას იჩენდა პოლიტიკური რეალიების მიმართ, მაგრამ მასში მონაწილეობის სურვილს ნაკლებად ამჟღავნებდა. აი, ამ მრავალრიცხოვანი ე. წ. პრეზიდენტის მხარდამჭერი უმრავლესობიდან მისი აქტიური მომხრე შედარებით მოკრძალებულ რაოდენობას წარმოადგენდა. უმთავრესად, ესენი იყვნენ ტრადიციულად პოლიტიკურად აქტიური სოციალური ფენები – ინტელიგენცია და ახალგაზრდობა. სამწუხაროდ, სწორედ ამ სოციალურ ჯგუფებთან საქართველოს პრეზიდენტს პრობლემატური ურთიერთობები ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი და ყველაზე აქტიური ნაწილი, ჩვენ უკვე ვიცით, ოპოზიციისაკენ იხრებოდა.
ამით საკითხი არ ამოიწურებოდა. ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველდღიური რეალობის ყველაზე აქტიურ ფაქტორს პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენდა. ისინი, რაც არ უნდა ნაკლებგავლენიანი და ურეიტინგო პოლიტიკური ჯგუფები ყოფილიყვნენ, თავისი აქტიურობის ხარისხით ბევრად აღემატებოდნენ სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ და სოციალურ ჯგუფებს. სწორედ, ეს, ერთის შეხედვით, მცირერიცხოვანი თუ საშუალორიცხოვანი პოლიტიკური პარტიები აყალიბებდნენ ან ზეგავლენას ახდენდნენ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე, სცემდნენ გაზეთებს, ჟურნალებს, მონაწილეობდნენ მედიასაშუალებებში, აწყობდნენ აქციებს და ქმნიდნენ ყოველგვარი პოზიციისა თუ ოპოზიციური მოძრაობის ბირთვსაც და წარმმართველ ძალასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ ოპოზიციურ პარტიებსა და ჯგუფებზე გვაქვს საუბარი და მათი ძალის, აზრის, პოტენციის უგულებელყოფა და მარტოოდენ რაოდენობრივ მაჩვენებელზე დაყვანა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, არაადეკვატურ მდგომარეობაში აყენებდა ქვეყნის პირველ პირს. ვის ვის და სწორედ, მას ყველაზე უკეთ მოეხსენებოდა, მის მიერ შექმნილმა ჰელსინკის ჯგუფმა, რომლის წევრთა რიცხვი ათეულსაც კი არ გასცილებია, რაოდენ დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართველი საზოგადოების ინტელექტუალურ ევოლუციაზე.
სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხელისუფლება ვალდებული იყო, სათანადოდ გაეთვალისწინებინა ის დამანგრეველი, ქაოტური პოტენციალი, რომელიც, სწორედ მცირერიცხოვან და ურეიტინგო პარტიებს გააჩნდათ. წვრილი პოლიტიკური პარტიებისათვის დამახასიათებელი ამ ნიშნის შესახებ უკვე კარგად იცოდნენ, ჯერ კიდევ, XIX საუკუნის შუა ხანებში. ალექსის დე ტოკვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა განსხვავებები დიდ და მცირერიცხოვან პარტიებს შორის. დიდი პოლიტიკური პარტიები, – წერდა ფრანგი მოაზროვნე, – გლობალური ხასიათის პრინციპებით ხელმძღვანელობენ და ასეთივე მიზნების განხორციელებას ცდილობენ. მათი ინტერესების სფეროს უფრო იდეები წარმოადგენენ. მათგან განსხვავებით `წვრილ პარტიებს~ პოლიტიკური იდეალები თითქმის არ გააჩნიათ. მათ უფრო ეგოიზმი ახასიათებთ, რაც `ცხადად გამოიხატება მათს ყოველგვარ მოქმედებაში. მათ მიერ გამოყენებული საშუალებები იმდენადვე უბადრუკია, რამდენადაც მათი მიზნები~. დიდ პარტიებს, პირიქით, კეთილშობილური მიზნები და გაბედული მოქმედება ახასიათებთ, ისინი გლობალურ გადატრიალებას ახდენენ საზოგადოებაში, ცვლიან სისტემას, მაშინ, როცა მცირე პარტიები უფრო აღელვებენ, აფორიაქებენ, სულს უხუთავენ საზოგადოებას, შფოთს თესავენ მასში, სარგებლის გარეშე. ქართველი მკითხველისათვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ფრანგი მოაზროვნე ამ სიტყვებს ამერიკისა და ნაწილობრივ, XIX საუკუნის ევროპული პარტიების და არა ქართული პოლიტიკური სპექტრის შესახებ წერდა. ვერც ტოკვილი წარმოიდგენდა, ალბათ, რომ მისი ანალიზის რეალობა ყველაზე რელიეფურად 1987-2008 წლების საქართველოს მაგალითით დადასტურდა.
ხელისუფლებაში და საზოგადოებაში ბევრს ეგონა, რომ 2 სექტემბრის მოვლენები გაგრძელებას აღარ ჰპოვებდა. სწორედ, ამ დღის შემდეგ, თბილისის ცენტრალური უბნები – რუსთაველის პროსპექტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო, ტელერადიოდეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორია ყოველდღიურმა აქციებმა, მიტინგებმა, მჯდომარე გაფიცვებმა, შიმშილობებმა, დემონსტრაციებმა მოიცვა; შეწყდა ტრანსპორტის მიმოსვლა, პარტიების შტაბ-ბინების მისასვლელები ბარიკადებით ჩაიხერგა; გზები ბეტონის დიდი ფილებით და რკინის მილებით გადაიკეტა, ქალაქში თანდათანობით შეწყდა დაწესებულებების, ორგანიზაციების, სხვადასხვა სახელმწიფო, სამეცნიერო, სასწავლო, საზოგადოებრივი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება; მერე და მერე ცენტრის ქაოსი დედაქალაქის სხვა უბნებსაც, სხვა ქალაქებსაც გადაედო, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით.
მანამდე კი, ჯერ კიდევ, 2 სექტემბრის კვირაში, ვინ სად პროტესტანტობდა და რას აპროტესტებდა, ის გავიხსენოთ. რაც არ უნდა დამღლელი, დამთრგუნველი, უსიამოვნო იყოს ეს საქმიანობა, მაინც გასაკეთებელია, დასაწერია, წასაკითხია, გასააზრებელია.
რუსთაველზე `იმელის~ შენობის წინ, ყოველდღიურ აქციებს მართავდა ირ. წერეთელის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. აქცია მჯდომარე გახლდათ. მჯდომარეები მოითხოვდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა გამიჯვნას; `ერთა ლიგის მიერ და დე ფაქტოდ და დე იურედ ცნობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას~; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას; 2 სექტემბრის მიტინგის `დამრბევთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას~; პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და სხვ. თავიანთი მოთხოვნებისათვის მეტი სიმყარის მოპოვებისა თუ სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებლობის პარტიელებმა შენობის მისადგომების წინ ბარიკადები აღმართეს.
დიდი ბეტონის ფილებით ბარიკადები მოაწყო ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც, რომელიც აქციას თავისი შტაბ-ბინის წინ ატარებდა რუსთაველის 21 ნომერი შენობის მისადგომებთან. ძირითადი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახლდათ.
ოპერის ბაღში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მჯდომარე აქცია მიმდინარეობდა.
იქვე, მეზობლად, ოპერის შენობის წინ, დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია მართავდა აქციას.
პრეზიდენტობის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვდა, სურათების გალერეის წინ, საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია.
მოპირდაპირე მხარეს, პირველი საშუალო სკოლის წინ, მონარქისტული (კონსერვატიული) პარტიის აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ინფორმაციის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფლებას. სხვა მოთხოვნები ტრანსფარანტებიდან იკითხებოდა: `ძირს დიქტატურა!~, `პრეზიდენტის ინსტიტუტი უცხო და მიუღებელია ქართველთათვის~, `ურთიერთსიყვარულის გარეშე არ არსებობს თავისუფლება~. ვის ვინ უნდა ყვარებოდა, არ განმარტავდნენ _ ხელისუფლებას ოპოზიცია, თუ პირიქით.
საპროტესტო კამპანია თბილისის სხვა უბნებშიც გავრცელდა. ტელერადიოდეპარტამენტის შენობის წინ, თვით ამ საკვანძო ორგანიზაციის თანამშრომლების ჯგუფმა წამოიწყო აქცია. ისინიც ხელისუფლების კურსის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მის მიერ დანიშნული ტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადადგომას და ჟურნალისტების უფლებების დაცვას მოითხოვდნენ.
მიტინგები მიმდინარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოშიც. აქციებში აქტიურად ჩაერთვნენ ე. წ. ელიტარული ინტელიგენციის წარმომადგენლები. მასში იგულისხმებოდნენ შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვადასხვა ჯგუფების სახელიანი წარმომადგენლები: რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, უმთავრესად. უნივერსიტეტის წინ, უფრო ზუსტად, მის კიბეებზე მიმდინარე აქციაში რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელიც იღებდა მონაწილეობას. სტუდენტობა უფრო თავშეკავებულად ირჯებოდა და ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო მოძრაობის სურვილს არ ამჟღავნებდა. შეიქმნა მხოლოდ მცირერიცხოვანი სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს. უნივერსიტეტის ეზოში უფრო ზომიერ-ლიბერალური საზოგადოება და პარტიები იკრიბებოდნენ: ბლოკი `თავისუფლება~, ეროვნული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, `დასი~, ჭავჭავაძის საზოგადოება. სხვა მოთხოვნათა შორის, აქ, გაისმოდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც.
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა იმავე დღეს, 2 სექტემბერს გაისმა რუსთაველის ძეგლის ქვეშ მიტინგზე, სადაც ნოდარ ნათაძემ წამოისროლა განაჩენი: `დიდი ხანია მომწიფდა, რომ საქართველო თავის პრეზიდენტს გაემიჯნოს. ახლა ამ სროლით თვითონ პრეზიდენტი გაემიჯნა საქართველოს. მისი მორალური მოვალეობაა, გადადგეს~.
წამოისროლა-მეთქი იმიტომ ვამბობთ, რომ ნ. ნათაძე თავადაც ძალიან დანანებით იხსენებს ამ ეპიზოდს, როგორც იმ მომენტისათვის შეუფერებელ ნაბიჯს, რაც მოულოდნელობისა და ემოციური განწყობისაგან უფრო გამომდინარეობდა. ბოლოს და ბოლოს, სახალხო ფრონტის ლიდერმა წესიერად არც იცოდა, რა მოხდა. მარტყოფიდან ახალჩამოსულმა ისიც ვერ გააცნობიერა, როგორ აღმოჩნდა ტრიბუნაზე და ვერც ის, როგორ გააფრთხილეს ნაცნობებმა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტით არ ეთქვა, რადგან `იარაღი ედეპელებსაც ჰქონდათ და რომ ნათელი არ იყო, ვინ ვისი ტყვიით იყო დაჭრილი~. კარგია, რომ ნათაძე თავად იხსენებს – ეს უკვე მერამდენედ, ძალიან ბევრჯერ აქამდეც და ამის შემდეგაც – როგორ დათრგუნა მასში ემოციამ რაციო, გრძნობის ტალღამ გონების ხმა: `უკიდურესად აღგზნებულმა მასამ რომ უნებო რუპორივით ამიყვანა ტრიბუნაზე და მიკროფონი მომაჩეჩა, მე არ უნდა დავყოლოდი მის ნებას, არამედ მყარად უნდა დამეცვა ჩემი ერთადერთი სწორი პოზიცია, `სანამ ყველაფერი არ მეცოდინება, ჩემი აზრი მომხდარზე ვერ მექნება-მეთქი~. მე ასე ვერ მოვიქეცი.~
ახლა, აქ, ისიც უნდა ვიანგარიშოთ: ნოდარ ნათაძე – ფილოსოფიურად მოაზროვნე კაცი, მეცნიერი, ინტელიგენტი, წლოვანი, რომ ასე ხშირად ხდებოდა საკუთარი ემოციების ტყვე, რა უნდა დამართოდათ მაშინდელი პოზიციურ-ოპოზიციური სპექტრის ახალგაზრდა, ენერგიით, სიფიცხით დამუხტულ მართლაცდა `თავგაცხელებულ~ პერსონაჟებს, რომლებსაც საკუთარი ქვეცნობიერიდან გამონთავისუფლებული პატივმოყვარული ვნებები ნება-ნება ათამაშებდნენ.
რაციონალური თუ ემოციური, სამართლიანი თუ სხვა მიზნით წინასწარგანზრახული, დემოკრატიული თუ რევანშისტული მოტივაციებით განპირობებული ანტისახელისუფლო პროტესტის, ამ ერთი შეხედვით, უეცარმა `აგორებამ~ ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაცია რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ვითარება სერიოზულად გაართულა თვით სახელისუფლო ბლოკში მიმდინარე კოლიზიისა და განხეთქილების პროცესმა. `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ ბლოკს ზედიზედ ტოვებდნენ მისი დამფუძნებელი ორგანიზაციები და პიროვნებები. სექტემბრიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩასაძირად განწირული გემიდან ხტებოდნენ. უფრო ცუდი და გაუგებარი ის გახლდათ, რომ ბლოკიდან ყოფილი თანამებრძოლების წასვლას პრეზიდენტის არაკორექტული პირადი ურთიერთობები უწყობდა ხელს. ზ. გამსახურდია გაუგებარი გულგრილობით ურიგდებოდა თანაგუნდელების წასვლას და სწრაფად უპირისპირდებოდა ასეთებს, მწვავე ეპითეტებით უმასპინძლდებოდა კრიტიკულად განწყობილ ყოფილ თანაგუნდელებს. ეს უკანასკნელნი კი, რა თქმა უნდა, უკანმოუხედავად გარბოდნენ ოპოზიციაში.
19 სექტემბერს შემდგარ უზენაესი საბჭოს სესიას, სწორედ ამგვარი პროცესის შესახებ დანანებით მოახსენებდა ზ. გამსახურდიას გუნდის ერთ-ერთი წევრი ავთანდილ იმნაძე: `ნუ გავიმეტებთ ადამიანებისათვის მოღალატისა და `კრემლის აგენტის~ ეპითეტებს, ნუ მოვიკვეთთ ერთის ხელის მოსმით უახლოეს ადამიანებს – მიმართავდა პარლამენტს და უპირველესად პრეზიდენტს ა. იმნაძე და გულგატეხილად დაასკვნიდა: `მაგრამ ვაი, რომ ასეთი ეპითეტის მსხვერპლი თავად მე აღმოვჩნდი~.
ჯერ კიდევ 2 სექტემბრამდე გამსახურდიას ხელისუფლებაში და მრგვალი მაგიდის ბლოკში დაწყებულმა რღვევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. ადრე უთანხმოებას პირად-ამბიციური ან ვიწრო-პარტიული დაპირისპირება ედო მხოლოდ საფუძვლად, მაგ., მერაბ კოსტავას საზოგადოების განდგომის სახით. შემდეგში ამ მომენტს დაემატა შექმნილი პოლიტიკური ვითარება და მისი გამოყენების უცებ დამდგარი შესაძლებლობა. ამ სქემის მიხედვით განდგა თ. კიტოვანი და ეროვნული გვარდიის გარკვეული ნაწილიც აიყოლია, რა თქმა უნდა, ყველაზე ერთგულ მხარდამჭერ სამხედროებთან ერთად.
ხელისუფლებისათვის სერიოზული დარტყმა იყო მისი ორი უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირის – მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თ. სიგუას და საგარეო საქმეთა მინისტრის გ. ხოშტარიას გადადგომა. წვრილმან მიზეზებს და უწყებრივ შეუთავსებლობას არ ჩამოვთვლით, მაგ., იმას, რომ პრეზიდენტმა ხოშტარიას შენიშვნა მისცა, კარაქი რატომ არ შემოგაქვს ქვეყანაშიო, ან როგორ გაავსო სამინისტროები თ. სიგუამ აკადემიის ხალხით და ა. შ. გადადგომის თუ გადაყენების მიზეზები უფრო სერიოზული გახლდათ. უკვე აგვისტოში, ჯერ კიდევ 2 სექტემბრამდე, გამსახურდიას ადმინისტრაციამ თავის ყოფილ ორ წევრს რუსეთთან, ე. შევარდნაძესთან და პუტჩის მცდელობაში დასდო ბრალი: ხოშტარია `საქართველოს მტერთან, რენეგატ ე. შევარდნაძესთან ურთიერთობამ პრეზიდენტის ნებართვის გარეშე მოსკოვში, მასთან შეხვედრამ და ჩურჩულმა, შევარდნაძის, ბესმერტნიხის, გორბაჩოვის ემისართან ზურამ წერეთელთან ალიანსმა… ბოლოს მიიყვანა თ. სიგუას ოპოზიციურ `პუტჩისტურ~ ბანაკში – იუწყებოდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.8
ოპოზიციის ბანაკში, საბოლოოდ, გადავიდა მერაბ კოსტავას საზოგადოება – მრგვალი მაგიდის ბლოკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაცია. 12-13-14 სექტემბერს `საზოგადოების~ დაჟინებული მოთხოვნით, გაიმართა მრგვალი მაგიდის დეპუტატთა შეხვედრები. მერაბ კოსტავას საზოგადოებამ წამოაყენა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი წინადადებები, რაც შეხვედრაზე არ გაიზიარეს. ისინი არ გაიზიარა შეხვედრაზე მყოფმა ზვიად გამსახურდიამ. იგივე წინადადებები კოსტავას საზოგადოებამ წარუდგინა უზენაესი საბჭოს მეორე სესიის პირველ სხდომას, რომელშიც მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენდა: უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სრული შემადგენლობით გადადგომა; პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და სხვ.
ამ პერიოდისათვის, ე. ი. სესიის მუშაობის დროს, მერაბ კოსტავას საზოგადოება უკვე `გარიცხული~ იყო მრგვალი მაგიდის ბლოკიდან. მართალია, 14 სექტემბრის მრგვალმაგიდელი დეპუტატების შეხვედრაზე კოსტავას საზოგადოებამ `ვეტოს~ უფლება გამოიყენა, მაგრამ კოსტავას საზოგადოება კენჭისყრის შედეგად და პრეზიდენტის ზეწოლით, მრგვალი მაგიდის რიგების გარეთ აღმოჩნდა. კოსტაველებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შემდეგ, მერაბ კოსტავას საზოგადოების 17-მა წევრმა შიმშილობა დაიწყო. მოშიმშილეთა შორის იმავდროულად ყველა უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო: ვ. ადამია – კოსტავას საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, გ. ხავთასი – იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თ. ობგაძე – საგარეო ურთიერთობის კომისიის მდივანი, ნ. კვაჭაძე – ენერგეტიკის ქვეკომისიის თავმჯდომარე, დ. კუპრეიშვილი – იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სხვანი.9
ვინ რას გაიგებს, რომელი მხარე იყო ამ ვიწროპარტიულ და კლანურ კინკლაობაში მტყუან-მართალი. მთავარია, პრეზიდენტი შეეგუა იმას, რომ მისი მმართველი ბლოკი ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციის გარეშე დარჩენილიყო, ხოლო მას პირადად ერთ-ერთი ძველი თანამებრძოლო ვ. ადამია ჩამოსცილებოდა. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ პრეზიდენტის გუნდს ჩამოცილებული პიროვნებები, თანამდებობის პირები, ორგანიზატორები, ფრაქციები და სხვა ჯგუფები ოპოზიციაში გადადიოდნენ და ეროვნული ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ.
ანალოგიური გზა გაიარა უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და მრგვალი მაგიდის ბლოკის წევრთა კიდევ ერთმა ჯგუფმა. ამ ჯგუფზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ სწორედ, მისმა წევრებმა შექმნეს შემდგომში ხელისუფლებისადმი კიდევ ერთი დაპირისპირებული ოპოზიციური ორგანიზაცია – `ქარტია 91~.
ჯერ კიდევ, 26 აგვისტოს – ყურადღება მივაქციოთ, 2 სექტემბრამდე – უზენაესი საბჭოს სესიაზე დეპუტატებმა თედო პაატაშვილმა, მერაბ ურიდიამ, გელა ჩორგოლაშვილმა, ირაკლი მელაშვილმა, მალხაზ კვანჭილაშვილმა და გელა კობერიძემ დააყენეს საკითხი, 19-21 აგვისტოს მოსკოვის პუტჩთან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის უმოქმედობისა და პასუხისმგებლობის შესახებ. უზენაესი საბჭოს ეს საგანგებო სხდომა დეპუტატების აღნიშნული ჯგუფის ინიციატივით იყო მოწვეული.
2 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატთა ამ ჯგუფმა – იდენტიფიკაციისათვის მას `ექვსეული~ ვუწოდოთ – კვლავ დააფიქსირა თავისი განსხვავებული აზრი. კერძოდ, `ექვსეული~ დარწმუნებული იყო, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ აქციის ჩატარების `ფორმა და დრო პროვოკაციულად იქნა შერჩეული~. მიუხედავად ამისა, აღნიშნავდა `ექვსეული~ თავის `განცხადებაში~: `არავითარი გამართლება არა აქვს მომიტინგეთა დასაშლელად შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებას და ჩვენ მტკიცე პროტესტს ვაცხადებთ ამგვარი გადაწყვეტილების გამო~. ჯგუფმა, ამასთან დაკავშირებით, დააჩქარა ხელმოწერების შეგროვება უზენაესი საბჭოს სესიის მოწვევის მოთხოვნით, რომელიც აუცილებლად უნდა გადაცემულიყო ტელევიზიით. სესიათა სხდომების ტელეტრანსლაცია ხომ თვეების მანძილზე არ მიმდინარეობდა. `საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანომ, – დაასკვნიდა `ექვსეული~, – პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს მომხდარ მოვლენებს, დაადგინოს დამნაშავენი და თავისი გაბედული გადაწყვეტილებებით გზა გაუხსნას საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დამკვიდრების პროცესს~.
ამ `განცხადებაში~ ყველაზე საინტერესო კიდევ ერთი გარემოებაა: `უნდა შეიცვალოს დღევანდელი `მკაცრი~ პოლიტიკური კურსი, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს გლობალური პროცესების ძირითად კანონზომიერებებს და ართულებს მსოფლიო პოლიტიკის გაბატონებული მიმართულებებისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაახლოების უნიკალური შანსის გამოყენებას~. ეს სერიოზული შენიშვნა გახლდათ. თუ ზემო შენიშვნა პერსონალურად `უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს~ ეხებოდა, ეს უკანასკნელი, პირადად პრეზიდენტს ეკისრებოდა. მხედველობაში ჰქონდათ, ალბათ აშშ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობის გლობალური მნიშვნელობის გათვალისწინება და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ღია კრიტიკისაგან თავის შეკავება.10
დეპუტატთა `ექვსეულის~ კეთილგონიერი წამოწყების ისტორია იმით დამთავრდა, რომ 13 სექტემბერს წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია და გელა ჩორგოლაშვილი თავისი რიგებიდან გარიცხა. დასანანი ფაქტი მოხდა. ეს ხალხი მრგვალმაგიდელებს შორის, გამორჩეულ ინტელექტუალებად მოიაზრებოდნენ საზოგადოებაში და მათი წასვლა თვისობრივად აზარალებდა მმართველ ბლოკს, მით უფრო, რომ `აქედან~ წასულები უკლებლივ `იქ~ – მოწინააღმდეგეთა ბანაკში მიდიოდნენ. აქაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ მრავალრიცხოვან დეპუტატთა ჯგუფმა – 50-კაციანმა, საკმაოდ ლოგიკურად გააბათილა 2 სექტემბრის მოვლენებში ხელისუფლებისადმი ბრალდებები.
იმ არაადეკვატური, დაბნეული, ულოგიკო ქმედებებიდან, რაც განსაკუთრებით 2 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან, ერთ-ერთი პირველი გახლდათ ერთდროულად რამდენიმე გაზეთის დახურვა. 3 სექტემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერით მიღებულ იქნა დადგენილება: `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ბეჭდვითი ორგანოების: `საქართველოს რესპუბლიკის~, `სოფლის ცხოვრების~, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის `ახალგაზრდა ივერიელის~ და მინისტრთა საბჭოს ორგანოს `რესპუბლიკის~ გაუქმების და მათ ბაზაზე ერთი გაზეთის~ დაარსების შესახებ. შესაძლოა, უზენაეს საბჭოში ბევრს სჯეროდა, რომ გაზეთების გაუქმების მიზეზი, როგორც `დადგენილება~ იუწყებოდა, მართლაც, “რესპუბლიკაში ქაღალდის რესურსების მწვავე ნაკლებობა~ იყო. ხელისუფლებას მართლაც ჰქონდა სრული უფლება თავისი საკუთარი ბეჭდვითი ორგანოები გაეუქმებინა. პირიქით, ეს ღონისძიება იმდროინდელი ეკონომიკური შეჭირვების ფონზე, სავსებით დროული და პრაგმატული ნაბიჯი გახლდათ. მართლაც, ერთი გაზეთი, გარდამავალ პერიოდში მაინც, წარმატებით გასწევდა `საქართველოს რესპუბლიკის~, `სოფლის ცხოვრებისა~ და `რესპუბლიკის~ მოვალეობას. ეს არ ჩაითვლებოდა საინფორმაციო სივრცის, უფლებების, თავისუფლების შეზღუდვად.
მაგრამ `ახალგაზრდა ივერიელის~ დახურვა ვერაფრით ვერ ჯდებოდა ზემოაღნიშნული `ოფიციოზების~ გაუქმების ლეგიტიმურობის ჩარჩოში. გაზეთი ქვეყნის ხელისუფლების რომელიმე უმაღლესი ორგანოს ბეჭდვითი ორგანო კი არ იყო, არამედ `საზოგადოებრივ-პოლიტიკური~ გაზეთი გახლდათ. ეს იყო თავისი მიმართულებით, ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებით, თავისუფალი საინფორმაციო გამოცემა. მასში ყველაზე მეტად, ხშირად და რელიეფურად, ვიდრე სხვა გამოცემებში, აისახებოდა არაოფიციალური, საზოგადოებრივი აზრი, რომლის პარალელურადაც გაზეთი ინარჩუნებდა ხელისუფლებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას და ხელოვნურად არ უპირისპირდებოდა მას.
აქედან გამომდინარე, `ახალგაზრდა ივერიელის~ დახურვა საზოგადოებას უნდა აღექვა – სხვა გზა არ იყო და ხელისუფლებაც თავს ვერ გაიმართლებდა – თავისუფალი პრესის შეზღუდვად. ხელისუფლებას ერთი გარემოება ამართლებდა და ჩვენც ნუ დავივიწყებთ მას: `ახალგაზრდა ივერიელი~ გახლდათ ყოფილი კომკავშირული გაზეთის `ახალგაზრდა კომუნისტის~ ბაზაზე დაარსებული და მისი სამართალმემკვიდრე გაზეთი. მართალია, მან მიმართულება რადიკალურად შეიცვალა და თავისუფალ ორგანოდ გარდაიქმნა, მაგრამ `ახალგაზრდა ივერიელი~ კვლავინდებურად ფინანსდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, გამოიცემოდა მისსავე სტამბაში და ოფიციალურ-ფინანსურად შედიოდა ხელისუფლების `ბეჭდვითი ორგანოების~ სტრუქტურაში. აი, ამიტომ იყო და არის ხელისუფლების ხელაღებით დადანაშაულება პრესის შეზღუდვაში, არაობიექტური. უბრალოდ, ხელისუფლებას შეეძლო უფრო გონივრულად მოქცეულიყო და კი არ გაეუქმებინა, არამედ გაეფრთხილებინა და შემდგომ დაფინანსება შეეწყვიტა `ახალგაზრდა ივერიელისათვის~, როგორც არასასურველი `ბეჭდვითი ორგანოსათვის~. ხელისუფლება არ იყო ვალდებული, დაეფინანსებინა არაოფიციოზი და თავისუფალი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. ამის მაგიერ, ხელისუფლების სტრუქტურებმა ისე გააუქმეს გაზეთი, რომ ამის შესახებ `ახალგაზრდა ივერიელის~ თანამშრომლებმა, როგორც თვით ირწმუნებოდნენ, არაფერი იცოდნენ და ინფორმაცია სატელევიზიო გადაცემა `მოამბიდან~ გაიგეს, რაც ერთ-ერთი მათგანის, ნინო კვაჭანტირაძის თქმით, `მეხის გავარდნას~ ჰგავდა.
საბედნიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მალე იგრძნეს თავიანთი შეცდომა და გაზეთი ორ კვირაში აღდგა. ამის შემდეგ, გაზეთმაც იწყო საკუთარ მომავალზე ზრუნვა და ხელისუფლების მხარეზე სიმართლის გარკვეული ნაწილის არსებობა – რომ თუ თავისუფალი და დამოუკიდებელი გაზეთის სახელი გსურს, ხელისუფლების საგამომცემლო სტრუქტურებში აღარ უნდა რჩებოდე. და აი, უკვე აღდგენისთანავე, `ახალგაზრდა ივერიელმა~ საშველად საკუთარ მკითხველებს მიმართა. რედაქციამ გადაწყვიტა დაეფუძნებინა `სრულიად დამოუკიდებელი, თავისუფალი გაზეთი~. ამისათვის საჭირო იყო ფინანსები და `ივერიელი~ ახალგაზრდებიც მკითხველებს მიმართავდნენ: `ამისათვის გვჭირდება ფართო საზოგადოებრიობის მხარდაჭერა, გვჭირდება სპონსორები ხელის გასამართავად~. `ახალგაზრდა ივერიელი~ აქაც ზომიერებას ინარჩუნებდა, ხელისუფლებას ტალახს არ ესროდა, შეუნდობდა აჩქარებას და არაკორექტულობას.11
ამჯერად, ხელისუფლებამ თავიდან აიცილა თავისუფალი პრესის დევნის გამო ბრალდება, ამ აღნიშნული ეპიზოდის გამო. ისე კი, საერთოდ, სხვა ბრალდებათა შორის, ხელისუფლებას პრესის თავისუფლების შეზღუდვასაც არ უვიწყებდნენ, მაგრამ საამისო მაგალითებს ვერ ასახელებდნენ. პირიქით, საპირისპირო ფაქტები უფრო არსებობდა. რესპუბლიკაში ხელისუფლების მხარდამჭერზე მეტი ოპოზიციური გაზეთი გამოდიოდა.

რევოლუცია, პუტჩი თუ ამბოხება. მაინც რა მოვლენას ჰქონდა ადგილი და რა ხდებოდა 1991 წლის 2 სექტემბრის მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში, საქართველოს დედაქალაქში და მის ზოგიერთ რეგიონში. თვით საპროტესტო მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები ამ მოვლენებს `სექტემბრის რევოლუციის~ სახელით აღნიშნავდნენ. მათი აზრით, თბილისში დემოკრატიული რევოლუცია მიმდინარეობდა გამსახურდიას დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ეჭვი არაა, სექტემბრის საპროტესტო მოძრაობაში წმინდა დემოკრატიული უფლებებისათვის მებრძოლი ძალებიც იღებდნენ მონაწილეობას. ესენი იყვნენ ლიბერალურ-ცენტრისტული პარტიები. დემოკრატიულ მოთხოვნებს დიდი ადგილი ეჭირა რადიკალური პარტიების ლოზუნგებშიც, თუმცა მათი მიზნები ამით არ ამოიწურებოდა.
ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, საპროტესტო მოძრაობაში `დიქტატურის~ წინააღმდეგ ენერგიულად ჩაებნენ ელიტარული ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. ამ გარემოებამ ეჭვქვეშ დააყენა დემოკრატიული რევოლუციის მიზნები. ათეული წლების განმავლობაში, საბჭოთა დიქტატურის პირობებში და თუნდაც, პატიაშვილი-გუმბარიძის ხელისუფლების პერიოდში, ქართველ შემოქმედებით ინტელიგენციას არ მიუმართავს ბრძოლის ისეთი რადიკალური ფორმებისათვის, როგორიც იყო შიმშილობა, მჯდომარე გაფიცვა, ყოველდღიურ მანიფესტაციებში, მიტინგებში მონაწილეობა, მგზნებარე მოწოდებები დემოკრატიული უფლებებისათვის. ახლა კი მათი მოულოდნელი რევოლუციური გარდასახვა ეჭვს ბადებდა, რომ გარდა დემოკრატიისა, მათ სხვა მოტივაცია უფრო ამოძრავებდა.
ასე რომ, რადიკალური პარტიებისა და ელიტარული ინტელიგენციის მიზნები შეიცავდნენ დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლის მიზნებს, მაგრამ მისით არ შემოიფარგლებოდნენ. რადიკალებისათვის მთავარი იყო, გამსახურდიასათვის ხელისუფლების წართმევა, ე. ი. მისი დამხობა და ხელისუფლებაში მოსვლა. მათგან განსხვავებით, ელიტარული ინტელიგენციისათვის უმთავრესი გახლდათ გამსახურდიას რადიკალური ხელისუფლების დამხობა, სოციალური სტატუსის დაბრუნება და ცენტრთან ურთიერთობის ნორმალიზება. დემოკრატიის მაძიებლებისათვის, დემოკრატია მეორეხარისხოვან ღირებულებას წარმოადგენდა. გამსახურდიას, რომ ყველა მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა: შეეზღუდა პრეზიდენტის უფლებები, უზენაესი საბჭოს სესიების ტელეტრანსლაცია განეხორციელებინა, დაეთმო ტელეეთერი განსაზღვრული დროით ოპოზიციისათვის, სასწრაფო წესით განეხორციელებინა რეფორმები, რომლებსაც ის, მიუხედავად რთული ვითარებისა, თანდათანობით ატარებდა კიდეც, მოეხსნა რამდენიმე არაკომპეტენტური მინისტრი, შესაძლებლობის ფარგლებში ეთანამშრომლა კონგრესთან, კომპრომისზე წასულიყო ცენტრთან, ხელი მოეწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე და ა. შ., ოპოზიცია მასთან ბრძოლას მაინც არ შეწყვეტდა.
ოპოზიცია მაინც გააგრძელებდა გამსახურდიასთან ბრძოლას, რადგან მისი მიზანი – აქ გამოვყოფთ რადიკალურ ოპოზიციას და ელიტარულ ინტელიგენციას, რომლის ზურგს უკან ძველი ბიუროკრატიულ-სამეურნეო ისტაბლიშმენტი იდგა – ყველა ამათი მიზანი, თვით გამსახურდიას ხელისუფლებისა და მის მიერ შექმნილი პლებეურ-ნაციონალისტური სტრუქტურული სისტემის დამხობა გახლდათ.
გარდა ამისა, ოპოზიციური კონგლომერატი ისეთი ჭრელი და წინააღმდეგობრივი იყო, რომ გამსახურდია მათ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა, რადგან ეს შეუძლებელი გახლდათ თითქმის. თუ ხელისუფლება ცენტრთან კომპრომისს დაუშვებდა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რადიკალები კიდევ უფრო მწვავედ დაუპირისპირდებოდნენ მას, ხოლო თუ გამსახურდია კონგრესთან თანამშრომლობის გზას დაადგებოდა, მაშინ მას უნდა უარეყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთადერთი სამართლებრივი (ლიტვური) გზა და ქვეყანა კიდევ უფრო გაურკვეველი ჩიხისაკენ წაეყვანა.
სექტემბრის მოვლენები დემოკრატიული მოძრაობის ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ არა დემოკრატიული რევოლუციისას, რადგან საქართველოში იმხანად, არც დემოკრატიული რევოლუციის სოციალური ბაზა არსებობდა და არც დემოკრატიული რევოლუციის სამიზნე – დიქტატურა. რევოლუციების სოციალური ბაზა – მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ კანონიერ ხელისუფლებას უჭერდა მხარს. მის წინააღმდეგ საზოგადოების ცალკეული სოციალური ჯგუფები იყვნენ აღმდგარნი, რაც სრულიად არ კმაროდა `რევოლუციისათვის~ – კულტურული და სამეცნიერო ინტელიგენციის ზედაფენა, ძველი სახელისუფლო და სამეურნეო ისტაბლიშმენტი, ოპოზიციური პარტიების დიდი, მაგრამ შედარებით ნაკლებგავლენიანი ნაწილი. ეს ძალები, მართალია, ყველაზე პოლიტიკურად აქტიური ნაწილი გახლდათ, მეტ გავლენასაც ახდენდა პოლიტიკურ რეალობაზე, მაგრამ დემოკრატიული რევოლუციის არმიას ვერ ქმნიდა და საკმარისი არ იყო.
საქართველოში არც დიქტატურა არსებობდა. გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობა არ გახლდათ, რომელიმე ჯგუფის ან სოციალური ფენის, ან ერთი პიროვნების უპირობო და შეუზღუდავი მმართველობა. იგი არ ეყრდნობოდა ხიშტის ძალას, არ სპობდა ოპოზიციას, ფიზიკურად არ დევნიდა და არ ანადგურებდა მას. ობიექტურები რომ ვიყოთ, გამსახურდიას მმართველობას უნდა მივუსადაგოთ სუსტი ავტორიტარიზმის კვალიფიკაცია. თანამედროვე მსოფლიოს დომინირებადი იდეოლოგიებიდან გამსახურდიას მმართველობისათვის ყველაზე შესაფერისია _ ავტორიტარული ნაციონალიზმის ან კონსერვატიზმის ცნებით განსაზღვრა, ან ავტორიტარული ნაციონალური კონსერვატიზმი.
ავტორიტარიზმის მსუბუქი თუ მძიმე გამოვლინება, მაინც გულისხმობს ძალაუფლების განხორციელებას მოსახლეობაზე, მისივე თანხმობით თუ თანხმობის გარეშე. ავტორიტარიზმი დიქტატურისაგან და შეუზღუდავი ძალაუფლებისაგან იმით განსხვავდება, თანაც ძირეულად, რომ იგი ლეგიტიმურობას ემყარება. იგი მოსახლეობისაგან ან მისი უმრავლესობისაგან აღიარებას გულისხმობს, ყოველ შემთხვევაში, მმართველობის პირველ და გარკვეულ ეტაპზე მაინც. გამსახურდიამ, პირდაპირ და ირიბად, სამჯერ მიიღო ლეგიტიმაცია: 1990 წლის 28 ოქტომბერს, 1991 წლის 31 მარტს და 26 მაისს. ე. ი. ავტორიტარიზმი გულისხმობს მმართველობის `ქვემოდან~ ნებადართულობას და ავტორიტეტის მორჩილებაზეა დამყარებული. დიქტატურა, ტოტალიტარიზმი და ნებისმიერი სახის სამხედრო მმართველობა კი `ზემოდან~ ხორციელდება და პირველ რიგში, გულისხმობს პოლიტიკური, ოპოზიციური აზრისა და თავისუფლების ჩახშობას.
გამსახურდიას ავტორიტარიზმი უფრო საკუთარ პიროვნებასთან იდენტიფიცირებული პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეალის განხორციელებაზე იყო ორიენტირებული და არა იმდენად, საკუთარი მმართველობის განმტკიცებაზე. ცხადია, პრეზიდენნტის ავტორიტარულობის შთაბეჭდილებას აძლიერებდა ზოგიერთი პიროვნული თვისებაც: ფეოდალური ხასიათი, იდეალისადმი ერთგულებაში საკუთარი შეუცვლელობის რწმენა, ეროვნულ მოძრაობაში საკუთარი დამსახურების უპირატესობის უპირობო აღიარება და ზოგიერთი სხვა თვისება, რაც საკუთარი აზრისა და პოზიციისადმი სხვების მიერ უპირობო თანხმობა-მორჩილებას აპრიორულად გულისხმობდა.
ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ გამსახურდიას ავტორიტარიზმს ზოგიერთი ობიექტური გამაძლიერებელი ფაქტორი განაპირობებდა. მას უპირისპირდებოდა რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აბსოლუტურად არაადეკვატური, არარეალისტური, უტოპიური და უმწიფარი პოლიტიკური პროგრამა გააჩნდა, ხოლო ბრძოლის მეთოდები უზნეო, ავანტურისტული და უპასუხისმგებლო ჰქონდა.
ასეა თუ ისე, ნებისმიერი ავტორიტარიზმი დემოკრატიას ზღუდავს, სხვა უფრო მაღალი ღირებულების დროშით. ტყუილად არ აცხადებდა ზვიად გამსახურდია პოლიტიკური მოღვაწის იდეალად დე გოლს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთში პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანდა. ზედიზედ ცვლიდნენ მთავრობები ერთმანეთს, იქმნებოდა და იშლებოდა კოალიციები. მუდმივად იგრძნობოდა `ძლიერი ხელის~ პოლიტიკური ფიგურის საჭიროება. ასეც მოხდა. 1958 წლის 2 ივნისს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ, საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭა გენერალ შარლ დე გოლს, რომელსაც ეროვნული გმირის, ქვეყნის `გამანთავისუფლებლისა~ და `მხსნელის~ ქარიზმა მოსავდა. 21 დეკემბერს დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს, რაც მან, პირველ რიგში, ამ თანამდებობის უფლებამოსილების გაზრდისა და დემოკრატიის შეზღუდვისათვის გამოიყენა. გენერალმა მტკიცე `პირადი ძალაუფლების~ რეჟიმის კონსტრუირებით შეძლო პოლიტიკური სტაბილურობის დამყარება.
საქართველოში პრეზიდენტის მთავარ დოქტრინას ეროვნული ერთიანობისაკენ მოწოდება წარმოადგენდა, რაც აუცილებელ პირობას შექმნიდა დამოუკიდებლობის ფაქტიური მიღწევისათვის. ჰაერში ტრიალებდა ლოზუნგი – ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია. თითქოს, ლოგიკურიც ჩანდა დილემის ამგვარი გადაწყვეტა, მაგრამ სხვა დრო დამდგარიყო. დასავლეთში მთავარ ღირებულებას დემოკრატია წარმოადგენდა. იქ ეჭვით უყურებდნენ ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის გამოვლინებებს და, როგორც აღვნიშნეთ, ეს რეალობა გამსახურდიას არაორაზროვნად მიანიშნა თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
გამსახურდიას ქართული ავტორიტარიზმი ვერ იქნებოდა გამონაკლისი და ისიც, ზღუდავდა დემოკრატიას. გარკვეული მოსაზრებებით არ გადაიცემოდა უზენაესი საბჭოს სესიების ტელეტრანსლაცია. იბლოკებოდა და იგნორირდებოდა საპარლამენტო უმცირესობების ინიციატივები და შენიშვნები, აინუშში არ აგდებდნენ და ანგარიში არ ეწეოდა ზომიერი გარესაპარლამენტო ოპოზიციის სრულიად კანონიერ მცდელობებს დემოკრატიული სივრცის გაფართოებისათვის და ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მისეულ გონივრულ კრიტიკას და ა. შ. ამით ის გვინდა ვთქვათ, რომ მხარეების ურთიერთპრეტენზიები ბევრწილად გამართლებული გახლდათ და მეტი ურთიერთგაგების სურვილი ან უნარი რომ გამოეჩინა ორივე მხარეს, იქნებ მომავალი კატაკლიზმების თავიდან აცილება შესაძლებელი გამხდარიყო.
მაგრამ დაპირისპირებულ რადიკალურ მხარეებს ურთიერთობის მოგვარების რესურსი არ აღმოაჩნდათ და რამდენი ბრალიც არ უნდა დავდოთ ხელისუფლებას, ბრალეულობის მთავარი სიმძიმე რადიკალური ოპოზიციისა და რევანშისტული ძალების მხარეს ეკისრება. აქ, უკვე აღარაა საკმარისი თეზისი – როცა რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ყოველთვის მთავარი პასუხისმგებლობა არსებულ ხელისუფლებას ეკისრება. კი, პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ არა დანაშაულის ტვირთი. Eეს უკანასკნელი არასახარბიელო ფუნქცია სხვა ძალებმა იკისრეს.
მაშ, ჩვენთვის სავსებით ნათელია რეალობა, რომ 1991 წლის სექტემბრის მოვლენები იყო არა რევოლუცია, არამედ საპროტესტო მოძრაობა, რომელიც სხვა მიზნებს შორის, შეიცავდა ერთ-ერთ მიზანსაც – დემოკრატიული უფლებების გაფართოებას, რეფორმების ტემპის დაჩქარებას, პოლიტიკური კურსის კორექტირებას, პრეზიდენტის ხელისუფლების შეზღუდვას და ა. შ. მაგრამ ზომიერი ოპოზიციის ამ ნორმალური მოთხოვნების გარდა, საპროტესტო მოძრაობაში ჩართული იყვნენ ძალები, რომლებსაც უფრო შორსმიმავალი მიზნები ჰქონდათ – არსებული ხელისუფლების დამხობა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება, დაკარგული სოციალური პრივილეგიების დაბრუნება და მსგავსი რევანშისტული ვიწრო-კლანური ეგოცენტრული მიზნები, რომლებიც მოძრაობის ძირითადი დეტონატორი აღმოჩნდა.
იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ფარული მიზნისათვის მიეღწია, ოპოზიციამ სცადა სოციალური ბაზა გაეფართოებინა, მიმდინარე პროცესების ვითომდა, დემოკრატიულ რევოლუციად გასაღებით, რომელიც თითქოს მიმდინარეობდა გამსახურდიას დიქტატურის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ადრე დაწყებული გამსახურდიას პიროვნების ნეგატიური მითოლოგიზაცია სექტემბრიდან განსაკუთრებულად გაძლიერდა. შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის მონსტრი-დიქტატორის სახე, რომელიც სასტიკ რეპრესიებს ახორციელებდა ყოველგვარი ოპოზიციური მოძრაობის გამოვლინების ასალაგმავად, ხურავდა გაზეთებს, სპობდა თავისუფალ სიტყვას, საპატიმროებს ავსებდა პოლიტიკური პატიმრებით, შეუბრალებლად არბევდა მიტინგებს, გენოციდს უწყობდა ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობებს, კრძალავდა პარტიებს, არ ატარებდა და არც აპირებდა რეფორმების გატარებას… ამგვარი ტირადის გაგრძელებას ფურცლები დასჭირდება და დაზოგვა სჯობს.
გამსახურდიას უარყოფითი იმიჯი, უკვე საკმაოდ დამკვიდრებული იყო დასავლურ მედიაში, რომელიც უკრიტიკოდ იკვებებოდა რუსულ-საბჭოური ცენტრალური საინფორმაციო საშუალებებიდან მომდინარე იმპერიალისტურ-შოვინისტური კანონადით, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ლიდერის შესახებ. ამ ინფორმაციებში ტყუილ-მართალი ერთმანეთში იყო არეული. ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმას, ვინ იყო ჭეშმარიტი გამსახურდია: ავტორიტარული მმართველი თუ ჩამოყალიბებული დიქტატორი. არც ის იყო დასავლეთისათვის მთავარი, რა დარტყმებისა და პროვოკაციების ქვეშ ამყოფებდა კრემლი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს ხელისუფლებას. უბრალოდ, დასავლური დემოკრატიისათვის ერთნაირად მიუღებელი იყო, როგორც ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი, ისე დიქტატურა და ფაშიზმი, რის გამიჯვნასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგ., ფრანგული `მონდის~ კორესპონდენტს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა `მოსკოვის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ~ და გამსახურდიას სიტყვები: `ყველაფერში, რაც საქართველოში ხდება, ურევია სატანა კრემლის ხელი~. თუ ყურადღებას არ მივაქცვეთ გამსახურდიას შუასაუკუნეობრივ ტერმინოლოგიას, განა მართალი არ იყო, რომ `კრემლის ხელი~ აქტიურად ტრიალებდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ან რა იყო გადაჭარბებული `ტაიმსის~ ირონიულ ინფორმაციაში, რომ გამსახურდიას სიტყვებით, ოპოზიცია და მისი მეთაური თ. სიგუა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, ხოლო კრემლი სამხრეთ კავკასიის ამ რესპუბლიკაში სამოქალაქო ომის გეგმას ადგენდა, სუკის 40 000 აგენტის დახმარებით. `ყოველი ახალი ცილისწამებით, – დაასკვნიდა `ტაიმსი~, – გამსახურდია გვევლინება პარანოიული შოვინიზმით დაავადებულ ადამიანად~. უფრო შორს მიდიოდა ამერიკული `ნიუსუიკი~, რომელიც ირწმუნებოდა, კავკასიას გამსახურდიას სახით ახალი `სადამი~ მოევლინაო. აქ, უკვე იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად მართალი იყო თუ ცდებოდა დასავლური მედია გამსახურდიას პიროვნულ-პოლიტიკური რენომეს კონსტრუირებაში. მთავარი, ის გახლდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება უიმედოდ აგებდა საინფორმაციო ომს თავის შინაურ თუ გარეულ მოწინააღმდეგეებთან.12
ახლა, რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, რომელმაც სექტემბრის მოვლენები, შეიძლება ითქვას, ერთი სიტყვით შეაფასა – პუტჩი. ცხადია, მას თან ახლდა დამხმარე ტერმინოლოგია, რაც მოვლენის გაფართოებულ ხედვას წარმოადგენდა: სახელმწიფო გადატრიალება, ხუნტა და სხვ.
მიმდინარე პროცესების შესახებ თავისი პოზიცია განმარტა საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა `განცხადებაში~ 18 სექტემბერს. მან ჩამოთვალა ის ჯგუფები, ძალები, რომელთა `ავი ქმედებაც~ არ შეიძლება შეფასდეს თუ არა `სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა~. ვინ არიან ესენი: განაწყენებული დეპუტატები, ხელმოცარული დეპუტატობისა და პრეზიდენტობის მაძიებლები, ყოფილი პარტიული ფუნქციონერები, `ელიტარული~ ინტელიგენცია, თანამდებობადაკარგული სამეურნეო მუშაკები, ე. წ. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც `ზურგს აშკარად უმაგრებს საბჭოთა იმპერიის ცენტრი~. მათი ერთიანი შეტევის მიზანია, რესპუბლიკის სრული დესტაბილიზაცია, სახელმწიფოებრივი სტრუქტურების დამხობა, პრეზიდენტის დისკრედიტაცია.
ის თუ როგორ აფასებდა თავად საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება მიმდინარე პროცესებს, კიდევ უფრო მკვეთრად და ნათლად იყო ჩამოყალიბებული ქვეყნის ახალშექმნილი ეროვნული უშიშროების საბჭოს `მიმართვაში ქართველი ერისადმი, მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მთავრობებისადმი~. ამ ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მიმდინარეობდა და `გრძელდებოდა სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი, რომელიც მიზნად ისახავდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დამხობას~. პუტჩს ხელმძღვანელობდა `ხუნტა~. იგი შედგებოდა შემდეგი პირებისაგან: თ. სიგუა, თ. კიტოვანი, გ. ხოშტარია და სხვ.
პუტჩის ორგანიზატორების ძალისხმევით დამყარდა ალიანსი პარლამენტსგარეშე პარტიებთან: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადოება და სხვ. `პუტჩისტებს~ მიემხრო ერთი ნაწილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა: ე. შენგელაია, ნ. ნათაძე, რ. გოცირიძე, დ. ბერძენიშვილი, თ. დიასამიძე, პ. კოღუაშვილი, ვ. ადამია, გ. ხავთასი, ა. ბობოხიძე, დ. კუპრეიშვილი, თ. პაატაშვილი… ჩამოთვლილნი იყვნენ აგრეთვე პუტჩში მონაწილე სხვა ჯგუფები: კომუნისტები, ყოფილი სამეურნეო და ყოფილი ხელისუფლების თანამდებობადაკარგული პირები, ეროვნული კონგრესი.
`მიმართვაში~ აღნიშნული იყო `ხუნტის~ მიერ ორგანიზებული სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები. მათ შორის ის, რომ იგი `ცდილობდა ტელევიზიის ხელში ჩაგდებას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით~, რომ იყო მთავრობის სახლზე თავდასხმის რამდენიმე ცდა და რომ მისი მოქმედება `თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციურია~, ეროვნული ძალების ღალატია.
`მიმართვაში~ დაფიქსირებული იყო, რომ ხუნტას მძლავრად უჭერდა მხარს `მოსკოვის რეაქციული ძალები~, ხოლო იქ მყოფი ედუარდ შევარდნაძე `ფაქტობრივად წარმართავდა ხუნტის საქმიანობას, უგზავნიდა ინსტრუქციებს და ყოველნაირად ეხმარებოდა მას~. მოსკოვის მიზანი იყო `ხუნტის მეშვეობით მოეხდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება~ და ისეთი რეჟიმის დამყარება, რომელიც ხელს მოაწერდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ბოლოს `მიმართვა~ მოუწოდებდა მსოფლიოს სახელმწიფოებს და მთავრობებს, ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა.13
ჰქონდა თუ არა საფუძველი ხელისუფლების მიერ ცალსახად დაფიქსირებულ პოზიციას, საქართველოში მიმდინარე პუტჩის შესახებ, თუ `ტაიმსისა~ და მისი საბჭოთა ინფორმატორების მიხედვით, ეს ყველაფერი გამსახურდიას ახირებული ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ. ამ საკითხს კი ობიექტური და თანაც არც ისეთი რთულად მისაგნები პასუხი რომ გავცეთ, რკონის ხეობაში გაჭრილ ეროვნული გვარდიის ნაწილებს უნდა დავუბრუნდეთ, მათ შემდგომ მოქმედებას, მარშრუტს, მიზნებს უნდა მივადევნოთ თვალი. გავიხსენოთ, როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, აგვისტოს ბოლოს გვარდიის სარდალი კიტოვანი, კერ კიდევ, საჭიროდ თვლიდა, ხელისუფლებისადმი თავისი ლოიალური დამოკიდებულება დაეფიქსირებინა. აქედან მოყოლებული, ვიდრე 2 სექტემბრის მოვლენებამდე, გვარდია და მისი ლიდერი ხელისუფლების კონტროლიდან კი იყვნენ გამოსულნი, მაგრამ მასთან, საბოლოოდ, დაპირისპირებულ ძალად ჯერ მაინც არ ითვლებოდნენ. როგორც იტყვიან, კიტოვანს, ჯერ კიდევ, არ გადმოელახა რუბიკონი.
მაგრამ 3 სექტემბერს ეროვნული გვარდიის ნაწილებმა რკონი დატივეს და თბილისის მისადგომებთან, შავნაბადაზე დაბანაკდნენ. კიტოვანმა განაცხადა, თუ ომონი მომიტინგეებს კვლავ დაარბევდა, გვარდია მათ დაიცავდა. აი, ეს კი ფაქტიური ამბოხება იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი არსი არ შეიცვლებოდა იმით, თუ რა ტერმინს დაარქმევდა პრეზიდენტი კიტოვანის საქციელს: პუტჩს, განდგომას, გადატრიალებას, აჯანყებას თუ რაიმე სხვას. 1991 წლის 9 სექტემბერს ზ. გამსახურდიამ კიტოვანი დაადანაშაულა `უკანონო~ ქმედებაში, რომელიც მდგომარეობდა გვარდიის ნაწილების შავნაბადას ტერიტორიაზე შეკრებაში, რათა `ისინი ჩაეთრია ანტისახელმწიფოებრივ პუტჩში~. პრეზიდენტის ბრძანება მოუწოდებდა გვარდიის ჯარისკაცებს და ოფიცრებს დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია და დაბრუნებულიყვნენ ქალაქის ყაზარმებში.
ამ დროისათვის ეროვნული გვარდიის ამბოხებულ `ნაწილებში~ იგულისხმებოდა რამდენიმე ასეული კაცი. მისი რიგები უკვე მიატოვეს 18-19 წლის გაწვევის წესით მყოფმა ახალგაზრდების ძირითადმა ნაწილმა. კიტოვანთან იმყოფებოდა ოფიცრობა, ახალგაზრდების ნაწილი, ყოფილი მხედრიონელები, `ძველი ბიჭების~ კატეგორიის იარაღის მოყვარული ხალხი, იარაღისა, რომლითაც ახლა უკვე არა `ეროვნულ~, არამედ კიტოვანის გვარდიას უხვად ურიგებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის სპეცსამსახური. `გვარდიის შევსება დაიწყო იმავე კატეგორიის ხალხით, რომელიც მანამდე `მხედრიონში~ შედიოდა. თუმცა ხსენებულ სოციალურ კატეგორიას აქაც ნოყიერი ნიადაგი დახვდა~, – წერს გიორგი წიქარიშვილი.14
ორი კვირის შემდეგ, კიტოვანის გვარდია აქტიურად ჩაება დედაქალაქის – როგორც ხელისუფლება უწოდებდა – `სამხედრო და სამოქალაქო პუტჩში~.
ორკვირიანი მიტინგური კამპანიის `აგორების~ შემდეგ, ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა სერიოზული რეაგირება მოეხდინა ქვეყანაში და დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებზე. მას უნდა შეემუშავებინა გარკვეულწილად გრძელვადიანი მოქმედების სქემა და ეპასუხა ზოგიერთი აუცილებელი გამოწვევისათვის. ალბათ ამ მიზნით, რათა შეემუშავებინათ კოლექტიური გადაწყვეტილებები ან დაედასტურებინათ გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე მიღებული იყო, 15 სექტემბერს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მეორე სესიის პირველი სხდომა შედგა.
სესიის მიერ განსახილველი 20-მდე საკითხიდან რამდენიმეა ჩვენთვის საინტერესო, როგორც ქვეყნის საერთო განვითარების ძირითადი ტენდენციის, ისე უშუალოდ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის თვალსაზრისით. პირველივე საკითხზე მსჯელობისას დაფიქსირდა აზრთა სერიოზული სხვაობა – შემდგარიყო თუ არა სესიის პირდაპირი ტელეტრანსლაცია. 78 დეპუტატი გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდა, 72-მა მხარი დაუჭირა გადაცემას, 18-მა თავი შეიკავა. კენჭისყრის შემდეგ კი სხდომა დატოვეს ოპოზიციური ფრაქციის `დემოკრატიული საქართველოს~ დეპუტატებმა, აგრეთვე თვით `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ რამდენიმე დეპუტატმა, ხოლო იმავე ბლოკში შემავალი მერაბ კოსტავას საზოგადოება საერთოდ გავიდა პარლამენტიდან. მათმა ერთ-ერთმა წევრმა გია ხავთასმა განმარტა: თავიდან ვიწყებთ შიმშილსა და მიტინგების გზას, რამაც ამ პარლამენტში მოგვიყვანაო. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო კოსტაველების ზემოაღნიშნული შიმშილობა. სულ 39 დეპუტატი გავიდა სხდომიდან.
სანამ ეს მოხდებოდა, პარლამენტარ-პროტესტანტებს თითქმის ხვეწნით მიმართა პრეზიდენტმა, დაეცვათ კანონები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო, დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას, რომელიც მათ შესაძლოა არ მოსწონდათ, მაგრამ ამას ითხოვდა კანონიერება და აქ არ იყო არაფერი `დიქტატორული~. `მე გთხოვთ, ვიპოვოთ საერთო ენა, – მიმართავდა ზვიად გამსახურდია ყოფილ თანამოაზრეებს და სხვა ოპოზიციონერებს, – მე ბევრ თქვენთაგანთან მაკავშირებს წლების მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა დაპირისპირებულ მხარეებს წარმოვადგენთ, რაც მე, სხვათა შორის, ძალიან მწყინს და მტანჯავს~. პრეზიდენტი მოუწოდებდა მათ, გაეხსენებინათ ის წლები, როცა ერთად იბრძოდნენ კეთილი საქმისათვის, საქართველოს კეთილდღეობისათვის. `გავიხსენოთ წუთები, რომლებიც ერთად გაგვიტარებია, მხარდამხარ ვყოფილვართ… მოდით, ეხლაც ვიპოვოთ საერთო ენა~. პრეზიდენტი იშვიათად იყო ასე შეშფოთებული და, როგორც ჩანს, გრძნობდა მზარდი ქაოსის წინასწარმეტყველურ შედეგს.
ზვიად გამსახურდია აფრთხილებდა კიდეც თავის ოპონენტებად ქცეულ ექსთანამებრძოლებს: ჩემს პოსტზე და თანამდებობაზე არაა საქმე, საქართველოა საფრთხის ქვეშ, უდიდესი საფრთხის წინაშე და თუ ჩვენ და ოპოზიციამ არ მოვილაპარაკეთ, არ მოვაგვარეთ საქმე, `უახლოეს ხანებში, შეიძლება უახლოეს საათებში, ამას მოჰყვეს კატასტროფული შედეგი~, რადგან ასპარეზზე გამოდის მესამე ძალაო. პრეზიდენტი მოუწოდებდა ოპოზიციას, სხდომა არ დაეტოვებინა ან მობრუნებულიყო პარლამენტში და ერთად მიეღოთ შეთანხმებული პოზიცია. ამაო იყო მოწოდება, ეტყობა, დაგვიანებულიც. თითქმის აღარ არსებობდა სულ უფრო მზარდი განხეთქილების შემაკავებელი ძალა და პოტენციური შესაძლებლობა. ძნელი იყო გამსახურდიას მოწოდების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. მის მიმართვაში არ იყო ყველაზე მთავარი, რაც მას ან არ უნდოდა მიეღო, ან ვერ ხვდებოდა მისი მიღების საჭიროებას, კერძოდ, ოპოზიციის მოთხოვნების რამენაირ გათვალისწინებას. მაგ., ამავე სესიაზე გამოსული ნოდარ ნათაძე `სავსებით ეთანხმებოდა~ გამსახურდიას ერთიანობისა და საშიშროების აცილების აუცილებლობაში, რომელიც ქვეყანას ემუქრებოდა, მაგრამ ასევე აუცილებლად მიაჩნდა მოსახლეობის ინფორმირება პარლამენტის მუშაობის შესახებ, პრესის თავისუფლება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და ა. შ. უმრავლესობას დათმობების მოთხოვნის გაგონება არ უნდოდა.
სესიაზე მიღებული იქნა დადგენილებები: ჰელსინკის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტისა და ვენის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შემაჯამებელ დოკუმენტებზე საქართველოს რესპუბლიკის მიერთების შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალებისათვის საოკუპაციო ჯარის სტატუსის მინიჭების შესახებ; მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებაზე ამ საოკუპაციო ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ. სხვათა შორის, ამ მოთხოვნით ქუჩის აქციებს აწყობდა ირ. წერეთელი, მაგრამ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის მეთაურს, უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ამ დოკუმენტისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
მთავარი იყო 2 სექტემბრის მოვლენების შეფასების საკითხი. მასზე, წესით და რიგით, დამოკიდებული უნდა ყოფილიყო ქვეყანაში იმხანად უკვე არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა. პარლამენტმა ადეკვატურად უპასუხა ამ გამოწვევას, ყოველ შემთხვევაში, მისი შესაძლებლობის ფარგლებში. დეპუტატებმა დაგმეს მიტინგის დარბევის ფაქტი, აღნიშნეს სამართალდამცავი ორგანოების კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და საკუთარ მოსახლეობასთან იარაღის ენით ლაპარაკის დაუშვებლობა. სხვათა შორის, ამ საკითხზე გამოსული ზვიად გამსახურდიას შეფასებით, 2 სექტემბრის მოვლენებით ყველაზე მეტად დაზარალდა ხელისუფლება და პრეზიდენტი. ამით გამსახურდია, თითქოს ხაზს უსვამდა ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის კონკრეტულ ფაქტში უდანაშაულობას. მან მომხდარ დანაშაულში ბრალი დასდო მომიტინგეთა შორის მყოფ პროვოკატორებს და მილიციის რიგებში `შემოპარულ… მტრულად განწყობილ ძალებს~.
უზენაესმა საბჭომ მიიღო ოთხპუნქტიანი დადგენილება:
1. დაიგმოს ამა წლის 2 სექტემბრის ექსცესები და მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი;
2. ცნობად იქნას მიღებული, რომ ამ ფაქტის გამო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება;
3. მომხდარი ფაქტის ყოველმხრივი შესწავლისა და სათანადო დასკვნების გამოტანის მიზნით უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უნდა შეექმნა საპარლამენტო კომისია ყველა რეგისტრირებული პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით;
4. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნები წარედგინებოდა უზენაესი საბჭოს სესიას.
უნდა გავიმეოროთ: 15 სექტემბრის უზენაესი საბჭოს სესია მრავალმხრივ იყო საინტერესო. თუ ზემოჩამოთვლილ დადგენილებებს შევაფასებთ, ძნელია უარვყოთ, რომ სესიამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა კრიზისით შექმნილ და განპირობებულ მოვლენებზე. პირველ ყოვლისა, მან დაგმო 2 სექტემბერს ძალის გამოყენების ფაქტი და გადაწყვეტილება მიიღო მომხდარი მოვლენის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ. სხვაგვარად, ან მეტის გაკეთებას ვერ შეძლებდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.
მაგრამ როგორც ჩანს, როგორც ქუჩაში გამოსული, ისე საპარლამენტო ოპოზიცია უკვე სრულიად სხვა ლოგიკით, მიზნით და სტრატეგიით ხელმძღვანელობდა და მოქმედებდა. მაგ., კოსტავას საზოგადოების წევრი-დეპუტატების დაჟინებული და შესაძლოა, სამართლიანი მოთხოვნით, პარლამენტმა გადაწყვიტა კენჭი ეყარა სესიის მიმდინარეობის ტელეტრანსლიაციის საკითხისათვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტის შემთხვევაში კოსტაველები უნდა დამორჩილებულიყვნენ კენჭისყრის შედეგის მიხედვით მიღებული სესიის გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ ტელეტრანსლიაციის წინააღმდეგ მისცა ხმა, კოსტაველებმა პარლამენტი დატოვეს. რამდენადაც მართებულად არ უნდა მივიჩნიოთ კოსტაველების მოთხოვნა ტელეტრანსლიაციის აუცილებლობის შესახებ, მათ მიერ კენჭისყრის უგულებელყოფა და პარლამენტიდან წასვლა არამართლზომიერი და წინასწარგანზრახული, კონფრონტაციით მოტივირებული საქციელი გახლდათ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. კოსტაველებმა, ჯერჯერობით, შიმშილობა წამოიწყეს მერაბ კოსტავას სახლის ეზოში და მოითხოვდნენ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის გადადგომას, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და პარლამენტის სხდომების ტელეტრანსლიაციას. მათს მშვიდობისმყოფელობაზე კარგად მეტყველებდა ყოფილი ჯავახიშვილის (დღევანდელი ზანდუკელის) ქუჩაზე მდგარი `ბეტეერი~, როგორც კოსტაველების საზოგადოების საომარი მზადყოფნის სიმბოლო.
უზენაესი საბჭოს 15 სექტემბრის სესიას ან მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ოდნავადაც არ შეუნელებია საპროტესტო აქციების ტალღა. პირიქით, აქამდე მიტინგების ძირითადი ინიციატორები მაინც რადიკალური პარტიები იყვნენ, მაგრამ თანდათან ამ კამპანიაში ჩაებნენ ცენტრისტულ-ლიბერალური პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები, ინტელიგენციის სხვადასხვა ფენები და შემოქმედებითი ჯგუფები. 16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შემდგარ მიტინგში მონაწილეობდნენ ბლოკი `თავისუფლება~, მწვანეთა კავშირი, სახალხო ფრონტი, `დასი~, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი, სტუდენტთა დროებითი კავშირი და სხვ. სხვადასხვა ხარისხისა და მოთხოვნების მქონე პიროვნებათა შორის სულ უფრო მატულობდნენ ცნობილი სახეები და სახელები, რომელნიც მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, ინფორმაციის თავისუფლებას. უნივერსიტეტის ეზოშივე დაიწყო მჯდომარე აქცია ზემოაღნიშნული მოთხოვნებით.
ტელერადიოდეპარტამენტის წინ, სადაც მეხუთე დღე იყო, რაც აქცია მიმდინარეობდა, დილის ექვს საათზე სამშენებლო ბლოკებით ჩახერგეს ქუჩა და სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. მიტინგი აყვირებული ტრანსპორტის გნიასში მიმდინარეობდა. იგი საღამოსაც განახლდა. სახელებიც გავიხსენოთ პროტესტანტებისა: ვალერი კვარაცხელია, დოდო შონავა, მარკ რივკინი, ზურაბ ჟვანია, ზაზა ქინქლაძე; მონაწილეთა:Lნოდარ ნათაძე, ირ. წერეთელი, გიორგი მაისურაძე, გ. ხაინდრავა… აქეთ, მთავრობის სასახლის წინ, ხელისუფლების მხარდამჭერი ყოველდღიური მიტინგებიდან `მოღალატეების~ `მტრების~ საქციელს გმობდნენ თემურ ქორიძე, გურამ პეტრიაშვილი და ბევრი სხვა, ვისაც მიკროფონთან მისვლა და ხმის მოსინჯვა, ხალხურ მოტივებზე აწყობილი სახოტბო ლექსის თქმა და ზოგჯერ სიმღერაც არ ეზარებოდა. სხვა და მომდევნო დღეებში გამართული აქციების მიმდინარეობის, მოთხოვნების გადმოცემას აღარ გავაგრძელებთ, რადგან ისინი ყოველდღიურ ხასიათს ატარებდა. უკვე 9 სექტემბერს თავად პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ მოუწოდა მთავრობის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომ მიტინგები `რეგულარული~ უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში მთავრობის სახლთან მისასვლელები ბარიკადებით, ავტობუსებით, სატვირთოებით გადაკეტეს.
სექტემბრის აქციებიდან ყველაზე მასშტაბურს წარმოადგენდა რესპუბლიკის (დღევანდელი ვარდების) მოედანზე 16 სექტემბერს გამართული მრავალათასიანი მიტინგი. მართალია, იმ დროს თბილისის ზემოაღნიშნულ სხვა ადგილებშიც გრძელდებოდა საპროტესტო თავყრილობები, მაგრამ რესპუბლიკის მოედანზე ყველა აქციის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ეს გახლდათ სხვადასხვა პროტესტანტული ჯგუფების კონსოლიდირებული გამოსვლა და ანტისახელისუფლებო ძალების ერთგვარი დათვალიერება. გამომსვლელთა პარტიულ-სოციალური კუთვნილებაც მრავალფეროვანი გახლდათ: ერთმანეთს ცვლიდნენ რადიკალი ლიდერები: ირ. წერეთელი, გ. ჭანტურია; ვითომ ცენტრისტი და არანაკლებ რადიკალი ნოდარ ნათაძე; ექსმინისტრი გ. ხოშტარია; ზეპური ინტელიგენციის წარმომადგენელი კინორეჟისორები: ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ლიტერატორი ვახუშტი კოტეტიშვილი; ზ. გამსახურდიას მიერ `თავგაცხელებულ პროვოკატორად~ წოდებული ვ. ადამია; კომუნისტი ავთანდილ მარგიანი, მწვანეთა კავშირის ლიდერი ზურაბ ჟვანია და სხვანი.
16 სექტემბრის რესპუბლიკის მოედანზე გამართულმა მიტინგმა დაადასტურა, რომ რაც არ უნდა განსხვავებული ყოფილიყო მისი მონაწილეების მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური თუ სოციალური მიზნები და მდგომარეობა, ერთი რამ საერთო ჰქონდათ – გამსახურდიას ხელისუფლებისა და მის სახელთან დაკავშირებული სისტემის შეცვლა. რეზოლუციაც შესაბამის მოთხოვნებს შეიცავდა: ზ. გამსახურდიას გადადგომა, პრეზიდენტის პოსტის გაუქმება, საპარლამენტო რესპუბლიკის აღდგენა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა; ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, პრესის, ინფორმაციის თავისუფლება.
რაც მთავარია, აწ უკვე მორალურად გაერთიანებულ ოპოზიციას ყველასათვის მისაღები და აღიარებული ლიდერი გამოუჩნდა – ექსპრემიერი თ. სიგუა. როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ახალი ლიდერი ტრიბუნაზე ავიდა სიტყვის სათქმელად, მას მიაცილებდნენ კიტოვანის ავტომატიანი გვარდიელები. `მას ხალხი მიაცილებდა, ყველა ტაშს უკრავდა. აქ მთელი თბილისის ინტელიგენცია იყო თავმოყრილიო~ – ერთგვარი გაკვირვებით შენიშნავს ისტორიკოსი მერაბ ვაჩნაძე. რომელმაც როგორც მემატიანემ დაუზარელად გადმოგვცა მაშინდელი მშფოთვარე წლების არაერთი საინტერესო ეპიზოდი.15
კი, მართლაც ქალაქის მთელი ნაღები საზოგადოება რესპუბლიკის მოედანზე იყო შეკრებილი, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მათი, ვისაც წერა, კითხვა, აზრი, თანამდებობა, მდგომარეობა, ცენზი, სახელი, ავტორიტეტი და სხვა რამ დამსახურება მოეკითხებოდა წინა ხელისუფლებაში და არა მარტო მაშინ. ბევრი დღესაც კითხულობს, როგორ მოახერხა ზვიად გამსახურდიამ ამდენი ხალხის გადამტერება. გ. წიქარიშვილიც აღნიშნავს: `გამსახურდიას ერთ-ერთი თვისება იყო განსაკუთრებული ნიჭი: დაეავადებინა ყველა თავისთავადი და მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა წლების განმავლობაში ან თუნდაც მცირე ხნით, – მისდამი რაღაცნაირი ფანატიკური, მძვინვარე, ცოფიანი სიძულვილით~.
შესაძლოა, მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეპური ინტელიგენციისა და სამეურნეო-სახელისუფლო ისტაბლიშმენტის ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებას გამსახურდია, მხოლოდ პირადი ურთიერთობების დროს თავისი ნეგატიური თვისებებით ვერ შეძლებდა. გამსახურდიამ მერაბ კოსტავასთან ერთად, დამოუკიდებლობის იდეისადმი მართლაც ძნელად დასაჯერებელი ერთგულებით და პრაქტიკული ბრძოლითაც, რომლისთვისაც მათ ბევრი პირადი რამ დათმეს, თავისუბურად ამხილეს მათი თანამედროვე ქართველი საზოგადოება, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებისათვის `მოთვინიერებული~ გახლდათ საბჭოთა სისტემის მიერ. მას არ შეეძლო მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და, შესაძლოა, ეს გონივრულიც იყო, ვიდრე ძველი დროისათვის დამახასიათებელი რევოლუციური ბრძოლა. Kკონფორმისტული ქართველი საზოგადოება უაღრესად გააღიზიანა ამ `არამკითხე~ ორიოდე ფანატიკოსის ჭკუისმასწავლებლურმა ლიდერობამ, გამბედაობამ და პრეტენზიულმა მონოპოლიამ პატრიოტობაზე, რაშიც მას არანაკლები პრეტენზია გააჩნდა.
საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად რაიმე მსხვეპრლის გაღებისა და მით უფრო თავგანწირვისათვის, რომლისკენაც მას გამსახურდია მოუწოდებდა. საამისოდ არც მოსახლეობის ფართო და სხვადასხვა ფენები იყვნენ მზად. აქ, სრულიად მართებულია გ. წიქარიშვილი და ჩვენ სავსებით ვიზიარებთ მის თვალსაზრისს, რომ საზოგადოებამ უარყო დამოუკიდებლობის ის გზა და ხარისხი, რომელსაც მისგან მოითხოვდნენ. დავამატებთ მხოლოდ იმას, რომ ქართველი საზოგადოების ამგვარი ბრძოლის ველიდან გაცლა, სადაც ის არსებითად არც მდგარა, განაპირობა და გაამძაფრა გამსახურდიას ხელისუფლების საერთაშორისო იზოლირებამ, უფრო სწორად, დასავლური სამყაროს მიერ ხელისკვრამ, მისგან მხარდაჭერის იმედის დაკარგვამ. ძნელია ქართველი საზოგადოების დადანაშაულება ამ ეპიზოდში.
დანაშაული უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ, კერძოდ იმაში, რომ ერთ დროს კომუნისტურ ხელისუფლებასთან კონფორმისტულად განწყობილმა ქართველმა საზოგადოებამ, ამჯერად მხარი დაუჭირა ეროვნულ ხელისუფლებასთან რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფებს და მათთან ერთად, ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციის გზას დაადგა.
როგორც აღვნიშნეთ, ყოველდღიური აქციები 16 სექტემბრის შემდეგაც გრძელდებოდა. ტელერადიოდეპარტამენტის შენობის წინ დამსხდარი ჟურნალისტების ჯგუფი დეპარტამენტის ახალი ხელისუფლების გადადგომას ითხოვდა. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები და დეპარტამენტის შენობის ბლოკირება წამოიწყეს. 20 სექტემბერს ვ. კვარაცხელიას ორგანიზატორობით შედგა ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა კრება, რომელმაც ტელევიზიის ადმინისტრაცია `დათხოვნილად~ გამოაცხადა. ფაქტიურად აირჩიეს ახალი ხელმძღვანელობა – კოლეგია, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ხელისუფლებას.
ხელისუფლება აქტიური თავდაცვის აუცილებელ ღონისძიებებზე გადავიდა, მაგრამ რამდენად ეფექტურად და თანმიმდევრულად, ეს მომდევნო მოვლენებმა ცხადყო. 16 სექტემბერს დააკავეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცოლ-ქმარი ლიდერები: გ. ჭანტურია და ირ. სარიშვილი. დიდად უარყოფითი რეზონანსი დაპატიმრების ფორმამ და მეთოდმა გამოიწვია. ვიღაცის ბრძანებით უკან დააბრუნეს 20 წუთის წინ აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომელშიაც ისინი ისხდნენ და რითაც საფრთხე შეექმნა თვითმფრინავში მყოფ 200-მდე მგზავრს. ეს სკანდალური დაპატიმრება კიდევ ერთი დამატებითი შტრიხი შეიქნა ზ. გამსახურდიას რეჟიმის დისკრედიტაციისათვის. შემდგომში, როცა ამ უცნაური დაპატიმრების შესახებ ეკითხებოდნენ ჟურნალისტები შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ყველა მათგანი უარყოფდა არა მარტო მის მიერ ბრძანების გაცემის შეუძლებლობას, არამედ რამენაირად მასში მონაწილეობასაც. `სანქცია მე არ გამიცია, – უარყოფდა თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე, `ჩემთვის ამის თაობაზე არაფერია ცნობილი~, – აცხადებდა რესპუბლიკის პროკურორი ვ. რაზმაძე, ამასვე ამბობდა თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურორის მოადგილე ელგუჯა მიქაშავიძე.
მერე თითქოს გაირკვა, რომ გ. ჭანტურიას პატიმრობაში აყვანის შესახებ სანქცია გაცემული ყოფილა 18 სექტემბერს შუადღისას მთაწმინდის რაიონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. ამას აცხადებდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ალეკო მიქაბერიძე. სამმართველოს უფროსი დემურ ძნელაძე განმარტავდა, რომ თვითმფრინავის უკან მობრუნება და აეროდრომზე დაშვება მგზავრებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. რაც შეეხება ბრძანებას თვითმფრინავის დაშვების შესახებ, შეეძლო გაეცა ცენტრალურ სადისპეჩეროს. სწორედ, სადისპეჩეროში დარეკეს მილიციის სამორიგეოდან. `ამას ითხოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მინისტრის მითითებით მოქმედებდნენ. ამჟამად მიმდინარეობს სამსახურეობრივი ძიება, თუ კონკრეტულად როგორ წარიმართა ეს ყველაფერი~.
ჭანტურიასთან და სარიშვილთან ერთად დააპატიმრეს მათივე თანაპარტიელი ვახტანგ ტალახაძე, ხოლო მათთან პარალელურად გ. ხაინდრავა, თ. ჟორჟოლიანი და მამუკა გიორგაძე.
21 სექტემბრის ღამეს პრეზიდენტის მომხრე მომიტინგეების დიდმა მასამ იერიშით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, `იმელის~ შენობამდე, აქციის მონაწილეებისგანაც და ბარიკადებისგან. შემდეგში ხელისუფლებას უკიჟინებდნენ, რომ მან ქართველებს ქართველები მიუსია, მაგრამ არავის უძებნია რაიმე სხვა გზა, როგორ უნდა მომხდარიყო სხვადასხვა პარტიების შტაბბინების წინ ბარიკადებში ჩამჯდარი აქციებისაგან ქალაქის განთავისუფლება: მილიციით, ჯარით, ომონით, იარაღით თუ ხელკეტებით. არც ერთი ვარიანტის განხორციელება ხელისუფლების სასარგებლოდ არ იმუშავებდა, იმას აღარავინ კითხულობდა, რომ აქციების უსასრულო გაგრძელება და გაფართოება ხელისუფლების ნელ-ნელა პარალიზებას გამოიწვევდა. უამისოდაც დედაქალაქის ნორმალური სამრეწველო-სამეურნეო-საზოგადოებრივი ფუნქციონირება შეწყვეტილი გახლდათ.
21 სექტემბრის ღამის ამბებს სხვადასხვაგვარად აღწერენ, მაგრამ ძირითადი საერთო სურათი მეტნაკლებად ნათელი იყო. არ მალავდნენ, რომ სწორედ, პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობის სასახლის წინ თავმოყრილ მომიტინგეებს და ქართველ ხალხს, `დაეცვათ ეროვნული პარლამენტი~. მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას მოადგა რამდენიმე ათასი ოპოზიციონერი, რომლებმაც იქ ჩახერგილი ავტობუსების გათრევა დაიწყო. ისინი შეაჩერა მოწოდებებმა. ამასობაში, მთავრობის სასახლესთან თბილისის სხვადასხვა უბნებიდან რამდენიმე ათასი ხელისუფლების მხარდამჭერი მივიდა. ისინი ეტყობა, პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურნენ.
ღამის სამ საათზე, ხელისუფლების მხარდამჭერთა უზარმაზარი მასა რუსთაველის პროსპექტის სიღრმისაკენ დაიძრა. გზაზე მათ გაწმინდეს რამდენიმე ადგილზე გამართული ბარიკადები და მიადგნენ `იმელის~ წინ თავდასაცავად მომზადებულ ირ. წერეთლის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ბარიკადებს. ძალები აშკარად არათანაბარი გახლდათ, ამიტომ ხელჩართული შეხლა-შემოხლა, ქვების სროლა და ხელკეტების ტრიალი `დამოუკიდებლობის~ დამცველების გაქცევით დამთავრდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მომიტინგეებს ხელისუფლების სამართალდამცავები კი არ დაუპირისპირდნენ, როგორც 2 სექტემბერს, არამედ ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრე მომიტინგეები, თანამოქალაქეები შეეჯახნენ. შემდეგში გამსახურდიას ბრალს სდებდნენ, რომ სწორედ, მან ქართველები ერთმანეთს მიუსია. საერთოდ, ყოველთვის იყო ცდები დაპირისპირების გარეგნულ, ფორმალურ დამწყებად ხელისუფლება გამოეწვიათ. უნდა ითქვას, თუ ჩავთვლით, რომ მოწინააღმდეგენი ცდილობდნენ დაპირისპირების პირველგამჩაღებლად ხელისუფლება გამოეყვანათ, ამას ისინი წარმატებით ახერხებდნენ ხოლმე. მაგრამ ეს ასე ჩანდა მხოლოდ გარეგნულად და ფორმალურად.
ავიღოთ, თუნდაც, 2 სექტემბრის ეპიზოდი – რა იყო მისი ჭეშმარიტი მიზეზი.
გამსახურდიას ბრალს სდებდნენ, სასახლის წინ გაუთავებელ მიტინგებს მართავს, ყოველდღიურად სიტყვით გამოდის, რაც პრეზიდენტს არ ეკადრება, განა იგივე არ შეიძლება ტელევიზიით გააკეთოსო. ან: მან თავისი სკამის შესანარჩუნებლად პროვინციებიდან და განსაკუთრებით სამეგრელო-სვანეთიდან მოუწოდა ხალხს თბილისში ჩამოსულიყვნენო. სწორედ, ამის წყალობით, პერმანენტული მიტინგების გამო, მთავრობის სასახლის მთელი მიმდებარე ტეროტორია ნაგავსაყრელად და ანტისანიტარიის ბუდედ გადაიქცა. ხელისუფლების დამცველი `ბრბოდან~ – ასე უწოდებდნენ სასახლის დამცველ პლებეებს ოპოზიციონერები – განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ შენობის წინ განლაგებული კარვების მობინადრე ქალები. ეს ე. წ. `კარვის ქალები~ შიშის ზარს სცემდნენ პარლამენტარ ოპოზიციონერებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, რომლებსაც ქალებთან წყევლა-კრულვაში და თუნდაც ფიზიკურ მიწევ-გამოწევაში ჩაბმა არ შეეძლოთ. სამაგიეროდ, კარვის ქალები ორივეს პროფესიონალურად ახერხებდნენ, პარლამენტში არ უშვებდნენ, ტანსაცმელს ახევდნენ, ქოქოლას აყრიდნენ დაბნეულ და გაოგნებულ ოპოზიციონერ დეპუტატებს. ერთ-ერთმა ფოტომ აღბეჭდა ნირწამხდარი დეპუტატი ნოდარ ნათაძე, რომლის გასაყვანადაც სასახლის ტერიტორიიდან და `კარვის ქალების~ რისხვისაგან შინაგან საქმეთა მინისტრის დილარ ხაბულიანის ჩარევა გახდა საჭირო. ყოველივე მსგავსი ყოველდღიურობის ხილვა, მართლაც ამაზრზენი და გულსაკლავი საყურებელი გახლდათ.
მდგომარეობის მთელი ტრაგიკომიკურობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა `კარვის ქალებისა~ და მთავრობის სასახლის წინ დაბანაკებული რეგიონებიდან ჩამოყვანილი მცხოვრებლების საშუალებით დაეცვა თავი. თავდაპირველად, მთავრობის სასახლის წინ, მილიციელები იყვნენ განლაგებულნი. ხელისუფლებას სამართლიანად ეშინოდა, რომ ოპოზიციონერები, ერთ მშვენიერ დღეს, დედაქალაქის და ხელისუფლებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ობიქტს დაიკავებდნენ. შემდგომში გაძნელდებოდა ან შეუძლებელი იქნებოდა ოპოზიციონერ მომიტინგეთა ამ ტერიტორიიდან გაძევება, ხოლო 2 სექტემბრის შემდეგ, ხელისუფლება მომიტინგეებთან სამართალდამცავი სტრუქტურების დაპირისპირებას ერიდებოდა. როგორც ჩანს, 2 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ, ხელისუფლება ბოლომდე აღარ ენდობოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს.
ხელისფლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას არ უნდოდა ან არ შეეძლო სამართალდამცავების ან ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით დაეცვა საკუთარი უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი ობიექტი – მთავრობის სასახლე. მეორე მხრივ, მასვე არ შეეძლო, რომ ეს ობიექტი მოწინააღმდეგისათვის დაეთმო, რაც შესაძლოა, საკუთარი თავის ფასადაც დაჯდომოდა. ამიტომ იგი არაპოპულარულ გზას დაადგა, საკუთარ მხარდამჭერებს მოუხმო და მათი საშუალებით გადაწყვიტა სტრატეგიული შენობის დაცვა. ამიტომ იმართებოდა აქ თვეობით პერმანენტული მიტინგები, ამიტომ გამოდიოდა გამსახურდია ყოველდღიური სიტყვებით, ამიტომ იქცა ტერიტორია `კარვის ქალებისა~ და აქ, მუდმივად მყოფი სამოქალაქო `მასების~ ბანაკად.
მას შემდეგ, რაც მთავრობის სახლი გაერთიანებული ოპოზიციისათვის მიუვალი გახდა, მან გადაწყვიტა ერთის მხრივ, სამთავრობო ტერიტორიის თანდათანობით შეზღუდვა და მისი ალყაში მოქცევა, გარშემო პერმანენტული აქციებით. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უშუალოდ მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხის მოკიდება და საკუთარი პლაცდარმის შექმნა სცადა, ხელისუფლებამ აქტიურ თავდაცვაზე გადასვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების რეალიზაცია მან 21-22 სექტემბრის ღამით რუსთაველის პროსპექტის აქციებისაგან განთავისუფლებით მოახდინა.
22 სექტემბერს ოპოზიციამ საპასუხო სვლა გააკეთა. მანაც შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა და ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაუფლება სცადა, როგორიც ტელერადიოდეპარტამენტი გახლდათ. საქართველოს დედაქალაქში სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებისათვის ბრძოლა დაიწყო, ოღონდ ჯერჯერობით, პროცესი მიმდინარეობდა მომიტინგეთა დაპირისპირების ფორმით. ტელევიზიის ბლოკირება უკვე რამდენიმე დღეა დაწყებული იყო მშვიდობიანი ოპოზიციონერი მომიტინგეების მიერ. 17 სექტემბრიდან დედაქალაქში ტელეგადაცემები, ფაქტიურად, შეწყვეტილი გახლდათ და ეპიზოდურად მიმდინარეობდა.
22 სექტემბერს რუსთაველის პროსპექტიდან განდევნილი ოპოზიცია ტელევიზიის შენობის წინ შეიკრიბა და იქ, ადრე დაწყებულ აქციას შეუერთდა, რომელიც ტელევიზიის თანამშრომლების ინიციატივით მიმდინარეობდა. რაც მთავარია, შავნაბადას ტერიტორია დატოვა და ტელევიზიის წინ განლაგდა კიტოვანის გვარდია. რაღა თქმა უნდა, ხელისუფლების კონტროლიდან გამოსული სამხედრო ფორმირებების მიერ `ტელევიზიის დაკავება (ნებისმიერი საბაბით) უკვე ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალების დასაწყისს.~16 XX საუკუნის მსოფლიოს პრაქტიკაში ტელევიზიის, რადიოს, ტელეგრაფის, მთავრობისა და პარლამენტის რეზიდენციების, ვაგზლისა თუ არსენალის დაუფლებით იწყებოდა ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალება.
თუ აქამდე, 2 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, დაწყებული საპროტესტო გამოსვლები დემოკრატიული მოძრაობის ელემენტებსაც შეიცავდა, სხვა არადემოკრატიულ ნიშნებთან ერთად, 1991 წლის 22 სექტემბრიდან მან მიიღო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ხასიათი, რომელიც წარიმართა არსებული ხელისუფლების დამხობის მიმართულებით. მოძრაობამ, რომელშიც რადიკალურ პარტიებთან ერთად მონაწილეობდნენ დემოკრატიული ძალებიც, ანტიკონსტიტუციური სამხედრო ფორმირებების ჩაბმის შემდეგ, მიიღო ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. ამიტომ ძნელი იყო რეალობის უარყოფა ეროვნული უშიშროების საბჭოს `მიმართვაში~ ქართველი ერისადმი, მსოფლიო სახელმწიფოებისა და მთავრობებისადმი. მიმდინარე მოვლენები შეფასებული გახლდათ `სამხედრო და სამოქალაქო პუტჩად~, რომელიც მიზნად ისახავდა `ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პარლამენტის დამხობას~.
ხელისუფლებამ თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მისი სრული კონსტიტუციური უფლება და ბუნებრივი ნაბიჯი გახლდათ და რაც არამარტო საკუთარი თავის დაცვით, არამედ ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, გახლდათ განპირობებული.
მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება მმართველობის ავტორიტარულ კურსს ახორციელებდა. იგი არ ითვალისწინებდა დემოკრატიული უფლებების დაცვისათვის და უზრუნველყოფისათვის მიმდინარე მოძრაობის კანონერებას, მის, როგორც საშინაო, ისე საგარეო მნიშვნელობას. ამავდროულად, ხელისუფლებამ ვერ შეძლო არასასურველი საერთაშორისო კონიუქტურის და პროცესების მიმართ მანევრირება, მეტნაკლებად ბალანსირებული კურსის გატარება. პირიქით, მისმა ხისტმა დამოკიდებულებამ დასავლეთის მიმართ, ხელი შეუწყო საქართველოს საგარეო ფაქტორებით განპირობებულ იზოლაციას, იმავე დასავლური სამყაროსგან. აღნიშნულმა ორმა ფაქტორმა საფუძველი გაუმყარა საზოგადოების გარკვეული ფენების სკეპტიციზმს საქართველოს ხელისუფლების პერსპექტივის მიმართ, არსებული რთული ვითარებიდან გამოეყვანა ქვეყანა. მიუხედავად ყოველივე თქმულისა, ხელისუფლების საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოსა დაცვისა და სტაბილიზაციის შენარჩუნებისაკენ, რაც სრულიად კანონიერი და ბუნებრივი გახლდათ. ხშირ შემთხვევაში კი ხელისუფლების მარცხიანი ნაბიჯები გამომდინარეობდა, როგორც მისი შეცდომებიდან, ასევე და უმეტესად ქვეყნის მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობიდან, რომელთა დაძლევაც მის შესაძლებლობებს აღემატებოდა.
დასასრულს დავასკვნით: 1991 წლის 2 სექტემბრიდან საქართველოში მიმდინარეობდა საპროტესტო მიძრაობა, რომელსაც ძირითადად დემოკრატიული მოძრაობის შინაარსი ჰქონდა და მშვიდობიანად უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. 22 სექტემბერს დასრულდა მშვიდობიანი სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის პერიოდი საქართველოში. ოპოზიციური აზრი სექტემბრის მოვლენებს განიხილავდა და აფასებდა, როგორც დიქტატურის წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციას. ხელისუფლება სექტემბერში დაწყებულ პროცესებს მიიჩნევდა `სამხედრო და სამოქალაქო პუტჩად~.
ჩვენი აზრით, ზემოაღნიშნული არც ერთი მოსაზრება ბოლომდე სრულად არ ასახავს რეალობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპროტესტო მოძრაობა კომბინირებული ხასიათისა იყო. დემოკრატიულთან ერთად იგი შეიცავდა რევანშისტულ მიზნებს ხელისუფლების დამხობის გზით. 22 სექტემბრამდე ეს მოძრაობა ძირითადად მშვიდობიანი, მაგრამ რადიკალური დაპირისპირების ხასიათს ატარებდა. 22 სექტემბერს მშვიდობიანი სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისა და ორმხრივი მშვიდობიანი დაპირისპირების ეტაპი დასრულდა. იგი სამხედრო ფორმირების – კიტოვანისადმი დაქვემდებარებული გვარდიელების შეიარაღებულ ამბოხში და ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში გადაიზარდა.

შეიარაღებული კონფრონტაციის დასაწყისი. 25 სექტემბერს დიდუბეში თელასის შენობაზე მოხდა შეიარაღებული შეტაკება მილიციელებსა და კიტოვანის გვარდიელებს შორის. უფრო სწორად, გვარდიელების თავდასხმის შედეგად მოკლეს სამი მილიციონერი და ორი გვარდიელი. შეტაკებები მოხდა ცირკთან და სხვა ადგილებშიც. შეტაკებები გვარდიელებსა და ხელისუფლების მომხრე შეიარაღებულ ძალებს შორის ეჭვს აღარ ტოვებდა, რომ დაიწყო და მიმდინარეობდა სამხედრო ფორმირების ამბოხი ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა გასარკვევი ის იყო, სამოქალაქო ოპოზიციიდან ვინ დაუჭერდა მხარს შეიარაღებულ ამბოხებას.
ამ მხრივ, ერთ-ერთმა პირველმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნ. ნათაძემ, რომელიც შეეცადა მკვეთრად გამიჯვნოდა შეიარაღებულ კონფრონტაციას. მან კიტოვანს მოუწოდა თავისი გვარდიელებით დედაქალაქიდან გასულიყო ცხინვალის რეგიონში, `სადაც ამას საჭიროება მოითხოვს~. მისივე მოწოდებით, კიტოვანის გვარდიელების აღნიშნული მარშრუტით გადაადგილებისათვის ხელისუფლებას ხელი არ უნდა შეეშალა და ალბათ, არც შეუშლიდა. მაგრამ ასე არ მოხდა. კიტოვანელებმა ტელევიზიის შენობაში და მის შემოგარენში დგომა, მისი ბლოკირება და თბილისური `დემოკრატიის დაცვა~ ამჯობინეს `საქართველოსათვის მძიმე ზონის~ – ცხინვალის რეგიონის დაცვას.
რაც შეეხება სახალხო ფრონტს, სიტყვიერად და პოლიტიკურად იგი თითქოს გაემიჯნა შეიარაღებულ დაპირისპირებას, მაგრამ ფაქტიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განაგრძობდა ამბოხებულთა გვერდით და მათს შემადგენლობაში დგომას.
საქმე იმაში გახლავთ, რომ `დემოკრატიის დამცველთა~ რიგებში აღმოჩნდა სახალხო ფრონტის ყოფილი შეიარაღებული ფორმირება `იმედი~. როგორც თვითონ ფორმირების ხელმძღვანელობა განმარტავდა, `იმედი~ ჯერ კიდევ 1991 წლის 3 თებერვალს შევიდა ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, განსაკუთრებული სტატუსით. მოგვიანებით, `იმედის~ ბაზაზე ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდიის სადესანტო მოიერიშე 26-ე ბატალიონი. ამავდროულად, `იმედმა~ შეწყვიტა სახალხო ფრონტში `ყოფნა~, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად, თუმცა ძნელად დასაჯერებელია, რომ ურთიერთობა პარტიასა და მის მიერ შექმნილ ფორმირებას შორის სრულიად შეწყვეტილიყო.
ყოველ შემთხვევაში, 1991 წლის სექტემბერში `იმედელები~ გადაჭრით და გარკვევით განმარტავდნენ, სად და ვის გვერდით იდგნენ. სპეციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: `იმედს~ თავის ზნეობრივ მოვალეობად მიაჩნია თბილისის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, იგი გვარდიის სხვა ნაწილებთან ერთად, დგას ტელერადიოდეპარტამენტის შენობასთან, არსად არ მიდის, არც შენობის სახით სჭირდება რაიმე თავშესაფარი და მზადაა დაიცვას მოსახლეობის უსაფრთხოება~. განცხადებას ხელს აწერდნენ: დავით ხომასურიძე, პაატა ნაზარიშვილი, გია მიქელაძე, დავით გაგნიძე, ვაჟა ჯალიაშვილი, შმაგი ლიკლიკაძე, ლევან ასლანიკაშვილი. ის, რომ `იმედი~ თავის დამფუძნებელ ორგანიზაციას, მხოლოდ სიტყვიერად გაემიჯნა და მისი ტელევიზიასთან და კიტოვანის გვარდიასთან `თანადგომა~ ამ უკანასკნელთან სახალხო ფრონტის ფაქტიურ სოლიდარობას ნიშნავდა, ამას თავად მრავალ შეცდომათა და ცდომილებათა მაღიარებელი ნ. ნათაძეც გვიდასტურებს: `ღამე, რა თქმა უნდა, ძირითადად ტელევიზიასთან ვიყავი ხოლმე, რადგან `იმედის~ ერთი ჯგუფი ამ ორგანიზაციის თავკაცის დავით ხომასურიძის მეთაურობით იქ იმყოფებოდა… გამონაკლისი ერთი-ორი ღამე იყო, როცა ამა თუ იმ მიზეზით მშვიდი ვითარება იყო მოსალოდნელი და შინ წავედი.~17 ამ სიტყვებისა და ინფორმაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ დგება ზემოაღნიშნული ნათაძის მოწოდება, თითქოს იგი ემიჯნებოდა შეიარაღებულ მხარეებს. ფაქტიურად იგი, მისი ორგანიზაცია და შეიარაღებული ფორმირება დღე და ღამე იცავდა შეიარაღებული ამბოხების გზაზე დამდგარ ქართულ დემოკრატიას და კიტოვანის ანტისახელმწიფოებრივ ფორმირებას ხელისუფლებისაგან.
მაგრამ არც თუ რთულ ვითარებაში დაბნეულ, შეიარაღებული დაპირისპირების მგმობელ და მაინც ფაქტიურ-ფიზიკურად ამბოხებული მხარის ბანაკში მყოფ ნ. ნათაძეს, მაინც არ უნდა დავუვიწყოთ გულუბრყვილო მშვიდობისმოყვარეობის ბევრთაგან ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა მან სპორტის სასახლეში განლაგებულ ომონის წინააღმდეგ კიტოვანის გვარდიელთა საიერიშოდ წასვლას ხელი შეუშალა. ამ ეპიზიდში უფრო მეორე ამბავია საინტერესო, რომელსაც სახალხო ფრონტის უცვლელი თავკაცი გადმოგვცემს. ტელევიზიაში მისვლის დროს ნათაძემ შენიშნა 30-35-კაციანი ე. წ. ქუთაისის ბატალიონის გვარდიელები, რომლებსაც სპორტის სასახლეში მყოფი პრეზიდენტის ომონელების გასაძევებლად გზავნიდნენ. ნათაძემ დაარწმუნა კიტოვანი, რომ სამხედრო თვალსაზრისით სპორტის სასახლის დაკავებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ტყუილუბრალოდ შეიძლებოდა სისხლი დაღვრილიყო. ნათაძე მოგვითხრობს: `მიუხედავად ამისა, იქ ტრიალებდა ორი კაცი (თუმცა მართალი ვთქვა, აქ ამ სიტყვის ხმარება მიჭირს კიდეც) და ბრძოლაში მიმავლებს აგულიანებდა `მიდით, მიდითო!~ (განა `მივიდეთ, მივიდეთ!~ არა, თქვენ `მიდით, მიდითო!~). ერთი იყო რეჟისორი ელდარ შენგელაია, მეორე – მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი (ამის მოწმედ ვასახელებ რეზო ჭანკვეტაძეს და იმ რაზმის სხვა მონაწილეებს, რომლებიც, იმედია, ცოცხლები არიან),~ _ გვარწმუნებს ნ. ნათაძე.18
სახალხო ფრონტის თითქოს შუალედური პოზიცია უფრო პოლიტიკურ განცხადებებში გამოიხატებოდა, თორემ მისი წევრების ტელევიზიასთან დგომა, ფაქტიურად ამბოხებული კიტოვანის გვარდიის სოლიდარობას და მის თანადგომას ნიშნავდა. იგივე და უფრო მეტადაც უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის, ელიტარული ინტელიგენციის და ზოგიერთი ზომიერი პარტიების შესახებაც.
ის, რომ ბევრი ცნობილი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლის მოღალატედ და კრემლის აგენტად მონათვლა სრულიად არაჯანსაღი და დამღუპველი მოვლენა გახლდათ, ამის შესახებ ზემოთ გვქონდა საუბარი. მაგრამ ხელისუფლებას ნამდვილად გაუჭირდებოდა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეენარჩუნებინა ისეთი ორგანიზაციისადმი, როგორიც მაგ., რუსთაველის საზოგადოება გახლდათ. ამ საზოგადოების თავმჯდომარე თ. სიგუა, ხელისუფლებასთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიციის მთავარი სულისჩამდგმელი, კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას. სექტემბრის მეორე ნახევარში რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე – სწორედ, ამ სტატუსით მიმართავდა თ. სიგუა `ქართველ ხალხს~, წერდა: `იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ხელს უშლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას, იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ეკონომიკური კრახისაკენ მიაქანებს ქვეყანას, იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ლახავს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს… ამწვავებს ეთნოკონფლიქტებს… ერთმანეთს უპირისპირებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებს… მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ ტრაგედიას ვერ ავიცილებთ.~19
უკანასკნელი სიტყვები მუქარად გაისმოდა. რაც მთავარია, თ. სიგუა მხოლოდ პიროვნულად არ გამოთქვამდა თავის აზრს – რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის სტატუსით მიმართავდა ხალხს. პოლიტიკური ლექსიკონის ენაზე ეს ნიშნავდა, რომ სიგუა რუსთაველის საზოგადოების სახელით ლაპარაკობდა და ეს პოზიცია ოფიციალური გახლდათ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პოზიციას რუსთაველის საზოგადოების მთელი შემადგენლობა ალბათ არ იზიარებდა. არადა, ვინ არ შედიოდა რუსთაველის საზოგადოების ბირთვში: აკაკი ბაქრაძე, გურამ გეგეშიძე, კობა იმედაშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ოთარ ჭილაძე… ეტყობა, ჩვენს უგამოჩინებულეს მოღვაწეებს თამაშად უჩნდათ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა და ვერ აცნობიერებდნენ სამოქალაქო ესკალაციის მოსალოდნელ შედეგებს. ახლა მაინც ვიცით, გამსახურდიას პრეზიდენტობის სიმახინჯეები რაოდენ უწყინარი მანკიერება იყო იმასთან შედარებით, რაც მის ძალისმიერ დამხობას მოჰყვა.
რაც შეეხება იმას, რომ სიგუას მიმართვის პათოსს და მოთხოვნას არ იზიარებდა რუსთაველის საზოგადოების მთელი მრევლი, იქიდანაც ჩანს, რომ ბევრმა რუსთაველელმა გამოუგზავნა გაზ. `მამულის~ რედაქციას თავისი უარყოფითი აზრი, სიგუას წერილის შესახებ. მაგ., საზოგადოების ახალქალაქის, თბილისის დიდუბის სარაიონო და სხვა განყოფილებების სახელით, ბევრ კრიტიკულ აზრს ხელისუფლებისადმი მხარს უჭერდნენ, მაგრამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ემიჯნებოდნენ. `ადამიანების სიცოცხლის ფასად მოპოვებული არც თავისუფალი პრესა მინდა და არც ტელეგადაცემები. საქმე უნდა გაკეთდეს ცოტა დინჯად, ხალხს ნერვები აღარ უვარგა. მთელი ორი თვეა გამოსულები ვართ წყობიდან. ჩვენთვის არც სამსახურია, არც დასვენება, არც სწავლა. ის პოლიტპატიმრებიც ცოცხლები არიან, მართალია, მძიმე პირობებში არიან, მაგრამ უდანაშაულო ხალხი კი შეეწირა ამ საქმეს.~20 რით არ სჯობდა რუსთაველის საზოგადოების ერთი რიგითი წევრის, ვინმე დ. თაყაძის ეს აზრი ამავე საზოგადოების სახელიანი წარმომადგენლების პათეტიურ მოწოდებებს, ხელისუფლების დამხობის შესახებ.
ამასობაში გრძელდებოდა შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილება, თბილისის ტერიტორიების გავლენის სფეროებად დანაწილება-მითვისების მიზნით. მას შემდეგ, რაც კიტოვანის რამდენიმე ასეულმა გვარდიელმა, ყოფილმა მხედრიონელებმა და მათმა მხარდამჭერმა მოხალისე მოქალაქეებმა ტელევიზია დაიკავეს, ხელისუფლების მომხრეები ვარაზის ხევსა და ზოოპარკის მიდამოებს მოედვნენ და ისე, რომ გარკვეული კონკრეტული უბანი არ დაუკავებიათ, ინტენსიურად გადაადგილდებოდნენ და ამ გზით, აკონტროლებდნენ ქალაქის მთელ სივრცეს, სადაც კიტოვანელებს ხელი არ მიუწვდებოდათ. კიტოვანელების ხელში იყო აგრეთვე ცირკი და მისი გარეშემო მაღლობი. 24 სექტემბერს კიტოვანის გვარდიელებმა ფილარმონიის შენობის დაკავება სცადეს, ხელოვნების მუზის ქანდაკებასთან მიტინგიც გაიმართა, მაგრამ მერე, ეტყობა, გადაიფიქრეს და კვლავ ტელევიზიას დაუბრუნდნენ. 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის ნაწილებმა კიტოვანის მიერ მიტოვებული შავნაბადას ტერიტორია და შენობები დაიკავეს. რაოდენობრივი, სამხედრო და სტრატეგიული უპირატესობა ხელისუფლების მხარეზე იყო, მაგრამ გამსახურდიას ადმინისტრაცია `დიქტატორისათვის~ სრულიად შეუფერებელ კაცთმოყვარეობას იჩენდა და მეტნაკლებად `ძლიერი ხელის~ ნებასაც კი არ ავლენდა.
შეიარაღებული ჯგუფების უწესრიგო გადაადგილებებმა, მათ შორის მომხდარმა შეტაკებებმა და ადამიანთა მსხვერპლმა, რაც უჩვეულო, ჯერ კიდევ ახალი იყო დედაქალაქისათვის, შეაწუხა საზოგადოების გონიერი ნაწილი. მედიაში გაჩნდა შეშფოთებული სტატიები, ცუდი წინათგრძნობის მანიშნებელი გამოსვლები, მოწოდებები. რომელ პარტიას, ბანაკს, ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ეს ადამიანები?
როდესაც ჩვენ ვიყენებთ ტერმინს გარკვეული საზოგადოებრივ-სოციალური ფენის აღსანიშნავად, მაგ., ელიტარული ინტელიგენციას, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იგი მოიცავს ან მოიცავდა ინტელიგენციის მთელ ავანგარდულ ნაწილს, რომელიც მხარს უჭერდა შეიარაღებულ ოპოზიციას ან მის ბანაკში იდგა. ჩვენს საზოგადოებაშიDდღესაც ბევრი ფიქრობს, რომ მთელი ე. წ. ელიტარული ინტელიგენცია გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ იყო განწყობილი ან ებრძოდა მას. უფრო პირიქით იყო საქმე. ინტელიგენციის შემოქმედებითი და გამორჩეული ზედაფენის, მეცნიერების, მწერლობის, კულტურის უამრავი ავტორიტეტული წარმომადგენელი გამოხატავდა ხელისუფლების მხარდაჭერას, მის ბანაკში იდგა, თუმცა ცდილობდა ყველანაირად, რომ ერთ ბანაკში დგომა მეორე ბანაკის წინააღმდეგ რამენაირი კონფრონტაციული ქმედებით არ გამოეხატა. მათი პოზიცია ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ – ხელისუფლების ბანაკში დგომა არ ნიშნავდა, მეორე ოპოზიციური მხარის წინააღმდეგ ბრძოლას. აი, ამ ფორმულას მთლიანად ინტელიგენციის და მისი ელიტარული ფენის დიდი ნაწილი იზიარებდა. ამ რეალობას ხშირად ივიწყებენ.
ვის ბანაკში მდგომად უნდა მივიჩნიოთ ქართული პოეზიის მშვენება ანა კალანდაძე, რომელიც სწორედ იმ დღეებში, წერდა: `ერთი ბრძნული ნათქვამი მაგონდება – ყველაზე ღონიერი საკუთარი თავის მომრევიაო. ეს ხომ ჩვენს ხელში ჩაბუდებული ეშმაკის დათრგუნვას გულისხმობს, დაძლევას სატანისას, ნიადაგ ერთმანეთის გაუტანლობას და ერთმანეთისათვის ანგარიშგაუწევლობას რომ გვიქადაგებს, ნიადაგ ძმათა ჟლეტისაკენ რომ მოგვიწოდებს და მოყვასის მიმართ სიძულვილით რომ გვავსებს!~ ძალიან, ძალიან ძნელი იყო ერთხელ მიღებული `შეხედულების შეცვლა~, მაგრამ აი, სწორედ ამისკენ მოუწოდებდა გაღმა მდგომებს ანა კალანდაძე, რათა ეს გაეკეთებინათ ისეთი `დიდი და ნათელი მიზნისათვის~, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა გახლდათ.
ოფიციალურ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეწყვეტილი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებას მოუწოდებდა უზენაეს საბჭოს, დეპუტატი და აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, რათა პარლამენტში გადაეტანათ მწვავე საკითხებზე მსჯელობა, `მიტინგებიდან და ბარიკადებიდან.~
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა სარგის ცაიშვილმა `ღია წერილი~ გაუგზავნა თენგიზ კიტოვანს. კი, უხინჯო და უცდომელი არ არის დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ მასთან დიალოგი და კრიტიკა მშვიდობიანი გზით უნდა მიმდინარეობდეს. სამწუხაროდ, მშვიდობიან ოპოზიციას `შეიარაღებული ფორმირებები~ და ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეერწყაო – განუმარტავდა მეცნიერი გასამხედროებულ მხატვარს. `ასეთ დროს კი აჩქარებული ექსპერიმენტები, მით უფრო უხეშ ძალაზე დამყარებული, ეროვნული კატასტროფის დანისპირზე აკვიატებული სვლა, მხოლოდ ისეთ შედეგს გამოიღებს, რომელთა გამოსწორებაც, ალბათ უკვე შეუძლებელი იქნება~. ბოლოს, გვარდიის სარდალს ამუნათებდნენ: `ამიტომ, ბატონო თენგიზ, ვიდრე არ არის გვიან, უნდა გადადგათ ის კეთილშობილური ნაბიჯი,~ – ე. ი. შეწყვიტოთ ხელისუფლებასთან შეიარაღებული დაპირისპირებაო.
უთანხმოებებს მოლაპარაკებით, აზრთა სხვადასხვაობებს ურთიერთდათმობების გზით უნდა მოვუაროთ, სხვა გზა არ არსებობს. ჩვენმა ხალხმა კანონიერი გზით გადაწყვიტა თავისი ბედი და ჰყავს თავისი არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი. ახლა უკვე მსჯელობა, გვჭირდება თუ არა პრეზიდენტი, `ულოგიკობად ჩანს~. რით იყო ეს აზრი პრეზიდენტის გადაყენების აზრზე ნაკლებად ლოგიკური, ან რით იყო მისი ავტორი აკად. ქეთევან ლომთათიძე იმათზე ნაკლები `ინტელიგენციის წარმომადგენელი~, რომელნიც პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვდნენ.21
ან სხვა გაფრთხილებების, ხელისუფლებისადმი ლოიალობის, ურთიერთშეწყნარების, მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების და მედიაში და ქუჩაში გაჩენილი მრისხანე სიტყვის: `სამოქალაქო ომის~ საშიშროების თავიდან აცილების, ამიტომ ოპოზიციისაგან გამიჯვნის და მსგავსი მოწოდებების ავტორები, რომელნიც იყვნენ ქართული ინტელიგენციის, მწერლობის, ხელოვნების, კულტურის უამრავი წარმომადგენლები. ისინი ბევრნი იყვნენ და თავიდანვე ემიჯნებოდნენ საშიშ კონფრონტაციას ხელისუფლებასთან და მიუხედავად შესაძლო კრიტიკული აზრისა, არ გაჰკარებიან ანტიკონსტიტუციურობის, ანტიკანონიერებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების დამღუპველ ზღვარს:
22 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ბ. გუგუშვილმა ტელევიზიით მიმართა თ. კიტოვანს. მიმართვის დასაწყისში მან გულახდილად ახსნა ის, რაც წინაღამით მოხდა თბილისში. კერძოდ, მთავრობის სასახლის წინ `პრეზიდენტისა და ხელისუფლების თხოვნის შესაბამისად~, შეიკრიბა ათიათასობით თბილისელი და რაიონიდან ჩამოსული `პატრიოტი~. იგულისხმებოდა, რომ ამავე `თხოვნის~ საფუძველზე, შეკრებილები დაიძრნენ რუსთაველის პროსპექტის სიღრმისაკენ და `ექსტრემისტული ოპოზიციის ბარიკადების ასაღებად~. მოხდა შეხლა-შემოხლა, დაშავდნენ ადამიანები, მაგრამ `მძიმედ~ არავინ დაშავებულა. `ამჟამად რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისაგან გაწმენდილია~. ერთადერთ საშიშროებას მოსახლეობის უშიშროებისათვის წარმოადგენდა ეროვნული გვარდია და სწორედ, ამიტომ მიმართავდა პრემიერ-მინისტრი ექსსარდალ კიტოვანს.
`ბატონო თენგიზ, გთხოვთ იგრძნოთ თქვენი პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაში, მთელი ქართველი ხალხის წინაშე~. კიტოვანს თხოვდნენ დაეშალა უკანონო ფორმირება ან გადაეცა ხელისუფლების განკარგულებაში. მას და სხვებს აძლევდნენ პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების გარანტიას. შეთავაზებული პირობები არ შელახავდა არავის სამხედრო თავმოყვარეობას, სამაგიეროდ კი `შვებას მოუტანდა მთელს ერს, თქვენც, თქვენს ოჯახსაც, ისევე როგორც თქვენს გვარდიელებსა და მათ ოჯახებს. ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გთხოვთ გადადგათ ეს ვაჟკაცური და ჰუმანური ნაბიჯი~.
იმ დაძაბულ დღეებში, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პირველად დაიღვარა სისხლი და თითქოს მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელი ჩანდა, ორი სრულიად არასტანდარტული ხმა გაისმა საერთო მოწოდებებს შორის. ერთ-ერთი მათგანის ავტორი გახლდათ თვით ამბოხებული თ. კიტოვანის მამა შოთა კიტოვანი. კი, ავტორი შენიშნავდა ხელისუფლებისა და მისი მეთაურის შეცდომებს, მიუთითებდა, რომ გამსახურდიამ გაანაწყენა ზოგიერთი ახლანდელი ოპოზიციონერი და ყოფილი თანამებრძოლი, როცა ერთპიროვნულად, სხვებთან შეუთანხმებლად გაანთავისუფლა მაღალი თანამდებობებიდან. ამით პრეზიდენტმა `ჩრდილიც კი მიაყენა იმ ამაგს, რომელიც თქვენ მიგიძღვით ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. რა თქმა უნდა, ეს დიდად გულსატკენია, ასე რომ, გაქვთ საბაბი, შეეკამათოთ ასეთ ქმედებას~. თავის შვილთან ერთად სიგუასაც, სხვებსაც მიმართავდა 80 წლის ბერიკაცი, მისივე თქმით, `დღე-დღეზე რომ ელოდებოდა სიკვდილს~.
მაგრამ თქვენი მიზანი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს პოზიციები, ხომ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა. ან განა არ იცით, რომ გამსახურდიამ თუ მოსკოვის პუტჩისტებს დაუთმო, ეს ტაქტიკური მოსაზრებით თუ გააკეთა, რათა საშინელი სამხედრო აგრესია აეცილებინა საქართველოსათვის. `შვილო თენგიზ, შვილებო… დაუთმეთ ოფიციალურ ხელისუფლებას და მის ხელმძღვანელს ზვიად გამსახურდიას. ხოლო გვარდიელები, ის პირტიტველა ბიჭები, გადააბარე მათ…~ შოთა კიტოვანს არც ის ავიწყდებოდა, რომ ახალგაზრდა გვარდიელები მისი შვილის `განუზომლად ერთგულები~ იყვნენ და მათი მეთაურიც გრძნობდა ახალგაზრდების მიმართ პასუხისმგებლობას.
`მამის წერილი შვილს და საზოგადოებრიობას~ თხოვნით მთავრდებოდა: `გამონახეთ საერთო ენა, გაერთიანდით, რადგან ერთიანი საქართველოს მომრევი ამ ქვეყნად არავინ მეგულება. შერიგდით! დათმეთ! გააკეთეთ ეს იმ სანუკვარი მიზნისათვის, რომელიც ორივე მხარეს ერთნაირად გაწუხებთ, – ქართველი ხალხისათვის, მისი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
თქვენს შერიგებას ელოდება, შვილო, ამდენ უსამართლობასთან მებრძოლი ქართველი ხალხი, სრულიად საქართველო~.
ვერა, ვერც მამის უკანასკნელმა თხოვნამ გაჭრა, ისევე, როგორც შოთა კიტოვანის იმქვეყნად წაღებულმა რწმენამ, რომ თითქოს მისი შვილი `ბარიკადების მეორე მხარეს მყოფ ქართველის წინააღმდეგ იარაღს არასოდეს შემართვდა.~22 თითქოს ყველაფერი, რაც ხდებოდა საქართველოში, ფატალური აუცილებლობით მხოლოდ ერთი _ კატასტროფული შედეგით უნდა დასრულებულიყო.
იმავე დღეებში, თბილისში ხმა გავრცელდა, ვ. ადამიას შეიარაღებულ ფორმირებას მერაბ კოსტავას დედა ოლღა დემურია-კოსტავა მძევლად ჰყავსო. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გადაჭარბებული იყო. ვ. ადამიაც უარყოფდა ჭორს, მაგრამ ინფორმაციაში სიმართლის დიდი დოზაც ერია, რისი უარყოფაც ადამიას გაუჭირდებოდა. კოსტაველები მაშინდელი ჯავახიშვილის (დღევანდელი ზანდუკელის) ქუჩის დასაწყისში საცხოვრებელი სახლის ეზოში იყვნენ დაბანაკებულნი, სადაც, სხვათა შორის, გარდა მერაბ კოსტავას დედისა, ვ. ადამიაც ცხოვრობდა. ჰოდა, ახლა, როცა ადამიას მოშიმშილე და შეიარაღებული ბიჭები მისსავე მშობლიურ ეზო-სახლში დაბანაკებულიყვნენ, არამარტო კოსტავას დედა, არამედ ვ. ადამიას სხვა მეზობლებიც და ახლო უბნელებიც კოსტავას შეიარაღებული ფორმირების ფაქტიურ და უნებურ მძევლებს წარმოადგენდნენ. რაიმე გაუთვალისწინებელი შეიარაღებული შეტაკევის ან სროლის შემთხვევაში მშვიდობიან მოსახლეობას სასიკვდილო საფრთხე ელოდა. ეზოშივე იდგა კოსტაველების სამხედრო ძალისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მეტყველი სიმბოლო – ჯავშანტრანსპორტიორი.
აი, ყველაფერ ამის შესახებ კომენტარი სთხოვეს მერაბ კოსტავას დედას მისი მდგომარეობით შეწუხებულმა გაზ. `ახალგაზრდა ივერიელის~ ჟურნალისტებმა. ოლღა დემურიამ უარყო ინფორმაცია მისი რამენაირი შევიწროვების შესახებ, მაგრამ არც დიდი უკმაყოფილება და გულისწუხილი დაუმალავს. `როცა მშვიდობიან ეზოში ჯავშანტრანსპორტიორი დგას, როცა იარაღდები, ეს იარაღი, ცხადია, ვიღაცას უნდა ესროლო… ხალხს უნდა ესროლო… იმ ხალხს, ვინც ასე ერთსულოვნად აირჩია ზვიად გამსახურდია და ზვიადმაც ეს ხალხი გამოიყენა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის და ხელისუფლების დასაცავად. მეტი რაღა უნდა ქნას ზვიად გამსახურდიამ – ევედრება, შევრიგდეთო… არ ვიცი, მეტი რაღა დემოკრატია უნდათ…~ ამ მცირე კომენტარიდანაც ცხადად ჩანს, ვის ამართლებდა და ამტყუნებდა მერაბ კოსტავას დედა, რომლის შვილის სიყვარულითაც ასე მოჰქონდათ თავი გამსახურდიას ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ კოსტაველებს.23
28-29 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს შენობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. პირველ დღეს, თითქოს შეთანხმდნენ განიარაღების პირობების, ფორმის, ვადების თაობაზე, საუბრის დაწყების შესახებ. მაგრამ, მეორე დღეს, ოპოზიციის მხარემ წარმოადგინა `განცხადება~, რომელშიც წამოყენებული იყო მოთხოვნები პრეზიდენტის გადადგომის, საერთოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების და სხვა ძველად უკვე არსებული პრეტენზიების შესახებ. ბუნებრივია, მოლაპარაკებები შეწყდა. აქ უკვე დემოკრატიის დაცვაზე აღარ იყო საუბარი. ოპოზიციას ხელისუფლებასთან ბრძოლა ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც არ უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, მასაც მშვენივრად ჰქონდა მოსალოდნელი კატასტროფა წარმოდგენილი, მაგრამ მიზანი უღირდა საშუალებად. არსებულ `დიქტატურასთან~ შერიგება ოპოზიციის სპექტრისათვის, მისი სხვადასხვა ფენისათვის, როგორც ჩანს, უფრო დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე ის, რაც მოსალოდნელი გახლდათ.
ახლა, ერთი პასაჟი უნდა ამოვიწეროთ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის `განცხადებიდან~, რომელიც შემდეგში გამოგვადგება. მოლაპარაკების ჩაშლისათვის პრესცენტრი უფლებამოსილების სტატუსით პასუხისმგებლობას მოსალოდნელი შედეგების გამო, ოპოზიციას აკისრებდა და წერდა: `დესტრუქციული ძალები მიზნად ისახავენ კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რაც ანტიკონსტიტუციურ, სისხლის სამართლის წესით დასჯად მოქმედებად არის მიჩნეული ყველა ქვეყანაში.
შექმნილ სიტუაციაში საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება დედაქალაქში წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობის აღსადგენად.~24 ვაფიქსირებთ, ხელისუფლებას სრული უფლება ჰქონდა, მსგავსი განცხადება გაეკეთებინა და შესაბამისი ზომები მიეღო, მასთან დაპირისპირებული შეიარაღებული ამბოხებულების მიმართ. საქართველოს იმჟამინდელი კი არა, არც რომელიმე მანამდელი და მისი შემდგომი, არც ერთი ხელისუფლება არ გახლდათ დემოკრატიის განსახიერება, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიას შეეძლო მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, უნდა მიეღო და ვალდებულიც იყო ყველა არსებული კანონიერი საშუალების ფარგლებში პრაქტიკულად დაეცვა სახელმწიფო და სამოქალაქო მშვიდობა მოსალოდნელი საფრთხისაგან.
1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მიჯნაზე უკვე აღარ შეიძლებოდა იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში დემოკრატიისათვის ან მისი ჩახშობისათვის მიმდინარეობდა ბრძოლა. უბრალოდ და ცალსახად ჩამოყალიბდა ან ყალიბდებოდა ორი შეიარაღებული მხარე – ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელნიც, როგორც ჩანდა, საბოლოოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ღონისძიებები, ქმედებები უფრო შემრიგებლობის, დათმობის, სტაბილიზაციისაკენ ტენდენციას ამჟღავნებდნენ. 1 ოქტომბერს პრეზიდენტის `განცხადებაში~ ოპოზიციას მოუწოდებდნენ, როგორმე აერიდებინა იქნებ თავიდან `საშიში დაპირისპირება~. პრეზიდენტი ჰპირდებოდა შეიარაღებულ ოპოზიციას, რომ `დამნაშავეები~ არ დაისჯებოდნენ, თუკი ისინი იარაღს ჩააბარებდნენ და მშვიდობიანად მიაშურებდნენ სახლებს. თუკი ისინი დაიშლებოდნენ, დაუყოვნებლივ შეწყდებოდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
იმავე დღეს, გამოქვეყნდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებდა ყველა იმ პირს, რომლებმაც აგვისტო-სექტემბრის თვეებში ან ორგანიზაცია გაუკეთეს, ან მონაწილეობდნენ `ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში~. ერთადერთ პირობად ხელისუფლება ითხოვდა 3 ოქტომბრის 12 საათამდე ყველა ასეთ პირს ნებაყოფლობით ჩაებარებინა იარაღი, საბრძოლო მასალა და უარი ეთქვა შეიარაღებულ კონფრონტაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
პრეზიდენტის ბრძანებულება შეუსრულებელი აღმოჩნდა, როგორც მისი ადრინდელი ბრძანებულებები. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა ტელევიზიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. კიტოვანელებს, ტელევიზიის წინ, უმეთვალყურეოდ დატოვებული ერთი ქვემეხი ედგათ. ზოგი ცნობით, ამ ქვემეხიდან ესროლეს მოპირდაპირე მხარეს აგრომრეწვის შენობას, ზოგი ცნობით კი, იმავე შენობის მიმართულებით ცირკის ტერიტორიიდან ისროლეს. ფაქტია, ქვემეხიც ჩაერთო ურთიერთდაპირისპირებაში და როგორც ნ. ნათაძე მართებულად განმარტავს, ფსიქოლოგიური შტრიხით, შექმნილმა ვითარებამ, `ინფანტილური უდარდელობით და წვრილმეზობლური ღვარძლით შექმნილი კინკლაობა უცებ იმ გამოუვალ ხაფანგად აქცია, რომლიდანაც თავის დაღწევა მონაწილეებს აღარ შეეძლოთ.~25
ხოლო იმ კომპრომისებს, შეთანხმებებს თუ ურთიერთდაპირებებს, რომლებსაც ხელისუფლება და ოპოზიცია აღწევდნენ, დროებითი და ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. უკვე ჩანდა, რომ კომპრომისი საბოლოო თანხმობისაკენ კი არ იყო გამიზნული, არამედ დროებითი შესვენებისათვის, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მხარეები კიდევ უფრო მომზადებულნი დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს.
ერთ-ერთი დროებითი მნიშვნელოვანი შეთანხმება საპატრიარქოს ინიციატივით და ძალისხმევით მოხდა. 2 ოქტომბერს თ. კიტოვანმა და ვ. ადამიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ძალითაც ორივე პიროვნებისადმი დაქვემდებარებულ შეიარაღებულ ფორმირებებს უნდა დაეტოვებინათ დედაქალაქი. `უახლოეს დღეებში თბილისში არც ერთი ჩვენგანი აღარ იქნება~, – აცხადებდა თ. კიტოვანი. `ჩვენ ყველამ მაინც უნდა დავტოვოთ ქალაქი~, – ამასვე იმეორებდა ვ. ადამია და ნოსტალგიურ ტონზე დაასკვნიდა: `ფაქტობრივად მიწევს დავტოვო ჩემი სახლი, ეზო, სადაც ოთხი ათეული წელი გვერდიგვერდ მიცხოვრია მერაბ კოსტავასთან ერთად.~26 საფიქრებელია, რომ ადამიას მეზობლებმა შვებით ამოისუნთქეს, მათ მაინცდამაინც არ უნდა დასჭირვებოდათ თავიანთ უბნელთან მის რაზმელებთან და ჯავშანტრასპორტიორთან გამოთხოვება.
2 ოქტომბრის შეთანხმება, მართლაც ითვალისწინებდა კიტოვანისა და ადამიას ფორმირებების მიერ არამარტო დისლოკაციის ადგილების შეცვლას, არამედ `ქალაქიდან გასვლას~. კანონიერების თვალსაზრისით, მეტად საეჭვოდ გამოიყურებოდა `შეთანხმების~ პასაჟი, რომლის მიხედვითაც შეთანხმებული მხარეები თავიანთ სამოქმედო პერსპექტივის განმსაზღვრელ საფუძვლად არსებულ კანონმდებლობას ფაქტიურად უარყოფდნენ და ამით კანონგარეშედ აცხადებდნენ თავს. სხვაგვარად ვერ წაიკითხება შემდეგი: `აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ მიიღებს რეპრესიულ ღონისძიებებს, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ საკუთარი მოქალაქეობრივი და პატრიოტული მრწამსის მიხედვით~.
სრულიად სხვა და ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი გარემოებაა, ზნეობრივად მართალნი იყვნენ თუ არა `შეთანხმების~ ხელმომწერი მხარეები. აქ პრობლემისადმი მხოლოდ ერთადერთი მიდგომით და კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ჩვენთვის საინტერესო მოვლენა – სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის არსებული საყოველთაო ნორმებით. ამ ნორმის მიხედვით, კი იმჟამინდელ საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა `შეთანხმებული~ კიტოვანი და ადამია აყენებდნენ `საკუთარ მოქალაქეობრივ და პატრიოტულ მრწამსს~. საკითხი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე სირთულის შემცველია, პირიქით, მარტივია, თუ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნებთ და მეცნიერულად შევაფასებთ. `შეთანხმებული~ შეიარაღებული ფორმირებების მეთაურები ფაქტობრივ-იურიდიულად კანონგარეშე აცხადებდნენ თავს და სულ ერთი იყო, სად იქნებოდნენ, ქალაქში თუ ქალაქგარეთ, რკონში თუ ცხინვალის რეგიონში, თბილისის ზღვაზე თუ პალიასტომის ტბაზე. საინტერესოა, რომ ამ `შეთანხმების~ პროცესს არ ესწრებოდა ოფიციალური ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. მას ესწრებოდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ წარგზავნილი მღვდელმსახურები დეკანოზი ელიზბარი და არქიმანდრიტი გიორგი. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი იყვნენ ოპოზიციონერი პარლამენტარები, რომელნიც, კაცმა არ იცის, აცნობიერებდნენ თუ განზრახ ხუჭავდნენ თვალს ამ ანტიკონსტიტუციურ `შეთანხმებაზე~, რომელიც, ერთის შეხედვით, მდგომარეობის განმუხტვისაკენ კი იყო მიმართული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ხსნიდა შეიარაღებული კონფლიქტის პოტენციალს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ძალების შევსების, ენერგიის მოკრების, იარაღით მომარაგებასა და ხელისუფლებაზე შეტევის დროს აძლევდა შეიარაღებულ ფორმირებებს. `შეთანხმებას~ კი ესწრებოდნენ: თ. დიხამინჯია, თ. პაატაშვილი, მ. კვანჭილაშვილი, ი. მელაშვილი, ს. კავსაძე, ა. სიჭინავა, თ. შაშიაშვილი, გ. ჩორგოლაშვილი, პ. კოღუაშვილი, გ. კობერიძე, ა. კუცბა, თ. დიასამიძე, ე. შენგელაია, დ. ბერძენიშვილი, ა. მარგიანი, გ. ხავთასი, თ. ობგაძე, თ. ნინიძე, კანდელაკი, მ. ურიდია, ა. მაჭავარიანი, ა. იმნაძე, ვ. ჯაში, ნ. ნათაძე.
მთავარი მოვლენები 4-5 ოქტომბერს განვითარდა. ამ მოვლენებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე დაპირისპირებული მხარე სხვადასხვანაირად ხსნიდა და თავისთვის სასარგებლო ინტერპრეტაციას აძლევდა. მოვიყვანოთ ეს ურთიერთსაპირისპირო შეფასებები და შემდგომად ამისა, შევეცადოთ ობიექტური სურათის აღდგენას, რეკონსტრუირებას.
თბილისის სამხედრო კომენდანტის ცნობით, რომელიც ხელისუფლების პოზიციადაც შეიძლება მივიღოთ, 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ იუწყებოდა, რომ დაახლოებით 10 საათზე კიტოვანის შეიარაღებულმა უკანონო ფორმირებამ, რომელიც წინა საღამოს დაბანაკდა თბილისის ზღვის რაიონში მდებარე პროფკავშირების საწავლო ცენტრის შენობებში, `თავს დაესხა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს~, ე. ი. ხელისუფლების მხარდამჭერი გვარდიის ნაწილებს. მილიციისა და გვარდიის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს. არც ერთი დაღუპული არ არის. დაიჭრა ხელისუფლების მომხრე ორი გვარდიელი, კიტოვანის ფორმირების ორი წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე. ინტენსიური სროლის ზონაში აღმოჩნდა ჯანმრთელობის კოოპერატივის `სავანის~ შენობა, რომელშიც ასამდე ბავშვი ისვენებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაციით გააკეთა განცხადება, შეეწყვიტათ სროლა. მართლაც, 11 საათსა და 15 წუთზე, სროლა შეწყდა მხოლოდ ამ უბანზე, ე. ი. `სავანის~ უბანზე. სხვა უბნებში სროლა გაგრძელდა.
შემდეგ ინფორმაციას შეიცავდა თბილისის სამხედრო კომენდანტის ჯემალ ქუთათელაძის `განცხადება~. მან უარყო ცნობა, თითქოს ხელისუფლების მომხრე გვარდიელებთან და მილიციასთან ერთად იმყოფებოდნენ მოწვეული შეიარაღებული პირები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან. კომენდანტმა ამ ინფორმაციას დესტრუქციული ძალების მიერ გავრცელებული ხმები და ჭორები უწოდა, ისევე, როგორც ჭორები, ხელისუფლების მომხრე შეიარაღებული ძალების მიერ შავნაბადაზე 60 კაცის დახოცვის შესახებ.27
`საქართველოს რესპუბლიკა~ – თბილისის ზღვაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ დეტონატორის როლი შეასრულა და მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა. მთავრობის სახლის ტერიტორია `ფსიქოზამდე მისულ ხალხითაა სავსე~. რადიო თბილისელებს პრეზიდენტისა და პარლამენტის დასაცავად მოუწოდებს. ოპოზიცია მეგაფონებით დაქრის ქალაქში და ხმას ავრცელებს, პრეზიდენტი გადადგაო. რადიომ და ტელევიზიამ გადმოსცეს, რომ `ხულიგნური მოქმედებისათვის~ დააკავეს `კომუნისტური პუტჩის~ წარმომადგენლები ჯიმი მიქელაძე და ნიკოლოზ ნეფედოვი. საავადმყოფოში გარდაცვლილა პრეზიდენტის ერთგული გვარდიელი მიხეილ ბუზალაძე. ასეთი მდგომარეობა იყო დაახლოებით 21 საათისა და 30 წუთისათვის.28
ამავე გაზეთის ჟურნალისტი რ. ნიკურაძე უზენაეს საბჭოს შენობაში შემთხვევით შეხვდა პრეზიდენტს და ამის გამო, წერს: `მე ძალიან მინდოდა მესარგებლა ამ შემთხვევით და მეუწყებინა მისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მდგომ უიარაღო ადამიანებს დილის ექვსი საათიდან ყვავილების ნაცვლად ტყვიებს უშენდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა.~29
ისევ `საქართველოს რესპუბლიკა~, ოღონდ 9 ოქტომბრისა, როცა უკვე მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მამუკა ფაჩუაშვილი და მის მაგიერ, რედაქტორად დაინიშნა მ. აბაიშვილი. ხელისუფლების მხარდამჭერი ა. მეტრეველი წერდა: `ამ დროს გაისმა სროლის ხმა, მაგრამ რომელი მხრიდან იყო, ვერ გავარკვიე~. მაგრამ იგივე ავტორი, უკვე 12 ოქტომბრის იმავე გაზეთში თითქოს და ეს, მართლაც, ასე ჩანს, წერს: 9 ოქტომბრის ჩემს პუბლიკაციაში `დამახინჯებულია ჩემი საუბრის შინაარსი, გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ფაქტები. 1. სიცრუეა იმის გამოქვეყნება, თითქოს მე ვერ გავიგე, საიდან მოხდა პირველი გასროლა. მე ჩაგაწერინეთ, რომ პირველი გასროლა მოხდა ოპოზიციის მხრიდან~.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რეზოლუციიდან: `საქართველოში ადგილი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობის მცდელობას, რომელიც გამოიხატა სიტყვიერი მოწოდებებით, საზოგადოების წაქეზებით, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეიარაღებული თავდასხმებით, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი. ვინაიდან, 4-5 ოქტომბერს განხორციელდა რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, რაც წარმოადგენდა ზემოაღნიშნული მიზნის პრაქტიკული განხორციელებისათვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ფაქტებსა და მოვლენებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აფასებს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას… უზენაესი საბჭო კატეგორიულად გმობს არსებული კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობის თუ შეცვლის ყოველგვარ გამოვლენას და პოლიტიკურ მიზანდასახულობათა პრაქტიკული რეალიზაციის ერთადერთ დემოკრატიულ საშუალებად მიიჩნევს მხოლოდ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების გამოყენებას.~30
ქარტია – 91: `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის 8 ოქტომბრის სხდომაზე განიხილებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებისათვის სახელმწიფო გადატრიალების ცდის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი. სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩვენც შეძლებისდაგვარად ვიბრძოლეთ ამგვარი კვალიფიკაციის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება სიმართლეს და ზრდის რეპრესიების საფრთხეს.~31
მერაბ ვაჩნაძე: 1 ოქტომბერს ზვიად გამსახურდიამ ხალხს მოუწოდა, ტელევიზიის შენობასთან წასულიყვნენ. ხალხი მიადგა გმირთა მოედანს, მაგრამ შემდეგ უკან გამობრუნდა. ტელევიზიით გამოსვლისას ავთანდილ რცხილაძემ ოპოზიციას ბრალი დასდო, რომ მათ არ სურთ შერიგება. `ამავე დროს აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მომხრეები პირველ რიცხვში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ტელევიზიის დაკავებას.~32
4 ოქტომბრის ჩანაწერის მიხედვით, კიტოვანის გვარდიელებს თბილისის ზღვაზე ალყა აქვთ შემორტყმული. ზ. გამსახურდიამ ხალხს მოუწოდა, მთავრობის სახლთან მისულიყვნენ, რადგან `ოპოზიციას კომუნისტი სანდრო კავსაძე მოუძღვისო~. მოწოდება რამდენჯერმე განმეორდა ტელევიზიით. საღამოს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ზღვაზე მოიხსნა ალყა, რომელიც შემორტყმული ჰქონდა კიტოვანის მომხრე გვარდიას.
საღამოს 9 საათზე დიქტორმა დავით სოკოლოვმა დაიწყო პანიკური განცხადებების გადაცემა, რომელიც ხშირად, `ყოველ ხუთ წუთში~ გადაიცემოდა, თითქოს `მთავრობის სახლზე მოსალოდნელი იყო თავდასხმა თავისუფლების მოედნიდან. ხალხს მოუწოდებდნენ დასახმარებლად მისულიყვნენ.
5 ოქტომბერს ტელევიზიით, სოკოლოვის განცხადებით, მთავრობის სასახლეზე სამი იერიში მოეწყო ოპოზიციის მხრიდან. გადმოსცემდნენ, `მეამბოხეებმა მოგვიკლეს ერთი და დაგვიჭრეს ათი კაციო~. ტელევიზიით აჩვენებდნენ, `თუ როგორ დაესხა თავს ოპოზიცია პრეზიდენტის მომხრეებს. ამ დროს აჩვენებენ, თუ როგორ გავარდებიან ხოლმე მთავრობის მომხრეები ხალხის საცემრად და აშკარად ჩანს, მთავრობის სასახლიდან ისროდნენ, მაგრამ ჰაერში~.
იმავე დღეს, შეიკრიბა უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია. მასზე გამოსული თბილისის მერის თამაზ ვაშაძის ინფორმაციით, ვ. ადამიას ხალხმა ქარელთან გადაკეტა რკინიგზა და საავტომობილო გზა.33
ნოდარ ნათაძე: 4 ოქტომბერს დილით თბილისის ზღვაზე მისულ სახალხო ფრონტის თავმჯდომარეს დახვდა შემდეგი სურათი და ინფორმაცია: კიტოვანის გვარდიელები ალყაშემორტყმულები იყვნენ. სროლისა, გაუგებრობისა თუ შეტაკებების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა პრეზიდენტის გვარდიელი ნუგზარ შანავა და კიტოვანის გვარდიასთან მყოფი სახალხო ფრონტის გასამხედროებული ფორმირების `იმედის~ ჯარისკაცი მალხაზ ჯიბლაძე.
ზღვაზე დაბანაკებული კიტოვანის გვარდია 400-500 კაცს ითვლიდა (ნაცვლად რკონში მყოფი 7000-სა). დაახლოებით, 12 საათის ფარგლებში კიტოვანის ბანაკის თავზე შვეულმფრენი გამოჩნდა. იგი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა და ტყვიამფრქვევიდან ისროდა ისე, რომ კაცისათვის არ მოეხვედრებინა, კორპუსებს შორის მოქცეული ქუჩების მიმართულებით ისროდა. გვარდიელებმა უწესრიგო სროლით უპასუხეს, რის შემდეგაც შვეულმფრენი იქაურობას გაეცალა და `65 ნატყვიარი წაიღო თავის კორპუსზე~. შვეულმფრენის ამ უსარგებლო და კიტოვანელების აგრესიის გამომწვევი სროლა იმ ძალების მიერ იყო გადაწყვეტილი და ამ `მიზანმიმართულ პროვოკაციაში~ ისინი მონაწილეობდნენ, რომელთა ქმედებითაც `სამოქალაქო ომის ორგანიზება ხდებოდა~.
ღამის 22 სთ. 30 წთ. – 23 საათისათვის რუსთაველზე მდგომარეობის განმუხტვის არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. ხელისუფლების მხრიდან მოხდა ავტომატების სროლა ჰაერში. დილით, რუსთაველი უკვე ცარიელი იყო, რადგან `ხელისუფლება მოერია `ოპოზიციურ~ მასას და გაწმინდა ქუჩა~. რაც შეეხება, თბილისის ზღვაზე განვითარებულ მოვლენებს, `ზემოხსენებული შვეულმფრენის გამოჩენამ ყველა იქ მყოფი უკიდურესად გაამწარა და ამგვარად, დადებული პირობა დარღვეულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. გარდა ამისა, სისხლი იყო დაღვრილი…~34
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება: გამსახურდიამ რამდენჯერმე დაუპირისპირა პროვინციიდან მოტყუებით ჩამოყვანილი მომხრეები თბილისელებს, იგი ესწრაფვის სრული დიქტატურის დამყარებას და წმინდა წყლის პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც `გკჩპ~-ს მოთხოვნით გამსახურდიამ გააუქმა თავისივე შექმნილი გვარდია, ამ უკანასკნელმა `არ სცნო ეს უკანონო, ანტიკონსტიტუციური ბრძანება~. შემდგომი მოვლენების შეფასებებიდან ჭავჭავაძისტების მიერ ხმარებულ შემფასებლურ ფრაზებს მოვიყვანთ: კიტოვანის გვარდიელთა მიერ ტელევიზიასთან `უიარაღო ადამიანების დაცვა~; `გვარდიელებზე თავდასხმა დიდუბეში~, თელასში, რომელიც, ცხადია, მილიციელებმა განახორციელეს და რომელიც `მთავრობამ თელასზე თავდასხმად გაასაღა~.
შემდეგ, ჭავჭავაძისტების გადმოცემით: 5 ოქტომბერს ღამით, 1 საათზე, რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის მომხრეებმა ორი სახანძრო მანქანით გაარღვიეს მომიტინგეების რიგები, რომლებსაც უკან მოჰყვებოდა `გამძვინვარებული ბრბო~, `ომონის~ ნაწილები. ატყდა სროლა ავტომატური იარაღიდან~. ისინი ისროდნენ მთავრობის სახლიდან და კავშირგაბმულობის შენობის სახურავიდან. იხმარეს მომწამვლელი გაზიც. შემდეგ, როცა ხალხმა კვლავ დაიწყო თავმოყრა, მას ტყვია დაუშინეს. ავთანდილ რცხილაძე მთავრობის მომხრეებს მოუწოდებდა მიზანში ესროლათ მოპირდაპირე მხარისათვის. კიდევ უფრო სასტიკი იყო რბევა დილით, როდესაც ადამიანების გასაფანტავად გამოიყენეს ჯავშანტრანსპორტიორი. ადამიანებს მისდევდნენ და სცემდნენ ქუჩებში, სადარბაზოებში. სცემეს ლევან ღვინჯილია, მამუკა არეშიძე, გ. თარხან-მოურავი და სხვ.35
ვახტანგ ძაბირაძე აღწერს და აფასებს 4-5 ოქტომბრის მოვლენებს ჩვენ მიერ არაერთხელ დამოწმებულ წიგნში `ეროვნული მოძრაობის შუქ-ჩრდილები~. 4 ოქტომბერს, დილით, ტელევიზიასთან მისულმა მაშინდელმა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, _ ი. სარიშვილისა და მ. გიორგაძისაგან გაიგო, რომ `თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ გვარდიას, მილიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერი გვარდიის ნაწილები დასხმიან თავს და შეტაკება მომხდარა, უფრო სწორედ, ბრძოლები ახლაც მიმდინარეობსო.~36
ხალხის დიდმა რაოდენობამ თავი მოიყარა რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც. პირველებმა მიტინგი ჩვეულებრივ მთავრობის სასახლესთან წამოიწყეს, მეორეებმა – კავშიგაბმულობის სახლთან. ორ ფსიქოზამდე მისულ მასას, სწორედ, აქ ჰყოფდა ავტობუსების კორდონი. საღამოს ათი საათისათვის დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. მიტინგები ჩამთავრდა და ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. მართალია, გაწევ-გამოწევა დაიწყო, მაგრამ ორივე მხარე ცდილობდა `ზღვარს არ გადასულიყო~. შემდეგ, მდგომარეობა სტაბილური გახდა, `ხიფათმა თითქოს გადაიარა და ხალხმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყო~.
12 საათის შემდეგ დიდი დრო არ იქნებოდა გასული, რომ მთავრობის სახლის მიდამოებიდან რუსთაველის გამზირზე `მთელი სისწრაფით~ დაიძრნენ სახანძრო მანქანები და კავშირგაბმულობის სახლის იქით გააგრძელეს სვლა. მანქანებს უკან `გამძვინვარებული ხალხი მოსდევდა~. ძაბირაძე ყვება: `ამ დროს გავიგონე სროლის ხმა, ისროდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შავი ტყავის პიჯაკი ეცვა, ისროდა ჰაერში პისტოლეტიდან ერთმანეთის მიყოლებით. მისი სახე იმდენად კარგად დამამახსოვრდა, მგონია, ახლაც ვიცნობ, სადმე რომ შემხვდეს; ასე რომ, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, ვინ ისროლა პირველმა. ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ კი ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სროლა ოპოზიციამ დაიწყო/~37
რაც შეეხება თბილისის ზღვაზე მომდარ შეტაკებას, ავტორის აზრით, ხელისუფლების მომხრე ძალების მიერ კიტოვანის გვარდიელებზე `ულოგიკო~ თავდასხმამ `ისევ გამოაცოცხლა ოპოზიციის დაღმავალი აქტიურობა~. რა აზრი ჰქონდა ამ თავდასხმას, როცა ხელისუფლებას მაინც იმხანად იმდენი სამხედრო ძალა იმ ტერიტორიაზე არ ჰყავდა და კიტოვანის მომხრეებს მაინც ვერ გაანადგურებდა, ასეთი მიზანი თუ ჰქონდაო. ამ `ულოგიკო~ მოქმედებას ძაბირაძე იმით ხსნის, რომ ხელისუფლების რიგებში იყვნენ ოპოზიციის მუდმივი აქტიურობით დაინტერესებული ძალები და მათ მიაღწიეს კიდეც მიზანს.
ასეა თუ ისე, `ტრაგედია მოხდა, ოპოზიცია დაარბიეს, სისხლიც დაიღვარა~.
გიორგი წიქარიშვილი: თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ კიტოვანის გვარდიელებს ლოთი ქობალიას განკარგულებაში მყოფმა ხელისუფლების მომხრე `სამხედრო შენაერთებმა~ უმალვე შემოარტყა ალყა. ძალები დაახლოებით თანაბარი ჩანდა, თუმცა ქობალიას უკეთესი პოზიციები ეკავა. თბილისში დარჩენილმა `ანტიზვიადისტებმა~ უმალვე იგრძნეს, რომ კიტოვანის გვარდიის განადგურება მათ დაპატიმრებას ან პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავდა და ამიტომ რუსთაველზე მძლავრი აქციები მოაწყვეს.
გამსახურდიამ ვერ გასცა კიტოვანელებზე შეტევის ბრძანება და როგორც ამბობდნენ, `უკანასკნელი შანსი~ დაკარგა. `შესაძლოა, მართლაც მოერიდა სისხლისღვრას და არ გააკეთა ის, რაც მისმა მოწინააღმდეგეებმა დეკემბრის ბოლოს ადვილად იკისრეს ან უბრალოდ შეეშინდა~. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნ. ნათაძის აქტიურობამ.
მეორე მხრივ, თუ ქობალია შეტევას დაიწყებდა, ბრძოლაში უეჭველად ჩაერეოდა რუსის ავიაცია, `მოსკოვი არ დაუშვებდა კიტოვანის გვარდიის განადგურებას, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა.~
რაც შეეხება კიტოვანის გვარდიას, იგი 4-5 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, თბილისის ზღვიდან დაბლა არ ჩამოსულა. `როგორც ჩანს, სიგუა-კიტოვანმა ვითარება საკმარისად `მომწიფებულად~ არ ჩათვალეს.~38
ყოველივე ზემოაღნიშნულისაგან დავრწმუნდით, რომ რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული, წინააღმდეგობრივი ინფორმაციები არსებობს 4-5 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ. მოპირდაპირე პოლიტიკური მხარეები პარტიული თვალსაზრისით და ტენდენციურად წარმოადგენენ სურათს. ყოველ შემთხვევაში, ამ სხვადასხვა ინტერპრეტაციებისაგან შეიძლება აღდგეს რეალობასთან მიახლოებული მოვლენების ამსახველი საერთო სურათი.
1991 წლის 3 ოქტომბერს კიტოვანის გვარდია საპატრიარქოს შუამავლობით და პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატების თანდასწრებით მომხდარ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად ტელერადიოდეპარტამენტის ტერიტორიიდან გავიდა, მაგრამ ის არ გასულა ქალაქიდან და `ქალაქგარეთ~. კიტოვანელები თბილისის ზღვაზე განლაგებულ პროფკავშირების შენობებში დაბანაკდნენ. ბუნდოვანია, შეასრულა თუ არა კიტოვანმა პირობა `ქალაქგარეთ~ გასულიყო და ითვალისწინებდა თუ არა შეთანხმება თბილისის ზღვაზე განლაგებას. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებისათვის კიტოვანელების თბილისის ზღვაზე განლაგება არ წარმოადგენდა რაიმე დამამშვიდებელ გარემოებას. სამაგიეროდ, ნამდვილად `ქალაქგარეთ~ გავიდა ვ. ადამიას ფორმირება, შიდა ქართლში.
მართალია, ხელისუფლება და კიტოვანის გვარდია ერთმანეთს ადანაშაულებდნენ `თავდასხმაში~, მაგრამ რეალურად არც ერთი მხარე მეორეს არ დასხმია თავს. ხელისუფლების მომხრე ძალებმა, ქობალიას გვარდიამ, `ომონმა~ და მილიციელებმა კიტოვანელებს ალყა შემოარტყეს და მისი ბანაკის პიკეტირება მოაწყვეს, მაგრამ არავის, მათ შორის პრეზიდენტს, არ გაუცია ბრძანება კიტოვანის გვარდიის წინააღმდეგ ბრძოლის ან იერიშის დაწყების შესახებ. შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა პრეზიდენტის შეცდომას, შესაძლოა, ეს მისი კაცთმოყვარეობის ან გაუბედაობის გამოვლინება იყო. არც კიტოვანის გვარდიელებს წამოუწყიათ რაიმე შეტევა ხელისუფლების ძალების წინააღმდეგ, მათთან ბრძოლის მიზნით. მოხდა რამდენიმე ადგილზე კიტოვანელებისა და ხელისუფლების ძალებს შორის ლოკალური სახის შეტაკება და სროლა, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. კიტოვანის ბანაკის თავზე შვეულმფრენის გამოჩენაც ამგვარ ეპიზოდურ ინციდენტს წარმოადგენდა და ყველა სხვა შემთხვევასთან ერთად უდისციპლინობის, ქაოსის თუ პროვოკაციის გამოვლინება უფრო გახლდათ.
შესაძლოა, ხელისუფლებას ან მასში მყოფ ნაწილს ჰქონდა კიდეც კიტოვანის გვარდიის, როგორც უკანონო შეიარაღებული ფორმირების განეიტრალების განზრახვა და შემდგომ დღეებში აპირებდა კიდეც მის რეალიზაციას. მაგრამ ამას ხელი შეუშალა 4-5 ოქტომბერს რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციის მომხრეთა დიდი მასების თავმოყრამ. ეს არ იყო მასის სტიქიური თავმოყრა, არამედ, ორივე მხრიდან იყო თავიანთი მომხრეების ორგანიზებული შეკრება.
ისედაც ცხადია, რომ ზვიად გამსახურდია ვერ აკონტროლებდა ვითარებას. მისი მოწინააღმდეგენი უფრო მძლავრ და მზარდ პოტენციურ შესაძლებლობებს ფლობდნენ, მაშინ, როცა მისი რესურსები დღითი დღე ილეოდა. ამიტომ ხელოვნურია მისგან დახატონ ისტერიული პიროვნება, რომელიც შეშინებული მოუწოდებდა თავის მომხრეებს, მოსახლეობას, მთავრობის სასახლესთან მისულიყვნენ და დაეცვათ კანონიერი ხელისუფლება. სექტემბერ-ოქტომბრის მძიმე დღეებში, პირველად აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად, საქართველოს პრეზიდენტს სხვა თავდასაცავი ძალა, მეთოდი, საშუალება და რესურსი არ გააჩნდა, გარდა მოსახლეობის თავმოყრისა მთავრობის რეზიდენციასთან. მან ხომ ნებაყოფლობით უარი თქვა, როგორც სამოქალაქო ოპოზიციის, ისე ამბოხებული გვარდიელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე.
თვეების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში სექტემბერ-ოქტომბრისა და შემდგომ პერიოდში, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასა და მის მთავარ ციტადელს – მთავრობის სასახლეს, მისი მომხრე თბილისისა და რაიონებიდან, განსაკუთრებით კი სამეგრელოდან ჩამოყვანილი მოსახლეობის დიდი ჯგუფები იცავდნენ. თავდაცვა შენობის წინ და მის შემოგარენში ფიზიკური ყოფნით გამოიხატებოდა. დღისით, საღამოსაც, მათი რიცხვი დიდი იყო, ხოლო ღამღამობით მასის გარკვეული ნაწილი ყოველთვის `მორიგეობდა~, რომ სტრატეგიული ტერიტორია არ დაეკარგა.
მართლაც, უკანასკნელი ოცწლეულის მანძილზე, მთავრობის სასახლე არაერთხელ ქცეულა არსებული ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის სიმბოლოდ და უკანასკნელ ციტადელად. ასე იყო გამსახურდიამდეც და გამსახურდიას შემდეგაც. ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა ფიზიკურად დაუფლებოდა ამ ტერიტორიას, მაშინ, როცა ხელისუფლება ცდილობდა მის დაცვას. ასე იყო გამსახურდიამდეც, ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 1991-92 წლების მიჯნაზე, ასე იყო 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, როცა შევარდნაძეს რამდენიმე ათასი რკინის ჯოხებით შეიარაღებული კაცი გამოუგზავნა ასლან აბაშიძემ აჭარიდან, ასე იყო 2007-2008 წლების ნოემბრის მოვლენების დროს, როცა ოპოზიციამ რამდენჯერმე სცადა მთავრობის სასახლის ტერიტორიის ოკუპირება. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით აღკვეთა წარსულის ქუჩის ქაოსისა და კარვების ქალაქის დაბრუნების პერსპექტივა. შემდგომში, თბილისის მოსახლეობამაც აღარ ინება პროტესტის უგვანო პრაქტიკის აღდგენა და კარვებში მოშიმშილე ოპოზიციის ბელადებს მხარი აღარ დაუჭირა.
მაგრამ 1991 წლის 4-5 ოქტომბერს მივუბრუნდეთ, როცა პრეზიდენტი მიკროფონითაც და ტელევიზიითაც მერამდენედ არწმუნებდა თავის მომხრეებს, მოდით, აქ მოგროვდით, თორემ ოპოზიციამ უკვე სამჯერ სცადა იერიშით აეღო და დაეკავებინა მთავრობის სასახლის წინა მოედანიო. ეს კი მართალი იყო. ოპოზიციის მომხრეები თითქმის მთელ რუსთაველს ფლობდნენ და კავშირგაბმულობის სახლთან იყვნენ მომდგარი. ერთი სიტყვით, მიტინგების ომი და მომიტინგეების ბრძოლა მიმდინარეობდა საკვანძო ტერიტორიებისათვის, რომელთაგან უმთავრესს მთავრობის სასახლე წარმოადგენდა. მოიერიშე მომიტინგეებს, ხელისუფლების რწმუნებით, ნომენკლატურული კომუნისტებიც კი მეთაურობდნენ: ნეფედოვი, ჯიმი მიქელაძე, სანდრო კავსაძე… ხელისუფლების მხარდამჭერმა მომიტინგეებმა კი ქუჩის ბრძოლებში გამოცდილი ავთანდილ რცხილაძის მეთაურობით, თითქმის მთელი რუსთაველი გაწმინდეს ოპოზიციონერებისაგან.
იმ პერიოდში დატრიალებული ჯგუფური თუ მასობრივი შეჯახებებისა თუ შეიარაღებული შეტაკებების დროს, ხშირად კამათობდნენ – ვინ, რომელმა მხარემ ისროლა პირველად? თითქოს თუ დამტკიცდებოდა, რომ პირველმა ერთმა მხარემ ისროლა, ეს გარემოება მეორე მხარეს ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისაგან და მართალი გამოდიოდა თავის ქმედებაში, თუ პირველად მსროლელ მხარეს თვითონაც ესროდა. ასე მოხდა, 2 სექტემბერს, კინოს სახლთან, თბილისის ზღვაზე შეტაკების დროს და ახლაც, 5 ოქტომბერს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ პირველად სროლისათვის, თუმცა ამისი პატივი, როგორც ჩანს, პრეზიდენტის მომხრეებს ეკუთვნოდათ.
მაგრამ ჰქონდა კი რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ რომელი მხარე ისროდა პირველად, იმ დროს, როცა უკვე ხელისუფლებას მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა აღარ უპირისპირდებოდა. ამ დროისათვის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა უკვე შეიარაღებული ოპოზიცია, ანუ კიტოვანის ამბოხებულ გვარდიასთან და სხვა ფორმირებებთან ერთად და მასთან შეთანხმებულად მოქმედი ჭრელი ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომელთა მოქმედება გასცილდა დემოკრატიული ოპოზიციის ბრძოლის ჩარჩოებს. პირველი გასროლის შემდეგ, სროლა მიმდინარეობდა ორივე მხრიდან, იყვნენ დაჭრილები და, როგორც აღვნიშნეთ, ტყვიით გარდაცვლილი, პრეზიდენტის მომხრე გვარდიელი.
ზუსტი თარიღის თქმა დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიტოვანის გვარდიამ ტელერადიოდეპარტამენტის შენობა დაიკავა, ჩვენ უკვე შეიძლება, რომ არამარტო მას, არამედ მასთან შეთანხმებულ და მასთან კავშირში მყოფ ოპოზიციას, ვინც არ უნდა მოიაზრებოდეს მასში – ხელისუფლებასთან დაპირისპირებული და მის წინააღმდეგ მეამბოხე, ანტისახელმწიფოებრივი ძალები ვუწოდოთ. ამგვარ კვალიფიკაციას მკაცრი რეალობა გვკარნახობს და მის მიხედვით, სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბრის დასაწყისში, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დემოკრატიისათვის ბრძოლის ხასიათს ატარებდა, ტრანსფორმირება განიცადა და მეამბოხე ოპოზიციის მოძრაობის ფორმა მიიღო.
1991 წლის 4-5 ოქტომბრის დღე-ღამე ხელისუფლების მომხრეებისა და მეამბოხე ოპოზიციის დაპირისპირების კულმინაციას წარმომადგენდა. ორივე მხარეს სათავეში უკომპრომისოდ განწყობილი ხელმძღვანელობა ედგა. ორივე მხარემ მოვლენების ესკალაციის გზით წარმართვა აირჩია.
მიუხედავად ამისა, დაპირისპირებულმა ძალებმა, ამჯერად, საბოლოო სამხედრო კონფრონტაციისაგან თავი შეიკავეს. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ დაახლოებით თანაბარი სიძლიერის ძალები ჰყავდათ. ეს უპირატესობა, რომელიც ხელისუფლებას გააჩნდა, არ იყო დიდი, ხოლო მეამბოხეებს ხელისუფლებაზე თავდასხმის რესურსი ჯერჯერობით არ გააჩნდათ. არც ისაა გამორიცხული, რომ მეამბოხეებიც მოერიდნენ თბილისისათვის უჩვეულო, ჯერ არმომხდარ და მოსახდენ ძმათა სასაკლაოს. საამისო გამბედაობისათვის ფსიქოლოგიური მომზადება გახლდათ საჭირო და დრო, ამგვარი განწყობის შექმნისათვის. დრო სხვაგვარი რესურსების შევსებისათვისაც იყო საჭირო. ორივე მხარეს უნდა ეძებნა იარაღი, ცოცხალი ძალა, ფული, მოკავშირეები და მოწინააღმდეგეზე ძლიერი გამხდარიყო.
4-5 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, საქართველოში საბოლოოდ ორი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს – ხელისუფლება და მეამბოხე ოპოზიცია, ან უფრო მართებული და მეცნიერულად სწორი იქნება: ხელისუფლებას დაუპირისპირდა ამბოხებული კიტოვანის გვარდიის ნაწილები და მასთან სოლიდარული ოპოზიცია.

თ ა ვ ი  მ ე რ ვ ე

შტატუს ქუო ანტე ბელლუმ – ომის წინა მდგომარეობა

დესტაბილიზაცია. 1991 წლის 5-11 ოქტომბერს მიმდინარეობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მეორე სესიის მუშაობა. მან შეაჯამა სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისის მოვლენების შედეგები და სამომავლო გეგმების დასახვას შეეცადა. ჯანმრთელობის მინისტრის მ. ძოძუაშვილის გამოსვლაში საკმაო გულახდილობით იყო გადმოცემული იმ პერიოდში მიმდინარე მომიტინგეთა და შეიარაღებული ფორმირებების შეტაკებების დროს დაზარალებულთა, დაჭრილთა და გარდაცვალებულთა მონაცემები.
აღმოჩნდა, რომ იმელის შემობასთან ბარიკადებისაგან ტერიტორიის გაწმენდის დროს დაზარალდა 90 მოქალაქე. აქედან, სტაციონარში მკურნალობდა 30, ამბულატორიულად – 60, სტაციონარში გარდაიცვალა ერთი მოქალაქე ტარიელ ედიშერაშვილი, რომელსაც მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული.
ძოძუაშვილის შემდეგი ინფორმაციით, თელასის შენობასთან მომხდარი ინციდენტის დროს 11 კაცი დაზარალდა, რომელთაგანაც 6 მკურნალობდა სტაციონარში. სამედიცინო ტერმინოლოგიის მიხედვით, სამი გვამი აღმოჩნდა იქვე თელასთან, ხოლო ერთი – ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ესენი იყვნენ: გიორგი სალუქვაძე, სპარტაკ ტრისტანის ძე (გვარი არ იყო დასახელებული სტენოგრაფიულ ჩანაწერში), ბადური ყვავილაშვილი, მამუკა გოგიბერაშვილი.1
ჯანმრთელობის მინისტრის შემდეგი ინფორმაცია ეხებოდა თბილისის ზღვაზე მომხდარი სროლების შედეგად დაზარალებულებს. მათი რიცხვი 11 იყო. აქედან სტაციონარში 8 კაცი გადიოდა მკურნალობას. როგორც აღვნიშნეთ, ორი გვარდიელი გარდაიცვალა – ერთი ოპოზიციის მომხრე 19 წლის მალხაზ ჯიბლაძე, მეორე პრეზიდენტის მომხრე 37 წლის ნუგზარ შანავა და მესამე გარდაცვლილიცაა დასახელებული – მიხეილ ბუზალაძე, 25 წლის. ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა.
5 ოქტომბერს მთავრობის სასახლესთან და რუსთაველზე დაზარალებულთა რიცხვი 83 გახლდათ. სტაციონარში 29 კაცი მკურნალობდა, ამბულატორიულად – 53. რაც მთავარია, 7 კაცი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო 15 კაცს ცრემლსადენ აირთან კონტაქტი აღენიშნებოდა. იყო ერთი გარდაცვლილი – 28 წლის გია ტეტელაშვილი.
საერთო მონაცემები შემაშფოთებელი იყო – 200-მდე დაზარალებული, რომელთაგანაც სტაციონარულად მკურნალობა გაიარა 73 მოქალაქემ, ხოლო 10 მოქალაქე, მომიტინგე თუ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი დაიღუპა. `ეს ციფრები იმის საფუძველს გვაძლევენ, რომ დავფიქრდეთ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი გავზომოთ, – მიმართავდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტარებს, – ყოველი ჩვენი თვისტომის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მოვუფრთხილდეთ.~2
ის აღარ დაუზუსტებიათ, როგორ უნდა `მოფრთხილებოდნენ~ და უზენაესი საბჭოს წევრებმა დანარჩენი საკითხების განხილვა განაგრძეს. თითქოს შეიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ უზენაეს საბჭოს ეკონომიკური განვითარების პრობლემები განეხილა. ბესარიონ გუგუშვილი განუმარტავდა კოლეგებს: თუ ჩვენ გვინდა დესტაბილიზაციას ხელი შევუშალოთ, აქტიური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდით. სესიას ეკონომიკურ საკითხთა ფართო სპექტრზე ჰქონდა დისკუსია: ფინანსთა სფერო, ეკონომიკური ურთიერთობები სხვა რესპუბლიკებთან, მათთან ხელშეკრულებების გაფორმება. გუგუშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური იდეოლოგიის შემუშავების საჭიროებაზე, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებინა ეთნოფსიქოლოგიური ასპექტები, ეროვნული ინტერესები. მთავარზე უმთავრეს პრობლემად მიწის რეფორმა განიხილებოდა, რომლის კონკრეტული გადაჭრის ვადასაც ვერ ასახელებდნენ.
ამ საკითხებზე, ისევე როგორც სხვა სხდომებზე და სხვა მწვავე საკითხებზე მიკროფონთან მრავალჯერ გამოჩნდა ნ. ნათაძე. იგი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს უკიჟინებდა: არ გეტყობათ, რომ წელსაც მიწა კერძო საკუთრებაში გადასცეთო. იგი საკითხის ისტორიას იგონებდა: მიწის რეფორმის საკითხი, ჯერ კიდევ 1990 წლის ნოემბრის სესიაზე დადგა, მაგრამ მაშინ მიიჩნიეს, რომ ჯერ უნდა შემუშავებულიყო კანონი მოქალაქეობის შესახებ. მას შემდეგ, ერთი წელი გავიდა და მიწის რეფორმა განუხორციელებელი დარჩა.
მაგრამ მთავარზე მთავარ პრობლემას ქართულ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება და დესტაბილიზაცია წარმოადგენდა, რასაც პარლამენტი, რაზედაც არ უნდა ემსჯელა, მაინც დროდადრო უბრუნდებოდა ხოლმე, თუმცა გადაწყვეტას ვერ უძებნიდა. ეხლაც, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ელემენტარულ ჭეშმარიტებას შეახსენებდა პარლამენტარებს: `ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმები ეფექტურად და სწრაფად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იქნა პოლიტიკური სტაბილურობის სიტუაცია. ომის პირობებში ეკონომიკა ვერ განვითარდება… სანამ ქუჩებში სროლა იქნება, ფული აქეთ არ წამოვა და ეს იქნება ყოველთვის საშიში ზონა კაპიტალდაბანდებებისათვის~, – დაასკვნიდა ბ. გუგუშვილი.
ესეც თითქოს იცოდნენ, მაგრამ კამათი გაიშალა, რომელმა მხარემ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას – ოპოზიციამ, რომელმაც საპროტესტო ტალღა ააგორა, თუ ხელისუფლებამ, რომელმაც ათასობით კაცი ჩამოიყვანა რაიონებიდან და სოფლის სამუშაოებს მოსწყვიტა ისინი. როცა დეპუტატმა თ. დიასამიძემ რამდენჯერმე მოითხოვა მონაცემები, თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას ორივე მხარის მოქმედებისაგანო, ბ. გუგუშვილმა უპასუხა: `მთლიანი ხარჯები იქნება ის ხარჯები, რაც გასწია სახელმწიფო გადატრიალებისათვის იმ ხალხმა და ის ხარჯები, რაც გავწიეთ ჩვენ დასაცავად.~3
1991 წლის ოქტომბრის პირველი ნახევრის სესია ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელმაც ეკონომიკურ-სოციალურ საკითხთა ფართო სპექტრზე იმსჯელა: საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებები; საბანკო კანონმდებლობა, კრედიტების გაცემის ფორმები, პრივატიზაციის პრობლემები, ზემოთაღნიშნული სოციალ-ეკონომიკური საკითხები. არ შეიძლებოდა იმის უარყოფა, რომ სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებთან ერთად, უპირველესი იყო დესტაბილიზაციის ფაქტორი. ამ გარემოებას ოპოზიციონერებიც აღიარებდნენ, მაგრამ მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ.
რ. გოცირიძე ახსნა-განმარტებას აძლევდა დეპუტატ ი. ტალიაშვილს, რომ დესტაბილიზაციის რამდენიმე ობიექტური ფაქტორი არსებობდა და ეს არ იყო ხელისუფლების ბრალი. Mმაგ., არსებობდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი, რომელიც მომდინარეობდა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესიდან და ეს, რა თქმა უნდა, კანონზომიერ ხასიათს ატარებდა, რაშიც ხელისუფლების დადანაშაულება არ იქნებოდა სწორი. არსებობდა აგრეთვე მადესტაბილიზებელი ზოგადსაკავშირო პროცესები, რომელნიც თანაბარ ნეგატიურ გავლენას ახდენდა ყველა ყოფილ რესპუბლიკაზე. არსებობდა აგრეთვე სპეციფიკური რეგიონალური პრობლემები. გოცირიძის მიერ მართებულად არგუმენტირებული მოსაზრებიდან გამომდინარეობდა, რომ საშუალო-საკავშირო ზემოქმედებიდან უარყოფითი გადახრა ადგილობრივი ხელისუფლების ნაკლად და ბრალად აღიქმებოდა, ხოლო ზოგად-საკავშირო ზემოქმედებიდან დადებითი გადახრა ადგილობრივი ხელისუფლების სიმწიფეს და უნარიანობას დაადასტურებდა. `ზოგადსაკავშირო დამანგრეველი პროცესებიდან პოლიტიკური ნამსხვრევების აცილების ქოლგა უფრო გონივრულად შეიმუშავა როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ბალტიის რესპუბლიკებმა, ნაკლებგონივრულად ჩვენ~, – დაასკვნიდა რ. გოცირიძე.
ერთი სიტყვით, რ. გოცირიძის აზრით, `ჩვენი წვლილი ზოგადი დესტაბილიზაციის შექმნაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი~ და ამ თეზისში შედავება მასთან ძნელი იყო. მაგრამ ერთში კი ცდებოდა რ. გოცირიძე და გაუგებარია, რატომ – რომ ბალტიის ქვეყნების კომფორტულ საერთაშორისო მდგომარეობას არ ანსხვავებდა საქართველოსაგან ან სხვა რესპუბლიკებისაგან.
სექტემბრისა და ოქტომბრის დასაწყისის მოვლენები ახალი გადავლილი იყო და სესიაზე იმისი განწყობილებაც კი ტრიალებდა, ყოველ შემთხვევაში, დეპუტატთა ერთ ნაწილში, რომ თითქოს `პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები უკვე არის~. დეპუტატ გ. თაქთაქიშვილის ამ სიტყვების და განწყობილების საწინააღმდეგოდ სრულიად საპირისპირო ხმები გაისმოდა მოწინააღმდეგეთა მხრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის დილარ ხაბულიანის ინფორმაციით, `რია-ნოვოსტის~ კორესპონდენტს გარკვეულმა წყარომ განუცხადა, რომ `გამსახურდია გაძლებს მაქსიმუმ ორი კვირა. მასობრივი აქციები იმ კვირის ბოლოს დაიწყებაო.~4 იმავე დღეს იმავე სხდომაზე იგივე ინფორმაცია უფრო კონკრეტული სახით ადრეც ითქვა. კერძოდ, თითქოს აზერბაიჯანის საინფორმაციო გადაცემა `ვრემიამ~ გაახმოვანა თ. სიგუას განცხადება, რომლის მიხედვითაც `გამსახურდიას ორ კვირაზე მეტი არ უწერია და ალბათ შემდეგ მოხდება დიქტატურის დამარცხება~. ერთი სიტყვით, სიგუას სტატისტიკური გამოთვლით, `ორი კვირა დარჩა გამსახურდიას~ და ამ კვირის ბოლოს ოპოზიცია მოქმედების ახალ ტალღას იწყებსო.5 ამ არც თუ უსაფუძვლო მუქარებს, გათვლებს თუ უსიამოვნო პროგნოზებს უზენაესი საბჭოს მრგვალი უმრავლესობა სიფრთხილით უნდა მოჰკიდებოდა, თავმჯდომარე კი არაფრისმთქმელი ფრაზით დაკმაყოფილდა: `ჩვენ ალბათ მოგვიწევს ამ პროვოკაციულ განცხადებაზე პასუხის გაცემაო~. ამ უსუსურ განცხადებაზე შორს არც შინაგან საქმეთა მინისტრი დილარ ხაბულიანი წასულა. მან თანაგუნდელებს `დასკვნების გამოტანისაკენ~ მოუწოდა და თუ რაიმე მოხდებოდა, პასუხისმგებლობა დააკისრა `იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა და ვინც ამ განცხადებებს აკეთებს.~6
ასეა თუ ისე, მიუხედავად მცირეოდენი სტაბილურობის ნიშნებისა, ყველაფრიდან ჩანდა, რომ მიუხედავად უზენაესი საბჭოს უმრავლესობის არგუმენტირებული გეგმებისა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და სხვა მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ, მათ განხორციელება არ ეწერა. ცეცხლი მხოლოდ დროებით შეწყდა და მხოლოდ დროებით დამყარდა `მერყევი წონასწორობა.~7 შეიარაღებული ოპოზიცია რომ მომავალი შეტევისათვის ემზადებოდა, ზემოაღნიშნული მუქარებიც მოწმობდნენ.
თანდათან განახლდა და სტაბილურად ინტენსიური ხასიათი მიიღო, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიტინგებმა. Mმაგ., 21 ოქტომბერს, ორშაბათს, კინოს სახლის წინ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ტრადიციული ინფორმაციული მიტინგი გაიმართა. მასზე სიტყვა წარმოთქვა აწ უკვე შეიარაღებული და შეუიარაღებელი ოპოზიციის, ხელისუფლების ლექსიკით რომ ვთქვათ, `სამხედრო და სამოქალაქო პუტჩის~ აღიარებულმა ლიდერმა თ. სიგუამ. იგი მიტინგზე გვარდიელის ფორმაში გამოწყობილი დაცვის თანხლებით მივიდა. მის გარდა, სიტყვებით გამოვიდნენ: ი. სარიშვილი, ე. შენგელაია და სხვები. ორატორებმა გაიხსენეს ჟურნალისტ ვ. კვარაცხელიას დაპატიმრების ფაქტი და კომენტარიც დაამატეს, რომ ეს შეიძლება ხელისუფლების მიერ რეპრესიების დაწყების ნიშანი იყოსო. ამაოდ ელოდნენ ოპოზიციის ლიდერები რეპრესიებს, რათა ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი მოეპოვებინათ. მართლაც და რა არის დიქტატურა რეპრესიების გარეშე? გამსახურდია კი არა და არ იწყებდა ნანატრ რეპრესიებს. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ოპოზიციისათვის, დაედანაშაულებინათ ხელისუფლება, ყველაზე აღვირახსნილი სტალინური პოლიტიკური დევნის წარმოებაში.
სხვათა შორის, ერთი მიტინგი უნდა გამართულიყო რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ ხელისუფლებამ იზრუნა, იქ მშენებელთა რაზმი გაგზავნა, რომელსაც მოედნის `არქიტექტურული კომპოზიციის რეკონსტრუქციის~ მიზნით სამუშაოები უნდა დაეწყო. სწორედ, აქ გამართულ მიტინგზე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩაფიქრებული. როცა აქ მიტინგი ჩაიშალა, სიგუაც, მისი ამბოხებულთაგან დაკომპლექტებული დაცვაც და მისი თავგამოდებული მომხრეებიც კინოს სახლის წინ შეკრებილებს შეუერთდნენ. 4-5 ოქტომბრის მოვლენების მიღებული შოკის შემდეგ, ეს შეიარაღებული და შეუიარაღებელი ოპოზიციის პირველი სერიოზული თავყრილობა გახლდათ. გაზეთი `დრონი~ ცდილობდა მომავალი განეჭვრიტა: `და მაინც, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მართლდება თუ არა ბატონი თენგიზ სიგუას სიტყვა, რომ ოპოზიცია ახალ მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს იწყებსო.~8 დემოკრატიული რევოლუციის სურნელ-სურვილით ეგზალტირებულ `დრონს~ და მის კორესპონდენტს გიორგი იოსებიძეს, ისევე როგორც მაშინდელ ათასობით გზააბნეულ შეიარაღებულ თუ შეუიარაღებელ ოპოზიციონერს, ობიექტურობის გრძნობა ჰქონდა დასუსტებული. როგორ უნდა ყოფილიყვნენ თბილისის ზღვის მიდამოებში შილერის `ყაჩაღებივით~ ჩამსხდარი შეიარაღებული ამბოხებულები და მათი სამოქალაქო მოკავშირეები `მშვიდობიანი საპროტესტო აქციების~ წამომწყებები.
რეპრესიების დაწყებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხელისუფლება, ეტყობა, შეაფიქრიანა ეროვნულ-დემოკრატების საინფორმაციო `ორშაბათობების~ განახლების პერსპექტივამ და სწრაფი რეაგირება გადაწყვიტა. 21 ოქტომბერს კინოს სახლთან გამართული მიტინგის შემდეგ დააპატიმრეს ედპ-ს ცხრა წევრი: მამ. გიორგაძე, მერ. გიორგაძე, გ. ჩახვაძე, ვ. ზენაიშვილი, ე. წულაძე, ო. იმნაძე. თ. სარჯველაძე, კ. ჯიქია, ლ. ფირცხალაიშვილი. მეორე დღეს, ყველა გაათავისუფლეს მ. გიორგაძისა და კ. ჯიქიას გარდა.
უფრო ადრე, 20 ოქტომბერს, დღის 13 საათზე, ტელერადიოდეპარტამენტის შენობასთან დააპატიმრეს, ამავე დაწესებულების ჟურნალისტი ვ. კვარაცხელია. `დამოუკიდებელი~ გაზეთი `დრონი~, რომლის რედაქციაც ირწმუნებოდა, რომ `ხელმძღვანელობდა თავისუფალი პრესის პრინციპებით, არ გამოხატავდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინტერესებს~, სწრაფად გამოეხმაურა დაპატიმრებებს. ვრცელი სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში: `იმათთვის, ვისაც დაპატიმრება ემუქრება და იმათთვისაც, ვინც სხვის დაპატიმრებას აპირებს~, თეიმურაზ ქორიძე არკვევდა, რამდენად სამართლიანი იყო გ. ჭანტურიას, გ. ხაინდრავას, ვ. კვარაცხელიას და სხვათა დაპატიმრებები. ავტორის აზრით, თუ ისინი 206-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე იყვნენ დაპატიმრებულნი, მაშინ ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა ოთხ კომპონენტს: ორგანიზება, აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელსაც მოჰყვა ტრანსპორტის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაობის შეფერხება.
არ გვინდა სისხლის სამართლის რთულ სფეროში ჩავერიოთ, მაგრამ პატივცემული ჟურნალისტის მიერ ჩამოთვლილი კომპონენტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ისინი, სწორედ, ზემოაღნიშნული პიროვნებების ქმედების დანაშაულებრიობას უფრო ადასტურებდნენ, ვიდრე უარყოფდნენ. სხვა ამბავია, რომ და აქ, სრულიად ლოგიკური გახლდათ, თეიმურაზ ქორიძის ხელისუფლების მიმართ პრეტენზია, რომ იმავე მუხლისა და კომპონენტების საფუძველზე, იმავე დანაშაულს ჩადიოდნენ მთავრობის სასახლის წინ, თვეობით დაბანაკებული ხელისუფლების მომხრე კარვების მობინადრეები.9 ისინი კეტავდნენ გზებს, აჩერებდნენ ტრანსპორტს, ხელს უშლიდნენ დაწესებულებების ფუნქციონირებას, ქმნიდნენ ანტისანიტარიას და ა. შ.
მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია, ვერც შეუიარაღებელი და ვერც შეიარაღებული, ვერც შიდა და გარე ოპონენტები ობიექტურად, ბრალს ვერ დასდებდნენ საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, რეპრესიების პოლიტიკის გატარებაში. პირიქით, უფრო შეიძლება ითქვას. რეპრესიები რომ ჩაეტარებინა გამსახურდიას ხელისუფლებას და მცირე მასშტაბით მაინც გაემართლებინა ჩაუშესკუს, სადამის ან რომელიმე დიქტატორის შერქმეული სახელი, შესაძლოა გადაერჩინა კიდეც საკუთარი `რეჟიმი~. გამსახურდიას ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. სხვათა შორის, დაუმორჩილებელი ჟურნალისტი ვ. კვარაცხელია, რომლის ორგანიზებითაც შეიქმნა ტელერადიოდეპარტამენტის თვითნებური არაკანონიერი სტრუქტურა – კოლეგია, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანიზაციის ოფიციალურ ხელმძღვანელობას, 23 ოქტომბერს გაათავისუფლეს.
ეროვნულ-დემოკრატებმა, მომდევნო ორშაბათს, 23 ოქტომბერსაც, მოაწყვეს კინოს სახლთან მიტინგი. ხალხმრავალი აქციის ორგანიზება არ ხერხდებოდა, მაგრამ ფორმას ინარჩუნებდნენ და სამომავლოდ ემზადებოდნენ. გამომსვლელები: თ. შარმანაშვილი, ირ. ქადაგიშვილი, თ. ჟორჟოლიანი (მონარქისტი), გ. კობახიძე, სხვები. დამახასიათებელია ბრალდება და ბრალდების ტონი. ირ. ქადაგიშვილის არგუმენტაციით, `მრგვალმა მაგიდამ~ განზრახ მიიყვანა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე, რათა შემდეგ, ისე წარმოედგინა საქმე, თითქოს სხვა გზა აღარ არის და ამიტომ ეკონომიკურ ხელშეკრულებას რუსეთთან და სხვა რესპუბლიკებთან იძულებულნი ვართ, ხელი მოვაწეროთო. აქაც ოპოზიციონერების ერთ-ერთ მეთოდთან გვაქვს საქმე: წამოყენებული ვარაუდის თუ მოსაზრების უკვე მომხდარ ფაქტად კვალიფიცირება და ჯერ კიდევ, ჩაუდენელ დანაშაულში ბრალის დადება, ცილისწამება.
მოკლედ, რადიკალები აქედანაც და იქიდანაც ერთმანეთს საშუალებას არ აძლევდნენ. ოქტომბრის ბოლოს, მოსკოვში, მართლაც, გაიმართა ჯერ კიდევ ზოგი საბჭოთა, ზოგი არასაბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელთა შეკრება. მასზე რვა რესპუბლიკამ მოაწერა ხელი ეკონომიკურ თანამშრობლობაზე ხელშეკრულებას. რამდენიმე რესპუბლიკამ ხელმოწერაზე უარი განაცხადა, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ, რომელიც მეთვალყურის სტატუსით იმყოფებოდა შეხვედრაზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, გარკვეულ კომპრომისზე წასვლის სურვილს ამჟღავნებდა: `ისეთი ზამთარი მოდის და ისეთ სიძნელეებს გვიქადის, რომ… იცით, შეიძლებოდა ერთგვარ პოლიტიკურ კომპრომისზეც კი წავსულიყავით, რათა შიმშილი აგვეცილებინა.~10
მაგრამ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ელიტის ორივე ბანაკი _ ერთი მხრივ, ხელისუფლება და მეორე მხრივ – ოპოზიცია, შორს იდგნენ რეალიზმისაგან, გათვლებისაგან, ეტაპობრივი ნაბიჯებისაგან. ისინი კონკრეტულ-პოლიტიკური ყოველდღიურობის მიხედვით კი არ მოქმედებდნენ, არამედ იდეალისტური, კერპად ქცეული დოქტრინების ჩარჩოში მოძრაობდნენ. ჩარჩო და დოქტრინა ვარიაციების, კომბინაციების, მანევრირების საშუალებას არ იძლეოდა. ამ კონკრეტულ ეპიზოდშიაც და სხვა ანალოგიურ შემთხვევაშიც დოქტრინული ჩარჩოს სქემა ასე გამოიყურებოდა: ჩვენი მიზანია დამოუკიდებლობა, ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვაწეროთ ხელი მომავალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მოვაწეროთ ხელი მის წინმსწრებ არც ერთ ხელშეკრულებას, რომელიც ცენტრთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას გულისხმობს.
ხელისუფლება იძულებული იყო ანგარიში გაეწია თავისი რადიკალური ოპონენტებისათვისაც, რომელნიც ნებისმიერ კომპრომისს ან რეალისტურ ნაბიჯს ღალატად უთვლიდნენ ხელისუფლებას. ირ. ქადაგიშვილის ზემოაღნიშნული `კონცეფცია~, სწორედ, ამგვარი ულტრარადიკალური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გამოხატულება გახლდათ. ეროვნულ-დემოკრატები, ეროვნული დამოუკიდებლები, მონარქისტები, ჭავჭავაძისტები თუ სხვა რანგისა და ტიპის რადიკალები კრიჭაში ედგნენ ხელისუფლებას და მის ნებისმიერ რეალისტურ-გონივრულ ნაბიჯს აკრიტიკებდნენ, აპროტესტებდნენ, ემუქრებოდნენ აქციებით, მიტინგებით, პროვოკაციებით, იმას ცდილობდნენ, რომ ხელისუფლება აეძულებინათ რადიკალური დოქტრინების უფსკრულში გადაჩეხილიყო.
ცნობილია, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების, უმჯობესია ვთქვათ, ოპოზიციის ხელისუფლებასთან დაპირისპირების ერთ-ერთი ცხელი კერა გახლდათ ტელერადიოდეპარტამენტში განვითარებული მოვლენები. ერთი შეხედვით, თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, აქ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა სრულიად გამართლებული იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სრულიად დაუჯერებელი ჩანდა ათეული წლების მანძილზე კომუნისტური იდეოლოგიის წნეხის მიერ დაპროგრამებული ტელევიზიისა და რადიოს მუშაკთა არაჩვეულებრივი თავგამოდება ქართული `დიქტატურის~ წინააღმდეგ. 1980-90 წლების მიჯნაზე ტელერადიოდეპარტამენტის მუშაობა თითქმის მთლიანად განთავისუფლდა კომუნისტური სახელმწიფოს იდეოლოგიური მარწუხებისაგან და ამ მოვლენაში, სწორედ ეროვნულ მოძრაობას და სხვა არავის ეკუთვნოდა დამსახურება.
ჩვენ უკვე შევეხეთ პრობლემას, რომელმაც გამოიწვია დეპარტამენტის კოლექტივის პროტესტი. ეროვნულმა ხელისუფლებამ შეავიწროვა დეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელობა და მისი ჩანაცვლება სცადა ახალი კადრებით. იგი, როგორც ბევრ შემთხვევაში, აჩქარდა და მოულოდნელად ქარიშხალი მოიმკო. დეპარტამენტის კოლექტივის უმრავლესობა ოპოზიციაში გადავიდა და მწვავედ დაუპირისპირდა ხელისუფლებას, ოღონდ არა თავისუფალი სიტყვისათვის, არა დემოკრატიული ღირებულებებისათვის, არა ინფორმაციის თავისუფლებისათვის, რაც მან ადრინდელთან შედარებით უკიდეგანოდ დიდი დოზით მიიღო, არამედ პრივილეგირებული სტატუსის შენარჩუნებისა თუ დაბრუნებისათვის. ამ მიზნით, იგი თანდათან ჩვეულებრივ ოპოზიციურ-საპროტესტო მოძრაობის ჩარჩოდან ამოვარდა და ჯერ ანტისახელისუფლებო, შემდეგ კი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ ძალად ტრანსფორმირება განიცადა. გავიხსენოთ ფაქტები.
1991 წლის 12 სექტემბერს ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა სოლიდურმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია წამოიწყო დაწესებულების შენობის წინ. საპროტესტო აქცია დემოკრატიული საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეულებრივი, ბუნებრივი ატრიბუტია და დემოკრატიის საზღვრებსაც არ დაარღვევდა, რომ არა მისი თამნდევი მოვლენები. აქციის შედეგად, ტელერადიოგადაცემები შეწყდა. შემდეგ ამას მოჰყვა ოპოზიციური დაჯგუფებების მიერ დეპარტამენტის შენობის პიკეტირება და ამ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის ფაქტიური ოკუპაცია. პროცესი სრულიად ანტიკონსტიტუციური გახდა, როცა შენობა ამბოხებულმა კიტოვანის გვარდიამ დაიკავა და სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდების უპირველესი ობიექტი ჩამოართვა. თავდაპირველად, საპროტესტო აქციის ფორმით დაწყებულმა მოძრაობამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივ-ანტიკონსტიტუციური სახე მიიღო. დემოკრატიისათვის ბრძოლა სახელმწიფოსა და კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა. აქ უკვე ტელერადიოდეპარტამენტელი პროტესტანტების გასამართლებლად არც მაშინ და არც დღეს არ გამოდგება მათი განმარტებები, რომ ისინი მხოლოდ `პროფესიული ინტერესებისათვის~ იბრძოდნენ.
დროდადრო ხდებოდა ხოლმე შეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგალითად იმის შესახებ, რომ ტელერადიომაუწყებლობის სტრუქტურა მოითხოვს გარდაქმნებს, რომელიც შესაძლებელია დაარეგულიროს კანონმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ, თანაც თანდათანობით, ეტაპობრივად. მაგრამ, იმავდროულად, მოპროტესტეები, როგორც ვიცით, მოითხოვდნენ საქტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადადგომას (გენერალური დირექტორი კვანტალიანი და მისი მოადგილეები) და კოლეგიის გაუქმებას. სამაგიეროდ, 20 სექტემბერს, მათ აირჩიეს 20 თანამშრომლისაგან შემდგარი ახალი კოლეგია და მის გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდნენ.
პარალელური თვითგამოცხადებული ხელმძღვანელობის არჩევა, ფაქტიურად ხელისუფლების კონტროლიდან გამოსვლას ნიშნავდა. განვმარტავთ, აქ საქმე რომ შეეხებოდეს, რომელიმე სამეურნეო-სამრეწველო თუ სხვა სფეროს სტრუქტურაში ალტერნატიული ხელმძღვანელობის არჩევას, უწყინარ ფაქტთან გვექნებოდა დამოკიდებულება. აქ, საქმე ეხებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის სასიცოცხლო ობიექტს – ტელერადიოდეპარტამენტს, რომლის ხელყოფა ან კონტროლიდან გამოსვლა სახელმწიფოს უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქტს წარმოადგენდა.
7 ოქტომბერს აქციის მონაწილეებს შეხვდნენ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, დეპუტატები და შეთანხმებას მიაღწიეს. 8 ოქტომბერს აქცია შეწყდა. აქციის განახლება გამოიწვია დეპარტამენტელთა ოპოზიციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის ჟურნალისტ ვ. კვარაცხელიას დაკავებამ, რომელიც ხელისუფლებამ მალევე გაათავისუფლა, მაგრამ პროტესტის ახალ ტალღას აღარაფერი ეშველა. აქციები და მოთხოვნები განახლდა. ხელისუფლება კვლავ ჯიუტად არ ასრულებდა პროტესტანტთა `უკანონო~ მოთხოვნას, ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორის და ხელმძღვანელობის გადაყენების შესახებ, რომელსაც სრულიად კანონიერად ასაბუთებდა – ამ დაწესებულების გენერალურ დირექტორს ნიშნავდა რესპუბლიკის მთავრობა და მხოლოდ, მას შეეძლო მისი გადაყენება.
მაგრამ, რატომღა არ აკეთებდა ამას რესპუბლიკის მთავრობა, რათა პროტესტანტებისათვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და ამით დაეშოშმინებინა ისინი. შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან, ეს ან სხვა დათმობები დღესაც და მაშინაც, ერთგვარ გამოსავლად მიეჩნია და მიიჩნიოს დაინტერესებულმა შემფასებელმა, მაგრამ ეს არაა მთავარი. მოვლენების შესაფასებლად კვანტალიანის მოხსნა-არმოხსნის საკითხი არ გამოდგება. ორივე მოსაზრებას აღმოაჩნდება მომხრეები. ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უნდა გაეთავისუფლებინა გენდირექტორი, ზოგი კი დაიჟინებს – არა, ხელისუფლება დათმობაზე არ წასულიყოო.
ჩვენ უარეს ვარიანტს ავირჩევთ და ხელისუფლებას შეცდომად ჩავუთვლით, რომ იგი ტაქტიკურ დათმობებზე არ მიდიოდა ოპოზიციასთან, რითაც მის გააფთრებას იწვევდა. კი მაგრამ ეს რამენაირად ამართლებს ტელეოპოზიციის მოქმედებას? აქ, კი ერთი პასუხი არსებობს – არანაირად არ ამართლებს. პირიქით ვიტყვით. ტელერადიოოპოზიციის მოქმედება განპირობებული იყო არც პროფესიული, არც შემოქმედებითი და არც რაიმე დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ინტერესებით. იგი განპირობებული იყო სოციალური და უწყებრივი ეგოიზმით, სტატუსის შენარჩუნების ინტერესით, პირადი, ამბიციური მოტივაციით, რაც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და ამდენად, ანტიეროვნული ქმედების ხასიათს ატარებდა. საპროტესტო აქციებს ორგანიზებას უწვედა ტელერადიოდეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელობა და ელიტა, რომელიც მჭიდროდ იყო შესისხლხორცებული ქვეყნის ძველ ნომენკლატურულ ისტაბლიშმენტთან და ელიტარულ-ბიუროკრატიულ ინტელიგენციასთან. ეს ძალები ერთად ებრძოდნენ ახალ ხელისუფლებას და ეს კი არ იყო გასაკვირი ან არაბუნებრივი. არაბუნებრივი და ანტიეროვნული იყო მათი ბრძოლის გზა, საშუალება და მეთოდი – სამოქალაქო და შემდგომში შეიარაღებული დაპირისპირების გზით ჩამოეცილებინათ ახალი ხელისუფლება.
ის, რომ რევანშისტული ოპოზიციის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად მისი ერთ-ერთი რაზმის – ტელერადიოდეპარტამენტის ოპოზიცია გვყავს მხედველობაში, – მოქმედება ანტიკონსტიტუციური იყო, ამას ჩვენი დასაბუთების გარდა მოწმობდა ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბ. გუგუშვილის განმარტება: აქციების შედეგად, `ტელერადიოდეპარტამენტის შენობა რესპუბლიკის მთავრობისათვის მიუწვდომელი გახდა. რომ არა სახელდახელოდ მოწყობილი ტელეგადაცემების სისტემა უზენაესი საბჭოს შენობიდან, მასობრივი კომუნიკაციების ეს ყველაზე ძლიერი და ეფექტური საშუალება – ტელევიზია ხელიდან გამოგვეცლებოდა და ხალხთან კავშირს დავკარგავდით. არადა, მოგეხსენებათ, საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში ამბოხების და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, პირველ რიგში, დარტყმებს, სწორედ, მასობრივი ინფორმაციის ყველაზე მძლავრ საშუალებებზე ახდენენ. ასე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. ამბოხების მონაწილეები ესწრაფვიან კავშირგაბმულობის დაწესებულებების ხელში ჩაგდებას და ამით ხელისუფლების ინფორმაციულ იზოლაციას. ეს პუტჩის ტიპიური ნიშნებია. ასე იყო ამ დღეებშიც ჩვენთანაც..~11
ცუდი ის იყო, რომ აქცია განახლდა. დეპარტამენტის შენობაში კვლავ იქმნებოდა ამ ტერიტორიაზე დესტრუქციული ძალების თავმოყრისა და დაძაბულობის განახლების წინაპირობები – ეს გაზეთის სიტყვები გახლდათ. ტელერადიოოპოზიცია კვლავ დგებოდა ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის, რევანშისტული სამოქალაქო და შეიარაღებული ამბოხების მონაწილეთა გაერთიანებული მოძრაობის მოწინავე რიგებში.
ახლა ძნელია იმის წარმოდგენა, უშველიდა თუ არა ხელისუფლება შექმნილ ვითარებას, რომ მეტი ყურადღებით, მონდომებით, ენერგიით მოჰკიდებოდა ოპოზიციასთან ურთიერთობის სფეროს, ეწარმოებინა მუდმივი დიალოგი, წასულიყო ტაქტიკურ დათმობებზე, ზედმეტად არ გაეღიზიანებინა ისინი და ნაწილი მაინც დაერწმუნებინა მათი მოქმედების ნეგატიურ პოტენციალში, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობაში იმის რწმენით, რომ დემოკრატიისათვის იღწვოდა. იგივე ვრცელდება ტელერადიოდეპარტამენტის აქციაზეც. 31 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მეორე სესიის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თავი იმართლა, დეპარტამენტის აქციის მონაწილეებთან ჩემი მოლაპარაკება იმიტომ ჩაიშალა, რომ მათ აქცია კვლავ განაახლესო. ნამდვილად კი პრემიერ-მინისტრმა საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და როგორც იტყვიან, მიაფუჩეჩა.
საქმე იმაში გახლდათ, რომ ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომლებისა და პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებების რაუნდი უნდა შემდგარიყო მთავრობის რეზიდენციაში. 21 ოქტომბერს დეპარტამენტელებმა ბ. გუგუშვილს დეპეშა გაუგზავნეს, რომ რადგან ვ. კვარაცხელია დააპატიმრეს, გარანტია არ არსებობს, აქციის სხვა მონაწილეებსაც იგივე ბედი არ ეწიოთო. ამიტომ პრემიერს სთხოვდნენ, თავად სწვევოდა აქციის მონაწილეებს დეპარტამენტის შენობაში. პრემიერ-მინისტრმა ამ წინადადებაზე თავისი კანცელარიიდან გაგზავნილი პასუხით უარი განაცხადა. ყოველ შემთხვევაში, ვითარების ამგვარ ვერსიას წარმოადგენდნენ აქციის მონაწილეები. აქ მნიშვნელობა აღარ აქვს, ჰქონდათ თუ არა განზრახული აქციის მონაწილეებს ან მათ წარმომადგენლებს მოლაპარაკებების ჩაშლა. პასუხისმგებლობა მისი ჩაშლისათვის პრემიერ-მინისტრს ეკისრებოდა – მას, მის მთავრობას, პრეზიდენტს, ხელისუფლებას და არამარტო მათ. ქვეყანა თავზე ენგრეოდათ, ვითარებას აღარ აღვწერთ, არც საშინაოს და არც ამაზე უარესს – საგარეო ვითარებას. ასეთ სიტუაციაში გუგუშვილს და ყველა ჩამოთვლილი სტრუქტურის წარმომადგენლებს ყველა საშუალება უნდა გამოეყენებინათ ოპოზიციის და ამ შემთხვევაში, დეპარტამენტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მათი ნაწილის მაინც გონზე მოსაყვანად.
ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფები, თანდათანობით, აძლიერებდნენ თავიანთ პროტესტებს, რომელთაც, რა თქმა უნდა, გამოხატვის სხვადასხვა ფორმები ჰქონდათ, მაგრამ ინტენსიურ ხასიათს ატარებდნენ და ხელისუფლებას სტაბილური ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდნენ. 1991 წლის 4 ნოემბერს, საპარლამენტო ფრაქცია `ქარტია-91~-მა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც `არასამართლებრივ, ანტიკონსტიტუციურ აქტად~ შეაფასა უზენაესი საბჭოს მიერ 22 სექტემბერს პოლიტიკური პარტიების შესახებ არსებული კანონის დროებითი შეჩერება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შედარებით ზომიერი ჯგუფი, როგორიც `ქარტია-91~ გახლდათ, ხელისუფლებას საშუალებას არ აძლევდა, თავი დაეცვა. კარგად იყო ცნობილი, რომ არსებული კანონის ფუნქციონირება ხელისუფლებამ შეაჩერა ოპოზიციის ზღვარგადასული ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გამო. ქარტიელები დემოკრატიული ეგზალტაციის საერთო ფეხისხმას არ უნდა ჩამორჩენოდნენ და საკუთარი ხმა უნდა შეეერთებინათ იმ პერმანენტული გნიასისათვის, რომელიც თუნდაც, ერთი ღამითაც კი მშვიდი ძილის საშუალებას მისცემდა ხელისუფლებას.
როგორც ჩანს, უკვე ამ პერიოდისათვის ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა იცოდა, რომ წაუგებელ ომს აწარმოებდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ოპოზიციის მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ინფორმირებული ძალები აცნობიერებდნენ, რომ გამსახურდიას ადმინისტრაციას ადრე თუ გვიან, ბოლო მოეღებოდა. ისინი იმასაც გრძნობდნენ, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს და მის ხელისუფლებას ან არ შეეძლო, ან თუ შეეძლო, თავს ნებას არ მისცემდა, რომ ფართომასშტაბიანი უკიდურესი რეპრესიებისათვის მიემართა. ამიტომ ოპოზიცია პირველი მარცხისაგან თანდათან ერკვეოდა და სულ უფრო აქტიურად ებმებოდა ბრძოლის მორიგ რაუნდში.
6 ნოემბერს, თბილისში, კინოს სახლთან შიმშილობა წამოიწყო თხუთმეტმა ეროვნულ-დემოკრატმა აქტივისტმა. მოშიმშილეებს ორი მოთხოვნა ჰქონდათ: გ. ჭანტურიას სასამართლო პროცესის დანიშვნა და საქართველოში სპეციალური საერთაშორისო კომისიის მოწვევა, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევდა სასამართლო პროცესს. ცხადია, ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერებმა იგრძნეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტონი არ იყვნენ, არც სახლში და არც გარეთ. ამიტომაც ჰქონდათ საერთაშორისო სასამართლოს და საერთოდ სხვა გარე ძალების მხარდაჭერის იმედი. გარდა ამისა, კიდევ ერთი გარემოების იმედი ჰქონდათ ედეპელებს. როგორც ჩანდა, ხელისუფლება ოპოზიციასთან ანგარიშის გასწორებას მკაცრი სამხედრო-პოლიტიკური რეპრესიების გზით არ აპირებდა და ამდენად, მათი ქმედება დაუსჯელი დარჩებოდა. თითო-ოროლა დაპატიმრება საქმის არსს არ ცვლიდა. ხელისუფლებას რომ მკაცრი ზომების მიღება სდომებოდა იგივე ჭანტურიას წინააღმდეგ, მას ედეპეს მეთაურის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის სამხილებლად საკმარისზე მეტი საბუთი ჰქონდა. საამისოდ, გ. ჭანტურიას ციხიდან გამოგზავნილი ინსტრუქციაც იკმარებდა თანაპარტიელების მიმართ: `ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტს: ჩემს უფლებამოსილებას ჩემს პატიმრობის პერიოდში გადავცემ ირინა სარიშვილს. ის, ვინც დღეს სტაბილიზაციისაკენ გადადგამს ნაბიჯს, საკუთარ თავს დააყენებს პარტიის გარეთ~. იშვიათი რევოლუციური დოკუმენტია. ასეთ გულახდილ ინსტრუქციებს ლენინი უგზავნიდა თავის ბოლშევიკ თანაპარტიელებს. ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებას უფლება ჰქონდა დესტრუქციული მოქმედებისაკენ მომწოდებელი და ამგვარი ინსტრუქციით მოქმედი პოლიტიკური პარტია კანონგარეშე გამოეცხადებინა.
გაუგებარი მიზეზების გამო, გამსახურდიას `სადამისტური~ რეჟიმი არავითარ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ვგულისხმობთ რეპრესიებს – მხოლოდ კანონის დაცვას და გარკვეული პარტიებისა თუ პიროვნებების ანტიკონსტიტუციური ქმედებების აღკვეთას ვგულისხმობთ, რაც ნებისმიერო დემოკრატიული სახელმწიფოს უფლებაა. დემოკრატიულ სახელმწიფოს მხოლოდ კანონის დაცვით შეუძლია და ევალება კიდეც, საკუთარი თავის დაცვა. გ. ჭანტურიას ზემოხსენებული ინსტრუქცია პირდაპირ ავალებდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი საქმიანობის პრინციპად მიეღო დესტაბილიზაცია. სტაბილიზაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მდგრადს, მუდმივს. ჩვენს შემთხვევაში სტაბილიზაცია, სტაბილური მდგომარეობა, პირველ რიგში, გულისხმობს სახელმწიფოს მყარ, მტკიცე, მდგრად მდგომარეობას. გ. ჭანტურიას ინსტრუქცია დესტაბილიზაციისაკენ მოწოდების შესახებ სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის დირექტივას წარმოადგენდა. ეროვნულ-დემოკრატთა მოქმედების მთავარ მიზნად ცხადდებოდა სახელმწიფოში წესრიგის მოშლა, სულ ერთია, რა ფორმით განხორციელდებოდა ის – ყოველგვარი მიტინგებით, მანიფესტაციებით, გზების გადაკეტვით, ტრანსპორტის გაჩერებით, ბარიკადების აღმართვით, დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლით, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით, მისი დისკრედიტაციით, ანტისახელისუფლო აგიტაციით, საზღვარგარეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით თუ სხვა უღირსი საშუალებებით. ასეთი ტაქტიკით მოქმედებდნენ სხვა რადიკალური და მათ ნებას აყოლილი სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც.
ვ. ძაბირაძე აღიარებს, რომ პერმანენტული საპროტესტო აქციები ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდა ხელისუფლებას და როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ოპოზიციის მიზანიც. რესპუბლიკელთა მაშინდელი ლიდერის ცნობით, ტელერადიოდეპარტამენტში, სადაც თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიების შეკრებები, წამოჭრილა მოსაზრება – `დროებით თავადვე გამოეცხადებინათ მორატორიუმი გარკვეული ვადით პოლიტიკურ საქმიანობაზე, რათა ხელისუფლებისათვის მიეცათ საშუალება, განეხორციელებინა თავისი გეგმები (ხელისუფლება აცხადებდა, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციები არ აძლევდა საშუალებას ქვეყანაში რადიკალური გარდაქმნები დაეწყო) და მოსახლეობა თავად დარწმუნდებოდა, რისი გაკეთების უნარი და შესაძლებლობა ჰქონდა ხელისუფლებას.~12
ნაკლებად დასაჯერებელი ლოგიკაა: ძაბირაძე ჯერ არმომხდარი ფაქტით და საკუთარი წარმოსახვით ასაბუთებდა ხელისუფლების უუნარობას, რაც მხოლოდ მის წინასწარგანზრახულ ტენდენციურობაზე მიუთითებდა. მისი დემოკრატი თანამებრძოლები უფრო რეალისტები აღმოჩნდნენ. მათ უარყვეს ხელისუფლებისათვის ამოსუნთქვის შესაძლებლობის მიცემის იდეა – ვაითუ, მას ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობის `უნარი და შესაძლებლობა~ გამოევლინათ, თუ საშუალებას მისცემდნენ. აი მაშინ კი “დემოკრატიული რევოლუციის” შანსი საბოლოოდ დაიკარგებოდა. იმ დღეს ტელერადიოდეპარტამენტის შენობაში, რომელიც ფაქტიურად შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი ოპოზიციის, ანუ ამბოხებულებისა და მათი მხარდამჭერების შტაბს წარმოადგენდა, გადაწყდა: მორატორიუმი არ გამოეცხადებინათ, განეგრძოთ პერმანენტული აქციები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებისათვის არ მიეცათ საშუალება `განეხორციელებინა თავისი გეგმები~. ამ გეგმებში უამრავი საკეთებელი შედიოდა და მისი გაკეთების სურვილი ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა მას საამისო `უნარი და შესაძლებლობა~, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაადგენდა მოსახლეობა, თუ ხელისუფლებას საამისო საშუალება მიეცემოდა.
მკითხველს და განსაკუთრებით, ისეთ მკითხველს, რომელსაც წინასწარ არა აქვს ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული მარადიულო დოგმები, ვთხოვდით, მხოლოდ რეალურ ფაქტებს და მოვლენებს დააფუძნოს თავისი პიროვნული აზრი და ამ განწყობით გაიაზროს ან არ გაიაზროს ჩვენეული ანალიზი, დასკვნები და შეფასებები. ეს კი, თუ სიმართლის დადგენას მოინდომებს მავანი, გინდ მეცნიერი იყოს და გინდაც არამეცნიერი, ხშირად საკმაოდ მარტივი საქმეა. განხილულ ეპიზოდში სიმართლე ამგვარად გამოიყურება: ტელერადიოდეპარტამენტი ოკუპირებული გახლდათ ამბოხებული გვარდიელებისა და სხვათა მიერ. შენობაში პერმანენტულად იკრიბებოდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, მიმდინარე ამბოხების თანამონაწილეები იყვნენ. განსხვავება ის იყო, რომ სამხედრო ფორმირებები მიმდინარე ამბოხების შეიარაღებულ ფრთას წარმოადგენდნენ, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიები მიმდინარე ამბოხების სამოქალაქო ფრთას. მათი მოქმედება კოორდინირებული იყო და ფუნქციებიც განაწილებული ჰქონდათ. სამოქალაქო ოპოზიციას ფუნქციონირების საშუალება არ უნდა მიეცა ხელისუფლებისათვის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი ეტაპი უნდა განეხორციელებინა. მეორე ეტაპზე საქმეში ჩაერთვებოდა ამბოხებული გვარდია და სხვა ფორმირებები, რაც უკვე შეიარაღებული სამხედრო ოპერაციის დაწყებას გულისხმობდა. საამისოდ ემზადებოდნენ, მაგრამ საამისო დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ხელისუფლებამ თავიდანვე სათანადოდ არ შეაფასა ოპოზიციის არც ძალა, არც პოტენციალი, არც მათი მოქმედების მზარდი პერსპექტივა და ბოლოს და ბოლოს, არც მათი მოკავშირეების, დამხმარეების თუ მხარდამჭერების რესურსი. ამ შეუფასებლობამ სულ უფრო საშიში ხასიათი მიიღო 1991 წლის არამარტო სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენების, არამედ ოქტომბერ-ნოემბრის მოჩვენებითი სტაბილიზაციის პერიოდში. ამას თან დაერთო ხელისუფლების არათანმიმდევრული მოქმედება ოპოზიციასთან. როგორც ჩანს, არც პირველ პირებს და არც ძალოვან სტრუქტურებს გამოკვეთილი კურსი არ გააჩნდათ, რომლითაც იმოქმედებდნენ ოპოზიციასთან ურთიერთობის დროს. 20 ოქტომბერს, კვირა დღეს, 13 საათზე ტელერადიოდეპარტამენტის შენობასთან შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს ჟურნალისტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. კვარაცხელია და რამდენიმე დღეში გაანთავისუფლეს. კვარაცხელია ტელერადიოოპოზიციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ და მისი დაკავება, შესაძლოა, სრულიადაც არ იყო უსაფუძვლო. თუ ეს ასე იყო, რაღატომ გაანთავისუფლეს, ხოლო თუ ეს ასე არ იყო, რაღატომ დააკავეს. ორივე შემთხვევაში ამ უთავბოლობას ერთი შედეგი მოჰყვა – ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკება ტელევიზიის ოპოზიციასთან ჩაიშალა და შესაძლოა, სწორედ, ესეც იყო ჟურნალისტის დაკავების ინიციატორების მიზანი.
სწორედ, ამგვარ წინააღმდეგობრივ მოქმედებაში ვლინდებოდა ხელისუფლების არათანმიმდევრულობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ამაში ხელისუფლება უშვებდა უნებლიე შეცდომას, თუ ხელისუფლების სტრუქტურებში მომუშავე უამრავი თანამშრომელი, რომელნიც ოპოზიციურად, უნდობლად ან მტრულად იყვნენ განწყობილი ახლადმოვლენილი ადმინისტრაციის მიმართ.
1991 წლის 26 აგვისტოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა საქართველოს კომპარტია და შეწყდა მისი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა და საქმიანობა. 8 ოქტომბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეწყდა რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოებში კომპარტიის საარჩევნო სიებით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება.
კომპარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი, ან ფორმალური საბაბი, ჯერ კიდევ მოსკოვის პუტჩის დღეებში, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ დაკავებული საეჭვო პოზიცია გახლდათ. ახლა კომუნისტების დანაშაულს ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში აქტიური მონაწილეობაც დაემატა და ორგანიზაციის დესტრუქციული ხასიათიდან და პოტენციალიდან ეჭვის საბაბიც აღარ დატოვა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც კომუნისტური პარტიის აკრძალვა, ხელისუფლებას რეპრესიებში და დემოკრატიის ნორმების დარღვევაში ჩაუთვალეს. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სწორედ, 1991 წელს ჩაეყარა საფუძველი, მას შემდეგ არსებული ყველა ქართული ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე მანკიერ და მახინჯ თვისებას – ხელისუფლების ყველაფერში დადანაშაულებას და ობიექტურობისაგან სრულ თვითგანთავისუფლების სინდრომს. მას შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ობიექტური ოპოზიციური ორგანიზაცია თუ ჯგუფი თითქმის აღარ არსებულა. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ვგულისხმობთ.
ოპოზიციისათვის ჩვეულებრივი მეთოდი გახდა ცილისწამება, რეალური ვითარების დამახინჯება და მაკიაველური პრინციპები, თითქოს მათ მოწინააღმდეგეს შეცდომები აკლდა. 22 ოქტომბერს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ხელმოწერით წერილი გაეგზავნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ინტელიგენციას, პარტიებს და ხალხს, რომელიც იქაურ გაზეთ `რესპუბლიკაში~ გამოქვეყნდა. ქართველი ოპოზიციონერები სხვათა შორის წერდნენ, რომ მათ შეშფოთებას იწვევდა `საქართველოს პრეზიდენტის მრავალგზისი ოფიციალური განცხადებები იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხალხი აქტიურად ეხმარება მას ოპოზიციისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში…~
ამგვარი განცხადებები ხელისუფლებასთან დიალოგის დასამყარებლად ვერ გამოდგებოდა. პირიქით, სამართლის გარეთ ძებნა უფრო გააღიზიანებდა მმართველ უმრავლესობას. უფრო კონსტრუქციული გახლდათ დავით ბერძენიშვილის, ზურაბ ჟვანიას და ივლიანე ხაინდრავას `მიმართვა~, რომელიც განკუთვნილი იყო `ხელისუფლების ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის~ მისამართით. `მიმართვის~ შინაარსი და პათოსი მისივე სათაურიდან ცხადად ჩანდა: `ეროვნული თანხმობის მთავრობა – ჩიხიდან გამოსავალი~. მთავრობა უნდა დაკომპლექტებულიყო, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრეთა რიგებიდან.13 მსგავსი წინადადებებით, პროექტებით, მოსაზრებებით სხვებიც გამოდიოდნენ. რა თქმა უნდა, დღესაც შეიძლება არსებობდეს აზრი, რომ ზემოაღნიშნული მიმართვების ავტორები ოპოზიციონერები იყვნენ და მათი მიზანი არსებული ხელისუფლების დამხობა გახლდათ _ ამიტომ ხელისუფლებას უფრო მართებდა ოპოზიციის ზომიერ-ცენტრისტულ და არაელიტარულ ძალებთან დიალოგის წარმოება და მათი სახელმწიფო მმართველობაში ჩართვა. ამ ნაბიჯით ხელისუფლებას შეეძლო ოპოზიციაში გარკვეული ბზარის შეტანა და ახალი თაობის ზომიერ-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამოცილება, როგორც შეიარაღებული, ისე ელიტარულ-კომუნისტური რევანშისტული ბანაკისაგან. თუ ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებდა საბოლოოდ, საერთო საპროტესტო მოძრაობის გარკვეული ძალით ან დროით შენელებას მაინც შეძლებდა.
ამის საწინააღდეგოდ და ამასობაში, მომხრეთა მოძიების, გადმობირების, მათი გულის მოგების მაგიერ, გრძელდებოდა ხელისუფლების ოპოზიციონერთა, ოპოზიციის ბანაკში გადასულთა რიცხვი. ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ყოფილ თანამებრძოლთა მოწინააღმდეგის ბანაკში გადასვლას თითქოს ხელისუფლება ყოველგვარი დანანების გარეშე, ერთგვარი აგდებითაც კი, ადვილად ურიგდებოდა. 1 ნოემბერს უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი რამდენიმე კომისიის თავმჯდომარე, კერძოდ კი თედო პაატაშვილი და ავთანდილ იმნაძე გადადგნენ თუ გადააყენეს თანამდებობებიდან. 3 ნოემბერს შედგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების მეორე ყრილობა. საზოგადოებიდან გარიცხული იქნენ გამგეობის წევრები და ამ საზოგადოების გამორჩეული ინტელექტუალები: თედო პაატაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, მერაბ ურიდია.
29 ნოემბერს უზენაესი საბჭოს სესიაზე ფაქტიურად, გამსახურდიას ხელისუფლებიდან წავიდა აკაკი ასათიანი, რომელიც შემდგომში ირწმუნებოდა: `ნამდვილად ავად გავხდი და ქობულეთში სამკურნალოდ წავედიო~. მოგვიანებით, ამ ფაქტის ჩხრეკა დაიწყეს, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მთავარი სხვაა – ხელისუფლება და პირველ რიგში, მისი მეთაური, როგორღაც ნაკლებად მტკივნეულად შეელია მის წასვლასაც. ყოველ შემთხვევაში, უკვე ე. წ. `თბილისის ომის~ დღეებში ორივე მხარემ რეალურად დაადასტურა, რომ ერთ ბანაკში აღარ იყვნენ.
9 დეკემბრიდან მთავრობის სასახლესთან აქცია წამოიწყო თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ჯგუფმა. როგორც ირწმუნებოდნენ, ისინი არ წარმოადგენდნენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც მათ უკან იდგა რომელიმე პოლიტიკური ძალა. მათ თავიანთი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს `სტუდენტთა საპროტესტო აქციის განცხადებაში~, რომელთაგან ზოგი რამ მართებული იყო, ზოგი კი მცდარი. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – 11 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეხვდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა.
გამსახურდია შეეცადა დაერწმუნებინა პროტესტანტი სტუდენტები, რომ კიტოვანი და სიგუა არავითარი ოპოზიციონერები არ არიან, რადგან სურთ იარაღით დაამხონ ხელისუფლება; რომ არც დაპატიმრებული გ. ჭანტურია, მ. გიორგაძე, ჯ. იოსელიანი და გ. ხაინდრავა არიან პოლიტპატიმრები და ა. შ. მხარეთა შეთანხმება არ მოხდა და აქ შეიძლებოდა პრეზიდენტს ნაწილობრივ კომპრომისისაკენ გადაედგა ნაბიჯი. მაგალითად გაეთვალისწინებინა მსოფლიოს კინოს წარმომადგენელთა თხოვნა, კინოოპერატორ გ. ხაინდრავას განთავისუფლების შესახებ. ბოლოს და ბოლოს, ხაინდრავას განთავისუფლებას ბერნარდო ბერტოლუჩი, ფედერიკო ფელინი და სხვა კინოკორიფეები შუამდგომლობდნენ. ასეა თუ ისე, საქართველოს პრეზიდენტმა არც ის დათმო, რაც შეიძლებოდა დაეთმო და არც ის, რაც არ უნდა დაეთმო. სტუდენტთა აქციაც მთავრობის სასახლესთან გაგრძელდა, ე. ი. შენარჩუნდა კიდევ ერთი კონფრონტაციული მოქმედი კერა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დანიშნულების ობიექტთან – მთავრობის სასახლესთან.
ნოემბერში გაგრძელდა დებატები ეკონომიკური პრობლემების შესახებ, რაც აგრეთვე ერთ-ერთ საკამათო საგანს წარმოადგენდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შედარებითი თუ მოჩვენებითი ორთვიანი სტაბილიზაციის პერიოდში ხელისუფლება ეძებდა გზებს ქვეყნის ეკონომიკის დაღმავლობის შეჩერებისა და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლისათვის. იგი ცდილობდა აემოქმედებინა ზოგიერთი ისეთი რეზერვი, ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნდა და მისი რეალიზაციის გზით უზრუნველეყო უცხოური ვალუტის შემოსვლა ქვეყანაში.
ამ რეზერვებს შორის 6 ნოემბერს გამართულმა მინისტრთა კაბინეტის სხდომამ ყურადღება გაამახვილა მინერალური და სასმელი წყლების რესურსების გამოყენების საკითხზე. უდავოა, ამ ბუნებრივ სიმდიდრეზე, რაც საქართველოს გააჩნდა, დიდი მოთხოვნილება იყო მსოფლიოში და აი, მინისტრთა კაბინეტი ქმნის სპეციალურ სტრუქტურას, რომელსაც ამ სფეროს ამუშავების რეკომენდაციები უნდა შეიმუშავებინა. ეს იყო მინერალური წყლებისა და სასმელი წყლის რესურსების გამოვლენისა და რაციონალური გამოყენების სახელმწიფო კომისია. მას ერთ თვეში უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა შესაბამისი დებულება და მუშაობის პერსპექტიული გეგმა.
1991 წლის 31 იანვარს უზენაესი საბჭოს მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივმოქმედი კომისიის გაფართოებულ სხდომას კონსტრუქტორ-დიზაინერმა ანზორ ჩაჩუამ წარუდგინა ევრაზიის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მაგისტრალის პროექტი საქართველოზე გავლით და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის გათვალისწინებით. სხდომამ პროექტი მოიწონა და შესაბამისი წინადადებებითაც შეავსო.
15 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტმა განიხილა ეს წინადადება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხის პრაქტიკულად განსახორციელებლად შექმნილიყო სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო. მას უნდა მოემზადებინა და მოეწვია საერთაშორისო თათბირი.
მაგრამ ამ და სხვა ჩანაფიქრებს გრძელვადიანი პერსპექტივა გააჩნდათ და ამგვარი საკითხები ოპოზიციას არ აინტერესებდა. იგი უფრო განსახორციელებელი რეფორმების გამო აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
ოპოზიციას საკმაო საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ ხელისუფლება ახლო პერიოდში არ აპირებდა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას ან მძლავრი კერძო სექტორის ჩამოყალიბებას. ხელისუფლების წარმოდგენით, საბაზრო ეკონომიკის მთავარი სუბიექტები საქართველოში უნდა გამხდარიყო სახელმწიფო სამეურნეო სტრუქტურების კომერციალიზაცია და ამ გზით, ამ ტიპის საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმი მხოლოდ გარდამავალი პერიოდისათვის იქნებოდა გათვალისწინებული. სწორედ, აქ იჩინა თავი ოპოზიციის კრიტიკის კიდევ ერთმა ობიექტმა – მან ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ იგი ცდილობდა სახელმწიფო კაპიტალიზმის კურსის არჩევანის გზით შეენარჩუნებინა სოციალისტური სტრუქტურები ეკონომიკის სფეროში. თუ საკითხს ასე დავსვამთ, იბადენა ეჭვი, იყო თუ არა ოქტომბრის უზენაესი საბჭოს სესიაზე პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის მიერ არაერთხელ ნახსენები საბაზრო ეკონომიკა პრიორიტეტული და ხელისუფლების სტრატეგიული ეკონომიკური არჩევანი. ამ კითხვას იმიტომ ვსვამთ, რომ სწორედ, ამ დროს, 1991 წლის შემოდგომაზე, გავრცელებული აზრით, ზვიად გამსახურდიამ შეცვალა მრგვალი მაგიდის ეკონომიკური კონცეფცია, უარყო საბაზრო ეკონომიკის და კაპიტალიზმის განვითარების პროგრამა და მხარი დაუჭირა ე. წ. კონვერგენციის იდეას. ეს იდეა მდგომარეობდა კაპიტალისტური და ყოფილი სოციალისტური ეკონომიკური სისტემების ურთიერთშერწყმაში და ითვალისწინებდა ორივე სისტემის სინთეზურ ვარიანტს. ზოგიერთთა აზრით, გამსახურდიას იდეა ეროვნული სოციალიზმის ნაირსახეობასაც წარმოადგენდა. კვლავ არსებული აზრის დოკუმენტური დადასტურების გზას დავადგეთ,
სექტემბერში უზენაესმა საბჭომ მიიღო და გამოაქვეყნა კიდეც კანონპროექტი `მიწის საკუთრების შესახებ~. ეს თემა ერთ-ერთი მტკივნეული გახლდათ და თანაც ოპოზიციის ხელისუფლებისადმი მიმართული ერთ-ერთი მწვავე ბრალდება. ზემოთY უკვე აღვნიშნეთ კიდეც, ნოდარ ნათაძე უზენაესი საბჭოს მმართველ უმრავლესობის იმედი არც ამ სფეროში ჰქონდა – მიწის რეფორმას თქვენ არც ახლა – ერთი წლის მერე არ მიიღებთო. ახლა კი პროფესორი მიხეილ კეკელია იმედიანად შენიშნავდა: დაიძრა დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი საქართველოს აგრარული კანონმდებლობის ტალღაო. კანონპროექტის წინათქმაც ოპტიმისტურად განაწყობდა მკითხველს – კანონის მიზანია `მიწამ ბოლოს და ბოლოს იპოვოს თავისი ნამდვილი პატრონი – გლეხიო~.
მაგრამ უკვე კანონპროექტის პრეამბულა იმედს უცრუებდა მიწის საკუთრებაში გადაცემის მომხრეებს, მსურველებს თუ მომლოდინეებს, როცა ერთი წინადადებით განმარტავდა პროექტის განზრახვას: `ამჟამად სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესი ნაწილი გაიცემა სარგებლობის და არა საკუთრების ფორმით~, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში მესაკუთრეობის პერსპექტივით. ყოფილი კოლმეურნეობების და მეურნეობების გამგებლობაში არსებული მიწები `მომავალ მესაკუთრეებს~ გადაეცემოდათ `საკონკურსო სარგებლობის ვადით~ – მთიელებს 10 წლის, ბარელებს – 15 წლით. ერთი სიტყვით, კანონპროექტის მკაცრი და სამართლიანი კრიტიკოსის, პროფესორ მიხეილ კეკელიას აზრით, გლეხობისათვის `მიწის კერძო საკუთრების მოსაპოვებლად ბრძოლა სამომავლო საქმედ რჩებოდა~, რაც 10-15 წელი გაგრძელდებოდა. მიწის რეფორმის კანონპროექტმა უარი თქვა მიწების ~შეუზღუდველ, უპირობო მიწათსაკუთრებაზე~ და იგი 15 წლით გადაიდო. ამით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფაც 15 წლით მაინც შეფერხდა.14
მიწის რეფორმის სრულყოფილ განხორციელებას ზ. გამსახურდია ნაციონალური თვალსაზრისით ერიდებოდა, მაგრამ რეფორმის შეფერხება საბაზრო ეკონომიკის რელსებზე ქვეყნის გადაყვანას უშლიდა ხელს. ზ. გამსახურდიას სხვა სფეროებშიც ეშინოდა ლიბერალიზაციის პროცესის თვითდინებაზე მიშვება. თავისი ოპონენტი მედასავლეთეების საწინააღმდეგოდ, მას სურდა ადგილობირივი წარმოების, ბაზრის დაცვა უცხოური კაპიტალის თავისუფალი ექსპანსიისაგან. როგორც ჩანს, სწორედ, ამიტომ გახდა პოპულარული კონვერგენციის თეორიაზე საუბარი. 1991 წლის ნოემბერში მთავრობამ ვრცელი დოკუმენტი შეიმუშავა და მასში ჩამოაყალიბა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ღონისძიებათა გეგმა.
უკვე მაშინ და შემდგომშიც ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ შეცვალა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. თუ იგი ადრე, ჯერ კიდევ მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს “პლატფორმაში~ ითვალისწინებდა საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფი გადასვლის სტრატეგიას, ახლა მან გადაწყვიტა ეტაპობრივად, თანდათანობითი ცვლილებების გზით გადაეყვანა ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე. ოპოზიცია ამ თეზისს ხელისუფლების კრიტიკისათვის იყენებდა და მას ბრალს სდება, რომ მან ფაქტიურად უარყო ქვეყნის დასავლური განვითარების გზა, არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურ სფეროში.
იმისათვის, რომ ოპოზიციის აღნიშნული თეზისის სამართლიანობა შევამოწმოთ, დავადასტუროთ ან უარვყოთ, კიდევ ერთხელ უნდა ჩავხედოთ `საარჩევნო ბლოკის მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმას~. ეს დოკუმენტი კი თავიდანვე უარყოფდა საბაზრო ეკონომიკაზე შოკური რეფორმების გზით გადასვლას. ამ საკითხს უკვე შევეხეთ და აქ, მოკლედ გავიმეორებთ პრობლემის ნათლად წარმოსადგენად:
`პლატფორმის~ მიხედვით, გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკური (ისევე, როგორც პოლიტიკური) განვითარების გარდამავალი პერიოდი, რომელიც ითვალისწინებდა საბაზრო ეკონომიკაზე ევოლუციურად გადასვლას; რომ `სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა უნდა განხორციელებულიყო თანდათანობით, ეტაპობრივად, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მომენტში გაუმართლებელია~; რომ გარდამავალ პერიოდში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე აუცილებელი გახდება სახელმწიფოს მარეგულირებელი ზემოქმედების შენარჩუნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საბაზრო პროდუქციაზე – პირველი მოთხოვნილების საქონელზე და მოსახლეობის კომუნალურ და სატრანსპორტო საშუალებებზე~; სახელმწიფოს როლი გავრცელდებოდა ფასწარმოქმნის პროცესზე, საშინაო ბაზრის დაცვაზე და ა. შ.; რომ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ტარიფების მეშვეობით `გარკვეულ სახელმწიფოთა მიმართ~ უნდა განხორციელებულიყო, როგორც პრიორიტეტების მინიჭება, ისე პროტექციონისტული ღონისძიებები.
ხოლო, მას შემდეგ, რაც დამთავრდებოდა გარდამავალი პერიოდი, ფასწარმოქმნის პროცესს უკვე განსაზღვრავდა თავისუფალი ბაზარი და მასში აღარ ჩაერეოდა ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურები.15 როგორც ვხედავთ, საბაზრო ეკონომიკაზე ეტაპობრივ გადასვლას, ჯერ კიდევ, მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს ბლოკის საარჩევნო პლატფორმა ითვალისწინებდა, რომელიც, როგორც ადასტურებენ, თ. სიგუას მიერ იყო ჩამოყალიბებული. 1991 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას რაიმე პრინციპულად ახალი ცვლილება მასში არ შეუტანია.
თვით ზვიად გამსახურდია კატეგორიულად უარყოფდა მისი მთავრობის მიერ, თითქოს სახელმწიფო კაპიტალიზმის დოქტრინის მიღებას. 10 ნოემბერს მოსკოვ-თბილისის ტელეხიდში მას კითხვა დაუსვეს ამის შესახებ: `გვქონდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, როცა მომავალ ეკონომიკურ წყობას შეეხო, მიზნად სახელმწიფო კაპიტალიზმის მშენებლობა დაასახელა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?~ ზვიად გამსახურდიას პასუხი ჩვეულად ხისტი, მკვეთრი და შეულამაზებელი გახლდათ: `ესეც დეზინფორმაციაა, რომელიც მომდინარეობს ჩვენი პოლიტიკური მტრებისაგან…~ და ა. შ.
მოგვიანებით, თავად ბესარიონ გუგუშვილმა უფრო ცხადად განმარტა `სახელმწიფო კაპიტალიზმის~ მისეული წარმოდგენა. ყოფილი ექსპრემიერის ჩანაფიქრით, მათ სურდათ საქართველოსთვის თავიდან აერიდებინათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსალოდნელი მტაცებლური პრივატიზების დაწყება. `არც ერთ სახელმწიფოში სახელმწიფო ქონების კერძო პირების ხელში გადასვლა ისე უხეშად და ელვისებურად არ მომხდარა, როგორც ეს საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მოხდა. ამის შედეგად წარმოიშვა კორუფცია, რომელიც დღემდე ანგრევს და ხრწნის ქვეყანას~, – დაასკვნიდა უკვე 2003 წელს ექსპრემიერი და ირწმუნებოდა, რომ ეს არ მოხდებოდა `სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში~. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ იგი ამგვარ სისტემაში გულისხმობდა შვედეთის, ფინეთის, დანიისა და ნორვეგიის ეკონომიკურ მოდელებს.16
და ბოლოს, ისევ `პლატფორმის~ დასკვნით დავასრულოთ ე. წ. ეკონომიკური ბლოკი თუ ეპიზოდი: `გარდამავალ პერიოდში ამ და სხვა საგარეო-ეკონომიკურ პრობლემათა გადაჭრის ერთადერთი გარანტი პოლიტიკური სტაბილურობაა, რაც მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ეროვნულ ერთიანობას.~17
1991 წლის შემოდგომაზე და დეკემბრის დასაწყისში, ისევე, როგორც ადრე, საქართველოს არც ერთი და არც მეორე `გარანტი~ და არც სხვა აუცილებელი `გარანტიები~ არ გააჩნდა.

საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში. ვერ ვიტყვით, რომ 1991 წლის შემოდგომაზე ზვიად გამსახურდია, როგორც ქვეყნის პირველი პირი შეუცდომლად მოქმედებდა. სერიოზული და მეორეხარისხოვანი მცდარი ნაბიჯები მანამდეც მოსდიოდა ყოფილ დისიდენტს და რადიკალს, მაგრამ არაადეკვატური ქმედებების რიცხვმა ერთიორად იმატა, 2 სექტემბრის მოვლენების შემდეგ. ეტყობა ეს, იმის ბრალი იყო, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზებით, აზვირთებული ანტისამთავრობო აქციები, ყოველდღიურად ცვლიდა ვითარებას. საჭირო ხდებოდა ყოველდღიური ადეკვატური პასუხების გაცემა ახალ-ახალ გამოწვევებზე. პრეზიდენტი ვეღარ აუდიოდა ამდენ საფიქრალს, საზრუნავს და პრობლემას. მდგომარეობას ართულებდა გამსახურდიას მმართველობის ავტორიტარული სტილი – ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული სახელმწიფოებრივი თუ სხვა პარტიული, სამეურნეო, კულტურული, საზოგადოებრივი საკითხი მას პირადად უნდა გადაეწყვიტა, მოეწონებინა, უარეყო, სანქცია მიეცა.
ამ მხრივ, პრეზიდენტს დახმარებას ვერ უწევდა და პირიქით, ხშირად არაადეკვატური გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგებდა, მისივე სრულიად არაკომპეტენტური და სახელმწიფოებრივ მართვაში გამოუცდელი გარემოცვა. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვგულისხმობთ მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ერთ-ორი მინისტრის გარდა, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლები უნარიანობით უძღვებოდა საქმეს. ვგულისხმობთ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად ეხვია გარშემო პრეზიდენტს და აზრს უზიარებდა, უწონებდა, რჩევას აძლევდა თუ რაიმე ამის მაგვარს აკეთებდა. ისინი მეტწილად პრეზიდენტის ერთგული, პატრიოტულად განწყობილი, მაგრამ ამავდროულად რადიკალური ფსიქოლოგიის, შეურიგებელი, არაკომპრომისული, გამოუცდელი და ხისტი ადამიანები იყვნენ, ისევე როგორც მათი უშუალო რადიკალი ოპოზიციონერები.
ყველაზე სერიოზული შეცდომები გამსახურდიას ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის კურსში დაუშვა, რამაც, ალბათ საბედისწერო როლი ითამაშა ეროვნული ხელისუფლების მომავალზე. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიური შეფასება აშშ-ის ადმინისტრაციისაგან მომდინარეობდა. იგი გამოიწვია საერთაშორისო კონიუქტურასთან საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სტრატეგიის შეუთავსებლობამ. ეს გარემოება შეიძლება ობიექტურ მიზეზად ჩაითვალოს, საქართველოს თანდათანობითი გამორიყვისა, გეოპოლიტიკური პროცესებისაგან. მაგრამ ხელისუფლების არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ და საბოლოოდ, პოლიტიკური რეალობის გაუთვალისწინებლობამ თუ შეგნებულმა უგულებელყოფამ დამატებითი სუბიექტური ფაქტორის როლი ითამაშა საქართველოს იზოლირების პროცესში. საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა უკვე ნიშნავდა, ადრე თუ გვიან ეროვნული ხელისუფლების განწირულ მდგომარეობას.
თავად პრეზიდენტის მაშინდელი კომენტარები და შეფასებები მოწმობდნენ, რომ იგი, საწინააღმდეგოდ ოპონენტების მტკიცებისა, ადეკვატურად ჭვრეტდა საერთაშორისო ვითარებას. 10 ნოემბერს, ჟურნალისტებისა და ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია აცხადებდა: `დასავლეთს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, თუ რა მოუხერხოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. მთელი არსი ეს არის. მას, ჯერჯერობით, ვერ შეუმუშავებია თავისი პოლიტიკა და ამიტომ მიმდინარეობს ყოველივე ამის განხილვა… საქართველოს ბედი გადაწყდება სხვა რესპუბლიკების ბედთან ერთად, ასე ვფიქრობ მე~.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ზ. გამსახურდიას შეუცვლელი პოზიცია და ამდენად შეუთავსებლობა საერთაშორისო კონიუქტურასთან მდგომარეობდა მის მიზანში – სრული დამოუკიდებლობის კურსში. აქედან მომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტის ხისტი დამოკიდებულება დასავლეთის ლიდერებთან. `სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნები იჩენენ ინდიფერენტულობას. ახლა არ გვიჭერენ მხარს, მაგრამ მათი პოზიცია, ჩემის აზრით, თანდათანობით შეიცვლება. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა, არ წავიდეთ არავითარ კომპრომისზე, სანამ ცენტრი არ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.”18
მიზანი უცვლელი იყო – `მე კომპრომისს არ ვაპირებ~.
ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, მისი ხელისუფლების დამხობამდე, ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან ურმას ოტთან, რომელმაც ჰკითხა – თქვენ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება გაქვთ დასავლეთის ლიდერებთანო – ზვიად გამსახურდიამ ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსების გარეშე უპასუხა: `დიახ, ეს მათი ბრალია, ისინი არ არიან დაინტერესებული იმპერიის დაშლით. ეს ხომ ცნობილია. ჩემი სახით კი ისინი ხედავენ კაცს, რომელიც იმპერიის დეზინტეგრაციის მომხრეა.~19
გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში საერთაშორისო პროცესების ტენდენციებს ადეკვატურად კი აფასებდნენ, მაგრამ სრულიად შეგნებულად არ აპირებდნენ კომპრომისს და ამით, ფაქტიურად, უარყოფდნენ პოლიტიკურ რეალიზმს. უცნაურია, რომ გამსახურდიას მომხრეები შემდგომშიც ირწმუნებოდნენ, ეროვნული ხელისუფლება სულაც არ იმყოფებოდა იზოლაციაშიო. არ ვიცით, ვის, როგორ ესმის ეს ტერმინი – საერთაშორისო იზოლაცია. იგი სრულიად მარტივ ფორმულას წარმოადგენს და ჩვენს შემთხვევაში ნიშნავს, რომ გარკვეული ქვეყანა მოკლებულია სხვა მეტ-ნაკლებად, ან თითქმის ყველა ძლიერი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ დახმარებას და მარტოა დარჩენილი მეტროპოლიასთან ბრძოლაში. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხელისუფლებას ან უნდა მეტროპოლიასთან კომპრომისისა და საერთაშორისო კონიუქტურასთან თვითშეგუების პოლიტიკა აერჩია, ან ძველებურად უკომპრომისო კურსი გაეგრძელებინა რაც ადრე თუ გვიან მისი კრახით დასრულდებოდა. ზვიად გამსახურდიამ უკანასკნელი აირჩია და ამით საკუთარი ხელისუფლების თვითგანწირვას მოაწერა ხელი. იმჟამინდელი პოლიტიკური რეალობა, სამწუხაროდ, სხვაგვარი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. საქართველოს საერთაშორისო იზოლირება ადრე თუ გვიან გამოიწვევდა ეროვნული ხელისუფლების დამარცხებას და მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, როდის გადაწყვეტდა მეტროპოლია მის ბედს.
1991 წლის 16 სექტემბერს, ამერიკულ გაზეთში `ჰერალდ ტაიმსში~ გამოქვეყნდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი გაჩეჩილაძის წერილი: `აშშ ორმაგ სტანდარტს იშველიებს, როცა საქმე საქართველოს ეხება~. ერთი თვის შემდეგ, სტატია ქართულ პრესაში გამოქვეყნდა.
მხოლოდ რამდენიმე ძირითადი თეზისი მოვიყვანოთ ამ სტატიიდან:
სულ ცოტა ხნის წინ, გიორგი გაჩეჩილაძის მართებული შენიშვნით, აშშ საბჭოთა კავშირს `ბოროტების იმპერიად~ თვლიდა. ახლა ბუშის ადმინისტრაცია უკვე საშიშად მიიჩნევს სსრკ-ის დაშლას და მის, თუნდაც სხვა ფორმით შენარჩუნებას უჭერს მხარს. ამგვარი პოზიციით აშშ ფაქტიურად უარს ამბობს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დახმარებაზე. იმისათვის, რომ თავისი ამგვარი პოზიცია იდეოლოგიურად გაამყაროს, ბუშის ადმინისტრაციამ უარყო `თვითმკვლელი ნაციონალიზმი~ და მის შემცვლელად წამოსწია დემოკრატიის ლოზუნგი.
ბუშის ადმინისტრაციამ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა აირჩია საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. მან თანადგომა გამოუცხადა სამივე ბალტიურ რესპუბლიკას, ხოლო დანარჩენ რესპუბლიკებს უარი უთხრა ცენტრისაგან თუ რუსეთის გავლენისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაზე და დემოკრატიის აშენების დროშა შესთავაზა. გ. გაჩეჩილაძის დასკვნით, ამიერიდან აშშ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკების კი არა – რუსეთის მოკავშირედ იქცა. კი, ეს ყველაფერი სწორი იყო და გ. გაჩეჩილაძე მწარე რეალობის წარმოდგენაში არ ცდებოდა. ცნობილ პუბლიცისტს და ინტელექტუალს არავითარი ილუზია არ აწუხებდა. `მიამიტობა იქნებოდა გვერწმუნებინა, რომ თითქოს აშშ უარს იტყვის საბჭოთა მთავრობასთან თანამშრომლობაზე.~20
ის, რომ შეერთებული შტატები და ზოგადად დასავლეთი, არც ცენტრთან, არც მის მომავალ სამართალმემკვიდრე რუსეთთან, რესპუბლიკების გულისათვის ურთიერთობას არ გაირთულებდნენ, დიდი პოლიტიკის პრინციპებიდან გამომდინარეობდა. მათ უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდათ მოსაგვარებელი კრემლთან და სანამ, მას არ მოაგვარებდნენ, რესპუბლიკების ღია მხარდაჭერაზე ვერ აიღებდნენ აქცენტს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს იყო ბირთვული განიარაღების მსოფლიო პრობლემა, ანუ როგორც ერთმა პოლიტოლოგმა უწოდა ცივი ომის შემდგომ ეპოქას – `მშვიდობით, იარაღო!~ კიდევ ერთხელ, გადავავლოთ თვალი ამ ეპოქის ივლის-აგვისტოს პერიოდს და ასე განვიხილოთ 1991 წლის ჩვენთვის საინტერესო შემოდგომის საერთაშორისო პრიორიტეტები და ამ ფონზე საქართველოს ადგილი.
იმ თემას აღარ გავაგრძელებთ, რომ 1991 წლის ივლის-აგვისტოს მიჯნაზე მოსკოვში ბუშმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების დიდმნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო გახლდათ მანამდე დადებულ მსგავს შეთანხმებათა შორის. ამ მიღწევის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა ხალისით გასცა დაპირება საბჭოთა კავშირისათვის ვაჭრობის სფეროში უპირატესი ხელშეწყობის სტატუსის მინიჭების შესახებ. მართალია, საბჭოების ქვეყანას არაერთი საგრძნობი ბზარი ჰქონდა გაჩენილი იმ დროისათვის, მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეჭვი არ გასჩენია, რომ რეალური ურთიერთობა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტთან უნდა ჰქონოდა და არა, თუნდაც, რუსეთის დამოუკიდებელი ფედერაციული სახელმწიფოს ახალგამომცხვარ პრეზიდენტ ბორის ელცინთან.
ცნობდა და ურთიერთობდა რა საბჭოთა კავშირთან, შეერთებულ შტატებსაც და დასავლეთსაც, ბუნებრივია, გამორიცხული იყო, რომ რამენაირი რეალურ-პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეხატათ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკებისათვის, ვთქვათ, იგივე მოლდოვასა და საქართველოსათვის. ბუნებრივია ისიც, რომ დასავლეთი არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავდა წინააღმდეგობას ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მიმართ, რომლის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი მოსკოვში 20 აგვისტოსათვის იყო დანიშნულ-დაგეგმილი.
მოსკოვის პუტჩის შემდეგ, პირველ რიგში, კვლავ დაისვა საკითხი, ვისთან დაიჭერდა საქმეს დასავლეთი: კვლავ ცენტრთან და გორბაჩოვთან თუ რუსეთის ფედერაციასთან და ელცინთან. ბუნებრივია, თუ დასავლეთი რუსეთს მიანიჭებდა პრიორიტეტს, ამგვარი არჩევანი გაზრდიდა მებრძოლ რესპუბლიკებთან დასავლეთის ყურადღებისა და ურთიერთობის ხარისხს. მაგრამ, ეს, მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლის საკითხი იყო. დასავლეთისათვის, კვლავ ერთადერთ საერთაშორისო და სახელმწიფოებრივ სამართალსუბიექტად რჩებოდა საბჭოთა კავშირი და მისი პრეზიდენტი. ერთადერთი მიმართულებით ცვლილებებს და ევოლუციას, რომელსაც დასავლეთი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, ეს იყო ერთიანი საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაცია – ახალი სახელმწიფოების ფედერაციული თუ კონფედერაციული გაერთიანებისაკენ. მაგრამ, ჯერჯერობით, ეს, მხოლოდ პროცესი გახლდათ და სანამ ის დასრულდებოდა, საბჭოთა კავშირი, კვლავ ერთადერთ იურიდიულ რეალობას წარმოადგენდა. `ასე რომ, ყოფილი სსრკ ფაქტობრივად მოკვდა, მაგრამ ფორმალურად აგრძელებს სიცოცხლეს ძველი სახელით.~21
ოპოზიცია სრულიად ყალბად სდებდა ბრალს გამსახურდიას, _ თითქოს, რომ არა მისი ავტორიტარული რეჟიმი და დიქტატურა, დასავლეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დასავლეთს 1991 წლის შემოდგომაზე არც ერთი საბჭოთა რესპუბლიკის ცნობა არ უფიქრია. 1991 წლის სექტემბერში, მოსკოვში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო-ევროპული შეხვედრა გაიმართა. ამ მოვლენის შესახებ და კიდევ სხვა საკითხებზე აზრს გამოთქვამდა ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ს. კონდრაშოვი და საქართველოსაც ეხებოდა: შეხვედრას ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად ესწრებოდნენ საკავშირო, რუსეთის და სხვა რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები. უცხოელებმა შეხვედრა გამოიყენეს ახალ პოლიტიკურ სახეებთან გაცნობისათვის არა მარტო მოსკოვში, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, არამედ რესპუბლიკებშიც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სასწრაფოდ გაფრენილა ბალტიისპირეთში; მისი ფრანგი კოლეგა ელცინს შეხვედრია. ამის შემდეგ, კონდრაშოვი შენიშნავს:
`ბეიკერი ჯერ ლენინგრადში გაფრინდა, ხოლო შემდეგ ალმა-ატაში. იგი, რა, თქმა უნდა, უფრო ზვიად გამსახურდიასათვის იქნებოდა სასურველი სტუმარი, რამდენადაც იგი ცდილობს ამერიკელებისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას მიაღწიოს. მაგრამ გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ვაშინგტონი არ ჩქარობს ცნობის აქტებს. მას სსრკ-ის ცენტრალური სტრუქტურები სჭირდება, პირველ რიგში, ბირთვულ იარაღზე მკაცრი კონტროლისათვის. ბეიკერთან საუბრის შემდეგ ელცინმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღზე კონტროლი რჩებოდა ცენტრის, საკავშირო სტრუქტურის ხელში.~22 საქმე ეხებოდა 30 000 საბრძოლო მუხტს, რომელთაგან 10 000 სტრატეგიული დანიშნულებისა იყო.
`საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ გარემომცველი მსოფლიოსაგან არ ამოვარდნილა და ვალდებული იყო შეესრულებინა აღებული საერთაშორისო ვალდებულებები~ – განაგრძობდა უკვე 23 სექტემბერს `იზვესტიაში~ გამოქვეყნებულ სტატიაში სტანისლავ კონდრაშოვი. იგივე ავტორი, 30 ოქტომბერს იმავე გაზეთში, მართალია, ერთგვარი ირონიით, მაგრამ პოლიტიკურ რეალობას აღნიშნავდა: ჯორჯ ბუშთან ერთად, მადრიდში ჩასული მიხეილ გორბაჩოვი უკვე ვეღარ ჩაითვლებოდა მის თანასწორ პარტნიორად, მაგრამ იგი დღესაც `ჯერ კიდევ ითვლება სსრკ ჩვენს საერთო პრეზიდენტად.~23
ყოველ შემთხვევაში, ამგვარი მდგომარეობა იყო 1991 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, როცა საბჭოთა კავშირი, თუნდაც ნგრევის პირას მისული იმპერია, ჯერ კიდევ წარმოადგენდა დასავლეთისათვის საერთაშორისო იურიდიულ-სახელმწიფოებრივ რეალობას. მართალია, იგივე დასავლეთი, თანდათანობით, ურთიერთობას ამყარებდა და აფართოებდა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და სხვა რესპუბლიკებთან, მაგრამ კვლავინდებურად არ ჩქარობდა მათ დე იურე ცნობას. თუ საკითხს ამ კუთხით მოვუდგებით, ძნელია გამსახურდიას დადანაშაულება იმაში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას დასავლეთის მხრიდან, მისი ავტორიტარული მმართველობა და `დიქტატორის~ იმიჯი უშლიდა ხელს, როგორც ამას ოპოზიცია ირწმუნებოდა.
ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, რომ სრულიად განსაკუთრებული და განსხვავებული სტატუსი ჰქონდათ დასავლეთისათვის, არაერთხელ აღვნიშნეთ. საბჭოთა კავშირის, ფაქტობრივი, რღვევა 1989-1990 წლებში დაიწყო, მაგრამ მისი იურიდიულ-სამართლებრივი დაშლა, 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ, დაჩქარდა. 1991 წლის 6 სექტემბერს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭომ, რომელიც შეიქმნა სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა V ყრილობის გადაწყვეტილებით, როგორც მისი უმაღლესი განმკარგულებელი ორგანო, მიიღო დადგენილება `ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ~. იმავე დადგენილებით, სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ლიტვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიღების მხარდაჭერის შესახებ.
ანალოგიური დადგენილებები მიიღო სახელმწიფო საბჭომ ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. 1991 წლის 17 სექტემბერს კი, როცა თბილისის ცენტრი აქციებით, მიტინგებით და ბარიკადებით იყო პარალიზებული, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები გაერო-ს წევრი-სახელმწიფოები გახდნენ. დანარჩენი რესპუბლიკები თავიანთ რიგს კიდევ რამდენიმე თვე უნდა დალოდებოდნენ.
საბოლოოდ და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოძებნა დასავლეთთან ურთიერთობის გამოწვევაზე ადეკვატური პასუხები. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ირიბ კრიტიკას მანაც კრიტიკით უპასუხა. ოფიციალურ და ხელისუფლების მხარდამჭერ მედიაში დაიწყო დასავლეთის ღია კრიტიკა, დასავლური ღირებულებების უარყოფა, მათთან ეროვნული ღირებულებების შეუთავსებლობის დასაბუთება. ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების დასავლეთისადმი არაადეკვატური პოზიციით შეშფოთებული საპარლამენტო ფრაქცია `ქარტია-91~ შეეცადა შეეკავებინა ანტიდასავლური განწყობილებების ტალღა. ამ მიზნით, გამოქვეყნებულ `განცხადებაში~ ქარტიელები აფიქსირებდნენ არასასურველ პროცესს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ქმნიდნენ გარკვეულ `იდეოლოგიურ სქემას~. ამ სქემის მიხედვით, იმხანად მიმდინარე ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივ-კულტურული თუ სხვა სტრუქტურების ინტეგრაციის პროცესი მიჩნეული იყო, როგორც `ახალი ტიპის იმპერიის წარმოქმნის პროცესი~. კიდევ უფრო უარესი იყო, რომ ეს ახალი ინტეგრაცია-იმპერია ახალგანთავისუფლებულ საქართველოს `შთანთქმითა და ეროვნულ ღირებულებათა გაუფასურებით ემუქრებოდა~.
სამწუხაროდ, ქარტია-91 არ ცდებოდა. ოფიციალური მედია 1991 წლის შემოდგომაზე საკმაო იდეოლოგიური ფუნდამენტურობით უტევდა დასავლეთის სამყაროს, პოლიტიკას, ღირებულებებს. თვით უპირველესი ოფიციოზი `საქართველოს რესპუბლიკა~ მკვეთრად გამოეპასუხა `ქარტია-91~-ის განცხადებას. აი, გაზეთის ახალი რედაქციის პასუხი-თეზისები:
`ევროპის ინტეგრაციის კოსმოპოლიტური და ანტინაციონალისტური არსი ფაქტია~;
ქართველმა ერმა უარი თქვა თავისი თვითმყოფადობის დაკარგვაზე. `სწორედ ევროპის ინტეგრაციის მომხრე ძალები ებრძვიან დასავლეთში, `ლანძღავენ~ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოებს.
`ევროპის ინტეგრაციული პროცესი გახლავთ თავისი არსით ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული სახელმწიფოებრიობის პრინციპის მოწინააღმდეგე… მისი პოზიცია ანტიეროვნულია~. აღარ გავაგრძელებთ და სამივე პოზიციას – ქარტიის, რედაქციის და ხელისუფლების პოზიციებს დავაფიქსირებთ. ქარტია-91-მა სრულიად მართებულად დასვა ქართულ ოფიციალურ მედიაში გაძლიერებული ანტიდასავლური იდეოლოგიის გაძლიერების საშიში ტენდენციების პრობლემა, რაც თვითიზოლაციისაკენ უბიძგებდა ქართველ საზოგადოებას.
თავის მხრივ, რედაქცია მოუწოდებდა სიფრთხილისაკენ საზოგადოებას, რომ დასავლეთიდან და განსაკუთრებით ამერიკიდან მომდინარე `კოსმოპოლიტიზაციის პროცესი~ უნდა განეიტრალებულიყო ეროვნული ღირებულებებისა და თვითმყოფადობის დაცვის მუდმივი ინტერესით. ამავდროულად, რედაქცია უფრთხოდა ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციულ და გლობალურ პროცესებს, რაც კანონზომიერი ევოლუცია გახლდათ და მისგან განდგომა ან მისი უარყოფა ქართველ საზოგადოებას პარტიარქალური კარჩაკეტილობისაკენ მოუწოდებდა. ეს იყო შიში ცივილიზაციის წინაშე.
რა თქმა უნდა, ამგვარი ანტიდასავლური განწყობილებების იმპულსი ხელისუფლებისაგან მომდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით ღია და ოფიციალური ფორმა არ მიეღო და ამდენად, მისი დადანაშაულებაც ანტიდასავლურ პოლიტიკურ კურსში გაჭირდებოდა ან გადაჭარბებული იქნებოდა. მაგრამ ხელისუფლებას, რომ ანტიდასავლური განწყობა ნამდვილად ჰქონდა და თანდათანობით სულ უფრო უძლიერდებოდა, ესეც ფაქტი იყო. ქარტიელებმა მართებულად შენიშნეს არაადეკვატური ტენდენცია და გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ ანტიდასავლური პათოსი თუ დასავლეთის კრიტიკა `მიმდინარე პოლიტიკის ელემენტად~ არ ქცეულიყო.24
ხელისუფლებას და მის ოფიციალურ წარმომადგენლებს იმდენად ვერ დაედებოდათ ბრალი ანტიდასავლურობაში, რამდენადაც იმათ, რომელნიც არსებული სახელისუფლო და სახელმწიფოებრივი სისტემის იდეოლოგების როლში გამოდიოდნენ. ჩამოყალიბდა ავტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელნიც ასაბუთებდნენ ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის პოზიტიურობას, სამართლიანობას, ლამის იდეალურობას და, რაც მთავარია, სხვას და სხვანაირ აზრს, განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. აი, სწორედ ამათ კი გადააჭარბეს და, როგორც იტყვიან, ღრმად შეტოპეს. მართლაც, ყალიბდებოდა გარკვეული `იდეოლოგიური სქემა~, რომელსაც უკვე გააჩნდა გარკვეული სავალდებულო დოგმები, რომელთა გადახვევაც, რა თქმა უნდა, კანონით არ ისჯებოდა, არ იდევნებოდა, მაგრამ თითქოს პატრიოტობიდან, `ქართველობიდან~ თუ ეროვნულობიდან გადახრად აღიქმებოდა.
სახელისუფლო იდეოლოგების ჯგუფიდან, თითოეულ ავტორს საკუთარი ინტელექტუალური სფერო ჰქონდა და იქ, ამკვიდრებდა თავის შეხედულებებს. გიორგი მარჯანიშვილი ცდილობდა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის მართებულობა დაესაბუთებინა და საქართველოს გარესამყაროსთან დამოკიდებულების პერსპექტივა განესაზღვრა. ავტორი, ერთის მხრივ, რუსეთიდან მომდინარე პოლიტიკური, სამხედრო, პუბლიცისტურ თუ იდეოლოგიურ აგრესიას ამხილებდა და უნარიანად უპირისპირებდა მას ობიექტურ ინფორმაციას და რეალობას.
მეორე მხრივ, გიორგი მარჯანიშვილი არკვევდა სხვა არანაკლებ აქტუალურ ასპექტს _ საქართველოს დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხს, მიმდინარე პროცესებს და პერსპექტივას. დასავლეთთან ურთიერთობის გარკვევა საქართველოს ახალაღმდგარი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი გამოწვევა და გადასაწყვეტი პრობლემა გახლდათ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლების პირველი პასუხები აშშ-ის ადმინისტრაციისაგან მომდინარე უარყოფით იმპულსებზე, მწვავე, ემოციური, უარყოფითი, ამდენად, არაადეკვატური იყო. გიორგი მარჯანიშვილმა და სხვა ოფიციალური პატრიოტიზმის იდეოლოგებმა ხელისუფლების დასავლეთისადმი კრიტიკული პოზიცია ანტიდასავლურ `იდეოლოგიურ სქემაში~ გადაზარდეს და მისი დასაბუთება სცადეს. ეს, პროცესი, სწორედ 1991 წლის შემოდგომაზე გაძლიერდა, როცა საქართველოსაც და მის ხელისუფლებსაც ძალიან გაუჭირდა.
ამ რთულ ვითარებაში, გიორგი მარჯანიშვილი ასაბუთებდა, რომ ევროპაში მიმდინარე სახელმწიფოების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანების პროცესი, ისეთი სტრუქტურების შექმნის სახით, როგორიც იყო ევროპის საერთო ბაზარი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ა. შ.. სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა იმპერიალიზმის გამოვლინება. ავტორის აზრით, ევროპული ინტეგრაციის პროცესი იმპერიალიზმის გაფართოების პროცესი იყო. თავის ერთ-ერთ წერილსაც გ. მარჯანიშვილმა დამთრგუნველი სათაური უწოდა: `იმპერიალიზმის მრავალსახეობა~, რომელშიც, სწორედ, ევროპის ინტეგრაციას გულისხმობდა.
გ. მარჯანიშვილი კრიტიკულად განიხილავდა ავსტრიელი დოქტორის, ვენის ლიბერალთა სკოლის პრეზიდენტის ჰერბერტ კრაუზის შეხედულებებს, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩამოაყალიბა წიგნში: `დიდი ევროპის კონფედერაცია ატლანტიკიდან ვლადივოსტოკამდე~. ამ ნაშრომის მიხედვით და საერთოდ, ევროპულ-დასავლური ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბდებოდა უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო, რომელშიც შევიდოდა საბჭოთა კავშირის ყოფილი სივრცე. სწორედ, ამიტომ დაანგრია დასავლეთმა საბჭოთა იმპერია.
ავტორის წარმოდგენით, `დღეს არათუ საქართველო, კაცობრიობა დგას პრინციპული არჩევანის წინაშე~. ერთის მხრივ, იდგა `დიდი ევროპის უსიყვარულო, მშრალი, რაციონალისტური, ვიქტორიანულ-იმპერიალისტური იდეალები~, ხოლო, მეორე მხარეზე იყო `ქრისტიანული, თუ გნებავთ, `იაპონური~ (რა თქმა უნდა, არა რელიგიური გაგებით, არამედ ევროპული და ეროვნული ღირებულებების სინთეზის სახით – დ. შ.) გზა. გზა კონკრეტული ცოცხალი რეალობის სიყვარულისა, რასაც სრულებით არ უშლის ხელს ამაღლებული უზოგადესი იდეალებისაკენ სწრაფვა~. უკანასკნელის ნიმუში იყო იაპონია. აი, თითქოს, ამ არჩევანის წინაშე იყო საქართველო და ახალმა ხელისუფლებამ უარყო დასავლურ-ევროპულ-ამერიკული არჩევანი, რითაც, ავტორის წარმოდგენით, უარყო იმპერიალისტურ მოდელში ჩასმის გზა.
ამის შემდეგ, გ. მარჯანიშვილი ქართულ რეალობას უბრუნდებოდა და მიიჩნევდა, რომ ორად გახლეჩილი საქართველოს უმრავლესობა იაპონური, ანუ ევროპულ-ეროვნული ღირებულებების შერწყმის გზას უჭერდა მხარს. მაშინ, როცა უმცირესობა, ოპოზიცია, ინტელიგენცია იმპერიალისტურ-დასავლურ არჩევანს ამჯობინებდა. მარჯანიშვილი აფრთხილებდა ქართველ საზოგადოებას, რომ `იმპერია შეიძლება დემოკრატიულიც იყოს. სწორედ აქ გვმართებს სიფრთხილე, ვინაიდან დემოკრატიული იმპერია ერების გადაშენების ყველაზე მძლავრი და ეფექტური იარაღი აღმოჩნდება სულ ახლო მომავალში.~25
ქართველ იდეოლოგთა პათოსი და ლექსიკა საშიშ მანძილზე უახლოვდებოდა აზიური ქვეყნების ფუნდამენტალისტთა ანტიდასავლურ დოქტრინებს. იდეოლოგები იწუნებდნენ და გმობდნენ იმ დიდ გამაერთიანებელ პროცესებს, რომელნიც დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და პოტენციურად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც ამ პროცესის მომავალ მონაწილეებად გულისხმობდა.
სხვათა შორის, ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მოტივაციად ითვლებოდა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ორ ზესახელმწიფოს – აშშ-ის და საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხე, თუმცა ევროპის გაერთიანების იდეას ბევრად დიდი წარსული ჰქონდა. ევროპის გაერთიანების პერსპექტივას გრძნობდნენ საქართველოშიც და ჯერ კიდევ გასული საუკუნის ზღურბლზე მიესალმებოდნენ ჩვენი ცნობილი მოღვაწეები. 1906 წელს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მთავარი იდეოლოგი არჩილ ჯორჯაძე წერდა: `იდეა ევროპის შეერთებული შტატებისა, რომელმაც თავი იჩინა ჩვენს საუკუნეში, დიდი და ღრმა პოლიტიკური იდეა არისო.~26
აი, ამ საუკუნის პროექტის განხორციელების აუცილებლობის შესახებ 1946 წელს განაცხადა უინსტონ ჩერჩილმა, ევროპული სახელმწიფოების გაერთიანება იქნებოდა `ევროპის შეერთებული შტატების~ მსგავსიო. 1948 წელს შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. ამის შემდეგ, წლების მანძილზე, იქმნებოდა ევროპული ქვეყნების სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-სამეცნიერო გაერთიანებები: ევროპის საბჭო, ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება, რომელსაც თანდათანობით უერთდებოდნენ: საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები. 1957 წელს ამ ექვსეულმა რომის ხელშეკრულებით საფუძველი ჩაუყარა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას. საბოლოოდ, ყველა ზემოაღნიშნული ორგანიზაცია გაერთიანდა 1967 წელს და გააფორმა ე. წ. ევროპული გაერთიანების შექმნა, რომელსაც დღეს ევროპის კავშირის სახელით ვიცნობთ. ეს სახელი მას 1993 წლის 1 ნოემბრიდან ეწოდა.
1991 წელს, როცა გ. მარჯანიშვილის პუბლიკაცია ქართველ საზოგადოებას `იმპერიალიზმის მრავალსახეობის~ საფრთხეებისაგან დისტანცირებას ურჩევდა, ევროპის გაერთიანებაში, გარდა ზემოჩამოთვლილი ექვსეულისა, შედიოდნენ: დანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია.27 სამწუხარო გარემოება გახლდათ: მაშინ, როცა საბჭოთა იმპერიისაგან ახალთავდაღწეული აღმოსავლურ ევროპული ქვეყნები ევროპულ თანამეგობრობაში გაერთიანებაზე ოცნებობდნენ, საქართველოში ლეხ ვალენსასა და ვაცლავ ჰაველის იდეალს – ევროპის ოჯახში შესვლას – იმპერიალიზმის მრავალსახეობის გამოვლინებად სახავდნენ.
ტრანსფორმაციის საჭიროების წინაშე იდგა მეორე დიდი ევროპულ-დასავლური გაერთიანება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. სწორედ, 1991 წლის შემოდგომაზე უნდა შეემუშავებინა ალიანსს ახალი კონცეფცია _ შეცვლილი საერთაშორისო ვითარების პირობებში. როგორც ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი) აცხადებდა, ნოემბრის პირველ ნახევარში რომში განზრახულ სესიაზე უნდა შემუშავებულიყო `ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი როლი და მისი მთავარი ამოცანები 90-იან წლებში~. ახალი სტრატეგიული დოქტრინის თანახმად, ალიანსი მიიჩნევდა, რომ საბჭოთა სამხედრო საფრთხე აღარ არსებობდა. სამაგიეროდ, ალიანსს მთავარი ყურადღება უნდა გაემახვილებინა ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიც იყო ბირთვული იარაღის გავრცელების საშიშროება; არასტაბილურობა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში და `ეროვნული კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპაში~. ამ დროისათვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში 16 ქვეყანა შედიოდა: აშშ, კანადა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, დანია, ნორვეგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ბელგია, საფრანგეთი, ისლანდია, საბერძნეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთი.
ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის იზოლაციონისტურად განწყობას, იდეოლოგიურად ასაბუთებდა და ამარაგებდა გიორგი გაბაშვილის მოზრდილი საგაზეთო პუბლიკაციები. მან თარგმნა რუსეთის ემიგრაციის პირველი იერარქის მიტროპოლიტ ვიტალის 1968 წელს გაკეთებული და შემდეგ, კანადაში ბროშურად გამოცემული მოხსენება `ეკუმენიზმი~. ვიტალის ქადაგებაში და გიორგი გაბაშვილის მიერ თარგმანისადმი თანადართულ კომენტარებში დაგმობილი იყო ეკუმენისტური მოძრაობა. ჩვენ ვერავითარ პრეტენზიას ვერ გამოვთქვამთ და არც გვაქვს სურვილი შევედავოთ რუსი მიტროპოლიტის პოზიციას. ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით მათ რწმენასაც, ვინც მაშინ, 1991 წელს და დღესაც ეკუმენიზმის იდეას, ეკუმენისტურ მოძრაობას სკეპტიკურად ეკიდება. მაგრამ მიგვაჩნია, რომ დღესაც და მით უფრო მაშინაც, 1991 წელს, როდესაც საქართველოს ახალაღდგენილი სახელმწიფო თითქმის ყველანაირი სახის ბლოკადაში და იზოლაციაში მოექცა, ეკუმენიზმის დაგმობა ქართველი საზოგადოების თვითიზოლაციისაკენ და დამღუპველი კარჩაკეტილობისაკენ კიდევ ერთი მოწოდება გახლდათ.
გ. გაბაშვილი მკაცრად აკრიტიკებდა ეკუმენიზმის მომხრე ქართველ `დილეტანტებს~, მაგალითად, ნაირა გელაშვილს, რომელიც წერდა: `მსოფლიოს ჰუმანური ძალების მიზანია რელიგიური შეკავშირება, საერთო ლოცვა, გამაერთიანებელი და არა გამთიშველი ღირებულებისაკენ გეზის აღება~. პირიქით, გ. გაბაშვილმა, სწორედ, ამგვარი `დილეტანტების~ საპასუხოდ თარგმნა რუსი იერარქის მოხსენება, რომელშიც ეკუმენიზმი მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამანგრეველ მოძრაობად იყო წარმოდგენილი. კარგით, თავი დავანებოთ თემას – ეკუმენიზმი, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ვინ არიან მათ შორის მართლები ან ვინ ცდება. სხვაგვარად დავსვათ საკითხი. 1991 წელია. საქართველო მოქცეულია რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ, პოლიტიკურ ბლოკადაში. მას არა აქვს, როგორც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სახელმწიფოს, დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა. მას არა აქვს არც სხვა, რომელიმე მეტ-ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოს დახმარების იმედიც კი. აი, ასეთ იზოლაციურ მდგომარეობაში რა საჭიროებას წარმოადგენდა რუსი ემიგრანტი იერარქის ანტიეკუმენისტური უზარმაზარი სტატიის გამოქვეყნება რესპუბლიკის უპირველეს ოფიციალურ გაზეთში `საქართველოს რესპუბლიკაში~. რას ემსახურებოდა გ. გაბაშვილის მიერ გაწეული გარჯა – სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების თვითიზოლაციას, კიდევ უფრო მოწყვეტას მსოფლიო პროცესებისაგან, კარჩაკეტილობას და ა. შ. ამ მხრივ, გაბაშვილის სტატია მარჯანიშვილის პოლიტიკური იზოლაციონიზმისაკენ მიმართული პუბლიკაციების მონათესავე გახლდათ. ამგვარი პუბლიკაციები სრულიად არაადეკვატური იყო საქართველოს მაშინდელი და თუნდაც, დღევანდელი მდგომარეობისათვის.
სავარაუდოა, რომ ამგვარი რელიგიურ-ფილოსოფიური ცალმხრივობის მქადაგებელი კონცეფციების პოლიტიზაციის მომხრე და წამქეზებელი, ხელისუფლება არ უნდა ყოფილიყო და არც ოფიციოზის წარმომადგენელი პასუხისმგებელი პირები. გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი. იგივე გიორგი გაბაშვილმა 15 ოქტომბრის `საქართველოს რესპუბლიკაში~ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია: `მსოფლიო ინტეგრაციული პროცესი ქრისტიანული ესქატოლოგიის შუქზე~. სტატიის სახელწოდებიდანვე მიხვდება მკითხველი, რომ რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის პუბლიკაციაში ანტიდასავლური პათოსი _ წამყვანი გახლდათ. მაგრამ ეს არაა მთავარი. ამ სტატიის წამკითხველ ცნობილ მეცნიერს გურამ ბათიაშვილს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ გაბაშვილის სტატიაში მთლად კორექტულად არ იყვნენ მოხსენიებულნი ებრაელები, ებრაელი ერი. ბათიაშვილი კრიტიკულად გამოეხმაურა გაბაშვილს წერილით: `ერთი ციტატისა და ებრაელობისადმი მიცემული დავალების თაობაზე~.
აი, ამის შემდეგ, გიორგი გაბაშვილმა `საქართველოს რესპუბლიკაში~ მიიტანა ბათიაშვილის სტატიის საპასუხო წერილი სათაურით: `ერთი პასუხისა და `ჩვენი აკადემიისათვის~ მიცემული ინსტრუქციის თაობაზე~. ოფიციალური გაზეთის რედაქციამ იგრძნო, რომ გ. გაბაშვილის რელიგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლები უსიამოვნო პოლიტიზაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ზედმეტი გამწვავების საფრთხეს შეიცავდა. რედაქცია მოერიდა პოლემიკის გაგრძელებას და გაბაშვილს საპასუხო სტატიის დაბეჭდვაზე უარი უთხრა, თან სათანადო განმარტებაც გამოაქვეყნა.28
ანტიამერიკანიზმის, ანტიევროპეიზმის, ანტიკაპიტალიზმის, ანტიეკუმენიზმის და ზოგადად, ანტიდასავლეთიზმის თეორიული დასაბუთება თანდათან ძლიერდებოდა ქართულ ოფიციალურ და ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიათა პრესაში, მედიასაშუალებებში და ცალკეულ იდეოლოგიურ პოსტულატებად ყალიბდებოდა. ამონარიდი გ. გაბაშვილის ზემონახსენები სტატიიდან: `მსოფლიო ინტეგრაციული პროცესი ქრისტიანული ესქატოლოგიის შუქზე~ – `თანამედროვე რელიგიური და პოლიტიკური მსოფლიო ინტეგრაციულმა პროცესმა მოიცვა. ე. წ. `მეექვსე მონარქია~ – მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები ლამის დუჟმორეულნი უწევენ რეკლამას იდეას – და ვაი, მას, ვინც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას გაბედავს – დაუყოვნებლივ მიაკრავენ ნაცისტის, ბნელეთის მოციქულის, შავრაზმელის ანდა რატომღაც ანტისემიტის იარლიყს~.
ამონარიდი ვადიმ-ქრისტიან ჭყონიას სტატიიდან: `მათთვის, ვისაც არც სურს ქართული საქართველო~ – `დემოკრატიის ეტალონი – ამერიკის შეერთებული შტატები, ამავე დროს სახეა საზოგადოების მასონური მმართველობისა, რომელიც თავიდანვე მოკლებული იყო ნაციონალურ სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ერთობას. ამიტომაც ყოველგვარი ეროვნული იდეა ამერიკაში საოცარ მასობრივ სიძულვილს და დევნას იწვევს.~29
უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი `იდეოლოგი~, ჯერ კიდევ, ადრეული მოძრაობის პერიოდში იდგა ანტიდასავლურ პოზიციაზე. თემურ ქორიძე 1989 წლის დეკემბერში, კიდევ კარგი, რომ მთელ დასავლეთს არა, მაგრამ ზოგიერთის მისამართით წერდა: `დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი დღეს იმასაც გვიკიჟინებს, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობა, ვითარცა `ანტიპერესტროიკული~ აქცია, გაუმართლებელ მოვლენას წარმოადგენსო.~30
და აი, ამ ფონზე, როცა ხელისუფლების მხარდამჭერი იდეოლოგები სასტიკად კიცხავდნენ ინტეგრაციის ნიღბით მოვლენილ დასავლურ იმპერიალიზმს, თბილისის ორთაჭალის ციხიდან ამერიკის პრეზიდენტს ეგზავნება წერილი. მასში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გ. ჭანტურია კვლავ ადასტურებს თავისი ორგანიზაციის მტკიცე დასავლურ ორიენტაციას. წერილის ავტორისათვის დასავლეთში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები სრულიადაც არაა იმპერიალიზმის საზღვრების გაფართოება, არამედ ესაა დემოკრატიის გაძლიერება, პროგრესი, რომელსაც საქართველოში მიესალმებიან. `ჩვენთვის დამოუკიდებლობა და დემოკრატია განუყოფელია და როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, მომავალი საქართველო გვსურს ვიხილოთ არა კუბისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავს სახელმწიფოდ, არამედ დასავლეთის ინტეგრირებული სამყაროს თანასწორუფლებიან ქვეყნად…~31
ხელისუფლების მხარდამჭერი `იდეოლოგებისაგან~ გაკიცხულ დასავლეთს ოპოზიციის მხრიდან აღმოუჩნდნენ ქომაგები. ოპოზიციამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ძლიერი არგუმენტი მოიპოვა. მას შეეძლო ხელისუფლება დაედანაშაულებინა იზოლაციონისტური პოლიტიკისა და იდეოლოგიის განხორციელებაში. მას შეეძლო ხელისუფლება გაეკრიტიკებინა ევროპეიზმის უარყოფისათვის – იმ ევროპეიზმისა, ევროპული ღირებულებებისა, რომელიც ქართველი სამოციანელ-თერგდალეულების დასაბუთებით, ქართველობისათვის უნივერსალური ორიენტაციის როლი უნდა შეესრულებინა. დასავლეთი, ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, ღია სამოქალაქო საზოგადოება და საერთოდ, პროდასავლური ორიენტაცია ის ურთიერთდაპირისპირების ფრონტის უბანი აღმოჩნდა, სადაც უპირატესობა ოპოზიციამ მოიპოვა. ეს იყო სახელისუფლებო ბანაკის დიდი შეცდომა და დანაკარგი. თვით ხელისუფლების მხარდამჭერი ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი იყო ანტიდასავლური პოზიცია და პროპაგანდა. სულაც რომ არ ჰქონოდა პროდასავლური მიდრეკილება, საზოგადოების მეტ-ნაკლებად გონიერი ნაწილი იმას მაინც ანგარიშობდა, რომ ამგვარი კონცეფციები, მხოლოდ საქართველოს და ქართველო საზოგადოების სრულ მარგინალიზაციას უწყობდნენ ხელს.
1991 წლის ოქტომბერ-დეკემბრის ორთვენახევრიან პერიოდს ხან ხანმოკლე დაზავების, ხან წონასწორობის დროებითი დამყარების და ხან სხვა მსგავსი ტერმინებით ახასიათებენ. პირველ რიგში, ეს იყო ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკის გადამწყვეტი შეტევისათვის მზადების პერიოდი. სამწუხაროდ, ეს უფრო ითქმის ოპოზიციაზე, ვიდრე ხელისუფლებაზე, რომელსაც ამ დროისათვის მზადების რესურსი, ფაქტიურად, აღარც გააჩნდა. პირიქით, იგი დღითიდღე თმობდა იმ მცირე უპირატესობებს, რომლის წყალობითაც მან სექტემბერ-ოქტომბრის `პუტჩის~ მოგერიება შეძლო. პირველ ყოვლისა, სწორედ ამ პერიოდში მან, ხელისუფლებამ და მისმა იდეოლოგიურმა წარმომადგენლებმა ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებით მოწინააღმდეგე ოპოზიციას ჩააბარეს უძლიერესი იდეოლოგიური იარაღი – ცალსახა პროდასავლური ორიენტაციის პრიორიტეტი. ამიერიდან, ოპოზიცია დასავლური ორიენტაციის მქადაგებელ ერთადერთ პოლიტიკურ მხარედ იქცა საქართველოში, მაშინ, როცა ხელისუფლება უკვე ანტიდასავლური პოზიციის მქონე მხარედ ყალიბდებოდა და აღიქმებოდა. ეს თავისებური იდეოლოგია `თვითიზოლაციის~ ტოლფასი მოვლენა გახლდათ, მაშინ, როცა ოპოზიცია დღითიდღე იხვეჭდა ქულებს დასავლეთის გულის მოსაგებად. საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას იდეოლოგიურ-კულტურული თვითიზოლაცია დაემატა. მოწინააღმდეგე ოპოზიცია ამ შესანიშნავ იარაღს ხელიდან როგორ გაუშვებდა.
დაახლოებით, ანალოგიური მოსაზრებები მაშინვე გამოითქვა ქართულ მედიაში. ირ. ბათიაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ევროპაში მიმდინარე გამაერთიანებელი პროცესები, დაიწუნა `ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის~ მიერ გამოთქმული შიში ამგვარი პროცესების გამო და ბოლოს კითხვაც დასვა: `რა რეალურ ალტერნატივას ხედავენ ასეთი `წინასწარმეტყველნი~? საითკენ გვიბიძგებენ? ისლამური აზიისაკენ? ეგებ სრული იზოლაციისაკენ? საქართველოს გულშემატკივარი, უპირველეს ყოვლისა, რეალისტურად უნდა აზროვნებდეს და არ დაფრინავდეს უსუსურ აბსტრაქციებში. მას უნდა ესმოდეს შემდეგი: თუ საქართველომ ვერ შეძლო გაღწევა დასავლეთის სამყაროს სარბიელზე, მაშინ ჩვენ პოლიტიკურ ძალიხმევას ადრე თუ გვიან კრახი არ ასცდება.~32 იშვიათი და მართლაც, წინასწარმეტყველური განაჩენი გახლდათ.
ასაბუთებდნენ რა დასავლეთის იმპერიალიზმის უარყოფის საჭიროებას, ასე დავარქმევთ _ ოფიციალური პატრიოტიზმის იდეოლოგები, მიესალმნენ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე აღმოცენებულ ჩეჩნეთის ამბოხებულ რესპუბლიკას. გაზ. `საქართველოს რესპუბლიკის~ პოლიტიკური მიმომხილველი გურამ სიხარულიძე სიხარულს ვერ მალავდა და წერდა: `ჩეჩნეთ-ინგუშეთში მიმდინარე პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. მათი სახით გაგვიჩნდა მოკავშირე და სერიოზული წანამძღვრები იქმნება კავკასიის საერთო განთავისუფლებისათვის.~33 აქედან, კი სრული პოლიტიკური სიბეცე იწყებოდა, რაც შესაძლოა, უფრო დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის იმედის გადაწურვამ გამოიწვია.
სახელისუფლო ბანაკი, ე. ი. ხელისუფლება და მისი მომხრე პოლიტიკური ელიტა, რომელიც დასავლეთისაგან იზოლირებული აღმოჩნდა, მოკავშირედ მიიჩნევდა მასსავით იზოლირებულ და იმპერიასთან მებრძოლ ჩეჩნეთს. გარკვეული ლოგიკის მარცვალი იდო ამ იძულებით არჩევანში, მაგრამ მას პერსპექტივა არ გააჩნდა. პროჩეჩნური ორიენტაცია და სოლიდარობა, კიდევ ერთი, დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა ოპოზიციის ხელში. ეს სახლში, საქართველოში. გარეთ კი ეს მით უფრო დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოს, ისედაც უიმედო საერთაშორისო მდგომარეობისათვის.
ნოემბერ-დეკემბრის თეები ის პერიოდი იყო, როცა მნიშვნელოვნად იცვლებოდა აშშ-ისა და დასავლეთის დამოკიდებულება, ჯერ კიდევ, იურუდიულად საბჭოთა, მაგრამ იმ რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვოდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინაში 1 დეკემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს. მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა ხმა მისცა უკრაინის დამოუკიდებლობას. ამ ვითარებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი ჯორჯ ბუშს ატყობინებდა, რომ ელცინის მთავრობა მზად იყო ეცნო უკრაინის დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატების მერყეობის დასაძლევად, უკრაინის ლიდერი ლეონიდ კრავჩუკი პირობას აძლევდა ბუშს, რომ კიევი შეასრულებდა ყველა შეთანხმებას შეიარაღებისადმი კონტროლის თაობაზე, რომელნიც კი ამერიკისა და საბჭოთა კავშირს შორის იყო დადებული.
ასეთ ვითარებაში, უკვე 4 დეკემბრისათვის ეი-ბი-სი-ს ტელეკომპანია და სხვა მედია-საშუალებები იუწყებოდნენ, რომ თეთრ სახლში გადაწყვიტეს `ცნონ უკრაინელი ხალხის მისწრაფება~. უკრაინის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესს ხელს უწყობდა მის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული პოტენციალი – 176 ბალისტიკური რაკეტა და 2000 ბირთვული მუხტი. ამგვარი მაჩვენებლებით უკრაინა დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს უტოლდებოდა. ამიტომ დასავლეთს გაუჩნდა მისწრაფება, რაც შეიძლება დროულად გაერკვიათ ურთიერთობა ახალ გიგანტ სახელმწიფოსთან და ეცნოთ მისი დამოუკიდებლობა.
დიდი სახელმწიფოების პოზიცია გადამწყვეტი იყო პატარა სახელმწიფოებისათვის. ეს უკანასკნელნი ზესახელმწიფოების დამოკიდებულების საბოლოო გარკვევას ელოდებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკებთან და მათ შორის, საქართველოსთან. ამ უკანასკნელის ხელისუფლება, დასავლეთის მხრიდან, უარყოფითი შეფასებების ჩრდილში იმყოფებოდა. ასეთ ვითარებაში, თავად საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, რამდენიმე ისეთი სახელმწიფო მაინც შეეგულიანებინა, ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელნიც ჩვენს ქვეყანასთან ან ტრადიციულად კარგ ურთიერთობაში იყვნენ, ან ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ან ახლო მეზობლები იყვნენ, ან რამენაირად მოწოდებულნი იყვნენ, სხვაზე მეტად გაეცნობიერებინათ ჩვენი რთული მდგომარეობა. საერთაშორისო პოლიტიკური რეალობისადმი ამგვარ მიდგომას, უნდა ითქვას, იდეალისტურ-რომანტიკული ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ, მაინც, გამართლებული იყო.
3 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, თურქეთის უზენაეს ეროვნულ კრებას თხოვნით მიმართა: `მოგმართავთ წინადადებით, ცნოთ საქართველოს რესპუბლიკა და დაამყაროთ ჩვენთან პოლიტიკური ურთიერთობა~. ქართველები თავიანთ ისტორიულ მეზობლებს აგულიანებდნენ, ამ დროისთვის საქართველო დე იურედ უკვე ცნეს რუმინეთმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმაო. თურქეთში, ბუნებრივია, საქართველოს თხოვნა ყურადღებით განიხილეს, მაგრამ მაინც სიფრთხილე არჩიეს. ისინი უცდიდნენ დასავლეთის პოზიციის გარკვევას საქართველოსა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისადმი. 12 დეკემბერს, თურქეთის მთავრობის თავმჯდომარის სულეიმან დემირელის სახელით, საქართველოს პრეზიდენტს მოუვიდა წერილი, რომლის კომენტარსაც საქართველოს მხარე აკეთებდა: `დღეს, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა სცნოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ჩვენდა სასიხარულოდ, თურქეთის რესპუბლიკა და მისი მოსახლეობა აპირებს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასაც~. თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება, მაინც დროს წელავდა და საქართველოს ცნობას, მაინც სამომავლოდ სდებდა.
ჭოჭმანობდნენ და ასევე, დასავლეთის პოზიციის გარკვევას უცდიდნენ საქართველოს ისეთი კეთილისმყოფელი ქვეყნები, როგორნიც ბალტიისპირეთის რესპუბლიკები იყვნენ. 6 დეკემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ლატვიის დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის ივარს გოდმანისის ხელმძღვანელობით. მიუხედავად, დიდი ურთიერთსიმპათიებისა, ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ითვალისწინებდა. მოძმე ბალტიელებიც იცდიდნენ. ამ მხრივ, უფრო გაბედული აღმოჩნდა უკრაინა. 12 დეკემბერს, საქართველომაც და უკრაინამაც სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა.
ერთი შეხედვით, თითქოს ყინულმა დნობა დაიწყო და საქართველოს დე იურედ ცნობის საკითხი, თანდათანობით, აქტუალური ხდებოდა რიგი სახელმწფოებისათვის. მაგრამ მთავარი, მაინც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოებისაგან აღიარება იყო. საქართველოს ხელისუფლება, სწორედ, მათგან, განსაკუთრებით კი აშშ-გან საჭიროებდა მხარდაჭერას. და აი, 1991 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი სიტყვით გამოვიდა პრინსტონის უნივერსიტეტში. აქ, იგი საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებს შეეხო, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ ჩასვლას აპირებდა. ამ დროისათვის, უკვე დაბეჯითებით ლაპარაკობდნენ, წითელი იმპერიის დღეები დათვლილიაო. იურიდიულად ხომ საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო 8 დეკემბერს დაშლილად გამოცხადდა, როცა მისმა დამფუძნებლებმა რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ 1922 წლის 22 დეკემბრის აქტის, როგორც სსრკ-ის დაფუძნების ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინეს.
აშშ თანდათანობით ახმოვანებდა თავის ახალ მიდგომას ყოფილ და ჯერ კიდევ, იურიდიულად არსებული საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. პრინსტონში წარმოთქმულ სიტყვაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თავისი კეთილგანწყობილება გამოხატა რამდენიმე რესპუბლიკის მიმართ: რუსეთმა, უკრაინამ, ყაზახეთმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა `დემოკრატიული იდეალებისადმი მიდრეკილებების დემონსტრირება მოახდინეს~, – აღნიშნავდა ჯეიმს ბეიკერი და ადასტურებდა, რომ მათ დასავლეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონოდათ.
მაგრამ, აქვე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ის რესპუბლიკებიც დაასახელა, რომლებსაც დასავლეთისაგან ასეთი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ამგვარი რესპუბლიკების რიცხვი სულ ორი გახლდათ – საქართველო და აზერბაიჯანი. ბეიკერმა განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მის პერსონალურად დასახელებასაც არ მოერიდა: `პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იმის დადასტურებაა, თუ როგორ შეიძლება კომუნიზმის შემცვლელად მოვიდეს სხვა ავტორიტარული რეჟიმი~. ხილულ მომავალში დასავლეთი არ აპირებს დახმარება აღმოუჩინოს ბაქოს და თბილისს.34
შემდგომში, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ირწმუნებოდნენ, რომ ბეიკერის პრინსტონში წარმოთქმული სიტყვის ეს აღნიშნული ეპიზოდი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისათვის გამოცხადებული სოლიდარობის ნიშანი გახლდათ. ე. ი. ამერიკა მხარს უჭერდა ოპოზიციას, უფრო ზუსტად, შეიარაღებულ ოპოზიციას, საკუთარი ხელისუფლების დასამხობად წამოწყებულ ბრძოლაში. ამისი გადაჭრით მტკიცება ძნელია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ჯეიმს ბეიკერის უცერემონიოდ გამოთქმული ნეგატიური შეფასება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სრულ საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავდა, მისგან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგებით. ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგი, ასეც შეიძლებოდა განმარტებულიყო: შტატები და დასავლეთი არ დაეხმარებოდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, თუ მის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას დაიწყებდა ოპოზიცია: არც სამხედრო-პოლიტიკურს, არც მატერიალურ-ფინანსურს, არც მორალურ-დიპლომატიურს. უბრალოდ, იგი პილატესავით განზე გადგებოდა და ხელებს დაიბანდა.
რაც მთავარია, დასავლეთის ამგვარი პოზიციის გამო, გამსახურდიას ხელისუფლება შესაძლოა უკმაყოფილო ყოფილიყო, მაგრამ არ უნდა გაჰკვირებოდა და უნდა მიეღო, როგორც კანონზომიერი, მოსალოდნელი ფაქტი. ბეიკერის პრინსტონის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტვაში ახალი არაფერი არ იყო. მაინც ბოლომდე ავხსნათ, რა იყო გამსახურდიას ხელისუფლებისადმი აშშ-ისა და დასავლეთის ნეგატიური პოზიციის მთავარი მიზეზი.
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, არ იყო ის, რასაც ბეიკერი ამბობდა – ავტორიტარიზმის აუტანელი რეჟიმი, რაც ლამის კომუნისტების დოქტრინასთან იყო გათანაბრებული. ავტორიტარიზმის ნიშნები მხოლოდ დამატებითი საბაბი იყო გამსახურდიას ხელისუფლების ნეგატიურად შეფასებისათვის. მთავარი მიზეზი, საქართველოს მაშინდელი განმარტოებისა და დასავლეთისაგან უარყოფისა იყო, ზვიად გამსახურდიას რადიკალური საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც გამოიხატებოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობის დეკლარირებით და საბჭოთა კავშირისა და შემდგომ, რუსეთის მიმართ შეურიგებელი, უკომპრომისო პოზიციით. გამსახურდიას ხელუსუფლება უარს ამბობდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ახალ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა გაერთიანებაში შესვლაზე, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროდ განიხილებოდა, საერთაშორისო გადანაწილების ახალ რუკაზე.
კითხვაზე, თუ რა იყო საქართველოს ხელისუფლების იზოლაციის მთავარი მიზეზი, გვინდა ვრცლად გავცეთ პასუხი ერთი ჩვენი ადრინდელი წერილით. იგი რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ. პირველად, ეს წერილი 1995 წლის 29 ივნისს გაზეთ `ჯორჯიან ტაიმსში~ გამოქვეყნდა სათაურით: `დიდ ონავრებს შორის. თეზისები საქართველოს უახლესი ისტორიისათვის~. უკანასკნელად და თითქმის უცვლელად იგივე წერილი შევიდა ნესტან კირთაძესთან თანაავტორობით გამოქვეყნებულ ჩვენს ნაშრომში: `ეროვნული იდეოლოგიის ორიენტირები~ (თბილისი, 2000). ნაშრომის ამ ეპიზოდს აქაც ისე დავასათაურებთ, რომლითაც ის აღნიშნულ წიგნში იყო სახელდებული.
`რა მოხდა?! (თეზისები საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიისათვის).
1. მსოფლიოში `ახალი წესრიგის~ დამყარება ყოველთვის დიდი ზესახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა. ასე მოხდა 1815 წელს, როცა ნაპოლეონის იმპეროოს დაშლის შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა ვენის კონგრესზე გადაინაწილეს ევროპა. ასე მოხდა 1919 წელს, როცა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ანტანტის ქვეყნებმა ომისშემდგომი მსოფლიო დამარცხებულების ხარჯზე თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს. ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, როცა ანტიფაშისტურმა მოკავშირეებმა თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე მსოფლიოს ახალი ურთიერთშეთანხმებული მოდელი შექმნეს. მაშინაც, როცა რომელიმე დიდი იმპერია დაემხობოდა, მის მემკვიდრეობას დაუყოვნებლივ ინაწილებდნენ გავლენის სფეროებად დანარჩენი დიდი სახელმწიფოები, ანუ, როგორც ილია უწოდებდა მათ, `დიდი ონავრები~.
საბჭოთა იმპერიისა და ე. წ. სოციალისტური ბანაკის დაშლა და აქედან გამომდინარე, ვუწოდოთ ასე – საბჭოთა მემკვიდრეობის გაყოფა-გადანაწილება გავლენის სფეროებად მტკივნეულად მიმდინარეობდა ზესახელმწიფოების მეთაურთა მრავალრიცხოვან შეხვედრებზე. ეს პროცესი, საბოლოოდ, დღესაც არ დამთავრებულა.
მაგრამ პრინციპული შეთანხმება გავლენის ძირითად სფეროებზე საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს (დასავლეთს) შორის 80-იანი წლების მიწურულში გამოიკვეთა: მოსკოვმა უარი თქვა აღმოსავლეთ ევროპაზე, ხოლო უშუალოდ საბჭოთა კავშირიდან დათანხმდა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობას – იმპერიიდან გამოყოფას. დანარჩენი რესპუბლიკები გარკვეულ ეტაპზე უნდა დარჩენილიყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომში კი – სსრკ-ის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს გავლენის სფეროში.
2. ამდენად, ნებისმიერი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის სივრციდან გამოყოფას ისახავდა მიზნად, გარდა ბალტიისპირეთისა, მაშინ განწირული იყო დასამარცხებლად. ამგვარ მოძრაობას აშშ და ევროდასავლეთი არც პრაქტიკულ-პოლიტიკურ, არც მორალურ მხარდაჭერას არ გაუწევდნენ.
რესპუბლიკების ეროვნულ მოძრაობასთან ბრძოლაში მოსკოვს ხელები გახსნილი ჰქონდა. მას შეეძლო `უმცროსი ძმების~ წინააღმდეგ მდიდარი პროვოკაციული არსენალის საშუალებები თავისუფლად გამოეყენებინა – შეექმნა ეთნოკონფლიქტური კერები, ხელი შეეწყო ავტონომიური რესპუბლიკების სეპარატისტული მოძრაობისათვის, მოეწყო ეკონომიკური ბლოკადები… ყველა ამ შემთხვევაში მოსკოვს გარანტირებული ჰქონდა დასავლეთის დუმილი, ჩაურევლობა.
ასე შეიქმნა სქემა, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყო პოსტსაბჭოური სინამდვილე, ანუ `ახალი წესრიგის~ პირველი ეტაპი გულისხმობდა რუსეთის მეტ-ნაკლებ გავლენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.
3. `ახალი წესრიგის~ თანახმად, ბალტიისპირეთის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის ფართოდ უჭერდნენ მხარს არა მარტო უცხოეთის საზოგადოებრივი აზრი და საინფორმაციო საშუალებები, არამედ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები.
სხვა რესპუბლიკათა უმრავლესობამ მიიღო ახალი პოსტკომუნისტური მოდელი – ზოგმა იმის გამო, რომ განცალკევების საფუძველი გარკვეულ რესპუბლიკებში ნაკლებად არსებობდა; ზოგს არ აწყობდა რუსეთისაგან გამოყოფა (სომხეთი); ზოგი პოლიტიკური რეალიზმის გონივრულ გზას დაადგა (უკრაინა, ბელორუსია…), მაგრამ ძირითადად პოსტსაბჭოური სივრცე ახალი მსოფლიო წესრიგის პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახით განხორციელდა.
4. მხოლოდ რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა არ შეეგუა თავდაპირველად აღნიშნულ სქემას: მოლდოვა, რომელსაც რუმინეთთან შეერთება სურდა; საქართველო, რომელსაც სრული დამოუკიდებლობა და რუსეთის სივრცისაგან გამოყოფა უნდოდა. ამიტომაც სწორედ ამ რესპუბლიკებში შეიქმნა ყველაზე მწვავე ეთნოკონფლიქტური კერები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი). ხოლო იმისათვის, რომ `სეპარატისტული სინდრომისათვის~ გზა გადაეკეტათ კავკასიაში და კავკასიურ დონეზე გადაზრდისათვის, ყველაზე ადრე იზრუნეს და გააღვივეს ძველისძველი სომხურ-აზერბაიჯანული ნაღვერდალი.
5. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დამოუკიდებლობის ბრძოლის ტრადიციით საქართველო მხოლოდ პოლონეთს უთმობდა პირველობას. ჩვენს დროში, საბჭოურ იმპერიაში, პოლონეთის როლის შესრულება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ბალტიისპირეთს ერგო. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე საქართველო ბალტიისპირეთს მიჰყვებოდა და მასზე მეტადაც სწყუროდა თავისუფლება. ოღონდ ესაა – საქართველოს ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით დედამიწის ზურგზე რეალური შესაძლებლობების მქონე ერთი მოკავშირე და მხარდამჭერიც არა ჰყავდა, რომელიც რუსეთს დაუპირისპირდებოდა. მაგრამ სურვილი სჭარბობდა რეალურს და ქართული ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობაც მაქსიმალიზმის (რაც რომანტიზმს ნიშნავდა პოლიტიკაში) გზას დაადგა. ჯერ კიდევ, 1988 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი გამოკვეთილი იყო. იგივე განმეორდა 1989 წლის აპრილში. სწორედ, ამიტომაც რუსულმა იმპერიულმა დრაკონმა პირველი მძიმე დარტყმა საქართველოს მიაყენა და უკვე მაშინ, 9 აპრილს სისხლიანი ანგარიშსწორების სახით ყველას აგრძნობინა, რომ კავკასიას და მის ფუნდამენტს – საქართველოს, არ დათმობდა.
6. 9 აპრილამდეც და მანამდეც და მით უფრო მის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში ლიდერობა მოიპოვეს რუსეთის იმპერიისადმი შეურიგებლად განწყობილმა ეროვნულ-რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა. 1990 წლის დასაწყისში, ეროვნულ ფორუმში მცირე ხნით გაერთიანების შემდეგ, ეროვნულ-რადიკალურმი ძალები ორ ბანაკად გაითიშნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 1990 წლის ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში რადიკალური ბანაკის ერთმა ნაწილმა – `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ ბლოკმა გაიმარჯვა, რაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციის სფეროში ეროვნულ-მაქსიმალისტური მიმართულების გამარჯვებას ნიშნავდა. სრული დამოუკიდებლობა და რუსეთისაგან გამოყოფა საქართველოს ოფიციალური სახელმწიფოებრივი კურსი გახდა, ხოლო რეფერენდუმმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იმხანად მხარს უჭერდა ამ კურსს. საქართველო ერთადერთი რესპუბლიკა აღმოჩნდა, რომელმაც უარი განაცხადა დსთ-ში შესვლაზე.
7. ის ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას სახით, რომ მოვიდა ქვეყანაში და მისი სახელმწიფოებრივი კურსი – სრული დამოუკიდებლობა და რუსეთის გავლენის სფეროსაგან თავდაღწევა, მის გარეთ ყოფნა, რაც დსთ-ში შეუსვლელობაში ვლინდებოდა, მიუღებელი იყო მოსკოვისათვის. ასევე მიუღებელი აღმოჩნდა იგი დასავლეთ ევროპისა და აშშ-თვის, რამდენადაც ეს ეწინააღმდეგებოდა ორმხრივ შეთანხმებას. ყოფილი საბჭოური რესპუბლიკების სრული დამოუკიდებლობა – რუსეთის გავლენისაგან გამოყოფა – არ იჯდა პოსტკომუნისტური `ახალი წესრიგის~ მოდელში (გარდა ბალტიისპირეთისა), მით უფრო ერთადერთი და მარტოხელა საქართველოს დსთ-გან განდგომა ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს და ამდენად, იმჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების საერთო დინების საწინააღმდეგოდ სვლას ნიშნავდა. დსთ-გან საქართველოს დამოუკიდებლობა `უხერხულობებს~ ქმნიდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა.
8. მიუხედავად ამისა, საქართველოს წინააღმდეგ აშკარა ქმედებას რუსეთი უნდა მორიდებოდა, რადგან საქართველოს არჩეული ხელისუფლება ედგა სათავეში, დემოკრატია და კანონიერება დასავლეთის თვალში უმაღლესი პოსტულატი იყო და `დემოკრატიზმის~ გზაზე მდგარი რუსეთი უნდა მორიდებოდა ტრადიციულ იმპერიალისტურ ნორმებს. XX საუკუნის მიწურულში რუსეთს არ შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც გააკეთეს რომანოვებმა 1801 წელს და ბოლშევიკებმა 1921 წელს. უტანტურ ტემპორა `დროება შეიცვალა~ და საჭირო იყო ვითარების შესაფერისი მეთოდებით მოქმედება პატარა ურჩი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთმაც არ დააყოვნა და საქართველოში ჯერ ოსური, შემდეგ კი აფხაზური სეპარატიზმის ცეცხლი დაანთო.
9. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ კმაროდა. საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად ახორციელებდა ერთხელ არჩეულ კურსს. ამას ისიც დაემატა, რომ შეურიგებელ საქართველოს მოკავშირე გამოუჩნდა – მეამბოხე ჩეჩნეთი. რუსეთის წინაშე შამილის დროინდელი კავკასიური ომის მძიმე პერსპექტივა წამოილანდა, საჭირო გახდა `დიდ ონავართა~ სამოქმედო არსენალში არსებული კიდევ ერთი საშუალების გამოყენება – საქართველოს იმჟამინდელი მაქსიმალისტური ხელისუფლების თავიდან მოცილება და ერთდროულად რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი და დასავლეთისათვის მისაღები ხელისუფლების მოყვანა.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, არსებული ხელისუფლების მოშორება არ უნდა მომხდარიყო ძველი სახელგატეხილი, შიშველი მეთოდებით. უფრო `ეფექტური~ იყო: 1) არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია და ბ) შინაური ოპოზიციისა და გარეშე ძალების ფარული და აშკარა მხარდაჭერით მისი ჩამოგდება.
10. ორივე შემთხვევაში, ბარი საქართველოს ნოყიერ ნიადაგში მოხვდა. ჩვეულებრივ ყველა ქვეყანაში, სადაც კი მეტ-ნაკლები პოლიტიკური თავისუფლება არსებობს, ყალიბდება რამდენიმე პოლიტიკური ბანაკი, არსებობს ამ ბანაკების კლასიკური კლასიფიკაცია. ჩვენშიც ჩამოყალიბებული იყო პოლიტიკური სპექტრი. არსებობდა ეროვნულ-რადიკალური ბანაკი, ორი ურთიერთდაპირისპირებული, ხელისუფლებაში უკვე მოსული და ხელისუფლებისადმი ოპოზიციური ფრთებით: `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს~ ბლოკი და ეროვნული კონგრესის წევრი ეროვნულ-პოლიტიკური პარტიები. არსებობდნენ აგრეთვე ეროვნული მოძრაობის, მაგრამ ლიბერალური ბანაკის წარმომადგენელი პარტიებიც. აგრეთვე: ზომიერ-კონფორმისტული, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი დასიც, რომელსაც უმთავრესად ინტელიგენციის წარმომადგენლები ავსებდნენ. ინტელიგენციის ამ ნაწილს და მის მხარდამჭერ ძალებს ხშირად უწოდებდნენ პრივილეგირებულ, ელიტარულ ინტელიგენციას. ამ ბანაკის წარმომადგენლობა სცილდებოდა მარტოოდენ ინტელიგენციის ფარგლებს და იმ საზოგადოებრივ ფენას წარმოადგენდა, რომელსაც ადრეულ წლებში ქვეყნის ცხოვრებაში წამყვანი როლი ეკავა. დასავლეთში ამგვარ ფენას ისტაბლიშმენტის ზოგადი ტერმინით აღნიშნავენ, ხოლო ძველქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში მას ზეპურ საზოგადოებას უწოდებდნენ. ეს ფრთხილი დასი იყო, რომელიც საგარეო-პოლიტიკური რეალიზმის გზას ადგა, ცდილობდა ან ფიქრობდა შექმნილ მდგომარეობაში, მცირე და რეალურ მონაპოვართა ფასად მიეღწია საქართველოს შედარებითი დამოუკიდებლობისათვის, თუნდაც რუსეთის გავლენის ფარგლებში. ეს კონფორმისტულ-მინიმალისტური დასი იყო.
ამ დასს სხვა ჯგუფებიც ერთვებოდნენ ან ეტმასნებოდნენ: მაგალითად, კომუნისტური პარტიის მაღალი ეშელონების და ბიუროკრატიის ყოფილი წარმომადგენლები, ან ბოლშევიზმის იდეალებში კვლავ დარწმუნებული ადამიანები, რომელნიც ამ ბანაკის პატრიარქალურ ფრთას შეადგენდნენ. საგარეო ორიენტაციის საკითხში უკანასკნელნი აშკარად პრორუსულ ორიენტაციას ადგნენ. ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უწოდებდნენ მაშინ, სწორედ `რუსეთუმებს~, რომელთა დამოუკიდებელი პოლიტიკური სახე შემდგომში უფრო გამოიკვეთა.
ყველა ეს ძალა არსებულ ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგა.
11. ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციამ საშინაო პოლიტიკის სფეროში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას.
ფორმალურად ამგვარ ქმედებაში (სერიოზულ, სწორ, პრინციპულ და დაშვებულ შეცდომათა ერთობლიობაში) უკანონო თითქოს არაფერი იყო. არჩევნებში გამარჯვება ბედმა ეროვნულ-რადიკალური მოძრაობის ერთ ნაწილს არგუნა. პოლიტიკური საზოგადოების დიდი უმრავლესობა მწვავე დაპირისპირებათა და წინააღმდეგობათა მიუხედავად, მოთმინებით უნდა დალოდებოდა მომავალ არჩევნებს უკეთესის მოლოდინის იმედით. მაგრამ საქართველო არ იყო დემოკრატიის კლასიკური ქვეყანა. საქართველო ეთნიკური, რეგიონალური და საერთაშორისო წინააღმდეგობების ეპიცენტრში იმყოფებოდა და მის იმჟამინდელ ხელისუფლებასაც დიდი გონიერება, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა მართებდა, რომ ხელისუფლების გარეთ დარჩენილ ძალებთან, როგორმე საერთო ენა გამოეძებნა. პირიქით მოხდა. პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, ხელისუფლებამ პოტენციური მოკავშირეებიც მტრად მოიკიდა. ფაქტობრივად, ხელისუფლების გარეთ დარჩენილი ყველა პოლიტიკური პარტია და ძალა ხელისუფლებისადმი ოპოზიციაში აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად გაერთიანებული.
გარეშე ძალა ამ სოლიდურ ბანაკს ადრე თუ გვიან, აშკარად თუ ფარულად გამოიყენებდა.
12. რაც არ უნდა ფართო ყოფილიყო ოპოზიციის შემადგენლობა თავისი პოლიტიკური სხვადასხვაობით, იგი იმდენად ძლიერი მაინც არ იყო, რომ არსებული ხელისუფლებისათვის საფრთხე შეექმნა. მაგრამ, იმხანად, ჯერ კიდევ, მშვიდობიან პოლიტიკურ ოპოზიციას ძლიერი მოკავშირე გამოუჩნდა ეროვნული გვარდიის სახით, რომელიც ხელისუფლებას გადაუდგა და დაუპირისპირდა. ამ გარემოებამ ხელისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
13. მძიმე და განწირული იყო ხელისუფლების საერთაშორისო მდგომარეობაც. შინაურმა და გარეშე ძალებმა მშვენივრად გამოიყენეს ეროვნული ხელისუფლების ხელმძღვანელის, რიგ შემთხვევაში, ავტორიტარული მიდრეკილებები და საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში შეუქმნეს ფაშისტური მონსტრის იმიჯი, ხოლო კანონიერად გამარჯვებული ერთი პოლიტიკური ბლოკის მმართველმა, რომელიც ფაქტობრივად ერთპარტიულ მმართველობაში გადაიზარდა, მოინათლა ტიპიურ ფაშისტურ დიქტატურად. მომზადდა იდეოლოგიური საფუძველი, ახლა უკვე ყველასათვის – შინაური ოპოზიციისათვისა და რუსეთისათვის, ამდენად დასავლეთისათვისაც, მიღებელი საქართველოს ხელისუფლების დასამხობად. მაშასადამე, სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში მზადდებოდა: ა) იდეოლოგიურად, ბ) სამხედრო თვალსაზრისით, გ) საერთაშორისო არენაზე.
გამსახურდიას ადმინისტრაციის ჩამოგდებისათვის რჩებოდა უკანასკნელი აქტი~.
ამით შევწყვიტოთ `თეზისებიდან~ ეს ვრცელი ამონარიდი. დანარჩენი XIV-XX თეზისები მოიცავს 1992-2000 წლების პოლიტიკურ მოვლენებს და ჩვენი ნაშრომის ქრონოლოგიას სცილდება. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ამონარიდს, ამ თეზისების ძირითადი დასკვნით, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრის მთავარი მიზეზი იყო, ერთის მხრივ, მაშინდელი საერთაშორისო კონიუნქტურა და მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ წარმოებული რადიკალური კურსი საქართველოს სრული დამოუკიდებლობისაკენ. ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე უარის თქმამ განაპირობა დასავლეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის რეალური შეუძლებლობა. ერთი სიტყვით, დასავლეთმა, ჯერჯერობით მაინც, უარი თქვა საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მხარდაჭერაზე.
ეს იყო მწარე, მაგრამ ისეთი რეალობა, რომელიც ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისაგან. მის წინაშე წამოჭრილ გამოწვევაზე ორი პასუხის შესაძლებლობა არსებობდა. პირველი – გამსახურდიას ხელისუფლება ჯერ ცენტრისა და შემდგომში რუსეთის მიმართ კომპრომისზე უნდა წასულიყო, ხელი უნდა მოეწერა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე და შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ გზით არსებობდა ზვიად გამსახურდიას მიერ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი. ეს იყო კომპრომისის დადებითი მხარე, რაც შესაძლოა, რომ გამოიწვევდა პოზიტიურ შედეგებს, როგორიც იყო: ცენტრთან ურთიერთობის მეტ-ნაკლები მოგვარება; დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვება; საშინაო პოლიტიკაში ფართო, შემრიგებლური დიალოგის დაწყება ზომიერ-ცენტრისტულ ძალებთან და სხვ. – საუბარს აღარ გავაგრძელებთ.
თუმცა არსებობდა ცენტრთან კომპრომისზე წასვლის უარყოფითი მოსალოდნელობებიც. ეროვნულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რადიკალური ბანაკი მყისვე ატეხავდა მორიგ კამპანიას, რომ გამსახურდიას უპრინციპო ხელისუფლება საკუთარი თავის გადასარჩენად თვალთმაქცობს, ან იგი გარიგების გზას დაადგა იმპერიასთან და უნდა ქართველი ხალხი მოდერნიზებული იმპერიის უღელში შეაბას და ა. შ.
მაგრამ, ვიმეორებთ, ცენტრთან კომპრომისი იყო ხელისუფლების შენარჩუნების სრულიად რეალური შესაძლებლობა თუ არა, შანსი მაინც.
ზვიად გამსახურდიამ კომპრომისი უარყო. კომპრომისის გზად არ ჩაითვლება ეროვნული ხელისუფლების უკანასკნელ დღეებში გამსახურდიას თანხმობა დსთ-ში შესვლაზე. ეს უკვე, ყველანაირი თვალსაზრისით, დაგვიანებული იყო.
ეროვნული ხელისუფლების ლიდერმა მეორე გზა აირჩია, უფრო სწორედ, თავიდანვე არჩეულ გზაზე სვლა განაგრძო – იმპერიისაგან გამოყოფის და სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზა. აქ მხოლოდ იმის თქმაღა შეიძლება, რომ ზვიად გამსახურდიასაც და მის მხარდამჭერებსაც შესანიშნავად ესმოდათ – საერთაშორისო იზოლაციის პირობებში უკომპრომისო პოლიტიკის გაგრძელება დასამარცხებლად იყო განწირული. ჩვენ არ გვინდა აქ ზვიად გამსახურდიას, როგორც მოღვაწის, ეროვნულ მისიაზე, მის ფენომენზე ვისაუბროთ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ღრმა იდეალისტი, საქართველოს დამოუკიდებლობის წმინდა იდეით ეგზალტირებული პიროვნება იყო. მან, თავისი არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლე, ერთხელ შესისხლხორცებული ეროვნული იდეის განხორციელებას შესწირა. მისი ბრძოლა სრულიად უთანასწორო იყო და ამ მარტოსულ ბრძოლაში ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი-მეამბოხე. ახალ დროში ზვიად გამსახურდიას დისიდენტი უწოდეს, მაგრამ თუ ჩავუკვირდებით, ეს მხოლოდ პოლიტიკური ტერმინოლოგიით თუ საერთო განწყობის მიხედვით, ფორმალურად მორგებული სახელი გახლდათ.
რეალურად, დისიდენტობა ზვიად გამსახურდიას საქმიანობის, გარკვეულ პერიოდში, დროებითი პოლიტიკური მოსასხამის როლს ასრულებდა. იგი ტიპიური ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწე, ლიდერი, იდეოლოგი და მებრძოლი გახლდათ. ასეთივე მებრძოლი მოღვაწე დარჩა იგი ქვეყნის პრეზიდენტობის პერიოდშიც, რასაც არ მალავდა და ყველას დაუფარავად ეუბნებოდა, ამერიკის ექსპრეზიდენტსაც, ჟურნალისტებსაც, უცხოელებსაც, თანამემამულეებსაც, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტობის დროსაც იმპერიასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლ-მეამბოხე მოღვაწედ რჩებოდა, ანუ, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა სივრცის პირობებში უწოდებდნენ, დისიდენტად, მებრძოლ-დისიდენტად. `მე პრეზიდენტი მქვია, – ხასგასმული ტონით განმარტავდა ზვიად გამსახურდია, – მაგრამ იმპერიული ცენტრის მიმართ ისევ დისიდენტი ვარ. საქართველოში რუსის ჯარის გასვლამდე ჩვენ ისევ ეროვნული მოძრაობა ვართ და არა დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლება.~34
კი, უნდა დავეთანხმოთ, ეს ზვიად გამსახურდიას არჩევანი იყო და მას ჰქონდა უფლება, როგორც პიროვნებას, ამგვარი არჩევანი გაეკეთებინა. მაგრამ საკითხს ჰქონდა მეორე მხარე. კითხვა ასე უნდა დაისვას: გამსახურდიას, როგორც პიროვნებას, ან ეროვნულ მოღვაწეს, ლიდერს, ჰქონდა უფლება, შეურიგებელი მებრძოლის გზა გაეგრძელებინა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისათვის. მაგრამ იგი, არც მხოლოდ საკუთარ თავთან პასუხისმგებელი პიროვნება იყო და არც, მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ბანაკის ლიდერი. ზვიად გამსახურდია ახალაღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და, შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის პრეზიდენტი გახლდათ. სწორი, გონივრული და რაციონალური იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1991 წლის ზაფხულსა და განსაკუთრებით, შემოდგომაზე წარმოებული უკომპრომისო, შეურიგებელი პოლიტიკური კურსი საბჭოთა იმპერიის მიმართ.
ამგვარ კითხვაზე პასუხის გასაცემად გარკვეული კრიტერიუმია საჭირო. დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემის გადასაწყვეტად ხელისუფლება მოსახლეობის ნების გამოსარკვევად პლებისციტს, რეფერენდუმს ან არჩევნებს იყენებს. საქართველოს მოსახლეობამ 1990-1991 წლებში სამჯერ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ზვიად გამსახურდიას საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსისადმი. ამ მხრივ, თითქოს ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ კიდევ რჩება ერთი გასათვალისწინებელი გარემოება.
1991 წლის ივლის-აგვისტოს მიჯნიდან და შემოდგომის პერიოდში, საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ორიოდე სიტყვით აღვადგინოთ მაშინდელი სურათი: გაუარესდა მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, გაჩნდა პირველი მოთხოვნილების პროდუქციის დეფიციტი, შესუსტდა გარესამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკური ერთიერთობა, უაღრესად გააქტიურდა და გაძლიერდა ოპოზიცია, ღრმა განხეთქილებამ იჩინა თავი, ერთ დროს ერთიან მმართველ პოლიტიკურ ბლოკში. ამ უკანასკნელთაგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები, დეპუტატები, მთავრობის წევრები უკლებლივ გადადიოდნენ ოპოზიციაში, გაჩნდა შეიარაღებული ოპოზიცია – ეროვნული გვარდიის ნაწილი, რომელიც სექტემბრიდან საკუთარ ხელისუფლებას აუჯანყდა, გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა შიდა ქართლში, სადაც, თვეების განმავლობაში, მიმდინარეობდა სეპარატისტულ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებთან უთანასწორო საომარი კონფლიქტი, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გამწვავდა ეთნიკური დაპირისპირება…
ამავდროულად, მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის გავლენის სფეროში უნდა მოქცეულიყო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზაზე, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაერთიანება. ასეთ ვითარებაში საქართველო იმ შემთხვევაში უნდა დაპირისპირებოდა ახალ საერთაშორისო სამართალსუბიექტს – რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც 1991 წლის 8 დეკემბრიდან იურიდიულადაც უკვე დამოუკიდებელ ქვეყანას წარმოადგენდა, თუ:
პირველი – ეყოლებოდა მეტ-ნაკლებად ძლიერი ჯარი; მეორე – იქნებოდა ერთიანი ტერიტორიისა და ნების მქონე მოსახლეობის ქვეყანა; მესამე – ეყოლებოდა ძლიერი მოკავშირე სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გააკონტროლებდა ყოფილი მეტროპოლიის ანტიქართულ აგრესიას.
სამწუხაროდ, იმავე რიგით პასუხები არ გაჭირდება: პირველი – საქართველოს არ გააჩნდა მეტ-ნაკლებად მომზადებული შეიარაღებული ძალა, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა ცენტრიდან ნებისმიერად შენიღბულ აგრესიას. ამავდროულად, არსებობდა ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებული ეროვნული გვარდიისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებები. საქართველოს ხელისუფლებას არავინ აძლევდა შეიარაღებას, საბრძოლო მასალას და ტექნიკას.
მეორე – საქართველოს მოსახლეობა არ იყო ერთიანი და არ იყო მზად, დაპირისპირებოდა საბჭოთა კავშირს და მის სამართალმემკვიდრე რუსეთის სახელმწიფოს. მან მხარი დაუჭირა ზვიად გამსახურდიას და დამოუკიდებლობას, მაგრამ, ჯერჯერობით მაინც, ჯარისა და მოკავშირის არარსებობის პირობებში, თანახმა იყო შერიგებოდა დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს, კომპრომისს რუსეთთან და მისი გავლენის სფეროში დარჩენას. ამგვარ განწყობილებას, ბუნებრივია, ქმნიდა და აძლიერებდა პირველი და შემდგომ მესამე პუნქტში გათვალისწინებული გარემოებანი.
მესამე – საქართველოს არ ჰყავდა სერიოზული, რუსეთის სიძლიერის გამანეიტრალებელი მოკავშირე სახელმწიფო. აშშ და დასავლეთი, იმ პერიოდისათვის, ჯერ არ იყვნენ მზად და არც მიაჩნდათ საჭიროდ, პოსტსაბჭოთა სივრცის დაშლა, გაურკვეველი ორიენტაციის მქონე, გაუკონტროლებელ თორმეტ და, შესაძლოა, მეტ სახელმწიფოდ.
ამ სამი რეალობის გათვალისწინებითაც, საკმარისია დავასკვნათ, რომ საქართველოს მოსახლეობის კურსი – გაეგრძელებინა სრული დამოუკიდებლობის მაქსიმალისტური პოლიტიკა და უარეყო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება, რაც რუსეთთან მწვავე კონფრონტაციას ნიშნავდა, როგორც მომავალმა მოვლენებმა ისტორიული არგუმენტაციის შეუვალობით დაგვარწმუნა – დამარცხებისათვის იყო განწირული და ამდენად, შეცდომას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულ სამეულს მეოთხე გარემოებაც ემატება – აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას ამ უკანასკნელმა და მისმა მეთაურმა _ ჯორჯ ბუშის კრიტიკითვე უპასუხა. მას მოჰყვა არამარტო ამერიკული პოლიტიკის, არამედ ამერიკული კულტურულ-მორალური ღირებულებების კრიტიკა და საერთოდ, ანტიამერიკული იდეოლოგიური კამპანია. ამ კამპანიას ქართული ოფიციალური მედიის მიერ დასავლეთი და დასავლური ღირებულებებიც შეეწირა. ყოველივე ამის ფონზე, მიღებულ იქნა, კიდევ ერთი, ემოციური გადაწყვეტილება – საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაუჭირა მხარი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, რაც მორალურად რაინდული ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკის ენაზე ნიშნავდა, რუსეთთან კიდევ უფრო მწვავე დაპირისპირებას. გამოდიოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შიდა მთლიანობას დაემუქრა. ამგვარი პოზიცია, კიდევ უფრო, გაზრდიდა დისტანციას საქართველოსა და დასავლეთს შორის, რადგან ეს უკანასკნელი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ არ აყენებდა.
ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლებამ, 1991 წლის შემოდგომაზე, ზედიზედ მესამე შეცდომა დაუშვა, საერთაშორისო თამაშის წესები დაარღვია და დასავლეთის პოზიტიური ინტერესების გარეთ აღმოჩნდა.
კიდევ დავაფიქსირებთ – იზოლაციის მიზეზი ეროვნული ხელისუფლების შეცდომები კი არა, მიზანი გახლდათ.
მაგრამ ნიშნავდა ეს თუ არა იმას, რომ ზვიად გამსახურდიამ რაიმე დანაშაული ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინაშე. მართალი იყო თუ არა ოპოზიციის მტკიცება, რომ გამსახურდიას ხელისუფლებას უფსკრულისაკენ მიჰყავდა ქვეყანა და დამღუპველი იყო, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი დამხობა. ერთადერთი კრიტერიუმი მომხდარი ისტორიული მოვლენაა და არა ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ზვიად გამსახურდიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ დამნაშავე მხარე ერთადერთი იყო, ის, რომელმაც ამბოხება წამოიწყო და იარაღით ებრძოდა ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებას და ამით, შვების მაგიერ სისხლისღვრა, ნგრევა და ათწლეულობით გახანგრძლივებული შიდაეროვნული დაპირისპირება მოუტანა საქართველოს. ეს, მაშინ შეიძლება ასე არ ჩანდა – 1991 წლის მეორე ნახევარში, მაგრამ შემდგომში ისტორიამ ცხადი გახადა.

ამბოხებულები და ხელისუფლება. იმ მოვლენებს შორის, რომელიც 1991 წლის 4-5 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობდა, ცხადია, ყველაზე ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ მოლაპარაკებები თბილისის ზღვაზე დაბანაკებული გვარდიელების მეთაურებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პირველთა მხრიდან მოლაპარაკებებს, ცხადია, აწარმოებდნენ ეროვნული გვარდიის ამბოხებული განაყოფის მეთაური თ. კიტოვანი და თ. სიგუა. ხელისუფლების მხარეში შედიოდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ ქუთათელაძე, დეპუტატები: ვალტერ შურღაია, ზაურ ბოლქვაძე, ტარიელ ფუტკარაძე. აი, ამ მოლაპარაკებებში საკუთარი სურვილით, ინიციატივით და `შეგნებულად~ ჩაერთო ნოდარ ნათაძე.
იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და რა შედეგი ჰქონდა მას 16 ოქტომბრისათვის, სხვადასხვა ვერსიები აღმოაჩნდათ მოლაპარაკებების მონაწილეებს. ნ. ნათაძის მონათხრობით, მან დაწერა გვარდიის მხრიდან დასაწერი ტექსტი, ყველას თანხმობის საფუძველზე. ეს ტექსტი მან გადასცა ვ. შურღაიას, რომელმაც იგი შეათანხმა პრეზიდენტთან. ამავდროულად, ნ. ნათაძემ დაწერა გვარდიის ზღვაზე განლაგებული განაყოფის `სტატუსის პროექტი~. ნათაძის ინფორმაციით, პროექტი `ასახავდა მოლაპარაკებაში მონაწილე ორივე მხარის მიერ გამოთქმულ პოზიციას~.
პროექტის მიხედვით: ა) გვარდიის ზემოხსენებული ნაწილი ყალიბდებოდა, როგორც განსაკუთრებული დანიშნულების სამხედრო ნაწილი; ბ) მისი ფუნქცია უნდა ყოფილიყო საქართველოს საზღვრების დაცვა, საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის დაცვა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა; გ) მისი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე და გადაადგილება მოხდებოდა უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა უმაღლეს მთავარსარდალს – პრეზიდენტს; დ) განაყოფს დააფინანსებდა უზენაესი საბჭო. განაყოფს მიეკუთვნებოდა ადრე მის განლაგებაში მყოფი ბაზები. ნათაძის ინფორმაციით, პროექტის ტექსტი ხელთ ჰქონდათ კიტოვანს და ვ. შურღაიას.
ნათაძე დაასკვნიდა: “მიმაჩნია, რომ ორივე მხრიდან არსებობს ყველა საჭირო წანამძღვარი პრობლემის დადებითად გადაჭრისათვის. თუ ეს არ მოხდა, ამაში დამნაშავე იქნება რაღაცა სხვა ფაქტორი, რომელიც ჩემთვის დღეს სავსებით თვალსაჩინო არაა~.
ახლა წარმოვადგინოთ მოლაპარაკებების მიმდინარეობებისა და შედეგების ის ხედვა, რომელიც აღმოაჩნდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვალტერ შურღაიას და ტარიელ ფუტკარაძეს. მათ ეს ინფორმაცია გაზ. `საქართველოს რესპუბლიკის~ რედაქციის თხოვნით, წარმოადგინეს `ბ-ნ ნოდარ ნათაძის `განცხდებასთან~ დაკავშირებით. მოვიყვანთ ტექსტს სრულად, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით:
`1. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სისხლხორცეულად დაინტერესებულია, რომ ყველა დაპირისპირებულ მხარესთან წამოჭრილი კონფლიქტი გადაიჭრას მოლაპარაკების გზით; კონფლიქტის დიალოგით გადაჭრის სურვილი გამოთქვა აგრეთვე ბატონმა თენგიზ კიტოვანმა.
2. ლოიალობის განცხადება, რომელიც თბილისის ზღვაზე დაბანაკებული ნაწილის სახელით კეთდებოდა (უშუალო შემდგენელი გახლდათ ბ-ნი ნოდარ ნათაძე), ყველასათვის მისაღები იყო, მაგრამ შემდეგ ბ-ნმა კიტოვანმა უკან წაიღო. სამაგიეროდ, შემდგომი დიალოგის შედეგად, მან გადმოგვცა თავისი პირობები. ეს პირობები, ბუნებრივია, ასახავს ბ-ნი თ. კიტოვანის და არა `ორივე მხარის~ პოზიციას, როგორც ამას ბ-ნი ნოდარი წერს. ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება მოხდება პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ.
3. ბ-ნი თ. კიტოვანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გავაცანით უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს, კონკრეტული საკითხების შესათანხმებლად შევხვდით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, უზენაეს მთავარსარდალს ბ-ნ ზვიად გამსახურდიას. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმების საწინდარი უნდა გახდეს პოლიტიკური ლოიალობის გამომხატველი დეკლარაცია, ყოფილი გვარდიის ნაწილი უნდა დაექვემდებაროს პრეზიდენტს, როგორც ეს არის ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში.
4. 15 ოქტომბერს პრეზიდენტთან შეთანხმებული ვარიანტი წერილობითი სახით ტ. ფუტკარაძემ გააცნო ბატონებს თ. კიტოვანსა და თ. სიგუას. ბატონმა თენგიზ კიტოვანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების პირობები მისთვის მისაღები არ არის… საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი თ. კიტოვანის მიერ წამოყენებული პირობები და პრეზიდენტთან შეთანხმებული ვარიანტი ერთმანეთისაგან არსებითად არ განსხვავდება, კონკრეტული საკითხების შეთანხმება კი იოლად შეიძლება შუალედური ვარიანტის შერჩევით… ჩვენ იმედი გვაქვს, ამ შეთანხმებას მივაღწევთ, მითუმეტეს, რომ თბილისის ზღვაზე დაბანაკებული ნაწილის ხელმძღვანელი ბ-ნი თ. კიტოვანი ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ამჟღავნებს კეთილ ნებას.
5. ბ-ნი ნოდარ ნათაძის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ ის, როგორც მომრიგებელი, ორ მხარეს შორის აწარმოებს მოლაპარაკებას. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. სხვა თუ არაფერი, ჩვენს ხელთ არსებული შესათანხმებელი ვარიანტების ერთნაირი სტილი ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ, ვინც მოლაპარაკებაზე დავდივართ, ყველა ერთად ვიბრძვით სხვა პოზიციებზე მდგომი ქართველების ჩიხიდან გამოყვანისა და შერიგებისათვის და არ წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარეს…
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები (თუ პირები) თანმიმდევრულად ცდილობენ ამ მოლაპარაკების ჩაშლას, რათა შემდეგ, სიტუაციის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, ბრალი დასდონ `ერთ მხარეს~… თუ საჭირო იქნა, მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ, საზოგადოებას გავაცნობთ დიალოგის ყველა არსებით მომენტს. ამჟამად, კი დაწვრილებითი კომენტარისაგან თავს შევიკავებთ (გასაგები მიზეზების გამო).~35
მთავარი დასკვნა, რაც ზემოგანხილული მოლაპარაკებიდან გამომდინარეობს, ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ აფიქსირებდნენ ოპტიმისტურ აზრს და ეს სავსებით მიზანშეწონილი ნაბიჯი გახლდათ – მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდები წინ იყო.
მაგრამ უკვე ჩანდა რეალური ხელშეუხებელი გარემოებები: ჩანდა, რომ თ. სიგუა იმგვარ `კეთილ ნებას~ არ ამჟღავნებდა, როგორც მისი სეხნია თანამებრძოლი კიტოვანი. ჩანდა, რომ კიტოვანისთვისაც და გამსახურდიასთვისაც შეურიგებელი პოზიცია ის იყო, თუ ვის უნდა დამორჩილებოდა გვარდია – პრეზიდენტს თუ უზენაეს საბჭოს. გამსახურდიამ არ მიიღო თავდაპირველად მიღებული ტექსტი, რომლის მიხედვითაც, გვარდია ძირითადად უზენაეს საბჭოს უნდა დაქვემდებარებოდა და საგარეო აგრესიის შემთხვევაში კი – პრეზიდენტს. კიტოვანი კი წინააღმდეგი იყო გვარდიის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადასვლისა. სანამ, ეს ძირითადი, წინააღმდეგობა არ დაიძლეოდა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარიც ზედმეტი გახლდათ.
გაზ. `საქართველოს რესპუბლიკაში~ 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა `განცხადება~. იგი მოუწოდებდა რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის თბილისის განსაკუთრებული დანიშნულების #1 პოლკის გვარდიელებს, რომ `თითოეული~ მათგანი ვალდებული იყო ყოველდღიურად გამოცხადებულიყო პოლკის ხელმძღვანელობასთან (ყოფილი ცენტრალური კომიტეტის შენობის პირველი სართულის შესასვლელთან). დილის 9 სთ-დან უნდა გამოცხადებულიყვნენ. განცხადებას ხელს აწერდა `განსაკუთრებული დანიშნულების პოლკის ხელმძღვანელობა~.
მოლაპარაკებები ნოემბრის თვეშიც გრძელდებოდა, მაგრამ დიდი დაკვირვება არ იყო საჭირო, რომ მას კეთილი პირი არ უჩანდა. რა თქმა უნდა, სისხლისღვრის გამეორება არავის არ უნდოდა, მაგრამ დათმობის სურვილსაც არავინ ამჟღავნებდა. აქ, პირველ რიგში, ამბოხებული გვარდიის, სხვა ფორმირებების და ოპოზიციის მეთაურობას ვგულისხმობთ. მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და შეთანხმების ალალად მსურველი ნ. ნათაძე შენიშნავს კიდეც: ეს ე. წ. მოლაპარაკებები გაშლილი სუფრის, ჭამა-სმის, უამრავი შემსვლელ-გამომსვლელის, გნიას-ყაყანის ვითარებაში მიმდინარეობდა. ამ ყოველდღიურ შეხვედრებზე, ზემოაღნიშნული პირების გარდა, ესწრებოდნენ ფორმირებების სხვა მეთაურები, სხვა პარლამენტარები და თბილისის სტატუსდაკარგული ბომონდის უამრავი წარმომადგენელი, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ `თამაშგარე მდგომარეობაში~ დარჩენა არ უნდოდათ.
ამ ხნის განმავლობაში, ძალთა თანაფარდობაში გარკვეული ცვლილებები მაინც მოხდა. თითქოს ამბოხებულთა ერთიანობაც შეირყა. ჯერ იყო და თბილისის ზღვა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, შეიარაღებულმა ფორმირება `იმედმა~ დატოვა, ყოველ შემთხვევაში, `იმედელთა~ უმრავლესობამ მაინც.
ნოემბერში ამბოხებულთა რიგებს გამოაკლდა, აგრეთვე ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების შეიარაღებული ფორმირება, რომელმაც, როგორც მაშინდელი მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, იარაღი კანონიერ ხელისუფლებას ჩააბარა და არა კიტოვანელებს. აღვნიშნავთ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოება, თავდაპირველად, პრეზიდენტის მხარდამჭერი ორგანიზაცია გახლდათ. შემდგომში ჩოლოყაშვილელები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ `მოსკოვის მიერ ინსპირირებულ, ასე ვუწოდოთ, ქართულ ამბოხებაში~, – აღიარებდა საზოგადოების თავმჯდომარე სოსო ჯაჯანიძე.
ჩოლოყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე საჯაროდ ინანიებდა ნამოქმედარს: ჩვენი განდგომის პერიოდს ეროვნული მთავრობისაგან, `ვთვლით ჩვენი ორგანიზაციის ისტორიის სამარცხვინო ფურცლად, რომლის ჩაწერაშიც, როგორც ხელმძღვანელს, მე მიმიძღვის ლომის წილი~. სოსო ჯაჯანიძე იმასაც აღიარებდა, რომ მის მიერ 20 სექტემბერს გაზ. `საქართველოში~ გამოქვეყნებული წერილი `სიმართლე საქართველოს პრეზიდენტზე~, აფექტის დროს დაწერა და `პროვოკატორთა მიერ გავრცელებულ ჭორებს ეყრდონობოდა~, რისთვისაც შენდობას თხოვდა პრეზიდენტსა და მის მეუღლეს. მოკლედ, ეს კაცი საჯაროდ აცხადებდა, პროვოკატორებმა დაგვადებინეს წილი `საქართველოს დიდ ღალატშიო~.
ახლა, რამდენიმე ეპიზოდი სოსო ჯაჯანიძის ამ თავისებური მონანიება-აღსარებიდან, რომელიც მან პატიოსნად მისცა ქართველ საზოგადოებას ერთ-ერთ თავის ინტერვიუში. ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების მეთაური განუმარტავდა ქართველ მკითხველს, რომ: მეამბოხეთა შორის, რომლებმაც 23 სექტემბერს `აიღეს ტელევიზია~, ძლიერდებოდა აგრესიული განწყობილება; სულ უფრო ხშირად გაისმოდა `მოწოდებები მთავრობის სახლის შეიარაღებული ძალით აღების შესახებ~; მეამბოხეები საზოგადოებას აწვდიდნენ `გაყალბებულ ინფორმაციას~; რომ მეამბოხეების `იდეური სულისჩამდგმელი და უშუალო ხელმძღვანელი~ მოსკოვიდან იყო ე. შევარდნაძე და ა. შ.
ს. ჯაჯანიძე დაასკვნიდა და მკვეთრ, საინტერესო შეფასებას იძლეოდა; სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენები იყო ეროვნულობისა და დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული `კომუნისტური ამბოხება~ ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ. იგი დიდი ხნის დაგეგმილი გახლდათ და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებდა, რომლის მაგივრადაც უნდა მოსულიყო `მოსკოვის მორჩილი მარიონეტული მთავრობა.~.36 ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების მეთაური დარწმუნებული იყო ამბოხების განმეორებაში.
1991 წლის 16 დეკემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე სოსო ჯაჯანიძე სკანდალური ტელეაღიარებით წარსდგა საქართველოს საზოგადოების წინაშე. მან დეტალურად გადმოსცა საქართველოში ამბოხების მომზადების, მიმდინარეობის, ორგანიზატორებისა და მათი მიზნების შესახებ. ამ სკანდალურ ტელეგამოსვლაში მან, კიდევ ერთხელ, დააფიქსირა, რომ ქვეყანაში 19 აგვისტოდან მიმდინარეობდა ამბოხება ხელისუფლების წინააღმდეგ და იგი დიდი ხანია მზადდებოდა.
`შეთქმულება მზადდებოდა გამიზნულად და მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების დამხობას~, – მკვეთრად აფიქსირებდა ჯაჯანიძე. შეთქმულების პირველი მომამზადებელი პერიოდი, ჯერ კიდევ, 1991 წლის ივნისში დაიწყო. შეთქმულები, სწორედ, ამ პერიოდიდან იკრიბებოდნენ ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის წყნეთის აგარაკზე. სოსო ჯაჯანიძე, მხოლოდ იმას გადმოსცემდა, რაც თავად ჰქონდა ნანახი და გაგონილი. იგი, მაშინ, გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე და ამავდროულად, მისივე დაცვის უფროსი. ივნისის თვეში, წერეთლის სახლში სისტემატურად იკრიბებოდნენ, სწორედ გ. ხოშტარია, თ. კიტოვანი და `სხვა პირები~, რომელთა საუბრებშიც იკვეთებოდა აზრი, რომ ქვეყანაში უნდა დამხობილიყო არსებული ხელისუფლება და მის მაგივრად, უნდა მოსულიყო უფრო დემოკრატიული, როგორც ისინი ეძახდნენ ამას, უფრო დემოკრატიული წესწყობილება უნდა დამყარებულიყო.
ხოშტარიასა და სიგუას თანამდებობებიდან განთავისუფლების შემდეგ, ე. ი. აგვისტოს შუა რიცხვებიდან, შეთქმულებმა სიგუას ბინაში გადაინაცვლეს. ს. ჯაჯანიძე ირწმუნებოდა, რომ შეთქმულები ამბოხებას 19 აგვისტომდეც გეგმავდნენ და პრეზიდენტის ბრძანებულება, ვითომდა ეროვნული გვარდიის გაუქმების შესახებ, არაფერ შუაში არ იყო. მან მხოლოდ დააჩქარა მოვლენები და კიტოვანელების განდგომის უშუალო საბაბად იქცა. ჩოლოყაშვილელთა საზოგადოების ლიდერის ინფორმაციის მიხედვით, კიტოვანი, ჯერ 17 აგვისტოს სთავაზობდა თ. სიგუას, მთავრობის სახლს ჩემი ძალებით ავიღებო. მაშინ სიგუამ ეს წინადადება უარყო.
შემდგომში, ს. ჯაჯანიძის მონათხრობის მიხედვით, პროცესები შემდეგნაირად განვითარდა. 23 სექტემბერს კიტოვანმა `აიღო ტელევიზია~. აქ იკრიბებოდა და ერთიანდებოდა ისეთი ხალხი, რომელსაც ადრე არაფერი საერთო არ ჰქონდა, ეხლა კი საერთო მიზანი გაუჩნდათ – ხელისუფლების დამხობა. მათ შორის იყვნენ: ნათაძე, იმნაძე, ჟიული შარტავა, მარგიანი, ჯერ კიდევ ტელევიზიამდე და შავნაბადაზე ასვლამდე, სიგუას ბინაში იკრიბებოდნენ `ჩვენი ე. წ. დემოკრატიული დეპუტატები: თედო პაატაშვილის თაოსნობით – ჩორგოლაშვილი, ურიდია, დიხამინჯია. დღეს, ისინი ამტკიცებენ, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ამბოხებასთან, არადა, ისინი ყოველთვის კოორდინირებას ახდენდნენ მანამდეც და მას შემდეგაც, რაც კიტოვანმა აიღო ტელევიზია, `კოორდინირებას ახდენდნენ თავიანთი მოქმედების შესახებ კიტოვანთან~.
კოორდინირების ერთი მაგალითი: ჯერ კიდევ, 24 აგვისტოს ჩოლოყაშვილის საზოგადოებას უნდა მოეწყო აქცია, რომლითაც `ჩვენ აქ უნდა აგვეგორებინა ტალღა და იქიდან უნდა დაგვხმარებოდა თენგიზ კიტოვანი~. გეგმა ჩაიშალა, რადგან 23 აგვისტოს ს. ჯაჯანიძე პოლიციამ დააკავა, თუმცა მან გაპარვა მოახერხა. მას შემდეგ, რაც ჯაჯანიძე კვლავ მივიდა აქციის ადგილზე, იგი კვლავ აიყვანა პოლიციამ. აქცია ჩაიშალა. ჩემი დაკავება სრულიად სამართლიანად მოხდაო, – აღიარებდა ჯაჯანიძე, – რადგან მე ცილს ვწამებდი პრეზიდენტსო, თუმცა მაშინ მართალი მეგონა თავიო.
27 სექტემბერს, ჯაჯანიძე შეესწრო კონფიდენციალურ საუბარს. მასზე იმყოფებოდნენ სიგუა, ხოშტარია, ქვილითაია – იმჟამად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რომელიღაც რუსული წარმოშობის პიროვნება, რომელიც კარგად ლაპარაკობდა ქართულად. მოსაუბრეები აღნიშნავდნენ, რომ `შევარდნაძემ ყველაფერი იცის, რომ შევარდნაძე ყველაფერს ამას დადებითად აფასებს, რომ შევარდნაძე არის ერთადერთი მხსნელი საქართველოსი~. ამ საუბრის მოსმენის შემდეგ, სოსო ჯაჯანიძე მიხვდა, რომ ბრძოლა მიმდინარეობდა არა დემოკრატიული წესწყობილების დამყარების მიზნით, არამედ გამსახურდიას ხელისუფლების დასამხობად და ამისათვის დახმარებას ამბოხებულები საქართველოს გარედან ელოდნენ და რომ მას, `საქართველოს ღალატში ედო წილი~. ს. ჯაჯანიძე, ამის შესახებ, თავისი საზოგადოების წევრებს ესაუბრა, რამაც ისინი შეაფიქრიანა და გადაწყვიტეს, უფრო კარგად გაერკვიათ, რაში იყო საქმე.
28 სექტემბერს თ. კიტოვანმა განაცხადა, რომ გამსახურდიას ბრძანებით, შავნაბადაზე 60 გვარდიელი დახოცეს. როდესაც ჯაჯანიძემ კიტოვანს ჰკითხა, რატომ ავრცელებდა ასეთ დეზინფორმაციას, ყოფილმა სარდალმა მას უპასუხა, რომ `ასეა საჭირო საქმისათვისო~. ამის შემდეგ, თ. სიგუამ გააკეთა განცხადება, რომ შავნაბადაზე 5 კაცი მოკლეს, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ იქ არავინ დაღუპულა. ამგვარი ტიპის მოკლევადიანმა დეზინფორმაციებმა ჩოლოყაშვილის საზოგადოების წევრები გააოგნა. მას შემდეგ, როცა ხოშტარიასგან გაიგეს, რომ საქართველოს მხსნელად უნდა მოევლინოს შევარდნაძე, ინტეგრაციის პროცესი და რუსეთის გავლენაში დარჩენა, ჩოლოყაშვილის საზოგადოების წევრები ამბოხებულთა რიგებიდან გამოვიდნენ.37
მოლაპარაკებების პერიოდში, ქვეყნდებოდა შეშფოთებული განცხადებები, მიმართვები და მოწოდებები შეიარაღებული ფორმირებებისა და მათ მეთაურთა მისამართით, რათა ხელი აეღოთ დაპირისპირებაზე და შერიგებოდნენ ხელისუფლებას. ერთ-ერთი ასეთი `მიმართვის~ ავტორი იყო უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისია (თავმჯდომარე ზაურ ქობალია). დოკუმენტის დასაწყისშივე დანანებით იყო შენიშნული, რომ `ჯერჯერობით ვერ მოხერხდა სხვადასხვა პარტიების მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებათა გაერთიანება ერთიან ქართულ შეიარაღებულ ფორმირებად~. მიზეზი ან მიზეზები არ იყო ახსნილი, მაგრამ კომისია აღიარებდა, რომ `ეს დიდად უშლის ხელს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას~.
შეიძლება ითქვას, `მიმართვის~ საქმიანი ნაწილი აქ მთავრდებოდა, სახელმწიფოს მოვალეობაზე და მის ძალისხმევაზეც არაფერი იყო თქმული, დანარჩენი ნაწილი დოკუმენტისა, ისევ მძიმე საფრთხის პროგნოზირებას და ადრესატების გონიერებისაკენ დამანამუსებელ მოწოდებებს შეიცავდა. ეს ყველაფერი თავისთავად მართალი იყო, მაგრამ აღარც საზოგადოებაზე, აღარც შეუიარაღებელ თუ შეიარაღებულ ოპოზიციაზე აღარ სჭრიდა. `თუ დასაწყისშივე დავუშვებთ კანონიერი ხელისუფლების იარაღით შეცვლის პრეცედენტს (ან თუნდაც მცდელობას), მამულის წინაშე გამოუსწორებელ დანაშაულს ჩავიდენთ, ვინაიდან მომავალშიც ყოველთვის იქნებიან ხელისუფლების კურსის მოწინააღმდეგენი და მათ ჩვენი თაობის ნამოქმედარი ექნებათ `მისაბაძ~ მაგალითად~.
მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების კეთილშობილურ ზრახვებში ეჭვის შეტანა უზნეობის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ მათი `მიმართვის~ არასაქმიანი და იდეალისტური, გულუბრყვილობამდე დასული ხასიათი კი ეჭვს არ იწვევს. `მიმართვის~ ავტორთაგან ზოგიერთი, მაგ., ვ. შურღაია და ტ. ფუტკარაძე ამბოხებულ გვარდიელებთან, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ეს მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. რაღა აზრი ჰქონდა ამბოხებულებთან მორალისტური და მენტორული მოწოდებების გზავნას, როცა დღის წესრიგში იდგა საქმიანი, პრაგმატული მოქმედება ხელისუფლების მხრიდან. ასეთი რეალური შედეგების მომტანი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან არ ჩანდა… ასეთი უნდა ყოფილიყო ან კომპრომისი, ან კანონის აღსრულებისაკენ გადადგმული ნაბიჯები. ამის მაგიერ, სახეზე იყო ე. წ. გაყინული კონფლიქტის კერა, რომელიც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყოველგვარ პოტენციალს კლავდა და ყველანაირ პოზიტიურ პროცესს ადამბლავებდა ქვეყანაში.
ერთადერთ საქმიან წინადადებას, რასაც მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ამბოხებულებს სთავაზობდნენ, ის იყო, რომ ჰპირდებოდნენ, პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე დაესვათ საკითხი, რომ `ყველა პირს, ვინც დღემდე უკანონოდ ატარებს იარაღს და მას ჩააბარებს, ვინც მონაწილეობა მიიღო სექტემბერ-ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების ცდაში, მოეხსნას იურიდიული პასუხისმგებლობა, თუ უარს იტყვის პოლიტიკურ ბრძოლაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.~38 სამწუხაროდ, არც ეს იყო საკმარისი. მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს უნდა სცოდნოდათ, რომ არსებობდა უკვე, როგორც პრეზიდენტის, ისე უზენაესი საბჭოს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ბრძანებულება, დადგენილება თუ სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ამბოხებულებს, იარაღის ჩაბარების შემთხვევაში, ყველანაირი იურიდიულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას ჰპირდებოდა. ამ მხრივაც, ადამიანის უფლებათა დამცველი კომისიის წევრთა ძალისხმევა, მხოლოდ, კიდევ ერთი, უსარგებლო დოკუმენტის შექმნისა და ცრუსაქმიანობის სტატუსით შემოიფარგლებოდა.
თბილისის ზღვაზე სასათბურე მდგომარეობაში შენარჩუნებული ამბოხებულ გვარდიელთა და სხვა ფორმირებათა შენაერთის არსებობა, პირველ რიგში, პრეზიდენტის განზრახ თუ უნებლიე უმოქმედობას ნიშნავდა. ამბოხებულებს არავინ აწუხებდა. სამართალდამცავები მათ არ ეკარებოდნენ, მათთან მოქალაქეების განუწყვეტლივ მისვლა-მოსვლას არავინ უშლიდა ხელს. ისინი თავისუფლად მარაგდებოდნენ სურსათ-სანოვაგით, სხვა საყოფაცხოვრებო საგნებით. აქ, აღარაფერს ვამბობთ ფინანსებზე, იარაღზე, მორალურ თუ მატერიალურ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქმიანად გამოხატავდა თბილისის, საქართველოს თუ ქვეყნის გარეთ არსებული რევანშისტული სპექტრი.
მიუხედავად ხელისუფლების მიერ მიღებული თუ მიუღებელი ღონისძიებებისა, გამოვლენილი აქტიურობა-პასიურობისა თუ სხვა ხარისხის ქმედებისა, ამბოხებული გვარდიელების პრობლემა რჩებოდა მუდმივი ინტერესის, განხილვებისა თუ დისკუსიის საგნად. 25 ნოემბერს, უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მეორე სესიის მორიგ სხდომაზე, კვლავ იხილავდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ კანონპროექტს. განხილვის პროცესში, შინაგან საქმეთა მინისტრმა დილარ ხაბულიანმა წაიკითხა ამბოხებულ გვარდიელთა ერთი ნაწილის მიმართვა პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოსა და ქართველი ხალხისადმი. ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ წინააღმდეგობის შეწყვეტისა და სამშობლოს სამსახურში ჩადგომის შესახებ.
როგორც შემდგომ, 29 ნოემბრის უზენაესი საბჭოს სხდომაზე გაირკვა, ეს დაჯგუფებები თუ ფორმირებები აღმოჩნდნენ სპეცდანიშნულების ბატალიონი `თეთრი არწივი~ და ქუთაისის ბატალიონი. მათ ერთგულება გამოუცხადეს რესპუბლიკის პრეზიდენტს. ისიც გაირკვა, რომ მათი გადმობირების მთავარი კატალიზატორი აღმოჩნდა პრეზიდენტის შეხვედრა მათთან გორში.
პრეზიდენტის განცხადებით, ზღვაზე დაბანაკებულ გვარდიის ნაწილს უნდა მინიჭებოდა სპეცდანიშნულების ბატალიონის სტატუსი და გაერთიანებულიყო სხვა ოფიციალურ სამხედრო სტრუქტურაში. პრეზიდენტის განცხადებით, იგივე უნდა მომხდარიყო სხვა შეიარაღებული ფორმირებების, მაგ., მ. კოსტავას საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც შეიარაღებული იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, სესიის სხდომაზე დაძაბულობამ იჩინა თავი. გ. ხავთასმა და ვ. ადამიამ თავი იმით იმართლეს, თითქოს კოსტავას საზოგადოებას შეიარაღებული ჯგუფები არ გააჩნდა.
უმრავლესობისა და კოსტაველ დეპუტატებს შორის, მწვავე დაპირისპირების გამო, სესიის მიმდინარეობა ჩაიშალა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი იმდენად შეუძლოდ შეიქმნა, რომ საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში აღმოჩნდა გულის იშემიური დაავადებისა და სტენოკარდიული დაძაბვის დიაგნოზით. სესიის გაგრძელება 3 დეკემბრისათვის გადადეს.
როგორც ჩანს, ეს მაინც არ ყოფილა ამბოხებულთა სრული შემორიგება. ეს არც მათი გაერთიანება იყო ოფიციალურ სამხედრო სტრუქტურებში. გ. ყარყარაშვილისა და რ. ჩაკვეტაძის მეთაურობის ქვეშ მყოფი სპეცდანიშნულების ბატალიონი `თეთრი არწივი~ და ქუთაისის გარნიზონი, მხოლოდ დისლოკაციის ადგილს იცვლიდნენ – თბილისის ზღვის ტერიტორიიდან შიდა ქართლში მიდიოდნენ. ზემოაღნიშნული შენაერთების პირადი შემადგენლობა `პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოსა და ქართველი ერისადმი~ მიმართვაში წერდნენ: `დავიფიცეთ რა, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ინტერესებს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იარაღით ხელში მზად ვართ საქართველოს ხელისუფლების და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილებითა და შეთანხმებით დავიცვათ შიდა ქართლში მცხოვრები ქართველების სიცოცხლე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა~. ეს მოხდა 28 ნოემბერს.
მაგრამ ამბოხებული გვარდიის რამდენიმე შენაერთის ხელისუფლებასთან შემორიგებით არც ძალთა ძირითადი თანაფარდობა შეცვლილა, არც დაპირისპირება შენელებულა. პირიქით, სამაგიეროდ მიმდინარეობდა ახალი გვარდიული ნაწილების ფორმირება და შეიარაღება. ეს უკანასკნელი რამდენიმე საშუალებით ხდებოდა. ერთის მხრივ, ამბოხებულებს ამიერკავკასიის საბჭოთა ჯარების სამხედრო ოლქის სარდლობა ამარაგებდა. ნაწილობრივ, ამბოხებულთა ხელმძღვანელობა ოლქისაგან ყიდულობდა იარაღს, ნაწილობრივ, ამბოხებულები მილიციის განყოფილებებზე და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმებით შოულობდნენ იარაღს.
ბუნებრივია, თბილისის ზღვაზე განლაგებული კიტოვანის გვარდია რჩებოდა დედაქალაქის ყოველდღიური ყოფისა და პოლიტიკური სტაბილურობის მთავარ დამრღვევ, დესტრუქციულ ძალად. ამ შემთხვევაში, სრულიად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან, დეკემბრის მეორე ნახევრამდე გვარდიის განმდგარი ნაწილი შეიარაღებულ ომს არ აწარმოებდა ხელისუფლებსათან. იგი ხელისუფლების კონტროლიდან გამოსულ შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენდა და ამბოხებული სამხედრო ძალის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორთვენახევრის განმავლობაში, ზღვაზე დაბანაკებულ ამბოხებულ გვარდიელებს არაერთი შეტაკება მოუხდათ სამართალდამცავებთან, არაერთი თავდასხმა განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე.
14 ოქტომბერს მეამბოხე გვარდიელებმა მილიციის `ვილისი~ დაცხრილეს და მილიციის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, სატაბელო იარაღი წაართვეს და მხოლოდ კიტოვანის მითითების შემდეგ, გამოუშვეს.
რამდენიმე დამახასიათებელი ეპიზოდი ამბოხებული გვარდიის განაყოფის საქმიანობიდან:
26 სექტემბერს თბილისში, ავეჯის სახლთან იარაღი წაართვეს ჩხოროწყუს შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების სამ თანამშრობელს. 25 ოქტომბერს მოხდა თავდასხმა თბილისის დიდუბის შს რაიგანყოფილებაზე იარაღის გატაცების მიზნით. 30 ოქტომბერს, ღამით თავს დაესხნენ მთავრობის სახლს, გაიტაცეს ორი გვარდიელი, ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ავტომანქანა. 13 ნოემბერს გაიტაცეს სამგორის შს რაიგანყოფილების თანამშრომელი გ. პირცეცხლაშვილი. იმავე დღეს, თავს დაესხნენ გარდაბნის რაიონის სოფ. კრწანისში თელეთის ქვეგანყოფილების უბნის ორ თანამშრომელს, წაართვეს იარაღი და ავტომანქანა. 17 ნოემბერს შეიარაღებულთა ჯგუფი თავს დაესხა საქართველოს მთავრობის გარაჟს, გაიტაცეს ავტომანქანა, მილიციის თანამშრომელს წაართვეს ავტომატი. 21 ნოემბერს ავტომატებით შეიარაღებული ექვსკაციანი ჯგუფი თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიურლი ჯგუფის თანამშრომლებს, წაართვეს ავტომანქანა, იარაღი. მათ მეთაურობდათ მთაწმინდის შს განყოფილების ყოფილი უფროსი გია გულუა. ამ და სხვა დანაშაულობებს აფიქსირებდა შს სამინისტროს მიერ გავრცელებული `განცხადება~, რომელიც თითქოს ბოდიშნარევად დაასკვნიდა: ზემოაღნიშნული ქმედებები `არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სხვანაირად, თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულიო.~39
ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით აძლევდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ზემოაღნიშნულ ქმედებებს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას და მხოლოდ, ამით იფარგლებოდა. ამ თავდასხმების მასშტაბი უფრო ფართო გახლდათ და იგი უნდა განხილულიყო, ან ახლა მაინც უნდა განვიხილოთ, როგორც ამბოხებული გვარდიელების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები. ამ ოპერაციების მიზანი იყო, ამბოხებულთა მიერ, იარაღის შოვნა და წარმოადგენდა მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების შემადგენელ კომპონენტს.
31 ოქტომბერს გვარდიელები თავს დაესხნენ ამბროლაურის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებას. წაართვეს მორიგე მილიციელებს სატაბელო იარაღი, გაიტაცეს ორი ავტომატი, ორი გადამცემი, სამედიცინო სამსახურის მიერ განყოფილებისადმი მიბარებული 53 ამპულა `მორფინი~, ხოლო მორიგეები იარაღის დამალვის მცდელობისათვის ცემეს და საპატიმრო საკანში ჩასვეს. ამ ოპერაციის ჩატარებამდე თავდამსხმელებმა რაიონული განყოფილების უფროსი პ. ბედენაშვილი გაიტაცეს. მეორე დღეს, თავდამსხმელები მანქანებით და ავტობუსებით, ნადავლიანად თბილისში დაბრუნდნენ და ზღვაზე დაბანაკებულ დემოკრატიისათვის ამბოხებულ ძმაკაცებს შეუერთდნენ. როგორც შემდგომში იგონებდა ამბროლაურის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსი პ. ბედენაშვილი, იგი კიტოვანთან მიიყვანეს. როცა გატაცებულმა მომხდარი ინციდენტის ამბავი მოახსენა კიტოვანს, ამ უკანასკნელმა `უკმაყოფილების ნიშნად თავი გააქნია~. ამბროლაურში და მიმდებარე რაიონებში საგანგებო ვითარება შეიქმნა. საქმეში ჩაერთვნენ სათანადო ორგანოები. ამბოხებულებმა ბედენაშვილი გაანთავისუფლეს, კუთვნილი იარაღიც დაუბრუნეს, მაგრამ დანარჩენ გატაცებულ იარაღზე კი უთხრეს, `რამდენიმე დღეში ჩაგაბარებთო~.
რამდენადაც უმოქმედო იყო ამბოხებულ გვარდიასთან მიმართებით ქვეყნის პრეზიდენტი, იმდენად უკომპრომისო და შეურიგებელი იყო მისი შეფასებები. 18 ნოემბერს, მთავრობის სასახლის წინ, გამართულ მორიგ მიტინგზე, იგი მიმართავდა მსმენელებს, რომ თბილისის ზღვაზე დაბანაკებული `დანაშაულებრივი შეიარაღებული ბანდების~ ხელში თავმოყრილი იყო `დიდძალი იარაღი~. იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს მიმართავდა ხელისუფლება დანაშაულებრივი ბანდების გასანეიტრალებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის, სახელმწიფო დაწესებულებების დასაცავად და საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, პრეზიდენტი განმარტებას არ იძლეოდა. ამ ყველაფრის შესახებ, არც პრეზიდენტის რუპორებად ქცეული მესიტყვე-იდეოლოგები იღებდნენ ხმას: თემურ ქორიძე, ავთანდილ რცხილაძე, ვახტანგ ჭითავა და სხვები.
ამბოხებული გვარდიელებისა და მათი ლიდერების მიმართ შეუწყნარებელმა უმოქმედობამ, მათდამი მორალისტურმა მოწოდებებმა მალე თითქოს ხვეწნა-მუდარის ტონალობა მიიღო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათ მიმართ ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულების რესურსი ამოწურა და მხოლოდ ზნეობისაკენ მოწოდებებიღა დარჩა იმედად. 22 ნოემბერს `ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილებდა სახელმწიფო ხელისუფლებას~, ამჯერად, კვლავ და კიდევ ერთხელ, პრეზიდენტმა მიმართა. კვლავ მოწოდებები პასუხისმგებლობისაკენ, ისტორიული მაგალითების გახსენება, სხვა მსგავსი სახარების კითხვანი მგლის თავზე: `ქართველო გვარდიელებო! ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში, ნუ ვიზამთ ამას, ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. …თქვენი განდგომა და თბილისის ზღვაზე დაბანაკება, ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ თქვენი დისლოკაციის ადგილებს, კვლავ დაექვემდებაროთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და აკეთოთ ის, რაც მოეთხოვება დღეს ყველა ქართველს – მამულის ინტერესების დაცვა!~
1991 წლის 3 დეკემბერს უზენაესი საბჭოს სესიამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეროვნული გვარდიის ამბოხებული ნაწილის მიმართ, საბოლოო დამოკიდებულება განსაზღვრა და სპეციალური დადგენილება მიიღო. მასში აღნიშნული იყო წინამდებარე დადგენილებები, რომლებიც ხელისუფლების გვარდიასთან დამოკიდებულებას და გვარდიის სტატუსს განსაზღვრავდნენ. კერძოდ, კი ის, რომ 1990 წლის 20 დეკემბრის კანონით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნა შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია. 1991 წლის 9 სექტემბერს ეროვნული გვარდია დაექვემდებარა ქვეყნის პრეზიდენტს.
შემდგომში `გვარდიის ყოფილმა სარდალმა~ შავნაბადას ტერიტორიაზე უკანონოდ შეკრიბა ნაწილები, რათა ისინი ჩაეთრია ანტისახელმწიფოებრივ პუტჩში. მას შემდეგ, რაც გვარდიის ნაწილები `თვითნებურად განლაგდნენ~ ჯერ დედაქალაქის ცენტრში, ხოლო, შემდეგ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ისინი `აქტიურად მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში~.
პრეზიდენტმა 30 სექტემბრის ბრძანებულებით, ხოლო უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ 13 ნოემბრის `მიმართვით~ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს წინადადება მისცეს, ჩაებარებინათ იარაღი, რითაც მოეხსნებოდათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. `ეს ჰუმანური წინადადება მათ არ მიიღეს და კვლავ აგრძელებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ აქციებს~.
ამის შემდეგ, უზენაესი საბჭო ადგენდა, რომ ეროვნული გვარდიის ის ნაწილები, რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ პრეზიდენტს, გამოცხადდებოდნენ `უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებად~. მათ წინადადება ეძლეოდათ 10 დეკემბრამდე ნებაყოფლობით ჩაებარებინათ იარაღი და დაეტოვებინათ თვითნებურად დაკავებული ტერიტორია. მათ, ამის შემდეგ, მოეხსნებოდათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. შეუსრულებლობის შემთხვევაში, `უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობის მიმართ გატარდებოდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები~.
ორი დღე არ იყო გასული და 12 დეკემბერს ამბოხებულ გვარდიელთა დიდი ჯგუფი, თავად კიტოვანის მეთაურობით, თავს დაესხა საქართველოს შინაგანი ჯარების ქვეგანაყოფს. თავდასხმა მასშტაბური იყო და სამხედრო ოპერაციის ხასიათს ატარებდა, რომლის დროსაც ერთი ტანკი დაიწვა, გაიტაცეს ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და ცხრა მძევალი. ამ ფაქტმა, საბოლოოდ, გაფანტა ილუზიები, რომ თითქოს შეიარაღებულ ოპოზიციას შერიგება სურდა ხელისუფლებასთან. ამბოხებულები 10 დეკემბრამდე მიცემულ ულტიმატუმის პირობების შესრულებას არ აპირებდნენ.
აზრია გამოთქმული, თითქოს `დახლოებით 16-17 დეკემბრისათვის საბოლოო გადაწყვეტილება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შესახებ სიგუა-კიტოვანს უკვე მიღებული ჰქონდათ.~40 კი, ნამდვილად ასე იყო, ალბათ. მეტიც, მას შემდეგ, რაც 10 დეკემბრამდე მიცემული ულტიმატუმი არ მიიღეს და 12 დეკემბერს სრულიად ღია სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის გადაწყვეტილება საბოლოოდ მათ, არა უგვიანეს 10 დეკემბრისა, უკვე მიღებული ჰქონდათ. რჩებოდა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული სამხედრო ოპერაციების დაწყების თარიღის, დროის დადგენა, რასაც ან შექმნილი ვითარება, ან ზემოდან მითითება განსაზღვრავდა.
საუბედუროდ, ქართულმა პოლიტიკურმა გონმა, აზროვნებამ, კულტურამ, რაც გნებავთ ის ვუწოდოთ, რომელიც ისტორიულ წარსულში, თითქმის ყოველთვის ახერხებდა უკანასკნელ წუთს საღი გადაწყვეტილების და გამოსავლის მიღებას, თითქმის, პირველად, ეს ვერ შეძლო და არც მოინდომა XX საუკუნის მიწურულში.

თ ა ვ ი  მ ე ც ხ რ ე

შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების ქრონიკა

1991 წლის 20 დეკემბერი
რესპუბლიკის მოედანზე შედგა ოპოზიციის დიდი მიტინგი, რომელზეც მის მონაწილეებს თ. სიგუამ მოუწოდა დაძრულიყვნენ მთავრობის სასახლის წინ მიმდინარე, ხელისუფლების მომხრეების მიტინგისაკენ. დემაგოგიური მოწოდებების ქვეშ იქ მისვლის მთავარი მიზანი იყო, მთავრობის სასახლის წინ მოწყობილი ჯებირის გაწმენდა – ჩახერგილი მანქანების, ბარიკადებისა და სხვა ტვირთების გამოთრევა და სასახლესთან გასასვლელის განთავისუფლება. მეორე-მესამე დღეს, აქ, ჩამოსულ ამბოხებულ გვარდიელებს სასახლეზე საიერიშოდ ტერიტორია განთავისუფლებული დახვდებოდათ. `მე არ მოგიწოდებთ რომ წახვიდეთ მთავრობის სასახლისაკენ, სადაც პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგი მიმდინარეობს, მაგრამ თუ ვინმეს სურს ეს მისი ნებაა~ – ასეთი `შენიღბული~ მოწოდებით დაასრულა სიგუამ თავისი მოხსენება და მთავრობის სასახლისაკენ დაძრულ მომიტინგე ოპოზიციონერებს თავადვე გაუძღვა.
ამბოხებულთა ოფიცრობა-სარდლობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქაშუეთის ეკლესიის მიდამოებში დაბანაკებულმა ოპოზიციონერებმა მოიყვანეს მძიმეწონიანი `კრაზი~ და რამდენიმე მანქანა გამოათრიეს სამთავრობო ბარიკადიდან, რამაც ხელისუფლების მომხრე მომიტინგეთა შეშფოთება გამოიწვია.
ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად რომან გვენცაძე გამოცხადდა და მათ მეთაურებს, მეორე დღის 12 საათამდე, აქტიური მოქმედებისაგან თავის შეკავება შესთავაზა, ხელისუფლების დათმობებზე დათანხმების პირობით. დაახლოებით, ამ ვითარებაში დაღამდა, აცივდა და მომიტინგეთა უმრავლესობა, ორივე მხრიდან, წავიდ-წამოვიდა.

1991 წ. 21 დეკემბერი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა კაბინეტის სახელით გაერო-ს, მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს გაეგზავნა მიმართვა, სადაც განმარტებული იყო, რომ `ყოფილ კომუნისტ ფუნქციონერებზე დაყრდობით~, შეიარაღებული ოპოზიცია ცდილობს საქართველოში მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება. იგი ლამობს `პარლამენტის შენობაში შეჭრას და კანონიერი ხელისუფლების დამხობას~. ამ მიზნით, წინასწარ შეიარაღებულმა ოპოზიციამ მძევლად აიყვანა თბილისის მერი თამაზ ვაშაძე და მომწამლავი გაზი შეასხურეს მათთან მოსალაპარაკებლად მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს დილარ ხაბულიანს, რომელიც ამის გამო, მძიმე მდგომარეობაშია.
მსოფლიოს ქვეყნებს და გაერო-ს აფრთხილებდნენ, რომ `მოსალოდნელია სისხლისღვრა~ და თხოვდნენ, საქართველოში გამოეგზავნათ `ოფიციალური წარმომადგენლები~, აგრეთვე, მოეხდინათ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა.
დილიდან, ისევ დაიწყეს მომიტინგეებმა მოგროვება. კვლავ, გაიმართა თავისებური დიალოგი, ბარიკადების ორივე მხარეს მყოფ მომიტინგეებს შორის, რაც მიკროფონებით გადაძახ-გადმოძახების ფორმით მიმდინარეობდა, როგორც წინა დღით. ოპოზიციამ, უფრო სწორად, კი – ამბოხებულებმა, კვლავ დაიწყეს ბარიკადებიდან სატვირთო მანქანების გამოთრევა, რომლებიც ორ, სამ და ოთხ წყებად იყო მიჯრით ჩაყენებული.
ბარიკადების დაშლით შეფიქრიანებულმა ხელისუფლების მხარემ რეაგირება მოახდინა. მთავრობის სასახლიდან გამოვიდა ავტომატებით შეიარაღებული რაზმი. მეავტომატეები აიჭრნენ სასახლის სახურავზეც. როგორც ოპოზიციური პრესა იუწყებოდა, მათ სახურავზე და შენობის ფანჯრებში განალაგეს ტყვიამფრქვევები.
ტყვიამფრქვევები ჩანდა მთავრობის სასახლის სახურავიდანაცო, წერდა “დრონი.”1 ჯებირი მოიშალა, ბარიკადებისაგან ახლა უკვე განთავისუფლებული იყო მთავრობის სასახლესთან მისასვლელი ტერიტორია. ამბოხებულთა მიერ მეორე დღეს დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმის პირველი – სამშვიდობო ეტაპი წარმატებით დასრულდა. ხალხს კი აბრიყვებდნენ, ტერიტორია – ორივე მხარის მომიტინგეთა გასაერთიანებლად გავწმინდეთ, რათა ისინი შეერთდნენ და გაერთიანებული მიტინგი ჩაატარონო.
ამასობაში, თითქოს მომიტინგეთა ხელმძღვანელებს შორის, მართლაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რათა მხარეებს – პრეზიდენტსა და სიგუას შორის ტელედებატები გამართულიყო. ამ აზრის პროვოცირებას ოპოზიციის მეთაურები ახდენდნენ. `ბატონი ბრძანდებით, გამოვიდეს `თქვენი პრეზიდენტი~, დავჯდეთ ტელეკამერასთან და პირდაპირ ეთერში, მთელი საქართველოს თვალწინ, ვიპაექროთ. დაე, ერმა გაარჩიოს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი~, – აცხადებდა თ. სიგუა. უკვე გაჩარხული იყო საქმე – ამბოხებულთათვის საიერიშო ტერიტორია განთავისუფლებული გახლდათ. რჩებოდა ხელისუფლებასთან დროს გაყვანის, ლაი-ლაის, პროვოცირების ენით საუბარი. მეორე დღეს, კი ამბოხებულები თავად კიტოვანის სარდლობით და სამხედრო ტექნიკა აქ გაჩნდებოდნენ და მთავარი შეიარაღებული ოპერაცია დაიწყებოდა.
სხვა ინფორმაციით, საღამოს ოპოზიციამ პირველ საშუალო სკოლასთან მორიგი მიტინგი მოაწყო, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა – `მიტინგების გაერთიანება და ზვიადისტებთან ერთობლივი მიტინგის გამართვა~. ეს, `რა თქმა უნდა საბაბი და ერთგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია იყო, რათა გაემართლებინათ ოპოზიციური მიტინგის მოწყობა მაინც და მაინც იქ, სადაც ხელისუფლების მომხრეები მართავდნენ მიტინგს და, შესაბამისად, შეტაკებაც ადვილი მოსაწყობი ყოფილიყო საჭიროების შემთხვევაში.2 ცხადია, ეს იყო შეიარაღებული ოპერაციის დასაწყისის შემადგენელი ნაწილი. ოპოზიციამ მოაწყო ავტომანქანების გადათრევა, რომლებითაც ხელისუფლების მომხრეებს სამიტინგო ტერიტორია იყო შემოსაზღვრული.
მივყვეთ გიორგი წიქარიშვილის მონათხრობს:
– დილარ ხაბულიანი, ვითომ მოსალაპარაკებლად გაიტყუეს და თვალებში მჟავა შეასხეს. `ამით ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი სერიოზული მოკავშირე ჩამოაშორეს~.
– იმავე საღამოს კიტოვანის გვარდიის ნაწილმა უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიები – ქაშუეთის ეკლესიის ეზოსთან, სასტუმრო `თბილისთან~, კავშირგაბმულობის სამინისტროსთან ადგილები დაიკავა. ეს იყო ტყვიამფრქვევებით და ნაღმსატყორცნებით შეიარაღებული 30-40 კაციანი რაზმი.~3 ხელისუფლების მესვეურების სიფხიზლის მოსადუნებლად, ალბათ, გვარდიელებს `სიგუას დაცვად~ ასაღებდნენ. `თავად სიგუა მეგაფონებიან `ფურგონში~ იჯდა და საშინელი ხმით ხაოდა: `მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი…! მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი…!
– თავისი მომხრეების დასამშვიდებლად და დასანახად, რომ აქა ვარო, მიტინგზე ზვიად გამსახურდია გამოვიდა. ოპოზიცია ხმებს ავრცელებდა, გამსახურდია გაქცევას აპირებსო. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ოპოზიციონერი მომიტინგეები და ამბოხებულები: `მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც სისხლისღვრას გამოიწვევს~. მის მოწოდებას სიგუა `ფურგონიდან~ გამოეხმაურა: `პრეზიდენტო გამსახურდიავ, რა პასუხს გასცემთ ქართველ ხალხს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც დაგმობილია თქვენი ხელისუფლება?!~
`ეს კითხვა თქვენს არაკომპენტენტურობაზე მეტყველებს. სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს მიმართავს იმ ქვეყნებს, რომელთა დამოუკიდებლობა ჯერ ოფიციალურად არ უცვნია. აი, ასეთი უმეცარი რომ ხარ, სწორედ ამიტომ გაგანთავისუფლე თანამდებობიდან~, – გადმოსძახა პრეზიდენტმა და მყისვე პასუხიც მიიღო: `შენი გასანთავისუფლებელი არავინ არ იყო! შენი გასანთავისუფლებელი არავინ არ იყო!!!… გამსახურდია ცრუპენტელაა, გამსახურდია ცრუპენტელააა!!!~
სწორად შენიშნავს `ჟამი ჭეშმარიტის~ ავტორი: `ორივე მხარის ფანატიზმმა და ურთიერთსიძულვილმა მწვერვალს მიაღწია.~4
_ ალმა-ატაში შედგა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერთა შეკრება. მასზე გამოცხადდა `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის~ შექმნა, რომელშიც თერთმეტი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა-სახელმწიფო შევიდა: რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია, Aაზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი. საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა დსთ-ში შესვლაზე, რის შესახებაც აღნიშნული პოზიცია ალმა-ატაში დააფიქსირეს ნემო ბურჭულაძემ და გურამ აბსანძემ.
_ ჯანმრთელობის მინისტრის მანანა ძოძუაშვილის მოწმობით: `პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა, არ იძლეოდა არავითარ ბრძანებას წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, რათა ვინმე არ დაშავებულიყო.~5 მინისტრმა იმავე ინტერვიუში განმარტა: `…ჩვენს პრეზიდენტს კომპეტენტურობა ყოფნის არა ერთი, არამედ რამდენიმე სახელმწიფოს მართვისათვის. ის, არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, იგი უფრო იმქვეყნიურია. მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება კაცმა მოგატყუოს, როცა თვალებში გიცქერის~.

22 დეკემბერი
– კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი, თუ ვინ, რომელმა მხარემ ისროლა პირველმა იმ დღეს. რეალურად ამ საკითხის გარკვევას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თავდამსხმელი იყო ერთადერთი მხარე – აჯანყებული ეროვნული გვარდიისა და სხვა ფორმირებების ნაწილები და შეიარაღებული ოპოზიციონერების ნაწილი. ხელისუფლებასთან რამდენიმე თვის დაპირისპირების შემდეგ, 22 დეკემბერს, ისინი თბილისის ზღვის ტერიტორიიდან ჩამოვიდნენ, მთავრობის სასახლეს მოადგნენ და ხელისუფლების დასამხობად უშუალო სამხედრო ოპერაციები დაიწყეს.
– დილის 9 საათისათვის, მთავრობის სასახლესთან უკვე `გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა~.
– პირველი სროლების შედეგად მძიმედ დაიჭრა რომან გვენცაძე და დაიღუპა გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე ქალი. კიტოვანმა თავისი სამხედრო ტექნიკა ქაშუეთის ეკლესიასთან განალაგა. სასახლეს სროლა შორსმსროლელი ჰაუბიციდან დაუწყეს. ჯერ ე. წ. `ბალვანკებს~ – ჭურვებს, რომლებსაც საბრძოლო მუხტი მოხსნილი ჰქონდათ, – უშენდნენ. `ეს კიტოვანის `გენიალური~ მიგნება იყო – `საბრძოლო ჭურვები რომ ვესროლოთ, ჩვენც ავფეთქდებით, ამიტომ `ბალვანკები~ ვესროლოთ, გამსახურდიას შაქარი აქვს, ინერვიულებს და კომაში ჩავარდება~. კიტოვანი და მისი შტაბი, რომელიც სასტუმრო `თბილისში~ განლაგდა, მთელი ღამის ნაქეიფარები იყვნენ. წინა დღეს, 21 დეკემბერს, სასტუმროს საბანკეტო დარბაზში ვიღაცის დაბადების დღეზე გაშლილი სუფრა დახვდათ და კარგადაც მოილხინეს _ რა თქმა უნდა, პატრონის უკითხავად.6
– 12 საათისათვის მიმდინარე სროლების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 29 კაცი.
– პირველ სროლაზე, მიუხედავად ჩვენს მიერ ამ ფაქტის უმნიშვნელო შეფასება-მიჩნევისა, ყურადღებას ამახვილებს ნოდარ ნათაძე. `რაკი რუსული აგენტურის შესაძლო მოქმედების ტექნიკა ვახსენეთ, აქვე მოვიყვან ორ ფაქტს – ნაამბობს, მაგრამ პირადად ჩემთვის უეჭველს. პირველი სროლა, როგორც მე ვიცი, შიგნიდან გარეთ მოხდა, მაგრამ თავისიანის მიმართვე (და არა გვარდიელთა მიმართ) და ამას ერთი საყურადღებო დეტალი ახლდა: ერთი ფანჯრიდან რომ გარკვეული მიმართულებით `ტრასირის~ ჯერი წავიდა. იმის ზემოთა ფანჯრიდან, იმავე მიმართულებით ეს ჯერი და მისი შედეგი ვიდეოკამერამ აღბეჭდა. გუნდური მოქმედების, ანუ ჯგუფური კოორდინაციის ეს დონე, ცხადია, მოყვარულისა არ არის. პრეზიდენტის მხარეში შემუშავებული გუნდი პროფესიული ჯგუფი იყო.~7 იგივე ნოდარ ნათაძის ინფორმაციით, მსროლელი შეგზავნილი იყო პრეზიდენტის მომხრეთა რიგებში და მოგვიანებით, იგი სოხუმში მოკლეს ზურგიდან სროლით, კვალის დაფარვის მიზნით, `ომის დასაწყისშივე~.
– ამბოხებულ გვარდიელთა რიცხვი, `რომლის ხელითაც გადატრიალება დაიწყო~, – ნ. ნათაძის ინფორმაციით, დაახლოებით 160 კაცი იყო, ან ოდნავ მეტი.
– სასახლის მხრიდან, გასროლას მაშინვე მოჰყვა გარედან ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, ხოლო შემდეგ, არტილერიის ცეცხლი. მოალყეებმა ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეულით, რამდენიმე შეტევითი რეიდი მოაწყვეს მთავრობის სასახლის ეზოში და მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში, უქმად იყო განლაგებული ეზოში. `მაგრამ განზრახვა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ჰქონდათ – შენობის აღება – ვერ შეასრულეს (ვერც ცადეს შეესრულებინათ), რადგან გვარდიელების დიდი ნაწილი დამთვრალი იყო ლუდით, რომელიც დიდი რაოდენობით პოვეს სასტუმრო `თბილისის~ სარდაფებში.8
_ ვ. ადამიას შეიარაღებული ფორმირება – მერაბ კოსტავას საზოგადოება აკონტროლებდა უნივერმაღ `თბილისს~, მეტრო `თავისუფლების მოედანს~ და მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. სნაიპერები ისხდნენ სალონ `ოცნების~, უნივერმაღ `თბილისის~ და სხვა მიმდებარე შენობების სახურავებზე.
– შეიარაღებულმა ეროვნული გვარდიის ნაწილებმა, დილის 8 საათზე, იერიში მიიტანეს ქვეყნის უზენაესი საბჭოს შენობაზე – მთავრობის სასახლეზე. ამბოხებულები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ შენობაში. პრეზიდენტის დაცვამ, მისი მომხრე ეროვნული გვარდიის და პოლიციის ნაწილებმა სროლით უპასუხეს და თავდასხმა აღკვეთეს.
_ ინტენსიური ორმხრივი სროლის შედეგად, კერძოდ, თავდამსხმელების მხრიდან, ქვემეხებისა და ტანკების სროლამ დააზიანა მთავრობის სასახლის შენობა, ხოლო საპასუხო სროლის შედეგად, დაიწვა მხატვრის სახლი და პირველი საშუალო სკოლის შენობა.
_ 17-დან 18 საათამდე დროის ფარგლებში ამბოხებულებმა ვერტმფრენიდან, რომელიც აეროპორტიდან იყო გატაცებული, მთავრობის სასახლის თავზე ჩამოაგდეს `ასაფეთქებელი ნივთიერება~. ხელისუფლების მხარე იუწყებოდა, რომ სახურავი განადგურდა და იყვნენ დაჭრილები.
– რადიოსადგურ ბი-ბი-სი-ს დილის გადაცემაში რ. კლიმიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარეობს `ქართველი ხალხის ბრძოლა დიქტატორის წინააღმდეგ~. მოვლენების მიკერძოებული ინტერპრეტაციით გამოვიდა, აგრეთვე ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი-მწერალი თამარ დრაგაძე.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტ-ახალგაზრდათა ჯგუფმა სცადა მოეწყო მანიფესტაცია – მსვლელობა მთავრობის სასახლემდე. მათი მოთხოვნა იყო სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა, რასაც მოწმობდა ტრანსპარანტები: `მოვითხოვთ მშვიდობას!~, `შეწყდეს ძმათა ომი!~, `საქართველო იღუპება!~, `ქართველობა მოითხოვს ომის შეწყვეტას!~, `ძმათა შორის ომში გამარჯვებული არ არსებობს!~ დემონსტრანტებმა ცენტრალური ტელეგრაფის შენობას მიაღწიეს და მსვლელობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, მიმდინარე სროლების გამო.
_ გაზ. `დრონის~ მიხედვით, დილით სროლა ხელისუფლების მომხრე ძალებმა დაიწყეს. ამ დროს, ამბოხებული გვარდია ჯერ არ იყო ჩამოსული თბილისის ზღვიდან. ინტენსიური სროლის შედეგად, რომელიც თითქოს ნახევარ საათს გრძელდებოდა, დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და ოპოზიციის იქ დარჩენილი მომხრეები. იყვნენ დაღუპულებიც. ჟურნალისტ სოსო სიმონიშვილს მოვუსმინოთ, რომელიც იქადნის, იქ ღამით იმიტომ დავრჩი, რომ `ყოველივე საკუთარი თვალით უნდა მენახა და საკუთარი ყურით მომესმინა. აშკარა იყო, რომ ერის ისტორიის ერთ-ერთი მკვეთრი მოსახვევის მატიანეს ფურცლის დაწერა მხვდა წილად და აქ მცირე უზუსტობაც კი დიდი ბრალდება იქნებოდა ქვეყნის მომავლის წინაშე~.
აბა, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები კაცის დაწერილი რას გვეუბნება, ვნახოთ. ს. სიმონიშვილი წერს: იმ საშინელი კანონადის შემდეგ, სამხატვრო გალერეის უკან გავედი. `ბატონი თენგიზ სიგუაც იქ აფარებდა თავს მცირე დაცვის თანხლებით. მისთვის აშკარა გამხდარიყო, რომ ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა: ოპოზიციასთან მოლაპარაკებას და დემოკრატიის საფუძვლების დაცვას სისხლიანი კონფრონტაცია არჩია. ზღვაზე უკვე კაცი ეფრინათ გვარდიის დასაძახებლად~9 აი, თურმე რის შემდეგ წამოვიდა კიტოვანის გვარდია თბილისის ზღვიდან – საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, რომელსაც ცეცხლი დაუშინა ხელისუფლებამ.
`ერის ისტორიის ერთ-ერთი მოსახვევის მატიანეს ფურცლის დაწერის წილად მხვდომი~ ს. სიმონიშვილის თვალით ნანახის მიხედვით, მომხდარი სისხლისღვრის გამგონე კიტოვანის ამბოხებული გვარდია `შუადღისათვის~ ჩამოვიდა ქალაქში, საბრძოლო მდგომარეობა დაიკავა მთავრობის სასახლის წინ და `შუადღის~ შემდეგ, დაუშინა ჭურვები მთავრობის სასახლეს.
ნ. ნათაძის მოწმობით: `გვარდია რომ ქალაქში უნდა ჩამოსულიყო და ყველა მხარე სუნთქვაშეკრული ელოდა, რა მოხდება~, – ეს ცნობილი გახლდათ. საერთოდ, ნათაძის მიხედვით, `გვარდია 20.XII. მიადგა მთავრობის სახლს და უზენაესი საბჭოს სახლს და მოპირდაპირე მხარე დაიკავა. მისი ცენტრალური პოზიციაც და შტაბიც იყო სასტუმრო `თბილისი~. იგივე ავტორის ინფორმაციით: `შიგნიდან ტყვიის გასროლას მოჰყვა გარედან ცეცხლის გახსნა – ჯერ სამსროლელო იარაღით, მერე არტილერიით. მთავრობისა და უზენაესი საბჭოს სახლი ისე მკვიდრადაა ნაშენი (1947-48 წწ.) რკინა-ბეტონით, რომ იმ ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. მოალყეებმა იმ დღესვე ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეულით რეიდი მოახდინეს მთავრობის სასახლის ეზოში…~10
– პირველი სროლების შედეგად დაიღუპნენ: წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი არჩილ რამიშვილი; შემდეგ – ვარაზ ვარაზაშვილი, აველინა პერტია, ციცინო ქევხიშვილი.
ამავე დღეს, დაიჭრნენ: ივეტა კობახიძე, ლანა სიხარულიძე, ვენერა ყეინიშვილი. `იმ დღეებში კანონერი ხელისუფლების დაცვას შეეწირა უზენაესი საბჭოს დეპუტატი არკადი მარკოზია, რომელიც ყოფილმა თანამოაზრეებმა მანქანაში ჩაცხრილეს. დაღუპულთა შორის აღმოჩნდნენ თენგიზ ქაჯაია და როსტომ სვანიძე.11
_ ხელისუფლების მომხრე დეპუტატები ტელევიზიით მიმართავდნენ ქვეყნის მოსახლეობას, მოუწოდებდნენ მათ მისულიყვნენ მთავრობის სახლთან და დაეცვათ კანონიერი ხელისუფლება. მოსახლეობას მიმართა გურამ პეტრიაშვილმა. მან მოღალატეები უწოდა ამბოხებულებს. მან მიმართა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს: `დღეს თქვენი აქ არ ყოფნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ღმერთსა ჰგმობთ~. მოღალატეთა შორის იგი ასახელებდა და მიმართავდა: კობა იმედაშვილს, გიორგი შენგელაიას, ლანა ღოღობერიძეს, გიორგი ხოშტარიას, ლევან ღვინჯილიას, რუსლან მიქაბერიძეს, თედო პაატაშვილს, გელა ჩორგოლაშვილს.……
ტელევიზიით მოსახლეობას მიმართეს: დეპუტატმა ალეკო ქობულაშვილმა, ბესარიონ გუგუშვილმა, ნოდარ წულეისკირმა: `საქართველოს ისტორიამ არ იცის ამის მსგავსი ღალატი~; ვიქტორ დომუხოვსკიმ, გიორგი ოჩიაურმა, თენგიზ ჩაჩავამ: `ყველა პუტჩის შემდეგ, ასეა და მას მოჰყვება რამდენიმე ათეული წელი დუხჭირი, გამწარებული ცხოვრებისა!~, აკაკი ბობოხიძემ, ვალტერ შურღაიამ.
– ამბოხებულები უზენაესი საბჭოს შენობას ცეცხლს უშენდნენ ჰაუბიცებიდან, მძიმე საარტილერიო ტექნიკიდან, ტყვიამფრქვევებიდან, `ალაზნის~ ტიპის ზარბაზნიდან; გამოიყენებოდა ჯავშანტრანსპორტიორები. მთავრობის სასახლეს იცავდნენ: ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები – ზუგდიდის, ახალციხის, რუსთავის, ყვარელის, ახმეტის, სამტრედიის, თბილისის და სხვ.
რომან გვენცაძის ვერსიით, დილით მან გადაწყვიტა მთავრობის სასახლის წინ ტერიტორიაზე მილიციელთა ცოცხალი კორდონი მოეწყო, რადგან ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების ჯებირი აღარ იცავდა შენობის მისასვლელს. `ამ დროს, უზენაესი საბჭოს შენობიდან სამოცამდე გვარდიელი გამოვარდა და უაზროდ დაიწყეს სროლა. ამის პარალელურად მხატვრის სახლის შენობიდამ რომელშიც ხელისუფლების შეიარაღებული ნაწილები იყვნენ დაბანაკებულნი, ავტომატებით ისროდნენ. ხალხი გაიქცა. ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით რუსთაველის გამზირის გადაკვეთა ვცადე. უკანიდან ნასროლმა ავტომატის რიგმა მომცელა. ფორთხვით მივაღწიე მთავრობის სასახლის გვერდით კარამდე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან. შემდეგ კი საავადმყოფოში აღმოვჩნდი.~12 რ. გვენცაძე დუნდულში დაჭრეს, უზენაესი საბჭოს შენობიდან გასროლით.
დაახლოებით, მსგავსი იყო 22 დეკემბერს დილას განვითარებული მოვლენების ოპოზიციური ვერსია (მაგ. ელგუჯა ბერიშვილის მონათხრობი და სხვ.13 ამ ვერსიის თანახმად, ხელისუფლების მხარემ არამარტო პირველმა ისროლა, არამედ ცეცხლი გაუხსნა ქაშუეთის ეკლესიისა და კავშირგაბმულობის შენობის მიდამოებში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს და ავტომატებით შეიარაღებულ გვარდიელებს. უკანასკნელებმა სროლითვე უპასუხეს. ნახევარსაათიანი სროლა შეწყდა და აი, ამ პირველი სროლის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან თბილისის ზღვიდან ჩამოვიდა კიტოვანის გვარდია და პოზიციები დაიკავა.

23 დეკემბერი
– ტელევიზიით გამოვიდა თ. სიგუა და განაცხადა, რომ ზ. გამსახურდიას შესთავაზეს ბათუმში წასვლა. პრეზიდენტმა ჯერ თანხმობა განაცხადა, მაგრამ შემდგომში უარყო წინადადება, მხოლოდ ჩემზე არ არის ეს დამოკიდებულიო.
– პირველი დღის ბრძოლების შედეგად, უკვე დამწვარი იყო პირველი სკოლა და სამხატვრო გალერეა.
– პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯონი ფირცხალაიშვილი დაინიშნა ქვეყნის ყველა სახეობის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელად.
– დილისთვის, ორმხრივი სროლებისა და ბრძოლების შედეგად, დაჭრილი იყო 128-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა – 17 კაცი. დაღუპულთა შორის იყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატი არკადი მარკოზია; მარტვილის მკვიდრნი: ჯანჯღავა, კალანდია, ხურცილავა.
_ 22-23 დეკემბრის დღე-ღამის განმავლობაში, დროდადრო ახლდებოდა ამბოხებულთა იერიშები მთავრობის სასახლეზე. როგორც სამთავრობო პრესა იუწყებოდა, ამ დღის შეტაკებების დროს, მოკლული იქნა `საბჭოთა არმიის ჯარისკაცი და დაიჭრა მაიორი. ორივე პიროვნება ეროვნებით რუსია. მოკლულს ჯიბეში აღმოაჩნდა საბუთები~.
_ პრესა აღნიშნავდა სამთავრობო ძალების მხრიდან შინაგანი ჯარის ნაწილების სიმამაცეს ჭელიძის მეთაურობით, ავღანელთა ნაწილებისას – ნ. გიორგაძის მეთაურობით.
_ ხელისუფლების მხარის ინფორმაციის მიხედვით, 23 დეკემბერს 18 საათისათვის, შინაგანი ჯარის ნაწილი შეიჭრა სასტუმრო `თბილისში~, რომელიც წარმოადგენდა სიგუასა და კიტოვანის მთავარ დასაყრდენს. მიმდინარეობდა ამ შენობის გაწმენდის ოპერაცია.
_ მოსახლეობას, `ღვთივკურთხეულ ქართველ ერს~ მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მოლაპარაკებისაკენ, დიალოგისაკენ, სისხლისღვრის შეწყვეტისაკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს. მიმართვის ტექსტი გაეგზავნათ ქრისტიანული ეკლესიის მეთაურებს, მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

24 დეკემბერი
– `საქართველოს რესპუბლიკის~ რედაქციაში შევიდა რამდენიმე ამბოხებული გვარდიელი, რომლებმაც მოითხოვეს გაზეთის რედაქტორთან შეხვედრა და მომხდარი მოვლენების ობიექტურად გაშუქება გაზეთში. შეხვედრა არ შედგა. `ობიექტურობის~ ავტომატიან მომხრეებს ახლდათ ისტორიკოსი – პროფესორი ნოდარ ლომოური.
– სროლების დროს, ცეცხლი წაეკიდა კავშირგაბმულობის სახლს.
– ოფიციალური პრესის მონაცემებით, სამთავრობო ძალებმა მოიგერიეს ამბოხებულთა დილის შეტევა და თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. საღამოს 23 სთ. და 30 წუთზე, ბრძოლები მიმდინარეობდა თავისუფლების მოედნისა და ალექსანდროვის პარკის მიდამოებში.
_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში მოეწყო ხელისუფლების მხარდამჭერთა მიტინგი. სიტყვებით გამოვიდნენ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ ჭირაქაძე, დეპუტატები: მაია მაჭავარიანი და გიორგი მარჯანიშვილი; მამა ზაქარია, მხატვარი ირაკლი ოჩიაური, ჰელსინკის კავშირის წევრი გია მაისაშვილი, მსახიობი და ჟურნალისტი ელენე საყვარელიძე, მარინე მარჯანიშვილი და სხვ.
მიტინგზე შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც თავის თავზე აიღო კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი მოძრაობის კოორდინირება, დასახა სამოქმედო გეგმა.14
_ საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა `ქართველ ერს~: `იმპერიულმა ძალებმა და მისმა აგენტურამ საქართველოს თავს მოახვიეს საყოველთაო დესტაბილიზაცია. გრძელდება ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალადობით დამხობის ცდები~. პრეზიდენტი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ მთავრობის სასახლის შენობაში იყო `ჩვენი დიდი ძალები~, მაგრამ ამავდროულად აღიარებდა, რომ `ტელევიზია, რადიოარხი, კავშირგაბმულობა ბლოკირებულია. ე. წ. ოპოზიციამ პრაქტიკულად გამოიყვანა მწყობრიდან სატელეფონო კავშირები~ და საშველად მიმართავდა ხალხს: `მე მოვუწოდებ მთელს საქართველოს აღდგეს და ამოუდგეს მხარში თავის მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას~.

25 დეკემბერი
– სამთავრობო ძალებმა, რუსთაველის პროსპექტზე კონტროლის აღდგენა მოახერხეს და შეტევის შედეგად, ამბოხებულები რამდენიმე კვარტლით გადარეკეს მთავრობის სასახლის უბნიდან. შემდგომში, ბესარიონ გუგუშვილის ინფორმაციით, ისინი რადიოთი იჭერდნენ რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის გადაცემებს. `გარკვევით გვესმოდა, თუ როგორ გადასცემდა რაციით ქალის ხმა რუსულ ენაზე კიტოვანის შტაბს იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა ქალაქში და ქალაქის გარეთ. ჩვენი მომხრეების ნებისმიერი მოძრაობა კონტროლდებოდა რუსეთის დაზვერვის მიერ და კიტოვანის შტაბს გადაეცემოდა~15
_ საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ინტერვიუ მოსცა ამერიკის ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის კორესპონდენტებს, რომელშიც ამბოხებულებთან კომპრომისზე წასვლის სურვილი არ გამოუმჟღავნებია. “კიდევ რამდენ ხანს გაუძლებთ? – ძალიან დიდ ხანს; როგორ გრძნობთ თავს? – გმადლობთ, ძალიან კარგად”.
_ საქართველოს მოსახლეობას მიმართა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა: `თანამემამულენო! მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ თქვენს მიერ არჩეულ რესპუბლიკის პრეზიდენტსა და უზენაეს საბჭოს, დაიცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი მომავალი~.
– 12 საათისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიტინგი. გამოვიდნენ გიორგი მარჯანიშვილი, თემურ ქორიძე, სხვები. მილიციამ და საერთოდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაწყებულ ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტის ხელისუფლებას არ დაემორჩილნენ. გამსახურდიას მომხრეები მიტინგებით ცდილობდნენ ხელისუფლების მხარდაჭერას, რაც, ფაქტიურად, გავლენას ვერ ახდენდა მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგებზე, ვერ ეხმარებოდა ალყაშემორტყმულ და საფრთხეში ჩავარდნილ ხელისუფლებას.
_ გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის კორესპონდენტებთან. შესაბამის კითხვებზე მან უპასუხა, რომ – ოპოზიციის შეტევებს მთავრობის სასახლის დამცველები გაუძლებდნენ `ძალიან დიდხანს~; რომ მისი გადადგომა, პარლამენტის დათხოვნა, ახალი არჩევნები თუ რეფერენდუმის ჩატარება მოხდებოდა, მხოლოდ `ხალხის~ ნებით და არა კრიმინალთა მოთხოვნით.

26 დეკემბერი
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი. ტრანსპარანტები მოითხოვდნენ: `შეწყდეს ბარბაროსული თავდასხმა კანონიერ ხელისუფლებაზე!~ `ქართველებო! გადავარჩინოთ საქართველო!~ ამგვარ მშვიდობიან მიტინგებს, მანიფესტაციებს თუ მსვლელობებს აღარ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ იმ ძირითად პროცესზე, რაც მთავრობის სასახლესთან მიმდინარეობდა.
– 18 საათის ფარგლებში მიმდინარეობდა სროლები თავისუფლების მოედანზე, ლესელიძე-დადიანი-პუშკინის ქუჩების რაიონში ვ. ადამიას შეიარაღებულ ფორმირებებსა და სამთავრობო ძალებს შორის. ამ პერიოდისათვის მთაწმინდის რაიონის ჭონქაძის ქუჩის ნაწილი მიხეილ ტვერელის ეკლესიასთან გადაკეტილი ჰქონდათ კიტოვანის მომხრეებს.
ამ დღემდე და ადრეც, იმყოფებოდა რა მთავრობის სასახლე ალყაში, თავისუფლების მოედნის მხარე და ტერიტორია დაკავებული ჰქონდა ვ. ადამიას შეიარაღებულ ფორმირებას – ე. წ. მერაბ კოსტავას საზოგადოების გასამხედროებულ რაზმებს. ნამდვილი ბედის ირონია იყო. ფორმალურად, ისევ ერთი ხელისუფლების ავტორები ებრძოდნენ ერთმანეთს. ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ისინი. უბრალოდ, გამსახურდიას ხელისუფლებას დროდადრო ჩამოეცალნენ მისი უახლოესი თანამებრძოლები და მისი მოწინააღმდეგე ბანაკიდან დაუპირისპირდნენ მას.
ჰო, როგორც ვამბობდით, ვ. ადამიას კოსტაველებს თავისუფლების მოედნისა და ყოფილი კიროვის ქუჩის ტერიტორიები ეკავათ და იქიდან კეტავდნენ მთავრობის სასახლის მისასვლელებს. გულდასაწყვეტი ბევრი რამ იყო, ამ, საშინელ, ერის ღირსების დამამცირებელ ომში, მაგრამ ერთ-ერთი ისიც იყო – მერაბ კოსტავას სახელი რომ ფიგურირებდა ერთ-ერთ მებრძოლ მხარეს. ალბათ საერთო აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, მერაბ კოსტავა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებდა. ახლა კი მისი სახელის მატარებელი შეიარაღებული რაზმელები გულდაჯერებით ესროდნენ თავიანთ თანამემამულეებს და თავადაც, ანალოგიურ პასუხს ღებულობდნენ. მაშინდელ საზოგადოებრივ აზრს გამოხატავდა უჩა ბლუაშვილი, როცა წერდა: `ამრიგად, გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა – `მრგვალმა მაგიდამ~ – სრული კრახი განიცადა. იგი, ორ ნაწილად გაიყო და ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდა.~16

27 დეკემბერი
– თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესო ქუთათელაძემ, რომელსაც ტელეანძის დაცვა ევალებოდა, აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ობიექტი ამბოხებულებს ჩააბარა. ეს იყო მძიმე დარტყმა ეროვნული ხელისუფლებისათვის, რომელიც სატელევიზიო ანძის დაკარგვის შემდეგ, საინფორმაციო იზოლაციაში მოექცა და საკუთარ მოსახლეობასთან, მომხრეებთან და ქვეყანასთან კავშირი დაკარგა.
– იმავე დღეს, უფრო ადრე, გამთენიისას, იზოლატორიდან გაანთავისუფლეს ჯ. იოსელიანი, გ. ჭანტურია, მ. გიორგაძე, გ. ხანდრავა და სხვ.
– ბ. ქუთათელაძესთან შეხვედრისა და მისი დაყოლიების შესახებ ჯ. იოსელიანი იგონებდა: `დიდხანს ვსაუბრობთ. ვუმტკიცებ, რომ გამსახურდიას წაგებული აქვს ყველაფერი. გაჯიუტებული მეჩვენება, ჩუმად მისმენს. მოულოდნელად თანხმდება ყველაფერზე. თვითონ თამაშიდან გადის და ელოდება ჩვენს რაზმს ანძაზე. შემდეგ თავის ხალხთან ერთად წავა შინ – საჩხერეში… ზაზა ვეფხვაძემ მომიყვანა მორჯომელი გიგა გელაშვილი თავისი ხალხით. მხნე ბიჭი ჩანს. ვუმატებ რამდენიმე კაცს და ვგზავნი ანძაზე…~17
_ გ. ჭანტურიას განცხადებით: `გამსახურდიამ ფაქტიურად გამოიწვია ამბოხება~ და რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია `დემოკრატიული ძალების მხარეზე დგას, დიქტატორი უნდა დაემხოს…~18
_ საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ გიორგაძემ. `მე ვერ ვუბრძანებ ავღანეთის ომში სიმწრით გადარჩენილ და იქიდან დაბრუნებულ ჩვენს ბიჭებს, ტყვია ესროლეთ ქართველებსო~. ნ. გიორგაძე ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეც გახლდათ. მან პრეზიდენტს შესთავაზა, უკვე ხელმეორედ, კონფლიქტის მოგვარების პირობები, რომლის თანახმადაც: 1. ორივე მხარის შეიარაღებულ ძალებს უნდა 24 საათში დაეტოვებინათ დედაქალაქი; 2. უნდა 48 საათის განმავლობაში, ჩატარებულიყო უზენაესი საბჭოს სესია, რომელიც დანიშნავდა მომავალ უზენაესი საბჭოს არჩევნებს; დაინიშნებოდა რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანშეწონილობის საკითხს, უფლებების ხარისხს, ხელისუფლება გადავიდოდა პარლამენტის ხელში; 3. შემოღებული იქნებოდა კომენდანტის საათი, 7 დღის განმავლობაში, რასაც განახორციელებდნენ ძალოვანი სტრუქტურები. ამ წინადადებების მიუღებლობის შემთხვევაში, ნ. გიორგაძე უარს განაცხადებდა დაკავებულ თანამდებობაზე და გადადგებოდა.
_ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მანანა ძოძუაშვილის განცხადებით: `კიტოვანმა, სიგუამ, ქუთათელაძემ ჩაიდინეს ღალატი. უკანასკნელმა ბლოკირება გაუკეთა ტელეანძას. იგი თავისუფლად შედიოდა და გადიოდა უზენაეს საბჭოში. ის არ უნდა გაეშვათ. გვიღალატა ომანიძემ – მან ჩაუშვა ჩეჩნები, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ მოსალაპარაკებლად. ომანიძემ ჩვენთან მოიყვანა გიორგაძე, რომელსაც აბსანძე პირზე დაადგა: ხომ ჩაგითვალე ფული იარაღის საყიდლად, სად არის ახლა ეს იარაღიო. გიორგაძემ უპასუხა, რომ იარაღი ავღანელთა კავშირშია, მე ვთქვი, რომ თავს მოვიკლავდი, თუ მას გაუშვებდნენ. ამის შემდეგ, გიორგაძემ მოიტანა რაღაც `ბრონიჟილეტები.~19

28 დეკემბერი
_ 5 სთ-სა და 30 წთ. ტელევიზიით გამოვიდა დიქტორი დავით სოკოლოვი. მისი განცხადებით, შეიკრიბნენ და ერთმანეთს შეხვდნენ დაპირისპირებული, უფრო სწორედ – მეომარ მხარეთა წარმომადგენლები. მინისტრი ჯონი ხეცურიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი ვანო ჭელიძე, უშიშროების მინისტრის მოადგილე ანზორ მაისურაძე, მილიციის სკოლის დირექტორი გივი კვანტალიანი, სამხედრო მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ გიორგაძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე ბესიკ ქუთათელაძე. მეორე მხარეს, კერძოდ, ამბოხებულ კიტოვანელებს და კოსტაველებს წარმოადგენდა – ანზორ საკანდელიძე.
მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: 18 სთ-დან უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი.20
_ იმავე დღეს, საღამოს, შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა მოსალაპარაკებლად თავისი წარმომადგენლები არ გამოგზავნა. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ წინადადება მისცა პრეზიდენტს, გადამდგარიყო თანამდებობიდან, ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილება გადასცემოდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს.
_ ბესიკ ქუთათელაძემ საღამოს ტელევიზიით გამოსვლისას განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და პრეზიდენტსაც `დე გოლის მსგავსი გადაწყვეტილების~ მიღებისაკენ მოუწოდა.
– ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრისა და მოლაპარაკებების შედეგად, მიღებული იქნა შეთანხმებული ტექსტი. იგი ითვალისწინებდა უზენაესი საბჭოს სესიის მოწვევას, ახალი არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნას, პრეზიდენტის დროებითი უფლებამოსილების შეჩერებას. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ფუნქციონირებას გააგრძელებდნენ. შეთანხმებული ტექსტის მიხედვით, გათვალისწინებული იყო აგრეთვე: პარტიების რეგისტრაციის კანონის დროებით აკრძალვის გაუქმება; ეროვნული გვარდიის ძველი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება; რაიონებიდან ჩამოყვანილი მილიციის დანაყოფებისა და შეიარაღებული რაზმების თბილისიდან გაყვანა და ამ ყველაფერზე მეთვალყურეობის გასაწევად დროებითი საბჭოს შექმნა პარიტეტული წესით.
დროებით საბჭოში ხელისუფლებიდან შევიდნენ: დ. ხაბულიანი, ჯ. ხეცურიანი, თ. ნინუა, ბ. ქუთათელაძე, გ. კვანტალიანი; ოპოზიციიდან და ამბოხებულთაგან: თ. კიტოვანი, ვ. ადამია, გ. ყურაშვილი, ვ. რაზმაძე, ჯ. ჭუმბურიძე.
_ საერთოდ აღნიშნავდნენ, რომ გამსახურდიას, ყოველ შემთხვევაში, ომის პირველ ხანებში მაინც, ცოცხალი შეიარაღებული ძალის რაოდენობის მიხედვით, მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა. ბესიკ ქუთათელაძე – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებდა: `მე ამ ბრძოლების აქტიური დამკვირვებელი ვიყავი და ერთი რამ მაოცებდა, თუ ჩავთვლიდით, რომ პრეზიდენტის სასახლეში ჰყავდათ ათასამდე შეიარაღებული კაცი, მაშინ აშკარაა, რომ მას კონფლიქტის დასაწყისში დიდი სამხედრო უპირატესობა ჰქონდა, – ამას აღნიშნავს გაზ. `დრონის~ ჟურნალისტი სოსო სიმონიშვილი და ბესიკ ქუთათელაძეს ეკითხება – როგორ ფიქრობთ, რატომ არ გადავიდა მისი გვარდია კონტრშეტევაზე?~
ბ. ქუთათელაძე განმარტავდა, რომ პრეზიდენტს კონტრშეტევისაკენ მოუწოდებდა მანანა ძოძუაშვილი, ლელე არჩვაძე, ბესო გუგუშვილი და სხვები, მაგრამ შეტევაზე რომ მიდგებოდა საქმე, ყველა თავს იკავებდა, ორივე მხრიდან ეს დიდ სისხლისღვრას გამოიწვევსო.21

28-29 დეკემბერი
– გამსახურდიას არც თუ მცირერიცხოვანმა მომხრეებმა, საკმაოდ მძლავრი კონტრშეტევა განახორციელეს, რუსთაველის გამზირი ამბოხებულთაგან თითქმის მთლიანად გაწმინდეს და კიტოვანის გვარდიელები `იმელამდე~ გარეკეს. `გადატრიალების ორგანიზატორები (კიტოვანი და სიგუა), იმდენად დაფეთდნენ, რომ, გოგა ხაინდრავას მტკიცებით, იმ ღამეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილის სუფიან ბეპაევის კაბინეტში ეძინათ დივანზე, ერთმანეთთან ჩახუტებულებს. თვით სარდალი, გენერალი პატრიკეევის რჩევით თბილისში არ იმყოფებოდა. პროცესებს სუფიან ბეპაევი მართავდა.

29-30 დეკემბერი
– სწორედ, მაშინ (29-30 დეკემბერს) გამოჩნდნენ რუსთაველზე თ-72 ტიპის ტანკები და განსაკუთრებული, მოკლელულიანი ქვემეხები, რომლებთანაც ქერათმიანი რუსი სპეციალისტები ფუსფუსებდნენ~22
– `დაახლოებით იმ დროს~ გამოდის თ. კიტოვანი რუსეთის ტელევიზიით, რომელსაც უკვე იურიდიულად აღარ ჰქვია ცენტრალური ტელევიზია და აკეთებს `ისტორიულ~ განცხადებას. იგი საქართველოში მიმდინარე `დემოკრატიული რევოლუციის~ გადასარჩენად დახმარებას სთხოვს რუსეთის პრეზიდენტს: `საქართველოს დემოკრატიული ძალები უფლებას იტოვებენ, აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართონ ბორის ელცინს.~23
– ამ მოვლენებთან დაკავშირებით, თავად ბეპაევი ერთ-ერთ ინტერვიუში არც მალავდა არც თავის პირად, არც რუსული ჯარის ქვეგანაყოფის საპატიო წვლილს ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და ამბოხებულთათვის დახმარების აღმოჩენის საქმეში: `გამსახურდიას მომხრეებმა რუსთაველის პროსპექტიდან მთლიანად განდევნეს ოპოზიცია. კიტოვანი თამაშიდან გასვლას და კორდონს მიღმა გაქცევას აპირებდა. ვითარება კრიტიკული იყო და რუსეთის ჯარის პატარა ქვედანაყოფის დახმარება რომ არა, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები დამარცხდებოდნენ~.24 ბარაქალა, წინა და ჩვენს საუკუნეებში, როცა აგრესიული სახელმწიფო ერეოდა დასაპყრობი ქვეყნის საშინაო საქმეში, ან მის ინტერვენციას ახდენდა, ასე თუ ისე, მაინც ნიღბავდა თავის აგრესიულ ზრახვას, ხან რელიგიური საფარველით (ჯალალ-ედინი), ხან ქრისტიანული ღვთისმოსაობით (ალექსანდრე პირველი), ხან ინტერნაციონალიზმით (ლენინი).
ახლა, კი არც საბჭოთა კავშირი და არც მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი აღარაფრით ნიღბავდნენ საქართველოს მეხუთე კოლონისადმი ღია მხარდაჭერას, არც ფინანსებით (პოპოვი), არც პოლიტიკურად (ბურბულისი) და არც სამხედრო ძალით (ბეპაევი). ჩვენებურმა `დემოკრატებმა~ შეითვისეს საუკუნისათვის შესაფერისი გულახდილობა, როგორც ამას ლ. შარაშენიძე აკეთებდა, როცა აცხადებდა: `გამსახურდია რუსების დახმარებით დავამხეთო.~25

1992 იანვარი
– ჩვენ, ყველა წინამორბედ ავტორს და შემფასებელს ვეთანხმებით, რომელნიც ამბობენ, რომ `თბილისის ომში, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისათვის~(25). აქ, დავა, მხოლოდ იმის შესახებ შეიძლება, თუ როდიდან, რა დროიდან გახდა ხელისუფლების მდგომარეობა უიმედო. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება 1991 წლის შემოდგომის დასაწყისში, უკვე საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. ამით მომზადდა გამსახურდიას ხელისუფლების კატასტროფის საერთაშორისო საფუძველი.
შემდეგ, უახლოეს ხანებში, ამას დაემატა ხელისუფლებისა და მისი მომხრე პოლიტიკური ელიტის, საბოლოოდ, გადასვლა ანტიდასავლურ პოზიციაზე და ე. წ. იდეოლოგიური იზოლაცია. რჩებოდა უკანასკნელი – სრულიად განმარტოებული, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ძალისმიერი გზით ლიკვიდაცია.
ის, რაც დარჩა, უკვე შეიარაღებული ძალების მოქმედებისა და საბრძოლო ოპერაციების სფეროს განეკუთვნებოდა.
– მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მხარდაჭერის წყალობით, უპირატესობას მიაღწიეს, ალყაშემორტყმული მთავრობის სასახლის დაცემა დროის საკითხს წარმოადგენდა: `გადამწყვეტი მომენტი გამოდგა ბესო ქუთათელაძის (იგი ტელეანძას იცავდა) გადასვლა ოპოზიციის მხარეს და სატელევიზიო ანძის ოპოზიციონერთა ხელში გადაცემა. მის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, გამსახურდიას რეჟიმი უკვე აგონიაში იმყოფებოდა.~26

1 იანვარი
მეტრო სადგურ `დელისთან~ მიმდინარე მიტინგი სასტიკად იქნა დარბეული ამბოხებულთა მიერ. ამ დროისათვის, ალყაშემორტყმული გამსახურდიას ხელისუფლება ვეღარ ეხმარებოდა დედაქალაქში მიმდინარე მის მომხრეთა მიტინგებს, აქციებს. ვერც ეს უკანასკნელები ეხმარებოდნენ იზოლირებულ ხელისუფლებას. მთელ ქალაქს, ფაქტიურად, უკვე ამბოხებულები აკონტროლებდნენ და ავტომატების ცეცხლით უსწორდებოდნენ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებს. ერთ-ერთი ამგვარი აქციათაგანი იყო, სწორედ, `დელისთან~.

2 იანვარი
_ გამოქვეყნდა `საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი~. იგი აუწყებდა ხალხს, რომ `დიქტატორული რეჟიმი დამხობილია~. 2 იანვრიდან ძალაუფლებას ხელში იღებს სამხედრო საბჭო, რომელმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე `დროებით შეაჩერა კონსტიტუციური მოქმედება და დაითხოვა პარლამენტი~.
აგრეთვე: ბესარიონ გუგუშვილი გადაყენებულია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, ხოლო ამ თანამდებობაზე მოვალეობის დროებითი შესრულება დაევალა თ. სიგუას. მიმართვას სამხედრო საბჭოს სახელით ხელს აწერდნენ თ. კიტოვანი და ჯ. იოსელიანი.
სამხედრო საბჭოს ბრძანებით, საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა პრეფექტურები. დროებით შეჩერდა ყველა დონის საკრებულოს საქმიანობა. ადგილებზე მთელი ძალაუფლება გადაეცა სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს. სხვათა შორის, `ბრძანება~ იუწყებოდა, რომ `მოქალაქენი, რომლებიც ჩაიდენენ ქმედებას, მიმართულს სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებათა საბოტაჟისაკენ, პასუხს აგებენ სამხედრო მდგომარეობის პირობებში მოქმედი კანონების მიხედვით~.
– ამავე დღეს, სამხედრო საბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება იუწყებოდა, რომ:
`ძალაუფლებას ხელში იღებს სამხედრო საბჭო! ყველა პარტია ლეგალური ხდება! ძალაში რჩება ფორმულა – `ყველა მინუს ერთი~! ტელევიზია თავისუფალია, ცენზურა გაუქმებულია! თბილისში ცხადდება კომენდანტის საათი, კომენდანტად ინიშნება გია ყარყარაშვილი, მოადგილედ – გიგა არველაძე! დროებით აკრძალულია მიტინგები! ბუნკერში მყოფთ, დაბრუნების შემთხვევაში, გარანტირებული აქვთ სიცოცხლე და სურვილისამებრ, ქვეყანაში დარჩენა ან უსაფრთხო გასვლა! რეპრესიები არ ჩატარდება!..~
– აკაკი ასათიანის წინადადებით, რომელიც მისი `მიმართვის~ სახით გავრცელდა, `კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით~, უნდა შექმნილიყო ეროვნული ხსნის კომიტეტი და დანიშნულიყო პარლამენტის ახალი არჩევნები.
ამასობაში, კი ქვეყანას, ფაქტიურად, მართავდა სამხედრო საბჭო.
– თბილისში, საზოგადოება `ცოდნის~ დარბაზში შეიკრიბა ქართული `პოლიტიკური ელიტა~, ყველა ის, ვინც გამსახურდიას ან მოწინააღმდეგედ მოიაზრებდა საკუთარ თავს, ან, ყოველ შემთხვევაში, მის მომხრედ არ მიაჩნდა თავი. მსჯელობის საგანი `გამსახურდიას შემდგომი~ პოლიტიკური მოწყობის საკითხი იყო. გ. წიქარიშვილს მოვუსმინოთ: `გარეთ კვლავ სისხლი იღვრებოდა, ქუჩებში გვამები ეყარა, საზარელი, ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებდა – ეს უზნეო პოლიტიკანები კი ისე მხიარულობდნენ, თითქოს თანაკლასელები შეკრებილიყვნენ კომკავშირის კრებაზე ან საახალწლო სუფრაზე ყოფილიყვნენ დროის სატარებლად. …ასეთი გახრწნილი, ასეთი უნამუსო, უსირცხვილო, შუბლძარღვგაწყვეტილი, დამპალი და გათახსირებული `პოლიტელიტა~ დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არ ჰყოლია, არ ჰყავს და არც ეყოლება.~27
`დეკემბრის ბოლოს,~ უფრო ზუსტად 27 დეკემბრიდან, ამბოხებაში ჩაერთო და მონაწილეობდა 120 პატიმარი, რომლებიც მეხუთე საგამომძიებლო იზოლატორიდან გაანთავისუფლეს. როგორც თ. კუბლაშვილი წერს, პროკურორ ვ. რაზმაძის ამ გადაწყვეტილებისა და ბრძანებულების წინააღმდეგი ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ რაფავა, მაგრამ იგი ვერ აღუდგა `სამხედრო საბჭოს~ ნებასაო, – წერს თ. კუბლაშვილი. აქ შეცდომაა. თუ ეს ყველაფერი `სამხედრო საბჭოს~ ნებით და ვ. რაზმაძის ბრძანებით მოხდა, იგი 1992 წლის 2 იანვარს, ან მის შემდეგ უნდა მომხდარიყო. `სასჯელაღსრულების სამმართველოს უფროსის მოადგილის შოთა ძნელაძის მონდომებით… მხედრიონელი პატიმრები გაათავისუფლეს, რომელთაც პირდაპირ ციხის კართან გადასცეს სამხედრო ფორმა, იარაღი და მთავრობის სახლის წინ მიიყვანეს… უფრო უარესი შემდეგ მოხდა, როცა იმავე სამხედრო საბჭოს `კეთილი ნებით~ 4 000 კაცი გაათავისუფლეს საკნებიდან…~28
_ დიდუბის მოედანზე შეიკრიბა დიდი რაოდენობის ხელისუფლების მომხრეთა მასა და ქალაქის ცენტრისაკენ დაიძრა. მას ჩაუსაფრდნენ რამდენიმე ადგილას და ესროლეს. დემონსტრანტების მიზანი იყო მისდგომოდნენ მთავრობის სასახლეზე მოიერიშე ამბოხებულ გვარდიელებს და გაეფანტათ, რაც ვერ შეძლეს და სროლის შედეგად დაიშალნენ. აქ, დაიღუპნენ პრეზიდენტის მომხრეები: კახა არსენიძე, ლევან თაქთაქიშვილი, გივი რეხვიაშვილი, გიზო ხატიაშვილი, დაიჭრნენ: ცარო ნოზაძე, ოთარ ჭრიკიშვილი.
შეკრებილი იყო, დაახლოებით 1000-მდე კაცი. ავტომატიანმა სახეშებურვილმა ახალგაზრდებმა, ჯერ ჰაერში გახსნეს ცეცხლი, შემდეგ, მომიტინგეებს ესროლეს, რასაც მომიტინგეთა შორის მსხვერპლი მოჰყვა. სხვა ცნობით, აქ იყო 4-5 ათასამდე კაცი შეკრებილი. მათ `წერეთლის~ მეტროს მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი ავტომატებიდან. ისროდნენ ტენტაწეული `უაზიდან~ და ქუჩის ორივე მხრიდან. მათი გაფანტვა მომიტინგეებმა შეძლეს და გზა განაგრძეს `დინამოს~ სტადიონისაკენ. დაახლოებით, ასი მეტრი იყო დარჩენილი `დინამომდე~, რომ მომიტინგეებს, ერთდროულად, სამი მიმართულებიდან გაუხსნეს ძლიერი ცეცხლი. აქ, რამდენიმე ათეული კაცი დაიჭრა და დაიღუპა, როგორც თვითმხილველი ნ. ჯავახაძე მოგვითხრობს ნ. ნათაძის მოგონებებში.29

3 იანვარი
-`სამხედრო საბჭოს~ განკარგულებით, თბილისში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კატეგორიულად აიკრძალა მიტინგები, დემონსტრაციები, მოქალაქეთა ქალაქში გამოსვლა 23 საათიდან 6 საათამდე. თბილისის კომენდანტად დაინიშნა გ. ყარყარაშვილი, მის მოადგილედ – გიორგი არველაძე.
– ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრის და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ზ. მაისურაძის ინფორმაციით, ტელეანძის ამბოხებულებისათვის ჩაბარების შემდეგ, ბესიკ ქუთათელაძე იმყოფებოდა აკაკი ასათიანთან. ამ ვიზიტის შედეგი გახლდათ ა. ასათიანის მოთხოვნა – მთავრობის სასახლე დაეტოვებინათ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრებს. ნაწილმა შეასრულა ა. ასათიანის მითითება, ნაწილი კი ბოლომდე დარჩა `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და კანონიერი ხელისუფლების მხარეზე.~30

4 იანვარი
_ საქართველოს პროკურატურაში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #7.492.801. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზ. გამსახურდიას ბრალეულობა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით, 187 მუხლის მესამე ნაწილით და 961 მუხლით განისაზღვრებოდა.
_ სომხეთის პრეზიდენტმა ტერ-პეტროსიანმა ზვიად გამსახურდიას თავშესაფარი სომხეთში შესთავაზა.

5 იანვარი
_ დილის ოთხის ნახევარზე ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეებს, რომლებიც მთავრობის სასახლეში იმყოფებოდნენ, განუცხადა, რომ სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით შეეძლოთ წასულიყვნენ დასავლეთ საქართველოში. გარეთ მათ ელოდებოდათ სამი `იკარუსი~. პრეზიდენტის განცხადებით, იქ მყოფ დეპუტატებს, გვარდიელებს და დანარჩენ მის მომხრეებს, შეეძლოთ სურვილის მიხედვით გაჰყოლოდნენ ან დარჩენილიყვნენ ქალაქში. ავტობუსებში ჩამსხდარ პრეზიდენტის მომხრეებს მეტეხის ხიდთან ამბოხებულებმა სროლა აუტეხეს.

6 იანვარი
ზვიად გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა მთავრობის სასახლე. თავდაპირველად, პრეზიდენტი და მისი მხლებელი გარემოცვა ფიქრობდა დასავლეთ საქართველოში გადასვლას, მაგრამ ამას არ დაუშვებდნენ მისი მოწინააღმდეგეები. დამხობილმა ხელისუფლებამ გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო. დევნილმა ხელისუფლებამ სომხეთს შეაფარა თავი.
ამბოხებულები ჯერ მეტეხის ხიდთან ჩაუსაფრდნენ პრეზიდენტის კორტეჟს, მანქანებს და ავტობუსებს, ხოლო შემდეგ, დასავლეთისაკენ წასულ პრეზიდენტის მომხრეებს აღაიანთან. მეტეხის ხიდთან ჩასაფრებულებმა გაანადგურეს გორის ბატალიონი, რომელიც მთავრობის სასახლეს იცავდა. მოკლულთა შორის იყო სამაჩაბლოში თავგამოჩენილი პატრიოტი-მებრძოლი გოგი გაბროშვილი. აღაიანთან ჩასაფრებულმა, ამბოხებულებმა დახოცეს და დაჭრეს ზუგდიდის ბატალიონის არაერთი წევრი.
ტელევიზიით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სამხედრო საბჭოს მიერ დანიშნული თ. სიგუა. მანვე გააცხადა მომხდარი მოვლენის თავისებური შეფასება და კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც – `6 იანვარს დაემხო კომუნისტური დიქტატურისაგან ნაშობი გამსახურდიას დიქტატურა… საქართველოში გაიმარჯვა საერთო-სახალხო აჯანყებამ, სწორედაც საერთომ და საყოველთაომ, რადგანაც მასში მონაწილეობდა და მას თანაუგრძნობდა საზოგადოების ყველა ფენა, ახალგაზრდობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს შეიარაღებული ძალები~. ამ ფორმულირებაში არც ერთი თეზისი არ შეესაბამებოდა რეალობას, წარმოადგენდა მომხდარის დამახინჯებულ და ყალბ ინტერპრეტაციას, რომელიც უზურპატორულმა ხელისუფლებამ თავს მოახვია საზოგადოებას.

7 იანვარი
ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვიდან `თანამემამულეებისადმი~ გამოგზავნილ მიმართვაში, თანადგომა გამოუცხადა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს: `მე პირადად მზად ვარ, – წერდა იგი, – წამოვიწყო საერთაშორისო მოძრაობა დემოკრატიული მშენებლობისათვის საქართველოს მხარდასაჭერად~. მისივე სიტყვებით, `დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალების ერთგულმა ძალებმა სძლიეს დიქტატურას, გაიმარჯვა საღმა აზრმა. მივესალმები ამ ისტორიულ მოვლენას~.

8 იანვრის საღამოს 5 საათის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ მიაღწია ას ცამეტ ადამიანს ორივე მხრიდან, დაჭრილებისამ – ოთხასს.

თ ა ვ ი  მ ე ა თ ე

როგორ შევაფასოთ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები

სახელმწიფო გადატრიალებათა მსოფლიო პრაქტიკიდან. 1639 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ფრანგმა სწავლულმა გაბრიელ ნოდემ პირველმა შემოიღო ტერმინი `სახელმწიფო გადატრიალება~. იგი გახლდათ კარდინალ არმან რიშელიეს პირადი ბიბლიოთეკარი და ალბათ, ბევრი რამ გაითვალისწინა სახელგანთქმული პატრონის მოღვაწეობიდან, როცა თავისი ეპოქის გადატრიალებების შესახებ წერდა.
მას შემდეგ ძველი და ახალი დროების არაერთმა მეცნიერმა შეისწავლა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო გადატრიალების სახეები, ტიპები, ფორმები, მიმდინარეობის სპეციფიკა, მიზეზები და შედეგები. 1931 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში – `სახელმწიფო გადატრიალებების ტექნიკა~, იტალიელმა კურციო მალაპარტემ გადატრიალებათა თეორიული სისტემაც კი შექმნა. უფრო შორს წავიდა ამერიკელი ჟურნალისტი ედვარდ ლიუტვაკი. მის კალამს ეკუთვნის გადატრიალებათა მომზადებისა და განხორციელების პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოქვეყნდა.
გადატრიალებათა თემატიკით რუსეთშიც დაინტერესდნენ. ბოლო წლებში გამოქვეყნდა ვ. ა. გუსეინოვის, ვ. მ. ზემლიანოვის, ს. გ. კარა-მურზას და სხვათა ნაშრომები, რომელთაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მ. ნ. პეტროვის `სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმები~ (მოსკოვი-მინსკი, 2005 წ.). ჩვენს მიზანს ამ ნაშრომების ან მათში შესწავლილი პროცესების გადმოცემა არ შეადგენს. ჩვენ, მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებათა ძირითად `კლასიკურ~ სახეებს და მიმდინარეობის საერთო ან სპეციფიკურ ნიშნებს შევეხებით. ჩვენი ამოცანაა, გადატრიალებათა მსოფლიო პრაქტიკის ზოგადი კანონზომიერებების გადმოცემით, რაც შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ 1991-1992 წლების შემოდგომა-ზამთარში მიმდინარე და მომხდარი თბილისური გადატრიალების ხასიათი და კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ მას სახელმწიფო გადატრიალებათა საერთო სისტემაში.
სხვათა შორის, სახელმწიფო გადატრიალებათა ტექნოლოგიების განხილვა, თავისთავად, გულისხმობს სახელმწიფოს დაცვის ხელოვნების გათვალისწინებასაც და ეს არანაკლებ საინტერესო პრობლემაა ჩვენთვის. სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება შესაძლებელია არსებული სახელმწიფოებრივი სისტემის თავდაცვის კარგი ორგანიზაციით.. სახელმწიფოს დაცვა, იმავე ტექნოლოგიების გათვალისწინებას ეყრდობა, რასაც გადატრიალების მექანიზმები. მარტივად რომ ვთქვათ, 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების წარმატება განაპირობა სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის ტექნოლოგიების გაუთვალისწინებლობამ ან მისმა შეუძლებლობამ.
სახელმწიფო გადატრიალება ფართო მნიშნელობით მოიცავს გადატრიალებათა ყველა სახეს, როგორებიცაა – პუტჩი, აჯანყება, პოლიტიკური და სასახლის გადატრიალებები, რევოლუციები, ხელისუფლებათა ძალადობრივი დამხობის სხვა ფორმები. ამ საერთო აზრით, სახელმწიფო გადატრიალება არის ძალადობრივი, კონსტიტუციური დარღვევის გზით არსებული სახელმწიფოებრივი წყობის დამხობა, შეცვლა ან სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდება. საერთო მიდგომით ყველა გადატრიალებას აქვს ზოგადი მსგავსებანი, საერთო ნიშნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იდენტური და ერთი ტიპის მოვლენებია.
ავიღოთ, მაგალითად, 1953 წლის ირანში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების ეპიზოდი. 40-იანი წლების ბოლოს, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დაიწყო ეროვნული მიმართულების მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო ინგლისურ-ირანული ნავთობის კომპანიის – აინკის წინააღმდეგ. ეს კომპანია, პირდაპირ, ძარცვავდა ირანს ნავთობისაგან. 1933 წელს მან კაბალური ხელშეკრულება მოახვია თავს ირანს და 60 წლით გაიგრძელა კონცესია ამ ქვეყანაში. აინკის ნაციონალიზაციისათვის მოძრაობას სათავეში ჩაუდგა პოპულარული პატრიოტი მოჰამედ მოსადიკი, რომელიც სახალხო ფრონტს ხელმძღვანელობდა.
1951 წლის მარტში ირანის მეჯლისმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – მოახდინა აინკის ნაციონალიზაცია, ხოლო აპრილში ქვეყნის მთავრობას მოსადიკი ჩაუდგა სათავეში. ახალი პრემიერ-მინისტრი ირანის დამოუკიდებელი და ეროვნული ინტერესების გამომხატველი პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა. პირველ რიგში, ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა დიდ ბრიტანეთთან. ინგლისელები გაძევებული აღმოჩნდნენ ირანიდან. ასეთ ვითარებაში ინგლისური დაზვერვის შეფი სინკლერი დახმარებისათვის მიმართავს აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერო სამმართველოს.
ირანში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზაციას სათავეში ჩაუყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილი კერნეტ რუზველტი, რომელიც ცსს-ს შუა აღმოსავლეთის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. კერნეტ რუზველტი ირანში არალეგალურად ჩავიდა და მოსადიკის მოწინააღმდეგეებს დაუკავშირდა. პრემიერ-მინისტრის ალტერნატივად მიჩნეულ იქნა, გენერალი ფოზალახ ზახედი. გადატრიალების ოპერაცია – `აიაქსის~ დაწყების წინ, კერნეტ რუზველტმა ფარულად ინახულა ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი და დააწყნარა, რომ მის ტახტს საფრთხე არანაირად არ ემუქრებოდა. გენერალ ზახედის გარშემო, გაერთიანდა ირანის უმაღლესი ოფიცრობა, რომელმაც ჩამოაყალიბა ე. წ. `სამშობლოს ხსნის კომიტეტი~. შეთქმულებთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა გენერალ ზახედის ამერიკელი მეგობარი გენერალიNორმან შვარცკოფი, შემდგომში 1991 წელს ერაყში მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდლის შვარცკოფის მამა.
ოპერაცია `აიაქსი~ 1953 წლის 19 აგვისტოს დაიწყო. თეირანის ცენტრში, რუზველტის მიერ მოსყიდულმა აგენტების ჯგუფმა მოაწყო მოხეტიალე არტისტების სპექტაკლი, რომელიც მიტინგში გადაიზარდა. მიტინგზე ადამიანთა უზარმაზარმა ბრბომ მოიყარა თავი. იგი შეგზავნილ-მოსყიდული მომხრეების მიერ იქნა პროვოცირებული და ყვირილით მოითხოვდა პრემიერ-მინისტრისMმოჰამედ მოსადიკის სიკვდილს. სწორედ ამ დროს, დედაქალაქში შევიდნენ გენერალ ფოზალაჰ ზახედის მომხრე არმიის ნაწილები. გააფთრებული შეტაკებები სამთავრობო ჯარებსა და ზახედის მომხრე ნაწილებს შორის ცხრა საათს მიმდინარეობდა და უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. მოსადიკი დააპატიმრეს, გაასამართლეს და სამწლიანი ციხე მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენი სიცოცხლე მან თავის პროვინციულ მამულში გაატარა.
ირანის ახალმა მთავრობამ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა ბრიტანეთთან, განაახლა სანავთობო საერთაშორისო კომპანიებთან კონცესია და შევიდა პროდასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ბაღდადის პაქტში. `აიაქსი~ 19 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. შემდგომში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სახელგანთქმული შეფი ალენ დალესი თავის გახმაურებულ წიგნში `დაზვერვის ხელოვნება~ თავმდაბლად შენიშნავდა: `მოსადიკის მოწინააღმდეგე ძალებს გარედან გაეწიათ დახმარებაო~1
საქართველოსა და ირანში მომხდარი 1991-1992 და 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალებებს, როგორც ზოგად მოვლენებს, ბუნებრივია, ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე ქვეყანაში მოვიდა ეროვნული მიმართულების ხელისუფლებები, ორივე შემთხვევაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები დაუპირისპირდა ყოფილი მეტროპოლიის ან კოლონიურ-ეკონომიკური სტრუქტურების ინტერესებს: ორივე შემთხვევაში, შეიქმნა და არსებობდა ოპოზიციური და ალტერნატიული მოძრაობები, რომელნიც ყველანაირ, მათ შორის, ანტიკონსტიტუციურ საშუალებებს მიმართავდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად; ორივე შემთხვევაში, არსებობდა დაინტერესებული საგარეო ძალები, რომელნიც გაიღებდნენ შესაბამის სამხედრო-პოლიტიკურ თუ მატერიალურ ძალისხმევას ქვეყნის ხელისუფლების შესაცვლელად და ა. შ.
მაგრამ არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც, რომელნიც გამსახურდიას და მოსადიკის მთავრობების დამხობას სახელმწიფო გადატრიალებათა სხვადასხვა ჯგუფში აქცევენ. ასეთი ორი ძირითადი განსხვავება არსებობს. ირანის შემთხვევაში, გადატრიალებას უფრო შეთქმულებრივი ხასიათი ჰქონდა, რომელიც ქვეყნის უმაღლესი გენერალიტეტის წრეებში მომზადდა, გადატრიალებასაც ერთჯერადი, ერთდღიანი ხანგრძლივობის ხასიათი ჰქონდა. და მეორე: ოპერაცია `აიაქსი~ ქვეყნის გარეთ დაიგეგმა, სხვა ქვეყნების ფინანსურ-პოლიტიკური რესურსებით და ინიციატივით მომზადდა და ძირითადად, გარედან ჩარევის გზით განხორციელდა. ჩვენს შემთხვევაშიც სჯობდა ანალოგიურად მომხდარიყო, ყველაფერი მეტროპოლიის ფულით და სამხედრო ძალებით განხორციელებულიყო და ქართველი კაცი ყველაფერს გარე ძალას დააბრალებდა, მერე ხელებს გაასავსავებდა და იტყოდა – აბა რა ვქნა, ჩემი ბრალი რა არის, ძალა აღმართს ხნავსო. ასე მოხდა, სწორედ, 1921 წელს.
მაგრამ, ასე, ადვილად ვერ დავიძვრენთ თავს ისტორიული რეალობისა და სამართლიანობის ულმობელი ლოგიკისაგან. კი, აქაც ჰქონდა ადგილი გარედან დახმარებას, ჩარევას, შეურიგებელი ოპოზიციისადმი გარედან დაუფარავ მორალურ, პროპაგანდისტულ, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. მაგრამ ამ ყველაფერს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა და როლი ენიჭებოდა. მთავარი ის იყო, რომ არსებობდა ორად გაყოფილი და ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა. 1990 წლიდან მწვავე კონფრონტაცია არც ერთი კვირით და დღით არ შენელებულა და მიმდინარეობდა ხელისუფლებისათვის, შიშველი, ინფანტილური ამბიციურობით, დაკარგული პრიორიტეტების დაბრუნებისათვის. ყველაფერი განაპირობა ქვეყნის შიგნით არსებულმა კონფრონტაციამ და მეტროპოლიას დიდი ენერგიის დახარჯვა აღარ დასჭირებია, რათა საქართველოში ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. კიდევ ერთი: საქართველოში არავითარ შეთქმულებას, კონსპირაციას, საიდუმლოებრივ გეგმებს, ჩანაფიქრებს და განზრახვებს ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი სააშკარაოზე იყო გამოტანილი და ღიად მიმდინარეობდა. 1991 წლის აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყო ეროვნული გვარდიის ნაწილებისა და მასთან მოთანამშრომლე შეიარაღებული ფორმირებების ამბოხება, რომელიც 3-4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ასე, რომ მოსადიკის ირანული მაგალითი საქართველოს 1991-92 წლების გადატრიალების ასახსნელად არ გამოგვადგება და ვერც ჩვენი მანკიერი ზნეობრივი სახის მხსნელის როლს ითამაშებს. სხვა, უარესი ანალოგი უნდა ვიპოვოთ, ან შეიძლება ვერც ვიპოვოთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კვლევას, მკითხველთან ერთად შევეცდებით, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ჯერ თბილისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების ისეთ მახასიათებლებს შევეხოთ, რომელნიც ზოგადადაა ამგვარი მოვლენისათვის თანამდევი, ხოლო შემდეგ, მისი კონკრეტული სახე განვსაზღვროთ.
სახელმწიფო გადატრიალება წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით განხორციელებული პროცესია. იგი რამდენიმე დონის, ფაზის, მიზნებისა თუ ამოცანების შესრულება-გათვალისწინებას მოითხოვს. ყველაზე ზუსტად შედგენილი სცენარების სკრუპულოზური შესრულების გზით მიმდინარეობს სამხედრო გადატრიალებები. ამგვარ შემთხვევაში, თითოეულ მცირე დეტალსაც კი შეუძლია საბედისწერო როლი შეასრულოს. საქართველოს შემთხვევაში, პოლიტიკური კულტურის ასეთი მაღალი დონის მატარებელი გადატრიალება არც გათვალისწინებულა, არც მომხდარა. პროცესები უფრო სტიქიურად და ქაოტურად წარიმართა. მაინც, ქართული გადატრიალებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ზოგადი კანონზომიერება ჩამოვთვალოთ.
სახელმწიფო გადატრიალება რომ განხორციელებულიყო, უნდა დაკმაყოფილებულიყო და გათვალისწინებულიყო რამდენიმე დონის მოთხოვნები. ზედა დონე გულისხმობს გადატრიალების დამკვეთების და დამფინანსებლების არსებობას. ამ დონის მოთხოვნა, ანუ დამფინანსებლებიც და დამკვეთებიც, როგორც საქართველოში, ისე მის ყოფილ მეტროპოლიაში საკმაოზე ბევრნი მოიპოვებოდნენ. საქართველოში, ესენი უპირველეს ყოვლისა, იყვნენ ყოფილი პარტიული და ბიუროკრატიული ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები, რომლებთანაც დაუფარავი ენთუზიაზმით და აქტიურობით თანამშრომლობდა ელიტარულ-ბიუროკრატიული ინტელიგენცია. საქართველოს გარეთ, გადატრიალების ზედა ფუნქციონალურ დონეს შეადგენდა, საბჭოთა იმპერიის ცენტრალური ხელისუფლება და მისი შესაბამისი სტრუქტურები, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა, თავდაცვის, უშიშროების სამინისტროები, სპეცსამსახურები, მათი ადგილობრივი სტრუქტურები ამიერკავკასიასა და საქართველოში. ეს უზარმაზარი და უძლეველი ქსელი იყო, რომელსაც ვერც ერთი დამოუკიდებელი ახალგაზრდა სახელმწიფო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ძლიერი საგარეო მოკავშირე-სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ, გამსახურდიას ხელისუფლებას დიდ სახელმწიფოთა კოჰორტაში მორალური მხარდამჭერიც კი არავინ ჰყავდა. პირიქით უფრო იყო.
რაც შეეხება საბჭოთა იმპერიის ხელისუფლების მიერ 1991-1992 წლების გადატრიალების დაფინანსებას, თვით რუსი პოლიტიკოსების გვიანდელი განცხადებებით, მაგ. მოსკოვის ყოფილი მერის გ. პოპოვის ინფორმაციით, მოსკოვს იგი 65 მილიონი მანეთი დაუჯდა.2 მეორე რუსი პოლიტიკოსის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის გენადი ბურბულისის ინფორმაციის მიხედვით, 1991-92 წლების თბილისის გადატრიალება მოსკოვში დაიგეგმა, სადაც ხშირად ჩამოდიოდნენ ქართველი ოპოზიციონერები. იგი არ უარყოფდა, რომ გადატრიალების განხორციელების ერთ-ერთი ცენტრალური პასუხისმგებელი პიროვნება თავად გახლდათ.3
გადატრიალების პროცესის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ – ფუნქციონირების მეორე დონე არის მართვის ცენტრის, შტაბის, შეთქმულების, გადატრიალების მთავარი ხელმძღვანელობის არსებობა. ასეთი მართვის ცენტრი შეურიგებელ ოპოზიციას ორი გააჩნდა. ერთი გახლდათ მოსკოვში. ცენტრალური ხელისუფლება, ნაწილობრივ, დამოუკიდებლად და ნაწილობრივ, ედუარდ შევარდნაძის შუამავლობით ამყარებდა კავშირს საქართველოს სხვადასხვა ჯურის, ყაიდის, ხარისხის ოპოზიციასთან. ჯერ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან და შემდეგ, პენსიონერ ექსმინისტრთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ ქართული ოპოზიციის თავკაცებს.
სრულიად დასაჯერებელი და სარწმუნოა თ. სიგუას მტკიცება, რომ `მორალური და ფინანსური დახმარება შევარდნაძისაგან კიტოვანს არასოდეს მიუღია~. დიახ, შევარდნაძე სხვა რანგის, მასშტაბის პოლიტიკოსად მიიჩნევდა საკუთარ პერსონას. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა და გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლა დღის წესრიგში დადგა, ბუნებრივია, შევარდნაძეც ემზადებოდა და შევარდნაძესაც ამზადებდნენ საქართველოში დასაბრუნებლად. მაგრამ მისი ჩამოსვლა უნდა მომხდარიყო მეტნაკლებად ლეგიტიმური შეფერილობით და მისი სახელი არ უნდა დაკავშირებოდა შავ საქმეს, გადატრიალებას, სისხლისღვრას. შავი საქმე სხვებს უნდა გაეკეთებინათ და შევარდნაძის სახელი მათთან ნაკლებად უნდა ყოფილიყო ასოცირებული. შეიარაღებული ამბოხების თავკაცებს შევარდნაძის რეკომენდაციები უფრო ელიტარული ოპოზიციური ინტელიგენციის წარმომადგენლების შუამავლობის მეშვეობით მოსდიოდათ.
როგორც შეიარაღებული, ისე შეუიარაღებელი ოპოზიციის მართვის ცენტრს საქართველოში, რა თქმა უნდა, ღიად, ყველას დასანახად და ყოველგვარი კონსპირაციის საჭიროების გარეშე – ამბოხებული გვარდიის ადგილსამყოფელი წარმოადგენდა. ეს იყო ჯერ შავნაბადა, შემდეგ ტელერადიოდეპარტამენტის შენობა, ოქტომბერ-დეკემბერში – თბილისის ზღვა და ბოლოს, გადატრიალების დღეებში კი სასტუმრო `თბილისი~. ყველაზე დიდხანს, ამბოხებისა და ოპოზიციური მოძრაობის მთავარი შტაბი – თბილისის ზღვის რაიონში იმყოფებოდა – ორთვე ნახევრის მანძილზე. სახალხო ფრონტის თავმჯდომარის ნ. ნათაძის მრავლისმნახველი თვალით წარმოვიდგინოთ 1991 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თბილისის ამბოხების მთავარი შტაბ-ბანაკი:
`თბილისის ზღვაზე რომ ავდიოდით, იქ მხოლოდ კიტოვანი და სიგუა კი არ გვხვდებოდნენ ოფიცრებითა და გვარდიელებითურთ, არამედ ლამის თბილისის მთელი საზოგადოება. სხვადასხვაგვარ მაქნის და უმაქნის ფიგურათა ფართო სპექტრი იქ ისე ირეოდა ხოლმე, თითქოს საქმე თვალსაჩინო პანაშვიდს, გახმაურებულ უბედურებას, აღიარებული კაცის მილოცვას, დღეს დაჩაგრული, მაგრამ სახვალიოდ პერსპექტიულ კაცთან გასამხნევებლად მისვლას, ან მედლებმოპოვებული სპორტული გუნდის ჩამოფრენას ეხებოდეს. იყვნენ ნათელიYთუ ბნელი პოლიტიკური პერსონაჟებიც. უბრალოდ – `ვიღაცეებიც~ და ერთხელ, ასტროლოგიც კი, რომელიც სუკის ან გრუს აშკარა დავალებით თავის გონებაზანტ მოსაუბრეს სამოქმედოდ ვარგისი და უვარგისი დღეების კალენდარს უხსნიდა. ესენი შემოდიოდნენ, გადიოდნენ, სუფრასთან სხდებოდნენ, დგებოდნენ, საჩურჩულოდ გარეთ გადიოდნენ, შემოდიოდნენ და ისეთ ვრცელ სურათს ქმნიდნენ ჯამში, რომ ძნელი გასარჩევი ხდებოდა, ვინ მართლა `მუშაობდა~ მავანი და მავანი საქმისთვის ან დავალებისათვის და ვინ, უბრალოდ, მარაქაში ერეოდა, რათა აშკარად ცენტრალურ საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობდა – ხელისუფლების შეცვლა-არშეცვლას, სამოქალაქო ომის დაწყება-არდაწყებას თუ სხვა რასმე – `თამაშგარე მდგომარეობაში~ არ დარჩენოდა.~4
ესეც იშვიათი შემთხვევითობათაგანი გახლდათ მსოფლიო სახელმწიფო გადატრიალებათა ისტორიაში, რომ ამბოხებისა და შეურიგებელი ოპოზიციის ხელმძღვანელობა, ქვეყნის დედაქალაქში გახლდათ დისლოცირებული, მთელ რევანშისტულ ბომონდთან ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა, იღებდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჟურნალისტებს, ურთიერთობა ჰქონდა მეტროპოლიის სტრუქტურებთან და ა. შ. და არავითარ დისკომფორტს არ განიცდიდა ე. წ. დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისაგან. ეროვნული ხელისუფლება ისე დაემხო, რომ მისგან თავის გადარჩენისათვის, თავდაცვისათვის, მეტნაკლებად სერიოზულ ცდას ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო გადატრიალების მესამე ფუნქციონალურ-სტრუქტურულ დონეს, ჩვეულებრივ კლასიკურ შემთხვევაში წარმოადგენდა მებრძოლთა ჯგუფების მომზადება, სატრანსპორტო უზრუნველყოფა, წინასწარ მოფიქრებულ ადგილებზე მათი განლაგება და ა. შ. ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური ნიმუში არ განხორციელებულა. იგი არ მოითხოვდა არც ე. წ. `ბოევიკების~ ჯგუფების სპეციალურ მომზადებას, არც კონსპირაციას და ოპერაციის საიდუმლოდ შენახვა-განხორციელებას. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ და დავრწმუნდით კიდეც, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეროვნული გვარდიის ნაწილების ამბოხებასთან. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნისა და ქვეყნიერების წინაშე ღიად და დაუფარავად მიმდინარეობდა. თავდაპირველად, ეს იყო მხოლოდ ეროვნული გვარდიის ნაწილების აჯანყება. შემდგომში განდგომილი გვარდიის ნაწილების რიგები ბევრმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა დატოვა. სამაგიეროდ, აჯანყებულებს შეემატნენ უმეთაუროდ დარჩენილი `მხედრიონელები~, ზოგიერთი სხვა შეიარაღებული ფორმირებები, სხვადასხვა წარმომავლობის მოხალისეები. ამბოხებულები არავითარ პოლიტიკურ ოპოზიციას არ წარმოადგენდნენ და მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებას, თუ ძალა შესწევდა, კანონიერი ზომები უნდა მიეღო. ხელისუფლებამ ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, რითაც საკუთარი სახელმწიფოს წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა ან უძლურება გამოამჟღავნა.
არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნული ხელისუფლების მეთაური მოერიდა სისხლისღვრას, დაპირისპირების მასშტაბების გაზრდას, ზნეობრივ-მორალისტური მაღალი ღირებულებებიდან გამომდინარე, არ უნდოდა დაეშვა ერის შიგნით სამხედრო დაპირისპირების პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში, როგორც ხელისუფალმა – თვითონ არ დაუშვა ამისი ინიციატივა. ეს სავსებით შესაძლებელია და ზვიად გამსახურდიას დიდ ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, რაც მას გააჩნდა საკუთარი ხალხის წინაშე. მაგრამ, სამწუხაროდ, განსასჯელი საკითხი, მხოლოდ ამ გარემოებით არ ამოიწურება.
სისხლი მაინც დაიღვარა, ერთი ერის შვილები მაინც ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ, ძმათა კონფლიქტი თავიდან ვერ იქნა აცილებული და მართალია მისი ინიციატორი სხვა მხარე აღმოჩნდა, მაგრამ ტრაგედია მაინც მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ამბოხებულთა მიმართ ზომების დროულად მიუღებლობა, მიუხედავად მისი ზნეობრივი ღირებულებებით გამართლებისა – საბედისწერო შეცდომა, პოლიტიკურად უფრო დიდი საფრთხის შემცველი ნაბიჯი იყო. ზვიად გამსახურდია, რომ ჩვეულებრივი მინისტრი, გენერალი, ან რიგითი მოღვაწე ყოფილიყო, მისი საქციელი, მხოლოდ ზნეობრივი კატეგორიებით შეფასდებოდა, მაგრამ იგი სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი გახლდათ და მისი მაღალი თანამდებობრივი მოვალეობა უკრძალავდა, მხოლოდ ზნეობრივი ღირებულებების მიხედვით ქმედებას. მისი უპირველესი მოვალეობა – სახელმწიფოს დაცვა გახლდათ და მას უნდა აუცილებლად, დროულად მიეღო კანონიერი ზომები – ამბოხებული გვარდიის გასანეიტრალებლად.
ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა დაუმორჩილებელი შეიარაღებული ფორმირების `მხედრიონის~ გასანეიტრალებლად მიიღო ზომები. ანალოგიურად უნდა მოქცეულიყო იგი 1991 წლის შემოდგომაზე – ეროვნული გვარდიის ამბოხებული ნაწილების გასანეიტრალებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი თბილისის ზღვის რაიონში ორ თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. მაშინდელი თვითმხილველების აღიარებით, თბილისის ზღვიდან უკვე რუსთაველზე ჩამოსულ-თავდამსხმელი ამბოხებულების რაოდენობა 135-160 კაცს არ აღემატებოდა, მაშინ როცა მთავრობის სასახლეში შეხიზნულ ხელისუფლებას 2500-მდე შეიარაღებული კაცი ჰყავდა. ეს ციფრები მხარეების მიერ ხელოვნურადაა შემცირებულ-გაზრდილი, მაგრამ ამბოხებული გვარდიის თბილისის ზღვაზე დისლოკაციის პერიოდში, ხელისუფლებას რომ მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, აშკარაა. შემდგომში, ეს შეფარდება სულ უფრო იცვლებოდა ამბოხებულთა სასარგებლოდ.
მოგვიანებით, თ. კიტოვანი `სიამაყით ჩამოთვლიდა ხელისუფლების წინააღმდეგ ჩატარებულ ქმედებებს~: ხელისუფლების 10 ტანკის აფეთქება ლილოში; მთელი ბატალიონის განადგურება მარნეულში; მინისტრთა საბჭოს დაცვის განიარაღება და ტყვია-წამლის დატაცება; ბიზნესმენებისა და ოლიგარქების მიერ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ თანხების შეგროვება; ხელისუფლების წინააღმდეგ კასპის, ტყიბულის, ქარელის, თიანეთის, ოზურგეთის, ქუთაისის ბატალიონების შექმნა; სამხედრო ფორმირების `იმედის~ მომზადება, რასაც ნ. ნათაძე დიდი მონდომებით უარყოფს თავის მოგონებებში და ა. შ. ახლა რაც შეეხება, სახელმწიფო გადატრიალების დროს ასაღები და დასაკავებელი ობიექტების და სუბიექტების თანმიმდევრობას. ისინი სამ ძირითად მიზანში ნაწილდება. ა – მიზანში შედის: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები – ტელევიზია, რადიო, ტელეგრაფი, ელექტროსადგურები, ვაგზალი, აეროპორტი… ბ – მიზანი მოიცავს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს, მათი სამუშაო ადგილების, საცხოვრებლების ჩათვლით და ა. შ. გ – მიზანი ითვალისწინებს, სამთავრობო დაწესებულებების დაკავებას, შეიარაღებული ძალების, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას და ა. შ. 1991-1992 წლების თბილისის ამბოხებისა და გადატრიალების მიმდინარეობის მთელ მანძილზე ყველა ამგვარი დეტალი გათვალისწინებული იყო.
ამბოხებულებმა დაიკავეს ტელერადიოდეპარტამენტის შენობა; ამბოხებულთა წინააღმდეგ, ძმათა სისხლისღვრაში მონაწილეობის არმიღების საბაბით – ბრძოლაზე და მათ განეიტრალებაზე, ფაქტიურად უარი თქვეს ხელისუფლების ძალოვანმა სტრუქტურებმა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა მილიციამ თუ სხვა სტრუქტურებმა, ფაქტიურად, ლოიალობა გამოუცხადეს ამბოხებულებს, ამის შემდეგ ამბოხებულებს რჩებოდათ – მთავრობის სასახლეში საკუთარი ნებით შეკეტილ-შეხიზნული მთავრობის შემადგენლობისა და მათი მომხრეების გარემოცვა, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც.
ახლა, რაც შეეხება და კიდევ ერთხელ – რა სახის, ტიპის, ხასიათის სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი 1991-1992 წლების თბილისში. 1992 წელს მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მომხდარ მოვლენას სახალხო-დემოკრატიული რევოლუციის მაღალი სტატუსი მიანიჭა, რომელმაც თითქოს დაამხო გამსახურდიას დიქტატორული რეჟიმი და გზა გაუხსნა ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესს. ამ თვალსაზრისს ახლა შედარებით ნაკლები, მაგრამ, მაინც საკმაოდ მომხრეები ჰყავს, ამიტომ გადავამოწმოთ, რატომ არ იყო იგი სახალხო-დემოკრატიული რევოლუცია. პირველ რიგში, თბილისის ომში, რომელსაც არსებული ხელისუფლების დამხობის მიზანი ჰქონდა, მონაწილეობა არ მიუღია მოსახლეობის მრავალრიცხოვან ფენებს.
მაგრამ შემოგვეკამათებიან და მართალნიც იქნებიან, რომ 1990-1991 წლების საპროტესტო მოძრაობაში ათი-ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. შეიძლება გავიხსენოთ, თბილისში შემდგარი რამდენიმე მიტინგი, რომლებშიც დაახლოებით 40-60 ათასამდე პროტესტანტი იყო შეკრებილი. დიახ, ასეთი ეპიზოდებიც იყო და ამ მიტინგებზე ბევრი სამართლიანი დემოკრატიული მოთხოვნა და კრიტიკული შენიშვნაც გამოითქმოდა ეროვნული ხელისუფლებისა და მისი შეურიგებელი ხელმძღვანელის მიმართ. მაგრამ, ჯერ ერთი, თუ მხარდაჭერაზე ვისაუბრებთ, ეროვნულ ხელისუფლებას ბევრად მრავალრიცხოვანი მომხრე ჰყავდა ქვეყანაში, და რაც მთავარია მეორე, – მოსახლეობის გარკვეული სოციალურ-საზოგადოებრივი ჯგუფები, განსაკუთრებით დედაქალაქში, კრიტიკულად კი აფასებდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ – მიუხედავად ამისა, პროტესტანტული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წინააღმდეგი იყო.
1990-1991 წლების, თითქმის წელიწადნახევრიანი, პერმანენტული მანიფესტაციების, მიტინგების, მსვლელობების, პროტესტების, დემონსტრაციების, მიტინგებისა თუ სხვა აქციების დროს, თითქმის არ ყოფილა არსებული ხელისუფლების ძალადობრივი, რევოლუციის ან შეიარაღებული ბრძოლის გზით დამხობის მოთხოვნები, თუ არ ჩავთვლით ცალკეული ლიდერებისა და ეგზალტირებული აქტივისტების ცალკეულ წამოსროლილ ლოზუნგებს, გამსახურდიას შემკობას ჩაუშესკუსა და პინოჩეტის სახელებით. 1991 წლის სექტემბერ-დეკემბერშიც ხშირი იყო საპროტესტო მოთხოვნები გამსახურდიას პრეზიდენტობიდან გადადგომის, მაგრამ არა მისი დამხობის შესახებ.
ყოველგვარი დემოკრატიული რევოლუციის შესაძლებლობას გამორიცხავდა მესამე გარემოება – ის, რომ არ არსებობდა დემოკრატიული რევოლუციის განხორციელების რეალური საფუძველი, მისი გამომწვევი მიზეზი – დიქტატურა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, გამსახურდიას მმართველობა რომ დიქტატორული ყოფილიყო მას არ ეყოლებოდა მრავალპარტიული ოპოზიცია, მის დროს არ იარსებებდა თავისუფალი დემოკრატიული პრესა, რამდენიმე ისეთი გაზეთი, რომელიც კრიჭაში ედგა ხელისუფლებას; ეს უკანასკნელი დაეყრდნობოდა სამხედრო ძალას ან პოლიციას, მიმართავდა სასტიკ რეპრესიებს და ა. შ. გამსახურდიას უფრო გაწონასწორებული კრიტიკოსები, რომლებსაც მეტი პრეტენზია ჰქონდათ ინტელექტუალურობაზე, გამსახურდიას ბრალს სდებდნენ ავტორიტარიზმში. მმართველობის ეს ფორმა კი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დიქტატურისაგან, ტოტალიტარიზმისაგან. აქ ცოტა ხანს შევჩერდეთ.
შესაძლოა, ჩვეულებრივი ლექსიკონური განმარტებით, მკითხველმა დიქტატურა ავტორიტარიზმისაგან ვერც კი გაარჩიოს, მაგრამ მმართველობის ამ ორ ფორმას შორის, სერიოზული განსხვავებაა. ჯერ ერთი, ავტორიტარიზმი მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელიც შეიძლება ხალხის ნების წინააღმდეგ არსებობდეს, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ის მოსახლეობის თანხმობასაც გულისხმობდეს. ასეთ შემთხვევაში, ავტორიტარული მმართველობა ლეგიტიმურობას შეიცავს. ამგვარი ე. წ. ლეგიტიმური ავტორიტარიზმი კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქვეყნებისა და საზოგადოებებისათვისაა დამახასიათებელი, სადაც იგრძნობა ძლიერი, ცენტალიზებული ხელისუფლების მოთხოვნილება. ზვიად გამსახურდიასათვის ოპონენტებს შეეძლოთ ბრალი დაედოთ მართვის, ხელმძღვანელობის ავტორიტარული სტილისათვის, მაგრამ ის უფრო სუბიექტურ მიდრეკილებებთან ერთად, ობიექტურ ხასიათს ატარებდა. მისი, როგორც ეროვნული ლიდერის ქარიზმა ძლიერი იყო მმართველ გუნდშიც, მოსახლეობის ფართო ფენებშიც და თავისთავად განაპირობებდა პრეზიდენტის ერთპიროვნული ნებისადმი ნებაყოფლობით ლოიალობას.
გარდა ამისა, გამსახურდიას ავტორიტარიზმი არ ეყრდნობოდა სამხედრო ძალას, რეპრესიებს, მოწინააღმდეგეთა დათრგუნვა-მორჩილებას. პირიქით, პრეზიდენტი ერთგვარი იდეალისტურობით ცდილობდა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას დაყრდნობოდა, ანუ მისი ავტორიტარიზმი `ქვემოდან~ ყოფილიყო ლეგიტიმირებული.5 ასეა თუ ისე, ზ. გამსახურდიას ავტორიტარული მმართველობა, ფაქტიურად, კანონზომიერ ელემენტებს შეიცავდა, თანაც გარკვეუწილად პოლიტიკური რეალობით განპირობებულ და რბილ ავტორიტარიზმს წარმოადგენდა და ქვეყანაში არ ქმნიდა რაიმე რევოლუციური კატაკლიზმის საფუძველს.
1991-1992 წლების თბილისის სახელმწიფო გადატრიალება ყველაზე მეტად უახლოვდება თავისი ხასიათით სამხედრო გადატრიალებათა ტიპს, მაგრამ ის არ იყო, მაინც წმინდა სამხედრო გადატრიალება. რამდენიმე მაგალითი.
1979 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთის პრეზიდენტის ხაფიზულა ამინის ხელისუფლების შეცვლის შესახებ. თავდაპირველად, ამინი და მისი რამდენიმე სტუმარი მოწამლეს, მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტი გადარჩა. სხვათა შორის, იგი გადაარჩინეს საბჭოთა კავშირის საელჩოს ექიმებმა, რომლებმაც არ იცოდნენ გადატრიალების ოპერაციის შესახებ. 27 დეკემბერს, საბჭოთა სპეცრაზმებმა, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე შეაღწიეს ქაბულში, იერიში მიიტანეს ხაფიზულა ამინის ქალაქგარეთა საზაფხულო რეზიდენციაზე – ტაჯ-ბეკის სასახლეზე. ამ დროისათვის პრეზიდენტის რეზიდენცია სრულიად იყო იზოლირებული დანარჩენი სამყაროსაგან – გზები გადაკეტილი იყო, კავშირგაბმულობა და ელექტროენერგია გამორთული. შეტევაში მონაწილეობას იღებდნენ საბჭოთა კავშირის ერთი ბატალიონი, კგბ-ს სპეცრაზმები. სასახლეს იცავდა პრეზიდენტის 150-კაციანი დაცვა, რომლის მებრძოლებმა თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს, უკვე სასახლის შიგნით გამართულ ხელჩართულ ბრძოლაში. თვით, ავღანეთის პრეზიდენტი მოკლული იქნა სპეცრაზმ `ზენიტის~ მებრძოლის მიერ. სხვა სპეცრაზმებისა და მედესანტეების მიერ აღებულ იქნა სამინისტრო, გენერალური შტაბი, ტელე-რადიო ცენტრი… 27 დეკემბრის ბოლოს, ავღანეთში ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის მარიონეტი ბაბრაქ კარმალი.6
კოტ დ’ ივუარის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა გენერალმა რობერ გეიმ პირველ რიგში, თავის შეთქმულ არმიის ნაწილებთან ერთად, აბიჯანის საერთაშორისო აეროპორტი, საზღვაო პორტი, ხიდები, ტელე-რადიო ცენტრის შენობა და კავშირგაბმულობა დაიკავა. შემდეგ მან დათხოვნილად გამოაცხადა ხელისუფლების ორგანოები და პრეზიდენტი ანრი ბედიე, რომელიც აბიჯანის საფრანგეთის საელჩოს შეეფარა. შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი და შეიქმნა `საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი~. ახალ მთავრობაში გეიმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მოიზიდა, რათა `დემოკრატიის წესები დაემკვიდრებინა~.
ყველაფერი საფრანგეთის პოზიციაზე იყო დამოკიდებული. თავდაპირველად, პარიზმა დაგმო გადატრიალება და ივუარში მყოფი ფრანგული შენაერთის გაძლიერება გადაწყვიტა დამატებითი ძალებით. აჯანყებულები იხსნა გენერალ რობერ გეის პრინციპულმა პოზიციამ, რომ იგი მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევდა ძველი ხელისუფლების ყველა მხარდამჭერს. პარიზი კოტ დ’ ივუარის ახალ ხელისუფლებას შეურიგდა.
1969 წელს ლიბიის მეფე იდრის I სამკურნალოდ თუ დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა. შეთქმულებმა სწორედ ამით ისარგებლეს. ისინი იყვნენ ლიბიის არმიის რიგებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ოფიცერ-იუნიონისტთა საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც ლეიტენანტი მოამარ კადაფი ედგა სათავეში. პირველ სექტემბერს, ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში განლაგებულ საარმიო ნაწილებში დაიწყო გამოსვლები. ეს იყო ზუსტად შემუშავებული ოპერაცია. იმავე დღეს, დილით, ტრიპოლში სამხედრო სატვირთოებისა და სხვა ტექნიკის დიდი კოლონა შევიდა. პუტჩისტებმა ალყა შემოარტყეს თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამსახურს, საინფორმაციო ცენტრებს, მეფის სასახლეს და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებს. სამხედრო გადატრიალებამ უსისხლოდ ჩაიარა. რაც მთავარია, შეთქმულებმა დაარწმუნეს ლიბიაში განლაგებული ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ბაზების სარდლობა, რომ მათ ყოფნას ახალი ხელისუფლება ხელს არ შეუშლიდა. უკანასკნელებმაც ხელი არ შეუშალეს ახალი ხელისუფლების განმტკიცებას. შემდგომში გაირკვა, რომ მოამარ კადაფმა ისინი მოატყუა და უკვე მეორე წელსვე, ამერიკელებმაც და ბრიტანელებმაც ლიბიის ტერიტორია დატოვეს.7
კიდევ ერთი ეპიზოდი სამხედრო გადატრიალებათა ისტორიიდან. გვატემალის პრეზიდენტი ხაკობო არბენსი ამერიკის ადმინისტრაციისათვის არასასურველი ლიდერი აღმოჩნდა. მან ჯერ კომუნისტური პარტიის ლეგალიზება მოახდინა, ხოლო შემდეგ ასიათასობით აკრი ბანანის პლანტაციის ნაციონალიზაცია განახორციელა და მისი მფლობელი ამერიკული კომპანია ხახამშრალი დატოვა. არბენსის ხელისუფლების გადატრიალების ოპერაციას სათავეში პოლკოვნიკი კარლოს კასტილიო-არმასი ჩაუდგა სათავეში.
1954 წლის გაზაფხულზე მეზობელი ჰონდურასიდან დაიწყო რადიოსადგურ `თავისუფლების ხმის~ მაუწყებლობა. ივნისში არმასის მცირერიცხოვანმა სამხედრო ნაწილებმა გვატემალაში შეაღწიეს. მას მხარს უჭერდა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი. ამბობენ, რომ არმასის სამხედრო ნაწილები მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ `თავისუფლების ხმა~ ისე აზვიადებდა მათს რაოდენობასაც, გამარჯვებებსაც და წინსვლასაც, რომ ვითომ ამით შეშინებული ხაკობო არბენსი 27 ივნისს მოულოდნელად პრეზიდენტობიდან გადადგა.8

შეფასება და კვალიფიკაცია – რა სახის იყო 1991-1992 წლების გადატრიალება. ეს რამდენიმე ეპიზოდი იმიტომ გავიხსენეთ, რომ სამხედრო გადატრიალებათა მთავარი მახასიათებელი დაგვეფიქსირებინა – მასში სამხედრო პერსონალის – მაღალი და დაბალჩინოსანი ოფიცრობის და ჯარისკაცების, სამხედრო რეგულარული ან სპეციალური ნაწილების მონაწილეობა. გამოდის, სამხედრო გადატრიალებად, მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებათა ის ფორმა უნდა ვიგულისხმოთ, როცა ამ პროცესის შემსრულებლები და განმახორციელებლები სამხედრო ძალები არიან და როცა აღნიშნული პროცესის შედეგად ხელისუფლება სამხედრო პირებისა და სტრუქტურების ხელში გადადის.
თბილისის გადატრიალების შემთხვევაში კი როგორი მდგომარეობა იყო.
თავდაპირველად, ამბოხებულთა ძირითადი ბირთვი რა თქმა უნდა ეროვნული გვარდიის ნაწილები იყო, რომელნიც თვეების განმავლობაში, თბილისის ზღვაზე იყვნენ დაბანაკებულნი, დაახლოებით 400-500 კაცი. მათი რაოდენობა თანდათან მცირდებოდა და იცვლებოდა _ ემატებოდნენ სხვა შეიარაღებული ფორმირებები, განსაკუთრებით მხედრიონელები. 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, მათ დიდი შევსება მიიღეს, სწორედ გადატრიალების დღეებში. პუტჩისტების მეთაურებმა და მათს მიერ პროკურორად დანიშნულმა ვახტანგ რაზმაძემ ციხიდან 200 მხედრიონელი და 400-მდე პატიმარი გამოუშვა. ამ ძალამ, საბოლოოდ, გადაწყვიტა ალყაშემორტყმული ხელისუფლების ბედი. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ამბოხება და გადატრიალება. ახალი ძალების მნიშვნელოვანი ან უმეტესი ნაწილი სასჯელმოუხდელი, ნასამართლევი და სხვადასხვა რანგის დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი გახლდათ.
არც ამბოხებულების ხელმძღვანელობა იყო მხოლოდ სამხედრო წარმომავლობის. ერთადერთი სამხედრო, რეგულარული გვარდიის გადაყენებული სარდალი თ. კიტოვანი იყო. ე. წ. სამხედრო საბჭოს მეორე წარმომადგენელი და ფაქტიურად, ახალი ლიდერი ჯ. იოსელიანი _ არასამხედრო პირი და უკანონო შეიარაღებული ფორმირების მეთაური გახლდათ. ეს უკანასკნელი იყო სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების ორგანოს – სამხედრო საბჭოს შექმნის ინიციატორი და ახალი მმართველობის სტრუქტურების პირველი `არქიტექტორი~.
ჯ. იოსელიანის ციხეში დაწერილი მემუარების მიხედვით, სამხედრო საბჭო ძალდაუტანებელი, მშვიდი საუბრის ვითარებაში გაფორმდა, მხოლოდ ორი კაცის შემადგენლობით: `თენგიზ – ეს იოსელიანი მიმართავს კიტოვანს, – უკვე ავიღოთ ხელში ძალაუფლება, გამოვაცხადოთ, რომ არჩევნებამდე დროებით ჩვენ ვმართავთ ქვეყანას. ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, გამოდის, რომ ბანდები ეომებიან ერთმანეთს, ვიკისროთ პასუხისმგებლობა, გამოვაცხადოთ სამხედრო ძალაუფლება… მე და შენ, ორი კაცი უკვე საბჭოა. თენგიზ სიგუა დავნიშნოთ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად~9
გამოდის, თბილისის გადატრიალებას – მხოლოდ სამხედროს ვერ ვუწოდებთ. როგორც ამბოხებულები, ისე ეროვნული ხელისუფლების დამამხობლები და ახალი ხელისუფლების შემადგენლობაც – მარტოოდენ სამხედროს მასშტაბებს სცილდებოდნენ. მასში შედიოდნენ ამბოხებული გვარდიელებიც, შეიარაღებული უკანონო ფორმირებებიც და სხვა შეიარაღებული სამოქალაქო მოხალისეებიც, მათ შორის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც: ერთი სიტყვით, თბილისში, 1991-1992 წელს სამხედრო კი არა – შეიარაღებული აჯანყების გზით სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების დამხობას ჰქონდა ადგილი. ეს იყო შეიარაღებული აჯანყების შედეგად განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება.
1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებას ეროვნული ხელისუფლება შეცდომით უწოდებდა – პუტჩს. ეს არ იყო პუტჩი. ეს უკანასკნელი არის სახელმწიფო გადატრიალების ის სახე, რომელსაც ახდენს მცირერიცხოვან შეთქმულთა ჯგუფი. აღარ გავიმეორებთ, რომ არავითარ შეთქმულებას საქართველოში ადგილი არ ჰქონია და მაშ, თბილისის მოვლენების პუტჩად მიჩნევაც, გაუგებრობა და პრობლემის არსში გაუთვითცნობიერებლობაა. თუ პუტჩი გვინდა წარმოვიდგინოთ, მაშინ უნდა ჩილეში 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალება გავიხსენოთ. `ეს არ იყო ჩვეულებრივი საგარნიზონო ტიპის აჯანყება, არამედ გახლდათ ბრწყინვალედ დაგეგმილი სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგადაც განხორციელდა კომბინირებული შეტევა ავიაციის, არტილერიისა და ქვეითი ნაწილების მონაწილეობით~.10 შეთქმულებაში მონაწილეობდა ჩილეს უმაღლეს სამხედრო პირთა ვიწრო დაჯგუფება გენერალ უგარტე აუგუსტო პინოჩეტის მეთაურობით.
თბილისის 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების მიზნები და მისი განხორციელების საშუალებები რომ კიდევ უფრო დავაზუსტოთ, მისი მონაწილეების სოციალური, პოლიტიკური და პროფესიონალური შემადგენლობა უნდა გავიხსენოთ. ამ მოვლენის შემფასებლები ხაზს უსვამენ ან აღნიშნავენ მის არაერთგვაროვან, კომბინირებულ ხასიათს. მაგ. ირ. ბათიაშვილის აზრით: `გამსახურდიას ჩამოგდება ტახტიდან განაპირობა ოპოზიციის მამოძრავებელი შინაგანი ფაქტორების საკვირველმა ნაზავმა – პოლიტიკურმა უმწიფარობამ, გონებადაბინდულმა ბოროტებამ, ფარულმა აგრესიულმა ზრახვებმა, კრიმინალურ-მაფიოზურმა მოტივებმა და დემოკრატიისათვის ბრძოლის ნებამაც~.11 მოტივაციების ნაზავი, თავისთავად გადატრიალების მონაწილეთა მრავალფეროვნებაზე მიგვითითებს.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაზუსტდეს თბილისის მოვლენების ხასიათი, კვალიფიკაცია და ტიპი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გადატრიალების განმახორციელებლებს, მონაწილეებს, მის სოციალურ, პოლიტიკურ და პროფესიონალურ შემადგენლობას. მართალნი იყვნენ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები. ოპოზიციური ბანაკი, შედარებით მცირერიცხოვანი გახლდათ. სწორედ ამ მხოლოდ ოპოზიციის რაოდენობრივი კრიტერიუმით შეფასებამ შეიყვანა შეცდომაში ეროვნული ხელისუფლებაც, მომხრეებიც და განსაკუთრებით მათი ხელმძღვანელიც. დიახ, ოპოზიცია _ ხელისუფლებისადმი ლოიალური მოსახლეობის უმრავლესობის ფონზე, მართლაც დიდ უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა მის სისუსტეს. ოპოზიციას შეადგენდნენ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც, გამსახურდიას წელიწადნახევრიანი მმართველობის პერიოდში განუწყვეტლივ იზრდებოდა. ჩამოვთვალოთ:
1. ყოფილი მმართველი პოლიტიკური ელიტა, კომუნისტურ-პარტიული ნომენკლატურა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვების შედეგად პარტიულმა ელიტამ, ცენტრალური და ადგილობრივ-რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ერთბაშად ყველაფერი დაკარგეს – ხელისუფლება, შემოსავალი, გავლენა. სერიოზულ ფუნქციონერთა უმრავლესობა ვერ იტანდა პატრიოტულ რადიკალიზმს. ბუნებრივია, ყოფილი პარტიული ელიტა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის პარტიულ-ბიუროკრატიულ წრეებთან. იგი იმედით უყურებდა რუსეთსა და ბევრ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში ძველი კომუნისტების მიერ ხელისუფლების შენარჩუნებისა და ხელისუფლებაში მოსვლის პროცესს და საკუთარ ქვეყანაშიც ძველი მდგომარეობის, პრივილეგიების, თანამდებობებისა და ოდინდელი გავლენის აღდგენაზე ოცნებობდა.
ეს ფენა რევანშისტულად იყო განწყობილი, მისთვის სრულიად უცხო და მენტალურად მიუღებელი გახლდათ დემოკრატიული ღირებულებები, ინსტიტუტები. საგარეო პოლიტიკისა და ორიენტაციის საკითხში ექსპარტიული ელიტა მტკიცე პრორუსულ პოზიციაზე იდგა და რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს ნომინალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არ იყო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ყოველგვარ დამოუკიდებლობასაც ადვილად შეელეოდა.
2. ამავე ფენასთან ახლოს იყო მენტალურად, მდგომარეობით და მიზნებით ყოფილი პარტიულ-ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული და სამეურნეო ელიტა. ესენი იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის აპარატის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები, მსხვილი ფუნქციონერები, სამინისტროების, საწარმოების ხელმძღვანელები, შემდგომში – ოლიგარქები, საფინანსო თუ სხვადასხვა სახის ბიზნესის წარმომადგენლები და ა. შ. ეს ფენა დაინტერესებული და დაკავშირებული იყო რუსეთის ანალოგიურ სამყაროსთან და მასთან ურთიერთობის აღდგენა-გაგრძელებით იყო დაინტერესებული. ამ საქმეში მას ეროვნული ხელისუფლება ხელს უშლიდა. სწორედ ეს ფენა ამარაგებდა ფინანსურად, მატერიალურად და სურსათით ჯერ მხედრიონს, ოპოზიციურ პარტიებს, ბოლოს ამბოხებული ეროვნული გვარდიის და სხვა ფორმირებების ნაწილებს.
3. ზემოაღნიშნულ ფენებთან ახლოს აღმოჩნდა ელიტარულ-ბიუროკრატიული ინტელიგენცია. ეს იყო ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის – მწერლების, ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროების – თეატრის, კინოს, მუსიკის, მხატვრობის, მეცნიერების სხვადასხვა დარგების, განათლების სისტემის ყველაზე დამსახურებული, გამოჩენილი წარმომადგენლობა. გარდა პრიორიტეტული სოციალური და პროფესიული მდგომარეობისა, ეს ფენა ქართველი საზოგადოების ინტელექტუალურ ლიდერს წარმოადგენდა. სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამ უზარმაზარი პოტენციალის მქონე სოციალურ-პროფესიონალური ფენის დიდი ნაწილი ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა და რაც ყველაზე უფრო დრამატულია – მის დამხობაში ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულა.
ამ გარემოებაში ლამის კატალიზატორის როლი ითამაშა ქართული სამეცნიერო-კულტურული ინტელიგენციის რუსულ სივრცეში ინტეგრაციის მაღალმა ხარისხმა. ჩვენებური სამეცნიერო-კულტურული ინტელიგენციის ყველანაირი – სოციალური, ფინანსური თუ შემოქმედებითი წარმატება რუსულ-საბჭოურ სივრცესთან ჩართულობით იყო განპირობებული და მას ვერ წარმოედგინა ამ სივრცის გარეთ საკუთარი არსებობაც კი. ამ პერსპექტივას ხელს უშლიდა ეროვნული ხელისუფლება. გამოდიოდა, რომ ელიტარული ინტელიგენცია საკუთარი შემოქმედებითი არსებობისათვისაც კი იბრძოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ პოზიციას იზიარებდა და ე. წ. ელიტას მიჰყვებოდა სამეცნიერო-კულტურული ინტელიგენციის მნიშვნელოვანი საშუალო ნაწილიც. ამ უზარმაზარი რესურსების მქონე სოციალურ-პროფესიულ ფენასთან დაპირისპირებამ და მისმა დაკარგვამ საბედისწერო როლი შეასრულა, როგორც ეროვნული ხელისუფლებისათვის, ისე საერთოდ – ქართველი საზოგადოებისა და ხალხის შემდგომი ბედისათვის. ქართული ინტელექტუალური ელიტა საკუთარი ხალხისაგან გაუცხოებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით, გადატრიალების შემდეგ. ბუნებრივია, ეს ფენა ბევრწილად პრიორიტეტული საზოგადოებრივ-პროფესიული სტატუსის აღდგენასაც მიელტვოდა, რომელიც მან, სწორედ ეროვნული ხელისუფლების ზეობის პერიოდში დაკარგა. მეტიც, მან არა მარტო ერის ინტელექტუალური ლიდერის სტატუსი დაკარგა, არამედ მას ერის, ხალხისა და ქვეყნის მოღალატის, კრემლის აგენტის იარლიყიც მიუყენეს, ახალი ხელისუფლების ახლომხედველმა წარმომადგენლებმა, რაც მთავარია, მათ შორის ხელისუფლების მეთაურმა. მიუხედავად არაერთი მანკიერებისა, მიუხედავად სოციალური ეგოიზმისა, მიუხედავად პირადული ინტერესის დათმობის უუნარობისა, ქართული ინტელიგენცია ამდენს მაინც არ იმსახურებდა. არაერთი რეჟისორი, მწერალი თუ მეცნიერი გაამწარა და გააბოროტა ეროვნული ხელისუფლებისა და მისი მეთაურის დაუნდობელმა და ულმობელმა განაჩენმა. იმისათვის, რომ ელიტარულ ინტელიგენციას ეროვნული ხელისუფლებისათვის ეპატიებინა, შეენდო ან შეეწყნარებინა, _ დიდი ნებისყოფა, მაღალი ზნეობა, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა იყო აუცილებელი. სწორედ, ეს უკანასკნელი რესურსი არ ეყო ზნეობრივი კომპრომისების ატმოსფეროში აღზრდილ ქართულ ზეპურ ინტელიგენციას და მან უფრო დიდი დანაშაულის გზა აირჩია – მხარი დაუჭირა ეროვნული ხელისუფლების დამხობის ალტერნატივას, არაერთმა მისმა წარმომადგენელმა კი იარაღი აიღო ხელში და შედეგად, საკუთარი ხალხის სისხლში ხელგასვრილი აღმოჩნდა. `პირგამეხებული ელიტარული ინტელიგენცია თბილისის ზღვაზე დადიოდა კიტოვანთან, და `თბილისის ომი~ ნაღები ქართული ინტელიგენციის ისტერიული წაქეზების შედეგიც იყო~, – იგონებდა თ. კიტოვანის მეუღლე.12 ასეთი იყო მწარე სინამდვილე.
საგარეო სფეროში ელიტარული ინტელიგენცია ზომიერი პოლიტიკური რეალიზმის პოზიციაზე იდგა. მას სრული საფუძველი ჰქონდა შეშფოთებულიყო ეროვნული ხელისუფლების რთული საერთაშორისო მდგომარეობის გამო. ამ ბანაკის ერთი ნაწილი რუსეთის სიუზერენიტეტის მომხრე გახლდათ, ხოლო მეორე ნაწილი დასავლური ორიენტაციისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებდა. მათ თვალში გამსახურდიას ხელისუფლება ორივე ორიენტაციული შესაძლებლობის ხელშემშლელ ბარიერს წარმოადგენდა.
4. შეურიგებელი რადიკალური ოპოზიცია. ამ ბანაკმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანაკის ავანგარდს ე. წ. კონგრესის პარტიები შეადგენდნენ: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, სხვები. ამათ მაინც მეტი ენერგია, დრო და ისეთი თავგანწირვა გამოიჩინეს `დიქტატურის~ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ კომუნისტებისათვის ამდენი არ გაუბედიათ.
მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა კრიტიკულად მოვეკიდოთ ახალგაზრდა რადიკალთა პოლიტიკურ ამბიციებს, ხელისუფლებისათვის ბრძოლას, საშუალებებს, მეთოდებს, მის შედეგებს, მაინც მოგვიწევს შერიგება იმ აზრთან, რომ შეურიგებელი რადიკალიზმის პერმანენტული ბრძოლა _ დემოკრატიისათვის, დემოკრატიული მმართველობისათვის, ინსტიტუტებისათვის და ღირებულებებისათვის ბრძოლის მიზანსაც შეიცავდა. სამწუხაროდ, იბრძოდნენ რა დემოკრატიის საზღვრების გაფართოებისათვის, მათვე უარი თქვეს ამ ბრძოლის ლეგალურ, საპარლამენტო საშუალებაზე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს პირველი მათი მძიმე შეცდომა იყო.
მეორე სტრატეგიული შეცდომა ის გახლდათ, რომ ისინი თავიანთ ბუნებრივ მოკავშირეს – ეროვნულ ხელისუფლებას, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ და მათი მოწინააღმდეგეების ბანაკში აღმოჩნდნენ. შეურიგებელ რადიკალთა პოლიტიკური უმწიფრობა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ სტრატეგიული მტერ-მოყვარე ვერ ან განზრახ არ გაარჩიეს. ავიღოთ, თუნდაც ერთ-ერთი მათი, ვითომ თუ თითქოს, მთავარი მიზანი – საქართველოს ხელი არ უნდა მოეწერა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ან არ უნდა შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სწორედ ახალგაზრდა რადიკალების მოკავშირე ახალმა ხელისუფლებამ – ე. შევარდნაძისა და კიტოვან-იოსელიან-სიგუას თავკაცობით საქართველო დსთ-ში გააერთიანეს. სხვა ამბავია ეს ნაბიჯი პოლიტიკურად გამართლებული იყო თუ არა – ამას არ ვაფასებთ. ამჟამად, ისაა საინტერესო, რომ შეურიგებელი რადიკალები ადრეც და მაშინაც – თითქოს რუსეთის გავლენის სივრცეში საქართველოს შესვლის თავგადაკლული წინააღმდეგნი იყვნენ. რეალურად კი ახალგაზრდა რადიკალებმა პრორუსულ ბანაკს დაუჭირეს მხარი და მათთან ერთად, დაამხეს ყველაზე ანტირუსული ძალა _ ეროვნული ხელისუფლება. რადიკალთა ანტირუსული პატრიოტიზმის გულწრფელობაში თვით ისტორიამ შეიტანა ეჭვი.
რაც შეეხება ე. წ. შეურიგებელი რადიკალების შემდგობ ბედს, შევარდნაძის ხელისუფლებამ `დემოკრატიული რევოლუციისათვის~ ისინი პარლამენტის დეპუტატობით დაასაჩუქრა, ხოლო მომდევნო წლებში – სხვადასხვა გზებით, მათი სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია განახორციელა _ ზოგი გადაიბირეს, ზოგი დააპატიმრეს, ზოგი ერთმანეთს დაუპირისპირეს, ზოგი ფიზიკურად მოიცილეს თავიდან და ა. შ. სამწუხაროდ, ამ თაობამ და ბანაკმა ერთი ნათელი პოლიტიკური მოღვაწეც კი ვერ მისცა საქართველოს უახლეს ეპოქას. ახალგაზრდა ექსრადიკალთა ნარჩენები დღემდე აგრძელებენ თავიანთ აბსურდულ საქმიანობას. ერთი სიტყვით, უსიხარულო ისტორიაა.
5. ეროვნული მიმართულების ზომიერი ოპოზიცია. ფაქტიურად, ეს ბანაკი იყო საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიის რესურსი. მასში შემავალი პარტიები დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ღირებულებების დამკვიდრებას გულწრფელად მიელტვოდნენ.. მათ პროგრამებში თანმიმდევრულად იყო გააზრებული სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მოწყობის ეტაპები, ადამიანისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის მექანიზმები და ამავდროულად, გათვალისწინებული, ეროვნული ინტერესები. ზომიერ-დემოკრატიული ოპოზიცია ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით ცდილობდა მონაწილეობა მიეღო სამართლებრივ-სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობაში, თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეროვნულმა ხელისუფლებამ ამ ბანაკთან, ან მის შემადგენელ პარტიებთან თანამშრომლობის ენთუზიაზმი არ გამოამჟღავნა და ამით მორიგი მძიმე შეცდომა დაუშვა.
სახალხო ფრონტი, მწვანეთა პარტია, კონსტიტუციონალ-დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, ქარტია-91, რესპუბლიკური პარტია და მათნი მსგავსნი, სამწუხაროდ – აქედან და იქიდან რადიკალთა ზეობის ხანაში, სერიოზულ გავლენას ვერ ამჩნევდნენ ქართულ პოლიტიკურ რეალობას და იძულებულნი იყვნენ მეორეხარისხოვან როლებს შერიგებოდნენ. ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოუნახაობის გამო, ისინი სულ უფრო კრიტიკულნი ხდებოდნენ მის მიმართ და თანდათან უახლოვდებოდნენ ან გადადიოდნენ შეურიგებელი ოპოზიციის ბანაკში. ყველა შესაძლოა არა, მაგრამ მათი ნაწილი ფარული მოლოდინით ადევნებდა თვალყურს ეროვნული ხელისუფლების დამხობას, ოღონდ სხვისი ხელით და საკუთარი იმიჯის სუფთად შენახვის პირობით.
ზომიერი დემოკრატი-ოპოზიციონერები რეალისტი პოლიტიკოსები იყვნენ. მათ აშფოთებდათ საქართველოს იზოლაციური საერთაშორისო მდგომარეობა, ხელისუფლების ხისტი დამოკიდებულება დასავლეთთან. მოვლენების განვითარების ლოგიკას ისინი თითქოს, თავისთავად მიჰყავდა ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობის უფლებათა ჯერ შეზღუდვის, შემდეგ გადადგომის აუცილებლობის პოზიციამდე. ამ ბანაკის ბევრმა წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, ლიდერ-აქტივისტებს ვგულისხმობთ, ვერც მოსახდენზე და ვერც მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო და საკუთარი ოფისებიდან და სახლებიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას. ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის ამგვარი საქციელი საპატიო განრიდება გახლდათ მიმდინარე ტრაგედიისაგან, ხოლო პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ზემოაღნიშნული პარტიების მეტნაკლებად აქტიური ნაწილისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათს ლიდერებზე, ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიმხდალეს ან მიმდინარე ამბოხება-დამხობაში არაპირდაპირ მონაწილეობა-მხარდაჭერას მაინც ნიშნავდა.
6. თავდაპირველად, მხედრიონი აპირებდა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის დროშის აღებას, – ასე ჩანდა ჯ. იოსელიანის გამონათქვამ-განცხადებებიდან, ყოველ შემთხვევაში. აგვისტო-სექტემბრიდან ანტისახელისუფლო აჯანყების დროშა ეროვნული გვარდიის გადამდგარმა ნაწილებმა ააფრიალეს თ. კიტოვანის მეთაურობით. მან შექმნა ხელისუფლების წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი და თავის გარშემო შემოიკრიბა არამარტო სხვა ანტისამთავრობო შეიარაღებული ფორმირებები, არამედ თითქმის მთელი შეუიარაღებელი ოპოზიციური სპექტრიც. ეროვნულმა ხელისუფლებამ ან ვერაფერი ვერ გააკეთა, ან ვერაფერი გააწყო ამ ძალასთან. პირიქით, ამბოხებულებმა სახელმწიფოს მართვის უნარისაგან გამოფიტეს ეროვნული ხელისუფლება, ხოლო შემდეგ, იზოლირებული გამსახურდიას გარემოცვა ალყაში მოაქციესა და დაამხეს.
7. ყოფილი მეტროპოლიის ფაქტორი. ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი – რუსეთის ხელისუფლების, მისი ძალოვანი სტრუქტურების, სპეცსამსახურების და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ გამოუცხადებელმა ომმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ, უშუალო ჩარევამ მის საშინაო საქმეებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. მეტროპოლიის ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გარეშე, რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო ამბოხებულებისა და ოპოზიციის ძალა, ისინი ვერ შეძლებდნენ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევას. სხვათა შორის, მხოლოდ იმ ფორმისა და მასშტაბის საშუალებებით, რომელსაც მეტროპოლია იყენებდა 1990-1991 წლებში, ქართველი ამბოხებულებისა და ოპოზიციია გარეშე, ვერც ის შეძლებდა ეროვნული ხელისუფლების დამხობას. რომ არ არსებულიყო მეხუთე კოლონა საქართველოში, მეტროპოლიას დასჭირდებოდა სხვა უფრო მასშტაბური აგრესიის განხორციელება – მაგ, არმიის შემოყვანა, როგორც ეს მოგვიანებით მოხდა, შევარდნაძის მიერ ბალტინის მოწვევის დროს, ან უფრო ადრე 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დროს.
მაგრამ 1921 წლის პრაქტიკის გამეორება მეტროპოლიას არ დასჭირდა. საქართველოში, უკვე ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდიდან და განსაკუთრებით კი 1990 წლის გაზაფხულიდან, იმავე მოძრაობაში დაპირისპირების ისეთი ძლიერი მუხტი იყო დაგროვილი, რომ მოსკოვს მხოლოდ სპეცსამსახურების ფარული ჩარევითაც თავისუფლად შეეძლო მოვლენების თავისათვის სასურველი გეზით წარმართვა. მეტროპოლიიდან მომდინარე ფულით იქმნებოდა და ფინანსირდებოდა წვრილმანი პროვოკაციული პოლიტიკური პარტიები, ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალ-გაზეთები, მიტინგები, კონფერენციები, ოპოზიციური დელეგაციები იგზავნებოდა უცხოეთში, პროპაგანდა ეწეოდა დემოკრატიულ მოძრაობას `დიქტატურის~ წინააღმდეგ და ა. შ. რაც შეეხება უშუალოდ 1991-1992 წლების გადატრიალებას, მოსკოვის მიერ მისი ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ უამრავი განცხადება, ინფორმაცია, მინიშნება, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინფორმაცია არსებობს. კერძოდ, რომ ეროვნული ხელისუფლების დამხობის სცენარი საქართველოს ყოფილი მეტროპოლიის დედაქალაქში შემუშავდა (გენადი ბურბულისი); რომ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მოსკოვს 65 მილიონი მანეთი დაუჯდა (გ. პოპოვი); რომ რუსული სპეცნაწილები მონაწილეობას იღებდნენ თბილისის გადატრიალებაში (ვიქტორ სუვოროვი); რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სადაზვერვო სამმართველო, მას ხელმძღვანელობდა გენერალი ევგენი მარუსინი, რომელიც უხვად ურიგებდა იარაღს ამბოხებულებს (თ. მასხულია): რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ამბოხებულ გვარდიელებს და მხედრიონელებს უშუალოდ გადატრიალების დღეებში 20 000 ავტომატური იარაღი დაურიგეს, რამაც `საერთოდ მოშალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ქვეყანაში~ (გაზ. `7 დღე~): რომ რუსი პოლიტიკოსები და სპეცსამსახურები მუდმივ კონტაქტში იყვნენ ქართველ `დემოკრატებთან~; იარაღით ამარაგებდნენ სიგუა-კიტოვანს; რომ გარდა იარაღისა და ტყვია-წამლისა რუსმა სამხედროებმა გარკვეულ ოპერაციებშიც მიიღეს მონაწილეობა; რომ რუსეთის სპეცსამსახურებს უამრავი აგენტურა გააჩნდათ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში, გვარდიასა და მხედრიონში (ირ. ბათიაშვილი); რომ ქართველ ტრადიციონალისტთა რაზმმა მოახერხა რუსი სამხედროების ჯგუფის განეიტრალება, რომლებიც დაზგის ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულნი და უზენაესი საბჭოს შენობაში აპირებდნენ შეჭრას (გიზო კორძაძე); რომ 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა ხელისუფლებაზე თავდამსხმელ ამბოხებულებს ცოტა არ იყოს გაუჭირდათ, მათ დასახმარებლად რუსთაველზე რუსეთის ტანკები გამოჩნდნენ და ა. შ.13 ამ უკანასკნელში იგულისხმება 1991 წლის დეკემბრის ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდი, როცა მთავრობის სასახლის დამცველებმა მოულოდნელი კონტრიერიშით ამბოხებულები ქაშუეთის რაიონიდან იმელამდე გადარეკეს. საქმეში სასწრაფოდ ჩაერია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა. მისი ბრძანებით, გორის სასწავლო-სატანკო ნაწილში დაუყოვნებლივ მოამზადებინეს ორი Òტ-55 ტიპის ტანკი და ამბოხებულებს რუსი ტანკისტებიანად მიახმარეს (ირაკლი გელოვანი).
მაშ, ერთად მოვუყაროთ თავი თბილისის გადატრიალების ე. წ. მამოძრავებელ სოციალურ-საზოგადოებრივ და სამხედრო-პოლიტიკურ ძალებს: 1. ყოფილი მმართველი კომუნისტურ-პარტიული ელიტა; 2. ყოფილი პარტიული სამეურნეო-ადმინისტრაციული ბიუროკრატია; 3. ელიტარული სამეცნიერო-კულტურული ინტელიგენცია; 4. შეურიგებელი რადიკალური ოპოზიცია; 5. ზომიერი ეროვნული მიმართულების დემოკრატიული ოპოზიცია; 6. ამბოხებული სამხედრო და შეიარაღებული ოპოზიცია; 7. ყოფილი მეტროპოლიის ხელისუფლება. ამ სიას თუ კიდევ დავავიწროვებთ, გადატრიალების სამი მთავარი მონაწილე-აქტორი გამოიკვეთება: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა; შეიარაღებული ამბოხებულები და მეტროპოლია.
კიდევ შეიძლება 1991-1992 წლების თბილისში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების აქტორთა სიის დავიწროება და ორნიშნა კონკრეტული იდენტიფიკაცია _ საქართველოს მეხუთე კოლონა და რუსეთის ხელისუფლება.
თბილისის გადატრიალების მამოძრავებელ-მონაწილეთა შემადგენლობას, ყველა დროისა და ქვეყნის დემოკრატიული რევოლუციების მთავარი შემოქმედი – ხალხი აკლია. მოსახლეობის ფართო ფენები ამბოხებას მხარს არ უჭერდნენ და მასში არ მონაწილეობდნენ, ამიტომ ამბოხებულებისა და შემდგომში ე. წ. შევარდნაძისტების ფორმულირება, თითქოს თბილისის გადატრიალება `დემოკრატიული რევოლუცია~ იყო – პოლიტიკური სპეკულაციაა და სიყალბე. ამგვარმა შეფასებამ დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთს გაუძლო და თვით შევარდნაძისტების უმრავლესობის მიერ იქნა უარყოფილი.
ცნობილია, თბილისის მოვლენების შეფასება თვით განდევნილი ეროვნული ხელისუფლების – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, რომელმაც 1992 წლის 13 მარტს სპეციალური დადგენილება მიიღო ჩვენთვის საინტერესო პრობლემის შესახებ. მასში ვკითხულობთ:
`1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება;
2. არაკანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების – `სამხედრო საბჭო~ და ა. შ. შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ხელისუფლების უზურპაცია;
3. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ;
4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სამშობლოს ღალატი;
5. საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ უკანონო ხელისუფლების დაუმორჩილებლობას.~14
თბილისის მოვლენების შეფასება უზენაესი საბჭოს მიერ სრულიად ობიექტურია, სამართლებრივად სწორი, მაგრამ იგი შემდგომ დაზუსტებას და სრულყოფას საჭიროებს. ჯერ ერთი, მასში არაა აღნიშნული, რომ აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალება მოხდა შეიარაღებული ამბოხების გზით, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
და შემდეგ: მასში არაა კვალიფიცირებული თვით სახელმწიფო გადატრიალების ხასიათი, რისი შეფასებაც მეცნიერული კვლევის მიზანს შეადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, თბილისის სახელმწიფო გადატრიალების ბუნების დასადგენად, უნდა გავიხსენოთ – რა ხასიათის იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მომხდარი ხავერდოვანი რევოლუცია. ეს არაა რთული კომბინაცია, პირიქით მარტივ და ნათელ ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოში ბოლო მოეღო და დასრულდა კომუნისტური ერთპარტიული დიქტატურა და მრავალპარტიულ დემოკრატიულ სისტემას ჩაეყარა საფუძველი. ამავდროულად, საქართველოს სათავეში მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, რომლის მიზანი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენული სახელმწიფოს შექმნა. ე. ი. 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვება პირველ რიგში, იყო ეროვნული და სუვერენული ხასიათის ხავერდოვანი რევოლუცია საქართველოში.
შესაბამისად და აქედან გამომდინარე, 1991-1992 წლების გადატრიალება იყო ანტიეროვნული, ანტინაციონალური სახელმწიფო გადატრიალება. მან დაარღვია ქართველი ხალხის ეროვნული ერთიანობა, მოპირდაპირე სოციალ-პოლიტიკურ ბანაკებად დაჰყო ქვეყნის მოსახლეობა და მათ შორის, შეიარაღებული კონფრონტაცია გამოიწვია.
გარდა ამისა, სუვერენული სახელმწიფოს აშენება, მეტროპოლიისაგან თავის დახსნა და სრული დამოუკიდებლობა იყო ეროვნული ხელისუფლების უმთავრესი მიზანი. სხვა ამბავია, რამდენად რეალური განსახორციელებელი გახლდათ ამგვარი მიზანი, მაგრამ თვით მიზნის კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა ზნეობრივი მანკიერებაა. ამგვარი მიზნიდან გამომდინარე, ოქტომბრის არჩევნები იყო აგრეთვე ეროვნულთან ერთად – სუვერენული რევოლუცია. ამ ორი გარემოებიდან, 1990 წლის ხავერდოვანი რევოლუციის ეროვნულ-სუვერენული ბუნებიდან გამომდინარეობს, 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების – როგორც ანტინაციონალური, ისე – ანტისუვერენული, კონტრსუვერენული ხასიათი. უზურპაციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობდა პოლიტიკური რეალიზმისა და საერთაშორისო იზოლაციიდან ქვეყნის გამოყვანის პრინციპებით – დათმო ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეიყვანა საქართველო. ამდენად, 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება კონტრსუვერენულ ხასიათსაც ატარებდა.
დასასრულს, როგორც აღვნიშნეთ კიდეც, გადატრიალების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ყოფილი პოლიტიკურ-კულტურული ელიტის მიერ, ძველი პრივილეგირებული მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის დაბრუნება წარმოადგენდა, რაც შემდგომში განხორციელდა კიდეც. ამ გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო გადატრიალება რევანშისტულ ხასიათისაც გახლდათ.
რომ ყოველივე ზემოთგანხილული შევაჯამოთ ამგვარ ფორმულიებას მივიღებთ, რაც მიგვაჩნია ჩვენთვის საინტერესო საკვლევი პრობლემის მეცნიერულ შეფასებად:
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული ამბოხებისა და მეტროპოლიის ინტერვენციული ჩარევის შედეგად დაემხო ეროვნული ხელისუფლება, რაც წარმოადგენდა ანტიეროვნულ, კონტრსუვერენულ, რევანშისტულ და ნაწილობრივ ანტიავტორიტარულ სახელმწიფო გადატრიალებას. მან ერთმანეთს, შეიარაღებული კონფრონტაციის ფორმით დაუპირისპირა ქართველი ხალხის უმცირესობა და უმრავლესობა, რაშიც გამოიხატა გადატრიალების ანტიეროვნული არსი; მან გამოიწვია ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვა, რაც გამოვლინდა ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლით და ყოფილი მეტროპოლიის გავლენის აღდგენით და რაშიც გამოიხატა გადატრიალების კონტრსუვერენული ბუნება; მან ხელისუფლება და სოციალური სტატუსი დაუბრუნა ყოფილ პოლიტიკურ-კულტურულ ელიტას, რაშიც გამოიხატა გადატრიალების რევანშისტული ბუნება და ბოლოს, იგი შეიცავდა აგრეთვე, ეროვნული ხელისუფლების მეთაურის, ობიექტური გარემოებებით განპირობებული ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ წარმოქმნილ საპროტესტო მოძრაობას, რაშიც გამოიხატა გადატრიალების ანტიავტორიტარული ელემენტი.

შედეგები
1992 წლის გადატრიალების შემდგომი პერიოდი ჩვენი საკვლევი პრობლემატიკის ქრონოლოგიურ ზღვარს სცილდება და დამოუკიდებელი გამოკვლევის თემას შეადგენს. ამის გამო, მასზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ მხოლოდ მოკლე თეზისების სახით აღვნიშნავთ 1990-იანი წლების საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური რეალობის მთავარ ტენდენციებს, რომელნიც ჩვენის ღრმა რწმენით, სწორედ მომხდარმა სახელმწიფო გადატრიალებამ განაპირობა. ქვემოთმოყვანილი თეზისები, წინამდებარე ნაშრომის მერვე თავში გამოყენებული თეზისების გაგრძელებაა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველად 1995 წელს გამოქვეყნდა, ბოლოს კი შევსებულ-დამატებული სახით 2000 წელს, სათაურით: “რა მოხდა?! თეზისები საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიისათვის)”.15 ვაგრძელებთ მე-14 თეზისიდან, მცირეოდენი ტერმინოლოგიური ცვლილებებით. (იხ. წინამდებარე ნაშრომის მერვე თავი, გვ. 413).
`14. უკანასკნელი აქტი 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სისხლიანი დრამის სახით გათამაშდა. შეიარაღებული. გადატრიალების შედეგად – დაამხეს ეროვნული ხელისუფლება და განდევნეს ყველა არჩევითი პირი და სტრუქტურა: პრეზიდენტი, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, ადგილობრივი თვითმმართველობა. ქვეყანაში დაიწყო მოქმედება სამხედრო საბჭომ.
საქართველოში ძმათამკვლელი ფიზიკური დაპირისპირება გაღრმავდა და ქვეყანა სამოქალაქო ომმა და ანარქიამ მოიცვა.
1992 წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები. ქვეყნის ორმაგი კრიზისიდან გამოყვანა წარიმართა შემდეგი გეგმით – ა) საერთაშორისო იზოლაციის მდგომარეობიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზით და ბ) სამოქალაქო კონფრონტაციის მდგომარეობიდან ყოფილი ხელისუფლების მომხრე ძალების ძალისმიერი იზოლირების გზით. პირველი პუნქტის განხორციელება რუსეთ-დასავლეთისათვის იყო მისაღები, ხოლო მეორე პუნქტის განხორციელებით, … გადატრიალების შედეგად მოსული, ამ ეტაპზე, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი სამოქალაქო ხელისუფლება იმტკიცებდა თავის მმართველობას და ქვეყნის საგარეო ორიენტაციისა საკითხში პოლიტიკური რეალიზმის ნიადაგზე დგებოდა.
15. ის, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთისადმი მისაღები და ლოიალურად განწყობილი იყო, შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა. დასავლეთმა აინუშშიც არ ჩააგდო არჩეული ხელისუფლების გადატრიალების გზით დამხობის ფაქტი და მოკლე დროში მოახდინა საქართველოს დე იურე ცნობა-აღიარება. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის შერბილება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად “დაიმსახურებდა” ამას უკანასკნელი. და აი, საქართველოს ახალი ხელისუფლება ახორციელებს კომპრომისების გრძელ სერიას, რომელიც იწყება აქ მყოფი რუსეთის ჯარებისათვის საოკუპაციო ჯარების სტატუსის გაუქმებით და მთავრდება უმთავრესი ლოგიკური რგოლით – საქართველოს დსთ-ში შესვლით.
საქართველო, ახალი პოსტკომუნისტური წესრიგის, `დიდი ონავრებისათვის~ მისაღებ სქემაში ჩაჯდა. ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა: დასავლეთმა _ იმიტომ, რომ პატარა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა დიდ რუსეთთან ურთიერთობაში უხერხულობებს აღარ შექმნიდა; რუსეთმა _ იმიტომ, რომ გაურჩებული `უმცროსი ძმა~, მართალია ძველებურად იმპერიაში არა, მაგრამ მაინც თავის სამფარველო-სავასალო ოჯახურ-`ესენგურ~ კერას დაუბრუნდა; შინაური ოპოზიციის კონფორმისტულ-მინიმალისტურმა ბანაკმა _ იმიტომ, რომ ქვეყანას მრისხანე მეზობელთან უპერსპექტივო და დამღუპველი ომის ორბიტიდან გამოიყვანდა და სტაბილური განვითარების საგარეო ფაქტორს შექმნიდა.
16. საყოველთაო იდილია, მაინც არ დამყარდა საქართველოში, რადგან ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის რადიკალურმა და ლიბერალურმა ძალებმა გამსახურდიას ადმინისტრაციას რომ ოპოზიციაში ედგნენ, ახლა შევარდნაძის ადმინისტრაციის ოპოზიციაში გადაინაცვლეს. ეს ძალები, როგორღაც მოტყუებულნი და გაწბილებულნი აღმოჩნდნენ.
ახალმა ხელისუფლებამ, თავდაპირველად, ყველა პოლიტიკური ძალა მიიზიდა პარლამენტში. თავდაპირველ სოლიდარობას ჭრელ პოლიტიკურ ბანაკებს შორის, საფუძვლად ძველი ხელისუფლების მტრობა ედო. ამგვარი სოლიდარობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. წინააღმდეგობა, ერთის მხრივ, ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის რადიკალურ და ლიბერალურ ბანაკებსა და კონფორმისტ-მინიმალისტურ ბანაკებს შორის, თვეების განმავლობაში, გროვდებოდა და კულმინაციურ პიკს პარლამენტში, დსთ-ში საქართველოს შესვლა-არშესვლის საკითხის განხილვის დროს მიაღწია.
პირველნი – არ დაეთანხმნენ დსთ-ში საქართველოს შესვლას და საპარლამენტო უმცირესობის სახით დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას. მეორენი – დაეთანხმნენ სახელმწიფოებრივ კურსს და უმრავლესობის სახით თავი მოიყარეს სახელმწიფოს მეთაურისა და ხელისუფლების გარშემო. ძველ სოლიდარობას საფუძველი მოეშალა, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც.
17. გადატრიალების პერიოდთან შედარებით ქვეყანა სამოქალაქო სტაბილიზაციის გზას დაადგა. ეს დაკავშირებული იყო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ერთ-ერთი ბანაკის გამარჯვებასთან. შევარდნაძემ ეტაპობრივად ჩამოიცილა გზიდან ძველი თუ ახალი მოწინააღმდეგეები, მეგობრები და საკუთარი ადმინისტრაციისა და უმრავლესობის სახით, კონსტიტუციურ საფუძველზე დამყარებული სტაბილური ხელისუფლება შექმნა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ძველი ხელისუფლების კანონიერების იურიდიული საფუძვლების დღის წესრიგიდან მოხსნა.
18. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზომიერად წოდებული ძალების გამარჯვება იმჟამად, თითქოს პასუხობდა ქვეყნის ინტერესებს, რომელიც თავისი განვითარების გარდამავალ პერიოდში და რამდენიმე გლობალური მასშტაბის თვისობრივად ახალ მდგომარეობაში გადასვლის მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიტიკური სტრატეგიის თვალსაზრისით, პოსტსაბჭოური საქართველოსათვის, სწორედ ამ არჩევნებს რამდენიმე ბუნდოვანი პროცესისათვის უნდა მოეძებნა ლოგიკური დასასრული, რაც მეტნაკლებად შედგა კიდეც.
სამწუხაროდ, არსებულმა ხელისუფლებამ განვლილი 8 წლის მანძილზე, ქვეყნის საშინაო ცხოვრების ვერც ერთ ან თითქმის ვერც ერთ პრობლემატურ სფეროში ვერ შეძლო მეტ-ნაკლებად სტრატეგიული ხასიათის წარმატებების მიღწევა. ვერც ეკონომიკაში, ვერც მრეწველობაში, ვერც სოფლის მეურნეობაში, ვერც სოციალურ სფეროში, ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში…~
მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის სფეროში, სწორად განსაზღვრული პროდასავლური კურსის განხორციელების სერიოზული ცდებისა, რისი სრული განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში არ ხერხდებოდა, ქვეყანა მაინც იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკური დეპრესიის, ფინანსურ-საბიუჯეტო კრიზისის, მასშტაბური კორუფციის, სოციალური პოლარიზმის, მასობრივი უმუშევრობის, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის, დაშლილ-დაქსაქსული ეროვნული ცნობიერების, კონფრონტაციული პოლიტიკური ბანაკების არსებობის, კანონისადმი მასობრივი ნიჰილიზმის და უამრავი სხვა გადაუჭრელი პრობლემების ვითარებაში. ყოველივე ეს ზემოაღნიშნული და აღუნიშნავი გარემოებები, რომელშიც XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში აღმოჩნდა საქართველო, მნიშვნელოვანწილად განაპირობა 1991-1992 წლების შეიარაღებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ და ეროვნული ხელისუფლების დამხობამ. გადატრიალების შემდგომი ათწლეულის ქართული საზოგადოებისათვის ძირითადი მამოძრავებელი იმპულსები გახდა არა ეროვნული ერთიანობა, აღმშენებლობითი ენერგია, არამედ ეროვნული ცნობიერების სრული დაშლა, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების გაუფასურება და რაც მთავარია – შიდა ეროვნული ხასიათის დაპირისპირება-კონფრონტაცია, რაც შეუძლებელს ხდიდა ყოველგვარი პოზიტიური პროცესების რეალიზაციას.

მონანიებები და მომნანიებლები
ის, რომ კანონიერი ეროვნული ხელისუფლების დამხობა დანაშაული იყო, შემდგომში არაერთმა ქართველმა ე. წ. პოლიტიკოს-პოლიტიკანმა აღიარა. შესაძლოა ზოგიერთი მათგანის თვითმხილება გულწრფელიც კი იყო, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა ეს თვითაღიარებანიც გააქარწყლა. მათ შემდგომ ე. წ. პოლიტიკურ საქმიანობაში არაფერი არ შეუცვლიათ. ყველა ისინი დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში – ნეგატიური როლების განზრახ თუ გაუცნობიერებელ შემსრულებლებად, ცალკეული გამონაკლისების გარდა. ჩვენ, მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტაკლის ნეგატიური პროტაგონისტების მონანიებებს ამოვიწერთ ბ-ნ იგორ კვესელავას ჩვენს მიერ დამოწმებული ნაშრომიდან:
თ. კიტოვანი – `სამარცხვინოა, როცა ქართველი კაცი საკუთარ პრეზიდენტს ებრძვის, გინდ ოპოზიცია იყო, გინდ მოწინააღმდეგე თუ მომხრე.~16
1992 წელს ეროვნული გვარდიის ექს-სარდლისაგან ინტერვიუ აიღო გაზეთ `ფაქტი აზრი კომენტარის~ რედაქტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა. რომელიც გამოქვეყნდა 1995 წლის ივლისში. კითხვაზე: `რა არის თქვენი ყველაზე დიდი ცოდვა, მას შემდეგ რაც პოლიტიკას მიჰყავით ხელიო?~ კიტოვანმა უპასუხა: `ყველაზე დიდი ცოდვაა პოლიტიკა.~ ექსსარდალმა თავისი ცოდვები პოლიტიკას გადააბრალა.
გ. ხოშტარია – `პრეზიდენტთან ჩემი ურთიერთობა ისეთი სფეროა, მეც მაქვს იქ დაშვებული საკმაოდ მძიმე შეცდომები, თუ გნებავთ, დანაშაული.
მე დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ჩემდაუნებურად წითლების ხელმეორედ მოსვლას შევუწყვე ხელი, ჩემი გადამეტებული ემოციური თუ ინტელექტუალური დაპირისპირებით ეროვნულ ხელისუფლებასთან. მთელმა მსოფლიომ რომ მაპატიოს, ჩემს თავს მე მაინც არ ვაპატიებ ამას.~17
ვ. გოგუაძე – `ახლა ჩვენ გამტყუნებული ვართ გამსახურდიას მიმართ და გარკვეულწილად ბოდიში შემიძლია მოვუხადო ამისათვის.~18
ირ. ბათიაშვილი – `ჩემი დიდი შეცდომა ის იყო, რომ შეიარაღებულ ოპოზიციას დავუჭირე მხარი.~19 1995 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ `ფაქტი აზრი კომენტარში~ სტუმრობისას ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, `ის, რაც გამსახურდიას ოპოზიციამ გააკეთა, საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდა.~
ლ. შაკიაშვილი – `ისეთი პრეზიდენტი მირჩევნია, – რომელსაც ჯილდოდ თავის ხალხის სიყვარული აქვს. ასეთი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. ვინც მის პატრიოტიზმში ან ეროვნულობაში ეჭვს შეიტანს, ის ადამიანი არ არის… ჩვენ ავჩქარდით და არ ვაცალეთ მას.~20
თორნ. ფიფია – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ მცდარი პოზიცია დაიკავა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან მიმართებაში. დღეს კი ყველამ გაიცნობიერა, რა არის ზვიადის სახელი საქართველოსათვის.21
ახლა მცირერიცხოვან მემუარულ ლიტერატურას გადავავლოთ თვალი. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ბ-ნი ვახტანგ ძაბირაძე უფრო საკუთარი პარტიის მიერ განვლილი გზისა და საქმიანობის შეუმცდარობის დასაბუთებითაა დაკავებული. მიუხედავად ამისა, ერთ შეცდომას მაინც აღიარებს, თუმცა მის მნიშვნელობას კი არ აფასებს. ჯერ მოვუსმინოთ:
`…მაგრამ ღიად რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ვერანაირი შეფასება ვერ გასცემს პასუხს და რომელიც ყოველ ჩვენგანშია, იმისდა მიუხედავად, თუ რა დოზით ვღებულობდით მონაწილეობას ამ პროცესებში, ხელისუფლებაში ვიყავით თუ ოპოზიციაში, ან ვის ვუჭერდით მხარს და ვის არა, – ანუ, ვინ არის დამნაშავე? უფრო სწორად, როგორ შევაფასებდით ჩვენსავე მოქმედებას იმ პერიოდში (1987-1992 წ. წ.) და საშუალება რომ მოგვცემოდა, რას შევცვლიდით?
სხვისი არ ვიცი და პირადად მე, მგონია, როდესაც ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიის შენობა დაიკავა, იქიდან უნდა წავსულიყავით…~22
აქ გარკვეული მოვლენის, ქმედების მნიშვნელობის გაუბრალოებასთან გვაქვს საქმე. თითქოს ერთ უმნიშვნელო მოვლენაზეა საუბარი – ბ-ნი ძაბირაძე უნდა ტელევიზიის შენობიდან წამოსულიყო, მაგრამ არ წამოვიდა. ნ. ნათაძეც, დაახლოებით, ამასვე ამბობს. ოპოზიციის სხვა არაერთი ზომიერ-ლიბერალურ-დემოკრატიული ბანაკისა თუ პარტიის ასეულობით წარმომადგენელიც, შესაძლოა შემდგომში ფიქრობდნენ, რომ `იქიდან უნდა წამოსულიყვნენ~, მაგრამ რატომღაც არ წამოვიდნენ.
ცოტა ჩავუღრმავდეთ: საიდან არ წამოვიდნენ და რატომ არ წამოვიდნენ?
ფაქტიურად, როდესაც ეროვნული გვარდიის გადამდგარმა ნაწილებმა ტელევიზიის, უფრო სწორად, ტელერადიოდეპარტამენტის შენობა დაიკავეს, ანუ მისი ოკუპირება მოახდინეს, სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოში კიტოვანის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ნაწილების ამბოხება. ამ პოზიციას თავად ვ. ძაბირაძეც აღიარებს: `რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალურ და ჩამოყალიბებულ ქვეყანაში სამხედრო ფორმირება, რომელიც არ ასრულებს უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებას, იურიდიულად ამბოხებულად ითვლება და რაიმე მოტივით მისი გამართლება შეუძლებელია…”23 მაგრამ, ამის შემდეგ, ავტორი თავისსავე სიტყვებს ეწინააღმდეგება და გარკვეული მოტივით ამბოხებულების ქმედებაში გამართლების ელემენტებს ეძებს.
ერთი სიტყვით, ისევ მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ. ამბოხებული კიტოვანის გვარდიელების მიერ ტელერადიოდეპარტამენტის შენობის დაკავების მერე იწყება ფაქტიურად – შეიარაღებული და შეუიარაღებელი ოპოზიციის ურთიერთსოლიდარული და ერთობლივი ბრძოლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ე. წ. `მშვიდობიანი~ ოპოზიცია, რომელიც ტელევიზიაში ერთად იდგა ამბოხებულ გვარდიასთან, ფაქტიურად მხარს უჭერდა ამბოხებას. ასე, რომ როცა ძაბირაძე, ნათაძე, სხვა ბევრი პარტიისა თუ ინტელიგენციის წარმომადგენელი ამბობდა, ან წერდა ან გულში მაინც ფიქრობდა, `იქიდან უნდა წამოვსულიყავი~, მაგრამ არ წამოვედიო, ამით აღიარებს, რომ `იქ~ ყოფნა – კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამბოხებული შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერას და ამბოხების მიმართ ლოიალობას ნიშნავდა, თუ მეტს არა.
და ბოლოს, კიდევ ერთი `მომნანიებლის~ – ბ-ნ ნ. ნათაძის მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ჩვენთვის საინტერესო ასპექტით. მან ყველა მაშინდელ მოვლენათა თვითმხილველ-მონაწილეზე მეტი დაწერა, მეტი გადმოსცა, მეტი გააანალიზა და ბუნებრივია, რომ სხვებზე მეტი `მონანიება~, თვითაღიარება და სინანული დაუგროვდა.
– `ზოგადად, მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც უნდა ვთქვა, რომ სახალხო ფრონტის უარის თქმა `მრგვალ მაგიდასთან~ ბლოკირებაზე მე დღეს, ისევ და ისევ ხანგრძლივი აწონ-დაწონის შემდეგ, შეცდომად მიმაჩნია.~24 ეს ეპიზოდი ეხებოდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდს.
მეორე ეპიზოდი 1991 წლის 2 სექტემბრისაა. როცა კინოს სახლთან სროლა მოხდა ნ. ნათაძე მარტყოფში იმყოფებოდა და არ იცოდა რა მოხდა იმ დღეს. მიუხედავად ამისა, მოპროტესტე მასის ზეგავლენით, იმის მაგივრად, რომ ეთქვა `სანამ ყველაფერი არ მეცოდინება, ჩემი აზრი მომხდარზე ვერ მექნება-მეთქი~, ნ. ნათაძემ მიკროფონით, ფაქტიურად, პრეზიდენტი დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა: `დიდი ხანია მომწიფდა დრო, რომ საქართველო თავის პრეზიდენტს გაემიჯნოს, ახლა ამ სროლით თვითონ პრეზიდენტი გაემიჯნა საქართველოს. მისი მოვალეობაა გადადგეს~. ე. ი. გამოდის, სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ერთს ფიქრობდა, მეორეს ამბობდა. მემუარისტი მწარედ ნანობდა თავის ამ უცნაურ საქციელს: `ჩემთვის და ჩემი სულისათვის (იმ შემთხვევაში თუ საიქიო ნაცვალგება არსებობს, და იმ შემთხვევაშიც, თუ იგი არ არსებობს), ჯობდა არა თუ ის, რომ მარტყოფში ფეხი მომტეხოდა, არამედ ისიც, რომ იმ დღით ინსულტი ან ინფარქტი მომსვლოდაო.~25
მესამე მოსანანიებელი ეპიზოდი, კიდევ უფრო უცნაური და წინააღმდეგობრივია. მასზე ყურადღებას, ისევე როგორც სხვა ეპიზოდებზე არ გავამახვილებდით, რომ ისინი მხოლოდ ერთ რიგით პიროვნებას ეხებოდეს. მაგრამ ბ-ნ ნ. ნათაძის სახელთან დაკავშირებული იყო, მისი რწმუნებით და საერთო აღიარებითაც, იმ პერიოდში სოლიდური პოლიტიკური ორგანიზაციის – სახალხო ფრონტის პოზიცია. მოკლედ, სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვრამდე მიაღწევდა, სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მთავრობის სასახლის წინ, პრეზიდენტის მომხრეთა ერთ-ერთ ყოველდღიურ მიტინგზე მისულიყო და მოეწოდებინა დაშოშმინებისა და დაპირისპირების განეიტრალებისაკენ. მაგრამ მას ურჩიეს მიტინგზე არ წასულიყო, რადგან პრეზიდენტის ეგზალტირებულ მომხრეებს მაინც ვერაფერს გააგებინებდა. მიუხედავად, ამგვარი საქციელის ბუნებრიობისა, ბ-ნი ნ. ნათაძე მაინც წუხს ამ შემთხვევის გამო, რომ როგორც თავად წერს: `ჩემდა სანანებლად (რასაც ვერასდროს მოვინელებ) დავთმე~ – ე. ი. რადგან მიტინგზე არ წავიდა.
მაგრამ ამის შემდეგ, სრულიად გაუგებარი და სრულიად საპირისპირო ნაბიჯი გადადგა სახალხო ფრონტის ლიდერმა – იგი წავიდა პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა დიდ მიტინგზე, რესპუბლიკის მოედანზე. იგი აქ სიტყვითაც კი გამოვიდა, რითაც უკვე არსებულ სერიოზულ დაპირისპირებაში, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა ბანაკში დგომა დააფიქსირა. რა თქმა უნდა, მას ამის სრული უფლება ჰქონდა. მაგრამ სხვა გარემოება იწვევს გაკვირვებას თუ ეჭვს თუ გაუგებრობას – ნ. ნათაძეს `იქ~, ე. ი. ოპოზიციის მიტინგზე წასვლა არ უნდოდა და რასაც იქ ხედავდა მის `გულზიდვას~ იწვევდა `არა მხოლოდ ყალბი, არამედ არაბუნებრივად, თითქოს მიზანმიმართული ტონალობისა და ტრიბუნაზე ახალი პერსონაჟების გამოჩენის~ გამო. Mმოკლედ, სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, სადაც უნდოდა იქ ვერ მიდიოდა და სადაც არ უნდოდა იქ დადიოდა.
მეოთხე მოსანანიებელ ეპიზოდში ბ-ნი ნოდარ ნათაძე უკვე ტელევიზიის შენობასთან წამოწყებულ აქციის დროს – `იქ ყოფნას~ კვლავ ნანობს და კიდევ `ერთ მცდარ~ ნაბიჯს უწოდებს. მართალია, იგი განმარტავს, რომ ჩემი იქ ყოფნა აქციის მონაწილეთა მხარდაჭერის მიზნით არ მომხდარა, არამედ მოვლენების თვალყურის დევნების მიზნითო, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო თავის მართლების მიზნითაა დაწერილი და ასეთი თავის მართლებაც არაფრის მომტანია. `იქ ყოფნა~ – იქ მყოფების მხარდაჭერას ნიშნავდა და სწორედ, ასე აღიქვამდნენ სახალხო ფრონტის ლიდერისა და სხვა ფრონტელების `იქ ყოფნას~ მტრებიც და მოყვარენიც.
მეხუთე მოსანანიებელი ეპიზოდიც სულიერი წინააღმდეგობისა და უცნაური არათანმიმდევრობით გამოწვეული სინანულითაა მემუარისტის მიერ გადმოცემული. ნ. ნათაძე სხვა ფრონტელებთან ერთად, ტელევიზიის აქციას ღამითაც არ შორდებოდა, იმიტომ რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ ამბოხებულ გვარდიასთან ერთად იმყოფებოდა სახალხო ფრონტის გასამხედროებული ფორმირება `იმედი~, დ. ხომასურიძის თავკაცობით. თვით შენობაში ამბოხებული გვარდიელები, მათი გენერალიტეტი კიტოვანის მეთაურობით და სხვა მხარდამჭერი ელიტისა თუ პარტიების აქტივი იმყოფებოდა, ყველა ვისაც არსებული ხელისუფლების მოუსავლეთში გაგზავნა ენატრებოდა. სწორედ, ამიტომ სახალხო ფრონტის თავკაცი ამგვარ კამპანიაში თავისი ბუნებრივი პატრიოტიზმის გამო, თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. წერს კიდეც: დღეებისა და კვირეების მანძილზე, `შენობაში არ ვათენებდი, რადგან ეს სულის ძირამდე მეხამუშებოდაო~. ამის გამო, აი, რა მოიფიქრა სახალხო ფრონტის სულიერ რყევებში ჩავარდნილმა თავკაცმა: `ვიძინებდი ჩემს მანქანაში, რომელიც ტელევიზიის შენობის კედელთან, ზოოპარკის მხარეს მეყენა.~26 რა უნდა დავასკვნათ? უდაოდ პატივსაცემია სახალხო ფრონტის თავკაცის შინაგანი პატიოსნება, მაგრამ მისი ფაქტიური მოქმედება არაადეკვატური იყო. ბ-ნ ნათაძისა და სხვა მისი თანამოაზრეების ტელევიზიასთან მუდმივი ყოფნა ნიშნავდა, აქციის დანარჩენ მონაწილეთა თანადგომას და თანამონაწილეობას, როგორც შეიარაღებული ამბოხებულების, ისე დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერას.
მეექვსე მოსანანიებელი ეპიზოდი უკვე წესად ქცეული წინა შეცდომების გამეორება და აღიარებაა, რაც ამ უკანასკნელს ფასს უკარგავს. საქმე ეხება 20 დეკემბერს გამართულ ოპოზიციის დიდ მიტინგს, რაც უკვე მთავრობის სასახლეზე მეამბოხეების შეიარაღებული თავდასხმის შესავალს, მის თავისებურ სამოქალაქო უვერტიურას წარმოადგენდა. თავად, მოგონებების ავტორი, გაღიზიანებული ირონიით შენიშნავს, მიტინგს ავტომატიანი გვარდიელები `იცავდნენო~. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი, ნ. ნათაძესავე შეფასებით `უკვე უმძიმესი სიმპტომი იყო~ და ჩვენი აზრით კი, ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციის თავკაცი, რომელიც არ იზიარებდა ამბოხებული გვარდიის პოზიციას, არც უნდა გაჰკარებოდა ასეთ მიტინგს, ამის საწინააღმდეგოდ, ნათაძე წერს: `მეც გამოვედი, იმ გვარდიელებით დახუნძლულ ტრიბუნაზე (რაც, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო ჩემი მხრიდან)…~
მოკლედ, სახალხო ფრონტის ლიდერი, ერთს ფიქრობდა და მეორეს აკეთებდა, რაც პოლიტიკაში ასე თუ ისე ჩართული კაცისაგან, რბილად რომ ვთქვათ – უპასუხისმგებლობას ნიშნავდა, ხოლო უფრო ზუსტად – მეამბოხეების მხარდაჭერა-თანადგომასაც. ეს სულიერ-ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური მერყეობა, არათანმიმდევრობა და უპრინციპობა, რომელიც სახალხო ფრონტის თავკაცს თუ სხვა მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაციების აქტივისტებს ახასიათებდათ, იმ ჩიხურ მდგომარეობაში ჩავარდნით დასრულდა, რომელშიც ისინი, უშუალოდ, შეიარაღებული გადატრიალების დღეებში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ, თავად, ნ. ნათაძე გვაუწყებს: `მოვლენათა იმ განვითარებამ, რომელიც, ასე იყო თუ ისე, დავუშვით და რომელსაც იმ სულისკვეთების ადამიანებმა, რომელსაც მე ვეკუთვნი, წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, გაგვრიყა. …მე ვიყავი ჩიხში. უარესი: არა მხოლოდ მე ვიყავი ჩიხში, არამედ ის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ორგანიზაციაც, რომელსაც სათავეში ვედექი, და ის მთელი საქმეც, რომლის მონაწილე ვიყავი. იმ მენტალიტეტის ადამიანთათვის, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნოდით, იმ `მეამბოხეებთან~, ანუ ე. წ. `პუტჩისტებთან~ ერთად ყოფნა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ზნეობრივადაც და გონების მოთხოვნათა შესაბამისადაც; მათი ცხადად უცხოური და ძალიან `მალფუჭადი~ სახე ძალიან მალე გამოჩნდა იმით, რომ პირდაპირ თანამემამულეთა წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედება დაიწყეს.27
მომნანიებელთაგან ყველაზე გულწრფელი გელა ჩორგოლაშვილი ჩანს, რადგან მან სცადა საქმით გამოესყიდა თავისი შეცდომა და პოლიტიკურ ასპარეზს გაერიდა, რის გამოც, მას ვერ მივაკუთვნებთ ნეგატიური პოლიტიკოსების ბანაკს. `ჩვენ მაშინ, სამწუხაროდ, ურემი გადავაბრუნეთ და გზა მერე დავინახეთ. პროცესები ვერ აღვიქვით. ზვიადმა ზუსტად განჭვრიტა ეს ყველაფერი.
ჩემი, როგორც უზენაესი საბჭოს დეპუტატის, ნებსითი თუ უნებლიე როლი იმ შეთქმულებაში უნდა შეაფასოს მიუკერძოებელმა სასამართლომ და მხოლოდ, მას შემდეგ, დავბრუნდები პოლიტიკაში, როცა გავსამართლდები.
რაც საქართველოში მოხდა, იყო შეთქმულება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ.~28
გ. ჩორგოლაშვილისა, ნ. ნათაძისა და მსგავსი პიროვნებებისაგან განსხვავებით, შეცდომებისა თუ დანაშაულის ისეთი თვითმაღიარებლები უფრო ბევრნი იყვნენ, რომელთა შორის ცოტა იყო ჭეშმარიტი მომნანიებელი. მათი უმრავლესობა შემდგომ 10-15 წელიწადშიც ძველებური რიხითა და მეტი ამბიციურობით განაგრძობდა ე. წ. პოლიტიკურ საქმიანობას და დღესაც, ჯიუტად ცდილობს `ჩანდეს~ სცენაზე. სწორედ, ეს უკანასკნელი გარემოება, მათს მონანიებასაც და შეცდომა-დანაშაულის აღიარებასაც ჩვეულებრივი წუთიერი სინანულის გამოვლინების ხასიათს აძლევს და სწორედ, ამ გარემოების გამო, ყოველგვარ ღირებულებასაც უკარგავს. ჩვენც ამით შევწყვიტოთ ამ თემაზე საუბარი და დავასკვნათ, რომ გადატრიალებაში მონაწილეთა თუ მათ შორის, ვინც ნებისმიერი სახის შეცდომა ან დანაშაული დაუშვა იმ პერიოდში, აბსოლუტური უმრავლესობის ე. წ. მონანიება ან თვითაღიარება, არავითარ გულწრფელ სინანულს არ წარმოადგენდა და არავითარი როლი არ უთამაშია მათს შემდგომ საქმიანობაში, პოზიტიური თვალსაზრისით, ანუ ისინი არც შემდგომ პერიოდში ყოფილან იმაზე უკეთესნი, ვიდრე შეიარაღებული გადატრიალების დროს იყვნენ.

ათი მიზეზი იმისა, რაც მოხდა. ამ თემას მუდმივად ვეხებოდით ჩვენს ნაშრომში, სხვადასხვა საკითხების განხილვის დროს. ამჯერად, შევეცდებით თავი მოვუყაროთ თბილისის სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებსა და კომპაქტურად წარმოვიდგინოთ ისინი. შევეცდებით გარკვეული თანმიმდევრობაც დავიცვათ, იმ მნიშვნელობათა მიხედვით, რომელიც ამ მიზეზებმა ითამაშეს 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში და ზოგიერთ დრამატულ ეპიზოდში, რომელნიც წინ უსწრებდა ამ მოვლენას.
პირველ რამდენიმე მიზეზს, რომლებმაც უშუალოდ გამოიწვიეს 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, საფუძველი ჩაუყარეს, მოამზადეს და განახორციელეს კიდეც ეს შავბნელი აქტი – მიზეზთა მიზეზები უფრო უნდა ვუწოდოთ, რადგან პირველხარისხოვანნი არიან თავიანთი მნიშვნელობით.
1. ყოფილი მეტროპოლიის, ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში. მის მიერ ეთნოკონფლიქტების პროვიცირება და სეპარატისტული ძალებისადმი მხარდაჭერა; მის მიერ საქართველოში არსებული მძლავრი მეხუთე კოლონის პოლიტიკური, ფინანსურ-მატერიალური, სამხედრო მხარდაჭერა; რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების, განსაკუთრებით უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სხვადასხვა სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობა საქართველოს საშინაო საქმეებში და დესტრუქციულ პროცესებში, ბოლოს კი პირდაპირი ინტერვენციული დახმარება ამბოხებულებისადმი. რუსეთის საინფორმაციო საერთაშორისო მასშტაბის ომი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც იდეოლოგიური საფუძველი მოუმზადა ეროვნული ხელისუფლების იზოლაციას დანარჩენი სამყაროსაგან, ხოლო დასასრულს, შეძლო კიდეც მისი საერთაშორისო იზოლირება.
2. მეხუთე კოლონის არაჩვეულებრივი სიძლიერე და მრავალრიცხოვნება. მეხუთე კოლონის ფუნქცია რუსეთისათვის შეასრულა მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, განურჩევლად პოლიტიკური ბანაკებისა, ორიენტაციისა. ის ოპოზიციური პოლიტიკური და სოციალური ჯგუფები, რომელნიც ჩვენ ნაშრომის ამ თავში ჩამოვაყალიბეთ, ყველა მათგანმა შეადგინა საბოლოო ჯამში – მეხუთე კოლონის დიდი ბანაკი. აქ, შედიოდნენ ძველი კომუნისტური ელიტაც, ზეპური ინტელიგენციაც, ზომიერი და რადიკალური პოლიტიკური პარტიებიც, ამბოხებული შეიარაღებული გვარდიისა და უკანონო ფორმირებების ნაწილებიც.
გახსოვთ, როგორ გაჩნდა ეს ტერმინი? – მეხუთე კოლონა? უნდა გავიხსენოთ, რადგან ჩვენში მან განსაკუთრებული და არატიპიური როლი შეასრულა. 1936 წლის აგვისტოში რესპუბლიკური მადრიდისაკენ დაიძრნენ ფაშისტი ამბოხებულები, რომლებსაც დიდძალი სამხედრო ტექნიკით და გამანადგურებელი თვითმფრინავებით მხარს უჭერდნენ გერმანია და იტალია. გენერლების ფრანკოსა და მოლის არმიის ნაწილები ოთხი კოლონის სახით უახლოვდებოდნენ მადრიდს, როცა გენერალმა მოლიმ წარმოთქვა ფრაზა: `მადრიდში ჩვენ გველოდება მეხუთე კოლონა~ – მასში გენერალი ცხადია ფაშისტ შეთქმულებს და აჯანყებულთა მხარდამჭერებს გულისხმობდა – რესპუბლიკური ესპანეთის წინააღმდეგ.29
იგივე შეიძლებოდა ეთქვა XI წითელი არმიის სარდალს გენერალ ჰეკერს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის დასამხობად მოეშურებოდა 1921 წლის თებერვალში. ამ დროს, საბჭოთა რუსეთის აგენტები – ქართველი ბოლშევიკები თბილისსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაძრწოდნენ და კომუნისტური ხელისუფლებისათვის მხარდაჭერის აგიტაციას ეწეოდნენ მოსახლეობაში. ეს იყო ტიპიური მეხუთე კოლონა.
მაგრამ 1991 წლის შემოდგომა-ზამთარში, სხვაგვარი ვითარება გახლდათ. აქ, მაშინ რუსეთის არმია არ შემოსულა, თუმცა ის აქ იყო – ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბჭოთა და რუსული არმიის სახით. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოში მდგარი საოკუპაციო არმია სამხედრო ოპერაციებში არ ჩაბმულა. შეიარაღებული ამბოხება ხომ ისევ ე. წ. ეროვნული გვარდიის ნაწილებმა და მასთან მიტმასნილმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოახდინეს, ხოლო შემდგომში მათ გარეშემო დაირაზმა საქართველოს მეხუთე კოლონა. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა გვერდში ედგა ქართულ მეხუთე კოლონას და მის შეიარაღებულ ფრთას – კიტოვანის გვარდიას, იარაღით და ინსტრუქციებით ამარაგებდა მას და გადამწყვეტ მომენტში სამხედრო ოპერაციაში ჩაერია კიდეც კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ. აქ, იმას არა აქვს მნიშვნელობა, რომ რუსული ქვედანაყოფი მცირერიცხოვანი გახლდათ. მთავარია, რომ ამ პრევენციული ჩარევით, გამსახურდიას ალყაშემორტყმული ხელისუფლება მიახვედრეს, რომ თუ კიტოვანის გვარდიის ნეიტრალიზებას მოინდომებდა – ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთამ ექნებოდა საქმე.
მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ქართულმა მეხუთე კოლონამ, მისმა შეიარაღებულმა ფრთამ – კიტოვანის ამბოხებულმა გვარდიამ, 1991 წლის შემოდგომა-ზამთარში – რუსეთის საოკუპაციო ჯარის ფუნქცია შეასრულა და მეტროპოლია შავი საქმის გაკეთებისა და საერთაშორისო უხერხულობისაგან გაანთავისუფლა, იმით, რომ თავად მოახდინა ფაქტიურად ქვეყნის ხელისუფლების დამხობაც, ოკუპაციაც, ანექსიაც.
3. მწვავე დაპირისპირება ჯერ ეროვნულ-განმათავისუფლებელ, შემდეგ ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში, რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებსა და ბანაკებს შორის. დამოუკიდებელ საქართველოში ეს კონფრონტაცია გადაიზარდა ეროვნული კონგრესის შეუნიღბავ ბრძოლაში ეროვნულ ხელისუფლებასთან. ორივე ბანაკის რადიკალურმა ხასიათმა, შეურიგებლობამ, ინფანტილიზმმა, ირაციონალიზმმა, პოლიტიკური რეალიზმის უგულებელყოფამ, შეუზღუდავმა ამბიციურობამ მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ქვეყანაში და შეუძლებელი გახადა პოზიტიური პროცესების განვითარება. ერთის მხრივ, სახეზე იყო ხელისუფლების მძიმე შეცდომები ოპოზიციასთან დამოკიდებულებაში, ხოლო მეორე მხრივ, სახეზე გახლდათ რადიკალური ოპოზიციის დანაშაულებრივი კონფრონტაცია ხელისუფლებასთან, რასაც განაპირობებდა არა მათი ყბადაღებული ბრძოლა დემოკრატიისათვის, არამედ ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელიც მიმდინარეობდა არაკანონიერი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მეთოდებით. სწორედ, ეს უკანასკნელი გარემოება – რადიკალური ოპოზიციის, პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით კი – ეროვნულ-დემოკრატების, ჭავჭავაძისტების, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა და სხვათა უკომპრომისო და დანაშაულებრივი კონფრონტაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა.
4. ამის შემდეგ, მოდის შედარებით მეორეხარისხოვანი მიზეზები, რომლებსაც არაგადამწყვეტი, მაგრამ გარკვეული როლი შეასრულეს თუ საფუძველი შექმნეს ჩვენთვის საინტერესო მოვლებისათვის. მაგ. ერთ-ერთი მათგანი იყო უკვე ზოგადად აღნიშნული, მაგრამ მაინც ცალკე გამოსაყოფი – ე. წ. ელიტარული ინტელიგენციის ნეგატიური როლი და ადგილი მაშინდელ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველ რიგში ისაა აღსანიშნავი, რომ ჩვენებურმა ზეპურმა ინტელიგენციამ ვერ შეძლო XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი, წარმმართველი ინტელექტუალური მისიის შესრულება. მისი წინანდელი პატრიოტულ-პროფესიული დამსახურებიდან გამომდინარე, ზეინტელიგენციას, დიახაც, ჰქონდა ეროვნული მოძრაობის თავკაცობის ბუნებრივი პრეტენზიაც, ამბიციაც, ინტელექტუალური პოტენციალიც. მაგრამ საამისოდ მას არ ეყო გამბედაობა და პოლიტიკური ენერგია.
შესაძლოა ჩვენებურ ზეპურ ინტელიგენციას ხელი შეუშალა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მუდმივი ზემოქმედების წნეხმა. საბჭოთა სახელმწიფომ ქართველი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რესპუბლიკის ინტელიგენცია – თავდაცვითი ბრძოლის მდგომარეობაში ჩააყენა. მისი უპირველესი საზრუნავი ათეული წლების განმავლობაში იყო – ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება, ეროვნული ღირებულებების დაცვა, საერთოდ ის ყველაფერი, რასაც თავდაცვითი ნაციონალიზმი გულისხმობს და მოიაზრებს. XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლებში საჭირო გახდა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, რომლის მიზანი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება ანუ თავდაცვითი პატრიოტიზმის ჩარჩოში ტრიალი კი არა – ახალი მიზნის, ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა გახლდათ, რისთვისაც მხოლოდ თავდაცვითი სტრატეგია აღარ კმაროდა. საჭირო გახდა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, რაც ასეთსავე აქტიურ ენერგიას მოითხოვდა. სწორედ, ეს ვერ შეძლო ელიტარულმა ინტელიგენციამ და მას მეთაურობის ფუნქცია – რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩამოართვეს. მათ მეტი დაუხარჯავი ენერგია აღმოაჩნდათ, თუმცა ინტელექტუალური პოტენციალი ნაკლებად გააჩნდათ.
ინტელიგენციამ პასიურ როლებზე გადაინაცვლა და ამით, არამარტო პატივმოყვარეობა შეელახა, არამედ სოციალური სტატუსიც დაკარგა, რასაც ის ვერ შეეგუა და უღირს გარიგებაზე დათანხმდა – კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის გზით და ყოფილი მეტროპოლიის გავლენის აღდგენით დაებრუნებინა ის, რაც დაკარგა. ელიტარული ინტელიგენციის ამ ნაწილმა, მიუხედავად კულტურულ-პოლიტიკური პრივილეგირებული სტატუსის დაბრუნებისა, შემდგომში, ვერასოდეს ვეღარ შეძლო ქართველი საზოგადოების თვალში ძველი ავტორიტეტისა და ერის ინტელექტუალური ლიდერის მაღალი მდგომარეობის დაბრუნება, რამაც ჯერ ერთი, რომ უარყოფითი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, თავისი ნეგატიური როლი ითამაშა XX-XXI საუკუნეების ქართული ინტელიგენციის ძველი და ახალი თაობების გაუცხოების პროცესში.
5. XX საუკუნის 70-80-იანი წლების ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას სათავეში რადიკალური პიროვნებები და პოლიტიკური ძალები მოექცნენ და ასეთივე ხასიათი მისცეს მთელ მოძრაობას. იგივე ძალები აღმოჩნდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური მოძრაობის სათავეში. ამ გარემოებამ გამოიწვია პოლიტიკური მოვლენების კონფრონტაციული ტენდენციით განვითარება. სხვათა შორის, ეს მოვლენა სრულიადაც არ იყო არაბუნებრივი, პირიქით, იგი სრულიად ბუნებრივი და დამახასიათებელი გახლდათ საქართველოს, როგორც ძველი, ისე ახალი დროის ისტორიისათვის. ამჯერად, მხოლოდ ახალი ისტორია გავიხსენოთ. რადიკალური იყო თავისი ხასიათით XIX საუკუნის პირველი მესამედის ანტისარუსეთო აჯანყებები, რომელნიც ქართული სახელმწიფოს აღდგენას ისახავდნენ მიზნად. რადიკალურ-რომანტიკული გახლდათ 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობა. XIX საუკუნის 70-იან წლებიდან XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლომდე ეროვნულ-სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლას რევოლუციური და რადიკალური პოლიტიკური პარტიები ედგნენ სათავეში: ხალხოსნები, სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, ესერები, ანარქისტები, ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი… იგივე რევოლუციური პარტიები წარმოადგენდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. 1922-1924 წლების ეროვნულ მოძრაობას და აჯანყებასაც პატრიოტულ-რადიკალური საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ჩაუდგა სათავეში.
ქართული ეროვნული მოძრაობის ეს ბუნებრივი გზა და ტრადიცია აღადგინა და გააგრძელა 70-80-იანი წლების ეროვნულ-რადიკალურმა თაობამ, ხოლო შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ. ამ მოვლენას თავისებური კანონზომიერი ხასიათი ჰქონდა – იმას, რომ მოძრაობას რადიკალები მეთაურობდნენ და მოძრაობასაც რადიკალური ხასიათი ჰქონდა. ქართული ეროვნული მოძრაობის რადიკალურობას განაპირობებდა ის გარემოება, რომ მისი მიზანი მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და დამოუკიდებლობა შეიძლებოდა ყოფილიყო. სხვა მიზანს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანს – ქართული ეროვნული მოძრაობა არ სცნობდა, მას უქვემდებარდებოდა სხვა ყველაფერი. სხვათა შორის, ამას იშვიათად, ან საერთოდ არ აღნიშნავენ, რომ სრული დამოუკიდებლობის ლოზუნგმა და ეროვნული მოძრაობის რადიკალურობამ განსაზღვრა საქართველოს განსაკუთებული სტატუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში და გამოარჩია ის სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველო სხვებზე მეტად აღმოჩნდა დასავლურ სტრუქტურებთან ახლოს; მისი საგარეო პოლიტიკა სხვებზე მეტადაა გამოკვეთილი პროდასავლური მიმართულებისა; საქართველოში მოხდა პირველად პროდასავლური ორიენტაციული ხასიათის რევოლუცია 2003 წლის 23 ნოემბერს და საქართველოს უკრაინასთან ერთად სხვებზე მეტად აქვს პრეტენზია ნატო-ში გაერთიანების. ეს ყველაფერი და საქართველოს დასავლური პერსპექტივა, სწორედ ქართული ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ხასიათმა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ განაპირობა.
მაგრამ იგივე რადიკალიზმმა მოამზადა ნიადაგი ეროვნულ მოძრაობაში და შემდგომში დამოუკიდებელ საქართველოში – კონფრონტაციისათვის. იმჟამად, დასავლეთი და მისი სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი აშშ, ჯერ კიდევ არ იყო მზად დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. სრული დამოუკიდებლობისა და რუსეთის გავლენისაგან გამოსვლის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ეროვნული ხელისუფლება ახორციელებდა, წინააღმდეგობაში აღმოჩნდა საერთაშორისო პოლიტიკურ რეალობასთან, რასაც მოჰყვა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაცია და იგი მარტო აღმოჩნდა ყოფილი მეტროპოლიის პირისპირ. მოვლენების ამგვარი განვითარება გახლდათ ტრაგიკული რეალობა.
ისტორია მხოლოდ მშრალი პოლიტიკური რეალიზმისაგან არ შედგება. მისივე თანმდევი და შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური რომანტიზმი და იდეალიზმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პოლიტიკური რომანტიკოსი და იდეალისტი გახლდათ. იგი 1991-1992 წლების მიჯნაზე, კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში დამარცხდა, რადგან კონკრეტული დამარცხება მისი არჩევანი იყო, მაგრამ მანვე ეს გააკეთა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის გადარჩენისათვის. ასე დავასკვნათ, იგი დამარცხდა, როგორც პოლიტიკური რეალისტი, პოლიტიკოსი და გაიმარჯვა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისათვის მებრძოლმა, რადგან ამ იდეისათვის ბრძოლა გაგრძელდა და დღესაც გრძელდება.
6. როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერობის, ისე საქართველოს ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში, ზვიად გამსახურდიამ, როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ნაშრომში საკმაოდ გვქონდა ამ თემის შესახებ საუბარი. აქ გვინდა აღვნიშნოთ, ის რასაც ნაკლებად ითვალისწინებენ ხოლმე. ზ. გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიური მხარეები და შეცდომები სამი სახისაა და სამი გარემოებიდან მომდინარეობდა. პირველი გარემოება იყო ობიექტური რეალობით განპირობებული სიძნელეები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წინ ვერ აღუდგებოდა. ისინი პირველ რიგში მეტროპოლიიდან მომდინარეობდა: ეკონომიკური ბლოკადა; ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული მოძრაობის მოსკოვიდან მხარდაჭერა; სეპარატიზმის მხარდაჭერა აფხაზეთში; მოსკოვის მიერ საერთაშორისო მასშტაბის ანტიქართული საინფორმაციო ომი და ა. შ.
მეორე რიგის შეცდომები განპირობებული იყო რადიკალური ოპოზიციის მწვავე ყოველდღიური დაპირისპირებით, დესტრუქციული მოქმედებით, ბოლოს, შეიარაღებული ამბოხებით და პერმანენტული საპროტესტო მოძრაობით, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ხელისუფლებას, პოზიტიური პროცესები წამოეწყო. მესამე რიგის შეცდომები უშუალოდ ხელისუფლების და მისი მეთაურისაგან მომდინარეობდა: ოპოზიციის ძალის და როლის შეუფასებლობა; მის სხვადასხვა ფენებთან თანამშრომლობის უგულებელყოფა; რეფორმების გაუტარებლობა (მაგ. მიწის); პარტიების საქმიანობის შეზღუდვა; მედიის თავისუფლების შეზღუდვა; ავტორიტარული მმართველობის სტილი; დესტრუქციულ პროცესებთან, ანტიკონსტიტუციურ მოვლენებთან უბრძოლველობა; ამბოხებულთა მიმართ უმოქმედობა და სახელმწიფოს თავდაცვითი ღონისძიებების გაუტარებლობა; ელიტარული ინტელიგენციის ოპოზიციური ნაწილის მარგინალიზაცია; პასიურ მოსახლეობაზე იმედის დამყარების და მისი აქტიურობის თავდაცვითი მიზნისათვის გამოყენების მცდარი ტაქტიკა; პრეზიდენტის პიროვნებისათვის დამახასიათებელი სუბიექტური თვისებები – რთული, წინააღმდეგობრივი ხასიათი, ხისტი, არადიპლომატიური დამოკიდებულება მოწინააღმდეგეებთან და ხან მომხრეებთანაც; მოუზომავი, პოლიტიკოსისათვის შეუფერებელი შეურაცხმყოფელი სიტყვიერი ლექსიკა, რომელიც არც თუ იშვიათად მხარდამჭერებს ოპოზიციონერებად აქცევდა; ოპოზიციონერებს მოძულეებად, მოძულეებს შეურიგებელ მტრებად. ზვიად გამსახურდია გადაჭარბებულად უყვარდათ და ასევე, გადაჭარბებულად სძულდათ.
რაც არ უნდა ბევრი შეცდომები და ბრალდებები ჩამოვთვალოთ, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს – ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური საქმიანობის ნეგატიური მხარეები, მხოლოდ შეცდომებად შეიძლება შევაფასოთ, მხოლოდ – შეცდომათა კვალიფიკაცია შეიძლება მივცეთ და არა უმეტეს ამისა.
7. ზვიად გამსახურდიასთან ოპოზიციის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა. ის, რასაც ზვიადიზმს უწოდებენ – ზ. გამსახურდიას განდევნილობისა და გარდაცვალების შემდგომ პერიოდს ეხება. რამდენად შეიძლება ზვიადიზმზე, როგორც ეროვნულ-პოლიტიკურ შეხედულებათა სისტემაზე საუბარი, ეს ცალკე თემაა და ჩვენი კვლევის ჩარჩოებს სცილდება, რადგან პრეზიდენტობის პერიოდში ეს ტერმინი – ზვიადიზმი – საყოველთაოდ დამკვიდრებული ჯერ არ იყო. მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლებოდა ზ. გამსახურდიას ეროვნულ-პოლიტიკურ შეხედულებათა, როგორც გარკვეულ სისტემაზე საუბარი.
გამსახურდიას მწვავე ოპონენტები, მის ეროვნულ-პოლიტიკურ მსოფლმხედველობას წარმოადგენდნენ, როგორც მითოლოგიზირებული აზროვნების პროდუქტს, უკავშირებდნენ მას ხან გერმანულ ფაშიზმს, ხან რელიგიურ ფუნდამენტალისმს. ეს არასერიოზული მიდგომა გახლდათ, რასაც არც ასაბუთებდნენ და ვერც ასაბუთებდნენ (მაგ. გურამ მამულია – `არასოდეს ვებრძოდი პიროვნებებს~. გაზ. `დემოკრატიული საქართველო~. 1992. 18 ივლისი).
ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში ცენტრალური ადგილი ეროვნულ საკითხს ეკავა, სხვა ყველაფერი მას ექვემდებარებოდა და ეროვნული ინტერესების ასპექტით განიხილებოდა. მაგ. ისეთი ინსტიტუტიც კი, როგორიცაა სამართლებრივი სისტემა – ეროვნული პრიორიტეტის ჩარჩოში უნდა ჩამჯდარიყო. სამართლებრივი სახელმწიფო განმარტავდა ზ. გამსახურდია, `უნდა დაეფუძნოს ქართულ სამართლებრივ კულტურას და ტრადიციებს, რომელთა საფუძველზეც და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, აღორძინდება ეროვნული კანონმდებლობა~.30
ზვიად გამსახურდიასათვის `ეროვნული~ და `სახელმწიფოებრივი~ – სინონიმური ცნებები გახლდათ. თვით ქრისტიანული რელიგიაც, გამსახურდიას ლექსიკაში ეროვნულთან ერთად განიხილება. ჩვენი ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან და `დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა.~ შემდეგ გამსახურდია იქვე განმარტავს კიდეც – ეს ასე იმიტომაა, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობა არაა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისაკენ მიმართული, რადგანაც `ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებითო.~31 სწორედ, აქედან, რამდენადაც პირველი პრეზიდენტის რწმენით, ეროვნულობა და რელიგია, ეროვნული და სახელმწიფო განუყოფელი პოლიტიკური რეალობები იყო, გამომდინარეობდა აზრი – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.
ეროვნულობის, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით და მასზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო საქართველოს ძირეული ეკონომიკური რეფორმის გატარება. იგი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის აზრით – უნდა დაყრდნობოდა – ქართული სამეურნეო ჩვევების, ურთიერთობების, ეთნოფსიქიკაზე დაფუძნებული სამეურნეო სისტემის აღორძინებას და ა. შ.
ყველაზე უზოგადესი განმარტებით, ნაციონალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ნაციას – ეროვნებას, ერს, თავისი ინტერესების ცენტრში აქცევს და ესწრაფვის, პრიორიტეტულად შეუწყოს ხელი მის კეთილდღეობას.32 როგორც ცნობილია, სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების მსგავსად, თანამედროვე ნაციონალიზმსაც რამდენიმე მსხვილი განშტოება გააჩნია – ე. ი. არსებობს რამდენიმე სახის, ტიპის, მიმართულების თუ ხასიათის ნაციონალიზმები: პროგრესული, დემოკრატიული, ავტორიტარული, მემარცხენე, მემარჯვენე, სამოქალაქო, ეთნოკულტურული, ვოლუნტარისტული, ორგანული, ექსპანსიური და სხვ. მათგან, დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და დამახასიათებელია სამოქალაქო ნაციონალიზმი, რომელსაც ამ იდეოლოგიის დასავლურ ტიპად თვლიან და ეთნოკულტურული, იგივე – ეთნიკური ნაციონალიზმი, რომლის გავრცელების არეალად, ზოგადად – აღმოსავლეთს მიიჩნევენ. ამ შემთხვევაში, აღმოსავლეთად იგულისხმება აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები.
ზვიად გამსახურდიას ეროვნული მსოფლმხედველობა, როგორც სისტემა, – ეთნიკური ნაციონალიზმის სახეობას წარმოადგენდა და XX საუკუნის 70-80-90-იანი წლების პერიოდისათვის სავსებით შეეფერებოდა, შეესაბამებოდა და ბუნებრივიც იყო ქართველი საზოგადოებისა და ხალხის უმრავლესობის განწყობას და ინტერესებს. მიუხედავად ამისა, უკვე მაშინდელ საქართველოში გაჩნდა ნაციონალიზმის სხვა სახე – ე. წ. დასავლური ტიპის დემოკრატიული ანუ სამოქალაქო ნაციონალიზმი. ეს უკანასკნელი, მეტ ანგარიშს უწევდა დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვას, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს, სამოქალაქო საზოგადოების კონსტრუირებას და ა. შ. სწორედ, ამ ორგვარ ნაციონალიზმს შორის პირველი კონფლიქტი, სწორედ გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა და გამოვლინდა, როგორც მაშინდელი დაპირისპირების ერთ-ერთი ასპექტი. ეს დისკურსი დღესაც გრძელდება.
ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მის ეროვნულ პლატფორმას ცუდი სამსახური გაუწიეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და იდეოლოგებმა. გამსახურდიას პატრიოტულ, ზომიერ ნაციონალიზმს მათ მისცეს უკიდურესი ფორმა. მაგ. გამსახურდია თუ აღიარებდა დასავლური დემოკრატიის სიკეთეს და აკრიტიკებდა კაპიტალიზმის უარყოფით მხარეებს, ხელისუფლების იდეოლოგებმა, ანუ მათ ვინც პუბლიცისტურ-თეორიულად ასაბუთებდა ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, – მთლიანად და საერთოდ, დასავლურ და ამერიკულ იმპერიალიზმს შეუტიეს და ანტიდასავლური კამპანია გააჩაღეს, ჩვენს საკვლევ პრობლემას არ შეადგენს, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ ის, რასაც 1990-იანი წლების პერიოდში ზვიადიზმს უწოდებდნენ – ფაქტიურად იყო არა თვით ზვიად გამსახურდიას მსოფლმხედველობრივი სისტემა, არამედ მისი მომხრეების, ზედაპირულად მოაზროვნე ცალმხრივი ნაციონალისტების, პლაგიატების, კომპილატორების თუ მსგავსი ეპიგონების მიერ, თავიანთი მასწავლებლის შეხედულებათა უკიდურესი მიმართულებით განვითარება, მისი მაქსიმალიზაცია. გამსახურდიას ოპონენტები, ამით მის სიცოცხლეში სარგებლობდნენ და მისი გარდაცვალების შემდეგაც, როცა გ. პეტრიაშვილის, გ. მარჯანიშვილის, ი. ტალიაშვილის, გ. გაბაშვილის, ლ. ცომაიას, თუ სხვათა მაქსიმებს ზვიად გამსახურდიას და ზვიადიზმს მიაწერდნენ ხოლმე და აკრიტიკებდნენ.
მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი შეცდომა თუ თვისება აღმოჩნდა მათი სრული და უკრიტიკო მორჩილება პირველი პირისადმი. ფაქტიურად, უზენაესი საბჭოს სხდომათა ოქმებიდანაც ჩანს, რომ პარლამენტართა მომხრე უმრავლესობა მხოლოდ ემორჩილებოდა ან იზიარებდა პრეზიდენტის თქმულს, წინადადებას, იქ არ იყო კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა რაიმე პრინციპულ საკითხზე, ან რომელიმე პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობის წინადადების დაყენება და ა. შ. არა, ჩვენ სრულიადაც არ ვიზიარებთ ოპოზიციის ცრუ ბრალდებებს, თითქოს პარლამენტის ან აღმასარულებელი ხელისუფლების უმრავლესობა მონურ მორჩილებას იჩენდა პრეზიდენტის მიმართ (თუმცა ასეთებიც იყვნენ), მაგრამ იმ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც 1991 წლის შემოდგომაზე სუფევდა ქვეყანაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა, მეტი აქტიურობა და მეტი პირადი ინიციატივა უნდა აეღოთ საკუთარ თავზე და არ მიჰყოლოდნენ ერთი კაცის ნებას.
9. კომუნისტური მმართველობის დასასრულს საქართველოში მოჰყვა ხელისუფლების სათავეში ერთი პოლიტიკური ბლოკის მოსვლა., რამაც ნეგატიური როლი ითამაშა და პოლიტიკური კონფრონტაციის ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდა. ეს სავსებით ბუნებრივი იქნებოდა ნებისმიერი განვითარებული და ტრადიციული სახელმწიფოსათვის, არა მარტო დასავლეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილშიც. მაგრამ საქართველო დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის არმქონე ქვეყანა გახლდათ. აქ ათწლეულობით არსებული პოლიტიკური წონასწორობა უცებ, ერთ დღეში დაირღვა. სულ ცოტა – 2-3 პოლიტიკური ბანაკი ხელისუფლებისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობის მიღმა აღმოჩნდა: ძველი კომუნისტური ელიტა; ახალი ეროვნულ-რადიკალური პოლიტიკური ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი ჯგუფები; ზომიერი ეროვნულ-პოლიტიკური კონგლომერატი. ამ სამ და შესაძლოა სხვა ჯგუფებსაც, მწვავედ სწყუროდათ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და ამისათვის მათ, სულ ცოტა, 4 წელი მაინც უნდა ელოდნათ მომავალი არჩვენებისათვის. როგორც აღმოჩნდა, ვიწრო-პარტიული და პატივმოყვარული ამბიციების ფონზე – ეს მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ახალგამონთავისუფლებულმა პოლიტიკურმა ამბიციამ უპრობლემოდ დაძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილმა ჭრელმა ოპოზიციურმა კონგლომერატმა იარაღით მოსვლა ამჯობინა ხელისუფლებაში, მოსაწყენ დემოკრატიულ რუტინას. აქვე უნდა ითქვას, არც ახალ ხელისუფლებას ეყო შორსმჭვრეტელობა, რომ ოპოზიციური კონგლომერატის, თუნდაც ცალკეული ჯგუფებისათვის პოლიტიკაში მონაწილეობის რამენაირი გზები შეეთავაზებინა.
10. თავი იჩინა ქართული ეთნოფსიქოლოგიის ნეგატიური თვისებების უეცარმა აღზევებამ. ამ თვისებებს მძვინვარე საბჭოთა დიქტატურის პერიოდში აქტიური გამოვლენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა, როცა დიქტატურის სადავეები მოეშვა და ათწლეულობით დაგროვილი მრავალგვარი მიმართულების ადამიანური ენერგია განთავისუფლდა, მათ შორის – გამონთავისუფლებულ ენერგიათა შორის, არაერთი ადამიანური მანკიერება და ქვენაგრძნობაც აღმოჩნდა. მსგავსი პროცესები ხომ რევოლუციური პერიოდებისათვის დამახასიათებელია.
1917 წლის რევოლუციების ეპოქაში ერთი ცნობილი ეროვნულ-დემოკრატი მოღვაწე გიორგი გვაზავა, საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მონაწილე პოლიტიკურ ელიტას თავდაჭერილობისაკენ მოუწოდებდა და მიმართავდა – მთავარია განთავისუფლებულ მონებს არ დავემსგავსოთო. მაშინდელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ შესაშური სიდინჯე, გონიერება და მაღალი პოლიტიკური პროფესიონალიზმი გამოავლინა, ღირსეულად დაუხვდა მრავალგვარ კატასტროფებს და სამწლიანი პირველი ქართული დამოუკიდებელი დემოკრატიის მისაბაძი ნიმუში დაგვიტოვა.
მაგრამ იმავე საუკუნის დასასრულს კი ჩვენებური ძველი და ახალი პოლიტიკური ელიტა, სწორედ იმ გიორგი გვაზავას ნაგულისხმევი განთავისუფლებული მონებისაგან დაკომპლექტებული აღმოჩნდა. ვინ იყო ეს მონა, წარმოვიდგინოთ, უფრო სწორად, გავიხსენოთ – ფიცხი, მოუთმენელი, გაბოროტებული, შურისმაძიებელი, დაუნდობელი, ხარბი, ამბიციური, უპასუხისმგებლო, მაქსიმალისტი, ირაციონალი, ემოციური, უზნეო, პატივმოყვარე, ეგოცენტრისტი……… სწორედ, ამგვარი და სხვა მანკიერებანი ქცეულიყო ქართველი პოლიტიკოსის ხასიათისა და მენტალობის ნეგატიურ თვისებებად, რამაც ერთ-ერთი მიზეზი შეადგინა მაშინდელი დაპირისპირებებისა და ბოლოს, სახელმწიფო გადატრიალებისა.
ჩვენ ქართული ეთნოფსიქოლოგიის დადებითი თვისებები არ გვაინტერესებს, პირიქით, ის უფრო პრობლემატურია ჩვენთვის, რა ზოგად-ეროვნულმა საერთო ფსიქოლოგიურ-მენტალურმა მახასიათებლებმა გვიბიძგეს მაშინდელი მწვავე კონფრონტაციისაკენ და შეგვეძლო თუ არა – სხვაგვარად მოვქცეულიყავით. იმისათვის, რომ ამგვარ კითხვას პასუხი გავცეთ თვალი გადავავლოთ `ქართველთა ხასიათს~ – სწორედ, ასე აქვს დასათაურებული ერთ-ერთი თავი ჩვენს კოლეგას და მეგობარს პროფ. როლანდ თოფჩიშვილს ნაშრომში: `საქართველოს ეთნოლოგია~. მკვლევარი მთლიანად მიმოიხილავს და აანალიზებს ქართული ეთნოფსიქოლოგიის დადებით-უარყოფით მხარეებს, თუმცა, ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ნეგატიური მახასიათებლებით შემოვიფარგლებით.
მკვლევარის მიერ მოყვანილ ამონარიდებს და ანალიზს მივყვეთ:
ვახუშტი ბაგრატიონი – ქართველნი არიანო: `სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა~; `კეთილბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავხედნი, დიდების მოყუარენი~. ალბათ, ეს სიტყვები ნაკლებ კომენტარს საჭიროებენ.
მეორე უარყოფით ქართველურ თვისებას, ჯერ კიდევ, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი შენიშნავს: `ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველთგანვე თვისთა უფალთა.~
შემდეგი თვისება ჟამთააღმწერელს აქვს დაფიქსირებული – `არა არს წესი ქართველთა, უკეთუ ვიხილეთ მტერი, ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი~. ერთის შეხედვით, თითქოს ამგვარი თვისება სიმამაცისა და დიდი ვაჟკაცობის გამომხატველია, მაგრამ, თურმე, ამგვარი თვისება, როგორც როლანდ თიფჩიშვილი აღნიშნავს, `სხვა ხალხების მენტალიტეტით… დადებით თვისებათა რიგში არც განიხილება~. მეტიც, ეს უფრო დიპლომატიურობის, მანევრირების თვისების არქონას ნიშნავს, რაც მკვლევარის აზრით, სწორედ იმ პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს: `XX საუკუნის ბოლოსაც, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ისინი პირველნი იყვნენ (ე. ი. ქართველები – დ. შ.), ბრძოლის მორევშიც პირველნი გადაეშვნენ, ფიცხლად იბრძოდნენ და არასაჭირო მსხვერპლიც წინდაუხედავად გაიღეს.~33
გერონტი ქიქოძე – `ჩვენს ისტორიულ წარსულში ეგოისტურს ინტერესებს ხშირად გაუმარჯვნია ეროვნულ ინტერესებზე~. კი, ქართველები, რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტები არიან ცნობილი ფაქტია და ნაკლებად გუნდური, ეროვნული, საერთო ინტერესების ნაკლებად გამთვალისწინებელნი. ამაში საქართველოს ხუთსაუკუნოვანმა დაქსაქსულობა-დაშლილობამ, საერთო სახელმწიფოს უქონლობამ, ბოლოს, ორსაუკუნოვანმა უსახელმწიფოებრიობამ და უცხო სახელმწიფოს ხელში ყოფნამ, კიდევ უფრო გაამძაფრა არაკანონმორჩილების სინდრომი, პირიქით, უცხო კანონისადმი მტრული დამოკიდებულებაც კი დაბადა. როდესაც გარემოებათა წყალობით, საკუთარი სახელმწიფო და შესაბამისი კანონმდებლობა გაჩნდა, ქართველი საზოგადოება და მით უფრო, პოლიტიკური ელიტა, ორივე სიკეთეს ისე დაუხვდა, როგორც დაუპატიჟებელ სტუმრებს. ქართველი საზოგადოება მოწყურებული იყო საკუთარ სახელმწიფოს, როგორც ისტორიულ ტრადიციას, აბსტრაქციას, მაგრამ გადაჩვეული იყო მისადმი მორჩილებას.
თავად რ. თოფჩიშვილის შენიშვნით, კიდევ ერთ თვისებათაგანს ესმება ხაზი: `ქართველები კარიერისადმი მისწრაფებით გამოირჩევიან. ისინი, მუდმივად სიმაღლისაკენ მიისწრაფოდნენ, თანამდებობების დაკავება მათი მუდმივი სურვილი იყო, იმისდა მიუხედავად ჰქონდა თუ არა მას ამის უნარი და შესაძლებლობა.”34 სხვა ერებისაგან მკვლევარის შენიშვნით, ქართველები ესპანელებს ჰგვანან თავიანთი ეთნოფსიქოლოგიით. სხვათა შორის, არა მარტო ქართველების, საერთოდ სამხრეთის ხალხებისათვის ერთ დამახასიათებელ თვისებას თუ ინსტიტუტს, თავად ზვიად გამსახურდიამ გაუსვა ხაზი, როგორც რადიკალიზმის მასაზრდოებელ წყაროს, მარიკა აბაიშვილისადმი მიცემულ ინტერვიუში: `საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალზე რთულია.~35
სხვათა შორის, სპეციალურ ლიტერატურაში ეთნოფსიქოლოგიის შესწავლის პროცესში, ეროვნული ხასიათის კვლევას და თვით ამ ტერმინსაც ენაცვლება ეროვნული მენტალობის კვლევა. ამ შემთხვევაში მენტალობა განიმარტება, როგორც ერის კოლექტიური წარმოდგენების, სიმბოლოების, ფორმების სისტემა, რომელიც ჟ. დიუბის განსაზღვრით, ძევს ადამიანური მსოფლგაგების საფუძველში, – სამყაროსა და მისი ადგილის შესახებ და შესაბამისად, წარმართავს მის ქმედებას და ქცევას.~36
მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს ჩვენთვის იმდენი მნიშვნელობა. ზემოაღნიშნულიდან, უბრალოდ, დავასკვნით, რომ ქართული ხასიათის თუ მენტალობის ჩამოთვლილმა ნეგატიურმა მახასიათებლებმა შექმნეს, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმ დაპირისპირებისა, რომელიც წლების განმავლობაში, არსებობდა ქართულ საზოგადოებაში და დასრულდა კონფრონტაციული კატასტროფით. ამ ე. წ. ნეგატიურ ეთნოფსიქოლოგიურ ნაწილს კი მუხრან მაჭავარიანის ლექსით დავასრულებთ, რომელიც პოეტმა, სწორედ, 1991-1992 წლების კატასტროფის ავტორებს მიუძღვნა:

`ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! _
მრავალს უწია ცოდვამ! _
ვინ რა ყოფილა, – გამოჩნდა! _
კაცი აღმოჩნდა ცოტა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! _
ცოდვის კითხვაა, – ჰოდა!…
ყველა ისეთი აღმოჩნდა! –
რა წარმოდგენაც მქონდა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! _
მივხვდით: ბრძანდება ვინ ვინ! _
ღმერთი! თვით ღმერთი გაოცდა! _
ამდენი დამპლის ხილვით!

დასასრულს ნაშრომისა დავასკვნით, რომ სანამ, ჩვენს მიერ დაფიქსირებული და კიდევ სხვა მსგავსი მიზეზები და ფაქტები არსებობს ან იარსებებს, საქართველოში მუდამ იქნება სოციალურ-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური კონფრონტაცია და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო გადატრიალებათა საფრთხე. სწორედ, ამიტომაც, მიზეზთა ნეიტრალიზებაა საჭირო, რომ ქართველი საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა მსგავსი კატაკლიზმების წინაშე აღარასოდეს აღმოჩნდეს.
დ ა ს კ ვ ნ ე ბ ი

ისტორიოგრაფიული შესავალი
1. ჩვენი მიზანია, 1991-1992 წლების თბილისის მოვლენების წინაპირობების, გამომწვევი მიზეზების, მიმდინარეობის და არსებული ხელისუფლების დამხობის გარემოებების მეცნიერული შესწავლა და ამ მოვლენის, ისტორიულ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური შეფასება. სათანადო სამეცნიერო და სხვა სახის ლიტერატურის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ დასახული მიზნის შესასრულებლად საჭირო იყო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზის _ საქართველოში წარმოქმნილი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების, მისი მიმდინარეობის, ხასიათის, გამომწვევი გარემოებების განხილვა; დაპირისპირებული მხარეების, პარტიების, პიროვნებების გამოვლენა, იდეურ-პოლიტიკური, სულიერ-ფსიქოლოგიური თუ სოციალური მოტივაციების დადგენა.
შიდა-პოლიტიკური დაპირისპირებების შესწავლის საჭიროებამ მიგვიყვანა, XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღმავლობის სათავეებთან და განსაზღვრა ჩვენი ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები _ 1987-1992 წლები. სწორედ, ამ პერიოდში მომხდარი პოლიტიკური, პარტიული, სოციალური, პიროვნული თუ სხვა ხასიათის დაპირისპირებები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია გასული საუკუნის ისტორიული კატაკლიზმი _ საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება. ამ მოვლენამ ქართველი ხალხის მთელი შემდგომი ისტორიულ-პოლიტიკური რეალობა განსაზღვრა და დღესაც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე. შესასწავლი პრობლემა უაღრესად აქტუალურია და რაც მთავარია, ჩვენი ღრმა რწმენით, მეცნიერულთან ერთად და მასზე მეტად, უფრო საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. სწორედ, 1991-1992 წლების მოვლენების ყოველმხრივი მეცნიერული შესწავლა და ადეკვატური შეფასება მოგვცემს საშუალებას განისაზღვროს, სახელმწიფო გადატრიალების მომდევნო პერიოდის და თანამედროვე საქართველოს, ქართველი საზოგადოების შემდგომი განვითარების ორიენტირები.

თავი პირველი
2. 1987-1989 წლებში საქართველოში ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა მრავალპარტიულ სისტემას. მართალია, არაფორმალური ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყვნენ, მაგრამ ისინი რეალურად მოქმედებდნენ და სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყოველდღიურობაზე.
ამ პერიოდში უკვე არსებობდა სამ ბანაკად კონსტრუირებული _ მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც 1989 წლის მეორე ნახევრისთვის დაახლოებით, ორმოცდაათამდე პარტიას და არაფორმალურ ჯგუფს მოიცავდა. მათი რიცხვი განუწყვეტლად იზრდებოდა.
3. მემარცხენე ფრთას შეადგენდნენ ერთის მხრივ, პრობოლშევიკურ-კომუნისტური და მეორე მხრივ, სოციალ-რეფორმისტული, ევროპულისადმი მიმსგავსებული სოციალ-დემოკრატიული ტიპის პარტიები.
ცენტრში განლაგებული პარტიები დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესების ევოლუციური განვითარების მომხრენი იყვნენ. ისინი უფრთხოდნენ მოვლენების რადიკალიზაციას. რეალისტურად მოაზროვნე ამ ძალებისათვის დამახასიათებელი იყო მომლოდინე ტაქტიკა და ნაკლები პოლიტიკური აქტივობა (შოთა რუსთაველის საზოგადოება, სახალხო ფრონტი და სხვ.,).
4. საბჭოთა იმპერიისა რღვევისა და დეცენტრალიზაციის პროცესს უფრო მომზადებული შეხვდა მემარჯვენეთა ბანაკი, რომლის წარმომადგენელი პარტიებიც გამოკვეთილი დემოკრატები იყვნენ. ისინი დასავლური ტიპის სამოქალაქო საზოგადოების აშენებას მიელტვოდნენ საქართველოში (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და სხვ.,).
5. მემარჯვენეთა ბანაკის ერთ-ერთი მიმართულება _ რადიკალური პარტიები, ცალკე პოლიტიკურ ბანაკად უნდა გამოიყოს. მათ განსაკუთრებით აქტიური როლი ითამაშეს 1987-1990 წლების ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში და ფაქტიურად, მისი ლიდერები გახდნენ. ამჯერად, არა აქვს მნიშვნელობა, მათგან, ვინ ითამაშა პოზიტიური და ნეგატიური როლი ამ პერიოდის მოვლენებში (ეროვნულ-დემოკრატები, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, მერაბ კოსტავას საზოგადოება და სხვ.,).
ახალჩამოყალიბებული ქართული მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის შემადგენლობა იმიტომ წარმოვადგინეთ, რომ სწორედ ზემოაღნიშნულ პარტიებს, არაფორმალურ ჯგუფებსა და ბანაკებს შორის წარმოიქმნა დაპირისპირება, რომელიც შემდგომში პერმანენტულ კონფრონტაციაში გადაიზარდა. რატომ და რა მიზნით მიმდინარეობდა ეს ოთხ-ხუთწლიანი დაპირისპირებები, რომლის ფინიშიც გახლდათ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სისხლიანი მოვლენები. ეს უკანასკნელი რომ მეცნიერულ-ობიექტურად შევაფასოთ, სწორედ აღნიშნული პოლიტიკური კონფრონტაციის მიმდინარეობა, პროცესი, მიზეზები და ხასიათი უნდა შევისწავლოთ. როგორც აღვნიშნეთ, ესაა სწორედ ჩვენი მონოგრაფიის უმთავრესი მიზანი.
6. პირველი გათიშვა მოხდა 1987 წლის ოქტომბერში შექმნილ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, რომელსაც გამოეყო რადიკალური მიმართულების ჯგუფი. მან დაირქვა “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება _ IV დასის” სახელი. ამავე პერიოდში, 1987 წლის მიწურულსა და 1988 წლის დასაწყისში ჩაისახა ის კონფრონტაცია, რომელიც შემდგომში არსებობდა ჭავჭავაძის საზოგადოებასა და ზვიად გამსახურდიას შორის. ჭავჭავაძისტებმა თავიანთი საზოგადოების დაარსების დროს, არ მიიწვიეს ზვიად გამსახურდია, რაც აღიქმებოდა, როგორც ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობისაგან გამსახურდიას იზოლირებისაკენ მიმართული ნაბიჯი. ცხადია, ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობისაგან მისი იზოლირების პერსპექტივას ვერ შეურიგდებოდა.
რადიკალური ჯგუფების გამოყოფა ჭავჭავაძის საზოგადოებისაგან შემდგომშიც გაგრძელდა. ცალკე ორგანიზაციად გაფორმდა რადიკალური მიმართულების ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. საერთოდ, რადიკალური მოძრაობა საბოლოოდ გამოეყო ზომიერ მიმართულებას, როცა რადიკალური პარტიების გაერთიანებამ `ეროვნული ხსნის მთავარმა კომიტეტმა” თავის რიგებში არ მიიღო ჭავჭავაძის საზოგადოება (1989 წლის ოქტომბერი).
7. ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის აღმავლობის პროცესში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა სახალხო ფრონტის შექმნა (1989 წლის ივნისი). ამ ორგანიზაციას სერიოზულ მისიას აკისრებდნენ. მას უნდა შემოეკრიბა ქართველი საზოგადოების ინტელიგენტური ძალები, მოსახლეობის საშუალო ფენები და ქცეულიყო ცენტრისტული მოძრაობის წარმმართველ ინტელექტუალურ ძალად. ცენტრისტული სახალხო ფრონტი ერთის მხრივ, ითანამშრომლებდა ეროვნულ-რადიკალურ ბანაკთან, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის კომუნისტურ ხელისუფლებასთანაც შეეძლებოდა დიალოგის წარმოება.
სამწუხაროდ, სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე დამსწრე ეროვნული რადიკალებისა და ინტელიგენციის თანამშომლობა მართალია ფორმალურად გაფორმდა, მაგრამ ფაქტიურად არ შედგა. ამაში ორივე მხარე იყო დამნაშავე. ელიტარულმა ინტელიგენციამ შეუძლებლად მიიჩნია რადიკალებთან თანამშრომლობა, რითაც ფაქტიურად, ეროვნული მოძრაობის ერთიანობას თავიდანვე საეჭვო პერსპექტივა გაუჩნდა.. თავის მხრივ, ინტელიგენციისადმი ხისტი, კონფრონტაციული პოზიცია დაიკავა რადიკალურმა მოძრაობამაც. მართალია საქმე ფორმალურად სახალხო ფრონტის გამგეობის შექმნით დამთავრდა, რომელშიც ელიტარული ინტელიგენციისა და რადიკალების წარმომადგენლებიც შედიოდნენ, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ ამ ორი ძალის თანამშომლობა დროებითი იქნებოდა.
თავი მეორე
8. შემდეგი შეჯახება ზომიერ-ლიბერალებსა და რადიკალებს შორის, 1990 წლის 25 მარტს დანიშნულ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შედგა. ეროვნულ-რადიკალებმა საბჭოთა არჩევნებისადმი ბოიკოტის კამპანია წამოიწყეს, მაშინ როცა ზომიერ-ლიბერალური ბანაკის, როგორც ცენტრისტების, ისე მემარჯვენე ფრთის პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობას დაუჭირეს მხარი.. რადიკალთა ძირითადი არგუმენტი გახლდათ 25 მარტის არჩევნების ერთპარტიული ხასიათი. უკვე ამ დროისათვის ეროვნულ-რადიკალური მოძრაობის გავლენა ისეთი ძლიერი იყო, რომ მათ შეძლეს უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩაშლა. არსებობდა მოარული აზრიც, რომ თითქოს, მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით, არჩევნები თვით საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაშალა, რათა ამით გზა გაეხსნა ეროვნული რადიკალების ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის, რაც შედიოდა კრემლის შორსმიმავალ გეგმებში. ამგვარი ვერსიის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს. უფრო დასაბუთებულად გამოიყურება ჩვენს მიერ არგუმენტირებული თვალსაზრისი, რომ ეროვნულ-რადიკალურმა მოძრაობამ პერმანენტული საპროტესტო აქციებით იძულებული გახადა რესპუბლიკის კომუნისტური ხელისუფლება, გაეუქმებინა 25 მარტს დანიშნული უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
ამ დროისათვის ეროვნულ-რადიკალური მოძრაობა ეროვნულ ფორუმში იყო გაერთიანებული. ხელისუფლებამ ისიც დათმო, რომ სამომავლოდ დანიშნა მრავალპარტიული არჩევნები, რაც რადიკალური ძალების დამსახურება გახლდათ. რადიკალები საბოლოოდ დაეუფლნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სადავეებს.
9. მაგრამ ფორუმის შემადგენლობაში რადიკალების ერთიანობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მისი შექმნიდან ერთი თვისა და ათი დღის შემდეგ, ეროვნული ფორუმი ორ ნაწილად გაითიშა. 1990 წლის 24 აპრილს ფორუმი ოთხმა ორგანიზაციამ დატოვა _ ჰელსინკის კავშირმა, წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ, მონარქისტულმა პარტიამ და მერაბ კოსტავას საზოგადოებამ. ეს ორაგანიზაციები იმ დროს მხარს უჭერდნენ ზვიად გამსახურდიას. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ახალი დაპირისპირების ცენტრი შეიქმნა _ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეროვნულ ფორუმში დარჩენილი და აქედან გასული რადიკალური პარტიები. ზოგადად, ესენი იყვნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგენი და მომხრეები.
10. განხეთქილების მიზეზად სახელდებოდა 1990 წლის 24 აპრილს ეროვნული ფორუმის სხდომის დროს მომხდარი სროლა იმელის შენობასთან. სროლა მხედრიონელებსა და `თეთრი გიორგის კავშირის” გასამხედროებულ ფორმირებათა წევრებს შორის მოხდა. მაგრამ ეს არ იყო ახალი დაპირისპირების ერთადერთი და მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი იდეურ-პოლიტიკური ხასიათისა გახლდათ. მან უფრო ადრე იჩინა თავი. ზვიად გამსახურდიას მომხრე ორგანიზაციებს იმელის ინციდენტამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნა. იმელთან სროლამ მხოლოდ დეტონატორის როლი შეასრულა. უკვე 7 მაისს შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი _ `მრგვალი მაგიდის” სახელწოდებით, რომელშიც ფორუმიდან გასული გამსახურდიას მომხრე ორგანიზაციები შევიდნენ. მთავარი იდეურ-პოლიტიკური მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ ახალი კოალიცია აღიარებდა დამოუკიდებლობის მიღწევის ლიტვურ-ბალტიისპირულ გზას. ეს იმას ნიშნავდა რომ `მრგვალი მაგიდა” იზიარებდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის საჭიროებას და დამოუკიდებლობისათვის საპარლამენტო ბრძოლის ტაქტიკას. ე. წ. ეროვნული დაუმორჩილებლობისა და არჩევნების ბოიკოტირების ტაქტიკა უარყოფილ იქნა, როგორც არარეალისტური და უტოპიური საშუალება. მისი ერთგულნი დარჩნენ ფორუმში დარჩენილი ორგანიზაციები.
ბრძოლის საპარლამენტო ტაქტიკის ლიტვურ-ბალტიური გზის გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობისათვის. მან პოლიტიკური რეალიზმის კალაპოტში დააბრუნა საქართველოს რადიკალური მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. საარჩევნო გზას მხარს უჭერდნენ აგრეთვე ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიები. გარდა ამისა, სამართლებრივი ბრძოლის გზა აპრობირებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების პრაქტიკით და მისაღები იყო დასავლეთისთვისაც.
11. 1990 წლის მაისისთვის ქართული პოლიტიკური სპექტრი უკვე რამდენიმე შეურიგებელ ბანაკად იყო დაყოფილი. ყველაზე საბედისწერო უკანასკნელი განხეთქილება აღმოჩნდა, რომელიც რადიკალური მოძრაობის ორ ფრთას შორის მოხდა. სწორედ აღნიშნული განხეთქილების შემდეგ შედგა ე. წ. თვითმარქვია ეროვნული ყრილობა, რომელიც ფორუმში დარჩენილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს. მათ გამოაცხადეს ე. წ. ეროვნული კონგრესის არჩევნები. მისი მიზანი ფორუმის ძველი სტრატეგია _ ეროვნული დაუმორჩილებლობისა და საბჭოთა სტრუქტურების ბოიკოტირება გახლდათ. ეს იყო ე. წ. შეურიგებელი ოპოზიციის საბედისწერო არჩევანი.
შეურიგებელი ოპოზიციის ირაციონალურ სტრატეგიას მხარი დაუჭირა ელიტარული ინტელიგენციის მნიშვნელოვანმა ნაწილმაც, რაც სრულიად არაბუნებრივი ნაბიჯი გახლდათ. ელიტარული ინტელიგენცია საპარლამენტო არჩევნების ტრადიციული მომხრე იყო, ახლა კი მისი ერთი ნაწილი, არაბუნებრივი მოკავშირის _ შეურიგებელი ოპოზიციის ბანაკში აღმოჩნდა. ამ ზომიერ-ლიბერალური ძალების არჩევანი _ მხარი დაეჭირა შეურიგებელი ეროვნული კონგრესისათვის, _ განპირობებული იყო პირადულ-ეგოისტური, ვიწრო ამბიციური ინტერესით და გამსახურდიას პიროვნული მიუღებლობით.
12. საქართველოში 1990 წლის სექტემბერ-ოქტომბრისათვის ორი არჩევნები დაინიშნა _ ეროვნული კონგრესისა და უზენაესი საბჭოსი, რამაც თავიდანვე განაპირობა მოვლენების ორხელისუფლებიანობის ლოგიკით განვითარება. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან ერთად, ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ რეალობაში გაჩნდა პარალელური მოძრაობა _ ბრძოლა ხელისუფლებისათვის. იგი არანაკლები სიმწვავით წარიმართა, ვიდრე ეროვნული მოძრაობა და ბევრწილად დაჩრდილა კიდეც ეს უკანასკნელი.
13. 1990 წლის 25 სექტემბერს შეურიგებელ რადიკალთა მტკიცებით, საქართველოში ჩატარდა ეროვნული კონგრესის არჩევნები. მიუხედავად ამისა, დოკუმენტური მასალა, ექსპერტიზის ანალიზი და თვითმხილველური საზოგადოებრივი აზრი საწინააღმდეგოს ადასტურებდა.. ეროვნული კონგრესის არჩევნებში საქართველოს ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია; არ ჩატარებულა საარჩევნო წესით გათვალისწინებული რეფერენდუმი, რის გამოც, შემდგომში ფორმირებული ეროვნული კონგრესი ფაქტიურად წარმოადგენდა რადიკალური მოძრაობის ერთ ნაწილისა და მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ არჩეულ ორგანოს. ამდენად, ეს იყო არალეგიტიმური, უკანონო და თვითმარქვია ორგანო. იგი არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავდა ქართველი ერისა და ქვეყნის მოსახლეობის ნებას. ეს ყველაფერი კონგრესის წევრებმაც და მომხრეებმაც მშვენივრად იცოდნენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები. მასში გაიმარჯვა `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკურმა ბლოკმა. საქართველოში ხავერდოვანი რევოლუცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც კომუნისტური ერთპარტიული დიქტატურის ეპოქა დასრულდა. უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ეროვნულმა ძალებმა მოიპოვეს და ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ამავდროულად, ქვეყანაში ფუნქციონირებდა თვითგამოცხადებული ეროვნული კონგრესი. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ორხელისუფლებიანობას, მაგრამ იმას მაინც ნიშნავდა, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი ძირითადი კონფრონტაციული ცენტრი.

თავი მესამე
14. ახალი უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ 1990 წლის ნოემბერში მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი `გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ~. ამ დოკუმენტის შექმნით დაიწყო ეროვნულმა ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ ბლოკის საარჩევნო `პლატფორმაში~ ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელება. გარდამავალ პერიოდში, უნდა მომზადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები. სწორედ დამოუკიდებლობის მიზანში გამოიხატებოდა ეროვნული ხელისუფლების რადიკალიზმი. ახალ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს მოსახლეობისადმი ერთ-ერთი პირველი `მიმართვიდან~ ჩანდა, თითქოს შეგნებული ჰქონდა, რომ დამოუკიდებლობის რთული მიზნისათვის მისაღწევად უპირველი პირობათაგანი _ ეროვნული ერთიანობა და პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და ურთიერთთანაარსებობა გახლდათ. სწორედ ამიტომ უზენაესი საბჭო ეროვნული შერიგებისაკენ მოუწოდებდა ოპოზიციურ ძალებს.
სამწუხაროდ, ეროვნულმა კონგრესმა განსხვავებული პოზიცია შეიმუშავა _ მან ახალი ეროვნული ხელისუფლება, ფაქტიურად, უკანონოდ გამოაცხადა, რადგან იგი უკანონო საბჭოთა სტრუქტურის _ უზენაესი საბჭოს არჩევნების გზით იყო მოსული ქვეყნის სათავეში. თურმე, ქართველი ხალხი და ქვეყნის მოსახლეობა შეცდა, როცა ამ უკანონო არჩევნებში მიიღო მონაწილობა. ეროვნული კონგრესის მეთაურთა სიზმარეული წარმოდგენით, ახალ ხელისუფლებას უნდა საქართველო კოლონიურ ქვეყნად გამოეცხადებინა, გაეუქმებინა უზენაესი საბჭო და კონგრესი ეცნო ქართველი ხალხის ნების და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ გამომხატველად. ერთი სიტყვით, კონგრესის საქმიანობის მთავარ მიზნად `უკანონო~ უზენაეს საბჭოსთან დაპირისპირება გამოცხადდა.
15. ამავე პერიოდში, შიდა-პოლიტიკური ვითარება მკვეთრად გაამწვავა შეიარაღებული ფორმირების `მხედრიონის~ დაპირისპირებამ ეროვნულ ხელისუფლებასთან. სრულიად კანონიერად, ხელისუფლებამ მიზნად დაისახა შეიარაღებული ფორმირებების ფუნქციონირების კონსტიტუციურ ნორმაში მოქცევა. მან ეროვნულ გვარდიაში გაერთიანებისაკენ მოუწოდა შეიარაღებულ ფორმირებებს, ხოლო, ვისაც ამის სურვილი არ აღმოაჩნდებოდა _ იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. ეს იყო დემოკრატიული ხელისუფლების სრულიად კონსტიტუციური მოთხოვნა და საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სტაბილიზაციისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი. ასევე ადეკვატური იყო უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი, შეიარაღებული უკანონო ფორმირებების აკრძალვის შესახებ. მხედრიონი არ დაემორჩილა ეროვნულ ხელისუფლებას, არ ცნო მისი ლეგიტიმურობა და მასთან ღია წინააღმდეგობის გზას დაადგა, რაც ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ნიშნავდა და ხელისუფლებას საფუძველს აძლევდა კანონით გათვალისწინებული ზომებისათვის მიემართა. ხელისუფლებამ მხედრიონის მეთაურები დააპატიმრა, რაც სრულიად კანონიერ ქმედებას წარმოადგენდა მისი მხრიდან და ამით აღკვეთა ამ ფორმირების ანტიკონსტიტუციური ქმედების შესაძლებლობა.
ამასთანავე, ხელისუფლებამ არ უარყო, რომ მხედრიონელთა შავნაბადაზე განლაგებულ რეზიდენციაზე თავდასხმა მოაწყო საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფმა და ამით ოფიციალურად უარყო მასთან თანამშრომლობის მაშინ არსებული ვერსია, როცა საპროტესტო წერილი გაუგზავნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს.
16. ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ კონგრესში თავიანთი კონფრონტაციულობით გამოირჩეოდა რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია. პირველ ყოვლისა, ასეთნი იყვნენ ეროვნულ-დემოკრატები.. ისინი და მათი ლიდერები ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ, როგორც `მტერს~, როგორც კრემლის მარიონეტს, მისი სცენარის განმახორციელებელს, რის გამოც გამორიცხავდნენ მასთან კომპრომისს. ეროვნულ-დემოკრატების ბრძოლის მეთოდებში შედიოდა ცრუ ბრალდება. ცილისწამება, გაყალბება, სხვა არაეთიკური ნორმები, როცა მიზანი ამართლებდა საშუალებას. ეს ხდებოდა ხელისუფლებაში მრგვალმაგიდელთა მოსვლის პერიოდიდანვე, ისე, რომ ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ხეირიანად არც დაეწყო თავისი საქმიანობა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ფაქტიურად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალად, კონსტრუქციულ ოპოზიციად. იგი უფრო ეროვნულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მტრული ორგანიზაცია გახლდათ.. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, 1990 წლის დასასრულს და 1991 წლის დასაწყისში ეს პარტია, ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ ძალას, მისი საქმიანობა არ სცილდებოდა კანონმდებლობის ფარგლებს.
17. ეროვნულ-დემოკრატებს ახალი ხელისუფლებისადმი შეურიგებლობით არ ჩამორჩებოდა და პირიქით, შესაძლოა აღემატებოდა კიდეც ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. თავისი ბუნებით, ტაქტიკით, მიზნებით. ეს ზომიერი მემარჯვენე ტიპის ორგანიზაცია კომუნისტურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ეროვნულ ხელისუფლებას რადიკალურად დაუპირისპირდა. ჭავჭავაძისტების შეურიგებელ კონფრონატაციას ეროვნულ ხელისუფლებასთან, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა საზოგადოების რამდენიმე ლიდერისთვის ზვიად გამსახურდიას პიროვნული მიუღებლობა. საერთოდ, პიროვნული ანტიპატია და დამოკიდებულებები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდნენ ქართულ პოლიტიკურ-კონფრონტაციულ რეალობაში. შეურიგებლად და რადიკალურად დაუპირისპირდა რა ეროვნულ ხელისუფლებას, ი. ჭავჭავაძის საზოგადოებამ განზრახ თუ გაუთვითცნობიერებლად, პასუხისმგებლობა აიღო თავის თანამოაზრეებთან _ კონგრესისტებთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებისათვის და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელ შედეგებზე, რომელნიც 1991 წლის გაზაფხულისათვის ბევრს შეიძლება გაცნობიერებულიც არ ჰქონდა.
18. ე. წ. კონგრესის მომხრეთა ბანაკში რადიკალურობით და ხელისუფლებასთან კონფრონტაციულობით გამოირჩეოდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და რამდენიმე წვრილი პარტიული ორგანიზაცია. ზოგადად კონგრესმა, როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამწუხაროდ, მხოლოდ დესტრუქციული როლი შეასრულა მაშინდელ ქართულ პოლიტიკური რეალობაში.
საერთოდ კი, 1991 წლის გაზაფხულისათვის, კონგრესსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა სტაბილურად კონფრონტაციული იყო. დაპირისპირების მძიმე ფონს ქმნიდა ხან ერთი, ხან მეორე კონგრესის წევრი პარტიების მიერ ორგანიზებული პერმანენტული, თითქმის ყოველდღიური მიტინგები, აქციები, სხვადასხვა სახის საპროტესტო გამოსვლები. ჯერჯერობით, შეურიგებელ ოპოზიციას შესაძლებლობა არ ჰქონდა ხელისუფლებას შეიარაღებული ძალით დაპირისპირებოდა, რადგან ამ უკანასკნელმა ოპოზიციის შეიარაღებული ფრთის _ მხედრიონის ნეიტრალიზაცია დროებით მაინც მოახერხა. ძალისმიერი უპირატესობა ხელისუფლების მხარეზე იყო. ყველაფერი იმაზე გახლდათ დამოკიდებული _ დამატებით რესურსს, მომხრე-მოკავშირებს, რომელი მხარე უფრო მოიპოვებდა _ შეურიგებელი ოპოზიცია თუ ეროვნული ხელისუფლება.

თავი მეოთხე
19. 1991 წლის მარტ-აპრილისა და შემდგომ თვეებში საქართველოში მიმდინარე კონფრონტაციული ბატალიები შედარებით შენელდა. ამ პერიოდში დაიწყო ცენტრალურმა ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის მოდერნიზებული ფორმით შენარჩუნების პროცესის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარებაც გადაწყვიტა ყველა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში. ეროვნული ხელისუფლება როგორც ცნობილია, წინ აღუდგა ამ პროცესს და `საკავშირო~ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა. პირიქით, ხელისუფლებამ 31 მარტს, სრულიად განსხვავებული მიზნით ჩაატარა საქართველოში რეფერენდუმი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საკითხი _ სურდა თუ არა ქვეყნის მოსახლეობას _ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ კითხვაზე მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა, რის საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ _ 1990 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა. სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია ხელისუფლებასა და შეურიგებელ ოპოზიციას შორის, კონფრონტაციის შედარებითი შენელება.
20. სხვათა შორის, ცენტრიდან მომდინარე პროცესებმა, კერძოდ, ე. წ. საკავშირო რეფერენდუმმა საბჭოთა კავშირის არსებობის შენარჩუნების მიზნით, დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირება, რასაც ეროვნული ხელისუფლება შესაძლოა ასე სწრაფად, დროის მცირე მონაკვეთში არც აპირებდა. სწორედ ამ მიზნით გამოაცხდა ეროვნულმა ხელისუფლებამ ე. წ. გარდამავალი პერიოდი, როგორც მოსამზადებელი რამდენიმეწლიანი ეტაპი დამოუკიდებლობის საფუძვლების შესაქმნელად. ეს სავსებით გონივრული ნაბიჯი გახლდათ.
21. თუ რეფერენდუმებმა და დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირებამ ასე თუ ისე, დაძაბულობის შენელება გამოიწვია, ამავეს ვერ ვიტყვით 1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მით უფრო საარჩევნო კამპანიის პროცესზე. სურათი საპირისპირო გახლდათ. ამ მოვლენამ კონფრონტაციულ ურთიერთობებს ახალი იმპულსი მისცა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში კვლავ ახალი ძალით იფეთქა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ. განსაკუთრებით მწვავე იყო ზვიად გამსახურდიასა და მისი მხადამჭერების დაპირისპირება, კრიტიკა, არაეთიკური მიმართვები პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატების მიმართ, რაც ზედმეტად ძაბავდა საზოგადოებრივ ატმოსფეროს და სრულიადაც არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის ბევრი იყო ელიტარული ინტელიგენციის წარმომადგენელი და სწორედ ამ ფენასთან კონფრონტაცია ხელისუფლების მეთაურის მხრიდან, კვლავ აქტუალური გახდა ქართული პოლიტიკური რეალობისათვის.
22. ამასთან დაკავშირებით, გვინდა აღვნიშნოთ `პატარა ქვეყნისათვის~ დამახასიათებელი ორი ფაქტორი, იმ ქვეყნისათვის, რომელსაც დიდი ყოფილი მეტროპოლია ესაზღვრება. პირველი ფაქტორია, რომ ასეთ `პატარა~ ქვეყანაში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები თანდათან ერთიანდებიან და საერთო ფრონტს ქმნიან ხელისუფლების წინააღმდეგ. მეორე ფაქტორია, როცა ამგვარ ოპოზიციას მფარველ-მხარდამჭერი აღმოაჩნდება ყოფილი მეტროპოლიის სახით. 1991 წლის გაზაფხულ-ზაფხულის გასაყარზე ამგვარი კრიტიკული ფაზა ჯერ თითქოს არ იდგა, მაგრამ უკვე საფუძველი ეყრებოდა ოპოზიციური ძალების ცუდპერსპექტიულ ერთსულოვნებას. ხელისუფლება ამას ან ვერ ხედავდა, ან არ სურდა დაენახა და ზედმეტი თავდაჯერებულობით იმრავლებდა მოწინააღმდეგეთა არმიას. საპრეზიდენტო არჩევნებმა ხელი შეუწყო ამ ნეგატიურ პროცესს. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ძალებს უკვე საბოლოოდ შეუერთდნენ ზომიერ-ლიბერალური ჯგუფები და ელიტარული ინტელიგენცია. ოპოზიციის რაოდენობრივ, ორგანიზაციულ და მენტალურ გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის მიერ დანარჩენი საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ კონფრონტაციულად წარმართულმა საარჩევნო კამპანიამ, რომელმაც, შეიძლება ასედაც ვუწოდოთ _ `იარლიყების ომის~ ფორმით ჩაიარა.
სამწუხაროდ, 1991 წლის ზაფხულში, პოლიტიკური პროცესების აღნიშნული ლოგიკით განვითარების გამო, ქართულ რეალობაში კიდევ ერთ კონფლიქტურ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი. ამჯერად, ხელისუფლებას ურთიერთობა გაურთულდა მმართველი ბლოკის ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან _ მერაბ კოსტავას საზოგადოებასთან და მის ლიდერთან. ეს იყო კონფრონტაციის ახალი სახე _ განხეთქილება მმართველ პოლიტიკურ ბლოკში.

თავი მეხუთე
23. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა მის საგარეო პოლიტიკას. როგორც რადიკალებს, ისე ზომიერებს მიაჩნდათ, რომ სწორედ ამ სფეროში დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმა მიიყვანა ეროვნული ხელისუფლება კრიზისამდე, ხოლო სახელმწიფო _ საერთაშორისო იზოლაციამდე. ამგვარი თვალსაზრისი ზედაპირული და მცდარი გახლდათ და ოპოზიციის ვიწრო-პარტიული ინტერესებიდან გახლდათ მოტივირებული.
რეალურად კი დასავლეთი და მისი სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი აშშ, 1991 წლის მიწურულამდე ცნობდნენ საბჭოთა კავშირს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ამდენად, ყველა მოკავშირე რესპუბლიკა განიხილებოდა საბჭოთა იმპერიის შემადგენელ ნაწილად. ამ მარტივი მიზეზის გამო, დასავლეთი თანაუგრძნობდა მოკავშირე რესპუბლიკებში მიმდინარე ეროვნულ მოძრაობებს, მაგრამ ოფიციალურად არ ცნობდა მათ სეპარატისტულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. პოლიტიკური საერთაშორისო რეალობის ამგვარი ლოგიკის გამო, 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომი საქართველოს არასაბჭოური რესპუბლიკა, დასავლეთისათვის ისევ საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოს რიგითი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახლდათ და თავისთავად, თავიდანვე განწირული იყო საერთაშორისო იზოლაციისათვის, როგორც მისგან არცნობილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.
ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა არც 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ. დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდეგ, საქართველოს ახალი მდგომარეობა არ უცვნია არც დასავლეთს, არც მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოს და არსებული საერთაშორისო იზოლაციის ბადეს ვერ გაარღვევდა, სანამ მსოფლიო თანამეგობრობა საბჭოთა კავშირს ცნობდა. ასე რომ ნაშრომის წინამდებარე თავში განსახილველ პერიოდში _ 1991 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე, დამოუკიდებელი საქართველოს ე. წ. საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებს გარეთ ყოფნა და მისი არცნობა _ ზვიად გამსახურდიას სუსტი ან ძლიერი, ან ნებისმიერი ხარისხის საგარეო პოლიტიკის შედეგი კი არ იყო, არამედ _ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მაშინდელი მდგომარეობის შედეგი, ანუ როგორც ჰეგელი იტყოდა _ ობიექტური რეალობის ნაყოფი.
24. აი, ამგვარ რთულ და მძიმე საერთაშორისო რეალობის ფონზე, ჯერ საქართველოს რესპუბლიკის და შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის მიმართ რეალისტური და გონივრული დამოკიდებულება გააჩნდა. საქართველოს რესპუბლიკის გარე სამყაროსთან ურთიერთობის კურსი ამ პერიოდში ემყარებოდა რეალისტურ ფორმულას, რომ `საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა~ არ უნდა `დაპირისპირებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოების პროცესს~. აქ იგულისხმებოდა შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ინტენსიური მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები, რომლებიც მოიცავდნენ მსოფლიო პოლიტიკის გლობალურ პრობლემებს _ ბირთვული განიარაღებიდან დაწყებული გერმანიის გაერთიანების საკითხით დამთავრებული.
თავდაპიორველად, დასავლეთმაც გამოხატა გარკვეული დაინტერესება საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავდა მიზნად, თუმცა, რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული საბჭოთა კავშირთან ნორმალური ურთიერთობების დოქტრინის კონტექსტში. დასავლური დაინტერესების გამოხატულება იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რ. ნიქსონის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში; აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში საგულვებელი ვიზიტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები და სხვ. ამ პერიოდში, ზვიად გამსახურდიაც ოფიციალურად გამოხატავდა კმაყოფილებას საქართველოსადმი ამერიკის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო.
25. ამერიკის ადმინისტრაციის შედარებით ლოიალური დამოკიდებულება 1991 წლის ივლის-აგვისტოს მიჯნაზე შეიცვალა. მოსკოვში და უკრაინაში ვიზიტის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ლიდერის მიმართ. აქედან იწყება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების უარყოფითი კონტექსტი, რომელსაც საწყისი მისცა არა საქართველოს, არამედ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ეს გარემოებაც საერთაშორისო ვითარებამ განაპირობა. 1991 წლის 31 ივლისს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ორივე სახელმწიფოს ბირთვული არსენალები 30-40 პროცენტამდე მცირდებოდა. ამ გლობალური მნიშვნელობის შეთანხმების ფონზე, ამერიკის ადმინისტრაციას აღარ აწყობდა კრემლთან დაპირისპირებული სეპარატისტული საქართველოს ხელისუფლების მიმართ რამენაირი ლოიალობის გამოხატვა, რადგან გამსახურდიას მაქსიმალისტური ხელისუფლება უარს ამბობდა ხელი მოეწერა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები იწონებდა და მხარს უჭერდა გორბაჩოვის პერესტროიკის კურსს და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტს, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში.
ამერიკის პრეზიდენტმა თავის განცხადებებში ოფიციალურად გამორიყა საქართველო შეერთებული შტატების ფავორიტების რიცხვიდან ეს შემაშფოთებელი მესიჯი იყო. ოფიციალურად, ჯორჯ ბუში უფროსი არ იწონებდა საქართველოს ხელისუფლების მმართველობის კურსს, რაც გახლდათ საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრის პირველი სერიოზული სიმპტომი. თუ ობიექტურნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, იზოლაციის გამომწვევი იყო არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის რაიმე ტაქტიკური ეპიზოდი ან ეპიზოდები, არამედ ხელისუფლების სტრატეგიული მიზანი _ დამოუკიდებლობა, რასაც ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი საერთაშორისო კონიუნქტურა.

თავი მეექვსე
26. დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომი განვითარებისა და მისი ხელისუფლების მდგომარეობაზე შეიძლება ითქვას, საბედისწეროდ განმსაზღვრელი როლი შეასრულა. 1991 წლის მოსკოვის აგვისტოს პუტჩმა. მის მიმართ ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიცია იქცა კრიზისის წყაროდ, რომელიც შემდგომი თვეების მანძილზე, აღარც მოგვარებულა. იყო თუ არა ოპოზიციის ბრალდება სამართლიანი, რომ საქათველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ე. წ.. გეკაჩეპეს და შეასრულა მისი ყველა მოთხოვნა.
გეკაჩეპესთან დამოკიდებულების მიხედვით, საბჭოთა იმპერიის ყოფილი თუ ჯერ კიდევ, მასში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკები სამ ჯგუფად დაიყვნენ. პირველ ე. წ. ნეიტრალების ჯგუფში შედიოდნენ ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და უკრაინა. ამ ჯგუფის რესპუბლიკები დროს წელავდნენ, ვითარების გარკვევას ელოდებოდნენ, არც წინააღმდეგობას და პროტესტს გამოხატავდნენ, მხარის დაჭერისაგანაც თავს იკავებდნენ, ამავდროულად, არავითარ სეპარატისტულ მიდრეკილებას არ ამჟღავნებდნენ და საბჭოთა კონსტიტუციისა და კანონების პატივისცემას აფიქსირებდნენ, ოღონდ არ უთითებდნენ აქ, გეკაჩეპე იგულისხმებოდა თუ გორბაჩოვი. აი, რაში გამოიხატებოდა მათი ნეიტრალობა. მეორე ჯგუფში, ის რესპუბლიკები შედიოდნენ, რომლებმაც ლოიალური პოზიცია დაიკავეს გეკაჩეპეს მიმართ. ამგვარი მხარდამჭერები იყვნენ: ბელორუსია, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.
27. მათ შორის, ვინც დაგმო პუტჩი და დაუპირისპირდა მათ, იყვნენ: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და მოლდოვა. ამ ჯგუფს ჩვენ დამოუკიდებლები ვუწოდეთ და მათ რიცხვში იგულისხმებოდა საქართველოც, ოღონდ მცირეოდენი განმარტებით. თავდაპირველად, მოსკოველი პუტჩისტ-დიქტატორებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ფრთხილი იყო. ამით იგი განსხვავდებოდა ბალტიისპირელების მყისიერად უარყოფითი რეაქციისაგან, პუტჩისტებისადმი დამოკიდებულებაში.. საქართველოს ხელისუფლებამ სიფრთხილე გამოიჩინა იმ მხრივაც, რომ პუტჩისტების ზოგიერთი ულტიმატუმური ხასიათის მოთხოვნის მიმართ კომპრომისი არჩია _ კერძოდ, ბრძანებულება გამოსცა ეროვნული გვარდიის ე. წ. `რეორგანიზაციის~ შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ გვარდიას მიეცა `განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის სტატუსი~ და დაუქვემდებარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაუქმდა გვარდიის სარდლის თანამდებობაც.
მაგრამ საწინააღმდეგოდ ოპოზიციის მტკიცებისა _ კომპრომისი არ ნიშნავდა ეროვნული ხელისუფლების მორჩილებას და თანამშრომლობას გეკაჩეპესთან და არც მის აღიარებას. ხელისუფლებას არც დაუშლია და არც გაუუქმებია ეროვნული გვარდია, მან მხოლოდ ნაწილობრივ შეზღუდა მისი სტატუსი. რაც შეეხება ნაწილობრივ კომპრომისს, ის გამართლებული იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მხრიდან _ იგი მიზნად ისახავდა სამხედრო აგრესიისა და სისხლისღვრის თავიდან აცილებას და ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე ნებისმიერ პასუხისმგებელ ხელისუფლებას. სწორედ ასე მოიქცა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება.
28. რაც შეეხება გეკაჩეპესადმი დამოკიდებულებას, მის შეფასებას, იგი პრინციპულად გამოხატა საქართველოს ხელისუფლებამ 20 აგვისტოს, ქვეყნის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელით გავრცელებულ `მიმართვაში~, რომელიც განკუთვნილი გახლდათ `დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი~. ამ დოკუმენტით, საქართველოს პრეზიდენტი აშკარად და კატეგორიულად გაემიჯნა პუტჩს, დაგმო მისი რეაქციული და ანტიდემოკრატიული ხასიათი და მისგან მომდინარე სამხედრო აგრესიის საფრთხისაგან დაცვის თხოვნით მიმართა დასავლეთს, რომელსაც პირველ რიგში, ამისათვის უნდა ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ასე რომ საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად ნაწილობრივი კომპრომისისა, 1991 წლის მოსკოვის პუტჩის პერიოდში, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება შეინარჩუნა; საქართველო ლიტვასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ერთად, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მცირერიცხოვან რესპუბლიკათა ჯგუფში აღმოჩნდა.

თავი მეშვიდე
29. 2 სექტემბრის მოვლენებით დაიწყო არა მარტო 1991 წლის, არამედ მომდევნო წლების გახანგრძლივებული კრიზისის უმძიმესი პერიოდი საქართველოში. იმისათვის, რომ შეურიგებელი ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, ხელისუფლება შეეცადა აღეკვეთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქცია, მაგრამ ძალოვანების მიერ, სწორედ ამ აღმკვეთ ღონისძიებას მოჰყვა მანიფესტაციის დარბევა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად მოქალაქეების დაჭრა.. დასავლეთმა თბილისში მომხდარი ფაქტი დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევად აღიქვა, რამაც სერიოზულიად შელახა საქართველოს ხელისუფლების ისედაც არადემოკრატიული იმიჯი.
ამ უარყოფით გარემოებებს დაერთო ეროვნული ხელისუფლების სერიოზული შეცდომები, რამაც სწორედ ახლა, 1991 წლის სექტემბრიდან, უფრო მეტად იჩინა თავი, ვიდრე ოდესმე. მართალია ხელისუფლებამ ოფიციალურად თავადაც დაგმო 2 სექტემბრის დარბევა და მისი გარემოებების გამოძიება გადაწყვიტა, მაგრამ დაპირება არ შესრულდა და აღნიშნულ მოვლენებზე მართლმსაჯულებას არავისთვის მოუთხოვია პასუხი. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ, ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ასეთივე კრიტიკით უპასუხა, რაც მძიმე დიპლომატიურ შეცდომას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი მეთაური აშშ-თან დამოკიდებუელებაში სრულიად არაადეკვატურ პოლიტიკურ კურსს დაადგა. ოპოზიციას ახლა უკვე მართლაც ეძლეოდა საფუძველი, რომ ხელისუფლება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისათვის თუ მთლიანად არა, მის ნაწილობრივ ხელშეწყობაში დაედანაშაულებინა.
30. რაც მთავარია, 2 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, რადიკალური, ზომიერი, რევანშისტული თუ სხვა სახის ოპოზიციურმა ძალებმა, ხელისუფლებასთან დაპირისპირებისათვის და მასთან ბრძოლაში, სრულიად ახალი ძლიერი მოკავშირე იშოვა _ ხელისუფლების კონტროლიდან გამოსული ეროვნული გვარდიის სახით. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოპოზიციის ხელისუფლებასთან დაპირისპირების თვისობრივად სრულიად ახალი ეტაპი. უკვე ამ პერიოდიდან, ზოგიერთი ოპოზიციური დაჯგუფების საქმიანობაში სულ უფრო თავს იჩენდა ანტიკონსტიტუციური რეციდივები. ეროვნულ-დემოკრატების მიერ გავრცელებული პროკლამაციები მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისაკენ; ხოლო ხელისუფლების მორჩილებიდან გამოსული ეროვნული გვარდიის მეთაურთა მოქმედება სულ უფრო ამბოხების განვითარების ტენდენციისაკენ მიემართებოდა.
31. რაც შეეხება თვით 2 სექტემბრის მოვლენებს, რომლებმაც მთელი შემდგომი ხანის კრიზისში დეტონატორის როლი შეასრულა, იგი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, პროვოკაციის შედეგად იყო გამოწვეული, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრებოდა.. ეს პასუხისმგებლობა ეროვნულმა ხელისუფლებამ სათანადოდ არ იკისრა, რამაც შემდგომ კრიზისულ მოვლენებში თავისი წილი ნეგატიური როლი შეასრულა და გაამწვავა. ესეც ხელისუფლების მორიგი შეცდომა გახლდათ.
2 სექტემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი ოპოზიციური პროტესტის გამომხატველმა ყოველდღიურმა მანიფესტაციებმა, მსვლელობებმა და სხვა სახის აქციებმა მოიცვა. მას ზედ დაერთო სახელისუფლო ბლოკის რღვევა, საიდანაც წასული ყოფილი თანამებრძოლები ოპოზიციას უერთდებოდნენ (კოსტავას საზოგადოება; ქარტია-91; ცალკეული პიროვნებები). ამ პროცესს ხელისუფლება გაუგებარი გულგრილობით ხვდებოდა და პრაქტიკულად, მის შეჩერებას თითქმის არ ცდილობდა.
32. 2 სექტემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა ერთგვაროვანი არ იყო, იგი კომბინირებულ ხასიათს ატარებდა. თავდაპირველად, მოძრაობა დემოკრატიისათვის ბრძოლის მიზანსაც შეიცავდა, მაგრამ შემდგომში იგი სხვა უფრო ნეგატიურმა მიზნებმა შთანთქა.. შეურიგებელი რადიკალებისათვის მთავარი იყო გამსახურდიას ადმინისტრაციისათვის ხელისუფლების წართმევა; ელიტარული ინტელიგენციისათვის _ სოციალური სტატუსის დაბრუნება და ცენტრთან ურთიერთობის ნორმალიზება, კომპრომისის გზით; იგივე მოტივაცია გააჩნდა კომუნისტურ ყოფილ ნომენკლატურას. ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოში, თითქოს დემოკრატიული რევოლუცია თუ რევოლუციური მოძრაობა მიმდინარეობდა. მოვლენების ამგვარი შეფასება ყალბი და ტენდენციური იყო. საპროტესტო მოძრაობაში ოპოზიციური მცირერიცხოვანი სპექტრი მონაწილეობდა. მასში მონაწილეობას არ იღებდა დემოკრატიული რევოლუციის განმახორციელებელი _ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ფენა. გარდა ამისა, არ არსებობდა დემოკრატიული რევოლუციის გამომწვევი მიზეზი _ დიქტატურა, მკაცრი რეპრესიების განმახორციელებელი ხელისუფლება. პირიქით, ხელისუფლება მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა.
33. გამსახურდიას მმართველობა უფრო სუსტი ავტორიტარიზმის ხასიათს ატარებდა, რადგან არ ემყარებოდა შიშველ სამხედრო ძალას, არ ახორციელებდა რეპრესიებს მოსახლეობის წინააღმდეგ და სახალხო ლეგიტიმაციასაც ფლობდა. გამსახურდიას ლეგიტიმური ავტორიტარიზმი, რა თქმა უნდა, სუბიექტურ მოტივაციასთან ერთად, ობიექტური პირობებითაც იყო განპირობებული და შესაძლოა ამიტომაც არ იწვევდა სახალხო პროტესტს. შემდგომში, საქართველოს ორივე პრეზიდენტის მმართველობამ, მიუხედავად დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხისა, მაინც ლეგიტიმური ავტორიტარიზმის მიმართულებით განიცადა ევოლუცია.. სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ჯერჯერობით, ქართული სახელმწიფოს რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი არ იძლეოდა ღია დემოკრატიული მმართველობის საშუალებას.
34. მიუხედავად ამ ე. წ. შემამსუბუქებელი ობიექტური გარემოებებისა ავტორიტარიზმი დემოკრატიის ანტიპოდია და იგი ყოველთვის წარმოშობს სამართლიან პროტესტს, მოძრაობას, რომელიც დემოკრატიის საზღვრების გაფართოებისაკენაა მიმართული. 2 სექტემბრიდან დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ ამგვარი დემოკრატიული მოძრაობის ელემენტს შეიცავდა კიდეც. მაგრამ 22 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების კონტროლიდან გამოსულმა ეროვნული გვარდიის ნაწილებმა შავნაბადას ტერიტორია დატოვეს და ტელერადიოდეპარტამენტის შენობა და ტერიტორია დაიკავეს, მოძრაობამ თვისობრივად ახალი მიმართულება, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი მიიღო.. ფაქტობრივად, დასრულდა მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობის ეტაპი და იგი გადაიზარდა ეროვნული გვარდიის ნაწილების ფაქტობრივ ამბოხში ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ მიმდინარე მოძრაობა არ იყო არც ოპოზიციის მიერ კვალიფიცირებული `დემოკრატიული რევოლუცია~ და არც ხელისუფლების მიერ კვალიფიცირებული `სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი~ _ ეს, ფაქტობრივად, ანტისახელისუფლო ამბოხება გახლდათ.
4-5 ოქტომბერი ხელისუფლების მომხრეებისა და მეამბოხე ოპოზიციის დაპირისპირების კულმინაციას წარმოადგენდა. ორივე მხარეს უკომპრომისოდ განწყობლი ხელმძღვანელობა წარმართავდა. მიუხედავად ამისა, შეიარაღებული კონფრონტაცია არ შედგა, მეამბოხე ოპოზიციას, ამჯერად, ხელისუფლებაზე შეიარაღებული თავდასხმის რესურსი არ ეყო. 4-5 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ საქართველოში, საბოლოოდ, ორი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს _ ხელისუფლება და მეამბოხე ოპოზიცია, უფრო სწორად კი _ ხელისუფლებას დაუპირისპირდა ამბოხებული ეროვნული გვარდიის ნაწილები და მასთან სოლიდარული ოპოზიცია.

თავი მერვე
35. 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, მიუხედავად შედარებითი სტაბილურობის ნიშნებისა, ჩანდა, რომ კონფრონტაცია მხოლოდ დროებით შეწყდა და მხოლოდ დროებით დამყარდა `მერყევი წონასწორობა~. აგრეთვე, მიუხედავად უზენაესი საბჭოს უმრავლესობის არგუმენტირებული გეგმებისა, საბაზრო ეკონომიკაზე პრაქტიკული გადასვლისა და სხვა მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ, _ ჩანდა, რომ მათ განხორციელება არ ეწერა. შეიარაღებული და შეუიარაღებელი ოპოზიცია მორიგი და საბოლოო შეტევისათვის ემზადებოდა და ხელსაყრელ ვითარებასთან ერთად, მეტროპოლიიდან მომდინარე შესაბამის დირექტივებს ელოდებოდა.
ოქტომბერშივე განახლდა და თანდათან ინტენსიური ხასიათი მიიღო, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მომხრეთა მიტინგებმა.
რადიკალური ოპოზიცია კრიჭაში ედგა ხელისუფლებას და მის ნებისმიერ რეალისტურ ნაბიჯს აკრიტიკებდა, აპროტესტებდა, ემუქრებოდა აქციებით, მიტინგებით, ცდილობდა ხელისუფლებისათვის ნორმალური ფუნქციონირების საშუალება არ მიეცა და რადიკალური გადაწყვეტილებებისაკენ ებიძგებინა, რათა მისი კრიზისული მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავებულიყო.
36. რიგ შემთხვევაში ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების საპროტესტო მოქმედება სულ უფრო ანტიკონსტიტუციურ ფორმას იღებდა.. მაგ., რევანშისტული ოპოზიციის ერთ-ერთი რაზმის _ ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა აქციის შედეგად, ცენტრალური ტელევიზია მიუწვდომელი გახდა ხელისუფლებისათვის, რომელიც იძულებული გახდა, ტელეგადაცემების სისტემა უზენაესი საბჭოს შენობაში მოეწყო.. ოქტომბერ-ნოემბერში ტელერადიოდეპარტამენტის თანამშრომელთა აქციის მონაწილენი, კვლავ დგებოდნენ ანტიკონსტიტუციური მოძრაობის მოწინავეთა რიგში.
უკვე ამ პერიოდისათვის, ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცოდა, რომ წაუგებელ ომს აწარმოებდა ხელისუფლებასთან. სათანადოდ ინფორმირებული ოპოზიციის ნაწილი აცნობიერებდა, რომ გამსახურდიას ადმინისტრაციას ახლო მომავალში ბოლო მოეღებოდა. ისინი იმასაც გრძნობდნენ, რომ გამსახურდიას ან არ შეეძლო, ან თუ შეეძლო, თავს ნებას არ მისცემდა, ფართომასშტაბიანი უკიდურესი რეპრესიებისათვის მიემართა. ამიტომ ოპოზიცია პირველი მარცხისაგან თანდათან ერკვეოდა და აქტიურად ებმებოდა ანტისამთავრობო ბრძოლის გადამწყვეტ რაუნდში.
37. მართლაც, გაუგებარი მიზეზების გამო, ზ. გამსახურდიას ხელისუფლება არავითარ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა კანონიერების აღსრულებისა და რიგი პარტიების, ოპოზიციური ჯგუფებისა თუ პიროვნებების ანტიკონსტიტუციური ქმედებების აღსაკვეთად, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების თავდაცვით უფლებას წარმოადგენდა.
საერთოდ, ხელისუფლებამ თავიდანვე სათანადოდ არ შეაფასა ოპოზიციის არც ძალა, არც პოტენციალი, არც მისი დემოკრატიული უფლებები, არც მოქმედების მზარდი პერსპექტივა და რაც მთავარია _ არც ოპოზიციის მძლავრი მოკავშირის მხარდაჭერის რესურსი. ამ შეუფასებლობამ სულ უფრო საშიში ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით _ 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოჩვენებითი სტაბილიზაციის პერიოდში.
ამასობაში, მომხრეთა მოძიების, გადმობირების, მათი გულის მოგების მაგიერ, გრძელდებოდა ხელისუფლების მომხრეთა მოწინააღმდეგეების ბანაკში გადასვლა. მათში შედიოდნენ აგრეთვე, ყოფილი თანამებრძოლები, თანამოაზრეები, რომლებთან დაშორებასაც ხელისუფლება თითქოს ადვილად ურიგდებოდა.
38. ოპოზიციას ჰქონდა საკმაო საფუძველი ეფიქრა, რომ ხელისუფლება ახლო პერიოდში არ აპირებდა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას ან მძლავრი კერძო სექტორის ჩამოყალიბებას. ხელისუფლების წარმოდგენით, საბაზრო ეკონომიკის მთავარი სუბიექტები უნდა გამხდარიყვნენ სახელმწიფო საწარმოები და მეურნეობები. სახელმწიფო კაპიტალიზმს უნდა შეესრულებინა გარდამავალი ფუნქცია. ოპოზიციამ ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ იგი ცდილობდა სახელმწიფო კაპიტალიზმის კურსის არჩევანის გზით შეენარჩუნებინა სოციალისტური სტრუქტურები. ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, აგრეთვე მიწის რეფორმის გაუტარებლობის გამო, მაგრამ ანგარიშს არ უწევდა იმ გარემოებას, რომ გამსახურდია, ამ რეფორმის მოუმზადებელ გატარებას ნაციონალური ინტერესების თვალსაზრისით ერიდებოდა და არა სხვა რაიმე მიზეზით. საერთოდ, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და ამ რიგის პრობლემათა გადაჭრა დაკავშირებული იყო და შესაძლებელი იყო მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში, რაც თავისთავად შესაძლებელი იყო ძლიერი ხელისუფლებისა და ეროვნული ერთიანობის ვითარებაში. არც ერთი აღნიშნული კომპონენტი 1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს არ გააჩნდა.
39. როგორც აღვნიშნეთ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიური შეფასება პირველად აშშ-ის ადმინისტრაციისაგან მოხდა. ეს გარემოება გამოიწვია საერთაშორისო კონიუნქტურასთან, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის სტრატეგიული კურსის შეუთავსებლობამ. ამგვარი რეალობა იყო საქართველოს საერთაშორისო და გეოპოლიტიკური პროცესებისაგან გამორიყვის ობიექტური მიზეზი.. მაგრამ ხელისუფლების არათანმიმდევრულმა ტაქტიკამ, რეალობის გაუთვალისწინებლობამ თუ მისმა შეგნებულმა უგულვებელყოფამ დამატებითი სუბიექტური როლი ითამაშა საქართველოს საერთაშორისო იზოლირების პროცესში.
40. საწინააღმდეგოდ ოპონენტების მტკიცებისა, თავად საქართველოს პრეზიდენტი ადეკვატურად აფასებდა საერთაშორისო ვითარებას.. მიუხედავად ამისა, ზვიად გამსახურდიას შეუცვლელი პოზიცია და ამდენად, შეუთავსებლობა საერთაშორისო რეალობასთან, მდგომარეობდა მის მიზანში _ სრული დამოუკიდებლობის სტრატეგიულ კურსში. ზ. გამსახურდიამ შეგნებულად აირჩია უკომპრომისო სტრატეგია და ამით უარყო პოლიტიკური რეალიზმი, რითაც ფაქტიურად, საკუთარი ხელისუფლება გაწირა. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია ადრე თუ გვიან გამოიწვევდა ეროვნული ხელისუფლების დამარცხებას და მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული _ როდის გადაწყვეტდა ყოფილი მეტროპოლია მის ბედს.
მიუხედავად ამისა, ოპოზიცია სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ თითქოს ზ. გამსახურდიას ხელისუფლება რომ არა _ დასავლეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. 1991 წლის შემოდგომის ჩათვლით, არც აშშ-ს, არც დასავლეთს, არ უცვნია საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა. დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების დე-იურე ცნობის პროცესი 1991 წლის დეკემბერში დაიწყო. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ამ პერიოდშიც, აშშ-ის მიერ მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა, რამაც მისი მდგომარეობა უიმედო გახადა. ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, საბოლოოდ განაპირობა აშშ-ის და დასავლეთის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის შეუძლებლობა. ზ. გამსახურდიამ ამჯერადაც და საბოლოოდ, კვლავ უარი თქვა ცენტრთან კომპრომისზე და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე, რაც მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსს აძლევდა.
როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს და მოღვაწეს, ზ. გამსახურდიას შეეძლო საბჭოთა იმპერიასთან უკომპრომისო ბრძოლა გაეგრძელებინა. მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მან მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა კომპრომისზე არ წავიდა არც ცენტრთან და არც საერთაშორისო კონიუნქტურასთან, რამაც მისი ხელისუფლების დამხობაში საბედისწერო როლი ითამაშა.
41. 1991 წლის ოქტომბერ-დეკემბრის საშინაო მოვლენებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ამბოხებულ კიტოვანის გვარდიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ სისხლისღვრის გამეორება არავის უნდოდა, მაინც, პრინციპული დათმობის სურვილსაც არც ერთი მხარე არ ამჟღავნებდა. განსაკუთრებით, ეს ითქმის ამბოხებულთა ხელმძღვანელობაზე. მოლაპარაკებათა მსვლელობის პარალელურად, მიმდინარეობდა ამბოხებულ გვარდიელთა შეიარაღება, ნაწილობრივ ძარცვის, მილიციის განყოფილებებზე და სამთავრობო სტრუქტურებზე თავდასხმების, უმთავრესად კი ამიერკავკასიის საბჭოთა ჯარების სამხედრო ოლქის სარდლობის მხრიდან მომარაგების გზით.
ორთვენახევრის მანძილზე, თბილისის ზღვაზე დაბანაკებული კიტოვანის გვარდია წარმოადგენდა დედაქალაქის ყოველდღიურობის და სტაბილურობის დამრღვევ დესტრუქციულ ძალას და რეალურად, ამბოხებულ შეიარაღებულ ფორმირებას. ამგვარ ვითარებაში, ხელისუფლება შეუწყნარებელ უმოქმედობას იჩენდა ან განზრახ არ იღებდა ზომებს ამბოხებულთა ანტიკონსტიტუციური ქმედების აღკვეთისა და ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. ხელისუფლების ამგვარმა უმოქმედობამ გამოიწვია სასათბურე პირობებში მოხვედრილი ამბოხებულების გარშემო, მთელი ოპოზიციის გაერთიანება და დარაზმვა. ფაქტობრივად, გაერთიანებული ოპოზიციის უპირველეს და ერთადერთ მიზნად იქცა არსებული ხელისუფლების დამხობა.

თავი მეცხრე, მეათე
42. სახელმწიფო გადატრიალებათა არაერთი ფორმა, სახე, ტიპი არსებობს: პუტჩი, ამბოხება, პოლიტიკური, სასახლის, რევოლუციური, ფინანსურ-ოლიგარქიული, სამხედრო, შეიარაღებული, ხავერდოვანი, მშვიდობიანი და სხვ. სახელმწიფო გადატრიალება არის კონსტიტუციის დარღვევის გზით მომხდარი არსებული სახელმწიფოებრივი წყობის დამხობა, შეცვლა ან ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ეს პრობლემა კარგადაა შესწავლილი დასავლურ და ნაწილობრივ რუსულ ისტორიოგრაფიაში, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ საისტორიო მეცნიერებაზე.. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა გარემოებამ და უცხოური ისტორიოგრაფიის გაუთვალისწინებლობამაც, სხვა მიზეზებთან ერთად, გამოიწვია 1991-1992 წლების ჩვენში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების ტენდენციური შეფასებები და კვალიფიკაცია, ზუსტი მეცნიერული შეუფასებლობა. ეს უკანასკნელი კი, ქართული გადატრიალების მსოფლიოში მომხდარ გადატრიალებებთან შედარებისა და უცხოური ისტორიოგრაფიის შესწავლა-გათვალისწინების გზითაა შესაძლებელი.. ჩვენ ასეთი სამუშაო ჩავატარეთ და შემდეგ დასკვნებამდე მივედით.
43. 1991-1992 წლებში, საქართველოში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებას, შეიარაღებული ამბოხების გზით, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, ღიად და დაუფარავად მიმდინარეობდა.. ამბოხებული ეროვნული გვარდიის ნაწილები და სხვა მასთან მიტმასნილი შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა შორის საკმაოდ იყვნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც, არავითარ პოლიტიკურ ოპოზიციას არ მიეკუთვნებოდნენ. მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას, თუ ძალა შესწევდა, კანონიერი ზომები უნდა მიეღო. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, რითაც საკუთარი სახელმწიფოს წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა, ან უძლურება გამოავლინა.
44. რაც შეეხება, რა ხასიათის სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი 1991-1992 წლებში, საქართველოში. პირველ რიგში, ეს არ იყო არავითარი სახალხო ან დემოკრატიული რევოლუცია, რადგან, ჯერ ერთი, არ არსებობდა მისი მასობრივი მხარდამჭერი მოსახლეობა და მეორეც _ არ არსებობდა რევოლუციის განხორციელების რეალური საფუძველი, გამომწვევი მიზეზი _ დიქტატურა. საქართველოში არსებობდა ობიექტური კანონზომიერებით _ კრიზისული ვითარებით გამოწვეული ე. წ. ლეგიტიმური ავტორიტარული დემოკრატია, რომელსაც ურიგდებოდა მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ ვერ ურიგდებოდა უმცირესობა.
1991-1992 წლების თბილისის სახელმწიფო გადატრიალება ყველაზე მეტად, თავისი ხასიათით უახლოვდება სამხედრო გადატრიალებათა ტიპს, მაგრამ იგი არც სამხედრო გადატრიალება გახლდათ. მასში მონაწილეობას იღებდნენ არამხოლოდ გვარდიელები, არამედ სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რაც გადატრიალებას არასამხედრო ხასიათზე მეტყველებს. აქედან და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თბილისის გადატრიალება არც პუტჩი იყო, როგორც მას ხელისუფლება უწოდებდა. პუტჩი გახლავთ სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ახდენს შეთქმულთა ჯგუფი. საქართველოს შემთხვევაში კი საქმე გვქონდა ღია ამბოხებასთან.
45. 1991 წლის შემოდგომაზე მიმდინარე შეიარაღებულ ამბოხებაში, საპროტესტო მოძრაობაში და ანტისამთავრობო პროცესებში, ხოლო შემდეგ, კი სახელმწიფო გადატრიალებაში, მონაწილეობდნენ შემდეგი სოციალურ-პოლიტიკური ფენები და ჯგუფები: 1. ყოფილი მმართველი კომუნისტურ-პარტიული ნომენკლატურა; 2. ამავე ფენასთან ახლომდგომი პარტიულ-ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული და სამეურნეო ელიტა; 3. ელიტარულ-ბიუროკრატიული, კულტურულ-შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენცია; 4. შეურიგებელი რადიკალური ოპოზიცია; 5. ეროვნული მიმართულების ზომიერი ოპოზიცია; 6. ამბოხებული ეროვნული გვარდიის ნაწილები და სხვა მასთან მდგომი შეიარაღებული ფორმირებები და ჯგუფები; 7. ყოფილი მეტროპოლია _ საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები. ზემოაღნიშნული ბანაკების რაოდენობა რომ შევამჭიდროვოთ, ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი და მისი მთავარი დამამხობელი ძირითადი ძალები სამ ჯგუფამდე შეიძლება ჩამოვიყვანოთ. ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა, შეიარაღებული ოპოზიცია და მეტროპოლის ხელისუფლება. და ბოლოს, ეს რიცხვი ორამდეც შეიძლება შემცირდეს, რის შედეგადაც თბილისის გადატრიალებას მხოლოდ ორი ძირითადი აქტორი ეყოლება _ ქართული მეხუთე კოლონა და მეტროპოლის ხელისუფლება.
თბილისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე პოლიტიკური და სოციალური ბანაკების გათვალისიწინება და მათი მიზნები საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ აღნიშნული მოვლენის შედარებით ზუსტი, მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული შეფასება და კვალიფიკაცია.
46. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში, საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული ამბოხების და მეტროპოლიის ინტერვენციული ჩარევის შედეგად დაემხო ეროვნული ხელისუფლება, რაც წარმოადგენდა ანტიეროვნულ, კონტრსუვერენულ, რევანშისტულ და ნაწილობრივ ანტიავტორიტარულ სახელმწიფო გადატრიალებას. მან ერთმანეთს, შეიარაღებული კონფრონტაციის ფორმით დაუპირისპირა ქართველი ხალხის უმცირესობა და უმრავლესობა, რაშიც გამოიხატა გადატრიალების ანტიეროვნული არსი; მან გამოიწვია ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლით და ყოფილი მეტროპოლიის გავლენის აღდგენით, რაშიც გამოიხატა გადატრიალების კონტრსუვერენული ბუნება; მან ხელისუფლება და სოციალური სტატუსი დაუბრუნა ყოფილ პოლიტიკურ-კულტურულ ელიტას, რაშიც გამოიხატა გადატრიალების რევანშისტული ხასიათი და ბოლოს, იგი შეიცავდა აგრეთვე, ეროვნული ხელისუფლების მეთაურის ობიექტური გარემოებებით განპირობებული ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ წარმოქმნილ საპროტესტო მოძრაობას, რაშიც გამოიხატა გადატრიალების ანტიავტორიტარული ელემენტი.
47. ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალებიდან მომდევნო რვა წლის განმავლობაში _ ე. ი. 1990-იან წლების პერიოდში, ქვეყნის საშინაო ცხოვრების ვერც ერთ, ან თითქმის ვერც ერთ პრობლემატურ სფეროში ვერ შეძლო მეტ-ნაკლებად სტრატეგიული ხასიათის წარმატებების მიღწევა: ვერც ეკონომიკაში, ვერც მრეწველობაში, ვერც სოფლის მეურნეობაში, ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. პირიქით, სწორედ გადატრიალების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ აღმოჩნდა საბოლოოდ, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ქვეყანა იმყოფებოდა ფაქტიურად, მრავლისმომცველი კრიზისის ვითარებაში, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ეროვნული ცნობიერების რღვევა, კონფრონტაციული სოციალური და პოლიტიკური ბანაკების არსებობა და სხვ. ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობის განმსაზღვრელი იმპულსები გახდა არა ეროვნული ერთიანობა, აღმშენებლობითი ენერგია, არამედ ეროვნული და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების გაუფასურება, ფსიქოლოგიური დეპრესია, სოციალური პოლარიზმი და მსგავსი ნეგატიური ტენდენციები, რაც შეუძლებელს ხდიდა პოზიტიური პროცესების დაწყებას და რეალიზაციას.
48. დასასრულს, კომპაქტურად წარმოვადგენთ იმ მიზეზებს, რომლებმაც გამოიწვიეს პოლიტიკური დაპირისპირებები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბანაკებს შორის, რომელიც 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებით დამთავრდა. ეს მიზეზები გახლდათ:
I. ყოფილი მეტროპოლიის პოლიტიკურ-ფინანსური და სამხედრო ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში;
II. მეხუთე კოლონის სიძლიერე და მის მიერ განხორციელებული შეიარაღებული ამბოხება ხელისუფლების წინააღმდეგ;
III. რადიკალური ოპოზიციის დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პერმანენტული კონფრონტაცია ხელისუფლებასთან;
IV. ელიტარული ინტელიგენციის დაპირისპირება ხელისუფლებასთან და მის მიერ ანტიკონსტიტუციური ამბოხების მხარდაჭერა;
V. რადიკალურ-მაქსიმალისტური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ მიერ განხორციელებული, ასეთივე პოლიტიკური კურსი;
VI. დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის და შემდგომ პრეზიდენტის ობიექტური და სუბიექტური ხასიათის შეცდომები და მის მიერ განხორციელებული სახელმწიფოს მართვის ავტორიტარული სტილი, რომელიც მნიშვნელოვანწილად ობიექტური რეალობით უფრო იყო განპირობებული;
VII. ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც წარმოადგენდა ეთნიკური ნაციონალიზმის სახეობას და წინააღმდეგობაში იმყოფებოდა დასავლური ტიპის სამოქალაქო, ლიბერალურ-დემოკრატიულ ნაციონალიზმთან;
VIII. ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელთა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების პასუხისმგებელ პირთა დანაშაულებრივი შეცდომები, არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა;
IX. ერთი ბლოკის ხელისუფლების სათავეში მოსვლით გამოწვეული სხვა დანარჩენი პოლიტიკური ბანაკებისა და პარტიების მარგინალიზაცია და ამით საზოგადოებრივ-პოლიტიკური წონასწორობის დარღვევა;
X. ქართული ეთნოფსიქოლოგიის, ეროვნული ხასიათისა და მენტალობისათვის დამახასიათებელი ნეგატიური თვისებები.

C O N C L U S I O N S

Historiographical Introduction

1. We pursued to study scientifically the prerequisites, provoking causes, progress of events of 1991-1992 years taking place in Tbilisi and the conditions for overthrowing of the existing national government. We also aimed to give objective evaluation of those events, as close as possible to the historic reality of that period. Review of the corresponding scientific references and the available literature of other type convinced us that to achieve the goal pursued by us, that is to study the main causes of the events of December-January of 1991-1992, it was necessary to consider inner political confrontations which were observed in Georgia at that time, progress, and nature of those confrontations and provoking situations. It was necessary to determine the ideological-political, spiritual-psychological and social motivations.
Necessity to study inner political confrontations led us to the sources of upsurge of national movement of 80s of the 20th century and it determined the chronological frames of our work – 1987-1992. Namely political, party, social, personal or other character confrontations of that period turned out one of the main reasons, which conditioned historic cataclysm of the last century – coup d’etat, realized in Georgia. This was the event, which determined further historic-political reality of Georgian people and its effect is still felt on its everyday life. The problem studied by us is extremely actual and what is most important, by our deep belief, it has scientific and more than scientific, the social-political charge. Comprehensive scientific study and adequate evaluation of the events of namely 1991-1992 years will enable us to define the guiding lines of the period that followed the coup d’etat and those of further development of modern Georgia and Georgian society.

Chapter I

2. Practically a multi-party system was created in Georgia in 1988-1989. The informal groups and political parties were not officially registered but they really functioned and made significant effect on public and political life of the country.
At that time there already existed the political specter consisting of three camps – leftwing, rightwing and centrist. By the second half of 1989 this political specter consisted of approximately fifty parties and informal groups. And their number was increasing incessantly.

3. The leftwing consisted of pro-Bolshevik-communistic parties, on the one hand and on the other hand, social-reformist, social-democratic parties, somewhat resembling European ones.
Centrist parties declared and supported evolutionary development of processes of the struggle for democracy and independence. They tried to avoid radicalization of events. These realistically thinking forces supported tactics of waiting and reduced political activity (Shota Rustaveli’s Society, Popular Front and others).

4. The right-wing camp was somewhat more prepared for the process of disintegration of soviet empire and the processes of decentralization. The rightwing parties were pronounced democrats. They strove to build western-type civic society in Georgia (Union of Christian-Democrats, Liberal-Democratic National Party, Ilia Chavchavadze’s Society, Union of Georgian Traditionalists and others).

5. One of the directions of the right-wing camp – radical parties should be considered as the separate political camp. They played especially active role in national-political movement of 1987-1990 years and practically became the leaders of the movement. Now it has no meaning as to which of those parties played positive or negative role in the events of that period (National-Democrats, National Independence Party, St. Ilia the Truthful Society, Party of Conservators (Monarchists), Merab Kostava’s Society and others).

We have offered the composition of just formed Georgian political specter to show that confrontation cropped up namely between the above listed parties, informal groups and camps, and that gradually it grew into permanent confrontation. To determine scientifically and objectively as to why and what for this four-year confrontations persisted which led us to its finish –blood-shedding events of December-January of 1991-1992 years, we had to study the progress, process of development of the above stated political confrontation, its causes and character. As we have already stated this is namely the principal goal of our monograph.

6. The first splitting took place in the Ilia Chavchavadze;s Society which was founded in October 1987. A group of radical direction separated from the society and assumed a name “Ilia Chavchavadze’s Society – IV Group”. In the very period, towards the end of 1987 and beginning of 1988 the confrontation was observed which existed between Chavchavadze’s Society and Zviad Gamsakhurdia. Members of Chavchabadze’s Society did not invite Zviad Gamsakhurdia to a meeting which was dedicated to the founding of the society. This fact was understood as a step designed for isolation of Zviad Gamsakhurdia from national-political movement. Quite naturally Zviad Gamsakhurdia could not stand the perspectives of his isolation from the national movement.
Separation of radical groups from Chavchavadze’s Society continued further. Party of National Independence of radical direction was registered as separate organization. And generally, radical movement finally was separated from moderate direction, when the union of radical parties “Central Committee for National Salvation” refused to enroll in its society the Chavchavadze’s Society (October 1989).

7. Creation of Popular Front was a very important event in the process of upsurge of national-political movement (June 1989). This organization undertook a very serious mission. It had to consolidate intelligentsia of Georgian society, middle layers of its population. It had to become the leading intellectual force of centrist movement. On the one hand, centrist Popular Front cooperated with a camp of National Radicals, and on the other hand, in case of need it could lead a dialogue with the communist government of the country.
Collaboration of National Radicals and intelligentsia, which attended the constitutive congress of Popular Front, was formal, but unfortunately it failed. Both parties were guilty in it. Elite intelligentsia considered impossible to cooperate with radicals. Thus integrity of national movement was doomed to doubtful prospects from the very beginning. Radical movement, in its turn, followed strict, confronting position towards intelligentsia. The matter ended with the formation of the board of Popular Front, which consisted of representatives of elite intelligentsia and radicals, but it was apparent that collaboration of these two forces would not last long, that this collaboration was temporary.

Chapter II

8. The next clash between moderate-liberals and radicals took place in connection with elections of the Supreme Council of Georgian SSR which was appointed for March 25, 1990. National-radicals started a campaign of boycott against soviet elections, while the parties of moderate-liberal camp, centrists and right-wing parties supported participation in those elections. The main argument was the one-party character of elections of 25 March. Already by this moment the effect of movement of national-radicals was so great that they managed to hamper elections of the Supreme Council. Some said that the soviet government itself hampered elections according to the scenario written in Moscow, in order to open the road to national radicals to come to the powers, which was pursued by the far going plans of Kremlin. Although, there is no scientific substantiation of this version. The opinion supported by the arguments developed by us, stating that the national-radical movement, by its permanent actions, forced the communist government of the republic to cancel elections of the Supreme Council appointed for March 25 – seems more substantiated.
At that time the movement of national-radicals was amalgamated in National Forum. The government made a new concession and postponed multi-party elections, which was the contribution of radical forces. Finally radicals got hold of the reins of the national liberation movement of Georgia.

9. But integrity of radicals in the Forum turned out short-term. In forty days National Forum was split into two parts. On April 24, 1990 Forum was left by four organizations “Helsinki Union”, St. Ilia the Truthful’s Society, Party of Monarchists and Merab Kostava’s Society. At that time the above listed organizations supported Zviad Gamsakhurdia. A new center of confrontation was created in political reality of Georgia. Parties, which stayed in the National Forum and radical parties, which left it, opposed each other. In fact, they were those who opposed and supported Zviad Gamsakhurdia.

10. They said that the reason of discord was the accident of shooting that took place at the building of “IMELI”, during conference of National Forum held there on April 24, 1990. The shooting took place between members of “Mkhedrioni” and armed formations of “Union of White George”. But it was not the only and main reason of new confrontation. The principal one was of ideological-political character. It cropped up earlier. Organizations, which supported Zviad Gamsakhurdia decided to create a new political coalition before the incident of “IMELI”. The incident just played the role of a detonator. On May 7, a new political block was created which was called “Round Table”. It united organizations supporting Gamsakhurdia, which left the Forum. The main ideological-political reason and goal was that the new coalition declared Lithuanian-Baltic path of achieving independence. It implied that “Round Table” supported the necessity of participation in multi-party elections of the Supreme Council and the tactics of parliamentary struggle for independence. The so-called tactics of national rebelliousness and boycotting of elections was rejected as unrealistic and utopian means. Organizations, which stayed in the Forum, remained devoted to it.
Sharing of Lithuanian-Baltic tactics of parliamentary struggle had great significance for national-political movement of Georgia. It returned the significant part of radical movement of Georgia to political realism. Path of elections was supported also by centrist and rightwing parties. Alongside with it, this path of legal struggle was approved by the practice of Baltic States and was also adaptable for western world.

11. By May 1990 the Georgian political specter was sprit into several confronting camps. The most fatal turned out the last split, which took place between two wings of the radical movement. It was namely after this discord that the so-called self-styled national congress was held, which was organized by political parties, which stayed in the Forum. These parties declared elections of the so-called National Congress. It supported the old strategy of the Forum – national disobedience and boycotting of soviet structures. This was the fatal choice of the so-called irreconcilable opposition.
Irrational strategy of the irreconcilable opposition was supported by significant part of elite intelligentsia, which was quite an unnatural step. Elite intelligentsia was a traditional supporter of parliamentary elections, but now, one of its parts appeared in the camp of unnatural ally – in the camp of irreconcilable opposition. Choice of this moderate liberal forces – to back up the irreconcilable National Congress – was conditioned by personal-egoistic, narrow ambitious interests and by inadmissibility, dislike of Gamsakhurdia as a person.

12. Two elections were appointed in Georgia for September-October 1990, those of National Congress and Supreme Council, which from the very beginning conditioned development of events, by the logic of dual power. The struggle for power was observed in the reality of Georgian national-political movement in parallel with the struggle for independence. The struggle for power was as acute as the national movement and even superceded this latter.

13. On September 25, 1990, according to the statements of irreconcilable radicals the elections of National Congress were held in Georgia. Irrespective of it, documentary material, analysis of expertise and public opinion of eyewitnesses proved the opposite. Absolute majority of electorate of Georgia did not participate in the elections of National Congress. The referendum stipulated by the rules of elections was not held either, as a result of which the National Congress that was formed later, was in fact, the body elected by one part of radical movement and the small part of the population. Therefore, it was a non-legitimate self-typed body. It did not express the will of the Georgian nation and the population of the country. Congress members and supporters were well aware of it.
On October 25, 1990 multi-party elections of the Supreme Council was held. The winner was the political block “Round Table – Free Georgia””. The velvety revolution was realized in Georgia, thanks to which the epoch of one-party communist dictatorship was terminated. Majority in the Supreme Council was gained by the national forces and national forces came to the reigns of the country. In parallel with it, the self-styled National Congress was functioning in the country. It didn’t mean diarchy yet, but it implied that finally two centers of confrontation were formed in the country.

Chapter III

14. In November 1990 the first session of the new Supreme Council adopted the very urgent law “About declaration of transitional period”. This was the first document by which the national government started implementation of goals pursued by the election “platform” of the block “Round Table – Free Georgia”. In the transitional period the real bases were to be prepared for the revival of independence of Georgia. Radicalism of the national government was expressed namely in its goal – independence. The new government, as was seen from one of its addresses to the population of Georgia, as if understood that the first term to achieve a rather complex goal of independence – was national integrity and constructive cooperation and co-existence with political parties, including opposition parties. This is why the Supreme Council addressed the opposite parties to be reconciled.
Unfortunately, National Congress developed the position, which differed from it – it declared the new national government illegitimate, since it came to the powers via elections of the Supreme Council, unlawful soviet structure. According to the National Congress the Georgian people and the population of the country made mistake when took part in those unlawful elections. According to the dreamy opinion of the National Congress the new government had to declare Georgia the colonial state, had to invalidate the Supreme Council and had to declare the Congress the single body expressing will of the Georgian nation and national movement. In short, the Congress declared that the principal goal of its activity was confrontation with the “illegitimate” Supreme Council.

15. In the very period, inner political situation became extremely tense due to confrontation of the armed form “Mkhedrioni” to the national government. Absolutely legally the Government planned to put in constitutional norm the functioning of armed formations. It called the armed formations to join the national guard, and those who had no desire to join the guard – to throw arms. This was really a constitutional demand of democratic government and the necessary step towards stabilization of public-statehood. Likewise adequate was the law adopted by supreme council about banning of illegal armed formations. “Mkhedrioni” did not obey the demands of the national government, did nor acknowledge its legitimacy and followed the way of open confrontation with the national government. It meant anti-constitutional actions and made the grounds for the government to address the measures stipulated by the law. The national government arrested the leaders of “Mkhedrioni”. This act was absolutely lawful, and thus extirpated the possibility of anti-constitutional actions of those formations.
At the same time the government did not reject the opinion that attack on the residency of “Mlhedrioni” located on Shavnabada was organized by a sub-unit of military district of Transcaucasia of the Soviet army and doing so, officially rejected the version of cooperation with it, which was spread at that time, when it sent a letter of protest to the minister of defense of Soviet Union.

16. In the Congress, which opposed the government, a number of political organizations were distinguished by their acute confrontation. First of all these were national-democrats. They and their leaders opposed the government as “enemy”, as Kremlin marionette, executor of its scenario and because of it, excluded compromise with the national government. Methods of struggle of national-democrats included false accusations, slander, falsification, other non-ethic norms, when the goal justified the means. Already from the period of coming to the powers of supporters of the Round Table, when it even did not start duly its activity, the national-democratic party factually could not be considered a democratic opposition force, constitutional opposition. It was just a hostile organization, which opposed the national government. Although it should be stated that by the end of 1990 and beginning of 1991 this party was not yet the anti-state, anti-constitutional force, because its activity did not exceed the limits of law.

17. Ilia Chavchavadze’s Society did not leg behind by its irreconcilable position of national democrats to the new government and on the contrary, even it exceeded, by its character, tactics, goals. This moderate right-wing type organization radically confronted the national government in the issue of relations with communist powers. Irreconcilable confrontation of members of Chavchavadze’s Society was greatly determined by personal dislike shown towards Zviad Gamsakhurdia for some of the leaders of that society. Generally personal antipathy and relations were the important factors in Georgian political-confrontation reality. At large, having confronted the national government, I.Chavchavadze’s Society, purposefully or unconsciously, undertook the responsibility, together with those of its opinions, congres supporters, for political confrontation going on in the country and therefore, for the expected outcomes, which by spring 1991 were not understood yet by many.

18. In the camp of supporters of the so called Congress the Party of National Independence and some small party organizations were distinguished by their radical attitude and confrontation to the national government. At large the Congress, as political unity, unfortunately played only destructive role in Georgian political reality of that period.
Generally, by the spring of 1991, relations between the Congress and national government was stably confrontational. The heavy background of confrontation was formed by permanent, almost daily meetings, actions, and dicerse forms of protesting measures organized by one or other member parties of the Congress. At that time the irreconcilable opposition had no chance to oppose the government by armed forces, since the government managed to neutralize, just temporarily, the armed wing of the opposition –”Mkhedrioni”. The government had advantage, with the view of force. Everything depended as to which party would acquire additional resource, supporters-allies – the irreconcilable opposition or national government.

Chapter IV

19. In March-April 1991 and in the months that followed confrontation battles taking place in Georgia, somewhat slowed down. At this period the central government started realization of the process of preservation of modernized form of Soviet Union and decided to organize referendums in all republics of the Union, including Georgia. National government of Georgia, as is known, stood against this process and refused to hold “all-Union” referendum. More than that, the government organized referendum in Georgia with quite different purpose. It had to resolve the issue –whether the population of Georgia desired to restore independence of Georgia. Majority of the population responded positively, on the base of which the supreme council on April 9, 1990 declared restoration of independence of Georgia. These were namely the processes which somewhat decreased confrontation between the government and irreconcilable opposition.

20. By the way, processes, which were initiated by the center, namely the so-called all-union referendum, designed for preservation of essence of the Soviet Union, speeded up declaration of restoration of independence of Georgia, which was not intended by the national government in such a short time, so swiftly. Namely because of it the national government announced the so-called transitional period, as the preliminary several-years stage for the creation of bases for independence. This was quite a rational step made by the government..

21. If referendums and declaration of revival of independence somewhat managed to lessen strain, we can not say the same about presidential elections held on May 26, 1991 and more so about the process of election campaign. The picture was absolutely opposite. This even gave a new impulse to confrontational relations. Within the period of election campaign the political confrontation burst out with a new force. Especially acute was the confrontation between Zviad Gamsakhurdia and his supporters. It contained critics, non-ethic addresses to other candidates on presidency, which strained public atmosphere and was not in the interests of the government either. It should be stated that in the rows of supporters of candidates for the office of president there were many representatives of elite intelligentsia and confrontation to this layer of the society which was showed by the head of the government became actual again for Georgian political reality.

22. We would like to note two factors inherent to “small countries” in this connection, to the country, which is boarded by large former center. The first factor is that in such a “small” country the forces, which use to oppose government, usually are joining gradually and form common front against the government. The second factor is when patron-supporter of such opposition is the former metropolis, center. At the verge of spring-summer 1991 such critical phase was not observed yet but the grounds were already created for such unfavorable perspective -association of opposition forces. The government did not or could not see it, or did not want to see it and multiplied its army of opponents thanks to its excessive self-confidence. Presidential elections contributed to this negative process. Finally the moderate-liberal groups and elite intelligentsia joined to opposition forces. The significant role in quantitative, organizational and mental strengthening was played by the election campaign led by the government and its leaders in a manner of confrontation against other candidates, which proceeded so to say “by the war of labels”.
Unfortunately in summer of 1991 due to development of political processes according to the above stated logic, one more conflict relation was created in Georgian reality. This time relations of the government with one of the political organizations of the leading block – Merab Kostava’s Society and its leader were complicated. This was a new form of confrontation – discord in the leading political block.

Chapter V

23. Opposition considered that one of the weak traits of Zviad Gamsakhurdia’s government was his foreign policy. Both the radicals and moderates considered that serious mistakes made namely in foreign policy led the national government to the crisis and the state – to international isolation. Such opinion was superficial and unjust and was motivated from narrow-party interests of the opposition.
In reality the west and its military-political leader, USA recognized Soviet Union, its territorial integrity till the end of 1991. Therefore all republics of the union were considered as parts of the soviet empire. Because of this simple reason the west supported national movements going on in former republics of the Soviet Union, but officially did not recognize their state separatist formations. Due to such logic of international political reality, non soviet republic of Georgia existing after October 28, 1990 still remained for the west a common soviet socialistic republic of Georgia that was still in the Soviet Union and quite naturally, it, from the very beginning was doomed to international isolation as the state formation not declared by the world.
With this in view, the situation did not change even after April 9, 1991. After declaration of independence the new status of Georgia was recognized neither by the west nor by any state of the world and Georgia could not break through the existing system of international isolation, till the international community recognized the Soviet Union as such. Thus within the period to be considered in the present chapter of the work, up to the middle of August 1991, the fact of staying of the independent Georgia outside of the so called international community and its non-recognition by other countries – was not a result of weak or strong or any quality foreign policy of Zviad Gamsakhurdia, but was a result of international relations and the situation of that period, that is, as Hegel would say – product of objective reality.

24. And in such complex and heavy international reality the government of republic of Georgia and later that of the independent Georgia had realistic and reasonable attitude to the west. Course of relations of the republic of Georgia of that period with external world was based on realistic formulae that “struggle for restoration of Georgian statehood” was not to “confront the process of approach of the west and east”. Here the intense negotiations held between the United States and Soviet Union, treaties, agreements were taken into consideration, which covered global problems of the world policy – starting from nuclear disarmament and ending by the issue of reunion of Germany.
Initially the west expressed some interest to the processes going on in Georgia, which pursued revival of independence of the state, although, in the context of doctrine of normal relations with the Soviet Union. This interest was expressed in the form of unofficial visit of ex-president of USA R. Nixon to Georgia as well as the negotiations about possible visit of the president of Georgia to USA et al. At that time Zviad Gamsakhurdia used to express his satisfaction because of kind attitude of United States towards Georgia.

25. Relatively loyal attitude of administration of USA at the verge of July-August 1991 was changed. During his visit to Moscow and Ukraine president of USA expressed negative position towards the government of Georgia and its leader. This is the point from where the negative context of Georgia-American relations started, which was initiated by administration of United States and not by that of Georgia. This too was conditioned by international situation. On July 31 1991, presidents of the USA and Soviet Union signed the treaty on decrease of strategic armament, according to which nuclear arsenals of both states were to be decreased by up to 30-40 percent. On the background of a treaty of such global significance, administration of United States was not interested in expression of any loyalty towards separatist government of Georgia which confronted Kremlin, since maximalist government of Gamsakhurdia refused to sign a new contract, which was liked and supported by administration of United States.
President of United States officially discarded Georgia from the favorites of United States. This was a dangerous message. Officially George Busch senior did not like the course of management of Georgian government, which was the first serious symptom of falling of Georgia in international isolation. In this case too, this isolation was conditioned not by any tactical episode or episodes of political course of the government of Georgia, but by the strategic goal of the government –independence, which was not backed up by international conjuncture of that period.

Chapter VI

26. Putsch of Moscow of August 1991 played the fatal role in further development of independent Georgia and the state of its government. Position occupied by the national government to that event became the source of crisis, which lingered for months. Was the accusation of the opposition just that the government of Georgia supported the so-called “ÃÊ×Ï” (State Committee for Force Majeure Situation”, of former Soviet Union) and fulfilled all its demands?”
According to the attitude to “ÃÊ×Ï”, former and still functioning republics of the soviet empire were divided into three groups. The first, the so-called neutral group consisted of Kazakhstan, Armenia, Kirgizia, Turkmenistan and Ukraine. Republics of this group extended time, waited till the situation cleared up, they did not express opposition or protest and restrained themselves from supporting, at the same time they did not express separatist inclinations and fixed respect to the soviet constitution and laws, but did not refer whether they supported “ÃÊ×Ï” or Gorbachev. This is how they expressed their neutral position. The second group united the republics which occupied loyal position towards “ÃÊ×Ï”. These were Byelorussia, Azerbaijan and Uzbekistan.

27. Among the republics, which condemned putsch and confronted them were Latvia, Lithuania, Estonia and Moldova. We called this group independents and among those republics was considered Georgia too, but with some explanations. Initially attitude of government of Georgia towards putschist-dictators was careful and it differed from immediate negative attitude of Baltic countries to putsch organizers. Government of Georgia expressed caution when gave preference to compromise in some demands of ultimate character of putsch organizers, namely it issued the order about the so-called “reorganization” of national guard. It meant that the guard was granted the status of “special designation police sub-unit” and it was subordinated to the Ministry of Internal Affairs. The post of the guard commander was annulled too.
But against the assertion of the opposition, compromise did not imply the submission and cooperation with “ÃÊ×Ï” neither its declaration. The government neither dismissed not invalidated national guard. It just partly restricted its functions. As to partial compromise, it was justified by the national government of Georgia – it desired to avoid military aggression and bloodshed and every government responsible to its country and its population is obliged to do it and the government of that period acted namely in this manner.

28. As to the attitude to “ÃÊ×Ï”, and its evaluation the government of Georgia expressed it principally on August 20 in the declaration made in the name of Zviad Gamsakhurdia, which was designed for “peoples and governments of western countries”. President of Georgia by this document clearly and categorically refused to acknowledge putsch. President of Georgia condemned its reactionary and anti-democratic character and addressed the west with a demand to protect the world from danger of military aggression proceeding from putsch. In the first place the west had to declare independence of Georgia. Thus, finally, government of Georgia, irrespective of partial compromise, kept devotion to freedom and democracy in the period of Moscow putsch of 1991. Georgia turned out in the group of small republics fighting for independence, together with Lithuania, Latvia, Estonia and Moldova

Chapter VII

29. Events of September 2 gave start to the heavy period of extended crisis of not only 1991 but also of the years that followed in Georgia. Due to the fact that irreconcilable opposition could organize provocation the government tried to extirpate the action of national-democratic party, but this measure of extirpation realized by the governmental structures was followed by dispersal of manifest participants and as a result of it wounding of citizens. Events of Tbilisi were considered by the west as gross violation of democratic norms, which seriously infringed the image of Georgian government, undemocratic even without it.
These negative situations were accompanied by serious mistakes made by national government, which were expressed more acutely from September 1991. It is true that the government officially condemned the dispersal of people taking place on 2 September and decided to investigate the facts. But the promise was not fulfilled and the judicial bodies never were asked to account on the above stated events. On the other hand, the government of Georgia responded to the criticism of the president of USA with the similar criticism, which was a gross diplomatic mistake. It can be said that the government of Georgia and its leader followed absolutely non-adequate political course in the relations with USA. The position now had the grounds to accuse the government for partial, if not complete contribution to international isolation of the country.

What is most important, after events of September 2, radical, moderate, revanchist or other type opposition forces found a new ally for confrontation and fight with the government – national guard, which was out of control of the government. It was namely from this period that qualitatively absolutely new stage of confrontation of the opposition was started against the government. From this period in the activity of some opposition groupings the anti-constitutional recurrences were observed increasingly. Thus, e.g. proclamations spread by national-democrats called people to overthrow the government; actions of leaders of temporarily out of control leaders of the national guard, had a tendency to develop towards revolt.

31. As to the events of September 2, itself, which played a role of a detonator in the crisis of the period that followed, they were conditioned as a result of provocation of radical opposition but the responsibility was imposed on the government of the country. This responsibility was not undertaken duly by the national government, which played negative role in the further crisis and events and aggravated it. This too was one more mistake of the government.
After September 2, capital of Georgia was overwhelmed by daily manifestations, processions and other form actions expressing protests of opposition. It was added by splitting of governmental block. Former companions-in-arms, which left the block, joined opposition (Kostava’s Society; Charter-91, separate persons). The government met this process with non-understandable composure, coolness and practically did not try to stop it.

32. Movement of protest, which started after September 2, was not homogeneous. It was of combined character. Initially the movement contained the goal of struggle for democracy too, but later it was swallowed by more negative goals. For irreconcilable radicals the principal purpose was a deprival of the administration of Gamsakhurdia of powers; for elite intelligentsia – gaining back its social status and normalization of relations with the center via compromise; the same was the motivation of former communist nomenclature. Opposition used to assert that the movement, which took place in Georgia in September-October was democratic revolution or democratic movement. Such estimation of events was false and tendentious. In the movement of protest only a small segment of the specter of opposition took part. More or less multiple layer of the population, the executor of democratic revolution – did not participate in it. Alongside with it, there were no reasons, which could inspire democratic revolution – dictatorship, the government, which would realize real repression. On the contrary, the government enjoyed support of majority of the population.

33. Government of Gamsakhurdia was of the character of weak authoritarianism more, since it did not rely upon military forces, did not use repression measures against population and possessed legitimacy granted by people. Legitimate authoritarianism, together with subjective motivation was conditioned by objective situations too and maybe because of it did not provoke public protest. Later, the government of both presidents, irrespective of higher quality of democracy suffered evolution towards legitimate authoritarianism. Not to speak of other reasons, the complex geo-political context of Georgia did not enable and still does not enable the country to have open democratic government.

34. Irrespective of the so-called facilitating objective situations, authoritarianism is antipode of democracy and it always results in a just protest, movement, which is directed towards expansion of limits of democracy. Movement of protest, starting from September 2, as was stated above, covered the element of namely such democratic movement, but after September 22, when units of national guard, which appeared beyond the control of the government, left the territory of Shavnabada and occupied building and territory of TV & Radio Department – the movement acquired the new direction, that is, it acquired anti-constitutional and anti-state character. Factually the stage of peaceful movement of protest ended and it grew into factual rebellion of sub-units of national guard against the government. Thus, the movement was neither the “democratic revolution” qualified so by the opposition, nor “military and civic putsch” – as it was qualified by the government. In reality it was a riot against state government.
Days of October 4-5 were the culmination of confrontation of supporters of the national government and mutineer opposition. Both parties were headed by leaders, who were against any form of compromise. Irrespective of it, armed confrontation did not take place. This time, mutineer opposition had not enough resources for armed attack. After events of 4-5 October finally two forces confronted each other in Georgia – the government and mutineer opposition, to say more correctly – the government was opposed by the units of mutineer national guard and mutineer opposition joined to it.

Chapter VIII

35. After events of September-October of 1991, irrespective of signs of relative stability, it was apparent that confrontation was stopped just temporarily and only temporarily was established the so-called “wavering balance”. Likewise, irrespective of substantiated plans of majority of the supreme council about practical transition to market economy and other measures connected with it, it was apparent that those plans were doomed to failure. Armed and unarmed opposition was preparing for the next and final attack and was waiting for corresponding directives from the center, metropolis and favorable situation.
In October the meetings of opposition and supporters of the Government were renewed and they took more intense character.
Radical opposition was intensely watching the Government and criticized all steps made by it, protested, threatened with actions, meetings, tried not to give the government the possibility of normal functioning and to make it radical decisions, inand to intensify its critical state even greater.

36. In a number of cases, actions of protest of some groups of the opposition acquired more anti-constitutional character. Thus, e.g. as a result of actions of one of the groups of revanchist opposition – officers of TV and Radio Department, the central television became inaccessible for the government, which was forced to organize the system of TV transmissions in the building of supreme council. In October-November participants of action organized by officers of TV & Radio Department still used to lead anti-constitutional movement.
For this period the significant part of the opposition knew already that it was leading non-loss war against the government. Part of opposition that was duly informed, understood that administration of Gamsakhurdia in the nearest future would be overthrown. They conceived also that Gamsakhurdia, could not, and if could, would not give himself the right to start wide-scale extreme repressions. Therefore the opposition gradually came to senses after the first loss and started actively the decisive round of anti-governmental struggle.

37. And really, due to uncertain reasons the national government headed by Zviad Gamsakhurdia did not make any decisive measures for administration of law and for extirpation of anti-constitutional actions of a number of parties, opposition groups or persons, which was the right of a government of any democratic state.
And generally, the government did not estimate duly from the very beginning the forces, potential and democratic rights of the opposition, growing perspective of its actions and what is most important – the powerful resources of support of allies of the opposition. This inadequate estimation acquired increasingly dangerous character, especially in the period of seeming stabilization of November-December 1991.
Meanwhile, instead of search of supporters, their attraction and bringing to the governmental camp, those supporting the government continued shifting to the opposite camp. These were also the former companions, supporters of the national government, and it seemed the government easily got accustomed to withdrawal of those persons.

38. Opposition had sufficient grounds to think that the government did not plan in the nearest future to carry out wide-scale privatization or formation of powerful private sector. According to the opinion of the government the principle subjects of market economy had to become state enterprises and economies. State capitalism had to fulfill transitional function. Opposition accused the government as if it tried to preserve socialistic structures by its choice of route of state capitalism. Position criticized acutely the government because of non carrying out land privatization, but it did not take into account the situation that Gamsakhurdia avoided to carry out this reform unprepared, because of national interests and not because of any other reason. Generally realization of social-economic reforms and resolution of problems of such order was connected with and was possible only at the terms of political stability, which in its turn was possible in the presence of powerful government and national integrity. Unfortunately in autumn of 1991, Georgia had neither of the above listed components.

39. As was stated above it was administration of USA which negatively evaluated for the first time the activity of the government of Georgia. This was conditioned by nonconformity of strategic course of absolute independence of Georgia to international conjuncture. This reality became the objective reason of exclusion of Georgia from international and geo-political processes. But inconsequent tactics of the government, non-consideration of reality or its deliberate neglect played extra subjective role in the process of international isolation of Georgia.

40. In distinct from assertions of the opponents, president of Georgia adequately estimated international situation. Irrespective of it, Zviad Gamsakhurdia kept unchanged position and therefore, nonconformity to international reality – was his goal – strategic course of absolute independence. Zviad Gamsakhurdia knowingly gave preference to non-compromise strategy and doing it, rejected political reality, and factually doomed his government to defeat. International isolation of Georgia would sooner or later condition defeat of national government and it depended only when the former center of the empire would decide its fate. Irrespective of it, opposition tried to prove, without any grounds that if not the government of Z,Gamsakhurdia, the west would declare independence of Georgia. Including autumn 1991, neither USA nor the west declared independence of former republics of USSR, less independence of Baltic states. Process of de jure recognition of soviet republics was started in December 1991, but the government of Georgia namely at that moment turned out without support of USA again, which made its state hopeless. Refusal of the government of Georgia to sign new friendly contract finally determined impossibility of support of USA and the west to Georgia. this time again and finally Z.Gamsakhurdia rejected compromise with the center and refused to enter the Commonwealth of Independent States (CIS), which gave him the chance to keep power.
As a leader and figure of national-liberation movement Zviad Gamsakhurdia could continue non-compromise struggle against soviet empire, but as the president of Georgia, he made a mistake when he did not go on compromise with the center and international conjuncture, which played fatal role in the fall of his government.

41. One of the most important events in the internal events of October-December of 1991 was negotiation between the government and revolted guard headed by Kitovani. Irrespective of the fact that no one desired bloodshed again, neither party expressed desire to yield. Especially it concerned the leaders of the revolted guard. Simultaneously with negotiations the guard was armed at the expense of robbery, partially, attacks on police departments and governmental structures, and especially at the expense of support from commanders of military district of soviet troops in Transcaucasia.
Kitovani’s guard, which was dislocated on the territory of Tbilisi Sea within two months and a half was a destructive force violating daily life and stability of the capital and it was really the armed rebellious formation. In such a situation the government was mercilessly passive and did not participate deliberately in the measures for rooting out anti-constitutional actions and for restoration of stable state in the country. Such passiveness of the power resulted in joining of the whole opposition to the rebels who were in hothouse conditions. Factually, the first and single purpose of the amalgamated opposition was the overthrow of the existing government.

Chapter IX, X

42. There are many forms, kinds, types of coup d’etat: these are putsch, riot, political, palace, revolutionary, financial, oligarchy, military, armed, velvety, peaceful and others. Coup d’etat is overthrow, replacement, or getting hold of existing state system via violation of constitution. This problem is well studied in western and partially in Russian historiography, but not in Georgian historiography. It can be stated that this situation and non-consideration of foreign historiography, alongside with other reasons resulted in tendentious estimation and qualification, inadequate scientific evaluation of coup d’etat, which took place in Georgia in 1991-1992. Adequate evaluation can be managed by comparison of the coup of Georgia with similar events of the world, study and consideration of foreign historiography sources. We have conducted such works and came to the following conclusions.

43. In this part of the work we consider coup d’etat via armed riot which took place in Georgia, which proceeded openly for several months. Troops of the revolted national guard and armed formations stuck to it consisted of representatives of criminal world too – did nor belong to any political opposition. Government of any democratic state, if it has power enough would be obliged to take lawful measures against them. Government of Georgia did not, or could not do it, and not doing it made irremediable mistake or revealed impotency

44. Now we’ll consider the character of coup d’etat, which took place in 1991-1992 in Georgia. To begin with, we would state that it was not popular or democratic revolution since, first of all, there was no population supporting it in masses, and secondly, there was no real ground for making revolution, there was no reason for revolution – dictatorship. There really was the so-called legitimate authoritarian democracy, which was conditioned by crisis, objective regularity, put up with by the majority of the population but not put up with by the minority.
According to its character the coup d’etat of Tbilisi of 1991-1992 years resembled mostly the type of military revolution. But it was not a military revolution since not only the guard participated in it but there were also other unlawful armed formations. And this speaks of not military character of the coup. Proceeding from this and other reasons Tbilisi coup was not a putsch either, as it was interpreted by the government. Putsch is coup d’etat which is made by a group of mutineers. In case of Georgia we had to deal with open revolt.

45. The following social-political layers and groups participated in armed revolt, movements of protest and anti-governmental processes of 1991 and later in the coup d’etat: 1. Former nomenclature of the leading communist-party; 2. Party-administrative, bureaucratic and economic elite standing near them; 3. Elite-bureaucratic, cultural-creative and scientific intelligentsia; 4. Irreconcilable radical opposition; 5. Moderate opposition of national inclinations; 6. Units of revolted national guard and other armed formations and groups standing by; 7. Former metropolis, center – Soviet Union, then government of Russia, powerful structures and special services. To narrow the number of the above listed camps we can reduce the main forces fighting against national government and forces trying to overthrow it – to three groups: political elite supporting the opposition, armed opposition and government of metropolis and finally this number can be brought to two, and Tbilisi coup will have two actors, Georgian 5th column and government of the metropolis..
Consideration of political and social camps, participants of Tbilisi coup d’etat and their goals enable us to formulate the evaluation and qualification of the event studied by us, which will be relatively accurate, maximally approximated to the reality.

46. As a result of armed revolt taking place in Georgia in December-January 1991-1992 and the intervention of the metropolis the national government was overthrown, which was anti-national, the coup d’etat of anti sovereignty, revanchist and partly anti-authoritarian character. This made minority and majority of Georgian people to oppose each other in the form of armed confrontation, in which anti-national crux of the coup was revealed. It conditioned restriction of sovereignty of Georgian state since Georgia entered CIS and resulted in restoration of influence of former metropolis, which proved the contra-sovereignty character of the coup. It returned the power and social status to former political-cultural elite – and in it the revanchist nature was revealed and finally, it consisted of movement of protest against authoritarian management of the head of the national government, which was conditioned by objective conditions – in which the anti-authoritarian element was expressed.

47. Within eight years that followed coup d’etat, that is, in 1990s, the new government could not attain any more or less strategic character achievements in any sphere of internal life, or in almost any problematic sphere, neither in economics, nor in industry, agriculture, matters of restoration of territorial integrity. On the contrary, it was namely after the coup that Tskhinvali region and Abkhazian Autonomous Republic appeared beyond jurisdiction of Georgian Government. The country was overwhelmed by crisis which was greatly conditioned by ruin of national mentality, existence of confronting social and political camps and others. Impulses for Georgian social-political reality became not the national integrity, building energy but devaluation of national, spiritual and moral virtues, psychological depression, social polarity and other like negative tendencies, which made impossible to start and realize positive processes.

48. To finish with, we’ll offer briefly the reasons which conditioned political confrontations between social-political camps of Georgia, which was ended with the coup of 1991-1992 years. These reasons were:
I. Political-financial and military meddling of the former metropolis in the internal affairs of Georgia;
II. Might of the fifth column and armed riot realized by it against the national government;
III. Permanent criminal and anti-constitutional confrontation of radical opposition against the government;
IV. Confrontation of elite intelligentsia against the government and their support to anti-constitutional revolt;
V. Coming of radical-maximalist political forces to the powers of Georgia and the radical-maximalist course realized by them;
VI. Objective and subjective character mistakes of the chairman of supreme council of Georgia and later its president and the authoritarian style of state management realized by him, which was mostly conditioned by objective reality;
VII. National-political world outlook of Zviad Gamsakhurdia, which was a form of ethnic nationalism and was in discord with the western type civic, liberal-democratic nationalism;
VIII. Criminal errors, incompetence and irresponsibility of representatives of national government, leading officers of executive and legislative structures;
IX. Margination of political camps and parties which was conditioned by coming to the powers of one block and infringement of public-social balance by it;
X. Negative traits inherent to Georgian ethno-psychology, national character and mentality.

მითითებული ლიტერატურა

თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი

1. გურამ მამულია _ არასოდეს ვებრძოდი პიროვნებებს. Gგაზ. “დემოკრატიული საქართველო.” 1992. 18 ივლისი.
2. შემდგენელ-რედაქტორი თინათინ კობალაძე _ და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. წერილების კრებული. თბილისი, 2002. გვ. 21.
3. გაზ. “საქართველო.” 1992. 22 მაისი.
4. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტს. Gგაზ, “ქართველი ერი”. 1993. თებერვალი.
5. გაზ. “დამოუკიდებლობა.” 1990. აპრილი.
6. გაზ. “თავისუფს დემოკრატიული პარტიის გაზეთი. 1989. დეკემბერი.
7. საქართველოს პოლიტიკური პარტიები. ცნობარი. რედაქტორი პ. ჯავახიშვილი. Mმოამზადეს კ. კანდელაკმა, ლ. ხომერიკმა და ნ. ჩუბინიძემ. 1998. გვ. 38
8. ვახტანგ ძაბირაძე _ ეროვნული მოძრაობის შუქ-ჩრდილები. 2007. გვ. 19.
9. ვ. ძაბირაძე _ გვ. 84.
10. გიორგი წიქარიშვილი _ ჟამი ჭეშმარიტი. დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა. 2003. გვ. 15.
11. გ. წიქარიშვილი _ გვ. 15.
12. ინტერვიუ თ. ჩხეიძესთან: “მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?” გაზ. “შანსი” 1992. 20 თებერვალი.
13. “დამოუკიდებლობა.” 1990. 20 აპრილი.
14. “ივერია.” 1989. 21 ივნისი.
15. თ. ჩხეიძე _ გაფიცვები და პოლიტიკური რეალიზმი. “ივერია.”1989. 12 აგვისტო.
16. “დემოკრატი.”1989. 30 ოქტომბერი.
17. “ქართული ფილმი.” 1989. 14 ივლისი.
18. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1989. 22 ივნისი.
19. იაკობ მანსვეტაშვილი _ მოგონებები. 1985. გვ.15
20. “თბილისი.” 1989. 25 ივნისი.
21. დიმიტრი შველიძე _ საქართველოს სახალხო ფრონტის I ყრილობა, 1989, 21-25 ივნისი. Dდელეგატის ჩანაწერები (ხელნაწერი).
თ ა ვ ი მ ე ო რ ე

1. საქართველოს სახალხო ფრონტის საარჩევნო მიმართვა ქართველი ხალხისადმი. “საქართველო.” 1990. 12 მარტი.
2. ბადრი მაჭავარიანი _ მე და გარდაქმნა. Gგაზ. “ქრისტიან-დემოკრატი.” 1990 იანვარი.
3. “ქრისტიან-დემოკრატი.”1990. თებერვალი.
4. “ქართული ფილმი.” 1990. 21 მარტი.
5. ნოდარ ნათაძე _ რაც ვიცი (ფაქტები და ანალიზი). 2002. გვ. 98.
6. ნ. ნათაძე _ გვ. 103.
7. “ივერია.” 1990. 24 აპრილი.
8. ინფორმაცია ეროვნული ფორუმის სხდომის შესახებ. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 31 მარტი.
9. გ. ჭანტურია _ არ დავუშვებთ კოალიციას! “ქრისტიან-დემოკრატი”. 1990. მაისი.
10. “ასავალ-დასავალი.” 2007. 18-24 ივნისი.
11. “ახალგაზრდა ივერიელი”. 1990. 5 მაისი.
12. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 15 მაისი.
13. გ. ჭანტურია _ ეროვნული მოძრაობის კონცეფციის საკითხები. “სახალხო განათლება.” 1990. 12 აპრილი.
14. მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ ორგანიზაციათა მემორანდუმი. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 11 სექტემბერი.
15. “ახალგაზრდა ივერიელი”. 1990. 31 მარტი.
16. “ქართული ფილმი”. 1990. 29 აგვისტო.
17. გ. ჭანტურია _ ეროვნული მოძრაობის კონცეფციის საკითხები. “სახალხო განათლება.” 1990. 12 აპრილი.
18. “ქართული ფილმი.” 1990. 9 მაისი.
19. მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ გაერთიანებათა მემორანდუმი. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 11 სექტემბერი.
20. მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ ორგანიზაციათა განცხადება. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 25 სექტემბერი.
21. ი. სარიშვილი _ სანამ გვიან არ არის. “ქართული ფილმი.” 1990. 13 ივლისი.
22. მრგვალი მაგიდის პოლიტიკურ გაერთიანებათა მემორანდუმი. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 11 სექტემბარი.
23. გიორგი წიქარიშვილი _ ჟამი ჭეშმარიტი. დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა. 2000. გვ. 141.
24. ”Ìîëîäåæú Ãðóçèè” 1989.26.VIII.
25. შალვა რჩეულიშვილი _ ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომი. “კომუნისტი.” 1990. 27 სექტემბერი.
26. მერაბ ალექსიძე _ ეროვნული კონგრესი. ჩვენი არჩევნები და მათი გადაწყვეტის გზები. “კომუნისტი.” 1990. 28 სექტემბერი.
27. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 25 ოქტომბერი.
28. მიხეილ ბაჟუნაიშვილი. Gგიორგი ლაპიაშვილი. _ რამდენიმე მოსაზრება ეროვნული კონგრესის არჩევნების შესახებ. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1990. 22 სექტემბერი.

თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე

1. “კომუნისტი.” 1990. 19 ოქტომბერი.
2. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის 1990 წლის 14-15 ნოემბრის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. საქართველოს უზენაესი საბჭოს გამოცემა. თბილისი. 1991. საქართველოს პარლამენტის არქივი. ჰტტპ://წწწ.პარლიამენტ.გე/ინდეხ.პჰპ?ლანგ_იდ=GEO&სეც_იდ=182
3. მიმართვა სრულიად საქართველოს. “ახალი საქართველო.” 1990. 15 ნოემბერი.
4. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1990. 18 დეკემბერი.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1990. 28 დეკემბერი.
6. სამოქალაქო ომი თუ მშვიდობა. “7 დღე”. 1991. 4 იანვარი.
7. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 19 თებერვალი.
8. საქართველოს რესპუბლიკის პრესცენტრის განცხადება. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1990. 23 დეკემბერი.
9. ჯ. იოსელიანი _ სამი განზომილება. თბილისი. Gგვ. 200.
10. შეხვედრა ყოფილ “იმელში.” “თავისუფალი საქართველო.” 1991. 22 თებერვალი.
11. თამთა ცეცაძე _ რისთვის შეიკრიბნენ ყოფილ “იმელში.” “თავისუფალი საქართველო.” 1991. 1 მარტი.
12. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრესცენტრის განცხადება. “ქართული ქრონიკა.” 1991. მარტი.
13. “ქართული ქრონიკა.” 1991. მარტი.
14. ორი თვის ქრონიკა. “ივერია.” 1991. 5 აპრილი.
15. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით 1991 წლის 4 მარტს გამართული მიტინგის რეზოლუციები. “ივერია.” 1991. 5 აპრილი.
16. “ივერია.” _ იქვე.
17. ვახტანგ ძაბირაძე _ ეროვნული მოძრაობის შუქ-ჩრდილები. Gგვ. 106.
18. თბილისი-მიუნხენი. ზ. გამსახურდიას სატელეფონო საინფორმაციო საუბარი თენგიზ გუდავასთან, ბორითის ავტოავარიის შემდგომ დღეებში. “ივერია.” 29 სექტემბერი.
19. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების განცხადება. “ივერია.” 1991. #26.
20. გაზ. “იბერია-სპექტრი.” 1993. 22 თებერვალი.
21. “ქართველი ერი.” 1993. 23 ივლისი.
22. ი. წერეთელი _ ეროვნული კონგრესი, ბრძოლის ახალი სიმაღლეები. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1990. 1 ნოემბერი.
23. ი. წერეთელი _ მოწოდება სრულიად საქართველოსა და ქართველი ერისადმი. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 17 ივლისი.
24. ირ. ბათიაშვილი _ უტყუარი ვალდებულება. “ლიტერატურული საქართველო.” 1991. 18 იანვარი.

თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე

1. Êðåìíåâ Ï.Ï. – Ðàñïàä ÑÑÑÐ. Ìåäóíàðîäíî-ïðàâîâûå ïðîáëåìû. Ì., 2005 ñòð. 225.
2. გ. ჭანტურია _ რას უპირებს კრემლი საქართველოს. 1991. გვ.11-13.
3. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 2 თებერვალი.
4. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 5 თებერვალი.
5. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის განცხადება. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 9 მარტი.
6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესცენტრის განცხადება. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 14 მარტი.
7. თემურ ფიფია _ საუკუნის მისტერია. “საქართველო.” 1991. 12 მარტი.
8. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის 1991 წლის 9 აპრილის საგანგებო სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. საქართველოს პარლამენტის არქივი. საქმე #3812. გვ. 21. ჰტტპ://წწწ.პარლიამენტ.გე/ინდეხ.პჰპ?ლანგ_იდ=GEO&სეც_იდ=182
9. საქართველოს პარლამენტის არქივი, გვ. 21-22.
10. საქართველოს პარლამენტის არქივი, გვ. 22.
11. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული _ რუსეთთან და ურუსეთოდ. 2007. გვ. 85.
12. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 13 აპრილი.
13. მიშა+ბორია=იმპერიას! Aანუ პოლიტიკური ვითარებისათვის საქართველოში. “ივერია.” 1991. 12 მაისი.
14. იქვე.
15. მამუკა წიკლაური _ გზა და რადიკალური უტოპიები. “ლიტერატურული საქართველი.” 1991. 17 მაისი.
16. ირ. ბათიაშვილი _ უტყუარი ვალდებულება. “ლიტერატურული საქართველო.” 1991. 18 ივნისი.
17. პოლიტიკურ ბლოკ “თავისუფლების” განცხადება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. Gგაზ. “მამული.” 1991. #4.
18. “თავისუფალი საქართველო.” 1991. მაისი.
19. ზვიად გამსახურდია _ ღია წერილი ჭაბუა ამირეჯიბს. Gჟურნ. “მნათობი.” 1987. #1.
20 მერაბ კოსტავა _ უსინდისობისა და ულოგიკობის ალიანსი. ჟურნ. “მატიანე”. 1987. #1
21. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 1 მაისი.
22. “საქართველოს რესპუბლიკა. 1991. 8 მაისი.
23. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 11 აპრილი.
24. “ივერია.” 1990. #22.
25. ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ. Gგაზ. “ტრუდი.” 1991. 27 მაისი.
26. ნინო გველესიანი _ აღმაშენებელი და დაღმა მფარცხველი პოლიტიკოსები. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 25 მაისი.
27. ნოდარ ლომოური _ საქართველოს ოპოზიციისათვის არ სცალია ანუ არაპროფესიონალური ამბიციურობა. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1997. 17 აპრილი.
28. “საქართველო.” 1991. 12 მარტი.
29. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 27 აპრილი.
30. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 16 მაისი.
31. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადება. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 18 მაისი.
32. “საქართველო.” 1991. 1 მაისი.
33. ნოდარ ნათაძე _ მრგვალი მაგიდის პარლამენტურ უმრავლესობას. “საქართველო.” 1991. 10 მაისი.
34. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 25 მაისი.
35. ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზ. “ტრუდის” კორესპონდენტთან. “ტრუდი”. 1991. 27 ივნისი.
36. “ახალგაზრდა ივერიელი.” 15 ივნისი.
37. თამთა ცეცაძე _ მარნეულის მესვეურთა “საქმენი საგმირონი.” Gგაზ. “თავისუფალი საქართველო.” 1991. 12 ივლისი.
38. გაზ. “სარანგი.” 1991. 31 ივლისი.
39. თ. სიგუა _ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 17 აპრილი.
თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ე

1. Çåíüêîâè÷ Íèêîëàé – Òàèíû óõîäÿùåãî âåêà. Ì., 1999 ñòð. 481
2. სენატის რეზოლუცია #110, საბჭოების მიერ ანექსირებული საქართველოს შესახებ. “ქართული ფილმი.” 1989. 9 ივლისი.
3. “ქართული ფილმი/” _ იქვე.
4. ი. სარიშვილი _ გვჭირდება თუ არა დასავლეთი. “ქართულიFფილმი. “1990. 20 ივნისი.
5. გ. ჭანტურია _ ნაწყვეტი წერილების ციკლის დასკვნითი ნაწილიდან. “ახალგაზრდა ივერიელი. 1991. 29 ივნისი.
6. ი. სარიშვილი _ გვჭირდება თუ არა დასავლეთი. 1990. 20 ივნისი.
7. შოთა შველიძე _ სკეპტიკური შეხედულება ნატო-ზე. ინტერვიუ ი. სარიშვილთან. “24 საათი. 2008. 4 თებერვალი.
8. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 27 ივნისი.
9. ირაკლი შენგელაია _ ჩვენი გზა თავისუფლებისაკენ მიდის. “ლიტერატურული საქართველო.” 1989. 20 ოქტომბერი/
10. საქართველოს სახალხო ფრონტის პროგრამა უზენაესი საბჭოს მუშაობის უახლოესი თვეებისათვის. “კომუნისტი.” 1990. 20 ოქტომბერი.
11. ამერიკის ისტორიის ესკიზები. რედაქტორი ჰოვარდ ქინოტი. ქართული გამოცემის რედაქტორი არჩილ კობალაძე. Gგვ. 379.
12. მიხეილ ნანეიშვილი _ ზოგიერთი რამ ერთი დოკუმენტის გამო. “მამული.” აგვისტო. #14.
13. ლიტერატურული საქართველო.” 1991. 4 იანვარი.
14. “ერი”. 1991. 3 აპრილი.
15. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 7 ივნისი.
16. ზვიად გამსახურდია _ ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი. “იბერია-სპექტრი.” 1992. ივნისი.
17. “თავისუფალი საქართველო.” 1991. აპრილი..
18. გაზ. “პრეზიდენტი.” 2004. 13-26 დეკემბერი.
19. იქვე.
20. ამერიკის ისტორიის ესკიზები. Gვ. 384.
21. “Èçâåñòèÿ” 1991 3 àâãóñòà
22. იქვე.
23. “Ïðàâäà Óêðàèíû” 1991 3 àâãóñòà

თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე

1. “Èçâåñòèÿ” 1991 20 àâãóñòà
2. “Èçâåñòèÿ” 1991 20 àâãóñòà
3. იქვე.
4. Ñåðãååâ Âëàäèìèð – Ìóòàëèáîâ ïèòàåòñÿ îïðàâäàòñÿ. “Íåçîâèñèìàÿ ãàçåòà” 1991 24 àâãóñòà
5. სოსო ჯაჯანაშვილი _ სიმართლე საქართველოს პარლამენტზე. “საქართველო.” 1991. 20 სექტემბერი.
6. ოპოზიციური პარტიების განცხადება. “საქართველო.” 1991. სექტემბერი.
7. “ასავალ-დასავალი.” 20027. 29 იანვარი _ 4 თებერვალი.
8. “დროება.” 1991. #25. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი.
9. თ. კიტოვანი _ გვარდია რკონში. “საქართველოს გვარდიელო.” 1991. 25 აგვისტო
10. თ. კიტოვანი _ პასუხისმგებლობის სიმწირე. “საქართველოს გვარდიელი.” 1991. 26 აგვისტო.
11. ვ. ძაბირაძე _ გვ. 231.
12. Êàêîòêèí Àëåêñàíäð – Çàáîòû Çâèàäà Ãàìñàõóðäèà “Ìîñêîâñêèå íîâîñòè” 1991 8 ñåíòÿáðÿ
13. “Èçâåñòèÿ” 1991 20 àâãóñòà
14. იქვე.
15. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 20 აგვისტო.
16. გია ნოდია _ აი, ახლა კი პერესტროიკა მართლაც დამთავრდა. “დროება.” 1991. 30 აგვისტო.
17. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 24 აგვისტო.

თ ა ვ ი მ ე შ ვ ი დ ე

1. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 9 აგვისტო.
2. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 9 აგვისტო. დოქტორ ისაია გოლშტეინის მიმართვა აშშ-ის ხალხს, პრეზიდენტ ბუშს, სენატორებსა და კონგრესმენებს. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 10 აგვისტო.
3. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 3 სექტემბერი.
4. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 13 სექტემბერი.
5. საქართველოს პრეზიდენტი ზ. გამსახურდია. მთავარი რედაქტორი მ. სალუაშვილი. თბ.., 1995. გვ. 89.
6. კ. ზ. გამსახურდია _ დინების საწინააღმდეგოდ. Gგვ. 109-110.
7. “არჩევანი.” 1996. #50.
8. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 3 სექტემბერი.
9. “სარანგი.” 1991. 21 სექტემბერი. Mმერაბ კოსტავას საზოგადოების გაზეთი.
10. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 4 სექტემბერი.
11. მაია ჭალაგანიძე _ დღეები უჩვენოდ ანუ მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 14 სექტემბერი.
12. დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ. Gგაზ. “ჩვენ და უცხოეთი.” 1991. ოქტომბერი. #2.
13. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 25 სექტემბერი.
14. გიორგი წიქარიშვილი _ ჟამი ჭეშმარიტი. დამარცხებული მოძრაობისQქრონიკა. Gგვ. 290.
15. მერაბ ვაჩნაძე _ ისტორიკოსის ჩანაწერები. Nნაწილი პირველი. 1989-1992 წლები.2007. გვ. 58.
16. გ. წიქარიშვილი _ გვ. 288.
17. ნ. ნათაძე _ გვ. 249.
18. ნ. ნათაძე _ იქვე.
19. თ. სიგუა _ მიმართვა ქართველ ხალხს. “მამული.” 1991. სექტემბერი.
20. “მამული.” 1991. ოქტომბერი.
21. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 3 ოქტომბერი.
22. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 2 ოქტომბერი.
23. “ახალგაზრდა ივერიელი.” 1991. 1 ოქტომბერი.
24. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 1 ოქტომბერი.
25. ნ. ნათაძე _ გვ. 249.
26. “სარანგი.” 1991. 5 ოქტომბერი.
27. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 5 ოქტომბერი.
28. იქვე.
29. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 8 ოქტომბერი.
30. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 10 ოქტომბერი.
31. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 12 ოქტომბერი.
32. მერაბ ვაჩნაძე _ ისტორიკოსის ჩანაწერები. გვ. 60.
33. მ. ვაჩნაძე _ გვ. 60.
34. ნ. ნათაძე _ გვ. 250.
35. “ივერია.” 1991. 11 ნოემბერი.
36. ვ. ძაბირაძე _ გვ. 259.
37. ვ. ძაბირაძე _ გვ. 263.
38. გ. წიქარიშვილი _ გვ. 306.

თ ა ვ ი მ ე რ ვ ე

1. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსმეორე სესიის 1991 წლის 11 ოქტომბრის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. საქართველოს პარლამენტის არქივი. საქმე #3818, გვ. 20. ჰტტპ://წწწ.პარლიამენტ.გე/ინდეხ.პჰპ?ლანგ_იდ=GEO&სეც_იდ=182
2. საქართველოს პარლამენტის არქივი. საქმე #3818. გვ.21.
3. საქართველოს პარლამენტის არქივი _ იქვე, გვ. 99.
4. საქართველოს პარლამენტის არქივი _ იქვე, გვ 110.
5. საქართველოს პარლამენტის არქივი _ იქვე, გვ. 26.
6. საქართველოს პარლამენტის არქივი _ იქვე, გვ. 6.
7. გ. წიქარიშვილი _ გვ. 307.
8. “დრონი.” 1991. 15 ოქტომბერი.
9. “დრონი.” 1991. 25 ოქტომბერი.
10. “დრონი.” 1991. 25 ოქტომბერი.
11. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 25 ოქტომბერი.
12. ვ. ძაბირაძე _ გვ. 10.
13. დ. ბერძენიშვილი, ზ. ჟვანია, ი. ხაინდრავა _ ეროვნული თანხმობის მთავრობა, ჩიხიდან გამოსავალი. “დრონი.” 1991. 8 ნოემბერი.
14. მიხეილ კეკელია _ შენიშვნები მიწის საკუთრების პროექტზე. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 18 ოქტომბერი.
15. მრგვალი მაგიდის ისტორია. მთავარი რედაქტორი მიხეილ სალუაშვილი. გვ. 193-207.
16. ინტერვიუ ბ. გუგუშვილთან _ ვარჩიეთ ვყოფილიყავით ზვიადნი, ვიდრე ჟაბანნი. “24 საათი.” 2003. 27 მაისი.
17. მრგვალი მაგიდის ისტორია. Gგვ. 196.
18. “საქართველოს რესპუბლიკა.” 15 ნოემბერი.
19. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 21 დეკემბერი.
20. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 16 ოქტომბერი.
21. “Èçâåñòèÿ” 1991 6 ñåíòÿáðÿ
22. Êîíäðàøîâ Ñòàíèñëàâ – Íà ñëîìå ýïîõ. Ëåòîïèñü î÷åâèäöà. Òîì 1, 1982-1991 Ì., 2007 ñòð. 557
23. იქვე _ გვ. 564.
24. “საქართველოს რესპუბლიკა.”1991. 29 სექტქმბერი.
25. გიორგი მარჯანიშვილი _ იმპერიალიზმის მრავალსახეობა. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 31 ოქტომბერი.
26. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის პროგრამის მეორე პროექტი. 1906. გვ. 87.
27. Åâðîïåèñêèé ñîþç – Âàø ñîñåä. 1995
28. რედაქციის განცხადება. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 12 ნოემბერი.”
29. “ქართველი ერი.” 1991. ნოემბერი.
30. “საქართველო.” 1989. 31 დეკემბერი.
31. წერილი პრეზიდენტ ბუშს. “დრონი.’ 1991. 1 ნოემბერი.
32. ირ, ბათიაშვილი _ რასაც გამოცდილება გვიკარნახებს. “დრონი.” 1991. ნოემბერი.
33. გურამ სიხარულიძე _ ჩეჩნეთის დიდი ნაბიჯი. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 1 ნოემბერი.
34. “Èçâåñòèÿ” 1991 14 äåêàáðÿ
35. “ახალი თაობა.” 1997. 8 თებერვალი.
36. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 19 ოქტომბერი/.
37. ს. ჯაჯანიძე _ თუ ქართველები ერთობით ვიქნებით. “თბილისი. 1991. 8 ნოემბერი.
38. სოსო ჯაჯანიძის გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 17 დეკენბერი.
39. “საქართველოს რესპუბლიკა.”1991. 16 ნოემბერი.
40. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 23 ნოემბერი.
41. გ. წიქარიშვილი _ გვ.314.
თ ა ვ ი მ ე ც ხ რ ე

1. სოსო სიმონიშვილი _ სისხლიანი დასასრულის დასაწყისი. “დრონი.” 1992. 6 იანვარი.
2. გ. წიქარიშვილი _ გვ. 315.
3. იქვე _ გვ. 316.
4. იქვე _ გვ. 315.
5. ინტერვიუ მ. ძოძუაშვილთან. Gგაზ. “დედამიწა.” 1991. 16 იანვარი.
6. გ. წიქარიშვილი _ გვ. 319.
7. ნ. ნათაძე _ გვ. 288.
8. იქვე _ გვ. 289.
9. სოსო სიმონიშვილი _ სისხლიანი დასასრული დასაწყისი. “დრონი.” 1992. 8 იანვარი.
10. ნ. ნათაძე _ გვ. 286.
11. იგორ კვესელავა _ საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკები. II. ზვიად გამსახურდია: დისიდენტი, Pპრეზიდენტი, Mმოწამე. 2007. გვ. 57.
12. რომან გვენცაძე _ ახლო მომავალში სიმშვიდე იქნება. “საქართველო.” 1992. 11 იანვარი.
13. “შანსი.” 1992. 8 იანვარი.
14. “საქართველოს რესპუბლიკა.” 1991. 25 დეკე,ბერი.
15. ინტერვიუ ბ. გუგუშვილთან _ ვარჩიეთ ვყოფილიყავით ზვიადნი, ვიდრე ჯაბანნი. “24 საათი” .2003. 27 მაისი.
16. უჩა ბლუაშვილი _ პოლიტიკური პარტიები და ეროვნული მოძრაობა საქართველოში. 1988-1991. გვ. 69.
17. ჯ. იოსელიანი _ სამი განზომილება. Gვ. 52.
18. აპოლონ სილაგაძე (რედაქტორი) _ რა ხდებოდა თბილისში. Qქრონიკა, ოფიციალური მასალები, ანალიზის პირველი ცდები. შემდგენლები: თემურ კალანდაძე, გიგა ლიპარტელიანი. 1992. გვ. 52.
19. ინტერვიუ მ. ძოძუაშვილთან. “დედამიწა.” 1992. 16 იანვარი. სოხუმი.
20. მერაბ ვაჩნაძე _ ისტორიკოსის ჩანაწერები. Gვ. 70.
21. “დრონი.” 1992. 11 იანვარი.
22. გ. წიქარიშვილი _ გვ. 323.
23. გ. წიქარიშვილი _ იქვე
24. შოთა ვადაჭკორია. Bბადრი რამიშვილი _ 1991-1992 წლების მოვლენების “გმირებმა” თავიანთ თავს პოლიტიკური საფლავი მოუმზადეს. “საქართველოს რესპუბლიკა.” 2007. 15 ივნისი.
25. გ. წიქარიშვილი _ გვ. 325.
26. იქვე.
27. იქვე _ გვ. 327.
28. თენგიზ კუბლაშვილი _ ისტორია “პირუთვნელის” ხელში. 1991-1992 წლებში ხელისუფლების დამხობის მიზეზების შესახებ. 2005. გვ. 48.
29. ნ. ნათაძე _ გვ. 394.
30. ზურაბ მაისურაძე _ მივმართავ ბ-ნ აკაკი ასათიანს. “იბერია-სპექტრი.” 1992. 18-24 ივნისი.

თ ა ვ ი მ ე ა თ ე

1. Äàìàñêèí È.À. – Ñòî âåëèêèõ îïåðàöèé ñïåöñëóæá. Ì., 2003 ñòð. 387-390
2. იგორ კვესელავა _ საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკები. II. ზვიად გამსახურდია: დისიდენტი, პრეზიდენტი, მოწამე. Gგვ. 47.
3. ი. კვესელავა _ გვ. 147.
4. ნ. ნათაძე _ გვ. 274.
5. ენდრიუ ჰეივუდი _ პოლიტიკური იდეოლოგიები. ქართული გამოცემის რედაქტორები: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე. Gგამომც. Lლ.ოგოს-პრესი. 2004. გვ. 95.
6. Ïåòðîâ Ì.Í. – Ìåõàíèçìû ãîñóäàðòâåííûõ ïåðåâîðîòîâ. Ìîêâà-Ìèíñê 2005 ñòðþ 125-136
7. Æåëåíêîâ Ã. – ðóêîâîäèòåëü ëèâèéñêîé ðåâîëþöèè. Â êíèãå: î íèõ ãîâîðÿò. Ì., 1989 ñòð. 32
8. Òàðàñîâ Ê.Ñ. Çóáåíêî Â.Â. – Òàèíàÿ âîèíà ÑØÀ ïðîòèâ ëàòèíñêîè àìåðèêè Ì., 1987 ñòð. 41
9. ჯ. იოსელიანი _ სამი განზომილება. Gგვ. 54.
10. Ìóññêèé Í. – Ñòî âåëèêèõ äèêòàòîðîâ. Ì., 2000 ñòð. 557
11. ინტერვიუ ირ. ბათიაშვილთან _ “იბერია-სპექტრი.” 1994. ციტირებულია ი. კვესელავას დასახ. ნაშრომში. Gგვ. 57.
12. “დრო.” 1997. თებერვალი. ი. კვესელავა _ გვ. 56.
13. ი. კვესელავა _ გვ.147-152.
14. “საქართველოს რესპუბლიკა.” 2007. 6 იანვარი.
15. დიმიტრი შველიძე. Nნესტან კირთაძე _ ეროვნული იდეოლოგიის ორიენტირები. 2000. გვ. 52-55.
16. ი. კვესელავა _ გვ. 46. “ალია.’ 1998. 23 მარტი.
17. იქვე. “ახალი თაობა.” 1998. 7 ივლისი.
18. იქვე _ გვ. 267. “ახალი თაობა.” 1997. 14 დეკემბერი.
19. იქვე _ გვ. 267. “ახალი თაობა.” 1998. 6 მარტი.
20. იქვე _ გვ. 267. “ალია.” 1998. 19 იანვარი.
21. იქვე _ გვ. 268. “გაუხმაურებელი ფაქტები.” 1997. მარტ-აპრილი.
22. ვახტანგ ძაბირაძე _ ეროვნული მოძრაობის შუქ-ჩრდილები. Gგვ. 280.
23. ვ. ძაბირაძე _ გვ. 234.
24. ნ. ნათაძე _ გვ. 112.
25. ნ. ნათაძე _ გვ. 233.
26. ნ. ნათაძე _ გვ. 249.
27. ნ. ნათაძე _ გვ. 284.
28. ი. კვესელავა _ გვ. 359. “ასავალ-დასავალი.” 2007. 22-28 იანვარი.
29. Àèçåê Àçèìîâ – Ñëîâà â èñòîðèè. Ì., 2007 ñòð. 277
30. საქართველოს პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვები. 1991-2004 წლები. Kკრებული. რედაქტორი მალხაზ მაცაბერიძე. 2007. გვ. 11.
31. იქვე _ გვ. 13.
32. ენტონი სმიტი _ ნაციონალიზმი. თეორია, იდეოლოგია, ისტორია. თარგმნა ინგლისურიდან მარიამ ჩხარტიშვილმა. 2004. გვ .31.
33. როლანდ თოფჩიშვილი _ საქართველოს ეთნოლოგია. 2008. გვ. 174-197.
34. რ. თოფჩიშვილი _ გვ. 189.
35. ზვიად გამსახურდია _ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი. “თავი- სუფალი საქართველო.” 1991.
36. Ñòåôàíåíêî Ò.Ã. – Åòíîïñèõîëîãèÿ Ì., 2006 ñòð. 132

შ ი ნ ა ა რ ს ი

ისტორიოგრაფიული შესავალი
თავი I _ თანდაყოლილი დაპირისპირებები საქართველოს
ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში (1987-1990 წ.წ.)
თავი II _ კონფრონტაციული ეროვნული მოძრაობა
დამოუკიდებლობისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში
(1990 წლის აპრილ-ოქტომბერი)
თავი III _ ეროვნული ხელისუფლება და შეურიგებელი
რადიკალური ოპოზიცია (1990-1991წწ. ნოემბერ-
მარტი)
თავი IV _ პოლიტიკური დაპირისპირებები დამოუკიდებელ
საქართველოში (1991 წ. აპრილ-აგვისტო)
თავი V _ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების
საგარეო პოლიტიკა და მისი ოპონენტები (1990
ოქტომბერი – 1991 აგვისტო)
თავი VI _ მოსკოვის აგვისტოს პუტჩი და საქართველოს
ხელისუფლება
თავი VII _ ესკალაცია _ საბოლოო არჩევანი (1991 წ.
სექტემბერ-ოქტომბერი)
თავი VIII _ შტაუს ქუო ანტე ბელლუმ _ ომისწინა
მდგომარეობა
თავი IX _ შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების
ქრონიკა
თავი X _ როგორ შევაფასოთ 1991-1992 წლების
დეკემბერ-იანვრის თბილისის მოვლენები
დასკვნები
ჩONჩLUშIONშ
მითითებული ლიტერატურა

დიმიტრი შველიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი.
1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე _ “საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია (1903-1917 წ.წ.)”.
გამოქვეყნებული აქვს 200-მდე საგაზეთო, საჟურნალო ნაშრომი, წერილი, პუბლიკაცია. აგრეთვე, ათი წიგნი და ბროშურა.
მათ შორის, აღსანიშნავია: “პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები” (1993 წ.); “მარქსიზმის კრიტიკა ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომებში” (1997 წ.); “ეროვნული იდეოლოგიის ორიენტირები” (2000 წ. ნ. კირთაძესთან თანაავტორობით); “პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში” (2001 წ.); “აი, ვინ იყო, ქართველნო ვარლამ ჩერქეზიშვილი!” (2001 წ.); “ახალი მემარჯვენეობა, როგორც პოლიტიკური მსოფლმხედველობა” (2003 წ.); “ევროპული ცნობები ერეკლე მეორის შესახებ” (2005 წ.).
სახელმძღვანელოები სტუდენტთათვის: “საქართველოს ისტორია. XX საუკუნე” (2003 წ. თანაავტორთა ჯგუფი); “საქართველოს ისტორია. XIX საუკუნე” (2004 წ. თანავტორთა ჯგუფი);
IX კლასის სახელმძღვანელო “საქართველოს ისტორია” (2008 წ. თანაავტორთა ჯგუფი).

დაცულია კანონით საავტორო უფლების შესახებ. ამ გამოცემის, მთელი წიგნის ან მისი ნებისმიერი ნაწილის რეპროდუცირება, კოპირება ან გადაცემა აკრძალულია, გამომცემლის წერილობითი ნებართვის გარეშე. კანონის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა ან აკრძალული ქმედება გახდება სისხლის ან სამოქალაქო სამართლის დევნის ობიექტი, მიყენებული ზარალის გამო.

წინამდებარე წიგნის კომპიუტერული უზრუნველყოფის დაკაბადონებისა და კორექტურისათვის დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი დისშვილის გიორგი სოსელიასა და მისი მეუღლის ოლიკო ცისკარიშვილის მიმართ
ავტორი

Leave a comment